შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (2 თავი)


25-11-2015, 00:10
ავტორი murachashvili
ნანახია 3 069

მეორე თავი
როგორც იქნა ტატიანა დაშოშმინდა. ვახომაც რომ დაინახა, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა კალაპოტში დგებოდა, უკვე ჩვევაში გადასული ბღვერა და მუდმივი „ღრენა“ დაასრულა.
ერთი შეხედვით თითქოს იდილიამ დაისადგურა. რადგან სახლში მდედრობითი სქესის მუდმივ მაცხოვრებლად ვითვლებოდი, ჩემთან მეგობრობის საბაბით ტატიანას საშუალება ჰქონდა ჩვენთან უფრო ხშირად დარჩენილიყო. თავისთავად ცხადია აღარც ვახო აპროტესტებდა ხშირად ქალის ჩვენთან ყოფნას. ასე, რომ ჩემთან მეგობრობით ტატიანა მოგებული იყო და სარგებელსაც ნახულობდა. თავს ვერ დავდებ, რომ ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში არც ვძულდი, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. სიმართლე გითხრათ ტატიანას თავქარიანი ხასიათი დიდად არც მე მხიბლავდა. მისი მუდამ ლაღი და ხალისიანი განწყობა ცოტა არ იყოს ხელოვნურადაც კი მეჩვენებოდა.
დროთა განმავლობაში, აღმოვაჩინე, რომ ტატიანა უბრალოდ ცდილობდა ნეგატიურ ინფორმაციას მისთვის განწყობა არ შეეცვალა, თავს იჯერებდა, რომ კარგად იყო და საბოლოოდ ახერხებდა კიდევაც მუდამ დადებით განწყობაზე ყოფნას.
- რაც არ უნდა მოხდეს, არ გინდა ზედმეტი დარდი, ესე იგი ასე იყო საჭირო. - რუსულად მეუბნებოდა ის - არის ასეთი გამოთქმა: რაც ხდება, ყველაფერი სასიკეთოდ. დამიჯერე! დარდი სწრაფად აბერებს, ხასიათს აფუჭებს, უჟმური ქალი კი არავის უყვარს!
ის საკუთარ სახეს სარკეში აკვირდება, თითქოს ცდილობდა არ არსებული ნაოჭები დაენახა, ამას ისეთი მეამიტი სახით აკეთებდა, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ. ნაწილობრივ ვეთანხმები, არც მე მიყვარდა, როცა საკუთარ პრობლემებსა და ტკივილს ზედმეტად თავს მახვევდნენ.
თითქოს ახალ სიტუაციას ვეჩვეოდი, ვცდილობდი ახალ ხალხსა და გარემოს შეძლებისდაგვარად მოვრგებოდი. სწორედ ამ დროს ცხოვრებამ ისევ ახალი სიურპრიზი მომიმზადა.
ბოლო პერიოდში თავს უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობდი. ძალა არ მქონდა. ყველაფერზე გული მიჩქარდებოდა და უაზროდ ვტიროდი. ხასიათის ცვლილებას გადატანილ სტრესს ვაბრალებდი. სისუსტეს კი ვერ ვიგებდი რას შეიძლებოდა გამოეწვია. ტატიანას შეგონებით გამოკვლევებზე ექიმთან გადავწყვიტე მისვლა. პასუხი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: - თითქმის სამ თვემდე ორსული გახლდით.
ბავშვი? წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ გამომპარვოდა? თავი საკმაოდ განათლებულ ადამიანად მიმაჩნდა, საკუთარ სხეულში ამხელა ცვლილება კი გამომეპარა. თითქოს პანიკაში ჩავვარდი. რა უნდა მექნა? ჩემს არეულ ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო.
- ღმერთო ჩემო! - ვფიქრობდი და აზრს ვერ ვაყოლებდი - რა ვქნა? ვინ იქნება ჩემი შვილი? ვინ იქნება მისი დედა? ანასტასია თუ სალომე? მამა? ....
- რა გითხრა ექიმმა? - ცნობისმოყვარედ მეკითხებოდა ტატიანა.
- ორსულად ვარ! - ძლივს ამოვღერღე მე. საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. თითქოს შორიდან ჩამესმოდა.
- მერე ასეთი სახე რატომ გაქვს? უცებ შემეშინდა. ბავშვი ბედნიერებაა. გესმის? ის ჩვენი ბედნიერებაა! ასეთი გაფითრებული ნუ მიყურებ, გთხოვ. - აჟიტირებული, ბედნიერი მეუბნებოდა ის.
გული მტკივა მის სიხარულს რომ ვერ ვიზიარებ. - მე ხომ სრულიად მარტო ვარ. ამას ვერ ხვდები?
- რას ქვია მარტო? რატომ მარტო? მე და ვახო? პატარა გვეყვარება, გავანებივრებთ! - უკვე მომავლის გეგმებს აწყობდა ის.
მეცინება, როგორი მარტივია მისთვის ცხოვრება, ის ყველაფერში პოზიტივს ხედავდა და მისი მშურდა.
- აი ნახავ, ვახოც ასე იფიქრებს. ერთად გავზრდით ამ პატარას. ჩვენს პატარას.
- გიჟი ხარ ტატიანა! არც კი იცი როგორი გიჟი! - თვალები ბედნიერებს ცრემლებით მევსება- ბედნიერია ვახო შენ რომ ჰყევხარ!
- კი ბედნიერია! - მხიარულად მეთანხმებოდა ის.

- ალბათ, ასე იყო საჭირო! - რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ მითხრა ვახომ. სახე სერიოზული ჰქონდა. ტატიანასგან განსხვავებით ჩემი ორსულობის გაგებისას გახარებული არ წამომხტარა, თუმცა არც ჩემსავით მუქ ფერებში დაინახა მომავალი. - ბოლოს და ბოლოს შენი და თემოს სიყვარულის ნაყოფი გვეყოლება.
გულში ჩამიხუტა და ისე მეფერებოდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი. ამ წუთებში ის ბიძაშვილიც იყო, ძმაც, ჩემი არ არსებული მამაც და ალბათ ამ შემთხვევაში მამაზე მეტიც...
- როგორ ფიქრობ ბიჭი იქნება თუ გოგო? - უცებ ეშმაკურად მკითხა მან.
- არ ვიცი, მაგ საკითხზე არ მიფიქრია!
- არადა, ამბობენ დედა ყოველთვის გრძნობსო! - თითქოს იმედი გაუცრუვდა მას- მაგარი იქნება ბიჭი თუ გაჩნდება. უფ, რას გავერთობი. ხულიგანი, ცელქი, პატარა თემო.. - აშკარად ართობდა მომავალზე ფიქრი - პრინციპში არც გოგო იქნება ცუდი, კიკინებითა და მეჩხერი კბილებით, პეპის მსგავსი, პატარა ჭორფლებით...
- მე მგონი ასეთი ვიზუალის შენი და ტატიანას გოგონა იქნება! - მეცინება, როცა ვიაზრებ, რომ პატარა ბავშვის აღწერისას ტატიანა დაახასიათა.
თავადაც გაეღიმა: - ჩემი და ტატიანას? ვნახოთ როგორ მომეწონება ბიძის ამპლუა, შემდეგ იქნებ მამობაზეც ვიფიქრო.
- ტატიანა ის ადამიანია ჩვენს არეულ ცხოვრებაში ნათელ წერტილებს რომ ამჩნევს, მისი დაკარგვის უფლება არ გაქვს.
ტუჩებზე თითს იდებს და მანიშნებს გავჩუმდე. მაგიდის უჯრას ხსნის და ხავერდის პატარა კოლოფს მაჩვენებს. ფაქიზად ხსნის. კოლოფში გვერდ-- გვერდ წყვილი საქორწინო ბეჭედია მოთავსებული.
- არაფერი უთხრა იცოდე, სიურპრიზია.
- არ ვეტყვი! - ბედნიერი ვეთანხმები და ვეხვევი მას. - მიყვარხარ და ვამაყობ შენით!

ვახო
პოდმოსკოვიეში, ჩემთან კაბინეტში ვზივართ ორნი, მე და სალომე. ტატიანა ისე ჩუმად გაიპარა ოთახიდან, მივხვდი წინ სერიოზული საუბარი მელოდა და ხელის შეშლას მოერიდა. სალომეს ხმა უკანკალებს, თრთის და ცდილობს რაღაც მითხრას.
ვხედავ შეშინებულია, დაბნეული. გული შიშით მაქვს სავსე, კიდევ რაღარც უბედურებაა მის თავს? სალომეს ცრემლებიან თვალებს ვუმზერ და კითხვის დასმას ვერ ვბედავ. როგორც იქნა მხნეობა მოიკრიბა და ხმის კანკალით მეუბნება:
- ორსულად ვარ!
მხრებიდან თითქოს მძიმე ტვირთი მომხსნეს, შვებით ამოვისუნთქე. ღმერთო ჩემო, მადლობა, კიდევ ახალი განსაცდელი რომ არ მომივლინე. პატარა, სალომესა და თემოს პატარა. ისე მიხარია, ისეთი ბედნიერი ვარ. რომ შემეძლოს წამოვხტებოდი და ხელში ავიტაცებდი, მაგრამ თავს ვიკავებ. სერიოზული სახით ვუმზერ.
მესმის სალომეს ტკივილის, მისი შიშიც გასაგებია. თუმცა ნამდვილად მჯერა, რომ ეს პატარა მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი და სტიმული იქნება. ალბათ, ვერ მიხვდებით ასე რატომ ვფიქრობ. ჩემი თავის მეც კი მიკვირს, მაგრამ ვგრძნობ ამ ამბავმა როგორ ამამჩატა, ამამსუბუქა. პატარა ბავშვივით ავცანცარდი, მინდა გარშემო ყველას გავაგებინო, რომ სადაცაა დისშვილი გამიჩნდება, ბიძა ვიქნები, ბიძა. ვიცი, რომ გიჟი ვარ, მაგრამ ჩემით არ გავგიჟებულვარ. ასე სალომემ გადამრია, მისმა ჯერ კიდევ არ დაბადებულმა პატარამ ამამჩატა. უკვე ვიცი, მე და ეს პატარა დიდ ამბებს ჩავიდენთ ერთად. ის ჩემი ნებიერა იქნება.
ვინ ვარ მე? ერთი ჩვეულებრივი „გრუზინი“, თბილისელი ბიჭი. ბავშვობიდან მოყოლებული ვიბრძვი თვითგადარჩენისთვის. პატარაობიდან სუსტი ვიყავი, გამხდარი. თუმცა როგორც ჩემი მეგობარი თემო ამბობდა, დიდი გულის პატრონი. ჩემი გული ყოველთვის ასწრებდა ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, და ხშირად ამის გამო ნაცემიც ვრჩებოდი. თუმცა იარები არ მაწუხებდა. სამაგიეროდ შიგნიდან ვიყავი კმაყოფილი. ვიცოდი, რომ ვერ გამტეხეს. იარები კი დროთა განმავლობაში მოშუშდებოდა.
ჩემი მომცრო ტანის გამო თითქმის ორ მეტრამდე სიმაღლის მამასთან ხშირად ვწუწუნებდი, ის კი თბილად მიღიმოდა და მამშვიდებდა:
- მოითმინე შვილო, გაიზრდები. გენებში პატარა არავინ გვყავდა. ბაბუაშენი 90 წლის ასაკშიც კი მეტრა - ოთხმოცდაათამდე იყო და რაღა შენ იქნები დაბალი?
- გავიზრდები?! - ეჭვი მეპარება მის სიტყვებში. ყოველ დღე თუ არა, თითქმის თვეში ერთხელ კედელთან მივდივარ, სადაც ჩემი სიმაღლის ზრდის შესამოწმებლად ნიშნულს ვაკეთებ, სანტიმეტრით საგულდაგულოდ ვამოწმებ წინა ნიშნულსა და ახალს შორის სხვაობა, აშკარად ვამჩნევ მატებას, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ. რა ვქნა? გაზრდა მეჩქარება.
ეხლა ამ ყველაფერზე მეცინება. ის დრო მენატრება. რას წარმოვიდგენდი თუ ამდენი პრობლემები მელოდა წინ. უფლება რომ მქონოდა ალბათ პიტე - პენივით, მეც მუდმივ ბიჭუნად დავრჩებოდი.
ზოგადად ცუდი ბავშვი არ ვიყავი. საშუალო დონეზე ვსწავლობდი, არ ვეტანებოდი ნარკოტიკებს, პირველი არასოდეს ვუტყავდი. არ მიყვარდა სუსტების ჩაგვრა. ვცდილობდი ადამიანები კარგი კუთხით დამენახა და ცხოვრებაზე არ დავბოღმილიყავი. არ მეცვა ბოლო მოდაზე, თუმცა არც არაფერი მაკლდა. მე სხვა პრიორიტეტები მქონდა, ერთგული მეგობრები, ჩემი ოჯახი, რომელიც ერთი ყველაზე მთავარი ადამიანისგან სალომესგან შედგებოდა. დედ-მამის შვილი არ მყავდა, ის იყო ჩემთვის ძმაც და დაც. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობდით ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ერთმანეთს არ ვეშვებოდით. მისი ტკივილი მტკიოდა, მისი სიხარული მიხაროდა.
ორმაგად მიყვარდა ჩემი მეგობარი თემო. რატომ ორმაგად? ალბათ აქაც სალომე იყო დამნაშავე. ვხედავდი როგორ უყვარდათ ერთმანეთი და მათი ერთად ყოფნა მეც მახარებდა. სალომეში ისეთი ცოცხალი სხივები ჩანდა, ისეთი ჭინჭიკები უხტოდა. და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სხივები მხოლოდ თემოს ეკუთვნოდა. ამიტომაც მიყვარდა განსაკუთრებით თემო, ის სალომეს ბედნიერება იყო. ესე იგი ჩემიც.
თბილი ვიყავი, მაგრამ ჩემში უცნაურ თვისებებსაც ვამჩნევდი, თუმცა ეს თვისება მამალაძის დახმარებით აღმოვაჩინე. თურმე ადამიანის მოკვლაც შემძლებია. ყოველთვის გულ-ჩვილი ვიყავი. დღემდე მახსოვდა მე და სალომემ რამდენი ვიტირეთ როცა ჩვენი ნებიერა, პატარა, ბათურა, ლეკვი სოფელში წაიყვანეს.
- თბილისში მისი ყოლა არ შეიძლებაო, უკვე მერამდენედ გვიმტკიცებდნენ უფროსები.
ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ ბათურას გამგზავრება. მეორე ისტერიკა მაშინ დამემართა, როცა ჩემი საგულდაგულოდ მოვლილი წიწილა, ქათმად იქცა და ერთ მშვენიერ დღეს ჩახოხბილის სახით მოგვართვეს სუფრაზე. სულ კურცხალი ცრემლებით ვტიროდი და წიწილის უკან დაბრუნებას ჯიუტად მოვითხოვდი. მეზიზღებოდნენ ყველანი, ვერ ვპატიობდი ჩემი ქათმის მკვლელობას. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული ავკრძალეთ მე და სალომემ სახლში შინაური ცხოველების მოყვანა.
ბედის ირონიაა, აბა რა ქვია სახელად?! ქათამსა და ლეკვზე ვდარდობდი, დღემდე ამ ამბების გახსენებაზე სწორედ ისევ ისე მძაფრად მტკიოდა. აი, დამპალ მამალაძის მკვლელობისას კი ხელიც არ ამიკანკალდა. ნაგავი იყო, არ შეიძლებოდა ერთ ადამიანში ამდენი უარყოფითი თვისება ყოფილიყო. არ ვცდილობ საკუთარ საქციელს გამართლება მოვუნახო, ვინ ვიყავი მე, რომ ღვთისგან გაჩენილი არსებისთვის სიცოცხლე მომესწრაფა, თუმცა მაინც... ალბათ, ესეც ადამიანის თვისებაა, ყოველ მის მოქმედებაში ახსნას ეძებდეს. ერთი კი ცხადია, არ ვნანობდი. ერთად-ერთი გული იმაზე მწყდებოდა, რომ ამის გამო ოჯახი მივატოვე, თბილისიდან წამოვედი. მიყვარდა ჩემი ქალაქი ეგოისტურად, მთელი ჩემი არსებით და დასატოვებლად არ მემეტებოდა. არ მიღირდა ნაძირალა მამალაძე ამხელა მსხვერპლად. ნამდვილად არ მიღირდა. თუმცა უკვე სინანულის დრო აღარ იყო.
მაშინ თბილისიდან წამოსვლაში მამა დამეხმარა. მახსოვს როგორ მიმიყვანა მის ბავშვობის მეგობართან, კანონიერ ქურდ ჯემალ ქისტაურთან. ოცი წლის ბიჭისთვის სიტყვა კანონიერი ქურდი უცნაურ დატვირთვას ატარებდა. თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ. ჯემალის არსებობაზე უფროსებისგან ხშირად გამეგო, თუმცა ასე ახლოს არასოდეს მენახა. როგორი იყო? საშუალო სიმაღლის, ჭაღარა, მუდამ კლასიკურად, შარვალ-კოსტუმში ჩაცმული, ხმას არასოდეს უწევდა. სმენა კარგად უნდა დაგეძაბა მისი ნათქვამი რომ გაგეგო. თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ადამიანი როგორ შეიძლებოდა ქურდი ყოფილიყო? ისეთი სუფთა ქართულით საუბრობდა შეგშურდებოდათ, ჟარგონს თითქმის არ იყენებდა.
უცნაურია, ვიდზე მასთან შევიდოდით დიდი ეზო გავიარეთ. გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებდა. სულ ნარჩევი ბიჭები. ტანში უსიამოვნოდ დამბურძგლა:
- ესენი ვინ არიან? - ჩუმად ვკითხე მამას.
- მისი ჯგუფის წევრები. - მოკლედ მიპასუხა.
- ქართველები?
- უმეტესობა კი. ძირითადად ჯემალთან არიან რუსეთში. თბილისში მათ ვერ ნახავდი.
- ეხლა რატომ ჩამოვიდნენ? - ცნობისმოყვარეობას ვერ ვიკავებ და კითხვებს ვაყრი მამას.
- მას ჩამოყვნენ.
- მა... - კიდევ რაღაც მინდა ვკითხო, მაგრამ მამა ხელით მანიშნებს გავჩუმდე. დიდ კაბინეტში შევდივართ. გარშემო იმდენი წიგნებია თავი ბიბლიოთეკაში მგონია. ტყავის სამეულის შუაში ხის ჟურნალების მაგიდა დგას.
ჯემალი იქ დაგვხვდა. ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც ალბათ მის პირად მცველად ითვლებოდა, მაშინვე დაგვტოვა. მამა თბილად მოეხვია მეგობარს.
- შე ბებერო, შენა. - მხარზე ხელს უტყაპუნებდა მამას. - რა იცი ასეთი, რომ არ იცვლები, ა? გამიმხილე მაინც, თუ ეგ მეთოდი მხოლოდ გურელებზე ჭრის?
- კარგია სასაცილოდ როცა გაქვს საქმე! - დასერიოზულდა მამა.
- აბა სატირალი რა გვჭირს?! - სახე მოეღრუბლა ჯემალს - მორჩი ერთი თუ ძმა ხარ, ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება. ნახე რა ვაჟკაცი გყავს, მე რომ ასეთი შვილი მყოლოდა... - მის სიტყვებზე თავს უხერხულად ვგრძნობ. ვიშმუშნები.
- ეჰ... - ისევ ოხრავს მამა.
- მორჩი მეთქი, ვეღარ გცნობ. ჩვენც ვიყავით ამ ასაკში. ჩვენი ბავშვობა მე თუ მახსოვს ესე იგი შენც გემახსოვრება. ხან ასეა, ხან ისე. არ ტყუის შენი ვაჟი ამ სიტუაციაში. მის ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. მათ შორის შენც.
- ჯემალ, ხომ იცი ჩემი ძმა ხარ. ისე არც მოვიდოდი. ეს ბავშვი ჩემთვის ყველაფერია. შენს გარდა ვერავის ვანდობ.
- ბავშვი?! - ისევ მხიარულად იცინის ჯემალი- ის კაცია და საუკეთესო ვაჟკაცი.
ვგრძნობ მამაჩემისთვის ეს საუბარი ძალიან მძიმეა. ცდილობს ემოციები შეიკავოს, მეგობართან სისუსტე არ გაამჟღავნოს, ალბათ ჯემალიც ხვდება მის განცდებს:
- მე ოჯახი არ მყავს. ჩვენი ძმობის სიყვარულით ვახო ჩემთან იქნება, ჩათვალე როგორც საკუთარ შვილს ისე ამოვიყენებ გვერდით. ჩემი ცხოვრების წესი შენთვის ცნობილია. რა ვქნა მე სხვა არაფერი შემიძლია.
- ვიცი. - ყრუდ პასუხობს მამა.
- თბილისს ხვალ გამთენიისას ვტოვებთ.
- ეგეც ვიცი. - უფრო გაებზარა ხმა.
ეს იყო და ეს. მამამ ერთი ძლიერად ჩამიკრა, აღარაფერი უთქვამს. პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი მარტო რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ამდენი უცხო ადამიანის შემრცხვა. ჩემში დაგუბებული ემოციები ჩავახშე და გულში ღრმად ჩავიმარხე.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ის პატარა ვახოა..??? ყველაზე სუსტი და პატარა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent