შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, ეს ბედისწერა 4 თავი


24-05-2016, 18:45
ავტორი taaak100
ნანახია 3 422

ათი საათი იყო, რესტორნიდან რომ გამოვიდნენ. რუსას ოდნავ ეხვეოდა თავბრუ, მაგრამ არა იმდენად სასმლისგან, რამდენადაც უფროსის გადაკრული სიტყვებისგან.

_ მითხარი, სად ცხოვრობ, _ ჰკითხა გურამმა, _ სახლამდე მიგიყვან.

_ საბურთალოზე, მაგრამ არ შეგაწუხებთ, ჩემით წავალ…

_ ახლა არ მაწყენინო. ეგეთი რამ მეორედ არ მაკადრო, იცოდე. გგონია, ისეთი ზნედაცემული ადამიანი ვარ, რომ შენისთანა ლამაზ ქალბატონს ასე გვიან მარტო გავუშვებ?

_ უფრო გვიანაც მივლია ქუჩაში, რა პრობლემაა.

_ და ალბათ, მშობლებიც ნერვიულობენ, სანამ მიხვალ, არა?

_ უკვე წელიწადია, მარტო ვცხოვრობ, ნაქირავებში, ამიტომ ჩემი დაგვიანებით ვერავინ ინერვიულებს, _ ხაზგასმით აღნიშნა, თან გულში დააყოლა: «სხვათა შორის, შენ გამო ვცხოვრობ მარტო, რომ ამით მაინც დაინტერესდე».

_ მერე? მარტოს არ გწყინდება? _ იდუმალი ტონით დაეკითხა გურამი, თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო.

_ პირიქით. შესანიშნავია მარტო ცხოვრება, თავს არავინ მაბეზრებს.

_ სამაგიეროდ, ალბათ კაცებისგან მოსვენება არ გაქვს. შენნაირ ლამაზ გოგოზე, დარწმუნებული ვარ, ტაციაობა იქნება. თუ… გყავს დამცველი და ის იგერიებს აბეზარ თაყვანისმცემლებს შენ მაგივრად?

გოგონამ ირიბად გახედა. როგორც ჩანს, იგი მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო არ იხილავს მის საყოფაცხოვრებო საკითხებს.

_ ხან ასე ხდება, ხან ისე, _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა რუსკამ, რადგან იმ მომენტში ისევ ნიკა გაახსენდა.

_ ახლა? ახლა როგორ ხდება? _ თემის გაშლა გადაწყვიტა გურამმა.

აი, რა ხდება! ოცნების მამაკაცი დაზვერვას აწარმოებს, რა მაგარია! რუსკა აღფრთოვანებას ვერ მალავდა. გახარებულმა თავი ვერ შეიკავა და მისდა მოულოდნელად წამოისროლა.

_ ამ მომენტისთვის ზომაზე მეტად დამოუკიდებელი ვარ! ვცხოვრობ ჩემთვის წყნარად, მშვიდად, უპრეტენზიოდ… არავის ვაწუხებ, არავინ მაწუხებს… და სიყვარულისთვისაც მზად ვარ, _ სხაპასხუპით ამოთქვა და მოულოდნელად თვალწინ კვლავ ნიკას სახე ამოუტივტივდა. თავს ძალა დაატანა, რომ გონებიდან განედევნა უსიამოვნო მოგონებები.

_ რა მაცდუნებლად ჟღერს შენი ნათქვამი… _ შეფიქრიანებულად ჩაილაპარაკა გურამმა.

რუს მიხვდა, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა.

_ ისე, სტუმრებს სიამოვნებით ვიღებ ხოლმე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისი ნახვაც მიხარია, _ ცეცხლის დანთებას შეუდგა გოგონა.

_ მე თუ ვარ იმ ადამიანების სიაში? _ სვლა ოდნავ შეაჩერა მამაკაცმა და დაჟინებით მოხედა.

_ რა თქმა უნდა. აპირებთ მესტუმროთ?

პაუზა, რომელიც რუსას მარადიული მოეჩვენა, მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა.

_ დიდი სიამოვნებით. იქნებ იმ კვირაში შემოგიარო? ხვალ ბათუმში მივემგზავრები მივლინებით, რამდენიმე დღე მომიწევს დარჩენა, მაგრამ სამშაბათისთვის აუცილებლად დავბრუნდები. შევთანხმდით?

გოგონამ თავი დაუქნია. როგორც იქნა! სასურველი საქმე მკვდარი წერტილიდან მოულოდნელად დაიძრა, თანც იმაზე სწრაფად, ვიდრე მოელოდა.

8 8 8

სანამ მანქანიდან გადავიდოდა, რუსკამ ერთი კი გაიფიქრა, დამშვიდობების მიზნით, ხომ არ მეკოცნა გურამისთვისო, მაგრამ გადაიფიქრა. შეეშინდა, ზედმეტი არ მოსვლოდა. სიჩქარე არ ივარგებს, შეიძლება ერთმა კოცნამ მთელი წლის «ნაცოდვილარი» წყალში ჩაუყაროს. რაც მეტად მოანდომებს თავს ამ სიმპათიურ მამაკაცს, მით უფრო დაუფასდება, მეტად გაუჩნდება ინტერესი და უფრო მეტი მონდომებით შეუდგება მისი გულის მონადირებას.

მეორე დილით ისეთ სიმსუბუქეს გრძნობდა, ლამის დაფრინავდა. ცეკვა-ცეკვით დანარნარებდა ოთახიდან სამზარეულოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში გუშინელი საღამო მისთვის უძვირფასესი საჩუქარივით იყო, ღრმა ბავშვობიდან რომ ელოდები, როდის გიყიდიან. თუმცა… რუსასთვის ეს საკმარისი არ იყო. მას მეტი უნდოდა… გული ბევრად მეტს ითხოვდა, ვიდრე რესტორანში ვახშამი… სხეული _ კიდევ უფრო მეტს…

სამსახურში მიმავალი, მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ შეხვდებოდა დღეს უფროსი. რამეს გადაუკრავდა გუშინდელ საღამოზე, თუ ისე მოიქცეოდა, ვითომც წუხელ არაფერი მომხდარა მათ შორის. მისთვის გულსატკენი არც ერთი იქნებოდა და არც მეორე. მისაღები უფრო მეორე ვარიანტი იყო, რათა თანამშრომლებს ეჭვი არ აეღოთ მათ შორის დაწყებულ იდუმალ ურთიერთობაზე. ახლა ეგ ნაკლებად ანაღვლებდა. გოგონა იმაზე უფრო ნერვიულობდა, როგორ უნდა დახვედროდა მასთან სტუმრად მისულ დირექტორს. რა მოხდებოდა, როცა იგი მისი კარის ზღურბლს გადააბიჯებდა? ეგრევე «საქმეზე» გადავიდოდა, თუ ჯერ ჩვეულებრივი სტუმარივით მოიქცეოდა? რა კერძები უნდა დაეხვედრებინა? სუფრა როგორ გაეწყო? სასმელი რა ეყიდა? რა შარში გაეხვიააა! გაიჩინა თავსატეხი! აბა როგორ უნდა! სხვანაირად დასახულ მიზანს როგორ მიაღწევს?

მერე რა, ყველაფერი კარგად წავა, ათი წლის გოგო ხომ არ არის. აი, ნიკასთანაც გაუჭირდა თავიდან, დაძაბული იყო, დაბნეული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს და გაქცევაც კი დააპირა რაღაც მომენტში, მაგრამ მერე ხომ ყველაფერი აეწყო? ისეთი ლამაზი ღამე ჰქონდათ, თქვენი მოწონებული.

ღმერთო, ეს რა ემართება? სულ ნიკა ახსენდება, რამდენჯერაც გურიზე ფიქრს დაიწყებს. თითქოს ერთმანეთს ადარებს. რა ჯანდაბაა? რით ვერ დაივიწყა ის ბიჭი? გურამი ხომ ნიკა არ არის, ზრდასრული, გამობრძმედილი ადამიანია, რომელმაც ქალის ფასი იცის. სწორედ მისი გულისთვის გახდა ასეთი _ კეკლუცი, მომხიბვლელი, მიმზიდველი, სასურველი და კიდევ ვინ იცის, როგორი! რაც მთავარია, სექსუალური! ისე, ჯობდა ალბათ, იმ დილითვე არ გამოქცეულიყო ნიკასგან. იქნებ კიდევ რამე-რუმეები ესწავლებინა რუსასთვის, რაც გურისთან ურთიერთობაში გამოადგებოდა. რა თქმა უნდა, ჯობდა, მაგრამ გაჩერდა? ერთი სული ჰქონდა, როდის გამოიპარებოდა იქიდან. ეჰ…

წასვლის წინ ხომ გამოივლის სამსახურში? ისე არ ქნას, მის უნახავად გაემგზავროს ბათუმში, თორემ რუსა ამას ვერ გადაიტანს. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ისე იყო აღგზნებული და აფორიაქებული. ნეტავ, უკვე გაემგზავრა?

ოთახში შევიდა, ყველას მიესალმა და ეგრევე ყავის მოდუღებას შეუდგა. ერთი სული ჰქონდა, გოგოებისთვის ეკითხა, ხომ არ იცით, გურამი მოვიდა თუ არაო, მაგრამ ვერ გაბედა, თავი არ გავცეო, შეეშინდა. ის იყო, თავის მყუდრო კუთხეში მოკალათდა და ყავის წრუპვას შეუდგა, რომ კარი ფართოდ გაიღო და გურამი შემოვიდა მთელი თავისი ბრწყინვალებით. მამაკაცი ანათებდა, ისე იმპოზანტურად გამოიყურებოდა.

_ სალამი, ლამაზებო! როგორ ხართ? _ მხიარულად დასჭექა.

რუსას თვალები გაუბრწყინდა. უფროსმა მრავლისმეტყველი მზერა ესროლა და ცალი წარბი ასწია, რითაც ანიშნა, შენი გულისთვის შემოვიარეო.

_ რას აკეთებ, ლამაზების პრეზიდენტო? _ დირექტორი პირდაპირ მას მიეჭრა და მაგიდაზე ჩამოჯდა გულხელდაკრეფილი.

_ ყავას ვსვამ, _ იდუმალი მზერა ესროლა გოგონამ თავის რჩეულს.

_ ოოო! შენს მოდუღებულ ყავას მეც სიამოვნებით დავლევდი, რომ არ მეჩქარებოდეს!

_ საით გაგიწევიათ, ბატონო გურამ? _ ნანიმ კლავიატურას მზერა მოსწყვიტა და პიარ-დირექტორს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.

_ ბათუმში მივდივარ, მივლინებით.

_ აუუუ! რა კარგია, მეც სიამოვნებით წავიდოდი ახლა ბათუმში.

_ წამოდი, მერე, ვინ გიშლის?

_ ფული არა მაქვს.

_ აჰა, სამსახურის ხარჯით გინდა წამოცუნცულდე, ხომ? არ გამოვა! დაჯექი და იმუშავე! _ გაეხუმრა გურამი გოგონას.

_ დიდხანს რჩებით? _ არ მოასვენა ნანიმ.

_ სამი-ოთხი დღე, გააჩნია, რა სიტუაცია დამხვდება. აბა, თქვენ იცით, ჩემს ჩამოსვლამდე არ გაზარმაცდეთ, საქმეს მიხედეთ, ლამაზებო და მერე მე ვიცი! _ მხიარულად შესძახა, რუსას ხელზე ხელი მოუჭირა და ისევე გავარდა ოთახიდან, როგორც შემოვარდა.

ღმერთო, რა სასიამოვნო იყო ეს შეხება! ჟრუანტელმა დაუარა რუსკას სხეულში. რა ყურადღებიანი ადამიანია… მის გამო შემოვიდა აქ, თორემ როდის იყო, გოგონების მონახულებით იკლავდა თავს? ხანდახან კვირა ისე გავიდოდა, ერთხელაც არ შემოიხედავდა მათ ოთახში, მით უმეტეს, ასე გამხიარულებული და ასეთი იუმორით? გამორიცხული იყო. როგორ შეიცვალა ერთ ღამეში! და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, რუსასი! მაგარია!

8 8 8

საღამოს, შინ დაბრუნდა თუ არა, ხელი არაფრისთვის უხლია, ეგრევე საწოლში ჩაწვა და ოცნებას მიეცა. ნეტავ მალე გავიდოდეს ეს დღეები და დროზე დაბრუნდებოდეს. ერთი სული აქვს, როდის დაუნიშნავს პაემანს. არა, პაემანს არ დაუნიშნავს, მას უნდა ესტუმროს სახლში. ვაიმე! ხომ არ ჩქარობს? ასე უცებ, მეორე შეხვედრაზევე არ სურს, რუსკას, ყველაფერი მოხდეს. გონებით თითქოს უყვარს გურამი, მაგრამ გული? გული რატომღაც, ძველებურად არ ეთანხმება გონებას… რატომ? იმიტომ, რომ მისი მწვალებელი უკვე წამოეგო ანკესზე? იმიტომ, რომ გზა უკვე ხსნილია? ალბათ იმის ბრალია, რომ აქამდე არ იყო ასე თავდაჯერებული, მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო გურის სიყვარულზე, ახლა კი, ფაქტორივად, თავი ქუდში აქვს…

რა სულელია, რა დროს ასეთი დასკვნების გამოტანაა? ძლივს აეწყო ურთიერთობა, ძლივს კაცისგან ყურადღებას ეღირსა, ძლივს შეამჩნია პიარ-დირექტორმა და ყოყმანის დროა? პირიქით, უნდა უხაროდეს მოულოდნელი წარმატება, თუ ვინმეს გაუღიმა იღბალმა, მხოლოდ მას და აუცილებლად უნდა შეირგოს ეს სიამტკბილობა.

8 8 8

ოთხი დღე ისე გაიწელა, თითქოს ოთხი თვე გასულიყო. რუსკა კვლავინდებურად აწყობდა გეგმებს, როგორ უნდა დახვედროდა თაყვანისმცემელს, წარამარა ცვლიდა ფრაზებს და წინადადებებს, სავარაუდო სალაპარაკო თემებს, თან გული ეწურებოდა, ისე ეშურებოდა მამაკაცის ჩამოსვლას, თუმცა…

დილით, ლიფტიდან გამოვიდა თუ არა, პირდაპირ დერეფანში შეეფეთა თავის გურის, ნანისთან საუბრით იყო გართული. რუსას თვალები აენთო და ფართოდ გაიღიმა, მაგრამ ღიმილი პირზე შეაშრა… დირექტორმა მხოლოდ ცივად დაუკრა თავი და ზურგი შეაქცია…

აი, ამას კი არ მოელოდა გოგონა. რას ნიშნავს ეს? რატომ მოექცა ასე? იმიტომ, რომ ნანის მოერიდა? რა სისულელეა! მაშინ იმ დღეს ლამაზების პრეზიდენტი რომ უწოდა ყველას თანდასწრებით, ეგ რაღა იყო? მაშინ რატომ არ მოერიდა თანამშრომლების? არა, აქ სხვა რაღაც ხდება. იქნებ ამ ოთხ დღეში სერიოზულად დაფიქრდა და რომ წარმოიდგინა, რაც მოჰყვებოდა მათ პირველ პაემანს, გადაიფიქრა? ვითომ შეეშინდა? რისი? ვისი? ჭორებს უფრთხის? თუ ცოლს? თითქმის ორი წელი შეალია მის სიყვარულს, ყველაფერს აკეთებდა, შეფს რომ შეემჩნია და მიაღწია კიდეც ამას… რა შეიცვალა ოთხ დღეში? რა გახდა მისი გულცივობის მიზეზი? რა ჰგონია, კიდევ ოთხი წელი დაელოდება, როდის მოესურვილება მასთან დაწოლა? მეტი საქმე არა აქვს რუსას. რაც უნდა იყოს, ეს სიყვარული ცალმხრივია, გაუზიარებელი, დღეს იქნება თუ ხვალ, მასაც მოჰბეზრდება და დაანებებს თავს, სულაც სხვაზე გადაერთვება… მაგალითად, ნიკაზე. ისევ ნიკა გაახსენდა… ნეტავ, სად არის? თუ ახსენდება რუსა? რა კარგი იყო მასთან… ერთი წუთით არ უგრძნია თავი შეურაცხყოფილად. ეს გურამი ვინ ყოფილა! იდიოტი! რა ჰგონია, რუსას თავმოყვარეობა არა აქვს და კუდში დაუწყებს დევნას? არ იცნობს თავის მენეჯერს კარგად და იმიტომ. აგერ ნახოს, იგნორირება როგორ უნდა! რუსა არც უნებისყოფოა და არც ქარაფშუტა, კარგად იცის თავისი თავის ფასი! ეყოფა ღამეების თენება და ცრემლებით ბალიშის დასველება. გურამზე უკეთესი მამაკაცებიც დადიან თბილისში! მათ შორის, უცოლოებიც…

მთელი დღე თავი არ აუწევია კომპიუტერიდან, შეფიქრიანებული შიგადაშიგ ფანჯარაში თუ გაიხედავდა. ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, ყავაც კი არ დაულევია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მთელი დღე ყავის გარეშე გაატარა.

საღამო ხანი იყო, ყველა წავიდა, მის გარდა, რუსკას კი ადგომა და წასვლა ეზარებოდა. ახლა სიკვდილის მეტი არაფერი უნდოდა. მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. მოკლე-მოკლე ზარები მიანიშნებდა, რომ შიდა ქსელიდან რეკავდა ვიღაც და ის ვიღაც შეიძლებოდა ნებისმიერი თანამშრომელი ყოფილიყო _ დირექტორიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული.

_ გისმენთ, _ უგულოდ უპასუხა.

_ საღამო მშვიდობისა, რუსი, _ ალერსიანად გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.

ამ ხმას გოგონა ათასი სხვა ხმიდან გამოარჩევდა, თუნდაც შუაღამისას გაეღვიძებინა ვინმეს. გული უცნაურად შეუქანდა.

_ საღამო მშვიდობისა, ბატონო გურამ, _ ოფიციალური ტონი არჩია გოგონამ. კიდევ კარგი, მარტო იყო, თორემ ბრინჯივით დაიბნეოდა.

_ რუსი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ბატონობით არ მომმართავდი? დაგავიწყდა?

_ მაგრამ არა სამსახურში… _ ცივად გააწყვეტინა.

_ რა მკაცრი ხარ დღეს, რაშია საქმე? _ აროხროხდა მამაკაცი.

რუსკამ ყურმილი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, რადგან ნერვიულობისგან ხელისგული გაუოფლიანდა.

_ რამე საქმე გქონდათ, ბატონო გურამ? _ ტონი არ შეუცვლია დილანდელი შეხვედრით გაწბილებულს.

_ მერედა, როგორი, მაგრამ… ისე მელაპარაკები, მეშინია, რამე გითხრა… ღირს კი?

რუსას ლამის სუნთქვა გაუჩერდა.

_ მითხარით, ბატონო გურამ, თქვენს განკარგულებაში ვარ, _ ხმა შეეცვალა გოგონას.

_ უბრალოდ, მინდოდა მეკითხა, ერთად ხომ არ გვევახშმა ამ საღამოს?

_ იცით, რა-ა?..

_ არის ერთი კარგი ადგილი შენს სახლთან ახლოს, მყუდრო და წყნარი. ვიფიქრე, დავპატიჟებ-მეთქი.

რუსკამ მწარედ ჩაიცინა. როგორ მოიწყო საქმე! მის სახლთან ახლოს! ჯერ ავახშმებს, მერე მასთან შეივლიან, ცოტას დალევენ და მიდიიი! ნურას უკაცრავად!

_ სამწუხაროდ, ეს საღამო დაგეგმილი მაქვს… _ პაუზა გაწელა, რათა ტყუილი მოეფიქრებინა, _ ბიძაშვილის დაბადების დღეა და უნდა მივიდე, ვერ გავაწბილებ, ეწყინება.

_ მდაა… მაგაში მართალი ხარ, ბიძაშვილის განაწყენება არ იქნება. ხვალ მე ვერ მოვიცლი… იქნებ ზეგ შევხვდეთ? ზეგ ხომ გცალია?

_ ალბათ კი, თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამომიხტა.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი, რუსი, ზეგ შეგეხმიანები.

რუსკამ ზიზღით დაკიდა ყურმილი. რუსი! რა დეგენერატული მიმართვაა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა?

ხელი ძალაუნებურად წაუცდა სიგარეტისკენ. რაც ბათუმიდან ჩამოვიდა, ერთი ღერიც არ მოუწევია. მოწევასაც გურამის გამო დაანება თავი. იცოდა, მამაკაცი სიგარეტს რომ არ ეკარებოდა. ახლა კი, ისე მოუნდა ნაფაზის დარტყმა, როგორც არასდროს! თითქოს ამით უნდოდა, მამაკაცზე შური ეძია.

დერეფანში გამოვიდა და კიბის თავში დადგა, სადაც მოსაწევი ადგილი იყო გამოყოფილი. ასე გვიანობამდე სამსახურში არასდროს დარჩენილა. რა ეტაკა წეღან, ასე უხეშად რატომ ელაპარაკა თავის სანატრელს? ბატონო გურამ, ბატონო გურამ! რა იყო, რა მოელანდა? რამე საქმე ხომ არ გქონდათ, ბატონო გურამ?! ჰმ! გამოვიდა ესეც მის მსოფლიო! ხომ დაურეკა, რაღა უნდოდა? ალბათ სხვების თანდასწრებით არ უნდა სიმპათია გამოამჟღავნოს! რა სულელი გოგოა, ცუდი როგორ იფიქრა? გაბრაზებულმა სიგარეტი ურნაში მოისროლა და ოთახში შებრუნდა ჩანთის ასაღებად. ის იყო, კარი გამოაღო, რომ ცხვირწინ გურამი აესვეტა. ფერი წაუვიდა მის დანახვაზე.

_ მიდიხარ? _ იდუმალი ხმით ჰკითხა დირექტორმა.

_ ჰო… საჩუქარი უნდა ვიყიდო, _ ხმა ჩაეხრინწა აცახცახებულს.

_ ერთს არ მაკოცებ წასვლის წინ?

რუსკას ალმური წაეკიდა სახეზე.

_ აქ უხერხულია… _ ჩაიჩურჩულა და თავი დახარა.

_ აქ მხოლოდ მე და შენ ვართ, _ გურამიც ჩურჩულზე გადავიდა, მოულოდნელად გოგონას წელზე მძლავრად მოხვია ხელი და ტუჩებზე ხარბად დაეკონა…



8 8 8

რუსკა ვერა და ვერ ინელებდა, გურამს უხეშად რომ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ გამგზავრების წინ კოცნამ შეარიგა ისინი, მაინც აწუხებდა სინდისის ქენჯნა.

პიარ-დირექტორი ორ დღეში დაბრუნდა. რუსა სიხარულისგან ფრთაშესხმული დადიოდა დერეფანში. რამდენჯერმე მოუწია უფროსის კაბინეტში შესვლამ, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების წარსადგენად, მაგრამ ისე მოხდა, რომ იგი ერთხელაც ვერ მოიხელთა კაბინეტში მარტო, მასთან გამუდმებით ვიღაც იმყოფებოდა. ერთადერთი საკონტაქტო საშუალება შიდა ჩატი რჩებოდა, ამიტომაც ადგა და დათუნიას სმაილი გაუგზავნა, რომელიც საყვარლად აქნევდა თათს. პასუხად წითელი ტიტა მოუვიდა და ტექსტი _ «ხომ არ ვივახშმოთ ხვალ საღამოს?» აფორიაქებულმა, რა თქმა უნდა, თანხმობის სმაილი გაუგზავნა. «რვის ნახევარზე დაბლა შევხვდეთ», _ მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა გურამმა.

მეორე დილით ფართხაფურთხით გავარდა სამსახურში. მთელი ღამე გურიზე ფიქრში გაათენა და გვაინ ჩაეძინა, დილით კი გაღვიძება გაუჭირდა. არც მაკიაჟის გასაკეთებლად მოუკლავს თავი, საღამოს მაინც მოუწევდა დამატება და ბარემ, დღის ბოლოს გავიპრანჭებიო, იფიქრა. აი, ჩასაცმელზე კი ბევრი იმტვრია თავი. უნდოდა, რაც შეიძლება, გამომწვევი ყოფილიყო, რომ ბოსზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ბოლოს თავისი მწვანე ატლასის გულმოღეღილი მოკლე კაბა შეარჩია, განსაკუთრებულად რომ უსვამდა ხაზს მისი სხეულის კონტურებს, თეძოებს, წელს, მკერდს… თან ფეხებსაც გამოაჩენდა, თავის მაღალ, კოხტა ფეხებს. «ფერეს» სუნამო ძალიან ცოტა ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ ჩანთაში ჩაიგდო, რომ სამსახურიდან გასვლის წინ დაეპკურებინა. გიჟდებოდა ამ სურნელზე და წუხდა, რომ უთავდებოდა. ბათუმშიც თან მიჰქონდა, ნიკასაც ხვდა წილად ბედნიერება, ეს არომატი შეეგრძნო. ფეხზე მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი ჩაიცვა, რომელიც შარშან შეაკერინა ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერს, ხოლო ზემოდან შავი მოკლე პიჯაკი მოიცვა.

წარმოუდგენია, როგორ შუბლზე აუვა თვალები მის გურის, რომ დაინახავს. მის წინაშე წარდგება არა გაყიდვების მენეჯერი, საქმიანი, სერიოზული ქალბატონი, არამედ ვნებიანი, მიმზიდველი და სექსუალური გოგონა. დაუხატავიც კი ნამდვილ ფერიასავით გამოიყურებოდა და მაკიაჟს რომ გაიკეთებდა, რაღა იქნებოდა? თავის ორეულს კმაყოფილმა გაუღიმა სარკეში, წარმატებები უსურვა თავის თავს, მერე მსუბუქად დატრიალდა და სამსახურში გავარდა.

მთელი დღე ეკლებზე იჯდა, როდის მოვიდოდა საოცნებო რვის ნახევარი. თავაუღებლად იმუშავა, შესვენებაზეც კი არ გასულა, რომ დრო რაც შეიძლება, სწრაფად გასულიყო. ნახევარი არ გაუგია, რაზე ლაპარაკობდნენ დღის განმავლობაში თანამშრომელი გოგონები, ვინ შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან.

ზუსტად შვიდ საათზე «თანაოთახელები» აორთქლდნენ. გოგონებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დატოვებდნენ შენობას, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა. რუსკა თავისთვის იჯდა, კომპიუტერში შემძვრალი და ვითომ გამალებით ეძებდა საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში. როგორც კი მარტო დარჩა, თავის მოწესრიგებას შეუდგა. საგულდაგულოდ გაიკეთა საღამოს მაკიაჟი, რვის ოც წუთზე უკვე მზად იყო. კიდევ რომ დააგვიანოს გურამმა, ძალიან გაბრაზდება. ურჩევნია, დროზე ჩამოვიდეს! მეორედ დაგვიანებას აღარ აპატიებს, ეს ხომ უკვე ოფიციალური პაემანია?

რუსკამ ლიფტი გამოიძახა, თან ფრთხილად აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, რომელიმე შემორჩენილ თანამშრომელს არ შეემჩნია მოულოდნელად.

8 8 8

_ რაღაც ძალიან უხასიათო გახდი ბოლო დღეებში, რამე შეგემთხვა? _ დიმამ ქვემოდან ახედა ბართან მდგომ ძმაკაცს.

_ ისეთი არაფერი… _ თვალები აარიდა ნიკამ.

_ ასეთი? _ გაეხუმრა დიმა.

_ არც ასეთი, თავი დამანებე, რა.

_ ვა! ვერ გცნობ, რა გჭირს, არ მეტყვი?

_ არაფერი-მეთქი!

_ წამო, ერთი გოგო უნდა გაგაცნო, მაგრად მოსწონხარ.

_ მოდი, სხვა დროს იყოს, კარგი?

_ ნიკ, რა ხდება? შენ და.. გოგოები აღარ გაინტერესებს? რაღაც ძალიან უცხოა ჩემთვის. ავად ხომ არ ხარ? _ არ ეშვებოდა მეგობარი.

_ შემეშვი, ძმურად…

_ არა, უკვე ვხვდები, რომ სერიოზული პრობლემები გაქვს. ახლავე მითხარი.

_ დავიღალე, მეტი არაფერი.

_ რისგან დაიღალე, ნუ გამაგიჟე! ჰე, ამოთქვი ახლა, რა გემართება. სხვა რომ იყო, ვიტყოდი, უიმედოდაა შეყვარებული და დარდობს-მეთქი, მაგრამ შენზე მაგას, მომკალი და ვერ ვიფიქრებ.

_ რატომ ვითომ? _ ამრეზით გადახედა ბიჭმა.

_ შენ და სიყვარული ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი გაგებაა. ან იქნებ… იქნებ ვცდები?

_ ის გოგო გახსოვს, შაბათს რომ მოვიყვანე კლუბში? თბილისელი…

_ მახსოვს, როგორ არა. ადრე წახვედით იმ საღამოს.

_ ჰო.

_ მერე რა? არ მითხრა, რომ მასთან არაფერი გამოგივიდა და იმას ნაღვლობ.

_ არა, როგორ არა.

_ აბა რა? რამე მოგპარა? გეჩხუბა?

_ არა-მეთქი.

_ აბა რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი, ამოშაქრე, ტოოო! _ ვეღარ მოითმინა დიმამ და «ქუჩური» შეუბერა.

ნიკამ ღიმილი ვერ შეიკავა.

_ მაგარი ღამე გავატარეთ. დილით კი, ისე გაიპარა, არც კი გამაღვიძა.

_ კარგი გოგო ყოფილა, უნდა გიხაროდეს, ტვინის ბურღვა რომ არ დაგიწყო და თამუნასავით არ აგეკიდა.

_ რა შუაშია აქ თამუნა? მე რუსაზე გელაპარაკები, შენ კი… თამუნა, თამუნა! _ გაღიზიანდა ნიკა.

_ რას ცოფდები? ამისთანა რა გითხარი? წავიდა და კარგად იყოს, ია-ვარდი ჰფენია! მოიცა, მოიცა… შენ… შემთხვევით, ხომ არ შეგიყვარდა ის თბილისელი «ნაშოჩკა»?

_ შემიყვარდა? _ დამცინავად აიჩეჩა მხრები ნიკამ, _ ნორმალური ხარ? ეგ რამ გაფიქრებინა? მე და შეყვარებული? შანსი არ არის!

_ რაღაც სიყვარულის სუნი მცეეემს! უცნაური გახდი, ძმაო, ბოლო ხანებში. ვეღარ გცნობ. გოგოებისკენაც არ იყურები. არადა, რა გოგო მოგიყვანე! შენ კი…

_ უბრალოდ, არ ვარ ახლა მაგის ხასიათზე.

_ ჰოდა, მეც მანდ ვააარ! ასეა, ჩემო ნიკუშ! ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა. გაები, არწივო, მახეში? _ გადაიხარხარა დიმამ.

_ თავი დამანებე, რა! _ ხელი აიქნია ბიჭმა და ბარისკენ მიტრიალდა.

არა, რა სისულელეა, რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი, _ თავს იმშვიდებდა ბიჭი. მაქსიმალურად ცდილოდა, ისე მოეჩვენებინა თავი, თითქოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. პირველ რიგში, მუშაობას ვერ უდებდა გულს. გუშინ კლუბშიც ძალიან ცუდად დაუკრა. მთელი გულისყური გამუდმებით დარბაზისკენ ჰქონდა და ყველა მოკლეთმიან გოგონაში რუსკას ეძებდა. თუკი ვინმეს ოდნავ მაინც მიამსგავსებდა მას, გული უცნაურად შეუქანდებოდა ხოლმე.

მეგობრებს ეგონათ, რომ მას მალევე გაუვლიდა მელანქოლიური განწყობა, მაგრამ დრო გადიოდა და ნიკა უფრო და უფრო იკეტებოდა თავის თავში.

_ ბიჭო, რას იკლავ თავს? _ ვეღარ მოითმინა ერთხელაც დიმამ, _ თუ ასე გენატრება ის თბილისელი გოგო, რატომ არ ჩააკითხავ?

_ რა თავს ვიკლავ, საიდან მოიტანე? _ მოიღუშა ნიკა.

_ სულ ხუთი-ექვსი საათის გზაა, მეტი კი არა, _ თავისას აგრძელებდა ძმაკაცი.

_ არ მელაპარაკო მასზე, რა.

_ წადი, წადი, იქნებ ცოტათი მაინც მოგეშვას გულზე. ბოლოს და ბოლოს, იმაში მაინც დარწმუნდები, ის არის თუ არა შენი უხასიათობის მიზეზი.

ნიკა ჩაფიქრდა. რატომაც არა? წავა რამდენიმე დღით, ღამის გასათევი არ გაუჭირდება, ერთი-ორი ძმაკაცი კი ჰყავს იქ, მოინახულებს… იქნებ რუსასაც გადააწყდეს სადმე შემთხვევით…

შემთხვევით? ჰმ! განა მის გამო არ გადაწყვიტა გამგზავრება? რაში სჭირდება, თავს რომ იტყუებს?

გადაწყვეტილება მსწრაფლ მიიღო. შინ მისულმა სამგზავრო ჩანთაში ორი ხელი ტანსაცმელი ჩააგდო და ადრე დაწვა დასაძინებლად, რომ დილით უახლოეს სამარშრუტო ტაქსის გაჰყოლოდა თბილისამდე.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent