შენ მე დაკარგული შეგრძნებები დამიბრუნე (სრულად)
დღეს კიდევ ორი მოძრაობა უნდა მიიყვანოს სრულყოფილებამდე. ქვეყნის პირველობა უკვე აიღეს, ახლა ევროპაში უნდა გამოიჩინონ თავი. სავარჯიშოდ გიორგიმ პარკის შუაგულში ჩამალული, მიტოვებული სტადიონი აირჩია. იქ მას არ ჰყავდა არასასურველი მაყურებლები, არავინ მისჩერებოდა მას ისე, თითქოს პიკასოს ნამუშევარს უყურებდა. ბიჭი ვარჯიშობდა, ბურთი მის ხელში ისეთივე იარაღი იყო, როგორც სამურაისთვის მისი ხმალი. კალათბურთი მისი ცხოვრებაა, მისი მიზანი და ოცნება. -აბა მოუსვი აქედან, ეს ჩვენი ადგილია!- გაიგო ბიჭმა ხმა. ამ ხმამ მომენტალურად დაარღვია ჰარმონია მის გარშემო. ისინი სამნი იყვნენ. თვითდაჯერებულები და გაუზრდელები. მათ წინ გოგონა იჯდა ეტლში და დამფრთხალი შველივით უყურებდა მათ. გოგონა ძალიან თხელი და ნაზი იყო. მისი კანი თითქოს გამჭვირვალე იყო, მუქი შავი თმები კი ტალღებად ეფინა გამხდარ მხრებზე. უცებ ერთ-ერთმა გოგონას ხელი წამოავლო, ეტლიდან წამოაყენა და მიწაზე დააგდო. გიორგის ერთი წამით სუნთქვაც კი შეეკრა. გოგონა დამტვრეულ თოჯინას ჰგავდა. ერთ-ერთმა გოგონას ხელიდან სახატავი რვეული გამოგლიჯა და გადახევას აპირებდა, მაგრამ გიორგის ხმამ შეაჩერა: -რა ხდება აქ?- დასჭექა მან და სამი ახალგაზრდა თითქოს აორთქლდა. რა თქმა უნდა, სამნი ერთადაც ვერ გაბედავდნენ თითქმის 2 მეტრიან გიორგისთან შეჭიდებას. მიუხედავად თავისი სიმაღლისა და განვითარებული მუსკულატურისა, ბიჭი მაინც ძალიან მოქნილი იყო. -უკაცრავად რომ შეგაწუხეთ,- გოგონას ხმაც კი თავისნაირი ნაზი ჰქონდა. ნაზი, თითქოს მთიდან მონაბერი სიო. მიწაზე იჯდა და მადლიერებით უღიმოდა მხსნელს. - შეძლებ წამოდგომას?- ჰკითხა გიორგიმ. -თუკი დამეხმარები,- დაიმორცხვა გოგონამ,- ფეხები არ მემორჩილება,- თქვა და თვალები დამალა. გიორგი დაეხმარა გოგონას წამოდგომაში. ის ძალიან მსუბუქი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დაბალი აღმოჩნდა, როგორც ბიჭს ეგონა. გოგონა თითქმის მთლიანად მას ჩამოეკიდა, სანამ ბიჭი ეტლში ჩასვამდა, მაგრამ მაინც ძალიან მსუბუქი იყო. -უკაცრავად, ჩემს გამო ვერ მოახერხეთ ვარჯიში, თქვენთვის კი ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგის უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ გოგონას ალბომი შეამჩნია და გაოგნებულმა აიღო ხელში. ნახატი ფანქრით იყო შესრულებული. გამოსახული იყო თვითონ, მაგრამ ბურთის ნაცვლად, ხელში ხმალი ეკავა. ფონად კი ცეცხლის ენები დაჰყვებოდა. რა უცნაურია, მის სტილს ხშირად ადარებდნენ ხანძარს - მასსავით გამანადგურებელი და მიმზიდველი იყო თამაშისას გიორგი. რაც მთავარია, ისეთ პოზიციაში იდგა, როგორითაც თავის საფირმო ნასროლს აკეთებდა. ეს ყველაფერი კი სრულიად გამოუცდელი თვალით შეამჩნია ამ პატარა თოჯინამ. -რატომ დახატე ასე?- ჰკითხა დაინტრიგებულმა. -არ გსიამოვნებს?- თანამოსაუბრეს მაშინვე დაენამა თვალები,- მაპატიე. არ მიფიქრია, რომ ეს შენთვის შეიძლება უსიამოვნო ყოფილიყო. უბრალოდ მე ასე დავინახე... -უსიამოვნო არ არის,- ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ბიჭმა,- რატომ მაინცდამაინც ცეცხლის ენები? -ჰგავს,- უპასუხა უფრო თამამად გოგონამ,- თითქოს ხანძარს უყურებ. თან გეშინია, თან მზერასაც ვერ წყვეტ. ბოდიში, ალბათ სისულელეებს ვიძახი. გიორგიმ ალბომი და ფანქრები პატარა მხატვარს გადასცა, რომელმაც ასე ზუსტად გამოიცნო მისი სტილი. -არა, არ იძახი,- შეჰღიმა ბიჭმა. გოგონამაც გაუღიმა საპასუხოდ. -მე ნინო ვარ,- გაუწოდა პაწია ხელი ბიჭს. -გიორგი,- ჩამოართვა ხელი ბიჭმა. ნინოს პატარა და თხელი ხელი მთლიანად დაიმალა ბიჭის ხელში. საერთოდ, გიორგი არ აპირებდა მის გაცნობას. არ აპირებდა საუბარს. მას ამისთვის არ ეცალა. მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მან, კაპიტანმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გუნდმა საუკეთესო შედეგები აჩვენოს. მაგრამ ნინოს ღიმილის წინაშე ის ისეთივე უძლური აღმოჩნდა, როგორც მის წინ იყვნენ მისი მოწინააღმდეგეები. მისი ხელის ხელში მოქცევა კი ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა, ამიტომ ბიჭი მალევე მოსწყდა მას. -შეიძლება შენს ვარჯიშს ვუყურო?- ჰკითხა გოგონამ მორიდებით. -უკვე დავამთავრე,- აარიდა მზერა ბიჭმა. -ხვალ მოხვალ?- ჰკითხა იმედით აღსავსე ხმით ნინომ. -ხვალ სპორტ სკოლაში გვაქვს გუნდის ვარჯიში,- აუხსნა გიორგიმ. -გასაგებია,- ღრმად ამოისუნთქა გოგონამ,- ბოდიში რომ შეგაწუხე. ამ სიტყვების მერე ეტლი შეაბრუნა და პარკის გასასვლელისაკენ აიღო გეზი. ეტყობოდა, რომ ძალიან დაიღალა. ეტლი ნელა მოძრაობდა, ნინოს თხელი ხელები კი სუსტად მიაგორებდნენ მას. გიორგიმ ბურთი ზურგჩანთაში ჩადო, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და გოგონას დაეწია. -შეგიძლია სპორტ სკოლაში მოხვიდე,- უთხრა ბიჭმა და შეუმჩნევლად მიაწვა ეტლს. გიორგის იმედი ჰქონდა, რომ ნინოსგან შეუმჩნევლად... -მადლობა,- ახედა გოგონამ და გაუღიმა. მისი ღიმილისაგან გიორგიც უკეთ გრძნობდა თავს,- რომელ საათზე იწყებთ? ჯერ ეტლს კარგად ვერ ვუმკლავდები, ამიტომ ადრე უნდა გამოვიდე სახლიდან. -9 საათზე ვიწყებთ, ხომ იცი სადაცაა სპორტ სკოლა?- ჰკითხა გიორგიმ. -კი,- გაეღიმა ნინოს,- იცი, როდესაც შენს ვარჯიშს ვუყურებდი, მეც ვიგრძენი სიძლიერე ჩემს თავში,- სევდიანად გაეცინა მას. გიორგიმ კი აღმოაჩინა, რომ თავად მიაგორებს ეტლს, ნინო კი არც კი ფიქრობს წინააღმდეგობის გაწევას. ნინოსთან ძალიან მარტივი იყო საუბარი. ის ბიჭს დიდი ინტერესით უსმენდა და ამიტომაც მუდმივად მდუმარე გიორგის სურვილი უჩნდებოდა კიდევ უფრო მეტი ესაუბრა. პარკი გასაოცრად მალე დასრულდა. არადა გიორგის ის ყოველთვის აუტანლად გრძელი ეჩვენებოდა. უცნაურია, მაგრამ ისე როგორც ნინო, მისი გუნდი მას არასოდეს უსმენდა. ავტობუსის გაჩერებაზეც ერთად იდგნენ, უბრალოდ ამჯერად პირისპირ და საუბარს განაგრძობდნენ. გიორგიმ უკვე სამი ავტობუსი გაუშვა. პირველი გონს ნინო მოეგო. -შენ საჭირო ავტობუსს ჩემს გამო ხომ არ უშვებ?- ჰკითხა გოგონამ. -მე მეგონა შენსას ველოდით,- დაიბნა ბიჭი. -მე მეგონა - შენსას,- გაეცინა ნინოს,- მე აქვე ახლოს ვცხოვრობ, თან შენი წყალობით კარგად დავისვენე, ასე რომ ადვილად მივალ. -სავარძელს არ ხარ მიჩვეული, ხომ ასეა?- ჰკითხა ბიჭმა და მაშინვე მიხვდა თუ რამდენად არადელიკატური იყო მისი კითხვა. ბოდიშის მოხდა უნდოდა, მაგრამ გული მოეწურა გოგონას აკანკალებული ქვედა ტუჩის დანახვაზე. -არა, ჯერ სულ ერთი კვირაა რაც ვხმარობ. მას შემდეგ, რაც ოპერაციის მერე წამოდგომის ნება მომცეს. კიდევ ნახევარი წელი მჭირდება აღდგენისათვის. კი დამპირდნენ ექიმები, რომ სიარულსაც შევძლებდი და სირბილსაც, მაგრამ ჯერ ცუდად გამომდის. მხოლოდ ვინმეს დახმარებით შემიძლია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა... ოი, ბოდიში, ალბათ არ გაინტერესებს ეს ყველაფერი... -ეს შენ მაპატიე, ჩემი შეკითხვა უტაქტო იყო,- არადა აინტერესებდა... აინტერესებდა ყველაფერი პატარა მხატვრის შესახებ. სიჩუმე ჩამოწვა. გიორგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რათა გოგონა ალაპარაკა იმაზე, ალბათ რის დავიწყებასაც ის ცდილობს. -არ ინერვიულო,- ნაზად გაუღიმა ნინომ,- მე არ უნდა დამეწყო ჩემს პრობლემებზე საუბარი. ხვალ გნახავ, ახლა კი სახლში წავალ,- გოგონამ ფრთხილად აუქცია გვერდი ბიჭს. -ნინ! გიორგიმ ისევ უხერხულად და რაღაც დონეზე დამნაშავედ იგრძნო თავი. ის თუკი მოინდომებს, ნინო ვერსად წავა, ძალიანაც რომ უნდოდეს მაინც. -რა ხდება, გიო?- ჰკითხა გოგონამ გაოგნებულმა. არც კი მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ბიჭის სახელი შეამოკლა და ალერსიანად მიმართა. -თუკი ახლოს ცხოვრობ, გაგაცილებ,- უთხრა ბიჭმა. -არ ღირს, ისედაც შეგაწუხე,- უთხრა გოგონამ და გზა განაგრძო. გიორგიმ კი დაგვიანებით გაიფიქრა, რომ ალბათ ნინის არ მოსწონს, როდესაც ის ვიღაცას ეცოდება ან ვინმე ცდილობს ზედმეტად მოახვიოს თავს დახმარება. ბიჭმა პირველად იგრძნო, რომ იპოვა რაღაც (უფრო სწორედ კი, ვიღაც) კალათბურთზე მნიშვნელოვანი და თავადვე გააფუჭა ყველაფერი. *** დილას ნინომ ექიმის სიზუსტით დაასხა სითხე სპეციალურ კოვზზე (უკვე ნახევარი წელია ამას აკეთებს, არცაა გასაკვირი) და დალია წამალი, რომელიც მთელს შიგნეულობას უწვავდა მაგრამ მის გარეშე უარესი იყო, ასე ცოტა ძალა მაინც ჰქონდა. გოგონამ იცის, რომ დედა არ მოიწონებს მისი წასვლის იდეას. მან იცის, რომ დედა ყოველ ღამე ჩუმად ტირის და მამა მას ამხნევებს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ეშინია. ალბათ ეს რომ მის შვილს დამართოდა, მასაც შეეშინდებოდა. -ნინი, რატომ ადექი ასე ადრე?- ჰკითხა დედამ, რომელიც ნინოს უმცროს ძმას საჭმელს აჭმევდა. -კალათბურთის გუნდის ვარჯიშზე დამპატიჟეს და იქ მივდივარ,- უთხრა გოგონამ. -იქნებ არ ღირს?- აღელდა დედა. -დავპირდი, ამიტომ უნდა მივიდე,- მოთმინებით აუხსნა მან მშობელს,- დღეს უკეთ ვგრძნობ თავს, არ ინერვიულო. -საჭმელი მაინც ჭამე. ასე ხომ არასოდეს გამოკეთდები,- უსაყვედურა დედამ. "არასოდეს გამოკეთდები"... ხანდახან დილაობით გოგონა ლოგინიდან წამოხტომას ცდილობდა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა და ტკივილი წამიერად აფხიზლებდა ოცნებებიდან. აი მაშინ ფიქრობდა, რომ მართლა ვერასოდეს გამოკეთდებოდა. დღისით ადვილი იყო, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობა ავიწყებდა ცოტა ხნით მის უმწეობას, მაგრამ ღამე ვერსად ემალებოდა საკუთარ თავს. დაახლოებით 9 საათი სრულდებოდა, როდესაც სპორტ სკოლასთან მიგორდა თავისი ეტლით. ცოტა დასცხა, ცოტაც დაიღალა, მაგრამ ეს არაფერია, გაუძლებს. ის ხომ ძლიერია... დაუბრკოლებლად შეუშვეს. ანუ გიორგის არ დაავიწყდა პირობა და დაეხმარა მას. სტადიონი თითქოს ორად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს გუნდი ხურდებოდა და კუნთებს ივარჯიშებდნენ, მეორე მხარეს კი აშკარად დამწყებები ცდილობდნენ მწვრთნელის მოქმედებების გამეორებას. -აქ რა გინდა?- ჰკითხა მას ერთმა ბიჭმა. -თქვენმა კაპიტანმა დამპატიჟა,- გაუღიმა ნინომ. -მართლა?- უნდობლად შეხედა ბიჭმა,- კაპიტანს არ უყვარს როდესაც ჩვენს ვარჯიშს უცხოები ესწრებიან. ამაზე გოგონამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. როგორც კი 9 საათმა ჩამოჰკრა, დარბაზში გიორგი შევიდა უემოციო სახით. თუკი მის გამოჩენამდე ვარჯიშს ხუმრობის და ცოტა გართობის ელფერი დაჰკრავდა, მისი გამოჩენისთანავე ყველაფერი შეიცვალა. ნინოს გაუკვირდა. კაპიტნობა კარგია, მაგრამ ის გიორგის ადგილას ეცდებოდა უფრო შეეკრა გუნდი. ასე კი, თითქოს ყველა ინდივიდუალური მოთამაშე იყო, გუნდურობის არაფერი ეტყობოდათ, მაგრამ მაინც ძლიერები იყვნენ. ალბათ ეს უკვე გიორგის დამსახურებაა. როგორ უნდოდა ნინოსაც მათსავით სირბილი და ვარჯიში. უყურებდა ბიჭების თამაშს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ისინი ნავარჯიშებნი და ძლიერები იყვნენ, მათ ორგანიზმს შიგნიდან არაფერი ანადგურებდა. ამაზე ფიქრი მტკივნეული იყო, არ ფიქრი კი არ გამოსდიოდა. გიორგის მისთვის ვარჯიშის განმავლობაში არც ერთხელ არ შეუხედავს. შესვენებისას პატარებიდან რამდენიმე სტადიონის იატაკზევე წამოწვა. გიორგიმ მაშინვე წამოყარა და აიძულა ცოტა ევლოთ. რამდენადაც ნინომ იცოდა, სწორადაც მოიქცა, რადგან ვარჯიშებით გახურებული სხეულის ერთბაშად მოდუნება არ შეიძლება. -რადგან აქ ხარ, წყალს არ მოგვიტან?- ჰკითხა ნინოს იმ ბიჭმა, ვინც ადრე მივიდა მასთან. გოგონას აზრით სამართლიანი იყო მისი თხოვნა, მაგრამ გიორგი ასე არ ფიქრობდა. -ნიკა, მოეშვი ჩვენს სტუმარს,- მკაცრად უთხრა ბიჭს, მერე კი ნინოს მიუბრუნდა და უფრო რბილად უთხრა,- თვითონ წავლენ, შენ არ შეწუხდე,- და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა,- მოგწონს? -ძალიან,- არ დაუფარავს აღფრთოვანება გოგონას. -არ გინდა შიგნით შემოხვიდე?- ჰკითხა ბიჭმა. -კი,- დაუქნია თავი ნინომ,- მაგრამ სავარძელი არ შემოეტევა,- სახლში ამ მანძილს კი გადიოდა, უბრალოდ იქ მისი საყრდენი კედელი იყო, აქ კი...- ალბათ არ გამომივა. -მე დაგეხმარები,- ამჯერად აღარ დაუფარავს ღიმილი ბიჭს. გიორგიმ თითქმის მთლიანად მიიღო საკუთარ თავზე ნინოს წონა. გოგონა კი არ ეყრდნობოდა, არამედ თითქმის ჩამოეკიდა კისერზე. ნინოს ერიდებოდა, რომ ბიჭს აწუხებდა, სხვა თუ არაფერი თავს მსუბუქად არ მიიჩნევდა, მაგრამ მყარ მიწაზე ფეხის დადგმა მისთვის საჩუქარი იყო. ხოლო იმის შეგრძნება, თუ როგორ იძაბება თითოეული კუნთი სიარულისას - ნამდვილი სიამოვნება. ის, რაც მას ავადმყოფობამ წაართვა, თითქოს გიორგი უკან უბრუნებდა. მეორე შესვენებისას ისადილეს. გოგონას, რომელსაც არც უსაუზმია, ძალიან შიოდა და წასვლაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გიორგიმ გაუყო თავისი წილი და დატოვა. თან წესებს უხსნიდა. ნინო თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. მას თითქმის დაავიწყდა რას ნიშნავდა გარეთ მარტო ყოფნა. რა თქმა უნდა, გიორგი მის გვერდითაა, მაგრამ ბიჭის ყურადღება საერთოდ არ ჰგავდა დედისას. ის ყველაფერს შეუმჩნევლად აკეთებდა. ბიჭი არ ცდილობდა მის შეცოდებას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს სულ 1 დღეა რაც იცნობენ, გოგონა მასთან თავს საოცრად კომფორტულად გრძნობდა. საღამოს, როდესაც ყველა დაიშალა, გიორგი მასთან მივიდა: -ხომ წამოხვალ თამაშზე?- ჰკითხა დაუფარავი იმედით. -მე.... -ჩვენ წაგიყვანთ და მერე სახლშიც მიგაცილებთ,- გააწყვეტინა ბიჭმა. -გიორგი...- დაუძახა გოგონამ. -გისმენ,- ჩახედა ბიჭმა თვალებში. -შეიძლება მეც ვცადო? მიუხედავად იმისა, რომ სიარული სხვის დაუხმარებლად უჭირდა, მაგრამ დგომა შეეძლო, თან არც ეცემოდა. დღის მოვლენებმა კი ძალა შესძინა. -სცადე,- უყოყმანოდ დასთანხმდა ბიჭი,- თუ რამეა, მე შენთან ვარ, დაგაზღვევ. მერე მოედნის თითქმის შუაში მიიყვანა ნინო. -ეს შორია,- სცადა გოგონას ახლოს მიყვანა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ დასთანხმდა. ნინომ ფეხები მხრების სიგანეზე დადგა და გიორგიმ მარტო მაშინ გაუშვა ხელი, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა მყარად იდგა. ბურთი მიაწოდა და ხელების მოძრაობა ახლოდან აჩვენა. ნინომ ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და ბურთი ისროლა. ბურთი კალათში ჩავარდა. ნინომ კი წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცეოდა კიდეც, რომ არა გიორგი, რომელიც მის გვერდით იყო, რათა დაეზღვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.