თუ ეშმაკი გზას მოგიჭრის (სრულად)
ადამიანის ცხოვრება მუდმივად სინათლისა და წყვდიადის გასაყართან მერყეობს. გზას ჩვენ ვირჩევთ. ჩვენ ვართ ჩვენივე თავის, ჩვენსავე სურვილებისა და მისწრაფებების მონა. რწმენასა და ფაქტებს შორის არჩევანს ვაკეთებთ და ამის მიხედვით მივდივართ შესაბამის გზაზე. ხშირად არც ვიცით რატომ ვაკეთებთ არჩევანს და უბრალოდ ვამბობთ ‘’არჩევანი არ მქონდა!’’. თუმცა არჩევანი ყოველთვის არსებობს. სწორი ან არასწორი, მაგრამ ჩვენი არჩევანი... ჩვენსავე ნებით გაკეთებული არჩევანი... შუაღამის სამი საათი იყო. მთვარის შუქი გახლდათ ერთადერთი, რომელიც ოთახში არსებულ სრულ საგიჟეთს ნათელს ჰფენდა. ყველაფერი ისეთი უჟმური, ბნელი და მეტისმეტად შემაძრწუნებელი იყო, რომ ადამიანს ძარღვებში სისხლს გაუყინავდა. უცნაური ადამიანი იყო ვერონიკა და ასეთივე უცნაური შესახედი მის გარშემო არსებული სივრცეც. კედელთან მიდგმულ ძველისძველ მაგიდაზე სანათი პატრონს ჩართული დარჩენოდა. ზემოდან დაჭმუჭნული, მელანგადასხმული და მიმობნეული ათასი ფურცელი ეყარა. ზოგი მათგანი იატაკზეც გადმოცვენილიყო. სკამი გადაყირავებული ეგდო ძირს. ფარდაზე ამოქარგული ფიგურების ლანდები ეშმაკის მოციქულებივით დახტუნავდნენ კედლებზე. განსაკუთრებით შემზარავი მაშინ იყო როდესაც სიო ქსოვილს ააფრიალებდა. ნაცრისფერ თეთრეულში გამოხვეული სუსტი სხეული წრიალებდა და კვნესოდა. სახე ოფლის ცვარს დაენამა. დროგამოშვებით რაღაც წამოძახილებიც გაისმებოდა ხოლმე. აშკარა იყო გოგონა სიზმარს ებრძოდა. რამდენიმე წუთს ასე გასტანა და ბოლოს იმით დაასრულა, რომ საწოლში გიჟივით წამოხტა. გაწეწილი წითური თმები შუბლზე ეფარებოდა. დაჭორფლილი ყვიმალებიდან ველურივით იყურებოდა ფირუზისფერი თვალები. კედელზე მოთამაშე ფიგურებს მზერა გააყოლა. შეშინებულს არ ჰგავდა. უფრო გაუგებრობაში მყოფი ადამიანის იერი ჰქონდა. ძირს გადმოხტა. იქვე მიგდებული ზედა გადაიცვა და ფურცლებში ქექვა დაიწყო. -ისევ იგივე... ერთი და იგივე... დაუსრულებლად... –ნერვიულად აცეცებდა თვალებს და ანგრეულ ქაღალდებში ხელებს უფათურებდა. ისე ჩანდა თითქოს ყველა მათგანზე ეთი რამ ეხატა. უბრალოდ ავტორი ცდილობდა უკეთ გამოსვლოდა, ან რაღაცას გადაასწორებდა ხოლმე, რამეს შეცვლიდა... ერთ-ერთი აიღო და დააცქერდა. ფანქრით იყო შესრულებული. ნახატი კი არა რუკა იყო ან რუკის მსგავსი ‘’რაღაც’’. ჯინსი და ბოტები მოიძებნა. ზედაზე ქურთუკი მოირგო. რაღაც სჭირდებოდა, მაგრამ ისე იყო აღელვებული ვერაფრით მიხვდა რა. თითქოს ინსტინქტურად გამოაღო კარადა და ზურგჩანთას ხელი დაავლო. საწოლის ქვემოდან ფანარი გამოიღო, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუჭნაოდან მოიპარა. ფეხაკრეფით ჩამოიარა კიბეები და გარეთ გამოიპარა. არ უნდოდა თავისიანებს გაეგოთ რას აკეთებდა. პირველ სართულზე მის ძმას და რძალს ეძინათ. ის გოგო კი ისეთი მახვილი სმენის იყო სულაც არ გაუკვირდებოდა ახლა, რომ გამოცხადებოდა თავისი უაზრო შეკითხვებით. ფრთხილად გამოკეტა კარი და ქუჩას გაუყვა. თითქოს ზურგჩანთა ამძიმებდა არა და მხოლოდ ქაჩალდები და რაღაც მაისური ეგდო შიგნით. გზას გაუყვა. თან თავის ჩვევას არ ღალატობდა და ნაბიჯებს ითვლიდა. მთელი მისი არსება ისე იყო მოქცეული თითქოს სამყაროში მის გარდა კაცთა მთელი მოდგმა გადაშენებულიყო. შიში და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გრძნობა ჰქონდა გამქრალი. ბარდიულზე ფეხი გადააბიჯა და ბორბლების გაბმულმა წუილმა ერთიანად დააბრუნა ამ სამყაროში. მზერა გაუქვავდა. იგრძნო როგორ ჩასწყდა მგრძნობელობის უკანასკნელი ძაფიც კი. არ უკივლია... განა შეეძლო და ეს არ გააკეთა? თითქოს ადგილზე გაქვავდა. მოეჩვენა, რომ თავის თავს ზემოდან დახედა. არა ეს თვითონ არ იყო. ეს ის შიში იყო, რომელმაც მისი კანი გახლიჩა და მღრღნელივით შეუძვრა სხეულში. მანქანიდან კაცმა გამოჰყო თავი და გემრიელად შეაგინა. ვინ იცის იქნებ მთვრალიც კი იყო, მაგრამ ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ იმ წამსვე როგორც კი ისევ მარტო დარჩა თავის თავთან მთელი მისი სამყარო განადგურდა. ერთიანად დაიმსხვრა ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სახლიდან გამოვიდა. თითქოს მასში ახალი სული აღმოცენდა. -რას ვაკეთებ? სად მივდივარ? –ისევ დასძახა თავის თავს ზემოდან –უნდა დავბრუნდე უკან. ეს სიგიჟეა. – გზის გამყოფ თეთრ ხაზთან იდგა და არანორმალურივით ფიქრობდა. ცალ ფეხზე შემობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ თითქოს გზის მეორე მხარეს ვიღაც მოეჩვენა. ამჯერად მასში ცნობისმოყვარეობის ქარცეცხლმა იფეთქა და იგრძნო როგორ მოკვდა შიშის ის ნიაღვარი, რომელიც წუთის წინ მასში შესახლდა. მტკიცედ განაგრძო სიარული და მიუახლოვდა. -მე შენ გიცნობ... – ამოთქვა გოგონამ რომელიც სადღაც უკვე ენახა. -მეც. მე შენ გხედავ. ყოველ ღამით –ლამის ამოიკვნესა ვერონიკამ -მე ვიცი სად მიდიხარ. ან სად აპირებ წასვლას. -მეც ვიცი. შენ იქ იყავი... -შენც. ერთმანეთს შევხვდით და ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მარტო არ უნდა წავიდეთ. -ვერონიკა. ჩემი სახელია... -მარიტა. წავიდეთ? – გზა განაგრძო უცნობმა. ვერონიკაც უკან მიჰყვა. მიდიოდნენ და არ საუბრობდნენ. უბრალოდ ასე ხდებოდა. დაძაბული სიტუაცია ჩამოწვა. ეს სიჩუმე უკვე შიშისმომგვრელი იყო. -იქ როდესმე ყოფილხარ? რატომღაც ჩემს სიზმარში მომეჩვენა, რომ... -ვყოფილვარ. – მოკლედ მოუჭრა წინ მიმავალმა და ისევ დადუმდა. კარგა ხანს იარეს ასე. ბოლოს როგორც იქნა მარიტა გაჩერდა. ვერონიკამ ირგვლივ მიმოიხედა. ქუჩა ცარიელი იყო. საათი კი 04:47–ს აჩვენებდა. თაღიან შესასვლელზე ოქროსფერი აბრა იყო აკრული ზედ ლამაზი ასოებით ეწერა ‘’ეროვნული ბიბლიოთეკა’’. გოგონამ საფეხურები აირბინა და კარს მიაწვა. -არ გაიღება. გვიანია და რომ დაგვინახონ დაგვიჭერენ–მიაძახა ვერონიკამ, მაგრამ ‘’მეგობარი’’ ვერ შეაჩერა. გამაოგნებელი იყო, მაგრამ კარი გაიღო. მარიტამ ფანარი აანთო და მასაც ამისკენ მოუწოდა. ვერონიკამ ზურგჩანთიდან ამოაძრო და აანთო. -სად მიდიხარ მარიტა? -საცავში. წიგნი გვჭირდება. -რა წიგნი? -იქ სადაც შენს თავს იპოვნი -ჩემი თავის პოვნა არ მჭირდება. -შენ აქ მოხვედი და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შენი ბედისწერაა. ვერ გაიქცევი... -თუ მინდა გავიქცევი. -არ გაიქცევი –თავი გადააქნია მარიტამ და გზა განაგრძო. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ თანამგზავრი უკან მიჰყვებოდა. რათქმაუნდა ეს ასეც იყო. საცავში შეაბიჯეს. მარიტა თაროებს შორის დადიოდა და წიგნებს ათვალიერებდა. თითებს მოქნილად ამოძრავებდა და ხანდახან ხმამაღლაც წამოიძახებდა სათაურს. ''-თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი''–სახე გაუბრწყინდა გოგონას და წიგნი გამოაძრო. -იპოვე რასაც ეძებდი? -ვეძებდით... იცი ერთხელ ბებიამ რაღაც მიამბო. თურმე ერთ მიყრუებულ სოფელში ობოლი ბიჭუნა ცხოვრობდა. მხოლოდ ბებია-ბაბუაღა ჰყავდა ამ ქვეყნად. მათაც ისე უჭირდათ საბრალო ბავშვს ძლივს ზრდიდნენ. კეთილი და სათნო იყო ბიჭუნა. უყვარდა იმ მეზობლებს, რომლებიც შემორჩენოდნენ იქაურობას. თურმე იქვე ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა, რომელსაც არც შვილი ყავდა და არც ქმარი. მხოლოდ ერთი კატა, რომელსაც ისე უვლიდა თითქოს ოჯახის წევრი იყო. ერთ დილით თურმე ბიჭი შეშას ჩეხავდა ბუხრისთვის. ნაჯახს შეშა აესხლიტა და პირდაპირ იმ კატას მოხვედროდა, რომელიც ბიჭს სულაც არ დაუნახავს რომ იქ იყო. მიმოიხედა ბიჭმა ირგვლივ და თავგაპობილ კატას დააჩერდა. უყვარდა ის ცხოველი თავის მეზობელს და მის გარდა არაფერი გააჩნდა. კატაში საკუთარი თავი დაინახა. განა როგორ მოიქცეოდა ერთ დღესაც ვინმეს ის ახლობელი ადამიანები, რომ წაერთმია ? შეეშინდა ბიჭს. მკვდარ კატას ბალახი მიაფარა და დამალა. იმავე ღამით არ დაიძინა, სახლიდან გამოიპარა და იქვე სახლის კუთხეში დამარხა. ამ ყველაფერს მოწმედ მხოლოდ მთვარე დაჰყურებდა ზეციდან.. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ მის გარდა ეს კიდევ ვიღაცამ იცოდა. იცოდა ისიც, რომ ცოდვა ჩაიდინა. კატა მოუკლა მეზობელს და მერე ისე გააქრო ვერავინ იპოვა. აივანზე დამჯდარი უყურებდა როგორ დასტიროდა ქვრივი თავის საყვარელ მეგობარს და ღმერთს სთხოვდა დამიბრუნეო, მაგრამ განა შეეძლო დაებრუნებინა ის რაც ბიჭმა წაართვა? ბავშვი კი იტანჯებოდა. რაღაც არ ასვენებდა. ხანდახან ღამით საბნის ქვეშ ტიროდა და პატიებას ითხოვდა ჩადენილისთვის, მაგრამ ვერაფერმა ანუგეშა. ადგა ბიჭი და ამ გრძნობას სინდისის ყივილი დაარქვა. ბიჭი დიდხანს იტანჯებოდა და ამ გრძნობასთან ერთად დროც გადიოდა. მაგრამ ერთხელაც მან სიზმარი ნახა. სოფლიდან, რომ მთა მოსჩანდა იქ მდგომ მუხის ხეზე კატა იჯდა, რომელიც მან მოკლა. დღეები გადიოდა და ყოველ ღამით ერთსა და იმავეს ხედავდა. ტკივილისგან დაბრმავებულმა ბიჭმა გადაწყვიტა თავის ბედისწერას მიჰყოლოდა და ასეც მიქცა. ფუთაში საჭმელი ჩაყარა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა მივიდა იქ სადაც უნდა მისულიყო. სადაც თავის ბედისწერას მიჰყავდა. აიხედა ზემოთ და გაოცდა. იქ მართლაც იყო ისეთი კატა, როგორიც მეზობელს მოუკლა. ზემოთ აძვრა და ცხოველი დაიჭირა. უკან სოფელში დაბრუნდა და ქვრივი გაახარა. დრო გავიდა და ერთ დღესაც კატა კვლავ უკვალოდ გაქრა. ბიჭმა მომხდარი თავის სასარგებლოდ შეაბრუნა. თქვა ალბათ ღმერთს უნდოდა ეჩვენებინა, რომ იმ კატის სიკვდილი ბედისწერა იყო და მე არაფერი დამიშავებიაო. სინდისი ქენჯნა სადღაც უკვალოდ გაქრა. ბიჭი აღარ ნანობდა და აღარც დამნაშავედ გრძნობდა თავს. ამის შემდეგ ყველაფერს რაც თავის ცხოვრებაში მოხდებოდა ბედისწერას მიაწერდა ხოლმე. -და სად წავიდა კატა?–დაიბნა ვერონიკა - გგონია მთავარი ისაა დად? თუ რატომ? შენი აზრით ბიჭს მეორე კატა ღმერთმა იმიტომ გამოუგზავნა, რომ თავი უდანაშაულოდ ეგრძნო? -იქნებ ღმერთს არ გამოუგზავნია. -ჰო? იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე მეგონა– გაიღიმა მარიტამ და გზა განაგრძო. – შენი აზრით კატა ვინ გამოგზავნა? -ეშმაკმა. უნდოდა ბიჭის რწმენა შეერყია. მკვლელობა მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გაეხადა. ღვთის გზიდან გადაეხვია. უყურებდა, რომ ის სინანულმა გატეხა და გადაწყვიტა თავისი მზაკვრობით მოეტყუებინა. ის დაანახვა რისი დანახვაც უნდოდა. მერე კატა ისე წაიყვანა, როგორც გამოუგზავნა. -შენ ვინ ხარ მარიტა? ბიჭი თუ კატა? იქნებ შენც ბედისწერა ხარ? მარიტამ წიგნი ზუსტად იქ გადაშალა სადაც სურდა. ფურცელზე ფილმივით მოძრაობდა კადრები. თავისი ოთახი იყო და თავადაც იქ იყო. საწოლში იწვა და ეძინა. კარი ვიღაცამ შემოაღო და შემოვიდა. -რვა საათია. შენი გაღვიძების დროა ვერონიკა. ბიბლიოთეკა შეირყა. თითქოს მიწისძვრა იყო. მარიტა იდგა და მშვიდი სახით იყურებოდა. გოგონამ წიგნი გადაფურცლა, მაგრამ ვერონიკამ მაინც მოასწრო თვალის მოკვდა როგორ აღვიძებდა დედამისი წიგნის ფურცელზე. მარიტას ხელზე ჩაეჭიდა რადგან უკვე ყველაფერი ინგრეოდა გარშემო. სადღაც ქვესკნელში ჩავარდა და მისი ხმაც ჩაიკარგა. თვალები გაახილა და დაინახა როგორ ანჯღრევდა შიშისგან გაფითრებული დედამისი. საბრალო ქალს ლამის ისტერიკა ეწყებოდა. საწოლზე წამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. სიზმარში ერთხელ უკვე გაეღვიძა. უნდა გამოერკვია, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ამჯერად არ ცდებოდა. როგორც კი დედამისი დარწმუნდა შვილი კარგად იყო მაშინვე მინგრეულ ოთახზე დაიწყო ბუზღუნი და უბრძანა სწრაფად ადექი უნივერსიტეტში გაგვიანდებაო. შეშინებული იყო. სახეზე წყალი შეისხა და ტანზე ჩაცმა დაიწყო. რა იყო ეს კოშმარები, რომლებიც არ ასვენებდნენ. ყოველ ღამით ეს სიგიჟე როდემდე უნდა გაგრძელებულიყო. სახლშიც ვერ ამბობდა რა სჭირდა ალბათ მაშინვე საგიჟეში უკრავდნენ თავს. გაშლილ სუფრას გადახედა და უხასიათოდ მოუჯდა რძალს გვერდით. ყველა რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ არ პასუხობდა. ‘’-სიგიჟეა, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს მიზეზი? თავს რატომ არ მანებებს ეს კოშმარი? ‘’ – ეკითხებოდა გონებაში თავის თავს. პურის-ჭამა ისე დასრულდა არაფერი გაუგია. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ქუჩაში გავიდა. ზუსტად ისე მიათრევდა ფეხებს როგორც სიზმარში მარიტას, რომ შეხვდა. გასაკვირი სულაც არაა, რომ ზუსტად ის გზა უნდა გადაევლო ავტობუსის გაჩერებამდე. ბარდიულზე ფეხი ჩადგა თუ არა მანქანის წუილმა გამოაფხიზლა. ისე ხმამაღლა შეიკივლა თვითონაც კი გაუკვირდა. თვალებზე აფარებული ხელი მოიცილა და გზას დააჩერდა. საბურავების ქვეშ გასრესილი და გასისხლიანებული კატა ეგდო. შიშმა მთელს ტანში დაუარა. უკან გადადგა ნაბიჯი და მოაჯირს ჩამოეყრდნო. იგრძნო, რომ კისერში რაღაც ებჯინებოდა და ახრჩობდა. კარგა ხანს იდგა ასე სანამ ქუჩის მეეზოვეები არ მოვიდნენ და მკვდარი ცხოველი აქანდაზზე არ შეაგდეს. მერე უმოწყალოდ მოისროლეს ნაგვის ურნაში და ყველაფერი ამით დასრულდა. ასე ხდება ხოლმე! ყველაფერი შესაძლოა ერთ წამში, თვალის ერთ დახამხამებაში დასრულდეს. ასეა მოწყობილი ეს სამყაროც და ადამიანთა მოდგმის ტვინის მექანიზმი. შეუძლია სრულიად უცერემონიოდ გადაგისროლოს ნაგვის ურნაში. უბრალოდ დაგივიწყოს, მოგსპოს და გაგანადგუროს ისე თითქოს საერთოდ არ არსებულხარ დედამიწაზე. მერე ისე შეხედოს ამ ყოველივეს თითქოს ამ სამყაროში ჭიანჭველისოდენა ადგილიც კი არ გეჭირა. ამ ერთ რამდენიმეწამიან მონაკვეთში ვერონიკამ მთელი ცხოვრება დაინახა. აქანდაზზე შეგდებული სულიერი და გაგრძელებული გზა. ჰო! გზა... რამდენი ადამიანიც არ უნდა დაეცეს ამ გზაზე განა ვინმე შეწყვეტს სვლას? არა ისინი განაგრძობენ მანამ სანამ საკუთარს არ მიიღებენ. ვერონიკამ ქუჩა გადაკვეთა და მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ უფიქრია ამაზე ''ეროვნულ ბიბლიოთეკასთან'' ამოყო თავი. შეჩერდა და ზემოთ აიხედა. წუთიერად აბრაზე გაუშტერდა თვალი და შეყოყმანდა კიდევაც. ფიქრობდა შესულიყო თუ არა შიგნით და აშკარად დადებითისკენ გადაიხრებოდა თავისი თავისთვის, რომ არ ჩაეძახა გზა განაგრძეო. ''-იქ, რომ შევიდე ეს იმას ნიშნავს ვაღიარებ ამ სისულელეს და თამაშში აყოლას ვთანხმდები. არაფერი მომხდარა... '' – მტკიცედ გაუმეორა საკუთარ თავს და სწრაფი ნაბიჯებით გასცილდა იქაურობას. იმ დღიდან მოყოლებული ასჯერ მაინც დაესიზმრა ერთი და იგივე. საკუთარ თავთან ულმობელ ბრძოლაში ჩაერთო და უკანასკნელ ძალებმოკრებილმა მტკიცედ განაცხადა უარი ამ ფარსზე, რომელზე წამოგებასაც მისი შთაგონებით ვიღაცა ან რაღაცა აპირებდა. ბოლომდე გაუძალიანდა და საბოლოოდ დაამარცხა კიდევაც. შესაძლოა მას უბრალოდ ეგონა, რომ გაიმარჯვა და სინამდვილეში ასე სულაც არ იყო. ვინ უწყის სად არის დამარხული ძაღლის თავი? დრო გავიდა! წლები გავიდა ! საკუთარ თავში გაანადგურა ყოველგვარი მოგონება ამ უაზრო ზმანებისა. მაგრამ ვერ დაივიწყა. სადღაც იქ გულის უკანასკნელ კუნჭულში ყოველთვის ახსოვდა გოგონა ფარნით ხელში, რომელიც უცნაურ ზღაპრებს უყვებოდა. ახსოვდა !უბრალოდ ის არ ახსოვდა, რომ სინამდვილეში ახსოვდა. თავის და უნებლიედ ტივტივებდა, გადაგორდებოდა და გადმოგორდებოდა ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროში. მანამ იგორა სანამ ერთ მშვენიერ დღეს ვულკანივით არ ამოხეთქა. ისევ ისეთი იყო ვერონიკა. გაფითქინებული, მაგრამ ამჯერად წლებისგან დამჭკნარი კანით. ღრმა, უძირო ფირუზისფერი თვალებითა და უმანკო გამოხედვით. ახლა ისღა დარჩენოდა ჯოხზე დაყრდნობილს ოთახში აქეთ-იქეთ ევლო. ქმარ-შვილი არ ჰყავდა რადგან თავისმა მეამბოხე, დაუოკებელმა და ხშირად უცნაურმა ხასიათმა ვერავინ შეიფერა. ახლაც ღრმად მოხუცებულიყო, მაგრამ ჰაერივით დაეძებდა სულიერ თავისუფლებას. ფანჯარასთან იჯდა ხოლმე მოხუცი ვერონიკა და ეზოში მოჟრიამულე ბავშვებს დასცქეროდა. უხაროდა მათი ბედნიერების გაზიარება. შემოდგომის მშვენიერი დილა იყო და ვერონიკა თავის ჩვეულ ადგილას იჯდა. გარეთ მზე აცხუნებდა და პერიოდისთვის შესაფერისი თბილი სიოც უბერავდა. ეზოში სატვირთო უკვე მესამე დღე იყო იდგა. ახალი მეზობლები გადმოდიოდნენ მისი ბინის პირდაპირ. უკვე რამდენიმე დღე იყო დაუსრულებლად დადიოდნენ აქეთ-იქეთ ყუთებითა და ავეჯით ხელში. ვერონიკამაც თავშესაქცევი იპოვა და თვალს არ აცილებდა ახალ ბინადრებს. უკვე საღამოვდებოდა კარზე ზარი, რომ გაიგო. ფრთხილად წამოდგა და სტუმარს თავაზიანად მიესალმა. ის ბიჭი იყო ბუნებრივი აირის ქვითრები, რომ მოჰქონდა ხოლმე. კარის მიკეტვამდე მოპირდაპირე ბინიდან ახალგაზრდა გოგონა მიესალმა და გაუღიმა. მოხუცმაც ზრდილობა არ დაივიწყა და იგივეთი უპასუხა. -საღამოს ჩვენთან გამოიარეთ ბებო. ახლა უკვე მეზობლები ვართ!– აღტკინებული ჩანდა ახალგაზრდა. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ მეტისმეტად ცანცარა და თავნება იყო. შავი ყორანივით თმები აქეთ იქეთ ჩაეწნა და ამავე ფერის თვალებს ელვასავით აკვესებდა. მისმა სიანცემ მოხიბლა მოხუცი. თავისი თავი გაახსენა ახალგაზრდობაში და კიდევ ვიღაც, მაგრამ ვერ მიხვდა ვინ. ხანში შესულს მეხსიერება უკვე კარგად ღალატობდა. კარი მიკეტა და მძივზე ჩამოკიდებული სათვალე ცხვირზე მოირგო. მაგიდას მოუჯდა და რაღაცის კეთება დაიწყო. პარალელურად ''რაღაც'' არ აძლევდა მოსვენებას. შინაგანად კრთოდა და ბრდღვინავდა. სული აუფორიაქა ამ უცნობმა გოგონამ. სადღაც შორს გაახედა... იმდენად შორს როგორც უკვე დიდი ხანია ვეღარ აწვდენდა მზერას. თავს ყოველ წამს აქნევდა თითქოს გონებიდან რაღაცის გადაფერთხვას ცდილობდა, მაგრამ ის ისევ მოდიოდა, მოდიოდა და მოდიოდა... ყოველ ჯერზე როცა გააგდებდა უკან ბრუნდებოდა და აიძულებდა თავი შეეხსენებინა. შინაგანი ძალა დაუბრუნდა. სურვილები და ოცნებები დაუბრუნდა. ახალგაზრდულმა მუხტმა ხელის მტევნებში დაუარა, რომელსაც წლები იყო ვეღარ გრძნობდა. გულმა ამჯერად ცივის მაგივრად მდუღარე სითხე გადმოისროლა ვენებში და მთელს სხეულში დაიარა. არც ერთი კუნჭული არ დარჩენილა სადაც მან ვერ მიაღწია. ბოლოს ტვინამდე მივიდა და ყოველივეც ცხადი გახდა. უნდა წასულიყო. მეზობლებთან სტუმრად. უნდა წასულიყო რადგან მას უბრალოდ სჭირდებოდა ეს. არ იცოდა რატომ, მაგრამ სჭირდებოდა. თუნდაც უკანასკნელი ყოფილიყო რასაც თავის ცხოვრებაში გააკეთებდა. გაზქურაზე ქვაბი შემოდგა და ფელამუშის კეთებას შეუდგა. იფიქრა ასე უცხო ოჯახში ხელცარიელი ხომ არ მივალო. ისე ეჩქარებოდა დრო და დრო გასქურას უყვიროდა ცოტა სწრაფად აადუღეო. დიდ ლამაზ თეფშზე დაასხა და მეორე ხელი შოკოლადით დაიმშვენა. უკვე კარგად იყო დაბინდებული. ზარს ხელით დააწვა და დაელოდა როდის გაუღებდნენ კარს. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია თუმცა უცხომ, რომ გაუღო თავი კი იგრძნო უხერხულად. -მოგესალმებით!– გაიღიმა ქალმა. რაღაცით კი ჰგავდა იმ გოგონას -დღეს ახალგაზრდა გოგონამ მთხოვა საღამოს შემოიარეო და... არ მინდოდა უზრდელურად გამომსვლოდა. მერიდებოდა შემოვლა, მაგრამ... -რას ბრძანებთ ქალბატონო მობრძანდით. ალბათ მარიტა იყო ხომ? ისეთი გრძელი ენა აქვს ქვეყნად არაფრის ერიდება. ქალმა კარი ფართოდ გააღო და ვერონიკა შეიპატიჟა. -მე დედამისი ვარ. ამ ოჯახის რძალი ვარ. ძალიან მიხარია, რომ შემოგვიარეთ -ეს თქვენ– თეფში და შოკოლადი მიაწოდა ქალს. -რატომ შეწუხდით ქალბატონო. ღმერთო ჩემო გაზქურაში ნამცხვარი მქონდა. სასტუმრო ოთახში შებრძანდით მარიტა იქაა. მეც ახლავე მოვალ – თავქუდმოგლეჯილი გავარდა ახალგაზრდა ქალი სამზარეულოსკენ. ვერონიკას გაეღიმა და გაახსენდა, რომ არასდროს უყვარდა ცხობა. მისაღები გაიარა და სასტუმრო ოთახის კარს მიუახლოვდა. იქედან საუბარი მოესმა და ადგილზე შედგა. უფრო სწორად წამით შეყოვნდა, მაგრამ მოსმენილმა აიძულა მეტხანს გაჩერებულიყო. გოგონა, რომელიც შუადღეს მიესალმა დაბალ მაგიდასთან ბალიშზე იჯდა და მოხუცებულ ქალს გულდასმით უსმენდა. თან ცხვირწინ წიგნი ჰქონდა გადაშლილი და იდაყვებით ეყრდნობოდა. -ბიჭი მთაზე ავიდა და იქედან გადმოხედა თავის სოფელს. მოძებნა ხე, რომელსაც ეძებდა და თვალიერება დაუწყო. მის და გასაოცრად აღმოაჩინა, რომ კატა ნამდვილად იყო იქ. კატა, რომელიც მეზობლის ქვრივ ქალს მოუკლა ხის ტოტზე იჯდა. დაიჭირა და თან წამოიყვანა. გაიხარა მეზობლის ქალმა და ბიჭი დალოცა. ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი რაღაც. მოულოდნელად კატა უკვალოდ გაქრა. ბიჭმა მომხდარი თავის სასარგებლოდ ახსნა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის სულაც არ იყო დამნაშავე იმაში რაც მოხდა. თქვა კატა ალბათ უნდა მომკვდარიყო და ამიტომ მოკვდაო. ეს ბედისწერა იყო და დღეს მე თუ არ მოვკლავდი ხვალ სხვა რამ მოუვიდოდაო. ერთიანად გაქრა მასში სინანულის გრძნობა. სათნოების და სინდისის ქენჯნის მაგივრად მის სულში თავდაჯერებამ და სიამაყემ იფეთქა. ახლა ისე ჩაუვლიდა მეზობლის ქვრივი ქალის ქოხს საერთოდ არ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა. -და რას გვასწავლის ეს ამბავი? შენ ხომ ყოველთვის ისეთ ამბებს მიყვები რამაც ცხოვრებისეული გაკვეთილი უნდა ჩაგვიტაროს? -ამოცანა გვეკითხება. რატომ გამოუგზავნა ღმერთმა ბიჭუნას მეორე კატა? უპასუხე მარიტა ბებოს და თუ გამოიცნობ დაგასაჩუქრებ– ქალმა გამომცდელი ღიმილით ჩახედა სეხნია შვილიშვილს თვალებში და პასუხს დაელოდა. სანამ გოგონასა და მოხუცს შორის სრული სიჩუმე ჩამოწვა კარს უკან მთელი ძალით ზანზარებდა მოხუცი ვერონიკას გაცრეცილი გულის ფიცარი. იგრძნო როგორ დაეცა თავისი ცხოვრების ნანგრევებიდან გადმოვარდნილი პირველი აგური თავზე და შეაბარბაცა. გაახსენდა ის რასაც ქვეცნობიერში ასე საგულდაგულოდ მალავდა. გაახსენდა ის ღამე, რომელიც სიზმარში თავის ტოლა მარიტასთან ერთად გაიარა. გაახსენდა წიგნი და მიწისძვრა, რომელიც სინამდვილეში დედამისისგან იყო გამოწვეული. ვულკანივით ამოხეთქა გრძნობებმა, ბრაზმა, უძლურებამ, დაკარგულმა იმედმა და მთელი ცხოვრების ამოცანაზე გაცემულმა პასუხმა, რომელიც ისედაც იცოდა უბრალოდ არ აღიარებდა. იგრძნო როგორ დაექცა თავზე მთელი სამყარო და ნიაღვარივით გადარეცხა მთელი მისი ტყუილში გამოხვეული ფიქრები. რწმენა შეერყა და საკუთარი ბედისწერა დაინახა, რომელიც ახლა უკვე ცხადი იყო... ბედისწერა, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მის გარშემო ბორბალივით ტრიალებდა და ერთხელაც ვერ მოასწრო მისთვის თვალი შეევლო ახლა გაჩერდა. მის თვალწინ ერთი თითის გაშვერაზე იდგა. შეეძლო მისულიყო და შეხებოდა. თვალებში ჩაეხედა და ეთქვა, რომ მისი ირწმუნა. ფირუზისფერი თვალებიდან ნელა ჩამოგორდა ცრემლი და ლოყასთან ახლოს იპოვა თავისი გზა. ''-სიზმარი, მარიტა, ბედისწერა, რწმენა... სიზმარი, მარიტა, ბედისწერა, რწმენა... სიზმარი, მარიტა, ბედისწერა, რწმენა... ''– რამდენჯერმე გაიმეორა ერთი და იგივე და საბოლოოდ გამოფხიზლდა. პატარა მარიტას ჯერ ისევ ტუჩზე ედო საჩვენებელი თითი და მრავალმნიშვნელოვნად ადევნებდა თვალს ოთახს. ბებო მოთმინებით ელოდა... -იქნებ იმიტომ გამოუგზავნა, რომ ბიჭი შეეცოდა. ღმერთი უყურებდა როგორ იტანჯებოდა იგი შემთხვევით ჩადენილი დანაშაულის გამო და გადაწყვიტა გაებედნიერებინა. უნდოდა მისთვის ცოდვის მძიმე ტვირთი მოეხსნა. -ხო მაგრამ ღმერთი ადამიანებს მუდმივად ვერ მოხსნის მხრებიდან ცოდვის ტვირთს და მის მაგივრად თავად ვერ ატარებს. ღმერთმა იცოდა, რომ ბიჭი ცოდვას ადრე თუ გვიან ისევ ჩაიდენდა. შესაძლოა ეს არ ყოფილიყო მკვლელობა, მაგრამ იქნებოდა სხვა ცოდვა. ადამიანები ხომ ყოველ დღე ვცოდავთ? ამიტომაც ვართ ადამიანები და არა ღმერთები. – აზრიანად ახსნა მოხუცმა და ისევ შეიცადა. -მაშინ არ ვიცი. სხვა ვერსია არ მაქვს –თავი გადააქნია გოგონამ და მოღუშული დაეშვა ძირს. უფროს მარიტას შვილიშვილის საქციელზე მხოლოდ გაეღიმა და ისევ დააპირა საუბრის დაწყება, მაგრამ უცხო ხმამ შეაჩერა. -იქნებ ღმერთი არ იყო!... – ოთახში ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი ვერონიკა შემოვიდა და ორივე მარიტას გაუღიმა. უცნაური სხივი აირეკლა მის ფირუზისფერ თვალებში და მოჩვენა, რომ მეორე მოხუცის ბაგეთ ღიმილისთვის გაიპო შუაზე. -მაშ ვინ იყო? –ფეხზე წამოდგა პატარა მარიტა და მეზობელს ანიშნა შემოდიო -ეშმაკი... -ეშმაკი რა შუაშია? –ხელი აიქნია გოგონამ -შენ სულაც არ ფიქრობ, რომ ხშირად საქმე სწორედ იმაშია რასაც ვერასდროს წარმოვიდგენთ–საჩვენებელი თითი დაუქნია მოხუცმა მარიტამ შვილიშვილს. -და რატომ ეშმაკი? -ეშმაკი ხედავდა ბიჭის გულში სინანულს და სინდისის ქენჯნას. სინანულის გულწრფელი გრძნობა ყველაზე მოკლე გზაა უფალთან მისასვლელად. ეშმაკმა თავის ცბიერებას მიმართა და ბიჭს იქ მოუჭრა გზა სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. სიზმარში ზმანებად მოევლინა და კატა გამოუგზავნა რათა ერწმუნა, რომ ის რასაც ხედავდა ჭეშმარიტი იყო. ბიჭმა კატა იპოვა და მეზობლის გული მოიგო. მან ირწმუნა ბოროტი ძალის მზაკვრული ქმედება. როდესაც ეშმაკი დარწმუნდა, რომ ბიჭის გული სინანულისა და სინდისისგან განიწმინდა ისე გაქრა, როგორც მოვიდა. ბიჭმა მოვლენები არასწორად შეაფასა და დაკარგა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა. დაკარგა სინანულის და სინდისის გრძნობა. ეშმაკმა ის იმ რელსებიდან გადაიყვანა, რომლითაც უფალთან მივიდოდა. მისია შესრულებულია. -ღმერთო ჩემო–აღმოხდა სახეგაბრწყინებულ გოგონას და ორივე მოხუცს გადახედა. -ასე იყო?– ვერონიკამ უფროს მარიტას გადახედა რათა მისი პასუხი გაეგო. -უნდა ვაღიარო ეშმაკის მხრიდან მეტად მოხერხებული ქმედება იყო ქალბატონო... –ქალი გაჩერდა და დაელოდა. მისი სახელი არ იცოდა, ან იცოდა მაგრამ მისგან უნდოდა მოესმინა. -ვერონიკა–ჯოხი მარცხენა ხელში გადაიტანა ქალმა და ჩამოსართმევად გაუწოდა. -ჩემი შვილიშვილი ბიბლიის წაკითხვას აპირებდა და გადავწყვიტე მისთვის რაღაც მომეყოლა–თავზე ხელი გადაუსვა ქალმა გოგონას. -ეს ბებიაჩემის ბიბლიაა–ქალებს შუაში ჩაუჯდა უმცროსი მარიტა და პირველ გვერდზე გადაშალა. ვერონიკამ ფანქრით გახაზულ რამდენიმე სიტყვას გააყოლა თითები და გულში წარმოთქვა! ''-თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი'' ოთახი ძლიერმა გონკის ხმამ გააბრუა. ვერონიკამ ზემოთ აიხედა. კედელზე ძველებური საათი ეკიდა, რომელიც რვა საათს აჩვენებდა! ________ ეს ნაწარმოები დავწერე კონკურს წეროსთვის .... ნაჩქარევად დავწერე და ალბათ ცოტა ,რომ მემუშავა ზედ კარგი გამოვიდოდა ,მაგრამ მაინც გაგიზიარებთ იმედია მოგეწონებათ ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.