"მოძებნე სხვა" [2]
ჩვევად მექცა, როდესაც კომპიუტერი ჩართული მქონდა, ავტომატურად ვაახლებდი გაცნობის საიტსაც უცნაური გოგოს გამოჩენის მოლოდინში. ჩვენი რიგით მეორე საუბრიდან ორი კვირა იყო გასული, მაგრამ მაინც არ გადამიარა მისმა აკვიატებამ. გამუდმებით მასთან ლაპარაკი მინდოდა. ამ ორი კვრის მანძილზე რამდენჯერმე კიდევ ვიჩათავეთ, მაგრამ მასზე ისევ არაფერი ვიცოდი, გარდა მისი თაიგერ ლილის, 5 სანტიმეტრი ყოველ წამშისა და თამაში ჭვავის ყანაშისადმი უსაზღვრო სიყვარულისა. კოდური სიტყვა გვქონდა, თუ როგორ ვიპოვიდით ერთმანეთს იმ თავგზაარეულ საიტზე. ვინმე რომ გამოვიდოდა კონტაქტზე, ვწერდი „კოლფილდ?“, მის გარდა ვერავინ მიხვდებოდა რას ვეკითხებოდი, ასე ვეძებდი და ვპოულობდი მას. არ ვიცოდი რა ერქვა, რა გვარი იყო, რამდენი წლის და საერთოდ, რას წარმოადგენდა, ან როგორი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ამაზე დავფიქრდებოდი, ვხვდებოდი, რომ არც მაინტერესებდა. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მისი ხასიათი და არც ის მანაღვლებდა მაინცდამაინც, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, გამოგონილი პერსონით მოეწონებინა თავი. *** უნივერსიტეტში მაგვაინდებოდა და თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები, სადარბაზოდან გასული ვიღაცას შევასკდი და ბოდიშიც არ მომიხდია, ისე გავაგძელე გზა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე მისკენ, რომ დამიძახა, ფრთხილად იარე, ქეთაო. ჩემთვის უცხო ბიჭი იყო, სადღაც კი მყავდა ნანახი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სად. მხოლოდ გავუღიმე და გავბრუნდი. მგონი ვგიჟდები. ან მე ვერ ვიმახსოვრებ ხალხს, რომელსაც ადრე ვიცნობდი, ან ყველამ იცის ჩემი არსებობის შესახებ და მე ჭურში ვზივარ. მეტროში მატარებელს ველოდებოდი და სხვა საქმე რომ არაფერი მქონდა, ჩემს ცხოვრებაზე ჩავფიქრდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ კურსელ გოგოსთან და მის შეყვარებულთან ერთად. მათთან როდესაც ვარ, ასე მგონია, ეკალივით ვეჩხირები მათ თვალში და მარტო ყოფნას ვცდილობ. ზედმეტი უკმაყოფილება არაფერში მჭირდება. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, რაც ვიღაც ვირტუალურ ადამიანზე დამოკიდებული გავხდი. ასე გაგრძელება არ ივარგებს. მეტროდან ამოსულმა გაცნობის საიტი ჩავრთე ტელეფონზე და ჩემი ვირტუალური „მეგობრის“ ძებნას შევუდექი, ხაზზე იყო, საბედნიეროდ. -დღეს მაგნიტური დღეა მგონი. - მომწერა. გამეღიმა, მახალისებდა ეს გოგო. -ვიღაცას შევასკდი. მხარი ახლაც მტკივა. -დამთხვევების გჯერა? - განცვიფრებულსახიანი სმაილი გამომიგზავნა. არაფერი ვუპასუხე. თავი მტკიოდა და ხასიათზე არ ვიყავი, მგონი, მართლაც მაგნიტური დღე იყო. უნივერსიტეტთან ყავა ვიყიდე და ეზოში დავჯექი სკამზე. სემინარისთვის ვემზადებოდი, ვიღაცის ჩრდილი რომ წამომადგა თავზე. ავხედე. ჩემი „ჰაუსმეითერები“ იყვნენ. სახლში არ მყოფნიდა მათი ნახვა, აქაც ესენი რომ არ გამომცხადებოდნენ, თანაც ერთად ? გავუღიმე, თანაც, აშკარად დაეტყობოდა ჩემს ღიმილს, რომ ვაფერისტობდი და მათი თავი არ მქონდა. -ქეთა, - შორენამ დაიწყო, ჩემმა კურსელმა, - რაღაც სათხოვარი გვაქვს შენთან, - აქ ხელი ჩასჭიდა თავის სატრფოს. დაახლოებით ვხვდებოდი, რაც უნდა ეთხოვათ. სათვალე და თმა შევისწორე. -რომანტიკული საღამოს მოწყობა გვინდა, - შორენას თავისი ტურფა, თემური, აჰყვა საუბარში. -და გინდათ, რომ სახლში არ მოვიდე? - კონსპექტები დავხურე, ფეხზე წამოვდექი. არაფერი უთქვამთ, მაგრამ მაგრძნობინეს. მშვენიერია! აწი საერთოდ გამომიძახებენ ჩემ მიერ დაქირავებული ბინიდან. დავპირდი, ხვალ საღამომდე სახლში არ მოვალ-მეთქი. *** კორპუსის სახურავზე ასულმა პატარა დივანი რომ შევნიშნე, კინაღამ ავკივლდი სიხარულისგან, რადგან ბეტონზე ძილი არ მომიწევდა. დივანს პლედი გადავაფარე, სულაც არ მქონდა სურვილი, რომ ჭუჭყიანი და მტვრიანი დივნის სურნელება მეყნოსა. ძირს თერმოსი და რამდენიმე ბუტერბროტი დავდე, რომელიც წამოსვლამდე მოვამზადე. სიტუაცია დაუვიწყარი დროის გატარებას მიქადდა. კარგა ხანს ვკითხულობდი სელინჯერის წიგნს. წაკითხული კი მქონდა, მაგრამ მინდოდა, კარგად გამეხსენებინა ყველა დეტალი, რადგან ჩემს ნაცნობს ასე ძალიან უყვარდა ის. „კოლფილდი საოცრებაა“, - გამახსენდა მისი სიტყვები და გამეღიმა. კარგი იქნებოდა, მას რომ პირადად ვიცნობდე და ჩემ გვერდით იყოს. დაღამდა. ცოტა შემცივდა კიდეც, მაგრამ ცხელი ყავით ვიმხნევებდი თავს და კარგი განწყობის შენარჩუნებასაც ვცდილობდი. მერე გამახსენდა, რის გამოც მიწევდა ღამის კორპუსის სახურავზე გატარება და პირში ჩაგუბებული ყავა გადმოვაფურთხე. ლამის გული ამერია. ალბათ ახლა შორენა და თემური... არა, არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. გამამხნევებლად გავუღიმე ღამეს და ლამპიონებით განათებულ ქალაქს გადავხედე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგია აქ ყოფნა. ფლეი ლისთში Eruption – computer love ავარჩიე და ბოლო ხმაზე ჩავრთე. კიდევ უფრო რომ დაღამდა, რასაც სიცივეც მოჰყვა თან, ვინანე, რომ რამე ალკოჰოლურიც არ წამოვიღე თან. გაცნობის საიტზე მალევე ვიპოვე კოლფილდი. იმედი მქონდა, რომ ის მაინც გამართობდა. -იცი, ახლა რაღაც ძველ დივანზე ვზივარ და თბილისს ვუმზერ. - ბანალური და სულელური ფრაზა შევარჩიე, მაგრამ არ მანაღვლებდა, მინდოდა, რომ მასთან საუბარი წამომეწყო. -„იქვე ერთი გულისამრევი სავარძელი იდგა, შიგ ჩავეგდე და ფიქრებში წასულმა წარმოვიდგინე, როგორ...“,- ფრაზა, რომელიც ჩემმა ვირტუალურმა ნაცნობმა მომწერა, კოლფილდს ეკუთვნოდა. -საინტერესოა, რას წარმოიდგენთ ხოლმე შენ და ფიქრებში წასული ჰოლდენი? -შენ არ გეხება ეგ. - ისევ თვალის ჩაკვრის სმაილი. სიმართლე გითხრათ, გავღიზიანდი. მგონი მეწყინა კიდეც, ასე რომ მითხრა, მაგრამ ვეცადე, ჩვენს მიმოწერას ეს არ შეტყობოდა. -ასე არასდროს მოვქცეულვარ, ღამეს სახურავზე ვატარებ, თავი გიჟი მგონია. -მარტო ხარ? არც მიფიქრია, რომ სხვა რამე მეთქვა, ეგრევე მივწერე კი-მეთქი და ბუტერბროტი მოვკბიჩე. თურმე ძალიან მშიებია. -მიდი, ჩემი სახელი დაიყვირე ბოლო ხმაზე და მანდ გავჩნდები, როგორც კი ამის საშუალებას ჩემი ჯანმრთელობა მომცემს.- წერილს გულები და ღიმილები მოჰყვებოდა თან. რაღაც უაზროდ და უმისამართოდ გამეღიმა. სულ რამდენიმე წამით თავი ბედნიერად ვიგრძენი, ფეხზე ავდექი და სახურავის კიდევ მივუახლოვდი. პირი გავაღე, რათა მისი სახელი დამეყვირა, მაგრამ გამახსენდა, რომ არ ვიცოდი, რა ექვა. გიჟივით ვიცინოდი ღამის 11 საათზე თორმეტსართულიანი კორპუსის სახურავის კიდეზე მდგარი. -ჯანდაბა, ჰოლდენ კოლფილდ, მინდა, რომ აქ იყო, ძალიან მინდა! - ბოლო ხმაზე ვყვიროდი და უცნაური, ჯერ აქამდე უგრძნობი და ამოუცნობი ემოცია მიპყრობდა. ჩემთვის სიგიჟე იყო, რასაც ვაკეთებდი. იმ წუთებში საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ვირტუალური გოგოთი შეპყრობილი ვიყავი და ერთხელაც, ის რომ გამქრალიყო ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, თავს უბედურად ვიგრძნოდი. ტელეფონი ავიღე, რათა მიმეწერა, შევასრულე შენი ნათქვამი-მეთქი, მაგრამ ჩემი ინტერნეტი გათიშული დამხვდა. ჰოლდენ კოლფილდი ხაზზე აღარ იყო. აღტაცება, აღმაფრენა თუ აღფრთოვანება გაქრა. მიწასა და დივანზე ერთდროულად დავენარცხე. *** არ ვიცი, რა დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ტელეფონზე ინტერნეტი გამეთიშა და დივანზე მჯდარმა მგონი სუნთქვაც კი შევწყვიტე. მხოლოდ ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმას ვუსმენდი და განათებული მთაწმინდის ანძისთვის გამეშტერებინა თვალი. ძალიან შემეშინდა, როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგონე და მგონი ფეხზეც კი წამოვხტი შეშინებული. ვერ ვიარზებდი რას ვაკეთებდი, ჩემი ქმედებების ინსტიქტის დონეზე იყო დასული. არც ის ვიცი, როგორ და რანაირად, ან რა დროს შევწყვიტე დაზაფრულმა ყვირილი. მგონი სანამ პირზე ხელი არ ამაფარა, მანამდე არც გავჩერებულვარ. შემეშინდა, მართლა ძალიან შემეშინდა, მოულოდნელი იყო ვინმეს გამოჩენა. თვალებდაჭყეტილი ვიყურებოდი წინ, სადაც, სავარაუდოდ, ჩემი იდილიის დამრღვევი იდგა. ენა ძლივს მოვაბრუნე პირში, რომ ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი, ჩაიფრუტუნა და გრილი სუნთქვა სახეზე მომეფრქვია. -გიორგი, - არცთუ ისე მოხლეხნიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა მან. რა ინფორმაციული პასუხი იყო, ვერაფერს იტყვი კაცი, ღმერთმანი! ბნელოდა. ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს და ვერც მის მოძრაობებს ვხედავდი ნორმალურად, მხოლო მის სილუეტს აღვიქვამდი. შიში გაქრა. მოვლენებს ნელ-ნელა აღვიქვამდი. მისი პასუხიდან ცოტა მოგვიანებით გავაანალიზე ისიც, რომ სასიამოვნო, რიტმული ტემბრი ჰქონდა. -ახლა შენი ჯერია. წარბები შევკარი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ხმა რომ არ ამოვიღე, მერე მითხრა, დროა, შენი სახელი მითხრაო. გამეცინა. როდესაც დაძაბული ვარ, არაადეკვატურად ვიქცევი ხოლმე. -ქეთა, - წყვეტილი, სუსტი ხმა მქონდა, ან მე მომესმა ასე. -მგონი ვიცნობთ ერთმანეთს?! - მისი ხმის ტონის ცვლილებით მივხვდი, რომ იღიმოდა. მაწუხებდა ის ფაქტი, რომ საკმაოდ საფრთხისშემცველ ადგილზე ვიდექი უცნობთან, რომელიც მეუბნებოდა, ერთმანეთს ვიცნობთო. -...დილით დამეჯახე. -მეგობრები ვყოფილვართ და ეგაა, - სიცილით ამოვთქვი და ჩემთვის არასასურველი დაძაბულობის განსამუხტად თერმოსს დავწვდი. -შეიძლება ეგრეც ითქვას, - გიორგის მრავლისმეტყველი ხმა ჰქონდა, ან მართლა მე მეჩვენებოდა ყველაფერი. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დივანს დააცქერდა და გაეცინა. -საშინელი დივანია, - გვერდით ამოვუდექი. -ამისთვისაც მადლობის გადახდა მოგიწევს, - ვგრძნობდი, რომ იღიმოდა, - თორემ ძირს ჯდომას ვერ აცდებოდი. -შენი არ უნდა მეშინოდეს, ხომ? - ყველაზე სულელური კითხვა დავუსვი მათ შორის, რაც კი ოდესმე მიკითხავს. სამაგიეროდ, მას არაფერი უთქვამს. დავინახე, რომ უბრალოდ მხრები აიცეჩა და ჩემი ბუტერბროტი აიღო. უკვე ილუკმებოდა, დივანზე რომ ჩამოჯდა. სხვა გზა არ მქონდა, გვერდით მივუჯექი და მეც განვაგრძე ჭამა. ცოტა ხანი მხოლოდ მისი სუნთქვისა და მანქანების ხმა მესმოდა. თავს უცნაურად ვგრძობდი. ეს რაღაც სიახლე იყო ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, ბოლო ერთი თვე სრულიად ახალი და უცნაური რამ იყო ჩემთვის. ჯერ ჩეთ მეგობარი შევიძინე, რომელზეც დამოკიდებული გავხდი, ახლა კი პრაქტიკულად სახლიანგამოგდებული ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად ვზივარ კორპუსის სახურავზე ძველ დივანში, რომლისთვისაც თურმე ამ ტიპს უნდა ვუმადლოდე და მასთან ერთად ვჭამ ბუტერბროტს. არც ერთი არ ვიღებდით ხმას. ინტერნეტი ჩავრთე, მაგრამ ამაოდ ვცდილობდი კოლფილდის პოვნას ინტერნეტ სივრცეში. -აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე, ხანდახან ვრჩები კიდეც, როგორც დღეს შენ, - დუმილი გიორგიმ დაარღვია, - არ ველოდი, თუ ვინმე აქაც დამირღვევდა მყუდროებას. - გაჩუმდა, მგონი მე მიყურებდა, მე კი ვცდილობდი, რომ მისკენ არ გამეხედა. არ მინდოდა, უხერხული სიტუაცია შემექმნა, ესეც საკმარისი იყო ჩემთვის. -თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ბოდიშს მოგიხდი, - სრულიად განსხვავებული რამ ვთქვი იმისგან, რასაც რეალურად ვფიქრობდი. -არა უშავს. წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ სხვა დროსაც გააკეთებ ამას. დიალოგის ასე წარმართვას არ ველოდი. არ ვიცოდი, რა მეთქვა და გაჩუმება ვამჯობინე. მერე მისკენ გავაპარე თვალი ნელ-ნელა. წეღანდელთან შედარებით უკეთ ვხედავდი მის სახეს. ნამდვილად ის ბიჭი იყო, ვისაც დილით შევეჯახე. -დილინდელის გამო ვწუხვარ, ძალიან მეჩქარებოდა. -ამბობენ, მაგნიტური დღეაო, - თავი ასწია და პირდაპირ სახეში შემომხედა. შევცბი. -დღეს უკვე მითხრეს ეს სიტყვები... ორივე გავჩუმდით. კიდევ ვცადე კოლფილდთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. რაღაც ჯანმრთელობაო, ახსენა... ალბათ, ცუდად იყო. ნეტავ, რა სჭირდა? -გრიპი? ან იქნებ ფეხი მოიტეხა? -რამე მითხარი? - უცნობ-ნაცნობი ბიჭის ხმაში გაკვირვების ბგერები შევნიშნე და მერე მივხვდი, რომ ხმამაღლა ვფიქრობდი. -აარა... არაფერია.. უბრალოდ ჩემს... - ვინ იყო ჰოლდენ კოლფილდი ჩემთვის? როგორ ამეხსნა ეს სხვისთვის? მეთქვა, რომ ჩემი ვირტუალური... ნაცნობი იყო? - ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ ცუდად იყო და ახლა ვფიქრობ, რა შეიძლება სჭირდეს. - ძლივს მოვაბი რაღაცის თქმას თავი. - შენი აზრით, რა შეიძლება სჭირდეს? თან, ვერც ვუკავშირდები... -იქნებ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აქვს, დაიღალა და ახლა სძინავს? -ჰო, ალბათ... *** სირბილით ჩავათავეთ კორპუსის კიბეები, ლიფტისთვის ლოდინი ორივეს გვეზარებოდა. მერე ჯიბეები მოვიჩხრიკეთ და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იაფფასიანი, მყრალი არაყის სამყოფი ფული გვქონდა. მაინც ვიყიდეთ. უკან გზაზე ნელა მივდიოდით. ერთმანეთის გვერდიგვერდ, თუმცა არც ახლოს და არც ძალიან შორს. თითქოს უცხოებივით არ ვიქცეოდით, მაგრამ მაინც კი, უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის, თუმცა ეს არ ცვლიდა ფაქტს, რომ რამდენიმე წუთში სახურავზე დავბრუნდებოდით და ერთად დავლევდით რაღაც საშინელ არაყს. აკი ვგრძნობდი, რომ ეს საღამო დროის საინტერესოდ გადატებას მიქადდა. რადგან ქუჩაში ასჯერ უფრო კარგად ვხედავდი მას, სახეზე ვაკვირდებოდი და მის შესწავლას ვცდილობდი. როგორც დავასკვენი, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო, მაგრამ რაღაც ისეთი ჰქონდა.. აი, თითქოს ეგზოტიკური ხილი ან სასმელი ყოფილიყოს, თითქოს ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცხო, თითქოს მარტივი, მაგრამ მარტივის უკან...?! -იცი, მიჩვეული არ ვარ გულწრფელობას, მაგრამ ამ ბოლოს დროს სულ ისე ხდება, რომ ხშირად ვამბობ სიმართლეს... - მე თვითონაც რომ გამიკვირდა, ისე წამოვიწყე ლაპარაკი. -ჰო? მითხარი, ახლა რას ფიქრობ? - გიორგი ჩემ წინ მიდიოდა, პირისპირ ვიდექით და ისე ვლაპარაკობდით. იდგა ჩემ წინ და მიდიოდა უკუსვლით. -ვფიქრობ, რომ... შენ ძალიან, ძალიან კარგი ხარ. -ჯერ არ დაგილევია, ქეთა, თუ ვცდები? - დაეჭვებულმა შემომხედა, თან ეცინებოდა. უხდებოდა სიცილი. ჯერ მართლა არ დამილევია, თუ მეც ვცდები? ვისხედით სახურავის კიდეზე, ორივე მდუმარედ გავყურებდით ქალაქს და ვსვამდით ყავაში არეულ მართლაც მყრალ არაყს. მაგრამ არ მანაღვლებდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი გიორგის მხარზე მიყრდნობილი. მხოლოდ ერთი რამ მაკლდა... მხოლოდ ერთი რამ... მინდოდა, რომ ეს სიხარული ჩემი ვირტუალური და ერთადერთი მეგობრისთვის გამეზიარებინა, მას კი ვერ ვპოულობდი. -გინდა, გადავხტეთ აქედან? - გიორგის ხმა ძალიან ახლოდან მოდიოდა. -ახლა უნდა დავიძინო, სხვა დროს იყოს, - უაზროდ შევცინე და მის მხარზე დავაბრუბე თავი. ძილბურანში მყოფმა დავასკვენი, რომ გიორგი ყველაზე კარგი ბიჭი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი, ყველაზე მიმზიდველი ხმა ჰქონდა და ალბათ, არც მასთან ერთად სიკვდილზე ვიტყოდი უარს, ძალიან რომ არ მეძინებოდეს. კიდევ ერთხელ ვცადე კოლფილდთან დაკავშირება. „მოძებნე სხვა“ - უკვე მერამდენედ ვკითხულობდი ერთსა და იმავე ფრაზას ამ საღამოს განავლობაში. არ ვიცი, საიდან და როგორ, შეიძლება მომელანდა კიდეც, მაგრამ სანამ მთელი ჩემი არსება გაითიშებოდა, გავიგონე: -„ფ ართოდ გადადგი ნაბიჯი, ი რიბად გაჰყევი გზას, ბ ავშვურად ოცნებას აჰყევი, ი რბინე კლდის პირას, მე მზად ვარ... დაგიჭერ.“ -კოლფილდ? - დავიჩურჩულე, ოღონდ არ ვიცი რამდენად ხდებოდა ეს რეალურად და არა ჩემს ფანტაზიაში. ხმა არავინ გამცა. ჩემი ტელეფონის ეკრანზე კი ისევ ეწერა „მოძებნე სხვა“. ______ არ ვიცი რამდენად საინტერესო თავი გამოვიდა, ცოტა არეულმა ვწერე და მგონი, ესეც ჩემსავით არეულია. ველოდები შეფასებას. გამიხარდა, რომ მოთხრობის წაკითხვის მსურველნი გამოჩნდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.