შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება


3-06-2016, 23:39
ავტორი გავაზელი
ნანახია 1 537

მაინცდამაინც დღეს ჩამოიღვენთა ზეცა. მომაბეზრებლად ცრიდა დილიდან. არც მთლად წვიმას იტყოდი და არც გადაღებას აპირებდა, სწორედ ისე, კბილის ტკივილი რომ შემოგიჩნდება. ასატანი, მაგრამ გაბმული ტკივილი ტვინს გიღრღნის მაინც.
ყველაზე უარესი ის იყო, რომ გზა საშინლად ატალახდა. თანაც ბინდდებოდა უკვე. ასე თუ გაგრძელდებოდა, ჭიორამდე ვერ ააღწევდა. ამის გაფიქრებამ შეაშინა; სად უნდა გაეთენებინა ღამე ცხრა თვის ბავშვთან ერთად? არადა სწორედ ახლა დაიწყებოდა ნამდვილი მთა, სადაც იმდენი უვლია, რომ აღარ წარმოედგინა, თუ ოდესმე შეეშინდებოდა მასთან შეხვედრის. ურჩიეს კიდეც მეგობრებმა, რომ ამ დროს ჭიორაში ასვლა არ ღირდა, მით უმეტეს, ბავშვთან ერთად, მაგრამ არ შეეძლო არ წამოსულიყო... სწორედ ახლა და ჭირდებოდა თავისი სახლი. ისე დაიღალა, ისე მობეზრდა ყველაფერი, რომ ერთ დღესაც აღარ უნდოდა თბილისში გაჩერება. მშვენივრად იცოდა, მარტო თავზეხელაღებული თუ გარისკავდა შემოდგომის წვიმებით გაჟღენთილ მთის გზებზე ბავშვის ტარებას, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გონება უძლური ხდება.
სხვა საშუალება არ ჩანდა, ღამე აქვე უნდა გაეთენებინა. მანქანა დაბალ, ხის ღობეშემოვლებულ სახლთან გააჩერა და ფრთხილად გადმოვიდა, რომ მძნარე ბავშვი არ გაეღვიძებინა. ის იყო დაძახებას აპირებდა და კარიც გაიღო. ეზოდან ოცდახუთი -ოცდაექვსი წლის გოგონა გამოვიდა. ბუნებრივია, ამ დროს აქ არავის ელოდა და ცოტა შეცბა, მაგრამ მოსულის მორიდებულმა ხმამ დაამშვიდა;
- საღამო მშვიდობისა, შეგიძლიათ დამეხმაროთ?
- საღამო მშვიდობისა - დაუბრუნა სალამი, - სიამოვნებით თუ შევძლებ.
- ჭიორაში მივდივარ, მაგრამ ამაღამ როგორც ჩანს ვერ ავალ, პატარა შვილთან ერთად ვარ. თუ იცით ვინმე, ერთი ღამით ოთახი რომ ვიქირავო?
ამ დროს მანქანიდან ბავშვის ტირილი მოისმა. მოსულმა ბოდიში მოიხადა და მიტრიალდა. ისეთი განწირული ხმით ტიროდა პატარა, თითქოს ერთი წუთის წინ კი არ გაიღვიძა, საათობით მიეტოვებინათ მარტო.
- რაო ჩემო ციცქნა, რამ გაგაბრაზა? - მიეფერა მამა და კალათიდან ამოიყვანა, - ალბათ მოშივდა, - გაუღიმა გოგონას- ნამდვილი ღორმუცელაა.
ქალიშვილი ცოტა დაბნეული ჩანდა, მაგრამ მაინც გაბედა;
- ამ დროს ოთახის მოძებნა რთულია. თუ გნებავთ ჩემთან შეგიძლიათ ღამის გათენება. პატარასაც მიხედვა უნდა...
- არ შეგაწუხებთ? - მგზავრმა უხერხულად შეხედა, მაგრამ არც იყო სხვა გზა, - ჩემი გოგონა რომ არა, გზას გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა ცოტა მეშინია.
- რა შეწუხებაა, - გაუღიმა ქალიშვილმა, - ის უფრო გათამამდა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო და მასპინძლად იგრძნო თავი, - ერთ ღამეზე მეტად ყოფილან აქ სტუმრები, ამ ქალბატონივით პატარებიც, - მტირალ ბავშვს ლოყაზე მოუთათუნა ხელი და კარი შეაღო.
ოთახში ისეთი სასიამოვნო სითბო და სოფლური სიმყუდროვე სუფევდა, რომ შემოსულს გული გაუთბა.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი. იმედია აბეზარი სტუმრები არ ვიქნებით...
ამ სიტყვებით მასპინძლის წინააღმდეგობის მიუხედავად კართან გაიხადა მთლად ტალახით მოსვრილი ფეხსაცმელი. გაგუზგუზებული ღუმელი მხიარულ ცეცხლს აფრქვევდა ოთახს. სიმდიდრის კვალი არსად ჩანდა, მაგრამ ისეთი სითბო და სიმყუდროვე იყო ირგვლივ, ხუთი წუთის შემდეგ რომ გგონია, ბავშვობა ამ სახლში გამიტარებიაო.
სტუმარი ღუმელთან ჩამოჯდა, თერმოსიდან განზადებული საჭმელი ჩაასხა ბოთლში და ბავშვს პირთან მიუტანა მაგრამ მან ახლოს არ მიიკარა პირიქით უფრო გულამოსკვნით ატირდა
- ერთი წუთით დავტოვ, პამპერსს მოვუტან, - მიმართა ქალიშვილს, - შესაძლოა დასველდა და აწუხებს, - ამ სიტყვებით ბავშვი კალათში ჩააწვინა და გავიდა. დაბრუნებულმა დაინახა, რომ მასპინძელს მისი გოგონა კალათიდან ამოეყვანა და ტანსაცმელს ხდიდა.
- მგონი მუცელი უნდა ტკიოდეს, ალბათ შესცივდა. თბილი წყალი ღუმელზეა, ახლავე ჩავსვამ, ალბათ ეამება.
ამ სიტყვებით მოიტანა პატარა პლასტმასის თასი, წყალი ჩაასხა, მერე ცივით გააზავა და ბავშვი ჩასვა. პატარა კიდევ ტიროდა, მაგრამ აშკარად ეამა სითბო.
- ფეხები მთლად გაყინული აქვს, ნამდვილად მუცელი ეტკიება. პიტნის ჩაისაც დავალევინებ და ყველაფერი გაუვლის.
ეს გოგო ისეთივე სიმყუდროვეს ასხივებდა, როგორც მისი სახლი. აქ ყველაფერი მშობლიური და საიმედო იყო. შეიძლებოდა მშვიდად ჩამოჯდომა და თვეობით დავიწყებული უდარდელობით უბრალოდ დატკბობა იმ მშვენიერი სურათით, რაც მის თვალწინ იყო ახლა.
- შეგიძლიათ ტანსაცმელი მომიტანოთ? - გამოაფხიზლა ხმამ, - ეს ხმაც ისევე თბილი იყო, როგორც სხვა ყველაფერი აქ, ისეთივე გულითადი, როგორც მისი პატრონის სუფთა, თაფლისფერი თვალებიმ ოდნავ მორიდებაც რომ ჩასახლებოდა სიღრმეში, რადგან ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი ეგულებოდა...
უკვე კარგად იყო შებინდებული, როცა პატარა ჩაწყნარდა და დაეძინა სახე ავარდისფერებოდა სითბოში და მშვიდად ფშვინავდა. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. გოგონამ ოთახი მიალაგა და აღარ იცოდა რა ექნა.
- გეშიებათ, გაახსენდა უცებ და თითქოს გაეხარდა, გამოსავალი რომ იპოვა.

- მართლაც მომშივდა, მაგრამ ჯერ შენი სახელიც არ ვიცი, - შენობით მოგმართავ კარგი? - სტუმარს ეშმაკური სხივი ჩაუდგა თვალებში, - ერთი ღამით ჩემი შვილის დედიკო ხარ რაც არ უნდა იყოს.
გოგონა ისე აშკარად გაწითლდა, რომ სტუმარს შეეცოდა და ისევ თვითონ განაგრძო;
- მე ირაკლი ვარ, ირაკლი ფოცხვერიშვილი ჭიორადან. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ. შენ?
- მე მარი ვარ ავალიანი. აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ ოცდახუთი წელია. არც სადმე წასვლის სურვილი მაქვს, გოგონა თითქოს მისთვის უჩვეულო გულწრფელობით საუბრობდა, თან კარადა გამოაღო და ვახშმისთვის მზადებას შეუდგა.
- ხანდახან სადილს არ ვამზადებ ხოლმე, - მოიბოდიშა, - ახლავე კარტოფილს შევწვავ. - - მარი მარტო ცხოვრობ? - ირაკლიმ სიგარეტი ამოიღო და გახსნა, თუ დღეს მოხდა ასე?
- მარტო ვცხოვრობ, - მარიმ კარტოფილის გათლა დაიწყო და დინჯად გადახედა ვაჟს, - ხუთი წელია მარტო ვარ, ზაფხულის გარდა, რათქმაუნდა.
- ეს ისეთი უცნაური იყო, რომ კითხვის დასმაც კი ეზედმეტა სტუმარს. უხმოდ წამოდგა, სიგარეტს მოვწევო, ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა.
ნესტიანი შემოდგომის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. შორიახლოს ტურების კივილი ისმოდა. ახალგაზრდა გოგონასათვის აქ ზამთრის გატარება ადვილი არ უნდა ყოფილიყო. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ რის ფასად?..
წვიმამ გადაიღო და აქა იქ ვარსკვლავები გამოკრთა მოღრუბლულ ცაზე. ირაკლის იმედი ქონდა, რომ ხვალ შეძლებდა გზის გაგრძელებას, თუმცა აქ უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა; თითქოს იქ მივიდა, სადაც უნდა მისულიყო.
ოთახში შესულს უკვე გაშლილი დახვდა მაგიდა, ღუმელზე კარტოფილი იბრაწებოდა. ისეთი სითბო იგრძნობოდა ყველაფერში, გული აუჩუყდა. დიდი ხანია, ასეთი რამ არ უგრძვნია. ახალგაზრდა გოგონა მშვიდად საქმიანობდა, თითქმის არც კი მოძრაობდა, მაგრამ ყველაფერი მოხერხებულად გამოსდიოდა. ირაკლი უყურებდა როგორ დადიოდა ოთახში. ის არ იყო ლამაზი, მაგრამ რაღაც გაიძულებდათ გეთქვათ, მშვენიერიაო. საოცრად მიმზიდველი იყო მისი თფლისფერი თვალები, რომელიც ზოგჯერ ისე მკვეთრად იცვლიდა გამომეტყველებას, გაოცდებოდი - ასეთ მშვიდ ადამიანს მთელი ემოცია თითქოს თვალებში დაგროვებიაო.
- ტყემლის ბოთლს ვერ ვხსნი, მოესმა უცებ, იქნებ შენ გეცადა?
- გოგონა ამაოდ წვალობდა მოეხსნა თავსახური ბოთლისათვის. მისი ძალა აშკარად არ ეყოფოდა ამას.
ირაკლიმ არცთუ ადვილად, მაგრამ, მაინც გახსნა ბოთლი და საკუთარი თავი დაიჭირა, რომ შვებით ამოისუნთქა.
- შემეშინდა, შენთან არ შევრცხვენილიყავი, თვალი ჩაუკრა გოგოს, - მაგრამ გადავარჩინე მამაკაცის ღირსება.
- მარიმ გულიანად გადაიკისკისა. ეს თითქოს უჩვეულო ჩანდა მისგან, თუმცა ვაჟმა სიამოვნებით შენიშნა, რომ სიცილმა ძალიან დაამშვენა.
- მარტო რატომ ცხოვრობ? - კითხა მაინც, როცა კარტოფილი შეიწვა და სავახშმოდ დასხდნენ.
- ჩემი მშობლები ცოცხლები არ არიან, ორი და მყავს და თბილისში არიან გათხოვილები, ზაფხულობით ამოდიან ხოლმე. მეც მეუბნებიან ზამთარში მათთან წავიდე, მაგრამ არ მინდა. ალბათ მართლა უცნაური ვარ.
თაფლისფერ თვალებში მსუბუქი ღიმილი ჩაუდგა, თუმცა იქვე დარჩა. ირაკლის კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ენაზე დაიჭირა სიტყვა. ქალიშვილმა თითქოს იგრძნო მისი ინტერესი, განაგრძო;
- მეუღლეც მყავდა, მაგრამ გარდაიცვალა ხუთი წლის წინ, ამიტომაც მარტო ვარ. თუმცა ეს არც ისე ცუდია, როგორც ყველას გონია, გაუღიმა თავისებურად, ოდნავ ნაღვლიანად.
ვაჟი ოდნავ გადაიხარა მისკენ და თვალებში ჩახედა, თუმცა თვალები მყის მოარიდეს.
-მარტოობა ზოგჯერ კარგი კი არა, აუცილებელია, მაგრამ გამუდმებული მარტოობა ახალგაზრდა გოგონასათვის დამღუპველია.
- ასეც არაა, დაუსახლებელ კუნძულზე ხომ რ ვარ, უკვე თავი შემეცოდა, - გაიღიმა გოგომ და მჟავე კომბოსტო გააკრატუნა, - სულ მარტო არ ვარ, ხალხი სოფელშიც ცხოვრობს.
- ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ღამით, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან არ გიმძიმს?
- გთხოვ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. სულ ჩემზე რატომ ვსაუბრობთ?
- ეს კი სამართლიანი შენიშვნაა, პატიოსნება მოითხოვს ჩემზეც იცოდე რამე.ოღონდ თუ არ შეწუხდები, მარილი მომაწოდე ჯერ, კარტოფილს აკლია, - თვალი ჩაუკრა და სამარილე გამოართვა, - ყველას ვეუბნები, სადაც მე ვარ, კარტოფილს თქვენ ნუ შეწვავთ, ეს ჩემი საქმეა.
- ჰოდა შეგეძლო ეგ უფრო ადრე გეთქვა, ახლა ვეღარ შევამოწმებ და ადვილია ტრაბახი.
- ვაჟს დაუღეჭავად გადაყლაპული ლუკმა ყელზე დაადგა და წყალი მიაყოლა;
- ვითომ რატომ ვერ შევამოწმებთ? ორიოდე კვირაში ისევ აქეთ გამოვივლი და განახებ, როგორ უნდა კარტოფილის შეწვა.
გოგოს არაფერი უთქვამს, ღიმილით უსმენდა ვაჟს და არ უნდოდა დამთავრებულიყო ეს წუთები. საოცრად კარგად გრძნობდა თავს. საიდანღაც, ციდან ჩამოვარდა შემოდგომის ცრიატ, უფერულ საღამოს ეს სიმპატიური ბიჭი. წაბლისფერი წვერი წამოზრდოდა, თვალებში კი ხანდახან ისეთი ანცი სხივები უკრთოდა, თითქოს ეუბნებოდა, ყველაფერი ვიცი, მაგრამ დაგინდობ და არ ვიტყვიო.
გოგონა სიჩუმემ გამოაფხიზლა. ვაჟი მდუმარედ უმზერდა ფიქრიანი თვალებით, არაფერი უკითხავს, თითქოს ნათელი იყო ისედაც ყველაფერი, მერე უბრალოდ განაგრძო იქიდან, სადაც შეჩერდა;
- მოკლედ რა გადავწყვიტეთ, მპატიჟებ აქეთობისას? ნინიკოს მოენატრები, დარწმუნებული ვარ.
- გპატიჟებთ ორივეს, რათქმაუნდა, - მარიმ ღიმილიანი თვალები შეაგება, - არ დამავიწყდება, რომ დედიკო ვიყავი ერთი ღამით ამ სიტყვებზე ისევ წამოწითლდა, მაგრამ თვალები არ დაუხრია.
- არც მე, - ირაკლის არ გაღიმებია, ეს ყოველთვის მემახსოვრება.
- ნინიკოს დედა სადაა? მარიმ წყალი მოიტანა და ისევ მაგიდას მიუჯდა, - შეიძლება ვიკითხო?
- ამერიკაშია. არც ვიცი როდის ჩამოვა, არ მიკითხავს, რადგან აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ნინიკო მამასთან უკვე კარგად გრძნობს თავს, - მან სიგარეტი ამოიღო და გოგოს ანიშნა, თუ შეიძლება აქ მოვწიოო.
- კი, თუ ბავშვისთვის არაა პრობლემა.
- ის მიჩვეულია, - გაიცინა ირაკლიმ, - მეტი რა უნახავს.
მარიმ მაგიდის ალაგება დაიწყო. აოცებდა, როგორ შეეძლო ადამიანს თავისი ნებით დაეთმო საყვარელ ადამიანთან და შვილთან ურთიერთობის ბედნიერება. განა რა უნდა ეპოვა ამის ფასი ამერიკაში?.. დროდადრო გადახედავდა ხოლმე ღუმელთან მჯდარ ვაჟს, სიგარეტს რომ ეწეოდ და ფიქრებით უკვე სადღაც იყო და ხვდებოდა, ეს სურათი აღარ განმეორდებოდა...

დილა ისევ წვიმიანი გათენდა. სახურავზე და მინებზე მშვიდად, თანაბრად წკაპუნებდა წვეთები და არღვევდა მყუდროებას, თუმცა ამას დარღვევაც არ ეთქმოდა, უფრო ხაზს უსვამდა ზამთრისპირა დილის სიჩუმეს. სხვა არაფერი აცოცხლებდა გარემოს, თითქოს ყველაფერი ძლს მისცემოდა ირგვლივ.
მარის ადრიანად გაეღვიძა და უხმაუროდ წამოდგა. რაღაც არ ასვენებდა ლოგინში. გრძნობა, რომ რაღაც არაჩვეულებრივია აქვე, ახლოს და მის ნამდვილობაში დაჯერება ჭირდებოდა. გული ყელთან იგრძნო, როცა ფანჯრიდან შავი, ტალახში მოსვრილი მანქანა დაინახა. ეს მცირე, პატარა ნაგლეჯი იყო ნამდვილი, სავსე, შორეული ცხოვრებისა, რომელმაც მის ერთფეროვან, მოსაბეზრებელ ყოფაში გაიელვა. ეზოში გავიდა შეშის შემოსატანად და სანამ უკან დაბრუნდა კარგად დასველდა. "ჭიორაში როგორ ავლენ?" გაიფიქრა და გზას გახედა. უკვე ერთიანი ტალახის მასა დახვდებოდა გზის ნაცვლად, როგორც კი სოფელს გაცდებოდა. "ალბათ თბილისში დაბრუნება მოუწევთ" - ეს ფიქრი უფრო იმედგაცრუებულის იყო, რადგან უკანა გზაზე ისევ აქ იქნებოდა თვითონ...
ღუმელმა უცებ დაათბო ოთახი. მარი საუზმის მზადებას შეუდგა, რომ ოთახიდან სტუმარი გამოვიდა შვილით ხელში;
- დილა მშვიდობისა ლამაზო მასპინძელო, - მიესალმა ხალისიანად -, ჩემი ქალბატონი, როგორც ყოველთვის, დაუნდობელია. არაფრად მიაჩნია, რომ მამიკოს გამოძინება ჭირდება. როგორ გგონია, რატომ უყვართ მშობლებს ეს პატარა მტარვალები?
- ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სიმპატიურები არიან, - გაუღიმა მარიმ და ბავშვი გამოართვა, - შეგიძლია აბაზანაში შეხვიდე, მანამ ჩვენ ვისაუზმებთ.
- წინადადების ორივე ნაწილი მომეწონა,- ირაკლიმ იქვე, კედელზე დაკიდებულ სარკეში საკუთარი თავი შეათვარიელა,- როგორ გგონია, ამ წვერში ჩემებს არ შევაშნებ?
- მგონია, ძალიან სიმპატიური ხარ ასეც, - ქალიშვილის სიტყვები უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ფიქრი, თორემ ასე პირდაპირი არ იქნებოდა.
- ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო სიტყვებია, - გაეცინა ბიჭს, - თუმცა საკითხავია, რამდენად ახლოს სიმართლესთან. წავედი ახლა მე და მალე დავბრუნდები, არ მოიწყინოთ უჩემოდ გოგოებო
მარის უცნაური გრძნობა ჰქონდა. მღელვარებაც არ ეთქმოდა ამას. ისე თბილად, ისე კარგად გრძნობდ თავს, თითქოს უახლოესი ადამიანები დაბრუნდნენ, დიდი ხანი რომ ელოდა. ასე ცხოვრებაში არ ხდება ხოლმე. ზღაპარივით იყო, რომელსაც არ შეიძლებოდა ზღაპრული დასასრული ქონოდა. თუმცა რატომ არა?..
გოგომ თავი გააქნია, რომ ოცნებას არ გაეტაცა და ბავშვს დახედა. პტარა ლამაზი, ცისფერი თვალებით უშფოთველად უმზერდა და ისეთი სერიოზული სახით მიირთმევდა ბოთლიდან, თითქოს იცოდა, რომ ის მიიღო, რაც მუდამ მას ეკუთვნოდა.
"საყვარელი პატარა", - გაიფიქრა, და ფუმფულა ლოყაზე აკოცა, "ისიც კი არ აწუხებს, რომ დატოვეს, მაინც ბედნიერია..."
შუადღისთვის მზე გამოვიდა და ირაკლი წასვლის სამზადისს შეუდგა. მარი ცდილობდა ხალისიანი ყოფილიყო, მაგრამ სიმძიმეს ვერაფერს უხერხებდა, გულზე რომ აწვა და ღიმილის მიუხედავად თვალებს უნისლავდა. სულ ეს იყო, ეს რამდენიმე საათი მხოლოდ. თითქოს არც რამე განსაკუთრებული, მაგრამ მაინც უჩვეულო და რაღაცით საოცარი, რომელიც ასე არ უნდა დამთავრებულიყო, თუმცა მთავრდებოდა. ეს ხომ ცხოვრება იყო, ცხოვრებაში კი მოულოდნელობები არ ხდება. ფილმი რომ ყოფილიყო,შეიძლებოდა ბიჭს ფეხი ეღრძო და რმდენიმე დღე მის გვერდით დარჩენილიყო, მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ძინებოდა და მის ხალისიან სიცილს აევსო ოთახი, მაგრამ ეს ცხოვრება იყო, სადაც ფეხის ტკენას მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს...
ფიქრებში გართული გოგო უეცრად ჩამოვარდნილმა სიჩუმემ გამოაფხიზლა. ირაკლი აღარ დადიოდა ოთახში, ღუმელთან ჩამომჯდარი უცნაურად უყურებდა გოგოს.
- არ გინდა, რომ წავიდე? - ჰკითხა უეცრად, - ეს არც ფილმს გავდა და არც რეალობას. ეს ის სიტყვები იყო, რომელიც ირაკლის უნდა ეთქვა ახლა. უცნაური თვალებით უყურებდა გოგოს, პასუხი რომ იცის, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიუღია.
მარის არაფერი უთქვამს. ისედაც ნათელი იყო, რასაც გრძნობდა. მას უბრალოდ მარტო დარჩენა არ უნდოდა ახლა. ისიც იცოდა, რომ მერე უფრო გაუძნელდებოდა, მაგრამ ეს მერე საოცრად შორი და უფერული ჩანდა...
ირაკლი უსიტყვოდ წამოდგა და გოგოს მიუახლოვდა. თმებზე ხელი გადაუსვა, მერე გამხდარ მხრებზე მოხვია და ჩაიხუტა.
-ხომ იცი, რომ მერე ბევრად ცუდი იქნება.
-ვიცი, მარი თითქოს ბურანში ლაპარაკობდა, მაგრამ ეგ მერე იქნება. ახლა მინდა აქ იყო...
თბილმა ხელებმა თავი მაღლა ააწევინა. ცრემლები მოცოცავდა ღაწვებზე უსინდისოდ, არადა რამდენი იწვალა, რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ. იმავე თბილმა თითებმა შეაშრეს ჯიუტი ცრემლები, მერე კი თავბრუდამხვევმა, ხანგრძივმა კოცნამ დაუბინდა გონება.
-დარჩი, - წაიჩურჩულა ოდნავგასაგონად, - უბრალოდ არ მინდა, რომ ახლა წახვიდე.
პირველად ვინ აღმოაჩინა, რომ ბედნიერი დღეები საოცრად მოკლეა? ამ დროს ისე ქრება საათები, დახსომებასაც ვერ ასწრებ. თითქოს წამიერი გაელვება იყო ალერსიანი თვალების ან მხიარული სიცილის, თუმცა თვალსა და ხელს შუა ქრება ეს ყველაფერი. სხვაგვარად როგორ შეიძლება ერთი კვირა ერთ წუთად იქცეს?.. ალბათ რა ხანმოკლე მოგვეჩვენებოდა ცხოვრება, სულ ბედნიერები რომ ვიყოთ...
მარი არ ტიროდა ცდილობდა არ შეემჩია, როგორ ტკიოდა სადღაც, მკერდში. იქიდან თავის დაღწევის საშალებას არ აძლევდა ყოვლისმომცველ სევდას, რადგან მერე ბევრი, უამრავი დრო ექნებოდა ამისთვის. ახლა კი ღიმილით უნდა დამშვიდობებოდა ამ შვიდ დღეს, რომელმაც სიხარულის ჩანჩქერი დააფრქვია მის ცხოვრებას. ამას ტირილით ვერ გააცილებდა
-ვერ წარმოიდგენ, რა კარგად ვიყავი შენთან, - ვაჟი თვალებში ჩაჰყურებდა და გოგო გრძნობდა, რომ გულწრფელი იყო ეს სიტყვები.
-ისეთი საოცრება ხარ, არც მჯერა, რომ სინამდვილეში არსებობ. ვიცი, შენნაირს ვეღარ შევხვდები, მაგრამ უნდა წავიდე, - ვაჟი წუთით გაჩუმდა, მერე ნიკაპი აუაწია გოგოს და სულ ახლოს ჩახედა თვალებში, - ხომ არ იტირებ?
-მარიმ მხოლოდ გაიღიმა და თავი გააქნია. ახლა რამის თქმა საშიში იყო, რადგან ცრემლებიც იქვე იყვნენ ჩასაფრებული. მერე დიდხანს, დიდხანს იდგა და გზას გაჰყურებდა. მანქანა აღარ ჩანდა, მხოლოდ ტალახზე დატოვილი ორი, გრძელი კვალი მოწმობდა, რომ სიზმარი არ იყო ეს ყველაფერი.ჰო, ცრემლის შეკავებაც აღარ იყო საჭირო. შვებისმომგვრელი ცრემლის, ასე ხშირად რომ მოყვება ხოლმე კვალად ბედნიერ დღეებს...
ერთი კვირა გავიდა, ოღონდ სულ სხვანაირი, მოსაბეზრებელი და გრძელი ერთი კვირა. ასეთი მარტოობა არასოდეს უგრძვნია. არც იმ მძიმე დღეებში, ხუთი წლის წინ რომ გაიარა, რადგან მაშინ გამუდმებით ვინმე იყო მის გვერდით. პირველად იყო, რომ აქ გაჩერება აღარ შეეძლო. გადაწყვიტა ეს ზამთარი თბილისში გაეტარებინა დებთან. თავს არ უტყდებოდა, რომ იქ კიდევ რაღაც ეწეოდა. გრძნობა, რომ ის იქ იყო. არაფერი არ იცოდა მასზე სახელისა და გვარის გარდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. მოძებნა არც უფიქრია. უბრალოდ იცოდა, რომ ის იქ იყო და ეს აზრი აქ გაჩერების საშუალებას აღარ აძლევდა...
უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. ბევრი ბარგი არც ჭირდებოდა. მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩაალაგა და ოთახი მოათვარიელა. ყველაფერი რიგზე იყო. გაზაფხულამდე არ დაბრუნდებოდა აქ, მერე კი... დანარჩენი მერე...
მაგრამ ეს მერე უცნაურად გაბუნდოვანდა უცებ, რადგან ახლა... მარი თვალებს არ უჯერებდა, როცა კარი დაუკაკუნებლად გაიღო და იქ ისე ნამდვილი, ისეთი სიყვარულის შუქით გამთბარი თალები დაინახა, რომ სიხარულის ელდამ მთელ სხეულში გაუარა და გულს მოაწყდა ნიაღვრად.
- მიდიოდი? - უბრალოდ კითხა ბიჭმა
_ გოგოს არაფერი უთქვამს. მთელი არსებით ისრუტავდა ბედნიერებას, ასე უეცრად რომ შემოიჭრა ოთახში. არ უნდოდა ლაპარაკი და არც შეეძლო.
- მენატრებოდი, - ირაკლიმ მაგრად ჩაიკრა გულში ფერდაკარგული გოგო, - ნინიკოსაც ენატრებოდი. წამოდი ჩვენთან...
- რატომ დაბრუნდი? - მარის კიდევ დრო სჭირდებოდა რელობის აღსაქმელად.
- თუ მიხვდი, რომ იმ კუნძულს მიაგენი, სადაც გადარჩენა შეიძლება, არ უნდა დატოვო...
არ არსებობს დღე, რომელსაც ამინდი შეცვლის. დღეებს ადამიანები ცვლიან. თუ ასე არაა, რატომ განათდა უცებ მთელი სამყარო და შემოდგომის ცრიატი დღე ოქროსფრად როგორ აკაშკაშდა? მოსაწყენ, ცივ ოთახებში როგორ აცეკვდა სიხარულის სხივები მოულოდნელად?
მარიმ მთელი სხეულით, მთელი არსებით იგრძნო, რა ბედნიერი იყო. ეს არც ფილმში ხდებოდა და არც ზღაპარში. მის პატარა ოთახში უზარმაზარი ბედნიერება ალერსიანი თვალებით უმზერდა და აფრქვევდა იმ სითბოს, რაც ყველაფერს ანათებდა ირგვლივ.
_ როგორ მენატრებოდი, - წაიჩურჩულა და მერე უსიტყვოდ ჩაიძირა ამ საოცრებაში...



№1  offline წევრი მოლურჯო

არც კარგი იყო
არც ცუდი
უფრო საინტერესო იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი გავაზელი

სევდიანი გიჟი
არც კარგი იყო
არც ცუდი
უფრო საინტერესო იყო

მაინცდამაინც ვერ გავიგე კომენტარი, მაგრამ მადლობა, რომ წაიკითხეთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent