შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (13 თავი)


20-10-2015, 09:53
ავტორი murachashvili
ნანახია 3 664

მეცამეტე თავი

უშუალოდ ჯიდაში საომარი მდგომარეობა არ იყო, მაგრამ პერიფერიებში სიტუაცია იძაბებოდა, სამშვიდობო ძალები ვითომ მდგომარეობას ანეიტრალებდნენ, მაგრამ როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, ხალხი მათ მიმართ საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი. მათში არა სამშვიდობოებს, არამედ არაბეთის მტრებს ხედავდნენ, მათი ყოველი შეხვედრა უსიამოვნო შეხლა-შემოხლით სრულდებოდა, ნორმალური ადამიანი, ალათ საკუთარ ოჯახს ამ სიტუაციას მოარიდებდა, მე კი პირიქით, მინდოდა მაიაც ჩემთან ყოფილიყო.

ზაფხულის ცხელი დღეები იყო საქართველოში როცა ჩავედი. გზად ბათუმშიც შევიარე. სასტუმროში როგორც ყოველთვის ხალვათობა იგრძნობოდა. ერთი ღამით იქ დავრჩი და მეორე დილით თბილისში გავემგზავრე. ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო. წამლებს რეგულარულად იღებდა. ის და მაია კორპორაციას ხელმძღვანელობდნენ და ოფისში იყვნენ. მეც იქ მივაკითხე, არ მინდოდა სახლში მისვლა. ზემოხსენებული ამბების შემდეგ ქალბატონი ნინო ჩემზე ნაწყენი იყო და მასთან პირისპირ მარტო შეხვედრას მოვერიდე.
- როგორც იქნა, უკვე ვფიქრობდი გადაიფიქრა მეთქი! -გახარებული ჩამეხუტა მაიკო.
- ცოტა არ იყოს კი ვყოყმანობდი, ჯერ კიდევ მაქვს დრო გადავიფიქრო. - ვხუმრობდი მე და მის მომღიმარ ბაგეებს ვკოცნი -არა, არ შემიძლია, რამდენი არ ვეძებე და ასეთი კოცნა არავინ იცის. იძულებული ვარ წაგიყვანო. - ხელში ამყავს მაიკო და ვაბზრიალებ.
- კარგი, გაჩერდი. თავბრუ მეხვევა- იცინოდა ის.
- უკაცრავად! - ჩაახველეს კარებში - ცოტა ხანში შენს ოთახში შემოსვლისას დაკაკუნება დამჭირდება! - ბუბუნებს ნიკა. მის ბეჭებს უკან ოთარის გაკრეჭილ სახესაც ვხედავ - როგორც იქნა ჩამოხვედი, სიძევ ბატონო. - თბილად მეხუტება ის, კიდევ ცოტაც და დავიჯერებდი თქვენი „განქორწინების ამბავს“. - თვალს უკრავს მაიას. ოთარს ძმასავით ვეხვევი, ერთმანეთის დანახვა გვიხარია.
- როგორც იქნა კამერაში არ გიყურებ, ასე მგონია ისევ ტელეფონის ეკრანზე გხედავ. - ხუმრობს ის.
- დიდი ხნით გვესტუმრე? სახლში იყავი? -მეკითხება ნიკა.
- არა, მარტომ ვერ გავბედე.
- ააა. - მრავალმნიშვნელოვნად ამბობს მაია - ასეა, შეცდომას როცა დაუშვებ, მიდი და შემოირიგე ნინო როგორც გინდა, ჩვენ არ დაგეხმარებით. - ეშმაკურად მიმზერს ის.
- არც თქვენ ?!- მუდარით ვუმზერ ნიკას და ოთარს.
- ჯერ დავფიქრდებით, მე ხომ ისიც არ ვიცი, ამჯერად რა სიურპრიზს გვიწყობ, იქნებ მეც ვიბუტები, რა აზრი აქვს ნინოსთან შერიგებას? - ხუმრობს ნიკა.
- კარგი, რა მამა!
- ნიკა ბიძია! - ხელი მოვხვიე მაიას - ვიფიქრე დროა ჩემი ოჯახი დავიბრუნო. - ნიკა უცებ დასერიოზულდა - თქვენთვის მინდოდა აზრი მეკითხა, ფერიდესთან განქორწინებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, მაგრამ ხომ იცით, რომ ეს ქორწინება ფიქტიურია. მაია მინდა, რომ ჩემთან იყოს, უმისოდ ძალიან მიჭირს. ვეღარ ვჩერდები, ბავშვიც სულ მენატრება.
ნიკა ჩაფიქრდა. ეტყობა ჩემი ნათვამი დიდად არ მოეწონა. მე და მაიას მოგვჩერებოდა. ხმას არ ვიღებდით, დაძაბული მივჩერებოდი ნიკას.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს განაჩენს ველოდებოდით. საკუთარი გულისცემა მეთვითონ მესმოდა. მაიას შევხედე. სახე ოდნავ გაფითრებოდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა, ისიც დაძაბული მისჩერებოდა ნიკას.
- გასაგებია, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემი შვილიც შენს მხარესაა. არც ის გამიკვირდება, თუ ეს აზრი სწორედ მაიას მოწოდებული იქნება. ასეთ შედეგს ველოდი. ადრე თუ გვიან მაინც ასე იქნებოდა. თქვენ ორი ერთმანეთის გარეშე გამჩერებელი არ ხართ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დათუნას რას უპირებთ? ფიქრობთ, რომ იქ ხელგაშლილები დაგხვდებიან?. ოღონდ ჩამოდით, გვიკადრეთ და დანარჩენი ჩვენზე იყოსო? დედაშენიც გადაირევა, თეო აქ არ არის, შენც წასვლა გინდა. სულ მარტონი ვრჩებით. მემგონი ისე იზამთ, რომ ბოლოს მთელი ცხოვრება ვერ შემოირიგებთ!. - ხუმრობას ცდილობს ნიკა.
- მამა, ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობდით. - საუბარში ერთვება მაია - ვიცი, რომ კლოდის ოჯახში ჩემი გამოჩენა არავის მოუნდება, მით უმეტეს რომ ისინი ფერიდეს და კლოდის მემკვიდრეს ელიან. მე და ჩემი შვილი მათთვის არასასურველი კანდიდატები ვართ.
- არასასურველი კანდიდატიო ისე ამბობ, თითქოს ვაკანსიაზე ვსაუბრობთ, აქ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ამას ხვდებით? - ცხარობს ნიკა.
- ვიცი, მამა. ეს ორივემ კარგად ვიცით, მაგრამ მალვა აღარ შეიძლება. ადრე თუ გვიან ის ხალხი ამ ფიქტიური ქორწინების შედეგს მოითხოვს და სიმართლეც გაირკვევა, ან მართლა მოუწევს ფერიდესთან შვილის გაჩენა.
- გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ... - კვლავ ყოყმანობს ნიკა.
- მამა, შემომხედე! ყურადღებით შემომხედე და პირდაპირ მითხარი, ჩემს სიცოცხლეს კლოდის გარეშე, იმ ერთ წელს, შენ რასაც უყურებდი, სიცოცხლე ერქვა?
ნიკამ თვალი აარიდა შვილს, მივხვდი მისთვის ამ საკითხზე საუბარი ძალიან მძიმე იყო.
- ზოგჯერ, ძალიან სასტიკი ხარ ხოლმე! - უჩურჩულა ოთარმა - ზუსტად იცი, საიდან მოუარო შენთვის სასურველი პასუხი, რომ ათქმევინო!
- გასაგიჟებელია! ორივენი არანორმალური ხართ. ასე როგორ გევხართ ერთმანეთს, როცა თქვენ, ორნი ერთად ხართ წინასწარ მეშინია. რა შარში გაყოფთ თავს კაცმა არ იცის. თითქოს უფსკრულისკენ მიექანებით და ვერანივ გაჩერებთ! - გაწბილებული, ტკივილით სავსე თვალებით გვიმზერდა ნიკა - დედაშენს რა უჭირს, პირიქით გაუხარდება, თქვენს ამბავს რომ გაიგებს, მაგრამ მე ხომ ვიცი სიმართლე? ასე, ლომის ხახაში ჩემი ხელით როგორ გაგიშვათ? ან იმ პატარას რას ერჩით? თეოზე არ ფიქრობთ?
- მამა სიბერე შემოგერია?! - ხუმრობს მაია - ბოლო დროს სენტიმენტალური გახდი და ყველაფრის დრამატიზირება დაიწყე. ამ მოვლენაში ძალიან ბევრი დადებითია. შენი შვილი ქმარს შეურიგდა და მასთან ერთად მიდის. რაც ნიშნავს, რომ სიძე მულტიმილიონერი გყავს, ერთ-ერთი უძლიერესი ნავთობის მწარმოებელი კომპანია „ექსპორტის“ მმართველია, შვილი კი მისი მეუღლე. წარმოგიდგენია რა მაგარია? შვილები მათი ცხოვრების აზრი არიან, ჩვენ მათ სიცოცხლეს საფრთხეს არასოდეს შევუქმნით.
- ვინმემ რომ მოგისმინოს, იფიქრებს ფულსა და ქონებაზე გადარეულმა, სწორედ ის მიიღო რაზეც ოცნებობდაო. მე ნავთობი კი არა, შვილი და სიძე მჭირდება, ცოცხლები და არა მკვდრები!
- ნიკა ძია, ძალიან გთხოვთ ნუ ნერვიულობთ! - მის დამშვიდებას ვცდილობდი მე, შემეშინდა მისი გულის პატრონს რამე არ დამართნოდა - თქვენ თუ წინააღმდეგი იქნებით არც მაიას წავიყვან და არც დათუნას.
მაია გაბრაზებული მიმზერს, აშკარად არ მოეწონა ჩემი სიტყვები, ეს რათქმა უნდა არც ნიკას გამოეპარა.
- გგონია ამას მაპატიებს? მთელი ცხოვრება ამის ყვედრებაში ვიქნები, ბედნიერება წამართვიო! ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, რადგან იცის, რომ გიყვარს და მისთვის არ გიღალატია, სულ რომ ფეხით დაჭირდეს მაინც წამოვა, კარგით, იყოს თქვენებურად. იმედი მაქვს სანანაბელი არ გამიხდება.
- მამა, დათუნას ეხლა მაინც ვერ წავიყვანთ.
- რომც გეთხოვათ, მაინც არ გაგატანდით. იმაზეც მადლობელი იყავი, შენს გამგზავრებას რომ დავეთანხმე. - შემოგვიბღვირა ნიკამ - ჯერ თქვენი მდგომარეობა გაარკვიეთ და როცა ჩათვლით, რომ სახიფათო არაფერია ბავშვის წაყვანაზე შემდეგ იფიქრეთ. მანამდე კი ბავშვი აქ იყოს, მე და მაიკი არაფერს მოვაკლებთ, როგორმე დავიცავთ. - ნაღვლიანად გაგვიღიმა მან. - ოღონდ კლოდ, ამას გთხოვთ, შვილიშვილი არ დამიობლოთ, არ მინდა ბავშვი მშობლების გარეშე გაიზარდოს.
თვალებზე ცრემლები მადგება: - ნუ ღელავთ, ჩემი შვილი ჩემს ბედს არ გაიზიარებს, მას ბედნიერი ოჯახი ეყოლება. ცოცხალი მშობლებით და ბევრი ბებია-ბაბუით.

ყველაფერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც ნიკა ამბობდა. სახლში მისულებს ქალბატონი ნინო დაგვხვდა, რომელიც მართალია, თავიდან მიბღვერდა, მაგრამ როგორც კი ნიკამ უთხრა შერიგდნენო, გულწრფელად გაიხარა, მაიას წამოსვლასაც უპრობლემოდ დათანხმდა.
- ქალის წესი ასეა. სადაც მისი ქმარია იქ უნდა იყოს. ოჯახი ასეა, უცხოელს როცა მიყვებოდი, წასვლა რომ მოგიწევდა მაშინ უნდა გეფიქრაო. - ეუბნებოდა მაიას, როცა გაიგო რომ დათუნას ცოტა ხნით ვტოვებდით ესიამოვნა - სანამ დავბინავდებითო, ავეწყობითო? ეგ რა სათქმელია?!. თქვენ ორივენი მუშაობთ, ბავშვი ვისთან უნდა იყოს? ჩემზე უკეთესად ვინ მიხედავს, ჩემი პატარა გნომი, ჩემი სიცოცხლე. იცოდეთ, თუ დათუნას წაიყვანთ, მეც უნდა წამიყვანოთ!
მაიას ეცინება - მერე მამა?
- მამაშენს რა უჭირს? მარტოც კარგად იქნება. - ეშმაკურად ეღიმება ნინოს.
- ოღონდ დედაშენისგან დავისვენო და ხმას როგორ ამოვიღებ - ბუბუნებს ნიკა და მეუღლეს გულში იხუტებს. ძალიან მიყვარდა მათი ყურება, ასეთი ტკბილი ცოლ-ქმარი მე სხვა არ მენახა.
- ნუ ნერვიულობ ჯერჯერობით ბავშვი ჩვენთან იქნება. როცა წაიყვანენ, ხშირად ჩამოვლენ, ზოგჯერ ჩვენ ვესტუმრებით და ვიქნებით.. მაიკი და ჟაკლინიც ასე არ არიან? - ამშვიდებს ნიკა.
- რა თმა უნდა, დაგეწყებათ ცოლ-ქმარს ახალი თაფლობის თვე. - ხუმრობს მაია.
- შენი შვილი არ იცვლება. - წითლდება ნინო - ყოველთვის ასეთი იყო.
მე პატარა დათუნას ვუმზერ, ჩემს ბიჭუნას ტკბილად ძინავს დედის კალთაში. მისი კოტიტა, ბუთხუზა ხელით მისი კულული ჩაუბღუჯია. ძილში იღიმება.
- ანგელოზებს უცინის - ამბობს მაიკო და დასაწვენად ოთახში გაყავს.
- როგორ ფიქრობ, მის გარეშე არ გაგიჭირდება?- ვეკითხები მე დაბრუნებულ მაიას.
- გამიჭირდება, ეტყობა ჩემი ბედი ასეთია ან მამა უნდა მენარტებოდეს ან შვილი. არაუშავს, მოვა დრო და ერთად ვიქნებით, ეს ბრძოლა აუცილებელია თუ გვინდა, რომ დათუნა ბედნიერი იყოს.
- მარტო დათუნა არა, ჩვენი შვილები - ვეუბნები მე და საკოცნელად მის ტუჩებს ვეძებ.
- შვილები? ეს კარგია. მომწონს. - მაცდურად მიღიმის მაია. არა, ტყუილია, მისი ღიმილისა და თვალების წინაშე ყოვლად უძლური ვარ. მის თვალებში ვიძირები და თმებში ვიკარგები. აღარ მადარდებს არავინ და არაფერი. ყველაფერი უფერულდება და აზრს კარგავს, ვრჩებით მხოლოდ ორნი, არა - სამნი, მე, მაია, და ღამე.

მე რამდენიმე დღეში ჯიდაში ვბრუნდები. დაპირებისამებრ მაიას ჩამოსვლისთვის ვემზადები. მუსტაფამ მთხოვა, ბიძია ომარს შენთან შეხვედრა უნდაო. ვვარაუდით, რომ საუბარი მაიას შეეხებოდა, მაგრამ უარი ვერ ვკადრე. იგი საღამოს მეწვია. უმეტესად კუშტი და დაბღვერილი სახე უფრო ჩამუქებოდა.
- რამ შეგაწუხათ, ბიძია ომარ? - ვკითხე მე, როგორც კი განვცალკევდით.
- დღეს, კორპორაციაში ვიყავი. მდივანმა მითხრა, თურმე კაბინეტს ამზადებენ, უცხოელი პარტნიორი მოგიწვევია.
- მართალია. - ვეთანხმები მე - იგი ძლიერი იურისტი და ფინანსისტია, მისი მჯერა და ვენდობი.
ბიძია ომარი უნდობლად მიყურებს - თან ქალიც ყოფილა.
- ვერ მივხვდი რისი თქმა გსურს?
- შენ საეჭვოდ არ მოგეჩვენებოდა ასეთი სამზადისი უცნობი პარტნიორის დასახვედრად? საინტერესოა ლამაზია? ეჭვიც არ მეპარება, რომ ცუდი არ იქნება.
- ბიძია ომარ, დიდ პატივს გცემთ და ეს თქვენც იცით, მაგრამ თქვენს ადგილზე ამით ბოროტად არ ვისარგებლებდი!. - ტონი გამიმკაცრდა მე.
- მაშინ, როცა ყველა შენგან მემკვიდრის დაბადებას ელის, ნორმალურად გეჩვენება საყვარლის აქ ჩამოთრევა?
- დაფიქრდით რას ამბობთ. გირჩევთ, მაიას ხსენებისას სიტყვები შეარჩიოთ. - ვცხარობ მე. ომარი ყურადღებით მიყურებს. ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა და გამომცდელად მიმზერს. - არ მოგცემთ უფლებას რაც მოგადგებათ ენაზე ის თქვათ. მაია აქ ჩამოვა, ჩემთან იქნება და მეტიც არ მინდა ვინმე წინ აღმიდგეს.
- მერე ფერიდე?
- ფერიდე? ფერიდე რა შუაშია? დავიჯერო ვერაფერს ხვდებით?! - გაოცებული ვეკითხები მე.
- აბდელ შვილო, პატარა ბავშვი არ ვარ. შეიძლება რაღაცაზე დუმილი ჯობს. ზოგჯერ თვალის დახუჭვა, რაღაცის ვერ დანახვა...კარგად დაფიქრდი, ეგ გოგო ნიკას ქალიშვილი ყოფილა. ნიკა ის კაცი არაა, მისი შვილის ხარჭად დასმა გაპატიოს. დაფიქრდი შვილო, რას აკეთებ.
- რომ იცოდეთ, როგორ შორს ხართ სიმართლისგან - თბილად ვუღიმი მე - იმას რასაც გეტყვით, იმედია გაგებით მოეკიდებით. ეს ამბავი მუსტაფამ და ფერიდემაც იციან. ფერიდემ იმაზე უკეთესად მიიღო ვიდრე წარმომედგინა. მაია ჩემი ხარჭა არაა. ის ჩემი ერთადერთი, კანონიერი ცოლია.
ბიძია ომარი გაოცებული მიმზერს, გაფითრებული სკამზე ჩამოჯდა - ცოლი? კანონიერი, ნიკა არაბულის გოგო, ნიკას გოგო?. - ბუტბუტებს ის - რამდენი ხანია რაც იქორწინეთ?
- აქ ჩამოსვლამდე, როცა ბათუმიდან თბილისში ჩავედი.
- რატომ დამალე? - უკვირს მას.
- არ ვიცოდი რა სიტუაცია დამხვდებოდა. არ მინდოდა ჩემს მტრებს ჩემი ცოლ-შვილისთვის რამე დაეშავებინათ.
- რა თქვი? ვისთვის? ბოლოში რა თქვი? შვილიც გყავთ?-ომარის თვალებში შიში და სიხარული ერთმანეთს ენაცვლებოდა, ვეღარ მიხვდა რა ქნას.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე: - მემკვიდრე უკვე არსებობს. ას საუდების გვარს მისი პრინცი უკვე ყავს. ოღონდ მისი დედა ფერიდე არ არის და არც არასოდეს იქნება, ათი შვილიც რომ მყავდეს, ყველა მათგანის დედა მხოლოდ მაია იქნება და სხვა არავინ!.
- ღმერთო შენ მიშველე, პატარა პრინცი, ჩემი აბდელის შვილი, ჩემი პრინცი! - ცრემლები აწვება ომარს - ეს როგორ დამიმალეთ. ასე როგორ მომექეცით? მე ჩერჩეტი კი ვწუხდი: ბიჭი მეღუპება მეთქი. ფერიდე რომ არ გიყვარდა ვხვდებოდი და იმის მეშინოდა ასე უშვილ-ძიროდ არ დარჩეს მეთქი. ღმერთმა არ გაგვწირა, პატარა პრინცი მოგვივლინა. - ასე ბუტბუტებდა გახარებული ომარი და ცრემლებს ვერ იკავებდა - მამაშენი სიხარულით გადაირეოდა, მისი მემკვიდრე ჩამოდის.
- არა, ბიძია ომარ, მაიას დათუნა არ მოყავს.
ომარი გაჩუმდა, ყურადღებით დამაკვირდა, ეტყობა გაიაზრა რაც ვუთხარი. უცებ გააანალიზა შექმნილი სიტუაცია.
- ფიქრობ ბავშვს რამეს დაუშავებენ?! - აღშფოთდა ის - რა უფლება აქვთ? მაგათ ვინ ეკითხებათ, ვისაც გინდა იმას მოიყვან ცოლად, აბა მხოლოდ ფერიდეს ამარა ხომ არ იქნები?- მართალია ასე მეუბნებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ გულის სიღრმეში ისიც ხვდებოდა, რომ ფერიდეს ოჯახი ამ ამბავს ასე მარტივად არ მიიღებდა.
- ვერ გავრისკავ, დათუნას საფრთხეს ვერ შევუქმნი, მას დროებით ბაბუები მიხედავენ.
- ბაბუები? მე მისი ბაბუა არ ვარ?- ეწყინა მას - გგონია მე ვერ დავიცავ?
- ბიძია ომარ. გეხვეწებით ნუ გწყინთ. თქვენ აქ უნდა დაგვეხმაროთ. მეც და მაიასაც გვჭირდებით. თქვენ, მუსტაფა, ფერიდეც კი. ჩვენ უნდა მოვძლიერდეთ. ყველანი ერთ მხარეს თუ ვიქნებით, ამ ჩიხიდან აუცილებლად გამოვალ. მანამდე კი მინდა ყველამ იცოდეს, რომ მაია ჩემი საქმიანი პარტნიორია, სანამ ამის დრო არ მოვა დათუნას ვერ ჩამოვიყვანთ.
- კარგი, იყოს შენებურად. - უხალისოდ მეთანხმება ის - მაგრამ ბავშვს აქ რომ ჩამოვიყვან იმ ორმა ღორმუცელამ - ორ ღორმუცელაში სავარაუდოდ მაიკსა და ნიკას გულისხმობდა - გაითვალისწინონ, რომ ზუსტად მათსავით, ეგოისტურად მოვიცევი. შვილიშვილს თვალითაც კი არ ვანახებ. აი, ნახე თუ ბაბუებში ყველაზე მეტად მე არ ვეყვარები. ამას როგორ ვიფიქრებდი, თუ ასეთ ამბავს დამიმალავდნენ?!.
მეცინებოდა, ჩემი შვილის სიყვარულში ბაბუები ერთმანეთს ეცილებოდნენ, დათუნა ბედნიერი იყო. იგი უანგაროდ, მთელი გულით უყვარდათ, მას კი ეს არც კი აღელვებდა. მისი სიყვარულისთვის სამი ზრდასრული, ბუბუნა მოხუცი იბრძოდა, მას კი ყველაზე მეტად თამაში უყვარდა. ბედნიერები არიან პატარები. რამდენ რამეს ვერ ხვდებიან, შექმნილი აქვთ მისი სამყარო და ცხოვრობენ იქ უდარდელად.
ჩემი ბავშვობა გამახსენდა. დედასთან და მამასთან გატარებული ბედნიერი დღეები და ის დაწყევლილი დღე.
- ჩემი შვილი მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება, ჩვენ ვიცოცხლებთ, ეყოლება ბაბუები და ისინი მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მუდმივად ქიშპობაში იქნებიან. მას კი სამივე ეყვარება, უზომოდ და სიგიჟემდე, სხვაგვარად შეუძლებელია, ასე იქნება. - მტკიცედ ვამბობ მე.
- ასე იქნება - მეთანხმება ომარიც და თანადგომის ნიშნად მხარზე მირტყავს ხელს.
მაია მეორე დღეს ჩამოვიდა. აუროპორტში დასახვედრად მუსტაფა და რამდენიმე დაცვის თანამშრომელი გავაგზავნე. მე და ფერიდე სახლში ველოდებოდით. მეჩვენებოდა, რომ დრო ნელა გადიოდა, ვინანე, ნეტა მეც აეროპორტში წავსულიყავი. როგორც იქნა ეზოში ავტომობილები შემოვიდნენ. მაიკოს ჯინსები და თეთრი ქურთუკი ეცვა. მხარზე დიდი სპორტული ჩანთით იფიქრებდით სახლიდან სავარჯიშოდ გამოსული სპორტცმენიაო. შორიდანვე მიღიმოდა.
- როგორც იქნა, ბედნიერი ვარ, რომ ჩამოხვედით! - ვესალმები მე - რომ იცოდე, როგორ მომენატრე! - ვუჩურჩულე მე. მაია წითლდება, ფერიდე კარებთან დგას, ისიც იღიმება.
- ქალბატონო მაია, მოხარული ვარ, პირობა რომ შეასრულეთ და ჩამოხვედით!
მაია გაოცებული უმზერს, აშკარად არ ელოდა ფერიდესგან ასეთ დახვედრას.
- რამე მოხდა? - მეკითხება ის.
- არაფერი. - თავს ვიკატუნებ მე.
- ალბათ, მოსვენება გსურთ, თქვენს ოთახს გაჩვენებთ. - ეუბნება ფერიდე და მაის წინ მიუძღვის. მოსამსახურეები ჩუმად აპარებენ თვალებს. ალბათ ეხამუშებათ უცხო ქალის ასეთი თამამი ქცევა.
- უი, აქ ბავშვებიც არიან? თან როგორი ლამაზები. - ღიმილით ეფერაბა მაია სვეტს უკან ამოფარებულ მოთხუპნულ გოგონას, ბავშვი ბედნიერია და დედასთან მირბის. რა უცნაურია, რა მოეწონა ნეტა ამ გოგონაში? ვერ ვხვდები.
- თქვენი ნებართვით, დროებით დაგემშვიდობებით, მისტერ კლოდ. მოვწესრიგდები და შემდეგ მოგინახულებთ.
- კარგით!- უხალისოდ ვეთანხმები - ოღონდ ასე ნუ მიღიმიხარ იცოდე - ვსაყვედურობ მე - თავს ვეღარ შევიკავებ დათუ გაკოცებ შენი ბრალი იქნება ! -მაია ისევ წითლდება და ფერიდეს მიყვება.
- ალბათ, გიკვირთ ჩემი ქცევა. - ეუბნება ფერიდე.
- არ დაგიმალავთ, ნამდვილად გაოცებული ვარ.
- მინდა იცოდეთ, თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, თქვენ ერთგვარად ჩემი სიმშვიდის გარანტიც ხართ. მიხარია აქ რომ ხართ. ლონდონში ყოფნისას ყველაფერს მივხვდი. შემდეგ ჩემი ეჭვები აბდელმაც დამიდასტურა .მე ქმარი არ მიყვარს და არც არასოდეს შემიყვარდება. მესიამოვნება, თუ გვერდში თქვენ ეყოლებით. არ მინდა ჩემში მტერს ხედავდეთ. მე ვიცი რა არის სიყვარული და რომ შემეძლოს მეც თქვენსავით ვიბრძოლებდი ჩემი სიყვარულისთვის.
- რომ შეგეძლოთ? ვერ ვხვდები რას ამბობთ, ხელს ვინ გიშლით, აბდელი?
- არა, აბდელის ნება რომ იყოს დიდი ხნის წინ გავშორდებოდით ერთმანეთს. მე როგორც ქალი არ ვაინტერესებ. ამის ნებას ჩვენი ოჯახები არ მოგვცემენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აქ არ იქნებით. - მტკიცედ ეუბნება ფერიდე.
- არ გეწყინოთ, ფერიდე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი გოგო იყავით, მაგრამ მე არ ვარ იმ ტიპის ქალი, საზიარო ქმარი რომ სურს ყავდეს, თუნდაც ქაღალდზე. მჯერა, რომ ეს დროებითია და ადრე თუ გვიან ერთმანეთს დაშორდებით. ასე რომ არ იყოს, მე აქ არ ვიქნებოდი. კარგად გამიგეთ, გთხოვთ! თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მრავალ ცოლიანობის მომხრე ვერასოდეს ვიქნები. ეს დიდი ფარსია, ტყუილი. მუდამ სიცრუეში ხომ ვერ იცხოვრებთ?
- მე ხომ ცოლი არ ვარ? - გაუკვირდა ფერიდეს.
- ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ გამოსავალს ვნახავთ, თქვენ ორს თუ ერთად ცხოვრება არ გსურთ, ვერავინ გაიძულებთ, დიდი იმედი მაქვს ასეც იქნება.
ფერიდე კმაყოფილი უმზერს: - ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, თქვენში ის მუხტია მე რომ მაკლდა. თქვენ იბრძვით, მე კი შევეგუე. დიდი ხანია შევეგუე. შიშით დავიწყე ცხოვრება და ამ შიშმა დამიმორჩილა. თქვენ სტიმულს მაძლევთ, სურვილი მაქვს ვიცოცხლო. იმედს მაძლევთ, რომ ოდესმე შეიძლება მეც მოვახერხო ბედნიერი გავხდე. ამიტომაც მინდოდა თქვენი ჩამოსვლა, რატომღაც თქვენი ვირწმუნე. - გული აუჩუყდა მას.
- ბოდიშით ფერიდე, თქვენ ჩემი კი არა საკუთარი თავის უნდა ირწმუნოთ. თქვენს ნაცვლად მე ვერაფერს გავაკეთებ. მე ჩემი ოჯახისთვის უნდა ვიბრძოლო, თქვენ კი იმ ადამიანისთვის ვისთან ყოფნაც გსურთ. თავისუფლება ხომ მარტოობისთვის არ გინდათ? თქვენ, ორნი თუ ერთად იქნებით, უკვე ოთხნი გამოვალთ, ასე ნელ-ნელა გავიზრდებით და შედეგსაც მივიღებთ. თანადგომის გარეშე თქვენც ვერ იზავთ ვერაფერს, თუ საჭირო გახდება მე და კლოდიც არ გავდგებით განზე, რითიც შევძლებთ მხარში ამოგიდგებით, მთავარია თქვენ იცოდეთ რა გსურთ, შემდეგ მიზნის მისაღწევად გზასაც გამოვნახავთ.
- მინდა წარმატების მჯეროდეს. - ცრემლები აწვება ფერიდეს და ხმა უთრთის - მაგრამ, რომც არაფერი გამოვიდეს, მე მადლობელი ვარ აბდელის ცხოვრებაში რომ არსებობთ. არ ვიცი გამიგებთ თუ არა, ვიცი რომ აბდელი გიყვართ, მასაც უყვარხართ. მე სულ დაძაბული ვიყავი, მეგონა ჩემთან ყოფნას ეცდებოდა. თქვენი გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მისთვის ინტერეს მოკლებული ვარ და მიხარია, რომ იცოდეთ როგორ მიხარია. ისიც ვიცი, რომ მასზედ რომ იყოს დამოკიდებული, ეხლა თავისუფალი ვიქნეოდი, ამის გამო თქვენი მადლიერი ვარ, უზომოდ მადლიერი.
- კარგით, ფერიდეა. ასე ნუ ნერვიულობთ, რაღაცას მოვიფიქრებთ ყველა ერთად.


ოჯახში სტუმრის ჩამოსვლის ამბავი სწრაფად გავრცელდა. მაია ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ზოგს მისი ჩაცმულობა არ მოწონდა, ზოგს - თავისუფალი ქცევა. თუმცა ერთზე ყველა თანხმდებოდა, უდაოდ ძალიან ლამაზი იყო.
ჩემთვის მთავარი ბიძია ომარის დამოკიდებულება იყო. იგი ყურადღებით აკვირდებოდა მაიას და როცა ვკითხე რას ფიქრობდა ღიმილით მითხრა: - გამიკვირდებოდა შენი რჩეული ასეთი რომ არ ყოფილიყო, მასში ყველაფერია რაც კაცმა უნდა ინატროს: თბილია, გულისხმიერი, ლამაზი და რაც მთავარია ერთმანეთი გიყვართ. ამას აშკარად ვხედავ, ასეთი რამ პირველად ვნახე, ერთმანეთს გევხართ, თითქოს ერთნაირად ფიქრობთ, ერთნაირად აზროვნებთ. უცნაურია, ერთმანეთს ავსებთ.
ომარის სიტყვებს როცა ვისმენდიბედნიერი ვიყავი. ალბათ, კარგია, როცა შენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი, სხვისთვისაც ძვირფასი ხდება. იმ უარყოფითს რასაც მაიაზე ამბობდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი. შეუძლებელია ყველას მოსწონდე და უყვარდე, თუმცა ვაკვირდებოდი, რომ მაიაზე უარყოფით ძირითადად ქალები ამბობდნენ, ეს მასთანაც ავღნიშნე, რაზეც მიპასუხა:
- ამას ქალური ეჭვიანობა ქვია. - შეიძლება მართალიც იყო.
ერთადერთი ადგილი სადაც მაიას მიღება მამაკაცებს გაუჭირდათ, კორპორაცია იყო. აქ საქმე გართულდა, ქალის სერიოზულად აღქმა უჭირდათ, მით უმეტეს ლამაზი ქალის. ოფისში შემოვიდა თუ არა მამრობითი სქესის თანამშრომლების ყურადღების ცენტრში მოექცა. რომ გითხრათ ეს ძალიან მესიამოვნე მეთქი, მოგატყუებთ. ეჭვიანობისგან გონება მებინდებოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ეს მაიას ძალიან ართობდა. უცნაურია ჩვენი, მამაკაცების უცხოელი ქალების დამოკიდებულება. რატომღაც ყოველთვის იოლად ხელმისაწვდომნი ჩანან. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მისთვის პირველი ნიშანი - უცხოელობა, შემდეგი - მარტოხელობა, უკვე ნიშნავდა, რომ თაყვანისმცემლებისთვის კარგი სამიზნე იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ოჯახის წევრებში ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო და მაიას ყველა დიდი პატივით შეხვდა. აი კორპორაციაში კი პირიქით, თანამშრომლების ინტერესი მიიპყრო, ცდილობდნენ როგორმე რომელიმე მათგანისთვის „პარტნიორობა“ გაეწია. ასეთ დროს ბათუმის კაფეში მყოფი მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები და მათი გაწბილებული სახეები მახსენდებოდა. აქაც მიახლოებით ასე ხდებოდა. მაია ურთიერთობას ღიმილით იწყებდა, ბოლოს კი იბღვირებოდა.
ჩვენს სახლში ჩასახლებული ლამაზი სტუმრის ამბავი სწრაფად გავრცელდა და არც ფერიდეს ოჯახის სტუმრობამ დაახანა. მეორე დილით ჩემი საყვარელი „სიდედრ-სიმამრი“ ჩემთან გამოცხადდნენ. მისალმების შემდეგ ქალბატონმა ჯამილამ, ფერიდეს დედამ, შვილი ცალკე გაიყვანა.
- ვერ გავიგე, რა ხდება? - ეკითხებოდა ის - თურმე უცხოელი ქალი ჩამოგიყვანიათ. ამბობენ ძალიან ლამაზიაო.
- მართალია. - წყნარად დაეთანხმა ფერიდე.
- მერე, შენ არ ფიქრობ ამ საკითხზე? - კაპასობდა ჯამილა.
- მე რა უნდა ვიფიქრო? ვერ ვხვდები.
- რას ვერ ხვდები? დავიჯერო ამ ქალსა და შენს ქმარს შორის არაფერი კავშირია? ხალხი თქვენს მემკვიდრეს ელოდება, მამაშენი გიჟს გავს. თქვენ კი რას აკეთებთ? ნორმალური ქალი ამაზე თვალს დახუჭავს? იქნებ უშვილო ხარ?
- დედა, მომისმინე. შენც ხომ იცი, რომ აბდელთან არაფერი მაქვს საერთო და არც არასოდეს მექნება? მე მისგან მემკვიდრეს არ გავაჩენ.
- როგორ ბედავ? - ცხარობს იგი - არც კი გაბედო ამის ხმამაღლა თქმაც კი. ისეთ სახეს მივიღებ თითქოს არაფერი გითქვამს.
- არ ვიცი შენ როგორ სახეს მიიღებ, მაგრამ სიმართლე სიმართლედ დარჩება, აბდელისგან ბავშვს არ გავაჩენ!
ოთახიდან კივილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა. დავინახე შეშფოთებული მაია როგორ შევარდა, მე ფეხდაფეხ შევყევი. ჯამილას ფერიდე თმებით ჩაებღუჯა და ისე ცემდა, ქალი კიოდა და შველას ითხოვდა.
- გაგიჟდით, რას აკეთებთ?!- უყვირა მაიამ.
- როგორ შეგიძლია, ამ უცხოელი კახპის გამო ყველაფერზე უარი თქვა? ამის უფლებას არ მოგცემ, ჩემი ხელით მოგკლავ. - ყვიროდა ჯამილა.
- ხელი გაუშვით! - ხმამაღლა ვუღრიალე მე - არ გესმით? ხელი გაუშვით! - სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი, ფერიდე ტიროდა, გაჭირვებით წამოდგა და მაიას ამოეფარა - როგორ ბედავთ?
- შვილო, აბდელ! - გაფითრდა ჯამილა.
- თქვენი შვილი არ ვარ! - ამდენი წლების ნაგროვებმა ბოღმამ ერთბაშად ამოხეთქა, ყურადღებას აღარ ვაქცევდი ჩემი სიმამრიც იქ რომ იდგა (ისიცფერიდეს ყვირილზე შემოვიდა), - მე თქვენი ბატონი ვარ, ფერიდე კი ჩემი ცოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქალბატონიცაა. ის რომ თქვენი შვილია, სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა ცემოთ! კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენ ამ სახლში სტუმრები ხართ, თუ ერთხელ კიდევ განმეორდება ანალოგიური, არასასურველი სტუმრებიც გახდებით. ფერიდე თქვენი ქალბატონია, ნება იბოძეთ და ისე მოეპყარით, როგორ ქალბატონს, თუ არადა საქმე ჩემთან გექნებათ! - ჯამილა გაფითრებული მისჩერებოდა ქმარს, რომელიც ნერვიულად იწიწკნიდა ულვაშს, ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა, მაია და ფერიდე ოთახიდან გავიდნენ.
- აბდელ, მომისმინე. - ჩარევა სცადა სიმამრმა.
- არ გირჩევთ, ჩარევას. - მასაც შევუბღვირე მე - ისედაც ვაგვიანებთ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს საუბარი დასრულდა. ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით! - მუქარის ტონით ვეუბნები და ოთახიდან გავდივარ.
წასვლის წინ ფერიდე მოვინახულე. ის მაიკოს ოთახში იყო.
- იცოდე არავის მისცე უფლება დაგჩაგროს, შენ მათი ქალბატონი ხარ და აიძულე პატივი გცენ.
- მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ...
- მაგრამ არ მაინტერესებს, სანამ ამ სახლში ხარ შენზე პასუხისმგებელი მე ვარ, არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმე შეურაწყოფას გაყენებდეს, თუნდაც შენი მშობლები. იცოდე, თუ კიდევ ეცდებიან ანალოგიურს მაშინვე გამაგებინე.
ფერიდეს თვალები ცრემლებით აქვს სავსე, მეცოდება, ასეთი ტკივილისთვის არ მემეტება. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
მე და მაიკო სამსახურში ერთად წავედით. დაძაბულები, დილის მოვლენებით დათრგუნულები ვიყავით.
- ასეთ რეაქცია ელოდი? - დუმილი დაარღვია მან.
- არ მოგატყუებ, კი. ისინი ჯერ ფერიდესთან ეცდებიან და როცა მიზანს ვერ მიაღწევენ ალბათ იერიშზეც გადმოვლენ, გეგონა გაუხარდებოდათ შენი ჩამოსვლა?
- არა, მაგრამ შვილზე თუ გაიწევდნენ ვერც კი ვიფიქრებდი.
- ჩვენთან ქალიშვილის დაბადება არავის უხარია. გოგონა შვილად არც მოიაზრება, თუ ქალი რამდენიმე ქალიშვილს აჩენს, ქმარს უფლება აქვს ამის გამო მიატოვოს კიდევაც, სამაგიეროდ ვაჟის დაბადება დიდი დღესასწაულია.
- წარმოუდგენელია, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ჩემს თეოს შეიძლება ასე მოექცნენ.
- თეოს გაუმართლა, საქართველოში დაიბადა. - ღიმილით ავღნიშნე მე - თან მისი დედიკო ყველაზე გიჟი დედაცაა, მისი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს - შუბლზე ვკოცნი გულში ჩაკრულ მაიკოს.
- შენ როგორი მამა იქნები, ჩვენ რომ გოგონა შეგვეძინოს, ასე მოექცევი?
- თეო ჩემი შვილი არაა, მაგრამ შვილივით მიყვარს, ასე რომ ქალიშვილი უკვე მყავს. მე მგონი მამინაცვლის კვალობაზე ცუდი არ ვარ, იმედი მაქვს მამადაც ვივარგებ. - ვხუმრობ მე.
- შეუძლებელია შენ ცუდი იყო. - მკოცნის მაია - როგორ გამიმართლა რომ შეგხვდი. მესიამოვნა ფერიდეს რომ იცავდი. - ეშმაკურად იცინის ის - ჩემი ცოლიაო, რომ ამბობდი ეჭვიანობაც კი დავიწყე.
მხიარულად ვიცინივარ - როგორი ჩურჩუტი ხარ, არ მეგონა საეჭვიანოდ ასე მცირედი თუ გეყოფოდა! ჩემი მეუღლე შენ ხარ და შენ იქნები, მაგრამ ფერიდეს დიდი წნეხის გაძლება მოუწევს. არ მინდა თავი მარტოსულად იგრძნოს. მინდა იცოდეს, რომ გვერდით ვართ და დავეხმარებით.
- ჩემი გმირი ხარ! - იცინის მაია.
- ეჭვიც არ შეგეპაროს! - მის ტკბილ ტუჩებს ვეწაფები მე.
სახლში ერთმანეთის ალერსისგან თავს ვიკავებთ, ავტომობილს მუსტაფა მართავს, შუაში მინას ვაბნელებთ და ისე ვეფერები. მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ მყოფნის, გადავწყვიტე, მაიას ცალკე ვუქირავო ბინა, სადაც მაშინ მივალთ, როცა მოგვინდება. ალბათ საჭორაოდაც ნაკლები საბაბი ექნებათ. იმას მაინც ვერ იტყვიან საყვარელი და ცოლი ერთ სახლში ყავსო. ბინა მალე შევარჩიეთ. დიდი სახლი არ იყო, სამი დიდი ოთახით კომფორტულად მოწყობილი, რამოდენიმე დაცვის თანამშრომელიც დავაყენეთ, ჯგუფი მუდმივად იცავდა მაიას, არ მინდოდა ვინმეს საფრთხე შეექმნა. ეს სახლი ჩვენ ბუდედ იქცა, სამსახურის შემდეგ უმეტეს დროს აქ ვატარებდით.
ნათელი წერტილი (13 თავი)



№1  offline წევრი მოჟუჟუნე

ძაან საინტერესოა...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მიხარია თუ მოგწონთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

რა ძალიან კარგია... მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent