შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ნუ მიეყრდნობით!"


2-11-2015, 13:18
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 7 670

წინამდებარე "მოთხრობა" თავიდან ბოლომდე დაწერილია მეტროთი მგზავრობისას.
ინჯოი!

ყოველთვის მეტროშია მაშინ, როცა მე ვარ იქ. არ ვიცი, როგორ გამოიყურება. მხოლოდ თვალები მახსოვს, თუმცა ვერც მათ აღვწერ. ყველა სიტყვა და ყველა ფერი ერთიანად მეფანტება, როცა მის თვალებზე ვფიქრობ.
***
ერთხელ თითქმის ცარიელ ვაგონში ვიჯექი. დილა იყო. გვერდით მომიჯდა და მითხრა:
- იმ კაცს შეხედე, - ელეგანტურად ჩაცმულ მამაკაცზე მიმითითა, - რაღაც სერიოზულ შეხვედრაზე მიდის, თუმცა ასე ხშირად არ აცვია. პიჯაკი მისი არ არის. ხელებზე ოდნავ დიდი აქვს, ხედავ? თავს უხერხულად გრძნობს. შეიძლება ეს მისთვის პირველიც კია. ყოველ წამს ჰალსტუხს ეჯაჯგურება. ასე თუ გააგრძელა, იმ შეხვედრამდე მთელს ვერც მიიტანს. ვინ იცის, იქნებ პატრონმა რაიმეს ანაზღაურებაც მოსთხოვოს. მას კი ბეჭედი უკვე ჩაბარებული აქვს. მარჯვენა ხელის არათითზე სიმკრთალეს ამჩნევ? ცოლიანია. საშუალო სტატისტიკური მამაკაცია. არაფერი ზედმეტი.
მერე სადღაც აორთქლდა. იმდენ ხანს ვუყურებდი ჩემ წინ მჯდარ კაცს, გაჩერებას გავცდი და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა ის წამოდგა. თვალი გამიშტერდა არათითის სიმკრთალეზე. შემაჟრჟოლა.
ვაგონი დავტოვე და მეორე მხარეს გადავედი. არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი.

***
მეორე დღეს, დილით, ისეთ გადაჭედილ ვაგონში ვიდექი, ფეხი სად მედგა, არ ვიცოდი. ვიღაც უეცრად უკნიდან მომეხვია და კისერში მაკოცა. კინაღამ შევიშალე, გული ამიჩქარდა.
- ჩშშ, რა დაგემართა? - ჩამჩურჩულა ყურში.
- გადაირიე?
- მე? - შეიცხადა მან.
- არა, მე.
- მე რა შუაში ვარ?
- აბა ვინაა შუაში?
- ეს იყო, - მითხრა და ჩემ გვერდით მდგომ ბიჭზე მიმითითა, რომელსაც ყურები ყურსასმენებით დაეცო და მუსიკას თავის რიტმულ მოძრაობას აყოლებდა. ჩემთვის ნამდვილად არ ეცალა.
- კარგი, რა...
- რა? - გაეცინა, - ის იყო, გეუბნები.
- მოშორდი აქედან.
- სად მოვშორდე?
- სადაც გინდა.
- ნახე, - მითხრა და ჩემს მკლავებში ხელები გამოაძვრინა.
- რა ვნახო?
- თითები.
- ვნახე. მერე?
- მერე? გამოიშტერა თავი, თითქოს არ ვიცოდე, თითებზე რომ ფეტიში გაქვს.
- იდიოტი ხარ, - შევიცხადე. არადა, მართალი იყო. ისიც მართალი იყო, რომ ასეთი იდეალური თითები იქამდე არსად მინახავს. გაეცინა. უფრო სწორად, ჩაიცინა.
- ჩადი ახლა, თორემ გაცდები და ისევ მე დამაბრალებ მერე, - მითხრა, ისევ მაკოცა და აორთქლდა. ავტომატურად გამოვედი ვაგონიდან და ესკალატორისკენ დავიძარი. ვერ ვხედავდი, სად ვიყავი, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი გაჩერება იყო.

***
- საღამომშვიდობის, ძვირფასო, - მითხრა და ვაგონის კარს მთელი ზურგით მიეყუდა.
- კითხვა იცი?
- ოთხ ენაზე.
- მერე?
- რა მერე?
- 'ნუ მიეყრდნობითო,' მგონი.
- კარგი, რა, მადმუაზელ.
- გადავარდები.
- გამიშვებ?
- რა?
- ჰო, გამიშვებ, რომ გადავვარდე?
- გაგიშვებ.
- მატყუარა.
- მართლა გაგიშვებ.
- ვნახოთ.
- გამოიწიე.
- არა.
- გამოიწიე, ჩერდება.
- არა-მეთქი, - ხელები გადააჯვარედინა და საღეჭი რეზინით ბუშტი გაბერა.
- კრეტინო...
გაჩერდა მატარებელი და ის იყო, პიჯაკის საყელოს წავეტანე დასაჭერად, რომ ისევ აორთქლდა.

***

ერთხელ მატარებელში ცხვირი ქურთუკის საყელოში ჩავრგე და დავაცემინე.
- ჯანმრთელობა, - მომესმა ნაცნობი ხმა.
- გმადლობთ, - ვუპასუხე საშინლად მობეზრებული ხმით.
საიდანღაც თერმოსი ამოიღო, გამომიწოდა და მითხრა:
- დალიე.
- რა არის?
- ჟოლოს ჩაია. დალიე.
- რატომ?
- გაციებული ხარ და იმიტომ. დალიე.
- არ ვარ გაციებული, - ვთქვი და იმ წამს კიდევ ერთხელ დამაცემინა.
ჯერ ძალიან, ძალიან ბევრი იცინა. მერე ხელსახოცი მომაწოდა.
- არ მინდა, - ვუთხარი განაწყენებულმა.
- გამომართვი, ნუ ხარ სულელი.
- არ მინდა, მაქვს მეც, - ვთქვი და ჩანთაში ჩავძვერი ხელსახოცის შეკვრის მოსაძებნად. ვერაფრით ვიპოვე. არადა, იმ დილით ვიყიდე. გაუხსნელი მეგდო ჩანთაში.
- ნახე? - მკითხა ნიშნისმოგებით და საშინელი, დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე.
- ვეძებ, დამაცადე.
- მე მაქვს.
- არ მჭირდება შენი.
- ჩემი არ არის, შენია.
- რა? - გაოგნებულმა ავხედე.
- ჰო, ამ დილით რომ იყიდე. შიგნითა პატარა ჯიბეში გედო.
- იდიოტო, როგორ გაბედე ჩემს ჩანთაში ხელის ჩაყოფა? - დავუწყე ყვირილი.
ისევ აორთქლდა. მე კი ვიღაცამ მკითხრა:
- რა მოხდა, გოგონა?
- ა, არა. არაფერი. უკაცრავად.
იმავე გაჩერებაზე ჩავედი. სახლში მისულმა ვნახე, რომ ჩანთაში ხელსახოცთან ერთად ვერცხლისფერი თერმოსი მედო. იმ საღამოს სიცხე მქონდა.

***

- დიდი პაუზა გამოგივიდა. ხომ გითხარი, დალიე-მეთქი ჩაი.
- რა გინდა?
- მომენატრე.
- კარგი ერთი.
- არ გჯერა?
- უნდა მჯეროდეს?
- ისე მომენატრე, ახლა შეიძლება რაღაც ჩავიდინო.
- რა უნდა ჩაიდინო?
- არა, ვფიქრობ ჯერ, ვის დავაბრალო.
- ჩავდივარ მე.
- დღეს აქ არ ჩადიხარ.
- ჩავდივარ.
- არ ჩახვიდე.
- მეჩქარება, გამატარე.
- არ ჩახვიდე. გავგიჟდები, იცოდე.
- არაუშავს. ბევრი არაფერია, დამიჯერე. გამიშვი.
- არ ჩახვიდე.
- გნახავ საღამოს.
მაშინვე გაიწია და ჩამოვედი. მერე გავიაზრე, რამხელა სისულელე ვუთხარი.

იმ საღამოს ბაქანზევე დამხვდა.
- გელოდებოდი.
- ნუთუ?
საშინლად გაბრაზდა, ხელები მკლავებზე მომკიდა და მაკოცა.
- გააფრინე? - ვუთხარი გაგიჟებულმა და სასწრაფოდ გავითავისუფლე თავი.
- მეტის ღირსი ხარ, - მითხრა ღიმილით.
- გაეთრიე, თვალით არ დამენახო, ავადმყოფო.
- ავადმყოფოო. ყვავმა ყვავს უთხრა... - თქვა და სიცილს მოჰყვა.
- შემეშვი.
- შედი, - მითხრა, როცა მატარებელი მოვიდა.
- შემეშვი-მეთქი, - ვთქვი და ვაგონს მოვცილდი.
- სად მიდიხარ? - მკითხა. ისევ იქ იდგა ფეხმოუცვლელად, გულხელდაკრეფილი და იღიმოდა.
- შენი საქმე არ არის.
- ისე ამბობ, თითქოს წასასვლელი გქონდეს.
- მაქვს.
- არ გაქვს.
- მაქვს.
- რამდენს გაივლი ფეხით?
- ყოველ შემთხვევაში, შენ მაინც არ გადაგეყრები.
- მოგენატრები და მომაკითხავ.
- კი, როგორ არა.
- გკოცნი, - მითხრა და მატარებელში გაუჩინარდა.
იმ დღის მერე კარგა ხანი ვიარე ფეხით. მერე იყო, არ ვიცი რამ, მაგრამ რაღაცამ ჩამიყვანა მეტროში. რაღაც არანორმალურმა ძალამ. რა თქმა უნდა, მნახა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩვეულ ფორმაში იყო: ხელები გადაეჯვარედინებინა და იღიმოდა. რამდენიმე დღე ერთმანეთის თვალებში ყურებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. მერე ერთხელ, ვაგონის ერთი ბოლოდან მეორეში ვუყურებდი ტუჩებით კოცნის მოძრაობა რომ გააკეთა და გაიღიმა. გამიკვირდა. მერე ვიღაც გადაეფარა და ვეღარც ვიპოვე.

***
- რატომ ჩქარობდი? - პირველი კონტაქტი იყო 'ჩხუბის' შემდეგ.
- მეჩქარებოდა, გენიოსო.
- ხომ ვიცი, რომ ვერ იტან, ესკალატორზე თავზე რომ გახტებიან. სად მორბოდი? მაინც გაგასწრო.
- რა გინდა?
- რა და ის, რომ აი ამათ არ დაემსგავსო.
- წმინდანადაც ხომ არ გინდა შეგრაცხონ?
- არა. არაფოტოგენური ვარ და ფრესკაზე ცუდად გამოვჩნდები.
- კრეტინო.
- თვითონ არ დაიწყე? სულ არ მინდოდა, რამე წმინდაზე მელაპარაკა.
'რატომ არ მოდის?' - ჩავილაპარაკე ჩემთვის. მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე.
- სად აგვიანებ?
- ლექციაზე.
- უფრო სწორად, უკვე დააგვიანე. თერთმეტის ათი წუთია, რაღა აზრი აქვს მისვლას.
'საად ჯანდაბაშია?!' - ჩემს გასაჭირს მივტიროდი ისევ.
- გააცდინე.
- გაგიჟდი?
- ჰო, რა მოხდა, გააცდინე.
- და რა გავაკეთო?
- ჩემთან ერთად წამოდი.
- სად? მეტროში?
- ზუსტად.
- დაახვიე, რა.
- წამო, რა. გთხოვ. წამოდი!

გავყევი.
- ნახე, ესენი ახალდაქორწინებულები არიან. ჩემს თავს გაფიცებ, რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს ქმარი, მეტროში აი ამ პოზაში არ დასხდეთ. გული მერევა.
- რას ერჩი ახლა ამათ?
- კარგი, რა. სექსისთვის ყველაზე არაკომფორტული ადგილია ხალხით გავსებული მატარებელი.
- სექსი რა შუაშია?
- აბა ახლა შენ გგონია, ესენი სხვა რაღაცას აკეთებენ?
- ეხუტებიან უბრალოდ ერთმანეთს, რა მოხდა?
- მოდი, ახლა მე შენ ზუსტად ასე 'ჩაგეხუტები' და თუ არ დასველდები, ვნახავ.
- ფუ, რა აუტანელი ხარ.
- ჰო, კარგი შევეშვათ ამათ, გაათავეს უკვე. იმ ქალს შეხედე, კუთხეში. შემიძლია დაგენიძლაო, რომ სახლში ავადმყოფი ჰყავს, შვილი ან დედა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად წლებია წვალობს, მაგრამ ნათესავის ნაჩუქარი ფერად ტელევიზორში ეწერება ქულა და ცდება ზღვარს. აი ეს ფეხსაცმელი, რაც ახლა აცვია, შენზე დიდი იქნება ასაკით.
- ღმერთო, ჩემო... და ეს კაცი?
- მუშაა. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მუშაობს. ძირამდე დაჭრილ ფრჩხილებში ჭუჭყი აქვს გამჯდარი. პარკში, ალბათ, რამე ხელსაწყო უდევს. გზად რაღაც მიირთვა, როგორც ჩანს. სვიტრზე ნამცეცები აყრია. თავს სარეცხი საპნით იბანს. აქვს ვალი რაღაც 'ჭე' ბანკში და კაპიკს კაპიკზე აწებებს, რომ გადაიხადოს.
- კარგი. ახლა ეს ბიჭი...
- ოო, რთული შემთხვევაა. მზის სათვალეები მეტროს ვაგონში, ყურსასმენები და პლანშეტი, რომელსაც ალბათ სინათლე მინიმუმამდე აქვს დაწეული. რაღაც საოცარი მხედველობა უნდა ჰქონდეს. შარვალს შეხედე. უბე კოჭებამდე აქვს ჩაჩაჩული, ჩვეულებრივი 'ჩმორიკის' ვიდი აქვს, არადა, დარწმუნებული ვარ, თავი ძააალიან მაგარი ტიპი ჰგონია.
- და შენ?
- რა მე?
- შენ როგორი ტიპი ხარ?
- ეგ შენ უნდა მითხრა.
- არ ჩავიდეთ?
- არა, რა. ერთხელ კიდევ გავყვეთ თავიდან ბოლომდე და მერე წადი სახლში.
- კარგი, ჰო.
- მენატრები ხოლმე, აქ როცა არ ხარ.
- სისულელეს ამბობ.
- მართლა.
- და რა ვქნათ?
- აქ ვიცხოვროთ. მე და შენ. ერთ ვაგონში.
- რამდენი გაკლია, ხვდები?
- დაახლოებით.

***

- ბონჟუუღ, მადმუაზელ.
- ბონჟუუღ, მუსიე.
- კომანტ ალე ვუ?
- სა ვა ბიენ. ა ტუა?
- გისწავლია რაღაც.
- დამპალო. კომო ესტას?
- ესტოი ბიენ. გრასიას. ი ტუ?
- ესტოი აბურიდო.
- აბურიდა, დეგენერატო. გოგო ხარ შენ.
- შენღა მაკლდი, რა.
უცებ ხმაურით მაკოცა ლოყაზე. თვალები დავხუჭე და ჩავეხუტე.
- ფრანგულზე მიდიხარ? - მითხრა ჩურჩულით.
- ჰო.
- ჭკვიანად.
- შენც.
ჩამოვედი. საიდანღაც 'je t'aime' მომესმა. შეიძლება, მომეჩვენა.

- რაო ფრანგულმა?
- კარგი გოგო ხარო.
- არ გეტყოდა მაგას.
- ზუსტად ეგ მითხრა.
- მოგატყუა.
- კაი.
- რა გჭირს?
- არაფერი.
- რა იყო?
- არაფერი. დავიღალე.
- რითი დაიღალე.
გავჩუმდი.
- ნახე, თითები.
- ჰო.
- ხო ლამაზია?
- კი, ლამაზია.
ჩემს ხელისგულზე რაღაც ფიგურების დახატვა დაიწყო. ჩემი გაჩერებაც მოახლოვდა. ავდექი.
- წავედი რა მე.
არ უნდოდა ხელის გაშვება.
არ ვიცი, რა მჭირდა. უკვე მეტროდან გარეთ უნდა გავსულიყავი, რაღაც რომ ვიგრძენი და შევტრიალდი. იქ იდგა. ხელები მხრებზე მომხვია და შუბლზე მაკოცა. თვალები რომ გავახილე, იქ აღარ იყო.

***

- ასე მეორედ აღარ გააკეთო, თორემ შევიშლები.
- როგორ ასე?
- სად იყავი?
- არ ვიყავი ქალაქში.
- მაგდენს მივხვდი როგორღაც. სად იყავი?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- რახან გეკითხები, ესე იგი, აქვს.
- სულ გააფრინე?
სიგარეტს მოუკიდა.
- აქ როგორ ეწევი, ნორმალური ხარ?
- მოიცა, სხვა დანარჩენი ყველაფერმეს ნორმალურია აქ?
- ჩააქრე.
- როგორ?
- არ მაინტერესებს. ჩააქრე, თორემ ისე დაგცინებ, თვითონაც გამიკვირდეს.
- რატომ დამცინებ?
- დასაცინი ხარ და იმიტომ.
- მომეცი ხელი.
ხელი გავუწოდე.
- რად გინდა?
- სიგარეტი უნდა ჩავაქრო.
ანთებული სიგარეტი წამოიღო ხელისკენ. გიჟივით გამოვგლიჯე და წამოვიყვირე:
- იდიოტო!
მუცლის ატკიებამდე იცინა. მერე კედელზე მიაწვა სიგარეტი, პირდაპირ ლიანდაგებზე მოისროლა და მითხრა:
- რას ამბობდი, ვის უნდა დავცინოო?
- არაადამიანი ხარ.
- ოხ. კარგი ერთი. მართლა?
ხმა აღარ გამიცია. ზურგი ვაქციე. ზურგიდან მომეხვია. საფეთქელზე მაკოცა. მერე ყურში ჩამჩურჩულა: "წკაპ" და მარტო დავრჩი... როგორც ყოველთვის.

***

- როდემდე უნდა ვიყოთ ასე? - ვკითხე ერთხელ.
- როდემდეც შენ გინდა.
- და თუ არ მინდა?
- მაგის არ მჯერა.
- რატომ?
- ჯერ ვერ დავიჯერებ. ცოტა ხანში, შეიძლება.
- ბოდავ.
- ჯერ ვერ დაამთავრებ. ჯერ იმდენს არ გრძნობ, რომ დამთავრება შეძლო. რომ გაივსები, დავამთავრებთ.
- მეშინია.
- რისი გეშინია?
- ამ ყველაფრის. მეშინია, არ გადამიყოლოს.
- ნუ გეშინია. მე არ მივცემ უფლებას, გადაგიყოლოს.
- და შენ რომ აღარ იქნები?
- მაშინ საჭიროც არ ვიქნები. ნუ გეშინია. კარგი, რა. ტირი?
- არ ვტირი.
- როგორ არა. ვხედავ.
თითებში ჩემი თითები გავუხლართე და ვუთხარი:
- წავიდეთ რა აქედან.
- ხომ იცი, რომ არ შეიძლება?
- შეიძლება.
- შენი გაჩერებაა, ჩადი.
- წამოდი.
- ჩადი.
- წამო, რა.
- ჩადი, თორემ საერთოდ ვეღარ მნახავ.
- არც მჭირდები.

***

მართლა ვეღარ ვნახე. რამდენიმე დღე მარტო ვმგზავრობდი მეტროთი და ყველგან მას ვეძებდი. რამდენიმეჯერ გაჩერებაც კი შემეშალა. ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა დამტოვა. ერთხელ თვალებდახუჭული, ყურსასმენებით კარს ვეყრდნობოდი. ვერ გავიგე, როგორ გაჩერდა და კარი გაიღო თუ არა, გადავვარდი. ალბათ, გული გამისკდებოდა, ვიღაცას რომ არ დავეჭირე.
- კითხვა იცი? - მითხრა და ფრთხილად გამომიყვანა ვაგონიდან. ჩავეხუტე და ძალიან, ძალიან ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
- რას აკეთებ? - მკითხა გაოგნებულმა.
- არ ვიცი.
- ახლა შენ უნდა კიოდე, მლანძღავდე და პატარა მუშტებს მირტყამდე. მერე მე ძალით ჩაგიხუტებ და...
- და გვექნება იდიოტური მელოდრამის უფრო იდიოტური საფინალო სცენა.
- და შენ ეს არ გინდა?
- შენი აზრით?
- მოგენატრე?
- ძვლების ატკიებამდე.
- სულელი ხარ.
- შენ კიდევ, საზიზღარი.
- დღეს არსად არ გაგიშვებ.
- გამოცდა მაქვს.
- კარგი, რა.
- რა ვქნა, გამოცდა მაქვს.
- კარგი, ჰო. წადი. არა, მოიცა...
მკლავებში მომიქცია და იმდენ ხანს მკოცნიდა, კინაღამ დავაგვიანე.

***

- Days, like flowers in my brain...
- I will miss you when you're gone.
- არ გიყვარს ხო ყვავილები?
- ნწ.
- ვიცოდი.
- ნეტავ, საიდან?
- მადმუაზელ... - თქვა და რძიანი შოკოლადის ფილა გამომიწოდა.
- მეღსი, მუსიე. მოატეხე, - ვუთხარი და გახსნილი შოკოლადი მივეცი.
- არ მინდა.
- რატომ?
- არ ვიცი. არ მინდა.
- ხდება რამე?
- ჰო.
- რა?
გაქრა.

***
- იმ ბიჭს შეხედე, როგორ გიყურებს.
- რომელს?
- აი წვერიანს.
- საერთოდ არ მიყურებს.
- რახან შენ იტყვი.
- არ მიყურებს.
- ერთი, ორი, სამი, - დაითვალა და მაშინვე გამოიხედა წვერიანმა ბიჭმა. რომ დაინახა, ვუყურებდი, მალევე გაიხედა, - გაუღიმე, რომ გამოგხედავს.
- რატომ გავუღიმო? - გავოცდი მე.
- ისე, უბრალოდ გაუღიმე.
ბიჭმა კიდევ ერთხელ რომ გამოიხედა, მართლა გავუღიმე და სახეზე დაეტყო, რამდენად გაუხარდა.
- აი, ამიტომ, - თქვა და თვალი ჩამიკრა.
- მოგწონს ახლა შენ ეს ბიჭი?
- მე კი არ მომწონს, მაგრამ who cares?
- I do, მუსიე.
- კარგი ერთი. გეჩქარება დღეს?
- ნწ. შუალედი მაქვს კილომეტრიანი დღეს ფრანგული მიცდება.
- მშვენიერი... წამო იქით გადავსხდეთ და როგორც ყოველთვის...

- აი ამ გოგოს სახლიდან წასვლა უნდა ძალიან. საკუთარი ცხოვრება ეზიზღება, ვერ იტანს.
- რა იცი?
- ვენები აქვს ოდესღაც გადაჭრილი, ვერ ხედავ?
- ღმერთო, არ შემიმჩნევია.
- შენ ესეთი რამე არასდროს გააკეთო, იცოდე.
- მე გამოვედი მაგ ასაკიდან უკვე.
- კარგი, რა. არ თქვა, რომ არ გიფიქრია.
- მიფიქრია, როგორ არა, მაგრამ ან ზედმეტად ძლიერი ვარ, ან ზედმეტად სუსტი, რომ ეგ გავაკეთო. ჯერ არ ვიცი.
- ამ ბიჭს შეხედე, კუთხეში. ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. შეიძლება, მეტროში საერთოდ პირველადაა დღეს. შეხედე, როგორ აკვირდება ყველაფერს. გარეთ კიდევ უარესად იყო დაბნეული. ახლა გამოგხედავს უეჭველი.
- რაა იცი?
- გამოგხედავს. აი ნახე. ამასაც გაუღიმე.
მართლა გამოიხედა იმ ბიჭმა. მას კი სიცილი აუტყდა.
- გაჩერდი, სირცხვილია, - ვცდილობდი, შემეკავებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
მერე თავი მხარზე დამადო და კისერში დაიწყო ძრომიალი.
- მოიცა, ეს გოგო?
- კრემისფერი ჩანთა რომ უჭირავს? - მკითხა ისე, რომ არ ამოუხედავს.
- ჰო.
- ეგ ჩვეულებრივი გოგჩოა. სესხით ნაყიდი აიფონით და პატენტი 'ლუი ვიტონით,' - ლაპარაკობდა პირდაპირ ჩემს ყელთან და ტუჩების ყოველ მოძრაობაზე ჟრუანტელი მივლიდა.
- გასწორდი, რა.
- რა გინდა?
- გასწორდი, რა წესია. იმ წყვილს რაზე დასცინოდი აბა?
- დაიცა, დასველდი? - თავი ამოყო და გაოგნებულმა მითხრა.
- ფუ, რა დონის დეგენერატი ხარ...
- რატო ვარ დეგენერატი?
- მოკეტე, რა.
- მითხარი...
- რა გითხრა?
- კი თუ არა?
- ყველა შენნაირი ავადმყოფი გგონია?
- ეს ავადმყოფობაა?
- იმ დონით, რა დონითაც შენ გაქვს, ავადმყოფობაა. წავედი მე.
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- სამი გაჩერებაა სახლამდე.
- არაუშავს.

გამოვედი და შემდეგ მატარებელს დაველოდე. რა თქმა უნდა, იქაც დამხვდა. იდგა მატარებელში და არანორმალურად იცინოდა. მოვიდა და მკლავებში ისე მომიქცია, ვერ ვინძრეოდი.
- გამიშვი, რას აკეთებ?
- ნწ.
- გამიშვი.
- მეცეკვე და გაგიშვებ, - მითხრა და ჩემთან ერთად მიცოცდა ვაგონის ცენტრში.
ხელი ჩამკიდა და სიმღერა დაიწყო: 'wherever you go, I can always follow, I can feel this real slow, if its a lot to swallow...'
Occurs, I don't wanna change you, I don't wanna change you, I don't wanna change your mind....
- რატომ გაქვს დემიენ რაისის ხმა? - ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა.
- რა გატირებს?
- ნუ იღებ ხმას საერთოდ.
- მერე იტყვი კიდევ, ნორმალური ვარო.
ცრემლები რომ მოვიწმინდე, იქ აღარ იყო.

***

რამდენიმე დღის შემდეგ, ბაქანზე ვუცდიდი მატარებელს. გვერდით მომიჯდა და საფეთქელზე მაკოცა. მერე ჩემი თავი კალთაში ჩაიდო, ფეხები ზემოთ ამოვაწყვე. თავზე მეფერებოდა. ხუთი მატარებელი დავთვალე.
მერე მახსოვს, ყურის ქვეშ კოცნამ გამომაფხიზლა:
- გაიღვიძე, გვიანია უკვე.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი. მაშინ მივხვდი, რომ რაღაცას ვგრძნობდი. რომ მაკლდა, როცა არ იყო ჩემთან. გული მეტკინა.

***

- რატომ იწერ ამ დიალოგებს?
- მინდა და იმიტომ.
- ბავშვი ხარ.
- ჰო, ამბობენ. აქამდე როგორ ვძლებდი უშენოდ?
- უჩემოდ არასდროს ყოფილხარ შენ, მაგრამ რა სჭირს უჩემობას ვერგასაძლები?
- ვერ ვსუნთქავ ნორმალურად უშენოდ.
- კარგი, რა.
- მართლა.
წამიერად გაუჩინარდა. გული გამიჩერდა თითქოს. მერე ისევ გამოჩნდა.
- არაადამიანო! - მივაძახე გაბრაზებულმა.
- წავიდე?
- წადი.
- მერე რამე რომ დაგემართოს, მე დამაბრალებ.
- შენი ბრალი იქნება და...
- რა სულელი ხარ.
ჩემი გაჩერება იყო, მაგრამ არ ჩავედი.
- რატომ არ ჩახვედი?
არაფერი მითქვამს, ისე ჩავეხუტე.
- პატარა, სულელი, ბავშვი ხარ.
თავზე მაკოცა. სიჩუმეში გავიარეთ ერთი სადგური. მერე მითხრა:
- ჩადი ახლა, გადაჯექი და წადი სახლში.
- შენ?
- ჩადი.
- შენ რას იზამ?
- ჩადი, რა...
ავდექი და ჩამოვედი. პირველად დავტოვე ასე.

***

- დაბადების დღეს გილოცავ, ნოემბრიანო.
- მადლობა.
- უჩემობას გისურვებ.
- რა?
- ჰო, თავისუფლებას.
- გაგიჟდი?
- არა, მიყვარხარ.
იმ წამსვე აორთქლდა. ისე უეცრად, რომ მოსმენილი ვერ დავიჯერე. ან არ დავიჯერე. არ მინდოდა დაჯერება და იმიტომ.

***

იმდენ ხანს არ გამოჩნდა, დღეების სათვალავი ამერია. კინაღამ გავგიჟდი. მერე ერთ დღეს ყელთან ნაცნობი არომატი ვიგრძენი.
- შე არაკაცო. არანორმალურო. გინდა, სულ გავგიჟდე? - ვყვიროდი აბსოლუტურად გაუაზრებლად.
- ანუ მაინც გინდა იდიოტური მელოდრამის უფრო იდიოტური საფინალო სცენა?
- არც კი გაბედო შეხება.
- ეს მინდოდა.
- რა?
- აი, ზუსტად ეს მინდოდა გეგრძნო მიუხედავად იმისა, რომ ვკვდები, ისე მინდა ჩაგეხუტო.
- არ მომეკარო.
ჩემს მოპირდაპირედ კარებს მიეყუდა და იქიდან მიყურებდა. კარი გაიღო და შიშისგან კინაღამ გული გამისკდა. წამოვიყვირე.
- რა მოხდა, გოგონა? - მკითხა ვიღაც ქალმა.
ის იქ აღარ იყო.

***

- რატომ გაცვია ასე თხლად? - იმ დღის მერე პირველი საუბარი იყო. მარტი.
- არ მაცვია თხლად.
ფრთხილად დაიხარა და ყურს ოდნავ ქვემოთ მაკოცა. ცხელი ტუჩების შეხებამ საშინელ ჟრუანტელად დამიარა მთელ სხეულში.
შეუძლებელია, ასეთ დროს რამე კონკრეტული დაიმახსოვრო. ვგრძნობდი ხელების ქაოტურ მოძრაობას სხეულზე. ვგრძნობდი, როგორ იწევდა ჩემი თხელი კაბა მაღლა. ვგრძნობდი შეხებას და მწველ კვალს, რომელსაც ეს შეხება მიტოვებდა. ვგრძნობდი შიშს. ერთდროულად ყველაფრის შიშს, დაწყების, დამთავრების, შეცდომის, სისწორის შიშს, მაგრამ არაფერს ვეწინააღმდეგებოდი. ვხსნიდი ყველა კარს და სარკმელს იმ უთვალავი ემოციისთვის, რომელიც უნდა მიმეღო. ჰოდა, სწორი იყო ეს ყველაფერი. ყველა შეხება, ყველა ამოსუნთქვა, ყველა ტკივილი... ვიგრძენი, როგორ ავივსე მისით. მაშინ მეგონა, რომ ყველა უჯრედი სიცოცხლით მქონდა სავსე.
პირდაპირ მეტროს ბაქანზე გვქონდა სექსი. როცა ყველაფერი დამთავრდა, ჩემ გვერდით მიეყუდა კედელს და დიდხანს, ძალიან დიდხანს არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
მერე ჩემი ორივე ხელი აიღო, თითებზე მაკოცა. რამდენიმე წუთს თვალდახუჭული იდგა ტუჩებთან ჩემი თითებით და ვგრძნობდი, როგორ სუნთქავდა. თვალები დავხუჭე.
რომ გავახილე, როგორც ყოველთვის...

***

- ნამდვილი ნაბი*ვარი ვარ, - მითხრა მეორე დღეს და მე ვიგრძენი, როგორ ვერ მიყურებდა თვალებში.
- რატომ?
- კარგი, რა...
- მოიცადე, შემომხედე, - ვუთხარი და მისი სახე მოვიქციე ხელებში. გაეცინა, - რა გაცინებს?
- როგორ მიყვარს შენი პატარა ხელები, რომ იცოდე.
ვეღარაფერი ვთქვი. ისევ მან გააგრძელა:
- აი, ამიტომ, მადმუაზელ. არ უნდა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე.
- არ გინდოდა?
- ეგ სხვა საკითხია.
- პირდაპირ კავშირშია.
- ნაბი*ვარი ვარ. გამოთაყვანებული იდიოტი.
- მომისმინე, გამოთაყვანებულო იდიოტო. ყველაზე სუფთა და ნამდვილი რამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ, მოკეტე, თუ შეიძლება.
- მეც მაგას ვამბობ. სინამდვილეში, ცხოვრებაში არაფერი ამდენად აბსურდული არ გქონია, - მითხრა და აორთქლდა.

***
- ყველაზე კარგი ხარ, მადმუაზელ.
- რა?

***
- მაპატიე, რა.
- რა გაპატიო?
- ყველაფერი.

***
- მაპატიე.
- რა?

***
- ვერ შევძელი...

***
- ჩემი ყველაზე ნამდვილი ბედნიერება ხარ, მადმუაზელ.

***
- აზრი არ ჰქონდა არაფერს.

***
- მე გავნულდი. შემ გაივსე.

***
- დამპირდი, - მითხრა და მეტროს ბაქანზე, კედელთან ხელებს ისე დაეყრდნო, რომ მათ შორის მე მოვქცეულიყავი.
- რას დაგპირდე?
- რომ კარგად იქნები უჩემოდ.
- უშენოდ?
- დამპირდი.
- ვერ ვიქნები.
- დამპირდი-მეთქი.
- კარგი, გპირდები.
- დამპირდი, რომ ამ სისულელეს აღარ გაიმეორებ.
- გპირდები.
- დამპირდი, რომ გეყვარება.
- გპირდები.
- ძალიან.
- რა?
- დამპირდი!
- გპირდები.
- დამპირდი, რომ არავის მისცემ უფლებას, გატკინოს.
- გპირდები.
- დამპირდი, რომ არ იტირებ.
- უკვე ვტირი.
- დამპირდი-მეთქი.
- გპირდები, კარგი.
- დამპირდი, რომ არ ინანებ.
- არ ვნანობ.
- არც ინანებ.
- არ ვინანებ.
- დამპირდი, რომ ბედნიერებისგან მთელ სამყაროს გაანათებ.
- გპირდები.
- დაიფიცე.
- შენ თავს ვფიცავარ.
- ჩემო პატარა...
შუბლზე მაკოცა.
მერე ნელ-ნელა უკან დაიხია.
- მიყვარხართ, მადმუაზელ! - მითხრა სიცილით.
ხელები გაშალა და...
პირდაპირ
ზურგით
....

"გადახტა! ღმერთო, ჩემო, გადახტა!" - ვღრიალებდი და უმისამართოდ ვიქნევდი ხელებს. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.
- ვინ გადახტა, გოგონა, რას ამბობ? - მითხრეს საიდანღაც.
- აი ის, ახლა, წამის წინ. გადახტა...
- გეშლება რაღაც. კარგადაა ყველაფერი. არავინ არსად არ გადამხტარა.
- როგორ არა, გადახტა, - ტირილს ვერ ვწყვეტდი მე.
- რას ამბობ, შვილო. აქ ვინმე მატარებელს შეუვარდა და ჩვენ აქ ასე წყნარად ვართ?
- კი მაგრამ, გადახტა!
გადახტა...
გადახტა...
გა-და-ხტა.
გადახტა.

***
შემდეგი სადგური - ქრონიკული შიზოფრენია.
ბოლო გაჩერება. გთხოვთ, დაცალოთ ვაგონები.



№1  offline წევრი dona gedi

ძაან მაგარი იყო)) ვგიჯდები ესეთ მოთხრობებზე^^

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს რა იყო?! შე მართლა გიჟო, გინდა სხვებიც გადარიო ხო? რა გინდა შენ აქ, ამ ბინძურ და ყოვედღიურობით გაბინძურებულ სამყაროში? არადა, ისეთი არაფერიაო...მდაა....მოიცა,ახლა მოვრჩი კითხვას. დიდი შანსია მერე უფრო გავიაზრო რაც წავიკითხე. ისე კითხვისას და ბოლოს დავასკვენი, რომ მეც კაი შოზოფრენიკი ვარ, თან შეგნებული:). კაი გოგო ხარ შენ. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ყველა შენი მოჩვენება და ის,რასაც დღეს ქრონიკულ შოზოფრენიას "აბრალებ" რეალურად გამოცდი :* :* :*.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ღმერთო ჩემო!
თეო, შენ მე გამაგიჟე!
ეს არ ვიცი რა იყო. აი ყველფერი იყო.
მილიარდჯერ მივუბრუნდები მადმუაზელს და მუსიეს.
ათასი რამ მაქვს სათქმელი და ვერაფერს ვამბობ.
სასწაული ისტორია იყო, სასწაული! <3

 


№4  offline წევრი KaTE:))

სიტყვები ზედმეტია!
როგორც ყოველთვის საუკეთესო!
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვერ წარმოიდგენ როგორ გულზე მომხვდა შენი შიზოფრენია♥♥♥

 


№6  offline წევრი Archive

შენ რომ გკითხულობ მუსიკას ვარჩევ. უჰუჰუუუ

 


№7  offline წევრი LoNdA DM

ღმერთო ასეთი არაფერი წამიკითხავს ძაან მაგარია. მაგარი ხარ

 


№8  offline წევრი maridb

უზომოდ კარგიაა მაგრად მომეწონაა<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№9  offline წევრი yvavi

გიჟი ხარ <3
აი აი რაღაცნაირი იყო, სხვა სამყაროში გადამაგდო (ჩემ მწვანე გალაქტიკებში :დდ )
აი ესაა ნიჭი :3 იმედი მაქვს ნიჭს გამოასხივებ და ცოტა მეც გადმომედება :3 :დდ
გენიოსი ხარ :3 მიყვარხარ <3

 


№10  offline წევრი aneta

ამავსე ემოციით :*

 


№11  offline მოდერი malena

არა სახელი, არა გვარი, არა ასაკი, არა გარეგნობა და ყველაფერი თან. ცუდად ვაააარ. ეს "გასული" ავტორები ბოლოს მიღებთ რაა... :)

 


№12  offline მოდერი nicol

არც კი ვიცი რა ვთქვა...
ან როგორ უნდა ვთქვა?
დაახლოებით ხუთჯერ დავაწყვე თითები კლავიატურაზე და ხუთჯერვე ავიღე. მერე ვიფიქრე, ეს ისეთი რამეა რომ ამაზე კომენტარიც ზედმეტია-მეთქი... მაგრამ უკომენტაროდ როგორ დამეტოვებინა?


უბრალოდ ამაზე მეტის თქმა შეუძლებელია love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline წევრი Lile Lashxia

Dzalian magaria !! <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი once upon

სიტყვები ზედმეტია.
საოცარი წერის სტილი გაქვს <3

 


№15  offline წევრი ფორთოხალი

ვაიმე, ბაიებო, მეგობრებო, ხალხო, მადლობა ყველას ბევრი ბევრი უზომო!
გრაფინია, მადლობები სურვილებისთვის. :3
ვანილიანო, მიყვარხარ ძალიან <3
Archive
შენ რომ გკითხულობ მუსიკას ვარჩევ. უჰუჰუუუ

მე და მუსიკა ისე ვართ, როგორც... არა ვერ მოვიფიქრე შედარება :33 მაგრამ ისედაც მიხვდები, როგორც ვართ.
ყვავო, გამოსხივება მავნეა ^_^ თან რო წარმოვიდგინე, ახლა ვდგავარ და ვასხივებ, ძაან გამეცინა.

მალენა, :))))) გასული ვარ, გაასულიი ^^ ზუსტად.
ნიკოლ, ყველაზე მეტად მიხარია, სიტყვებს რო ვერ პოულობენ ხოლმე ^_^

იგი'ვ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი ისე გაიგე, როგორც საჭირო იყო. მადლობა <3

მადლობა, ადამიანებო, ყველას, ყველას თითოეული სიტყვისთვის!

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

აბა ამ მოთხრობის კითხვისას ვის დაგისველდათ? wink wink wink wink wink
აუ, ძალიან უცნაური და მაგარი იყო... მართლა მომეწონა.
იმ უცნობის უცნაურობამ მომხიბლა და მიმიზიდა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი რომ იყო და ამან ჩამაკითხვინა უფრო თავი ბოლომდე.
ძალიან ძალიან მაგარია <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


რამდენი წამიკითხავს შენი შემოქმედებიდან..
მაგრამ ეს..
იყო..
არ ვიცი,ალბათ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია..
შენი საქმეა,წერო! დაუსრულებლად.. love
ლააააააააააავვ love

 


№18  offline წევრი psychosocial

უბრალოდ შოკში ვაარ !!! <3

 


№19 სტუმარი black

Portoxalooo dzaan Kai car;*

 


№20  offline წევრი N7

სასწაული გოგო ხარ.
მეტი რა მეთქმის?
პირდაპირ სასწაული!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№21  offline წევრი ფორთოხალი

ვაიმე ხააალხოო <3
არ გაიშვა ჩემი სასწაულობა არსად :3 მადლობები რა ❤❤❤❤

 


№22  offline მოდერი წითური გოგონა

საოცრება იყო!
დასასრულმა აღმაფრთოვანა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№23  offline ადმინი შამანი

თავიდან ჩვეულებრივ ვკითხულობდი,შენს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვის წაკითხვით ვიღებდი სიამოვნებას,მაგრამ აი ბოლოს უეცრად ტირილი ამივარდა.არ გეგონოს მანამდე ვიკავებდი ცრემლებს და ბოლოს ვეღარ შევძელი მისი შეკავება,არა! სულაც არ მეტირებოდა,პირიქით...მაგრამ,როდესაც ის გადახტა ისე უეცრად ამივარდა ტირილი მე თვითონ გაკვირვებული დავრჩი.
უნიჭიერესი და უძლიერესი ხარ!!! ძალიან მიყვარხარ,მაგრამ ამ ისტორიის მერე უფრო ძლიერ შემიყვარდი!!!!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№24  offline წევრი lisebeth

ძაან საინტერესო იყო... სიმართლე გითხრა ამ საიტზე ამდენად ღრმა ჯერ არაფერი წამიკითხავს

ყოჩაღ ❤❤❤❤

არასდროს არ დაწერო ამაზე ნაკლები და არასდროს მისცე შენს თავს უფლება ე.წ "მეზღაპრე" გახდე.... არ გეპატიება იცოდე ❤❤❤ წარმატებები ❤❤❤

 


№25 სტუმარი თიკა

ვაიმე..
ეს ისტორია ყველაზე კარგია ამ საიტზე *___*

 


№26  offline ადმინი უნდა ვწერო

თეონა, შენს ნაწერებში ეს ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია...და არა მარტო შენებში..გამაგიჟე....არ ვიცი რა ვთქვა...ასეთი ემოცია ჯერ არც ერთი ისტორიიდან არ დამრჩენია..ვეცდები შენზე...სასწაული ხარ!

 


№27  offline მოდერი chica sol

ღმერთო ჩემო!
ვინ ხარ? საიდან მოხვედი? რა არსება ხარ?
მე არ ვიცი საიდან მოგდის ასეთი ისტორიის დასაწერად ძალა, ემოციები, ფანტაზია, უნარი...
გადამრიე...
გოგა მომკლავს, მაგრამ მაინც გეტყვი, რა გინდა შენ ამ საიტზე? მე მინდა ვნახო შენი ავტირობით წიგნები, მინდა დავესწრო მის პრეზენტაციას...
ხომ გქონია პატარაობაში ის შეგრძნება, ყელში ბურთი რომ გაქვს გაჩხერილი და ვერაფრის დიდებით ვერ ვყლაპავ დაგროვილ ნერწყვს? აი, ასე ვარ ზუსტად... მევ ვკიოდი "გადახტა, გადახტა, გა-დახ-ტა..." მაგრამ სწორედ ამ დიდ ბურთად შერაცხულმა ბოღმამ ჩამიგდო ხმა... ერთი კარგად ვიტირე ამ შუა ღამეს და აკანკალებული თითებით გიწერ ამ კომენტარს.
ვფიქრობ და ვერ გამიგია, რა ადამიანი ხარ ასეთი? უკვე მესამე ისტორიაა ეს შენი, რაც წავიკითხე და გულ-მუცელი ამეწვა. ისეთ რაღაცას მმართებ, რომ მეც კი მიჭირს ახსნა...
პ.ს. ნიკი რომ შეიცვალო არა? რაღაც არაამქვეყნიერი დაირქვი, რაღაც სრულყოფილების აღმწერი...
შენ მე გადამრიე❤❤❤❤

 


№28 სტუმარი NBAVote Zaza Pachulia

მიუხედავად იმისა რომ დრამა მკლავს, მითუმეტეს ფსიქოლოგიური დრამა ოფიციალრუად ვაცხადებ, ვ....ვდები შენი წერის სტილზე და დიალოგებზე.

 


№29  offline წევრი teddy))

ძალიან, ძალიან კარგი იყო! სხვანაირი... ,, ნუ მიეყრდნობით" ამ სიტყვებზე უკვე ორი რაღაც გამახსენდება! ყოჩაღ!

 


№30  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

^_________^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent