ვერ დაგთმობ (თავი 3)
**** იმ დილით ელეს თვით ლევან ფერაძე ესტუმრა. მისი პროდუსერი, ვისი დამსახურებაც იყო ელეს ამ გადაკარგულში წამოსვლა. – როგორ მომაგენი? – იქნებ ჯერ მომსალმებოდი? – სათვალე მოიხსნა ლევანმა. – იციან აქ რომ ხარ? არ გეჩხუბონ. – ბრჭყალები გამოაჩინა ელემ. – შენ მაინც არაფერი გცვლის ხომ? ისევ ისეთი ენამწარე ხარ. – წარმოიდგინე, როცა შენ არ გხედავ საერთოდაც მავიწყდება რა არის ირონია. ჩემი მუზა ხარ რა. – ხელები გადაიჯვარედინა ელემ. – სახლში არ შემიპატიჟებ? – ერთი ნაბიჯი გადადგა ელესკენ. – სხვისი სახლია და თავხედობაში არ ჩამომართვან. – კარებში იყო გახიდული და არ ინძრეოდა. – ელე, არ გინდა რა... ხომ ხვდები რომ სალაპარაკო გვაქვს? როდემდე აპირებ ბუტიაობას? ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? – დარწმუნებული ვარ ლიკასაც მაგას ეჩურჩულებოდი ლოგინში. ელე მიყვარს, ელე მიყვარსო. ალბათ მაგიტომ აღარ გიკარებს და ჩემთან მოხვედი ისევ. – დარწმუნებული ხარ რომ აქ გინდა ამის გარჩევა? – ხელბი გაშალა და გარემოს მოავლო თვალი. ელე არც განძრეულა ისევ ისეთი გამჭოლი მზერით უყურებდა. – კარგი, შენ თვითონაც კარგად იცი, რომ ლიკა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ელე, მე შენ მიყვარხარ. მაინც ვერ ვხვდები რას მოითხოვ ჩემგან? ერთი მეტრის რადიუსზე არ მიკარებ, კოცნის კი არა ხელის მოკიდების საშუალებას არ მაძლევ. რა გავაკეთო? საიდან არ მოგიდექი, რა აღარ გავაკეთე, მაგრამ რა... ყველაფერს უკუღმა იგებ. მეც ხომ ადამიანი ვარ? მამაკაცი ვარ. რა გავაკეთო? ვერ გავუძელი ცდუნებას. მომეცი მოახლოების საშუალება და პირობას გაძლევ არც კი გავიხედავ სხვისკენ. – ფუი, ფერაძე. ისევ ისეთი არაკაცი ხარ. არადა, კინაღამ დავიჯერე. – შებრუნდა და სახლში შევიდა. თან ისე რომ ცხვირწინ მიუჯახუნა კარები ლევანს. ამ ყველაფერს ლელა აივნიდან ადევნებდა თვალს. ზუსტად იცოდა რითი დამთავრდებოდა ეს დიალოგი და ბედნიერი იდგა მოაჯირზე დაყრდნობილი. თუმცა სხვა რამეც შეამჩნია ლელამ. ის რაც არავის დაუნახავს, სხვა ვიღაც. თავისი სახლის ღია ფანჯრიდან ამ ორის ჟღურტულს ლაშაც უყურებდა, მაგრამ მხოლოდ უყურებდა, არა მგონია სიტყვები გაეჩია სიშორის გამო. იდგა დაძაბული. სხეული ერთიანად დასჭიმოდა და სახე გაქვავებოდა. არცერთი ნაკვთი არ უმოძრავებდა. ახლა ლაშას ჯერი იყო. ახლა ის იშლებოდა ჭკუიდან. მიუხედავად იმისა, რომ ელე დიდი ხნის წინ შესულიყო სახლში და ის „ფრანტიც“ უკვე თვალს მოფარებოდა, ლაშა მაინც გახევებული იდგა და ერთი ადგილიდან არ იძვროდა. თითქოს რა იყო ამაში საგანგაშო? ელე უბრალოდ ვიღაცას ელაპარაკებოდა და არაფერი მეტი, მაგრამ იმასაც ხვდეოდა რომ „ვიღაცა“ ასე ტყუილუბრალოდ არ ჩამოაკითხავდა ამხელა გზაზე. დიდი ხანი იდგა და სივრცეს გაყურებდა. მერე უცბად გამოერკვა და სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ეზოში, მოახტა ცხენს და გააჭენა, ქარზე უფრო სწრაფად. თითქოს უნდოდა გამქრალიყო. ამხელა სისწრაფით სამყაროს შერწყმოდა. **** – არ დაველაპარაკები, გამორიცხულია! – ხელების ქნევით ბოლთას სცემდა ოთახში ელე. – ვინ დაპატიჟა? თხოვა ვინმემ მოსულიყო? ლაპარაკიც მოუნდა ვაჟბატონს. იმასაც ვნანობ ოდესმე რომ დავლაპარაკებივარ. ნეტავ, იცოდეს როგორ ვერ ვიტან. მაგისი ბრალია ყველაფერი. მოქცეულიყო წესიერად და არც აქ ჩამოვიდოდი, არც ამ ხეპრეს გავიცნობდი და სამყაროც ბევრად ლამაზი იქნებოდა. – ელე... – ფრთხილად აპარებდა ლელა. ხვდებოდა ახლა შეიძლებოდა ერთ უბრალო სიტყვაზეც აფეთქებულიყო. – ჩემი აზრით ჯობია დაელაპარაკო, რაც არ უნდა იყოს, გარდა პირადი ურთიერთობისა, საქმიანიც გაკავშირებთ. რას აპირებ? ოდესმე ხომ უნდა გაარკვიოთ, თუნდაც მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა? ვერ შეეწინააღმდეგა. ხვდებოდა ადრე თუ გვიან მოუწევდა ლაპარაკი. რაც მალე მოახერხებდა მით უკეთესი. – სად ნახე? – ხმას უკვე რიხი დაკარგვოდა. – ორი სახლის იქით იქირავა ოთახი. – გამორიცხულია იქით არ ვეახლები, თუ სალაპარაკო აქვს აქეთ მოვიდეს. – მერე დარწმუნებული ხარ რომ სახლში შემოუშვებ? – ეშმკურად გახედა ლელამ. – ჯანდაბას, სადმე გარეთ დაველაპარაკები. – მოლბა ელეც. – ხო, ვხვდები იქით არ ეახლები და რა ვქნა წავიდე და მოვახსენო რომ მისი აღმატებულება მოხარული იქნება დღეს მიიღოს თავისი ყმა, ეზოს კარებთან? – ოხ, ლელააა... გამახსენე ერთი შენთან რატომ ვმეგობრობ? – იმიტომ რომ სხვა ვერავინ გიძლებს. – ენა გამოუყო და სწრაფად გაიხურა კარები. სერიოზულად უნდა დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა. ცეკვას თავს ვერ დაანებებდა, მისი ცხოვრება იყო, ის უნდა გადაეწყვიტა ლევანთან გააგრძელებდა თუ არა მუშაობას. ერთის მხრივ ხვდებოდა რომ მისგან დავალებული იყო, მაგრამ მაინც არ შეეძლო ძველებურად. აწი ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული ეზოდან სიმღერის ხმა რომ მოესმა: „არხოტო სამშობლო, ჯიხვ-არწივების მხარეო.“ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ლაშა მღეროდა. ცხენზე ამხედრებული უახლოვდებოდა სახლს და აშკარად ეტყობოდა კაი გვარიანი შექეიფიანებული უნდა ყოფილიყო. აივანზე მდგარი ელე დაინახა და გაჩერდა. ძალიან დიდხანს იდგა და უყურებდა თვალმოუშორებლად. არც ელეს აურიდებია მზერა. არ ვიცი რამდენ ხანს იდგნენ ასე. ბოლოს ელე დაიძრა და ჩავიდა. მიუახლოვდა და ცხენს მიეფერა. – მთვრალს ცხენის მართვის უფლება გაქვს? – ქვევიდან ახედა ლაშას. – ანუ არ გაჯარიმებენ? – ღმერთო, რა კარგი გოგო ხარ, ხმას როცა არ იღებ ხოლმე. – მისკენ გადაიხარა და ცხენზე შემოისვა. ისევ ის ეიფორია, როცა მათი კანი ერთმანეთს ეხება. ისევ ის ჟრუანტელი, რომელიც არა ამქვეყნიური სიამოვნების ტოლფასია. ლაშას ტუჩების შეგრძნება საფეთქელზე და ძლივს დამორჩილებული გულისცემა. ეს იყო უტყვი ალერსი. ელე გრძნობდა ლაშას. გრძნობდა, მაგრამ უფრო მეტი უნდოდა. ხვდებოდა, რომ ეს შეიძლება ბოლო შეხებაც ყოფილიყო საყვარელ ადამიანთან. იმიტომ რომ 80%-ით იცოდა მოუწევდა დაბრუნება რეალობაში. კარიერისთვის უნდა მიეხედა. მაგრამ საკმარისი იყო ლაშას ერთი სიტყვაც და არც დაფიქრდებოდა ისე იტყოდა უარს ყველაფერზე. იმაში 100%-ით იყო დარწმუნებული, რომ ამ სამყაროში მარტო ლაშაც ეყოფოდა. მისი გულისთვის სუნთქვასაც შეწყვეტდა და ლაშას ფილტვებით ისუნთქებდა. გულისცემასაც შეაჩერებდა და ლაშას გულის რიტმს აჰყვებოდა. ოღონდ ეგრძნო, ოღონდ ეთქვა, მაგრამ არ უთქვამს ლაშას, იმიტომ რომ მასაც უარყოფის ეშინოდა. ყველაფერზე მეტად ელესგან უარის მოსმენის ეშინოდა. ისიც ხვდებოდა, რომ ელე არ დარჩებოდა აქ. არ იტყოდა უარს კარიერაზე და ამის ეშინოდა. ელეს დაკარგვის ეშინოდა. სანამ პასუხი არ ჰქონდა, კიდევ შეეძლო თავისად ჩაეთვალა. სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, უპატიებელი შეცდომა. ძალიან დიდი ხანი იყვნენ ასე. დროის შეგრძნება დაეკარგათ. ბურანიდან გზაზე მომავალმა ორმა სილუეტმა გამოიყვანა. ელემ თავი მოაბრუნა და ლევანი და ლელა იცნო. სწრაფად გაინთავისუფლა თავი ლაშას მკლავებიდან, ცხენიდან ჩამოხტა და მათკენ გაემართა. სიცივე იგრძნო ლაშამ. მთელი სხეული დაეჭიმა, ვერაფერი მოუხერხა დაუძლეველ ეჭვიანობის გრძნობას. ცხენს ქუსლები მოუჭირა და ადგილიდან მოსწყდა. ელემ მხოლოდ თვალი გააყოლა და ლევანიც მიუახლოვდა. მე დაგტოვებთო – უთხრა ლელამ და სახლში შევიდა. იქვე ხის პატარა ძელსკამზე ჩამოსხდნენ. – ელე, ვხვდები, რომ შენთან ჩემს გრძნობებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. – წამოიწყო ლევანმა. – ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, თუმცა ისიც იცი, რომ უკან არასოდეს ვიხევ და კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებ ამას. მაგრამ მოდი ახლა საქმიან ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ. შენ იცი რამდენი ჩავდე შენს კარიერაში. იცი, ძუნწი ადამიანი არ ვარ და არც არასდროს ვწუწუნებ შემოსავალზე, მაგრამ ელე, შენმა გაუაზრებელმა ნაბიჯმა გაკოტრებამდე მიმიყვანა. – ელეს ცოტა შერცხვა. – მთელი შემოსავალი იმ ტურნეში ჩავდე და შენ კიდევ ერთი ხელის მოსმით ჩამიშალე. ელე, გაგიგებდი ყველანაირად და ალბათ ხვდები რომ ახლაც გიგებ, იმიტომ გელაპარაკები ასე მშვიდად. მაგრამ ჩემზეც იფიქრე. განა რა დავაშავე შენს წინაშე ისეთი რომ ასე მექცევი? იცი რომ მე ყველანაირ საქმეზე უარი ვთქვი იმის გამო რომ შენი კარიერისთვის დამეთმო მთელი დრო და თავის დროზე არც შევმცდარვარ. გაამართლე ჩემი ყველა მოლოდინი, მაგრამ დაიმახსოვრე, ახლა ფინანსურად მეც ისევე ვარ შენზე დამოკიდებული, როგორც შენ ჩემზე. ელე, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. როგორმე უნდა გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან, თორემ ბოლომდე დავიღუპები. ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ და მიხვდები რისი თქმაც მინდოდა. იფიქრე ელე, ეხლავე არ გთხოვ პასუხს, მაგრამ სანამ აქედან წავალ შენი საბოლოო პასუხი მჭირდება. თუ ჩემთან აპირებ მუშაობას, ისიც გაითვალისწინე რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. ელე თავჩახრილი იჯდა და ბოლომდე აცნობიერებდა საკუთარ დანაშაულს. განა მართლა რა დააშავა ასეთი ლევანმა? ეჭვიანობის სცენები რომ მოუწყო, მისი ქმარი იყო თუ საყვარელი? – ახლა წადი, ელე, თორემ სულ გაიყინე. ძილი ნებისა. – თავზე აკოცა და წავიდა. კიდევ დიდხანს იჯდა ელე ასე გაუნძრევლად. დილემის წინაშე იყო, არ ეთმობოდა არც ლაშა და ვერც ლევანს მოექცეოდა უმადურად. არ შედიოდა სახლში, ლაშას ელოდებოდა. უნდა დალაპარაკებოდა და იქნებ ამის მერე მაინც მიეღო გადაწყვეტილება. მარტოს უჭირდა, ვინმეს დახმარება სჭირდებოდა. დიდი ხანი ელოდა. სულ მთლად გაიყინა, მაგრამ ლაშა არ ჩანდა. ბოლოს შევიდა სახლში. ლელასაც ჩასძინებოდა. საწოლზე გაუხდელად მიწვა და ვერც მიხვდა როდის ჩაეძინა. **** დილას ადრიანად გაეღვიძა, ბოლომდე გათენებულიც არ იყო. წამოდგა. მხრებზე შალი მოიხვია, ჩაიარა კიბეები და ჭიშკრის გარეთ გავიდა. ლაშას სახლის კარებთან მისული გამოერკვა. დიახ, არ მოგესმათ, ლაშასთან მიდიოდა. ახლა რომ არ დალაპარაკებოდა, გული გაუსკდებოდა. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ფერად კიბეებზე შედგა ფეხი და ჩაეღიმა. გაცოფებული ლაშა გაახსენდა. ბოლომდე აიარა საფეხურები და კარის სახელურს ხელი მოკიდა. ცოტა ხანი შედგა, ღრმად ჩაისუნთქა და შეაღო. ერთ ადგილზე მიეყინა. მაშინ მოკვდა პირველად. სუნთქვა დაავიწყდა და გული გაუჩერდა. წელსზევით შიშველი ლაშა ტახტის კიდეზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო. ტახტზე კი ნახევრადშიშველი გოგო იწვა. სწორედ ის გოგო დღეობაზე თვალებში რომ შესციცინებდა. როგორც მერე გაიგო სოფო ერქვა. მთელ ოთახს ეტყობოდა ბობოქარი ღამის კვალი. ლაშამ დაინახა კარებში გახიდული ელე და მისი გაქვავებული სახე. – ელე... – ამოიჩურჩულა. რამხელა ტკივილი იგრძნობოდა ხმაში. ელეს ტკივილსაც ხედავდა და ეს ათასჯერ მეტად მტკივნეული იყო. ელემ შეძლო ძალა მოეკრიბა, შეტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ლაშა გამოერკვა, დაეწია, ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა მთელი ძალით. ელეს ფეხებში ძალა წაერთვა და მთელი სხეული მოუდუნდა. ვეღარაფერს გრძნობდა. ვერც ლაშას და ვერც საკუთარ სხეულს. – ნეტავ, იცოდე, როგორ მძულხარ, ვერ გიტან. ჩემი უბედურება ხარ, ჩემი სიძულვილი, ჩემი ბოროტეება და ჩემი ტკივილი ხარ. როგორ შეიძლება შენნაირები არსებობდნენ ამ ქვეყანაზე და ადამიანებს ცხოვრებას უწამლავდნენ. მეზიზღები, თუმცა ჩემი ზიზღის ღირსიც არ ხარ. – ძალიან სასტიკი იყო ელე, მაგრამ ლაშა თითოეულ მის სიტყვას იმსახურებდა. ამაზე მეტსაც იმსახურებდა. თვითონაც ხვდებოდა ამას და ვერ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მისი გაშვებაც არ შეეძლო, ეს უკვე მის ძალებსაც აღემატებოდა. ელემ ძალა მოიკრიბა და მისი მკლავებიდან განთავისუფლება სცადა. ორივე ხელი მკერდზე მიაბჯინა და მთელი ტანით უკან გადაიწია. ცდილობდა მოშორებოდა, მაგრამ ლაშას ისე ჰყავდა ჩახუტებული, რომ ვერაფერს ახერხებდა. – ელე... გთხოვ... მე... ელე, მომეცი უფლება... აგიხსნი... – ლუღლუღებდა ლაშა და კიდევ უფრო მაგრად იკრავდა გულში. – რა უნდა ამიხსნა? არის კიდევ რამე ასახსნელი? რამე ვერ დავინახე? რა უნდა ამიხსნა? როგორ ვერ მიაღწიეთ საძინებლამდე? როგორი ვნებიანი ღამე გქონდათ? ან რა ვალდებული ხარ ამიხსნა? რა უფლება მაქვს რამე მოგთხოვო? გამიშვი გთხოვ. გემუდარები, გამიშვი. ვეღარ ვუძლებ, აუტანელია. მეტის გაგრძელების საშუალება ლაშამ აღარ მისცა. მის ტუჩებს წაეტანა და პირველი ამბორი აჩუქა. კოცნიდა ძალიან ფრთხილად და თან მთელი ვნებით, კოცნიდა ისე როგორც არვისთვის უკოცნია მანამდე. კოცნიდა მთელი გრძნობით და სულის შეხუთვამდე, გონების დაკარგვამდე და გულის გაჩერებამდე. ელეს ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა. როგორი მტანჯველი იყო მისთვის ეს კოცნა?! მისი პირველი ამბორი აუტანელი ტკივილის მომტანი იყო. არ იმსახურებდა ლაშა მის პირველ კოცნას, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. სიგიჟემდე უყვარდა ეს „ხეპრე“, გონების დაკარგვამდე. მის ბაგეებს მიწებებულსაც კი ენატრებოდა. ხვდებოდა მერე როგორ გაუჭირდებოდა. უკვე იცოდა რომ წავიდოდა. არ შეეძლო, ვერ დარჩებოდა. გაუადვილა არჩევანი. მიიღო პასუხი თავის კითხვაზე. არც ისეთი ძვირფასი აღმოჩნდა ელე ლაშასთვის, როგორც ლაშა მისთვის. არ იყო თანახმა ასეთ სიყვარულზე. არაფერში სჭირდებოდა ისეთი ურთიერთობა, სადაც უფრო მეტის გაცემა მოუწევდა ვიდრე მიიღებდა. ამას ვერ შეეგუებოდა ელენე შერვაშიძე, ამაყი იყო. ლაშასაც ჰქონდა თავისი სიმართლე ამ ისტორიაში. მასაც ეშინოდა ელეს დაკარგვის და ეს შიში პათოლოგიაში გადასდიოდა. იმდენად რომ გამოსწორების მაგივრად უფრო დიდ შეცდომებს უშვებდა. არ იყო ამაყი ლაშა, მაგრამ მისთვისაც აუტანელი იყო ელეს თუნდაც მცირედი ყურადღება სხვის მიმართ. მესაკუთრე იყო, მაგრამ დასაკუთრების ნაცვლად დაკარგა. ცხოვრების მთავარი აზრი დაკარგა. ნელ-ნელა მოშორდნენ ერთმანეთის ბაგეებს. ლაშამ ახლა შუბლზე მიადო, თავისი ცხელი ტუჩები. ელემ მის წელზე შემოხვეულ ლაშას მკლავებს მოკიდა სუსტი ხელები და შეეცადა განთავისუფლებულიყო. – ელე... ყველაფერ წმინდას გაფიცებ, ოღონდ ეხლა არ წახვიდე. ვიცი არ გიმსხურებ, მაგრამ ვერ გთმობ. ელე... გემუდარები, ოღონდ ახლა არ გამანადგურო. ნუ მომკლავ ცოცხლად. სიცოცხლის უფლება მომეცი. – ყურთან ძალიან ახლოს ეჩურჩულებოდა და ნელ-ნელა აძლევდა საშუალებას საბოლოოდ განთავისუფლებულიყო მისთვის შემოხვეული მკლავებისგან. – მშვიდობით. – უთხრა როგორც კი საბოლოოდ მოიშორა ლაშას ხელები, წელში გასწორდა და არეული ნაბიჯით ჩაუყვა კიბეებს. ბოლომდე ვერ შეძლო და ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოჯდა, მალინისფერზე. ლაშა მიუახლოვდა, შეეცადა ხელი მიეშველებინა, მაგრამ ელემ არ მიიკარა. წამოდგა და საბოლოოდ გავიდა ეზოდან. საზარლად გაიჭრიალა ზურგს უკან კარმა და მიიხურა. **** თითქმის არ ახსოვს, როგორ გაიარა მანძილი ლაშას სახლიდან ლევანიმდე. ღმერთო რა სიმბოლური იყო ეს ყველაფერი. საკუთარი ცხოვრების გზას გადიოდა ამ მცირე მონაკვეთში. არასწორი გზით მიდიოდა, მაგრამ სხვანაიად ვერ მოიქცეოდა. ლაშამ სხვა გზა არ დაუტოვა. იმდენად ეტკინა, რომ ალბათ მისი ეს საქციელი ამ ტკივილთან შედარებით არაფერი იყო. საერთოდ წარმოუდგენელია უფრო მეტად ოდესმე რამე ეტკინოს. დიდი ხანი იდგა კარებთან და შესვლას ვერ ბედავდა. იცოდა ახლა თუ შევიდოდა, უკან დასაბრუნებელ გზას მოიჭრიდა. ბოლოს მაინც დააკაკუნა. – ელე... რა გჭირს? კარგად ხარ? – კარები გაუღო ლევანმა და შეშფოთებულმა შეიყვანა ოთახში. – წყალი ხომ არ გინდა? სახეზე ფერი არ გადევს. – ლევან, დავქორწინდეთ. – საკუთარი ხმა ეუცნაურა. ერთი წუთით მოეჩვენა, რომ დედამიწამაც კი შეწყვიტა ტრიალი. ბოლომდე ესმოდა ამ ფრაზის შინაარსი. ხვდებოდა რომ ამით ბედნიერების ყველანაირ გზას ისპობდა, მგრამ სხვა გზასაც ვერ ხედავდა. მისთვის ბედნიერება ლაშასთან ასოცირდებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაარქმევდა თავის მომავალს ლაშას სახელს. ტკივილიანი იყო ასეთი მომავალი. ტკივილს კი ერჩივნა, საერთოდ არაფერი ეგრძნო. ასეც გადაწყვიტა, ამის მერე აღარაფერს იგრძნობდა. მისთვის სულერთი გახდებოდა ყველაფერი. – გაიმეორე რა თქვი? – აკანაკალებული წამოვიდა მისკენ ლევანი. – არ მომეკარო! – ჰაერში გაუშეშდა ელესკენ გამოწვდილი ხელი. – იმედია ხვდები, რომ ამას შენი სიყვარული არ მალაპარაკებს. – სასტიკი იყო ელე, შეუბრალებელი. – ელე... – ჩვენი ქორწილი წლის მოვლენა იქნება. შეგიძლია ექსკლუზივი რომელიმე გამოცემას მიჰყიდო. დარწმუნებული ვარ საკმარისზე მეტ ფულს გადაგიხდიან. თან შესანიშნავი პიარი იქნება. კიდევ დიდი ხანი არ ჩამოვალთ პრესის პირველი გვერდებიდან. მერე ანალოგიურ სენსაციად შეგვიძლია ჩვენი განქორწინება გავყიდოთ. ამით ბოლომდე გადაგიხდი ვალს და სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. საერთოდ ყველას ცხოვრებიდან. როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი?! მშვიდი ცხოვრება მომენატრა. ყველანაირი ზედმეტი გრძნობების გარეშე. – წამოდგა და კარებისკენ გაემართა. იმხელა აპათია იგრძნობოდა მის ამ სიტყვებში, იმდენად უემოციოდ უყურებდა ლევანს, რომ ამ უკანასკნელმა ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. როგორც იქნა სახლამდე მიაღწია. ლელა ახალგაღვიძებული იყო, ის-ის იყო ამდგარიყო ლოგინიდან. გული გადაუტრიალდა როგორც კი მეგობრის სახე დაინახა.. ხმა ვერ ამოიღო. ელე ოთახის შუაგულში ჩაიკეცა და არაადამიანური ხმით აღრიალდა. რაც აქამდე ითმინა ყველა ტკივილი ერთიანად შემოაწვა. ორივე ხელით იატაკზე დაემხო და მუშტები დაუშინა. – ელე... გთხოვ... თუ გიყვარვარ... ჩემი ელე, დამშვიდდი... გეხვეწები ასე ამოიგლიჯავ მაგ პატარა გულს. – ცდილობდა ხელები გაეკავებინა და გულში ჩაეკრა მეგობარი. – რაში მჭირდება? არაფერში. ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. აღარ მინდა ლელა, გესმის, აღარ მინდა გული. უგულო ადამიანი მინდა ვიყო. ვეღარაფერს რომ ვერ ვგრძნობდე ისეთი. არავინ რომ აღარ მაინტერესებდეს. – ხვდებოდა რომ ამ საქციელით ჯვარი დაუსვა თავის პირად ცხოვრებას. ლაშასთან მისი ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო და სხვასთან საერთოდ შეუძლებელი. ხვდებოდა, რომ არასდროს ექნებოდა მოსიყვარულე ოჯახი არასდროს გათხოვდებოდა სიყვარულით. ვერასდროს ჩაიკრავდა გულში შვილს. იმიტომ რომ მოხდა ის, რისიც სწამდა მთელი ცხოვრება, შეუყვარდა ერთხელ და სამუდამოდ. თავდავიწყებით და გონების დაკარგვამდე. ისე როგორც ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია ცხოვრებაში. ამ სიყვარულმა კი ყველაზე მეტი ატკინა. თითქოს ამ ნაბიჯით უმანკოების აღთქმა დაუდო საკუთარ თავს. არ იცოდა ლელამ დილანდელი ამბები, მაგრამ ხვდებოდა. პირველად ხედავდა ასეთ ელეს, სასოწარკვეთილს და ბოლომდე გამოფიტულს. გული ეწურებოდა, მაგრამ ვერაფერს შველოდა. **** ელეს თხოვნით, მეორე დღესვე წავიდნენ. ბატონ ბერდიას ბოდიში მოუხადა, ასე მოულოდნელად გამგზავრებისთვის. დიდი ხანი იკრავდა გულში ჟენია და ცრემლიც კი ჩამოუგორდა დანაოჭებულ ლოყაზე. ელემ ხელები დაუკოცნა მოხუცს და უამრავი მადლობა გადაუხადა. – ელე შვილო, ვხვდები ნამეტანს გთხოვ, მაგრამ ჩამოდი და მინახულე ხოლმე. სულ გზაზე მექნება თვალები მიშტერებული შენს მოლოდინში, ჩემო მხიარულო გოგო, ჩემს სულს გატან თან. – მოხუცის ეს სიტყვები უფრო უჩუყებდა გულს და ათასგზის აუტანელს ხდიდა წასვლას. – წამოდი, ბე, ჩემთან? – იცოდა რომ არ დათანხმდებოდა მოხუცი, მაგრამ მაინც სცადა. კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს. ჭიშკარში გამოსვლისას დაინახა თომა მორბოდა მთელი სისწრაფით. – ელენე მას, – სულს ძლივს ითქვმდა. – რომ ვვრ მომესწრო თავს ვერ ვაპატიებდი. – ძლივს ამოთქვა და წელში მოხრილი, მუხლებს ხელებით დაეყრდნო. – თომა, ჩემო ბიჭო... – მის წინ ჩაიმუხლა და მოეხვია. – აი, ეს მოგიტანეთ – ქაღალდის გრაგნილი გაუწოდა. ელემ გახსნა და გაოცდა. ქაღალდზე ფანქრით შესრულებულ ნახატზე მოცეკვავე გოგონა იყო გამოსახული, სახე არ უჩანდა ცეკვის პროცესში იყო დახატული, მაგრამ ელემ საკუთარი თავი მაინც ამოიცნო. – თომა ეს შენ დახატე? თომამ თავი ოდნავ დაუქნია. – ძალიან ნიჭიერი ხარ. არ შეწყვიტო და დამპირდი, დიდი რომ გაიზრდები და პირველი პერსონალური გამოფენა გექნება, აუცილებლად დამპატიჟებ. თომამ თავი დაუქნია და ხელები ყელზე მოხვია. ეს მისი გულრწფელი ემოცია იყო. არ ემეტებოდა ელე გასაშვებად. არც ელეს ემეტებოდა აქაურობა დასატოვებლად, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა. უნდა წასულიყო ცივ სამყაროში, სადაც ალბათ არასოდეს ექნებოდა ასეთი თბილი მომენტები, მაგრამ მაინც უნდა წასულიყო. მანქანის ფანჯრიდან დაინახა, როგორ გადასახათ ჟენიამ პირჯვარი მიმავალთ და ცრემლი მოიწმინდა. **** დაბრუნდა იქ სადაც ამდენი ხანი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ისეთი შორეული ეჩვენებოდა. უფერული, შავ-თეთრი, უგულო. მართლაც ფურორი მოახდინა მათმა ნიშნობამ. ჟურნალისტები გასაქანს არ აძლევდნენ. ისევ ძველი ელე გახდა, სცენის დედოფალი. ის ადამიანი ვისითაც აღფრთოვანებული იყო ყველა. ყველა, გარდა საკუთარი თავისა. ელესთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა. თამაშობდა როლს, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა. მართალი აღმოჩნდა ელე, ფინანსური კუთხით ნამდვილად მომგებიანი გამოდგა ეს სვლა, უამრავი მიწვევა მიიღეს. იმაზე მეტი შემოსავალიც კი მოუტანათ ვიდრე ჩაშლილი ტურნესგან ელოდებოდნენ. ახლოვდებოდა მათი ქორწილის დღე და ნელ-ნელა გამბედაობა ეკარგებოდა ელეს. არც ისე ადვილი აღმოჩნდა შეგუებოდა უსიყვარულოდ გათხოვებას. ლევანს საერთოდ გაურბოდა, ეკონტაქტებოდა მხოლოდ ხალხის დასანახად, ხელის მოკიდების საშუალებასაც არ აძლევდა. ისიც კი თავზარს სცემდა, რომ სულ ცოტა ხანში მისი ცოლი ერქმეოდა და ერთ სახლში მოუწევდათ ცხოვრება. ხვდებოდა რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა და რაც უფრო უახლოვდებოდა სათავეს მით უფრო რთული ხდებოდა ცურვის გაგრძელება. მაგრამ უკვე აღარაფრის შეცვლა შეიძლებოდა. მისი ქორწილის დღის ყოველი წამი ახსოვდა, მტკივნეულად. ახსოვდა, როგორ ძლივს აითრია სხეული. როგორი ზიზღით ჩაიცვა თეთრი კაბა. რამდენი ხანი ცდილობდა, ორივე ხელით კომოდზე ჩამოყრდნობილი, როგორმე ეიძულებინა თავი და სარკეში დაენახა საკუთარი გამოსახულება. იმიტომ რომ უნდა ტკენოდა. ტკენოდა ბოლომდე. იქნებ შესძულებოდა. იქნებ გაბრაზებულიყო მაინც. მაგრამ რაც დრო გადიოდა ბრაზი უნელდებოდა და რჩებოდა მხოლოდ იმედგაცრუება. პირველმა სიყვარულმა იმედგაცრუება და უზარმაზარი ცარიელი ადგილი დაუტოვა გულში. ნელ-ნელა ასწია თავი და შეხედა ანარეკლს. ერთხანს უყურა. ვეღარ შესძლო და იქვე ჩაჯდა. პირზე ხელი აიფარა და არ მისცა საშუალება მისი გულიდან ამოხეთქილ ემოციას გარეთ გამოსულიყო. მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა ხმა, რომელიც ცოტაც და ალბათ მთელ სახლს გააყრუებდა. ძლიერი უნდა ყოფილიყო. ბოლომდე უნდა მიეყვანა დაწყებული. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა. მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და წამოდგა. წელში გასწორდა და ბოლოჯერ შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას. ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა. ტონალური დაიმატა და დაფარა ოთხი პატარა სისხლისფერი რკალი. როგორი ადვილია გარეგანი ჭრილობების შენიღბვა?! აი, შინაგანს რა უნდა უშველო? შიგნიდან რომ გჭამს და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო. წელში ამაყად გასწორდა, ღრმად ჩაისუნთქა და გადადგა პირველი ნაბიჯი. მეორე ასეთი რთული აღარ იყო. საბოლოოდ დიდი ტკივილით, მაგრამ მაინც შეძლო გაევლო გზა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაუძლეველი ეჩვენებოდა. მივიდა საკურთხეველთან და გახდა მისი ცოლი. დასრულდა ყველაფერი. ბოლო მოეღო იმედიან „იქნებს“. გაგიკვირდებათ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ მოვიდოდა. რამეს გააკეთებდა, თუნდაც უმნიშვნელოს, მაგრამ ეცდებოდა. ეცდებოდა ელეს დაბრუნებას, მაგრამ აქაც მწარედ შეცდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარი საქციელის სისწორეში. საკუთარი თავის არ ესმოდა. როგორ შეიძლებოდა ჰყვარებოდა ასეთი სუსტი ადამიანი. ელე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ იქნებ არც უყვარდა სათანადოდ? იქნებ რომ ჰყვარებოდა გაეკეთებინა კიდეც. ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. უკვე საკუთარი ქორწილიდან ბრუნდებოდა, საკუთარ ქმართან ერთად, საკუთარ სახლში. საშინლად წვიმდა. ამინდიც მისეული იყო. თითქოს ცაც ტიროდა, მოთქმით. საჭესთან ლევანი იჯდა. ელეს თავი გვერდზე მიებრუნებინა და გვერდითა მინაზე წვიმის წვეთებს ითვლიდა. ზევიდან ქვევით. მერე ზევიდან რომელიმე წვეთი მოწყდებოდა და დაბლა გაიკვალავდა გზას. სათვალავი ერეოდა და თავიდან იწყებდა. წინ არ იყურებოდა, ამიტომ არ დაუნახავს, როგორ გადაუდგათ წინ მანქანა. მხოლოდ მუხრუჭების ხმა და ლევანის გინება გაიგონა. თავი მიაბრუნა და დაინახა მათ წინ გაჩერებული შავი ფერის ჯიპი. ცხვირით თითქმის ეხებოდა მათ მანქანას. დაინახა როგორ გადმოვიდა იქიდან მძღოლი და მთელი სხეულით დაიძაბა. დაინახა როგორ წავიდა ლევანი მისკენ ხელების შლით. როგორ მოუქნია ხელი „იმან“ და როგორ ჩაიკეცა იქვე მისი ქმარი. როგორ გამოგლიჯა კარები და როგორ დაებინდა გონება მის დანახვაზე. მის წინ სახეწაშლილი ლაშა იდგა. ვერ გეტყვით რამდენი ხანი იყვნენ ასე, რამდენი ხანი უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს. ლაშას წვიმის წვეთები უნამავდა სახეს, ელეს ცრემლები. ბოლოს ლაშამ შესძლო საკუთარი თავის დამორჩილება. გადაწვდა, ღვედი გაუხსნა, მანქანიდან გადმოიყვანა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. მეტი აღარ შეეძლო ელეს. ამ დღის ყველაზე მძიმე მომენტი იყო ეს, ყველაზე რთული გადასატანი. მაინცდამაინც მაშინ უნდა გამოჩენილიყო, როცა უკვე გვიან იყო?! – ლაშა... მე უკვე გათხოვილი ქალი ვარ. – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა. მაგრამ ლაშამ გაიგო. – ეგ აღარ გაიმეორო, შენ მხოლოდ ჩემი ხარ. – მოშორდა. სახიდან თმები გადაუწია და თვალებში ჩახედა. – მხოლოდ ჩემი ცოლი შეიძლება გერქვას. – ხელი მოკიდა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა. – ლაშა... არ გინდა. შეუძლებელია. ყველაფერი მორჩა. უკვე სხვისი ცოლი ვარ. – არ არსებობს მე და შენს შორის სხვა. – მთელი ხმით იღრიალა და ხელი მოუჭირა ხელზე. ელეს ეტკინა, მაგრამ არც კი დაუკვნესია. მანქანაში ჩასვა და წაიყვანა. ვერც ერთი იღებდა ხმას. ელეს საკუთარი გულისცემა ესმოდა. ჯერ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა რა მოხდა. გვერდით ლაშა ეჯდა. მთელი სხეულით გრძნობდა მის სიახლოვეს. წესით ბედნიერი უნდა ყოფილიყო. მოაკითხა, წაიყვანა, ვერ დათმო, მაგრამ არ იყო ბედნიერი. ვერ იყო. – გააჩერე მანქანა. – ძლიავსგასაგონად ჩაილარაკა. – ელე... – ძალიან მკაცრი ტონი ჰქონდა ლაშას. იმდენად მკაცრი, რომ ელე გაჩუმდა. ხმას ვეღარ იღებდა, მხოლოდ კანკალებდა. ახლაღა შეამჩნია, რომ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. ერთიანად უცახცახებდა მუხლებზე დაწყობილი ხელები. ლაშამაც შეამჩნია, გადაწვდა და ხელში მოიქცია ელეს მარცხენა მტევანი, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად შეახო ბაგეები. ისე რომ არ შეუხედავს ელესთვის. რომ შეეხედა დაინახავდა, მღელვარებისგან დახუჭულ თვალებს. აღარც გაუშვია ლაშას ხელი. მის თითებში ახლართული თითებით მართავდა საჭეს. ეგონა, ახლა რომ გაეშვა, დაკარგავდა და ვეღარ იპოვიდა. ისედაც ვერ პატიობდა თავს მის ერთხელ უკვე დაკარგვას. ხვდებოდა, რომ თავიდან ბოლომდე მისი ბრალი იყო, ელე რომ წავიდა. ხვდებოდა და აღიარებდა კიდეც. მაგრამ მორჩა, ახლა აღარსად გაუშვებდა. რის ფასადაც უნდა დაჯდომოდა. ვერაფერი აიძულებდა გაეშვა. უკვე იცოდა რას ნიშნავდა ელეს გარეშე ცხოვრება და ამას ვეღარ გადაიტანდა. ჭკუიდან გადაიყვანა იმის გააზრებამ რომ შეიძლებოდა სხვისი საკუთრება გამხდარიყო. მისი ელე. დიახ, მისი ელე... მან დიდი ხანია დაისაკუთრა. დაისაკუთრა ისე რომ საქორწინო სარეცელიდანაც კი გამოაცლიდა ქმარს, საჭირო რომ გამხდარიყო. მოვიდნენ. ლაშამ მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. უკვე საკმაოდ ბნელოდა. გადმოვიდა და ელეს კარი გაუღო. ვერ ბედავდა ელე. ხვდებოდა რომ ყველაზე დიდ შეცდომას უშვებდა. ახლა ყველაზე მეტად შეუძლებელი იყო მათი ერთად ყოფნა. არ ჰქონდა შანსი მათ ურთიერთობას. აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ენა არ უბრუნდებოდა ამის სათქმელად. თავს არ უტყდებოდა, თორემ არც თვითონ ეთმობოდა ლაშა. ლაშამ ღვედი გაუხსნა, ხელი მოკიდა და გადმოიყვანა მანქანიდან. ელეს საქორწინო კაბის შლეიფი ასფალტზე დავარდა და ტალახში ამოისვარა. ხელი არ გაუშვია ისე წაიყვანა სადარბაზოსკენ. ლიფტით მეხუთე სართულზე ავიდნენ და ლაშამ გასაღები მოარგო კარებს, გააღო და ელეს გზა დაუთმო. ელემ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. ხვდებოდა, რასაც ნიშნავდა მისი სახლში შესვლა – თანხმობას. ელე კი არ იყო თანახმა. ხმას ვერ იმოჩილებდა სათქმელად, თორემ გონება მუდმივად ამას უკიჟინებდა. იცოდა, რომ უნდა წასულიყო, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა ფეხებში. იცოდა რომ უნდა ეთქვა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ხელი მოკიდა და ისე შეიყვანა სახლში. ლაშაც ხვდებოდა ელეს გაუბედაობის მიზეზს, მაგრამ მისთვის აღარაფერი არსებობდა ელეს გარდა. სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა. არ შეეძლო სხვანაირად. მიუახლოვდა შუა ოთახში აწურულ გოგოს და გულში ჩაიკრა. – ელე... შენ არ იცი, როგორ მენატრებოდი. კინაღამ გავგიჟდი უშენოდ. თითოეული წუთი ჯოჯოხეთი იყო. შენს გარეშე ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი. კინაღამ მოვკვდი იმ დღეს, რომ წახევდი. შენს თავს ვფიცავარ ამხელა კაცი, ლამის ტირილამდე მივედი. ელე, მიყვარხარ პირველი დანახვიდან. ზუსტად იქიდან, იმ სიცხეში ჩემოდანზე მჯდომი რომ დაგინახე. გახსოვს, აივანზე საღამურით, რომ გამოხვედი? კინაღამ ცხენიდან ჩამოვვარდი მაშინ. შენი ყველაფერი მიყვარს. თითოეული გამოხედვა, თითოეული მოძრაობა, თითოეული შენი ნათქვამი სიტყვა. შენი შეღებილი კიბეებიც კი სიგიჟემდე მიყვარს. ელე, შენ მიყვარხარ მთლიანად. ვიცი, ადრე უნდა მეთქვა, ვხვდები და ეს ჩემი უპატიებელი შეცდომა იქნება, უბრალოდ მეტ შეცდომას ვეღარ დავუშვებ. ელე, ვეღარ დაგთმობ, გამორიცხულია. ყველაფრის მიუხედავად ვხვდები, რას ნიშნავს, როცა ქორწილიდან ქმარს ცოლს მოსტაცებ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია დანარჩენი სამყარო. ჩემი სამყარო შენ ხარ და უბრალოდ ვერ მოვიქცევი სხვანაირად. დაგთმო შენ, ნიშნავს იმას რომ დავთმო საკუთარი თავი. არ დაგთმობ ელე, არაფრის ფასად არ დაგთმობ. ხანდახან მგონია რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდაც შემიძლია გაიძულო ჩემთან დარჩენა. რომ არ გინდოდეს მანც ვერ გაგიშვებდი. ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ. ვიცი, მაგრამ მარტო შენთან, ჩემო ანგელოზო. მარტო შენ არ მეთმობი ამ ცხოვრებაში. რა გავაკეთო, ელე? ჩემი ხარ და ვერაფერი შეცვლის ამას. – ეჩურჩულებოდა ყურში და ისე ძლიერად იკრავდა გულში, რომ სუნთქვაც კი უჭირდა. ელეს ხელები უღონოდ ჩამოეყარა და თავი მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი. სასიამოვნოდ დავლილ ტალღებს ჭკუიდან გადაჰყავდა. თვითონაც ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს შეიძლება ბოლო ჩახუტებაც ყოფილიყო. ვერ ხედავდა მათი ურთიერთობის მომავალს. შეუძლებელი იყო, ამ ყველაფრის მერე მათი ერთად ყოფნა.. მაგრამ უიმისოდაც არ შეეძლო. – ლაშა... რომ არა ჩემი ქორწილი, მაინც მოხვიდოდი? – ნელ-ნელა ასწია თავი და თვალებში ჩახედა. – ჩემი საბოლოოდ დაკარგვის შიში რომ არა, გადააბიჯებდი სიამაყეს და მოხვიდოდი? – თვალს არ აშორებდა, უნდოდა სიმართლე ამოეკითხა. ლაშამ ვერ გაუძლო და თავი ჩახარა. მართალი იყო ელე, ჭკუიდან გადაიყვანა ელეს გათხოვებამ, თორემ ვინ იცის ახლაც მთებში ეხეტიალა მასზე გაბრაზებულს. – ჩემი დუმილის მიზეზი არ ყოფილა სიამაყე. შეუძლებელია სიამაყე სიყვარულზე ძლიერი იყოს. თუ მართლა გიყვარს სიამაყესაც გადააბიჯებ და საკუთარ თავსაც. ელე, სიყვარულზე ძლიერი შეიძლება მხოლოდ შიში იყოს, ამ სიყვარულის დაკარგვის შიში. შენი დაკარგვის მეშინოდა. შენი უარყოფის მეშინოდა. ვხვდებოდი, რომ თავიდანვე შევცდი შენთან. არასწორად დავიწყე ურთიერთობა და ამის მეშინოდა. ვხვდები რომ დავაგვიანე. ვხვდები რამდენად რთული იქნება ის გზა, რაც მე ავირჩიე, მაგრამ მზად ვარ. ელე შენი გულისთვის უფრო მეტისთვისაც ვარ მზად. ოღონდ მეტჯერ ვეღარ დაგთმობ. ვერაფერი მაიძულებს შენზე უარი ვთქვა. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. – ვერც კი ხვდებოდა, თანდათან როგორ ამცირებდა მანძილს მისსა და ელეს ბაგეებს შორის. – ლაშა... – ამის თქმაღა მოახერხა და მისი ტუჩების შეხება იგრძნო. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ჭკუიდან გადაყავდა ჯერ ლაშას სიახლოვეს და მერე მის კოცნას. ისეთ ნაზს ისეთ სათუთს, ისეთ მგრძნობიარეს, როგორიც მხოლოდ ლაშამ იცოდა. აჰყვა თვითონაც. შეუძლებელი იყო უპასუხოდ დაეტოვებინა ეს ამბორი. უყვარდა ელესაც, თავის დაკარგვამდე და გულის გაჩერებამდე. სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. რას არ მისცემდა, ოღონდ დრო უკან დაებრუნებინა. ოღონდ ჰქონოდა ლაშას ალერსის უფლება. ოღონდ არ დაეტანჯა ამ წყეულ დანაშაულის გრძნობას. მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა. აღარ ჰქონდა უფლება ჰყვარებოდა, თუმცა მაინც უყვარდა. ახლა ბევრად მეტად უყვარდა. აუტანლად უყვარდა. ტკივილამდე. ახლა გონებას ათასჯერ მეტად უხშობდა ლაშას ტუჩები. ლაშას ძლიერი მკლავები, საკუთარ სხეულზე. ნელ-ნელა მოსწყდნენ ერთმანეთს. – ელე... ჩემი ელე ხარ. ყველანაირად ჩემი ხარ. ჩემი პატარა ჯიუტი ელე ხარ. ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდი, როგორ მაკლდი. ჩემი გულისცემა ხარ. ჩემი ჯერ კიდევ შეუჩერებელი გულისცემა. – ეჩურჩულებოდა და ახლა ელეს ყელს არ აშორებდა ტუჩებს. ხელი მკლავზე აუცურა, მარტივი მოძრაობით კაბის ბრეტელი მხარზე ჩამოუგდო და მოშიშვლებული ადგილების დალაშქვრა განაგრძო. ისე ფრთხილად, თითქოს ნიადაგს ამზადებდა, ამოწმებდა მისცემდა თუ არა ელე მეტის უფლებას. ელე მხოლოდ თრთოდა მის მკლავებში და დროდადრო შეუმჩნეველი, ყრუ კვნესა აღმოხდებოდა. ამით გათამამებულმა ვაჟმა საკმაოდ მაცდური დეკოლტისკენ გააცოცა ტუჩები და ხელი კაბის ელვა შესაკრავისკენ წაიღო. ცოტაც და... ხელის მცირედი მოძრაობაც და გადავიდოდნენ ზღვარს. ლაშა თავს ვეღარ აკონტროლებდა. დაუძლეველი იყო ელეს დაუფლების სურვილი. თითქმის შუამდე ჩახსნილმა ელვა შესაკრავმა გონზე მოიყვანა ელე, დააბრუნა რეალობაში. გაიაზრა რომ საქორწილო კაბა ეცვა. გააცნობიერა რომ გათხოვილი ქალი იყო და მკლავები, რომელიც მთელი ძალით შემოხვეოდა მის სხეულს და გულში იკრავდა, საერთოდ არ ეკუთვნოდა მის ქმარს. სრულიად უცხო მამაკაცს ეხვეოდა. ასე სანატრელს, ასე საყვარელს, ასე მისეულს და მაინც უცხოს. – ლაშა... გთხოვ. საკუთარი თავის პატივისცემას ნუ დამაკარგვინებ. – ჩუმად ამოიკვნესა და შეეცადა შეეჩერებინა ნეტარების ბურუსში ჩაძირული ვაჟი. იმოქმედა, შეჩერდა ლაშა. ერთ ადგილზე მიეყინა. თვითონაც გააცნობიერა შექმნილი სიტუაცია. ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ელეს გულისტკენის ეშინოდა. ხვდებოდა როგორ ეწინააღმდეგებოდა ელეს ბუნებას ეს ყველაფერი. მარტო ეს აიძულებდა გრძნობამორეულს საკუთარ თვაში ჩაეხშო ელეს ალერსის დაუძლეველი სურვილი და მიეცა მისთვისაც თავისუფლად სუნთქვის საშუალება. მაინც კმაყოფილი იყო. ამ საღამომ დაარწმუნა, რომ ელეც იგივეს გრძნობდა მის მიმართ, რასაც თვითონ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ახლოსაც არ მიიკარებდა. იცოდა ლაშამ, რამდენად პრინციპული იყო ელე. იმასაც ხვდებოდა როგორ უჭირდა ახლა მის გვერდით ყოფნა. საკუთარ თავზე გადაბიჯება უხდებოდა შერვაშიძის ასულს. საკუთარი ქორწილიდან წამოიყვანა. ქმარს გვერდიდან ააცალა. სიყვარული რომ არა, ტყვიასაც დაახლიდა ელე. ასეთ შეურაცხყოფას არავის აპატიებდა, მაგრამ ლაშას პატიობდა. იმიტომ რომ ისიც იმავეს გრძნობდა რასაც ლაშა. სიყვარულის სახელით აბიჯებდა საკუთარ პრინციპებს. სიყვარულის სახელით ბევრი რამ გვეპატიება. ბევრი, მაგრამ არა ყველაფერი... ნელ-ნელა უშვებდა ხელს ლაშა. ნელ-ნელა ცდილობდა საკუთარი გულისცემის მწყობრში მოყვანას და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას. ძალიან რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ მოშორდა ელეს სხეულს. თავი ვეღარ შეიმაგრა ელემ და იქვე იატაკზე ჩაჯდა. მის წინ ჩაიჩოქა ლაშამაც. მხოლდ მისი თითების წვერებს ეხებოდა ხელით ნაზად. უნდოდა როგორმე ნუგეში ეცა. ხვდებოდა როგორი მძიმე იყო ეს ყველაფერი ელესთვის. არ აძლევდა მეტის უფლებას საკუთარ თავს. იმიტომ რომ ყველაფერზე მეტად უყვარდა ელე და ხვდებოდა როგორ ტანჯავდა თავისი ალერსით. ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის. მისი ტკივილი ათასჯერ მეტად სტკიოდა. ყველაფერს გაიღებდა ოღონდ ელეს სახეზე ისევ ღიმილი დაენახა, საკუთარ სიცოცხლესაც კი. ერთადერთი, რასაც ვერ შეძლებდა მისი გაშვება იყო. მხოლდ ელეს ვერ შეელეოდა. – ელე. დაიმახსოვრე, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ყველა შენს პირობას მივიღებ, ოღონდ გაშვებით ვერ გაგიშვებ. მართლა არ შემიძლია. არ ვარსებობ შენს გარეშე. ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი ჟანგბადი ხარ, ჩემი ყველაფერი ხარ. ვიცი, რთული სიტუაციაა. შეიძლება ითქვას ძალიან მძიმე, მაგრამ გპირდები, გამოსავალს ვიპოვი. ვხვდები შენთვის ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არ შეგიძლია უმადურად მოექცე ადამიანს. მართალია მე მძულს ის ადამიანი, მაგრამ შენი გულისთვის ყველაფერზე წავალ. შენი გულისთვის არც მე ფეხებზე. მარტო შენი გულისთვის. მენდე, გთხოვ. ვიპოვი გამოსავალს. შენ თავს ვფიცავარ შევძლებ. იმის პირობასაც გაძლევ სანამ მისი. – აქ შეჩერდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ სიტყვის სათქმელად. – ცოლის სტატუსი გექნება, არც კი დაგენახვები, ოღონდ მასთანაც ნუ დაბრუნდები. საბოლოდ ნუ გამანადგურებ. ჭკუიდან გადავდივარ მის სახლში რომ წარმოგიდგენ. უფრო კონკრეტულზე, ფიქრიც კი არ მინდა, თორემ შეიძლება მოვკლა კიდეც. გთხოვ ელე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენდე. – გვიანია, ლაშა უკვე, ძალიან გვიანი. არა აქვს მომავალი ჩვენს ურთიერთობას. ორივემ დავაშავეთ. საკუთარი ხელებით მოვკალით ეს გრძნობა. აქ უნდა დასრულდეს ყველაფერი. სხვანაირად შეუძლებელია. იმ დღეს... – აქ ცოტა ხანი შეჩერდა ელე. – იმ დილას ჯერ შენ გამოუთხარე საძირკველი და საბოლოოდ მე ჩამოვანგრიე ჩვენი ურთიერთობა. ისე რომ ისევ ძველ ადგილას ვეღარ აშენდება. იქ აღარ არის შესაფერისი ადგილი. სხვადასხვა ადგილას უნდა ავაშენოთ ჩევნ ჩვენი ბედნიერება, ლაშა, სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ დავანგრიეთ და პასუხიც ჩვენვე უნდა ვაგოთ. ნუ გავიწყდება, რომ ამ ისტორიაში არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ჩვენი შეცდომის გულისთვის რატომ უნდა აგონ პასუხი ან ლევანმა ან სოფომ? ჩვენი შეცდომაა და ჩვენვე უნდა ვიტვირთოთ, არ უნდა ავკიდოთ სხვას. – გპირდები, მოვაგვარებ ყველაფერს, ოღონდ დარჩი. თუ მეცოდინება რომ შენ გვერდით მეყოლები, ყველაფერს შევძლებ. – როგორი რთული ყოფილა სიყვარული?! როგორი რთულია მიყვარდე. – ხელი ხელზე მოჰკიდა ელემ, სახესთან მიიტანა და ძალიან ნაზად შეახო ბაგეები. ლაშას აზროვნების უნარი წაერთვა. პირველად ესმოდა ელესგან ეს. პირველად თქვა რომ უყვარდა. – გაიმეორე რა თქვი? ელე... ჩემი ელე ხარ. – ბუტბუტებდა და გულში იკრავდა. უკვე დარწმუნებული იყო რომ არსად გაუშვებდა. ზურგით კედელს მიყრდნობილს გულში ჰყავდა ელე ჩაკრული და მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა. ძალიან ემოციური იყო ის დღე ელესთვის. გადაიღალა. უკვე თითქმის ვერაფერს გრძნობდა. მხოლოდ ლაშას გულისცემა ესმოდა და უბრალოდ ვეღარ ეწინააღმდეგებოდა ემოციებს. სიამოვნებდა მისი სხეულიდან წამოსული სითბო და თვალები მიელულა. ვერც კი მიხვდა როგორ ჩაეძინა. როგორც მაშინ, ტყეში. ისევ ჩაეღიმა ლაშას. ფრთხილად წამოდგა ლაშა. ხელში აიყვანა ელე და საძინებლისკენ წაიყვანა. ჩააწვინა ლოგინში და თვითონ მეორე მხრიდან დაწვა გადასაფარებელზე ზევიდან, ისე რომ ელეს სახისთვის არ მოეშორებინა მზერა. – ნეტა იცოდე, როგორ უსაშველოდ მიყვარხარ. კიდევ ძალიან დიდხანს უყურებდა მძინარეს, თითქმის მთელი ღამე. გამთენიისას ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა, საწოლში აღარ დახვდა. კინაღამ გული გაუჩერდა. არ უნდოდა დაეჯერებინა. უკვე დიდი ხანია ტუმბოზე დადებული წერილი შეამჩნია, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა ხელში აეღო და წაეკითხა. ხვდებოდა საბოლოოდ მოუსპობდა სიცოცხლეს იქ დაწერილი სიტყვები. ბოლოს შესძლო. წაიკითხა... „ნეტა იცოდე, როგორი რთულია შენი დატოვება. ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრი ხარ და ასე იქნება ბოლომდე. რაც არ უნდა მოხდეს, შენს თავს ვერავინ შემიცვლის. მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე ჩემს გულს შეუძლია აიტანოს. ძალიან გვიან მივხვდით ამ სიყვარულის მნიშვნელობას. სწორედ ამ სიყვარულის გულისთვის, გთხოვ არ მომძებნო. დავაგვიანეთ ლაშა, ძალიან დავაგვიანეთ. როგორ უსაშველოდ ძნელია მიყვარდე?! ჩემს ყველაზე დიდ ტკივილად რჩები, მაგრამ მე ეს ტკივილიც მიყვარს. მშვიდობით... სამუდამოდ... შენი ელე.“ წერილი ხელში მოკუჭა და მოქნეული მუშტი მთელი ძალით მიარტყა კედელს. არაადამიანური ხმით დაიღრიალა და იქვე მდგარი კომოდიდან ყველაფერი ძირს გადმოყარა. ხვდებოდა, რომ აქ მთავრდებოდა ყველაფერი, წავიდა სამუდამოდ. როგორ უნდა შეგუებოდა ამას? როგორ უნდა შეგუებოდა მის დაკარგვას? როგორ შეგუებოდა საკუთარი თავის დაკარგვას? ---------------------------- ესეც ახალი თავი... ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარხართ... ჩემო ტკბილებო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.