შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომანტიკა თუ დანაშაული?!


25-01-2016, 17:14
ავტორი eleonor
ნანახია 3 466

_ ერთი რამით გვჯობიან ევროპელები, _ მოულოდნელად ალაპარაკდა ნიკა, სავარძელში ჩაჯდა და ჟურნალების მაგიდაზე დადებული «ვოგის» თვალიერებას შეუდგა, _ აქაური ქალები ბევრად განსხვავდებიან ქართველი ქალებისგან.
_ რითი? _ ცალყბად დავინტერესდი და ირიბად გავხედე, თან სახის კანს მკვებავით ვინოტივებდი, რათა მერე «რუმიანა» კარგად დამტყობოდა.
_ იმით, რომ ფულიან კაცებზე არ არიან დაგეშილები. რა თქმა უნდა, გამონაკლისები აქაც არიან, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები. ამ სამყაროში ყველა ქალი როდია ქონებაზე მონადირე ცივსისხლიანი არსება. საქართველოში კი, თითქმის ყველა ქალს ერთი საერთო აქვს _ როგორც კი ცნობილი ფულიანი მამაკაცის პირისპირ აღმოჩნდებიან, ეგრევე ერთი რამ ეხატებათ სახეზე _ სიხარბე და გაუმაძღრობა… ზეპირად ვიცი, როგორ იცვლებიან ისინი ამის შემდეგ, მანერებიც კი ეცვლებათ, საუბრის ტონიც კი. ამ დროს ისინი შენი გულისთვის ყველაფრისთვის მზად არიან.
_ მე რატომ მეუბნები მაგას, ნიკა? არ მითხრა, რომ მეც ეგეთი გამომეტყველება მქონდა, როცა შენი «მდიდარკაცობის» ამბავი გავიგე, _ გაღიზიანებულმა «რუმიანას» ღრუბელი ისეთი ძალით გავისვი ყვრიმალზე, კანი გამეხეხა.
_ შენზე არ ვლაპარაკობ. წეღან შემხვდა ორი ქართველი «მან-დი-ლო-სანი», რომლებიც ჩემს ძმაკაცებს ჰყოლიათ აქ წამოყვანილი «საგულაოდ». რომ გამაცნეს ეს «ნაშოჩკები», გამეცინა. დამშოკა მათი სახეების უეცარმა ცვლილებამ. ერთი გადაბრუნებული მზერა რომ მესროლა რომელიმესთვის, ორ წამში დაუტყდებოდნენ ლექსოს და გიოს და მე გამომეკიდებოდნენ. ჰმ…
_ რას იზამ. დედამიწა მამაკაცებს ეკუთვნით, განსაკუთრებით მდიდრებს და ლამაზებს. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც მოისურვებენ, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ. ამასთან, ერთი დღეც არ შეუძლიათ ქალების გარეშე ცხოვრება. და თუ საშუალებაც უწყობთ ხელს, ქალთა სამყაროც მრავალფეროვანი ხდება მათთვის. თითქოს ჩქარობენ, რომ ყველანაირი ქალი გასინჯონ, ასაკით, კანის ფერით, სიმაღლე-სიდაბლით განსხვავებულები, გამხდრებიც და ჩაპუტკუნებულებიც… ამასთან, მოსწონთ, როცა ახალგაცნობილ ქალებს ეროტიკულ გაკვეთილებს უტარებენ, გამოცდილებას უზიარებენ, რაღაც ახალს ასწავლიან. ასეთი როლი კი სწორედ იმ მამაკაცებს მოსწონთ, ვისაც სექსი უყვარს. შენც ხომ გიყვარს სექსი? განსაკუთრებით ასაკოვან ქალებთან… ჰოდა, რა გასაკვირია? მე რომ კაცი ვყოფილიყავი, იმავეს ვიზამდი, _ მივაყარე და მივაყარე მწარე-მწარე.
_ და ქალი რომ ხარ, იმავეს აკეთებ, რასაც სხვები?
_ ქალი რომ ვარ, იმიტომაც არ მინდა, დავემსგავსო სხვა ქალებს.
_ მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ შენც გიყვარს სექსი, _ ჩამირტყა.
_ ამის დასამტკიცებლად მოხვედი ნახევარი საათით ადრე? ჴ ავდექი და გარდერობი გამოვაღე, რათა პალტო ჩამომეხსნა.
_ არა. უბრალოდ, ისე ამირია გული იმ ქალების მანერებმა, მინდოდა, ვიღაცასთან დავცლილიყავი. ამიტომ გაგანდე შენ… წავედით?
_ წავედით, მე მზად ვარ…
«სექსისთვისაც, სხვათა შორის, ოღონდ შენ მოისურვე».

8 8 8
ხასიათი მხოლოდ მაშინ გამომიკეთდა, იტალიაში რომ ამოვყავი თავი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ირგვლივ იტალიური ლაპარაკი რომ მესმოდა, ასე მეგონა, ქართული ჩამესმოდა ყურში. გენები მაინც თავისას შვრებოდა. სასტუმროზე უარი ვუთხარი, ჩემებთან წავიდეთ-მეთქი. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მაინც დავითანხმე. ხარჯებში სასტუმროც გატარებული მაქვსო, იჯუჯღუნა. მაგ საქმეს ბაბუა მოგიგვარებს-მეთქი, შევპირდი.
ჩემები ლამის გაგიჟდნენ, როცა დამინახეს. ბებია ატირდა, ბაბუამ ღიმილი ულვაშებში ჩამალა, რათა გულაჩუყება ამით დაემალა.
ნიკა რომ გავაცანი, ცნობისმოყვარე ჩრდილმა გადაუარა მოხუცებს სახეზე.
_ ეს ის არის, ვისაც მე ვფიქრობ? საქმროა შენი? _ იტალიურად გადმომილაპარაკა ბაბუამ და კითხვით სავსე მზერა მესროლა.
_ არა, ნონნო, ჩემი უფროსია, ჩვენი ფირმის პრეზიდენტი, _ ვიუარე, მაგრამ თვალი მაინც ვერ გავუსწორე.
_ დედაშენივით არ გეხერხება ტყუილი, _ თითი დამიქნია და ორივეს შინ შეგვიძღვა.

8 8 8
რაღა ბევრი გავაგრძელო და, დაუვიწყარი დღეები გავატარეთ რომში. ბაბუას ისე მოეწონა ნიკა, ერთ დღეში ორ ფირმასთან გააფორმებინა ხელშეკრულებები. მერე ტურისტული მოგზაურობაც მოგვიწყო და დავდიოდით და დავდიოდით. რისი ნახვაც მოვასწარით, ყველაფერი ვნახეთ და დავათვალიერეთ. ერთი იყო მხოლოდ, ნიკას არც ერთხელ, ნასვამსაც კი, «კომკავშირული დისტანცია» არ დაურღვევია, არც ფლირტი წამოუწყია და არც ქათინაური გაუმეტებია ჩემთვის. თბილი სიტყვებიც კი სანატრელი გამიხადა.
უკან დაბრუნების დღეც დადგა. ვეღარ ველეოდი დედაჩემის მშობლებს. როგორ მომნატრებოდა აქაურობა. აქ სულ სხვა გარემო იყო, სხვა ჰაერით იყო ატმოსფერო გაჟღენთილი. თითქოს არავინ არავის მტრობდა, არავინ არავის ხლართავდა ინტრიგების ქსელში, ყველას ყველა უყვარდა… ძალიან რომანტიკული გარემო იყო, თუმცა ნიკამ არ ისურვა ამ რომანტიკაში ჩემთან ერთად მონაწილეობის მიღება.
_ შენს ქორწილზე აუცილებლად ჩამოვალთ, _ თვალცრემლიანმა ბებიამ სლუკუნით მიჩურჩულა ყურში და ხარბად ჩამკოცნა, _ არაჩვეულებრივი ადამიანია, გაუფრთხილდი მას.
_ რას ამბობ, გაგიჟდი? ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ საქმე გვაკავშირებს, _ დაბნეულმა მივუგე, მაგრამ ვიგრძენი, რომ გავწითლდი.
_ მართალია ბაბუაშენი, დედაშენივით საერთოდ არ შეგიძლია ტყუილის თქმა, _ სიცილით მითხრა ბებიამ და კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში.
თვითმფრინავში ნიკამ გადაიკითხა ჩანაწერები, რომელიც მე გავამზადე საქმიანი შეხვედრებისას. თან მეკითხებოდა, ეს სიტყვა იტალიურად როგორ იქნებაო. მეც ვუთარგმნიდი და ღიმილს ვერ ვიკავებდი მისი შემხედვარე, პატარა ბავშვივით იქცეოდა. არადა, ძველებურად ხაზგასმით გულგრილად მექცეოდა. ამიტომაც მე, როგორც არასდროს, მიხაროდა, რომ ჩამოფრენისთანავე წინ გამოსასვლელი დღეები _ შაბათ-კვირა მელოდა და მის ამჟავებულ სიფათს ცოტა ხანს მაინც ვერ ვნახავდი. არადა, უამრავი ფული დახარჯა, იტალიაშიც და საფრანგეთშიც. ყველაფერი მანახა, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, რითაც ალბათ სხვა ქალები ამაყად მოიწონებდნენ თავს. თუმცა, არც ჩემებს დაუკლიათ მისთვის პატივისცემა. ის კი არა, ბაბუა და ნიკა დამეგობრდნენ კიდეც.
_ სახლამდე რითი უნდა მიხვიდე? დაგხვდება ვინმე? _ მკითხა, როცა აეროპორტის შენობიდან გამოვედით.
თბილისის ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მიღიტინებდა ნესტოებში.
«მაინც «ჰოს» გიპასუხებ, სულ რომ ფეხით მომიწიოს ამ გზის გავლამ».
_ ჰო. დიდი მადლობა.
_ მადლობა შენ, ასე რომ დამეხმარე.
ვიგრძენი, როგორ გამომეცალა მიწა ფეხქვეშ და მაქსიმალურად შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა, რათა წონასწორობა არ დამეკარგა.
_ ფულს ამაში მიხდიან, _ მწარედ ამოვთქვი და თავი დავუქნიე, მერე პალტოს საყელო ავიწიე და სწრაფი ნაბიჯებით გავერიდე.
ვიცოდი, თვალს რომ მაყოლებდა, მაგრამ ამჯერად ფეხი არ შემშლია. ერთადერთი, რაც ხელს მიშლიდა, ცრემლები იყო, ღაპაღუპით რომ დამედინა ღაწვებზე და თვალები დამიბინდა.
ირგვლივ ალბათ უამრავი ადამიანი ირეოდა… უბრალოდ, მე ვერავის ვხედავდი, რადგან კვლავ მარტო დავრჩი… მე ყველა მამჩნევდა, მე კი _ ვერავის…
შაბათს დიდხანს მეძინა. როგორც ჩანს, დამღალა ფრენამ და ემოციებმაც. ფიქრებით ისევ და ისევ ნიკასთან ვიყავი, მაწუხებდა მისი ასეთი გარდასახვა. ბოლო ხანებში ძალიან შეიცვალა, გაცივდა ჩემ მიმართ. ამას აშკარად ვგრძნობდი, არ მეჩვენებოდა. აბა, რა გული მოუთმენდა კაცს, სასურველ ქალთან ერთად პარიზის ქუჩებში გაევლო და თუ სიყვარულის არა, რომანტიკის ხასიათზე მაინც არ დამდგარიყო? ან თუნდაც იტალიაში… იქ, სადაც ჩემები თას ევლებოდნენ, სადაც სულ სხვა მხრიდან დამინახა, სხვა, აქამდე უცნობი ფასეულობები აღმოაჩინა ჩემში? არ ვიცი… ალბათ ეს კაცების საყოველთაო სენია. საკმარისია, რამდენჯერმე მოისურვილონ ქალი და მორჩა, მერე სხვაგან დაიწყებენ ახალი ბუდის ძებნას. და დადიან ასე ქალდაქალ!
დეკემბერი იწურებოდა. სრულიად შემთხვევით გავხედე კალენდარს, რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდე-მეთქი და… სუნთქვა შემეკრა. დღეს ნიკოლოზობა ყოფილა თურმე! გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მივულოცო თუ არ მივულოცო? როგორ შემხვდება? რას მეტყვის? არა, ჯობია, მესიჯი გავუგზავნო. თუ არაფერს მომწერს პასუხად, დიდად არ ვინერვიულებ. აი, ხმა კი… მისი ხმა რომ არ მომეწონოს, შეიძლება გავგიჟდე.
თითები მიკანკალებდა, სანამ ტექსტს ავკრეფდი, ძალიან უბრალო და ნაკლებად მგრძნობიარე შეტყობინება გამომივიდა. გავუგზავნე და სუნთქვაშეკრული დაველოდე პასუხს… თქვენც არ მომიკვდეთ! ნული რეაქცია! ესეც შენ, ჩემო მშვენიერო ლო! მიიღე ის, რაც დაიმსახურე!
ლამის კედლებზე გავედი შაბათ-კვირას. ერთი მადლობა მაინც ეთქვა, თუ სხვა სიტყვა არ ემეტებოდა ჩემთვის. რა, ქვეყანა დაიქცეოდა? როგორ მძულდა იმ დღეებში! ერთი სული მქონდა, ორშაბათი დროზე გათენებულიყო და სამსახურში გავსულიყავი, რომ მისი სახე დამენახა. მორჩა! აღარ ვიფიქრებ მეტს მასზე! კაცები გაწყდა ქვეყანაზე, თუ რა? რაც მთავარია, გზა უკვე გაკვალულია. ახლა ნებისმიერთან შემიძლია დავწვე, სინდისი აღარ შემაწუხებს და არც იმის შიში მექნება, რომ ქალწულობას დავკარგავ… მაგრამ ერთი რამ მაინც მაშინებს, როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ. ვაითუ, ვერც ერთმა სხვა მამაკაცმა ვერ მომანიჭოს ასეთი სიამოვნება? იმედი რომ გამიცრუოს? მერე რა, სექსუალური დაკმაყოფილება ხომ არ არის მთავარი ცხოვრებაში? სხვა მამაკაცს სხვა ღირსებები ექნება. იქნებ ისე შემიყვაროს, რომ საერთოდ გადამავიწყოს ნიკა და მასთან გატარებული ტკბილ-მწარე წუთები. თუმცა, ამწუთას ძალიან გამიჭირდება ამის დაჯერება.
კვირა დღეც დაღამდა. ის იყო, გავიხადე და ლოგინში შევწექი, რომ მესიჯის სიგნალი მომივიდა. გული გადამიქანდა. როგორც ყოველთვის, მხოლოდ ნიკას მესიჯის მოლოდინში ვიყავი. ამჯერად არ შევმცდარვარ: «ქალი დარდით არ უნდა გაა(თ)ხელო. ქალი სიყვარულით უნდა გაა(მ)ხ(ნ)ევო», _ მწერდა. ისე იმოქმედა მისმა ნართაულმა ნათქვამმა, ლამის ავკივლდი სიხარულისგან, თუმცა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული, რადგან ორიოდე წუთის შემდეგ ახალი მესიჯი მომივიდა: «მაპატიე, შემეშალა. ნამდვილ კონკიას ვუგზავნიდი და შენკენ გამომექცა. არ გამიბრაზდე. ვიცი, რომ ჩემგან ასეთი სიტყვებს არ მიიღებ. შენ ხომ პრინციპული გოგონა ხარ, თანაც _ თვითმარქვია კონკია».
ვიფიქრე, გული გამიჩერდა-მეთქი, ისე გამიჭირდა ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ბალიში ავიმაღლე, საწოლზე წამოვჯექი და კარგა ხანს კეფას მონოტონურად ვუხათქუნებდი კედელს, მსუბუქად, რა თქმა უნდა, სულატკივებულს თავიც რომ არ ამტკივებოდა.
ის ღამე თეთრად გავათენე. დილით საკუთარი ორეული ვერ ვიცანი. სიცოცხლით სავსე ლოლას ნაცვლად, სარკიდან ნაადრევად დაბერებული უცხო ქალი შემომცქეროდა, რომელსაც სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. ეს ჩემი ერთ ღამეში გამოძერწილი ახალი სახე იყო _ განადგურებული და ნაწილებად დაშლილი.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ თითქმის ერთდროულად მივედით ოფისში. ნიკა შესასვლელთან იდგა და დაცვის უფროსს რაღაცას ელაპარაკებოდა.
_ დილა მშვიდობისა! _ ცივად მივესალმე ორივეს და გვერდი ავუარე.
_ გამარჯობა, ლოლა, როგორ ხარ? _ ისე მხიარულად გამომეპასუხა, თვალები გამიფართოვდა, აშკარად კარგ ხასიათზე ჩანდა.
_ გმადლობ, არა მიშავს, _ ნაძალადევი ღიმილი ავიკარი.
_ აკლიმატიზაციამ ხომ არ შეგაწუხა? _ ის ჩემს დაყოვნებას ცდილობდა.
_ არა, მიჩვეული ვარ. ეს ჩემთვის პირველი ფრენა არ ყოფილა, _ ხაზგასმით აღვნიშნე.
_ ჰო… ეგ სულ მავიწყდება. მე კი გამიჭირდა ცოტა… კარგი, ბეჟან, როგორც გითხარი, ისე გააკეთე და მერე დავილაპარაკოთ, _ მხარზე მოუთათუნა ხელი დაცვის უფროსს და გვერდით ამომიდგა, _ გუშინ საღამოს ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან, _ გააგრძელა, ხელკავი გამიყარა და ლიფტისკენ გამიყოლა.
_ მესიჯისთვის დიდი მადლობა. იმედია, არ მიწყენ, პასუხი რომ არ მოგწერე, _ შემომცინა.
_ არა უშავს, მერე რა, _ თავი ჩავღუნე, რომ თვალებში არ შემეხედა.
ლიფტიდან რომ გამოვედით, ერთხანს შეყოვნდა, თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. მეც შევჩერდი.
_ მერე მარიზე უნდა დაგელაპარაკო, ოკ? _ და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
მზერა ავარიდე და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე.
კარგა ხანს ვცემდი ბოლთას კაბინეტში. ცოტათი გამომიკეთდა ხასიათი. როგორც იქნა, აღვიდგინე წონასწორობა. მსიამოვნებდა, ასე რომ გამხიარულებულიყო, დიდი ხანია, მისი გახსნილი შუბლი არ მინახავს. იტალიაშიც კი თავდაჭერილად იღიმებოდა ხოლმე. ალბათ მართლა გამოჩნდა ახალი ქალი მის ცხოვრებაში. იქნებ სოფოს შეურიგდა? რაღაცნაირად აჟიტირებული ჩანს. ამის გაფიქრებაზე გული მომეწურა. მერე მე? თუმცა, ამწუთას ჩემთვის უკვე სულერთი იყო, რამდენი შესაძლო სოფო თუ ხათუნა ეყოლებოდა ცხოვრებაში. მთავარი ის იყო, რომ მე ვერასდროს დამივიწყებდა.
ბოლოს მაინც არ მომითმინა გულმა და მის მისაღებში გავედი. ვიფიქრე, მარიკას მაინც ვნახავ-მეთქი. ხომ შეიძლებოდა, ამ მომენტში თავადაც გამოსულიყო თავისი კაბინეტიდან?
მარის ყავისფერი წიწკლებით დაფერვოდა ღაწვები, ისეთით, ორსულობის დროს რომ იცის. თვალებში უსაზღვრო სევდა ჩადგომოდა.
_ როგორ ხარ? _ გადავკოცნე.
_ რა ვი, ვარ რა. შენ? კარგია, რომ მოხვედი. ახალი ამბები მაქვს შენთვის.
_ აბა, მითხარი! _ სმენად ვიქეცი.
_ კარგიც შემიძლია გითხრა, ცოტა კარგიც და ცუდიც.
_ ცოტა ცუდი?
_ ცოტა ცუდი ჯერ არ არის, _ შენელებულად გაიღიმა და სახეზე ისე მოისვა ხელისგულები, თითქოს პირს იბანსო.
_ კარგი, დაიწყე.
_ გუშინ ჩემთან იყო მოსული სახლში.
_ ვინ, თედო? _ ჩურჩულით ვკითხე და გვერდით მივუჩოჩდი.
_ ჰო. დედა გაიცნო. მინდოდა გამეფრთხილებინა, მისთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ რა ვიცი… ვერ მოვისაზრე. უფრო სწორად, არ მეგონა, პირს თუ მოაღებდა და მასთან რამეს იტყოდა.
_ მერე? _ ერთიანად დავიძაბე.
_ პირდაპირ დაიწყო. მე და თქვენს ქალიშვილს დროებითი ურთიერთობა გვქონდა, რის შედეგადაც ბავშვი ჩაისახაო.
_ არ გადამრიო! გაგიჟდებოდა ალბათ დედაშენი.
_ შენ წარმოიდგინე, ისე მშვიდად შეხვდა მის ნათქვამს, მე უფრო გავგიჟდი. ვიციო, უპასუხა. ჩემს შვილს ჩემზე კარგად არავინ იცნობსო. და სანამ თვითონ მიხვდებოდა ამას, მე უკვე ვიცოდიო.
_ ვაიმეეე!
_ ჰოდა, თუ ახლა იმის სათქმელად მოხვედით აქ, რომ მარიკამ მუცელი მოიშალოს, შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ ლაპარაკი, გაბრუნდეთ და წახვიდეთო.
_ რა მაგარი ქალია!
_ არაო, იმან. ამისთვის არ მოვსულვარო. მე პრობლემები მაქვს, ცოლთან გაყრილი არ ვარ, ამიტომ ამ ეტაპზე სხვა ქალთან ხელის მოწერაზე ვერ ვიფიქრებო. მაგრამ ყველანაირად ვგერდით დავუდგები და ბავშვის გაზრდაში მოვეხმარებიო. პირობა მისცა დედაჩემს, ორივეს მივხედავ და არაფერს გავუჭირვებო.
_ დამპალი! _ აღმომხდა გაბრაზებულს.
_ მერე მე გამიყვანა განზე და მითხრა, ხანდახან შევხვდეთ ერთმანეთს, უცხოები ხომ არ ვართ, შენც ცოდო ხარ, უკაცოდ ხომ არ იქნებიო. მაპატიე, ცოლად რომ ვერ გირთავ, ხომ იცი, რომ არ მიყვარხარ და ასეთი ქმარი რად გინდაო.
_ ანუ, თუ ჩემი ცოლი გახდები, ყოველ საათში გიღალატებო, არა? _ წარბები შევიჭმუხნე.
_ დაახლოებით ასე გამოუვიდა. მე ვუთხარი, არც შეგეხვეწები-მეთქი. მე შენთან იმიტომ არ დავწოლილვარ, რომ შენი ცოლი გავმხდარიყავი. ჩემთვის მთავარი შენთან სიახლოვე იყო, მინდოდა, ჩემი პირველი მამაკაცი შენ ყოფილიყავი, ახლა კი ჩემთვის სულერთია, რა იქნება და რა სტატუსს მომანიჭებ-მეთქი. გავანადგურე. ამას არ მოელოდა. პასუხი არ გაუცია, თავი დამიქნია, შუბლზე მაკოცა და ძალიან ჩაფიქრებული წავიდა, დანა პირს არ უხსნიდა.
_ აგერ ნახავ, თუ არ შეგეხვეწება.
_ ჩემთვის მართლა სულერთია უკვე, რა იქნება ხვალ, ლოლა. ახლა მხოლოდ ბავშვზე ვფიქრობ. ღმერთს იმასღა შევთხოვ, ჯანმრთელი გამაჩენინოს, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
_ ყოჩაღი გოგო ხარ! ასეთი მომწონხარ, სიხარულო. ახლა ცოტა კარგი მითხარი.
_ ცოტა კარგი ის არის, რომ დედას ძალიან მოეწონა, მშვენიერი ბიჭიაო. აცალე ცოტა ხანს, თბილად მოექეცი, მეტი სიყვარული აჩვენე და ბავშვი ისე დაგაახლოვებთ, შენგან ვერასდროს წავაო. მერე იქნებ მეორეც გაუჩინო და საბოლოოდ ჩაიჭერ ხელშიო.
_ ბრძენი ქალია დედაშენი, _ გადავიკისკისე, ისე მომეწონა ეს აზრი.
_ ახლა მესამე და მთავარი… ოღონდ ცუდი.
_ აბა, მითხარი, _ ხელისგულები ერთმანეთში ჩავხლართე და წარბებაზიდული მივაჩერდი.
_ თქვენ რომ პარიზში იყავით და კიდევ იტალიაში, ერთი ქალი ისტერიკულად რეკავდა ოფისში, ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერაც და ნიკას კითხულობდა.
კვლავ სუნთქვის უკმარისობა დამემართა. აი, ისე, ქარი რომ ძლიერად დაგიბერავს და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას რომ გიშლის. გავფითრდი.
_ მერე?
_ პატარა გოგოს ხმა ჰქონდა, ქეთი მქვიაო. არ უთქვამს ჩემთვის, თუ მივლინებაში აპირებდა წასვლას და ხომ არ მატყუებთო. არა-მეთქი, დავამშვიდე, რატომ უნდა მოგატყუოთ, რა ინტერესი მაქვს-მეთქი. იქნებ თვითონ გითხრათ, რომ ასე მიპასუხოთო. ძლივს დავარწმუნე, რომ ასე არ იყო. დღესაც ორჯერ დაურეკა. წეღან, რომ ელაპარაკებოდა, უჩუმრად ავიღე ყურმილი და ყური მივუგდე. მაგ საკითხზე საღამოს ვილაპარაკოთ, პარატავო, ნიკა ეუბნებოდა. ეგრევე დავკიდე ყურმილი. რა ვიცი, შემეშინდა, არ გამომიჭიროს-მეთქი. ადამიანი ყველანაირად ხელს მიწყობს და რატომ უნდა ვატკინო გული. რა ხდება, ამიხსნი? მთელი კვირა ერთად იყავით და ის ვიღაა, რა უნდა? ხომ კარგად ხართ ერთმანეთთან?
_ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, მარი. რა კარგად! ასეთი ოფიციალური კვირა, იქ რომ გვქონდა, გაცნობის დღიდან არ გვქონია. საერთოდ შეიცვალა ბოლო ხანებში. მგონი, მართლა ხვდება ვიღაცას. როგორც ჩანს, ახალი ხილია. თანაც, თუ ასეთი ახალგაზრდაა, სხვა შეგრძნებები ექნება, ეჭვიც არ მეპარება. იმიტომაც იყო დღეს ალბათ ასეთი აჟიტირებული.
_ ნახე დღეს?
_ ჰო, კართან შემხვდა და ერთად ამოვედით მეოთხეზე.
ამ დროს ნიკამ ზარი დარეკა. მარიკამ მაშინვე დააჭირა მწვანე ღილაკს თითი.
_ გისმენთ, ბატონო ნიკა!
_ ერთი ლოლას უთხარი, შემოვიდეს ჩემთან! _ მისი ხმა ზღვის ტალღასავით შემომეხეთქა სხეულზე. ავილეწე.
_ ახლავე! _ მარიკამ ტუჩები მოპრუწა და ისე შემომხედა, თითქოს ვიღაცას ვემალებოდით.
_ გიბარებს… ნეტავ, რა ხდება?
_ არ ვიცი. შევალ და გამოჩნდება.
_ ოღონდ არ ეჩხუბო, კარგი? ერთხელ მაინც ნუ იქნები აგრესიული, დამიჯერე!
_ კარგი, დაგიჯერებ! არ ვიქნები აგრესიული.
წამოვდექი, ჩავახველე, თითქოს ხმის ჩაწმენდა აუცილებელი ყოფილიყო, ჟაკეტი მთელი ძალით დავქაჩე ძირს, რათა მკერდის ღარი კარგად გამომჩენოდა და თავაღერებულმა შევაღე კაბინეტის კარი.
_ შეიძლება?
_ მოდი, ლო, მოდი! _ არ შემოუხედავს, ისე მიმიპატიჟა.
«ლომ» კიდევ ერთხელ დამიჟრუანტელა სხეულში. ასე არასდროს არავის მოუმართავს ჩემთვის. და ეს იყო ყველაზე სასიამოვნო. მხოლოდ მისთვის ვიყავი «ლო» და მეტი არავისთვის. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა.
_ საქმე იმაშია, ჩემო მარჯვე მენეჯერო, _ მხიარულად დაიწყო, _ რომ მარის მდგომარეობა მაშფოთებს. თვითონაც ეგონა, დროთა განმავლობაში უკეთ და უკეთ გახდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავ, ეს არც ისე მალე იქნება.
_ მაგრამ რომ არ იმუშაოს, რა ქნას, თავის რჩენა ხომ უნდა, _ გამოვექომაგე მარიკას.
_ შენი დაცვა მას არაფერში სჭირდება, _ საჩვენებელი თითი ღიმილით დამიქნია, _ ვიცი მისი მდგომარეობა, ბრმა არ ვარ და არც უგულო. მაგრამ ძალიან არის დასუსტებული ბოლო დროს და აჯობებს, დაისვენოს, ცოტა გამოიშუშოს. ვინმეს მოვძებნი დროებით შემცვლელს, არა უშავს. ხელფასი შეუნარჩუნდება, რაც მთავარია.
_ მე რომ გადმოვბარგდე მის ადგილას? _ ჩემდა უნებურად წამომცდა, არადა, გონებაშიც არ გამივლია მსგავსი რამის შეთავაზება.
_ შე-ენ? _ თავი დახარა და ქვემოდან გაკვირვებით ამომხედა, _ რა ძალა გადგია, რო?
_ რა ვიცი… _ უხერხულად ავიჩეჩე მხრები და შევიშმუშნე, _ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიჯდები, ჩემს საქმეს აქაც გავაკეთებ.
_ და ბარემ, შენ გადაგიხდი იმ ფულს, რაღა სხვა მოვიყვანო, არა? ჭკვიანური აზრია! _ უცებ დამყაბულდა.
ჭარხალივით გავწითლდი.
_ ფული არ მიგულისხმია. ხელფასი არ მჭირდება. უბრალოდ, ცოტა ხნით გადმოვბარგდები მის ოთახში და სატელეფონო ზარებს მაინც ვუპასუხებ, ეგ არის და ეგ.
_ ისე, ერთი რამე შეიძლება. მარის თავისუფალი გრაფიკი რომ დავუწესო. ან დილის საათებში იაროს, ან საღამოს, როგორც თავად მოისურვებს. შენც თუ გაწყობს ასე.
_ მშვენიერი აზრია.
_ მაგრამ უფრო მეტი სამუშაო გექნება, ამაზე გიფიქრია?
_ მუშაობა და ოფისში გვიანობამდე დარჩენა ჩემთვის პრობლემა არ არის. შინ არავინ მიმელის, _ ჩავურტყი.
_ მაგრამ არც ის მინდა, ახლობლებს და მეგობრებს ჩემი გულისთვის გამოეთიშო. გავლა-გამოვლა შენც ხომ გინდა.
_ შენ მაგაზე არ იდარდო. ჩემი საქმისა მე ვიცი, _ ვთქვი და თვალი თვალში გავუყარე, _ არ გაუჭირდებათ უჩემოდ.
_ კარგი, მაგაზე დღეს ვიფიქრებ და პასუხს ხვალ გეტყვი. შენ ჯერ არაფერი უთხრა მარის, კარგი?
_ კი ბატონო, როგორც მეტყვი.
_ ახლა შენზე ვილაპარაკოთ.
_ ჩემზე? _ ამან მთლად მომიღო ბოლო, ისე დავპარატავდი, როგორც ზღაპრებში ხდება, მოწამლულ ხილს რომ შეჭამს პრინცესა და ნამცეცა ქალად რომ გადაიქცევა.
_ ჰო, შენზე. ასე მითხრეს, მთელი დღე თავაუღებლად მუშაობს და ჭამისთვისაც ვერ იცლისო. მართალია?
ღიმილი ვერ შევიკავე, ტუჩები თავისით გამექცა განზე.
_ ვინ გითხრა ეგ სისულელე?
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაცამ შეამჩნია ალბათ და…
_ დიდი «მჭამელობითი» ხარისხით მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, მაგრამ თუ მომშივდა, ნამდვილად არ ვიკავებ თავს, მაზოხისტი კი არ ვარ.
_ იქნებ რამეზე ნერვიულობ და მადა დაკარგე? _ შემაპარავად გაისმა მისი ხმა.
_ ვნერვიულობ? არა, არაფერზე, _ ძალიან მშვიდადა ვუპასუხე, _ სანერვიულო რა მაქვს? პირიქით, ისეთი გახარებული ვარ, განსაკუთრებით იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, ასე მგონია, დავფრინავ.
«შენ გაგრძნობინებ ახლა, ცუდად რომ ვარ, მეტი საქმე არა მაქვს!»
_ ძალიან კარგი, ძალიან კარგი, _ ნიკაპი ხელზე ჩამოიყრდნო და გამომცდელი მზერა მომაპყრო, ეტყობოდა, გაუტყდა ჩემი პასუხი, _ მიხარია, თუ ასეა. მეც ბევრი რამ მიხარია ბოლო ხანებში.
«კონკრეტულად რა, უფროსო?»
_ მეც მიხარია, რომ გიხარია, _ რის ვაივაგლახით გავიღიმე, _ შემიძლია წავიდე?
_ ჰო, რა თქმა უნდა. ისე მოიქეცი, როგორც შევთანმდით. და კიდევ ერთი… ჴ მოულოდნელად საჩვენებელი თითი ჰაერში ასწია და შემაჩერა, _ მე და თედომ ვილაპარაკეთ მაგ საკითხზე.
_ რომელ საკითხზე? _ ისეთი დამაინტრიგებელი იყო მისი ნათქვამი, კვლავ დავჯექი.
_ ასე მითხრა, დიდი სიამოვნებით გავშორდები ჩემს ცოლს, უბრალოდ, ეს ყველაფერი დროის ამბავიაო. ამ დღეებში მარის თეატრში წაყვანას აპირებს, იქნებ შემოვირიგოო. მე მგონი, მთლად გულგრილი არ უნდა იყოს.
_ ღმერთმა ქნას.
_ შენ მაინც ვერ იტან, არა?
_ მისი დანახვაც არ მინდა! _ ზიზღი ვერ დავმალე.
_ ალბათ მანამ, სანამ განქორწინებას არ გააკეთებს, ხომ?
ამის გაგონებაზე სახე შემეცვალა. მას ეს არ გამოპარვია. ცოტა ხანს პაუზა გაწელა, მერე კი ხმადაბლა მკითხა.
_ გაწყენინე?
არ მინდოდა, პასუხის ღირსად გამეხადა, მაგრამ ვიგრძენი, სულში როგორ შემერხა რაღაც.
_ ხანდახან ძალიან ოსტატურად გეხერხება ჩემი წყენინება, _ არ დავინდე, _ და ძალიან გთხოვ, ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები, თორემ ავტირდები, იცოდე, _ ხმა მეც შემეცვალა.
_ ძალიან ვწუხვარ, ლო, მაპატიე, თუ შეგიძლია, _ გულწრფელად შეწუხებული ხმით მომიგო და თითქოს უნებურად, ხელი წინ გამოიშვირა და ლოყაზე შემახო, _ არ იტირო, ძალიან გთხოვ!
მოულოდნელად მის თვალებში შიში დავინახე, ბუნებრივი და არა ხელოვნური, შიში, რომ ამწუთას მართლა ავტირდებოდი. არ ვიცი, მისმა ამ გამოხედვამ გამაძლიერა, თუ მისი თითების ჟრუანტელისმომგვრელმა შეხებამ, რომ მსწრაფლ ავიყვანე თავი ხელში.
_ თავში აზრადაც არ მომსვლია ღრიალი, _ ნიშნის მოგებით გავიცინე, _ უბრალოდ, ვიხუმრე.
უეცრად საშინლად შეეცვალა გამომეტყველება. თითქოს თავმოყვარეობა შეულახესო, ნაკვთები დაეჭიმა. ყბები მოკუმა. მერე ნელა გადმოიხარა ჩემკენ და ძალიან ახლოს მომიტანა სახე სახესთან.
ერთიანად ავიშალე. მუხლები ამიკანკალდა. მკერდი ისე ღრმად ამიდიოდა და ჩამიდიოდა, თითქოს ოთახში დაგროვილი ჟანგბადის უკანასკნელ ნარჩენებს მის გამოლევამდე ხარბად ვისრუტავდი.
«მაკოცე!» _ ყვიროდა ჩემი გონება, სხეული, ფიქრები…
არა, არ მაკოცა. არადა, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. მოულოდნელად სწრაფად გადაიხარა უკან და სავარძელში გასწორდა. ვერ მივუხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი. რა დაემართა იმ ერთ წამს, რა ჩაიფიქრა და რატომ არ განახორციელა ჩანაფიქრი.
_ აჯობებს, სამუშაოს დაუბრუნდე, ლო, _ გაიღიმა, _ არის შენში რაღაც… _ წინადადება რატომღაც, არ დაასრულა.
ავდექი და გამოვედი… უსიტყვოდ, უხმოდ, უკანმოუხედავად…
მარი მისაღებში არ დამხვდა. ალბათ ცუდად გახდა და ტუალეტს თუ შეაფარა თავი, ან სუფთა ჰაერზე გავიდა. ამწუთას მისი დარდი აღარ მქონდა. საკუთარი ემოციით ვიყავი დამძიმებული.
ჩემს ოთახს მივაშურე და ფანჯარას ცხვირით მივეჭყლიტე. რაღაც მიხაროდა, ძალიან მიხაროდა. ამავდროულად, რაღაც მწყინდა, ძალიან მწყინდა. ერთდროულად კარგადაც ვიყავი და ცუდადაც. რაღაც მინდოდა და ვერ ვხვდებოდი, რა…
_ მშია! _ უეცრად გავაკეთე აღმოჩენა და გამეღიმა.
კაბინეტში მომხდარით ოდნავ შემსუბუქებულმა უჯრა გამოვაღე, კარტოფილიანი ღვეზელი ამოვიღე და გემრიელად ჩავკბიჩე.
_ აი, თუ არ ვჭამ! _ კარს მივაძახე, ჩემს მბრუნავ სავარძელზე გადავწექი, ზურგით შევტრიალდი და ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოვაწყვე, _ თუ კომფორტია, კომფორტი იყოს!
თან ვჭამდი, თან ნიკასთან საუბარს ვაანალიზებდი, თან სივრცეს ვუღიმოდი უმისამართოდ.

8 8 8

მეორე დღეს ნიკა სამსახურში არ გამოჩენილა. ადგილს ვერ ვპოულობდი მთელი დღე. რომ მოსაღამოვდა, ვეღარ მოვითმინე და მარისთან გავვარდი, ხომ არ იცი, რატომ არ მოვიდა, რა ხდება-მეთქი.
_ არაფერი ვიცი, ლოლა. გუშინ საღამოს იმ გოგომ დაურეკა, ერთი წუთიც არ ულაპარაკიათ. უცებ გამოვიდა კაბინეტიდან, ჩაცმულ-დახურული, ღიმილისგან სახეგაბადრული, შეგიძლია შენც წახვიდეო, მესროლა და გავარდა. მას მერე არ ჩანს.
_ ქორწილი ხომ არ გველის, ნეტავ? _ კი არ ამოვთქვი, ამოვიკვნესე.
_ გაგიჟდი, გოგო! რას ლაპარაკობ, ენამ არ გიყივლოს.
_ რაღაც ეგეთი სუნი მცემს, _ პირი გავაწკლაპუნე და ჩემს კაბინეტში დავბრუნდი გულმოშხამული.
«ნუთუ მასთან დარჩა წუხელ? კიდევ ერთი პირველი ღამე მოიწყო?»
გამწარებული ვკვნესოდი მხოლოდ. როგორ მაინტერესებდა, ვინ იყო ეს ქეთი ამისთანა, როგორ გამოიყურებოდა.
ის იყო, შინ წასვლა გადავწყვიტე, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
_ ალოო! _ უხალისოდ ჩავძახე ყურმილში.
_ შენ მე აქ მჭირდები! _ მისმა ხმამ ადგილზე გამახევა.
თავდაპირველად ვერ მივუხვდი, რა უნდოდა. სად «აქ» მეპატიჟებოდა.
_ ოფისში? _ გაკვირვებულმა ვკითხე, _ მე აქ ვარ.
_ ოფისში არა, ჩემთან სახლში. იტალიაში სასწრაფოდ მაქვს რამდენიმე წერილი გასაგზავნი და უნდა დამიწერო. მე გიკარნახებ, შენ კი მითარგმნი, _ მისი ხმა ძალზე ოფიციალურად ჟღერდა.
თავზარდაცემული ვიდექი. ვერ დავიჯერე, რომ თავისთან მიბარებდა, სახლში. აქ რომ მოსულიყო, რა უშლიდა ხელს?
_ მერე მაინც აქ მომიწევს მოსვლა, ფაქსის გადასაგზავნად. არ ჯობია, რომ… _ შეპასუხება ვცადე.
_ სტუმარი მყავს, მანდ ვერ გამოვდივარ. ფაქსი შინაც მაქვს. და ძალიან გთხოვ, უაზრო კითხვებს ნუ მისვამ.
მისმა პასუხმა ძალიან გამაწბილა. სიბრაზისგან სახე მომექცა.
_ კარგი, ვეცდები, მოვიდე.
_ ეცდები? რას ნიშნავს ეცდები?
_ გამოვალ, რა თქმა უნდა, მაგრამ… როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს მომიწევს იქ დარჩენა?
_ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, _ ცივად მომიგო და ირონიულად დაამატა, _ ყოველ შემთხვევაში, კბილის ჯაგრისის წამოღება არ მოგიწევს.
ღმერთო, როგორ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. უსიტყვოდ ჩავიწერე მისამართი, რომელიც მიკარნახა და ყურმილი დავკიდე თუ არა, თვალები ცრემლით ამევსო. მგონი, დამცინოდა.
ნიკა ვაკეში ცხოვრობდა. როცა აღნიშნულ მისამართზე მივედი, გაოცებისგან დავუსტვინე. უზადოდ ლამაზი სახლი და ეზო ჰქონდა ჩემი ოცნების მამაკაცს. სწორედ ისეთი, როგორსაც თავად ვინატრებდი. მანქანიდან გადმოვედი, საგანგებოდ ნაყიდი შოკოლადების ასორტი გულზე მივიხუტე და კიბეზე ავირბინე. ზარი დავრეკე თუ არა, ნიკამ იმწამსვე გააღო კარი.
_ შემოდი, _ მიმიპატიჟა.
უზარმაზარი ჰოლი გავიარეთ და მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი. არა, ოთახში კი არა, დარბაზში, ვეებერთელა ვენეციური ჭაღით გაჩაჩხაჩებულ დარბაზში. სწრაფად მოვავლე თვალი იქაურობას. შუაში შადრევანი იყო გაკეთებული, საიდანაც წყალი ნაკადულივით მორაკრაკებდა, ხოლო მთავარი კედლის მთელ გაყოლებაზე, ერთ გრძელ ზოლად, აკვარიუმი იყო ჩაშენებული და სხვადასხვა ფერის ულამაზესი თევზები ზანტად დაცურავდნენ ხელოვნურ «ზღვაში». საოცარი სანახაობა დამხვდა, რამაც დამამუნჯა. არა იმიტომ, რომ მსგავსი არასდროს მენახა. უკეთესებიც მინახავს, თუ საქართველოში არა, იტალიაში მაინც, მაგრამ ნიკა არ მეგონა ასეთი სიმდიდრის პატრონი. ჩემი გაოცება ამან გამოიწვია სწორედ.
_ დალევ რამეს? _ მისმა ხმამ გამომარკვია.
_ არა, გმადლობ. აჯობებს, საქმეს შევუდგეთ. მეჩქარება.
_ პაემანზე? ნუთუ არ გააფრთხილე «ის», რომ შეგაგვიანდება?
_ არა უშავს, დამელოდება, _ გულგრილად მივუგე.
ისარივით მზერა მესროლა. ამ დროს ჩემ წინ კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი ქალი შემოვიდა. ისეთი ლამაზი, რომლის მსგავსი დიდი ხანია, არ მენახა. თითებს ერთმანეთს ნაზად უსვამდა. მივხვდი, ხელის კრემი ჰქონდა წასმული და ჰაეროვანი მოძრაობებით იზელდა თითებში. ერთი შეხედვით, ორმოციოდე წლის იქნებოდა… არც კი. მაღალ თეძოებს მედიდურად მოარხევდა. ნიკამ ამ ქალს შემატოვა და მეორე სართულზე ავიდა.
«ნუთუ ეს არის ქეთი? კიდევ ერთი ახალი ასაკოვანი ქალი? ხომ გამაფრთხილა, სტუმარი მყავსო. თავისი ახალი საყვარლის დემონსტრირებას აკეთებს?»
ჩემს დანახვაზე ქალს ჯერ შემფასებლური გახდა მზერა, «ზედმიწევნით» შემათვალიერა, მერე კი სათნო ღიმილი გადაიფინა ტუჩებზე.
_ როგორც მივხვდი, ლოლა, არა? _ თბილად მკითხა.
_ დიახ… საღამო მშვიდობისა, _ დაბნეულმა შოკოლადების ასორტი მას მივაწოდე.
_ ოოო! დიდი მადლობა, ჩემო კარგო, რატომ შეწუხდი? მე ქეთი მქვია, _ ალერსიანად მითხრა და თავისი ულამაზესი გრძელი თითები თეატრალურად გამომიწოდა.
ტანში გამცრა. გამოდის, არ შევმცდარვარ. ხელი ჩამოვართვი და ნაძალადევად შევღიმე.
_ და ნიკას დედა ვარ, _ დააყოლა ქალმა.
როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მეცვლებოდა სახე, რადგან ქეთიმ წარბები კეკლუცად აზიდა და გამომცდელად შემომაჩერდა.
_ დედა? ასეთი ახალგაზრდა? _ ვიკითხე უცნაურად წვრილი ხმით. არ ვიცი, რა დამემართა.
_ არც ისე ახალგაზრდა. თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნები?
მხრები ავიჩეჩე შემსუბუქებულმა. გამიხარდა, მეტოქის ნაცვლად მშობელი რომ შემრჩა ხელთ.
_ არ ვიცი… გამიჭირდება ამის თქმა. დაახლოებით ორმოცამდე, ალბათ.
_ ჰა, ჰა, ჰა… კარგია, თუ ასე გამოვიყურები და ამას უბრალო კომპლიმენტად არ მეუბნებით. არც მახსოვს, ორმოცის როდის ვიყავი… თორმეტი თუ ცამეტი წლის წინ ალბათ.
_ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. რომ არ გეთქვათ, ნიკას დედა ვარო, ვიფიქრებდი…
_ ნიკას, თქვენ რომ იფიქრებდით ისეთი ქალები სახლში არ მოჰყავს, ჩემო კარგო. მიხარია, რომ გაგიცანით. ბევრი მსმენია თქვენზე. ვიცი, რომ ჭკვიანი და გამჭრიახი გოგო ხართ. ლამაზიც ყოფილხართ. ჩემი ბიჭი კადრების არჩევაში არასდროს ცდება.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ნიკა საოცრად ჰგავდა დედამისს. აი, თურმე, რატომ არის ასე «არნახულად» ლამაზი. დედის ნაკვთები გამოჰყოლია და იმიტომ. ერთი შეხედვით, თითქოს არც ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ რომ დააკვირდებოდით, ადვილად შეამჩნევდით მსგავსებას.
_ მეც მგავს, მაგრამ უფრო მამას. მამის ალიკვალია, _ ისე მიპასუხა ქალმა, თითქოს ჩემი ფიქრი ხმამაღლა გამეხმოვანებინოს.
უხერხულად შევიშმუშნე.
_ კარგი, ხელს არ შეგიშლით. ვიცი, რომ საქმე გაქვთ. როცა მორჩებით, ყავაზე დამეწვიეთ.
_ გმადლობთ, ქალბატონო, მაგრამ როგორც კი დავამთავრებ, უნდა გავიქცე, მელოდებიან.
_ მაშინ მე და ქეთი დავლევთ… ნიკა! ქეთი ჩემთან გამოუშვი, რააა! _ ხმამაღლა დაიძახა.
კიდევ ერთხელ შემეკუმშა გული. როგორც ჩანს, ეს სწორედ ის ქეთია, სამსახურში რომ რეკავდა და რომელზეც მარიკა მელაპარაკა. ზემოდან კისკისის ხმა მოისმა და კიბეზე პატარა, თხუთმეტიოდე წლის მოკლეთმიანი სიფრიფანა გოგონა დაეშვა.
_ მოვდივარ, ქეთინო დეიდა… გამარჯობა! _ მკვირცხლად მომესალმა გოგონა და თავისი ბრჭყვიალა ცისფერი თვალები შემომანათა.
კიდევ უფრო მომეშვა გულზე. ასეთი პატარა არ შეიძლებოდა, ნიკას «მორიგი ქალი» ყოფილიყო.
_ გაიცანი, ქეთი, ეს ლოლაა, ნიკას მეგობარი და თანამშრომელი… ეს კი ქეთია, ნიკას ნათლული და ჩემი დაქალის კუდრაჭა ქალიშვილი, _ დიასახლისმა ერთმანეთს გაგვაცნო.
ისეთი სიყვარულით გავუღიმე პატარა ქეთის, თითქოს მადლობას ვუხდიდი, ის რომ არ აღმოჩნდა, ვისი გამოჩენისაც ასე ძალიან მეშინოდა.
_ ლოლა, აქეთ ამოდი! _ ამ დროს ნიკა მოადგა მოაჯირს და ზემოდან ჩამომძახა.
მუხლები მიცახცახებდა დაძაბულობისგან. ნელა შევუყევი საფეხურებს. ჩემი უფროსი კაბინეტში შემიძღვა. ქურდულად მივიხედ-მოვიხედე. პატარა ოთახი იყო, თუმცა გემოვნებით მოწყობილი. ერთ კუთხეში ტყავის სამეული იდგა, შუაში ოვალური შავი შუშის მაგიდა და ასეთივე სკამები. იქვე კომპიუტერი იდგა. კედელზე კარადა იყო ჩაშენებული, კოხტად ჩამწკრივებული წიგნებით.
_ აი, ეს სამი წერილი გადამითარგმნე და მერე კომპიუტერზე ამიკრიფე. რამდენ ხანში შეძლებ?
_ თხუთმეტ წუთში მზად იქნება, მაქსიმუმ ოცში, _ ხმადაბლა ვუპასუხე.
_ ძალიანაც კარგი. მართლა არაფერს დალევ? ყავა, ჩაი, წვენი…
_ არა, გმადლობ, არაფერი მინდა. ნუ შეწუხდები.
_ როგორც იტყვი… როცა საქმეს მორჩები, ამ მისამართზე გამიგზავნე სამივე, კარგი? _ და თაბახის ფურცელზე წაწერილი მისამართი მაჩვენა.
_ ჩვენი ოფისის მეილით?
_ ჰო. ეს ოფიციალური წერილებია და სამსახურის მისამართით უნდა გაიგზავნოს…
_ ამას რომ გავამზადებ, შემიძლია წავიდე?
_ თუ ჩემთან დარჩენა არ გსურს, რა თქმა უნდა, _ ორაზროვანი ღიმილით მომიგო და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ზუსტად ოც წუთში ჩავეტიე. წერილები ცოტა შევალამაზე, ოფიციალურთან ერთად არაოფიციალური სახეც მივეცი და გავაგზავნე. მერე ერთხანს დაველოდე ნიკას დაბრუნებას, მაგრამ ისე გავიდა კიდევ ოცი წუთი, არ გამოჩენილა. გაწბილებული დავრჩი. არ ვიმსახურებდი მისგან იგნორირებას. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მისთვის უკვე აღარ წარმოვადგენდი «მთავარ ფიგურას», ამიტომაც ნათარგმნი წერილები კოხტად დავულაგე კომპიუტერთან, დავავლე ჩემს ჩანთას ხელი და ისე დავტოვე სახლი, არავის გამოვმშვიდობებივარ.
ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, რომ დამირეკა. პასუხის გაცემა გავაჭიანურე.
_ ბატონო, _ ყრუდ ჟღერდა ჩემი ხმა.
_ ვინ გასწავლა ასე მოქცევა? რატომ გაიპარე? _ გაღიზიანებული ჩანდა.
_ მეჩქარებოდა, _ ჩავიდუდღუნე.
_ შენ რა, მებუტები?
მის შეკითხვას დუმილით შევხვდი.
_ მითხარი, რას გაჩუმდი?
_ არა, რატომ…
_ აბა? დედაჩემს მაინც არ უნდა დამშვიდობებოდი?
მართალი იყო. ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ახსნა. არ მინდოდა ჩემი დამჟავებული სიფათი რომელიმეს ენახა _ ან დედას, ან შვილს. ამას კი მას ვერ ვეტყოდი.
_ მაპატიე… ცუდად გამომივიდა, _ ჩავილუღლუღე ნირწამხდარმა.
_ სხვა დროს არ მოიქცე ეგრე… წერილებისთვის კი დიდი მადლობა, _ მითხრა ბოლოს, პასუხს არ დაელოდა და გამითიშა.

8 8 8
მომდევნო დღეებმა უფერულად ჩაიარა. ერთადერთი კარგი ის მოხდა, რომ თედომ მარიკა თეატრში წაიყვანა, მერე კი სთხოვა, მიატოვე სამსახური და სახლში დაჯექი, არ მინდა მდივნად იმუშაოო. პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მე მოგხედავთ სამივეს, არაფერს გაგიჭირვებთო. მარი თავადაც გაოგნებული იყო, ასე რამ შეცვალა ეს კაცი, ვერ ვხვდებიო. მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. თედოს ცოლს თურმე განქორწინებაზე შეუტანია განცხადება და ამან, როგორც ჩანს, ცოტათი შვებაც კი მოჰგვარა დირექტორს. მარიკასაც იმიტომ აუკრძალა მუშაობა, რომ არ უნდოდა, ვინმეს ეთქვა, დირექტორმა მდივანთან გააბა რომანიო. არ იყო გამორიცხული, დროთა განმავლობაში, როცა პატარა გაჩნდებოდა, ცოლადაც შეერთო იგი და ყველაფერი ჰეფი-ენდით დამთავრებულიყო.
ნიკა ახალი მდივნის კანდიდატურის ძებნას შეუდგა. ორ დღეში შეცვალა მარი ერთი გაკნაჭული, შეუხედავი გოგოთი. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რა გაუჭირდა ასეთი, ამისთანა «უჟასი» რომ მიიღო-მეთქი, მაგრამ მალევე დაირხა ოფისში ხმა, ახალი გოგო საუკეთესო მდივანია, ინგლისურად სხლავს და ტექსტებს ავტომატის ჯერივით სწრაფად ბეჭდავსო.
ამასობაში ოცდათერთმეტი დეკემბერი გათენდა. ჭირის დღესავით მეზარებოდა ახალი წლის დადგომა. ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული. არც თადარიგი დამიჭერია, არც არაფერი გამიკეთებია. ნაძვის ხეც კი არ მომირთავს. ხილი და შოკოლადები ვიყიდე მხოლოდ, ვინიცობაა, ვინმე მოვიდეს, რაღაც მაინც გამოვუტანო-მეთქი. ბაბუამ ხუთასი ევრო გამომიგზავნა საახალწლოდ, სამსახურში პრემია გამომიწერეს სამასი ლარის ოდენობით, პლუს ხელფასი და, რომ იტყვიან, ავშენდი! პრემია ერთიანად მამას გავუგზავნე და შევპირდი, შობას აუცილებლად შენთან გავატარებ-მეთქი. ოთხ თვეზე მეტია, არ მენახა და ძალიან მომენატრა. ცოტა არ იყოს, სინდისმაც შემაწუხა, მეზობელს რომ შევატოვე ავადმყოფი კაცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. აღარაფერი მადარდებდა ამქვეყნად ნიკას მეტი. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, დღეც, ღამეც, დაღლილიც, დაუღლელიც, მძინარეც და «მღვიძარეც». მისგან კი სახეირო არაფერი ისმოდა. ერთხელაც არ უცდია, ჩვენს ურთიერთობაზე სიტყვა ჩამოეგდო, რაღაც მაინც გაგვერკვია. მეც ხელი ჩავიქნიე, რაც იქნება, იქნება, ოდესმე გადამივლის-მეთქი. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამეკირა მისი სიყვარული გულში.
საღამომდე დავყავი სამსახურში. როცა ნელ-ნელა ყველა გაიკრიფა, მარტო დარჩენის შემრცხვა. ახალი წელი თენდებოდა, ყველას შინისკენ მიეჩქარებოდა, მე კი მარტო ვიყავი ოფისში გამოკეტილი და არაფრის სურვილი აღარ შემრჩენოდა. იმ დღეს ნიკა სამსახურში არ ყოფილა. ამის გამო უფრო შემოვრჩი, იქნებ წუთით მაინც შემოირბინოს-მეთქი. არა, არ მოვიდა.
ნეტავ, ახალ წელს თუ მომილოცავს? ახლა ეს კითხვა ამეკვიატა, მთელი საღამო მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. წესით, მე უნდა მივულოცო, ის ხომ ჩემი ბოსია. ვალდებულიც ვარ. ო, როგორ მზარავდა ამის გაფიქრება. მთელი საღამო ვალაგებდი წინადადებებს, რა სიტყვები შემერჩია მისალოცად, რომ არც ძალიან ბანალური ყოფილიყო და არც ძალიან ორიგინალური.
ათი საათიდან, როგორც ახლა მოდაშია, წინასწარი ზარების განხორციელება დაიწყო. ყველა მირეკავდა, ვისაც გავახსენდი, _ მერე ხაზები გადატვირთული იქნება, ამიტომ გილოცავ, გისურვებ ამას და იმას და ა. შ. პირადად არც არავისთან დამირეკავს და არც დამიმესიჯებია. მთელ სამყაროში თითქოს მარტო მე ვარსებობდი… ან პირიქით, ყველა არსებობდა, ჩემ გარდა.
თერთმეტი საათი იყო, ჩემი მობილური ტელეფონი კვლავ რომ ამღერდა. გული ძაფივით გამიწვრილდა, რადგან ნიკა მირეკავდა. მასზე განსხვავებული მელოდია მქონდა დაყენებული და ვხვდებოდი, ვინ მირეკავდა. ცახცახმა ამიტანა, თურმე როგორ ველოდებოდი ამ ზარს!
_ გისმენთ! _ ათრთოლებულმა ამოვთქვი.
_ საღამო მშვიდობისა, ლო, _ მხიარულად მომესალმა, _ ხომ ხარ საახალწლო განწყობაზე?
_ გამარჯობა, ნიკა! ჰო, რა ვიცი. დიდად ვემზადები-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ.
_ რატომ, რატომ? ახალი წელი ლამაზი დღესასწაულია, კარგ ხასიათზე უნდა შეხვდე.
_ ნუ… ვისთვის როგორ.
_ ერთი თხოვნა მაქვს შენთან, თუ არ დამზარდები, _ არ ჩაუღრმავდა ჩემს პასუხს ნიკა და პირდაპირ თხოვნაზე გადავიდა.
_ კი ბატონო, თუკი შევძლებ, _ გული ლამის ბუდიდან ამომივარდა. ნეტავ, რა უნდა მთხოვოს?
_ მგონი, ჩემი ბინის კარი ღია დამრჩა ამ დილით. ცოტა ნაბახუსევი ვიყავი და არ მახსოვს, დავკეტე თუ არა. შედი რა, თუ გასაღები კლიტეში არ დაგხვდა, ოთახში მაგიდაზე იდება და დაკეტე, მაგის გამო ნუ გამომიყვან ახლა, საცაა შემოვა ახალი წელი.
ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. ირგვლივ ყველაფერი აყირავდა. თითქოს ჩამობნელდა და საშინელმა სიცივემ დაისადგურა გარშემო. ერთიანად ამაკანკალა. სულ ეს არის მისი თხოვნა?
_ ახლავე, მაგაზე ადვილი რა არის, _ ჩამქრალი ხმით ვუპასუხე, _ გილოცავ დამდეგს, ბედნიერების მომტანი წელი გქონოდეს, უფროსო, _ დავამატე და თვალები დავხუჭე.
_ დიდი მადლობა, ლო, მეც გილოცავ. ოცნებების ასრულების ყოფილიყოს ეს წელი შენთვის. აბა, შენ იცი, ბევრი არ დალიო. ჩემსავით ცუდი «პახმელია» იცი, არ დაგავიწყდეს.
ტელეფონი საწოლზე მივაგდე და მეც ზედ გადავემხე. სამაგიეროს მიხდის თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რამდენიმე წუთის განმავლობაში თავდაღმა ვეგდე და არაფერზე ვფიქრობდი. მინდოდა მეტირა, მაგრამ წვეთი ცრემლი ვერ გადმოვაგორე. ცრემლსაც კი აღარ ვუნდოდი.
ბოლოს ძლივს ავითრიე წელი, ქურთუკი მხრებზე მოვისხი და გარეთ გავედი, რომ ნიკას ბინა დამეკეტა. მართლაც, კარი შევაღე თუ არა, დავინახე, რომ ოთახიდან შუქი გამოდიოდა. ნაცნობი გარემოს ხილვამ სასიამოვნო მოგონებები ამიშალა. გული მომეწურა ახლო წარსულის გახსენებაზე. გამახსენდა, როგორ და რამდენჯერ მომეფერა ამ ბინაში… რა კარგი დრო იყო…
კლიტეში გასაღები არ დამხვდა. მის ასაღებად ოთახში შევედი. მოულოდნელად უზარმაზარი ნაძვის ხის ფერად-ფერადი ნათურების ციმციმმა მომჭრა თვალი. იქვე ჟურნალების მაგიდა ორი კაცისთვის ლამაზად იყო გაწყობილი. ამის დანახვაზე ელდა მეცა. ეს რას ნიშნავს? წუხელ ჰყავდა აქ ვინმე, თუ ამაღამ უნდა მოიყვანოს? იქნებ საგანგებოდ დატოვა კარი ღია, რომ მერე მე დამეკეტა და შუაღამისას უნდა მომადგეს გასაღებისთვის, რათა დამანახვოს, ახალ ქალთან ერთად რომ აპირებს ამ ბინაში ღამის გათევას? ნუთუ ასეთი ნაძირალაა?
თვალი მრისხანედ მოვავლე იქაურობას. გასაღები სუფრაგაშლილი მაგიდის ქვედა თაროზე იდო, უცხოურ ჟურნალებთან ერთად. ცივად დავავლე ხელი და გასასვლელისკენ გავემართე. ის იყო, ჰოლში უნდა გავსულიყავი, რომ მოულოდნელად ხმა მომესმა ზურგს უკან.
_ საით გაგიწევია?
ამ ხმამ ადგილზე გამახევა. აქ არის! _ ფიქრის სისწრაფით გამიელვა გონებაში. ნელა შემოვბრუნდი. ნიკა საძინებლის კარს მოცილდა და ჩემკენ გამოემართა. ძალიან იყო გამოპრანჭული. წვერი საგულდაგულოდ გაეპარსა, თმა გაეკრიჭა… ერთი სიტყვით, სადღესასწაულო ფორმაში იყო.
_ კარი უნდა დამეკეტა… _ ჩურჩულით ვთქვი, თან საძინებლისკენ გავაპარე მზერა, ის «მეორე» როდის გამოვა-მეთქი.
_ ვის ეძებ? _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
_ რა ვიცი… არ მინდა კიდევ ერთხელ გავხდე შენი ინტიმური რიტუალის უნებლიე მოწმე! _ პირგამეხებული მივაჩერდი.
_ შეგიძლია დამშვიდდე, ამჯერად მარტო ვარ.
_ მშვიდად ვარ.
_ რაღაც არ გეტყობა, _ კიდევ უფრო მომიახლოვდა.
_ სამაგიეროდ, შენ გეტყობა, რომ გიხარია ახალი წლის დადგომა, _ ბანზე ავუგდე სიტყვა.
_ რატომ არ უნდა მიხაროდეს? ვგრძნობ, რომ კარგი წელი მექნება. შენ არ გიხარია?
-მე არა
_ რატომ, ლო? არ დამიმალო, მითხარი, რა გჭირს, _ თითქოს ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
ვიცოდი, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და თამაში აღარ მჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლე მეთქვა და ამით საბოლოოდ დამესვა წერტილი ჩვენი ურთიერთობისთვის.
_ გეტყვი, _ ვთქვი, ამოვიოხრე და გავაგრძელე, _ იყო დრო, როცა ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი… ეს მაშინ, როცა შენ გხვდებოდი… ბედნიერი ვიყავი შენთან შეხვედრიდან დაშორებამდე, შენი ჩაძინებიდან შენს გაღვიძებამდე. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 12 საათი გრძელდებოდა ჩემი ბედნიერება, მაინც კმაყოფილი ვიყავი და მაინც მიხაროდა ცხოვრება. ახლა კი ცუდად ვარ და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნები ცუდად, შეიძლება უარესადაც.
_ მაგრამ რატომ? ამის ახსნა შეგიძლია? _ თვალები მოჭუტა და ირიბად გამომხედა.
_ შემიძლია… იმიტომ, რომ… შენ მე დამაავადე.
_ მართლა? რა გჭირს?
_ ქრონიკული მონატრება.
_ აჰა… ესე იგი, სიბერემდე უნდა მინატრო?
_ ჰო, ეგრე გამოდის.
_ მდააა. ესე იგი, შეყვარებული ხარ ჩემზე… ამის თქმა გინდოდა?
_ არა, შეყვარებული არ ვარ, _ რატომღაც, უცებ დავიხიე უკან, რადგან მომეჩვენა, რომ ის დასცინოდა ჩემს გრძნობებს.
_ როგორ არ ხარ, ხარ და არ გინდა ამის აღიარება, _ არ მომეშვა.
_ მე იმაზე მეტი ვაღიარე ახლა. ასე რომ, არც ამას დაგიმალავდი, _ მაინც მძლია სიამაყემ.
_ ო! _ ზუსტად ჩემნაირად შესძახა, _ მაშინ მითხარი, რომ არ გიყვარვარ.
_ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მე შენ არ მძულხარ.
_ ეგ პასუხი არ არის.
_ რატომ არ არის? მიყვარხარ კიდეც, როგორც უფროსი, თანამშრომელი და… როგორც მეგობარი, _ ვიპოვე გამოსავალი.
არ მიყვარხარ-მეთქი, ვერასდროს ვეტყოდი, რადგან გონის დაკარგვამდე მიყვარდა.
_ სულ ეს არის?
_ სულ ეს არის.
_ ეგეც საქმეა. მე კი მეგონა, თვალის დასანახავად გეჯავრებოდი.
_ რატომ გეგონა? ასე ნამდვილად არ არის.
_ იცი? დედაჩემს ძალიან მოეწონე. ასე მითხრა, ყველაზე კარგი გოგოა, ვინც კი შენ გარშემო ოდესმე მინახავსო, _ უეცრად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
_ მატყუებ, _ სიმწრით გავიღიმე.
_ არ გჯერა? ახლავე დაგიმტკიცებ, _ მოულოდნელად ჯიბიდან მობილური დააძრო და დარეკა, _ დედიჯან, ვუთხარი და არ სჯერა! _ ხმამაღლა თქვა, როცა მობილურში ქალის ხმა გაისმა, თან სპიკერზე დააყენა ტელეფონი.
_ ნუ აწვალებ მაგ გოგოს, თორემ მოგკლავ! _ გაისმა ქეთევანის მხიარული სიცილი.
_ რატომ ვაწვალებ, შენ არ თქვი, კარგი გოგოაო?
_ ნიკა! მორჩი ლაზღანდარობას და დროზე დაბრუნდი სახლში, გელოდებით!
_ კარგი, მოვრჩი, _ ტელეფონი გათიშა და კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა, _ ახლაც არ გჯერა?
_ ნახვამდის, ნიკა. გილოცავ, მრავალს დაესწარი, _ ცივად ვუთხარი და გამოვბრუნდი.
არ გამომკიდებია. ერთიანად დავიცალე ემოციებისგან. დამძიმებული შევბრუნდი ბინაში, კარი ჩავკეტე და კედელს ოხვრით მივეყრდენი. ორი წუთიც არ გასულა და კარზე კაკუნი გაისმა… ისეთი, ნიკასეული… ასე სხვამ არ იცოდა დაკაკუნება. ძალიან ნელა გამოვაღე კარი.
_ შენ თუ იცი, რომ შენი სენი გადამდებია? _ მკითხა და ზღურბლს უკითხავად გადმოაბიჯა.
_ ნუთუ? ვინ გითხრა? _ უკან დავიხიე და თვალებით გავბურღე.
_ მე გეუბნები. იმიტომ, რომ ამწუთას ვიგრძენი, მეც რომ გადამდე.
ჟრუანტელმა ერთიანად მომიცვა. მინდოდა დამეჯერებინა, რომ მართალს მეუბნებოდა.
_ და ისე გადამდე, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. თვალწინ მხოლოდ შენი სახე მიდგას ყოველთვის. შენ ჩემი კონკია ხარ.
_ თვითმარქვია დაგავიწყდა, _ ხმა ჩამიწყდა.
_ არ დამვიწყებია. თუმცა, სულ არარსებულს თვითმარქვია მირჩევნია… გამომყვები ცოლად?
მისი შეკითხვა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის. უეცრად თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. ნიკამ მსწრაფლ მომხვია ხელი და გულზე მიმიკრა.
_ შენ ყველაზე ლამაზი კონკია იქნები ჩვენი ქორწილის მეჯლისზე, რომელიც სულ მალე შედგება, _ ზედ ყურთან მიჩურჩულა, _ იქამდე კი მე შენს სენს ვუმკურნალებ, _ ამ სიტყვებით ყელზე დამეკონა, _ მიყვარხარ, ლო… ყველა ქალზე მეტად მიყვარხარ.
_ ვიცი, _ საყვარლად დავეჯღანე, რადგან მივხვდი, რომ ეს არ იყო სიზმარი და მისი ყველა სიტყვა გულწრფელად ჟღერდა.
_ მე კი ყველაზე ლამაზი პრინცი ვიქნები.
_ ეგ მეეჭვება, _ ეშმაკურად შევხედე.
_ მართლა? ესე იგი, აღიარებ, რომ ეს ის არ არის, რასაც შენ ელოდი?
_ არა… ეს მეტია, ვიდრე ველოდი.
_ ანუ, გომბეშოდ აღარ დამტოვებ?
_ არა, გადავიფიქრე, ქმრად პრინცი მირჩევნია.
_ მაშინ მაკოცე, რას უცდი, საცაა, თორმეტი ჩამოკრავს.
ვაკოცე… თან ისე, როგორც არასდროს… მთელი ჩემი ოსტატობა ჩავაქსოვე ამ ერთ კოცნაში _ რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი.
_ ახლა კი ჩაიცვი, გამოიპრანჭე. ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი არ დაგავიწყდეს. ჯერ აქ შევხვდეთ ახალ წელს, ნახევარ საათში კი ჩემები გველოდებიან. არ უნდა დავაგვიანოთ. მერე კი უკან დავბრუნდეთ და თაფლობის ღამე აქ გავატაროთ, დიდი ნაძვის ხის ქვეშ.
_ ჩემთვის მოაწყვე ის ყველაფერი?
_ აბა ვისთვის, მე სხვა არავინ მყავს, _ ცხვირის წვერზე მოწყვეტით მაკოცა.
_ სად არიან სხვა ქალები? _ ყასიდად გავიკვირვე.
_ ყველა ერთად შენში გადავცვალე. კმაყოფილი ხარ?
_ უუუუკმაყოფილესიიიიიი! _ მთელი მით ვიყვირე.
_ მაშინ დროზე, სანამ გადამიფიქრებია, _ გემრიელად გაიცინა.
_ რატომ მაწვალე ამდენი, რას მერჩოდი? _ ვეღარ მოვითმინე, ეს კითხვა არ დამესვა მისთვის.
_ შენ არა, შენს სიამაყეს ვერჩოდი, თანაც… სამწუხაროდ, შენ აღმოჩნდი ის საცდელი ობიექტი, რომლითაც საკუთარ ნებისყოფას ვამოწმებდი.

8 8 8
… ახალ წელს იქ შევხვდით, მის ნაქირავებ ბინაში, უზარმაზარი ნაძვის ხის გვერდით. მერე ნიკასთან გავედით, სადაც ათიოდე სტუმარი დაგვიხვდა, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები, მაგრამ მისი ოჯახის ახლობლები. მერე კვლავ უკან დავბრუნდით და თაფლობის ღამე «ჩავატარეთ», რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში თაფლობის თვედ გვექცა, თანაც… იტალიაში.
ჯვარი მხოლოდ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დავიწერეთ, რასაც მართლაც არნახული ქორწილი მოჰყვა. ჩემი ბედნიერება იმდენად უსაზღვრო იყო, სივრცეშიც კი აღარ ეტეოდა.
_ შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ, _ მიჩურჩულა ნიკამ, როცა საქორწილო სუფრის შემდეგ, ქეიფით და დროსტარებით დაღლილები საძინებელში შევდიოდით, _ და დღეიდან ჩემი ტყვეც. სამუდამო პატიმრობა გაქვს მოსჯილი, განაჩენი უკვე გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
_ მაგრამ რა დავაშავე, რისთვის დამაპატიმრე ასე მწარედ? _ ავყევი ხუმრობაში.
_ რომანტიკული დანაშაულის ჩადენისათვის. ხომ არ დაგავიწყდა, რომ შემაცდინე?
_ არა, არ არ დამვიწყებია… შენ როგორ ფიქრობ, ნიკ, ეს კარგია თუ ცუდი? _ ვკითხე და სანამ რამეს მეტყოდა, სასწრაფოდ დავამატე, _ რა თქმა უნდა, კარგია, _ ჩემს საყვარელ შეკითხვაზე, ცხოვრებაში პირველად, მქონდა პასუხი.
_ უუუუუკარგესიიიიიიი! _ მთელი ხმით იყვირა ნიკამ, ხელში ამიტატა და საძინებლის კარი ფეხით შეაღო…



№1  offline წევრი eleonor

როგორც მახსოვს ამის მითითება არც მე დამვიწყებია fellow

 


№2  offline მოდერი Amalthea

უფ, როგორ მიყვარს <3 love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№3  offline წევრი Marryam

როგორ მიყვარს ეს ისტორია ^^ ერთხელ უკვე წაკითხული მქონდა და მეორედ წავიკითხე ^^ უუკარგესია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent