ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (2)
დილით მაგდამ გამაღვიძა. მალე ცხრა საათი შესრულდება და ადექი,სამსახურში არ დაგაგვიანდესო. ზლაზვნით წამოვდექი. ოთხი საათი მეძინა და საშინლად დაღლილი ვიყავი. იმ დღეს როგორ უნდა მემუშავა არ ვიცი. აბაზანაში შევედი,თავი მოვიწესრიგე,წამოღებული ტანსაცმელიდან ის ავარჩიე,რომელშიც უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს და ჩემი ზურგჩანთიანად ჩავედი დაბლა. გადავწყვიტე ყავა მაინც დამელია. იქნებ ცოტა გამომაფხიზლოს-მეთქი,ვიფიქრე. ჩაიდანი ჩავრთე და კარადიდან ყავა გამოვიღე. ამ დროს დავინახე,როგორ ჩამოდიოდა კიბეებიდან „მისტერ უჟმურობა“. ისეთი სახე აქვს,თითქოს რამე ვალი მაქვს მისი. -დილამშვიდობის. -მივესალმე გულგრილად. -თავი ხომ არ გტკივა? -არა,გამაყუჩებელი დავლიე გუშინ,როგორც მითხარი. -ანუ ტვინის შერყევა არ გაქვს,ძალიან კარგი. -მართლა გამეხარდა. მიუხედავად იმისა,რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი,სინდისი მაინც მაწუხებდა. -ყავას ხომ არ დალევ? -ჩაი თუ შეიძლება. -მითხრა ჩვეული უჟმური გამომეტყველებით. მისთვის ჩაი და ჩემთვის ყავა მოვიმზადე,ჩქარ-ჩქარა დავლიე და საათს დავაკვირდი. როგორც ჩანს,ბიჭები გაღვიძებას არ აპირებენ. -სადმე გეჩქარება? -ისე მკითხა ჩემთვის არც შემოუხედავს. სურვილი გამიჩნდა დარჩენილი ყავა მისთვის სახეში შემესხა,მაგრამ თავი შევიკავე. -ჰო,სამსახურში ვარ წასასვლელი. -სად მუშაობ? -საავადმყოფოში,მედდად. -ხალხს ეხმარები თუ ტაფით თავებს უტეხავ? -ოდნავ ღიმილი შეეპარა. ღმერთო ამას რას მოვესწარი! -შენ წარმოიდგინე და ვეხმარები,მაგრამ ეგეც შემიძლია. -ვუთხარი ირონიულად და ტელეფონი ავიღე. -სად რეკავ? რა თავხედია. რა ამის საქმეა სად ვრეკავ?! -ტაქსს გამოვიძახებ და წავალ,თორემ დამაგვიანდება. -ვუთხარი გაღიზიანებული ტონით და ნომერი ავკრიფე. -თბილისში ვაპირებ წასვლას და წაგიყვან. -ისე სხვათა შორის მითხრა,ჩაი მოსვა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა. -არა,გმადლობ! -სამსახური რომელზე გეწყება? -დღეს თერთმეტზე,მაგრამ ზოგადად ცხრაზე ხოლმე. -ჰო! -წარბები კმაყოფილმა აზიდა. -ახლა ათის ნახევარია. გამოძახებას სადღაც ნახევარი საათი ან ორმოცი წუთი დასჭირდება. თოვლია და მანქანები ნელა დადიან. თბილისში კიდევ საცობებია და სამწუხაროდ დაგაგვიანდება. -თვალი ჩამიკრა და ჩაი მოსვა. მართალს მეუბნებოდა,მაგრამ საშინლად არ მინდოდა ამ უჟმურ არსებასთან მგზავრობა. -კარგი,წამოგყვები. -დავთანხმდი,სხვა რა გზა მქონდა. -თანაც შეგამოწმებ,ტვინის შერყევა ან რამე მსგავსი ხომ არ გაქვს. -არ მინდა,კარგად ვარ. გავიდეთ? -ერთი წუთი,მაგდას ვეტყვი. კიბეები სწრაფად ავირბინე. ჩემს დას დავემშვიდობე და დაბლა ისე ჩავედი. ეზოს გავცდით,მაგრამ მისი მანქანა არსად ჩანდა. -მანქანა სად გყავს? -ვკითხე და აქეთ-იქით ყურება დავიწყე. -ქვევით. ცოტა ფეხით სიარული მოგვიწევს. -რატომ? -იმიტომ,რომ მანქანა ქვევით მიყენია. -არა,მაგას არ გეკითხები. -სპეციალურად გაისულელა თავი. -ქვევით რატომ გიყენია? -მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა ბიჭებისთვის და ქვევით დავაყენე,მანქანის ხმა,რომ არ გაეგოთ. -ცოტა წინდახედული,რომ ყოფილიყავი,ახლა მთელი თავით ივლიდი. -ვუპასუხე გაღიზიანებულმა და სიარული განვაგრძე. წამით გაჩერდა,გაბრაზებულმა შემომხედა და მითხრა: -აი,შენ კიდევ,წამით მაინც რომ გქონდეს ჭკუა მაგ თავში,ბიჭებს დაურეკავდი ან მესიჯს მისწერდი და ახლა ნამდვილად მთელი თავით ვივლიდი. ისე გავბრაზდი,სისხლმა ტვინში ამასხა. -შენ თავი ვინ გგონია? -განსაკუთრებუი არავინ,თავგატეხილი ‘ქურდი’. -მითხრა ირონიულად. -თავხედი ხარ! -შენ კიდევ გოგოს გარდა ყველაფერი! -თვალი ჩამიკრა და გასაღები ამოიღო. მისი მანქანაც გამოჩნდა. X5 იყო. არადა,როგორც ვიცი,კაცებს მსუბუქი მანქანები უფრო უყვართ. ალბათ მისი ცოლისაა. თითქმის ნახევარი გზა ხმა არ ამოგვიღია. თბილისამდე სულ რაღაც 10-15 წუთის სავალი დაგვრჩა. უეცრად,გზაზე პატარა კნუტი შევნიშნე. მოკუნტული იწვა და გზიდას გადასვლას არც აპირებდა. გაბრიელს სულაც არ შეემჩნია და არხეინად აგრძელებდა გზას. -ფრთხილად! -დავიკივლე მთელი ხმით. კაცი ისე შეხტა,რომ უცბად დაამუხრუჭა და ლამის თავი საჭეს დაარტყა. -შენ ნორმალური ხარ? რა გაღრიალებს? -იყვირა მოთმინება დაკარგულმა. -გზაზე პატარა კნუტია და რომ არ მეყვირა, გადაუვლიდი. -მერე მაგის თქმა ნორმალურად არ შეგეძლო? ლამის მეორედ გამიტეხე თავი! -გამოსცრა კბილებში. უხმოდ გადავედი მანქანიდან და პატარა კნუტი ხელში ავიყვანე. ცოცხალი იყო,მაგრამ ძალიან ცივი. სუფთა და მოვლილი ჩანდა,ალბათ რომელიმე სახლიდან გამოიქცა და მერე ვეღარ მიაგნო. ისეთი საყვარელი იყო,ძალიან შემეცოდა და მანქანისკნ დავიძარი. -არც იფიქრო,რომ მაგ არსებას მანქანაში ჩაგასმევინებ. -კარგი,რა! ძალიან გთხოვ,სულ გაყინულია,თან არც ბრჭყალები აქვს და ძალიან სუფთაა. გთხოვ რა,გაბრიელ! აქ გაიყინება... -არ არსებობს! -გული არ გაქვს? გეხვეწები,ძალიან გთხოვ! თვალები გადაატრიალა. -სულ ასეთი ჯიუტი ხარ? -იკითხა გაღიზიანებულმა და მანქანა დაქოქა. -დიდი მადლობა! -ვუთხარი ღიმილით და პატარა კნუტი გულზე მივიხუტე. თბილისამდე გზა არც ერთს არ ამოგვიღია. კნუტი გულზე მაყვდა მიხუტებული,რომ გამეთბო. თანაც მეშინოდა,ხელიდან არ დამსხლტომოდა და სავარძელი არ გაეკაწრა თავისი ბრჭყალებით. გაბრიელი მხოლოდ ერთხელ გამომელაპარაკა,რომელ კლინიკაში მიგიყვანოო მკითხა და მას მეტი არაფერი უთქვამს. -ძალიან გთხოვ,ამოდი,რამდენიმე ანალიზს გავაკეთებინებ,შენს კარგად ყოფნაში დავრწმუნდები და გაგიშვებ. ერთი საათის საქმეა. -ვუთხარი,როცა საავადმყოფოსთან მივედით. -არ მინდა,ნინე. -სახელით პირველად მომმართა და ცოტა არ იყოს მეუცნაურა. -კარგად ვარ,თუ დამჭირდება რამე,მოვალ აუცილებლად. -ჩვეული ცივი ხმით მითხრა. -კარგი მაშინ,დიდი მადლობა რომ მომიყვანე. ოდნად გამიღიმა და წავიდა. კნუტისთვის რა უნდა მომეხერხებინა არ ვიცოდი. გამოსაცვლელ ოთახში შევედი და ჩემს მეგობარს-თეას შევეფეთე. -თეა,როგორ ხარ? მორიგე იყავი? -ვკითხე დამტკბარი ხმით. -ჰო და ფეხზე ძლივს ვდგავარ. ერთი პაციენტი იყო,მთელი ღამე გული ერეოდა,ლამის გამაგიჟა. ერთი სული მაქვს,შხაპს როდის მივიღებ,თორემ ნარწყების სუნად ვყარვარ. შენ ახლა მოხვედი? -მკითხე თვალებ დაჭყეტილმა. -ჩქარა ჩაიცვი და შემოვლაზე წადი,თორემ მოგკლავს თემური. -სახლში მიდიხარ? -აბა სად წავალ ნინე ასეთ მდგომარეობაში? -მკითხა გაბრაზებულმა. -რაღაც უნდა გთხოვო. -თეას ჯერ კიდევ არ შეემჩნია კნუტი და ოდნავ მაღლა რომ ავწიე,გაოცებისგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდა. -გაგიჟდი? რა უნდა აქ კნუტს? დაგინახავენ და მოგხვდება,ხომ იცი! -ჰოდა,მაგიტომ მჭირდება დახმარება. საღამომდე დაიტოვე რა! -რას ამბობ,გოგო,სად წავიყვანო ახლა ეს მე? -გაოცდა თეა და თავი გაიქნია. -გეხვეწები რა,აქ ვერ დავტოვებ,სახლში წაყვანის დრო კიდევ არ მაქვს,მაგდა წყნეთშია და ვერ წაიყვანს. არ გამწირო! -თვალები მოვჭუტე და ყელი სასაცილოდ გამოვიწელე,პირველკლასელივით. -ვაიმე,ნინე,გადამრევ! კარგი,მომიყვანე და სწრაფად გამოიცვალე. სწრაფად ვეცი კარადას და სულ რამდენიმე წუთში მზად ვიყავი. გასასვლელისკენ მივდიოდი,თეამ რომ დამიძახა. -გოგო,რა ვაჭამო ამას? -რა უნდა აჭამო,თეა,თბილი რძე დაალევინე და მეტი არაფერი არ უნდა. დიდი მადლობა,ჩემი გადამრჩენელი ხარ! -გავუღიმე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. * * * მთელი დღე თავაუღებლად ვმუშაობდი. მძიმე პაციენტი შემოიყვანეს. სამჯერ გადავუსხი სისხლი. ერთ დღესი ორი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ვეღარ გაუძლო. ექვსი საათი სრულდებოდა,რომ გარდაიცვალა. ძალიან იმოქმედა ჩემზე და საშინლად დავიგრუზე. ცხრის ნახევრისთვის ჩემი შემცვლელი მოვიდა და საავადმყოფოდან წამოვედი. ჯერ თეას გავუარე,ფისო გამოვართვი და მერე სუპერმარკეტში მისთვის ვიყიდე რაღაც ნივთები,ჰიგიენისთვის. მაგდა ისედაც მომკლავს,რომ ვეტყვი კნუტს ვიტოვებ-მეთქი და ელემენტარული ჰიგიენა მაინც დავიცვა. სახლში დაღლილ დაქანცული მივედი. ჩემს ფისოს ვაჭამე,მერე თავის პატარა სახლუკაში ჩავსვი და ჩემს დას დავურეკე. ნახევარ საათში მოვალო და მეც დავწყნარდი. რამდენიმე წუთში დემეტრემ დამირეკა სკაიპით. -როგორ ხართ? -დაღლილი სახე ჰქონდა,როგორც ჩანს მორიგე იყო. -ჩვენ არაგვიშავს,შენ რას შვრები? ძალიან დაღლილი ჩანხარ,მორიგე იყავი? -ჰო,ზედიზედ ორი ღამე საავადმყოფოში ვიყავი. ისეთი ამბავი იყო,მიკვირს დღეს,როგორ გამოგვიშვეს. -გაიცინა დემეტრემ. -რა ხდება ახალი,მომიყევი რამე. -არ დაიჯერებ რა მოხდა. -ვუთხარი სიცილით. -გუშინ წყნეთში ვიყავით მე და მაგდა,სანდროსთან. -დედა,რას ლაპარაკობ? –„გაოცდა“ დემეტრე და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები ლოყაზე აიფარა. -მერეეე? ჩემი და გაბრიელის ამბავი მოვუყევი. იმდენი იცინა,კინაღამ ცუდად გახდა. ამ დროს მაგდაც მოვიდა და ჩემს გვერდით მოკალათდა სკამზე. -რაო,დემე,მოგიყვა თავისი გმირობის ამბავი? -ჰკითხა მაგდამ კისკისით. დემეტრემ სული მოითქვა და მხოლოდ მერე ჩაგვეძია დეტალებს. -გოგონებო,რაღაც უნდა გითხრათ და არ გამიბრაზდეთ. -დაიწყო დემეტრემ რაღაცნაირი ხმით. -არამგონია დეკემბრის ბოლოს ჩამოსვლა მოვახერხო. აქ ძალიან ბევრი საქმეა და ასე უცბად ვერ დავამთავრებ ყველაფერს. -ჯერ ერთი კვირაა ახალ წლამდე,დემე,ვერ მორჩები იქამდე? -მაგდამ ლამის ტირილი დაიწყო. მე კიდევ საშინლად გავბრაზდი. -როდისღა ჩამოხვალ აბა? როცა დავბერდებით და გავიხრწნებით? არ მოგენატრეთ მაინც? ჩვენ აქ თვალები გვაწყდება შენი ყურებით და პრაკტიკას იხანგრძლივებს,ბიჭი! -ისე დავიწყე ყვირილი,ვერც შევამჩნიე. -სულ ნუ ჩამოხვალ,ბატონო,გყავდეს შენი გერმანელი ნაშოჩკები და უმკურნალე მანდაურ პაციენტებს. -ნინე,მოიცადე რა... -მომაძახა დემეტრემ,მაგრამ უკვე ჩემს ოთახში ვიყავი და ცრემლებს ვიკავებდი. ჩემი ფისო მივიხუტე გულზე და მოვეფერე. ჰმ,ჯერ სახელიც არ დამირქმევია. ოთახში მაგდა შემოვიდა. -რა დაგემართა ნინე? მასაც ძალიან უნდა ჩამოსვლა,ხომ იცი... -გაგრძელებას აპირებდა,მაგრამ კნუტი დაინახა და ყვირილი დაიწყო. -ეს რა არის? -ფისო. -ვუთხარი გაბუსულმა. -ვხედავ,რომ ფისოა,ნინე,მაგრამ მაინტერესებს საიდან მოათრიე და რა უნდა აქ! -ვიპოვნე! -შენ ხომ არ გაგიჟდი? რას ჰქვია იპოვნე,მოაშორე აქედან,გოგო,რამე არ სჭირდეს! შენ კიდევ ცოფი გინდა? -დამანებე,მაგდა,თავი! ვიპოვნე და ვიტოვებ,სად წავიყვანო ახლა,ხომ არ გავაგდებ? -ეგეც არ მყავდეს,რა! ააოხრებს მთელს სახლს,კარგი რა,ნინე! -ვუყიდე თავისი პატარა სახლი,თუ რაც ქვია და იცხოვრებს შიგ. -კარგი,ჯანდაბას. რატომ გაუბრაზდი დემეტრეს ასე ძალიან? -გვერდით მომიჯდა და მომეხვია. -მაგასაც თავისი საქმე აქვს,თორემ შენზე მეტად უნდა ჩამოსვლა,ხომ იცი? -კარგი რა! დარწმუნებული ვარ ვიღაც ჰყავს იქ და იმიტომ აღარ ჩამოდის. აი ნახავ,ცოლად მოათრევს და ჩვენ სულ დაგვიკიდებს! -ნინე,რანაირად ლაპარაკობ,რა გჭირს? -გაბრაზდა მაგდა და ფეხზე წამოხტა. -დემეტრეს სიყვარულში თუ ეჭვი გეპარება,საერთოდ რაღაზე გელაპარაკო? ბიჭმა მარტო ის თქვა,ცოტა ხნით გადაიდო ჩამოსვლაო,რა პანიკები მოაწყვე? ხმა აღარ ამომიღია, ცრემლები გადმომცვივდა. რა ვქნა,საშინლად მომენატრა ჩემი ძმა. -ნუ ტირი,რა. ხომ იცი არ არის,მასე,ძალიან ვუყვარვართ დემეტრეს და როგორც კი მოახერხებს ჩამოვა. ნინე,ნუ ტირი! -მითხრა მკაცრად და ჩემს კატას ხელი გაუსვა. -რა ჰქვია ამ გაჭირვებულს? მის სახეზე გამეცინა. -არ ვიცი,არ დამირქმევია. -კარგი,მაშინ დემეტრე დავარქვათ. -გადაიკისკისა მაგდამ. -დაიცა,დემეტრე რატომ? -გამიკვირდა. -ეგ კატებს ვერ იტანს,ჩამოვა და ორმაგი სიურპრიზი დახვდება. კატა-მისი სახელით. სიცილი ამიტყდა,მე და მაგდა კარგა ხანს ვერ გავჩერდით. მერე დემეტრეს დავურეკე,ჩემი უაზრო საქციელისთვის ბოდიში მოვუხადე და დაღლილი დავწექი. რატომღაც გაბრიელი გამახსენდა. მისი გამომეტყველება,როცა თავგატეხილი გამოვიდა და „მიჩალიჩებთო“ თქვა. თვალები განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მაინც რა ფერია? მგონი იაგუნდისფერი... ჰო,ჰო,ნამდვილად იაგუნდისფერია. მომავალი ერთი კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საავადმყოფოში ისეთი ამბავი იყო,რომ სახლში წამოსვლასაც ვერ ვახერხებდი. იქ ვიძინებდი,ისიც მხოლოდ რამდენიმე საათს. მაგდა ფინალური გამოცდების გამო მეცადინეობდა,სანდროს ვერ ნახულობდა და გიჟს გავდა. ჩემი კატა-დემეტრე უკვე შეგვეჩვია და ჩემი და მაგდას დანახვისას,უკვე აღარ ფრთხის. წყნეთის მერე,ბიჭები არ მინახავს. ახალ წელს ვაპირებთ შეკრებას. 31 დეკემბერი იყო. საავადმყოფოდან დაქანცული გამოვედი და სახლამდე ძლივს მივაღწიე. -მოხვედი? -შემომაგება მაგდამ კარებშივე. თვითონ სამზარეულოში ფუსფუსებდა. -რას აკეთებ? -ვკითხე ინტერესით და ხელი გოზინაყისკენ წავიღე. -ხელები! -მითხრა მკაცრად და თითებში ჩამარტყა. -ხელები დაიბანე და მოდი,მომეხმარე,თორემ საღამომდე ვერაფერს მოვასწრებთ. მაგდას ბრძანებებს დავემორჩილე. რამდენიმე საათში ყველაფერი გავამზადეთ,მაგრამ ისე დავიღალე სუფრის გაშლის თავიც აღარ მქონდა და ეს მაგდას მივანდე. -მაგდა,მე შევალ შხაპს მივიღებ,თორემ ფეხზე ძლივს ვდგავარ. გრილმა წყალმა ცოტა მიშველა,გამოვფხიზლდი. საშხაპედან გამოსულმა ყავა დავლიე და მოვემზადე. -მზად ხარ? -ოთახში მაგდამ შემოიჭყიტა. თავი დავუქნიე და გარეთ გავედი. სანამ ხაზები დაკავდებოდა,ჩემს ყველა ნაცნობს და მეგობარს დავურეკე,ახალი წელი წინასწარ მივულოცე და თორმეტს აკლდა ხუთი წუთი,როცა მე და მაგდა მაგიდასთან დავსხედით. -გამოსულიყვნენ ბიჭები,არ შეიძლებოდა? რა წესია მარტო,რომ დაგვტოვეს? -დაიწუწუნა ჩემმა დამ. -შეეშვი მაგათ,თავისი ოჯახები აქვთ,შეხვდებიან იქ და მერე გამოვლენ. ახალი წლის მოსვლა აღვნიშნეთ და ის იყო,შამპანიური უნდა გამეხსნა,რომ კარზე დააკაკუნეს. -ვინმეს ელოდები? -ვკითხე ჩემს და კარისკენ წავედი. -არაა,სანდრო პირველის მერე უნდა მოვიდეს. -გამომძახა მაგდამ. კარი გავაღე და მოულოდნელობისგან გავშეში. კართან ჩემი ძმა იდგა,გაღიმებული სახით და ორივე ხელში შამპანიურის ბოთლი ეჭირა. სიხარულისგან ვიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე. ^ ^ ^ დემეტრეს ჩამოსვლა ისეთი მოულოდნელი იყო,რომ გაოცებული ვუყურებდი და ვერ დამეჯერებინა მისი აქ ყოფნა. -რატომ მიყურებ,ნინე,ასეთი სახით? -მკითხა ღიმილით. -ვერ ვიჯერებთ,რომ აქ ხარ. -ჩემი სათქმელი მაგდამ თქვა და დემეტრეს მოეხვია. -რატომ არ გვითხარი,თუ ჩამოდიოდი? დაგხვდებოდით! -სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა. როგორ მომნატრებიხართ,ამის დედა ვატირე,აღარსად აღარ წავალ! -დემეტრემ ორივე მიგვიხუტა და სათითაოდ გვაკოცა შუბლზე. ამასობაში ოთახში ჩვენი უმცროსი დემეტრე გამოცუნცულდა. -ეს რა არის? -იკითხა ჩემმა ძმამ და გაოცებული მიაჩერდა ფისოს. -რა უნდა ამ საძაგელ არსებას ჩემს სახლში? -ჩემს დემეტრეზე მასე ნუ ლაპარაკობ! -ვუთხარი მოჩვენებითი სიბრაზით. -ვისზე? -დემეტრეს ლამის თვალები გადმოსცვივდა გაოგნებისგან. -დემეტრე. ნინეს ფისოს,დემეტრე ჰქვია. -რაო? -ფეხზე წამოვარდა და ხმას აუწია. -თქვენ ხომ არ გაგიჟდით? კატას ჩემი სახელი დაარქვით? მე და მაგდა გულიანად ვიცინოდით. -არ მაინტერესებს,ეს რაღაცა ხვალ დილით აქ აღარ დამხვდეს. -გამოაცხადა დემემ და მაგიდას მიუჯდა. -მოაწყვიტე ახლა აქედან,თორემ რომ ვუყურებ,საჭმელს ვეღარ ვჭამ. სიცილით გავიყვანე,თავის ყუთში ჩავსვი,რძე დავუდგი და ოთახში დავბრუნდი. გვაინობამდე შემოვრჩით. დემეტრე იქაურ ამბებს გვიყვებოდა. ჩვენც დაწვრილებით მოვუყევით ყველაფერი. -ის ბიჭი როგორ არის,ნინემ რომ კინაღამ მოკლა? -სიცილით იკითხა. -უკრაინაში დაბრუნდა,როგორც ვიცი. -გაიცინა მაგდამ. -ვაიმე,დემეტრე,უნდა გენახა ნინეს რა სახე ჰქონდა,როცა გაიგო გაბრიელი ბიჭების ძმაკაცი იყო. კინაღამ გული წამივიდა სიცილისგან! -შენ გეცინებოდა და აბა მე მკითხე. მგონი ქაჯი ვგონივარ მაგ ბიჭს. -მეც გამეცინა. -ძალიან შემეშინდა და რა მექნა. რას ვიფიქრებდი,თუ ასე გვიან დაგვადგებოდა. -მოსიარულე შარი ხარ! -ძალიან მომენატრე,დემეტრე და მაგიტომ გეჩხუბე წინა კვირას,მართლა. დიდი ბოდიში,ისეთი საშინელებები,რომ გითხარი. -ვუთხარი გაბუსულმა და ჩავეხუტე. -არ გრცხვენია? -გამიღიმა ჩემმა ძმამ. -არც მწყენია,შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი,მეც გავბრაზდებოდი. შენ მაგაზე არ ინერვიულო. მთელი ღამე ვლაპარაკობდით. იმდენად მონატრებული გვყავდა ერთმანეთი,დროის შეგრძნება დავკარგეთ. დილის ცხრა საათი იყო,დასაძინებლად,რომ დავწექით,მაგრამ ვინ გაცადა,12 საათზე ბიჭები დაგვადგნენ და სუფრის გაშლა ისევ მოგვიწია. დემეტრე,რომ დაინახეს,მითუმეტეს ახალი წელი შენთან ერთად არ გაგვიტარებია და უნდა ავღნიშნოთო. ასე რომ ვთქვათ,მთელი ახალი წლები ერთად გავატარეთ. ^ ^ ^ ზაფხულამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დემეტრემ სამსახური იშოვა. კერძო და ძალიან პრესტიჟულ კლინიკაში,ერთ-ერთ კარდიოქირურგად აიყვანეს. მე სასწავლებლის ბოლო კურსი დავხურე და ახლა მთელი დღით ვმუშაობდი საავადმყოფოში. მაგდამ წარმატებით დახურა ჟურნალისტიკის მესამე კურსი. ყველაფერი ძველებურად და სიმართლე გითხრათ,ძალიან მოსაწყენად მიდიოდა. ივლისი ახალი დაწყებული იყო. იმ დღესაც ჩვეულებრივ საავადმყოფოში ვიყავი. მაგდამ დამირეკა და მითხრა,დღეს გვიან დავბრუნდები და არ ინერვიულოო. დემეტრემ რამდენიმე დღიანი შვებულება აიღო,ბათუმში რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და იქ წავიდა,მეგობრებთან ერთად. დღეს მარტო ყოფნა მომიწევდა. ძალიანაც არ მხიბლავდა ეს სიტუაცია,მაგრამ ვერაფერს ვიზამდი,ამიტომ წინასწარვე შევეგუე. საავადმყოფოდან დაბრუნებისთანავე დავიძინე. ღამის ორის ნახევარი იყო,როცა გამეღვიძა. წესით მაგდა უნდა დაბრუნებულიყო,მაგრამ ტელეფონს არც ის იღებდა და არც სანდრო. ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე,რამე ხომ არ შეემთხვათ-მეთქი. დემეტრესაც დავურეკე,მაგრამ არც მან მიპასუხა. ღამის ოთხ საათამდე ველოდე. ისე მეშინოდა,პატრულში დარეკვას ვაპირებდი და სწორედ იმ წამს დამირეკა ჩემმა ძმამ. -ნინე,რას შვრები? -დემეტრე,მაგდაზე რამე ხომ არ იცი? სანდროსთან ერთად წავიდა,მაგრამ არცერთი ყურმილს არ იღებს,რა გავაკეთო აღარ ვიცი. -ვუთხარი შეწუხებულმა და ლამის გავგიჟდი,როცა ყურმილში მისი სიცილი გავიგე. -რა გაცინებს,ნორმალური ხარ? -და გაგითხოვდა,ნინე. -მითხრა სიცილით. -რას ამბობ,გაგიჟდი? რას ნიშნავს და გამითხოვდა? -ვიყვირე და აქეთ-იქით სიარულს მოვყევი. -გუშინ დამირეკა სანდრომ,მაგდას უნდა დაველაპარაკო და მინდა,რომ შენ იცოდეო. მე ვუთხარი,როგორც მაგდა გადაწყვეტს,ისე იყოს,მე პრობლემა არ მაქვს-მეთქი და როგორც ჩანს,მაგდა დათანხმდა. -სიცილს არ წყვეტდა,მე კი-კინაღამ ჭკუიდან გადავედი. -მერე ჩემთვის რომ გეთქვა,რა მოგივიდოდა? დემეტრე,ეს არ არის სასაცილო,კინაღამ გული გამისკდა! ან ეს რ უპასუხისმგებლობაა? პატარა ბავშვები არიან ასე რომ გაიპარნენ? -ნინე დამშვიდდი! შეეჩვიე,რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებ,უნდოდათ და გაიპარნენ,რა მოხდა მერე? შენ ვერ გეტყოდი,ვიცი,მაგდასთან წამოგცდებოდა. ტელეფონს ალბათ,იმიტომ ვერ იღებენ,რომ დაუჯდათ. სვანეთში მიდიან,გაბრიელის სახლში. უპასუხისმგებლოდ მოიქნენ,ვიცი და დაველაპარაკები შენს გამო,მაგრამ იმედია არ ეჩხუბები. -მითხრა მკაცრად. -არ არის ეს წორი,ერთი მესიჯი,რომ მოეწერა,არ შეიძლებოდა. -უნებურად ცრემლები წამსკდა. -დამანებე თავი! -ვუთხარი წყენით და ტელეფონი გავთიშე. ავსლუკუნდი. იმ ფაქტმა,რომ შეიძლებოდა რომელიმეს რამე მოსვლოდა,ძალიან იმოქმედა ჩემზე. რა აღარ ვიფიქრე! გაბრაზებულს არც კი ვიცი,როდის ჩამეძინა. მეორე დღეს,დილით მაგდამ დამირეკა. -ნინე,გაიგე? -მითხრა ტირილით. -გავიგე,მაგდა,მაგრამ შენგან არა. -ვუთხარი წყენით. -ნაწყენი ხარ,ხომ? -ისევ ასლუკუნდა. -შენ მაგაზე არ ინერვიულო,გილოცავ ჩემო პატარავ,ბედნიერებას გისურვებთ! -მოვლბი . -არ გამიბრაზდე რა,ნინე,მეც არ ვიცი,როგორ მოხდა. ძალიან მრცხვენია შენი! -მაგდა,არ ინერვიულო-მეთქი,მთავარია თქვენ ხართ კარგად. -ჩვენ გაბრიელის სოფელში ვართ,ლაჰილში,აქ სახლი აქვს და გუშინ აქ ამოვედით. დღეს დილით ბიჭებიც ამოვიდნენ და მოგვილოცეს, ძალიან გთხოვ ამოდი რა შენც. ბიჭებს მანქანა არ ჰყავთ,თორემ ამათ გამოვუშვებდით,ტაქსი გამოიძახე და იმით წამოდი,ნომერს მე გამოგიგზავნი,კარგი? -მაგდა,ვმუშაობ დღეს და ხვალ. -ვუთხარი დანანებით. -რაო? და გაგიბედნიერდა და უნდა იმუშაო? დაურეკე და უთხარი,რომ ვერ მიხვალ,თორემ ფეხით ჩამოვალ,იცოდე! -მითხრა გაბრაზებულმა. -კარგი,კარგი! მოვახერხებ რამეს! -გელოდები! -მითხრა მხიარულად და ბოლოს დაამატა. -რამდენიმე ხელი ტანსაცმელი წამოიღე შენთვისაც და ჩემთვისაც,რამდენიმე დღეს აქ გავჩერდებით. გავუთიშე და მომზადება დავიწყე,ბრაზმა ნელ-ნელა გამიარა,მაგრამ მაინც ვეტყოდი ერთ-ორ ‘ტკბილ’ სიტყვას ,როცა ჩავიდოდი. ნახევარ საათში მოვემზადე. მერე თეას დავურეკე და იმდენი ვეხვეწე მორიგეობაზე,ბოლოს დავითანხმე. მოკლედ სულ რაღაც ერთ საათში,სვანეთისკენ მიმავალ გზაზ ვადექი და ვფიქრობდი რამდენი რამ მოხდა ამ ერთ დღეში. ^ ^ ^ გზაში რამდენჯერმე სანდრომ დარეკა. სოფლისკენ მიმავალ გზას ასწავლიდა მძღოლს. მგზავრობამ საშინლად დამღალა. შუადღის ხუთი საათი ხდებოდა,რომ მივედით. სოფელი ლაჰილი ეს არისო,მითხრა მძღოლმა. ზურგჩანთა ავიღე,ფული გადავუხადე და მანქანიდანნ გადმოვედი. ტაქსის მძღოლი,რომ წავიდა,მარტო მაშინ გამახსენდა,რომ სახლი არ ვიცოდი. გარეთ გამოფენილი ხალხი ყურადღებით მათვალიერებდა. ტელეფონი ამოვიღე,სანდროსთან უნდა დამერეკა,მაგრამ აღმოჩნდა რომ გზაში დამჯდარიყო. მშვენიერია,ახლა რა ჯანდაბა ვქნა? ‘ბირჟასთან’ რამდენიმე კაცი იდგა. მივედი და მორიდებულად ვკითხე: -უკაცრავად,ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის,მაგრამ ვიღაცას ვეძებ და ვერ დამეხმარებით? -როგორ არა,შვილო! სახელი მითხარი და თუ მეცოდინება,მიგიყვან კიდეც! -მიპასუხა კაცმა სვანური კილოთი. -გვარი არ ვიცი,გაბრიელი ჰქვია. -კაცმა გაკვირვებით შემომხედა,ალბათ იფიქრა მარტო სახელი რაში მარგიაო. -იცით,მაღალი ბიჭია,რაღაცნაირი ცისფერი თვალები აქვს (არადა არ იყო მისი თვალები ცისფერი,მაგრამ რომ მეთქა იაგუნდისფერია-თქო,გიჟად მომნათლავდა) მხარ-ბეჭიანი... -თარაშის ბიჭზე ამბობ? -კაცს თვალები გაუბრწყინდა -გულედანების ოჯახზე საუბრობ,ალბათ. როგორ არ ვიცი,შვილო,წამოდი მიგაცილებ! კაცმა უკანასკნელ ნაბიჯამდე მიმაცილა.დიდ სვანურ სახლზე მიმანიშნა,ეს არისო. -ძალიან დიდი მადლობა,ბატონოო... -დემნა მქვია შვილო,დემნა. -დიდი მადლობა,ბატონო დემნა,ძალიან დამეხმარეთ. -გავუღიმე და დავემშვიდობე. გარედანვე ისმოდა ბიჭების ხარხარი. ნეტავ გაბრიელიც აქ არის? კარები გაბრაზებულმა შევაღე და მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე. -ნინე,ჩამოხვედი? -მაგდა წამოხტა და ჩემკენ გამოიქცა. ისეთი ძალით ჩამეხუტა,გული კინაღამ შემიწუხდა. მერე სანდრო მოვიდა,გადამეხვია და მაკოცა. -შენ საერთოდ არ დამენახო. ჯერ ის იყო და ლამის გული გამიხეთქეთ გუშინ,ახლა კიდე სოფელშიც არ დამხვდით და სულ კითხვა-კითხვით მოვაგენი სახლს,უსირცხვილოები! -მივაუარე გაბრაზებულმა. -გირეკავდით,ნინე,მაგრამ არ აიღე. -მითხრა სანდრომ. -გვაპატიე! კიდევ რაღაცის თქმას,ვაპირებდი,მაგრამ ოთახში გაბრიელი შემოვიდა. -შენ სულ ასე გადადიხარ შეტევაზე? -მითხრა ირონიული ღიმილით. -იქნებ ჯერ მიგელოცა გაბედნიერება?! მაგრამ,ნინე,რისი ნინეა,თუ არ იჩხუბა. . . რაღაცნაირად დამბურძგლა მისი ხმა,რომ გავიგე. თანაც ჩემი მზერა პირდაპირ მის თვალებს შეეჩეხა და გავიყინე. ასეთი თვალები,ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.