ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –5–
[თავი 5] დღისით არც ისე შემზარავია ეს ტყე... არც აურაა ცუდი. საბედნიეროდ გზაზე გავდივართ, საიდანაც მე აქ გავჩნდი. სამარშრუტო ტაქსი ან ჩვენთან ერთად ჩარჩა აქ, ან იმ გზიდან წავიდა თავის გზაზე, რომელსაც მე ამხელა იმედს ვაყრდნობ... შემოვლითი გზა წრიულ მოძრაობას გულისხმობს. ჩვენ თუ სწორი მიმართულებით წავალთ, მალე საგზაო ნიშნებიც გამოჩნდება და წარწერებიც სხვადასხვა სოფლების და დაბების. ჩემს აზრებს თომასაც ვუმხელ. საქმე ამას მოითხოვს და სხვა გამოსავალი არ მაქვს. –ნახე, ნახე, რა ლამაზი ქვაა...–მივირბინე გზაზე დაგდებულ მოვერცხლისფრო ფერის ქვასთან და... ხელში კი ალმასი შემრჩა! –არ მითხრა, რომ მანდ ოქრო ნახე! რას დასჩერებიხარ...–ბუზღუნით მიახლოვდება ქისტაური და ჩემს ხელებში მოქცეულ ალმასს ხედავს. –ოქრო არა, მაგრამ ალმასია...–აღფრთოვანებული დავყურებ აღმოჩენილ საუნჯეს და იმაზე ვფიქრობ, თუ საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ის აქ. –ხომ ვამბობდი... იმათია. კუდზე გვასხედან. მალე ჩვენს კვალზეც გამოვლენ.–მკლავებზე ძარღვები ეჭიმება მას და ანაზდად ხელს მჭიდებს.–გზა უნდა გავაგრძელოთ! –ჩვენი ფეხით მივიდეთ მათთან და ხახაში ჩავუვარდეთ?–იმას მიხვედრა არ სჭირდება, თუ ვინ არიან ისინი. აი, ახლა კი მართლა მეშინია! –მომისმინე შენ... რა გქვია, ნია თუ ნინა...–ჩემს სახელს ვერ იხსენებს მამაკაცი. –ინა. –ხო, ინა, მათ ეს გზა უკვე გამოიარეს. ესე იგი გასასვლელი იქითაა, მიმიხვდი?–მიკონკრეტებს ის და ისე მიყურებს, როგორც გონებაჩლუნგ ბავშვს. –გასაგებია.–თავს მორჩილად ვუქნევ და თითებს მის თითებს ვაჭდობ. ცბება, მაგრამ მალევე ახსენდება, სადაც ვართ და რასაც ვაპირებთ და ყბას ჭიმავს. ალმასს მართმევს და ჯიბეში იდებს. არადა ხომ მე ვიპოვნე... მე გუშინ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამემწარებინა ჩემივე თანამზრახველი და თურმე როგორი ბოროტმოქმედების ქსელში ვართ გახვეულნი... აქ გეგმებზე ფიქრის ადგილი არ არის! მით უმეტეს თუ წყლის შესხმას ვაპატიებთ, დღეს ისეთი არაფერი ჩაუდენია... პირველად ვარ მისი მფარველობის ქვეშ! რომ არ მრცხვენოდეს, ჩავეხუტებოდი კიდეც... გუშინ კი ჩავეხუტე, მაგრამ კიდევ ჩავეხუტებოდი! მართალია სულ თვალში ვეჩხირები, თუმდცა დღეს უარი არ უთქვამს ამაზე! ეს უკვე პროგრესია! არაფერი არ ჩანს... მხოლოდ ხეები... ხეები... ხეები... გზა... გზა და გზა! ქანცი გამძვრა... ფეხის გულები უკვე დიდი ხანია გამიოფლიანდა და აღარ მივარგა... მაინც მივაბიჯებ, მაინც, მაგრამ... მაგრამ იმდენად მეტიჩარა ვარ, რომ ტვირთის იდეის განხორციელებაზე ხელს არ ვიღებ! –თომა!–ამის გაფიქრებისთანავე ერთ ადგილს ვეკერები და ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს ვაჟა ფშაველას ნუკრს ვუცვლი.–გუშინ რწყილი რომ დაგაკალი, ძალიან გეტკინა? ხო, რა მოხდა მერე, ალბათ ტყეში აიკიდე... თუ ძალიან გაწუხებენ, მითხარი და მოგაშორებ. პრობლემა არაა. მე ყველაფერს გავაკეთებ... –რა გინდა?–ჩემი დატკბობის მიზეზის მიხვედრას რა უნდა! არადა აშკარად არ სურს ამ მიზეზის გაგება. –ძალიან დავიღალე... აი, ძალიან. ისედაც კოჟრები მაქვს გაჩენილი და იქნებ ამიკიდო?–ვაი, ჩემს პატრონს, ამას რომ ვეხვეწები, მაგრამ სხვა ხერხით არ გამივა. თომა ხმაურით ყლაპავს ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს და გადაბჟირებამდე იწყებს სიცილს. ასეთ ვითარებაში ის... იცინის. ღმერთო, რა ვთქვი ასეთი? –მე... შენ... რა ვქნა?–სათითაოდ ისვრის სიტყვებს და თან ცას აჰყურებს. –ამიკიდე.–სრული სერიოზულობით ვპასუხობ და სახეშეცვლილ თომას დამფრთხალი არ ვაშორებ თვალს. არა, უჟმური და გაბრაზებული უფრო სიმპათიურია! ვაჰ, სიმპათიურია? ეს როდისღა შევამჩნიე? თუმცა შავი თვალები, რომაული ცხვირი, განიერი მხრები და ძლიერი გულ–მკერდი კიდევ დაგვიანებით შემიმჩნევია... –ეს სიტყვა ისე საშინლად ისმის, წარმომიდგენია გაკეთებული რა იქნება!–სიცილს ისევე მოულოდნელად წყვეტს, როგორც დაიწყო.–და კიდევ, თუ ეს ოინია და ჩემს შეცდენას ცდილობ, კეთილი ვიქნები და გეტყვი, რომ ზურგზე აქილევსის ქუსლი არ მაქვს! –ნამდვილი გამოიდიოტებული კრეტინი ხარ! ან საიდან ეს ფანტაზიები!–გარეგნულად კი ჩანს, რომ ვბრაზობ, მაგრამ გონებაში კარგა გემრიელად ვხითხითებ. ისე მიცხელებს წინ წასულს მისი მზერა ზურგს, ვეჭვობ, თვითონ იყოს ჩემს მიმართ გულგრილი... ოჰ, გულგრილიო? ეს უკვე სხვა რამეა... მართლაც შესანიშნავი მაგალითი მოვუყვანე გუშინ! იმ კლასელს მაგრად კი ვუყვარდი, მაგრამ მე ვერ შევიყვარე მისი ჩაცვივნული ლოყები! ნეტავ, ამ პოსეიდონს გაუმართლებს კი?! *** ტემპერატურა იწევს და იწევს! ქისტაური კი არ ჩერდება... მეც სხვა რა გზა მაქვს... უკან მივყვები, თორემ თუ ჩამოვრჩი, ახლა უკვე მძარცველების სტუმარი გავხდები და თანაც ისინი შესაძლებელია თომაზე ცუდი მასპინძლები იყვნენ... უჰ, იყოს, არ მინდა! ეს ხელს მაინც მკიდებს და რაღაც სასიამოვნო მუხტიც აქვს! ხანდახან ენას რომ არ იგრძელებდეს და თავზე რომ არ მახტებოდეს, უკეთესი ბიჭი იქნებოდა, თუმცა ერთ ადგილს ვერ ასვენებს! –რას მოჯლაჯუნობ? გამოადგი ფეხი!–მიცაცხანებს ის, მოხრილ მკლავში ხელს მიყრის და ერთი ნაბიჯით მთელ ერთ კილომეტრს მავლებინებს. რა თქმა უნდა, თავს ვერ ვიკავებ და ვბორძიკდები, ის კი ისეთი ძალით მწევს ზევით, კისრის მოტეხვამდე აღარაფერი მიკლია. –ცოტა ნაზად, ანგელოზო! არ შეგეფერება ასეთი სიუხეშე!–მუჯლუგუნს ვთავაზობ ფერდში.–ჩემგან არ გაგიკვირდეს... მაინც ალქაჯი ვარ. –წყენას ვერ ივიწყებ!–სასხვათაშორისოდ აღნიშნავს ის. –იქნებ მითხრათ, ბატონო თომა, როდის უნდა დამევიწყებინა?–მართლაც, ამ სამი დღიდან არც ერთი არ ''გაუმაზია'', ასე რომ ვთქვათ. –ასეც ნუ განმსჯი.–ცალ წარბს მაღლა წევს ის და უგემურად იღიმის.–შენ გამო უკანასკნელი შანსი ხელიდან გავუშვით. ძნელი იყო თავის შეკავება. –ახლა როგორ იკავებ? –მეკავინება...–აბრეხვებს ის და თვითონვე სიცილი უტყდება. –ვიღაცას სიტყვა აკიდება არ მოსწონდა...–ვფხუკუნებ მე. –ყველა სიტყვაზე ნუ მეკიდები! –ოჰ, ყველა სიტყვაზეო...–თავს ვაკანტურებ და ველზე ამოსულ მინდვრის ყვავილს ვხედავ. –პირველი მე დავინახე! ამას მაინც ნუ წამართმევ...–თითის აწევით ვაფრთხილებ მამაკაცს და გზას ვჭრი. უეცრად ფეხი მიცურდება და ატალახებულ ბალახებზე კუდუსუნით ვენარცხები. დაცემა და ჩემი კივილი ერთია! როგორი გაუსაძლისი ტკივილი იცის ამ კუდუსუნმა... გგონია, რომ ყველა ძვალი ერთდროულად გემტვრევა... ხელს დაჟეჟილ ადგილას ვიდებ და ტირილს და კვნესას ვუმატებ! –ააა! მტკივაა! მტკივაა!–შევტირი თავზე წამომდგარ თომას და სულ არ მადარდებს ის, რომ მომავალში ჩემი ეს მდგომარეობა მან შეიძლება მომგებიანად გამოიყენოს. –რა? რა გტკივა?–დაფეთებული დამტრიალებს ის, მაგრამ რომ ვერაფერს მშველის?! –ერთი ადგილი....–უკვე უკანალიც დაბუჟებული მაქვს და ბოლოს და ბოლოს მამაკაცია! რას გაუგებ კაცებს, შეიძლება ჩემს მიმართ ლტოლვაც კი განუვითარდეს... მე მაგალითად ხელი რომ მომიჭირა და თავისი სიძლიერე რომ მაგრძნობინა, მაშინვე აღმომიცენდა გულში რაღაც... –კარგი, კარგი, ახლა ხელში აგიყვან და ფეხზე წამოგაყენებ!–იღლიებში ხელებს მიცურებს და ნელ–ნელა მაღლა მწევს.–ახლა მუხლები გამართე... –ჭუჭყიანი ვარ, დაგსვრი...–ვწუწუნებ კვლავ. სირცხვილისგან ალმური ამდის. როგორ არ მინდოდა თომას წინაშე ასეთი რამ მომსვლოდა... –ადექი, ადექი და ბევრს ნუ ლაპარაკობ!–ბეჭში მმართავს ხელის მორტყმით და მე უკვე ფეხზე ვდგავარ! მართლა! მართლა! –მორჩა? კიდევ გტკივა? –ისე აღარ...–შვებას ვგრძნობ და შეძლებისდაგვარად ვიღიმი.–მადლობა. –ვერ ყოფილხარ შენ მაგარი ალქაჯი! ეს წაქცევა როგორ მოგერია!–გულზე მიხუტებს მამაკაცი და შუბლზე ტუჩებს მაკრობს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ტკივილი ასი პროცენტით მიამდება! ისეთ ეიფორიაში ვვარდები, აღარაფერი მახსოვს... სამაგიეროდ მამაკაცი ნანობს თავის საქციელს... უხერხულად ახველებს და დაძაბულობას თავის ჭკუით ასე მუხტავს. ეს მისთვის, თორემ დაძაბული კი არა, ჩიტივით ვარ! –იქ რაღაც მდინარეა. ასეთ დღეში სახლში ხომ არ მივალთ, დავიბანოთ.–ახლახანს დანახულ მდინარეზე ვანიშნებ თომას და კოჭლობით მივდივარ თვალში ამოღებული ობიექტისკენ. –გაცივდები...–მზრუნველობა გამოსჭვივის მის ხმაში. კი უნდა გულგრილობას ამოეფაროს, მაგრამ იმ სიგრძე ფეხები აქვს, გამოუჩნდება, აბა, რა! –შენ ნუ ღელავ! ალქაჯები არ ცივდებიან!–ნიშნს ვუგებ და ხელის დაქნევით ჩემკენ ვიხმობ. ^^^ დღეს ხომ ასეთი თბილი და ტკბილი თავი გვაქვს, ხვალ სევდიანი და ყველაფრის ამრევი გელოდებათ... თომას წინასწარმეტყველება მალე ახდება და ნახავთ როგორაც... ველი თქვენს შეფასებებს... აბა, ხართ თუ არა კმაყოფილი განვითარებული მოვლენებით? უყვარხართ სოფიკოს! (ჰაეროვანი კოცნა თქვენ!) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.