შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთს უხდება რითმა ( მერვე და მეცხრე თავები)


6-08-2015, 20:11
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 1 754

მერვე თავი
ავტომობილმა სიჩქარეს უმატა, სუნთქვა შემეკრა, თითქოს ყელში მომებჯინა მთელი ცხოვრების ამაოება და სულ წამით, რამოდენიმე წამით ჩემს წინ სინათლემ გაიელვა. მხოლოდ წამი გახდა საკმარისი, რომ თვალწინ დამდგომოდა ჩემი თითქმის სიკვდილი, ჩემი რაღაც, ფერადი ნაწილის დასაფლავება. ქუჩაზე გადარბენის მცდელობა, რაღაც იმდენად მშფოთვარე და ამაღელვებელი, რომელმაც ფეხები მომკვეთა, ყველაფერი ერთად და ამ გადმოსახედიდან, უკეთ რომ ვთქვა იმ სიბნელიდან, საიდანაც არ უნდა გადმოიხედო სულ ერთი ხედი რომ იშლება, აი, აქედან თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს იყო არაფერი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. შეგვცავალა მე, შენ, სხვები, გააჩერა დრო, შეაყოვნა დედამიწა სულ რამოდენიმე წამით, ჩემთვის კი მთელი საუკუნით.
ალექსანდრემ ფრთხილად გადმომიყვანა მანქანიდან, ფერი არ გადევსო მითხრა და მაშინვე მიხვდა საუბარს არ ჰქონდა აზრი.
იცით რა ვიგრძენი? ბავშვობა. ჰო, აი, ასე ერთბაშად წამიყვანა სანდრომ ბავშვობაში. თითებიდან ვიგრძენი ნესტი, ნამი, ჩაქუფრული ცის დამუხტული სუნთქვა, ახალამოსული ბალახის სურნელი, ტყე, ნიავი და სიბნელე.
ეს ბოლო ზედმეტად გამუქებულიყო. ვერ გეტყვით რატომ? ალბათ ბავშვობის მზით გამთბარ და ნათელ დღეებს შევადარე რეალობა. ასეა თუ ისე ალექსანდრესთვის არ მიკითხავს სად ვიყავით, მხოლოდ ძლიერად დავეყრდენი ძვლებდაღრნილი ტერფებით მიწას და სიცოცხლე შევატანე სუნთქვას. ზუსტად ისე, როგორც ჩაის ვაყოლებდი ხოლმე თაფლიან პურს.
-სად გინდა ცხოვრობდე? - იმდენად ჩუმად მითხრა, რომ დავფიქრდი ქარის ზუზუნი იყო თუ მისი ხმა.
- აქ.
-და რა იცი სად ვართ ახლა?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე არც ის ვიცი სად მძინავს, სად ვიღვიძებ, შენ გიყურებ თუ სხვას, მაგრამ ხომ მინდა ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ახლა კი საოცრად მინდა ერთი პატარა ხის ან ქვის სახლი, ერთსართულიანი, ორნამენტებიანი მოაჯირით, რომელსაც ყოველდღე ვიგრძნობ თითებთან. მინდა პატარა, ფერადი ბაღი, ბევრი ვარდითა და ცოტა ყვითელგულა გვირილებით, მუდამ მწვანედ ახასხასებული ეზო, საქანელა ატმების ბაღში, გაზაფხულზე ატმისფრად აფეთქებული და დათოვლილი ბილიკი, კიდევ ერთი სკა ბევრი მოფუსფუსე ფუტკრით, რომლებიც გაიმეტებენ სულ ცოტა თაფლს ჩემთვის. პატარა სხვენი ან სახლის გვერდით სათავსო ბევრი თავშესაქცევი ნივთით, კედელთან მიყუდებული ველოსიპედით, შუა სხვენში დადგმული მოლბერტითა და აჭრელებული პალიტრით. სკივრი სავსე ძველი ფოტოებით, სათამაშოებით, წერილებით, უმისამართო წერილებით, რომლებიც გაუგზავნელადაც ბევრს გვიყვებიან ჩვენზე თუ სხვაზე. ჭერი მინდა იყოს ლურჯი, ისეთი როგორც ზაფხულის ცა, უღრუბლო, რომ მე არასდროს ვიგრძნო ძვლებში დავლილი ტკივილი. კედლები თეთრი, სულ თეთრი, თოვლივით სპეტაკი და ზაფხულობით გრილი. კედლებზე დავკიდებდი ჩემს ძველ ნახატებს, ქოთნის პატარა ყვავილებს ჩამოვკიდებდი კედლის კუთხეში, ფანჯარასთან ახლოს და გავაფარებდი ჭრელ ფარდებს, რომ ყოფილიყო ბევრი სინათლე მათთვის, რომ მე და სახლს არასდროს გვეგრძნო სიბნელე...
- მეოცნებე ხარ!
- ბავშვობიდან...
- ეს ცუდია.
- რატომ?
გაჩუმდა, ალბათ წამით დაფიქრდა და მიხვდა შეეძლო ჩემი სამოთხის დანგრევა თუნდაც ერთი სიტყვით. სამწუხაროდ მეც მივხვდი.
- მე კი დიდ სახლზე ვოცნებობ. ძალიან დიდზე.
- რაში გჭირდება?
- სივრცე მიყვარს, თავისუფლება მიყვარს...
- რითი შეავსებდი ამდენ სივცეს?
- სიცარიელით, სრული არარაობით. შენ არც კი იცი როგორ უხდება კედლებს მარტოობა, თითქოს ჭერსაც შეუძლია სუნთქვა და თანაც...
- რა?
- ბგერებს უხდება სიცარიელე, ასე პირდაპირ სულამდე აღწევს დამიჯერე.
- ფორტეპიანოს გულისხმობ?
უნებლიედ შევიშმუშნე.
- ჰო. რა იყო? არ გიყვარს?
- მოსასმენად კი, თუმცა დასაკრავად არა.
- არაა აუცილებელი ყველაფერი ჩემზე უკეთ გამოგდიოდეს- ღიმილშეპარული ხმით მითხრა და მიუხედავად იმისა, რომ ცრუობდა, მაინც შესანიშნავი ტყუილი იყო.
- ლიზა შენი ოცნებები დაგინომრავს? ლიზა არ გესმის? ლიზა...
- მაპატიე, ჩავფიქრდი. რას მეუბნებოდი?
- არაფერი, დაივიწყე, აზრი არ აქვს.
- უცნაური ხარ.
- შენთვის რაღაც წამოვიღე, სხვენში ვიპოვნე. მაპატიე, უნებართვოდ ავედი.
- რა არის?
- ახლავე დავბრუნდები.
მანქანას საბარგული ახადა და დიდი ხმაურით გადმოიღო იქიდან რაღაც.
- შენს წინ დგას, ფრთხილად.
ხელები ფრთხილად გადავუსვი და მთელი სიძველე სულში შემიძვრა. ჩემი ბავშვობის დროინდელი მოლბერტი იყო, ფიცრებგამოხრული, თუმცა მაინც ტკბილი და ჩემთვის ლამაზიც კი. მახსოვს მამაჩემმა თავისი ხელით გამომითალა დაბადების დღის საჩუქრად.
- შენ სულ უფრო ხშირად გავიწყდება, რომ მე...
- რომ ცხოვრება ბრმაა, შენ კი არა. ეს შენ გავიწყდება, მე არა... მინდა პეიზაჟი დახატო. დახატე ის, რასაც გრძნობ.
წვიმდა, საკმაოდ ძლიერად. დავსველდით, დასველდა ნახატიც ხატვის პროცესშივე და იცით რა? სწორედ ასე იხატება წვიმა, ასეთია წვიმისგან ამღვრეული თვალებით დანახული სამყარო. რაღაც რომ დახატო, უნდა გრძნობდე კიდეც მას, სულიდან ტერფამდე გივლიდეს და გულის გავლით სუნთქვას დაჰყვებოდეს სხეულში. მაშინ ასე დავსველდით მეც და ალექსანდრეც. ვიღაც ალბათ ხეს ამოფარებული უცდიდა გამოდარებას, ჩვენ ორნი კი ვიდექით გაქვავებულნი და ვითვლიდით წვეთებს, რომლებიც მეტი იყო ვიდრე ამ გრძნობის ასაღწერად შეგროვებული სიტყვები ახლა. ისევე უხმოდ გამოვიარეთ გზა სახლამდე, როგორც პირიქით. სიტყვები, თითქოს ისინი ჩამოვირეცხეთ ცხოვრების მტვერთან ერთად და შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთს შეგვცივნია. მეტიც, სულ რომ გაგვეწურა ჩვენი ტანსაცმელი წვეთი სითბოს მეტი არაფერი დაიღვრებოდა. ალბათ ნაავდრალი ამინდი სცვლიდა ღრუბლებს და ხეებიც ისე გარბოდნენ, როგორც ბავშვობაში. იყო ძლიერი ტკვილი ტერფებში და გალაკტიონი კვლავაც იკლავდა თავს...
„ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...“

მეცხრე თავი
სახლში მოსაღამოვებულს დავბრუნდით. ალექსანდრემ უხმოდ შემიყვანა ოთახში და გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანს სუნთქვის მეტი არაფერი ესმოდა კედლებს. შემდეგ ჩემი ხელები თვალებზე აიფარა და დაიწყო საუბარი, თითქოს საკუთარ თავთან:
- მე რომ ვეღარ ვხედავდე ცხოვრებას ეს იქნეოდა ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის, თუმცა ჩემნაირებისთვის უფალი არ იმეტებს სიბნელეს. არ ვიმსახურებ ისე დავინახო სამყარო, როგორც მე მსურს და ჩემი სიჭრელით გავაფერადო რეალობა. იყო და არა იყო რა, ვიყავი მე, რომელსაც არასდროს შეშინებია სიბნელის, სიკვდილის, იმ სიჩუმის მარტოობა რომ გამოსცემს, არც ძილისწინ ბებიის მოყოლილი ზღაპრების, სადაც ცხრათავიანი დევები დაბაჯბაჯებდნენ, არც რეალობის, არც ოცნების... იყო ის და ვარ მე, რომელსაც ეშინია ხვალინდელი დღის, ეშინია, რომ ხვალ ვეღარ გაიღვიძებს და ვეღარ ეტყვის ერთ ადამიანს, რომ გათენდა. აი, ამის მეშინია მე. ახლა მეც სწორედ ისე ვზივარ, როგორც შენ, გარშემო არაფერია და მე მაინც ვხედავ შენს ოცნებებს, ჩემები თითქოს ჩავკეტე ჩემში ღრმად. დავიღალე ლიზა...
ალექსანდრე უსასრულოდ აგრძელებდა, გაქვავებული ვიჯექი მის ზურგს უკან და ვგრძნოდი, როგორ ვუბნელებდი ცხოვრებას, ისე როგორც იმ წამებში ჩემი თითები არ უშვედნენ მის თვალებამდე სინათლეს. არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა შემდეგ, არც მოყოლას აქვს აზრი, უბრალოდ ესაუბრებოდა საკუთარ თავს საათზე მეტხანს და ყელში ვიგუბედი ცრემლებს. ის 24 წლის იყო, მე კი თითქოს საუკუნის და მას ჩემთან ერთად ვაბერებდი, ვაცივებდი...
- ხვალ რას იცვამ?- მოულოდნელად შეცვალა თემა. ცრემლები წამში გადავყლაპე.
- ვარდისფერ კაბას, გრძელს, დედაშენმა შემირჩია.
- ლამაზი იქნები.
- ისიც- და გავუღიმე.
- ახლა თერთმეტს ოცი უკლია.
ჩვეულად შემახსენა დრო და გასვლის წინ კარებიდან მომაძახა „ტკბილი ძილი“.
-ძილი ნებისა- ჩავიჩურჩულე და ფიქრებს შევაქციე ზურგი. მალევე ჩამთვლიმა და დილით ზედმეტად ადრე გამომეღვიძა.
ზაფხულის დილა იყო, თუმცა გრილი და მზეც ისე ბრწყინავდა, როგორც მე მიყვარდა. ვერ ვიტყვი ცხრათვალა იყო-თქო, რაც არ დამითვლია ვერ დავაბრალებ, იქნებ სულაც ბრმა იყო, თუმცა მე მას ვხედავდი. მუქი ფარდები ფართოდ გავწიე და მზეს ჩვეულად ჩავუკარი თვალი. იმ დილით აღარ ბნელოდა, სინათლეს მონატრებული ნახევარი საათი ვუყურებდი ჩემს ოთახში არეკლილ მზის სხივებს როგორ დაეხატათ ცისარტყელა. მუხლებმა კანკალი დამიწყო, მინდოდა მეყვირა, მეცინა, ხმამაღლა, ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს, იმდენად, რომ მთელ დედამიწას ეზეიმა ჩემი სიტყვები „ მე ისევ ვხედავ“. ეს იყო წამები, სიხარულის, ბედნიერების, მონატრების... ყველაფრის, ყველა გრძნობის ერთად და დრო, როცა ყველაზე მეტად გჭირდება ვიღაც, ვისაც გაუმხელ. გჭირდება გვერდით ადამიანი შენი აღმაფრენა რომ გაიზიაროს, სულ მცირეოდენი მაინც. იმდენი, რომ ისედაც გაბერილი გული არ გაგისკდეს და ვიღაცამ გითხრას, ეს რეალობაა. მაშინ ალექსანდრეს უკვე თვალების და არა ხელების ცეცებით დავუწყე ძებნა, თუმცა უშედეგოდ და გამახსენდა, რომ დღეს იყო დღე მისი ბედნიერების და არა ჩემი, რომ ჩემს თვალებს შეეძლოთ კიდევ ერთხელ შეეცვალა მისი ცხოვრება, არ ვიცი იქნებ კარგისკენაც, თუმცა მე ამის უფლება აღარ მქონდა.
არავისთვის მითქვამს. რთული ყოფილა ხედავდე და თვალებს იბრმავებდე, გიხაროდეს და მალავდე, თუმცა იმაზე რთული არ იყო, ვიდრე ალექსანდრესთვის იმ ადამიანისთვის თვალებში ცქერა, რომელიც იმავეს ვერ შეძლებდა და მეც ჩემში დავიგუბე სიხარული. ალექსანდრეს დედის მოსვლამდე ჩემს თვალებს სარკეში შევავლე თვალი, იმ დღეს მწვანე მქონდა, მომნატრებია.
ნეტავ ჩემი თვალებით დაგანახათ, როგორი იყო ალექსანდრე. შავი პიჯაკი და შარვალი ეცვა, თეთრი პერანგი, პიჯაკის ჯიბეში ჩაბნეული ვარდი და მუქი ლურჯი თვალები. ის იყო ნეფე, რომელსაც ყველაფერი უხდებოდა იმ დღეს, თვალებში ჩამარხული სევდის გარდა. მთელი ცერემონია კერპივით იდგა და მის შემხედვარეს თვალები მეწვოდა. დედამისმა ხელჩაკიდებული მიმიყვანა ალექსანდრემდე. მისთვის თვალებში არ ჩამიხედავს, ვიცოდი, დაინახავდა სინათლეს და ახლა ყველაზე შეუფერებელი დრო იყო ჩემი სიხარულისთვის.
-ალექსანდრე თქვენზე მიყვებოდა,- ჩავჩურჩულე და ღიმილთან ერთად საჩუქარიც მივაწოდე.
ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ქერა კულულები ეყარა მხრებზე, გრძელ კისერზე ბრილიანტები ბრწყინავდა და მისი თვალები გაცილებით მეტად ბრწყინავდნენ, ვიდრე ყველა სამკაული ერთად, რომელიც სტუმრების უმეტესობას მრავლად ეყარა თითებზე თუ ყელზე. ცისფერი თვალები ჰქონდა,ღრმა, თითქმის ისეთივე მუქი, როგორც ალექსანდრეს. მინდოდა მეთქვა, თუ რა ბედნიერი კაცი იყო სანდრო, თუმცა სიტყვები გულში დავიგუბე სიმართლის გამხელის შიშით და ხელჩაკიდებული გავყევი, რომელიღაც სტუმართაგანს.
მოსაღამოვებულს ალექსანდრე მომიჯდა გვერდით, პიჯაკში ჩაბნეული მასავით მოწყენილი ვარდი დამიმაგრა თმაში და ჩაილუღლუღა:
-მე ძალიან ლამაზი მეგობარი მყავს. მითქვამს ეს შენთვის?
-აბა, ეგ გაღიმებულმა მითხარი.
-შენ ყოველთვის იცი როდის ვიღიმი, მიუხედავად...
-არ აქვს მნიშვნელობა რის მიუხედავად. იცი? მე ბედნიერი ვარ, შენზე მეტად.
ალექსანდრემ კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დალიე და ფეხარეული მომშორდა. იმ ღამით არც კი ვიცი რამდენჯერ წაიკითხა გრანელის ლექსები, ისე რომ არც კი იცოდა, რომ მე უკვე შემეძლო გაფრენა, გაფრენა ბედნიერებისგან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent