ნაკვალევი (3 თავი)
მესამე თავი ვიზრდებოდით, მე უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი, სალომე თოთხმეტის. რამდენიმე დღეში სკოლიდან გვითხოვდნენ. იწყებოდა უსაქმურობისა და გართობის გრძელი სამი თვე. ჩემი მშობლებისთვის, რომ გეკითხათ: - ისედაც ქრონიკულად ვისვენებდი. ძალიან მიყვარდა ზაფხული. უბანი ხალხით ივსებოდა. საღამოობით სხვა და სხვა სახის თამაშებს ვიგონებდით, ფეხბურთს, კალათბურთს. როცა გოგოებიც გვიერთდებოდნენ მაშინ „ბრისლი-მიაუსა“ და „ამის პატრონმა რა ქნას“ -საც ვთამაშობდით. ეს იყო გასართობი, როცა საშუალება გვეძლეოდა ვინც მოგვწონდა მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით, ჩვენთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა, ან კარგ შემთხვევაში, თუ გაგვიმართლებდა გვეკოცნა კიდევაც. იმ იმედით, რომ სალომეს ვნახავდი მის უბანში ვიჯექი. თუმცა ის ტრადიციას არც ამჯერად ღალატობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხიარულებაში მისი მეგობრებიც გვიერთდებოდნენ, გარეთ გამოსვლით თავს არ იწუხებდა. - სალომე სად არის? - მოვიკითხე ერთხელ მის დაქალთან. - ალბათ, წიგნებს კითხულობს! - მოკლედ მიპასუხა გვანცამ და კარტის დარიგება განაგრძო. ჩუმად გამოვეყავი ჯგუფს და მისი სახლისკენ გავძვერი, ფანჯრები ღია ქონდა. ფარდები ნახევრად გადაწეული. დავინახე სავარძელზე წამოგორებული სალომე. ყურებზე ყურსაცმები ეკეთა. ფეხებს მელოდიას აყოლებდა და თან წიგნს კითხულობდა. მოკლე შორტები ეცვა. მისი შიშველი ფეხების დანახვაზე სუნთქვა შემეკრა. ასე გამომწვევად ჩაცმული ადრე არასოდეს მენახა. გარეთ როგორც წესი ჩაფართხუნებული ჯინსებით ან სკოლის ფორმით მყავდა ნანახი. წვრილ ბრეტელიანი მაისური ოდნავ უფარავდა მკერდს. არ ვიცი ზუსტად რა მომივიდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, მის ფანჯარას მივეწებე. ძნელია იმის თქმა, თუ ამ დღიდან მოყოლებული რამდენი ღამე გავათენე მის ფანჯრებთან. კედელს იქით სალომეს უცნობი სამყარო იყო. იქ სრულიად განსხვავებული გოგონა ცხოვრობდა. ბევრად უფრო თამამი, ქალური ქცევებით. ერთი აღმოჩანაც გავაკეთე, თურმე დღიურს წერდა. რამდენიმეჯერ დავინახე, როგორ გატაცებით აკეთებდა ჩანაწერებს. მომენტებში სასაცილოდ წითლდებოდა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა ისე მინდოდა მისი ნაწერების წაკითხვა. ეხლა მივხვდი რატომ აფარებდა ოთახის ფარდებს, თითქოს არ სურდა მისი არსი სხვას დაენახა. - მაგარი მოსაწევი ვიშოვე! - ჩუმად მითხრა ერთხელ მამუკამ. - მართლა? ეხლა აქ გაქვს? - ჰო, ჯიბეში... წამოდი ვახოს სახლის უკან შევძვრეთ და ... სიტყვა აღარ დავამთავრებინე. ორივენი სახლის უკან გავედით. სალომეს ფანჯრები დახურული ქონდა, საფრთხე არ გვემუქრებოდა. ვინმე რომ არ წამოგვდგომოდა თავზე ერთმანეთს ყარაულში ვედექით და ისე ვეწეოდით. ცოტა ხანში კაიფში მყოფებმა სიფრთხილის ნორმებიც დავივიწყეთ. სხვადასხვა, უაზრო ამბები გვახსენდებოდა და სულელებივით ვიცინოდით. ალბათ, ჩვენი სიცილისა და როხროხის ხმა სახლშიც გაიგონეს და სალომეს ფანჯრებიც გაიხსნა: - მანდ რას აკეთებთ?! - გავიგონეთ მისი გაოცებული ხმაც. ჩვენ ისევ ვიცინოდით და ვერაფრით ვჩერდებოდით. - რა ჭირთ?! - გვესმის ისევ მისი ხმა და იქვე ვახოს გაბურძგნილ თავსაც ვარჩევთ. როგორც წესი თმები ყოველთვის დავარცხნილი ქონდა და ეხლა რატომ უჩანდა ასე ვერაფრით მივხვდი. - ეეე. აკვირდები რამხელა თავი აქვს?! - ხითხითებს მამუკა. სიცილიგან ცრემლები მომდის. ვეღარ ვიგებ ვტირივარ თუ ვიცინივარ. მეჩვენება თითქოს სალომე და ვახო ერთი ადამიანია, ორი თავით. ხან ერთი მელაპარაკება და ხან მეორე. - წადი, ამოიყვანე ზემოთ. ვინმემ არ ნახოს რა დღეშიც არიან! - მესმის შეშფოთებული ხმა და ძალიან მსიამოვნებს. სალომეს ოთახში შევედით. ისევ ისტერიულად ვიცინივართ. ყველაფერს ხელს ვკიდებთ. თმებზე მის სარჭებს ვიმაგრებთ, ყურებზე საყურეებს ვიბნევთ, ვტინგიცობთ. სალომე კი დუმდა და ჩუმად გვიყურებდა ორივეს. გვეცინება. უცებ თავი მეცოდება. სევდა მაწვება. თვალებში ვუმზერ და ვხვდები, რაღაც ტკივა. ის მამუკას უმზერს და ცრემლები მოსდის. ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო. ოდნავ გაწითლდა. მისი დიდი შავი თვალებით შემომხედა. ინსტიქტურად სიცილი შევწყვიტე. დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე. არ ვიცი რა დავინახე, თითქოს მსაყვედურობდა. რაღაცას მევედრებოდა მე კი ისე ვიყავი გაბრუებული მისი მუდარა არ მესმოდა. ტიროდა, ცრემლებს უხმოდ ყლაპავდა. ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ არაფერს გვეუბნება. - კარგი რა სალო, არ მოგწყინდა? - გაღიზიანდა რაღაცაზე მამუკა. გოგონამ კითხვით შეხედა. - ჩაგვირთე კარგი რამე, ისეთი ბიჭებს რომ გაგვისწორდეს. ხომ არ შეიძლება სულს ასეთი „პრავილნი“ იყო?!... - შენც ასე ფიქრობ, სულ „პრავილნი“ ვარ? - ოდნავ ცინიკურად, იქნებ ზიზღითაც კი მეკითხება ის. უჯრიდან კასეტების შეკვრას იღებს და მაწვდის: - გამომართვით, აირჩიეთ ბიჭებმა, კაიფს ხომ არ გაიფუჭებთ, ნახეთ რაც გაგისწორდებათ! - არ მომჩვენებია, ეს სიტყვები მართლაც ზიზღით მოგვიგდო. ამ წუთში მამუკაც კი ეზიზღებოდა. ის მამუკა, რომელსაც ყოველთვის ეხვეწებოდა გაეცინა, მეც ვეზიზღებოდი, ვახოც და ალბათ საკუთარი თავიც ჩვენი ყურება რომ უწევდა. - მიხედე, რამე არ დააზიანონ, ცოტა გამოვოდნენ მდგომარეობიდან და შემდეგ გაუშვი! - მოაძახა ვახოს და ოთახიდან გავარდა. მისი არ ყოფნით ვისარგებლე და იქვე, ტუმბოზე დადებულ დღიურს დავწვდი. - გაგიჟდება სალომე ეს შენს ხელში რომ ნახოს. - მაფრთხილებს ვახო. - ცნობისმოყვარეობით ვკვდები, უნდა წავიკითხო. - მუდარით ვიმზერ მას. ვახოს ეცინება: - ჯანდაბას შენი თავი, თუ გაიგო რომ წაიკითხე, ერთი კარგი ჩხუბი არ ამცდება, მაგრამ არა უშავს გადავიტან როგორმე. - თვალი ჩამიკრა და კმაყოფილი გაიკრიჭა. დღიური, სქელ ყდიანი, ალბათ ას ფურცლიანი, წიგნის მსგავსი რვეული იყო. სალომეს ლამაზი კალიგრაფია ქონდა. მრგვალი, კოხტა ასოებით ნაწერი სტრიქონები ერთმანეთს მიყვებოდა. თავიდან უყურადღებოდ გადავათვალიერე, თუმცა სადღაც შუაში საკუთარი სახელი შევნიშნე. სხეულში დამიარა: - ჩემზე წერს? - ვეცადე აზრი მომეკრიბა, იქვე ჩავიცუქცე, კედელს მივეყუდე და კითხვა დავიწყე: -„1997 წლის 14 ივნისი. - ათარიღებდა ის ჩანაწერს - გამარჯობა ჩემო ერთად-ერთო, ყველაზე ერთგულო მეგობარო. აი, ისევ შემომიტია სევდამ. რა ვქნა? შენს გარდა ვერავის ვესაუბრები. თავგზა ამერია, ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე. დღეს ისევ ვნახე. გული მიჩერდება, სუნთქვა მიჭირს. მგონია გავლისას რამეს ფეხს წამოვკრავ და წავიქცევი. გვრძნობ როგორ მეჭიმება თითოეული კუნთი, ძარღვი. ვიბღინძები და ვცდილობ მისკენ თვალი არ გამექცეს. თითქოს მეშინია, თავი არ გავყიდო. არ მიხვდეს რას ვგრძნობ. მივდივარ და მის მზერას ვგრძნობ, თითქოს მწვავს. ჟრუანტელი მივლის. სწრაფად გავრბივარ, რომ... ერთხელ მკითხა: - ჩემი გეშინია? ალბათ, ვერც გააცნობიერა, თავისდაუნებურად რამხელა სიმართლე მითხრა. ის მართალია, მეშინია, ოღონდ არა მისი, არამედ საკუთარი თავის. მეშინია არ მიხვდეს როგორ მოქმედებს ჩემზე მისი სიახლოვე. ვიბნევი, აზრებს თავს ვერ ვუყრი. ასეთი რამ სხვებთან ურთიერთობისას არ მემართება. თითქოს ყოველთვის თამამი ვიყავი, თბილი, მოსიყვარულე. რა მჭირს? თუმცა ამ კითხვაზე გვანცამ დიდი ხანია ნახა პასუხი. უკვე მერამდენედ მეუბნება: - შეყვარებული ხარო. სასაცილოა. მე და შეყვარებული? შეუძლებელია. მას ვერ შევიყვარებ. არ მინდა მეტკინოს. არ მინდა დამცინოს. ჩემი გრძნობები აიგდოს. მაგრამ ვერც მასზე ფიქრებს ვიშორებ. რა ვქნა? უკვე მერამდენედ ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვპოულოდ. უნებურად ისევ მის სახელს ვბუტბუტებ: თემო.. მე და თემო?! აი, ისევ სულელივით მეღიმება. საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მაღიზიანებს. ვბრაზდები ჩემს თავზე, ვბრაზდები მასზე ასე რომ შემაყვარა თავი. ვბრაზდები მასზე ფირებს რომ ვერ ვიგდებ თავიდან, ვბრაზდები ყველაზე და ყველაფერზე. ვბრაზდები და ვხვდები, რომ მის გარეშე არ შემიძლია.“ ნაწერებს ისე ვკოცნიდი თითქოს სალომე იყო. რამდენიმეჯერ გადავიკითხე, ვერ გამოვხატავ იმ სიხარულს რასაც მაშინ განვიცდიდი. ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი. რომ შემძლებოდა ბოლო ხმაზე ვიყვირებდი, რომ მიყვარდა. დღიური ადგილზე დავაბრუნე. თითქოს არც შევხებივარ. ემოციები ვეღარ შევიკავე და ვახოს ჩავეხუტე: - ძმა ხარ! - ვეუბნებოდი და მხარზე ხელს ვუტყაპუნებდი. - კარგი, საკმარისია, მისი სიყვარულით მე ნუ გამჭყლიტავ. არ უთხრა, წაკითხვის უფლება მე რომ მოგეცი. - სიცილით ისევ გამაფრთხილა მან. იმ საღამოს წასვლა არჩ კი გვიფიქრია. დიდხანს ვიცინოდით. ვეღარ გავიგე, როდის ჩაგვეძინა. ღამე იყო როცა გავიღვიძე. უცებ ვერ მივხვდი სად ვიყავი. სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ სავარძელზე ვიწექი. ვიღაცის ფეხი აშკარად კისერზე მედო. ეს მამუკა იყო. სარწეველა სავარძელში სალომეს ჩასძინებოდა. ვახოს სკამი კარებზე მიედგა, მაგიდაზე ედო თავი და ისე თვლემდა. ძალიან შემრცხვა. ალბათ ჩვენ ვერ დაგვტოვეს და გვდარაჯობდნენ. მართლა შემრცხვა ასე რომ შევაწუხე, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებდა ჩვენზე რომ ზრუნავდნენ. შიმშილმა შემაწუხა. უნორმოდ მშიოდა. მივჩერებოდი მის სახეს და ბედნიერი ვიყავი. ისე მშვიდად ეძინა. წითელი ტუჩები ოდნავ გახსნილი ქონდა და გვერდულად ვიღაცას უღიმოდა. მისი სიზმრის მშურდა. იმის, ვისაც ეს ღიმილი ეკუთვნოდა. ვცადე წამოვმდგარიყავი, როგორმე ისე გამოვმძვრალიყავი, რომ მამუკა არ გამეღვიძებინა, მაგრამ არ გამომივიდა. - რას შვრები შე-ჩემა? გადმოვვარდები! - დუდღუნებდა ის. - ჩუმათ, ჩუ... - ვცდილობდი პირი მეპოვა და ხელი დამეფარებინა, არ გამომივიდა. ვახომ ოთახში სინათლე ჩართო. სალომემაც გაიღვიძა. უხერხულად შეიშმუშნა. - კარგად ხართ? - დაღლილი ხმით გვეკითხებოდა ის. - აბა რა, ტო! რას გვატყობ ცოდად ყოფნის? - ანგლობს მამუკა - პროსტო მშია. შენ არა? - მეკითხება მე. შიმშილზე აღარ ვფიქრობ. რადგან ვხედავ, რომ სალომეში რაღაც შეიცვალა. უცნაური სევდა აქვს თვალებში. - დიდი ხანია რაც ეწევით? - უცებ ზრდასრული ადამიანივით გვეკითხება ის. - ნოტაციებს იწყებ? - ღიზიანდება მამუკა. - არა, მაგას როგორ გაკადრებთ! - ირონიით პასუხობს სალომე. - იქნებ, როგორმე მოიშორით ეგ ნაგავი, აღარ გაეკაროთ!... - თითქმის გვეხვეწება ის. თუმცა მისი მუდარა მამუკაზე დიდად არ მოქმედებს. არადა სალომეს მზერაში იმხელა ტკივილია, იმხელა მუდარაა ჩაქსოვილი, შემრცხვა და თავი დავხარე. - თემო, გემუდარები! - ხმა გაებზარა მას. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელით მომმართა. პირველად მთხოვა რაღაც. ზუსტად ვიცოდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი. ოღონდ მისი ასეთი მზერა აღარ მენახა. ოღონდ ასე არ შემოეხედა. თითქოს იმედი გავუცრუე. თითქოს ისეთი არ ვიყავი მას რომ წარმოვედგინე. არადა მე სწორედ მისი გმირი მინდოდა ვყოფილიყავი. თვალებში ვუმზერდი. აღარაფერი უთქვამს. არც მზერა აურიდებია. არის მომენტი როცა სიტყვები ზედმეტი და უადგილოა. არაფერს დავპირებივარ. არაფერი დამიფიცია. უბრალოდ ვიცოდი, რომ ნარკოტიკს ახლოსაც აღარ გავეკარებოდი. ზოგჯერ მხოლოდ ერთი საღამოა საკმარისი ადამიანის ცხოვრების მთლიანად შესაცვლელად. ზოგჯერ უსიტყვო მზერაც გყოფნის რათა ყველაფერი ხელახლა გადააფასო. რა მელოდა წინ? როდემდე შეიძლებოდა ასეთი ავარა ცხოვრებით მევლო? მომბეზრდა. აღარ მსიამოვნებდა ქუჩა-ქუჩა „უპონტოდ“ ხეტიალი. ვიღაცაზე ქილიკი, მუდმივად ჩემი უპირატესობის მტკიცება. რაც მთავარია ზუსტად ვიცოდი, რომ არ შემეძლო სალომეს გარეშე ყოფნა. ეს გოგონა უხილავი ძაფებით მის ჭკუაზე მათამაშებდა. მაღიზიანებდა მამალაძე მისი უადგილო ხუმრობებით. თუმცა ვცდილობდი მომეთმინა, რამდენიმეჯერ ვურჩიე სალომესთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემმა შენიშვნებმა შედეგი ვერ გამოიღო. ის ისევ აგრძელებდა მის დამცირებას. ერთხელ როცა სახლიდან გამოვედი, მამალაძის ხმა გავიგე: - ეი, ვეშოლკა გამარჯობას არ კადრულობ? - გამომწვევი ტონით გასძახა ქუჩაში მიმავალ სალომეს. გოგონას ხმა არ ამოუღია. ირონიულად გამოხედა და ეცადა სწრაფი ნაბიჯით მოშორებოდა, თუმცა მამალაძე წინ გადაუდგა: - არ გესმის? შენ გელაპარაკები. მათი მიმართულებით დავიძარი, სალომე ჩემსკენ ზურგით იდგა, ვერ მხედავდა. მისი ხმა გარკვევით მესმოდა: - მამალაძე ლოტოს კოჭო, კარგად მომისმინე რასაც გეტყვი. შენთვისვე ჯობია თავი დამანებო! - რას მიზავ, რო?! - ირონიულად ეკითხება ვაჟი. - შენსავით გასიებული, მეტრახუთი ნახტომში მაინც არ ვარ! - დამცინავი ხმით ეუბნება ქალი. - შენისთანებს გამარჯობას არ ვეუბნები და არც ვეტყვი. ტოლი იცოდე, მე რომ დამინახავ ჯობია ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე და თვალებში არ გამეჩხირო! - ისეთი ღვარძლითა და მუქარით ეუბნებოდა ამ სიტყვებს, რომ სიტყვას ძალა რომ ქონოდა, ალბათ მამალაძეს ადგილზე გაანადგურებდა. უნდა ავღნიშნო, რომ ბიჭი ყურებიანად გაწითლდა სიბრაზისგან. მეც შემამჩია რომ ვუახლოვდებოდი და სალომეს პასუხი არ დაუბრუნა. - გამარჯობათ! - შორიდანვე მივესალმე, თითქოს არ მესმოდა მათი კამათი. სალამზე არც ერთმა არ მიპასუხა, ერთმანეთს მტრულად უმზერდნენ და თვალებით ბურღავდნენ. - მოხდა რამე? - არაფერი. - მომიგდო პასუხად სალომემ და სწრაფად მოგვშორდა. - ამ გოგოს მწარედ ვანანებ ყველაფერს! - კბილებში გამოცრა მამალაძემ. - არც კი იფიქრო! - მუქარით ვეუბნები - მეტიც არ მინდა რამე დაუშავო!.... - აღარ ვასრულებ წინადადებას, თუმცა დარწმუნებული ვარ მამალაძე ხვდება, რომ ხუმრობის განწყობაზე არ ვარ და გაჩუმებას ამჯობინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.