ბაუნტის ვალი [4]
თეთრ, მოჩითულ კაბას თეთრი მაღალქუსლიანები შეუფერა, თმები დაისწორა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, მხოლოდ ტუჩები აიკვასკვასა წითლად. გზაში უამრავი კომპლიმენტი მოისმინეს ბიჭებისგან, კმაყოფილები იფერებდნენ. რესტორანში შესულებმა სხვები მოიკითხეს და საკუთარი ადგილები დაიკავეს. სასიამოვნო საღამო იყო, ცოტას სვამდნენ, ბევრს მხიარულობდნენ. მუსიკის ხმაზე წამოიშალნენ. - ანაკონდა ხომ არ ისურვებდა ჩემთან ცეკვას? _ ჩურჩული გაიგონა. - არ გეშინია რომ ანაკონდამ დაგახრჩოს? _ ჩაიცინა. - გააჩნია როგორ _ კმაყოფილმა გაუღიმა. - არ მინდა ცეკვა _ შეუბღვირა. - დამიჯერე გინდა, უბრალოდ ვერ ხვდები. - არ მინდა. - კარგი რა, ხომ ხედავ მაგიდასთან აღარავინ დარჩა, ადექი და წამოდი. - მაგიდასთან რომ არავინ დარჩა, იმიტომ მოხვედი ჩემთან ხომ? - რა ჭკვიანი ხარ, ახლა აქ ჭიდაობას ხომ არ დავიწყებთ, ადექი ადამიანურად და წამომყევი _ ხელი ჩაკიდა და ოდნავ მოქაჩა. - ჯანდაბას შენი თავი _ ფრუტუნით გაჰყვა. არც ჟრუანტელს დაუვლია მის შეხებაზე, არც ლოყები აწითლებია და საერთოდაც, არაფერიც არ უგრძნია, გარდა კომფორტისა. მის ხელებს შორის მოქცეული, საოცრად კომფორტულად გრძნობდა თავს. ნაზად მოძრაობნენ მუსიკის ტემპის შესაბამისად და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. - სულ სხვანაირი ხარ _ დაიჩურჩულა. - ჰოო? მაინც როგორი? _ ოდნავ გაუღიმა გოგონამ. - დახვეწილი, ნაზი. - ხომ კარგად ხარ? _ გაეცინა. - ცუდად რატომ უნდა ვიყო? - ცოტა უცხოა შენგან მსგავსი სიტყვები. - ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, დღეს მართლა ძალიან კარგად გამოიყურები. - სიმთვრალესაც ვერ დავაბრალებ. - რატომ არ გინდა, რომ გაიგო რასაც გეუბნები ზუსტად ისე, როგორც გეუბნები. - კარგი, მადლობა. - აი ასე _ გაუღიმა და კიდევ უფრო მჭიდროდ მოჰხვია ხელები. აღარ ულაპარაკიათ. სასიამოვნოდ გაოცებული იყო ანი, არ ელოდა გაბრიელისგან ამას. რაც არ უნდა ბევრი ეძახა ვერ ვიტანო, მაინც ესიამოვნა მისგან კომპლიმენტი. ან რომელ ქალს არ მოსწონს როცა კომპლიმენტს ეუბნებიან? მუსიკა რომ დამთავრდა სკამთანაც მიაცილა და ხელზე ეამბორა. „ამას მგონი ვერ აქვს საქმე კარგად“ - სიცილით გაიფიქრა და მოკალათდა. - ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ _ ფეხზე წამოდგა ერეკლე. მისკენ გადაიტანა ყველამ ყურადღება. _ დიდი ხანია ერთი გოგოსთვის რაღაც მაქვს სათქმელი და ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვფიქრობ, შესანიშნავი დროა რომ ვუთხრა და ვკითხო, სალი _ ჩაისუნთქა _ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მიყვარხარ დანახვის დღიდან და ყოველ დღე თავიდან მიყვარდები, ყოველი შენი ღიმილისას, შენი საუბრისას, აღარ შემიძლია ასე ყოფნა, შენგან შორს ყოფნა. სალი, გახდები ჩემი ცოლი? - აი ეს მესმის _ შაკოს უჩურჩულა აჟიტირებულმა ანიმ _ ვაიმე, რა მაგარია, რა საყვარელია ერე. სალი კი ხმას არ იღებდა, გაოცებულს პირზე აეფარებინა ხელები და თვალები აცრემლიანებოდა. - სალიი _ გამოაფხიზლეს გოგონებმა _ ადექი ფეხზე და უთხარი ბიჭს პასუხი, არ იტირო _ გაუღიმეს. - მეც ძალიან მიყვარხარ _ ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე, თან ტიროდა, თან იცინოდა _ გავხდები შენი ცოლი _ თვალები მაგრად დახუჭა. მაშინვე მასთან მიიჭრა ერეკლე. - მიყვარხარ, მიყვარხარ _ აკოცა და ჩაიხუტა. - გილოცავთ, გილოცავთ _ შეძახილები ისმოდა აქეთ-იქიდან. გვიან ღამით წავიდნენ სახლებში. დილაადრიან ანი ლილეს ზარმა გააღვიძა. - ახლა რამე სისულელეზე თუ მირეკავ არ გაცოცხლებ. - უი გეძინა ანაკო? _ სახელი კარგად გამოკვეთა. - რა ანაკო, წესიერად მომმართე. - რატომ, ანაკოს დაძახების უფლებით მარტო გაბრიელი სარგებლობს? - ლილე კარგად ხარ? - არა, ძალიან მაინტერესებს როდის მოასწარით ასე დაახლოება? - ლილიკო, მეტყვი რა ხდება? - რასაკვირველია ანაკო, გაბრიელმა დადო სურათი შენთან ერთად, სხვათაშორის ავტობუსში გადაღებული და სხვათაშორის, ბედნიერად გძინავს მის მხარზე, წარწერით „ჩემი ანაკო“. - მაგას სიცხე ხომ არ აქვს? _ ჯერ გაბრაზდა, მერე გაეცინა. - სიცხე არ აქვს, სიმპატიები აქვს ქალბატონი ანის მიმართ. - გამორიცხულია, ან... არ არის გამორიცხული _ პაუზის შემდეგ დაამატა და გაეცინა. - გაემზადე და გელოდები, ცუდად ჭიკჭიკებ შენ რაღაც. - სირცხვილია გოგო ამ დილაადრიან სად ამოვიდე. - თორემ შუაღამისას არ ამოსულხარ რა, მიდი, მიდი გელოდები. - კაი. ბევრი ვერაფერი გაიგეს გოგოებმა, მხოლოდ ის დაადგინეს, რომ გაბრიელს მოსწონდა ანი და ანიც არ საუბრობდა მთლად უკმაყოფილოდ. - მორჩით ახლა ჩემზე ჭორაობას და თქვენთან რა ხდება _ გაუცინა სალის _ როდისთვის ვემზადებით? - გიჟია ეს ბიჭი, ოფიციალური თან, გუშინ ამომყვა სახლში, ჩემებს ელაპარაკა და ორ კვირაში ქორწილი გვაქვსო, აი რა უნდა მოვასწრო ორ კვირაში მეტყვის ვინმე? _ გაცხარებული ელაპარაკებოდა. - უნდა მოასწრო _ გაუცინა ანიმ _ახლა შევარჩევთ კაბას, შენთვისაც, ჩვენთვისაც, მერე დავურეკავთ ძვირფას საქმროს და ყველაფერს გავაკეთებთ ერთიანი ძალებით. - თქვენ რომ არ მყავდეთ _ მიეხუტა. - მეჯვარე ვინაა? _ გადახედა ლილემ. - ვინაიდან პირობა პირობაა და ჩვენ ანის მეჯვარეები უნდა ვიყოთ _ გაეცინათ ადრე დადებული პირობის გახსენებაზე _ ჩემი მეჯვარე სოფო იქნება, სკოლის დაქალი. - ძალიან კარგი, დაურეკე სოფოსაც და შევიკრიბოთ ერთად. საღამოს კაბების მოდელი უკვე შერჩეული ჰქონდათ. - ხვალ წავალთ სალონში _ ბედნიერები იღიმებოდნენ. - რესტორანს ბიჭები მიხედავენ ხომ? - კი, კი, მიხედავენ, მაგრამ გაფორმებაზე მე უნდა ვიზრუნო, ჩემი გემოვნებით. - ძალიან კარგი, მე წავალ ახლა და ხვალაც გნახავთ. ორი კვირა სრული საგიჟეთი ჰქონდათ, ვინ სად გარბოდა, ვინ რას აგვარებდა არ იცოდნენ. დადგა ნანატრი დღეც, გამოპრანჭულები ტრიალებდნენ სალის ოთახში. ლამაზი წყვილი იყო, ერთმანეთს უხდებოდნენ. ჯვრისწერამ შესანიშნავად ჩაიარა. ხელისმოწერაც არანაკლებ ემოციური იყო, ბედნიერებას ასხივებდა ყველა. რესტორანშიც მივიდნენ, წყვილი მათთვის განკუთვნილ მაგიდასთან მოკალათდა, ჯგუფელებისთვისაც ცალკე მაგიდა იყო და სამეული იქ დასხდნენ. ექსკურსიის ხალხიც იქ იყო რასაკვირველია. გართობა რომ დაიწყო და სუფრაზე აღარავინ დარჩა, გაბრიელი გვერდით მიუჯდა ანის. - მეტი ვეღარაფერი წაისვი სახეზე? - უკაცრავად? _ უკმაყოფილო მზერით შეხედა. - ზედმეტად გადაპრანჭული ხარ. - აი შენ ზედმეტად უტაქტო. - სიმართლეს გეუბნები, როცა კარგად გამოიყურებოდი, არც ის დამიმალავს. - მისმინე _ ღრმად ჩაისუნთქა _ შენი საქმე არ არის როდის რას წავისვამ. - ჰო, უბრალოდ სიმართლე არ უნდა გწყინდეს. - თავს არ დამანებებ? _ გაღიზიანებული შეეპასუხა. - ვერ განებებ _ თვალი ჩაუკრა. - რა დავაშავე, ნახე რამდენი ლამაზი გოგოა, წადი, ეცეკვე, გაერთე, ოღონდ მე თავი დამანებე რა. - გოგოები არ მაინტერესებს, გულის სწორი ნაპოვნი მყავს უკვე. - მერე წადი მასთან. - აქაც კარგად ვარ. - თავხედი ხარ, ის გოგო ალბათ შენზე ფიქრობს და შენ აქ უტიფრად ეფლირტავები სხვას. - რას ვაკეთებ? _ ხმამაღლა გაიცინა _ ე.ი. გეფლირტავები _ სიცილი განაგრძო. _ არ მეგონა სიმართლის თქმა თუ ფლირტი იყო. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, მომ-შორ-დი. ან ასე უცებ რა გემართება? რა გცვლის ასე ყოველდღიურად? _ აღშფოთებით ესაუბრებოდა. - ჰო, ცვალებადი ხასიათი მაქვს _ ჩაეცინა. - წადი, შემეშვი. - მე სულაც არ ვფიქრობ ასე. - ანიი, რატომ ზიხარ ასე, წამო წამო _ ანისთან მიირბინა ლილემ და სულ ძალით წაიყვანა საცეკვაოდ. ბევრი იცეკვეს, ძალიან ბევრი. - მე ეზოში გავედი, თორემ ჰაერი აღარ მყოფნის _ სრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ და გარეთ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ლამპიონები ანათებდნენ და სრული სიმშვიდე იყო. როგორ ეძინებოდა, ისე გადაიღალა ეს ორი კვირა, წესიერად არც დაუძინია. მხრებზე ხელები მოისვა, თითქოს შესცივდა, ცოტათი მოდუნდა და თვალებიც მაშინვე მიებლიტა. - აქ დასაძინებლად მოხვედი? _ ვიღაცის ხმამ გამოაფხიზლა. - რატომ არ მეშვები? _ გაბრიელი რომ ამოიცნო წუწუნი განაგრძო _ რატომ, რატომ, დაგიშავე რამე? - დამიშავე, დამიშავე _ ჩაეცინა. - რა? ბოდიშს მოგიხდი და შემეშვი. - ბოდიში არ შველის საქმეს ანაკო _ გაუღიმა. - წავედი მე _ სკამიდან წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯში წამოეწია ბიჭიც. - საუბარი არ დაგვისრულებია _ მკლავზე მოეჭიდა. - ხელი გამიშვი _ გაწევა სცადა. - რომ არ გაგიშვა? იყვირებ? _ წარბები აზიდა. - ჯანდაბა, რატომ არ მეშვები? _ აყვირდა. - იმიტომ რომ შენ არ მეშვები _ მკლავზე გაუშვა ხელი და იმავე წამს წელზე შემოჰხვია, თავისკენ მისწია, ანი კი თავს უკან-უკან სწევდა, რომ ახლოს არ ყოფილიყო. _ რატომ ხარ ასეთი, რატომ? _ ჩუმად ჩაილაპარაკა და მიუხედავად გოგონას წინააღმდეგობისა აკოცა, მთელი ძალით ჰყავდა დაჭერილი. კმაყოფილმა ჩაიღიმა და გაუშვა. ღრმად სუნთქავდა გოგონა, სწრაფად და ღრმად, უტეხად უყურებდა თვალებში და ბრაზი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და მთელი ძალით მოქნეული ხელი გაარტყა. - აღარ მომეკარო, უნამუსო! _ დაუყვირა და სწრაფად წავიდა რესტორნისკენ. გულში ილანძღებოდა გაბრიელის მისამართით. გამწარებული დაჯდა სკამზე, ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა წვენი და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. შემოსასვლელისკენ გაექცა თვალი, გაბრიელი მშვიდი ნაბიჯებით მიიწევდა მაგიდისკენ, სახეზე კვლავ ღიმილი ჰქონდა აკრული. - არ ვიცეკვოთ ანაკონდა? _ ტუჩის ერთი მხარე სულ ოდნავ აპრიხა და გოგონას რეაქციას დაელოდა. - მოგზავნილი ხარ? _ როგორც ჩანს დამშვიდებულიყო. - სპეციალურად შენთვის და შენს საწვალებლად. - შევამჩნიე უკვე _ კბილები ნერვიულობის დასაფარად მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ეცადა აღარაფერი ეთქვა. - ანაკო, ვიცეკვოთ რა _ ისევ გვერდით მიუჯდა. ანიმ ამოიოხრა და სხვა მხარეს გაიხედა. _ ოჰ, გავიბუტეთ? _ ისევ არ უპასუხა _ ანაკო _ ხელი მოჰხვია. - შემეშვი _ ხელი უხეშად მოიშორა და ადგა. - უნდა მეცეკვო ხომ? _ უკან მიჰყვა. თავი გადააქნია ანიმ და გზა გააგრძელა. - ლილე, დამითმობ შაკოს? _ გაუღიმა გოგონას და „დათმობილ“ შაკოსთან დაიწყო ცეკვა. - რაო ჭინკა? ვერ ხარ ხასიათზე? _ ყურთან დაიჩურჩულა. - ზოგიერთი აქ არსებული ადამიანი მიშლის ნერვებს. - ნუ მიაქცევ ყურადღებას და მორჩა. - ისე იქცევა, რომ შეუძლებელია უყურადღებოდ დატოვო. როგორ მეძინება _ დაიწუწუნა და მხარზე დაადო თავი. - წაგიყვანო სახლში გინდა? ესეცინ დაიშლებიან უკვე მალე. - როგორ უნდა წამიყვანო, ნასვამი ხარ. - ტაქსით წაგიყვან, მიგაცილებ და დავბრუნდები. - წავიდეთ. _ წყვილს დაემშვიდობა და წავიდნენ. _ მადლობა _ ჩაეხუტა _ რომ მიხვალ ისევ დამირეკე კარგი? _ გაუღიმა. - ძილინების ჭინკა. *** წყვილი ორი კვირით გაემგზავრა დასასვენებლად. ოთახში მოკალათებული დასვენების გეგმებს აწყობდა ანი. მომავალ კვირას სოფელში წავიდოდა, დაიწყებოდა მხიარული საღამოები, გართობა, შემწვარი სიმინდით პირის ჩატკბარუნება და უამრავი სასიამოვნო მოგონება. ტელეფონზე ვიბრაციამ გამოაფხიზლა, უცხო ნომერი იყო. „რა უცნაურია ცხოვრება, მომენატრე.“ „გულს არ დაგწყვეტდი და გეტყოდი მეც-მეთქი, მაგრამ არ ვიცი ვინ ხარ.“ „იცი, ზუსტად იცი, ანაკო...“ წაკითვისას უცნაურად, თავისდაუნებურად გაეღიმა. რაღაც ჭიამ ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე აირბინ-ჩაირბინა. ისეთი განცდა დაეუფლა, ნერვიულობისას რომ ჰქონდა ხოლმე. „სერიოზულად მაშფოთებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ასეთ შეტყობინებებს არ უნდა მწერდე.“ „არ იდარდო, სერიოზული არაფერი მჭირს. ზუსტად იმას ვწერ, ვისაც უნდა ვწერდე.“ „მართლა ავად ხარ?“ „ჰო, სიცხე მაქვს.“ „ჰო, გეტყობა ისე“. „ანაკონდა ფორმაშია.“ - გაეცინა შეტყობინების წაკითხვისას. აღარაფერი მიუწერია გაბრიელს, ანიმაც გადადო ტელეფონი გვერდით. ახსნას ვერ უძებნიდა თითქოს გაბრიელის საქციელს, თითქოს. *** ლილესგან გვიან წამოვიდა. ის იყო, თავის სადარბაზოში შეუხვია, წინ ვიღაც გადაუდგა, ალბათ აკივლდებოდა, განათება რომ არ აციმციმებულიყო. - გამისკდა გული, ნორმალური ხარ? ან ამ დროს აქ რა გინდა? - ამოისუნთქე _ გაეცინა _ არ დაიჯერებ და შენს სანახავად მოვედი. - სიცხიანი გარეთ არ უნდა დაბოდიალობდეს. - ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა. - ჯერ ერთი, არ მომწონს შენი უეცარი დატკბობა და მერე მეორე, ჩემი ნახვა რად გინდოდა? - ფეხბურთი უნდა გეთამაშო _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა _ რატომ უნდა უნდოდეს ერთ ადამიანს მეორის ნახვა? - იმიტომ რომ მოენატრა, მაგრამ ეგ მიზეზი შენთან რაღაც მიუღებელია. - ან იმიტომ, რომ შოკოლადი მიუტანოს _ გაუცინა და ბაუნტი გაუწოდა. - ვალი დაბრუნებულია, ორი შეჭამე, ორი დამიბრუნე. - დანარჩენი შენ დაგედება ვალად. - დანარჩენი აღარ იქნება, გესმის? სახლში უნდა ავიდე _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - კარგი, მიდი, კიდევ გნახავ _ ლოყაზე აკოცა და სადარბაზო დატოვა. - არ უნდა მნახო არა! - რატომ? - იმიტომ, რომ გულის სწორი ნაპოვნი გყავს უკვე და ჩემთან გულითად მეგობრობას არ აპირებ. - ასე ძალიან გაღელვებს ჩემს ცხოვრებაში სხვისი არსებობა? - მას უნდა აღელვებდე შენ და შენი ურთიერთობები, შენ უნდა გაღელვებდეს, რომ შენს ცხოვრებაში ის არსებობს და ჩემს არსებობასაც ცდილობ. - ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ შენ არსებობ _ გაუღიმა _ მე შენ მაღელვებ და შენც უნდა გაღელვებდე, ამისთანა ბიჭი გამოგიჩნდი _ გაუცინა და გაოცებულს მოწყვეტით აკოცა _ არ დამარტყა იცოდე _ წარბაწევით გააფრთხილა. - უნდა წავიდე. - წადი ანაკო, წადი, მაგრამ იცოდე, რაც გითხარი სიმართლე იყო. ღიმილით გააყოლა თვალი, თავი გადააქნია და კიბეებს აუყვა. აღარ აღიზიანებდა გაბრიელი, შოკოლადთან ერთად ხომ მითუმეტეს. რაღაც თითქოს ამოუცნობმა კმაყოფილებამ მოიცვა. გაღიმებულმა მიირთვა ბაუნტი და ბალიშს ჩაეხუტა. _________ ესეც მეოთხე... ველი შეფასებას და კრიტიკას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.