შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, ეს ბედისწერა 1 თავი


15-05-2016, 12:57
ავტორი taaak100
ნანახია 10 440

რუსიკოს ცხოვრებაც ისეთივეა, როგორც ყველა მისი თანატოლი გოგონასი _ სწავლა, მუშაობა, კარიერა… ერთადერთი, რაშიც არა და არ უმართლებს, სიყვარულია. უკვე წელიწადზე მეტია, თავის უფროსზეა შეყვარებული, მაგრამ მათი ურთიერთობა, ძველებურად, ფლირტის ფარგლებს არ სცდება. გოგონა გეგმებს აწყობს, აზრებს ალაგებს, როგორ მოხიბლოს, ბოლოს და ბოლოს, სასურველი მამაკაცი, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის. ეჰ… რას იზამ, ასეთია ცხოვრება… ალბათ უიღბლო დაიბადა და იმის ბრალია ეს ყველაფერი.

ერთი, ორი, სამი… სუნთქვაშეკავებული რუსა თითო საფეხურის გამოტოვებით ჩარბოდა კიბეზე, თან უკვე მერამდენედ, პირობას აძლევდა თავის თავს, რომ დილით აღარ ჩაეძინებოდა და მეტჯერ არ დააგვიანებდა სამსახურში. მის გარდა არავინ იცოდა, რამდენი საქმე ელოდა ოფისში, რის გამოც, ათი წუთის დაგვიანებასაც კი შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა. როგორც კი თავის ოთახში შევა, ეგრევე მუშაობას უნდა შეუდგეს. ყავის დალევასაც ვერ მოასწრებს. ეს კი საშინლად მტანჯველი იქნება მისთვის. ყავის გარეშე არ შეუძლია! პირველი შემთხვევაა, როცა დილას ყავით არ იწყებს!

ჰოლში შესულმა დაცვის ბიჭს მისალმების ნიშნად გაუღიმა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. მისდა გასაკვირად, კარი მაშინვე გაიღო. რაღაც გაუმართლა! სხვა დროს საათობით უწევს ხოლმე ლოდინი, სანამ ლიფტის კაბინა პირველ სართულზე ჩამოვა. იმდენი მომსვლელია ამ ოფისში, რომ… არადა, არ გინდა, მეხუთე სართულზე ყოველ დილით ფეხით ასვლა? მერე რა, რომ ახალგაზრდაა, მაინც ეზარება.

_ დამელოდეთ, თუ შეიძლება! _ მოესმა ამ დროს მამაკაცის ხმა.

ამ ხმის გაგონებაზე ლამის ნერწყვი გადასცდა სასულეში. ის არის! გურამი, მისი გური! და რადგან ღილაკისთვის უკვე მიჭერილი ჰქონდა თითი და კარი იკეტებოდა, ფეხსაცმლის ქუსლი დაუხვედრა. წინააღმდეგობას რომ შეხვდა, კარი კვლავ ავტომატურად გაიღო.

_ დიდი მადლობა, რუსკა, ოქრო ხარ! _ გაუღიმა გურამმა გოგონას.

_ ცოტათი დამაგვიანდა და… _ ალმური წაეკიდა შექებაზე რუსიკოს.

_ ეგ არაფერი. მე გიშუამდგომლებ ბებრუხანასთან. შენი გულისთვის ყველაფერზე თანახმა ვარ!

ამის გაგონებაზე პირი გაუშრა. რა მალამოსავით მოეფონა გულზე მისი სიტყვები. ამის გულისთვის ნამდვილად ღირდა, კინაღამ რომ მოიტეხა ქუსლი ლიფტის გაჩერებისას.

_ იცით, რა კარგად მაქვს დაცდილი, დილით პირველს თქვენ რომ გხვდებით? _ გაეკეკლუცა, _ ესე იგი, დღეს კარგი ორშაბათი მექნება.

_ უყურე შენ! არ მეგონა, ჩვენს სამსახურში ასეთი ცრუმორწმუნე ქალბატონები თუ მუშაობდნენ, _ გულიანად გაიცინა გურამმა.

_ ეს ცრურწმენა არ არის, ეს სამეცნიერო გამოკვლევაა.

_ რას მელაპარაკები?! კი მაგრამ, როდიდან დაიწყო სარეკლამო განყოფილებამ სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება? _ ხორხოცებდა მამაკაცი.

_ ჩვენ «შუსტრები» ვართ, ყველაფერს ვასწრებთ, _ არ დაიბნა გოგონა.

აი, ასე, კეკლუცად ესროდნენ ერთმანეთს რეპლიკებს, სანამ მეხუთე სართულზე ავიდოდნენ. ლიფტიდან რომ გამოვიდნენ, რუსიკო მარჯვნიდან მესამე კარს მიადგა, გურამი კი დერეფანს ფართო ნაბიჯებით გაუყვა, თავისი კაბინეტისკენ.

_ დილა მშვიდობისა ყველას! _ მხიარულად მიესალმა გოგონა თანამშრომლებს და თავის მაგიდას მიუჯდა.

რა კარგია, კართან ახლოს რომ არ ზის, სადაც ყველას შეუძლია, შემოსვლისთანავე შეამჩნიოს, არამედ აქ, ოთახის ყველაზე მყუდრო შორეულ კუთხეში, ფანჯარასთან, სადაც შუქიც საკმარისია და თავისუფალ დროს ცოტათი წაოცნებებაც შეიძლება. თავისუფალი დრო უფრო მეტად დილით აქვს ხოლმე, მანამ, სანამ მისი კლიენტები თავიანთ სამსახურებს მიაშურებენ და ტელეფონს «ეცემიან». აი, მაშინ კი იწყესა რუსკას ტელეფონი აფეთქებას. იქამდე ყავის დალევაც შეიძლება, ცოტა ჭორაობაც და ინტერნეტში ახალი ამბების მოძიებაც.

ამჯერად მხოლოდ ყავით და ოცნებით შემოიფარგლა. მართალია, წამოსვლისას ფიქრობდა, ყავის დასალევი დრო არ დამრჩებაო, მაგრამ სამარშრუტო ტაქსი დროზე მოვიდა და ძალიან არ დააგვიანდა, ამიტომაც ყავის სიამოვნება არც ამჯერად მოაკლო თავის თავს. რა მაგარია, დილით პირველი გურამი რომ შეეჩეხა. წინა კვირას იგი მივლინებაში იყო და ძალიან მოიწყინა. მთელი დღეები მასზე ფიქრობდა, დაიტანჯა პატარა ქალი. ვაი, რა სულელია. ერთხელ არ ჰკითხა, როგორ მოიარა, კმაყოფილი თუ დაბრუნდა მივლინებიდან. ამის მაგივრად, რა სიშტერეზე დაუწყო ლაპარაკი, რა დროს ცრურწმენები იყო! საიდან მოიტანა!

სანამ ყავას სვამდა, გურამთან შეხვედრის დეტალებს აანალიზებდა და ნახევრად თვალებდახუჭული მის სიცილს კინოფირივით ატრიალებდა გონებაში. მერე ფინჯანი გარეცხა, უჯრაში ჩადო და საქმეს შეუდგა.

8 8 8

გურამი სარეკლამო სააგენტში წლინახევრის წინ მოვიდა, სწორედ იმ დროს, როცა რუსიკო ის-ის იყო, უფროს მენეჯერად დააწინაურეს. გოგონამ მომავალი ექვსი თვის საბიუჯეტო გეგმა შეადგინა და გაამზადა, რათა პიარ-დირექტორისთვის დასამტკიცებლად შეეტანა. აი, მაშინ გაიგო, რომ ძველი დირექტორი გაათავისუფლეს და ახალი მოიყვანეს. გაბრაზდა, მაგრამ როგორ გაბრაზდა! ჯერ არც კი ენახა გურამი, რომ ცოფების ყრა დაიწყო. გუშინ მოსულმა პიარ-დირექტორმა როგორ უნდა დამიმტკიცოს გეგმა, სანამ ის რამეში გაერკვევა, სანამ ათას შეკითხვას დამაყრის და მე ყველას პასუხს გავცემ, ექვსი თვეც გავაო. წუწუნებდა, რა ტყუილად დავკარგე ძვირფასი დრო, სხვა რამეში მაინც გამომეყენებინაო.

არადა, როგორ შეცდა. არც ისე ახალგაზრდა გურამი გამოცდილი კადრი გახლდათ. რუსას სანერვიულო არაფერი ჰქონდა. ახალ დირექტორს საქმეში გარკვევა და რამის სწავლება სულაც არ სჭირდებოდა. ის აქეთ ასწავლიდა რუსიკოს და სხვა მისნაირებს. როცა გოგონა პირველად შევიდა მასთან კაბინეტში, პირი ღია დარჩა. ჯერ იყო და, მისმა გარეგნობამ ჩააგდო შოკში, ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა. მერე კი, მისმა კომპეტენტურობამ. დირექტორს ერთი ზედმეტი შეკითხვა არ დაუსვამს. მაღალი, მხრებში გაშლილი, მოვლილი მამაკაცი ძალზე ელეგანტური გახლდათ. აშკარად ეტყობოდა ქალის ხელი. ნეტავ, საყვარელი ჰყავს, თუ ცოლი? უპირველესად ამან დააინტერესა გოგონა. ვინ ზრუნავს მის ჩაცმულობაზე? ვინ ყიდულობს მისთვის ასეთ გემოვნებიან ტანსაცმელს? თუ თავად არის «მაღალი მოდის» მიმდევარი და იცის, რა უნდა ჩაიცვას? სამი წელია, სააგენტში მუშაობს და ასეთი მამაკაცი ჯერ არ შეხვედრია, მით უმეტეს, ამ ოფისში სამასამდე ადამიანი მუშაობს.

შთაბეჭდილებების გავლენას დიდხანს განიცდიდა, პარალელურად ახალ პიარ-დირექტორზე ინფორმაციის მოგროვება დაიწყო. ამის გაკეთება არც ისე ძნელი აღმოჩნდა _ გურამის გამოჩენამ მთელი ოფისი საგონებელში ჩააგდო, განსაკუთრებით ქალები კვდებოდნენ ცნობისმოყვარეობით. და აი, ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, ახალ უფროსზე «საიდუმლო ცნობები» მთელ შენობაში გავრცელდა.

გურამ მგალობლიშვილი _ ოცდათვრამეტი წლის, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ამავე დარგში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღო დიპლომი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტია. ადრე მუშაობდა კრეატიულ დირექტორად სხვა სააგენტოში, შემდეგ ერთ-ერთ ტელევიზიაში ფინანსების მენეჯერად, ბოლოს კი საკუთარი ფირმა შექმნა და პარალელურად ახალ სააგენტოში მოიწვიეს საქმის ამოსაქაჩავად. ერთი სიტყვით, ჭკვიანი, მრავალმხრივი, საინტერესო და შემოსავლიანი მამაკაცი გახლდათ.

ყველა სიკეთესთან ერთად, რა თქმა უნდა, ცოლიანიც იყო. აბა, ასეთ მამაკაცს ვინ დატოვებდა ეულად?.. ბედნიერი მისი ცოლი… ვინ იცის, რამდენი ქალი შეჰნატრის მის ბედს!

როცა რუსიკომ გაიგო, რომ მის ახალ უფროსს მზეთუნახავი ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, წარბიც არ შეუხრია. ის უფრო გაუკვირდებოდა, მარტოხელა ყოფილიყო. ოცდაექვსი წლის გოგონამ თავისი გამოცდილებიდან კარგად უწყოდა, რომ თავისუფალი ღირსეული მამაკაცები სანთლით საძებარი იყო არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ასეთებს მხოლოდ მაშინ აწყდებოდა ხშირად, როცა თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის იყო. მერე და მერე… მორჩა, გაქრნენ სადღაც… ან იქნებ, მათაც გურამივით დაადგეს ჭკვიანმა ქალებმა უღელი… ან, სულაც, თავადაც ბავშვი იყო და ბევრი უღირსი ბიჭი ღირსეულად ეჩვენებოდა… ვინ იცის…

ბოლო დროს კი, ყველა ის მამაკაცი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირდა, სამწუხაროდ, დაკავებული აღმოჩნდებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომაც, მის ოჯახურ მდგომარეობაზე თვალი უნდა დაეხუჭა. ახლა იმ ასაკშია, შეიძლება ვეღარც გათხოვდეს. დროა, ისეთი პარტნიორი ეძებოს, ვინც უზრუნველად აცხოვრებს, დანარჩენი მერე გამოჩნდება. გურამისნაირებს დაუნგრევიათ ოჯახი კი არა, ისეთებს, რომ…

ახალი დირექტორი პირველი არ იყო, ვინც, როგორც მამაკაცმა, რუსკას მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად წარიმართა სიტუაცია… დრო გადიოდა და გოგონას მისადმი სიმპათია არ გაუქრა… არც ჩაუცხრა… ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა _ თურმე ყურებამდეა შეყვარებული. ვაი, შენს რუსას! ეს რა დღეში ჩაიგდო თავი! ეგღა აკლდა! აქამდე გატაცებები მალევე გაუვლიდა ხოლმე, ახლა კი თავს ვერაფერს უხერხებდა.

გურამი მას საყვარლად ექცეოდა. დირექტორს მენეჯერისთვის ყოველთვის მოეძებნებოდა საალერსო სიტყვები და სახუმარო გამოთქმები. აშკარად ჩანდა, რომ გურამი მას სხვა, ახალგაზრდა თანამშრომელი გოგონებისგან ხაზგასმით გამოარჩევდა, ყველაზე ლამაზებისგანაც კი, თუმცა ასეთები არც ისე ბევრნი იყვნენ… თუ იყვნენ და, ისეთი შტერები, მათთან დაახლოების სურვილი ნორმალურ მამაკაცს არ გაუჩნდებოდა. აი, რუსიკო კი სულ სხვა იყო. მას გურამი ყველგან და ყველაში გამოარჩევდა. მაგალითად, წელს, საახალწლო საღამოზე, მხოლოდ მასთან იცეკვა და სხვა არავისთან. ეს რა, არაფერს ნიშნავს? როგორ არა, ნიშნავს, თანაც, ძალიან ბევრს. ჰოდა, გოგონასაც უგრძესი სია ჰქონდა ჩამოწერილი, თუ რა დროს რა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა მისმა უფროსმა მის მიმართ… მაგრამ ეს სია მხოლოდ გონებაში ჰქონდა ჩატვირთული გოგონას და არა ქაღალდზე გადატანილი. შეეძლო მამაკაცთან დაკავშირებული ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც კი დეტალებში გაეხსენებინა. სხვას შეიძლებოდა ასეთი რამეები დიდი ხნის დავიწყებული ჰქონოდა, მაგრამ არა რუსკას. დრო და დრო, როცა ფიქრებს მიეცემოდა ხოლმე, მეოცნებე თვალებს ჭერში აღაპყრობდა და ყველაფერს თავიდან ბოლომდე იხსენებდა… იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, მამაკაცს იგი მოსწონდა.

სამწუხაროდ, ამაზე მეტად არსებითი და მნიშვნელოვანი მათ ურთიერთობაში არაფერი ხდებოდა. გურამი არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. ყოველთვის ისე იქცეოდა, რომ გოგონას ხელი არ ჩაექნია, მაგრამ არც იმედს აძლევდა არასდროს. მისი რუსასთან ურთიერთობა მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლებოდა.

რუსიკო ნაქირავებში ცხოვრობდა. რა ექნა, მშობლებს იმის საშუალება არ ჰქონდათ, მისთვის თბილისში ბინა ეყიდათ, ამდენი ხელფასი არც მას ეძლეოდა. სოფელში დაბრუნებას კი აზრი არ ჰქონდა, მაშინ უნდა დამშვიდობებოდა თავის კარიერას, ამიტომ იძულებული იყო, დედაქალაქში დარჩენილიყო და ქირით ეცხოვრა. ამიტომაც ეძებდა შეძლებულ მამაკაცს, რომელიც მასზე იზრუნებდა და კეთილმოწყობილ ცხოვრებას შეჰპირდებოდა.

ერთადერთი, რითიც კმაყოფილი იყო, თავისუფლება გახლდათ. არავინ აკონტროლებდა, არც შენიშვნას აძლევდა არავინ და არც ვალდებულებას გრძნობდა ვინმეს წინაშე. სამსახურში ყველამ იცოდა, მარტო რომ ცხოვრობდა. ეს ხმაც სასწრაფოდ გაავრცელა მას შემდეგ, რაც გურამმა მათთან დაიწყო მუშაობა. თუკი ოდესმე გაბედავს და გადაწყვეტს, რუსიკო საყვარლად გაიხადოს, ეცოდინება, რომ პაემანისთვის ადგილი უკვე არსებობს, მოძებნა არ დასჭირდება. თუმცა… მამაკაცი სულაც არ ჩქარობდა… ჩქარობდა კი არა, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ამგვარი რამ მომავლის რომელიმე თვის გეგმაში ეწერა… აგერ, უკვე წელიწად-ნახევარი ხდება, უმოქმედოდაა, თითს არ ანძრევს. რა ეტყობა მას, რომ რამეს აპირებს? არადა, ხშირად მასთან ერთად ჩადის ბუფეტში სადილად, ხანდახან ყავაზეც ეპატიჟება, სამჯერ, სხვადასხვა დღესასწაულზე, ყვავილების თაიგულიც აჩუქა. გარდა ამისა, უკვე ორჯერ დაიცვა გოგონა თავგამოდებით, როცა სარეკლამო განყოფილების გამგე მას სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა… თანაც, არაფრის გამო… რუსიკო ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მისი უშუალო უფროსი, ღრმად პატივცემული შინაბერა ციცინო მასზე ეჭვიანობს… აი, სად მარხია ძაღლის თავი. მასაც უყვარს გურამი. ამიტომაც ჩასაფრებულია. საკმარისია, რუსამ ორი წუთით დააგვიანოს, უეცრად აიფოფრება ხოლმე და წივილ-კივილს მორთავს, ეს სამსახურია თუ კინოთეატრიო. ერთხელ მოუთმინა რუსკამ, მეორედ, მაგრამ… ბოლოს აევსო მოთმინების ფიალა და ისე გამოლანძღა ეს ჩვენი ციცინო, თქვენი მოწონებული. ისიც ადგა და პირდაპირ გურამთან შევიდა საჩივრით. იმან განყოფილების გამგეს არც კი მოუსმინა ბოლომდე, შუა ლაპარაკში შეაწყვეტინა მონოლოგი და მშვიდად განუმარტა, რუსიკო ჩვენთვის საჭირო კადრია და მის სამსახურიდან დათხოვნას არ ვაპირებო. დარჩა ქალი პირში ჩალაგამოვლებული…

რუსკა კი… გამუდმებით მოლოდინში იყო, როდის მიიღებდა მისი დირექტორი გადაწყვეტილებას. თითქმის ყოველდღე იბადებოდა და კვდებოდა გოგონაში იმედი და ეს საშინლად მტკივნეული იყო, დამღლელი და აუტანელიც.



ერთ მშვენიერ დღესაც, რუსკამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დროს ტყუილად კარგავდა. ჰოდა… დაიწყო სიარული რესტორანსა და კინოთეატრებში სხვა მამაკაცებთან ერთად, ძირითადად, თავის დამკვეთებთან. სამწუხაროდ, არაფერი გამოსდიოდა. გოგონა ყველა მათგანს მაინც თავის ერთადერთს და განუმეორებელს ადარებდა. ამ შედარებაში კი ვერავინ იმარჯვებდა, რის შედეგადაც, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გურის ვერ დაივიწყებდა და ვერც ერთი სხვა მამაკაცი, თუნდაც ჯონი დეპი ან ბრედ პიტი, მას ვერ შეცვლიდა. რა ეღონა?… ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩებოდა, რომ იქნებ ერთხელაც ჩამოეხსნა მის უფროსს უკარებას ნიღაბი და ამ კატა-თაგვობანას თამაში დაემთავრებინა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ… რუსას პრობლემები მხოლოდ პირადი ცხოვრების მოუწყობლობით რომ არ მთავრდებოდა? იყო კიდევ ერთი «საიდუმლო წვრილმანი», რაც მას აქტიურობის გამოხატვაში ხელს უშლიდა, თორემ აქამდე «შეაცდენდა» კიდეც თავის კერკეტ კაკალს. ეს ისეთი წვრილმანი იყო, რაზეც ყურადღების გამახვილება არც ღირდა, მაგრამ ამავე დროს, ჩიტი რომ ვერ გადაფრინდება, ისეთი კედელივით იყო აღმართული რუსიკოს წინაშე. ჰმ… ვისთვის წვრილმანია და ვისთვის უმანკოება-უმწიკვლოების საკითხი…

ჩვენი რუსკა ქალწული გახლდათ…

მავანი იტყვის, მაგას რა ჯობია, წესიერი გოგო ყოფილა და ამით უნდა იამაყოს კიდეც, წელგამართული ჩაბარდება თავის მომავალ საქმროსო, თუმცა… არც ასე ადვილად იყო საქმე. რუსოს მხოლოდ და მხოლოდ გური უნდოდა და სხვა არავინ! არც ერთი უცოლო და პერსპექტიული საქმროს სახელის ხსენებაც არ სურდა. გურამისთვის კი, რომელსაც მზეთუნახავი მეუღლე ჰყავდა, ეს ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორი გახლდათ. რატომო, იკითხავენ ალბათ. იმიტომ, რომ…

ერთხელ, სრულიად შემთხვევით, რუსიკომ თანამშრომელი ქალისგან მალულად შეიტყო, რომ გურამს ღრმა ახალგაზრდობაში კინაღამ ციხეში ამოუყვია თავი… და იცით, რატომ? ქალიშვილი შეუცდენია, იმას კი ცოლობა მოუთხოვია. აბა, როგორ შეირთავდა ცოლად, როცა უკვე ცოლიანი იყო? ის პატარა გოგო კი საყვარლობას არ სჯერდებოდა. საქმე სასამართლომდე რომ არ მისულიყო, დიდძალი ფული გადაუხდიათ იმ გოგოსთვის და ჩვენი გური ციხეს ასცდენია.

ასეთი ისტორიის შემდეგ, განა გაბედავდა მისი ბოსი, მასთან «საქმე დაეჭირა»? არავითარ შემთხვევაში! ეს რომ გაეგო, თითსაც არ დააკარებდა და თუკი გვიან მაინც გაიგებდა, ანუ მათი «პირველი ღამის» შემდეგ, ამას შეიძლებოდა უარესი შედეგი მოჰყოლოდა _ საერთოდ გაქცეულიყო რუსიკოს ცხოვრებიდან და ძლივს დათრეული მამაკაცი სამუდამოდ დაეკარგა.

აი, როგორი საჭირბოროტო პრობლემა და თავსატეხი გამოუჩნდა ჩვენს რუსას! მისი აზრით, ღირდა ამაზე დაფიქრება და… რაღაცის მოფიქრება, ანუ გამოსავალის მოძებნა… მაგრამ როგორ? რუსეთში რომ ეცხოვრა, იქ ამაზე არც ინერვიულებდა, ადგებოდა და ვიღაცას მოძებნიდა, ვინც ამ პრობლემას მოუხსნიდა, მაგრამ საქართველოში? ხომ გახდებოდა ქვეყნის სამასხრო? თანაც თბილისში, სადაც ყოველი მეორე ერთმანეთს იცნობს. იმის დარდი არ ჰქონდა, თუ გურისთან არ გამოუვიდოდა, სამომავლოდ რას აპირებდა, აპატიებდა თუ არა სხვა მამაკაცი უმწიკვლოების დაკარგვას. მას გათხოვება კი არა, შეძლებული საყვარელი სჭირდებოდა და გურამს იქით ვერც ვერავის ხედავდა უფრო პერსპექტიულს… თანაც, უყვარდა _ ყველაზე მთავარი ეს იყო.

იქნებ გაერისკა? ხომ არ აჯობებდა, თვითონ ეაქტიურა და გამოეწვია მამაკაცი? ისე მოქცეულიყო, თითქოს მიჩვეული იყო კაცებთან ურთიერთობას და ახლა ახალ პარტნიორს ეძებდა? მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა? მერე რა, ცოტა ზედმეტს დაალევინებდა და მისი გური ვერც გაიგებდა, ქალიშვილი იყო რუსიკო თუ ასკაცგამოვლილი, თუმცა… არ უღირდა ასე გარისკვა. პარტიზანივით ხომ ვერ შეძლებდა საიდუმლოს შენახვას? რომ მიმხვდარიყო მისი გულის «მალამო» მის ეშმაკობას, დარწმუნებული იყო, უარესად მოუტრიალდებოდა ყველაფერი. არადა, ისე აქტიურად ჩაებმებოდა ხოლმე მოსაწევ ოთახში ქალებთან ერთად «ინტიმურ გარჩევებში», თითქოს ამ საქმეში მაგარი გამოცდილი ყოფილიყო.

ეჰ, რუსკა, რუსკა… სანამდე დავიდა ამ კაცის გამო… ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი რამე გამოუვიდეს. არა, ისე, მართლაც რაში სჭირდება ეს ქალიშვილობა? ამდენი წელია, გაიძახიან, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ქალიშვილობის ინსტიტუტიო! ვინ რა თავში იხლის ამას? სოფელში რომ აპირებდეს გათხოვებას, კიდევ ჰო, მაგრამ თბილისში? ახლანდელი ბიჭები ეგეთ რამეებს ზედაც არ უყურებენ, _ იიმედებდა თავს სამსახურიდან შინ მიმავალი.

არადა, ისეთი საქმიანი იყო და იმდენი ენერგია ეხარჯებოდა თავის საქმიანობაში, სიმართლე რომ ითქვას, პაემანზე წასასვლელად და კაცებისთვის თვალების საჟუჟუნოდ არც არასდროს ეცალა. ალბათ ამიტომაც დარჩა აქამდე ასე უკაცოდ, თორემ თვითონ სულაც არ იყო «სტარამოდნი» შეხედულების. კარიერისთვის თავს იკლავდა, ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მუშაობით თავი გამოეჩინა. სწორედ ასეთი თავდადებული შრომით მიაღწია უფროსი მენეჯერის თანამდებობას, თორემ დღესაც უბრალო აგენტი იქნებოდა და ყელგამოწეული ირბენდა ოფისიდან ოფისში, თავის კაბინეტში კი არ დაელოდებოდა სოლიდური კლიენტების ზარებს.

კიდევ ერთი «სუსტი წერტილი» ჰქონდა რუსიკოს _ სერიალების ყურება უყვარდა. საღამოს, სამსახურის შემდეგ, თავ-პირის მტვრევით გარბოდა შინ, რომ რომელიმე სერიალი არ გამორჩენოდა. მისთვის სულერთი იყო _ ბრაზილიური თუ არგენტინული, იტალიური თუ ამერიკული… სასიყვარულო, ინტრიგებით სავსე თუ დეტექტიური, ყველას ერთნაირი სიამოვნებით უყურებდა. ისე, ჩვენში რომ დარჩეს, არც ყოფილან მის ცხოვრებაში ისეთი მამაკაცები, «დედა, რა ვნახეო», ვინმეს ეთქვა. ალბათ ამიტომაც გახდა მისთვის გურამის გარდა, ყველა უინტერესო. კიდევ კარგი, თორემ ვინ იცის, აქამდე რა «გმირობას» ჩაიდენდა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მამაკაცებში უარყოფითს უფრო სწრაფად აღმოაჩენდა ხოლმე, ვიდრე დადებითს. ზოგის ვარცხნილობა არ მოსწონდა, ზოგის სიმაღლე, ზოგის წინდის ფერი და ზოგისაც გაცინება… ქალს რას გაუგებ! არადა, დრო გადიოდა, ასაკი კი ემატებოდა… სანამ გურამს გაიცნობდა, ვეღარ ხვდებოდა, რა უფრო უნდოდა _ სიყვარული, თუ შემთხვევითი პარტნიორი, რომელიც მის გვერდით მხოლოდ ლოგინში იქნებოდა და ყველაფრით უზრუნველყოფდა. პიარ-დირექტორის გამოჩენის შემდეგ კი გაირკვა, საითკენაც ისწრაფვოდა _ სარფიანად უნდოდა საქმე გამოსვლოდა. შეძლებული საყვარლის ყოლა ჯობდა ვიღაც ჯიბეგაფხეკილზე გათხოვებას და მერე მთელი ცხოვრება პურის ფულზე წუწუნს.

ამასობაში კარიერულ კიბეზეც აიწია ერთი საფეხურით. აიწია, მაგრამ, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში დაუდგა «უძრაობის ხანა». ეს გურამიც რომ არ იბერტყავდა ყურს?! არადა, რუსკამ იგი პირველად რომ დაინახა, თვალებში ისეთი ნაპერწკლები გაუკრთა, თქვენი მოწონებული… თითოეულ ამ ნაპერწკალს გულის ფორმა ჰქონდა მიღებული.

საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? წელიწადზე მეტია, ეპრანჭება და ქათინაურების მეტი ვერაფერი გამოსტყუა სასურველ მამაკაცს. რა არის ეს, მოჯადოებული ხომ არ არის? რატომ ჯიუტობს ეს კაცი? რუსკა ხომ ისეთს არაფერს ითხოვს მისგან? მხოლოდ სითბო და წვეთი ყურადღება უნდა, მეტი არაფერი, სუუუულ არაფერი! განა ეს ბევრია მამაკაცისთვის?!

ასე გადიოდა დრო. რუსიკოს იმედი ხან აღზევებას განიცდიდა, ხანაც დაცემას. ზოგჯერ ისეთი უსუსური ხდებოდა საწყალი გოგო, ყველაფრის ხალისი ეკარგებოდა. ეგონა, რომ მისი შესაფეირსი არ იყო. ჰოდა, დასცინოდა თავის თავს, ვის ეპრანჭები, რომ ეპრანჭები, ჯერ შენს თავს შეხედე და მერე შენს დირექტორსო. როცა თავს ერთხელ მაინც წარმოიდგენდა გურამთან ერთად ლოგინში, შიში იპყრობდა. გონზე არ იყო, ასეთ დროს როგორ უნდა მოქცეულიყო. მისი ასაკის ქალისგან ნამდვილი მამაკაცი ცოდნას, ვნებას და სითამამეს მოითხოვს. მას კი ამ თვისებათაგან არც ერთი არ გააჩნდა. ის კი არა, შიშველი კაცი რომ დაენახა, შეიძლებოდა, გული წასვლოდა. მერე რა, რომ სექსუალურ ლიტერატურას ეცნობოდა და თეორიულად ყველაფერი იცოდა «იმ საქმის» შესახებ? ეს არაფერს შველოდა. «მრავალქალგამოვლილი» და გამოცდილი გური მის «დილეტანტობას» ეგრევე გაშიფრავდა და.. მშვიდობით, ოცნებებო!

არა, პრაქტიკულადაც უნდა დახვეწილიყო, სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა უკვე. მაგრამ როგორ? სად? ვისთან? ახლა ახალი თავსატეხი გაუჩნდა.

_ რა სულელი ხარ, _ ახარხარდა თეკლა, მისი უახლოესი დაქალი და ბავშვობის მეგობარი, _ კაცების მეტი რა არის? შენ ერთი დაუსტვინე და რიგი დაგიდგება!

მაგრამ «სტვენა» რომ არ ეხერხებოდა? ისედაც, მისი სტატუსის ადამიანს არ შეეფერება, ქუჩაში ეძებოს მამაკაცი და პირველსავე გამვლელს დაუწვეს. ეს არასოლიდური იქნება მისი მხრიდან. თანაც, თბილისი პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი იცის… ამასაც გაიგებს ვიღაც…

_ მაშინ ბათუმში წადი, _ იპოვა გამოსავალი თეკლამ, _ ნუნუკას ჩააკითხე ერთი-ორი დღით და გაერთე. იქ კლუბებია, დისკოთეკები… ვიღაცას გამოიჭერ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

აი, ამ წინადადებამ კი დააფიქრა რუსკა. რა ჭკვიანი მეგობარი ჰყავს, უცბად გამონახა გამოსავალი. ყოჩაღ! თვითონ ამას ვერასდროს მოიფიქრებდა. ბათუმი, მართალია, ქვეყნის დასასრული არ არის, მაგრამ არც ისე ახლოსაა თბილისთან, რომ ვინმემ იმ კაცის ვინაობა გაიგოს, ვისთანაც რუსკა «გააიმასიზამს». საინტერესო იდეაა ნამდვილად!

_ იცი, მაგის მერე რა სხვანაირი გახდები? _ მოძღვრავდა თეკლა, _ საკუთარ თავს შენ თვითონ ვერ იცნობ, ის შენი გურამჩიკი კი მაშინვე შეგამჩნევს. თვალები სხვანაირად გაგიბრწყინდება, სიარულიც სულ სხვა გაგიხდება, სექსუალური, «ამგდები»… კაცებს ამისთანა რამეებზე ჭკუა ეკეტებათ. ან კი, რას მალაპარაკებ ამდენს, შენ თვითონ არ იცი, როგორც იქნება? _ გაბრაზდა ბოლოს.

იცოდა რუსკამ, განა არ იცოდა! ამიტომაც, რადგან გურამთან ურთიერთობა ისევ და ისევ უიმედოდ რჩებოდა, გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და «საქმისთვის» მიეხედა.

მიხედა კიდეც… წინასწარ დაურეკა ნუნუკას, შაბათ-კვირას ჩამოვდივარო. იმან თავში შემოირტყა ხელი, მაინცდამაინც შაბათს მივდივართ ორდღიან ექსკურსიაზეო, მაგრამ ეგ საქმეც უცებ მოაგვარეს. ნუნუკა გასაღებს დატოვებდა და რუსიკო მარტო გაატარებდა იმ ორ დღეს დაქალის ბინაში. კიდევ უკეთესი. თუ რამეა, მასთან თავის მართლება არ მოუწევს. ვინ იცის, იქნებ ის ვიღაც, ვისთანაც ორდღიან რომანს გააბამს, სულაც ნუნუკას ბინაში მიიყვანოს, გამორიცხული არაფერია!

ბინის საკითხი მოაგვარა თუ არა, ნივთების ჩალაგებას შეუდგა. ორი ხელი ტანსაცმელი და თეთრეული გადაარჩია და ერთი მომცრო ჩანთა გაავსო, ხოლო ხუთშაბათს, სამსახურის შემდეგ, ვაგზალზე გავიდა, ბილეთი შეიძინა და პარასკევს გზას გაუდგა.

მოქმედების დრო დადგა......



№1 სტუმარი ნინო თავაძე

ბრაო კარგად იკითხება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent