შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, ეს ბედისწერა (დასასრული)


28-05-2016, 21:02
ავტორი taaak100
ნანახია 9 367

რუსკა ჰოლში ჩამოვიდა და შედგა. იქით, მარცხენა კუთხეში, სადაც ამას წინათ ელოდებოდა გურამს, ვიღაც იჯდა. შორიდან სახეს ვერ ხედავდა, თუმცა ეტყობოდა, რომ შინაური არ იყო. სამგზავრო ჩანთა ფეხებთან დაედო და ყურსასმენებით აღჭურვილს მზერა გასასვლელისკენ ეჭირა. აშკარად ელოდებოდა ვიღაცას.
მოულოდნელად რუსკას მუხლები მოეკვეთა. იმ უცნობში ნიკა ამოიცნო.
ბიჭმა ადვილად შეამჩნია გოგონას თვალებში გაკვირვება. ყურსასმენები მოიხსნა, წამოდგა და უხერხულად აესვეტა წინ.
_ გამარჯობა, _ ჩაიდუდღუნა, _ როგორ ხარ?
ღმერთო! ეს ბიჭი რა წარსულის აჩრდილივით გამოეცხადა, თან რა დროს! ეს უნდოდა ახლა რუსას? ლამის კრუნჩხვებმა დაუარა. იმდენად გააღიზიანა მისმა დანახვამ, ზრდილობის ყოველგვარი წესები დაივიწყა.
_ აქ რას აკეთებ? _ უკმეხად მიმართა, იმის მაგივრად, რომ სალამზე სალმით ეპასუხა.
_ შენ გელოდებოდი.
_ მე-ე? რატომ?
ნიკა გაფითრდა. ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ელოდა.
_ ნახვა მინდოდა შენი, აი, რატომ!
_ არა, მართლა, სერიოზულად გეკითხები.
_ მეც სერიოზულად გპასუხობ.
_ როგორ მომაგენი?
_ რა მოგნება უნდოდა? ხომ მითხარი, სადაც მუშაობდი… ჰოდა, მეც მოვედი.
_ როდის ჩამოხვედი?
_ დღეს… და მაშინვე აქეთ გამოვეშურე. უნდა დაგელაპარაკო.
რუსას აღშფოთებულმა გამომეტყველებამ ნიკას ხასიათი სულ გაუფუჭა.
_ შენ მართლა იმიტომ ჩამოხვედი ბათუმიდან, რომ მე დამლაპარაკებოდი? _ საკუთარ ყურებს არ უჯერებდა რუსა.
_ ჰო, რა იყო, რატომ გიკვირს? _ კეფა მოიქექა ბიჭმა, _ მე და შენ ისე უცნაურად დავცილდით ერთმანეთს… არასწორი საქციელი იყო შენი მხრიდან.
რუსკამ არ იცოდა, ეცინა, თუ ეტირა.
_ საათზე მეტია, გელოდები. შემეშინდა, ხომ არ გამასწრო-მეთქი, _ თქვა და გაწითლდა.
ამან უარესად გააკვირვა გოგონა.
_ წავიდეთ? _ ფიქრებში წასულს ნიკას ხმა ჩაესმა.
_ წავიდეთ, _ თქვა და უეცრად გურამი გაახსენდა. პაემანს რა უყოს? რაღა დღეს მოუნდა ჩამოსვლა? მეტი საქმე არ ჰქონდა? რა უნდა, რას გადაეკიდა? რა აქვს მასთან სალაპარაკო? სადაცაა, გურიც გამოჩნდება. მასთან ერთად რომ დაინახავს, რას იფიქრებს? არა, ამას არ დაუშვებს.
_ იცი რა-ა? _ რუსა შედგა, _ დღეს არ მცალია, გადაუდებელი საქმე მაქვს. ხვალ რომ დავილაპარაკოთ, არ შეიძლება?
_ დღეს რა ხდება, რო?
_ დღეს დაკავებული ვარ.
_ რითი?
_ არ ვარ ვალდებული, რამე აგიხსნა, _ მკვახედ მიახალა.
ღმერთო, ახლა გურამი გამოჩნდება. რაღაც უნდა იღონოს!
_ ნიკა, მოდი, ხვალისთვის გადავდოთ ჩვენი შეხვედრა, კარგი? _ ტონი შეარბილა, _ ძალიან მეჩქარება. მე… მე… პაემანი მაქვს, _ თქვა და თავადაც გაუკვირდა, ეს როგორ წამომცდაო.
ნიკას სახე შეეცვალა. რუსა მიხვდა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა. ბიჭმა მისი გულისთვის ამხელა გზა გამოიარა და ეგ უნდა ეთქვა? რა უგულო გოგოა! გულქვა, უგრძნობი!
_ მაგასაც ვნახავთ! _ დაიქადნა უცებ ნიკამ.
_ რას გულისხმობ? _ კოპები შეკრა რუსამ.
_ ხარ თუ არა ვალდებული. ერთი უნდა ვნახო, ვის ხვდები!
_ შენ.. შენ ვინ გეკითხება? _ სიბრაზისგან ენა დაება რუსას, _ ვინ მოგცა უფლება, ჩემს ცხოვრებაში რომ ერევი? რა ბავშვივით იქცევი…
ნიკა უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან, მკლავში მძლავრად ჩაავლო ხელი და თავისკენ მოიზიდა.
რუსკამ მიმოიხედა. საცაა, გურამი ჩამოვიდოდა.
_ რა გინდა ჩემგან? _ უხეშად მოიშორა ბიჭის ხელი.
_ სალაპარაკო მაქვს-მეთქი, ხომ გითხარი.
_ და რაღა მაინცდამაინც დღეს? ხვალ რომ იყოს?
_ იმიტომ, რომ დღეს ჩამოვედი, ხვალ კი უკან უნდა გავბრუნდე.
ოჰ, ღმერთო… კარგი, მაშინ მომიცადე, ახლავე დავბრუნდები, _ მოულოდნელად აჩქარდა გოგონა, რადგან ლიფტის კარი გაიღო მისი ოცნების მამაკაცი გამოჩნდა.
_ მაპატიე, რუსი, დამაგვ…
_ მე ვერ მოვდივარ, ბატონო გურამ, _ გააწყვეტინა რუსამ, _ ბიძაშვილი ჩამომივიდა სტუმრად და სახლში უნდა წავიყვანო. ძალიან ვწუხვარ.
_ ა..არა უშავს, სხვა დროს გადავდოთ, _ შეფმა ალერსიანად მოუსვა მკლავზე ხელი, დაემშვიდობა და შენობიდან გავიდა.
ნერვებმოშლილი გოგონა ნიკასთან დაბრუნდა.
_ რა მაგარი ყოფილხარ! _ ირონიით შესძახა ბიჭმა, _ ეგრევე ეტყობა, ვინც არის. კარგი საკბილო შეგირჩევია!
რუსკამ ხელები მომუშტა. უკვე ვეღარ იტანდა ნიკას, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი პაემანი ჩაუფლავა.
_ არ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი!
_ სიმართლე გითხრა, საერთოდ გამიქრა შენთან დალაპარაკების სურვილი! _ აგდებით უპასუხა ბიჭმა, ჩანთას ხელი დაავლო, გოგონას ზურგი აქცია და წავიდა.

ამან მთლად გადარია რუსა. მის გამო პაემანი ჩაშალა და ახლა გარბის? რა თავხედია!
_ მოიცა! _ დაადევნა მიმავალს.
ნიკა მოტრიალდა.
_ სად მიდიხარ?
_ ვაგზალზე.
_ აკი უნდა გელაპარაკოო?
_ ვხედავ, არ გცალია ჩემთვის.
_ მცალია… ის უკვე გავუშვი.
_ მერე რა, დაეწიე, ჯერ არ იქნება შორს წასული. გაეკიდე!
_ შენ რა, ეჭვიანობ?
ბიჭმა ტუჩი მოიკვნიტა. ეჭვიანობდა, აბა რა, მაგრამ ამის აღიარება უჭირდა.
_ რა იდიოტობაა ეს ყველაფერი, _ თავი გაიქნია რუსამ, ერთი ამოიოხრა, მერე ხელკავი გამოსდო თავის პირველ მამაკაცს და ქუჩაში გავიდნენ.
«უცნაურია, რომ ჩამოვიდა, _ თავისთვის ფიქრობდა გოგონა, _ ე.ი. მოვწონვარ, თორემ ამხელა გზას რატომ გამოივლიდა ჩემი გულისთვის?» ჩაეღიმა… მიხვდა, რომ ესიამოვნა. ტყუილად გაღიზიანდა. მერე რა, თუკი პაემანი გაუხუნდა? სხვა დროს შეხვდება გურის. ნიკა საინტერესო მოსაუბრეა, ჭკვიანი, ერთ საღამოს მასთან გაატარებს, ოღონდ ზედმეტი სიახლოვის გარეშე… ისე, მეგობრულ ატმოსფეროში. გავა დრო და სასიამოვნოდ გაახსენდება.
_ სად მივდივართ? _ იკითხა ბიჭმა.
_ ჩემთან, სახლში.
შენთან? შენ რა, შენს სახლში მეპატიჟები?

_ ჰო, რა იყო, არ შეიძლება?
_ რა ვიცი, წეღან კინაღამ კინწისკვრით გამაგდე და…
_ დაივიწყე! _ რუსამ ტაქსი გააჩერა და ჩასხდნენ.
_ რა მყუდრო და ლამაზი ბინა გქონია… _ ნიკამ ოთახი შეათვალიერა.
_ ნაქირავებია, ჩემი არ არის.
_ მაინც კარგია.
_ გშია?
_ არა.
_ აბა! გისმენ, რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?
_ რაზე და… მაინტერესებს, მაშინ ისე უთქმელად რატომ გამეპარე? _ დივანზე ჩამოჯდა ნიკა.
_ რა-ა? ამხელა გზა ამის საკითხავად გამოიარე? _ წარბები შეყარა გოგონამ.
_ ჰო… მაშინ თითქოს ყველაფერი კარგად იყო… მე ვიტყოდი, ძალიან კარგად… შენ კი… დილით ვიღვიძებ და აღარ ხარ!
_ მე მეჩქარებოდა, თბილისში უნდა წამოვსულიყავი. არ მინდოდა შენი შეწუხება, _ თავი იმართლა გოგონამ.

_ წერილი მაინც დაგეტოვებინა… ან დაგერეკა. მე გირეკავდი, შენ კი სულ გამორთული გქონდა მობილური.

_იქ სხვა ნომერი მედო, წამოსვლისას გამოვცვალე.
_ რატომ? რომ არ დამერეკა, იმიტომ?
_ რა საჭირო იყო? ჩვენ კარგი დრო გავატარეთ, გავერთეთ, მერე კი დავშორდით ერთმანეთს. თავიდანვე ხომ ვიცოდით ორივემ, რომ ასე იქნებოდა? მეტი რაღა გინდოდა?
მისი ცინიკური ტონი მტკივნეულად მოქმედებდა ნიკაზე. მართალი იყო ეს გოგო. რას ელოდა? თუ ჩამოვიდოდა, ოვაციებით შეხვდებოდა? სულ ერთხელ ჰყავთ ნანახი ერთმანეთი… მაგრამ თვითონ ხომ გაუჩნდა მისი ნახვის სურვილი? ხომ შეიძლებოდა, მასაც ვერ დაევიწყებინა და მონატრებოდა? არა, ასე არ ხდება… რა სულელია, როგორ შეცდა, რომ წამოვიდა…
_ სიმართლე გითხრა, ზუსტად არც მე ვიცი, რა მინდა, _ ყრუდ დაიწყო სათქმელი, _ ვიფიქრე, ჩავალ, გავივლი, დიდი ხანია, დედაქალაქში არ ვყოფილვარ, თან რუსკას ვნახავ, გავიგებ, გოგონა რუსა როგორ არის-მეთქი…
რუსკამ ცერად გახედა. გამოდის, მისი გულისთვის არ ჩამოსულა? სხვა საქმეებიც ჰქონია? მან კი მიამიტი ბავშვივით დაიჯერა, რომ ნიკას ის მოენატრა.
ტყვიანაკრავივით წამოიჭრა ფეხზე და წელზე დოინჯი შემოიყარა.
_ გოგონა რუსა ძალიან კარგად არის! _ ნერვულად წამოიყვირა, _ აქვს საყვარელი სამსახური, კარგი ანაზღაურება, მყუდრო ბინა…
_ და ფულიანი საყვარელი, _ დაასრულა ნიკამ.
_ დიახაც! მან, როგორც იქნა, გადმოდგა ნაბიჯი ჩემკენ და პირველი პაემანიც დამინიშნა. შენ კი ყველაფერი ჩამიშალე.
_ რა-ა? პირველი პაემანი? გინდა მითხრა, რომ აქამდე შეხვედრები არ გქონიათ?
_ ჰო, არ გვქონია.
_ და სად გაიცანი ეგ «გალსტუკიანი პეპელა»?
_ წესიერად მოიხსენიე, შენი დასაცინი არაფერი სჭირს. სხვათა შორის, ერთად ვმუშაობთ, ის ჩემი უფროსია… ორი წელია უკვე.
ნიკას სახე შეეცვალა, მერე ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე.
_ მაგარი მუხრუჭი ყოფილა ეგ შენი უფროსი, თუ ორი წელი ფიქრობდა შენთან პაემანზე. შემთხვევით, რაჭველი ხომ არ არის?
_ შენ არავინ გეკითხება!
_ ჰოდა, მეც სწორედ ის მაინტერესებს, რაც არ მეხება. მაგალითად, ის, თუ რატომ გაატარე ღამე ჩემთან. მგონი, მაქვს ამის გაგების უფლება. პირველივე შემხვედრს რატომ ჩაუხტი ლოგინში? იმასთან რომ გაგადვილებოდა მერე ურთიერთობა? მართალი ვარ?
რუსკამ არ უპასუხა, ნიკამ კი გააგრძელა.
_ რას ერჩი, მშვენიერი კანდიდატურაა. მართალია, ცოტა ბებრუხანაა, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად არის შეფუთული. ვინ არის, დიზაინერი?
_ ჩვვენი კომპანიის პიარ-დირექტორია, _ ნიშნის მოგებით უპასუხა გოგონამ, _ და თავისი საკუთარი ფირმაც აქვს.
_ მე ვამაყობ შენით, პატარავ, როგორ ყოჩაღი ხარ, _ ტაში დაუკრა ნიკამ და ცალყბად გაიღიმა, მერე მის ხელს ხელი დაავლო, ამოატრიალა და მძლავრად ჩაიჭირა თავის მუჭში, თითქოს შექების ნიშნად ხელი ჩამოართვაო.
გოგონას წამის სუნთქვა შეეკრა. ეგონა, მისი ეს ჟესტი გააბრაზებდა, მაგრამ პირიქით, სიამოვნებისაგან ჟრუნტელმა დაუარა სხეულში და მიხვდა, სულაც არა უნდოდა, ბიჭს მისთვის ხელი გაეშვა.
ნიკამ ადვილად წაიკითხა მისი აზრები… მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, მეორე ხელი წელზე მოხვია და ტუჩებით მისკენ წაიწია, მაგრამ რუსკა მსწრაფლ მოეგო გონს და ბიჭს ხელი ჰკრა.
_ რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი! _ შეშფოთებული ხმით შესძახა და წამოხტა.
_ შენ რა, მართლა გიყვარს ის იდიოტი? _ გაღიზიანდა ნიკა.
_ ჰ..ჰო, _ მისი პასუხი, რატომღაც, არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა.
_ დიდი ხანია?
_ თითქმის ორი წელია.
_ მერედა, ის?
_ ის… არაფერი… აქამდე მხოლოდ მეფლირტავებოდა… ახლა პირველი ნაბიჯი გადმოდგა.
_ აჰა… ესე იგი, ჩემთან წაივარჯიშე, არა? გინდოდა, გამოცდილი ქალის შთაბეჭდილება დაგეტოვებინა? რეპეტიცია გაიარე, ხომ?
_ გეყოფა! _ გაბრაზდა რუსა.
_ აუჰ! განრისხებული მარკიზა! რა, მართალი არ ვარ? გგონია, ვერ მივხვდი, რომ შენთვის პირველი მამაკაცი ვიყავი? რამდენი ვიმტვრიე თავი, რატომ გააკეთა-მეთქი… ახლა გასაგებია.
რუსამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მართალს ამბობდა. რა მისი საქმეა? მასთან შეხვედრა მხოლოდ ერთი სასიამოვნო ეპიზოდი იყო და მეტი არაფერი. რა უნდა? რატომ არ დაანებებს თავს? რატომ ცდილობს, შემოიჭრას მის ცხოვრებაში და თავისებური წესრიგი დაამყაროს?
_ თუნდაც ასე იყოს, მერე რა? _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ჰკითხა, არ უნდოდა სტუმართან ეჩხუბა.
_ როგორ თუ მერე რა? მე რა, რაღაც ნივთი ვარ, გამომიყენო და მერე მიმაგდო? მე ადამიანი ვარ, სხვათა შორის!
_ შენ ჩემნაირი, ვინ იცის, რამდენი გყოლია… არა მგონია, ყველას ასე ურჩევდე საქმეს.
_ მართალი ხარ. ყველას არა. მხოლოდ შენ.
_ და რატომ? რა გინდა?
_ იქნებ მომწონხარ?
გოგონა დაიბნა. უხერხულობისგან რა გაეკეთებინა, არ იცოდა.
_ არ მითხრა ახლა, რომ ერთ დღეში მოგეწონე, _ თავი გადააქნია.
_ და ერთ ღამეში, _ შეუსწორა ნიკამ.
_ ასე არ ხდება.
_ ვინ გითხრა? ხომ ხედავ, რომ მოხდა? სხვათა შორის, შენც მოგეწონე.
_ ნუ იგონებ რაღაცას და ნუ ხარ ეგეთი თავდაჯერებული.
_ არა? ასე რომ არ ყოფილიყო, არსადაც არ გამომყვებოდი.
_ ილუზიები გაწუხებს…
_ და არც ღამეს არ გაათევდი ჩემთან.
_ ნუთუ? _ საშინელი სარკაზმით ჩაიცინა რუსამ, _ მომისმინე, ნიკა. დაივიწყე, რაც იყო. ერთი შემთხვევითი შეხვედრა და მორჩა ყველაფერი. ტყუილად იგონებ რაღაცებს. საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომელ მოწონებაზეა საუბარი. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ _ შენი…
_ ესე იგი, ყველაფერი მორჩა?
რუსამ თავი დაუქნია.
_ მდააა. შენ მართალი ხარ. მაპატიე, ახლა ვხვდები, რომ სისულელე ჩავიდინე, _ ჩაიდუდღუნა გაწბილებულმა ბიჭმა და ჩანთას წამოავლო ხელი.
_ სად მიდიხარ? _ შეშფოთდა რუსა.
_ უკან, ბათუმში ვბრუნდები.
_ გაგიჟდი? უკვე გვიანაა, რითი წახვალ?
_ როგორმე მოვახერხებ.
_ არ გინდა, გთხოვ. ამაღამ, თუ გინდა, აქ დარჩი, ლოჯიაში გაგიშლი ლოგინს, ხვალ კი დაწყნარებული და გამოძინებული დაბრუნდები იმ შენს ბათუმში.
_ რა კეთილი ხარ! _ სიმწრით გაიღიმა ნიკამ, _ ვწუხვარ, რომ შევცდი. არ უნდა მოვსულიყავი. მშვიდობით, რუუს, ბედნიერებას გისურვებ იმ შენს ყეყეჩთან ერთად!
_ ნუ მეუბნები ეგეთ რამეებს.
_ აბა რას ელოდები, რომ გითხრა? იცი, რა მიკვირს? რისთვის იფუჭებ ცხოვრებას? წესიერი გოგო ხარ, ლამაზი, ჭკვიანი… რაში გჭირდება ის კაცი? საყვარლად? და რას მოიგებ ამითი? სახელგატეხილმა გინდა იარო? გიღირს კი? ხომ შეიძლება, ერთი კარგი ადამიანი ნახო, შეიყვარო და ოჯახი შექმნა? ამაზე გიფიქრია? _ აღშფოთებულმა მიაყარა ნიკამ ერთ ადგილზე გახევებულ რუსას, მერე ჩანთა მხარზე მოიგდო, უკანმოუხედავად გავიდა ბინიდან და კარი მძლავრად გაიჯახუნა.
შელახული თავმოყვარეობა ტვინს უბურღავდა ნიკას, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მისი მისი უგუნებობის მიზეზი. ყველა სიკეთესთან ერთად, ეჭვის ჭიაც შეუჩნდა. გოგონების შემოტევას მიჩვეული ღიზიანდებოდა, ამ თბილისელს როგორ ვერ მოვუგრიხე კისერიო. «მე ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მსურს და ვერავინ შეძლებს წამართვას ის, ვინც მსურს. ვერავინ შემიშლის ხელს, ვიყო იმ ქალის გვერდით, რომელიც მიყვარს!» _ მოუსვენრად ფიქრობდა.

მიყვარსო?! რა უცხო სიტყვაა მისთვის. არასდროს გამოუყენებია იგი ქალებთან ურთიერთობაში, უბრალოდ, არ დასჭირვებია. რა სიყვარული, რის სიყვარული. არ არსებობს ასეთი გრძნობა. იგი მხოლოდ იმათ გამოიგონეს, ვინც ფილმებს იღებს ან რომანებს წერს. რეალურ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ფანტასტიკაა და მეტი არაფერი. აბა, როგორ შეიძლება ვინმე ისე გიყვარდეს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგეძლოს? ხომ წარმოუდგენელია? თურმე არ ყოფილა წარმოუდგენელი. იმის გაფიქრებაც კი, რომ იგი დღეიდან რუსას ვერასდროს ნახავს, საგონებელში აგდებს. თან ის ვიღაც ბიძაკაცი რომ უყვარს? მამად რომ ეკუთვნის ისეთი? ასპროცენტიანი ცოლიანი იქნება და ამ გოგოს გააუბედურებს, დროებით გამოიყენებს და მერე მიაგდებს. თვითონ რამდენჯერ გუკეთებია ასე. მე შენ გეტყვი და, რუსკას გულისთვის ოჯახს დაანგრევს! არა, ასე არაფერი გამოვა! ნიკა კაცია, როგორც გოგოები იტყვიან, ნამდვილი მამაკაცი, ამიტომაც ბოლომდე იბრძოლებს, რომ რუსას გული მოიგოს. მისთვის ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ კი ის ბედნიერი იყოს.
განა რა, ნიკას ოჯახის რჩენა არ შეუძლია? თავისუფლად! სოლიდური შემოსავალი აქვს, სახლი, კარი და ა.შ. არაფერს გაუჭირვებს. ჰმ… უკვე რაზე ფიქრობს… რამდენიმე კვირის წინ მსგავსი რამ ვინმეს რომ ჩაეწვეთებინა მისთვის, ავად ხომ არ ხარ, რა ცოლი, რის ცოლიო, ეტყოდა. ახლა კი თავად ფიქრობს ამაზე. რა, ვისზე ნაკლები ქმარი იქნება ან მამა? ის კი არა, ბათუმის ტელევიზიაში სამსახურიც კი «გაუჩითა» რუსას, სარეკლამო განყოფილებაში. ცოტა დაბალი ხელფასი კი არის, მაგრამ თავიდან რა უჭირს? ერთმანეთს გვერდში ამოუდგებიან და… სოფელიც აშენდებააა!..
ჩვენი რუსა მეორე დღეს ერთობ უხასიათოდ გვყავდა. ჯერ ერთი, რომ მთელი ღამე არ ეძინა. ინერვიულა, ნიკა გაბრაზებული რომ წავიდა. მეორეც, უარესად აერია პირადი ცხოვრება. თითქოს გაორებული იყო. ოდესმე დაულაგდება კი? ძლივს რაღაც დაიძრა, სადაცაა, საწადელს მიაღწევდა და იმ ლაწირაკმა ბიჭმა თავისი გამოჩენით არ გაუფუჭა საქმე? ხომ შეიძლება, გურის აღარც მოუნდეს მეტჯერ მასთან შეხვედრა? არ მოუნდება და ნუ მოუნდება! აი, დარდი! სანამ უნდა სდიოს უკან? მთელი ორი წელი მის მოლოდინს დაახარჯა, წესიერად ერთხელაც არ უტარებია დრო, აღარ არის საკმარისი? ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიხვდა გური, რომ გოგო რესტორანში დაეპატიჟა! არადა, რა კაცია?! გოგოები შურით გასკდებიან, მათი რომანის ამბავს რომ გაიგებენ… რა სულელია… მისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, სხვები რომ შურით გასკდებიან, თუ პირადი ცხოვრების მოგვარება? ერთხელ მაინც წარმოიდგინოს, რა მოჰყვება გურამთან დაახლოებას… უბრალოდ, წარმოიდგინოს… მოვა დრო და მიტოვებული ქალის იარლიყს აიწებებს! აი, ეგ მოჰყვება!
მთელი დღე გული ვერ დაუდო მუშაობას. არადა, ათასი საქმე ჰქონდა. ძველ დამკვეთებთან ხელშეკრულებები იყო გასაახლებელი, ახლებთან კი ახალი ხელშეკრულებები დასადები. ასეთ ხასიათზე როგორ იმუშაოს? ნიკას ბრალია ყველაფერი. მის გახსენებაზე გული მოეწურა. ნეტავ სად არის? წუხელ ღამე ვისთან გაათია? წავიდა, თუ ჯერ ისევ აქ არის? რატომღაც, მოუნდა, რომ ბიჭი აქ ყოფილიყო და მის სანახავად გამოევლო. ნუთუ ისე წავიდა, რომ არ დაემშვიდობა?
_ უი, გოგოებო! შეხედეთ, რა სილამაზეა! _ დაიყვირა ფანჯარასთან მდგომმა ნანიკომ, რომელიც ყავას ადუღებდა.
ყველანი ფანჯარას მისცვივდნენ.
_ ვაიმეეეე! _ ერთიმეორეს არ აცლიდნენ აღტაცებული ქალები.
რუსკა გაოგნებული შეჰყურებდა თანამშრომლებს, ასეთი რა დაინახესო.
რა იყო, მფრინავი თეფში ხომ არ გამოჩნდა? _ თავისსავე ნათქვამზე გაეცინა.
_ რუსკა, შემთხვევით, შენ ხომ არ გიძღვიან ამ ყველაფერს? _ ღიმილით მოუტრიალდა ლიანა, ოთახში ყველაზე ახალგაზრდა.

_ ვააა! რა მაგარი ტიპია! ამას გვიმალავდი? _ ნანიკომ ტაში შემოჰკრა და შურით სავსე მზერა მიაპყრო რუსას.
გოგონას ცნობისმოყვარეობამ სძლია. ზლაზვნით წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ნანახმა ისე გააკვირვა, თალები გაუფართოვდა. გარეთ, ჰაერში, ფერად-ფერადი ბუშტები დაფრინავდა, თითოეულ მათგანზე, წითელი ფლომასტერით, გარკვევით ეწერა: «რუსკა მიყვარხარ!» წინადადებაში ერთადერთი შეცდომა შეინიშნებოდა მხოლოდ _ შუაში მძიმე აკლდა.
რუსას გულმა გამალებით გაუწყო ცემა. მას აღარ ესმოდა თანამშრომლების ხმა, გულით, სულით და ყურით იქ იყო, გარეთ, ეზოში, სადაც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნიკა იდგა და მაღლა იყურებოდა. ბიჭი მის გამოჩენას ელოდა. მან ბუშტები მოუტანა… მან სიყვარული აუხსნა… მას ის უყვარდა…
მომენტალურად გაუქრა ყველა აზრი, რომელიც გურამთან აკავშირებდა. როგორ მოუნდა ახლა, ჩაერბინა ეზოში და ნიკას ყელზე ჩამოკიდებოდა. ამწუთას მისთვის მხოლოდ ეს ბათუმელი მუსიკოსი არსებობდა და სხვა არავინ.
სანამ დაბლა აღმოჩნდებოდა, ეჩვენებოდა, რომ ძალიან დიდხანს მოუნდა კიბის საფეხურების ჩამთავრებას… არადა, სულ ხუთი სართული ჰქონდა ჩასარბენი, არც მეტი, არც ნაკლები.
ნიკას საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა… რუსას არასდროს უნახავს მამაკაცის ასეთი სევდიანი თვალები…
იცოდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა… რაღაც ისეთი… მაგრამ არ იცოდა, რა.
_ საღამო მშვიდობისა, _ უხერხულად მიესალმა ნიკა და თვალები დახარა.
_ ეს… ეს მართლა მე? _ სხვა ვერაფერი მოიფიქრა რუსკამ.
_ ჰო.
_ დიდი მადლობა… ძალიან ლამაზია, _ ჩურჩულზე გადავიდა გოგონა.
ერთხანს ორივენი დამუნჯებულები იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ.
_ წავიდეთ სადმე? _ დუმილი პირველმა ნიკამ დაარღვია.
_ სად?
_ რა ვიცი, სადაც იტყვი… კაფეში, თუ გინდა, ყავა დავლიოთ.
_ კარგი, ოღონდ ჩანთას ჩამოვიტან, _ დათანხმდა რუსა და პასუხს არ დალოდებია, ისე მოწყდა ადგილიდან.
ისე გარბოდა, როგორც პატარა ბავშვი… სიხარულისგან აღტყინებული… ბედნიერებამოძალებული…. ლიფტს დაელოდა… რას აკეთებს? მას ხომ გური უყვარს? _ შეახსენა თავის თავს, სანამ მეხუთე სართულზე ავიდოდა, თან საკუთარ გულს მიუგდო ყური, გურამის ხსენებაზე თუ შემიტოკდებაო… არ შეუტოკდა… ღმერთო, როგორი თავქარიანია, გუშინ შეფი უყვარდა, დღეს მუსიკოსზე გადაერთო, ეს არის სიყვარული? ახლა როგორღა გაარკვიოს, რომელი უფრო იზიდავს? არა უშავს, ამაზე ხვალ დაფიქრდება, დღეს კი დატკბება იმით, რასაც ეს რომანტიკული საღამო სთავაზობს…
კარგა მანძილი გაიარეს ფეხით. ნიკა ჩვეულებრივზე მეტად სიტყვაძუნწობდა. ისე მიაღწიეს უახლოეს კაფემდე, ორი წინადადებაც არ უთქვამს წესიერად. რუსას კი პირი არ გაუჩერებია.
_ ღმერთო, როგორ გავილექსე, _ გადაიკისკისა გოგონამ, სანამ კაფეში შევიდოდნენ და გაბრწყინებული თვალებით მოხედა მის უკან მდგარ ბიჭს, _ ახლა შენი ჯერია.
_ მე მიყვარს, როცა შენ ლაპარაკობ, _ მორიდებით შენიშნა ნიკამ, _ მსიამოვნებს შენი მოსმენა. ხომ უნდა გაგიცნო ცოტა უკეთ.
რუსკას პასუხი არ გაუცია. პირველსავე ცარიელ მაგიდას მიუახლოვდა და დაჯდა. ნიკამ ორი ყავა და ორი ნაჭერი ეკლერი შეუკვეთა.
_ წუხელ სად იყავი? _ ეჭვიანი ცოლივით დაინტერესდა გოგონა.
_ ძმაკაცთან.
_ ალბათ მიბრაზდები…
_ დაივიწყე… ეს მითხარი, შენი სამსახური მოგწონს? _ სერიოზული ტონით წამოიწყო ბიჭმა.
_ ძალიან, სულ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, არ მოიწყენ.
_ ხელფასი რამდენი გაქვს?
_ ხელფასი? რაში გაინტერესებს? ჩემთვის ხელფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კოლექტივი და ურთიერთობები. რატომ მეკითხები?
_ ისე, უბრალოდ… ბათუმშიც შეიძლება სარეკლამო სამსახურში ადგილის გამოძებნა, მხოლოდ ხელფასის საქმე არ ვიცი, როგორ იქნება.
_ ბათუმში? _ რუსამ თვალები დააჭყიტა.
_ აჰა. შენ ისეთი გამოცდილება გაქვს, ყველგან მიგიღებენ.
_ მაგრამ მე არ ვაპირებ ბათუმში სამსახურის ძებნას!
_ სამაგიეროდ, მე ვაპირებ! _ თამამად შეხედა ნიკამ თვალებში, _ იქნებ… მოგეფიქრებინა.
ამის გაგონებაზე რუსას ყავა სასულეში გადაცდა და ხველა აუტყდა. ნიკამ ზურგზე დაუტყაპუნა ხელისგული და ალალიო, შესძახა.
_ მე აქ ვცხოვრობ და იქ რა მინდა, რისთვის უნდა წავიდე? _ დაეჭვებით იკითხა გოგონამ.
_ რა ვიცი… ვიფიქრე, იქნებ ჭკუაში დაუჯდეს-მეთქი.
_ შენ რა, გაგიჟდი? რატომ უნდ დამიჯდეს ჭკუაში, აქ ცუდად ვარ?
_ სამაგიეროდ, იქ სულ ჩემ გვერდით იქნები… _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
_ რას მელაპარაკები! _ აიფოფრა უეცრად რუსკა, _ თუ კარგია, შენ გადმოდი თბილისში!
_ არც ეგ არის ცუდი იდეა, მაგრამ… მე იქ დიდი ბინა მაქვს, ნაქირავებში არ მოგვიწევს ცხოვრება, სამსახურიც გაგიჩითე, ტელევიზიაში, მეც კარგად გამოვიმუშავებ… ერთი სიტყვით, ყველაფერი მოვაგვარე.
გაოგნებულ გოგონას თვალები შუბლზე აუცვივდა. რა მდიდარი ფანტაზი ჰქონია ამ ლამაზ ბიჭუნას!
_ მოიცა, მოიცა, მე გეხუმრე… შენ რა, სერიოზულა მიიღე? _ წარბი აზიდა გოგონამ.
_ რა ვიცი… მეგონა… _ შეცბა ნიკა.
_ სისულელეა ეს ყველაფერი. შენ შენს ქალაქში ცხოვრობ, მე _ ჩემსაში და არსად გადასვლას არ ვგეგმავ. მე აქაც ბედნიერი ვარ. შენც შენებურად ბედნიერი ხარ.
_ ბედნიერი? _ შეცხადა ბიჭმა, _ როგორ ვიქნები ბედნიერი, როცა შენ თბილისში ხარ, მე კი ბათუმში?!
_ ნიკა, _ ძალიან ხმადაბლა და ძალიან ნელა ალაპარაკდა რუსა, _ მოდი, ცოტა უფრო დამდგარი ჭკუით შევხედოთ ამ ამბავს, კარგი? ერთმანეთს ნუ მოვაჩვენებთ თავს, რომ შეყვარებულები ვართ. დიდი მადლობა დღევანდელი სიურპრიზისთვის, მაგრამ… ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს, არაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან, გესმის?
_ არაფერი? როგორ თუ არაფერი! აბა ის ღამე რა იყო?
_ შენ მე არ გიყვარვარ, უბრალოდ, გეჩვენება.
_ არ მეჩვენება! ვიცი, რასაც ვამბობ. იქნებ გვეცადა მაინც… რა იცი, იქნებ გამოგვივიდეს? _ უკან დახევას არ აპირებდა ნიკა.
_ რა გვეცადა?
_ ერთად ცხოვრება…
_ მერედა, გურამი? იმას რა ვუყო? _ სრულიად შეუცნობლად წამოცდა რუსას. მართლა არ უნდოდა ახლა გურიზე ლაპარაკი, არც აპირებდა.
ნიკას სახე მოეღრუბლა. ცოტა ხანს მდუმარედ იჯდა, მერე კი წამოდგა.
_ მაპატიე… ეგ სულ გადამავიწყდა… ნახვამდის, მეტს აღარ შეგაწუხებ… _ თქვა, ჯიბიდან ოცლარიანი ამოიღო, მაგიდაზე დადო და კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა.
_ ნიკა, მოიცა! _ მისი შეჩერება სცადა რუსამ, მაგრამ ბიჭს უკან არ მოუხედავს…
