ყინულის ყვავილები (ნაწილი 2)
მაქანაში ჩავსხედით თუ არა,ნიკამ გამათბობელი ჩართო,გასაღები გადაატრიალა და მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს. ჩემ ხელებში მოქცეული,ქურთუკში გახვეული ახალშობილი ნაგავსაყრელისთვის დამახასიათებელ,მკვდარი კატის თუ ვირთხის სუნად ყარდა და კვლავ ტიროდა. მის დასამშვიდებლად არაფრის გაკეთება არ შემეძლო - ჭიპლარიდან სისხლი სდიოდა,შიოდა და ეშინოდა. სციოდა კიდეც,როგორც გარეგანად,ისე - შინაგანად,მაგრამ დედობრივი სითბოს წვეთიც აღარ იყო ჩემში შემორჩენილი,მისთვის რომ გამეზიარებინა. ვიჯექი დამუნჯებული,დაპროექტებული რობოტივით და ვცდილობდი,განწირული მოთქმისთვის ყურადღება არ მიმექცია. ბავშვს ვერ ვუყურებდი. ზედმეტად მტკივნეული იყო ჩემთვის მისი არსებობა,სიტუაცია კი იასთან დაკავშირებულ სიზმრებს ჰგავდა,რაც საშინლად,საზიზღრად არ მსიამოვნებდა. ერთი სული მქონდა,როდის მივაღწევდით საავადმყოფომდე,რათა პატარა ნიკოლოზისთვის,ან პირველივე შემხვედრისთვის გადამელოცა და შვებით ამომესუნთქა. "მერე დავავლებ ქმარს ხელს და სახლში წავალთ-მეთქი",გავიფიქრე,თუმცა კარგად ვიცოდი,რამდენად ფუჭი იყო იგი-ნიკა არაფრის დიდებით არ დატოვებდა საავადმყოფოს მანამ,სანამ ბავშვის მდგომარეობას არ გაარკვევდა. ბოროტი ვარ? ალბათ. ცხოვრებამ მოიტანა. ღრმად მწამს,წუთისოფლისგან მიყენებულ ჭრილობებს ყველა განსხვავებულად იშუშებს. ზოგი უბრაზდება მათ - ყურადღებას არ აქცევს და საკუთარ თავში იკეტება. ზოგი სიცილ-კისკისით ცდილობს მორჩენას,მაგრამ არ გამოსდის,მხოლოდ ზედაპირულად უქრება ტკივილი,შინაგანად კი დაჩირქებულია. ზოგი დუელში იწვევს,თვალებში უყურებს და ზედ აფურთხებს,და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ჩემი აზრით ფურთხი უებარი წამალია,მიუხედავად იმისა,რომ მისი გამოყენება არასოდეს მიცდია. ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ "ზოგს" ვეკუთვნი მე ან ჩემი მეუღლე,ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. ნიკოლოზს გავხედე. ყბადაჭიმული იყურებოდა წინ,საჭეს მთელი ძალით ჩაჰფრენოდა და ხელებზე ძარღვები ამოჰბერვოდა. ნერვიულობდა,ვიცი და არც მის დასამშვიდებლად შემეძლო რაიმე მეღონა. როდის აქეთ გავხდი ასეთი უსარგებლო? ჰო,გამახსენდა! მას შემდეგ,რაც ყვავილი მოვუკალი და აღმოვაჩინე,რომ შვილს ვერ ვაჩუქებდი. თვალები მლაშე სითხით ამევსო,რომელიც უკვე მთელი არსებით მძულდა,რადგან ყოველთვის ხმამაღლა გაჰკიოდა,რომ მტკიოდა. თავს ძალა დავატანე და არასასურველი ცრემლები კვლავ ჯანდაბის გზას გავუყენე,ახლა მათი დრო არ მქონდა. ჩემი ქვითინი ბალიშს უყვარდა და მისთვის ვინახავდი. მანქანა გაჩერდა. ნიკამ სწრაფად დატოვა მძღოლის სავარძელი, ჩემკენ გამოემართა და კარი გამიღო. წელში გავსწორდი თუ არა,ხელები ახალშობილიანად მისკენ გავიშვირე,გამომართვი-მეთქი,მაგრამ ამაოდ. -გყავდეს,შიგნით შევიდეთ. მობილური მომეცი,დათოს დავურეკავ,გვნახოს.