ბიჭი ( სრულად)
უკვე თითქმის ორი კვირაა, მე მას ვხედავ. ერთსა და იმავე ადგილას დგას თავჩაღუნული. თავზე კაპიუშონი აქვს წამოფარებული, შიგნიდან შავი, გაბურძგნული თმები უჩანს, ხელები ჯინსებში აქვს ჩაყოფილი და ვიღაცას თუ რაღაცას ელოდება. ზოგჯერ სიგარეტს მოუკიდებს, ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს, მერე ნერვიულად მოისვრის და ფეხით სრისავს. ჩემი ცნობისმოყვარეობა პიკს სწვდება. ყოველდღე, ლექციებიდან გამოსულს ერთი და იგივე ადგილას მხვდება და არც არავინ მინახავს მასთან როდესმე მისული. კედელს მიყრდნობილი დგას. თუ წვიმს, თავზე აწვიმს, არც კი ფიქრობს ადგილი შეიცვალოს. ქურთუკის საყელო წამოვიწიე და გარეთ გამოვედი. ცივა. თებერვალია. უნივერსიტეტის ეზოდან გამოვდივარ და ისევ ვხედავ მას. თავჩაღუნული დგას, გაუნძრევლად. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და მის წინ გავჩერდი. როგორც ყოველთვის, თავზე კაპიუშონი აქვს წამოფარებული და სახე არ უჩანს. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაყოფილი. ლურჯი, გახეხილი ჯინსები და ყვითელი ბათინკები აცვია, ტანზე ნაცრისფერი დუტის ქურთუკი. _ ჰეი, შენ. გაკვირვებული სახით ამომხედა. ოდნავ წვერმოშვებული პირისახე მომხვდა თვალში, შავი თვალები. სიმპატიურია, ვერაფერს იტყვი. _ რა გინდა? _ ცივად მკითხა. _ ვინ ხარ? _ რაში გაინტერესებს? _ დიდი ხანია აქ გხედავ და დავინტერესდი რა. მობეზრებული სახით შემომხედა. _ ბიჭი. _ რა კონკრეტიკაა, ღმერთო ჩემო, _ ირონიამ გამომჟონა ხმაში. _ ვფიქრობ, სქესის გარჩევა გიჭირს, ამიტომაც დავკონკრეტდი, _ არც მან დამაკლო ირონია. _ და აქ რას აკეთებ? _ სხვის საქმეში ცხვირი რომ არ უნდა ჩაყო, არ გასწავლეს? _ მე ბევრი რამ მასწავლეს, მაგრამ უბრალო ცნობისმოყვარეობაა, _ მხრები ავიჩეჩე, _ თუ გინდა, ნუ მეტყვი. _ არც ვაპირებდი, _ მოკლედ მომიჭრა. _ რა უხეში ხარ! _ მგონი სადღაც მიდიოდი, _ მოუთმენლად მითხრა მან. ადგილიდან არ დავძრულვარ. _ არსად არ მეჩქარება, _ მშვიდად ვუთხარი და მის გვერდით მივეყუდე კედელს. _ წადი, მარტო დამტოვე! _ თითქმის მიყვირა. _ ეს ადგილი ნაყიდი გაქვს? ეს ქალაქი ყველასია, სადაც მინდა, იქ დავდგები. ისეთი სახით მიყურებდა, ვიცოდი, ჩემი გაგლეჯა უნდოდა, მაგრამ წარბიც არ შემიხრია, ოლიმპიური სიმშვიდით ვიდექი. თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. მივხვდი, მასში მოგიზგიზე აგრესიას გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. ცოტა ხანში სახე დაუწყნარდა და თვალები გაახილა. ჩემნაირი ჯიუტი მეორე არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, ამიტომაც არსად წასვლას არ ვაპირებდი. _ უცნაური გოგო ხარ, _ ამჯერად ისეთი მტრული სახით აღარ მიყურებდა. _ კიდევ მე ვარ უცნაური? _ გავიოცე. _ შენნაირს პირველად ვხედავ. _ კომპლიმენტად მივიღო? _ როგორც გინდა. _ იქნებ გოგოს ველოდები, _ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მითხრა. _ არა მგონია, დიდი ხანია გიყურებ და შენთან არავინ მოსულა. _ ესე იგი მითვალთვალებ? _ არა, უბრალოდ თვალში მხვდებოდი. _ აჰა, ახლა მაგას თვალში მოხვედრას ეძახიან?_ გაეღიმა. _ ჰო, _ მივუგე და მეც გამეღიმა. შევხედე. რაღაცნაირი ამოუცნობი მზერით მიყურებდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გამომიწოდა. _ მადლობა, არ ვეწევი, _ ვიუარე. _ დიდხანს გინდა იცოცხლო? _ ცინიკურად ჩამეკითხა და გააბოლა. _ რა შენ არა? _ არ ვიცი. ღირს კი სიცოცხლე?_ მოჭუტული თვალებით მიყურებდა. _ ვისთვის როგორ. _ და შენთვის? _ კი, რა თქმა უნდა. _ რატომ? _ რას მეკითხები, რა რატომ? _ მე სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ. _ ნუთუ არავინ გყავს ისეთი, ვისი გულისთვისაც გინდა რომ იცოცხლო. _ არა. _ მეცოდები. _ შენი სიბრალული არ მჭირდება. _ დაგეხმარო მინდა. _ არა მგონია დახმარება მჭირდებოდეს. _ მე კი ვფიქრობ, გჭირდება. _ რატომ გადამეკიდე, წადი რა შენს გზაზე. _ ზუსტად ჩემს გზაზე ვდგავარ. _ რა ჯიუტი ხარ! _ საშინელი, _ თავის ქნევით დავეთანხმე. _ყველა უცნობ ადამიანს ასე აწუხებ? _ შენ უცნობი არ ხარ. _ აბა ვინ ვარ? _ ბიჭი. გადაიხარხარა.თვალი ვერ მოვაშორე, ისე უხდებოდა სიცილი. _ აუ შენ ჩემზე უფრო გიჟი ყოფილხარ. _ რას იზამ, მჯობნის მჯობი არ დაილევა, _ გავეჯგიმე. ღიმილით მიყურებდა და ჩემს სახეს სწავლობდა. _ მარტო გიჟი არა, ლამაზიც ხარ. _ მადლობა, _ შევიფერე. _ წადი ახლა, სადღაც მიდიოდი, დაგაგვიანდება. _ შენ დარჩები? _ კი, დავრჩები. _ კარგი, აბა დროებით, _ მუჭი მივარტყი მხარზე ძმაკაცურად. გაეცინა. _ წადი, წადი. _ დიდხანს არ დარჩე, გაცივდები, - მივაძახე და უკანმოუხედავად წავედი. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა. *** _ გამარჯობა. _ ისევ მოხვედი. _ ისევ დგახარ. _ ჰო, _ ამოიოხრა. _ კომპანიონობას გაგიწევ. _ უარი რომ გითხრა, მაინც არ წახვალ. _ მართალია. ხედავ? უკვე გამიცანი. _ კი, დღეს მეც გითვალთვალებდი. ოჰ, არა, როგორც შენ იტყოდი, თვალში მომხვდი. _ მერე რა გაარკვიე? _ აქ სწავლობ, _ თავი გაიქნია უნივერსიტეტისკენ. სიცილი ამიტყდა. _ ეს ისედაც ცხადი იყო. მასაც გაეცინა. _ ფაქტიურად ამომწურავი ინფორმაცია მოგიპოვებია ჩემზე. _ ჰო, ძალიან შევეცადე. _ ადგილის შეცვლაზე არ გიფიქრია? _ არა, ეს ადგილი მომწონს. _ რატომ. _ ხალხმრავლობაა და იმიტომ. _ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, თითქმის არავის უყურებ. _ თვითონ ხომ მხედავენ, _ სიგარეტი ამოიღო და გამომიწოდა. _ ხომ გითხარი, არ ვეწევი. _ მახსოვს. უბრალოდ აზრი ხომ არ შეიცვალა-თქო. _ რაზე, სიცოცხლეზე? _ ჰო, მაგაზეც. _ არ შემიცვლია. _ და შენ ვისთვის ცოცხლობ? - მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. _ მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის. _ მეგობრებიც გყავს? _ რატომ გგონია, რომ არ მეყოლება? _ სულ მარტო დადიხარ. _ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მყავს. _ ყველა შენნაირი გიჟია? _ დაახლოებით. ამოიოხრა და ჩემს იქით გახედა ქუჩას. _ ვინმეს ელოდები? _ არა. გვერდით ამოვუდექი და ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე. ცოტა ხანს ვდუმდით და ხმაურიან ჭავჭავაძეს ვუყურებდით. _ რატომ ხარ აქ, ჩემთან ერთად? _ უეცრად მკითხა მან. _ უბრალოდ მინდა. _ ეს პასუხი არ არის. _ ხელს გიშლი? _ არა, უბრალოდ მე... _ შეჩერდა და დაკვირვებით შემომხედა. _ რა შენ? _ გაოცებული ვარ. _ რატომ? _ შენნაირი გოგო არ მინახავს, უცნაური. სხვებს არ ჰგავხარ. _ ამას კომპლიმენტად მივიღებ. _ ახლა რომ შენმა შეყვარებულმა ჩემთან ერთად დაგინახოს, არ გაუკვირდება? _ შეყვარებული არ მყავს. _ მართლა? რატომ? _ ჩემი მოსაწონი ბიჭი ვერ ვნახე და იმიტომ. გაეცინა. რაღაცნაირი თბილი მზერით მიყურებდა. _ და როგორია შენი მოსაწონი ბიჭი? _ სხვანაირი. _ სხვა პასუხს არც ველოდი, _ თქვა და ჩაიცინა. _ და შენ? _ რა მე? _ შენ არ გყავს შეყვარებული? _ არა, უკვე აღარ. კიდევ მინდოდა რამე მეკითხა, მაგრამ გავჩუმდი. მისი გულახდილობის იმედი არ მქონდა და არ მინდოდა, ჩემი კითხვებით დამეფრთხო. _ წავედი მე, _ ვუთხარი და წასასვლელად შევბრუნდი. _ მე დავრჩები. _ ჰო, როგორც ყოველთვის, _ გამეღიმა. *** საშინლად წვიმდა. უნივერსიტეტიდან გამოვედი თუ არა, ქოლგა გავშალე. თვალი მიწისქვეშა გადასასვლელისკენ გამექცა. ის ისევ იქ იდგა, სულ გალუმპული. სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ და ქოლგა დავაფარე. ღიმილით ამომხედა. წვიმისაგან დასველებული თმები შუბლზე ჰქონდა მიკრული. წამწამებზეც კი წვიმის წვეთები ეკიდა. _ გაგიჟდი? გაცივდები ადამიანო, _ ლამის ვუყვირე. _ არა უშავს, მსგავს სიტუაციაში ხშირად ვყოფილვარ, თანაც ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. _ ქოლგით, ხო? _ ხო, ქოლგით. ქოლგიანი ხელი ზემოთ მქონდა აწეული, რომ ორივე კარგად მოვთავსებულიყავით. ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და თვალებში ვუყურებდი. საოცარი თვალები ჰქონდა. კუნაპეტივით შავი, ხშირი წამწამებით დაჩრდილული და საოცრად სევდიანი. ხორბლისფერი კანი და გაცრეცილი ტუჩები. მოგრძო თმა, ოდნავ ხვეული, შუბლზე უწესრიგოდ ჩამოყრილი. თვალმოუშორებლად მიყურებდა ისიც. _ რამდენ ხანს უნდა იდგე აქ კიდევ, _ სიჩუმე მე დავარღვიე. _ არ ვიცი, _ თავი ჩაღუნა. _ წამოხვალ ცოტა ხნით ჩემთან ერთად? _ სად? _ სადმე, ჩაი დავლიოთ. სულ სველი ხარ, გაცივდები. _ რაღაც უჩვეულო გრძნობაა, ვიღაც რომ შენზე ზრუნავს. _ კი თუ არა? შეყოყმანდა. _ ჰა, მოდიხარ თუ არა? _ ისევ გავუმეორე და მკლავი გამოვდე. ნელი ნაბიჯით გამომყვა. იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევედით. შიგნით სითბო და სიმყუდროვე იყო. დავჯექით და ორი ჩაი შევუკვეთე. მთელი ამ ხნის მანძილზე ხმა არ ამოუღია, თვალმოუშორებლად მიყურებდა. ჩანთიდან ერთჯერადი ცხვირსახოცი ამოვიღე და მივაწოდე. _ გაიმშრალე. გამომართვა და სახე გაიწმინდა. ცოტა ხანში ორივე სიამოვნებით ვსვამდით ოხშივარადენილ ლიმნიან ჩაის. ფერი მოუვიდა ცოტა, ისეთი გაცრეცილი აღარ ჰქონდა ტუჩები. _ მე შენი სახელიც არ ვიცი, _ მითხრა უცებ. _ არც მე. და არც არის საჭირო, შენ ბიჭი ხარ, მე _ გოგო, _ მხიარულად ვუთხარი. გაეცინა. _ აქამდე სად იყავი? _ მკითხა და ჩაი მოსვა. _ როდემდე? _ სანამ ჩემთან მოხვიდოდი. _ აქ. შენს გარშემო დავდიოდი, ვსწავლობდი, ვსაუბრობდი, ვცხოვრობდი, როგორც ყველა. _ შენ ყველას არ ჰგავხარ. გული გამითბა რაღაცნაირად. _ არც _ შენ._ ჩუმად ვუთხარი. ამომხედა თავისი შავი, სევდიანი თვალებით და გამიღიმა. _ ისევ იქ წახვალ? _ თავი გავიქნიე ქუჩისკენ. _ ალბათ არა, სახლში წავალ. _ ძალიან კარგი. _ ხომ არ გეწყინება, რომ წავიდე? _ მითხრა და ფეხზე წამოდგა. _ არა, ჩემი წასვლის დროცაა. ხელი ჯიბეში ჩაიყო და საფულე ამოიღო. _ არა, დღეს მე დაგპატიჟე, _ დავუჭირე ხელი. მზერა გამისწორა და საფულე უკანვე ჩაიდო. მერე ხელი გამომართვა და ფრთხილად მაკოცა. _ ნახვამდის, - მითხრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ქუჩაში. მინებიდან ვუყურებდი, როგორ გადაჭრა ქუჩა და გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა. წავიდა. **** ის თავის ჩვეულ ადგილას თითქმის ერთი კვირა არ მდგარა. გამოვდიოდი თუ არა ლექციებიდან, თვალი მაშინვე იქით გამირბოდა, მაგრამ ის იქ არ იყო. შინაგანად ავფორიაქდი, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი. არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ, არც სახელი, არც გვარი, არც წლოვანება. ვისთვის მეკითხა? როგორ გამეგო? ჩემს თავს აღარ ვგავდი. რა მინდოდა, რას მოველოდი ამ უცნობი ბიჭისგან, მე თვითონაც არ ვიცოდი. უბრალოდ ველოდი, როდის გამოჩნდებოდა. ისე მივეჩვიე მის ყოფნას იმ ადგილას, რომ უმისობა გულს მტკენდა. მზიანი დღე იყო, ჩვეულებისამებრ თვალი გამექცა იქეთ და გული კინაღამ ამომივარდა. იქ იყო! ისევ ისე, დახეული ჯინსები და ყვითელი ბათინკები ეცვა. თითქმის სირბილით მივედი და გულაჩქარებული დავუდექი წინ. _ გამარჯობა, - მითხრა და გამიცინა. _ სად იყავი? _ ავად ვიყავი. შენთვის უნდა დამეჯერებინა და წვიმაში არ უნდა დავმდგარიყავი. _მე კი მეგონა რომ... _ რა გეგონა? რომ საერთოდ წავედი? _ ჰო... _ ჩუმად ვუთხარი. _ ტყუილად გეგონა, ხომ ხედავ ისევ აქ ვარ. _ გამიხარდა შენი დანახვა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გამიღიმა. _ რას უსმენ? ყურსასმენი გამოვიძრე და გავუკეთე. მერე რამდენიმე წუთი radiohead -ს ვუსმენდით ორივე ერთად. _ იცი, მე გიტარაზე ვუკრავ ამ სიმღერას, - მითხრა მან როცა დასრულდა. _ მართლა? _ მერე აქ ტყუილად დგომას გიტარა მაინც წამოიღე და იმღერე. _ ქუდს ხომ არ მათხოვებ ხურდებისთვის?_ სიცილით მკითხა მან. _ სიამოვნებით, თან შენთან ერთად ვიმღერებ. ორივენი ვიცინოდით. _ რამდენი წლის ხარ? _ მკითხა მან. _ 21 ის. შენ? _ 23 ის. ქუჩის მეორე მხრიდან ჩემმა ჯგუფელმა ხელი დამიქნია. ერთად უნდა წავსულიყავით. _ უნდა წახვიდე? _ ჰო. _ კარგი, ხვალამდე. _ ხვალაც მოხვალ? _ რა თქმა უნდა. მე წავედი, ის კი დარჩა, როგორც ყოველთვის. ... გიტარით ხელში რომ დავინახე, სიცილი ამიტყდა. _ რა გაცინებს? _ მკითხა გაღიმებულმა თვითონაც. _ არ მეგონა, თუ წამოიღებდი. _ რატომ, მშვენიერი იდეა მომაწოდე. მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე ჩამოვჯექით ორივე. _ აბა, რას დაუკრავ? _ შენ რა გინდა? _ radiohead creep. თითები ფრთხილად ჩამოკრა სიმებს. ისე ორგანული იყო გიტარა მასთან, რომ სხვა ნივთით ვერც წარმოვიდგენდი როდესმე. სიმღერა რომ დაიწყო, გავშეშდი. საოცარი ხმა ჰქონდა, სულში ჩამწვდომი. ხმა ვეღარ ამოვიღე. ბოლო აკორდი ჩამოჰკრა და შემომხედა. დამუნჯებული ვიჯექი. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რაღაც საოცარი მაგია ჰქონდა ამ ბიჭს, მაჯადოებდა. უეცრად ხელი წამოიღო ჩემი სახისკენ და ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია. მისი თბილი თითების შეხებამ საერთოდ დამამუნჯა. _ იცი, გიყურებ და ვფიქრობ, მართლა სად იყავი აქამდე, ხომ შეიძლებოდა ცოტა ადრე შეგხვედროდი. _ რატომ, ახლა გვიანია? _ წავიჩურჩულე ისე, რომ მისი თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია. _ არა , უბრალოდ ბევრი დრო დავკარგე ფუჭად. უჩვეულო სითბოთი მიყურებდა. _ მოდი, წავიდეთ, _ უეცრად წამოდგა ფეხზე და ხელი ჩამკიდა. _ სად? _ სადმე... ვგრძნობდი, რომ ნებისმიერ ადგილას წავყვებოდი. _ და აქ... აღარ გინდა დარჩე? _ არა, დიდი ხანია აქ უკვე შენს გამო მოვდივარ... _ მე მათე მქვია, _ უცებ მომიბრუნდა ის და ხელზე ხელი მომიჭირა. _ მე _ ანა. _ მითხარი, აქ რატომ იდექი ხოლმე. _ ვინმე შენნაირს ველოდებოდი და მოხვედი კიდეც, _ მითხრა და ხელი გადამხვია. დ ა ს ა ს რ უ ლ ი 2016 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.