როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –1–
[თავი 1] საშუალო სიმაღლის ქალმა სწრაფად აირბინა კიბეები და კარს მუშტები დაუშინა. უშედეგოდ აბრახუნებდა რამდენიმე წუთი. ბოლოს გონება გაუნათდა, ჩანთაში სათადარიგო გასაღები მოიძია და წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. გასაღები საკეტში გაჩხაკუნდა და კარები შეიღო. გულში უნებურად დაიწყო ''მამაო ჩვენოს'' ლოცვა, სხვა იმ წუთში არაფერი გახსენებია... ''მრწამსიც'' კი გადაავიწყდა, ძილის წინ მის გარეშე თავს ბალიშზე რომ არ დებდა. ''გთხოვ... გთხოვ... გთხოვ...''–გონებაში მხოლოდ ეს ერთი სიტყვა უტრიალებდა. თხოვნა და ვედრება გულის ყოველ კუნჭულს ედებოდა, მაგრამ განა ამ თხოვნის ადრესატს უწინდებურად გადაეცემოდა ქალის ტკივილი და გრძნობები?! –ონისე!–შესძახა სახლში შესვლისთანავე და ჩანთა კუთხეში მიაგდო. მისაღები შემოსასვლელს ჰქონდა შემოერთებული. ქალი სწრაფად შევარდა მისაღებში და სავარძლიდან მომზირალი ამღვრეული თვალების შემხედვარეს ჭკუა გადაეკეტა. მამაკაცს თავი უკან გადაეგდო. პერანგის სახელოები მაღლა ჰქონდა აქაჩული და ძარღვებდაბერილი მკლავები მოუჩანდა. შუბლზე ოფლის წვეთები მოცურავდა და ლოყებზე იკვალავდა გზას. ანაზდად ქალს მოეჩვენა, რომ ისინი ცრემლები იყო... მაგრამ თვალებიდან კი არა, სადღაც სულ სხვა ადგილიდან მოედინებოდა... ეგონა, რომ ერთ ნაბიჯსაც თუ გადადგამდა, მოწყვეტით დაეცემოდა ძირს. ეგონა, რომ თუ გაინძრეოდა, მოკვდებოდა, მაგრამ მაინც გაიწია ერთ დროს საყვარელი ადამიანისკენ. ერთ დროს? ახლა რა, აღარ უყვარდა? არა, უბრალოდ ეს ნამდვილად აღარ იყო ონისე მაჩაბელი. ეს მისი ასლი იყო მისვენებული სავარძლის საზურგეზე. ეს სულ სხვა პიროვნება იკლავდა თავს თავისი ნებით, ოღონდ ერთბაშად კი არა, ნელ–ნელა, ტანჯვით და წამებით. –გამოფხიზლდი!–უჯიკა გვერდში ქმარს. მერე ძალა მოიკრიბა და ძლიერად შეანჯღრია.–გაახილე ეგ თვალები! ის თვალები გაახილე, ერთ დროს თავი მათი დახმარებით რომ შემაყვარე! ის თვალები გაახილე, ღამით მასში რომ ვიძირებოდი... გაახილე! იმიტომ მაინც გაახილე, რომ მერე გაგლანძღო, გაგთათხო, ასე ვერ გაგიშვებ! კიდევ ერთხელ უნდა გაგიმეორო ის, რისი ღირსიც ხარ! ჯერ უნდა შეგიძულო და მერე წადი! განწირული ყვიროდა და ონისეს ფეხზე წამოყენებას ცდილობდა. სუსტი არსება მთასავით კაცს ეჯაჯგურებოდა, მაგრამ ამ საშინელ სხვაობას ვერ ხედავდა. ახლა ონისე უფრო უძლური იყო, ვიდრე სოფიო. ახლა ის არარაობა იყო! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ლეშს ჰგავდა, რომელსაც სვავები კორტნიან... მის გადარჩენას კი ისევ სოფიო ლამობდა! ისევ ის იბრძოდა! მაინც სჯეროდა, რომ წაართმევდა სიკვდილს... კლანჭებიდან გამოსტაცებდა და ისევ იმ სულს ჩაუდგამდა, წლების წინ რომ გაითავისა, თავისად რომ იგულა... –აი, ნახე, მიფრინავს!–მოულოდნელად გონს მოვიდა ონისე და უემოციო მზერა შემოატარა ოთახს.–დაინახე? სოფიომ უკან დაიხია. კინაღამ მართლა დაიჯერა, რომ რაღაც მიფრინავდა. მერე თავის ფიქრებზე ისტერიკულად გაეცინა... ის კი არა, მის გულში მჯდარი წყენა, გაბრაზება, იმედგაცრუება იცინოდა და ნაწილებად იშლებოდა. ონისე თითქოს გამოცოცხლდა. სულ ცოტა ხნით თვალებში სიცოცხლე დაუბრუნდა. შეშფოთებამ იხუვლა მასში, შემდეგ კი კვლავ ჩაყვინთა. ბურუსმა შთანთქა მისი გონება. ისევ გრძელყურა სპილოებმა დაიწყეს თარეში მის ირგვლივ. ყურებს აპანტურებდნენ და სიმღერ–სიმღერით დახტოდნენ. ონისეს უნდოდა აყოლოდა მათ, მაგრამ ძალა არ ჰქონდა... ეგონა, რომ ხმას იღებდა, სინამდვილეში კი ხავილის მეტი არაფერი ამოსდიოდა პირიდან. ქალს ისევ დაუბრუნდა ცნობიერება. შეეშინდა... პანიკურად შეეშინდა... ნუთუ კარგავდა? ხო, ბევრი დრო გავიდა... იქნებ ამ მავნე ნივთიერებებმა ბოლომდე ამოჭამა ონისეს სასიცოცხლო ორგანოები. იქნებ... იქნებ... არა, სოფიო ამას ვერ დაუშვებდა! ისევ იგრძნო სიყვარულის მოღზავება! საკუთარი თავის ზიზღს შეერია სიბრალული და ყვითელ ფერებად დაიღვარა გარშემო. ყვითელი_სიძულვილის ფერი... ზუსტად ისეთი, კვერცხის გული რომ იყო... სწორედ ეს ყვითელი მასა შეაზილა სახეზე არაამქვეყნიურმა არსებამ. დასცინოდა... უმოწყალოდ დასცინოდა ის ''რაღაც''... ან ''ვიღაც''... მაინც აჯობა წმინდა გრძნობებმა! ვერ დაუთმო ონისე სხვას... ვერ ელეოდა მის განაცრისფერებულ თვალებს, ღია ფერის ტუჩებს და ფართე ღიმილს... –სანამ მე გავაფრინე, მოდი გონს! გაიგე? თუ არ გინდა ჩემი ხელით დაგახრჩო, მე შემომხედე!–განუწყვეტლივ ერთი და იგივეს ყვიროდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. ონისემ ერთი კი გაიხედა იმ ადგილისკენ, საიდანაც ყრუდ მოესმა ხმა, მაგრამ მძიმე ჩაქუჩების დარტყმამ ქუთუთოები დარაბებივით დახურა... –არა... ამის უფლებას არ მოგცემ!–თმებში ხელი იტაცა სოფიომ და სააბაზანოსკენ გაემართა. თურმე მასშიც ყოფილა ბრძოლისუნარიანობა, რომელიც უნებურად მოიძია ჯერ კიდევ ამოუცნობ მეში. ძველებური ვედრო, რომელიც თაროზე იდო, ჩამოიღო და წყალს შეუშვირა. უნდოდა დაეთვალა, მაგრამ ესეც კი დაავიწყდა. ათამდე რიცხვები აერია ერთმანეთში. ისე აივსო ვედრო და წყალიც გარეთ გადმოვიდა, რომ ვერ გაიგო. ონისეს ღრიალმა დააბრუნა ამ ქვეყანაზე. ლოლას ეძახდა... პატარა ანგელოზს... სოფიოსა და ონისეს ანგელოზს... –მოვდივარ... მოვდივარ...–ოდნავ მოულბა ხმა. ონისეს გაუგო... საერთო ტკივილმა ლამის შეცდომა დააშვებინა. კინაღამ იქვე დაგდებული შპრიცი აიღო და ვენაში გაირჭო. ისიც თუ დაწვებოდა და დაიძინებდა... ვარდისფერ სამყაროში თუ იმოგზაურებდა, ვეღარც ონისეს დაინახავდა და აღარც მოუშუშებელი ტკივილი ამოუტივტივდებოდა ნაფოტივით შინაგანი წყლის ზედაპირზე. დროზე შემოირტყა თავში ხელი. თეთრი ტილო წყალში დაასველა და სახეზე მოუსვა მბორგავ მამაკაცს. ამანაც რომ არ უშველა, უკანასკნელ ზომებს მიმართა. ვედრო ხელში აიღო და სახეზე შეასხა ონისეს. რამდენჯერმე გააქნია ვედრო და წვეთებიც კი აღარ დატოვა მასში. ონისემ თვალები შეშლილივით დააჭყიტა და სველ მკერდზე ხელი ჩამოისვა. შვებით ამოისუნთქა სოფიომ. მოწყვეტით დაეშვა დივანზე და გულზე თითები მიიჭირა, ტკივილი რომ არ ამოვარდნოდა. მას ეს ტკივილიც უყვარდა... ის ყველაფერი უყვარდა, რაც ლოლასთან იყო დაკავშირებული... ორივე ფიქრების კორიანტელში გახვეულიყო. სოფიოს ქარიშხალისთვის თავი დაეღწია, ონისე კი პირიქით... ახლა ტრიალებდა მის გარშემო ტორნადო. განიცდიდა იმას, რასაც წუთის წინ სოფიო. დანანებით, ტკივილით შეხედა ქალს და ფეხზე ბარბაცით წამოდგა. –სად მიდიხარ?–შემცბარი წამოხტა სოფიო და მაგიდის ნაპირებს ხელები ორივმხრიდან ჩაავლო. –არსად!–მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და სველი პერანგი აჩქარებული მოძრაობით გაიხადა. –არსად? ამ ბოლო დროს არსად სიარულს მოუხშირე...–მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა და კარისკენ გააცოცა თვალი. –ამ ცხოვრებას არაფერი ჰქვია... თითოეულ ადგილს კი არსად. ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი...–ნერვიც არ შეტოკებია, ისე უპასუხა ონისემ. –იმას რამდენი ხანია მივხვდი, რომ სპილოები დაფრინავენ, ანდაც როდის აქეთ ირწმუნე იმ მულტფილმების, რომლებისაც ბავშვობაშიც არ გჯეროდა? იმის არ გწამს, რომ შეგიძლია უკეთესად იყო და ცხოვრების არაფრობაში უკვე დარწმუნდი? ვის ეჯიბრები? მე? მე, რომელიც უკვე რამდენი ხანია ასეთს გიტან? მე, რომელსაც ყოველდღე ერთი და იგივე მტერთან მიწევს ბრძოლა? ეს მტერი კი იცი, ვინ არის? შენ! საკუთარი თავის მოწინაამღდეგე ხარ, ონისე!–ნელ–ნელა ტონს უწევდა და ჩურჩული ხმამაღალ ყვირილში გადაუვიდა.–დავიღალე, გესმის? ამ ახალი ონისეთი დავიღალე! –მერე წადი...–უღიმღამოდ მიუგო მამაკაცმა და ზოლიანი მაისური გადაიცვა. –ჰა?–ყელში ცრემლების ბურთი გაეჩხირა სოფიოს ამ ორი სიტყვის გაგებისას. სურდა დაეჯერებინა, რომ ისევ არ ესმოდა ონისეს ის, რასაც ამბობდა... რომ ისევ კაიფში იყო, მაგრამ ეს აზრი ნაკადულს ჰგავდა, რომელშიც ჩაიხედავდი თუ არა, დაინახავდი რომ მტკნარ სიცრუეს დაებუდებინა მასში. –რატომ არ მიდიხარ?–ხელები გაშალა და ისე იკითხა, თითქოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს არჩევსო.–გეცოდები? დიდი მადლობა, მაგრამ სიბრალული არ მჭირდება! ამოგეწურა ბრძოლის ლიმიტი? კი, ბატონო, მე არ გიჭერ! წადი! შეგძულდი? ყველაფერი ჩემი ბრალია? მართალი ხარ, მაგრამ შენი მსახიობური ნიჭის გამომჟღავნება და კეთილი გოგოს როლის თამაში არ მჭირ–დე–ბა! უკვე მერამდენედ გადაყლაპარა შეურაცჰყოფა სოფიომ... ფეხზე წამოიმართა და იმ საძინებელში შევიდა, სადაც მთელი თავისი არსება ონისეს მიუძღვნა... სადაც ბოლომდე მიენდო მამაკაცს... სადაც ერთგულების და სიყვარულის ფიცი დადო... ერთადერთი რის გამოც არ მიატოვა და არ დაემორჩილა, სიყვარული არ ყოფილა... კარგად იცოდა, რატომაც იქცეოდა ონისე ასე... რატომაც ედგა თვალებში სიბოროტე... რატომაც დაესადგურებინა მის შინაგან სამეფოში ეშმაკს... საწოლზე დაეცა და ქვითინით შეხვდა იმ საბანს, რომელსაც ლოლას სურნელი ასდიოდა, სურნელი, რომელიც დროსთან პრივილეგიით სარგებლობდა. ^^^ დაგიბრუნდით, ჩემო ძვირფასებო! მოკლედ საშინელი ''უმუზობის'' ხანა მქონდა და როგორც იქნა გამოვედი ამ მდგომარეობიდან)) ისე მომენატრა თქვენი თბილი კომენტარები და საერთოდ თქვენ, რომ ვეღარ მოვითმინე და აი, ამ ისტორიით შემოვპროწიალდი. ეს ისტორია იქნება ბოლოს დაწერილი ისტორიებისგან განსხვავებით მძიმე და სევდით და ტკივილით სავსე. სულ ოთხი თავია და ამ ოთხი თავის წერისას ცრემლი თვალიდან არ მომშორებია. მომინდა, რომ ისეთი რაღაც დამეწერა, რაც რეალობასთან ახლოს იქნებოდა და ცოტათი მაინც შეამცირებდა ამ ამაზრზენ ფაქტებს (ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ). ჩემი სურვილი სურვილად თუ დარჩება, არ გამიკვირდება, რადგან ერთი პატარა მოთხრობა მათი განკურნების პრეპარატი ვერ გახდება. ველი თქვენს შეფასებებს რაღაც განსაკუთრებულად... რაც ალბათ ამ ჟანრიდან არის გამოწვეული! უყვარხართ სოფოს! უყვარხართ და კიდევ უყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.