არც თვითონ გაჰკიდებია…
ფეხით მილასლასდა სახლამდე. გული დაუმძიმდა. ცუდია, რომ აწყენინა ნიკას, მაგრამ მან სხვა შანსი არ დაუტოვა. რა ერთად ცხოვრება აუტყდა? წესიერად არც კი იცნობენ ერთმანეთს. დღეს რომ უნდა მასთან, ხვალ სხვასთან რომ მოუნდეს, მერე რუსკამ რა ქნას? უკან წამოვიდეს, თბილისში? ასე როგორ შეიძლება!
ვერაფრით დაიძინა. კომპიუტერი ჩართო და თავისი ელექტრონული ფოსტა გადაათვალიერა. გურამის წერილი დახვდა უკვე ნაცნობი ფრაზით: «საღამოს ერთად ხომ არ გვევახშმა?» გაეღიმა. წერილი სამი საათის წინ იყო გამოგზავნილი, ხოლო საღამო _ უკვე კარგა ხნის დამთავრებული, ამიტომ ახლა შეხვედრა აღარ გამოვიდოდა. კლავიატურა ააწკაპუნა და მისწერა: «მაპატიე, გვიან შემოვედი და შენი წერილი ახლა წავიკითხე. ხვალ საღამოს შევხვდეთ, თუ გეცლება». მისდა გასაკვირად, პასუხი მაშინვე მოუვიდა: «ძალიან გამახარე, ოღონდ, იმედია, ხვალაც არ გამოგიჩნდება გადაუდებელი საქმე. ამას ვერ გადავიტან!»
ღიმილმა გაუპო ბაგე. ახლა ვეღარავინ და ვეღარაფერი შეუშლის ხელს. ნიკა ალბათ უკვე გაემგზავრა და თავის ქათქათა ქალაქს დაუბრუნდა. ხვალ გურის შეხვდება, აუცილებლად შეხვდება და აუცილებლად დაუსვამს შეკითხვას _ რას უნდა მიეწეროს მისი ბოლოდროინდელი აქტიურობა? საინტერესოა, რა პასუხს გასცემს პიარ-დირექტორი, რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება იგი რუსასთვის. კმაყოფილმა ჩაიღიმა და გურამთან «დაუყოვნებლივი» მესიჯი აფრინა: «როგორც ყოველთვის, დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას დაგელოდები!»
მეორე საღამოს, რვის ნახევარზე, რუსკა უკვე გურამის მანქანაში იჯდა. რაოდენ საოცარიც უნდა ყოფილიყო, გოგონა ფიქრებით მაინც ნიკასთან იყო. თითქოს გამწყრალი, თითქოს გაგულისებული ჩანდა _ «ალბათ უკვე გაემგზავრა… რომ არ წასულიყო, იქნებ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი», _ გონებაში მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა.
_ როგორ არის შენი პრობლემები, მოაგვარე? _ ჩაესმა უფროსის ხმა.
_ რა?
_ პრობლემები მოაგვარე-მეთქი? _ გაუმეორა ოცნების მამაკაცმა.
_ ოჰ… დიახ.
_ შენ ჭკვიანი გოგო ხარ, არ გაგიჭირდებოდა.
«იქნებ როგორი პრობლემა მქონდა, ერთხელ მაინც არ უნდა დაინტერესებულიყავი, ახლა რომ მეკითხები?» _ გაიფიქრა გაღიზიანებულმა რუსამ.
_ თქვენი საქმეები როგორი მიდის? _ ზრდილობის გულისთვის ჰკითხა.
_ გადასარევად. რამდენიმე დღეში ისევ ბათუმში მიწევს მივლინება და მიხარია. მიყვარს ეს ქალაქი. სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.
_ მერედა, რატომ არ გადახვალთ? თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ… _ უკბინა.
_ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული… _ დანანებით ამოთქვა გურამმა.
_ და რა გიშლით ხელს?
_ როგორ თუ რა! სამსახური, ბიზნესი… მეგობრები, ოჯახი… ჩემი ცოლი ცოცხალი თავით არ დატოვებს თბილისს.
«ერთი ამას დამიხედეთ, რა თავისუფლად ლაპარაკობს ჩემთან ცოლზე!» _ უარესად გაღიზიანდა მენეჯერი.
_ მეც შემომთავაზეს ბათუმში საცხოვრებლად გადასვლა, _ ჯიბრიანად ჩაილაპარაკა.
_ მართლა? რა საინტერესოა… ვინ?
_ მეგობარმა.
_ მაგარია! შენს ადგილზე, წამითაც არ დავფიქრდებოდი.
რუსკამ ტუჩი მოიკვნიტა. გამოდის, რომ წავიდეს, ამას წამითაც არ დაწყდება გული… რა სულელი გოგოა… რა თქმა უნდა, თავად არის ყველაფერში დამნაშავე, თვითონ ცდილობდა მის მოხიბვლას, გურამი კი არა. რუსა მისთვის მხოლოდ მორიგი გასართობია და მეტი არაფერი!
ამასობაში შეფმა მანქანა რესტორანს მიაყენა. გარეთ ოდნავ აგრილებულიყო. რუსა გადმოვიდა და ერთ ადგილას გახევდა შეფიქრიანებული.
_ წავედით? _ მკლავში ხელი წაავლო პიარ-დირექტორმა.
გოგონა არ გარხეულა… თითქოს გვერდიდან უყურებდა თავის თავს და ის, რაც ახლა მის გარშემო ხდებოდა, სასტიკად არ მოსწონდა. სოლიდურმა, შეძლებულმა მამაკაცმა სავახშმოდ რესტორანში დაპატიჟა. ცოტას წაიქეიფებენ და მერე ეს სოლიდური მამაკაცი მას სადღაც, ნაქირავებ ბინაში წაიყვანს… არადა, ამ დროს ამ სიმპათიურ მამაკაცს შინ ცოლ-შვილი ელოდება… ღმერთო, აქამდე როგორ დაეშვა? რას აკეთებს?.. მაგრამ ხომ უყვარდა გური? ლამაზი, მოხდენილი, ელეგანტური გური? განა არ ოცნებობდა მის საყვარლობაზე? საინტერესოა, რა უფრო უყვარდა _ დირექტორი თუ მისი სტატუსი? კი მაგრამ… ის ხომ… ის ხომ ასაკოვანია? დაოჯახებული… განა რამდენ ხანს უნდა იყონ ერთად? იქნებ… იქნებ დღეს თავისი ოცნება აისრულოს და ხვალიდან საერთოდ აღარ გამოჩნდეს, მერე? რას აპირებს მერე? ხომ დარჩება შეურაცხყოფილი? განადგურებული? დამარცხებული? არა, ამას არ დაუშვებს…
_ რუსი, რა გჭირს? რატომ გაფითრდი? _ გურამი კვლავ მკლავზე წაეტანა.
_ არაფერი… ყველაფერი კარგადაა… _ ჩაიდუდუნა გოგონამ, _ უბრალოდ… ეს ძალიან უცნაურია…
_ რა არის უცნაური? _ გაუკვირდა შეფს, _ რესტორანი არ მოგწონს?
_ უცნაური ის არის, რომ თითქმის ორი წელია გიცნობთ და პირველად დამპატიჟეთ რესტორანში, _ თამამად უპასუხა.
_ მერედა, რა არის ამაში გასაკვირი? მე დაკავებული კაცი ვარ, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს… დრო კი ფული ღირს… ასე რომ, ტყუილად ვკარგავთ ძვირფას დროს.
_ რომ შინ არ დაგაგვიანდეთ, არა? მეუღლემ რომ არაფერი იეჭვოს? _ გოგონას ნიკაპი აუკანკალდა.
_ კარგი რა, ახლა ამაზე ლაპარაკი შეიძლება? წამო, მაგიდა შევუკვეთე, უხერხულია.
_ მაპატიეთ… მე ვერ წამოვალ, ბატონო გურამ, _ მკლავი უხეშად გამოსწია რუსამ.
_ რას ნიშნავს, ვერ წამოვალ?
_ აჯობებს, მარტო ივახშმოთ… საუკეთესო შანსი გეძლევათ, ვინმე ლამზმანი გაიცნოთ.
მამაკაცს სახე წაეშალა. რუსას ეგონა, ინფარქტი დაარტყამსო, ისეთი ფერი დაედო უფროსს _ ჩაბჟირდა, გაშავებამდე გაწითლდა… გოგონას შეეშინდა კიდეც, წიხლებით არ შემდგესო…
_ ვერაფერი გამიგია… რა მოხდა, რუსი? რ გემართება?
_ თავადაც ვერ გამიგია, ბატონო გურამ. დანამდვილებით ერთი რამ ვიცი მხოლოდ. ერთხელ მოვიქეცი არასწორად და არ მინდა, ხელმეორედ გავიმეორო შეცდომა… ნახვამდის.
გოგონა სწრაფი ნაბიჯებით გაერიდა იქაურობას. მამაკაცმა რაღაც სიტყვები დაადევნა მიმავალს, მაგრამ რუსას არაფერი ესმოდა. ყურებს გუგუნი გაუდიოდა, თითქოს დანადგარებით სავსე ქარხნის საამქროდან გამოდიოდა… გზაზე ისეთი დაბნეული გადავიდა, კინაღამ მანქანა შეეჯახა. ვიღაცამ მწარედ შეაგინა. რეაქცია არ ჰქონია, თავჩაქინდური მიაბიჯებდა შინისკენ. აჯობებს, ცოტა ფრთხილად იყოს. ორი წელი გურამს შესწირა. სიცოცხლეც ხომ არ უნდა გაწიროს მის გამო? ნამდვილად არ ღირს…

8 8 8

ის ღამე თეთრად გააჩენა. მეორე დღეს განადგურებული მივიდა სამსახურში, ეგრევე განცხადება დაწერა გათავისუფლების თაობაზე და კადრებში შეიტანა. ბევრი ეხვეწა მთავარი ბუღალტერი, ამას ნუ იზამ, იქამდე მაინც დაჩი, სანამ შენს შემცვლელს ვიპოვითო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ხვალიდან აღარ ვივლიო.
_ რაც დასამთავრებელი მაქვს, დღესვე მოვრჩები, ხვალ კი მივემგზავრები, _ მტკიცედ განაცხადა.
მერე გურამმა დაიბარა, გამაგებინე, რა ხდებაო. გოგონას გაეღიმა.
_ გუშინ ტყუილად მიკარი ხელი პურმარილზე, დღეს კი მივდივარო, მოულოდნელად აცხადებ. რაშია საქმე, იქნებ ამიხსნა?
_ არც ერთს ვნანობ და არც მეორეს, _ თვალი თვალში გაუყარა რუსკამ.
_ რღაც ძალიან შეიცვალე… ვერ გცნობ, რუსი.
_ მე არა, გარემოება შეიცვალა, ბატონო გურამ.
_ შეიძლება ასეც არის, მაგრამ შენც შეიცვალე. თანაც, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ, _ გაუღიმა შეფმა.
_ დიდი მადლობა.
_ და არ ვკარგავ იმედს, რომ წასვლას გადაიფიქრებ და კიდევ ერთხელ შემხვდები.
_ ვშიშობ, არაფერი გამოვა. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და მის შეცვლას არ ვაპირებ. ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად.
გურამს თვალები გაუფართოვდა.
_ ესე იგი, მაინც გადაგიბირა მეგობარმა? ის… ის მეგობარი… ის მამაკაცია?
_ დიახ…
_ გაუმართლა შენს მეგობარს.
_ ჯერ არავინ იცის, ვის უფრო გაუმართლა.
პიარ-დირექტორმა უცნაურად ჩაიცინა. ნეტავ, რას ფიქრობს ახლა? ან რას გრძნობს? მან ხომ იცოდა, რუსას სიგიჟემდე რომ უყვარდა? იცოდა და ამისთვის არაფერი იღონა. ბოლოს ოდნავ გამოიბერტყა ყურები, მაგრამ რუსამ მოულოდნელად ზურგი აქცია. რა გრძნობა ეუფლებათ ასეთ დროს მამაკაცებს?
_ მე უკვე მშურს იმ შენი მეგობრის, _ ძალიან ხამდაბლა წარმოთქვა გურამმა.
_ მომიწერეთ ხელი განცხადებაზე, თუ შეიძლება… გთხოვთ… და იმედია, ამ თვის ხელფასი ჩვეულებრივად ჩამერიცხება ანგარიშზე… _ «დაანამუსა» შეფი.
გურამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ფარატინა ფურცელს ხელი ხვნეშით მოაწერა. რუსა თვაზიანად დაემშვიდობა და გავიდა. როგორც კი ზურგს უკან კარი მოიხურა, შვებით ამოისუნთქა, თითქოს უმძიმესი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან…
მას მობეზრდა სიყვარულის თამაში… მას ნამდვილი სიყვარული სწყუროდა…
შინ მივიდა თუ არა, ნივთების ჩალაგება დაიწყო. ბინა პატრონს უნდა ჩააბაროს, ამიტომ ყველაფერი უნდა წაიღოს, განსაკუთრებით თბილი ტანსაცმელი, რადგან ზამთარი საცაა, კარს შემოაღებს. შემოდგომა ისე უცებ მიილევა, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს. ისედაც, რა ბევრი ტანსაცმელი რუსას აქვს, ორი სპორტული ჩანთა სრულიად საკმარისია… ზაფხულის სამოსს თეკლასთან დატოვებს და მერე წაიღებს. ფულს ხელჩანთაში შეინახავს. აქ მთელი სამი თვის ხელფასია, ეს რომ დაკარგოს, ცარიელ-ტარიელი დარჩება…
ნეტავ, სწორად იქცევა თუ არა? ნიკა გაბრაზებული წავიდა… რომ არ მიიღოს? არ მიიღებს და ნუ მიიღებს, უკან გამობრუნდება. მერე სამსახური? სამსახურშიც აღადგენენ. ასე ადვილად მის შემცვლელს ვერ იპოვიან. ის კი არა, აქეთ შეეხვეწებიან… ამიტომ გარისკვა ღირს.
ჩალაგებას როგორც კი მორჩა, ბათუმში დარეკა, ნუნუკას უთხრა, ცოტა ხნით ჩამოვდივარ და შენთან დავრჩებიო. დაქალი სიხარულით გაგიჟდა, თუ გინდა, სულ დარჩი, მაგას რა ჯობია, მარტოობით ვარ გამოყრუებულიო.
_ რამე მოხდა, რუსკა? ხომ მშვიდობაა? კარგად ხარ?
_ გადასარევად. სამსახურიდან წამოვედი.
_ ღმერთო ჩემო! რას მეუბნები! რა მოხდა? იქნებ ჯერ არ არის გვიან და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება? ძალიან გთხოვ, სისულელე არ ჩაიდინო, _ შეშფოთდა ყურმილს მიღმა დაქალი.
_ კარგი, რა, რას ნერვიულობ? ყველაფერი ჩინებულადაა. ბათუმში ერთ ადამიანს უნდა შევხვდე და იმიტომ მოვდივარ.
_ აჰააა! ესე იგი, კაცის ამბავია, არა? ვინ არის? ღირს კი ამად? შემახვედრე და ნახავ, როგორ ავუწევ ყურებს, გონებას რომ გირევს!
რუსამ სიცილი ვერ შეიკავა. ნუნუკას ცნობისმოყვარეობა ართობდა.
_ ყურების აწევა მას კი არა, მე უფრო მომიხდებოდა, ნუნი… რომ ჩამოვალ, ყველაფერს მოგიყვები… მგონია, რომ სწორად ვიქცევი და ვნახოთ… შენს რჩევას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ იცი.
_ თეკლას თუ უთხარი?
_ არა, ახლა უნდა დავურეკო და ვუთხრა.
_ კარგი, გელოდები. ხვალ სახლიდან არ გავდივარ, იცოდე.
_ დილით ადრე წამოვალ, ჩემო საყვარელო.
_ გკოცნი, გკოცნიიი!
როცა ნუნუკასთან საუბარს მორჩა, თეკლას დაურეკა. მისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მეგობრის მოულოდნელი გადაწყვეტილება. ხომ არ გაგიჟდი, ვიღაც ერთი დღის გაცნობილი ბიჭის გულისთვის სამსახურს როგორ კარგავო.
_ ვიცი, რასაც ვაკეთებ, თეკლა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. გასაღებს მეზობელთან დავტოვებ, ერთ ჩანთა ტანსაცმელს და ბინის ქირასაც. ხვალ, როცა გეცლება, გამოდი და ფული და გასაღები ლაურას გაუტანე, გთხოვ… ამისთვის დრო არ მრჩება.
_ კარგი, ეგ არ არის პრობლემა, მოვალ, მაგრამ… რომ ჩახვალ, დამირეკე მაინც, რა მოხდება…
_ აბა რას ვიზამ, მაშინვე დაგირეკავ, როგორც კი სიტუაციას გავარკვევ.
_ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? სანდოა ის ბიჭი? იქნებ გატყუებს?
_ მე მას ვუყვარვარ, თეკლა და თუ ამაში შევცდი, უკან დავბრუნდები, რა პრობლემაა… ან, სულაც, დავრჩები და იქ მოვძებნი რამეს… ვნახოთ, იქნებ თბილისზე მეტად მომეწონოს ბათუმი.
_ შენი საქმისა შენ იცი, რუსა… კეთილი მგზავრობა, _ მაინც შეწუხებული ხმა ჰქონდა დაქალს.

8 8 8

სამარშრუტო ტაქსი სწრაფად მიქროდა ტრასაზე. რუსკამ გამოიძინა კიდეც, თანაც გემრიელად. ეს, ალბათ, ორი უძილო ღამის ბრალია… იმედია, ამ გადაწყვეტილებით მის ნერვიულობას ბოლო მოეღება…
სადგურზე ჩავიდა და უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ. თავს უცხო ქვეყანაში მოხვედრილი ტურისტივით გრძნობდა. მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა, სადაც არ იქნებოდა ის ყველაფერი, რასაც აქამდე იყო მიჩვეული… ახალი ბინა, სამსახური, ნაცნობები… ახალი ქუჩები და გართობები… ნუთუ არ ინანებს, რომ ასე, ერთი ხელის დაქნევით გამოემშვიდობა წარსულს? თუ გადაწყვეტ, არ უნდა ინანო, ფიქრებში გაამხნევა საკუთარი თავი და გაიღიმა.
გაუღიმა თავის შიშს, თავის უცნობ, ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალს, ერთი ჩანთა მხარზე გადაიკიდა, მეორე ხელში დაიჭირა და ტაქსის გაჩერებისკენ მძიმედ გაემართა.

8 8 8

კლუბში შესვენება გამოცხადდა. დიმამ ნიკას ხელი ჩაავლო და ბარიდან მოშორებით, მუსიკოსების ოთახში გაიყვანა.
_ რა გემართება? _ ჩაჰყვირა ყურში, რადგან ხმამაღალი მუსიკის ფონზე არაფერი ისმოდა, _ რა საშინლად უკრავ!
_ თავი დამანებე, რა! _ ხელი აუქნია ბიჭმა.
_ არც იფიქრო! გგონია, ყვველაფერს გაპატიებენ? ხვალვე გაგიშვებენ აქედან! ძლივს ავაწყვეთ საქმე, შენ კი ისე უკრავ, თითქოს პირველად დაიჭირე გიტარა ხელში!
_ შემეშვი, თუ ძმა ხარ! ძალიან კარგად ვუკრავ. რა, არ მაქვს უფლება, წელიწადში ერთხელ ცუდ ხასიათზე ვიყო?
_ წელიწადში ერთხელ? უკვე მერამდენე კვირაა, ნორმალურად არ დაგიკრავს. მითხარი მაინც, რა ხდება. იმ თბილისელი გოგოს გამო დაიკიდე ყველაფერი? რა გიქნა ამისთანა, ამ დღეში რომ ჩაგაგდო! მითხარი, მითხარი!
ნიკამ მთელი ძალით დაჰკრა მუშტი რკინის ძელს და შეიგინა. დიმა მართალი იყო. ბოლო ხანებში რეპეტიციებზეც აღარ დადიოდა და კარგად როგორღა დაუკრავდა? ეს რა უქნა რუსკამ, რა დღეში ჩააგდო! მერედა, ვინ? მამაკაცი, რომელიც თვალის ერთი შევლებით ახვევდა გოგოებს თავბრუს. ლამისაა, სიყვარულმა გონი დააკარგვინოს!
_ ნუ განიცდი ასე, გთხოვ. მეგობრები არ ვართ? ბოლოს და ბოლოს, ერთი პაემანი გქონდა იმ გოგოსთან, მეტი ხომ არა? რა ნახე მასში ასეთი? ცოტა მოუხმე ჭკუას, გასაგებია? _ დიმა ძმაკაცის გონზე მოყვანას ცდილობდა.
_ კარგი, კარგი, _ მწარედ ჩაიღიმა ნიკამ, _ ყველაფერი რიგზე იქნება, გპირდები… წამო, წავიდეთ, ჩვენი ჯერია.
ისინი სცენაზე ავიდნენ. ნიკამ თავისი ადგილი დაიკავა და მიკროფონი მოიმარჯვა.
_ მაშ ასე, მეგობრებო! იმედია, არ დაიღალეთ. ჩვენ ვაგრძელებთ გაჯაზებას. მოუსმინეთ შემდეგ კომპოზიციას! ვცეკვავთ ყველანიიი… დაღლამდეეე…. _ რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩაჰყვირა მიკროფონში და სიმებს ხელი ჩამოჰკრა.
მოულოდნელად მოეჩვენა, რომ დარბაზში რუსა იმყოფებოდა… ფერადი განათება ხელს უშლიდა, სახეები ნათლად გაერჩია, მაგრამ სილუეტი აშკარად მიამსგავსა… არა, ასე არ შეიძლება. როგორც ჩანს, მართლა გიჟდება. დღესვე უნდა იპოვოს ვინმე და ახალი რომანი გააბას, თორემ უკვე მოჩვენებები დაეწყო, ყველგან რუსა ელანდება…