-მითხრა. არ მინდოდა,მაგრამ ზედმიწევნით შევასრულე მისი სიტყვები. სანამ საავადმყოფოს საზიზღარ სუნსა და არასასურველ აურაში გავეხვეოდით,მტირალი შევათვალიერე. გოგო იყო (ეს თავიდანვე შევნიშნე,როდესაც ქურთუკში გავახვიეთ) თავზე ძლივს შესამჩნევი რიჟა,ცეცხლისფერი ბუსუსებით. მომეჩვენა,თითქოს წვრილი,ციცქნა ტუჩები ლურჯი და იასამნისფერი საღებავების ნაზავით ჰქონდა მოთხვრილი და მოსაშორებლად ხელიც კი ავწიე ჰაერში,თუმცა მალევე მივხვდი,რასაც ვაკეთებდი და უკან დავაბრუნე. ბავშვის ტირილი ნელ-ნელა სუსტდებოდა,დაღლა ეპარებოდა. ჩემ წინ,ნიკოლოზი იმხელა ნაბიჯებით მიაპობდა ჰაერს,რომ დასაწევად მე დაახლოებით ხუთი ნაბიჯის გადადგმა მიწევდა. მგონი შეყვარებულობის დღიდან სიარულზე ვედავებოდი,მაგრამ აზრი?! შეყვარებულობის. უცებ თვალწინ დამიდგა იანვარი,ციდან მფრინავი ყინულის ყვავილები და ნიკოლოზი,შეჭმუხნილი წარბებით და სიცივისგან აწითლებული ცხვირით,რომელზეც საოცრად მინდოდა კოცნის დატოვება. მიყვარხარო,არ უთქვამს. ტუჩებიდან მხოლოდ ის დასცდა,რასაც ფიქრობდა: “შენთან მინდა”. მეც მინდოდა მასთან. და ვიყავი კიდეც,რვა წლის შემდეგ,დეკემბერში,ახალშობილით ხელში. რა ბედნიერი წინადადებაა ერთი შეხედვით,არა? თუმცა,ეს ბავშვი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ,მე არ გამიჩენია. მას ჩვენი სიყვარული არ აცოცხლებდა. შესასვლელს მივუახლოვდით თუ არა,ნიკამ მობილური გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კარი გააღო,წელზე ხელის მოდებით მაიძულა,სწრაფად შევსულიყავი შიგნით და პირველივე შემხვედრ მედდას ეცა. ამ უკანასკნელს სახე მაშინვე შეეცვალა,როგორც კი ნიკოლოზმა საუბარი დაიწყო. შეფაკლული ღაწვები გაუფერმკრთალდა,სახიდან ღიმილი წაეშალა და წამში იქცა მიზანდასახულ ადამიანად,რომელიც ყველაფერს იღონებდა პაციენტის გადასარჩენად. -ნიკო!-საიდანღაც დავითის ხმა მომესმა,მაგრამ ბავშვს ექთნის მკლავებში ვაგორებდი და ყურადღება არ მივაქციე. მერე უკანასკნელი იდიოტივით შევყურებდი მეც არ ვიცი,რას და რამდენი ხნით. გონზე ნიკას ძახილმა მომიყვანა. -მომისმინე,მეც უნდა გავყვე,-ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მძიმედ სუნთქავდა,გეგონება დიდი ხნით ირბინაო,მაგრამ მე ხომ ვიცოდი,ეს ნერვიულობის ბრალი იყო.-ისე ვერ მოვისვენებ,ხომ იცი. "ვიცი,მაგრამ მე აქ მჭირდები." -შენ რა საჭირო ხარ იქ? დათო მიხედავს! -მირანდა! -ხო,კარგი,კარგი. როგორც გინდა.-მხრები ავიჩეჩე და ხელები უხეშად ჩამოვაღებინე სახიდან. ერთი ამოიოხრა,თავი გააქნია და სირბილით გაემართა კიბეებისკენ. ნიკოლოზი ქირურგია,შესაძლოა რაიმეში მართლა დასჭირდეთ,თუმცა თავიანთი ექიმებიც საკმარისად ჰყავთ. ამიტომ ვერ ვხვდები,თავს რატომ იწუხებს. მესმის,იას დამართნოდა რაიმე,მაგრამ ეს ხომ უბრალო ბავშვია.. უცებ გავჩერდი. საკუთარმა ფიქრებმა თითქოს სილა გამარტყესო,საშინელი იმედგაცუება,ტკივილი და სიძულვილი ვიგრძენი ჩემი თავის მიმართ. "საზიზღარი ვარ,ყველაზე ამაზრზენი არსება მთელს დედამიწაზე." კედელს მივეყრდენი და ნელ-ნელა იატაკისკენ ჩავსრიალდი,თითქოს რაიმე ნოველის ან ფილმის პერსონაჟი ვყოფილიყავი. იდიოტიც ვარ,ხედავთ? ნეტავ,ვიღაც მართლა გამოჩენილიყო და ეთქვა,თქვენი შვილი ცოცხალია,მკვდარ ბავშვში გადაგიცვალესო,როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. ნუთუ მე და ნიკოლოზი ბედნიერ დასასრულს არ ვიმსახურებდით? განა უფლის წინაშე ისეთი რა შევცოდეთ,შვილი ხელებიდან რომ გამოგვგლიჯა და ჩვენი გულებიც მასთან ერთად წაიღო? დედობის უფლება იმისთვის დავკარგე,რომ იგი ისეთ ცხოველს მისცემოდა,რომელიც საკუთარ შვილს ნაგავსაყრელისთვის იმეტებდა?! თითქოს ბავშვი ყოველდღიური ზედმეტი,გამოუსადეგარი ნივთი,მაწვნის პლასტმასის ქილა,მზესუმზირის ქერქი ან მოძველებული,დახეული მაისური ყოფილიყო. მაწვნის ქილას ადამიანი შეღებავს და მასში ფანქრებს,პასტებს და სახაზავებს მოუყრის თავს. შესაძლოა,ყვავილიც დარგოს. მზესუმზირის ქერქი მოზაიკისთვის გამოდგება,ხოლო მაისურს ნემსით და ძაფით გაკერავ. და რაც არ უნდა მახინჯი გამოვიდეს იგი,ცოცხალი იქნება შენი დამსახურებით. რატომ ვაჩქარებთ ადამიანები სიკვდილს,უნებურად თუ ძალით? ზუსტად ორი წლის წინ,ღამის(ან,დილის) ოთხ საათზე,ნიკოლოზის სოფელში ბუნებრივ მოთხოვნილებებს რომ არ შევეწუხებინე,იმ ღამით რომ არ მოეთოვა,ზამთარი რომ არ ყოფილიყო,მეორე სართულზე რომ არ გვძინებოდა,შუქი რომ არ ჩამქრალიყო და,საერთოდ,სოფელში რომ არ ჩავსულიყავით,კიბეზე ფეხი ხომ არ დამიცდებოდა და ვერ ვიგრძნობდი,როგორ გავჭყლიტე საკუთარი შვილი,საკუთარი სისხლი და ხორცი,მუცლით რომ დავეცი მოცემენტებულ მიწას? მერე არაადამიანურად დავიღრიალე ნიკას სახელი და მორჩა,გათავდა,ჩემი ცხოვრების ერთი ფერად-ფერად ნახატებიანი გვერდი დაიხურა. კოშმარივით მახსოვს ის რამდენიმე საათი,ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ტკივილი,სისხლი,არაადამიანური სისწრაფით მოსიარულე მანქანა. ექიმთა შეშფოთებული სახეები,ნიკას ხელს ჩაჭიდებული ჩემი ხელი,როდესაც მშობიარობის დაწყებამდე ოთახის დატოვება დააპირა. არ გავუშვი და ვაიძულე,განეცადა ის იმედგაცრუება და რაღაც აღუწერელი,როდესაც ჩემი მუცლიდან გამომძვრალმა გოგონამ ტირილი არ ამოუშვა,სუნთქვა ვერ შეძლო. ნიკოლოზის აწითლებული თვალები,აკანკალებული ხელები და ოდნავ დაღებული პირი,თითქოს სუნთქვა უჭირდა,ჩვენი ყვავილი რომ დაინახა მკვდარი და ყინულისფერი. გონება არ დამიკარგავს,არადა-მინდოდა. საოცრად მინდოდა რეალობა საკუთარი ხელებით დამეგლიჯა,გამენადგურებინა და ცეცხლში ჩამეგდო. სადღაც წამიკითხავს,ახალშობილი მშობლების სითბომ რომ დააბრუნა ამ ქვეყანაზე,მაგრამ ჩვენ ესეც ვერ შევძელით. შვილი მოგვიკვდა და ვერ დავტკბით მისი პირველი ღიმილით,თითზე მოჭერილი პაწია ხელით და ვერ ჩავაცვით ის თეთრი,სიყვარულით მოქსოვილი წინდები,სოფელში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კალთაში რომ ჩამიგდო მოხუცებულმა ბებიამ. ახლა უკვე ვერასდროს ვიგრძნობ შვილის ტუჩებს მკერდზე მისი კვების დროს,ვერ დავუკოცნი პატარა ფეხებს,ცხვირსა თუ ლოყებს,ვერ შევიგრძნობ მის გემრიელ,მომაჯადოებელ სუნს და მოვისმენ "აღუთი" დაწყებულ პირველ გაურკვეველ ბგერებს. ფიზიკურად ვერ შევძლებ მის ბანაობას,სუნიანი პამპერსის გამოცვლას და მის ნიკას მიმართულებით სროლას. ო,რა დღეში ჩამაგდებდა ეს უკანასკნელი,წარმოდგენაც არ მინდოდა. რას არ გავიღებდი,ია ნიკოლოზის თბილ მკლავებში ჩამალული რომ მენახა...ამის ნაცვლად იგი ცივ,სუსხიან კუბოში წევს,მიწამოყრილი. ალბათ,როგორ ეშინია,მიხმობს,მეხვეწება იქედან ამოვიყვანო და გულში ჩავიკრა,მერე კი მამიკოს გადავულოცო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა,უკვე გვიანია,ძალიან გვიანი. რითი დავიმსახურეთ ეს? არ შეიძლებოდა ხუთი,მხოლოდ ხუთიოდე წუთით ცოცხალი გვენახა? ნეტავ ლოყებზე ნიკას ორმოები,ან ჩემი წვრილი ხალი თუ დააჩნდებოდა? არ ვიცი,მკვდარს და ახალდაბადებულს არაფერი ეტყობოდა და საფლავი რომ გავთხარო და ამოვიყვანო,ვერც მის ძვლებს შევატყობ რაიმეს. არ იმსახურებს,ჩემი გოგონა ყინულის ყვავილობას და კუბოს ფიცრებს არ იმსახურებს. საავადმყოფოს გრძელ დერეფანში,იატაკზე ვიჯექი და მოვთქვამდი,ყურებზე ხელებაფარებული,რადგან არ მინდოდა საკუთარი ქვითინის მოსმენა,მეზიზღებოდა მისი ხმა. მოულოდნელად მხარზე შეხება ვიგრძენი და ელდანაკრავივით გავცილდი საფრთხეს. -დაწყნარდი,გოგონა,არაფერს გერჩი!-ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ქალი აღმოჩნდა,შეწუხებული სახით. საპასუხო ვერაფერი მოვიფიქრე და ნელ-ნელა წამოვდექი ისე,რომ განზე არ გამიხედავს. ალბათ ჩემმა ბღავილმა შეაწუხა. ისე,ყოველთვის მეუბნებოდნენ,რომ მაინცდაინც ხმამაღალი ტირილი არ ვიცოდი. -დახმარება ხომ არ გჭირდება? წყალს მოგიტან,თუ გინდა... შევეცოდე? რატომ შევეცოდე? ეს ხომ საავადმყოფოა,აქ ბევრი ტირის. -არა,-ჩურჩულით აღმომხდა და ხმის დასაბრუნებლად ჩავახველე.-არ მინდა არაფერი,გმადლობ. პატარა,წამიერი ღიმილიც დავაყოლე და ცრემლები მოვიწმინდე. -დარწმუნებული ხარ? სადმე ჩამოჯექი,ან იქნებ სამლოცველოში ჩავსულიყავით,უფალი აუცილებლად დაგეხმარება! -უფალი...-ბუტბუტით გავიმეორე. უეცრად,თითქოს ყველა ნერვი ერთდროულად ამიფეთქდა,თავი ვეღარ მოვთოკე და ხმამაღლა დავიყვირე,-მაგ თქვენმა უფალმა შვილი წამართვა! არ მინდა,არაფერი არ მინდა! ბოლო სიტყვებზე ხმა გამებზარა,სახე ხელებში ჩავრგე და ცრემლების ახალ ტალღას თავისუფლება ვაჩუქე. ქალს ხმა აღარ ამოუღია,თუმცა არც გამცილებია,ვგრძნობდი,რომ იქვე იდგა. სწორედ ამან მომიყვანა მალევე გონზე,მივხვდი,არასწორად მოვიქეცი და თავი ავწიე. -ბოდიში,არ მინდოდა უხეშად მეპასუხა...-ავუხსენი. -არაუშავს,-ოდნავ გამიღიმა.-წყალი ნამდვილად არ გინდა? -მინდა.-გამოვუტყდი. -ხოდა,წამომყევი,დაგალევინებ. თავი დავუქნიე თუ არა,ქალი დერეფანს გაუყვა,მოხდენილად დააბიჯებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე,ყოველშემთხვევაში,მე ასე მეჩვენებოდა. ქერა თმა ჩემსავით წელამდე სწვდებოდა და წვრილ მხრებზე თეთრი ხალათი წამოესხა. -აქ მუშაობ?-ვკითხე,როცა იმ კიბეებს ავუყევით,საიდანაც ბავშვი,მედდა,დათო და ნიკოლოზი გაუჩინარდნენ. ნეტავ ახლა რას აკეთებდნენ? ბავშვი თუ გადარჩა? იმედია,გადარჩა. ნიკოლოზმა ძებნა რომ დამიწყოს? წყალს დავლევ თუ არა,უკან დავბრუნდები! -კი,ფსიქოლოგი ვარ. აჰა,ფსიქოლოგის ყურადღებაც მივიქციე! -აა,-პასუხად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. დარჩენილი გზა უხმოდ გავიარეთ კრემისფერ კარამდე,რომელსაც ოქროსფერი ფირფიტა ჰქონდა მიკრული წარწერით "ფსიქოლოგი ა.ლეჟავა". ქალმა გამიღიმა,კარის სახელური ჩამოსწია და ხელით მანიშნა,შებრძანდიო. სანამ მის შემოთავაზებას სისრულეში მოვიყვანდი,ჩემი სახელი მომესმა. -მირანდა? ოღონდ ეს არა! სამოც წელს მიღწეული მამაკაცი დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა,ხელები შემომხვია,ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. აფერისტი! -საერთოდ არ შეცვლილხარ!-მითხრა,როდესაც არ მივესალმე,არ გადავკოცნე,არ გავუღიმე და არც - ჩავეხუტე. გარეგნობას არ გულისხმობდა,დამიჯერეთ.-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ? -ახლა შენი თავი არ მაქვს,მამა!-კბილებს შორის გამოვცერი. ____ უღრმესი მადლობა კომენტარებისთვის,ძალიან გამახარეთ! ბოდიში,დავაგვიანე,მაგრამ მართლა არ მეცალა:D ველი შეფასებებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.