ლინდა
ქალაქის გარეთ რამდენიმე კილომეტრში, სადაც მდინარე მოედინება და სულ მთებია ირგვლივ, არის ერთი პატარა წყნარი ადგილი, სადაც წყვილები იყრიან ხოლმე თავს. სიყვარულის ბუდე, როგორც ეძახიან ზოგადად ასეთ ადგილებს. 14 თებერვალს განსაკუთრებით ხალხმრავალია აქაურობა, ღია ცის ქვეშ გაშლილი მაგიდები, ცეკვა, ბუნების სულიც იგრძნობა თითქოს და ვარსკვლავების ქვეშ იფრქვევა სიყვარულის აბობოქრებული ზვირთები და ამ ზვირთებში იძირებიან სიყვარულის ცეცხლში გახვეულნი. ლინდა და ფრანცისკოც 3 წელია რაც ამ დღეს აქ ამოდიან და აღნიშნავენ მათ გრძნობათა შერწყმას, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, მათ ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ლინდა სამუდამოდ მიაჯაჭვა ეტლს თითქოს მათი სიყვარული არ გააქრო, უბრალოდ სიყვარული გადაიზარდა სიბრალულის გამომხატველ ბუნებრივ მოქმედებად. ასე მიაჩნდა ლინდას, მაგრამ ფრანცისკოსთვის მისი ცოლის ფიზიკურ–სულიერი გარდაქმნა იმდენად მძიმე იყო, რომ ცხოვრების სილამაზე გადაექცა ყოველ ღამით ცოლის ცრემლებით დასველებულ რაღაც ამოუცნობ გრძნობად. უყვარდა, მაგრამ ტკივილით სავსე, სიბრალულით დაბურული, მძაფრი ქარტეხილებით მოცული გრძნობა იყო ეს. მის თავსაც ადანაშაულებდა ლინდას ცხოვრების დანგრევაში, რადგან რომ დაეჯერებინა ცოლისთვის და მანქანა აწყვეტილი რაშივით არ აეშვა გზაზე ახლა ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა როგორც ადრე და სიყვარულის დღეს იცეკვებდნენ სხვა წყვილებივით შუა მინდორში ფეხშიშველნი და ცხოვრების სიგიჟით გაგიჟებულნი, რომელთაც ახალგაზრდობის წლებიც და სიყვარულის გარეგანი ეროტიკულობა აბრმავებთ და ახელებთ, მაგრამ რეალობას ფრანცისკო სასმელში ახრჩობდა და ძალით წამოეყვანა ლინდა აქ, რადგან ცოტათი მაინც გაეხსენებინათ მათი გიჟური ვნებები. –ზევით ადექი. დღეს სიყვარულის დღეა და ჩემთან უნდა იცეკვო, ხედავ ჩვენ ირგვლივ წყვილებს, მათ ხმაურს, სიცილს, შენ კი სახე ჩამოგტირის. ადექი–მეთქი მალე. ტანგოს მსუბუქი მელოდებიები ოთახებს სარტყელებში აქცევდნენ და მუსიკებგაჟღენთილი ოთახიდან მხოლოდ სიყვარულის სუნი აღწევდა ირგვლივ. – ადექი–მეთქი მაგ წყეული სავარძლიდან გესმის?! თვალებშიც ვერ მიყურებ ხომ? რატომ ჩაგიქრა ეგ ზღვისფერი თვალები, შენი სიმხიარულე, ცისარტყელები შენი ხასიათების ფერებში რატომ გაშავდა და ჩააბნელე?რატომ ლინდა? განა ვერ ხედავ ეს ყველაფერი როგორ ნელ–ნელა მანადგურებს? ნუთუ არ შეგიძლია ოდნავ მაინც მომაჩვენო თავი რომ ყველაფერი კარგადაა? რომ შენ ჩემი ცოლი გქვია? რომ ის ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც მე მიყვარდა და მიყვარს? შენი გარდაქმნა, ძველი შენი ხასიათების, ცხოვრების შეგრძნების, ემოციების, სიგიჟის დასამარება ხომ ხედავ რომ მეც მასამარებს და ლამის ვიძირები ამ უიმედობაში, შენი ყოველი გამოხედვა მახსენებს, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და ჩემი სათრევი ტვირთი უფრო და უფრო მძიმდება შენს ყოველ გამოხედვაში, შენი ეს მზერა დანაშაულის გრძნობას მიათმაგებს და ლოდებდამძიმებული ტვირთი ლამის ყოველდღე მაწამებს. ადექი–მეთქი, ვიცეკვოთ, მე აგიყვან ხელებში და უბრალოდ ვიცეკვოთ დილამდე, რეალობას მოვწყდეთ და ტკივილი გავატანოთ ღამეს, დღეს სიყვარულის დღეა ლინდა, დღეს ჩვენი დღეა... – სახლში წავიდეთ ფრანცისკო, მეტი აღარ დალიო. ნუ ამუქებ ჩვენს ისედაც გამუქებულ რეალობას, როგორც მე ვერ ავდგები ამ წყეული ეტლიდან ისე ჩვენი ძველი ცხოვრება არ დაბრუნდება. ხო, იმ აალებულ ცეცხლში დაიწვა იგი ტრასაზე და უკან ვერ დავიბრუნებთ. გთხოვ უბრალოდ ადექი და წავიდეთ, არ არის ჩვენი ადგილი ამ წყვილებს შორის, ხომ ხედავ როგორი ბედნიერები არიან ჩვენ კი მათი ცქერა უფრო გვიმძაფრებს ტკივილებს, არ გინდა გთხოვ, უბრალოდ წავიდეთ... ფრანცისკო ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ცოლს, ცოლს რომლის გარეგნობასაც რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ და წარმოიდგინეთ ცისფერი თვალები, რძისფერი კანი და შემოდგომის ფოთლების ფერი თმა, ოდნავ ჭორფლებიც სახეზე, სილამაზე დამწყვდეული თითქოს ეტლის მკლავებში, ერთ დროს სიგიჟით სავსე ლინდა, რომლის მთავარი ხიბლი სიცილი იყო ახლა მდუმარების ანგელოზად ქცეულიყო. აი, წარმოიდგინეთ მთებით გარშემორტყმული მწვანე მინდორი და მინდვრის შუაგულში ეტლში მჯდომი ჩუმი ქალი, როგორიც აღგიწერეთ ისეთი და ეს ქალი დუმს, უბრალოდ უსმენს მთებს და ფოთლების შრიალს, ლინდაც ასეთი იყო, მუდამ სადღაც გარინდული, პარალელური ცხოვრების მქონე, ჩაკეტილიც გახდა, არაფერი ახალისებდა, ცხოვრება დანგრეული ქალი იყო, რომელსაც საიმისოდ ძალა არ ჰყოფნიდა რომ კვლავ ისე ისე ეცხოვრა როგორც ამ ტრაგედიამდე იყო, ქალი სრულიად მოეცვა პიროვნულ ტრაგედიას და სურდა ეს ინდივიდუალური ტანჯვა მხოლოდ მისი ყოფილიყო და ფრანცისკოს არ ეგრძნო ეს ყველაფერი, მას სიბრალულის ეშინოდა, როდესაც სიყვარული სიბრალულად გარდაიქმნება ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს, მეტიც, ქმარს სთხოვდა, რომ გაშორებულიყო და ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ ფრანცისკოს უყვარდა ის, უყვარდა როგორც ქალი და არა ეტლში მჯდომი საბრალო არსება. – კარგი, ასე ხომ ლინდა, ახლა ჩვენ იმ გზას გავუყვებით მთისკენ და იქ განვმარტოვდებით, თუ გინდა სიმარტოვე დაე იყოს შენ როგორც გსურს. ფრთხილად წამოდგა ფრანცისკო, ეტლს უკან ამოუდგა ქალს და იქვე, პატარა ბილიკზე გამოიყვანა, რომლის გზაც ზევით მთისკენ ადიოდა და სულ მაღლა კუნაპეტ სიბნელეში უჩინარდებოდა. – ფრანცისკო ხომ არ შეიშალე, გეყოს და წავიდეთ–მეთქი სახლში, ხომ ხედავ რომ უფრო მეტად მოქმედებს ჩემზე ეს ყველაფერი. ქალის ხმაში მუდარის და შიში იგრძნობოდა, არ იცოდა რაზე ფიქრობდა მისი ქმარი და თვალებიც აცრემლებოდა, მძიმე იყო ეს ყველაფერი საბრალო ლინდასათვის. ფრანცისკო კი დინჯად მიუყვებოდა ვიწრო ბილიკს მთისკენ, სიყვარულის ბუდე უკვე აღარ მოჩანდა, აღარც სიმღერის ხმა მოისმოდა. გზას მხოლოდ მთვარე უნათებდათ და მთის ირგვლივ ყველაფერი ხელის გულივით იშლებოდა, როდესაც ლინდა მთის ყველაზე შემაღლებულ ადგილას აიყვანა ლამის ცასთან იყვნენ, ვარსკვლავები ოქროსფრად ელვარებდნენ და კომეტა ჩაიქროლებდა ხოლმე ცის კიდეებზე. ერთხან ჩუმად იყვნენ, უბრალოდ ირგვლივ განათებულ ქალაქს გასცქეროდნენ, მდინარეს, რომელიც ხმაურიანად მიედინებოდა ქვევით და ამ სიჩუმემ ლინდა ცოტათი დააწყნარა, თავი მძიმედ მიატრიალა ქმრისკენ და სუსტი ხმით ჰკითხა... – სიყვარულს რისი სუნი აქვს ფრანცისკო? კაცი არ მოელოდა ამ კითვას, ცოტა ხანს დაფიქრდა და სრულიად დარწმუნებულმა უპასუხა. – ღმერთის ლინდა. – და ღმერთს რისი სუნი აქვს? – ღმერთს ღმერთის სუნი აქვს ლინდა. – ბედნიერებას რისი აქვს? – ბედნიერებას შენი კანის სუნი აქვს ჩემთვის ლინდა. – სიჩუმეს რისი სუნი აქვს? – სიჩუმეს არაფრის სუნი აქვს, სიჩუმე სურნელების გარეშე დარჩენილი ყვავილია, ყველამ რომ მიატოვა ის და მისთვის ირგვლივ ყველაფერი გაზაფხულის ბგერებს ჰგავს. – მე რისი სუნი მაქვს ფრანცისკო? – შენ ჩემი სუნი აგდის ლინდა, ჩემი სურნელება აგდიოდეს იქნება მთელი ცხოვრება. – და შენ რისი? ოდნავ ხასიათზე მოვიდა ქალი, ხშირად არ ხდებოდა ეს, მაგრამ ცხადი იყო, რომ განმარტოებამ მთის პირას რაღაც სასიამოვნო გააღვიძა მასში. – იცი ლინდა ეს შენ მე რისი სუნი ამდის, რატომ მეკითხები? თან გაუღიმა ქალს და სახეზე ნაზად მოეფერა. – აი იმათ რომ ცეკვავენ, სიყვარულის ცეკვას რისი სუნი აქვს? – სიყვარულის ცეკვას გიჟური შეგრძნებების, ქალის წელის, მისი სუნთქვის, მისი მოძრაობების სუნი. – მომიყევი რაიმე ფრანცისკო, ადრე რომ მიყვებოდი ხოლმე ისეთი. ფრანცისკო დაფიქრდა, ცას ახედა და მშვიდად ალაპარაკდა. – ზღების ხმაურში, სადაც ცისარტყელა ამოშვერილიყო უძირო სანაპიროდან და ირგვლივ მხოლოდ თოლიები ფრენდნენ ერთი კაცი იჯდა და ვიღაცას ელოდა. ელოდა ქარში, როცა შტორმს ლამის ბობოქარ ტალღებში გაეტაცა, ელოდა მცხუნვარე მზეშიც, რომელიც კანს უხეთქდა და წყლულებით დაფარვოდა მთლიანი ტანი, ელოდა, გასცქეროდა ზღვის ჰორიზონტს და მთელი მონდომებით აკვირდებოდა რაღაცას. დრო გადიოდა, ის კი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე იჯდა და არ მიდიოდა არსად, წლები გადიოდა ლინდა, მაგრამ იგი ფეხს არ იცვლიდა. თოლიები დამწუხრდნენ მის შემხედვარე და უთხრეს ფრენას გასწავლითო, მაგრამ მას ფრენა არ უნდოდა, ზღვამ კი მოჯადოება სცადა მისი და დაპირდა მოეშვი მაგ უაზრო ლოდინს და ხის ნავით გაცურე დინებაშიო და მზეს მიწვდიო, რომელიც ჩემს სამყოფელში ჩაბრძანდებაო ყოველ ღამით, მაგრამ ამ კაცს არც მზის ხილვა უნდოდა ლინდა. წლები გადიოდა, ტანზე ნაოჭები ხავსებად ექცა ლამის, გადათეთრებოდა თმა და წელში მოხრილიყო და ერთ წვიმიან დილასაც საბოლოოდ დაეხუჭა ზღვისფერი თვალები და ტალღები სადღაც მიაქროლებდნენ. ერთ მოხუც თოლიას კი უთქვამს, ერთ მზიან დილას ამ სანაპიროზე ეს კაცი ზღვის ქალღმერთს შეხვდაო, ყოველ ღამით უმღეროდაო, ეცეკვებოდაო, მის სველ კანს მშრალი ენით ეფერებოდაო, მასთან ერთად იძინებდაო და ერთ დილასაც ზღვის ქალღმერთმა ოკეანეში შეცურვა მოინდომაო და კაცს დაპირდაო, რომ უთუოდ გამოვალო სანაპიროზე, შენი კი მელოდეო აქ. ის კაცი კი მთელი ცხოვრება იჯდა ზღვის პირას და ელოდებოდაო ლინდა მას... მის ლოდინში მოკვდაო ლინდა. ლინდა ისმენდა ამ ამბავს და სახეზე საოცარი გამომეტყველება აღბეჭდოდა, მოსწონებოდა ზღვის ქალღმერთზე შეყვარებული კაცის ამბავი და უკვირდა რატომ არ თხოვდა ხოლმე ქმარს რომ ხშირად მოეყოლა ასეთი ამბები მისთვის. ქმარს ახედა და წაიჩურჩულა. – ზღვის ტალღებს იგი ზღვის ქალღმერთთან მიჰყავდათ ხომ ფრანცისკო? – ალბათ, თოლიები ასე ამბობენ დღესაც, რომ ზღვის ხმაურში ამ კაცის და ზღვის ქალღმერთის ხმებიც ისმისო, დავუჯეროთ თოლიებს... სიჩუმემ მოიცვა ცოტა ხნით ორი მსახიობის თეატრი მთის პირას, რომლის იდილიაც კვლავ ქალმა დაარღვია. – ხელი მკარი ფრანცისკო, მკარი და მთის ქვებში გავქრები, სიღრმეში გავშლი ფრთებს, არავინ გაგკიცხავს, შენ არ ხარ ვალდებული შენი წლები მე შემომწირო, შენი ძვირფასი ცხოვრების შეგრძნებები გაცვალო სიბრალულში ჩემს მიმართ, შენ არავინ გაგკიცხავს ფრანცისკო, შენ უკეთესს იმსახურებ, ამით მეც გამათავისუფლებ ტანჯვისგან და შენც თამამად შეგეძლება დასტკბე ცხოვრებით, უბრალოდ მკარი ხელი. ლინდა ჩუმად საუბრობდა, მის სიტყვებში ყველაფერი ერთად არეულიყო, განწირულობაც, ტკივილიც, დაღლაც, სასოწარკვეთაც, სიყვარულიც კი და განცდა დასასრულისა... – შენს სიტყვებს იცი რისი სუნი აქვს ლინდა? იცი ამ სიტყვებს რასაც მეუბნები რა სუნი ასდის? – რისი? ჩაფიქრებულმა ჰკითხა ქალმა. – არაფრის, სიცარიელის, უიმედობის. დღეს 14 თებერვალია ლინდა, ამ დღეს გაგანდე ჩემი სულის დამალული განცდები და შენც აალებული თვალებით მიცქერდი. ჩვენი გადაჭდობილი და შერწყმული ცხოვრების ძაფები იმდენად აიხლართა ერთმანეთში, რომ რომც მინდოდეს იმის ძალა არ მეყოფა რომ ისინი დავაშორო ერთმანეთს. შენი სულიერების გამომხატველი ფერები იმდენად შეითვისა ჩემმა ერთ დროს სიცარიელედ ქცეულმა გრძნობებმა, რომ შენ მე ახლებურად გამიღვიძე მიძინებულ სულიერებაში სიყვარულის მთელი სიძლიერე და ჭეშმარიტება. ჩვენ ერთმანეთის სუნი აგვდის და ვერც სიკვდილი