8 8 8
_ ის არის? _ ნუნუკა ხელის კვრით მიიწევდა წინ, სცენისკენ, თან რუსკას ელაპარაკებოდა.
_ ჰო…
_ ოოო! კარგი ტიპია. ასეთს მეც კი შევიყვარებდი, _ გაიღიმა გოგონამ.
რუსას სიამოვნების ჟრუნატელმა დაუარა. რა კარგია, დაქალსაც რომ მოეწონა ნიკა. ცოტა არ იყოს, ეშინოდა, ნუნუკამ არჩევანი არ დამიწუნოსო. როცა თავისი ისტორია მოუყვა მეგობარს, თან შეფარვით მის რეაქციას აკვირდებოდა, როგორ აღიქვამდა მის ნაამბობს. იგი სხვანაირად გაზრდილი გოგო იყო, დედის კალთას ამოფარებული და მსგავსი თამამი თავდაგასავლები სრულიად მიუღებელი იყო ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ნუნუკასთვის.
მიუხედავად ამისა, როცა რუსამ თხრობა დაამთავრა, თბილად გაუღიმა.
_ ჩემი აზრით, იმ ბიჭს მართლა უყვარხარ. რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგი, ალბათ აჯობებს, მაინც მას მიენდო. რად გინდა ცოლიანი კაცი, თან ასაკოვანი. რა გჭირს სამაგისო, ვიღაცის საყვარელი არ გახდე? როგორი ლამაზი ხარ, ჭკვიანი, საქმიანი, დამოუკიდებელი… თანაც, ნიკა ხომ შენი პირველი მამაკაცია… ჩემი აზრით, სწორად მოიქეცი, რომ ჩამოხვედი. მთავარია, ის როგორ შეხვდება ამ ამბავს. მეშინია, არ გადაიფიქროს, რახან ნაწყენია.
_ თუ ვუყვარვარ, არ გადაიფიქრებს.
_ შენ? შენ თუ გიყვარს?
_ არ ვიცი, აბა რა გითხრა. მთელი ორი წელი მეგონა, რომ გურამი მიყვარდა. ნიკა გამოჩნდა და მივხვდი, რომ სულაც არ მყვარებია იგი, მე მხოლოდ მისი სტატუსი და ეკონომიური მდგომარეობა მხიბლავდა. ეს კი სულ სხვა რამეა და სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ნიკასთან ისეთი რამ მაკავშირებს, გურამს არც შევადარებ… შეიძლება არ ვგიჟდები და მასზე ჭკუა არ მეკეტება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში მის გარდა არავინ არსებობს. მინდა მის გვერდით ვიყო, მსიამოვნებს მასზე ფიქრი, მისი შეხება და ყველანაირად მომწონს… თანაც, ასაკითაც თითქმის ტოლები ვართ და უკეთ გამიგებს.
ნუნუკა უყურებდა მეგობარს და ხვდებოდა, რომ მისთვის ნიკა სულაც არ იყო მორიგი გასართობი. გოგონას ბოლომდე ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა. რუსას ბედნიერებისგან სახე გაბრწყინებოდა და ნუნუკა მიხვდა, რომ მისი ეს მდგომარეობა ნებისმიერ კარიერაზე და შემოსავალზე მთავარი იყო, იგი სულაც არ ხუმრობდა.
«მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, მან იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში და ისიც, ვისაც ქვეცნობიერად ეძებდა», _ კმაყოფილებით გაიფიქრა ნუნუკამ.
კომპოზიცია დამთავრდა. დარბაზი ოვაციებმა გააყრუა. ბიჭებმა ინსტრუმენტები დადეს და სცენიდან ჩამოსვლა დაიწყეს. ასე არასდროს უნერვიულია რუსკას, მაშინაც კი, როცა ნიკასთან დაწვა. არც მაშინ, გურამთან რომ მიდიოდა პაემანზე… იგი აქ სხვის ტერიტორიაზე იყო და, ფაქტობრივად, თავად არ იღებდა გადაწყვეტილებას. მისი ბედი ნიკას უნდა გადაეწყვიტა.
_ რაღას უცდი? მიდი, დაენახვე! _ წინ უბიძგა ნუნუკამ დაქალს.
მაგრამ განა ასე ადვილი იყო? თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდა გოგონას, ადგილიდან ვერ დაიძრა. რომ არ მიიღოს? რომ დასცინოს? მერე რა ქნას, როგორ მოიქცეს? იქნებ სისულელე ჩაიდინა, სამსახური რომ მიატოვა და ბათუმში გამოიქცა? ხომ არ იჩქარა? _ ცოტა არ იყოს, სინანულმა შეიპყრო.
_ მიდი! მე აქ ვარ, ნუ გეშინია! _ გაამხნევა ნუნუკამ და მუჯლუგუნი ჰკრა.
რუსამ თავი დაუქნია და ნიკასკენ გაემართა. უმჯობესია, ახლავე მივიდეს. რაც მალე გაარკვევს სიტუაციას, მით მალე მოეღება ბოლო მის შიშს. თუ ცუდად წავა საქმე, ეგრევე დაბრუნდება თბილისში, ჯერ კიდევ არ არის გვიან, ჯერ კიდევ შეუძლია მიბრუნდეს სამსახურში.
არა, როგორია, მივიდეს ადამიანთან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი ჰკრა, უარით გაისტუმრა და სიყვარული აუხსნას? ხომ იქნება ღირსი, ზურგი აქციონ? დასცინონ? ჰო, რა თქმა უნდა… მან ეს დაიმსახურა…
ნიკა ბარის დახლთან იდგა მეგობრებით გარშემორტყმული… ძირითადად, გოგონებით, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდნენ თავიანთ კერპს.
როგორც იქნა, მიუახლოვდა და ცხვირწინ აესვეტა… ნიკამ თავი მოაბრუნა და გაშეშდა… როგორც ჩანს, რაღაც საინტერესოს ჰყვებოდა, რადგან სახე შეეცვალა და დამუნჯდა…
_ მერე, მერე? გააგრძელე, მერე როგორ იყო? _ რომელიღაცამ ზურგზე მოუთმენლად დაუტყაპუნა ხელი ბიჭს.
რუსა მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, სულ ერთი სიტყვა მაინც, მაგრამ ხმას ვერ იღებდა… ბანალური «გამარჯობას» მეტი თავში არაფერი მოსდიოდა…
_ შე-ენ? _ როგორც იქნა, პირველმა ნიკამ ამოიღო ხმა.
_ მე, _ უხერხულად გაიღიმა რუსამ და ყურებამდე გაწითლდა.
_ მეგონა, ჰალუცინაციები დამეწყო. ბოლო დროს… _ ბიჭმა აღარ გააგრძელა. არ ღირდა იმის აღიარება, რაც ამ ბოლო დროს აწუხებდა.
_ კარგად უკრავდი… მომეწონა, _ მორცხვად წარმოთქვა გოგონამ.
_ დღეს ისე ვერ გამომივიდა, როგორც ადრე…
«შენ გამო», _ გულში დაამატა.
_ მე მომეწონა.
_ მარტო ხარ? როდის ჩამოხვედი? დღეს არ მუშაობ? _ შეკითხვები დააყარა დაბნეულმა ბიჭმა.
_ არა, მარტო არ ვარ, ნუნუკა წამომყვა. დღეს ჩამოვედი… სამსახური კი მივატოვე… სულ.
_ მიატოვე? როგორ! მერე? ასე მარტივად გამოგიშვეს? რატომ? რატომ მიატოვე? _ ბიჭს ნერწყვი გაუშრა.
რუსამ თვალები დახარა.
_ გადავწყვიტე, ყველაფერი შევცვალო… მთელი ჩემი ცხოვრება… თავიდან მინდა დაწყება… უფრო სწორად, რაღაცების დაწყება… გამახსენდა შენი შემოთავაზება და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა-მეთქი… _ რუსკა პატარა ბავშვივით აწვალებდა ხელებს, ხან მუშტებს შეკრავდა, ხანაც თითებს ერთმანეთზე ატკაცუნებდა.
ახლა ნიკა მოუტრიალდება და ეტყვის, რომ გაეხუმრა… რომ მას არა აქვს სურვილი, რუსასთან რამე საერთო ჰქონდეს… მერე?
_ შენ რა, მართლა ამბობ? სერიოზულად გადაწყვიტე აქ გადმოსვლა?
გოგონას ფერი ეცვალა. მისი ტონი არ მოეწონა. ისეთი გაოგნებული სახით ჰკითხა, რუსკას ლამის გული წაუვიდა. რას მორბოდა, რომ მორბოდა, ვერ დაეტია თავის ადგილზე? ყველაფერი მიატოვა… რისთვის? ეს სიტყვები რომ მოესმინა, იმისთვის? ახია მასზე, ასე უცებ რომ დაიჯერა მისი სიყვარული! მოუხდება! უარესის ღირსია! როგორ დაიმცირა თავი.
მოულოდნელად ნიკა ბარის მაღალფეხებიანი სკამიდან ჩამოხტა, გოგონას მიეჭრა, წელში წვდა, ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა…
დარბაზში უეცრად საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა წყვილს მიაჩერდა.
_ გამიშვი, ხელი გამიშვი, ჩამომსვი! _ იხვეწებოდა რუსა, _ გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი!
_ ვიცი, _ ხმამაღლა იცინოდა ნიკა, _ მოითმინე ცოტაც!
კარგა ხანს ატრიალა ბიჭმა გოგონა ჰაერში, მანამ, სანამ არ დაიღალა და ძირს არ ჩამოსვა. თავბრუდახვეული რუსა ნიკას მხარზე მიეყრდნო და თვალები დახუჭა. რა ბედნიერია!.. აქამდე როგორ ვერ ხვდებოდა ამას? განა პირველივე შეხვედრიდან ყველაფერი ნათელი არ იყო? იყო, როგორ არ იყო, მაგრამ რუსკა თუთიყუშივით მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა _ გური, გური… მის გამო რამდენი დრო დაკარგა… თან რა ტყუილად…
_ მაპატიებ? _ როგორც იქნა, თავი ასწია და ბიჭს თვალებში შეხედა.
_ რას?
_ ამდენ ხანს რომ ვერ ვხვდებოდი…
_ მთავარია, რომ მიხვდი… ეს ადვილი არ იყო… ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.
_ სამაგიეროდ, როგორი შეხვედრა გვქონდა?!
_ გავიმეოროთ?
რუსამ ეშმაკურად ჩაიღიმა და პაუზა გაწელა.
_ რა ვიცი… შეიძლება…
_ შეიძლება? _ ნიკამ ხელები მოხვია გოგონას და მიიხუტა, _ შეიძლება რას ჰქვია? აუცილებლად უნდა გავიმეოროთ… თანაც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ… ასჯერ, ათასჯერ, ათიათასჯერ, მილიონჯერ…
_ ესე იგი, არ მიბრაზდები? _ მორიდებით ახედა რუსამ.
_ გიბრაზდები? ხომ არ გაგიჟდი! გიბრაზდები კი არა, ამწუთას ყველაზე მაგარ ხასიათზე ვარ! დღესვე ჩემთან წაგიყვან, ჩემებს გაგაცნობ!
_ მოიცა, მოიცა! ეგრე არაფერი გამოვა! _ შეშფოთებულმა გოგონამ უკან დაიხია, _ ჯერ… ჯერ სამსახური უნდა ვეძებო.
_ რა უნდა ეძებო, სულელო! ყველაფერი მოგვარებული მაქვს. ხვალ დილით ტელევიზიაში მივალთ და ეგრევე მუშაობას დაიწყებ. იქ ყველაფერი იციან უკვე და გელოდებიან.
_ მართლა?
_ მართლა, მართლა. განა ოდესმე მომიტყუებიხარ?
_ არა, არასდროს…
_ და არც არასდროს მოგატყუებ… ცხოვრების ბოლომდე… იმიტომ, რომ… _ არ დაამთავრა ნიკამ, რატომღაც, შეყოყმანდა.
_ ვიცი, რატომაც… ნუ იტყვი, თუ გიძნელდება.
_ მიძნელდება? სულაც არა. ადრე მართლა მიძნელდებოდა, იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი სიტყვები ყალბი ყოფილიყო, ვინმე მომეტყუებინა. ახლა კი ძალიან ადვილად შემიძლია ვთქვა, რადგან ბოლომდე გულახდილი ვარ… გულახდილი და წრფელი. იცი, რისი თქმა მინდოდა?
_ არა, არ ვიცი, _ რუსამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
_ მიყვარხარ… ძალიან, ძალიან…
_ მეც, _ მორცხვად უპასუხა, თან ისე ხმადაბლა, მისი «მეც» ძლივს გაიგონა ნიკამ.
_ ასე ჩუმად? _ გაეხუმრა ბიჭი.
_ მეც, _ ხმამაღლა გაიმეორა რუსამ.
_ ეს უკეთესია, უფრო დამაჯერებლად ჟღერს, _ გაიცინა ნიკამ, _ ახლა კი, წავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ, სადაც შევჩერდით… შენ გახსოვს, სად შევჩერდით?
არააა! _ აკისკისდა გოგონა.
_ არც მე… ამიტომ თავიდან მოგვიწევს დაწყება… დავიწყოთ?
_ დავიწყოთ!
მათ სწრაფად დატოვეს დარბაზი. არც ნიკას მოუკითხავს დიმა და არც რუსას _ ნუნუკა. ვიღას ეცალა მათთვის! არადა, კვლავ უნდა დაეკრა ნიკას, ისევ უნდა ასულიყო სცენაზე, მაგრამ უკვე აღარავინ და აღარაფერი ახსოვდა… არც მუსიკა, არც მეგობარი და არც სამსახური… ამ წუთიდან ხომ მათი სიყვარული იდგამდა ფეხს! ორი სრულიად შემთხვევით შეხვედრილი ადამიანის ახალდაბადებული, ჯერ კიდევ თოთო სიყვარული…



№1  offline მოდერი zia-maria

love love ძალიან მომეწონააა.

 


№2 სტუმარი ლალი ბერიძე

ძალიან ძალიან კარგია ჩემო საყვარელო სვეტა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent