შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება ლავანდის სურნელით


19-11-2015, 23:08
ავტორი ann tichy
ნანახია 1 863

თავი პირველი - ცხოვრება ხმამაღალ ბგერებში
ამბობენ, რომ თითოეულ ადამიანს განსხვავებული ოცნებები აქვს. ჩემს ქალაქში ასე არ ხდება. დედამიწაზე რომ ჯოჯოხეთი არსებულიყო, ის უდაოდ "პაზერში" იქნებოდა. ერთი შეხედვით, შეუძლებელია აქ ცხოვრება, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ანომალიასაც კი დროთა განმავლობაში ნორმად იღებს.
ქაოსი, არეულობა და ხმაური - აი როგორ დავახასიათებდი პაზერს. ქალაქი, სადაც სტატისტიკურად თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, უკვე ას წელზე მეტია. რატომ? პასუხი მარტივია: ხალხი ვერ უძლებს იმ მძიმე ყოფას, რომელში ცხოვრებაც უწევთ. კატეგორიებდ არაფრის დაყოფა არ მიყვარს. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქვეყნად არსებობს 2 მთავარი მცნება - სიკეთე და ბოროტება, თუმცაღა, ერთის არარსებობა სულაც არ ნიშნავს აუციებლად მეორის დამკვიდრებას. ყოველთვის არის რაღაც შუალედი ამ ორ უკიდურესობას შორის, სადაც ადამიანები ვიმყოფებით. არ არსებობენ კეთილები და ბოროტები, ასეთები მხოლოდ ზღაპრებშია, საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ერთ-ერთი თვისება მეტი დოზით აქვს. სიმარტივისთვის, ამ სიტყვებს გაუაზრებლად, დაუფიქრებლად ვისვრით და ამა თუ იმ პიროვნებას იარლიყივით ვაკრავთ.
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რა მოხდებოდა, თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები რომ იმას ამბობდნენ, რასაც რეალურად ფიქრობენ? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გირჩევთ, არ სცადოთ. ეს არ არის ის, რაც გჭირდებათ. მეტიც, თქვენთვის ეს სრულიად უსარგებლოა, რა თქმა უნდა თუკი არ ოცნებობთ მარტოობაზე. ადამიანის გონება და ბუნება იმაზე ბილწია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უკვე საუკუნეზე მეტია, პაზერის მოსახლეობას უკურნებელი სენი სჭირს. ისინი ფიქრობენ ხმამაღლა. ჩვენ სრულიად სხვა, პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. აქ ყველა უბედურია. ოცნება, როგორც ასეთი, არ აქვთ, რადგან ამ ჭირისგან გათავისუფლება უტოპიას უფრო ჰგავს.
ამგვარ ზნეს შეჩვეულნი, მოსახლეობა ლანძღვა-გინებას შეურაცხყოფად აღარ აღიქვამს, თუმცა, არც ურთიერთობები არსებობს. მხოლოდ ზედაპირული, საქმიანი და მეტად დისტანციური. უკანასკნელად ქორწილი პაზერს 7 წლის წინ ახსოვს, რომელიც ნეფე-პატარძლის მშობლების დაჟინებული თხოვნით შედგა და 11 საათში კრახით დასრულდა.
ბედის ირონიით, ეს ქალაქი ულამაზესია. იყო დრო, როცა მის მოსანახულებლად უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა. მოსახლეობის „სტუმართმოყვარეობამ“ კი დროთა განმავლობაში იმდენად დააფრთხო, რომ მათი რიცხვი მაქსიმალურად შემცრდა.
ადამიანები წლობით ცდილობენ საკუთარი ფიქრების გაკონტროლებას, რაც, ვთვლი, რომ ადამიანობის დაკარგვის მთავარი სიმპტომია, თუმცა დიაგნოზი ამ ქალაქს უკვე დიდი ხანია დასმული აქვს.

თავი მეორე - ბენჯი და ალისფერი ქვა
10 წლის წინ, როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, გზად დავინახე გოგონა, რომელსაც თავი მუხლებში ჩაერგო და ხმით ტიროდა. მივუახლოვდი და ჩავიცუცქე.
-რა გჭირს? - ვკითხე ჩუმად, თუმცა მაინც დაფრთხა
-შენ ვინ ხარ? - ცრემლი მოიწმინდა და თვალები დააკვესა. ძალიან ლამაზი იყო, ტირილისგან ღაწვებზე სიწითლე შეფაკვლოდა და პალტოს სახელურები წყლით დალაქავებოდა. დიდი, ვარდისფერი ტუჩები აჭარხლებოდა, იგრძნობოდა, რომ უხურდა. შეშინებული და ამავდროულად მიამიტი მზერით, წამით თითქოს მეხდაცემულივით გამახევა. ხმის ამოღება ვერ შევძელი. უფრო სწორად, ხმებს გამოვცემდი, თუმცა, გაუგებარს. რადგან ჩემს გონებაში უამრავი აზრი ტრიალებდა, რასაც თავს ვერ ვუყრიდი და ენაც, ზემოთნახსენები „სენის“ წყალობით, მათ ტრიალს ყვებოდა.
-დაალაგე აზრები, ვერაფერს ვიგებ! - ხმა გაიმკაცრა გოგონამ და სახე მოექცა.
-მე პანი მქვია... ძალიან ლამაზი ხარ... იმდენად, რომ შენს მკერდს არც კი ვუყურებ. რომ ადგები, ალბათ არც უკანალს შევხედავ... თუმცა, არ ვიცი, იქნებ...
-სტოპ! გაჩერდი! - სიბრაზით გამოსცრა კბილებიდან. სიტყვა გამაწყვეტინა თუ არა, წამსვე ენაზე ვიკბინე
-მე...მე არ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა
-ვიცი, იდიოტო, მეც ამ ქალაქში გავიზარდე. ალბათ ჩემი სახელი გაინტერესებს. ბენჯი მქვია
-არ გიხდება ეს სახელი, უფრო ნაზი ხარ
-პრეტენზიები დედაჩემთან! თუმცა არც შენი სახელი ბრწყინავს, პანი რა არის. ძაღლის სახელს ჰგავს
-რა გატირებს? - ძლივს ამოვიგდე ბილწი აზრები გონებიდან
-შეყვარებულს დავშორდი - წარმოთქვა ჯერ კიდევ გაუნელებელი სიბრაზით
-რამდენი საათი იყავით ერთად?
-2 საათნახევარი
-კარგა დიდხანს ყოფილხართ. ეტყობა, ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი
-მოეშვი ხუმრობას, მაღიზიანებ
-ვხედავ და საერთოდ არ განვიცდი. ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და საჭმელს შევჭამ
-მე კიდევ მინდა, რომ დარჩე. იმიტომ, რომ მომწონხარ - თქვა და ტუჩებზე ორივე ხელი აიფარა. თვალები დახუჭა და მერე ნელ-ნელა გააღო, ისე, თითქოს იარაღს უმიზნებდნენ
-მეც მომწონხარ, მაგრამ არ მინდა შეყვარებულის ყოლა. ეს ხომ სისულელეა! სრული აბსურდი
-ჩვენი ყოფა არ არის აბსურდული?! ისე ძალიან მინდა ამ სენისგან განთავისუფლება, მზად ვარ სიცოცხლე დავთმო. არა, არ ვარ მაგისთვის მზად. მაგრამ, მართლა ძალიან მინდა.
-მეც მინდა, ეგ ყველას უნდა, თუმცა, ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია.
-ამბობენ, რომ შეუძლებელია არაფერია
-მაგას ნორმალური ადამიანები ამბობენ, ჩვენ ავადმყოფები ვართ. ცხოველებივით გამოვიყურებით. გვეზიზღება ერთმანეთი და ამას ვერც ვმალავთ. იმდენად საშინელი გრძნობაა, ხანდახან ყელში მარწუხივით მიჭერს. დავდივართ ლამაზ ქუჩებში, სუფთა ტანსაცმლით და არაადამიანებივით ვიქცევით. ვყვირით, ვჩხუბობთ, ვძარცვავთ, ვიგინებით. უკანასკნელად ღიმილი ბებიაჩემის სახეზე დავინახე, რომელმაც სიკვდილის წინ ყველას „ჩაძაღლება“ გვისურვა.
-ბებიაჩემიც საშინელი ქალია, დედაჩემზე უარესია. ერთი სული მაქვს, სახლიდან როდის წავალ. მაგრამ ამის თქმა სულაც არ მინდოდა. გუშინწინ დედასთან და ბებიასთან ერთად პიკნიკზე ვიყავი ქალაქგარეთ და მინდორში სირბილის დროს ერთ უსაყვარლეს ძაღლს დავედევნე. ისე გავერთე, როგორ გავცდი დედას და ბებიას, ვერ გავიგე. როცა გავიაზრე, მივხვდი, რომ გვიანი იყო. ირგვლივ სულიერის ნასახიც კი არ ჩანდა. ძალიან შემეშინდა და გადავწყვიტე როგორღაც უკან დასაბრუნებელი გზა გამეკვლია. ამ დროს ძაღლი ჩემგან ოდნავ მოშორებით დამდგარიყო და რაღაცას დაჟინებით ყნოსავდა. გაურკვეველი მიზეზით იმ ადგილის თითებით ამოთხრა დავიწყე. რაც უფრო ღრმად ვთხრიდი, ძაღლის ყნოსვა მით უფრო ხშირდებოდა. თითები დამეღალა და ჩემი ახალი, თეთრი კაბით მიწაზე დავჯექი. ძაღლი ერთხანს თვალებში შემომცქეროდა, ხოლო როცა მიხვდა, ადგომას აღარ ვაპირებდი, თხრა თვითონ განაგრძო. გამალებით თხრიდა, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა. მეც დავინტერესდი, წამოვიწიე, ხელისგულები მუხლებზე დავიწყვე და მიუხედავად ბინდისა, ალისფერი ქვის სიკაშკაშემ თვალი მომჭრა. ძაღლი გაჩერდა და ნადავლს ყნოსვა დაუწყო. შემდეგ კი გვერდზე გაიწია. ქვას მართლაც საშინელი სუნი ჰქონდა. გამიკვირდა, რომ გამჭვირვალე პარკში იდო, ესეიგი, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა. პალტოს ჯიბეში ჩავიგდე და გავიქეცი. ვიზუალურად ძალიან არაორდინალურია. მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს.
-ვინმეს აჩვენე?
-ჯერ არა
-მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს?
-იმიტომ, რომ მომეწონე... - თქვა და თვალები დახარა - ისევ წამომცდა... კიდევ იმიტომ, რომ ჭკვიანი მგონიხარ
-შეგიძლია ეგ ქვა მაჩვენო? ოღონდ საღამოს, ეხლა სახლში უნდა წავიდე, მგელივით მშია. მეც მომწონხარ...
-კაი საღამოს 7 საათზე აქ იყავი. ყვავილები წამომიღე - ეს უკანასკნელი ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. გამეცინა და გზა განვაგრძე. ოთახში ჩავიკეტე და მთელი დღე ბენჯიზე და იმ უცნაურ ქვაზე ვფიქრობდი. ასე ვიქცევით ყველანი, როცა ფიქრი გვინდა. ქალები ყოველთვის იგვიანებენ. ქუჩაში ბევრი რომ არ მელაპარაკა, სახლიდან რვის ნახევარზე გავედი. ყვავილების ყიდვა დამავიწყდა, ამიტომ, ლარნაკში ჩადებულ ყვავილებს ხელი დავავლე და გავიქეცი. ბენჯი უკვე მისულიყო. ვარდისფერ პალტოში ნამდვილ ფერიას გავდა. ჟღალისფერი თმა ქარს აეწეწა. ნაზი, ქათქათა კანი წითელ ტუჩებს მეტ ეშხს აძლევდა. შორიდან დავინახე, კუშტად იმზირებოდა.როგორც კი მივუახლოვდი, წამოიზლაზნა და ჩემ წინ აესვეტა
-ქალი შენ ხარ თუ მე? ნახევარი საათია გელოდები - დამიტატანა უმალ დოინჯშემორტყმულმა - სად დაყიალობდი ამდენ ხანს? - წარმოთქვა ჯერ კიდევ გაუნელებელი სიბრაზით.
-მანქანის ტარება იცი?
-არა, შენ?
-არც მე. მაშინ ფეხით მოგვიწევს წასვლა - ხელი მოვკიდე და სასწრაფო წესით საპირისპირო ქუჩისკენ გავაქანე.
-სად მიგყავარ?
-მაღაზიაში. 2 დღის სამყოფი საკვები უნდა ვიყიდოთ.
-არანორმალური ხარ შენ. სად მიგყავარ? მიტაცებ?
-სიამოვნებით მოგიტაცებდი, მაგრამ არა. საქმეზე მივდივართ, გზაში მოგიყვები.
-ნუ მეფლირტავები
-არ გეფლირტავები, უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ - ვთქვი და სწრაფად ვაკოცე. იმდენად სწრაფად, გააზრებაც ვერ მოასწრო. ბენჯის სახეზე გულწრფელი გაოცება გამოეხატა. იგრძნობოდა, რომ ყველა კუნთი უთრთოდა. მისი სხეული შეუმჩნეველ ცახცახს აეტანა. სიწითლეს სახე შეეფაკლა და ყვრიმალები აჭარხლებოდა.
-ეს რატომ გააკეთე? - თვალები დააკვესა და ერთიანად აილანძა. თუმცა სიამოვნების ღიმილი არსად გამქრალიყო
-ანუ იმედი ჯერ კიდევ არის... არ ვიცი, უბრალოდ მომინდა და გაკოცე. არ მოგეწონა? - მეც არანაკლებ ამიხურდა ლოყები
-კი, მაგრამ ცოტა იყო. არ მეყო - მითხრა მიამიტურად და წამსვე გადამტკნარდა
-რა პრობლემაა - მეორედ უფრო თავდაჯერებულად და ვნებიანად ვაკოცე. მთელი გრძნობით, როგორც იტყვიან.
-ესეიგი შეყვარებულები ვართ? - მკითხა მაღაზიიდან გამოსვლისას
-არა. ასე ყველაფერი სწრაფად დამთავრდება. მე კი არ მინდა, დამთავრდეს. ამიტომ, მოდი, მეგობრები ვიყოთ
-მეგობრობაც რომ სწრაფად მთავრდება?
-შეყვარებულობა უფრო.
-ხანდახან შეიძლება ერთმანეთს ვაკოცოთ?
-შეიძლება კი არა, უნდა ვაკოცოთ - წამოვიძახე პათოსით
-მაგარია! - ახტა ბენჯი და ჩიფსი, რომელსაც დიდი მონდომებით ვჭამდი, ხელიდან ამწაპნა. - სად მივდივართ?
-კანროში. აქედან 50 კილომეტრია. გამიგია, რომ იქ ერთი პაზერელი ქალი ცხოვრობს, რომელმაც მოასწრო და თავი დააღწია ამ უბედურებას.
-ლიზა ტამსი? ეგ დიდი ალბათობით გარდაცვლილია
-ჰო, მაგრამ შვილები ხომ ეყოლება?
-შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ შენთან ერთად წამოსვლა ისე მინდა, თანახმა ვარ
-ასე ჯერ არავის მოვწონებივარ - ვფიქრობდი ჩემთვის. უფრო სწორად, მეგონა, ვფიქრობდი - შეიძლება კიდევ გაკოცო? - ასე დავდიოდით მთელი ღამე. ვლაპარაკობდით და ხანდახან ვკოცნიდით ერთმანეთს. ბენჯიმ 1000-ჯერ მაინც მითხრა, ნუ მეკითხებიო, მაგრამ ინსტიქტურად მაინც წამომცდებოდა ხოლმე. მგონი 16 წლის განმავლობაში ბედნიერი პირველად ვიყავი. ეს უცხო რამ იყო. ბენჯიმ თქვა, რომ ბედნიერებას ლავანდის ყვავილის სურნელი აქვს.

თავი მესამე - „უკანასკნელი მოჰიკანი“
კარგა დიდი ხნის გათენებული იყო, როცა კანროში ჩავედით. ქუჩაში მოსიარულე მშვიდ, მომღიმარ და ბედნიერ ადამიანებს ისე ვუცქერდით, თითქოს არაამქვეყნიური არსებები ყოფილიყვნენ.
-არ შეიძლება, ჩვენც ეგეთები ვიყოთ? - უძილობისგან ამოღამებული თვალები მომაპყრო ბენჯიმ
-არ ვიცი... მაგრამ ვხვდები, რომ კოშმარში ვცხოვრობთ.
-იცი, ჩემმა დამ 5 წლის წინ თავი მოიკლა - მითხრა მოულოდნელად
-რატომ?
-ყველა დასცინოდა სიმსუქნეზე. ერთ დღეს კი ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ სარდაფში.
-საშინელებაა
-ჰო - მხოლოდ ეს თქვა. გონებაში დის თვითმკვლელობის სურათი ალბათ სამუდამოდ ჩაბეჭდვოდა. წამწამებზე ცრემლი გაუკრთა, მაგრამ მაშინვე დაძენძილი ხელსახოცით შეიმშრალა. მივხვდი, რომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ სურდა.
-წამოდი, ლიზა ტამსი ვიპოვოთ - უეცრად ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. ეს ხელოვნური არ ყოფილა, სრულიად ესთეტიური იყო. რამდენიმე საათის ძიების შემდეგ, ლიზა ტამსს ერთ გარეუბანში, დაბალ ორსართულიან სახლში მივაგენით. კარი 20-21 წლის გოგონამ, ლიზას შვილიშვილმა გაგვიღო. ნამტირალევი იყო, ეტყობოდა. სახლში შეგვიპატიჟა. უცნაური სიმშვიდე სუფევდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ მარტო იყო, სანამ რამდენიმე სილუეტს არ მოვკარით თვალი. არც შემოუხედავთ სასტუმრო ოთახში.
-გამარჯობა, მე პანი ვარ, ეს კი ბენჯია. ქალბატონ ლიზასთან გვსურს საუბარი. სახლშია? - ვიკითხე გარემოებით დაბნეულმა. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და მარცხენა ხელით სავარძლისკენ მიგვითითა, დასხედითო.
-სასიამოვნოა. მე სარა მქვია. ჩაის მიირთმევთ? ან ყავას? - მის მოზომილ თავაზიანობას მე და ბენჯი ჭკუიდან გადავყავდით
-მე ძალიან მშია - თქვა და მაშინვე ენა მოიკვნიტა ბენჯიმ - არა, იცით... ჩვენ პაზერიდან ვართ. გსმენიათ მის შესახებ? ჩვენ... ჩვენ ხმამაღლა ვფიქრობთ.
-როგორ არ მსმენია, ლიზა ბებოც ხომ პაზერიდან იყო. არაუშავს, საჭმელს ეხლავე გამოგიტანთ - ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ ამაზე მეტად ლიზას წარსულ დროში ხსენებამ შეგვაშფოთა.
-ნუთუ გარდაცვლილია? - წყლიანი თვალები მომაპყრო ბენჯიმ - ესეიგი, ამხელა გზა ტყუილად გამოვიარეთ?! - აღმოხდა და სახე ხელებში ჩამალა. ამასობაში, სარამ საჭმელი მოიტანა. ბენჯიმ სასწრაფო წესით მოიწმინდა ცრემლები და სარას ცნობისმოყვარედ დაუწყო თვალიერება
-შავები რატომ გაცვია?
-ბებიაჩემი გუშინ დავასაფლავეთ - თავი დახარა და თითები ერთმანეთში გაადაჭდო.
-რა ტყუილად ჩამოვსულვართ! - თქვა თუ არა ბენჯიმ, მაშინვე მხარზე ვუჩქმიტე და პირზე შეუმჩნევლად აიფარა ხელები.
-იცით, ჩვენ გვეგონა, რომ ქალბატონ ლიზას ეცოდინებოდა რაიმე ჩვენი სენის შესახებ - დავიწყე აუღელვებლად - მთელი გზა ფეხით გამოვიარეთ, იმის იმედით, რომ მას დაველაპარაკებოდით. თუკი თქვენ შეგიძლიათ რამით დახმარება, ძალიან გაგვახარებთ.
-ბებია ხშირად მიყვებოდა თქვენს ქალაქზე, თუმცა ყოველთვის ზღაპარი მეგონა. სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე. დედა ადრე გარდამეცვალა და ბებია მზრდიდა. ეხლა ისიც დაიღუპა და არ ვიცი რა მეშველება მის გარეშე.
-შენი ბიოგრაფია არაფერში გვაინტერესებს. თუ გაქვს ჩვენს კითხვებზე პასუხები, ამოღერღე, თუ არადა და ახლავე წავალთ აქედან. - ბენჯის წარმოუდგენელი სიძულვილი აენთო თვალებში. სარამ კი გაოცება ვერ დაფარა. მაგრამ მანამ, სანამ რაიმეს იტყოდა, დავასწარი.
-მესმის, რთული და შეურაცხმყოფელია შენთვის ეს ყველაფერი, რადგან სრულიად მიუჩვეველი ხარ. მაგრამ ჩვენ ასე ვცხოვრობთ და ძალიან გვინდა ამ სენისგან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ მოვედით აქ. გთხოვ, ნუ მიაქცევ მსგავს ფრაზებს ყურადღებას, რადგან ფიქრების კონტროლი ყველაზე რთული რამაა - სარა უთქმელად გავიდა ოთახიდან. ღია კარიდან დავინახე, როგორ აიარა კიბეები.
-რა სულელი გოგო ხარ! - გამოვაჯავრე ბენჯი - არ შეგიძლია ცოტა ხნით მაინც არ ილაპარაკო იდიოტივით?
-ნუ მეჩხუბები რა, მაკოცე - შემომციცინა თვალებში, ცალი თვალით კი ღია კარს გახედა.
-კაი, ოღონდ სწრაფად - ვაკოცე თუ არა, ოთახში სარა შემოვიდა. მტვრიანი რვეულებით ხელში.
-ეს ბებოს დღიურებია. სულ ესაა. თქვენი იყოს. იქნებ რაიმეში დაგეხმაროთ. სხვას ვერაფერს შემოგთავაზებთ - თქვა და რვეულების დასტა მაგიდაზე დადო
-უღრმესი მადლობა - ამ ამბით გახარებული სავარძლიდან წამოვხტი და ხელი გავუწოდე - კარგად ბრძანდებოდეთ - რვეულები წამოვიღე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა. გარეთ გავედით თუ არა, ყველაზე ძველი, ანუ თავდაპირველი დღიურის კითხვა დავიწყეთ.
„21 დეკემბერი, 1907 წ. - გაქცევა პაზერიდან
დღეს, გამთენიოს, პაზერიდან გავიქეცი. სრულიად მარტო, რადგან ნორმალური აღარავინ დარჩა. ჩემ გარდა ყველა მოწამლულია. ის, რაც ამ ქალაქში ხდება, სრული კატასტროფაა. ლამისაა ჭკუიდან შევიშალო. ჩემი ქალაქი - პაზერი, ყოველთვის ზედმეტი თავაზიანობით გამოირჩეოდა, ყველას უყვარდა აქ ჩამოსვლა. სტუმართმოყვარე და კეთილ მასპინძლებს ძალიან შეეჩვივნენ და შეიყვარეს. რამდენიმე დღის წინ კი, საშინელება მოხდა. ქალაქში ცირკი ჩამოვიდა, რომლის უფროსიც, შოუს დასრულების შემდეგ, ჩემს ძმასთან და თავის მეგობრებთან ერთად ჩვენს სახლში მოვიდა. უცნაური კაცი ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. უკვე კარგად შეზარხოშებულიყვნენ, როცა მისტერ კონროუს (ასე უწოდებდა საკუთარ თავს) ჯიბიდან მომცრო ზომის ალისფერი ქვა გადმოუვარდა. მისმა ბზინვარებამ ყველას თვალი მოგვჭრა.
-ეს რა არის? - ჩემი ძმის მეგობარი ქვის ასაღებად გაიწია
-არ შეეხო - უხეში მოძრაობით გააჩერა კონროუმ და ქვა, რომელიც პარკში იდო, ისევ ჯიბისკენ გააქანა - ეს სახიფათო რამეა - დააყოლა ბოლოს.
-რა არის? - ცნობისმოყვარეობა უფრო და უფრო იმატებდა
-ეს სასწაულმოქმედი ქვაა. ადამიანების აზრების კითხვა შეუძლია
-ეგ როგორ?
-საკმარისია ნებისმიერ ადამიანს ეს ქვა ტუჩებზე შეახო, და გაიგებ, რას ფიქრობს იმ მომენტში. ფიქრების დამალვას ვეღარ შეძლებს და ყველაფერს, რასაც თავში აზრად გაივლებს, ხმამაღლა იტყვის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სურს ამა თუ იმ აზრის გამჟღავნება.
-რა მაგარია! - აღმოხდათ სულელ ბიჭებს - შეგიძლია მოგვყიდო?
-თქვენი ფული არ მინდა, სხვა რამით გადამიხადეთ მადლობა
-როგორ?
-ამ ქალაქის ყველა მოსახლემ უნდა წაისვას ის. არ აქვს მნიშვნელობა ნებით მოხდება ეს, თუ ძალით.
-თქვენ რა სარგებელს მოგიტანთ ეს ყველაფერი?
-არანაირს. უბრალოდ მენანება რამდენიმე ადამანის გამო ამ ქვის გაწირვა
-დაგიბრუნებთ
-არა, დაბრუნება არ შეიძლება. ის უნდა დამარხოთ. ხოლო 100 წლის შემდეგ ისევ ამოთხაროთ, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს მოუნდება ამ ჩვევისგან გათავისუფლება...“
კითხვა აღარ გაგვიგრძელებია. ჩანთიდან ქვა წამის სისწრაფით ამოვიღე და ტუჩებზე ჯერ ბენჯის წავუსვი, შემდეგ კი მე წავისვი. რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით. ეს კარგის ნიშანი იყო.
-გაჭრა! - წამოიძახა ბენჯიმ - 2 წუთის წინ ვიფიქრე, რომ საშინელი სუნი აქვს ამ ქვას და პირში ცუდი გემო დამიტოვა, მაგრამ არ ვთქვი - ბენჯი ტიროდა, ეს სიხარულის ცრემლები იყო. მე თითქოს პარალიზებული ვიყავი. ეს მდგომარეობა იმდენად უჩვეულო იყო, ხმის ამოღება ვერ შევძელი. გულში საოცარი იმედი ჩამეღვარა. უკვე წარმოვიდგინე ბენჯისთან ერთად ბედნიერი მომავალი. ოთხი შვილი გვეყოლებოდა, არა, ხუთი მინდოდა მე. სამი გოგონა, რომლებსაც დედასავით ჟღალისფერი თმა ექნებოდათ და დიდი, ცნობისმოყვარე თვალები. ბიჭები, იმედია ჩემზე მოხერხებულები და სიმპატიურები იქნებოდნენ. მე და ბენჯი დიდი ხნის განმავლობაში შევყურებდით ერთმანეთს თვალებში და ღიმილს ვერ ვიშორებდით. ჩვენ ეს შევძელით! ოცნება რეალობად ვაქციეთ. იმ მომენტში ზუსტად ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით და მომავალ თაობებს ჩვენი სიყვარულისა და თავგადასავლის ისტორიას მოვუყვებოდით. ჩვენზე დაწერდნენ სტატიებსა და წიგნებს. სიყვარულზე, რომელსაც ლავანდის სურნელი აქვს.
-ბენჯი... მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ და ყოველთვის ასე იქნება. სამუდამოდ - მაკოცა და ჩამეხუტა. მთელი ნახევარი საათი ზედ მეკვროდა. მერე ანაზდად წამოდგა, ხელი გამომიწოდა და თითქმის ყვირილით მითხრა:
-წამოდი, დავბრუნდეთ და გადავარჩინოთ ჩვენი უბედური ქალაქი!
დასასრული - ნამსხვრევები
ბენჯის სიტყვები არ გამართლდა. მართალია, პაზერის მოსახლეობა გავნკურნეთ, მაგრამ ქალაქი ვერ გადავარჩინეთ. პაზერიდან ყველა გაიქცა. არც კი ვიცი, რა ბედი ეწიათ. ალბათ სხვადასხვა ქვეყნებში მიმოიფანტნენ. 10 წელია, რაც ბენჯი არ მინახავს. სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა. გვეგონა, აზრების დაფარვა ის იყო, რაც გვჭირდებოდა ბედნიერებისთვის. ვფიქრობდით, რომ ეს ხსნა იქნებოდა. რაც დრო გადიოდა, ერთმანეთის სიტყვებში ეჭვი შეგვქონდა. ვერ ვხვდებოდი, რა წყინდა ან რაზე ბრაზობდა. გამუდმებით ვეკითხებოდი, რას ვაკეთებდი არასწორად, ზუსტ პასუხს კი ვერასდროს ვიღებდი. ურთიერთობას ხელოვნურად ვინარჩუნებდით, ბოლოს კი მივხვდით, რომ ერთმანეთს ვტანჯავდით და გულს ვტკენდით. ბედნიერება კი „ქვას“ გავატანეთ.
მე სასწავლებლად ინგლისში წავედი, მუშაობაც აქ დავიწყე და ცოლიც შევირთე. ორი შვილი მყავს. ჩემი ოჯახი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ბენჯიზე არ მეფიქრა. ის რომ არა, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. თითქოს მასთან ერთად ხელახლა დავიბადე. ხშირად წარმოვიდგენ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ განვკურნებულიყავი. მგონია, რომ მე და ბენჯის ყველაფერი გამოგვივიდოდა, რადგან მაშინაც კი, როცა გონებაში გაელვებულ პირველივე ფრაზას ერთმანეთის გასაგონად ვამბობდით, არ ვღიზიანდებოდით. ალბათ, სწორედ ის იყო ჩემი მეორე ნახევარი. სხვა რით შეიძლება აიხსნას სიყვარული, ისეთ ქალაქში, სადაც ის არ არსებობს?! ხანდახან გვგონია, რომ ამა თუ იმ ოცნების ახდენა ბედნიერებას მოგვანიჭებს. ვფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის კიდევ რაღაც არის საჭირო და ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ რაც გვაქვს, ხანდახან საკმარისზე მეტიც კია. ასე გვეგონა მე და ბენჯისაც. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს ისურვებთ. ცნობისმოყვარეობას ერთდროულად შეუძლია შენი დაღუპვაც და აღზევებაც. არ არსებობს კარგი, ცუდის გარეშე. მე დღეს ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ ბედნიერებას არ აქვს ლავანდის სურნელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent