კატათაგვობანა –1–
[თავი 1] -მე უსათუოდ ხევსურს უნდა გავყვე ცოლად!-ვამბობ ღიმილით. ხელებს ვშლი და საწოლზე ვწვები. კვირა! ერთადერთი განცხრომის დღე კვირაში! რა სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ დღეს თავისუფალი ხარ და რoგორ გკენწლავს გულში, როცა გახსენდება, რომ ხვალ უკვე ორშაბათია. -კი, მაგრამ შენ ხომ სვანი ხარ, რატომ მაინც და მაინც ხევსური?-გაკვირვებული უკვე მერამდენედ მეკითხება ნიცა. -ასე მინდა და მორჩა!-მოკლედ ვუჭრი და ფეხებს ჰაერში ვაქნევ. -გინდოდეს, ისე ხომ რიგი გიდგას მთხოვნელების!-დამცინის ის და ჩემ გვერდით გორდება.-ოღონდ გავთხოვდე და ხევსურს კი არა, თუ გინდა შარიანი მთიული იყოს. მის ხვნეშას ყურს არ ვუგდებ. მერე რა, რომ უკვე ოცდაშვიდი წლის ვარ! მერე რა, რომ ჯერ სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. მექნება! აუცილებლად მექნება! ოპტიმიზმი მეგობრებო, ოპტიმიზმი! ნუ ღელავთ, მე არსად დავიკარგები. ბოლო-ბოლო აი, ჩემი მეზობელი კასპელი ზურია მეტრფის და იმას გავყვები ცოლად. -მაშაშო, როგორი მამაკაცები იციან ხევსურებმა?-ისე სასაცილოდ მეკითხება, თავს ვერ ვიკავებ და ხმამაღლა ‘’ვჭიხვინებ’’. ეს ხარხარი ვიცი განსაკუთრებული. ვინც ჩემ სიცილს გაიგებს, დარწმუნებული ვარ, სათოფეზეც აღარ გამეკარება. ეს არ ეხება ჩემ სვანეთში მყოფ ბებიას, ნიცას და ზურიას. ამ უკანასკნელს ისე ვუყვარვარ, მთლად უკბილოდ რომ დავრჩე, მაინც არ იტყვის ჩემ ცოლად მოყვანაზე უარს. -როგორი ნიცაცო და...-ვფიქრობ, დაზუსტებით მეც არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი ქმარი.-ჯიუტი, გიჟი, უცნაური, მამაკაცური, ძლიერი, სიმპათიური და ჩემებური რა! ჩემი ახსნა ნამდვილად არ აკმაყოფილებს, რადგან ისევ ტუჩებს აცმაცუნებს. მგონი მასაც მოუნდა ხევსური მეუღლე. -ეეე, ნუ ოცნებობ! პირველივე ხევსურს ვეკიდები კისერზე! წავიყვან საუველირო მაღაზიაში, იძულებით ვაყიდინებ ოქროს ბეჭედს და წამოვიცვამ თითზე! ზღაპარიც ასე დასრულდება!-რა თქმა უნდა ვხუმრობ! როგორც ახლოს ვარ გიჟობებთან, ისე ახლოს ვარ რომანტიკასთან და მინდა ჩემ გულში სიყვარული უამრავი სურპრიზის თანმხლებით შემოიჭრას. -მაშა, დღეს... -მაშა არა, მაშო!-ვუსწორებ. ვერ ვიტან ასე რომ მომმართავენ. განა ამან არ იცის, ძალად უნდა რაღაც გამომტყუოს. ან მუჯლუგუნი, ან... ან არ ვიცი! -ხო, კარგი! მაშო,-ჩემ სახელს გამოკვეთს.-დღეისთვის ერთი იდეა მაქვს! -მეც მაქვს!-ხმას ვერ ვზომავ და ვყვირი. -აბა, რა?-ლამისაა ყელი გამოწიოს და ისე მთხოვოს. არა, ცუდი კი არაფერი, ჩეmნაირი ცნობისმოყვარეა! -ჯერ შენ მითხარი!-არ ვუთმობ. რისთვის ვარ სვანი! -რა და თეაკოს გავუაროთ და მერე ერთად მოვიფიქროთ რამე! -ეგ რა იდეაა!-ვუწუნებ აზრს.-მაღაზიათა ქსელში წავიდეთ და ‘’ვიშოპინგოთ’’. ასე უფრო გავერთობით. -ხო რა, ხო..-თვალები უბრწყინდება ნიცას და ისეთი სახით მიყურებს, თითქოს მე უარზე ვიყო. -უი, არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა ეს აზრი!-სიხარული მიპყრობს მეც და განწყობა მიმაღლდება.-გამოვიცვლი და წავიდეთ. თხელ, სახელოებიან, შინდისფერ მაისურს და თეთრ ელასტიკს ვიცმევ. თმას ვიშლი და უბრალოდ ზურგზე ვიყრი. ბოლოში ოდნავ დახვეული მაქვს, რაც იმის ბრალია, რომ ცოტა ხნის წინ დაწნული მქონდა. -გიხდება ისე!-კომპლიმენტებს არ იშურებს ნიცა, მე ღიმილს. აი, ღიმილი კი მაქვს საოცარი. ეგრევე ვნუსხავ ადამიანებს. მთავარია ზედმეტი არ მომივიდეს და ხარხარში არ გადავიდე, თორემ ისე უკვე პროფესიონალი ვარ. მოულოდნელად ოთახში ჩემი ცუგა შემორბის ყეფით. ჩემი სტილი! უსაყვარლესი არსება! ჩიხო ახუას ჯიშის ძაღლზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და შარშან, ახალ წელს საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი. -სტილ! სტილ!-ხელში ვიტაცებ და ნიკაპს ცხვირზე ვუხახუნებ. -მომიყვანე რა!-ჩემი ხელებიდან მის ხელებში გადადის სტილი. ისიც ეფერება და მხოლოდ ათი წუთის შემდეგ სწყდება ძაღლს. სახლიდან გასვლამდე სამზარეულოში შევდივარ, გაზქურას ვამოწმებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვმშვიდდები. მერე ის მახსენდება, რამდენიმე დღის წინ მეზობლის საყვედური რომ დავიმსახურე და რატომ? წყალი დამრჩა მოშვებული და კიდევ კარგი აქვე ვიყავი კაფეში, სახლში დავბრუნდი და ონკანიც გადავკეტე. გამოცდილება მაქვს, მაგრამ მახსოვრობა არა! ერთი სამი დღე კიდევ მემახსოვრება ეს ამბავი, მერე კი გადამავიწყდება და ნახვამდის, ძვლივს ნაპოვნო მოწესრიგებულობავ! ბინას სტილთან ერთად ვტოვებთ და კიბეებზე ვეშვებით. მართლა რა კარგია, სახლიდან რომ გამოდიხარ და სამსახურის გზას არ ადგები. უნებურად მეღიმება. კიდევ კარგი მხოლოდ მეღიმება, თორემ მტრისას ქუჩაში ჩემი სიცილი! მდიდარი არ ვარ, მაგრამ საბედნიეროდ მანქანა მაქვს. საჭეს საქმიანად ვუჯდები და ველი, როდის შეიკრავს ნიცა ღვედს. ერთხელ ასე რომ მივჰქროდით, თავისუფლად, ტკბილად, სწორედ მაშინ გაგვაჩერა პატრულმა და ჯარიმაც გამოგვიწერა. ამაზე მაინც ვისწავლე ჭკუა და ისე მიმეჩვია ხელი, სკამზე რომ ვჯდები, მგონია, რომ მაშინაც უსაფრთხოების ქამარი უნდა გადავიჭირო. არა, რას გვიშვრება ეს მთავრობა რა! სტილი მოხერხებულად ზის ნიცას კალთაში. როგორც იქნა ძრავას ვქოქავ და ხალისით ვუვლი მანქანებს გვერდს. ერთი ამ ვერცხლისფერ ჯიპს ვერ გავუსწარი. წესების დარღვევა ნამდვილად ზედმეტი იქნება. იაროს ჩემზე წინ! ვნახოთ, რა ჩიტს დაიჭერს. თავისუფალ ადგილას ავტომობილს ვაყენებ და ფეხებს გრაციოზულად ვყოფ გარეთ. ფილმებში ყოველთვის ძალიან მომწონდა ხოლმე ეს ფრაგმენტი და სარკეში მაქვს დამუღამებული. უკვე სავაჭრო ქსელის წინ ვდგავართ. პირდაპირ ტანსაცმლის სექციას მივაშურებთ. სტილი ხელში მიჭირავს და ისე ვათვალიერებ ტანსაცმელს. რიგებს შორის დავბოდიალობთ და ბოლოს არჩევანს ვაკეთებთ. მე ყავისფერ შარვალს და კრემისფერ ზედას ვყიდულობ, ნიცა შავ, ტანზე მომდგარ კაბას. უეცრად სტილი ხელიდან მისხლტება და გასასვლელისკენ მირბის. მეც უკან მივდევ და განუწყვეტლივ ვეძახი. ის ყურს არ მიგდებს. ქუჩაში გადის და კუთხეში უხვევს. -არა!-ვკივი. ცოტაც და ცენტრიდან მეც გავალ. აი, სამი, ორი ნაბიჯი და... ძლიერი დარტყმა მაფხიზლებს. ვიღაცას ვეჯახები. ის ინერციით უკან მიდის, მე კი ზევიდან ვეცემი. ზედაც არ ვუყურებ, ისე ვდგები და ბოდიშების მოხდით ვცილდები. ახლა მისი დარდი არ მაქვს. სტილი უნდა დავიჭირო. -სტილ!-უმისამართოდ გავრბივარ. სტილის კვალიც კი არ ჩანს. სად უნდა წასულიყო? ნუთუ დამტოვა? არა, ჩემი სტილი ასე არ მომექცეოდა... * * * -სტილ! ჩემო პატარა სტიილ!-უკვე ისეთი დაღლილი ვარ, ლაპარაკიც აღარ შემიძლია. ეს ნამდვილად კრიტიკული მდგომარეობაა. -სტიილ! რომ გიპოვი, დაგაგლიჯავ მაგ ყურებს!-ხელებს ვმუშტავ და... და... წკმუტუნი მესმის! სტილი მიხმობს! -სტილ?-ყურთასმენას ვძაბავ, მაგრამ ხმა აღარ მეორდება.-სტილ! სტილ! სტილ! ფეხზე შეხებას ვგრძნობ. თავს დაბლა ვხრი და რას ვხედავ! ჩემი სტილი დგას და მეფერება. -სტილ!-გახარებული ხელებს ვშლი და სახეს ვუკოცნავ ძაღლს.-ღმერთო, სად იყავი... რა სუნი აგდის! ტუჩს ვიბზუებ და სტილს ზიზღით ვუყურებ. დღეს აუცილებლად უნდა ვაბანავო სურნელოვან აბაზანაში. აფთიაქშიც უნდა შევიარო. სპეციალურ წამლებს შევიძენ, ხომ არ ვიცი სად იყო და როგორ იყო. რაიმე ავადმყოფობა რომ აიკიდოს... ოჰ, ამის გაფიქრებაც კი არ მინდა! -მაშო!-ქოშინით მიახლოვდება ნიცა.-მაშო! -რა იყო?-ღიმილით ვეკითხები და ისევ სტილს ვიხუტებ. -მგონი მთლად შეიშალე! იმ კაცს ზედ გადაუარე, რა საქციელი იყო ეგ!-მტუქსავს მეგობარი, მე კი ისევ სტილის მოფერებით ვარ გართული. -რაო მერეო? ჰა, ჩემო სტილ... ძალიან გაბრაზდაო?-ვითომ ძალიან მაინტერესებს, ისე ვკითხულობ. -ძალიან მაგას არ ეთქმის, უძალიანესად! სოლიდურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, თან რა სიმპათიური... -რა?-ტვინში სისხლი მასხამს. მოიცა, მე ასეთ ბიჭს შევხვდი და ხელიდან გავუშვი? ეს როგორ მომივიდა! ოჰ, სტილ, სტილ! ბედი კარზე მომადგა და შენ გამო ხელი ვკარი! ძაღლს ვებუტები და დაბლა ვსვამ. ის თვალებს ნაბავს, ვითომ უდანაშაულო იყოს! აფერისტი! -არ მითხრა რომ ხევსური იყო...-იმედით ვეკითხები, მაგრამ ნიცა იბნევა. არა, რა სულელია ეს გოგო! პირველ რიგში უნდა ეკითხა, ხევსური ხარ თუ არაო... -ეგ არ ვიცი, მაგრამ აი, ეს მაქვს!-ცოტათი იბნევა, მაგრამ რაღაც ბარათს მაინც მიწვდის. სავიზიტო ბარათი! ალბათ წაქცევისას აუვარდა. იოანე ანთაური! ხევსურია, ხევსური! -ხევსურია!-სახე მებადრება.-წავედი, უნდა ვნახო! ჩიხიდან გასვლას ვაპირებ, ნიცა რომ მაჩერებს. -წავიდა უკვე!-მოწყენით მეუბნება. -რას ჰქვია წავიდა? უნდა ვიპოვო!-ტუჩებს ვპრუწავ და ისევ საპირისპირო მხარეს ვიხედები. -სად იპოვი, მაშო? წავიდა_მეთქი!-ცდილობს გადამათქმევინოს, მაგრამ მე ხომ გელოვანი ვარ! -მაინც ვიპოვი!-სტილს ხელს ვუქნევ და სავაჭრო ცენტრისკენ მივემართები. კართან აღარავინ დგას. შემეხედა მაინც იმ ხევსურისთვის წესიერად, არა, თვალები კი მახსოვს! მარცხენა თვალზე პატარა ნაიარევი ჰქონდა. იმედია ამით მაინც შევძლებ მის პოვნას, თანაც რამდენი იოანე ანთაური იქნება თბილისში. აუცილებლად ვიპოვი! ადრე თუ გვიან, მაინც ვიპოვი! -მაშო, არ მოდიხარ?-უკვე უკან მიდგანან ნიცა და სტილი. -მოვდივარ!-იმედგაცრუებული ვამბობ და ნიცას ხელიდან ჩემ ნავაჭრს ვგლიჯავ. -ჩე-მი-ა!-სიცილი მიტყდება და სწრაფად გავრბივარ მანქანისკენ. ჩემ სიცილზე ნიცასაც ეცინება. ჯობს მალე დავბრუნდეთ სახლში! მშვენიერი გართობა გამოგვივიდა! მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს, ხევსურზე ფიქრი... ვიცი, ვიპოვნი, მაგრამ მოთმინების უნარი ჯერ არ ჩამომყალიბებია და ვეღარ ვისვენებ. არა უშავს! ჩემი რომეო ვერსად გამექცევა! ნიცა სალონში მიმყავს, ლოდინის თავი არ მაქვს, ამიტომ გზას ვაგრძელებ. სტილი ჭკვიანად ზის უკანა სავარძელზე. მატყობს, რომ გაბრაზებული ვარ და ეშინია ჯოხი მასზე არ გადატყდეს. მეც მშვიდად ვატრიალებ საჭეს. სახლში მისული ვხვდები, რომ რამით თუ არ გავირთე თავი, ხევსურ იოანეზე ფიქრი არ მომასვენებს. მერე მახსენდება რა ძალითაც დავეჯახე მას და ხმამაღლა ვხარხარებ. ნახევარ საათში სტილი უკვე თავის თეთრ ფუმფულა პირსახოცშია გახვეული და ტელევიზორს შესცქერის. წიგნების თაროდან კულინარიულ წიგნს ვიღებ და ვფურცლავ. პომიდვრიას ომლეტი, კომბოსტოს და სტაფილოს სალათი, რძიანი რულეტი, ნამცხვარი ''სნიკერსი''... სნიკერსი! აი, რა მინდოდა! რეცეპტს წინ ვიდებ და ვამოწმებ, ყველა ინგრედიენი მაქვს თუ არა. მაინც და მაინც ვანილი მაკლია. მაღაზიაში ჩავდივარ და ვყიდულობ. სადარბაზოში უკვე ბნელა. ამოსლისას ჩემ კარის მეზობელს ვხედავ და მიკვირს, რომ არც კი მესალმება, ისე შედის სახლში. მეც იგივენაირად ვიქცევი, მაგრამ მართლაც რომ გასაოცარია ეს შემთხვევა. ლანა გამარჯობას მაინც მეუბნება ხოლმე, სხვა თუ არაფერი, ახლა კი რა ვაწყენინე ასეთი, ზურგი რომ მაქცია და კარი ცხვირწინ მომიხურა. თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე აღარ ვდარდობ ამაზე. ველი როდის გამოცხვება ჩემი ''სნიკერსი''. სტილიც გვერდით მიზის და კუდს სასაცილოდ აქიცინებს. აშკარად ჩემ მოთაფვლას ცდილობს. არა, რა გინდა, მიზანს მიაღწია! ხელის გულს ზურგზე ვუსვამ და ისიც ყეფას იწყებს. აი, ''სნიკერსიც'' მზადაა! გემრიელად მივირთმევ და თან გონებაში ხევსურს დავცინი. არ გინდოდი? ხოდა ახლა ვერც ნამცხვარს შეჭამ! არ იცი ხომ რა კარგი ხელი მაქვს?! ^^^ დაგიბრუნდით ახალი ისტორიით! ისევ და ისევ ''ჩემებური'' ჟანრი! მსუბუქი, სასიამოვნო, კომედიური რომანი! დასასრული უკვე დაწერილი მაქვს და ისეთი კმაყოფილი ვარ, როგორც არასდროს! იმედია თქვენც მოიხიბლებით! იმედია არ დაიზარებთ და შემაფასებთ, თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე მეც შევეცდები თავების რაოდენობა გავზარდო და ხანგრძლივობა მათი დადების შუალედის შევამცირო... თქვენი სოფო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.