18 დღე (1)
18 დღე (რეალური ამბავი) გუშინ ვფიქრობდი ... აზრები განუწყვეტლივ ირეოდა. ვფიქრობდი, რომ ეს დღეები, ზიზღითა და სიბოროტით ვიყავი სავსე. ერთი დიდი-ბოღმის თაიგული... ღამის ჩრდილი ეცემოდა კანს, ფიქრები სცდებოდნენ ჰორიზონტს, ჩიტები აღარ ჭიკჭიკებდნენ,ზამთარი დაუნდობლად ცივი იყო. ცივი და უსიცოცხლო... ნოტიო ჰაერი ყინავდა ქუჩებს, ედებოდა სარკმელებს, მიათრევდა ადამიანებს-დაუნდობლად... ერთი მიმართულებით... სავსე ვიყავი სიბრაზითა და წყენით-რომ ისე ჩაიარა დეკემბერმა-თოვლი არ მინახავს, რომ ჩემი და არასოდეს ალაგებს ლოგინს-ადგომის შემდეგ... რომ არასოდეს ვახსოვარ-არასოდეს.ვერ ვპროგრესირებ, ვიბერები, სხეული მიდუღდა იმ ხმისგან,რომელიც ყვირილისთვისაა განკუთვნილი. ეს რამდენიმე დღე, ყინულის ლოლოებივით ცვიოდა ჩემი ცრემლები და თან არც ცვიოდა. ბაგეები არ იხსნებოდა, მხოლოდ იკეტებოდა-დუმდა, სიტყვები მხოლოდ ჩხუბობდნენ,არ ეფერებოდნენ-არ ათბობდნენ... ჰოდა ვფიქრობდი გუშინ,როდის მოვასწარი და როდის გავხდი-ასეთი საცოდავი. კლავიშები ჩავარდნილია, აღარაფერი ეშველება. ხელით ვიზელდი სახეს, თითებს ვიფარებდი თვალებზე, ცოტას ვტიროდი. გამათბობლის ცხელი შუქი-სითბო იყო, სიბნელე და სითბო ერთად... მელანქოლიამ შეისრუტა ჰაერი, მიეწება ცნობიერს,დაემსგავსა ადამიანს,რომელსაც ენდობი... რომელიც გიყვარს... გუშინ ვფიქრობდითქო შემეცვალა რამე. ზედმეტად ოპტიმისტურად ვფიქრობდი, თვალებში სიხარულის ნაპერწკლები გაჩნდა, მოუსვენობამ მომიცვა, შევცვლითქო ყველაფერს-ყოველ დღეს,ყოველ ღამეს. ვფიქრობდი საკუთარი თავის შეცვლაზეც. და ეს ფიქრები, იმ, გამათბობლით განათებულ ოთახში იმდენად რეალური იყო-ვხედავდი კიდეც. დილით გამაღვიძეს, წამით შევყოყმანდი, იმედიანად ავდექი-არ დამზარებია. ვიღიმოდი .ჩემი ოთახი ისევ ისეთი იყო-ოდნავ არეული. დერეფანიც გრძელი,ხალიჩაგადაფარებული. აივანზე გავედი, გაყინულიყო ყველაფერი, ცხვირიც მიმეყინა,მერე კიდევ მზე ვიგრძენი. ხეები ისევ ყავისფერი,ისევ ფოთლების გარეშე. მეც-ისევ თხელი სვიტერით, ისევ თაფლისფერი თმითა და ჩაის ჭიქით.ყველას შევიყვარებდი იმ მომენტში-ყველასთვის მემეტებოდა სიყვარული. რაარისთქო ასეთი-რატომ უფრთხილდებიანთქო. მეზობელი გაზონს კრეჭდა მოპირდაპირე ეზოში.ადრე ვამბობდი-მოცლილიათქო, ახლა კიდევ მეც მომინდა,ჩემი არარსებული ეზოს გალამაზება. დავრგავდი ყვავილებს:ტიტებს,იებს,ვარდებს, გვირილებს. მერე კიდევ, რომ გამოაჩენდნენ დროსთან ერთად ნაზ ფურცლებსა და სურნელს,დავკრეფდი, სამზარეულის მაგიდაზე მოვათავსებდი გულდასმით, ლამაზ ქოთანში ჩავდებდი-დავჯდებოდი პირდაპირ, გავიკეთებდი კაკაოს და ვუყურებდი ასე-ჩემივე შექმნილს. ვიამაყებდი, ალბათ ცოტა გამიგრძელდებოდა ეს სიამაყე მაგრამ ვის აინტერესებს... სულ ქებით გადადგან მთები-ოღონდ შეიქმნას რაღაც.რაღაც ღირებული... წყლის წვეთები მეცემოდა თითებზე,ტუჩებზეც დაეღვენთა. ტკბილი მეჩვენა,სახე მივუშვირე,მუსიკასავით მესიამოვნა. ნელნელა იფურჩქნებოდა მზე. ვგრძნობდი დრო იყო-ჩემს გეგმებშიც,გამოდარების. << მისაღებ ოთახში ,დიდი საათი გვიკიდია. ადრე ჩიტიც გამოფრინდებოდა ხოლმე. მიყვარდა.ყველაზე ლამაზი ჩიტი იყო,რაც კი ოდესმე მინახავს. ფერადი, გულყვითელა,კეთილი სახით. ველოდებოდი სულ-დავჯდებოდი ხალიჩაზე და ვითვლიდი წუთებს,წამებს. დროსთან ერთად წამომივლიდა ბრაზი, წამოვდგებოდი ფეხზე შეწუხებული,აი სწორედ მაშინ გამოფრინდებოდა ხოლმე, გამახარებდა და დაბრუნდებოდა უკან. ერთხელ სურვილი ხმამაღლა გამოვთქვი ჩემებთან- აქ დარჩეს,უკან ნუღარ ბრუნდებათქო. გაეცინათ, ხელი თმაზე მომითათუნეს. პასუხის ღირსად კიდევ-არასოდეს არავინ მთვლიდა. ყველგან მინახავს ჩიტები. ზოოპარკშიც,ბაღის ეზოებშიც, ვიტრინებზეც,მაგრამ მისნაირი არავინ იყო. ერთ დღესაც კი, დააგვიანა. შემდეგ კი,რამდენიმე დღე,აღარ გამოჩენილა. მაშინ ვიგრძენი რომ მიმატოვეს. ვერ შევეგუე, ვემუქრებოდი ყველას, დამიბრუნეთ ჩემი ჩიტითქო. ისევ იცინოდნენ,ასე აუხსნელად,უპასუხოდ. მაშინ მეგონა რომ ყველაზე სულელები-უფროსები იყვნენ. ჩემს სულელად ყოფნასაც- ამით ვხსნი... რამდენიმე კვირა გავიდა, ჩუმად ვტიროდი, ისევ ვიჯექი საათის წინ, ისევ გაბრაზებული,ისევ გაურკვევლად და ველოდებოდი. შემდეგ კი,ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე. -აღარ გამოფრინდება პატარავ. ბაბუამ ნაოჭებიანი სახე ლოყაზე მომითათუნა და გვერდით მომიჯდა. -მოვენატრები და დაბრუნდება. საერთოდ ასე იცის ხოლმე. აგვიანებს... შეიძლება ბარტყები ყავს და ჩემთვის დრო აღარ რჩება.ზუსტად ვიცი,რომ დამიბრუნდება. აუცილებლად მოვენატრები. მე მენატრება და იმიტომ... მე რომ მენატრება-ზუსტად მაგიტომ მოვენატრები. - მისმინე... ისევ მომითათუნა ხელი ლოყაზე. - დგება დრო,როცა სხვა სამყარო უფრო მეტს გვაძლევს-ვიდრე ის რასაც ხედავ. გაიზრდები და მიხვდები, აღარ მოგინდება ერთ ადგილას გაჩერდე. წასვლას მოინდომებ. იქ წახვალ სადაც უფრო მეტი შოკოლადი და სათამაშოებია. უფრო მეტი ფერადი ფანქრები, უფრო თხელი პლასტელინები,იასამნისფერი,ლამაზი, ფერადი კაბები. იქ სადაც,ფერიაც შეგიძლია იყო,ფიფქიაც და ბოროტი დედინაცვალიც. - შენი აზრით,ჩემს ჩიტს,უნდოდა ფიფქია ყოფილიყო? - შენი ჩიტი,ახლა, ერთი დიდი ხის კენწეროზე ზის და თავისუფლებით ტკბება. -რა არის თავისუფლება? - ჩვენს ჩიტს ფრთები ჰქონდა მაგრამ მაინც ჩვენთან იყო. მას შეეძლო ეფრინა მსოფლიოს გარშემო, უდაბნოებში,ოკეანეებზე, მწვანედ აბიბინებულ ბალახზე.შეეძლო ყველა სახლის ვიტრინა დაეთვარიელებინა და მორჩენილი პურის ნამცეცები ეკენკა.მაგრამ მაინც ჩვენთან იყო. რატომ შენი აზრით? -იმიტომ რომ ვუყვარვართ? - დიახ,ზუსტად მაგიტომ. ერთ დღეს კი დაღლილობა იგრძნო. მოიწყინა ამ ოთახით,ამ საათითა და ბებიაშენის დატუქსვებით. ჰოდა მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ფრთები გაშალა და წავიდა ჩვენგან. უფრო უკეთეს სამყაროში,უფრო კეთილ ადამიანებთან. მთავარი იცი რა არის? ყოველთვის იქნება მასში,შენთვის გაკუთვნილი ადგილი.ვერასოდეს დაივიწყებ ადამიანს,რომელსაც სიყვარული გაუნაწილე. - მაინც მომენატრება... ვთქვი და ავსლუკუნდი. - არ მჯერა მე მაგის. არ წავიდოდა... არ გაფრინდებოდა... ბაბუამ გულზე მიმიხუტა და მიხვდა-ვერასოდეს შევეგუებოდი ვერავის წასვლას. და ალბათ იმწამსვე დაინახა,სუსტი, აღელვებული გოგონა,რომელიც ახლა ამ ტექსტს კრეფს და თვალებში ცრემლები ეღვრება. შენ იცოდი ყველაფერი. შენ მასწავლიდი... მომავალს ხატავდი, გრძელი ფუნჯით. და მე მხატავდი, არსებულზე უფრო ღია ფერის თმით... მეორე დღეს სხვა ჩიტი მომიყვანეს. საათისკენ არც კი გამიხედია. << აივანს დავუბრუნდი. ჩაი,ცივ კოქტეილს დაემსგავსა. შემდეგ იყო რაღაც ყვირილის ხმა და წამიერად დავიბენი. რაღაც ისე ვერ მიდიოდა...მე ყველაფერი სხვანაირად დავგეგმე. იმ დღეს, თარიღი არ მახსოვს, ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. შევძლებდი კიდეც,დარწმუნებული ვარ.რაღაც ნაბიჯს მაინც გადავდგამდი. რა უსამართლოა ყველაფერი, იმედებით დაწყებული და ასევე იმედებით დამთავრებული... ყვირილის ხმაზე ოთახში შევვარდი. იმ დღეს მომიკვდა ბაბუა. გავფითრდი,ფერი მეცვალა,ღიმილი გამიხმა. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. სად გაქრა გეგმები?! ასებობდა რომ?... ტირილის მუზეუმად მექცა სახე. გლოვობდნენ,ტიროდნენ,დღეებთან ერთად მეც შემიშრა ცრემლები. ახლა კიდევ ამას ვწერ. კვირას ასაფლავებენ. სიცარიელე უკვე ვიგრძენი,საერთოდ ყველაფერი ვიგრძენი, სიტყვებიღა დამრჩა. ხოდა ახლა ამასაც ვიმეტებ. არაფერი შეცვლილა,როგორც დასაწყისში,ისევ სიბოროტითა და ზიზღით სავსე ვარ,უბრალოდ ერთი განსხვავებით-ბაბუა მენატრება...როგორ მენატრება...ეს სამი დღე და წარმომიდგენია დანარჩენი დღეების მუქი შეფერილობა. რა უსამართლოა ყველაფერი... ხალხი მოდის და მიდის, მე ცრემლებს მითვლიან...როგორ მძულს... საერთოდ რთულია რამე დაწერო-როცა გვერდით ოთახში მიცვალებული წევს. ჩემს მოთხრობას 18 დღე ჰქვია. ჩემი გეგმაც ასეთი იყო, ვყოფილიყავი სიხარულითა და მიღწევებით აღსავსე. ვყოფილიყავი...როგორ ვთქვა... უფრო მეტად სიცოცხლეზე შეყვარებული. ეს ყველაფერი კი,ამ დღეებში... რატომ თვრამეტი დღე?აბა რა ვიცი... განა ყველაფერი იცით,რასაც წერთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.