შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვალენტინობა


10-02-2016, 17:06
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 203

ქარი სულ უფრო ძლიერდებოდა და მასთან ერთად ხედვაც ჭირდა. მინის მწმენდი ვერც ასწრებდა საქარე მინის გასუფთავებას თოვლისაგან.
-როგორ მიყვარს ჩემი თბილი ოფისი,- ამოიოხრა გიორგიმ და დაღლილი თვალები შეანათა ნავიგატორს, რომელიც სულ ჭედავდა და ალბათ აღარც აპირებდა ნორმალურად ამუშავებას.
12 თებერვალს თანამშრომლები გუდაურში წავიდნენ მთელი მხიარული კომპანიით. გადაწყვიტეს, რომ ვალენტინობას ერთად უნდა შეხვედროდნენ. რა თქმა უნდა, ვალენტინობას... ამათ მხოლოდ დალევის მიზეზი მიეცი. გიორგი 13-ში დილას უნდა ჩასულიყო, გენერალურ მენეჯერს საქმე მაინც ჰქონდა და საღამოს წასვლაზე უარი განაცხადა. დილით, როდესაც მთაში წასვლა საკუთარი მანქანით გადაწყვიტა, ბიჭი მთლიანად მიენდო ამინდის პროგნოზს, მაგრამ სინოპტიკოსებმა, როგორც წესი ისევ ივაჟკაცეს და გიორგი დარჩა თავისი ML-ითა და გაფუჭებული ნავიგატორით თოვლისა და ქარიშხლის წინაშე ერთი ერთზე. მთებს უყვართ თამამები, ემორჩილებიან თავზეხელაღებულებს, სჯიან თავდაჯერებულებს და არ პატიობენ სულელებს.
როდესაც მანქანა მოსახვევში მოცურდა, ბიჭმა შეშინებაც ვერ მოასწრო იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი. საბურავი ყინულზე მოცურდა და მანქანა მთელი ძალით შეასკდა თოვლის გროვას. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნოუთბუქი, რომელსაც გიორგი არასოდეს შორდებოდა და მანქანაშიც გვერდით სკამზე ედო, ძლიერად მოხვდა თავში და დარტყმამ მომენტალურად გათიშა ბიჭი. თოვლის საფარს იქით საკმაოდ დიდი ორმო აღმოჩნდა, რომელშიც გიორგის მანქანა ჩაეკიდა. ბამპერი ხეს წამოედო და მანქანა გაიჭედა, ვერც წინ ვარდებოდა და ვერც უკან დახევდა მძღოლი საკუთარი ძალებით.
მანქანაში უცებ ჩამოცხა. ბიჭი კი აზრზე გამონაბოლქვის სუნმა მოიყვანა. პანიკას აყოლილმა მანქანა დაქოქა, მაგრამ ძრავმა დაჭრილი დევივით ამოიღმუვლა და ჩაქრა.
-კარგი, გიორგი, დამშვიდდი,- ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, რადგან სიჩუმე აშინებდა,- გაიხსენე რა შეიძლება გააკეთო ამ სიტუაციაში... რა უნდა გავაკეთო? აბა მე რა ვიცი... ოდესმე ვყოფილვარ მთაში? რაც არ ვიცი რა უნდა გავიხსენო? ყველას გავყრი სამსახურიდან თუკი აქედან ცოცხალმა გავაღწიე,- გულით წამოიძახა ბიჭმა და მაშინვე შიშისგან შეჰყვირა, რადგან მანქანას რაღაც მოხვდა,- არა... არა... სიკვდილისთვის ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ. ნუთუ ცხოველია? არ გავაგდებ არავის სამსახურიდან, ოღონდ ახლა გადამარჩინე ღმერთო,- ალბათ ვინმემ რომ მოისმინოს ეს სიტყვები იტყვის, რომ გიორგი მახარაძე კლონით შეცვალეს, რადგან ბიჭი დარწმუნებული ათეისტია და არ აღიარებს უზენაეს ძალებს.
ტელეფონი არ იჭერდა, 112-ზეც არ ირეკებოდა, ხოლო უცნაური ხმა აღარ განმეორებულა. მხოლოდ რამდენიმე წუთში გიორგიმ ლამის მიკროინფარქტი გადაიტანა, როდესაც შუშას უცნაური არსება მიეწება. ახლოდან შესწავლისას კი აღმოჩნდა მოთხილამურე სათვალით და ნიღბით შემოსილი. მან ოდნავ გათხარა თოვლის საფარი და მანქანაში შეძვრა. წითელი სნოუბორდი უკანა სავარძელზე მოათავსა უპარდონოდ და სათვალე მოიხსნა. ქუდიც გადაიხადა და შეანათა ბიჭს თავისი ქათქათა ღიმილი. 19-21 წლის გოგონა აღმოჩნდა გიორგის მოულოდნელი ხსნა. ცეცხლივით რიჟა თმები ჰქონდა, თეთრი კანი და მიუხედავად მისი სიფერმკრთალისა, მაინც კარგად სჩანდა ჭორფლები ცხვირზე. აი ტუჩები ცოტა არაპროპორციული ჰქონდა, ქვედა უფრო დიდი, ვიდრე ზედა... და სულ ლურჯი.
-შენი მანქანის ძრავის ხმა გავიგე,- მიაჩერდა ბიჭს,- აქ როგორ აღმოჩნდი?
"უცერემონიოა"- გაიფიქრა გიორგიმ, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, ეს პატარა რიჟა თოჯინა მისი ერთადერთი ხსნაა, ამიტომ ეტიკეტი და ასაკობრივი სხვაობა დროებით უნდა დაივიწყოს და მიიღოს მისი წესები.
-ნავიგატორმა მიმტყუნა,- უპასუხა მშრალად.
-და მანქანამაც. ტექნიკას უყვარხარ,- გადაიკისკისა გოგონამ,- გუდაურში მიდიხარ?
-კი,- დაეთანხმა გიორგი,- შენც ხომ?
-ბინგო,- ჩაუკრა თვალი გოგონამ,- შეგიძლია გამომყვე, მაგრამ 5 კილომეტრი მაინც იქნება დარჩენილი. და კიდევ, მე მერი მქვია. მერი ვებერი.
-ვებერი?- გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა გიორგის.
-ჰიჰი,- ჩაიცინა მერიმ,- მამაჩემი გერმანელია.
-გიორგი,- დაუკრა ოდნავ თავი ბიჭმა,- კონიაკი მაქვს, დალევ?- სცადა თემის გადატანა დარცხვენილმა.
-ჩვენი გაცნობის იყოს?- კიდევ ერთხელ გაეცინა მერის.
-არა,- გააქნია თავი ბიჭმა,- ტუჩები გაქვს სულ ლურჯი, ალკოჰოლი კი გაგათბობს.
-მე გათბობის სხვა მეთოდებიც ვიცი,- ჩაუკრა თვალი გოგონამ. გიორგი გაშტერდა, მერე კი პატარა გოგოსავით გაწითლდა, რომელსაც პირველად აუხსნეს სიყვარული.
-მე... მე...- დაება ენა,- ჩვენ ხომ ერთმანეთი ახლახანს გავიცანით?- და ეს არის 28 წლის ჩამოყალიბებული და თვითდაჯერებული მამაკაცი? ჰა, ჰა და კიდევ ერთხელ ჰა. ამ გოგოს გვერდით სულ იბნევა და წითლდება. არადა სულ რამდენიმე წუთია რაც გაიცნო.
-განა შენ არ თქვი რომ გუდაურში მოდიოდი?- შეხედა თავისი დიდრონი თვალებით გიორგის და ბიჭმა მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ გოგონას ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც ისევე ითრევდა, როგორც დედამიწის ზედაპირის ხსენებული ტიპი.
-კი...- გიორგიც დაიბნა.
-მერე იქ, სასტუმროში, ბუხრის წინ კარგად გავთბებით. რა შუაშია ახლახანს გავიც... მოიცადე, შენ რა გაიფიქრე?- ამჯერად მისი სიბრაზისაგან ანთებული თვალები სულ შავი სჩანდა.
-ბოდიში,- ამოიხრიალა გიორგიმ,- სტრესი, სიცივე და თან თავი მივარტყი,- აჩვენა ადგილი სადაც ტექნიკის საოცრება მოხვდა.
-სისხლი მოგდის,- უცებ დაავიწყდა სიბრაზე გოგონას,- სად არის სამედიცინო ყუთი?- მიმოიხედა მერიმ.
გიორგიმ ხელი მოიკიდა თავზე და ამოიხვნეშა. სისველე საკმაოდ საგრძნობი იყო, ტკივილი კი შემაწუხებელი. ამოიღო სავარძლის ქვემოდან თეთრი ყუთი, დაიმუშავა ჭრილობა და გადაიკრა პლასტირი.
-კარგია?- ჰკითხა საკუთარი თავით კმაყოფილმა.
-ცოტა გვერდულადაა, მაგრამ ასე უკეთესია,- გაუღიმა გოგონამ,- წავედით?
-კი. ზურგჩანთას ავიღებ,- თქვა ბიჭმა და უკანა სავარძლიდან მოზრდილი ჩანთა აიღო. ჩადო კომპიუტერიც და კონიაკიც. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
-ტროსი ხომ არ გაქვს?- ჰკითხა მერიმ.
-მხოლოდ ბუქს,- უპასუხა გიორგიმ.
-წავა,- გაუხარდა გოგონას და სანამ გიორგი ტროსს იღებდა უკანა სავარძელზე გადამძვრალი, პატარა ლექციაც წაუკითხა,- მიუხედავად იმისა, რომ გადაბმულები ვიქნებით, შეიძლება მაინც დავიკარგო. ასეთ შემთხვევაში ტყეში დაიმალე, იქ ქარი არც ისე ძლიერია. თუ ძალიან შეგცივდება, მშრალ თოვლში ჩაწექი. იქამდე რაც შეიძლება სქელი ტოტი მოტეხე და ქარის საპირისპირო მხარეს დაჯექი. თოვლი დაგაყრის, მაგრამ არ დაგავიწყდეს აკონტროლო საფარის სისქე ტოტით და ვენტილაცია. იმოძრავე, გაადიდე სივრცე შენს გარშემო და არავითარ შემთხვევაში არ დაიძინო,- გოგონა მომენტალურად დასერიოზულდა და თვალებში შეხედა წინა სავარძელზე დაბრუნებულ ბიჭს,- ხომ გაიგე? არ დაიძინო.
-გასაგებია,- გაუღიმა გიორგიმ,- საიდან ამდენი ცოდნა?
-მშობლები გეოლოგები არიან, ამიტომ ბავშვობიდან დავდივარ მთებში.
-ახლა აქ როგორ აღმოჩნდი?- ამჯერად ბიჭმა დაუსვა კითხვა, რომელიც აწუხებდა.
-მეგობრებთან ერთად წამოვედი სასრიალოდ. როდესაც სასტუმროში წასვლა გადაწყვიტეს, მე დავრჩი, რათა კიდევ ერთხელ დავშვებულიყავი, მაგრამ უამინდობამ ჩამიშალა გეგმები და საბოლოოდ ბედისწერამ შენთან მომიყვანა.
-არანორმალურო,- გაბრაზდა ბიჭი,- გარეულ ცხოველებს რომ დაეგლიჯე?
-აქ არ არიან საშიში ცხოველები,- გაეცინა გოგონას,- თან ასეთ სიცივეში ყველა ცოცხალი არსება თავის თბილ სოროშია შემძვრალი,- გიორგიმ თავი გააქნია. მერის გაეცინა,- წავედით?- ჰკითხა კიდევ ერთხელ.
-კი,- დაეთანხმა ბიჭი და ღრმად ჩაისუნთქა. წინ დიდი გზა აქვთ. მერიმ თავისი სნოუბორდი აიღო და პირჯვარი გადაიწერა. გიორგიმაც მას მიჰბაძა.
მანქანიდან გადმომძვრალები მაშინვე თოვლში ჩაიმალნენ. მერი მსუბუქი იყო, ამიტომ პრობლემა არ შეჰქმნია, მალევე ამოვიდა, აი გიორგის ამოსაძრომად მერის დახმარება დასჭირდა. მთელი ძალით ჩაებღაუჭა გოგონას გაწვდილ სნოუბორდს და ისე ამოძვრა. თოვლის საფარში დიდად არ ციოდა, მაგრამ საკმარისი იყო გამოსულიყვნენ ღია სივრცეში, რომ სიცივემ ძვალსა და რბილში გაატანა. თან მერისგან განსხვავებით, რომელიც სპეციალურ თერმულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, გიორგის მხოლოდ დათბილული შარვალი და დუტის ქურთუკი ეცვა, რომელიც ამ სიცივეში დიდად ვერ შველოდა. ხილვადობა კი თითქმის ნულის ტოლი იყო. გიორგი მზად იყო ბევრი რაღაც დაეთმო თუნდაც უბრალო მზის სათვალისათვის. ქარი სახეში სცემდა და კიდევ უფრო ურთულებდა ისედაც რთულ ყოფას.
-თუ რაიმე დაგჭირდება, ტროსი დაქაჩე,- უყვირა გოგონამ.
-კარგი,- ყვირილითვე უპასუხა გიორგიმ, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ გოგონამ გაიგო. მერი წინ წავიდა, გიორგი კი ახალფეხადგმული ბავშვივით უკან მიყვა ნელი ნაბიჯით.
ქარი საშინლად უშლიდა ხელს მთებში დაკარგულ მგზავრებს. ხან სახეში ეხეთქებოდათ და გაუნგრეველ კლდედ ეჩვენებოდათ დაღლილებს, ხან კი მიმართულებას იცვლიდა და ზურგში სცემდა მათ ისე, რომ მთელ ძალას ახმარდნენ ფეხზე დარჩენის მცდელობას.
მაშინ, როდესაც ძალა აღარ შერჩათ და ენერგიაც გამოელიათ, ბიჭმა იგრძნო, რომ ტროსმა დაჰქაჩა. როგორც კი მივიდა მერისთან, დაინახა, რომ გოგონა უგონოდ ეგდო თოვლში.
-მერი, არ დაიძინო,- ყვიროდა ბიჭი მთელს ხმაზე, მაგრამ გოგონას მისი აღარ ესმოდა,- მერი... მერი...
და იმ წამს, როდესაც ბიჭმა დანებება გადაწყვიტა. როდესაც აპირებდა იქვე დაწოლილიყო და ამ პატარა პეპისთან ერთად მიეღო თავისი ბედი, დამწვარი შეშის სუნი იგრძნო. სადღაც ახლოს შეშას წვავდნენ... ანუ სოფლამდე მოაღწიეს. მერიმ ის გადაარჩინა, ახლა მისი ჯერია. ამ აზრმა თითქოს მეორე სუნთქვა გაუხსნა. ფეხზე წამოდგა და გოგონა ხელში აიყვანა. თავისდა სამარცხვინოდ მიხვდა, რომ გოგონა მასზე ბევრად გამძლე აღმოჩნდა. ძალიან უჭირდა გოგონას ტარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მსუბუქი აღმოჩნდა. ალბათ მისი სნოუბორდიც კი მასზე მძიმე იყო. და როგორ ატარა ამხელა გზაზე? ეს პატარა ფერია აოცებდა და ძალას აძლევდა ბიჭს, რომლის ფიზიკურ აქტივობას შეადგენდა ფეხით სიარული ოფისიდან მანქანამდე და თვეში რამოდენიმეჯერ აუზში ცურვა.
რამდენიმე წუთი ასე იარა და გიორგიმ ქარბუქში დაინახა მკრთალად განათებული სასტუმრო. შარფი, რომელიც თავიდან თბილმა სუნთქვამ გაათბო, უკვე გაიყინა. ცრემლების კრისტალები კი ლოყებზე შეეყინა. სულ უფრო უჭირდა სიარული, მაგრამ მას გოგონა უნდა გადაერჩინა, ამიტომ განაგრძობდა სიარულს. მხოლოდ მისი გულისთვის, საკუთარი თავი რომ ჰყოლოდა მხოლოდ მინდობილი, აუცილებლად დანებდებოდა.
სასტუმროს კედელი ქარბუქის სიბნელეში იმდენად უცბად აღიმართა ბიჭის წინ, რომ ლამის შეასკდა კიდეც. კარი იპოვა და დააბრახუნა. მერე კი... სიბნელე.
აზრზე სითბომ და ახლად გამომცხვარი ფუნთუშის სურნელმა მოიყვანა.
-მერი,- წამოხტა ბიჭი,- მაგრამ დაინახა, რომ გოგონა მის გვერდით იჯდა და ცხელ შოკოლადს სვამდა.
-რა შეყარე ხალხი, აქ ვარ,- შესცინა პეპიმ და თავისი ჭიქა გაუწოდა. ბიჭმა ჩამოართვა და დალია.
სასტუმროს მეპატრონემ დააპურა დაკარგულები, გაათბო და ერთადერთ დარჩენილ ოთახში შეუშვა ორივე. მერიმ აბაზანა ჯერ გიორგის დაუთმო, ხოლო თავად შესულმა აღმოაჩინა, რომ აბაზანაში პირსახოცი არ იყო.
-გიორგი, ორივე პირსახოცი შენ იხმარე?- დაუყვირა გოგონამ.
-არა, არ არის იქ მეორე?
-რომ იყოს ხომ არ გკითხავდი, სულელო,- გაეცინა გოგონას.
-ჩავალ და ამოგიტან,- ამოიოხრა გიორგიმ. მისი მხსნელი ზედმეტად თავხედია.
ქვემოთ ჩასულმა კი ძლივს იპოვა მეპატრონე, რომელიც ახალგაზრდა წყვილს უყვებოდა ლეგენდას*
-ყოველ ვალენტინობას, მთები ირჩევენ წყვილს და მათ სამუდამოდ აკავშირებენ. ბევრი სასწაული მომხდარა...
-უკაცრავად,- შეაწყვეტინა ბიჭმა,- კიდევ ერთი პირსახოცი მინდა, თუ შეიძლება.
კაცმა გაოგნებულმა შეხედა, მაგრამ თხოვნა შეუსრულა.
-რა სასწაულები?- ჰკითხა მოუთმენლად გოგონამ, რომელსაც დეტალურად აინტერესებდა ლეგენდა.
-ყოფილა შემთხვევა, რომ არჩეულ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი დასიზმრებიათ და მეორე დღეს შეხვედრიან. ან ხმა გაუგიათ, მას გაჰყოლიან და ისე შეჯახებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ იძახდა... ისინი სამუდამოდ ერთად რჩებიან და ვერანაირი განსაცდელი ვერ აშორებს მათ.
გიორგის ჩაეცინა და დატოვა ლეგენდით გართული მთხრობელი და მსმენელები.
ოთახში ასულმა პირსახოცი მიაწოდა გოგონას და თავად დივანზე მოთავსდა.
აბაზანიდან გამოსული მერი პირდაპირ საწოლში შეძვრა. გიორგი კი კომპიუტერში წერდა რაღაც პროექტს, რადგან უტელეფონობა და უინტერნეტობა აგიჟებდა. ძილი კი ჯერ არ უნდოდა.
რამდენიმე საათში დაღლილმა თვალები მოიფშვნიტა და კომპიუტერი გვერდით გადადო. უეცრად ხმა მოესმა საწოლის მხრიდან. ეზარებოდა, მაგრამ წამოდგა და საწოლთან მივიდა.
მერი ერთიანად კანკალებდა. ტუჩები სიცივისაგან გალურჯებული ჰქონდა, ხოლო ქუთუთოები უთრთოდა. ერთადერთი რაც მოიფიქრა მაშინვე გაიხადა მასიური და გოგონას გვერდით მიუწვა.
ხელები მოხვია თხელ წელზე და ყურში ჩასჩურჩულა:
-მერი, გაიღვიძე,- დაუზილა მკლავები და ზურგი,- მერი, გაუძელი. გაგათბობ, ახლავე... მერი...
გაუცნობიერებლად უსვამდა ხელებს ძლიერად და ახურებდა ხელებით გოგონას გაყინულ სხეულს, თან ვერ ხვდებოდა როგორ ჩერდებოდა ასეთ გაყინულ ორგანიზმში სული.
-გიორგი...- ამოიოხრა გოგონამ და ცივი ბაგეებით შეეხო ბიჭის გახურებულ მხარს. ელექტროობასავით დაუარა გიორგის და მუცელში სპირალივით დაიგრიხა სურვილი.
-მერი, გთხოვ, გამოფხიზლდი პატარა...
ასე ცდილობდა ნახევარი ღამე გოგონას გათბობას, მაგრამ რაღაც მომენტში მასაც ჩაეძინა.
დილას გაღვიძებულმა კი მერი საწოლში ვერ იპოვა. არც სააბაზანოში იყო. ამიტომ ბიჭმა უცბად მიიღო შხაპი და მისაღებში ჩავიდა, სადაც უამინდობის გამო სასტუმროში გაჭედილი და უკვე დამეგობრებული ბინადრები საუბრობდნენ. კედლებზე გულები ეკიდა, ხოლო წარწერებმა ამცნეს გიორგის, რომ ვალენტინობა დადგა.
-გაიღვიძეთ?- მიესალმა გოგონა მიმღებიდან,- კარგად დაისვენეთ?
-კი, მადლობა,- გაუღიმა საპასუხოდ გიორგიმ,- ჩემს მეგობარს ვეძებ. გუშინ ვისთან ერთადაც მოვედი.
გოგონას სახეზე გაურკვევლობა დაეხატა და ბოდიშის მოხდით მმართველს დაუძახა.
-გისმენთ ბატონო გიორგი,- მიესალმა შუა ასაკის მამაკაცი,- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ჩემთან ერთად მოსულ გოგონას ვეძებ,- აუხსნა მასაც ბიჭმა.
-მაგრამ...- დაიბნა კაცი. გიორგი კი გაურკვევლობამ გააბრაზა.
-ოღონდ არ მითხრათ, რომ ამ ამინდში მარტო გაუშვით გარეთ,- აუწია ხმას და დამსვენებლების ყურადღებაც მიიქცია.
-ბატონო გიორგი თქვენ მარტო მობრძანდით გუშინ...
-რა თქვით?- ამ პასუხს ნამდვილად არ ელოდა გიორგი. მას კარგად ახსოვს მისი ნაზი ნაკვთები, მოქნილი სხეული და ცივი ბაგეები. როგორ თუ მარტო მოვიდა? ის მერის გადარჩენის სურვილმა მოიყვანა ამ სასტუმრომდე.
-კარზე დააკაკუნეთ და რომ გავაღეთ გულწასული იყავით... მოგასულიერეთ, ვახშამი გაჭამეთ და ოთახი მოგეცით, სადაც მარტო იყავით.
-მაგრამ მე ხომ ის ვნახე... ვიგრძენი. მერი ვებერი,- გაიმეორა სახელი, თუთქოს ხმამაღლა წარმოთქმის შემდეგ გოგო მასთან გაჩნდებოდა.
-ნაცნობი სახელია,- თქვა გოგონამ და ჰოლში გაკრული განცხადება ჩამოხსნა. წაიკითხა და გიორგის გაუწოდა. ბიჭს სურათიდან მერი უღიმოდა... მისი მერი. წარწერა კი ატყობინებდა, რომ მერი ვებერი დაიკარგა 12 თებერვალს. ანუ უკვე მე-3 დღეა... და რა შანსები აქვს გადარჩენის?
ზუსტად იმ წამს იაფფასიანი საშინელებათა ფილმის სცენარის მსგავსად ვიღაცის ტელეფონმა დარეკა.
-კავშირი აღდგა,- თქვა ბიჭმა და საკუთარი ხმა ვერც კი იცნო,- მაშველები განოიძახეთ, მერი ცოცხალია.
-მაგრამ სამი დღე...- თქვა გოგონამ, მაგრამ შემოსწრებულმა სასტუმროს მეპატრონემ გააჩერა.
-გამოიძახე ლიკა, დღეს ვალენტინობაა, ეს ორნი კი რჩეულები.
გოგონას სახე გაუნათდა, ბიჭს გაუღიმა და მაშინვე აკრიფა ნომერი.
უკვე 10 წუთში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოხალისეებთან ერთად პეპის ეძებდნენ.
-თქვენ გამოიძახეთ სამაშველო ბრიგადა?- გაიგო ბიჭმა ქალის სასიამოვნო ხმა.
-დიახ,- შეხედა გიორგიმ და სუნთქვაც დაავიწყდა ლამის, მერის უყურებდა 20-25 წლის მერე. "დედაა" გაიფიქრა ბიჭმა.
-მადლობა,- სუსტად გაუღიმა ქალმა,- თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ტირილისა და უძილობისაგან,- საიდან იცნობთ მერის?
-არ დამიჯერეთ,- უთხრა გიორგიმ. რა თქმა უნდა, ვისაც არ უნდა მოუყვეს, ნებისმიერი ფსიქიატრიულისკენ გამოუწერს გზას, მაგრამ მერის დედის მოტყულება... ცუდი იდეა იყო. ამიტომ ყველაფერი მოუყვა. ყველაფერი გარდა ღამე მოპარული ჩახუტებისა.
ქალმა კი მხოლოდ გაუღიმა, მერე კი მივიდა მასთან და ჩაეხუტა.
-მერის ყოველთვის სჯეროდა, რომ ის გახდებოდა მთების რჩეული...- უთხრა ქალმა ტირილით.
და ამ დროს გაისმა ჩოჩქოლი და მომლოდინეებს აცნობეს, რომ მერი იპოვეს. ის ცოცხალი იყო, უბრალოდ გაყინული ჰქონდა ხელ-ფეხი და გრძნობაზე მოსვლა უჭირდა უჭმელობის და გაუწყლოვების გამო.
გიორგი მაშინვე მოსწყდა ადგილს და იქით გაიქცა, სადაც უთხრეს რომ გოგონა იპოვეს. მალე შეამჩნია კიდეც ნაცნობი ქურთუკი და სნოუბორდი. ახლოს მივიდა და დახედა გოგონას სახეს.
ისეთივე ფერმკრთალი... ისეთივე გალურჯებული ტუჩებით და სასაცილო ჭორფლებით.
უეცრად გაახილა პეპიმ თავისი უსაზღვროდ მიმზიდველი თვალები და პირდაპირ გიორგის შეხედა. მის სიცივისაგან გალურჯებულ ბაგეებს ოდნავ შეეხო ღიმილი. მერე კი რაღაც უთხრა ბიჭს მხოლოდ ბაგეებით. გიორგიმ ხმაურში ვერ გაიგო, ამიტომ მისკენ დაიხარა.
-ხომ გამათბობ როგორც გუშინ ისე?- ჰკითხა სულ ხმადაბლა მერიმ. გიორგის გაეღიმა. ანუ მარტო მას არ უნახავს ეს ზმანება...
-აუცილებლად,- ნაზად აკოცა საფეთქელზე,- ვალენტინობას გილოცავ, მერი.
-ეს ჩვენი დღეა, ხომ?- ჰკითხა ისევ ხმადაბლა გოგონამ.
-სამუდამოდ,- უთხრა ბიჭმა და სანამ ყველა სამაშველოს ვერტმფრენს უყურებდა, მსუბუქი კოცნა მოჰპარა თავის პეპის.

*ლეგენდა ავტორის ფანტაზიის ნაყოფია



№1 სტუმარი xato

dzaliaann sayvareli tbili da martlac pantaziuri istoria iyo magram siyvaruls yvelaperi sheudzliaaa daa es vnakhet kidecccc

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

მაკიტა, მადლობა იდეისათვის.
ვაპირებდი მგრძნობიარე ისტორიის დაწერას, მაგრამ მეგობრის იდეა იმდენად მომეწონა, რომ გვერდი ვერ ავუარე. იმედია მოგეწონებათ •.•
--------------------
Nico nico nii

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეეე რა მაგარიააა აღფრთოვანებუუულიიი ვარ ნამდვილად გეკუთვნოდა გამარჯვებააა სიტყვებიიი არ მყოფნიიის როგოოორიიი ლამაზიი ისტორიაა იყოოო აი არ ვიცი რა ვთქვა გასაოცარიიი❤❤❤❤

 


ეხა ვნახე ეს იატორია ძალიან კარაგია ნამდვილად გეკუთნოდა გამარჯვება გილოცავ❤❤❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი enana

რა კარგი იყოო. ყოჩაღ!!! თბილი, ტკბილი, გემრიელიი, ღიმილის მომგვრელი. ბედნიერებისგან რომ სიმსუბუქეს გრძნობს ადამიანი და ჰაეროვნებას, პერსონაჟები მაგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა და მათი ეს მდგომარეობა ვიგრძენიი :)

 


№6  offline წევრი keta♥

უცებ წარმოვიდგინე და რა მაგარი ფილმი იქნებოდა?:) love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent