შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმანკოებამდე (2)


12-08-2015, 15:33
ავტორი adriana
ნანახია 1 360

"აწყმოში გაცოცხლებული წარსული"

ქარიშხალივით ელვისებურად მომწყდარი მოგონებები წამიერადვე გაფერმკთალდნენ და ხმამაღალმა საუბარმა რეალობის ბინდში დამაბრუნა. ნერწყვი მტკივნეულად გადავყლაპე და ყელში მომდგარი ტკივილის დავიწყება ვცადე. სანდრო ანას რაღაცას ეუბნებოდა, არა უყვიროდა. თუმცა სიტყვათა მნიშვნელობა არ მესმოდა. ნისლიანი ცნობიერება ნელ-ნელა გამეწმინდა და ზანტად წამოვდექი.
- ყველაფერი კარგად არის, - ვთქვი არაბუნებრივად მტკიცე ხმით და საკუთარი ტონი ვერ ვიცანი. აღელვებულს მსურდა საკუთარი სულიერი მდგომარეობა შემენიღბა, მაგრამ რა იყო დასამალი? მხოლოდ უკიდეგანო სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელიც შიგნიდან მღრღნიდა. ლილეს სახე თვალწინ წარმომიდგა და უცნაური სიჯიუტე დამეუფლა.
- სანდრო, იმედია საჭმელი გაქვს. ძალიან მშია, - ძმა დაბნეული მომაშტერდა, შემდეგ კი სავარძელში მძიმედ დაეშვა.
- გულახდილი ვიქნები, არ მსურს პატარა ბავშვივით მომექცე. უბრალოდ ვივახშმოთ და ვისაუბროთ. კარგი? - ვკითხე სანამ სამზარეულოსკენ წავიდოდი. სანდრომ თავი ნელა დამიქნია და ჩაახველა. ანა კი შეშინებული, დაკარგული ცხოველივით გაშეშებული იჯდა და მადლიერ მზერას არ მაშორებდა. როცა დერეფანს მივეფარე კედელს მხოლოდ შემდეგ მივეყრდენი. საკუთარი გულისცემა ყურებში მიგუგუნებს და სხვა არაფერი მესმის. სუსტი ვარ და ეს ყველაზე მეტად მაცოფებს...
ლილეს ხშირად უთქვამს, რომ ყველას ჰყავს თავისი დემონი, რომელიც ყოველდღიურობის წიაღში ცოცხლობს და ფიქრებს გვიმღვრემს. ამისი არ მჯერა...
კარგად ვიცი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჩემშია. ჩემმა გადაწყვეტილებამ და ქმედებამ მომიყვანა აქამდე. ახლა კი იძულებული ვარ ეს მძიმე ჯვარი ვატარო...
საღამო ძალიან სწრაფად გადის და სანდროს დაძაბულობას კანით ვგრძნობ. ჩემმა ,,სპექტაკლმა" ვერ დაარწმუნა, ამას კარგად ვხედავ, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს საკუთარი გრძნობების გამოხატვის უფლება.
მდუმარებით ავდივარ საძინებელში, სადაც სამარისებული პირქუშობა მეგებება. ფართო ფანჯარასთან ლასლასით მივდივარ და მინას უაზროდ ვაკვირდები. შავ ფერებში შეღებილ არემარეში კარგად ვარჩევ მაღალი სახლის სახურავს. გული მეკუმშება თუმცა თვალს მაინც არ ვაცილებ. დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, რომ არაფრის დავიწყება არ ღირს, მაგრამ ადრე საკუთარ თავში ვერ ვპოულობდი ძალას იმისთვის, რომ სირთულესთვის თვალი გამესწორებინა.
ძლიერი განცდით შეპყრობილი ჩანთაში ხელებს ვაფათურებ და როცა სასურველ ნივთს ვპოულობ ვშეშდები.
სანდრო ან თავის კაბინეტშია ან საძინებელ ოთახში. თუ ფრთხილად ვიქნები ჩემს წასვლას ვერ შეამჩნევს. უცნაური სიმტკიცით გავდივარ ოთახიდან და ფეხაკრეფით მივუყვები კიბეს. გარეთ ჰაერი იკბინება, მაგრამ ჩემზე დადებითად მოქმედებს. თითქოს ბურანიდან გამოვფხიზლდი და ახლა გიჟური ქმედება სწორად მეჩვენება. საკუთარი ფეხის ნაბიჯის ხმას ვუსმენ და წინ არ ვიხედები სანამ მაღალ ჭიშკართან არ მივდივარ, რომელიც ღია მხვდება. უნებლიეთ გამაჟრჟოლა და ფართო ეზოში უცნაური წინათგრძნობით აღსავსე შევედი. ამ სახლში ყოფნის ბოლო დღეები გამახსენდა და კვლავ ავკანკალდი. რამდენი ტანჯვა, წამება და შიში განმიცდია, მაგრამ აი, მაინც აქ ვდგავარ... იმ კარის წინ, სადაც მან სამუდამოდ დამტოვა... არა, სადაც მივატოვე...
გავიფიქრე ნაღვლიანად და სინანულის მწარე სიმმა შემომიტია.
სევდიანი ფიქრების ალქარში კარი გავაღე და სახლში მხდალივით შევაბიჯე...
ავეჯზე თეთრი ტილოებია გადაფარებული, მაგრამ აქაურობას მტვერის ნაწილაკიც კი არ მოსდებია... ჰაერიც კი არ გაჟღენთილა ნესტის საზიზღარი სურნელით... ეს უფრო მაშინებს და მკლავებზე ხელებს ვიხვევ. მოსალოდნელი რეაქცია არ ჩანს... საყვარელ ბუხართან ვჩერდები და ღამის მდუმარებას ვუსმენ. მხოლოდ ჭრიჭინი და ქარის სუსტი ზუილი ისმის... თვალებს ძლიერად ვხუჭავ...
ნუთუ...
ნაბიჯების დაბალი ხმა ექოდ ედება მიტოვებულ სახლს. არასასიამოვნო ძრწოლა მივლის და კარისკენ ვბრუნდები.
ფილმებში ხშირად მინახავს გადამწყვეტ მომენტებში შენელებული, გაშეშებული კადრი, რომელსაც დაძაბული მუსიკა აფორმებს. თუმცა ცხოვრებაში ასე არასდროს ხდება. ყველაფერი ძალიან სწრაფად, წამის მეასედში მიმდინარეობს და მხოლოდ შოკის მცირე დოზას ტოვებს. ახლაც თითქოს შევეგუე მის ნახვას და რაღაც უცნაური შვება ვიგრძენი... არ ვიცი ეს განცდა საიდან მოდის და არც მაინტერესებს... მხოლოდ ვაშტერდები და ოდნავ მაკანკალებს.
- გამარჯობა, ნაია, - თამამად მეუბნება და მისი სიტყვები ყურებში მიზუზუნებს. ჩვეული სიმშვიდით ხვდება მოულოდნელ სიტუაციას... როგორც სჩვევია...
- აქ რა გინდა? - ვეკითხები და მკლავს ხელს ვუჭერ. დემეტრეს მოიისფრო თვალები აუციმციმდა, თითქოს ელოდა ამ კითხვას. ცივად გამიღიმა და ოთახს ახედა.
- ეს ჩემი სახლია. ნუთუ დაგავიწყდა? - რიტორიკულმა კითხვამ და ირონიულმა ტონმა დამაბნია. დუმილით ვაკვირდები და გული მიჩქარდება. მიუხედავად სამი გრძელი წლისა და უზომო ტკივილისა, მას ჩემზე ისევ უსაზღვრო გავლენა აქვს. ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და დაძაბულმა ვუპასუხე:
- ეს ჩემი სახლიცაა, - დემეტრე ანთებული თვალებით მომიახლოვდა. მის თითოეულ ნაბიჯში თავდაჯერებულობა და ძალა იგრძნობა. აღტაცებაში გაჟღენთილი შიშით უკან დავიხიე. ქალისთვის საკმაოდ მაღალი ვარ, მაგრამ მის წინაშე თავი პატარა გოგო მგონია. როცა ზურგით ბუხარს შევეხე ვცადე თავი ხელში ამეყვანა.
- დემეტრე, რა გინდა? - ვკითხე თითქმის ყვირილით. ჩემმა აღელვებამ შეაჩერა.
- უბრალოდ საუბარი მინდა, - სავარძელს ზეწარი გადააძრო და მსუბუქად დაჯდა.
- ნუთუ გგონია რომ ,,საუბარი" გამოგვივა? - დემეტრემ წარბები მაღლა აზიდა და ჩვეული მომხიბვლელობით გაიღიმა.
- რატომაც არა? - ხელს დაეყრდნო და ურცხვად შემათვალიერა. როგორ მსურდა ეს ნიღაბი მისთვის მომეგლიჯა და დამენახა სინამდვილეში რას გრძნობდა, რას ფიქრობდა.
მაგრამ... მე ადრე მქონდა ამისი შანსი... ახლა კი... სუსტი სინათლის ლიცლიცში რაღაცამ მკრთალად დაიწყო ბზინვა. დემეტრეს ხელს დავაკვირდი და სუნთქვა უნებლიეთ შემეკვრა.
გაბრაზებით გავხედე და შემდეგ თვალი ავარიდე.
- ვინ არის? - არც ვცილობდი ხმაში შეპარული ღელვა დამემალა. ის მაინც მივხდებოდა რას ვფიქრობდი. ყოველთვის ასე იყო.
ჩემს კითხვაზე თავდაპირველად არ მიპასუხა. მშვიდად მიყურებდა თითქოს კიდევ რაღაცას ელოდა.
- არ იცნობ, - თქვა მშრალად და წამოდგა.
- ამ სახლში არ იცხოვრებთ! - ვთქვი გახელებით და მივუახლოვდი. დემეტრეს თვალები აუციმციმდა და ღიმილი მოერია.
- არ მესმის რატომ არ შეიძლება? - სახლს თვალი მოავლო, - ცოტაოდენი რემონტი და მზად იქნება, - ლოყები ბრაზისგან ამეწვა.
- ამის უფლებას არ მოგცემ. სახლი ჩემიცაა!
- მომყიდე! - მითხრა უეცრად და ნაბიჯი გადმოდგა.
- არა, - ვუპასუხე სუნთქვაშეკვრით.
- ორმაგს გადაგიხდი!
- დემეტრე, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!
- ფასი შენ თვითონ დააწესე! - უკვე ჩუმად თქვა და ვერც კი ვიგრძენი ისე მომხვია მკლავები.
- თავი დამანებე, - ხმაში ნაღველი შემერია. დაუფარავი ტკივილით ავხედე, - ჩემი ძმის პარტნიორი რატომ გახდი? - დემეტრემ გადაიხარხარა.
- ჯერ მითხარი რა გსურს, რომ გითხრა. მე კი გეტყვი, რომ სანდროსთან ურთიერთობისთვის ორი მიზეზი მაქვს. პირველი: მასთან საქმე კარგად აეწყობა და მეორე, - შეჩერდა და მიმიზიდა, - შენთან ახლოს ვიქნები... პასუხი გაკმაყოფლებს? - ნათქვამის გასააზრებლად დრო დამჭირდა.
- ჩემგან რა გჭირდება? - ვცადე მოვშორებოდი, მაგრამ დემეტრემ უფრო ძლიერად მიმიკრა.
- სამი წლის წინ მაიძულე წავსულიყავი...
- ნუთუ გგონია მე ვიყავი კარგად? - ვიყვირე და არ დავამთავრებინე.
- ნაია, შენ მომიშორე იმისთვის, რომ შვება გეგრძნო! - გავჩუმდი და შიშით ავხედე. ლამაზ თვალებში რისხვანარევი ტკივილი ჩაბუდებოდა, მაგრამ ნიღაბი მალევე მოირგო და ჩვეული გულგრილობა აკიაფდა, - დაგავიწყდა შენთან ერთად ბავშვი მეც დავკარგე! ესეც არ იყო საკმარისი! მიმატოვე! უბრალოდ მაიძულე წავსულიყავი. საყვარელო, არ ვიცი ამით იგრძენი თუ არა კმაყოფილება, მაგრამ...
- დემეტრე, გთხოვ!
- თხოვნა... მუდარა... ხანდახან რა ცოტა ძალა აქვთ სიტყვებს არა? - თვალწინ მისი წვიმისგან დასველებული სახე წარმომიდგა... წამიერად კი მომეჩვენა თითქოს კვლავ ჩამესმოდა თავგანწირული ხმა...
- უკვე ცოლი გყავს... ჩემგან რაღა გინდა? - მოულოდნელად სავსე ბაგე ყელზე დამადო და ნაზად მაკოცა. სხეულში სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
- ზედმეტად მიყვარდი და ეს შეცდომა იყო, - თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკება.
- დემეტრე!
- იქნებ შურისძიება მინდა? ნაია, რას იტყვი? იმსახურებ? - თვალებში ცრემლი დამიგუბდა და წამიერად სუნთქვა შევწყვიტე.
- გთხოვ, - მისი მკლავებისგან განვთავისუფლდი და კარისკენ წავედი. წყვილმა ცრემლმა ლოყები დამიცვარა. ორი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.
- გაქცევა აღარ სცადო. საყვარელო, ორივემ ვიცით ეს რითი დასრულდება, - ლოყაზე მაკოცა და ტუჩები ყურთან გააცურა, - დროებით, ნაია! - ხელი უეცრად გამიშვა და დერეფანში გაუჩინარდა. შორიდან ძრავის მსუბუქი ღმუილი და ბორბლების ხმა მომესმა.
- ჯანდაბა, - ვუთხარი ცარიელ ოთახს....

* * *
ლეპტოპში ელენეს აწითლებულ სახეს ვაკვირდები და მის რეაქციას ველოდები. ჩემი საუკეთესო მეგობარი გაფართოებული ღია მწვანე თვალებით მომშტერებია და პირი დაღებული აქვს.
- ცოლი ჰყავს? მართლა? - სათვალე შეისწორა და ალეწილ ლოყებზე ხელი დაიდო, - ნეტავ რა მოხდა?
- რა უნდა მომხდარიყო... ცოლი მოიყვანა...
- ნაია, რაღაც ნამდვილად მოხდა. თუ ჩემს ინტუიციას დავუჯერებ, რომელიც არასდროს ცდება, დემეტრე ცოლს ასე მარტივად არ მოიყვანდა. ყოველ შემთხვევაში ის მამაკაცი, რომელსაც ვიცნობდი.
- არ ვიცი რა მოხდა და არც მაინტერესებს...
- ნუ ხარ ასეთი, - ნაღვლიანად მითხრა და ლამაზი, წითელი კულული ყურს უკან გადაიწია.
- ელი, ვცდილობ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო. ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ სულ ვერ ვიქნები... დემეტრე კი ჩემი ნერვებისთვის საზიანოა!
- შენთან მინდა სულ გულახდილი ვიყო. მართლა! მაგრამ ხანდახან მიჭირს სიმართლის თქმა.
- რას გულისხმობ? - ელენემ ტუჩზე იკბინა და თავი დახარა. ნატიფი თითების მტვრევა დაიწყო.
- როცა ერთად გნახეთ, მაშინვე რაღაც გავიფიქრე...
- რა? - წინ გადავიხარე და საოცრად ლამაზ სახეს მივაშტერდი.
- თუ ურთიერთობა გაგიფუჭდებოდათ ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ვიღაც გულგატეხილი დარჩებოდა...
- დემეტრე ყოველთვის კაზანოვა იყო ეს არ არის საკვირველი...
- შენზე არც მიფიქრია, ნაია! ვიცოდი დაშორებისას დემეტრე უფრო დაიტანჯებოდა, - სუნთქვა შევწყვიტე და ეკრანს მივაშტერდი.
- რა?
- ვიცოდი რომ გიყვარდა, მაგრამ არა ისეთი სიძლიერით როგორც მას შენ. არ ვიცი ეს რატომ ვიფიქრე, მაგრამ მაშინვე შევამჩნიე... ახლა უბრალოდ უნდა დაელაპარაკო. შენებური ,,ცხოვრების გაგრძელება" არ იმოქმედებს, - ელიმ სათვალე ისევ შეისწორა და თავი დახარა. გაშტერებული მივაჩერდი და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა ოთახში სანდრო შემოვიდა. ეტყობოდა, რომ გუშინ გამოთვრა და ახლა ნაბახუსევზე იყო.
- შენი ,,პრინცესა" სად წავიდა? - ირონიულად ვკითხე და ელის შევხედე, რომელიც მაშინვე აჭარხლდა. ალისფერ თმაზე ხელი მოუხერხებლად გადაისვა და წარბები შეჭმუხნა.
- ჯანდაბაში, - ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა და ნოუთბუქი მაგიდაზე დადო. უნებლიეთ გავიღიმე და ვცადე სხვა თემაზე მელაპარაკა.
- რობი და კარლო როგორ არიან? - ვკითხე შეკავებულად და მის სახეს დავაკვირდი.
- კარგად რა უჭირთ, - თვალები დამიმალა და რაღაცა გადაშალა.
- რა მოხდა? - ვკითხე და იდაყვებს დავეყრდენი.
- არაფერი, - სწრაფად მიპასუხა და აწრიალდა, - მალე ლექციები დამწყება, ნაია...
- ელი, თქვი! - თვალებით გამბურღა და ბრაზი მოერია.
- კარლომ ცოლობა მთხოვა.
- უი, - უნებურად წამომცდა. ელენე კიდევ უფრო გაწითლდა.
- რა უპასუხე? - ჩემდა გასაკვირად სანდრო თავის საქმეს მოსწყდა და წამოდგა. ელენეს სახეს დაძაბული მიაშტერდა.
- რა შენი საქმეა? - ელი მაშინვე აენთო და ძველი სიანჩხლე დაუბრუნდა.
- მიპასუხე, - ყურადღება არ მიაქცია სანდრომ და წინ გადაიხარა, - უარი უთხარი არა?
- ჯერ არაფერი არ მითქვამს და არ ვიცი რას ვეტყვი. თავი დამანებე, - სანდრომ გაიღიმა და კვლავ გასწორდა.
- უკვე ვიცი რასაც ეტყვი...
- როდიდან მიცნობ ასე კარგად? - ელიმ სათვალე მოიხსნა და გამომწვევით მიაჩერდა.
- გაცნობის დღიდან, წითელა! - ელი ზედმეტსახელზე გაცოფდა. წამოდგა და მე მომიბრუნდა.
- მოგვიანებით დაგირეკავ. ნეანდერტალელ დოუნ ჟუანს უთხარი თავის საქმეს მიხედოს, - ელის გაბრაზებული სახე მალე გაქრა. საზურგეს მივეყრდენი და სანდროს გაკვირვებით შევხედე.
- ეს რა იყო? - ვკითხე დაუფარავი ინტერესით და შევათვალიერე. ჰალსტუხი გახსნილი ჰქონდა და მოთმინებით იკრავდა.
- უთხარი რომ არ დათანხმდეს, - მიპასუხა უეცრად და პიჯაკი ჩაიცვა.
- უკაცრავად? შენ არ უთხარი ვიცი რასაც იზამო.
- ვიცი, რომ უარის თქმას აპირებს, მაგრამ რჩევას მაინც გკითხავს. შენ კი უთხარი, რომ ცოლად არ უნდა გაყვეს, - ღიმილი ვერ შევაჩერე.
- კარლო კარგი ადამიანია, მშვენიერი მომავალი აქვს და თან ელი უყვარს. მეტი რაღაა საჭირო?
- ელენეს შესაფერისი არ არის.
- საიდან იცი? მას არც იცნობ!
- რომ იყოს წითელა არ იყოყმანებდა, - მიპასუხა და ლეპტოპი დაკეცა.
- და იქნებ აღარ იყოყმანებს? ჰა? - ავდექი და უკან გავყევი.
- დანარჩენი შენი საქმე აღარაა, ნაია! - მიპასუხა და ლოყაზე მაკოცა, - საღამოს დავბრუნდები, ან გვიან ღამით...
ამ სიტყვებით გაუჩინარდა. გახევებული ვიდექი და დაკეტილ კარს მივშტერებოდი.
სანდრო, ელენე, ანა, დემეტრე...
,,ახალი ცხოვრება" სიურპრიზებით სავსე იყო...

..............................................................
ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის :* თქვენი თითოეული სიტყვა მამხნევებს <3 ახლაც მოუთმენლად ველი თქვენს აზრს ;)) როგორია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent