სიზმრის თეორია (1)
სიზმრის თეორია I. - მაღაზიის რიგებში უინტერესოდ ვმოძრაობ. რისთვის შემოვედი მეც არ ვიცი, უბრალოდ, სეირნობამაც დამღალა და სახლში უმოქმედოდ ყოფნამაც. ჰოდა, რაიმე ახლის საძიებლად, მარკეტის მრავალი განყოფილების იქეთ არ გამეხედება. რამდენჯერმე მეცა კონსულტანტი: „დაგეხმაროთო?“, მაგრამ უხეშად მოვიშორე - თქვენ რითი უნდა დამეხმაროთ-მეთქი. ნაწყენი გამშორდა და ახლა მრავალმხრივ მზერას ვგრძნობ; ვშიშობ მოსდო მთელს მარკეტს ‘ინციდენტი’. განყოფილებების კვეთაში აქეთ-იქით ვიხედები და ჩემდაუნებურად ვხედავ ბიჭს. მასზე თვალი მიშტერდება და მომენტალურად ქურდობის მოწმე ვხდები. მისი ფართო, კრემისფერი ქურთუკი უჩვეულოდ გაბერილია, რასაც ვერაფრის დიდებით ვერ ვუკავშირებ სიმსუქნეს. უნებლიედ ვყვირი „არამზადა!“ და მივსდევ მოულოდნელობისგან აშლილ ბიჭს. ის მირბის, მე კი გაუცნობიერებლად ვტოვებ გზად მილიონობით სალანძღავ სიტყვას. გონება მებინდება და მავიწყდება ფარფაშა მატერია, რომელიც ოდესღაც ქვედატანს მიფარავდა. ერთ-ერთი განყოფილების დასასრულს ცხვირ-პირი მეზნიქება, ტკივილი მთელ ტანს ედება და ვეცემი. ვცდილობ სიფხიზლე შევინარჩუნო, თუმც ქუთუთოები მაგნიტებივით იზიდავენ ერთმანეთს, მამძიმებენ და მალე ნათელი ბნელით ნაცვლდება. მონოლოგის დასასრულს სიცილი მოჰყვა. ნიაკომ მუცელზე ხელი დაიდო და გოგონებს თითით ანიშნა - გაჩერდითო. - შეირხა, გააღვიძეთ? - გაბრაზებულმა, მტრული თვალით შეხედა გოგონებს, რომელთაც სიცილის შეკავების გამო სახეზე ცეცხლი ეკიდათ. - ქეეთ, ერთხელ მაინც მიიყვანე ეგ სიზმარი ბოლომდე, რაღაც სიახლე მაინც შემოიტანე, ბიჭის იმიჯის სახით! - თვალი ჩაუკრა ანამ და ყავა მოსვა. - ვეცდები! - თვალი ჩაუკრა მანაც. ისევ ახორხოცდნენ გოგონები. *** - აუ, ნიაკო! - მხარზე ოდნავშესამჩნევად მოახვედრა ხელი დაქალს „შემომხედეო“. - ჯერ ამარჩევინე და მერე თუ გინდა მთელი მაღაზია მოისინჯე! დამაგვიანდა. ხელში ორი კაბა ეჭირა. ერთი იყო კანისფერი, ზედატანზე მომჯდარი, ქვევით მუხლებამდე, ფარფაშა; მეორე - შავი, მოკლე, გრძელი სახელოებით. - მისმინე! - თვალები სასაცილოდ დაუბრიალა ნიაკომ. - კანისფერი დღევანდელი მოკრძალებული სიტუაციისთვის იყიდე, შავი უფრო კლუბურისთვის! - სწრაფად ჩამოურაკრაკა პრობლემის გადაჭრის გეგმა და ზურგი აქცია, ისევ საორსულო კაბებს მიუბრუნდა. - არსად წასაყვანი არ ხარ! - გაბრაზებულმა ჩაუარა და სალაროსთან შეჩერდა. *** მანქანა სასიამოვნო გარეგნობის ბართან, თავისუფალ ადგილას გააჩერა. ბარის სახელს კიდევ კარგად დააკვირდა- ხომ არაფერი მეშლებაო - და ბოლოს გახარებული ჩახტა მანქანიდან. სასიხარულოდ ჰქონდა საქმე, აბა რა! ახლო მეგობარს, უნივერსიტეტის ძმობილს, პირველი პოეზიის საღამო ჰქონდა, ისიც არა თავისი ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებით. შევიდა თუ არა, მაშინვე მოჰკიდა თვალი მეგობარს, ბარის შუა გულში, რამოდენიმე ადამიანთან მოსაუბრე. ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ დაიძრა. რამდენი ხანი არ ენახა, მხოლოდ სოც. ქსელიდან ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას ფლორენციაში და ათასში ერთხელ თუ დაუთმობდნენ ხოლმე რამდენიმე წუთს სკაიპში ერთმანეთს, ორივეს გადატვირთული გრაფიკის გამო. შენიშნა თუ არა მამაკაცმა მისკენ მომავალი ქეთა, რაღაც უთხა მეგობრებს და ქალისკენ ხელგაშლილი წამოვიდა, გადასახვევად. - სირცხვილი შენი, ერთხელ არ გამომიარა, - თვალი ჩაუკრა, გადაეხვია და უჩურჩულა. - არ იცვლები, ქე! - სიცილით უპასუხა მამაკაცმა, - შენ გამოგეარა, ჯერ არავის ვუკადრისობ! - „დაჟე“ ჯერ? - სიცილით გაუმეორა ნათქვამი სიტყვა, მომუშტული ხელი ოდნავშესამჩნევად დაჰკრა გულ-მკერდზე და ხელიდან გამოსტაცა შავი ღვინით შევსებული ჭიქა. - გაგიმარჯოს! - უთხრა სანამ, უკმაყოფილების გამოხატვას მოასწრებდა. - გაგვიმარჯოს! - ჩაუსწორა და მიმტანის თასიდან სწრაფად აიღო ახალი, სავსე ჭიქა. - მომილოცავს, ძალიან გამიხარდა შენი წარმატება! - წარბები სასაცილოდ აწკიპა ზემოთ და თვალდახუჭულმა ჩაცალა ჭიქა. - წამო, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ! - ბავშვურად, ძველებურად შემოხვია მაჯაზე თითები და ერთ-ერთ წრესთან შეაჩერა. - მეგობრებო, გაიცანით, ჩემი საოცრება, რომელსაც გიტოვებთ და გაფრთხილებთ - არ მოაწყინოთ! - სწრაფად შეტრიალდა და სცენისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა. ხალხმა ერთსულოვანი აპლოდისმენტით ააცილა. ავიდა თუ არა შედარებით ამაღლებულ ადგილზე, წიგნი მოიმარჯვა და სანამ მასში ჩაიჭყიტებოდა, ტრადიციული სიტყვა წამოიწყო. ფეხმორთხმით მოკალათებულიყო სავარძელში, რომელსაც გვერდიდან დაჰნათვოდა ნათურა და ისეთ განწყობას უქმნიდა იქ მჯდომს, თითქოს ოთახში განმარტოებული კედლებში ჩამდგარ სავსე სიცარიელეს ელაპარაკებოდა. - მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო! დღეს აქ ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით და მეც ბედნიერი ვარ, შესაბამისად! ვერ გეტყვით ვნერვიულობ-მეთქი, მაგრამ ვერც იმით გაგახარებთ, რომ სრულებით არ მაწუხებს დისკომფორტი. მეშინია, რომ ძვირფას წუთებს დაგაკარგვინებთ, მაგრამ.... მაგრამ, რადგან ახლა თქვენ აქ ხართ, მეც უფლებას ვიტოვებ თქვენი ძვირფასი წუთებით ვისარგებლო. და, სანამ დავიწყებდე ჩემი პოეზიის თქვენამდე მოტანას, ორიოდ სიტყვით მინდა მოგითხროთ საიდან დაიწყო ყველაფერი... ქეთას ჩაეღიმა. - ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, როდესაც უნივერსიტეტში პირველად შევდგი ფეხი, ერთმა გოგონამ მომწყვიტა თვალი... მომწონდა? - დიახ, საოცრად მომწონდა, ოღონდ ვერასდროს ვახერხებდი ამომეცნო ეს მოწონება რას ნიშნავდა, სადაური იყო, საით მიდიოდა. მერე გავიცანი. აღმოჩნდა, რომ ისეთივე საოცარი ბუნება ჰქონდა, როგორიც გარეგნობა. ძალზედ რადიკალური, ყველგან, ყოველთვის. მას ვერ ვუწოდე სიყვარული, პირველი სიყვარული, მაგრამ ჩემთვის პირველი და კი გახდა. გადიოდა დრო და მასში არაფერი იცვლებოდა. ის ისევ ის გოგო იყო, რომელიც გავიცანი და ყველაზე მეტად ეს მხიბლავდა მასში. უყვარდა ლიტერატურა, საოცრად უყვარდა. მახსოვს, გაცნობიდან ორი წლის თავზე, პირველად გამოვუტყდი, რომ მეც ვწერდი რაღაცებს; ვწერდი იმიტომ, რომ ეს იმ ერთადერთთაგანი განტვირთვის საშუალება იყო, რომელიც ყოველ დღიურად თუ არა, დღე გამოშვებით მაინც მჭირდებოდა. მას შეუყვარდა ჩემი თითოეული სიტყვა და იბრძოდა ჩემი თვითშეფასების ამაღლებისთვის. იბრძოდა მთელი არსებით და მან ეს შეძლო. ჩემმა ქეთინომ (ეს სახელი მარტო მე მეკუთვნის), ეს შეძლო და მე ამაყი ვარ მისით იმავე დოზით, და უფრო მეტად, რამდენადაც ისაა ჩემით! ქეთას სუნთქვა შეეკრა და ფართოდ გახელილი თვალებიდან უკითხავად წამოვიდა ღვარად ცრემლი. გაახსენდა ის საოცარი წლები, რომლებიც ამ ადამიანთან აკავშირებდა. გაახსენდა და ხელახლა დაიბადა თითქოს. სცვიოდა ცრემლები და იყო გაბადრული. ბედნიერებისგან ყურებამდე გაეწელა მზერა. - ამ გოგონას კლასიკაც უყვარს, უფრო სწორად, ათაყვანებს... სწორედ მის გამო, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ევროპაში სახელგანთქმული კლასიკოსია, რომელიც ჩოპინის გაზაფხულის საოცრებას პერსონალურად მისთვის, გაზაფხულზე უგონოდ შეყვარებული ანგელოზისთვის, დაუკრავს. - ღიმილით დაასრულა. ქალმა პირი გაოცებისგან შეხსნა და ამ პოზაში დარჩენილისთვის დიდხანს რომ არ ეყურათ, მალევე აიფარა ხელი. სურვილი ჰქონდა ფეხები დაებაკუნებინა, ეტირა და ბავშვივით ებზრიალა და ეს ყველაფერი სიხარულისგან მხოლოდ. შენიშნა, როგორ დაიძრა მისი ზურგიდან კაცი, რომელმაც ხალხის ტალღები გადაჭრა და სცენისკენ ამაყი ნაბიჯებით გაემართა. უკვე ვეღარ ტიროდა, ვეღარც იცინოდა, მხოლოდ მექანიკურად დგამდა წინ ნაბიჯებს, რათა ხალხის ლაპარაკს არ ჩაეხშო ის სავარაუდო სიამოვნება, რომელიც მოელოდა. მართლაც აჟღერდა როიალზე ჩოპინის “Spring Waltz” და ამ სიამოვნებისგან გაბრუებულს თვალები დაეხუჭა, სადღაც ძალიან შორს გადაეშვა, რეალობიდან არარეალურ სამყაროში. ეს მოგზაურობა ნაცნობთან ერთად უცნობიც იყო... თითოეული კლავიშის ხმა ასე რომ უვლიდა და სისხლს უდუღებდა ძარღვებში. „არასდროს გაჩერდე, გთხოვ!“ - დაიჩურჩულა და კიდეც დასრულდა მელოდია. თვალები ნელ-ნელა გაახილა და აპლოდისმენტებით დაცლილ საზოგადოებას მოავლო თვალი. მზერა უნებურად გაეპარა სცენისკენ, სადაც ირაკლი და პიანისტი ეხვეოდნენ ერთმანეთს. პიანისტის სახეს მზერა ჩასჭიდა და დაჰიპნოზებულივით გადაეშვა სიზმარში. სიზმარში, რომელიც თვეების განმავლობაში არ ასვენებდა. ხელახლა გაირბინეს კადრებმა გონებაში და დეჟავუს გრძნობა დაეუფლა. თითქოს გონება ცდილობდა შეჯახების ობიექტში ვიღაცის სახე ამოეცნო, მაგრამ ვერა, ვერ ბედავდა. გამოფხიზლებულმა თავის სისულელეებზე სიცილით გაიქნია თავი და მადლობის ნიშნად მისკენ მომზირალ ორივე მამაკაცს თავი თავაზიანად დაუკრა. მეტი არც იყო საჭირო. *** ჯერ არ წავსულვარ, უკვე ვბრუნდები და მაგიჟებს ეს შემართება, იმედია არ დავკარგავ :დ წინა ისტორიაზე რომ ბედნიერება მაჩუქეთ, ვერასდროს ამოვწურავ, მაგრამ ამაზეც ველი თქვენს სითბოს.. მიყვარხართ! პ.ს ბოდიშით პაწია თავისთვის, ჩავთვალოთ პროლოგია, მეტი არაფრის დაწერა არ შეიძლებოდა. იმედია მოგეწონათ და გამომყვებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.