შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთს უხდება რითმა (მეექვსე და მეშვიდე თავები)


17-07-2015, 08:42
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 1 613

მეექვსე თავი
-იცი, სანდრო მე არ მახსოვდა...
-ვიცი, არც მე. დილით შემახსენა დედაჩემმა.
ცოტა ხნით ორივე გავჩუმდით. უხერხული სიჩუმე იყო, მასთან თავს კი არასდროს ვგრძნობდი უხერხულად, თითქოს ჩემი სიბნელის ნაწილი იყო, არაფერი სხვა, არაფერი უცხო.
-რა გაჩუქო?
-არ მიყვარს საჩუქრები, თუმცა თუ შენ გინდა, მაშინ დამხატე.
- დაგავიწყდა? მე ვერ ვხედავ.
- და ხატვას რათ უნდა თვალები? თვალები ზედმეტია. მე ხომ არ გთხოვ ჩემი სახე დახატო. მინდა, რომ მე დამხატო.
მოლბერტის წინ დადგმულ ხის სამფეხა სკამზე დამსვა, თითებს შორის ფანქარი ჩამიდო, მუჭა შემაკვრევინა და პირველი წერტილიც მანვე დასვა ფურცელზე.
-თითქმის მე დავხატე ყველაფერი, გააკეთე ახლა შენც რამე.- მითხრა ღიმილნარევი ხმით და ჩემთან ახლოსვე ჩამოჯდა.
საათზე მეტხანს ვხატავდი. ვერ გეტყვით რას, რატომ, თუმცა მას მოეწონა, ასე ჯერ არაფერი დამმსგავსებია, როგორც შენი ნახატიო და მეც გამეღიმა. ვინ იცის, იქნებ ეს ხუმრობა იყო, ან რეალობა, იქნებ ჩემთვის გულის გასათბობად ნათქვამი სიტყვები და უხერხულობის შეცვლის საშუალება, რაც არ უნდა ყოფილიყო, იყო რაღაც იმაზე ფერადი, ვიდრე სიბნელე.
-ანუ დღეს უკვე ცამეტია, ცამეტი მაისი. სწრაფად გავიდა დრო, იმაზე სწრაფად, ვიდრე ადრე.
- მეც მაქვს შენთვის თემატური საჩუქარი, -მითხრა და ყუთში რაღაცას დაუწყო ძებნა,- ხელები გამოშალე.
რაღაც თბილი და ფაფუკი ჩამისვა ხელისგულებში.
-რა ჰქვია?
-კნუტი.
-აი, ასე უბრალოდ კნუტი?
-რა? ცუდი სახელია? რითი არ მოგწონს? არ უხდება თუ რა?!
-როგორია?
-თემატური
-ანუ?
-თარსი.
-ამიღწერე რა.
- პატარა და შავი. დღეს ცამეტი მაისია, საჭირო იყო რაღაც თარსი.
გამეღიმა. არასდროს ჰკარგავდა იუმორის გრძნობას, თუმცა კი უცნაური იუმორი ჰქონდა, თვითონ თითქმის არასდროს იცინოდა საკუთარ სიტყვებზე, არც ჩემს სიტყვებზე გაცინებით იკლავდა თავს.
-ცოტა ხანს ადექი, - მითხრა და ხელი მომკიდა მოსაშველებლად,- ახლა შეგიძლია დაჯდე ისევ.
- რა გააკეთე არ მეტყვი?
-მე არაფერი.
-აბა, მე?
-არც შენ? თარსმა.
-და რა გააკეთა თარსმა?
-გადაგირბინა და დაგთარსა, მე ვასწალე.
უხერხულობა სადღაც გაქრა, შეშინებული კნუტივით შეძვრა საწოლის ქვეშ და იმ დღეს აღარ გამოჩენილა.
-გინდა სადმე წავიდეთ?
-სად?- გამიკვირდა უცნაური შემოთავაზება, სხვისთვის არც ისე უცნაური, თუმცა მე სახლიდან თვეზე მეტია აღარ გავსულვარ და ცოტა არ იყოს, მაშინებდა კიდეც ამაზე ფიქრი.
-ჰო, ნუ გიკვირს. წავიდეთ სადმე, მხოლოდ მე და შენ. ნუ გეშინია, არ მოგიტაცებ.
-სადაა ეგ შენი სადმე?
-სწორედაც სადმე. წამოხვალ?
-ცოტა ხნით?
-არც ისე, თუმცა მოგივლი.
-არ ვიცი.
-აბა ვინ იცის? თარსმა?
-წამოვალ.
-ხვალ წავიდეთ, გამთენიისას. ხუთ საათზე მოვალ.
-კარგი.
-ასე უბრალოდ კარგი?
-ჰო, აი ასე მარტივად.
-კიდევ რაღაც მოგიტანე, თუმცა არ იმსახურებ.
-რა?
ალექსანდრე ნელი ნაბიჯით მომშორდა, რაღაც ააჩხაკუნა და ოთახში ნოტებად ჩამოიღვარა მგზავრების „ცამეტი“.
-თემატურია.
-არა, თარსი.- მითხრა და როგორც ყოველთვის ძლიერად გაიხურა კარი.
სახლში დისკზე ჩაწერილი რომანტიკა ტრიალებდა და ჭაღსაც ეხვეოდა თავბრუ.
„მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია,
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა.
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა,
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტიც მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...’“


მეშვიდე თავი
ღამე ფეხაკრეფით გაიპარა ფანჯრებიდან. დილა ალბათ ისეთი იყო, მე რომ მიყვარს. პირაღმა დავწექი და ჭაღის ცქერა მომენატრა. უცნაური, გამოუსადეგარი სურვილია, თუმცა როცა თავშესაქცევი სხვა არაფერია, ესეც წავა ოცნებად. მთელი ღამე ერითმებოდა სიცარიელეს სიბნელე, სიცარიელეს ჩემში და გარეთ, თუმცა სიბნელეს მხოლოდ გარეთ. არასდროს შემიშვია სიბნელე ჩემს შიგნით, ალექსანდრეს ასე დავპირდი.
სამზარეულოდან ჩაიდანმა დაუსტვინა. ადრე მოსულა-მეთქი გავიფიქრე, თუმცა ვერც იმას გეტყვით რამდენად მართალი ვიყავი, შეიძლება დაგვიანებითაც კი მოსულიყო. ფრთხილად წამოვდექი და ხელების ცეცებით გავუყევი დერეფანს.
-ფრთხილად, არ წაიქცე, -საოცარი სისწრაფით ამეტუზა წინ და ხელი ძლიერად მომიჭირა.
-არც მასეთი სუსტი ვარ.
-ჯიუტი ხარ, ღმერთო, როგორი ჯიუტი.
-მალე გავდივართ?
-ჯერ ჩაის დალევ.
-ლიმნით.
- ისე რა დარწმუნებული იყავი, რომ მე ვიქნებოდი სამზარეულოში და არა სხვა?
- ვინ სხვა?
-რა ვიცი, ეს შენ უნდა იცოდე.
- კნუტმა არ იცის ჩაის ადუღება.
გულიანად გაეცინა და სწრაფად დაუწყო ჩაის მორევა.
- გცივა? გაფითრდი.
- არა, მეშინია.
- რისი?
- ვისი
- მაშ ვისი?
- შენი.
დაიბნა, აღარ იცოდა რა ეთქვა. ცოტა ხანს დუმდა, კოვზიც სულ უფრო ძლიერად წკარუნობდა ჭიქაში. ბოლოს ძლივს გამოძებნა სიტყვები ფიქრების აბურდული ძაფიდან.
- ჩემი რატომ?
- იმიტომ, რომ მწერალი ხარ.
- და მერე რა?
- ყველა მწერალი გიჟია.
- შენც ხომ წერ?
- ჰო, მეც გიჟი ვარ.
- აბა, რაღა გაშინებს ჩემში?
- ის, რომ ჩემნაირი ხარ და მე კი კარგად ვიცნობ ჩემს თავს. ის საშიშია.
- მოემზადე, გარეთ გავდივართ, -შემაწყვეტინა სიტყვები და ხელჩაკიდებული ჩამიყვანა კიბეებზე.
- არ გვინდა წასვლა, დავრჩეთ.
- რატომ?
- დღეს იწვიმებს.
- ტერფები გტკივა?
- ძალიან.
ხელში ამიყვანა საოცარი სისწრაფით ჩამომატარა 90 კიბე, ვითვლიდი.
-რატომ არ გეშინია?
-კი მაგრამ რისი?- გაოცება და გაბრაზება ერთდროულად შეეტყო ხმაში.
-მე შემიძლია მოგკლა. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი დავხოცოთ, მაგრამ თუ ერთ-ერთი ჩვენგანი დაასწრებს მეორე მარტო დარჩება. მე სულსწრაფი ვარ, არ მინდა დაგასწრო და დავრჩე იმაზე მარტო, ვიდრე ახლა.
- გეყოფა რა. კოშმარი გესიზმრა?
- განა შენ არ გიფიქრია მკვლელობაზე? ყველას ვინც წერს, ვისაც ოდესმე ვინმე შეუქმნია, წარმოუდგენია და არაფრიდან გაუცოცხლებია, სწორედ ასევე მარტივად შეუძლია მოკლას. მე უბრალოდ დავწერ შენზე და სადმე ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში გიპოვიან მკვდარს. შემიძლია დავწერო და არავინ მოვიდეს შენს საფლავთან, ვერავინ გაიგოს ისე გამოგაცალო დედამიწა ფეხიდან და ასევე ჩუმად, მალულად გამოვაცალო ყველას შენი თავი. დავიდგავ შენს მომზადებულ ჭიქა ჩაის გვერდით და დავწერ, რომ დაიღუპე ავტოკატასტროფაში, ან უარესი, შეყვარებულის საყვარელმა მოგკლა და ეს იქნება შენი ყველაზე ბანალური დასასრული. არ გეშინია ამის? დავიჯერო, არ გეშინია, რომ ვიღაც ჩემნაირი ერთი ხელის მოსმით გამოგაცლით ნაფერებ სიცოცხლეს ხელიდან? მე ხომ შემიძლია დავწერო, რომ ხარ ლოთი და ყოველ ღამე დაგაძინო ჩემი სახლის კართან. მე შემიძლია გაზიდინო ჩემთან ვარდები და იცი რა შემიძლია გავაკეთო ყველაზე ცუდი? დავხიო შენზე დაწერილი ყველა ფურცელი, ნაგავს გავატანო თითოეული სიტყვა და ვინ იქნები მაშინ შენ სხვისთვის? ანდაც იქნები კი საერთოდ? თუმცა იცი რა? შენ გაგიმართლა, გაგიმართლა, რომ მე ბრმა მქვია და შენ ცოცხალი.
- ლიზა შენ ამბობ, რომ ყველა მწერალი მკვლელია იმის, რასაც თვითონვე აცოცხლებს და მე შენ სწორედ ისევე შემიძლია მოგკლა, როგორც გაცოცხლებ ყოველ დილით. ბევრი არაფერი, შენს დაბადების რიცხვს გავურითმავ გარდაცვალებისას, ერთ გაფითრებულ ქვაზე ორივეს მივაწერ შუაში ტირით და რა იქნება ერთი-ორი ცრემლის გარდა? ის ორი ცრემლიც ვისი უნდა იყოს თუ არა ჩემი? თუმცა დაფიქრდი, მე შემიძლია ისევე გაგაცოცხლო, როგორც ყოველ საღამოს გკლავ დატოვებიდან დაძინებამდე. დავწერ და დამინახავ მე, სხვას, სამყაროს... ჰო, შენ მართალი იყავი, უკვე წვიმს. ამ წვიმასაც დაგანახებ შენ თუ გინდა. შენ თუ მეტყვი, რომ გინდა გავაფერადო ყველაფერი შენს ირგვლივ, ცისარტყელასაც ჩავამატებ სიჭრელეს. მე დავწერ, რომ შენს სიბნელეს უხდება რითმა და გექნება გაცილებით მზიანი თვალები წვიმიანშიც. ნუ მემუქრები, რომ შეგიძლია სადმე ჩემი სულივით მიტოვებულ ადგილს მომკლა, რადგან შენ არ გაგიმართლა, მე შემიძლია დაგწერო ერთ გაფითრებულ ქაღალდის ფურცელზე და გვერდით მოგიწვინო ასეთივე გაფითრებული სახით.
მთელი გზა გადაუღებლად წვიმდა. ქარიანი იყო დღე, ზედმეტადაც კი. ვერცერთმა ვერ მოვაგროვეთ ქარისგან გაფანტული აზრები, რომ ორიოდე სიტყვა გვეთქვა ჩვენი „მომავალი მსხვერპლისთვის“. უხომოდ გაიწელა გზა, ალბათ უმისამართოდაც. მხოლოდ ბოლო ხმაზე ჩართული გალაკტიონი იკლავდა თავს გზა და გზა. ქროდა ქარი და წვიმის წვეთებთან ერთად პოეზიის მეფეც ენარცხებოდა საქარე მინას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent