მთვარის ბნელი მხარე (დასასრული)
-ნიცა,- გავიგე დედიკოს ნაზი ხმა. თავიდან ვერ მივხვდი დედიკოს ხმა მესიზმრებოდა, თუ ის, რაც აქამდე მოხდა, ღამის კოშმარი იყო. -დე,- ამოვთქვი ხმადაბლა და ხელების ფათურით ვიპოვე მისი თბილი ხელი. -ნიცა... როგორც იქნა,- ამოისუნთქა ხმამაღლა დედამ. -დე, რა ხდება?- ვკითხე გაოცებულმა. განა ნორმალურია ჩემი ეს რეაქცია? განა გულიდან ლოდი არ უნდა მომშორებოდა? დედა ცოცხალია, ანუ მამაც... მაშინ რატომ ვარ ასეთი იმედგაცრუებული? რატომ ვფიქრობ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანზე ასეთ მომენტში? განა მან არ მომატყულა? არ მიღალატა? ფეხქვეშ არ გათელა ჩემი გრძნობები? ჩემი ნდობით არ ისარგებლა? -ნიცა, არაფერზე იფიქრო დე,- მომიჭირა ხელი დედამ,- ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო...- სცადა ჩემი დამშვიდება დედამ, მაგრამ მისმა სიტყვებმა უკუეფექტი მოახდინა. -საკმარისია,- უხეშად შევაწყვეტინე მე და ხელი წავართვი,- უნდა გავიგო რატომ მოიქცა ასე...- ვთქვი და საწოლიდან წამოვდექი. -ჩემს გამო,- გავიგე მამას ხმა, მაგრამ გული არ შემიფრთქიალდა ისე, როგორც ადრე. რა გამიკეთე ბაჩო? რა შხამი შემიშვი ორგანიზმში ასეთი, რომ საკუთარი მშობლების მიმართ გავცივდი? რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი გახდი ჩემთვის? ნუთუ ამ შხამს ჰქვია რომანტიკული სახელი - სიყვარული? -მამა ამიხსენი,- ვუთხარი ცოტა ცივად. ჩემდა გასაოცრად არაფერი უთქვამს ზედმეტად, პირდაპირზე თხრობაზე გადავიდა: -დაახლოებით 8 თვის წინ ჩემთან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და თავისი დის ანალიზები მომიტანა. გოგონას გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ოპერაცია დიდი ხნის სიცოცხლეს აჩუქებდა, მაგრამ ცოტა ხანს მაინც იცოცხლებდა...- ამ სიტყვებზე დადუმდა. -განაგრძე,- იმის წარმოდგენაზე, თუ რის თქმას აპირებდა მამა, გამაჟრჟოლა. -მათ ფული არ ჰქონდათ...- თქვა ხმადაბლა, მაგრამ მე მაინც გავიგე. გავიგე და ვიგრძენი როგორ შემეპარა სიცივე გულში. -და?- ჩემს ხმაში ისეთი შხამი ისმოდა, რომ ალბათ თავისუფლად მოწამლავდა ადამიანს. როდესაც პაუზა გაგრძელდა, ცივად განვაგრძე,- უარი უთხარი ამის გამო? ავადმყოფი გააგდე და ნება მიეცი ახალგაზრდა ბავშვს... შენი შვილის ტოლ გოგონას, ძმას ხელში ჩაკვდომოდა? და შენ თავს ადამიანს ეძახი ამის მერე?- ყვირილზე გადავედი. ეს ყველაფერი არანაირად არ ჯდებოდა ჩემი თბილი და ყურადღებიანი მამიკოს სახებაში. -ნიცა,- დედას ხმა უკანკალებდა. ასეთი კატეგორიული და უხეში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გული მეც გამისკდებოდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ სუნთქვა მიჭირდა. თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი ყელზე მიჭერდა და ჟანგბადს მიკეტავდა. წარმოვიდგინე როგორ ცუდად იყო ბაჩო და უიმედობისგან ყვირილი მომინდა. -წადი, გთხოვ,- ვთქვი ხმადაბლა,- დე, გთხოვ მარტო დამტოვეთ. რაღაცის თქმა უნდოდა დედას, დაიწყო კიდეც, მაგრამ როგორც სჩანს მამამ შეაჩერა. რამდენიმე წუთში კი კარის ხმა გავიგე. გავიდნენ. დავრჩი ისევ მარტო. ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს... მარტო... სულ მარტო... ყველასთვის გამოუსადეგარი და ზედმეტი ტვირთი. მთელი ღამე ბალიშში ვტიროდი. ხმამაღლა, გულამოსკვნით. მეც ვერ გავიგე როდის ჩამეძინა. დილას დედას თბილმა ხელებმა გამაღვიძეს. -გაიღვიძე?- მკითხა ნაზად. -დე, სადაა ბაჩო?- ვკითხე ხრინწიანი ხმით. მთელი ღამის ტირილს ტყუილად არ ჩაუვლია ჩემთვის, ხმა ჩამიწყდა. დედას ხელები დაეძაბა,- დე, გთხოვ არაფერი უქნათ ბაჩოს. -რატომ ნიცა?- მკითხა დედამ. -დე... ალბათ სისულელედ მოგეჩვენება და იტყვი, რომ ეს ჩემი გამოუცდელობის ბრალია... მაგრამ მიყვარს დე... მართლა მიყვარს,- ვუთხარი სლუკუნით. ცრემლები აღარ დამრჩა, არადა ტირილი მინდოდა. -ნიცა ასე ადამიანები არ უყვარდებათ,- მითხრა დაძაბულმა და ცოტათი გაღიზიანებულმა,- ხვდები მაინც რა გააკეთა იმ არაადამიანმა? შენი მდგომარეობით ისარგებლა და... -არაადამიანურად მამა მოიქცა,- გავაწყვეტინე უხეშად და მისი ხელი მოვიშორე. ჩემმა საქციელმა მეც კი გამაოცა. უეცარი ტკივილისგან ხმამაღლა შევყვირე. დედამ სილა გამაწნა. ცხოვრებაში პირველად. -სიმართლე მწარეა, ხომ?- ვკითხე გამწარებულმა. -არ გაბედო მამაშენზე ასე ლაპარაკი,- მითხრა მკაცრად. -შენ კი ბაჩოზე. არ იცნობ ისე შეიზიზღე,- ავუწიე ხმას. -მან მოგიტაცა... -მან მე მიმახვედრა რას ნიშნავს სიყვარული და თავისუფლება. მე ის მიყვარს და მას ბოლომდე დავიცავ,- ახლაც ვერ ვხვდები რატომ ვიძახდი ამას ყველაფერს. -იმედია რამდენიმე დღეში გაგივლის ეს უაზრო გატაცება,- მითხრა ცივად და საწოლიდან წამოდგა. -არა მგონია, მისი გემო ვიცი და ეს არასოდეს დამავიწყდება,- ვუთხარი მკვახედ. -რას გულისხმობ?- დედას ხმაში შიში გაისმა. -ნუთუ არ გითხრეს რა გარემოებაში გვიპოვეს?- გამიკვირდა გულწრფელად. -რა ჩაიდინე, სულელო ბავშვო?- მკითხა დედამ, ამჯერად მის ხმაში დაღლა ისმოდა. -ზუსტად ის, რაც გაიფიქრე,- ვუპასუხე მე ცოტა გამომწვევად. მართლა აბუნტებული მოზარდივით, რომელსაც ჰორმონები ტვინში ურტყამს. -დღეს ექიმთან წავალთ...- თქვა და ოთახიდან გავიდა. იმ დღეს ექიმებში მატარეს, უამრავი ანალიზი ამიღეს და დღის ბოლოს როგორც იქნა აღმოაჩინეს, რომ არაფერი ისეთი არ მჭირდა, რაზეც ასე ნერვიულობდა დედა. ამიტომაც დამშვიდდა და სცადა ჩემი გული მოეგო ვახშმით, მე კი არ მინდოდა უფრო მეტად მეტკინა გული მისთვის, ამიტომ დავთანხმდი მათთან ერთად ვახშმობას. თუმცა პირადად ჩემთვის ეს დიდი გამოცდა იყო. -ნიცა...- დამიძახა მამამ მას შემდეგ რაც ჭამა დავასრულეთ,- ბაჩო გაათავისუფლეს,- მე სიხარულისგან გავიბადრე. -აუცილებელი იყო მისი ხსენება?- გაღიზიანდა დედა. -ქეთო,- მამამ ხმა გაიმკაცრა, რაც იშვიათად ხდებოდა. დედა მაშინვე გაჩუმდა,- დღეს მე დავრეცხავ ჭურჭელს, თქვენ დაისვენეთ,- გამოაცხადა უცებ მანამ. ამაზე გამეღიმა. -მადლობა მა,- ვუთხარი გულწრფელი ღიმილით და ორივე მიხვდა რის გამო ვუხდიდი მადლობას. დედამ ამოიოხრა, მამა კი წამოდგა და თავზე მაკოცა. იმ წუთს ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედამ ოთახში შემიყვანა. -დე,- დავუძახე როგორც კი ოთახიდან გასვლა დააპირა. ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. -გისმენ,- მითხრა ცივად. -წამიკითხავ?- ვკითხე ხმადაბლა და გავუღიმე. ამაზე უარს არასოდეს მეტყვის, ეს მისი საყვარელი გასართობია. ბლოგის კითხვა და გარჩევა. -რა თქმა უნდა,- ხმაზეც დაეტყო გამოცოცხლება. ტაბლეტი ჩართო და გვერდით მომიწვა. ჯერ უკვე ნაცნობი ბლოგი წამიკითხა... მარტოობაზე. რომელიც მე და ბაჩომ დავიწუნეთ. ტუჩი მოვიკვნიტე. არ მინდოდა დედას სცოდნოდა თუ და ხდებოდა ჩემს გულში. ისედაც უჭირდა რეალობასთან შეგუება. აი შემდეგი ბლოგი, აბსოლუტური მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემთვის... ან არც ისე მოულოდნელობა, მე ხომ ეჭვი მქონდა... <<ადამიანისათვის რომელიც მთელი ცხოვრება გამიზნულად მიილტვოდა მარტოობისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ, ძნელია აღიაროს, რომ ტკივილამდე სჭირდება ვიღაც. არა უბრალოდ აღიაროს - არამედ მიხვდეს კიდეც. თავიდან არ აქცევ ყურადღებას იმას, რომ მასთან თავს კომფორტულად გრძნობ გარკვეულ სიტუაციებში, რომ მოგწონს იმ ადამიანთან ყოფნა - უბრალოდ იმიტომ, რომ იცი - ეს ყველას მოსწონს. საქმე შენში არაა, საქმე მასშია. ამას იმდენად დიდხანს ვერ აცნობიერებ, რომ მისი თვალებით, რომელიც შენს მიღმა იყურებიან, ხვდები რომ დაიღალა, ან გულდაწყვეტილია. მაგრამ რეალურად არ იცი როგორი ადამიანია და მხოლოდ შორიდან ცდილობ მიხვდე - ნუთუ ყოველთვის ასეთი იდეალურია? ნუთუ ახლა გულწრფელია? გინდა გაიგო, მაგრამ ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობაა, ცდილობ დაარწმუნო თავი, რადგან ვერ ხვდები, რომ გაები... ხოლო როდესაც გაძლევს უფლებას სულ ოდნავ შეეხო მის სულს, ხვდები და ეს ცუნამივით გრძნობა მზადაა წაგლეკოს. ხვდები, რომ გჭირდება ის, როგორც ყავა და სიგარეტი დილით, რათა საბოლოოდ გამოფხიზლდე. პოულობ ამ ადამიანში ისეთ თვისებებს, რაც იწვევს შენში ემოციების გამას: აღფრთოვანებას, სინაზეს, აღმაფრენას, შეცოდებას - ყველაფერს იმას, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდი, თვლიდი უინტერესოდ და საერთოდ არ მიგაჩნდა ყურადღების ღირსი. როდესაც შეჩვეული ხარ შორიდან ყურებას და გიწევს მოულოდნელად დაინახო ახლოდან, გაოგნებს სხვაობა. ყველაფერი უფრო ნათელია, მისახვედრი და გასაგები. შენ შეუჩვეველი ხარ ამ გრძნობას და ვერ ხვდები ზუსტად რა უნდა გააკეთო. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ხარ, გააკეთებ ყველაფერს, რათა ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდეს. დიდხანს ან სამუდამოდ... და რაც ყველაზე მეტად გეუცნაურება, აბსოლუტურად არ გაინტერესებს რას იტყვიან შენზე ადამიანები, ისინიც კი, ვინც შენთვის მნიშვნელოვანნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არაფერი იციან. ერთადერთი რაც გაღელვებს - ის მიხვდეს რისი თქმა გინდა. გინდა მან იცოდეს - შენ გჭირდება ის, რათა თავი იგრძნო საჭიროდ>>. ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული. ნუთუ მარლა ისაა ვინც მე მგონია? -დე,- დავუძახე ხმადაბლა. -საინტერესოა,- თქვა ჩაფიქრებულმა დედამ, მერე კი მე მიმართა,- გისმენ ნიცა. -დე, გთხოვ კომენტარი დამაწერინე. -კომენტარი?- დაიბნა. ასეთი რამ ადრე არასოდეს მითხოვია. -კი... გთხოვ, დე,- ალბათ ხმა მქონდა ძალიან საწყალი, რადგან დედა მაშინვე დამთანხმდა. -რა დავწერო?- მკითხა ინტერესით. -<<თბილი ამინდი, ცივი წყალი და შენი ცხელი ხელები... მადლობა ამ დღისთვის...>>- დავიწყე მე, მაგრამ ხმით მივხვდი, რომ დედა აღარ წერდა,- დე, მე ხომ გთხოვე. -განაგრძე,- მითხრა დაბნეულმა და წერა განაგრძო. -<<მენატრები... უზომოდ... მართალი ყოფილხარ... არჩევაზე... გახსოვს? მითხარი, რომ შემიყვარდებოდა, სხვანაირად ავჭიკჭიკდებოდი. ახლა ვხვდები რატომაც მითხარი ასე. იმას ვერ ვხვდები შენ საიდან იცოდი... შენც ხომ არ გყვარებია არასოდეს? იცი, დღეს ექიმთან ვიყავი და ორივე ხელთათმანი დავკარგე. ჯერ ერთი, და როდესაც ამას მივხვდი, მერე კი მეორე... ცალ-ცალკე. გინახავს ადამიანი, რომელიც ორივე ხელთათმანს კარგავს ცალ-ცალკე, მაგრამ ერთ დღეში? აი მეც...>> -მორჩა?- მკითხა დედამ როდესაც პაუზა გამიგრძელდა. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. მერე კი საბანი თავზე დავიფარე და დაძინება ვცადე, მაგრამ რამდენიმე წუთში დედას აღელვებულმა ხმამ მაიძულა გამოვმძვრალიყავი ჩემი ნაჭუჭიდან. -გიპასუხა,- დედა გაოგნებული იყო. -რა?- სუნთქვა შემეკრა და თვალები ავახამხამე. ნუთუ სმენითი ჰალუცინაციებია? -<<მე ვიცნობ ადამიანს, ვისაც მეტიც შეუძლია... მაგალითად სრულიად უაზროდ დაკარგოს ადამიანი, რომელიც ჰაერივით სჭირდება და თან ზუსტად მას მერე, რაც ამას მიხვდა. იქნებ სჯობს მივატოვო წერა? და აზრების ხმამაღლა გამოთქმა?>> -დე, უპასუხე,- ვუთხარი ღიმილით. არ შევმცდარვარ. ინტუიცია არასოდეს მღალატობს. -<<თუკი დიდხანს იქნები ჩუმად, ხალხი უბრალოდ აღარ შეგიმჩნევს. გაჩუმდები და უჩინმაჩინად იქცევი. გარშემომყოფნი გვამჩნევენ არა ჩვენ, არამედ ჩვენს რეაქციას მათზე. თუკი რეაქცია არ გექნება მათ საქციელზე ან სიტყვებზე, უბრალოდ გაქრები>>. -<<დამეხმარები რომ არ გავქრე? მოხვალ ჩემთან? დარჩები ჩემთან?>> -<<შენ მხოლოდ დამიძახე>>. -ნიცა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?- მკითხა დედამ. მე კი სულელივით ვიღიმოდი. ჩემი საყვარელი ბლოგერი და ბაჩო ერთი და იგივე ადამიანია. მას მე ვუყვარვარ და უნდა მის გვერდით ვიყო. მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად ჩემი სიბრმავისა... მიუხედავად მამაჩემის საქციელისა. უეცრად ჩემს სმენას მოსწვდა ნაცნობი ბარიტონი. -ნიცა,- მეძახდა ვიღაც. -დე, მართლა მოვიდა,- ვუთხარი აღელვებულმა. -ვინ მოვიდა?- საბოლოოდ დაიბნა დედა. -ჩემი ბლოგერი,- ვუთხარი დედას. -ნიცა,- ისევ დამიძახა ასეთმა მონატრებულმა ხმამ. ამჯერად დედამაც გაიგო და გაოცებულმა მკითხა,- ისაა?- მე თავი დავუქნიე,- საიდან იცის სად ცხოვრობ?- მისი ხმა სულ უფრო და უფრო ხმადაბლა ისმოდა. -ბაჩოა დე,- ვუთხარი ღიმილით. -არაფერი მესმის,- აღიარა დედამ. -გთხოვ, გამიყვანე მასთან,- ვთხოვე და სანამ პასუხს მივიღებდი, კარი გაიღო. -ნიცა, წამოდი,- გავიგე მამას ხმა. ჩემთან მოვიდა და წამომაყენა. მე გული ამიჩქარდა და ცრემლი წამსკდა. -მადლობა, მა,- ვუთხარი აღელვებულმა და ჩავეხუტე. -მაგრამ...- დაიწყო დედამ, მაგრამ მამამ ხელი ასწია და ისიც გაჩერდა. მერე კი დამეხმარა კიდეც, თბილი ქურთუკი მომახურა მხრებზე. მამა კიბეზე ჩასვლაში დამეხმარა. ჩემითაც შემეძლო, მაგრამ ზედმეტად ვიყავი აღელვებული. გზად ვფიქრობდი, ნუთუ ეს ნორმალურია? მაგრამ ნორმალურობა, ხომ ასფალტიანი გზასავითაა. მასზე სიარული კომფორტულია, აი ყვავილები კი - არ იზრდებიან. ცვლილებები ყოველთვის ცუდი არაა. ეს ჩვენი ცხოვრების კანონია: ვერ შეეჩვევი - დაიღუპები, არ დაიღუპები - აუცილებლად შეეჩვევი. უბრალოდ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო ცვლილებებს, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. ამის ნაცვლად, დაე სიცოცხლე გაგრძელდეს ჩვენით. მერე რა თუკი ყველაფერი თავდაყირა დგება. არავინ იცის რა სჯობს, არსებობა, რომლითაც ვცხოვრობთ, თუ ის, რომელიც წინ გველის ცვლილებებთან ერთად. ახლა კი მხოლოდ ისაა მთავარი, შევინარჩუნო ის, რაც ბედიაწერამ მაჩუქა, ვიყო ბედნიერი და მადლობელი ყოველი დღის და წუთის... ბაჩომ გულში ჩამიხუტა, მამამ თავზე მაკოცა და გამიშვა. ჩვენც წავედით... არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მაგრამ მაინც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ბაჩოსთან ერთად სიჩუმეც კი სასიამოვნო იყო. სახლში მისულებმა მხოლოდ ის მოვახერხეთ თავი გაგვეთავისუფლებინა ქურთუკებისგან და საწოლში ჩავწოლილიყავით. -ბაჩო...- დავუძახე მე. -ხვალ ნიცა,- მითხრა მთქნარებით,- ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი? უშენოდ ვერ ვიძინებდი, ახლა კი... ნება მომეცი დავიძინო, გთხოვ. -ტკბილად იძინე, ძილისგუდა,- გამეღიმა მე და მკლავზე, რომელზეც თავი მედო, ვაკოცე. ხოლო როდესაც მივხვდი, რომ ჩაეძინა, ჩემს გვერდით, მშვიდად და ღრმად, საოცარი სინაზე ვიგრძენი მის მიმართ. სუნთქვა შემეკრა და ცრემლები წამსკდა. -დაიძინე,- გავიგე ბაჩოს ხმა. გავაღვიძე ჩემი ტირილით. დაიხარა და ცრემლები კოცნით ამომიშრო. -ბაჩო...- დავიწყე, მაგრამ უცერემონიოდ შემაწყვეტინა. -მეც მიყვარხარ, ახლა კი დაიძინე,- კანით ვიგრძენი როგორ გაიღიმა. -მე უფრო,- გამოვუყავი ენა და სახე მის კისერში ჩავმალე. -სულელი ბავშვი,- გაეცინა ბაჩოს და თავზე მაკოცა,- ტკბილი ძილი. -ძილი ნებისა,- ვუთხარი და ჩამეძინა. ... ერთად გადატანილი: რომანტიკა და ყოველდღიურობა, კამათი და უღრუბლო ბედნიერების მომენტები - ორმაგად ღირებულია იმიტომ, რომ ეკუთვნის ორ ადამიანს. ის ორნი იყოფენ ამ გრძნობებს. ყოველ დღეს მოაქვს რაღაც ახალი - თითქოს ყველაფერი ისევეა, როგორც იყო, მაგრამ მაინც ვერასოდეს ვერ გამოიცნობ რა მოხდება ხვალ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარ წელიწადში ოპერაციაზე დამთანხმდებოდბენ და მხედველობას აღმიდგენდნენ. უბრალოდ შევძლებდი მხოლოდ ახლოდან დანახვას და თან ფერების გარჩევა გამიჭირდებოდა. ვეჩხუბებოდი დედას და ბაჩოს ერთად, რადგან ვერ თანხმდებოდნენ ჩემს საქორწინო კაბაზე. მერე კი ეს ორი ერთად გაუკეთებდა ორგანიზებას ჩემი ცხოვრების მთავარ მოვლენას, მე კი მამას არჩეულ კაბას ჩავიცმევდი. მოვიყვანდი სახლში ფერად კნუტს, სასაცილო შეფერილობით და ულამაზესი ჭრელი თვალებით. თან მხოლოდ მოწყობილი ისტერიკის შედეგად დავითანხმებდი ბაჩოს მის დატოვებაზე. სახელს კი მაინც ვერ მოვუფიქრებდით და "კნუტს" დავუძახებდით. ძალიან მეშინოდა, რომ ასე არ იქნებოდა მუდამ, ამიტომ არასოდეს ვლაპარაკობდი მომავალზე. ვხვდები, რომ ბაჩო არის საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში შემმთხვევია და იმედი მაქვს, რომ არასოდეს დავკარგავ მას. ვიცი, რომ ჯერ ახლოსაც არ ვარ იმასთან, რომ შევიცნო ეს უზარმაზარი სამყარო, მაგრამ არ განვიცდი, ყოველი დღე რაღაც ახალს მჩუქნის - სიურპრიზებს და განცდებს. და ეს შეგრძნება არის ბედნიერება... თეთრი, იმ თოვლის მსგავსი, რომელმაც გუშინ დაფარა ქალაქის ქუჩები. უმანკო, როგორც იმ ბავშვის ცრემლი, რომელიც პირველად დაღვარა ამ სამყაროში გუშინ მოვლინებულმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.