ტრიალი წრის გარშემო [3]
*** რეპეტიციის დასრულების შემდგომ მანქანა სახელოსნოში დატოვა და საყიდლებზე წავიდა. ეს იყო პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ეზარებოდა. თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, არასდროს ცდილობდა ელეგატურად ჩაცმას. მისთვის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში ყველაზე მთავარი კომფორტი იყო. სულ 2 კაბა და 2 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჰქონდა, იმ შემთხვევისთვის, თუკი დათოსთან ერთად, რაიმე შეხვედრასა თუ ივენთზე წავიდოდა. ისიც, ქმრის დაჟინებული თხოვნით. ახლა, რახან თამაში წამოიწყო, განახლებული გარდერობი და ნატას მანქანა სჭირდებოდა. კიდევ ლინზები, ოპტიკური სათვალეები, ახალი ტელეფონი და ნომერი, ხმის შეცვლა და ვიზაჟისტთან ხშირი ვიზიტები. მიხვდა, რომ ამ ყველაფერს მარტო ვერ შეძლებდა. -ნატ, გცალია? -6-სთვის მეცლება. რა ხდება? -რაღაც საქმე მაქვს შენთან. -კაი, გამოგივლი მაშინ ან შევხვდეთ სადმე. -ჯობს შევხვდეთ, დათომ არ უნდა გაიგოს. -დაგირეკავ მოკლედ. ელენემ ახალი კარტა, ტელეფონი, ლინზები და ოპტიკური სათვალე იყიდა. 6 საათისთვის ნატას შეხვდა -დღეს 30 ოქტომბერია? - ჰკითხა ნატამ მოსვლისთანავე -არა 17 სექტემბერი, რატომ მეკითხები? - ტელეფონში გადაამოწმა და გაოცებული მზერა მიაპყრო მეგობარს -აბა ნაადრევად აღნიშნავ ჰელოუინს? რა არის ეს, რეები გაცვია? - კიდევ ერთხელ აათვალიერა ელენე და მაგიდას მიუჯდა -აჰ ეს... -გაეცინა და ტანსაცმელზე დაიხედა - სწორედ ამ საკითხზე უნდა გელაპარაკო. -სტილის შეცვლა გადაწყვიტე? - ხელისგული ნიკაპქვეშ ამოიდო და ცნობისმოყვარე სახით შეხედა -არა... უფრო სწორად ჰო, მაგრამ... მოკლედ, მომისმინე - დაბნეული ელენე მხრებში გასწორდა, მომხდარი დეტალურად მოუყვა და თავისი სამომავლო გეგმაც გააცნო. -არც კი ვიცი, რა გითხრა ელენე - ყავა მოსვა ნატამ, პაუზის შემდეგ კი განაგრძო - მგონი ჩაბერე -ეგ ისედაც ვიცი. ეხლა შენ ის მითხარი, დამეხმარები თუ არა ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებაში. -დაიცა, ამ ყველაფერს შენ ეხლა სერიოზულად მეუბნები? იაზრებ მაინც იმას, რომ შენს ბავშვურ ახირებას შეიძლება შენი ოჯახი შეეწიროს? -კაი რა, რომელ ოჯახზეა საუბარი? სადაც ქმარი ცოლს ვერ ცნობს? ეს ოჯახი არაა, ეს ცირკია -ელენე, გონს მოეგე. მგონი გავიწყდება, რომ შენი ქმარი დათო ყიფიანია. კაცი, რომლისკენაც დღემდე ყოველი მეორე თითს იშვერს. ქალებს ერთი სული აქვთ ფეხს როდის წამოკრავ. თქვენი ყველას შურს. შენ კი რას აკეთებ. 16 წლის ბავშვივით რაღაც თამაშებს იგონებ და ამხელა კაცის გასულელებას აპირებ? ხანდახან გიყურებ და გული მწყდება რომ მას სათანადოდ ვერ აფასებ -ვგრძნობ, რომ აღარ ვუყვარვარ. პატივს მცემს, მაგრამ სიყვარული გაქრა -არსადაც არ გამქრალა, იქნებ რაიმე პრობლემა აქვს და დაძაბულია მაგის გამო. თქვენი სიყვარულის ამბავი მაინც არ გახსოვს? რამდენი რამ გადაიტანეთ ერთად. უამრავი სისულელე გაპატია, მართლა აუტანელი იყავი იმ პერიოდში, დათომ კი უხეშად რომ ვთქვათ, გონს მოგიყვანა. -ნატა, სკლეროზს არ ვუჩივი. ეს ყველაფერი მოგონებებია. ახლა რეალური ფაქტის წინაშე ვდგავარ. მე რამდენი სისულელეც არ უნდა გამეკეთებინა, სხვისკენ მაინც არ გამირბოდა თვალი. -იქნებ ძაან გამომწვევად გეცვა? - ეჭვის თვალით შეხედა მეგობარს -რეპეტიციაზე მივდიოდი, ბორდელში კი არა - ელენეს ხმაში სიბრაზე შეეპარა, “აქაოდა როგორ მაკადრაო“ -მოკლედ არ ვიცი. მე ეს ყველაფერი სრულ უაზრობად მიმაჩნია. ცოტა უცნაური ყოველთვის იყავი, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი ეგეთი რამ თავში აზრად თუ მოგივიდოდა. -მოდი გეგმაზე გადავიდეთ. - მოკლედ მოუჭრა მეგობარს და ხელები ერთმანეთს გადააჭდო -ტყუილად მიყურებ. მე ამაში არ ვმონაწილეობ - მარცხენა წარბი მკაცრად აწია და ყავა მოსვა -ხომ იცი ნატა, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ბოლომდე შემიძლია ვენდო. ვიცი, შეიძლება სისულელეა, რის გაკეთებასაც ვაპირებ, მაგრამ გთხოვ გაიგე, რომ მე ეს მჭირდება. - ეს სიტყვები იმდენად წრფელი იყო, რომ გაჭრა -აუ დედას გეფიცები 20 წლის წინ რომ გაგიცანი, ეზოში წრეში ბურთს რომ ვთამაშობდით, ჭკუა მას მერე არ მოგმატებია რა - უეცრად მოულბა გული ნატას - გყავდეს შენ ეგ მანქანა სანამ დაგჭირდება, მე თემო მატარებს სამსახურში. ოღონდ ისევ არ დამიმტვრიო - თქვა და საჩვენებელი თითი დაუმიზნა. ელენემ მადლობა გადაუხადა და ჯერ სახელოსნოში, შემდეგ კი, გაურკვეველი მიზეზით, სასტუმროში წავიდა. გზაში ფიქრობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რატომ მიდიოდა. მეექვსე გრძნობის ამბავი იყო ალბათ. ყოველთვის უნდოდა სამაგალითო ოჯახი ჰყოლოდა, თუმცა დიდად არ ცდილობდა ამაში მონაწილეობის მიღებას. დიდად კი არა თითქმის არასდროს აქტიურობდა. ელენე ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც თვლის, რომ საუკეთესოს ღირსია და ფიქრობს, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება. უცნაური ქალი იყო. გამორჩეული. მაგრამ ცოტათი ჩაკეტილი. თავის სიმაღლეზე რომ იდგა, მაგიტომაც ცხოვრობდა მშვიდად, ყველანაირი დრამის გარეშე. ალბათ ბევრი ოცნებობს ასეთ ცხოვრებაზე. თუმცა, „რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“. ამ მომენტამდე არც ელენეს ეგონა, საქმე ასე ცუდად თუ იყო. უცხო გრძნობა შემოჭრილიყო მასში და ჩვეული იდილია დაერღვია. არ იცოდა, რაზე უფრო ნერვიულობდა, მოსალოდნელ შედეგებზე თუ მიზეზზე, რომელმაც თავსატეხი გაუჩინა. ღალატი უფრო მიუღებელი იქნებოდა თუ მშვიდი ცხოვრების თავდაყირა დაყენება, ვერ გაეგო. მანქანა სასტუმროსთან გააჩერა. გეზი შესასვლელისკენ აიღო. არც კი შეუმჩნევია სავარძელში მშვიდად მოკალათებული დათო, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო, იდაყვი სავარძლის სახელურზე დაეყრდნო და ხელის ზურგი ნიკაპქვეშ ამოედო. -არ მელოდით, ანასტასია? - სახელი დამარცვლით წარმოთქვა, ხელისგულები მუხლებზე დააწყო და თითქოს თავს ძალა დაატანა, სავარძლიდან ისე წამოდგა. ცოლს მიუახლოვდა და აი ისევ! ისევ დეკოლტეს მიაშტერდა! -ტასო - ხმა დაიწვრილა ელენემ და თავდაჯერებული ინტონაციით შეუსწორა, თუმცა მუხლები უკანკალებდა. ზედა ოდნავ აიწია და თვალებით ანიშნა, მიგიხვდიო. -მინდა რესტორანში დაგპატიჟოთ - მხრებში გაიმართა დათო და ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. -როგორც გითხარით, ცოლიანი კაცები არ მაინტერესებს -ეს მეგობრული ვახშამი იქნება. თქვენ დაღლილი იქნებით, მეც სამსახურიდან მოვდივარ - მსუბუქი ღიმილი შეაპარა და ეშმაკური თვალებით გახედა. რატომღაც ესიმპატიურა მეუღლე, ძველი დრო გაახსენდა. გაახსენდა ისიც, რომ მას დიდი ხანია ასე აღარ უყურებს. უფრო ოფიციალური ურთიერთობა აქვთ. აქამდე ეგონა რომ დათო იყო ზედმეტად სერიოზული. არადა პირიქით. ელენე საკუთარ სამყაროში ისე გართულიყო, ვერც ამჩნევდა, რომ თვითონ შეიცვალა. არა, კი არ შეიცვალა, ის ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ ქმარს უყვარდა ძალიან. მერე? მერე, ალბათ რახან ვერაფერს გახდა, ისიც დაიღალა. ელენე მიხვდა, რომ უარის თქმას აზრი არ ჰქონდა. *** -გამარჯობა ელენე - გამომძიებელი სავარძლიდან წამოდგა და ხელი გაუწოდა - იმედი მაქვს, ახლა მაინც ხართ საუბრის ხასიათზე -ვერ გამოიცანით, ბატონო გამომძიებელო, დღეს თქვენი დღე არაა - გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არც მიუქცევია, ისე ჩაეშვა სავარძელში. მამაკაცი შეიშმუშნა და დაბნეულობისგან ხელი უკან წაიღო. სკამს დაუბრუნდა, ჩაახველა და მშვიდად განაგრძო: - დათო დამიძახეთ -ჩემზე რომ იყოს, საერთოდ არ დაგიძახებდით - ფეხი ფეხზე გადაიდო ელენემ და საათს დახედა - ბევრი დრო არ მაქვს, გაკვეთილები უნდა მოვამზადო -აქ მოცლილი არავინაა - მამაკაცი ადგა და მაგიდასთან მივიდა - რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ და შეეცადეთ მათ ამოცნობას -ხომ გითხარით, რომ არაფერი მახსოვს, თვალები ახვეული მქონდა. რამდენჯერ გავიმეორო? -უმჯობესი იქნება, ზუსტად მომიყვეთ, როგორ გაგიტაცეს - ელენემ თვალები გადაატრიალა და ღრმად ამოისუნთქა -ერთი კვირაც არ გასულა და უკვე დაკითხვაზე მიბარებთ, ასე არ შეიძლება. ჯერ კიდევ სტრესი მაქვს - ალბათ მასში მსახიობური ნიჭი თავიდანვე სჭარბობდა რეჟისორულს -რა სტრესი, 2 დღის წინ მითხარით, რომ თავს კარგად გრძნობთ. თუ შეიძლება ითანამშრომლეთ ჩვენთან და დაგვეხმარეთ გამოძიებაში - ხმაში სიმკაცრე შეემატა გამომძიებელს -და თუ არ მინდა მოყოლა? - იკითხა მიამიტად -შეგაშინეს? - მიუახლოვდა გამომძიებელი - დაგემუქრნენ? -არა, არა. თქვენ ვერ გამიგეთ - თმა გაისწორა ელენემ - უბრალოდ... მათ მართლა არაფერი დაუშავებიათ. -ეგ როგორ, გინდათ თქვათ, რომ გატაცება არაა დანაშაული? -რა თქმა უნდა, დანაშაულია,მაგრამ კარგად მექცეოდნენ. ვერთობოდი. ვკითხულობდი, ვთამაშობდი, რასაც ვისურვებდი, იმას ვჭამდი, ვსვამდი და ვაკეთებდი. ასეთი თავისუფლება, შეიძლება ითქვას, სახლშიც არ მქონდა -აკი თვალები ახვეული მქონდაო? - ეჭვის თვალით გახედა მამაკაცმა -ეგრე გითხარით? -დიახ -ალბათ ლაპარაკი არ მინდოდა და მაგიტომ -და, ახლა გინდათ? -არა, ახლა ვხვდები, რომ მოშვებას არ აპირებთ -მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რამდენი იყვნენ - გამომძიებელმა ოქმის შევსება დაიწყო -2 -სად გაგიტაცეს და როდის? -14 მაისს, გაკვეთილების შემდეგ -ზუსტი დრო? -3-ის ნახევარზე მგონი. -როგორ გაგიტაცეს? -ჩემით ჩავჯექი მანქანაში. -ეგ როგორ? -ჩემი მძღოლის მანქანით იყვნენ და იმიტომ. -ამ დროს სად იყო თქვენი ძღოლი? -შვებულებაში. -სად? -შვებულებაში. -ვერ გავიგე. -მეც ესე მითხრეს, არ ვიცი, ბატონო -მაიმუნობთ? -როგორ გეკადრებათ. -ანუ არ იცით სად იმყოფებოდა თქვენი პირადი მძღოლი. -სრული პასუხი გაგცეთ, როგორც სკოლაში, თუ მხოლოდ ‘არა’ დაგაკმაყოფილებთ? -როგორ გამოიყურებოდნენ, შეგიძლიათ აღწეროთ? - გამომძიებელს ირონიისთვის ყურადღება არ მიუქცევია -„რულთან“ ვინც იჯდა არ დამინახავს, ჩემ გვერდით, უკან მჯდომს „მასკა“ ეკეთა. -შავი ფერის? -არა, ბაცი სტაფილოსფერი. - ვერ შეიკავა სიცილი ელენემ - სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ პროფილის სცენარისტი ხართ. -გამოძიებისთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია - მკაცრად უპასუხა მამაკაცმა და ოქმის შევსება განაგრძო. -ესეთი სერიოზულობითაც ნუ ეკიდებით ამ საქმეს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. -მერე რა მოხდა? - კვლავ არ იმჩნევდა ირონიას გამომძიებელი -მერე თვალები ამიხვიეს და არ ვიცი სად წამიყვანეს. -სახლი გარედან არ გინახავთ? -არა. -რაიმე განსაკუთრებული ხომ არ შეგიჩნევიათ? ისეთი დეტალი, რომელიც ჩვეულებრივ სახლებს არ აქვთ? -მსგავსი არაფერი შემინიშნავს. -თქვენი მძღოლის სახელი და გვარი მითხარით, თუ შეიძლება. -ილო გულორდავა. -დიდი მადლობა. თავისუფალი ხართ. მოგვიანებით დაგიკავშირდებით -აუცილებლად - წამოდგა ელენე და ოთახიდან ლამის ფარფატით გავიდა. *** -მმმ რა კარგი სუნია - სამზარეულოში 2 ზომით დიდ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი პირდაპირ მაგიდას მიუჯდა - ისა დაა... ფენზე გსმენია რამე? -გატაცებაზე თუ გსმენია შენ რამე, მე ის უფრო მაინტერესებს - ღუმელიდან ცხელი პიცა გამოიღო ვატომ და მაგიდაზე დადო - მართლა სარდაფში უნდა დაგსვას კაცმა და პირი და თვალები აგიხვიოს. -მარტო ფილმებიდან - 1 ნაჭერი გადმოიღო და ჭამას შეუდგა -ნელა გოგო, პირი დაგეწვება -ასეთი მზრუნველი და კულინარი არცერთი ფილმიდან არ მახსოვს - ეშმაკურად გაუღიმა ელენემ -შენ რაღაც ძაან გამიშინაურდი - ეხამუშა ვატოს -შენი ფეხით შემომიყვანე საკუთარ სახლში და კიდე მე გავშინაურდი? -ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ მუშტს აქვს. თან ძალიან ბევრი -ძალიან ბევრი არ აქვს -შენ გეყოფა -ისეб რა გქვია? -ვატო -ვახტანგი ანუ -გოო-გოოო - გაეცინა ვატოს - მოგკლავ -აუ ფეისბუქზე შევალ რა -რა უნდა დაპოსტო? “eating pizza” with “gamtatsebeli” at “mukhattskaro” feeling “happy”? - ელენე სიცილით სკამიდან ლამის გადაყირავდა -არაა, დაგამატებ -სელფიც ხო არ გადავიღოთ? -კაი რა მოხდება რო დაგამატო? -მელიქიძე - პიცა მოკბიჩა და ეჭვის თვალით გახედა - შენ მგონი მართლა დამიძმაკაცდი -ვატოო -რა? -შეიძლება რაღაც გკითხო? -ნებართვას როდის მერე მთხოვ? -მამაჩემმა რა დააშავა? -შენ არ გეხება ეგ -აბა მის მაგივრად მე რატო ვზივარ აქ? -ცოტათი უნდა ვანერვიულოთ -რაიმე საშინელება ჩაიდინა? ვინმე მოკლა? -მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა აქ ის იქნებოდა -აბა რას ერჩით? -უმცროსო მელიქიძე, მომისმინე. მამა ყველას უყვარს, მაგრამ როგორი კარგი მამაცაა, ეგეთი კარგი ყველასთან ვერ იქნება. რაღაც ისეთი შეეშალა, რაც წესით არ უნდა შეშლოდა ჩვენთან. -კაი მარა გვარს ნუღარ მეძახი რაა - თვითონ გადავწყვეტ როგორ მოგმართო -აუუ არ მომწონს -და აქ ყოფნა მოგწონს? სახლშიც ხო არ გაგიშვა? -არაა, აქ კარგად ვარ - გულწრფელად გაიღიმა ელენემ და დასვრილი თეფშები ნიჟარაში ჩააწყო. ვატომ თვალები დაიწვრილა და ეჭვის თვალით გახედა. -მატყუებ - გაუკვირდა ასეთი პასუხი. -არ გატყუებ -მიდი მაშინ მაცივრიდან ლუდი გამოიღე და ფილმს ვუყუროთ - თვალი ჩაუკრა და დივანზე წამოწვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.