შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (6 თავი)


25-12-2015, 17:11
ავტორი murachashvili
ნანახია 3 402

მეექვსე თავი

წინა ღამის დადებითი განწყობა მოჰყვებოდა თეკლეს, ღიღინ -ღიღინით მოწესრიგდა და დედასთან გაქანდა, რომელიც სავარაუდოდ ახალ შხაპ მიღებული, მირიანთან ერთად სამზარეულოში იჯდა და საუზმეს მიირთმევდნენ. გიჟდებოდა, როცა მშობლებს ერთად ხედავდა. დედას მონატრებული, უკნიდან ჩაეხუტა და მის გაშლილ, ოდნავ ნესტიან თმებში ჩარგო თავი.
- ჩემი სიცოცხლევ. - ლოყით მიეფერა ქალი. ღრმად შეისუნთქა შვილის არომატი.
- ეჭვიანობა არ დამაწყებინო იცოდე! - წარბი ასწია მამამ.
სიცილით მოშორდა გოგონა დედას და ჩვეულებისამებრ მამაკაცის კალთაში კომფორტულად მოეწყო, მართალია მაგიდასთან მუხლების გამართვა გაუჭირდა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია, კმაყოფილი სახით დასწვდა ეკლერს და პირში გაიქანა.
- გაიზარდე შვილო, ვეღარ ეტევი... - იცინოდა მირიანი და თბილად იხუტებდა თეკლეს.
- სადაცაა გაგათხოვებთ და მერე გნახავთ როგორ ჩაუხტები მამაშენს....- იცინოდა დედა.
- არ გავთხოვდები. - ჯიუტი ხმით გამოაცხადა თეკლემ.
- რას ამბობ, ეს ანგელოზივით ქალი შინაბერად რომ დაგვრჩე ხომ მოვიკალით თავი.... ვაგვიანებ. - დანანებით საათს შეხედა მან - წამოხტუნდი მამას ქალო, - მსუბუქად წამოუტყაპუნა საჯდომზე შვილს - ხელს აღარ შეგიშლით იჭორიკნეთ დედა შვილმა.
ეკა ტანის რხევით გაჰყვა მეუღლეს. თეკლე ხედავდა, ქალს როგორ ემოციით მოეხვია მამაკაცი, სიყვარულით დაუკოცნა თვალები.
- აბა მომიყევი, რა ხდება შენთან ახალი და კარგი? - მეუღლესთან ალერსით სახე აწითლებულმა ჰკითხა სამზარეულოში დაბრუნებულმა დედამ.
- არც არაფერი.
- შეუძლებელია. თვრამეტი წლის გოგოს ცხოვრებაში არაფერი?! - ეჭვი გაკრთა ხმაში.
- გინ დაიჯერე, გინდ არა! - მხოლოდ თქვენ ამჩნევთ ჩემს სილამაზეს... - თითქოს გული წყდებაო, ისე უთხრა შვილმა.
- მოვა შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და ვნახოთ მერე... - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- თეთრი ცხენისა რა გითხრა, და იმდენს დადის შენი შვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ მოგივა ბოლოს პრინცი მეტროდან.... - მსუბუქად წაკბინა სამზარეულოში შემოსულმა გოგამ.
ძმის სიტყვებზე გუშინდელი ვაჟი გაახსენდა და სიცილი ვეღარ შეიკავა.
- რაღაც ცუდად გიციმციებს თვალები და შემთხვევით მართლა ხომ არ არსებობს პრინცი მეტროდან?! - ეჭვით შეხედა ეკამ.
- ჰა, ახლა აღირე... - ყავის ჭიქით ხელში დაუსკუპდა წინ გოგაც და გამომცდელად მიაჩერდა თვალებში.
- ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი რომ ეარსება... მაგრამ სადაა. დაკავებულია ყველა... - აკისკისდა თეკლე. - მართლა, დე.. დღეს თათიასთან გავდივარ.
- თქვენი ამბავი, რომ ვიცი გვიანობამდე დარჩები. მანქანით წადი იცოდე... - ხმა გაუკაცრდა ეკას.
- არ შემიძლია ამ საცობებში.... -აწუწუნდა გოგო.
- არ დაგხვდები იცოდე. მოგიწევს სიბნელეში ფეხით სიარული... - დაემუქრა ძმა.
- ცუდი ბიჭი ხარ... დავრეკავ ოთოსთან ან ნიკასთან და ისინი დამხვდებიან... - ნიშნისმოგებით დაეჯღანა ბიჭს.
- პატარა ავანტურისტი ბავშვი ხარ... მაინც არ მესმის შენი, ათასი გიჟი დადის... - ისევ აგრძელებდა შეგონებას დედა, თუმცა გოგონა აღარ უსმენდა, სწრაფად წამოხტა გოგას ისედაც აჩეჩილი, გაბურძგნილი თმები კიდევ უფრო აუჩეჩა და სიცილით თავის ოთახში გავარდა.

თითქმის ორი საათი ხდებოდა თათიასთან რომ მივიდა. ლიფტი არ მუშაობდა და სულ წუწუნ-წუწუნით ავიდა მეშვიდე სართულამდე.
- ეს რა უბედურებაა... - ღია კარებში ქოშინით შევიდა თეკლე.
- სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ამოვედი და მუშაობდა... - მეგობრის წუწუნი აშკარად ართობდა თათიას.
- მე მგონი ჩემი ჯიბრი სჭირთ. - ძლივს სუნთქავდა გოგონა.
- აბა მომიტანე?! - სულსწრაფი ბავშვივით ჰკითხა მასპინძელმა.
ჩანთიდან შოკოლადების შეკვრასთან ერთად, პატარა ფურცელიც ამოიღო.
- მთლად ცხელ-ცხელია, დღეს დავწერე მეტროში. - სიცილით მიაწოდა ჩანახატი.
- ჩემი ნიჭიერი....- სავარძელში ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო:
„მათხოვარი
ვაჟი ქალიშვილის წინ იჯდა. ორივენი ძალიან ლამაზები იყვნენ, იმდენად ლამაზები, რომ ყოველი შემომსვლელი უნებურად თვალს მათკენ აპარებდა.
- თქვენ გაიხარეთ, შვილებო, ასეთი მშვენიერნი, რომ ხართ!-ლოცავს მათ მოხუცი ქალი, გოგონა მორცხვად ხრის თავს, სიწითლის დასამალად, ვაჟი კი ბედნიერია და მთელი არსებით უხარია.
- მე შენ გუშინ ღარაცა გკითხე....
- მართლა? მეგონა ხუმრობდი.
- გუშინ შეიძლება ვხუმრობდი, სამაგიეროდ დღეს არ ვხუმრობ.
- კარგი, ბატონო, რადგან არ ხუმრობ, მე უარს გეუბნები!
ვაჟს ფერი წაუვიდა. აღარაფერი უთქვამს, ან კი რა ჰქონდა სათქმელი? უხმოდ წამოდგა და წავიდა.

მოხუცი ქალი მეტროს ერთ-ერთ გაჩერებაზე დგას, ასაკს მისი სილამაზე ჯერ მთლად ვერ წაუშლია. შემოდის ერთ დროს ალბათ, ძალიან სიმპატიური, უკვე ასაკოვანი მამაკაცი, თავი დაუხრია, სირცხვილით იწვის, მაგრამ ხელი მაინც გამოწვდილი აქვს და მგზავრებს დახმარებას სთხოვს.
ნელი ნაბიჯით მოხუც მანდილოსანს უახლოვდება, რომელიც თავჩაღუნული დგას და ღრმა ფიქრებში წასული ზედ არავის უყურებს.
- მოწყალება გაიღეთ! - ხმის კანკალით ეუბნება მოხუცი ქალს. მანდილოსანი შეკრთა და გაოცებულმა შეხედა კაცს, რომელიც გაფითრდა, ასე უძრავად უყურებდნენ ერთი-მეორეს ერთ დროს ძალიან ლამაზი ქალი და კაცი, რომელმაც თავი დახარა ცრემლების დასამალად და აკანკალებული ძლიერი მღელვარებისაგან, წავიდა“.
- როგორი ბოროტი ხარ, შემეცოდა ის კაცი... - ცრემლები მოიწმინდა გოგონამ, ნაწერი მაგიდაზე დადო და წვენიანი ჭიქით მდგომ თეკლეს მიუახლოვდა, რომელიც ფაიფურის თოჯინებისთვის გამოყოფილ პატარა სტენდთან გაჩერებულიყო და გაოცებული ერთ-ერთ ახალ თოჯინას დასჩერებოდა.
ყურადღებით ათვალიერებდა უცნაური ფორმის სათამაშოს. არ იფიქროთ რამე განსაკუთრებული. უბრალოდ ვერაფრით დაადგინა რა ცხოველი იყო, თითქოს ძროხა, თითქოს ხარი, თითქოს კამეჩი, ან სამივე ერთად... კამეჩის ფორმის ხარის თავისა და ძროხის ძუძუებით...
- დედას გაფიცებ, ეს რა არის? - გაოცება ვერ დამალა.
- ჩემი ხარია. მოსკოვიდან გამომიგზავნეს. - კმაყოფილი სახით გაიბღინძა თათია.
- ხარი?! - ინტერესით ათვალიერებდა სათამაშოს, თუმცა ხარს მაინც ვერაფრით მიამსგავსა. ან რატომ უნდა ეჩუქებინათ გოგოსთვის ხარი?! - დარწმუნებული ხარ? რომ არ გავს?
- რა თქმა უნდა. წელს ხარის წელი მოდის და წინასწარ მომილოცეს.
- მე მგონი ზედმეტად მოინდომეს. სექტემბერში ახალი წლის მოლოცვა ცოტა ნაადრევი ხომ არაა?! -აკისკისდა გოგონა. - მით უმეტეს, რომ ეს საოცარი ქმნილება ხარი ნამდვილად არაა...
- როგორ არა, ხარია. - ჯიუტად იმეორებდა თათია - აი, წაიკითხე თუ არ გჯერა, - თოჯინის ძირში განთავსებულ რუსულ წარწერაზე მიუთითა მან. – б –у –й- в- о- л - დამარცვლა სიტყვა.
თეკლემ სიცილი ვეღარ შეიკავა: - როგორი გიჟი ხარ თათი, ეგ ხარი კი არა კამეჩია. ან სად გინახავს ძუძუებიანი ხარი?!
- როგორ არ მინახავს, მულტფილმ „ფერმაში“. მანდ ხარს ძუძუები აქვს. - არ სთმობდა პოზიციებს თათია.
- შენთან საუბარი შეუძლებელია, წავედი მე, ნაყინი მინდა! - სამზარეულოში გასასვლელად შემობრუნდა თეკლე და მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდა, გააცია. შიშისგან თვალები გაუფართოვდა, მაგიდასთან უცნობი ბიჭი იდგა მეტროდან ფურცლით ხელში. მშვიდი, ირონიული სახით კითხულობდა ჩანახატს.
ეცადა ემოცია დაეფარა.
- აქ რას აკეთებ?- მიუხედავად სურვილისა ხმა მაინც უთრთოდა.
თითქოს მისი კითხვა არც კი გაუგია, ვაჟმა ფურცელი მაგიდაზე დადო და სახე გაბრწყინებულ თათიას მოეხვია.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, კარებს ღიას ნუ ტოვებ.... - ისევ უსაყვედურა კლასელს. - ხომ ხედავ, შემოვედი და შეგიშინე მეგობარი... - დამცინავი სახით გახედა თეკლეს.
სავარძელში კმაყოფილი სახით მოთავსდა. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა გოგონა მეტროდან. პირველად ხედავდა საკმაოდ მოკლე კაბაში გამოწყობილს, თურმე ლამაზ სახესთან ერთად საკმაოდ კარგი ტანიც ჰქონია, რაღაცნაირად მადისაღმძვრელი.
არ ესიამოვნა თეკლეს ვაჟის გამოხედვა, არც ფარული ირონია დარჩა შეუმჩნეველი. სიბრაზისგან თვალები აენთო, სახე წამოუწითლდა.
- ჩემს მეგობარს თეკლე ჰქვია. - ღიმილით წარუდგინა თათიამ.
- თათიას კლასელი და ყველაზე თავხედი ბიჭი, აკა... - თავი ცივად დაუქნია ვაჟმა. - თუ სწორად გავიგე, ვიდრე შემამჩნევდით ნაყინზე მიბრძანდებოდით ქალბატონო თეკლე, თუ არ შეწუხდებით იქნებ მეც წამომიღოთ?! - უცებ დაასაქმა გოგონა.
ერთი სული ჰქონდა რამე მწარე, შეურაწმყოფელი ეთქვა ვაჟისთვის, მაგრამ თათიასთან მოერიდა ემოციების გამოხატვას, უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოში. მაცივრიდან სამი ცალი ნაყინი გამოიღო და მოსაუბრე მეგობრებს შეუტანა.
- შეუძლებელია, ვერ ვიჯერებ... - ცრემლიანი თვალებით უმზერდა სერიოზული სახით მოსაუბრე ვაჟს თათია, - ახლა რა უნდა ქნა?
- მოვიფიქრებ რამეს... - თეკლეს დანახვაზე სასაუბრო თემა სწრაფად შეცვალა ვაჟმა - თუ სწორად მივხვდი, ამ ჩანახატის ავტორი თქვენ ბრძანდებით. - ისეთი თვალებით გახედა აკამ, რომ ისევ უხერხულად შეიშმუშნა.
- მოგეწონა?! მე რომ წავიკითხე ცრემლები ვერ შევიკავე... - მიამიტი სახით ჰკითხა თათიამ.
- შეიძლება გავიგო, ტიპაჟებას ვინ შეარჩიეთ, ის ასაკიანი ქალის თქვენ ხართ? მამაკაცად ვინ აიყვანეთ? მათხოვრობისთვის ვინ გაიმეტეთ? თუმცა ალბათ თქვენს შეყვარებულობას, ისევ მათხოვრობა სჯობდა...
თეკლე გაფითრდა. ვერაფრით ხვდებოდა რას ერჩოდა ეს ბიჭი. უკვე გრძნობდა, რომ მისმა მოთმინებამ პიკს მიაღწია, აკასგან დაუმსახურებელი შემოტევების ატანას აღარ აპირებდა. ვაჟის სიუხეშე არც თათიას გამოპარვია და შეცბუნებული უმზერდა მეგობრებს.
თეკლემ უკანასკნელი ძალისხმევა მოიკრიბა, რომ რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა: - ეგ ქალი მე არ ვარ... თუ ოდესმე მომეცემა საშუალება სიამოვნებით გაჩვენებთ მაგ პერსონაჟებს.
- სად მაჩვენებთ, მეტროში?! - ისევ ცივად ჰკითხა ვაჟმა.
- თქვენთან საუბარი შეუძლებელია. - დაგროვილი, უთქმელი ბოღმისგან იგრძნო გული როგორ ეტკინა, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. ეს კი ყველაზე ნაკლებად სურდა. ასე თავს ვერ დაიმცირებდა, უცნობ მამაკაცთან არ ატირდებოდა.
- ყავას მოვიმზადებ. - მოიმიზეზა და ისევ სამზარეულოში გავიდა.
- ერთმანეთს იცნობთ? - ეჭვით გახედა თათიამ აკას.
- არა.
- მაშინ რატომ ეუხეშები?
- არც კი მიფიქრია... უბრალოდ ვერთობოდი.. არ მეგონა თუ ეწყინებოდა. ბუტია დაქალი გყოლია... - ირონიულად გაიცინა ვაჟმა.
- ვერ გცნობ... ჩემი მეგობარია, შენ კი..... შენი პრობლემების გამო, უდანაშაულო ადამიანზე ცდილობ აგრესიის გადმოფრქვევას? - თათია აშკარად თეკლეზე ნაკლებად არ იყო შეურაწყოფილი და ნაწყენი.
- კარგი, რა... მისი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა.... - დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი აკამ. - უბრალოდ ზედმეტი მომივიდა. წავალ, შემოვირიგებ.
დიდად არ სიამოვნებდა თეკლესთან სამზარეულოში შესვლა, მართალია მისი ტკივილი სიამოვნებდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ უცნობი გოგონას წყენინებით, ბავშვობის მეგობარიც გაანაწყენა, ეს კი ნამდვილად არ სურდა. ზედმეტად ძვირფასი იყო მისთვის თათია, ასეთი წვრილმანით გულს ვერ ატკენდა.
- ნამდვილად არ მეგონა, აქ თუ გნახავდი... - სამზარეულოს პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა აკა, ყურადღებით აკვირდებოდა ქალის თვითოეულ მოძრაობას.
- არც მე. - მოკლედ მიუგდო. თეკლე ჯიუტად ჩაჰკირკიტებდა ყავის ჩაიდანს, ვაჟის მხარეს არც კი იყურებოდა.
- არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ... არ მომეწონა მათხოვრობისთვის რომ გამიმეტე... - როგორც იქნა გაამხილა მისი ირონიის მიზეზი.
გაოცებულმა ახედა ქალმა: - მათხოვრობისთვის? შენ რა იფიქრე რომ იმ პერსონაჟის ადგილზე შენ წარმოგიდგინე?! - იგრძნო, როგორი შვება მოჰგვარა ვაჟის სიტყვებმა, თავი ვერაფრით შეიკავა და სიცილი აუტყდა. - ანუ შენის აზრით ქალი მე ვიყავი და მათხოვარი შენ?
- არა?! - ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა ქალის სიტყვები. მის შინაგან ხმას თითქოს უნდოდა თეკლეს მასში მართლაც დაენახა სასურველი მამაკაცი, რა თქმა უნდა მათხოვრობის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სატრფოს როლზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.
- მეტროში ერთი მოხუცი მამაკაცი დადის, ადრე წიგნებს ყიდდა, ამ ბოლო დროს კი შევამჩნიე, რომ მათხოვრობს... ის კაცია მაგ ჩანახატის გმირი, მეტროში თუ შევხვდებით, აუცილებლად დაგანახებ.... - ისევ ეცინებოდა თეკლეს.
- შეგვხვდება?! ანუ მეტროში ჩემთან შეხვედრას ისევ გეგმავ?! - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ვაჟს.
- მე არც იმ ორ შეხვედრას ვგეგმავდი, მაგრამ გნახე... - ფრთხილად წაკბინა ქალმა.
არ ესიამოვნა წინა დღის გახსენება, თუმცა არ შეიმჩნია:
- ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს ან გვინდა ჩანდეს... - ყრუდ ჩაილაპარაკა ვაჟმა.
- იმედია. - თბილად გაუღიმა თეკლემ - თუ არ შეგაწუხებ, ჭიქების გატანაში დამეხმარე. უკვე ისე იქცევი, თავი მე მგონია მასპინძელი... - სიცილით გასძახა მისაღებში სტუმარივით მჯდომ თათიას.
- როგორც ვხევად, ერთმანეთს აღარ კბენთ...- წარბ აწეულმა გამოხედა აკას.
ვაჟის გასაოცრად, თეკლე საკმაოდ თბილი და კომუნიკაბელური ადამიანი გამოდგა. სამივენი ისევ თათიას ახალ სათამაშოს განიხილავდნენ და მხიარულად იცინოდნენ.
- დღემდე რატომ არ გიცნობდი? ერთმანეთი საიდან გაიცანით? - დაინტერესდა ვაჟი.
- ერთად ვემზადებოდით, შემდეგ ერთ ჯგუფშიც მოვხვდით...
- თავიდან არ მომეწონა. რაღაცნაირი ამპარტავანი, მამიკოს გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. მოიყვანდნენ მანქანით, დატოვებდნენ, შემდეგ ისევ მოაკითხავდნენ... ესეც დადიოდა ცხვირაწერული გვერდზე არ იყურებოდა...
- მართლა?! - ვითომ გაიოცა აკამ, თუმცა გულში დაეთანხმა თათიას, ცოტა ამპარტავანი ნამდვილად არისო. - აზრი რამ შეგაცვლევინა?
- სირცხვილია, არ თქვა. - გაწითლდა თეკლე. - რას იფიქრებს ადამიანი?
- რა უნდა იფიქროს? შენ ეს ნაკლები გიჟი ხომ არ გგონია?! - გაოცდა თათია.
- მაშინ ჩემით მოვყვები. მოკლედ, ერთი ბიჭი გვყავდა ჯგუფში, ზურა დანელია. როგორც შემდეგ აღმოჩნდა შენი კლასელი მოსწონდა. ოღონდ მისი სიმპატიის გამოხატვის ცოტა უცნაური მეთოდი ჰქონდა. მოწონების ობიეტს რამეს უშავებდა. სერიოზულს არაფერს, მაგრამ ან ქურთუკს უზიანებდა კალმით, ან ჩანთას უკაწრავდა. მოკლედ ჩამოყალიბებული დეგენარატი იყო. ერთ ზამთრის სუსხიან დღეს, გავიხედეთ და აუღია თათიას ჩანთა და ჩაუგდია უნივერსიტეტის უკან, ასე სამ მეტრამდე სიმაღლის ორმოში. დგას ესეც და აღვარღვარებს ცრემლებს, ეხვეწება ჩანთა ამომიტანეო. ის სულელივით იკრიჭება. ტვინში კინაღამ ამასხა, როცა გარშემო სეირის მაყურებლად შეკრებილ ჯგუფელებს შევხედე, ხმას არავინ იღებდა. შემეცოდა, თუმცა სიბრაზისგან ვკანკალებდი, კარგი „ყარამან ყანთელივით“ ავესვეტე ერთი თავით ჩემზე მაღალ დანელიას და ვეუბნები, უფრო სწორედ ვუბრძანე:
- არ გესმის, ვირო... ჩადი და ჩანთა ამოუტანე თქო.
რა თმა უნდა ჩემი სიტყვები იუკადრისა: - მიდი რა გოგო, შენს საქმეს მიხედე და ცხვირს ნუ ყოფ სადაც არ გეკითხებიანო...
წინადადება დასრულებული არც ჰქონდა, რომ ინსტუქტურად ხელი ვკარი, თავი ვერ შეიკავა ტუტუცმა და იმ ორმოში გადავარდა. ჩემსდა საბედნიეროდ ორმო თოვლით იყო სავსე, თორემ ალბათ ვერც გადარჩებოდა.
- ვის ღა ახსოვდა ჩანთა, ერთმანეთს ვასკდებოდით ხარხარით... - გააგრძელა ამბის თხრობა თათიამ - იმ ვაჟბატონს ამოსვლაში სხვები დაეხმარნენ, ცხადია ჩემი ჩანთაც ამომიტანა. - გაოცებული აკა ყურებს არ უჯერებდა - თუმცა ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს საქმის სარჩევად დედამისი მოგვივარდა: - ჩემი პატარა ბიჭი როგორ დამიჩაგრეთო.... ეს კი უტიფრად ეუბნებოდა: - ქალბატონი, თქვენს პატარა ბიჭს იქნებ ქალის პატივისცემა ასწავლოთო... - აქ კი ვეღარ მოითმინა აკამ და ახარხარდა.
გამართლდა ეკას პროგნოზი, იმ საღამს მართლაც გვიან დაბრუნდა თეკლე სახლში, თუმცა ძმასთან და მეგობრებთან დარეკვა აღარ დასჭირდა, სახლამდე ბიჭმა მიაცილა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მომეწონა მომეწონა ძალიან მაგრად მომეწონა... მომწონს აკა მდგომარეობიდან რომ გამოდის ნელ-ნელა და იმედი მაქვს თავის პრობლემებსაც ასევე გადაწყვეტს... გამიხარდა თეკლეს რომ დაუახლოვდა და გაუგო... ძალიან მაგრად წერ და ძალიან მომწონს შენი ნაწერები...

 


№2  offline წევრი aneta

მომწონს თეკლე და აკა, შენც მომწონხარ და შენი ისტორიებიც smile

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
მომეწონა მომეწონა ძალიან მაგრად მომეწონა... მომწონს აკა მდგომარეობიდან რომ გამოდის ნელ-ნელა და იმედი მაქვს თავის პრობლემებსაც ასევე გადაწყვეტს... გამიხარდა თეკლეს რომ დაუახლოვდა და გაუგო... ძალიან მაგრად წერ და ძალიან მომწონს შენი ნაწერები...

aneta
მომწონს თეკლე და აკა, შენც მომწონხარ და შენი ისტორიებიც smile


მადლობა თქვენ, იმისთვის რომ მიუხედავად საიტზე არსებული პრობლემებისა, მაინც დაუმთმეთ დრო და წაიკითხეთ ჩემი ნაწერები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent