გვირილების სურნელი (სრულად)
გაოგნებული სახით უყურებდა მოტირალ გოგონას. ვერ მოსულიყო აზრზე და ცდილობდა,როგორმე თავი შეეკავებინა წაბორძიკებისგან. -ერთი წლით? _ბოლოს არეული და ამღვრეული ხმით ჰკითხა. _ანუ ერთი წლით მიდიხარ? გოგონამ გაუბედავად დაუქნია თავი,მერე ძლივს გაუსწორა განადგურებული მზერა ბიჭს. ამოიხორა და თითქოს მთელი ტკივილი და სევდა ამოაყოლაო ამ ერთ ამოსუნთქვას. -არ წახვიდე. _ისევ ბიჭმა დაარღვია საძულველი სიჩუმე და გოგონას აკანკალებული ხელები თავისაში მოიქცია. -ანდრონიკე,არ გესმის. უნდა წავიდე,მხოლოდ ერთი წელი. სულ ხომ არ მივდივარ? ხომ შეგიძლია გამიგო.. _ხმა უთრთოდა მწვანეთვალება გოგონას. გული გამალებით უცემდა. ისე რომ ანდრონიკეს მისი თითოეული მოძრაობაც ესმოდა. -ვერ გავძლებ... უშენოდ.. _ამოიხავლა ბიჭმა და გოგოს ხელები შეუშვა. _თათია,მართლა ვერ გავძლებ.. თათიას პირველი ცრემლი ჩამოუგორდა ქათქათა ლოყებზე,ამაყად მოიწმინდა გოგომ. გამჭოლი და კუშტი მზერით შეხედა ბიჭს,განზე გადგა და მკაცრი ხმით უთხრა: -ადამიანურად აგიხსენი ანდრონიკე,სხვანაირად არ შემიძლია და რა ვქნა. ჩემი მშობლები მიდიან და აქ მარტოს არ დამტოვებენ. მხოლოდ ერთი წელია,შეგიძლია გამიგო და დამელოდო,მაგრამ თუ არ გინდა,ვერაფერს დაგაძალებ. წამით ანდრონიკეს სახის ნაკთები დაეჭიმა და ისე გაუშმაგდა მზერა,რომ თათია შეკრთა. მერე მოლბა ხევსური და შედარებით წყნარი ხმით უთხრა. -გამომყევი ცოლად და აქ დარჩი. თათიამ ნერვიულად ჩაიცინა. -კმარა ანდრონიკე,კმარა! -კარგი,როგორც შენ გინდა. _კუშტი მზერით თქვა ბიჭმა და უკან გაბრუნდა. თათიამ უღონოდ ამოიხავლა. მერე ძლივს მოიკრიბა ძალ-ღონე და ხმამაღლა თქვა,ისე რომ მისი დაუძლურებული ხმა ანდრონიკემდე მისულიყო. -ხვალ მივფრინავ ანდრონიკე,ღამის სამზეა ფრენა. დაგელოდები... ბიჭმა ამოიგმინა. უნდოდა მიეხედა,მიბრუნებულიყო და მაგრად მოხვეოდა საყვარელ ქალს,მაგრამ ვერ შეძლო. ის ფაქტი,რომ თათიას მთელი წლის განმავლობაში ვერ ნახავდა და მათ შორის ათასობით კილომეტრი იარსებებდა,გულს უწამლავდა და ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ აძლევდა. უკანმოუხედავად გაიარა უბანი. ვერც კი მიხვდა,როგორ გაუყვა მშობლიური სახლისკენ მიმავალ,ტკბილ გზას. ^ ^ ^ გაუბედავად შეხსნა კარი და დერეფანშივე დაიყვირა. -ბაბუ,სახლში ხარ? მისაღებიდან ხმა გაიგონა და ღიმილით გაუყვა დერეფანს. -მოდი ბაბუ,მოდი! _ტკბილი და მოციმციმე თვალებით შეეგება მოხუცი და მაგრად მოეხვია მონატრებულ შვილიშვილს. _სად ხარ ბიჭო,რომ დაიკარგე? ასე უნდა ბაბუის მიტოვება? -მაპატიე რა ბაბუ,ისეთი არეულობაა ჩემს თავს,არაფრის თავი არ მაქვს. _ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ანდრონიკემ და ბუხართან ჩამოჯდა. -რა იყო ბაბუ,მშვიდობაა? _შეშფოთებული ხმით იკითხა მოხუცმა და წყლიანი თვალები მოუთმენლად შეანათა ანდრონიკეს. -მიდის ბაბუ,მიდის. _ამოთქვა ბიჭმა და თავი დახარა. -ვინ მიდის ბიჭო,რას ბჟუტურობ,ნორმალურად ამიხსენი. _გაბრაზდა მოხუცი. -თათია,თათია მიდის. -შენი თათია? -ჰო,ჩემი თათია. მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის,ერთი წლით. სული მეხუთება,ბაბუ. ვერ ვაზროვნებ ისე მტკივა... -ამის გამო ჩამოგტირის ცხვირ-პირი? უცებ გაირბენს ეგ ერთი წელი,ანდრონიკე. დარდს და უაზრო ტირილს არ ჯობია დარჩენილი დრო მასთან გაატარო? _მოხუცმა გაიღიმა და ნაოჭიანი,დაკოჟრილი ხელები ანდრონიკეს დაუსვა მხრებზე. -დავკარგავ ბაბუ,მის გარეშე ვერ გავძლებ. სახე მოექუფრა ბაბუს. ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაიარა დერეფანი. ანდრონიკე უკან გაჰყვა. -დაკარგვის მნიშვნელობა არ გცოდნია. _დაიწყო მოხუცმა. _არადა,მეგონა სიყვარული გასწავლე. საყვარელი ქალის გაფრთხილება და მოვლა ჩაგინერგე მაგ უტვინო თავში. _ბრაზობდა ბაბუ. ანდრონიკე პირღია შესჩერებოდა გაანჩხლებულ მოხუცს და ვერ გაეგო ასეთი რა თქვა. -ეს არაფერია იმასთან შედარებით,რაც შეიძლება შეყვარებულ ადამიანს დაემართოს. ანდრონიკე,იმ გოგოს ისე უყვარხარ,რომ არამგონია შენი სადმე წასვლა ყოფილიყო მისი დამბრკოლებელი ამ სიყვარულში. ძალიან მეეჭვება,შენი სადმე წასვლის გამო დაეთმო და გაეწირა თქვენი სიყვარული. ერთი წელი ვერ გაძლებ? ვერ დაელოდები? თავი დახარა ბიჭმა. -ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ თუ იცი ანდრონიკე? _იკითხა მოხუცმა. -ვიცი,ბაბუ. შენი და ბებიას ისტორიები დაზეპირებული მაქვს უკვე. _ღიმილით უთხრა ბიჭმა. მოხუცმა ნაღვლიანად ჩაიცინა. -მე ბებიაშენზე არ ვლაპარაკობ,სხვაზე გეუბნები. გაოცდა ანდრონიკე. აქამდე მსგავსი არაფერი გაეგო. -არა,არაფერი ვიცი. მოხუცმა პიანინოს თავზე მდგარ ფოტოს შეხედა,სადაც შუახნის ქალბატონი იყო გამოსახული. -ბებიაშენი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო... მიყვარდა,მაგრამ პირველი სიყვარული სულ სხვაა ანდრონიკე. პირველი სიყვარული არ უნდა დაკარგო. იცი რატომ? _ღიმილით იკითხა კაცმა. -რატომ,ბაბუ? -იმიტომ,რომ მეორედ ასე არავინ შეგიყვარდება. -მომიყევი რა,ბაბუ. -წამოდი,ჩაი დავლიოთ და ყველაფერს გიამბობ. _ღიმილით უთხრა კაცმა და სამზარეულოში გასწია. ^ ^ ^ სამზარეულოში ისხდნენ. იქვე ბუხარი გიზგიზებდა და ჯერ კიდევ გაყინულ ოთახს,იქიდან გამომავალი სითბო ედებოდა მალამოდ. ანდრონიკე მომლოდინე თვალებით შეჰყურებდა მოხუცს და ერთი სული ჰქონდა როდის დაიწყებდა იგი ლაპარაკს. -ჩვენი ტრადიციებისა და ადათების შესახებ ხომ იცი ანდრონიკე? -ჰო,ვიცი. ზოგი მათგანი საშინლად მკაცრია,ძნელია მათი დაცვა. _თქვა ბიჭმა. -წაწლობაზე გსმენია რამე? -როგორ არ მსმენია,ბაბუ. _გაოცებით დაუდასტურმა უმცროსმა ფიცხელაურმა უფროსს. ნაღვლიანად გაიღიმა მოხუცმა და თხრობა დაიწყო... ^ ^ ^ _ მე ხევსურეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში დავიბადე,ანდრონიკე. ჩემი მშობლები მთელი სიმკაცრითა და სიზუსტით იცავდნენ წინაპრების მიერ დატოვებულ ადათებსა და ტრადიციებს. სოფელი კომუნიკაციასა და ცივილიზაციას მთლიანად იყო მოწვეტილი. თანაც ამ დროს საშინელი არეულობა იყო ქალაქებში. ჩვენ არაფერი შეგვხებია,ჩვენი ცხოვრების წესი უცვლელი იყო. ყოველთვის,მაშინაც და დარწმუნებული ვარ ახლაც. ტრადიცია იყო ამგვარი. როცა ვაჟები და ქალები მწიფდებოდნენ,მათთვის შესაფერის მეწყვილეს-წაწალს პოულობდნენ,რათა ბავშვები მომავალი პასუხისმგებლობისთვის მოემზადებინათ. წაწლები ერთმანეთთან ღამეებს ატარებდნენ,თუმცა ერთად ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. თუკი მათ შორის ფიზიკური კავშირი იქნებოდა,ორივეს აძევებდნენ თემიდან ან სიკვდილით სჯიდნენ. წაწლები მხოლოდ დროებით იყვნენ ერთად,განშორების შემდეგ მათ სხვაზე აქორწინებდნენ. მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი. იმ დღეს მამაჩემმა პირველად მითხრა მისი სახელი და თითქოს მაშინვე ვიგრძენი,რომ მთლიანად და რადიკალურად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. პატარა ვიყავი,მაგრამ ამავდროულად,მაშინ მესმოდა ყველაზე მეტად ამ გრძნობის მნიშვნელობა. საცორად ლამაზი სახელი ჰქონდა. ნაზი,ჰარმონიული. ყვავილი მომაგონა,თვალწინ დამიდგა გვირილებით გადაჭედილი მინდორი და გამეღიმა უნებურად,საოცრად თბილი და სიყვარულის ღიმილით. პირველად აპრილის თვეში ვნახე. როცა უკვე ჩემთან მოიყვანეს და ჩამაბარეს. ხევისბერმა ყველაფერი გვითხრა,დაგვარიგა და მინდორზე პატარა ხის სახლში მიგვიყვანა. თავდახრილი მომყვებოდა,მორჩილად. თავზე თავშალი ეკეთა,შავი,თექის. კუპრივით შავი თმა მხრებზე გადმოეყარა უწესრიგოდ და ისე ჩაეღუნა თავი,შემეშინდა არ წაიქცეს-მეთქი. ხელი მოვკიდე ფრთხილად,ისე რომ არ შემეშინებინა. წამით შეკრთა,მაგრამ არ გამძალიანებია. პირველი დღე საერთოდ არ დამლაპარაკებია. არც მე გამომიჩენია ინიციატივა. ვიჯექი და ვუყურებდი,როგორ იცქირებოდა ფანჯრიდან იმის შიშით,რომ ჩემს მზერას არ შეჩეხვოდა. ლამაზ თვალებს მარიდებდა და შველივით კრთოდა,როცა მივუახლოვდებოდი. ვიცოდი ჩემი არ ეშინოდა,უბრალოდ რცხვენოდა. თვალებში შემოხედვისაც კი რცხვენოდა. პირველად მე გავეცი ხმა,გვირილას გავხარ-მეთქი ვუთხარი. არა იმიტომ,რომ მინდოდა საუბარი წამომეწყო. მართლა ჰგავდა გვირილას,ჭორფლები მთელს სახეზე პატარ-პატარა წერტილებად ეყარა და ისეთი ლამაზი,ღრუბლისფერი თვალები ჰქონდა,მიკვირს მისი ყურებისას როგორ არ გავგიჟდი. გამიღიმა ნაიამ და პირველად მაშინ გავიაზრე,რა საოცრება მარგუნა ღმერთმა. ^ ^ ^ ანდრონიკე გაოგნებული უყურებდა მოხუცს და ყურებისთვის ვერ დაეჯერებინა. -მერე? მერე რა მოხდა ბაბუ? _იკითხა მოთმინებადაკარგულმა ბიჭმა. მოხუცს თვალები აუწყლიანდა. ადგა და ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ხელში რაღაც ეკავა. ანდრონიკეს გაეღიმა მოხუცს თექის,გვირილებით მოხატული შავი თავშალი ეჭირა. ^ ^ ^ ორივეს საოცრად გვიყვარდა კითხვა. ვისხედით ხოლმე მინდორში,წავიღებდით რომელიმე წიგნს,რომელსაც სიძველის სუნი ასდიოდა და შეღამებამდე ვკითხულობდით მონდომებით. საშინლად არ უყვარდა კარგი დასასრულის მქონე წიგნები,ერთი და იმავეს ბევრჯერ კითხულობდა,მაგრამ ყოველი წაკითხვისას უცვლელად ტიროდა. -ანდრონიკე,რაზე ფიქრობ? _ერთხელ მკითხა. ჩვეულებისამებრ,თავი ჩემს მუხლებზე ედო და მოკრიალებულ ცას უყურებდა თავისი ღრუბლისფერი თვალებით. გამეღიმა და ვუთხარი. -ჩვენზე. -არ იფიქრო ჩვენზე. _თვალები აუწყლიანდა. -რატომ? -იმიტომ,რომ ოდესღაც „ჩვენ“ აღარ იარსებებს. მივხვდი,რასაც გულისხმობდა. ვერ გავბედე შევწინააღმდეგებოდი,მაგრად მოვხვიე მკლავები და მხურვალედ ჩავიკარი გულში. თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი. იმდენი ლამაზი მოგონება,ვნებით გალეული ფერადი ღამეები და დაუვიწყარი სიტყვები მახსოვს მის ირგვლივ,რომ ძნელია ეს ყველაფერი უცრემლოდ გაიხსენო. საოცრება იყო თითოეული შეხება,კოცნა. მისი ლამაზი ტუჩები,გამოყვანილი წელი,მხრები,ულამაზესი ლავიწები და რაც მთავარია თვალები. წამით ვერ ვცილდებოდი. ვამჩნევდი,როგორ ვეჯაჭვები მის თითოეულ შემოხედვას,ნათქვამ სიტყვას ან ღიმილს. მკლავდა მისი ნარნარა ხმა და დახვეწილი მიხრა-მოხრა. მისი სხარტი გონება და ლოგიკა. ისე შეეძლო ლაპარაკი,რომ თავს დაგამახსოვრებდა. საოცრება იყო,ნამდვილი საოცრება. მის თავშალსაც კი გვირილების სუნი ასდიოდა,მუდამ თმა ჰქონდა შეკონილი და იმიტომ. გვირილებით მოვხატე მისი შავი თავსაფარი. მას მერე გვერდიდან არ მოუშორებია,ძილშიც კი ეკეთა. _____________ -როცა დაშორების დრო მოვა რა უნდა ვქნათ? _ერთხელ გავბედე და ნაიას ვკითხე. _ერთი თემიდან ვართ,დაქორწინების უფლებას არ მოგვცემენ. ნაიამ ხელი მომისვა სახეზე. ნაღვლიანად გამიღიმა და ტუჩებზე დამეკონა. სიმლაშე ვიგრძენი. ტიროდა. -ვერაფერს ვიზამთ. ეს ხომ ტრადიციაა... -გავიქცეთ ნაია,გავიქცეთ! მთავარია ხევსურეთიდან გავაღწიოთ და ყველაფერს შევძლებთ. ყველაფერი გამოგვივა. უფრო მეტად ატირდა. უფრო მხურვალედ მაკოცა,უფრო მხურვალედ მომეკრო შიშველი სხეულით. თმაზე,როგორც ყოველთვის გვირილების სურნელი ჰქონდა. __________________ ზაფხული იწურებოდა. შემოდგომა შემოიპარა ხევსურეთში და მალე წითელ-ყვითელი ფოთლები აფრიალდნენ სახლის გარშემო. გვირილების უკანასკნელი თაიგული ჭკნებოდა ჩვენს მაგიდაზე. ნაია სარწეველა სკამში იჯდა და უხმოდ შეჰყურებდა ნაღვლიან ყვავილებს. უეცრად წამოდგა,ჩამეკონა და მიმწყდარი ხმით მითხრა. -გავიქცეთ,გავიქცეთ,ოღონდ ამ გვირილებივით ნუ დავაჭკნობთ ჩვენს სიყვარულს.. _____ სექტემბრის უკანასკნელი დღეებიღა იყო. ჩემი ჭკუით გასაქცევად შემუშავებული გეგმა მზად მქონდა. გადაცმულები უნდა გავსულიყავით ხევსურეთიდან. ნაია არაფერს ამბობდა. მეგონა სჯეროდა ჩემი,სწამდა,მაგრამ მერე აღმოჩნდა,რომ თურმე,ის აზროვნებდა. ჩემს მაგივრადაც ის ფიქრობდა. __ მეორე დღისთვის ვაპირებდით წასვლას. ნაია მოვიდა,შავი დალალები უკან გადაიყარა და წითელი ტუჩებით ჰაერვნად მაკოცა ლოყაზე. -მიყვარხარ ანდრონიკე... მეეჭვა მისი საქციელი,მაგრამ არაფერი მითქვამს. უკანასკნელი ღამე გავლიეთ ფერებაში. გამთენიისას ჩამეძინა. უჩვეულოდ ცივი ამინდი იყო,წვიმის საზარელმა ხმამ გამომაფხიზლა. ვერსად ვიპოვე ნაია. მხოლოდ მისი სურნელი ტრიალებდა სახლში,თითქოს არ მინდობდა და ჭრილობაზე მარილს მაყრიდა. -ნაია! _ვიღრიალე. დამჭკნარი გვირილების კონის გვერდით იდო მისი თავშალი და წერილი. „ ძალა არ მეყო გამერისკა,ანდრონიკე. არა იმიტომ,რომ მეშინია. თუმცა,არა,გატყუებ,მეშინია. ძალიან მეშინია.. იცი რატომ? ხევსურეთი სასტიკია ანდრონიკე. არავინ გვაპატიებს ტრადიციების წინააღმდეგ წასვლას. მე შეიძლება შემიწყალონ,რომელიმე ურცხვ კაცს მიმათხოვონ და ჩემი ნამუსი ამით დაფარონ,მაგრამ შენ არ გაპატიებენ. თვალს არ დაახამხამებენ ისე გამოგასალმებენ სიცოცხლეს და ამას ვერ გადავიტან. უშენობის სიმწარეს ვერ გავუძლებ ანდრონიკე,ჩავმოვჭკნები,სული და გული მომიკვდება უშენოდ. შენ რომ ძალიან გიყვარს ეს ღუბლისფერი თვალები,არ იარსებებენ უშენოდ. მირჩევნია ვიცოდე,რომ ცოცხალი ხარ და ოდესღაც ალბათ ბედნიერიც. ვინმეს აუცილებლად იპოვი,ცოლად შეირთავ და შენ რომ შეგეფერება,ისეთ ოჯახს შექმნი. ერთად ყოფნა თავიდანვე არ გვეწერა ანდრონიკე,მაგრამ სიყვარულიც სასტიკია. თვითონ წყვეტს ყველაფერს,დამოუკიდებლად. არ დამივიწყებ ვიცი,ჩემი თავშალი,გვირილების სურნელი,რომ უდის,ამის საშუალებას არ მოგცემს. მიყვარხარ ანდრონიკე. გვირილების აყვავებას დაველოდები და ისე გაგიხსენებ.... „ _____ მას მერე ხევისბერთანაც ვიყავი,ნაიას მშობლებთანაც. ოფიციალურად ვითხოვე მისი ხელი. ვიცოდი,რომ წესებსაც ვარღვევდი და ადათებსაც,მაგრამ არ მანაღვლებდა. ნაიას გარდა არაფერი მანაღვლებდა. ვერაფერს გავხდი. ხევისბერი თემიდან მოკვეთითაც დამემუქრა. ჩემი სიყვარულის წინაშე უძლური ვიყავი ანდრონიკე,უძლური. ^ ^ ^ -მერე რა მოხდა ბაბუ? ასე დამთავრდა ეს ყველაფერი? _ეკითხებოდა უმცროსი ანდრონიკე უფროსს. -ოცი წელი,რომ შემისრულდა ხევსურეთიდან წამოვედი. ძლივს ჩამოვაღწიე თბილისში და ჩემით ავაწყვე ცხოვრება. ორი წლის შემდეგ ბებიაშენი შევირთე. მას მერე შენც იცი.. _ნაღვლიანად უთხრა მოხუცმა. -ნაია? მას რა ბედი ეწია? -ნაია გაათხოვეს. რომელიღაც გადაკარგულ სოფელში. _ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა მოხუცმა. -მას მერე აღარ გინახავს? -ერთადერთხელ ვნახე. ხატობას. წამით მოვკარი თვალი მის ღრუბლისფერ თვალებს და ვეღარ გავუძელი. მაშინვე გამოვერიდე. ნაია საოცრება იყო,კიდევ ერთხელ ვეღარ გავუძლებდი და მაშინვე წამოვედი მისგან. უმცროსი ფიცხელაური აცრემლიანებული შეჰყურებდა მოხუცს,ცრემლების შეკავებას ცდილობდა. -რამდენი ხანია თათია გიყვარს,ბაბუ? _ღიმილით ჰკითხა მოხუცმა,გვირილებიანი თავშალი ცხვირთან მიიტანა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -შვიდი წელია. -ჰოდა ამ სისულელის გამო არ დაკარგო. ჩემსავით ლაჩარი ნუ იქნები ანდრონიკე. დაიცავი შენი სიყვარული. გვირილებიანი თავშალი ანდრონიკეს მისცა და უთხრა. -კვლავ მისი სუნი აქვს... ანდრონიკეს გაეღიმა. -ჰო,მართლა რაღაცნაირი სუნი აქვს. -გვირილების. _პირველი ცრემლი ამაყად დაეშვა უფროსი ფიცხელაურის ლოყაზე. ყურებამდე გაეღიმა ანდრონიკეს,მაგრად ჩაეკრა გულში მოსახელე ბაბუას და უთხრა. -დიდი მადლობა ბაბუ,ძალიან მიყვარხარ! -წადი,გაიქეცი ანდრონიკე,გაიქეცი! _გაუღიმა კაცმა. ფიცხელაური მაშინვე მოსწყდა ადგილს. ^ ^ ^ -თათია! -............ -თათია-მეთქი!!! რამდენიმე სახლში შუქი აინთო. ხალხმა ფანჯრებიდან გამოყო თავი. გაღიზიანებულმა ანდრონიკემ ხმამაღლა დაიყვირა. -რას მიყურებთ,სიყვარულისგან გაგიჟებული ადამიანი არ გინახავთ? -თათია,ჩამოდი! _იღრიალა კიდევ ერთხელ. გაოცებულმა თათიამ ფანჯრიდან გამოიხედა. გაბრაზებული ლაპარაკობდა. -გაგიჟდი? რა გინდა აქ? -ჩამოდი,სალაპარაკო მაქვს! -ანდრონიკე,ღამის ოთხი საათია. ნასვამი ხარ? -ჩამოდი რა,გთხოვ! _უაზროდ გაიღიმა ბიჭმა. თათია შეტრიალდა და რამდენიმე წუთში საღამურებით დაბლა იდგა,ანდრონიკეს წინ. -სულ გაგიჟდი? რას აკეთებ,გინდა მეზობლებმა ხმა აღარ გამცენ? _ბრაზობდა გოგონა. ანდრონიკემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. -რაო,სად მივდივარო? _ღიმილით ჰკითხა და ზურგს უკან დამალული უზარმაზარი გვირილების თაიგული მისცა ხელებში გაოგნებულ გოგოს. -თავიდან დაიწყე? _ოდნავ ნაწყენი ხმით ჰკითხა თათიამ. ანდრონიკეს გაეღიმა. ჩაეხუტა და საფეთქელზე აკოცა გოგოს. -არ გაგიშვებ თათია,ბაბუაჩემმა მითხრა შენი სიყვარული დაიცავიო,ჰოდა ვიცავ. მარტო არსად გაგიშვებ. მეც შენთან ერთად მოვდივარ!! „ მაჯით გამოგიწვდი გულს და მერე ერთად - ცამდე დავითვალოთ - თეთრი გვირილები....! „ ______________ დაგიბრუნდით! სანამ ახალ ისტორიას დავიწყებდი,მინდოდა რამე დამეწერა. ეს პატარა ისტორია გადავწყვიტე საბოლოოდ. იმედი მაქვს მოგეწონებათ,ყველანაირ აზრს,დადებითსა თუ უარყოფითს კომენტარებში მიწერთ! ძალიან მიყვარხართ! ვისაც რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ,ესაა ჩემი ფბ გვერდი და მომწეროთ შეგიძლიათ <3 https://www.facebook.com/taia.guledani გკოცნით! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.