ვერ გააქრობს ამას და ეს სიმძაფრე დაუსრულებლივ გაგვყვება. ტკივილმა, შენმა სასოების გარეშე დარჩენილმა ახლანდელმა ყოფამ სიბრალულით ვერ შემიცვალა ეს ყველაფერი, სიბრალულის სუნი არასოდეს აუვა შენს სხეულს, ჩემს შენდამი დამოკიდებულებას, დაიჯერე ეს ლინდა, სიყვარულია ყოვლის მომცველი დიადი გრძნობა და მასშია ყოველი რაც კი რამ ძვირფასია ქვეყნად. შენი ეს აპათია იმდენად გაგიჯდა სხეულში, რომ რთულია ძველ ლინდად გარდაიქმნა კვლავ და გიხაროდეს ყოველი. შეეგუე ლინდა ამას, მე შენ მიყვარხარ ეტლშიც და მის გარეშეც, ეს მხოლოდ გარეგანი ცვლილებებია, რომელიც სულიერ სიღრმეებში ვერასოდეს ვერ შეაღწევს და ვერ გარდამქმნის უბრალო შემბრალებელ ადამიანად, რომელიც შენთან მოვალეობის გამო იქნება, არა ლინდა, სჯობს დაიჯერო, სჯობს შემომხედო და დამიჯერო. – და სიკვდილს რისი სუნი აქვს? ამ კითხვას არ ელოდა ფრანცისკო, ალბათ სიყვარულის დღეს ასეთ კითხვას არც ერთი ქალი არ უნდა ეკითხებოდეს საყვარელ კაცს, მაგრამ ლინდას მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ეს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. – სიკვდილს დასასრულის სუნი აქვს, ოღონდ ამ დასასრულს საბოლოოდ ყველაფრის დასამარების სუნი არ ასდის. სიკვდილს ხორცის სუნი ასდის, ჩვენი სხეულთა სურნელება, ხოლო სული კი სამუდამო შრეებში ინაცვლებს და თან მიჰყვება ეს ყველაფერი, რაცას ჩვენ აქ ერთმანეთის მიმართ განვიცდით. – სულს რისი სუნი აქვს? – სულს სულის სუნი აქვს, სხვა არაფერი უნდა ასდიოდეს მას, გეყოს ლინდა, ნუ ჩამეძიე ამ შენი სუნებით, სჯობს მოინდომო, მხრებზე მაგრად მომხვიე მკლავები და მთის პირას, ცის ქვეშ ვიცეკვოთ ცოტა. ლინდა ჩუმად იყო, არც არაფერს ამბობდა. ფრანცისკო კი ფრთხილად დაიხარა, ქალს წელზე მოხვია ხელები და ჰაერში აიტაცა, თან ნაზად მკერდზე მიიხუტა. თოჯინასავით ქანაობდა ლინდა ჰაერში, თავი ქმრის მხრებზე მძიმედ ჩამოედო და თვალები მაგრად დაეხუჭა. მხოლოდ ცა, ვარსკვლავები, მთების სიმაღლე და ამ სიმაღლეზე მოცეკვავე ლინდა და ფრანცისკო, სიჩუმის მელოდიაზე ცეკვავდნენ მხოლოდ. შემდეგ კაცმა ქალი ფრთხილად ჩაუშვა ეტლში, ერთმანეთს რატომღაც თვალებს უმალავდნენ, ეტლის უკან ამოუდგა და მთელი ძალით გააქანა ძირს, თან ოდნავ სიხარული ეფინა გაცრეცილ კანზე, ლინდას მიაქროლებდა და ეს სიჩქარე ქალსაც საოცარი ენერგიით ავსებდა. თითქოს ფრანცისკოს ფრთები გამოსხმოდა და ეტლიან ლინდას მიაქროლებდა უნაპირო სიღრმეებისაკენ, უნაპირო ზღვებისაკენ, უნაპირო დღეებისაკენ, უნაპირო სიყვარულისაკენ, უნაპირო ცხოვრებისაკენ. ღამე უკვე ინთქმებოდა მზის საცეცებში და მთის სიმაღლიდან ორი ადამიანის სილუეტი მოჩანდა მხოლოდ. ირგვლივ მხოლოდ ლინდას და ფრანცისკოს სურნელება ასდიოდათ ყველაფერს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.