მ ე ვ არ ს ე ვ დ ა!...
მე მქვია სევდა ადამიანთათვის მე მხოლოდ სულიერი მდგომარეობა ვარ ერთგვარი. განწყობის გამომხატველი სიტყვა და მეტი არაფერი. ის კი არ იციან, რომ მე მათსავით ვარსებობ. მაქვს თავი, ტანი და ხელ-ფეხი. მაქვს ჩემი საფიქრალი და საზრუნავი. დროდადრო უფერულ სამოსში ვეხვევი და ვინმეს ვესტუმრები, მალულად მოვეხვევი და ვათქმევინებ: `სევდა დამეუფლა დღეს. იტყვიან ამას და არ უწყიან, რომ ეს მათთან ჩემი სტუმრობის შედეგია. ადამიანები საკუთარ სულში ჩამოწოლილ სიმძიმეს უხმობენ ჩემი სახელით და არ იციან, რომ ვარსებობ. მე ადამიანებთან მისვლა ჯანღით სავსე ამინდშიც მჩვევია და მაშინაც, როდესაც მზე უხვად უგზავნის სხივებს დედამიწას. თაფლი ყველას გინახავთ და იცით ალბათ, როგორ მდორედ, ლაპლაპით იღვრება. მას ვგავარ სწორედ. თაფლივით ვიღვრები სულში და ნელ-ნელა ვიკავებ მის ყოველ კუთხე-კუნჭულს. ჯერ გულს გავხვევ წყლისფერ ტომსიკაში, მერე სხვა ადგილებსაც მოვავლებ მარყუჟს. ზოგი ნებდება ჩემს სტუმრობას და ხელებაწეული მიცხადებს მორჩილებას, ზოგი, წინააღმდეგობის გაწევის სურვილით ანთებული, ცდილობს, თავი დააღწიოს ჩემს ისრებს. ერთნი ლოცვანს იღებენ ხელში, მეორენი სხვა ადამიანებს მიაშურებენ, რათა მარტონი არ დარჩნენ საკუთარ თავთან და გართობაში ეძიებენ ხსნას. უბადრუკებმა ის კი არ იციან, რომ თავს ვერ დაიხსნიან ჩემგან, ვიდრე თავად არ მივატოვებ მათ. მე არ ვარ მხოლოდ სიტყვა, ცარიელი სახელის მსგავსი, და არც მარტო გრძნობა. პირიქით! ვიმეორებ აწ უკვე ნათქვამს და თქვენ მიერ სმენილს: მე პიროვნება ვარ. ოღონდ არა ადამიანი, არამედ სხვა ქმნილება. მაქვს სახელი და ჩემი სახელია სევდა! სევდიანი განწყობა ჩემგან იღებს დასაბამს, ისე, რომ საკუთრივ ჩემზე თითქმის არაფერი იციან. ახლა მარტის თვეა. მე ამინდის მონაცვლეობასთან არაფერი მაქვს საერთო. ეს სხვა ძალით იმართება. ერთი კია, რომ ნებისმიერ ამინდს მარჯვედ ვიყენებ ჩემი საქმეებისთვის. ზოგს წვიმაში ვადგამ თავზე ჩემს წნულ გვირგვინს და ზოგს _ მზის მცხუნვარებაში. თუმცა ყველაზე მეტად, შემიმჩნევია, მარტსა და სექტემბერში მიკეთებია საქმე მუხლჩაუხრელად. ამ ორ თვეს ყველაზე გაბედულად დაქრის ჩემი ეტლი სამყაროს სივრცეებში. ახლა მარტია. როგორც არასდროს, ისე მომინდა, წარვმდგარიყავი თქვენ წინაშე და გცოდნოდათ, რომ, თქვენსავით, მეც ვარსებობ. ვიცი, ბევრს საშიშ და მიუღებელ გამოცხადებად მოვევლინები. ეს უკვე მათი საქმეა. ზოგიერთმა კი შესაძლოა უხილავი,მაგრამ კარგად ნაცნობი მეგობარი დაინახოს ჩემში. იქნებ მეგობრის ხსენებამ დაგაბნიათ? შესაძლებელია კი სევდასთან მეგობრობა?! ნუ გიკვირთ! მე თავად მინახავს ადამიანები, რომლებიც უჩემოდ ვერ ძლებენ და მაშინაც კი მეძებენ, როცა თვითონვე მბეზრდება მათ გვერდით! არ ვიცი, რატომ ავირჩიე თქვენთან უნიღბოდ წარსადგომად ეს ცივი მარტი. იქნებ იმიტომ, რომ მევე შემზარა ამ მოქუფრული დღეების დაუნდობელმა ზეობამ. როდესაც ქარმა ჩემი ნაცნობი სახეები სარკმლის მინებთან დასვა განაბული, როდესაც მათი თვალები ჩაიძირა ჩემს არსებაში, უცებ დამრია სიმართლის გამჟღავნების წადილმა ხელი. მე ამის შემდეგაც გავაგრძელებ ჩემს საქმეს, ვიდრე იარსებებთ ადამიანები! ჰოდა, რახან არაფერი შეიცვლება არც თქმით, არც დაფარვით, დაე, წარვდგე თქვენ წინაშე, ადამიანებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.