შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შეყვარება


19-01-2016, 15:35
ნანახია 1 964

ტანზე შავ კაბას დაუდევრად აფრიალებდა და სახეში ეშხეფებოდა ფეხების არომატი. ოდნავ მოთენთილი მიმჯდარიყო საბეჭდ დაზგას და დაღლილი მზერით ისრუტავდა ოთახში გაბნეულ სიცარიელეს. მშვიდი ხალხი, მოფუსფუსე, და ის, მის შავ კაბას გასცქეროდა და ნერწყვებს პირის ჯურღმულებში ანცად ათამაშებდა, თან ხელებს ნერვულად ეფერებოდა. ტანზე აალებული აუცახცახდა გარეგანი შეგრძნებები და თვალები გაუოფლიანდა. საოცარი ქალი იყო, ფიქრობდა რომ მზის ბაღში კვირტებად აფეთქებული შემოდგომის ქალწული იმზირებოდა ცისფერი თვალებიდან და ზღვის კალაპოტს უგავდა ლურჯი ბურთები. შავი თმა ჩამოშლოდა ნაწნავებად მხრებზე, იჯდა მისთვის, არავის აქცევდა ყურადღებას, არც მას, არც იმას, და არც სხვას. 3 საათი ხდებოდა და ისარს ნაბიჯები უკვე დათვლილი ჰქონდა, რომ ქალმა შემოხედა, ოდნავ დააბნია, სიწითლე დაიტია მისმა რძისფერმა სახემ და კვლავ გარინდული უცქერდა უცნობ წერტილს.

საქმე არაფერი მაქვს, დღეს რაღაც ბინძური დღეა, თითქოს ქალაქში მაზუთის ტბებმა ამოხეთქაო და ისედაც სულში ბინძურშეპარული ხალხი ახლა სხეულითაც შავფერ ნაგავში ამოიგანგლაო. ქალს ვხედავ, მომწონს, ზეცის ტანი აქვს და წვიმებად დავლილი ჭორფლები ცეცხლს უგიზგიზებს თეთრ სახეზე. თლილ თითებში ლურჯმა ვენებმა წამართვეს გონება და წამსვე მის ღვთიურ თითებს ვგრძნობდი ჩემს მხრებზე. ასეთი რამ იშვიათია, იშვიათად მრევს ხელს მაგნიტური ტალღები და ჩემს გარსში მიზიდულობის ყოველგვარ კანონს ვისპობ. დღეს 10 ივლისია, მუშა ჭიანჭველა გამოვეშურე ჩემს საბადოში და ვსაქმიანობ. ყველა ნაცნობია, მათი ღიმილი და თვალები უკვე ისე კარგად დავიმახსოვრე რომ გულის რევის შეგრძნებაც აღარ მაქვს მათ დანახვაზე. აი, ის კი შველია პირდაპირ, ტყის საშოდან დაბადებული ჯადოსნური არსება. პირველად ვხედავ, პირველად და უკანასკნელად, ვსიო, გადავწყვიტე, ის უნდა გავიცნო. ეს კუზიანი ბებერიც წამომადგა თავს, დღიურის წერას ვწყვეტ, ისევ მუშა მწერი ვხდები.

ქალი, მას ოფელია ერქვა, უფროს ბუღალტრად მოეწყო პრესის რედაქციაში და პირველი დღე იყო მისთვის, მეტიც, ისიც გრძნობდა ვიღაც უცნობის დაჟინებულ მზერას და მაინც, მისი მორცხვი ჰორმონები, მიუხედავად შინაგანი გახსნილობისა ვერ უძლებდნენ შმაგ მზერას და იფერფლებოდნენ ვით აგვისტოს მცხუნვარე მზის ქვეშ მოხვედრილი ყვავილთა ფურცლები. წამებში მისკენ გაქცეული მზერა ვერ იჭერდა მის ფიზიონომიას და მეორედ გახედვისა ეშინოდა.

ვგრძნობ მიყურებენ. ვერ ვიტან როდესაც ასე ხდება. მიმზერენ და მეც თითქოს გაშიშვლებული ხე ვიყო და ირგვლივ შემოჯარული მსუყე ბუჩქები დამცინოდნენ.
10.10.2012. დღეს ჩემი პირველი დღეა. იქნებ გამიმართლოს და მჩქეფარ დროებას ავუდგა მეც ფეხი, იქნებ ჩემთვისაც ცახცახებს ცაზე ვარსკვლავი, იქნებ მეც მომელის ბედნიერი წამები. მთავარი რედაქტორი კარგი კაცია, მამასავით მეპყრობა, იმედია შევეწყობი აქ ყველას, ოღონდ ის შეწყვეტდეს მზერას.

