სელემიტი (სრულად)
მეშინია. ღამე სიბნელე სიცივე. სიშიშვლე სითბო „დედამიწა მალე აფეთქდება“ - ამბობს ჩარლი. ჩარლი ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი მეგობარია. ყოველთვის დახმარება როცა მჭირდება მას მივმართავ ხოლმე და ის აუცილებლად მეხმარება. ის ჩემთვის ძმასავითაა. მიყვარს ჩარლი. „დედამიწა ქარცეცხლის ზოლში შევიდა, მალე აფეთქდება“ - ისევ ჩარლი ამბობს. მცივა. ვიცი დედამიწა რაც არის, ვიცი რომ ის ჩემი სახლია. დედამიწა - სახლი. ვიცი რომ ის მარტო ჩემი კი არა შენი და კიდევ ბევრი შენნაირის, ჩემნაირის სახლია. ყველაზე კარგია რაც კი არსებობს სხვა. „სელემიტი ვერ მოვსპეთ დედამიწაზე. ის პლანეტას გაუჯდა და ნელ-ნელა ანადგურებს“ - არ ვიცი რაზე ლაპარაკობს ჩარლი, მაგრამ ვიცი რომ რაღაც სერიოზულ საქმეს უნდა ეხებოდეს. ის ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი და მეც მინდა ჭკვიანი ვიყო. მინდა ყველაზე მეტად ჩავერთო ხოლმე საუბარში და მეც გამოვთქვა აზრი მინდა ბევრი რამ მესმოდეს და ბევრი რამ ვიცოდე. მაინც მინდა. დედა მენატრება. მამა მენატრება. ექიმი მეუბნება რომ აქ უსაფრთხოდ ვარ და ჩემს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. კიდევ მითხრა რომ დედაჩემსაც და მამაჩემსაც დიდხანს ვერ ვნახავ. რატომ მექცევიან ასე. რა უნდათ ჩემგან. დედის ნახვა მინდა მე კი უცხო გარემოში ვცხოვრობ. მარტო. ძალიან მეშინია. მგონია რომ დედას ვეღარ ვნახავ. ექიმი ცუდი კაცია, არ მიყვარს რასაც მიკეთებს მაგრამ მაინც მიკეთებს. მტკენს ხოლმე. და კიდევ მან მშობლებს დამაშორა. მე ვტიროდი როცა პატარა ვიყავი. ვტიროდი რადგან არ მინდოდა მათგან შორს წასვლა. ექიმი ფორმი მეუბნებოდა რომ მათ მალე ვნახავდი მაგრამ დიდი ხანია რაც არ მინახავს. ისინი ძალიან მიყვარს და მენატრება. პატარა ვიყავი როცა ჩემი თავი წაართვეს დედას. დედა ტიროდა, მეც ვტიროდი და ვფიქრობდი რომ ვკვდებოდი. სიკვდილი დედის გარეშე ცხოვრება მგონია. მე მკვდარი ვარ. ალბათ მოვკვდი. „ცხოვრება საშიში გახდა დედამიწაზე. სიმატოტროფინებიც კი უძლურები არიან მათ წინააღმდეგ. რამე სხვა გვჭირდება. რამე ახალი“ - ვიცანი ხმა. ეს ექიმი იყო. ამ ოთახში დიდი ხანია უკვე რაც ვარ ეს ოთახი ჩემი სახლი გახდა მე კი არ მინდა ეს ჩემი სახლი იყოს და დედამიწა მინდა. როცა ჯერ კიდევ ბედნიერი ვიყავი როცა დედა ჩემთან იყო. მას არ ვაბრაზებდი და სულ ვეფერებოდი ხოლმე. ხშირად ტიროდა ჩემს გამო მე კი არ ვიცოდი რატომ ტიროდა. რა მემართებოდა. მისის კენტონი ამბობდა რომ ვერასდროს შევძლებდი სწორად აზროვნებას და ცხოვრებას. სითბო და სიყვარული კი დიდი მქონდა. არ ვიცი რას ნიშნავს სიტყვა „აზროვნება“ არასდროს უსწავლებიათ ჩემთვის და ვერც მე ვიგებ ხოლმე დიდების საუბარს. მეც მინდა ასე ვლაპარაკობდე. მე მცივა. და მეძინება... 12 მაისი 2033 წელი. მე პიტერ ბოგლინი ვარ. ჩემი სამშობლო კი როგორც ექიმი ამბობს დედამიწაზეა, ერთ ერთ ქალაქ ნიუ იორკში ვცხოვრობდი დედმამასთან ერთად. კიდევ მყავდა ძმა სემი, რომელიც სულ ყველაფერს მიშლიდა და მეჩხუბებოდა. მის სათამაშოებს ხელს არ მაკიდებინებდა და მე ცალკე ვიჯექი ხოლმე ჩემთვის. მაგრამ მე ის მაინც მიყვარდა. ის ხომ ჩემი ძმაა. ჩემი საყვარელი ძმა. სულ ვფიქრობ ხოლმე მასზე ის ჩემზე დიდი იყო და ჩემზე კარგად სწავლობდა. მინდოდა რომ მეც მესწავლა და დედა გამეხარებინა ძალიან მინდოდა მაგრამ არ შემეძლო. ვერაფერს ვიმახსოვრებდი რასაც მასწავლებელი იძახდა. დედას ვუყვარდი, მაინც ვუყვარდი მაგრამ მინდოდა რომ სხვანაირად ვყვარებოდი. ვხედავდი როგორ ელაპარაკებოდა სემს. როცა მედლებს იღებდა დედა გახარებული იყო მე კი ეს რომ არ შემეძლო ვტიროდი. ჩუმად ვტიროდი ისე დედას რომ არ დაენახა. არ მიყვარს როცა ტირილის დროს მიყურებენ. არ ვარ მტირალა მაგრამ ხანდახან მეც ვტირი. ხშირად ვტირი მაგრამ ეს არავინ იცის. ექიმმა მითხრა ყველაფერი დაწერე რაც გინდაო და მეც ვწერ. დღეს ვიცი რაც უნდა მოხდეს. კიდევ უნდა მატკინოს. მეშინია. სულ მეშინია როცა ექიმს ვხედავ ხოლმე და ვიმალები ოთახის კუთხეში მგონია ვერ მნახავს ის კი მაინც მპოულობს. როგორ - არ ვიცი. ექიმი ფორმისგან ჩარლი მიცავს ხოლმე. ჩარლი კარგი მეგობარია მაგრამ ხანდახან არ მიცავს და ექიმი მაინც მტკენს ხოლმე. მეუბნება ასეა საჭირო გეხმარებითო მაგრამ არ მჯერა ექიმის. როცა ჩარლი მეუბნება რომ მართლა ასეა საჭირო მხოლოდ ამიტომ ვუძლებ ამდენს. მე ჩარლის მჯერა. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება ხოლმე. ექიმი ფორმი რითაც მტკენს იმას ნემსებს ეძახის. ერთხელ გავიგონე ჩარლის რომ ეუბნებოდა ნემსის გაკეთების დროა პიტერისთვისო. ვერ ვიტან ნემსებს მძულს. „პიტერ შენ ძალიან გვჭირდები. მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.“ - მითხრა დღეს ექიმმა. არ ვიცი რატომ მითხრა ასე. მე ვის რაში უნდა ვჭირდებოდე წესივრად არც ვიცი რატომ ვცხოვრობ და რატომ გავჩნდი ასეთი. ყველას თავისი მისია აქვსო მაგრამ მე რა მისია მაქვს ან რატომ ვარ ისეთი როგორიც ვარ. მგონია რომ სრულიად ზედმეტი ვარ და მხოლოდ იმიტომ მეუბნებიან რომ არ მეწყინოს და თავი ისე არ ვიგრძნო როგორც ვგრძნობ. ვერ მომატყუებენ. არ მესმის როცა ერთმანეთში ლაპარაკობენ რას გულისხმობენ მაგრამ მათი საუბრები იმდენჯერ მაქვს მოსმენილი თითქმის ყველაფერი მახსოვს მაგრამ მათ მნიშვნელობას ვერ ვხვდები. მგონია რომ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ და მე კი ყველაფერს მიმალავენ. ისე იქცევიან როგორც იმ ფილმში, აი რა ქვია იმას. ხო - ჯეიმს ბონდი. „პიტერს კარგი პირობები უნდა შევუქმნათ იმისთვის რომ მასში არსებული იმუნიტეტი უფრო გაძლიერდეს“ - ამბობს ხოლმე ექიმი. „რესურსები გვეწურება. წამლებიც ერთ თვეში გათავდება და რასაც მას ვუკეთებთ და ვსწავლობთ თუ მალე შედეგი არ გამოიღო ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება“ - ამბობს ჩარლი. „ჩვენ ვართ მხოლოდ ჯანმრთელნი. ამ ხომალდზე მყოფი, მე შენ პიტერიც რასაკვირველია და დანარჩენი ეკიპაჟიც.“ - ექიმს დანიელი ქვია. დანიელ ფორმი. „ხომ არ დაგავიწყდა რომ პიტერი მთლად ჯანმრთელად არ ითვლება?“ „არ დამვიწყებია. მაგრამ მას ჩვენზე ძლიერად აქვს იმუნური სისტემა განვითარებული, ის არ მოკვდება. მეტიც შეგვიძლია დაგვეხმაროს და გმირი გახდეს“ - არ მესმის რას ლაპარაკობენ. მინდა გავიგო იქნებ ჩემზე რამე ცუდს ამბობენ მაგრამ არ მესმის. მე პასუხები მჭირდება და ახლა თავს არარაობად ვთვლი. სიკვდილი მინდა. არა, დედა უფრო მინდა... მენატრება. მიყვარს დედა. „გგონია ყველაფერი გამოგვივა? ფიქრობ რომ ვიხსნით დედამიწას აფეთქებისგან?“ - ეს ჩარლია. სულ ამას ეკითხება ექიმს. აფეთქება ვიცი რომ ძალიან ცუდი რამეა. რომ დაიძახებს ბუხ-ს და შეგაშინებს. ვიცი ეს. მეშინია აფეთქების. არ მინდა დედამიწა რომ აფეთქდეს. ჩემი სახლი აფეთქდება და აღარ ვიქნები არც მე და არც სხვა. გარეთ პატარა მრგვალი ფანჯრიდან რომ ვიყურები სულ სიბნელეა და ხანდახან კი რაღაც წერტილებივით მოჩანს თეთრი და ბევრი წერტილი. მათი ყურება არასდროს მწყინდება. ეს ის ქალაქი არ არის სადაც მე ვიყავი მაგრამ ესეც კარგი ქალაქია მაგრამ დედაჩემი მაინც მენატრება. მოვიწყინე. მცივა და სულ ვიყინები. ექიმი ამბობს რომ წესით არ უნდა მციოდეს მაგრამ მე მცივა. სიცხეშიც კი მცივა. რატომ? „უნდა გამოგვივიდეს. უნდა გამოვიდეს თუ არადა სხვა პლანეტის მოძებნა მოგვიწევს.“ - საზიზღარი ექიმი. „უკვე ფილტრიც აღარ შველის. ნელ-ნელა ერევა მას. ექიმო ხალხი უნდა გადავარჩინოთ.“ „მესმის. სელემიტი ხალხში გაცილებით სწრაფად მოქმედებს. ის იწვევს კანის დაბერილობას გულის რევას და ისეთი შეგრძნება აქვთ თითქოს დიდი ბეწვი ჰქონდეთ გადაყლაპული. ჭამის ხალისი დაკარგული აქვთ. ახალგაზრდები ისე გამოიყურებიან როგორც შუახნის ბებრები. ჰორმონები იცვლება სისხლში და სწრაფადაც იწყებს მოძრაობას ვენებში. ეს ისეთი რამეა რასთანაც არასდროს გვქონია შეხება.“ მასულელებენ. ძალით ამბობენ ასეთ რამეებს რომ მე მომატყუონ. იციან რომ არ მესმის არაფერი. ჩინურივითაა - ეს ჩარლიმ მასწავლა. სულ ერთ ოთახში ვარ გამომწყვდეული და გარეთ არ მიშვებენ. ხმა მესმის მათი ლაპარაკის. არ ვიცი როგორ მაგრამ მათი ლაპარაკი კარგად მესმის. ამის შესახებ არაფერი მითქვამს ექიმისთვის და არც ჩარლისთვის. მერე კიდევ უფრო მატკენენ და მე კი არ მინდა რომ მატკინონ. „ყველაფერი გამოვა. აი ნახავ. ჩვენი ბიჭი ყველაფერს გაუძლებს. მისი წყალობით დედამიწა გადარჩება.“ 14 მაისი 2041 წელი. როცა მეძინა ექიმმა ჩემი რვეული ნახა. მე გავუბრაზდი მაგრამ ყველაფერი წაიკითხა. იცის უკვე რომ არ მიყვარს და კიდე იცის რომ ძალიან მტკივა. თან მეკითხებოდა როგორ გესმის ლაპარაკიო მე ვუთხარი რომ ძალიან კარგად მესმოდა. კიდევ სხვა ხმებიც გესმისო მეუბნებოდა მეც დავეთანხმე. ხანდახან მესმის აფეთქებების ხმა და კიდევ მესმის რაღაცის ხმა. არ ვიცი რისი ხმაა მაგრამ სულ მესმის. კაკ-კუკ ასე მესმის თავში და არ მომწონს. ექიმმა ისიც მითხრა რომ წელი არასწორად მიწერია და გაასწორეო. ვკითხე რატომ? მან მიპასუხა 2033 არ არის ახლა არის 2041-იაო. სულ დავიბენი. რატომ არ არის 2033. მე ხომ როცა დედასთან დამაშორეს მაშინ სულ 2033 წელი იდგა? თან სულ თბილოდა მე კი სულ მცივა ახლა. ნემს რომ მიკეთებენ მაშინ უფრო მცივა. დღეს ჩარლი შემოვიდა ჩემს ოთახში და დამხედა. ექიმს ყველაფერი უთქვია იმაზე რაც მე დავწერე და იცოდა რომ ვიცი ყველაფერი მაგრამ არ მესმის რა ვიცი. თმებზე ხელი წამისვა. „როგორ ხარ პიტერ“ - ვუთხარი რომ მციოდა. – „გენატრება დედა ძალიან?“ - ამაზე ერთი პასუხი მქონდა რომ კი მენატრებოდა და ახლაც მენატრება. – „თუ ყველაფერი კარგად დასრულდა მას აუცილებლად ნახავ“ - გამიხარდა და აქეთიქით სირბილი დავიწყე როცა საწოლიდან წამოვხტი. ჩარლი მალე გავიდა. მე ისევ მოვიწყინე. 15 მაისი 2041 წელი. არ მიყვარს ექიმი ფორმი. როცა ამას ვეუბნები იცინის ხოლმე მე კი იმის გამო არ ვეუბნები რომ გაიცინოს. მართლა არ მიყვარს და მეშინია მისი. დღეს კიდევ მატკინა. მითხრა შენი სისხლი მჭირდებაო. სულ რაღაცას მაკეთებინებს. თითქოს როჯერი ვიყო. როჯერი მაიმუნია რომელიც ჩემს გვერდზე ოთახში არის ჩემსავით ჩაკეტილი და არ უშვებენ. მხოლოდ მისი ყვირილის ხმა მესმის ხოლმე. ხანდახან ერთად გვათამაშებენ. ხან კი სადღაც შევყავართ ოთახში სადაც ბევრი ნათურა და ხაზებია. მაგიდაზე ვწვები ჯერ მე და მერე როჯერი და მაშინებს ექიმი რომ არ გავინძრე. თუ გავინძრევი კიდევ მატკენს და მეც არ ვინძრევი ხოლმე. მერე დიდ ხმებს გვირთავენ ყური საშინლად მეწვის ხოლმე მაგრამ მაინც არ ვინძრევი. მეფხანება მაგრამ არ ვინძრევი რადგან არ მინდა რომ მატკინოს. იმ დღეს აღარ მტკენს ხოლმე. დღეს კიდევ ერთ რკინის ოთახში შემიყვანა რაც არასდროს მქონდა ნანახი. დიდი სახლია ძალიან და სახლიდან არსად მიშვებს. არც სასეირნოდ როგორც ადრე დედაჩემი მატარებდა ხოლმე. უცხოებს არ დაელაპარაკოო მეუბნებოდა მაგრამ მე სულ ვიცინოდი სიარულის დროს და სულ ვაკვირდებოდი ყველას. არ მესმოდა ხანდახან რასაც აკეთებდნენ გარეთ სკამზე მჯდარი გოგო და ბიჭი. ერთმანეთს ჩუმად ელაპარაკებოდნენ პირებით ძალიან ახლოდან მე ვეკითხებოდი დედას ხმამაღლა რას აკეთებენ ისინი და მერე მე მიყურებდნენ ხოლმე. დედა არაფერს მპასუხობდა. არაფერს მეუბნებოდა მაგრამ ვუყვარდი და ვიცი ყველაფერი ჩემთვის უნდოდა. მინახავს კიდევ როგორ უქნევდა მუშტს ერთი მეორეს და ერთმანეთს როგორ ეჩხუბებოდნენ. „შენი დედა მოვტყან“ - ეუბნებოდა ერთი მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს. ვხვდებოდი მათ სახეს რომ ვუყურებდი კარგი არ უნდა ყოფილიყო და დედაჩემიც მეუბნებოდა რომ არ გამემეორებინა. არასდროსო დააყოლებდა ცოტა ხნის შემდეგ. ვერ ვხვდები რატომ უნდა დაარტყა სხვას და რატომ არ უნდა მოგწონდეს? ვერ ვხვდები ერთმანეთს რისთვის ჩაგრავენ და ატკენენ. მათ ხო ტკივათ როგორც მე მტკენს ექიმი. როცა მტკივა ჩემთვის ჩუმად ვტირი ხოლმე. არ მინდა დამინახონ მაგრამ ხანდახან მგონი მხედავენ კიდეც. ჩემს ოთახში რამდენიმე კუთხეში რაღაცეები მოძრაობენ და მე რომ ვუყურებ და ვეჯღანები მერე ვურტყამ ხელს შემოდიან და მაჩერებენ. მაცმევენ ხალათს რომლითაც ხელები შეკრული მაქვს და ვერ ვამოძრავებ. ძალიან მინდა სახლში ვიყო. ექიმი მეუბნება ახლა ეს არის შენი სახლიო მაგრამ მე არ მინდა აქ ვიყო. დედაჩემთან მინდა ვიყო. ახლა ქალაქ კოსმოსში ვართ. ფანჯრიდან სულ ღამეა და ეს ვერ გამიგია რატომ. ყოველთვის მიყვარდა დღე როცა გარეთ გავდიოდი და ვთამაშობდი. ეს ქალაქი კი ძალიან უცნაურია. არც ქუჩები ჩანს არც სხვა სახლები და არც გზები. მანქანების ხმაც კი არ შემოდის. მხოლოდ სიჩუმე და ხანდახან კარის ხმა. კიდევ რკინის ადამიანები გვყავს და ყველაფერს თითქმის ეგენი აკეთებენ. დღეს ერთ უცნაურ ოთახში შემიყვანეს კედლები რკინის იყო ზოგი კი არ იყო რკინის. მათზე რაღაც ეხატა თეთრად. ფორმი მეუბნება რომ ის დაწერე რასაც ფიქრობო. არ ვიცი რა ვიფიქრო მაგრამ როცა რაღაც მელაპარაკება შიგნით იმას ვწერ მეც. ვიღაც მელაპარაკება ჩუმად თავში. მგონია რომ ჩემი ფიქრების მოპარვა უნდა მაგრამ ვერაფრით ვერ ვიშორებ. ეს რომ ექიმს ვუთხარი მითხრა დაწყნარდი ფიქრებს არავინ გართმევსო და გაეცინა. სულ ეცინება ჩემთან ლაპარაკზე. მარტო ჩარლის არ ეცინება ხოლმე. ჩარლი ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი მეგობარია ჩარლი. მას ვუყვარვარ და მეც მიყვარს. დაჯექიო მითხრა ექიმმა. მეც დავჯექი და წინ გამახედა. მერე დამიწყო საუბარი. მეკითხებოდა და მეც ვპასუხობდი. უნდოდა მეთქვა რას ვხედავდი იმ ნახატის მაგივრად. მე მხოლოდ თეთრ ხაზებს ვხედავდი ერთმანეთში გადაჯვარედინებულს. ბევრჯერ მკითხა კიდევ იგივე მაგრამ მეც ზუსტად ისე ვუპასუხე ისევ. მეგონა ისევ დამცინოდა და მატყუებდა. სინამდვილეში არაფერი ეხატა და მე მეუბნებოდა რამეს ხედავო? შემდეგ თქვა „ცდა წარუმატებელი იყოო“ და გავიდა. იმ დღეს ჩარლიც იყო ჩემთან და კიდევ ვიღაც ერთი კაცი. არ ვიცნობდი. უცნაური რამეები ეცვა და მას ამ სახლში პირველად ვხედავდი. ჩემთან არასდროს არ შემოსულა. ისიც მე და როჯერს გვგავდა. ჩარლიმ მითხრა დავლაპარაკებოდი და ცოტა ხნით მარტო დაგვტოვა. არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა. ისიც სულ ჩუმად იჯდა და მერე მალე გაიყვანეს. 20 მაისი 2041 წელი „დედამიწა მალე აფეთქდება“ - მითხრა ჩარლიმ როცა მეძინა. ვხედავდი ჩემს წინ იდგა მაგრამ თან მეძინა. პირველად დამემართა ასეთი რამ და არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს. ამის უფრო შემეშინდა და ყვირილით დავუძახე ექიმს. როცა გავიღვიძე ოთახში არავინ იყო არადა ვხედავდი როგორ მელაპარაკებოდა ჩარლი. მაგრამ მაშინ მგონი მეშინოდა კიდეც ჩარლისაც ან იმის მეშინოდა რაც ხდებოდა. ექიმმა ამიხსნა რომ ეს სიზმარი იყო. აქამდე არ მქონდა ნანახი და არც ვიცოდი რა იყო სიზმარი. მანაც თქვა რომ ჩემთვის რაღაც ახალი იყო და შემდეგ რაღაც ჩაილაპარაკა. იქით წავიდა მაშინვე სადაც ყოველთვის. კარი დაკეტა და უკვე ფანჯრიდან ვხედავდი როგორ მიდიოდა იმ ოთახში საიდანაც ნემსი გამოქონდა ხოლმე. მე კიდევ უფრო შემეშინდა. მერე ექიმის გახარებული ხმა გავიგე. „ჩვენ ეს შევძელით ჩარლი. გამოგვივიდა.“ მერე ჩარლის ხმაც გავიგე. კითხულობდა რა მოხდაო და ექიმმა ყველაფერი უთხრა რაც მე ვუთხარი ზუსტად იგივე გაიმეორა და ისევ დააყოლა ჩვენ ეს შევძელითო. სიზმარი მე ნამდვილი მეგონა. ჩარლის ხომ ნამდვილად ველაპარაკებოდი. იქ იდგა სადაც სულ დგას ხოლმე ჩემთან შემოსვლის დროს. ჩემს წინ და მე კი ისე მელაპარაკებოდა მგონი ექიმი ვეგონე. კიდევ მახსოვს რაც მითხრა მან. ისეთი რამ რაც ექიმს რომ ვუთხარი ხტუნვა დაიწყო. „ანტივირუსს რაღაც აკლია. რაღაც გამოგვრჩა. არ მოქმედებს და არ კურნავს რის გამოც მოგვიწევს ავაფეთქოთ დედამიწა. მოგვიწევს რომ ყველა დავღუპოთ. ყველა დაავადებულია და მაინც ვერ გადარჩებიან. სწრაფად იხოცებიან. მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. შემატყობინეს დედამიწაზე ახლა 6 მილიარდიდან 300 მილიონიღა დარჩა. ეს ვირუსი ბავშვებს ერევა ყველაზე მეტად და დედებს. დედის ორგანიზმში ჩვილს კი მაშინვე კლავს.“ როდის დავბრუნდები ჩემს ქალაქში ნეტავ. აქამდე ვერ შევძელი რამის დაწერა. სულ უხასიათოდ ვიყავი და არავის არ ველაპარაკებოდი. დამწერ ინტსრუმენტსაც ვერ ვიკავებდი ხელში. ყველაფერი მეზიზღებოდა და ვგრძნობდი როგორ მძულდა ჩარლი. ჩემი მეგობარი იყო ახლაც არის მაგრამ არ ვიცი მაშინ რა მემართებოდა. მეგონა ყველაფერმა დაკარგა აზრი და მეც გავაცნობიერე ის რომ ხალისი დავკარგე ყველაფრის მიმართ. მინდოდა ვყოფილიყავი ჭკვიანი და ვუთხარი ექიმს. „პიტერ შენ ყველაზე კარგი ბიჭი ხარ. ცხოვრებამ ცოტა დაგჩაგრა მაგრამ შენ ყველაფერს აკეთებდი იმის გამო რომ დაგვხმარებოდი. მერე რა რომ არ იცოდი რას გიკეთებდით. მინდა ყველაფერი აგიხსნა, ვეცდები გარკვევით ვისაუბრო თუმცა თუ ვერ გაიგე მეტად ვერ აგიხსნი. ჩემთვის კი მთავარი ის არის რომ ყველაფერი გითხრა.“ - სიცილის გარეშე მითხრა ფორმმა. მას დანიელი ქვია. მე თან შემეშინდა რომ ვერ გავიგებდი მაგრამ ჩუმად ვიყავი და არაფერი მითქვამს. „პიტერ. შენ ექსპერიმენტ ფრინკივის მონაწილე იყავი. ფრინკივი დავარქვით ჩვენ ამ ექსპერიმენტს. ეს ასე იშიფრება ფრინველთა კიბერტრონული ვირუსი. ცოტა უცნაურად ჟღერს და ალბათ ვერც მიხვდები რატომ ჰქვია ასე მაგრამ მაინც მომისმინე.“ მე ვუსმენდი ყველაფერს ვიმახსოვრებდი რაც ადრე არ შემეძლო. მივხვდი მალევე მავიწყდებოდა და ვწერ ამ ყველაფერს. მგონი უკეთ ვარ. მაგრამ თავი მტკივა. ისე ვარ მგონია თავში ვიღაც მუშტს მირტყავს. ასე მტკიოდა მაშინაც როცა უცხო ბიჭმა დამარტყა მუშტი. მაშინ მოხდა როცა დედას გარეშე ვიყავი გასული სათამაშოდ. დედა სახლიდან მიყურებდა. ბურთი მეჭირა ხელში და დავრბოდი. ვეძებდი ვინმეს ვინც მეთამაშებოდა. დედამ მითხრა ბევრი არ ირბინოო მაგრამ მაინც დავრბოდი. ერთმა ბიჭმა ბურთი ხელიდან წამართვა. მე ვუთხარი მომეცი მეთქი მაგრამ არ მომცა. კიდევ ვუთხარი და ბურთისკენ წავედი ის უკან გაიწია. დედას შევხედე მერე და ვნახე რომ აღარ მიყურებდა. ბურთს მოვკიდე ორივე ხელი და უნდა წამერთმია ისევე როგორც მან წამართვა მაგრამ ის ჩემზე დიდი იყო და მერე დამარტყა თავში. წითელი რაღაც მომდიოდა ცხვირიდან ახლა ვხვდები რომ ის სისხლი იყო. შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ბიჭი წავიდა. მას მერე აღარ მინახავს. არ შემხვედრია. მცივა. მეშინია და მცივა. განადგურება სიცივე სითბო სხივი მზე. მიყვარდა მზე და ჩემი ფანჯრიდან სულ ვხედავდი. ახლა მას ვეღარ ვხედავ. დილით რომ ვიღვიძებ აღარ მხვდება. თვალებში არ მიჭყუტუნებს და ჩიტების ხმაურიც აღარ მაღვიძებს. ჩემს ქალაქში ჩიტები ბევრი იყო და დავდევდი. მათ ვეთამაშებოდი. სხვა არავინ მეთამაშებოდა და ამიტომ. რა აცინებდათ არ ვიცი მაგრამ როცა დამინახავდნენ თითს ჩემსკენ იშვერდნენ და იცინოდნენ. მერჩივნა მარტო მეთამაშა ჩიტებთან და პეპლებთან. ისინი არასდროს იცინოდნენ და ყოველთვის მეთამაშებოდნენ. მე მათ ველაპარაკებოდი კიდეც. ძალიან მიყვარდა ჩიტები და ახლაც მიყვარს მაგრამ ვეღარ ვხედავ. ჩიტებსაც ვუყვარდი. როცა ვტიროდი მაშინ მოვიდოდნენ და მელაპარაკებოდნენ ხოლმე. მეც ვეტყოდი რატომაც ვტიროდი მერე ხელში ჩამიჯდებოდნენ და მეფერებოდნენ. მაწყნარებდნენ. ყველაზე მეტად ჩიტები მიყვარდა. დედაც მიყვარდა ძალიან და მამაც. პატარა ჩიტუნიები არასდროს გაქცევენ ზურგს და სხვებზე მეგობრულები არიან. მათ მასწავლეს სიტყვა მეგობარი. კოსმოსში მზე არ არის. ცივა. მცივა. ცაში რომ ვიყურები მაღლა იმასაც კი ვერ ვხვდები სად არის ცა. ყველგან ერთნაირია ყველაფერი და სულ მთლიანად ცას გავს მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება? „შენ კოსმოსში ხარ“ ვიცი ვუთხარი. მათ ლაპარაკში ეს ადრეც გავიგე. მე ხომ ქალაქ კოსმოსში ვიყავი. მას გაეცინა და მითხრა რომ კოსმოსი ქალაქი არ არის. კოსმოსი რაღაც სხვაა ვერ ვიხსენებ რა მითხრა. დანარჩენი კი კარგად მახსოვს თუმცა მნიშვნელობა არ მესმის. ვუთხარი მერე შემომხედა და ოთახიდან გავიდა. „დედამიწაზე გაჩნდა საშინელი და მომაკვდინებელი ვირუსი რომელიც ხალხს ანადგურებს. კლავს.“ - შემეშინდა. სიკვდილი ხომ დედის გარეშე ცხოვრებაა მეთქი ვკითხე. მან რთულად ამიხსნა და მიმახვედრა რომ არასწორად ვფიქრობდი. მე ცოცხალი ვარ დედაჩემიც ცოცხალია. ის კარგადაა ვიცი კარგად იქნება. „მალე დედამიწა აფეთქდება. იცი რატომ? იმიტომ რომ ეს ვირუსი დედამიწაზე გაჩნდა. რამე თუ არ მოვიმოქმედეთ სელემიტი კოსმოსშიც გავრცელდება და ჩვენამდეც მოაღწევს. ტექნიკასაც უჩნდება და ადამიანებსაც. ის მიყვება უკან ყველაფერს რაც მოძრაობს და ანადგურებს.“ ჩარლიმ შემოიხედა მერე და ექიმს უთხრა მაინც ვერ გააგებინებ რატომ უყვებიო. ექიმმა კი უთხრა რომ მინდა იცოდეს და როგორც გაიგებს გაიგოსო. ალბათ ექიმს უნდოდა რომ ეს ყველაფერი მე ჩამეწერა. მითხრა მეხსიერების ვარჯიშია და დაგეხმარება ბევრი რამის დამახსოვრებაშიო. მართალი იყო. „შენ არც კი იცოდი სად მიგვყავდი და რატომ. სიმართლე კი ის არის რომ შენ განსაკუთრებული ხარ და ჩვენს ექსპერიმენტში სწორედ ამიტომ მონაწილეობ როგორც როჯერი. დედა გინდა მესმის მაგრამ არ გესმის რამდენად სერიოზულადაა საქმე და რა შეიძლება მოყვეს ჩვენს მარცხს. შენ ერთადერთი ხარ ადამიანებში ვინც ამ ვირუსს ამდენი ხანი გაუძლო. შენ თითქმის 9 წელია სელემიტს უმკლავდები და მე და ჩარლის ეს ძალიან გვიკვირს. ამიტომ ვფიქრობთ რომ შენ გვიხსნი ჩვენ და შენშია ამ ვირუსის წამალი. ჯერ უნდა დაგვედგინა როგორ მოქმედებს შენზე და ამდენი წლის განმავლობაში ყოველდღე შეგვყავდა შენს ორგანიზმში ახალი ამპულა ვირუსი. შენ უძლებდი.“ რატომ გაჩერდა აქ ექიმი? მერე კი გააგრძელა მაგრამ აქ გაჩერდა და მე დამაკვირდა. თვალებში ჩამხედა ხელები მაგრად დამიჭირა შემდეგ თავზე დამადო ხელი და მგონი ცრემლებიც წამოუვიდა კარგად ვერ გავარჩიე მის თვალებში წყალივით რაღაც იყო. მერე ისევ დაიწყო ლაპარაკი. სანამ ყველაფერს არ დავწერ არ დავიძინებ. ხვალ შეიძლება აღარც მახსოვდეს. დღეს უნდა დავწერო ექიმი ხვალ წაიკითხავს. „საქმე ისაა რომ დაქვეითებული გქონდა ყველა ორგანო და კარგად ვერ დადიოდი. ხელებს ვერ ხმარობდი რომ დაგეწერა რამე ან დაგეხატა. ახლა ხატავ კიდეც და წერ რაც გასაკვირია. მეტს იმახსოვრებ უფრო ვიდრე შარშან და შარშანწინ. ვფიქრობთ ეს ვირუსის დამსახურებაა. შენზე დადებითად მოქმედებს და სწორედ ამიტომ აგირჩიეთ შენ. როჯერიც ზუსტად ისეთივეა როგორიც შენ. შენი სისხლი პირდაპირ შევუყვანეთ სხვა ცხოველებს მაგრამ ისინი მალე დაიხოცნენ. ჩვენ წამალი გვჭირდება პიტერ.“ „წამალი ჩემშია?“ ვკითხე მე. „კი პიტერ. ამ ვირუსის შეყრიდან პაციენტი 1 თვეში მაქსიმუმ თვე-ნახევარში იღუპებოდა. შენ ცხრა წელი გაუძელი. მართალია ახლა უარესად გრძნობ თავს და უკუჩვენებებიც აქვს მაგრამ მთავარია რომ გაძელი და მალე თუ არ ვიმოქმედეთ დედამიწა დაიღუპება. დედამიწა და მთელი კოსმოსიც.“ „ეს ქალაქი არ მიყვარს მე წამიყვანეთ აქედან“ ღრიალი მოვრთე და ფეხების ქნევა დავიწყე მაგრამ ვიცოდი რომ მაინც არავინ წამიყვანდა კოსმოსიდან. ექიმს უნდა გადაარჩინოს დედამიწა მეც მინდა და ჩარლისაც მაგრამ ნემსი მტკენს ხოლმე ყოველდღე რომ მჩხვლეტენ. „კოსმოსი ქალაქი არ არის პიტერ. კოსმოსი ეს ატმოსფეროა ღია სივრცე. ანუ ჩვენ ჰაერში ვართ და დავფრინავთ. დედამიწაზე არ ვართ.“ „დედამიწაზე თუ არ ვართ აბა სად ვართ ექიმო დანიელ?“ „ნუ მისვამ კითხვებს. უბრალოდ მომისმინე რა გთხოვ პიტერ. შეგიძლია?“ მე თავი დავაქნიე. მცივა თან საშინლად. „ამ ოთახში იმიტომ ხარ რომ სხვას არ გადაედოს ეს დაავადება. ჩვენ კი ფრთხილად ვიქცევით და ამ ჰაერს არ ვსუნთქავთ. ამ ოთახის ჰაერს. სკაფანდრი სწორედ ამიტომ გვიკეთია ხოლმე. პიტერ როჯერი ცუდათაა. მეტს ვეღარ უძლებს. ის კვდება პიტერ და ჩვენ უნდა ვიჩქაროთ სანამ დრო გვაქვს და ვაქცინა უნდა შევქმნათ. რამდენიმე წარუმატებელი ცდა და ამდენივე დახარჯული სურსათი და წამლები. მეტი შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი და გადავარჩინოთ როჯერიც დედამიწაც და შენც. ახლა კი რა მაინტერესებს. შენი სიზმარი უნდა მომიყვე. სიზმარი რომელიც ნახე. რა გითხრა ჩარლიმ? უნდა გავიგო. ეს მნიშვნელოვანია“ მე ვუთხარი იგივე რაც დილით როცა გავიღვიძე. მზე მაინც არ დამინახავს. ექიმმა კი მთხოვა უფრო დაწვრილებით მომეყოლა და გამეხსენებინა. ვერ ვიხსენებდი. ექიმი გავიდა. მისი ლაპარაკიდან ცოტა რამ გავიგე მაგრამ ვერ მივხვდი რა არის სელემიტი. მეგონა ისევ დამცინებდა ან შემოიტანდა წამალს და მატკენდა მაგრამ აღარ შემოსულა მეტჯერ. მერე მთელი დღე ვაკვირდებოდი წვრილ ნათურებს ფანჯრიდან რომ ვხედავდი და ვფიქრობდი კოსმოსზე. სად არის კოსმოსი და რამხელაა? მოკლედ მე კოსმოსში ვარ და ვისაც არ გინახავთ ის ძალიან ლამაზია. თან საშიშიც. თვალს როცა ვაჩვევ როჯერს ვხედავ ხოლმე ხან დიდ ურჩხულს და ხანაც დიდ დათვს. ეს წერტილებით ჩანს და მგონია მალე მოვლენ ჩემამდე და მომწვდებიან. 21 მაისი 2041 წელი. ექიმმა კიდევ მატკინა. დღეს დიდი ნემსი შემოიტანა და წითელი რაღაცით გაივსო. მგონი სისხლი იყო. მერე რაღაც წამალი გამიკეთა. მე მგონი ყველაფერი მეტკინა მერე. ხელში გამიკეთა და ტკივილმა ფეხებშიც გაიარა თავიც მატკინა. ახლა ყველაფერი ძალიან მტკივა. დღეს კიდევ რაღაც დავხატე. მერე შემიყვანა ექიმმა ისევ იმ ოთახში სადაც ისევ გაუნძრევლად დამაწვინა და რაღაცამ ყვირილი და კივილი დაიწყო. მერე დამეძინა. ნათურებმა კი მალე გამაღვიძეს და ყვირილმაც აღარ დამაძინა. ყველაფერი მტკივა. ასე არასდროს ამტკივებია და მგონია აღარ გამიჩერდება ტკივილი. მტკივა. 25 მაისი 2041 წელი. გავიგე რომ როჯერი ძალიან ცუდათაა და ვეღარ დადის. ჩარლიმ თქვა დიდხანს ვერ გაძლებს რამე უნდა ვიღონოთო. „სელემიტი კლავს“ - ზუსტად ასე თქვა. ჩემს ოთახში ნათურა ანთია. დიდი ნათურაა და ძალიან ბევრი. ყველგან ანთია. როჯერზე ვფიქრობ. ის კარგია ძალიან. სულ მეთამაშებოდა და ერთად როცა ვიყავით ველაპარაკებოდი კიდეც. სულ ჩუმად იყო. არაფერს მეუბნებოდა და რაღაცას ყვიროდა რაც არ მესმოდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა მეც მასთან ერთად დავრბოდი და ისე ვიქცეოდი როგორც ის. არ ვიცი ამას რა ქვია მაგრამ მაშინ მეც როჯერი ვიყავი. დღეს სათამაშოდ აღარ გამოუშვა ექიმმა. ცუდად არის და ვერ გეთამაშებაო. გვერდზე ოთახიდან ყვირილი გავიგონე მაგრამ ისეთი არ იყო როგორიც მაშინ როცა მეთამაშებოდა. თითქოს მისი ტირილი მესმოდა. მე კი დღეს ცოტა ხნით ერთი ხელი გამიჩერდა და ვერ ვამოძრავებდი. ისე მეგონა რომ ჩემი არ იყო ის და ვერ გავამოძრავებდი. შემეშინდა. მეშინოდა ძალიან და ექიმს რომ ვეძახდი არ მოვიდა. დღეს მთელი დღე მარტო გავატარე. ახლა კი ჩემი ძილის დროა და უნდა დავიძინო. 28 მაისი 2041 წელი. როჯერის ხმა საერთოდ აღარ მესმოდა დღეს. მე რკინის კარებს მუშტებს ვურტყავდი და ჩარლის ვეძახდი. მინდოდა მოსულიყო და ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის. არ მოდიოდა. ფანჯრიდან დავინახე რამდენჯერ გაირბინეს და მივხვდი რომ მათ ეშინოდათ. დღეს პირველად გავიფიქრე რომ მარტო არ ვარ ვისაც ეშინია. ჩარლისაც ეშინია და ეს ალბათ ნორმალურიცაა. ან ჩვენ არ ვართ ნორმალურები და ადამიანები რომლებიც დედამიწაზე დავტოვეთ ისინი არიან ნორმალურები. მე სულ მარტო ვარ. დედა მენატრება და მინდა ჩემთან იყოს. დედას ვერაფერი დამავიწყებს და სულ მახსოვს. არავინ არ მელაპარაკებოდა ხოლმე დედას გარდა. ახლა კი ჩარლის და ექიმი ფორმის გარდა არავინ მელაპარაკება. როჯერსაც კი არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი. ახლა კი მისი ხმა სულ არ მესმის. დანიელის ყვირილი გავიგე. კარი ძალიან სქელია მგონი მაგრამ მაინც გავიგე. ყვიროდა არაო. მერე იყვირა არ დანებდე გთხოვ გაუძელიო. არ ვიცოდი ვის ეუბნებოდა. შემდეგ ჩემთან შემოვარდა და ყვირილი დამიწყო. მითხრა გაიხსენე სიზმარი თორემ ჩარლი მოკვდებაო. მე შემეშინდა. ჩარლისაც ეშინოდა. ექიმსაც თეთრი ჰქონდა სახე და რომ მიყურებდა მისიც მეშინოდა. მე ვერ ვიხსენებდი სიზმარს მაგრამ მერე გამახსენდა და ყველაფერი ვუთხარი. ჩუმად მითხრა მადლობაო და გავიდა. რა მნიშვნელობა ქონდა ჩემს სიზმარს ვერ მივხვდი. მე ხომ წესივრად ისიც არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. მე ძალიან მარტო ვარ და არ მინდა მარტო ვიყო. მინდა მეფერებოდნენ და ვახსოვდე ვინმეს. მინდა რომ ძილის წინ მკოცნიდნენ და ზღაპარს მიყვებოდნენ ან მიმღეროდნენ უფრო კარგად რომ დამეძინოს და ცუდი რამეები არ ვნახო ძილში. ექიმს ვუთხარი ყურადღება მიექცია იმაზე რაც პატარა ბავშვებს აქვთ და დიდებს არ აქვთ მეთქი. სელემიტი ხომ პატარა ბავშვებს უფრო ერევა დედის მუცელში ვიდრე თვითონ დედას ან სხვას ვისაც არ ყავს ბავშვი მუცელში. ექიმს გაუკვირდა და ფიქრი დაიწყო. მერე მადლობა გადამიხადა რომ გადიოდა კი თქვა მე როგორ ვერ მოვიფიქრეო და კარები დაკეტა გასვლისას. მინდოდა მეყვირა. ჩარლის ნახვა მინდოდა მაგრამ ვერ ვყვიროდი. ხმა არ მქონდა ან ვერ ვიღებდი ხმას. რატომ არ ვიცი მაგრამ ვეღარ ვლაპარაკობდი. დღეს ცუდად ვიყავი და ვიწექი მას შემდეგ მთელი დღე. მეგონა ექიმი კიდევ გამოჩნდებოდა მაგრამ აღარ შემოსულა. მე ველოდებოდი. იქნებ მე არ ვარ ადამიანი და სხვა რამე ვარ. იქნებ მე აქ არ უნდა ვიყო. საერთოდ არ უნდა ვარსებობდე და მე მხოლოდ ცუდი მომაქვს ყველასთვის. მეშინია რომ ასე იყოს და მეშინია სიმართლის გაგების. მარტო ექიმს ვჭირდები და ისიც სულ მტკენს და სისხლს სულ მწოვს იმ ნემსით. დიდი ნემსია და როცა ვხედავ გავრბივარ. მერე მიჭერენ და მტკენენ. ჩარლი ეხმარებოდა ხოლმე ახლა კი ჩარლი კვდება. რატომ კვდება? ჩემ გამო? ჩემ გამო კვდება ჩარლი? არ მინდა მოკვდეს. მე ის ძალიან მიყვარს და მინდა კიდევ ვნახო. კიდევ დამელაპარაკოს ხოლმე. ჩემი ბრალია რომ კვდება. 29 მაისი 2041 წელი. როჯერი მომკვდარა. დღეს ბევრი ვიტირე. 30 მაისი 2041 წელი. ექიმმა მითხრა დროზე უნდა ამოვხსნა და შევქმნა წამალიო. ახლა მესმის რომ ისევ ჩემთვის და ჩემ გამო მტკენს რომ მე კარგად ვიყო. დღეს კარგად მექცეოდა. დედა გამახსენდა იმიტომ რომ ასე მხოლოდ დედა მექცეოდა ხოლმე. ზღაპარიც მომიყვა მე კი ვუსმენდი. ზღაპარი დედამიწაზე იყო. დედამიწას ანადგურებდა დიდი დინოზავრი და მხოლოდ ერთ ბიჭს შეეძლო ამ დინოზავრის დამარცხება. და დაამარცხა კიდეც. დიდი ხმალი ამოიღო. კარგად გალესა და თავი მოაჭრა. ექიმი თან გახარებული იყო თითქოს თან კიდევ მოწყენილი მომეჩვენა. მაინტერესებდა ჩარლი როგორ იყო. მინდოდა მეკითხა მაგრამ მომერიდა და არ ვკითხე. ან შემეშინდა და იმიტომ არ ვკითხე. არ მინდოდა ცუდი ამბავი გამეგო მასზე. როჯერი რომ მოკვდა ბევრი ვიტირე და დღესაც კი სულ მასზე ვფიქრობ. მოწყენილი ვარ. თან მაინტერესებდა რატომ მითხრა ჩარლიზე კვდებაო. კიდევ მატყუებდა ალბათ. უნდოდა გამეხსენებინა სიზმარი და მომატყუა. იცოდა რომ შემეშინდებოდა და გავიხსენებდი. ასე მეგონა და ხომ გავიხსენე. ხომ ვუთხარი მაინც ყველაფერი. ისიც გავიხსენე რაც უნდა დაემატებინა რომ წამალი გაკეთებულიყო. ჩარლის ნახვა მინდოდა დღეს. ორი დღეა არ შემოსულა ჩემთან დასალაპარაკებლად და უკვე მართლა მეშინია რომ მართლა არ მოკვდეს და ვეღარ ვნახავ. ჩემთვის კარგი მეგობარი იყო. სულ მეხმარებოდა. ერთხელ სანამ ამ ოთახში გამომამწყვდევდნენ როცა დედას დამაშორეს და სხვაგან გადამიყვანეს ექიმს არ უნდოდა დედა მენახა. არც მამა. ჩარლიმ კი ექიმს არ დაუჯერა და დედა მანახა. მას ცხვირზე და პირზე რაღაც ეფარა. ჩარლის დიდი მრგვალი რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული თავზე და დედაჩემი ჩემს ოთახში შემოიყვანა. მე გადავეხვიე. მერე მოიხსნა დედამ პირიდან მწვანე რაღაც და კოცნა დამიწყო. მეც ბევრს ვკოცნიდი თან მაგრად ვეხუტებოდი. არ მინდოდა მისი გაშვება. აღარ გავუშვებდი არსად. მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო და სულ მომფერებოდა. ძალიან თბილი ხელები ქონდა მაგრამ უკვე გალურჯებული. როცა შევხედე დედას თან იღიმებოდა და თან ტიროდა. ეს როგორ შეიძლება ერთდროულად არ ვიცი მაგრამ ამას მხოლოდ დედაჩემი აკეთებდა ხოლმე. ის განსაკუთრებული იყო და ძალიან მიყვარს. როცა ვიხსენებ მინდა რომ აქ იყოს ჩემთან და ზღაპარს მიყვებოდეს. ძილის წინ მკოცნიდეს და ჩემს გვერძე იძინებდეს. მე რომ მეხუტებოდა ის მათბობდა. ჩარლის მადლობა გადავუხადე რომ მანახა დედა. მამაც იყო მოსული. ის არ ტიროდა. ჩვეულებრივად მიყურებდა და მერე მაგრად გადამეხვია. დედას ვუთხარი თქვენც ჩემთან ერთად წამოდით. თქვენც წამოდით მაგრამ დედამ თავი გააქნია. "ვერ წამოვალთ შვილო. იქ მარტო უნდა წახვიდე. ჩვენ აქ ვიქნებით და დაგელოდებით" მერე მიტრიალდა და ატირდა.ხელში ცხვირსახოცი ეჭირა თვალებს იწმინდავდა. "დედა არ მინდა სიკვდილი" - არ მოკვდებიო მითხრა მაგრამ მე ხომ ვიცოდი დედის გარეშე რომ მკვდარი ვიყავი. ხომ ვიცოდი რომ დედა ჩემთვის სიცოცხლე იყო და ის მაცოცხლებდა. უბრალოდ მე დედა ძალიან მიყვარდა. ის ძალიან ლამაზი იყო და რომ დავემშვიდობე მაშინაც ძალიან ლამაზი იყო. ჩემი დედიკო არასდროს მიმატოვებდა მაგრამ მათ არ გამოუშვეს ჩემთან ერთად. არ წამოიყვანეს და მე კი აქ ჩამკეტეს. კოსმოსში. "ჩვენ კარგად ვიქნებით შვილო. არ იდარდო. შენზე ვიფიქრებთ სულ და შენთან ვიქნებით. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით და აი აქ პატარავ." - ეს რომ მითხრა ხელი დამადო და ვიგრძენი როგორ დამარტყა ტანში რაღაცამ. მე კი არა დედაჩემის ხელს დაარტყა. "შენს გულში ვიქნებით ჩემო ბიჭო" დედაჩემს ტირილით ვუთხარი არ მინდა მარტო აქ იყო მინდა სულ მეხუტებოდე და მკოცნიდე მეთქი. მინდა მამას ვეფერებოდე და ზღაპრებს მიყვებოდეთ. მინდა რომ ორივეს ჩემთან გხედავდეთ. ორივეს სულ გეფერებოდეთ. ადრე ხომ ასე ვიყავით. სკოლაში დაგყავდით და მერე ისევ სახლში მოგყავდით. გარეთ მასეირნებდით და მეთამაშებოდით. არ წახვიდე დედაააააააააა. მერე ორივე ძალით წაიყვანეს. ჩარლის მაინც მადლობელი ვარ რომ მანახა დედა და მამა. მეტს ვერ გავაჩერებდითო მითხრა და წაიყვანეს. დედამ ბოლოჯერ მითხრა ძალიან მიყვარხარ ჩემო ბიჭუნაო. მეც მიყვარხარ ვუთხარი და მერე გაქრნენ. დიდი ოთახიდან სადაც მე ვიყავი გაქრნენ. კედლები მწვანე იყო. ცხვირზე დედას და მამას მწვანე ცხვირსახოცი ქონდათ აფარებული. ყველაფერი მწვანე იყო. ექიმი გახარებული იყო იმიტომ რომ ჩემი სიზმარი გავიხსენე ბოლომდე და რაც აკლდა ისიც ვუთხარი წამალს. კი მაგრამ ექიმი ხომ მეუბნებოდა რომ სიზმრები ნამდვილი არ არისო? რატომ დამიჯერა? რატომ გაუხარდა რომ ვუთხარი სიზმარი? ძალიან უცნაურად იქცევა ექიმი. ჩარლიზე არაფერი ვიცი. არაფერს მეუბნება. ორი დღეა არ მინახავს. იმედია კარგად არის და გადარჩა სიზმრით. 5 ივნისი 2041 წელი. მგონი ხუთი ივნისია და ექიმმა როგორც მითხრა როჯერი ბოლოს ძალიან ცუდად იყო. ვერ მოძრაობდა და ორგანიზმი დამპალი ჰქონდა. სისხლი არ მოძრაობდა და მალევე მოკვდაო. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდაო მითხრა კიდევ. მე ავნერვიულდი. გუშინ მეც წამომივიდა ცხვირიდან სისხლი. 17 ივნისი 2041 წელი. მცხელა. ვიწვი. ვკვდები. საშინლად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ მეც მოვკვდები რადგან როჯერი მოკვდა. ჩარლიც მკვდარია. ვიტირე მაგრამ მივხვდი რომ ეს არ გააცოცხლებდა. დანიელი სულ მოძრაობს და სულ დარბის აქეთ და იქეთ და თან საერთოდ ვეღარ ვცნობ. რადგან იმას არ გავს ვინც ადრე იყო. მე ვეღარ ვწერდი. საერთოდ ვერ ვმოძრაობდი და ყოველდღე მომდიოდა ცხვირიდან სისხლი. ექიმი ტიროდა მაგრამ ვეუბნებოდი ნუ ტირიხარ მეთქი. თქვენ წამალს იპოვით და გადამარჩენთ ნუ ტირიხართ ვუთხარი და მართლა შეწყვიტა ტირილი. გავიდა და მუშაობა გააგრძელა. შემდეგ მისი ყვირილი გავიგე. ორი დღის წინ შემოვარდა კიდევ და მითხრა მივაგენიო. ეს ბოლო შანსია და მივაგენი წამალს რომელიც გადაგარჩენსო. მე გამიხარდა და აღარ მეშინოდა ტკივილის. მეტკინა მაგრამ ამას უნდა გადავერჩინე. დანიელმა მითხრა გიშველისო. მერე კიდევ მატკინა და სისხლი ამოიღო ჩემიდან. ვეკითხებოდი როგორ ვარ მოვრჩი? მაგრამ არაფერს მპასუხობდა. სახეზე მოწყენა ჰქონდა დაბეჭდილი. შეტრიალდა და მგონი ტირილი დაიწყო მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მხოლოდ ასე მგონია რომ ტიროდა. მაშინ ვერაფრით ვმოძრაობდი. ფეხებსაც ვერ ვამოძრავებდი ხელებსაც ვერა და თავის აწევაც მიჭირდა. მეშინოდა. ლაპარაკი შემეძლო და ექიმს მაინც ვკითხე ჩარლის შესახებ. ადრე მითხრა მოკვდაო მაგრამ ახლა მაინტერესებდა ის თუ როგორ მოკვდა და ამიტომ ვკითხე კიდევ ერთხელ. ცოტა ხანი გვერდზე მომიჯდა. მრგვალი თეთრი რაღაც ეფარა თავზე როგორც ყოველთვის. დამიჯდა გვერდზე და მითხრა. "როჯერს მაღალი სიცხეები ქონდა. მაგრამ უცნაური იყო რომ სხეული ყინულივით ცივი ჰქონდა. რამდენჯერმე შეწყვიტა სუნთქვა. მკვდარი გვეგონა მაგრამ მერე ისევ გაცოცხლდა. სუნთქვა გააგრძელა. ყველაფერს ვაკეთებდით რომ გვეშველა მისთვის მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში წამალი ჯერ არ გვქონდა ამიტომ მას ვერაფრით დავეხმარეთ. რაც გაკეთებული მქონდა ის კი შევუყვანე ვენაში მაგრამ არ უშველა. წამლის დოზამ მასზე არ იმოქმედა. შემდეგ მეორედ შეწყვიტა სუნთქვა. უფრო ხანგრძლივად. კარდიოსტიმულატორით გულის ამუშავება ვცადეთ და გამოვიდა. წამოხტა ყვირილი დაიწყო და ჩარლის ეცა. მკლავზე უკბინა და ამოაგლიჯა ხორცი. სისხლი წამოუვიდა. ჩარლიც ყვიროდა. შემდეგ სკაფანდრი მოიხსნა. აზრი აღარ ჰქონდა მის დაფარებას. ჭრილობა ღია იყო ვირუსი კი ჰაერში ტრიალებს და სისხლში ისე გადადის როგორც არაფერი. როჯერმა არ ვიცი კბილებით როგორ გაჭრა მისი კოსტუმი მაგრამ ფაქტია ეს მოახერხა.მხოლოდ ამის შემდეგ ის მოკვდა." გავჩუმდი მე. კიდევ ერთხელ ცრემლები წამომივიდა. "მერე?" შევეკითხე. "მასში სწრაფად გავრცელდა სელემიტი. 12 ივნისს დაიღუპა. ზუსტად თხუთმეტ დღეში. ზუსტად ის სტადია გაიარა რაც ბევრმა ერთ თვეში დედამიწაზე. მოკლედ ის გარდაიცვალა და ბოლოს ის მითხრა რომ შენ აუცილებლად გადამერჩინე. სიკვდილის წინაც შენზე ფიქრობდა და ნაღვლობდა. მას ძალიან უყვარდი პიტერ." "მეც მიყვარდა" ვუთხარი. რატომ კვდებიან ის ადამიანები ვინც ასე ძალიან გიყვარს? ხომ შეიძლება დიდხანს იცოცხლონ. ან რატომ გაშორებენ იმათ ვინც გიყვარს. ექიმმა ხომ დამაშორა ჩემს ოჯახს. მესმის რომ დედამიწას საფრთხე ემუქრებოდა. მგონი მართლა მესმის მაგრამ დედაც წამოსულიყო ჩემთან. როგორ მინდა ახლა გულში ჩავიკრა და ვუთხრა მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ. დღეს ექიმი შეწუხებული ჩანდა. მისი ხმა მესმოდა როგორ ამბობდა რომ ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი უიღბლო როგორ უნდა ვიყოო. მერე აყოლებდა არა: ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოო. მინდოდა რომ რამეში დავხმარებოდი მაგრამ არ შემეძლო. მერე კიდევ ვიღაცის ხმა შემომესმა. ექიმს ელაპარაკებოდა. რამდენიმე კაცის ხმა ირეოდა და ვერ ვარჩევდი რას ლაპარაკობდნენ. მე ყველაფერი კარგად მესმოდა. ბუხ - გავიგე კიდევ. დღეს შემოვიდა ჩემთან. გამიყვანა ოთახიდან და სხვა ოთახში შემიყვანა. ნაცნობი ოთახი არ იყო. ვერ ვიცანი. წინ რამდენიმე კაცი იჯდა. ისინიც უცნობი ჩემთვის და მათაც ეხურათ რაღაც თავზე. "თავს როგორ გრძნობ" მკითხა ერთმა ვუთხარი რომ მციოდა და თავიც მტკიოდა. "გრძნობ შენი სისხლის მიმოქცევას? გრძნობ გულის ფეთქვას? ჩვენი ხმა მკაფიოდ გესმის როცა ვლაპარაკობთ სხვა ოთახში?" მერე კიდევ სხვამ მკითხა. ვუთხარი სიმართლე. მათი ხმა რომ დღეს პირველად გავიგე და სხვა დროს არ მესმოდა. ისე ექიმის და ჩარლის ხმა კი სულ მესმოდა შორიდანაც კი. გაკვირვებული მიყურებდნენ ყველა და მე ვეღავ ვუძლებდი იმას რომ ასე მაკვირდებოდნენ. თავი ჰალკი მეგონა. დედა მიყვებოდა მის შესახებ. უზარმაზარი მწვანე კაცი იყო ყველაფერს ანადგურებდა. „შენ ვირუსის ბოლო სტადიას გადიხარ“ - მითხრა ექიმმა მერე. „წამალი არ მოქმედებს მაგრამ ახლა ვიცი რა შეცდომაც დავუშვი“ - ცრემლები დავინახე თვალებზე. ემოციებს ვერ თოკავდა და ძალიან განვიცდიდი მეც. ხომ პირდაპირ მითხრა მერე რომ მოვკვდებოდი. „პიტერ მისმინე. გადაგარჩენ. აუცილებლად გიშველი. ცოტაც დაიცადე. 4 დღე. მხოლოდ 4 დღე მჭირდება. შენმა სისხლმა არ მიიღო ეს წამალი. არც სხვისი სისხლი მიიღებს. ამინომჟავების შემცველობა უნდა დავუკლო და სიქსოდინის კი გავზარდო. კარმედინი ნამდვილად სჭირდება? ასე ნახე სიზმარში?“ მე თავი დავუქნიე. ზუსტად ასე ვნახე და ვუთხარი კიდეც. „კარგი. გადაგარჩენ.“ მერე მის თვალებზე ისევ შევნიშნე ცრემლი. მწვანე თვალები დამალა. გამიყვანა ოთახიდან და ახლა ისე მითხრა. "პიტერ არც მე მინდა შენთვის ცუდი. მეც მიყვარხარხარ და მინდა გადაგარჩინო. მინდა რომ შენი სიცოცხლე ვიხსნა. ამაში კი შენც უნდა დამეხმარო. უნდა გამაგრდე და არაფრის შეგეშინდეს". მითხრა მან. მე მაინც მეშინია მაგრამ ექიმისგან ესეთი რამ პირველად გავიგე. მეგონა არ ვუყვარდი და მაგიტომ მტკენდა ხოლმე. მერე გავიგე რომ ამას დედამიწის გადასარჩენად და ჩემს გადასარჩენადაც აკეთებდა. როჯერი და ჩარლი ვერ გადაარჩინა და ჩემი გადარჩენა კი უნდოდა. მერე კი გავიგე რომ ვუყვარდი. დავიბენი. თან მეშინია. მცივა. ვკანკალებ. მგონია რომ მალე გავიყინები. ექიმმა მითხრა როჯერს მაღალი სიცხე ქონდა მაგრამ კანი სულ ცივიო. მეც ცივი მაქვს ან მეჩვენება. ძალიან მცივა ეს ნამდვილად არ მეჩვენება და არ ვიგონებ. 19 აპრილი 2041 წელი. ძვლების მტვრევის ხმა მესმის. ხრახუნის ხმა ისმის ჩემს შიგნით. საშინელი ხმები და ამას თან თავის ტკივილიც მემატება. მეშინია. მცივა. მიყვარხართ... ყველანი ძალიან მიყვარხართ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.