ჩანახატი თავი პირველი
მოგესალმებით, მეგობრებო, უნდა ვაღიარო ძალიან მომენატრეთ. გავბედე და დავიწყე ახალ ისტორიის დადება, იმედია მოგეწონებათ, მოუთმენლად ველი თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს. ჩანახატი თავი პირველი უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იდგა თბილისში. ქალაქი თითქმის დაცლილიყო მაცხოვრებლებისგან. ქუჩაში კანტი-კუნტად თუ შენიშნავდით მოძრაობას. სიცხისგან შეწუხებული ჩვიდმეტი - თვრამეტი წლის მაღალი, ოდნავ ბეჭებში მოხრილი, ქერა ყმაწვილი ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით შევარდა სადაბრაზოში და სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს. რამდენიმე საფეხურს ერთდროულად ახტებოდა. კარები სწრაფად გახსნა და სახლშიც შევიდა. ესიამოვნა ვაჟს შენობაში არსებული სიგრილე. პერანგი ერთი ხელის მოსმით გაიძრო და აბაზანაში შევარდა. როგორც ყოველთვის სახლში არავინაა. დედა ბებიასთან წავიდა. და - დაქალებთან, მამა?! რას გაიგებ, ერთი-ორი კვირით წასული თითქმის მეორე თვეა არ გამოჩენილა, მიზეზი?! ბანალური - მივლინება. ამ ბოლო დროს რაღაც საეჭვოდ მოუხშირა სამსახურებრივ ვიზიტებს. დედა არ იმჩნევს, თითქოს ასეც უნდა იყოს. თითქოს ნორმალურია გაუფრთხილებლად წასვლაც და მოსვლაც. მშრალად, ორი სიტყვით შვილის მოკითხვა: - როგორ ხარ?! - კარგად! - პასუხიც მხოლოდ ერთი სიტყვაა. თვალებში უმზერს ვაჟს და სიგარეტის კიდევ ერთ ჩამწვარ ღერს აფერფლებს საფერფლეში. ნამწვს ხელით სრესს. ყოველთვის ფიქრობდა ვაჟი, რომ მამას რაღაცის თქმა სურდა. ერთხელაც დაარღვევდა დუმილს და ამდენი წლების ნაგროვებ ემოციებს გაუზიარებდა შვილს, მაგრამ - არა. მამაკაცი როგორც ყოველთვის დუმდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. რომ გეკითხათ როგორი იყო მამა, ვერც გეტყოდათ. ფაქტიურად არც კი იცნობდა, მამის სახე ფიქრსა და სიგარეტის კვამლთან ასოცირდებოდა. დედა?! დიდად თბილი და მოსიყვარულე არც ის იყო. ქერა, ოდნავ სრული ქალი, ძირითადად აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, მარცხენა ხელში ანთებული სიგარეტით, გაწეწილი მოკლე თმით. რატომღაც ყოველთვის დაძაბული, გაღიზიანებული სახით. მისი განწყობა ხმის ტემბრშიც იგრძნობოდა. არ უყვარდა შვილების შექება. რაც შეეხება შენიშვნებს, ამას ნამდვილად არ იშურებდა. ვაჟი იმდენად დაიღალა ამდენი კრიტიკით ცდილობს ქალს ზედმეტად თვალში არც გაეჩხიროს. და?! ის განსხვავებული ფენომენია. ხალისიანი, ცოცხალი. ერთმანეთით არსებობენ, ერთმანეთს ავსებენ. თუმცა ამ ბოლო დროს ვერც მას ნახულობს. ქეთა სამი წლითაა ძმაზე უფროსი. ერთმანეთთან მიმართებაში თითქოს მშობლების ფუნქციაც შეითავსეს. ალბათ უცნაურია, ერთ სახლში ცხოვრობენ ოთხნი და ერთმანეთს არც კი იცნობენ. სისხლით ერთნი არიან, მაგრამ მაინც უცხონი. ვაჟმა შხაპის მიღება დაასრულა, ნამიან ტანზე სუფთა მაისური გადაიცვა, იქვე მიგდებული კარგად გახეხილი ჯინსის შარვალი ამოიცვა და სამზარეულოში შევიდა. მაცივარი გამოხსნა, როგორც ყოველთვის ცარიელია. უსიამოვნოდ შეიკურთხა. იქვე მიგდებულ მობილურს დასწვდა, უნდოდა პიცა შეეკვეთა, თუმცა მისი ყურადღება შემოსულმა მესიჯმა მიიპყრო. აი ვინ სჭირდებოდა ეხლა. - „როგორ ხარ?“ - სწერდა გოგონა. ინსტიქტურად ნომერი აკრიფა და ტელეფონში მონატრებული ყოფილი კლასელის წკრიალა, ხალისიანი ხმაც გაიგონა. - როგორ ხარ, დაკარგულო?! - ჩემი შენ გითხარიო!. - სიცილი ვერ შეიკავა ვაჟმაც. - გამოცდებიო, პრაქტიკებიო... და ხელს როგორ შეგიშლიდი? მორჩი სწავლა-განათლებას? - როგორც იქნა. გუშინ უკანასკნელი პრაქტიკულიც ჩავაბარე და თავისუფალი ვარ ჩიტივით. შენ რა ქენი? - მე?! - ხმა დაუსერიოზულდა ვაჟს - ნაწილი ჩავაბარე, ნაწილი გადავიტანე. ასე რომ ვტკბები დასვენებით. - ნაწილი?! - აშკარად არ მოეწონა გოგონას - იზარმაცე?! - მსუბუქად უსაყვედურა მეგობარს - გამოდი ჩემთან, დანარჩენებიც ამოვლენ და ერთად დავტკბეთ დასვენებით. თითქოს სწორედ ამ სიტყვებს ელოდაო: - ნახევარ საათში მანდ ვარ! - ჩასძახა ტელეფონში და სახლიდანაც გავარდა. მთლად ნახევარ საათში არა, მაგრამ ერთ საათში მეტრო ღრმაღელესთან იყო. იცოდა თათიას ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი „ლუნა“ რომ უყვარდა, პატარა შეკვრა შეიძინა და მისი კორპუსისკენ წავიდა. ლიფტი როგორც ყოველთვის არ მუშაობს. მეშვიდე სართულზე შეუსვენებლად აირბინა. - “რა ჩვევა აქვს ამ გოგოს, კარებს რატომ არ კეტავს?” - გაიფიქრა როგორც კი სახელურს დასწვდა და სახლში შევიდა. - როგორც იქნა გამოჩნდი! - გაკრეჭილი, ბედნიერი ღიმილით ჩაეხუტა მოკლე თეთრ შორტებსა და ელექტრიკ, სალათისფერ მაისურში გამოწყობილი, შავგვრემანი, მოკლე თმიანი გოგო. - რამდენჯერ შეიძლება გაგაფრთხილო, კარები დაკეტე! - თმები მოუჩეჩა ბიჭმა. - კარგი, რა.... ჩემი ტკბილი... ჩემი გემრიელი... -აფერისტულად უცინოდა და თვალები ქაღალდის შეკვრისკენ გაურბოდა. - პატარა ბავშვივით ხარ! - სიცილით მიაწოდა ტკბილეული. გოგონა ადგილზე ხტუნაობდა. - მიდი, შენ მისაღებში. - შოკოლადის ჭამით შეუძღვა ოთახში - ბიჭების მოსვლამდე, ყავას მოგიდუღებ და ცოტას ვიჭორავებთ კიდეც... ვაჟი სავარძელში მოთავსდა. იქვე მაგიდაზე უბის წიგნაკი შენიშნა. - ვაუ, თათულიკა .... დღიურიც გაქვს?! - გაკვირვებულმა გასძახა ვაჟმა და წიგნაკს თვალი გადაავლო. - არა, დღიური არაა. ჩემი მეგობარი წერს პატარ-პატარა ჩანახატებს და.... - მართლა?! შენი მეგობარი სიმპატიურია?! - ეშმაკურად იკითხა მან. - სიმპატიური კი არა უმაგრესია. - დაეჯღანა ქალი. - მერე უმაგრესი გოგო ჩანახატებით ერთობა?! - ინსტიქტურად უბის წიგნაკს დასწვდა, სადღაც შუაში გადაშალა და კითხვა დაიწყო: „მიწა -გამოყვანილი ლამაზი ასოებით წერდა უცნობი ქალი - ბიჭი მირბოდა, მირბოდა შორს. მის წინ დიდი ჭურვები ფეთქდებოდა. შავი მიწა ოხრავდა და კვნესით ძირს ეცემოდა. სასწაული ხმა ჰქონდა მიწას, თითქოს ცოცხალი ადამიანი იყო, ის კვნესოდა. - უ..... უ....-ზმუის ის. - უ..... უ....- იძახოდა ადამიანი, რომელიც ასე უგულოდ ჩეხდა მას. ბიჭი მირბოდა, მიწა მას ეყრებოდა სახეზე და ისიც გრძნობდა, რაც უჭირდა მიწას, რომელმაც გამოზარდა და ადამიანად აქცია და, აი დღეს მის დასაცავად იბრძოდა ბიჭი. მოულოდნელად ის შებარბაცდა. - ვაი მე , დედა ! - იძახდა ბიჭი. - ვაი მე, შვილო ! - კვნესოდა დედის გული მიწიდან. ბიჭი ნელ-ნელა ვარდებოდა, მის წინ წარსული დღეები გარბოდნენ, ახსენდებოდა ის, მხიარული, მომღიმარი, ბოლოს კი - ატირებული. ახსენდებოდა დედის საფლავი და შავი მიწა. ბიჭი ტალახში ჩავარდა, მიწამ ჩაიხუტა იგი, მაგრამ მიწაც ტიროდა, მისი შვილი იღუპებოდა. -ადექი! გაიქეცი ! ---- -ქვითინებდა დედის გული მიწიდან - გაიქეცი! გესმის ?! ბიჭი კი კვლავ გაუნძრევლად იწვა შავ, მშობლიურ მიწას ჩახუტებული“. - ცოტა ვერაა კარგად, რა ომობანა აუტყდა ამ ზაფხულში? - გაიფიქრა ვაჟმა, თუმცა აშკარად ართობდა კითხვა და შემდეგ ფურცელზე გადაშალა: „თეკლაობა“ „ზეგ დედაჩემის აზრით, ჩემი დღეა, ჩემი ზეიმი, რომელსაც სახელად „თეკლაობა“ ჰქვია. არ ვიცი რამდენად შეიძლება მას ჩემი დღე ვუწოდო. მაშინ შეიძლება გიხაროდეს დღესასწაული, როცა იცი, რომ ვიღაცას ახსოვხარ და ელი მის მოლოცვას. მე კი .... ჩუმად ვარ, არ მინდა გაიგონ, რომ ჩემი დღე ასე უინტერესოდ მიდის, არავის ვახსოვარ და აზრადაც არ მოსდით, უბრალოდ, სიტყვიერად მაინც მომილოცონ, გული გამიკეთონ და მაგრძნობინონ, რომ ვცხოვრობ, არა და..... ვთვლი, რომ ამ ქვეყნად პატარა ადგილიც არ მაქვს და ცოცხალი მკვდარი ვარ, ორფეხზე მოსიარულე არსება, რომლის ყოფნა-არყოფნა არც თუ ისეთი შესამჩნევია, ვარ ერთი უმნიშვნელო საგანი. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩემი გაქრობა შეიძლება ვერც კი შენიშნონ და თუკი შეამჩნევენ მხოლოდ „საცოდავიო“ სთქვან და წავიდნენ. ან შეიძლება მოვიდეს ვინმე და უპატრონო საფლავთან ჩამოჯდეს, წაიკითხოს საფლავზე წარწერა, რომელიც ჟამთასვლისაგან გაცრეცილი იქნება და ეტკინოს გული: -„ საწყალი როგორი ახალგაზრდა ყოფილაო“. გავიდეს წლები და მოვიდეს საფლავთან უკვე მოხუცი მამაკაცი, უბრალო მინდვრის ყვავილებით ხელში, ჩამოჯდეს საფლავთან, დიდხანს იყოს ჩუმად, იდუმალ ფიქრებში ჩაძირული და ბოლოს აცრემლებული თვალებით ყვავილები დამაწყოს გულზე. და, ეს იქნება სწორედ „თეკლაობას“, სწორედ ჩემს დღესასწაულზე და მე ვიქნები ბედნიერი, რადგან ვუყვარდი, ვახსოვდი და ვენატრებოდი“. - თათია, შენი დაქალი შეყვარებულია?! - ინტერესით კითხა ვაჟმა გოგონას, რომელმაც ყავა და ტკბილეული შემოიტანა და წინ დაუსკუპდა. - არა, რა შეყვარებული. - სიცილი აუტყდა მას. - რა ვიცი, აქ ისეთ სევდიან სიტყვებს წერს, ვიფიქრე ცალმხრივი გრძნობის მსხვერპლი იყო. - სიცილი აუტყდა ვაჟს. - სხვათა შორის ეგ ჩანახატები, მამაკაცებზე არაა გათვლილი. თქვენ ვერ გაიგებთ!. - უკმაყოფილო სახით გამოაცალა ხელებიდან უბის წიგნაკი და უჯრაში შეინახა. - რა თქმა უნდა, ჩვენ სად შეგვიძლია ასე ღრმად ფიქრი. ქალს არ უყვარს და ასეთ სიტყვებს წერს და რომ შეუყვარდეს ხომ წარმოგიდგენია... - ისევ იცინოდა ის. - რა გენაღვლება, ოღონდ რამეზე იცინე და... - აშკარად ეწყინა თათიას. - რაო, იმ გადარეულებმა? გვიან ამოვლენ? - თემის შეცვლა სცადა მან. - ვიკას გავუვლით და მანდ ვართო. - აუფ. ქალბატონი ვიკულიკაც თუ მოდის, მაშინ სერიოზული გვიქეიფია და ესაა. - ჭინკები აუთამაშდა ვაჟს თვალებში. თათიამ გვერდულად, ეჭვით გადახედა მეგობარს, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა. ბავშვობიდანვე ამჩნევდნენ აკას ვიკას მიმართ განსაკუთრებულ, განსხვავებულ დამოკიდებულებას. თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ. თითქმის საბავშვო ბაღიდან მოდიოდნენ ერთად: თათია, ვიკა, აკა იგივე აკაკო, დათუნა და ალეკო. დაუფიქრებლად ანდობდა საკუთარ სიცოცხლეს ნებისმიერ მათგანს. სკეპტიკოს კურსელებს, რომლებსაც ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის არ სჯეროდათ ხშირად უმტკიცებდა, რომ თავად არაჩვეულებრივი კლასელები ჰყავდა, რომლებიც ძმებივით ედგნენ გვერდში და მასში ქალს არასოდეს დაინახავდნენ. სამეგობროში წყვილები არ ჰყავდათ და არც ჰყოლიათ. ეხლა კი რა გამოდიოდა?! აკა და ვიკა?! გულში რაღაც ჩაწყდა. რაღაც ეწყინა. მათი დამოკიდებულების სისპეტაკეში შეეპარა ეჭვი. თითქოს აკამ მათ მეგობრობას უღალატა. პრინციპში უნდა აღიაროს, რომ ვერც ამ ორს დაარქმევდი წყვილს. ვაჟი მაქსიმალურად მალავდა გრძნობებს. თათია წარბაწეული მისჩერებოდა ვიკას ხსენებისგან აციმციმებულ თვალებს და ეჭვი გულს უღრღნიდა. - მომისმინე, აკაკო. თქვენს შორის რამე ხდება?! - ვერ შეიკავა თავი და მაინც ჰკითხა მეგობარს. - ვინ ჩვენს შორის?! - თითქოს ვერ მიხვდა ვაჟი. - დედას გაფიცებ, გთხოვ სიმართლე მითხარი... აკა აშკარად არ აპირებდა აღიარებას: - რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ მთელი ზაფხულია არ მინახავს და გამიხარდა. - გასაგებია. - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა, თუმცა მისი ეჭვით სავსე თვალების შეხედვაზე მიხვდა აკა, რომ მეგობრის გადარწმუნება ვერ შეძლო. - რა ეჭვიანი ცოლივით ვიქცევი? - სამზარეულოში გასული საკუთარ თავზე ბრაზობდა თათია - რომც მოსწონდეს რა დაშავდება? მშვენიერი წყვილი იქნება... რას დამიჩემებია, რომ ჩვენი მეგობრობა სპეტაკია, დიდი რამე, ძმაკაცსა და დაქალს შორის სიყვარული არ შეიძლება? - თუმცა როგორც კი წარმოიდგინა, რომ იგივე შეიძლება მასთან მიმართებაში დათუნას ან ალეკოს ეგრძნოთ ტანში უსიამოვნოდ გასცრა. შეუძლებელია, ბიჭებთან რომლებთანაც ლამის საცვლების ამარა დატანტალებდა, ფეხბურთის ბურთს დასდევდა სიყვარულობანას ვერ ითამაშებდა. დარწმუნებული იყო მის მოსაზრებას დანარჩენებიც იზიარებდნენ. სწორედ ამ დროს, კარებზე ზარის ხმაც მოესმა, უსიამოვნო ფიქრები სწრაფად მოიშორა და გასახსნელად წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.