მაგრამ ის მზერას არ წყვეტდა. გონებაში ყოველ ქალღმერთს ადარებდა ამ მართლაც რომ ღვთიურ ქალს და ათასგვარ აღვირახსნილ ღრეობას ეწაფებოდა მასთან ერთად, თუმცა თავს ვერ დავდებ, იქნებ ის მართლაც იყო გამორჩეული და მისი აზრების გამოცნობა მე ცოდვილს არ შემეძლო. თუმცა ენას პირში ათამაშებდა და უშველებ პითონს მოჰგავდა მისი სველი სხეულის ნაწილის პირის ღრუში გამოკეტილს. ვერცხლისფერ თვალებში ჟინი დავანებულიყო და გახელებული სუნთქვა მეც კი მეხებოდა, ქალს წარმომიდგენია. საოცარი რამ არის ზოგადად სუნთქვა, მითუმეტეს გამალებული, აი, წარმოიდგინეთ, ვნებიანი სუნთქვა არომატად ქცეულ ისრებს ჰგავს, გიშენენ და გრძნობ მხოლოდ სასიამოვნო მოლამუნებას და დაძაბუნებას ტანში გაცრილი ჰაერის უხილავი ისრების ნაწილაკებით განცდილის. დინო უკვე სამი წელია რედაქციაში ასოთამწყობად მუშაობდა და სამი წელია ყოველდღე წყევლიდა მის თავს, თუმცა ყოველი თვის ბოლოს ხელფას ელოდებოდა დიდის მოლოდინით, რათა ლოგინად ჩავარდნილ დედისთვის გული ეამებინა. მშობელი უკვე სამი წელი იყო რაც მძიმედ ავადმყოფობდა, თუმცა დინო ერთგული და მოსიყვარულე შვილი იყო, ერთ სამდურავს არ უშვებდა პირიდან და დედამისს აღმერთებდა. სამი ცოლი ჰყავდა როგორც ამბობენ და დროის მცირე პერიოდში ყველას გაშორდაო, იქნებ მისი ნერვების და გამო, რაიცი, რას გაიგებ ამ ცხოვრებაზე გულაცრუებული ხალხის ამბავს. ხოდა თვალი დაადგა ახლა ოფელიას, რომ სცოდნოდა მისი სახელი იქნებ არც მონდომებოდა ცქერა, მაგრამ ბედის უხილავ ღმერთებს წინ აბა ვინ აღუდგება, ხოდა ვირტუალური თავი ედო ვირტუალურ კალთაში და გამეტებით ლოშნიდა ქალს, თან ნერწვებს რბილად ყლაპავდა რაც მთავარია.

დღეს დილით დედა კარგად იყო. მის ჩონჩხად ქცეულ ტანს თითქოს მღრღნელები დასევიან და ღრნიანო, მეც ყოველ ღამე მესმის მისი ძვლების ხრა და ცრემლებს ჰაერივით ვიკავებ. ზოგადად ძალიან რომანტიული ვარ, აი, წარმოვიდგენ, მთვარეს მზის მიერ შეკერილი ვარკვლავისფერი კაბა აცვია და სცენაზე მარტო ვართ, მე და მთვარე. სახე ბროლის ღაწვებს უგავს, ხოდა ირთვება ტანგო.
– მოდი მთვარე, მოდი ვიცეკვოთ უშენოდ დაღამებამდე.
– მოვალ დინო, ბინდში გავახვევ არეს და დილამდე დავდნები შენს მკლავებში. ხოდა ირთვება მუსიკა, მთვარე ჩემს მკლავებშია და მისი ატმოსფერო მესმის ტუჩებზე, მისი მსუბუქი ჰაერი ყურში მიწივის მეთანის შხეფებივით,ცივია, ვათბობ ჩემი სხეულით და ისიც თრთის ცეკვისგან დაღლილი.
– დინო მე შენთვის ვანათებ მხოლოდ.
– ვიცი მთვარე, შენი ჩაქცეული ზედაპირი მხოლოდ ჩემთვის იბურცება და იზნიქება მხოლოდ. ტანგოს ხმა სულში დამიხტის და მისი გლუვი ზედაპირი სარკე მგონია. მზესთან ვერ ვცეკვავ, მწვავს, მაგრამ...
– შენ მზეზე ფიქრობ დინო? ჩემთან ხარ და მასზე? ჰოდა შავფერ ღამეში იცეკვე თეთრ ბურთთან და მე ჩაგიქრობთ სცენას. გაბრაზდა მთვარე, მე კი წელში ვხვევ თათებს.
– არა საყვარელო, მე შენი ვარ მხოლოდ.
ხოდა ის შავკაბიანი მინდა იყოს ახლა მთვარე. მორჩა და გათავდა. ისევ საქმე, ცოტა ხნით ვანებებ დღიურს თავს და კვლავ ვბეჭდავ გარინდული ჭიასავით.

თვალები როცა თვალებს ეხეთქება ძლიერად და ქაფის შხეფები ამღვრევს მზერას მაშინ გგონია რომ ამ საგანს ხშირად ხედავ. ხოდა ასე ეგონათ ამ უჰაერო ოთახში დინოს და ოფელიასო ვიტყოდი მაგრამ შველივით ქალი კვლავ უჩინარ ფსკერზე გარინდულიყო და თვლემდა თვალებგახელილი. მეც კი გამიყინა სხეულში რეფლექსური შეგრძნებები, მაგრამ დინო ჯიუტია, თუ ვინმეს ამოიჩემებს ვერ შეეცილები, უმალ ცოცხლად გეცემა და გაგატყავებს, თან კანს მზის თოკზე ჩემოკიდებს გასაშრობად. ამიტომ ოფელიას მზერისგან თავს ვიკავებ, მხოლოდ აზრებს გადმოვცემ, სურვილებს აზრებშივე ვახრჩობ.

2 საათიც გავიდა. უფროს გამოვემშვიდობე, ახლა კი წავალ. მზისფერი თოლიასავით გავფრინდები შინ და მდინარის ორთქლზე დავისუსხები. ზეცას ვარღვევ, მინდა ავაფეთქო ცა და ცა გაწვიმდეს და წვიმა გადაეკრას ზენაარს. რა სულელი ბავშვი ვარ... ამ კაცის მზერა სხეულში მიჯდება უკვე, მისი უწყვეტი ნაკადი ვალსს ჰგავს. აი, ხაზები რომ იჭიმება და დადუმებული ბგერები რომ ცეკვავენ თავაწყვეტილი. რომანტიულო სულელო. ყოველთვის დავცინი ჩემს თავს. აი, პირველი დღეც დამთავრდა. დღიურო, დაღამებამდე გემშვიდობები...
ოფელიამ ფრთხილად მოიგდო შიშველ ყელზე პალტო და გაისწორა, მდგარი ათენა იყო თითქოს და ოლომპოს მთებზე გადმომდგარიყო მთელი მისი სიმშვენიერით. დინო კიდევ უფრო გახელდა, ხედავდა როგორ მიდიოდა, ის კი ნოემბრის უკანასკნელი სხივივით იშრიტებოდა ერთ ადგილზე გაქვავებული. თუმცა ბედმა გაუღო დახურული კარები და სამუშაო საათებიც დამთავრდა. სწრაფად ჩაალაგა ყველაფერი და გამოედევნა ქალს.
ფეხებს აკვირდებოდა უკნიდან, დაბრეცილი ხომ არ ჰქონდა ალბათ, ან კიდევ უფრო გარყვნილი აზრი ჩქეფდა მასში, მაგრამ რახან დინო კარგი ადამიანია ვიფიქრებ, რომ ქალს ფეხებზე მხოლოდ ნათელი და უმწიკვლო მზერით ჩაშტერებოდა, ფრთხილად წამოეწია ოფელიას და დაშაქრული ხმით წამოიწყო.
– მთვარე ჩაესვენა უკვე ქალბატონო, მეც მეწყვილე აღარ მყავს, ზეცა კი მის მეტს არავის მიგზავნის, თუმცა ჰოი საოცრებავ, გავახილე დღეს თვალები და პირდაპირ ვარსკვლავი ქცეულა ქალად, ჰოდა ზეცას ნუ გავანაწყენებთ. ქალს ჩაეცინა ოდნავ, რაც ჩვენს რომანტიკოსს არ გამოპარვია.
– ჰოდა კვლავ ზეცას ვუბრუნდები ვარკვლავად, აი, ღამდება ბატონო. არ ელოდა დინო ასეთ პასუხს და დაიბნა, მაგრამ ის ხომ მარჯვე ოსტატი იყო მისი საქმისა.
– მერე ჩვენ ხომ ფუნჯები თან გვაქვს, გადავღებოთ ცა და კვლავ დილა ავანთოთ კაბადონზე, მხოლოდ მე და თქვენ, სხვებმა კი ღამეში იარონ. აი, ეს გზა პირდაპირ ზეცის ბილიკს უერთდება, ჰოდა ნუ შევჩერდებით, მე მიგაცილებთ ცამდე და დავტკბები თქვენი კაშკაშით...
ოფელიას მოსწონდა ეს უცნაური კაცი, არც დინო იყო ურიგო შესახედი.
– მე აქვე ვცხოვრობ ბატონო, სამწუხაროდ ზეციდან მდგმურად ჩავსახლდი დედამიწაზე, იქნებ სახელი მითხრათ თქვენი, დიდი ხანია მუშაობთ პრესაში?
– დინო მქვია და თქვენ? კი, აქ ვარ ლამის მთელი ცხოვრება...
– მე ოფელია ვარ, ახლა კი აქ შევჩერდეთ, დროებით ბატონი დინო, ხვალამდე.. თქვა ქალმა და ჩაიღიმა ნაზად, თითქოს მიქელანჯელოს მოესწროს ღიმილის აღნუსხვა და ქვად ექციოსო, ჯადოსნური ქმნილება იყო. დინო სახლამდე სულ მასზე ფიქრობდა და სახლში მისული გახელები უამბობდა ლოგინად ჩავარდნილ დედას ოფელიას ამბავს...

მან მე გამიღიმა მთვარევ, შენს ერთგულ რომანტიკოსს გაუმართლა. წარმოიდგინე. შენს ზედაპირზე მოვიქცევ მას ჩემს უხილავ საცეცებში და შენც ამოაფრქვევ იასამნის ლურჯფერ სხივებს, ის კი იკისკისებს და ფერებში სახე აუელვარდება. დედას ვუამბე მასზე, საწყალს ჩემი არცერთი გატაცება არ მიუღია დადებითად, არც ერთი ჩემი ყოფილი მეუღლე, მაგრამ ის მართლაც საოცრებაა. თითქოს ცისარტყელის სხვადასხვა ფერებზე დავხტივართ, მე ვარდი ვარ, ის კი ჩემი წვეთები და ვიორთქლებით ცისარტყელის ყვითელ შუქზე, მწვანეში კი ვარდის ფურცლები მცვივა, ის კი ორთქლდება და სურნელოვანი ჰაერი ხდება, შემდეგ კი ჩვენვე ვიქცევით გრძელ სხივად და მზის წინ შევიკვრებით. ერთი ნახვის სიყვარულის გჯერა მთვარე? მე მჯერა! მჯერა მის სულში ხარობს ჩემი ოცნება და ელოდება როდის მოვუსხამ მოკაშკაშე ჩემი ნერწყვებით ფესვებს და გაიხარებს ჩემზე ფიქრები მასში. ახლა კი ძილში ვიხილო იქნებ, მაგრამ ისეთი ეგოისტი ვარ შემშურდება ვირტუალური ჩემი გარსის, რომელიც ბურანში ყვინთავს უძირო ჭაობში და გამოვაცლი საყრდენს, რომ გამეღვიძოს და არ დავუთმო იგი სიზმრებსაც კი...

ნუთუ ძალუძს ვისმეს მომწყვიტოს უმანკო და ბავშვურ ნერგებს და ყნოსვით დამცალოს ფერებისგან. გამოუცდელ ბავშვს ხომ ყველა აურევს გზებს. მაგრამ როგორი სანდომიანი მზერა, თბილი თვალები, გინდა შეერიო მის მკლავებს და იძინო მშვიდად. როგორ ლაპარაკობს, როგორი სათუთია, მშვიდი ხმა, თვალები, კანი. არასოდეს მიგრძვნია კაცის თვალები ასე ღრმად და არც მე შევუგრძვნივარ ლამის აორთქლებამდე ვინმეს. ვნახოთ რა იქნება, დროა ჩემს ტანშიც აფეთქდეს გაზაფხული და დამცხეს ზაფხულივით, სანამ ზამთარი არ დამსუსხავს და მკლავებს არ მოვინატრებ ჩასათბობად. ძილის დროა, ხვალ ჩემი მეორე დღეა. დღეს ოფელია ბედნიერია....

თითქოს რაღაც უხილავი აფეთქდა მათ შორის. ეს იმას ჰგავს. მზერით რომ იწყება, მერე გრძნობით ივსება და კიდევ უფრო ბოლოს ლოგინით მთავრდება, მაგრამ მე ნუ მომისმენთ. დინოს მხარეზე იყავით, ის კარგი ადამიანია, ის ოფელიას გულს არ ატკენს, მაგრამ მე არავინ მიკრძალავს აზრის გამოთქმას. ქალს უყურებ, დიდხანს უყურებ და ხედავ იწვება, ალი ასდის ტანზე, სხეული იწვება და ლპება, შენ კი თვალები უნდა მოაშორო, თორემ ერთიანად დაიფერფლება, მაგრამ ნდომა მისი გახელებს და ამის გამო ნაცრად იფანტება ქალი ჰაერში. სულ ესაა, მეტი არაფერი. ახლა მეორე უკიდურესობა. ქალი გიყურებს, დიდხანს გიყურებს და შენ არ აქცევ ყურადღებას, ის კი იყინება, სხეულში ტემპერატურა 0–ს აღწევს, მაგრამ შენ არ ნაღვლობ ამას, ბოლოს კი მხოლოდ იმისთვის გააპარებ მისკენ თვალებს, რომ გაიგო საბოლოოდ ყინულის მასად გადაიქცა თუ არა. ახლა კი დავუბრუნდეთ გახელებულებს, დღე მეორე დგება, ვნახოთ, დავაკვირდეთ...

დღეს ადრე მოვედი. იმედით რომ ისიც აქ დამხვდებოდა, მაგრამ არა. სიტყვებს ვკინძავ, ასო–ასოდ ვითვლი და ვახარისხებ.ის არ ჩანს, ოთახში კი კვლავ უიმედობა და ყოველდღიურობა იფანტება ფერადი კვამლივით. უფროსის ჩლუნგი სიფათიც არ დამჩხავის თავზე და დრო მაქვს ჩემს თავთან ღრმააზროვანი საუბრებისა. ვახარისხებ გონებაში, ან გონების სპექტაკლზე გამომყავს დიდი თეატრის მსახიობები და ყველას ვუძებნი რაღაც ნაკლსა თუ საიდუმლოს. ზოგს ფრთები აკლია, ზოგიც გიჟია, ზოგსაც მეტისმეტად დიდი აქვს ზურგზე გამოსხმული საფრენი, მაგრამ ფრენის არანაირი სურილი არ გააჩნიათ. როგორ მაღიზიანებს ეს ყველაფერი, გაცლა გინდა, გადაკარგვა, უფსკრულში თავით ჩაშვება, მაგრამ იცი, რომ მანდაც შენნაირები დაგხვდებიან და სულს ამოგხდიან ბრიყვული მზერით. აზრი არაფერს აქვს, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რაღაც ხალისი მაინც მივცეთ შავ ტელევიზორს, რომელშიც ხშირად გაღიმებულებს გვაჩვენებენ, მაგრამ როდესაც კადრი მთავრდება, რომელიმე ცარიელ ოთახს მივაშურებთ და გულის წასვლამდე ვბღავივართ, ლამის საკუთარ ცრემლებშივე ვიხრჩობით. რაც უფრო დიდია ბედნიერება, მით უფრო ნაკლებად შეიგრძნობო მას ამბობენ, ჩემთან კი პირიქითაა, უფრო მეტწილად მიწევს შეგრძნება და თუნდაც უბედურების წვეთები რომ შემომეშხეფოს ერთფეროვან ტანში გიჟივით ღიმილს მაინც არ ვიშორებ და იმ ხის ბუს ვემსგავსები, რომელიც ცდილობს მის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დიდებულად გაიღიმოს. მორჩა დღეს პესიმიზმი უფრო მეტად შემომეყუჟა ტანში და დროა გემოზე ვკრა გემრიელი პანჩური, მაგრამ ოპტიზმიც იმსახურებს ერთ კარგ მუჯლუგუნს. ქალი შავფერ კაბაში სად არის? ცოტა რომანტიზმაც იფეთქოს დროა უკვე ჩემში. უნდა წარმოვიდგინო რაიმე საოცარი. პლანეტების შემოჯარულ გარსში ვეება შავი მიწაა და ურჩხული პლანეტები დაგვჩხავიან თავს, მე კი ოფელიას, ჩემს უკვე ქალღმერთად წოდებულს, მკლავებში ვიქცევ და ვუღიმი, მაგრამ ბოროტი პლანეტები, რომლებიც ქალს არ მითბობენ ქაოსს მესვრიან სხივებში აზელილს. მეც შეშლილ ბირთვებს თიხის მხრებს ვუჩვენებ და მათი ენერგია სხეულში ნაწილაკებად მეღვრება, ოფელიას კი ახელებს ჩემი მამაცი ხასიათი და ბროლის ტუჩებით ჩემს კანზე ხვრეპს სურნელებას. აი, ისიც მოვიდა, დღეს წითელი კაბით შემოსილა, ძოწებში თეთრ პრიმადონას ჰგავს. აი, მიღიმის, მეც თავაზიანად თავს ვუკრავ. უფროსიც შემოჰყვა თან, როგორ მიშლის ეს მსუქანა ბაყაყი ნერვებს, მზად ვარ მუცელში ჩავუხტე უშველებელი ნემსით ხელში და დავჩხვლიტო შიგნიდან. კვლავ ნეხვის გროვასავით შეგროვებულ დავთრებს ვწვდები ხელებით და ცოტა ხანს ჩემ თავთან საუბარს ვანებებ.

მშვენიერი დილა იყო. თითქოს მზე ჩანჩქერად ქცეულიყო და დიოდა ქალაქში. სუნიც ოდნავ მძაღე იდგა, მაგრამ დილის ცვარი ნამთან ერთად ჰაერს ჟღინთავთა და ქალაქში დილით მოსიარულე უმალ ფილტვების ტკივილამდე ჩაიყნოსავდა ჰაერის მხეცივით ჰაერს, და არ ინაღვლებდა ფილტვები რომც დახეთქოდა. ხალხიც აფუსფუსდა, ქალაქში სულ ასე ხდება. აი, წარმოდიგინეთ, დიდი ორმა, ჭიანჭველებით სავსე და ვიღაც უსულო, რომელიც არც კი არსებობს უყიჟინებს მათ რომ ადგნენ და რამე ქნან, თუნდაც უმნიშვნელო, თუნდაც ერთმანეთი დაკლან, გაატყაონ, მთავარია იმოქმედონ, ჰოდა ამ გიჟურ მოქმედებაში ერთვებოდა ყველა. დინომ თავადაც აღნიშნა, რომ ადრიანად მისულიყო სამსახურში, ნუ მას ეგონა რომ ეძინა, მაგრამ გუშინ მხოლოდ სიზმრები ესიზმრებოდა, ძილი კი პირველ ნახვის მოგონებას ვერ გადაახტებოდა და შესაბამისად ფიქრმა დააბა საწოლზე ეს თავაწყვეტილი ზმანება და თავად გახდა ფიქრები ძილის ორმო. ოფელია წითელ გარსში ჩაძირული მიუყვებოდა რედაქციამდე ვიქრო ქუჩას და კვლავ იმ უცხო კაცზე ფიქრობდა. მონუსხულიყო ჩვენი შველივით ქალღმერთი და ტანში ბორცვებად ემჩნეოდა სიწითლე. ასეთი სიწითლეები ქალებს ხშირად სჩვევიათ. ჯერ წითლდებიან, მერე, ლურჯდებიან, მერე ვარდისფერნი ხდებიან შიგადაშიგ შავფერი ზოლებით, მერე ცივდებიან და მწვანე ფერიც უდგებათ ცეცხლისფერ თვალებში, ბოლოს კი უფერულისფრად გადაიქცევიან და სიცარიელე ცრით ტანში. როცა დინოს მოკრა თვალი გაუღიმა და მის მშვენიერ მაგიდას მიუჯდა, თან საქმეში ერთიანად თავით ჩაეფლო, თუმცა შიგადაშიგ თავის ერთგულ ფურცლებთანაც განმარტოვდებოდა ხოლმე.

დღე მეორე, დღეს ცოტა დამღლელია, მაგრამ არაუშავს, შევეჩვევი. ბავშობიდან მარტო ვარ და ახლა უკვე შევეჩვიე მარტოობასთან ჯვარდაწერილი ჩემი თავის მე თვითონვე თრევას. ხო, მხოლოდ ერთი კაცი იყო ჩემს ცხოვრებაში და მას სიმარტოვე ერქვა, ოდნავ მაღალი იყო, და ოქროსფერი თვალები ჰქონდა. სულ მეუბნებოდა , თვალებში ჩაგისვამ და ხელს არ გამოვისვამო და მეც სულელი ვუჯერებდი, მის აალებულ გუგებში ვიჯექი საათობით და ბოლოს თვალები რომ აუცრემლიანდებოდა ცრემლებად ვიღვრებოდი. მიყვარდა როდესაც მის გიჟურ ფიგურას ჩემი ნაზი თითებით ვეფერებოდი და მის არსს ორმაგად უფრო ახლოს შევიგრძნობდი. მარტოობა სუნთქავს, მარტოობას უხარია, მარტოობა მარტო არასოდეს არ უნდა დამეტოვებინა, თორე წამსვე ვიღაცად იქცეოდა და მღალატობდა. სახლში როდესაც ვბრუნდები ტანზე მაკვირდება და ჩემს ცვლილებებს უფერულ სხეულში ლაქებად იმჩნევს, მე კი ვუღიმი და მის სიხარულის იარებით სავსე სახეს თვალებს არ ვაშორებ. ოფელია მარტო არასოდესაა, ოფელი რომ მარტოა და მხოლოდ ამ ცარიელ გარსთანაა ამიტომააა სამუდამოდ მასზე ჯვარდაწერილი, ის ჩემი საკუთრებაა, ჩემი უხილავი თუ ხილული სულიერი მდგომარეობაა მუდამ ერთ პოზაში გაყინული საათის ისრებივით. ახლა კი ნუთუ ეს წიგნის გმირად ქცეული დო ჟუანი ეცილება მას, ოფელია ხომ მარტო არასოდესაა, რადგან ის სულ მარტოა.

სამმა დაჰკრა საათმა და ლამის კედელზე ურცხვად გაშეშებული საათი ჩამოვარდა ქვევით. ლანჩის დრო იყო, ან მცირე შესვენება, როგორც თქვენ გსურთ ისე დაარქვით, უმოქმედობა ჩემი საქმე არ არის და თქვენ როგორც გინდათ ისე წარმოიდგინეთ, მე მხოლოდ არსებულზე და ამ არსებულის მოქმედებად ქცეულ საგნებზე გესაუბრებით. დინო მიესალმა ქალს და თამამად უთხრა...
– დღეს რა მშვენიერი ხართ, მადლობა ზეცას რომ ყოველდღე გაბრწყინებთ, თავს როგორ გრძნობთ?
ქალი კლავ ღიმილმა დასუდრა და მორცხვად, აკანკალებული ხმით დაიწყო.
– როგორც სამსახურში მეორედ მოსული ისე ვგრძნობ თავს, თქვენ ჩემო ბატონო?
– არ გვინდა ბატონოები, ეს სიტყვები მანკიერი საზოგადოების თვალდახშული ნიღბებია(ამ ფრაზამ განსაკუთრებით მონუსხა ქალი, რადგან მასაც სძაგდა ეს უფორმო ხალხი, ვითომ ნაღები საზოგადოებისა) დინო დამიძახეთ, უბრალოდ დინო. შესვენებაა ახლა, რას აპირებთ, სადმე ხომ არ გაგვესეირნა?
– დიდი სიამოვნებით დინო, რატომაც არა, ასე უფრო კარგად გაგიცნობდით.
დინო მიჩვეული იყო ქალებთან ამ სიადვილეს და არც გაჰკვირვებია, პასუხიც მომზადებული ჰქონდა. ბარი ,,სან ლოშე’’ მანდ გაიცნო მისი სამივე აწ უკვე ყოფილი მეუღლე, და რა ბედის ირონიაა, ქალსაც იქ წაიყვანდა. ქალიც დათანხმდა საუზმეს ამ მშვიდ რესტორანში და მცხუნვარე მზით გადაკიდებულ ქუჩამს ნელი მოძრაობით გაუყვნენ...

– როგორ ფიქრობთ ოფელია, აი, ამ ჩაიში რომ შაქრის ფიტული საცოდავად ლღვება, შეყვარებულ ადამიანსაც ასე ემართება?
– გააჩნია რაში იძირება, თუ ეს სიღრმე შავია მაშინ უბრალოდ სიცარიელედ იქცევა, აი, თქვენი თვალებივით მუქი ხდება და ეგ არის, მე ასე ვფიქრობ.საოცარი კითხვა იყო პირდაპირ, მგონი ჩვენი ჯენტლმენი დინო პირდაპირ საქმეზე გადადიოდა, და მალე სახლშიც დაპატიჟებდა, მაგრამ დინო თქვენ სხვა ვინმეში არ აგერიოთ, მას სახლში დედა ჰყავდა, მძიმედ ავადმყოფი და თვითონაც ერთგული შვილი იყო და რომც უკანასკნელი კაცი ყოფილიყო ამ ქვეყანაზე მშობლისადმი ეს სიყვარული უსაშველო კვარცხლბეკზე ატყორცნიდა.
– რას საქმიანობთ სხვას ოფელია? რითი ხართ დაკავებული?
– ვხატავ შიგადაშიგ, როცა ვიღლები მაშინ კი დღიური მაქვს სადაც ყველაფერს ავღწერ. დინოს გაუკვირდა, მას მხოლოდ მისი თავი ეგონა ასეთი (სასიამოვნოდ გაუკვირდა).
– რას ხატავთ თუ საიდუმლო არ არის?
– ყველაფერს, ფერებს, ტყეებს, მთებს, ღმერთებს, ყველაფერს ადამიანების გარდა.
– და ჩვენ რა დავაშავეთ? ხუმრობით, როხროხა ხმით შესჩივლა დინომ.
– ადამიანი ყოველთვის აფუჭებს ტილოს. თვით ის უფაქიზესი ნაწილიც, რომელსაც თვალები ჰქვია ტილოზე მხოლოდ სიცარიელეა, ადამიანი სიცარიელით რყვნის ყველაფერს, ტილოს კი ფორმა აქვს, სავსეა, აი, წარმოიდგინეთ სიცარიელე რომ სისავსეში ივანებს და რა ხდება ამ დროს? ან ერთი უნდა იქცეს მეორედ ან მეორე პირველად. ეს არის და ეს.
– საინტერესოა. კიდევ მიამბეთ რაიმე თქვენზე. ასე უფრო მეტად ჩავწდები თქვენს ვნებებსა თუ ზრახვებს.(თან ეშმაკურად იღიმებოდა)
– მთელი ცხოვრება მარტო ვარ, არავინ არ მყავს. მორჩა და გათავდა, მეტს ნუ ჩავუღრმავდებით. ფაქიზ თემებს ძლიერ შეხება მტკივნეულ მოგონებებად აქცევს ხოლმე. თქვენზე მიამბეთ რამე, ყურადღებით მოგისმენთ. თქვა და მოსვა ჩაი, თან სითხის ლაქები ზედა ტუჩზე დააჩნდა და დინოს კიდევ უფრო წამოესხა სხეულში ჰორმონები.
– უიღბლო კაცი ვარო მეთქმის სიყვარულში, სამჯერ დავშორდი და შევიყვარე, მაგრამ გამიმართლა რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი ქალი მყავს გვერდით. დედაჩემს ვგულისხმობ. მისთვის მემატება ძალა და სიშმაგე ცხოვრებისა, თორემ შეიძლება ვერც გამეძლო ამ ხმაურში და მისუსტებული ბგერებივით პიანინოს კლავიშებზე დამელია სული.
რახან ჩვენი ოფელია მშობლის ალერსს მოკლებული იყო, ამ სიტყვებმა რაღაცნაირად გული აუჩუყა და თვალებში სასოწარკვეთილი სიხარული გამოესახა. (ეს დინომაც იგრძნო).
– თუ ზედმეტ სითამამეში არ ჩამომართმევთ ხვალ რახან ვისვენებთ ჩემთან გეპატიჟებით, აქვე ვცხოვრობ, დედაჩემს დიდად გაახარებდა თქვენი ხილვა, გუშინ ვესაუბრე ჩვენი რედაქციის ზეციდან მოწყვეტილ ანგელოზზე. გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ ზედმეტ სითამამეში არ ჩამომართვათ ჩემი ეს პატიჟი.
– არა, რას ბრძანებთ, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი დედათქვენს, ალბათ ისიც თქვენსავით თბილი და თავაზიანი ადამიანია, სხვანაირად ხომ შეუძლებელია.
დინო ელოდა კიდეც ქალის თანხმობას და კმაყოფილი მზერით დრო და მისამართი უთხრა ქალს. თან გრძნობდა, რომ ეს ქალი მართლაც მისთვის იყო შექმნილი.
– და სამი ქალი მყავდაო, თუ საიდუმლო არ არის რატომ დაშორდით სამივეს, იქნებ თქვენი ბრალი იყო რაიმე?
– უბრალოდ არ გამიმართლა ოფელია, ეს იყო და ეს. დანარჩენს ხვალ გეტყვით, ახლა კი შესვენებაც მთავრდება, დროა სამსახურისკენ გავწიოთ...


ცხოვრების ბედნიერ წუთებს თავად ვპარავთ დროს, დღეს მეც ქურდი ვარ და დროც მიმზერს მახინჯი სახით. რატომღაც უბედობა ახარებს ჩემი, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია, მეც უნდა გავუსწრო დროს და უნდა გავიქრო ის ჩემს გარშემო ცოტა ხნით მაინც. ხვალ ის ჩემთან მოვა, არა, როგორი რომანტიკოსის სისხლი მიჩქეფს, მგონი უკვე მიყვარს კიდეც ოფელია. საოცარია პირდაპირ, ერთი ნახვით სიძულვილის მჯერა, რადგან სიძულვილის უფრო მეტი მიზეზი გაქვს ვიდრე სიყვარულის. ერთი ნახვით ცინიზმის უფრო დიდი შეგრძნება გეუფლება ვიდრე სითბოსი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვარ. ცას ვაკვირდები და თითქოს მეც მანდ ვკიდივარ ძველი გახუნებული ჭაღივით და ფიქრი მწერივით თავს არ მანებებს და ჩემს სინათლესთან დაფარფატებს. რომანტიკული ტალღები მეხეთქებიან ცივ ტანში და ზამთრის თეთრი მტრედები დაფრინავენ თავს ზევით, თან გალობენ. ტალღა მახეთქებს ოცნებების ნაპირთან, იმედების ლოდებთან, სიყვარულის შავ კლდესთან, გონება მებინდება და თავგზაარეული ვიძირები ამ ლურჯ ფსკერზე. დინო შეყვარებულია. დინოს ორ დღეში შეუყვარდა. დინო ღმერთია, რომელიც ვარსკვლავად ქცეულ ქალს ქეჩოში ჩააფრინდება და უღრიალებს რომ მას უნდა დაემონოს. დინო და მრავალწერტილი....

სახლში მოსული ჩვენი გმირი ჯერ დედას ესაუბრა, რომელიც ძლივს აღნავლებდა სიტყვებს. საოცარია დედა შვილური გრძნობა. დედა ემოციაა, შვილი კი ამ ემოციისგან წარმოქმნილი რაღაც უხეში ნარევი შეგრძნებებისა, რომელსაც თავად ეს ემოციები აძლევენ ფორმას. მოუყვა თუ როგორ ისაუბრა ოფელიასთან, და რომ ხვალ მასთან მოიყვანდა და გააცნობდა, დედაც გახარებული იყო შვილის თვალებში სიხარულს რომ ლანდავდა.

ოდნავ ნისლი ეხეთქობოდა ასფალტს და გზის სუნი ერეოდა ქარბუქის ოდნავ შრიალს. ცოტა ციოდა. დინო კი ელოდებოდა ოფელიას სახლის წინ, თან მიელაგებინა ყველაფერი, დედაც საგანგებოდ ემზადებოდა და როგორ არც მე ვიცი, მაგრამ მოეხერხებინა და წამომდგარი ფუსფუსებდა ისე, როგორც ავადმყოფებს სჩვევიათ საქმის გაკეთება. ოდნავ გათბა და კარის ზღურბლს გადმოსცდა ქალთან ერთად დინო. დედა როცა ეს მართლაც ქალღმერთის დარი ქალი ნახა სახე სიამოვნებისგან გაებადრა და შვილს კმაყოფილი მზერით გადახედა. თან აცხობდა ფუნთუშებს, რომელსაც მეც სიამოვნებით შევჭამდი რაღა დაგიმალოთ და.

– გამარჯობათ ქალბატონო, გუშინ მიყვებოდა თქვენზე დინო, დიდი პატივია ჩემთვის თქვენი გაცნობა, მინდა გითხრათ რომ საოცრად თავაზიანი შვილი გყავთ. თან პალტო გაიხადა სწრაფი მოძრაობით და დინოს შეაჩეჩა.
– მადლობა შვილო, მართლაც ანგელოზი მიცქერს თქვენი ბაგედან, დინო მართალი ყოფილა, იმედია კარგად გაუგეთ ერთმანეთს.
– დიახ... თქვა და დაიმორცხვა ოფელიამ, საოცარი სიწითლე, პირდაპირ გულის წამსვლელი.
– მოგეხმარებით მეც ქალბატონო. ( ამ სიტყვებმა დინო კიდევ უფრო მონუსხა, მართლაც უნაკლო ქალი იყო ოფელია).
– არა შვილო მადლობა. დინო მიდი გოგოს სახლი დაათვალიერებინე, მე კი ამასობაში მოვრჩები კიდეც ცხობას და მაგიდასაც გავაწყობთ.
დინო ეზოში მიუყვებოდა ოფელიას და უხსნიდა ამ სახლის ყოველ არეს.
ლამაზი და დიდი ეზო ჰქონდა მათ სახლს. ქალს ეტყობოდა რომ ბედნიერი იყო და ამას კაციც ამჩნევდა მაგრამ ამ სიხარულის მიზეზს მეც ვერ ვხდები. ალბათ ამ სიმყუდროვეს და სითბოს მონატრებული ქალისთვის ასეთი ოჯახური კერა უცხო რამ იყო. სახლის უკან ერთ პატარა ფარდულს მიადგნენ და შიგნით შევიდნენ. ბნელი ოთახი იყო, მშვიდი, დინომ თხოვა ოფელიას მოიცადეო და ცოტა ხნით გავიდა გარეთ, ოფელია კი სარკმლიდან გაჰყურებდა ეზოს. უცებ კარი დაიკეტა, ქალს ეუცნაურა და კაცს გასძახა, მაგრამ ყველაფერი დუმდა. ოთახში სარკმელიც ჩამობნელდა, ეს უკვე თამაში აღარ იყო...
– დინო, დინო, გეყოს, მეშინია სიბნელის, სად ხარ? ოთახში რაღაც მოძრაობდა, ქალს ის ეგონა და ემუქრებოდა ასე ნუ ხუმრობო, მაგრამ რამდენიმე თვალი აელვარდა, თან ქშინვა ისმოდა მისუსტებული. ძლივს შემოღწეული სინათლე მხოლოდ საგნებს აელვარებდა, ოფელიამ იგრძნო, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს და კარებს მივარდა, მუშტს უშენდა და ბღაოდა, კიოდა, სიბნელის ბავშვობიდან ეშინოდა, ალბათ იმიტომაც, რომ ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი, მაგრამ არავინ ხმას არ სცემდა, ამ დროს კი უკნიდან ეცა რაღაც და ძირს მოადინა ბრახვანი ქალმა. მძაფრი სუნი სცემდა ცხვირში, ეს ღორების ჯაგრის სურნელი იყო. დინგი ჩაასო ბარძაყებში ერთ–ერთმა მხეცმა და ქალმაც შეჰკივლა ერთი, სისხლი გადმოსკდა მისი თლილი ფეხებიდან და ღორს დინგი სულ მოუთხვარა. ერთი თმებში ჩააფრინდა, ქალი კი სულ უფრო სულის გამყინავად ბღაოდა. ტიროდა ოფელია, ცრემლები ხის იატაკს ჟღინთავდნენ, ორი ღორი კი მის ამობურცულ მკერდს ჩააფრინდა და ჯიჯგნა დაუწყო, ერთი საშოს სუნმაც მოხიბლა და ქალს ფეხებს შუა შეუჩნდა, სულ დაჯიჯგნეს საწყალი ქალღმერთი, ანგელოზის დარი. სულ სისხლის ჩანჩქერად გადაიქცა, კრუტუნებდა ოდნავ, რაც მისგან დარჩა ერთიანად მოასუფთავეს დამშეულმა ღორებმა და შიგადაშიგ წაჩხუბდებოდნენ ხოლმე,როცა რომელიმე სხეულის გემრიელ ნაწილს ჩააფრინდებოდნენ და ვერ გაიყოფდნენ. ოფელიასგან მხოლოდ სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმლის ჩვრები დარჩენილიყო, იგი ღორებს გაეყოთ და მათ სტომაქში მოთავსებულიყო ეს ღვთიური ქმნილება. დინომ შემოაღო კარები, ხის უშველებელი ჯოხით მიმოფანტა დანაყრებული ღორები და ფარდული მოასუფთავა, სისხლიანი ნაჭრები კი სახლის უკან დაწვა, ხის კარები მაგრად ჩაკეტა და სტვენა–სტვენით შემოვიდა ოთახში სადაც დედა ელოდა.
– რა ქენი საყვარელო?
– დავანაყრე დედა ჩვენი გოჭუნები, არ იდარდო.
– მოდი მოუჯექი მაგიდას, დააგემოვნე ჩემი გემრიელი ფუნთუშები. თან გემრიელად უღიმოდა მის საყვარელ შვილს, დინო კი მიუხლოვდა და მაგრად ჩაიკრა გულში მისი საყვარელი მოხუცი დედიკო...
მეორე დღეს კი სტატია უკვე მიეტანა დასაბეჭდად, სადაც ოთხ გაუჩინარებულ ქალზე იყო საუბარი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent