შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი!!!!


4-06-2016, 22:31
ავტორი tatia27
ნანახია 4 787

საშინელებაა, როცა სწორ ადგილზე ფეხი გადაგიბრუნდება და უამრავი ადამიანის თვალწინ, ცხვირით მიწაში ჩაერჭობი. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ანას კი ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. ასფალტიდან მტვერი ავარდა და ცხვირში შეეყარა; მხარზე გადაკიდებული ჩანთა "გაფრინდა" და მოშორებით, ტყაპანით დაეცა; ყვითელი, შავკოპლებიანი, "ფრიალა" სარაფნის ბოლო თავზე წამოეხურა; ყვითელჩარჩოიანი მზის სათვალეც სადღაც, მოშორებით დაეცა; გრძელი, შავი, ტალღებად დაყრილი თმა სახეზე ჩამოეწეწა; გადატყავებული ხელისგულებიდან და მუხლისთავებიდან სისხლმა იწყო დენა...
ეს სამარცხვინო ამბავი კი იმის გამო დაემართა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უყვარს. ქალის ფეხსაცმლის ქუსლი 10 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოსო, - უყვარდა ხოლმე თქმა.

- გოგონი, ცოცხალი ხართ? - ჰკითხა ვიღაცამ "ზემოდან". ანამ თავი ასწია, თვალების გასწვრივ, მამაკაცის გაპრიალებული ფეხსაცმელი დაინახა და ყურადღებით შეათვალიერა.
"ნამდვილი ტყავის, ძვირფასი ფეხსაცმელია, ალბათ 1.000 დოლარი მაინც ეღირება", - გაიფიქრა.
თვალებზე ჩამოფხატულ თმას სული შეუბერა და მტვრიან სახეზე ხელი ჩამოისვა.
- გინდოდა, აქვე მოვმკვდარიყავი? - ჰკითხა გაბრაზებული ხმით. - ამ სიხარულს არც შენ და არც სხვას არ მივანიჭებ! ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, - ამ არცთუ ისე თავაზიანი სიტყვების შემდეგ ანამ წამოდგომა სცადა.
- კაბას მაინც გაგისწორებთ, - მამაკაცის მზრუნველმა ხელმა კაბის ბოლო ჩამოსწია და "საწყიოს" მდგომარეობას დაუბრუნა. - ადგომა შეგიძლიათ? - ასეთი "გულისამაჩუყებელი მზრუნველობის" შესახებ ანას ჯერ არაფერი სმენოდა.
- მგონი, შემიძლია, - უპასუხა და წამოდგა, მაგრამ მოცელილივით დაეცა, - ფეხი, ფეხი ვიტკინე! - ავიშვიშდა.
- რა დაგემართათ? - ისევ ზემოდან დახედა ხელმეორედ წაქცეულ ანას მამაკაცმა.
- რა გაყვირებთ?! სჯობია, ხელი შემაშველოთ და წამომაყენოთ, - ახლაღა ახედა მშველელს.
"რა სიმპათიურია ეს !.." - გაიფიქრა ქალმა და თვალები დახუჭა.
- ცუდად ხომ არ ხართ? მკვეთრ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ. "სასწრაფოს" ხომ არ დავურეკო? - მამაკაცი მზრუნველობას კი იჩენდა, მაგრამ ქალისთვის ხელის შეშველებას რატომღაც, არ ცდილობდა.
- ის სჯობია, ხელი მომაწოდო, - ანამ თვალებით გაბურღა მამაკაცი.
იმან, როგორც იქნა, მოიფიქრა და ხელი გაუწოდა. ქალმა თავისი ლამაზი, მოვლილი და ჩამოქნილი თითები ჩასჭიდა და წამოდგა. მტკივანი ფეხი ჰაერში ასწია და ცალ ფეხზე მდგარი, მამაკაცის ხელს დაეყრდნო.
- თქვენ ის არა ხართ, თვითმფრინავის სალონში სულ ბოლო სავარძელში რომ იჯექით? - გაიხსენა ანამ.
- ისე გტკივათ, რომ ფეხს ვერ დგამთ? - თითქოს ქალის ნათქვამი არც გაუგონიაო, კაცის ხმაში ირონია იგრძნობოდა.
- ახლა წელზე ხელი მომხვიე და გასასვლელამდე მიმიყვანე! - ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა.
- ვაჰ, რას ბრძანებთ, ქალბატონო?! გარეთ ცოლი მელოდება! უცხო ქალთან ერთად ჩახუტებული რომ დამინახოს, როგორ გგონიათ, მაპატიებს?.. მე კი, იმის გამო, რომ თქვენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგომის გამო ფეხები აგებლანდათ და ძირს დაეპერტყეთ, ოჯახს ვერ დავანგრევ.
- კარგი, ხელი გამიშვი, - თავი გაითავისუფლა ანამ, - უკაცრავად, ერთი წუთით, შეიძლება? - მიაძახა გვერდით ჩავლილ, აეროპორტის თანამშრომელს. - თუ შეიძლება, გასასვლელამდე მიმაცილეთ,
ფეხი ვიღრძე.- არა, არა, არ არის საჭირო, - უკან გააბრუნა მეორე მამაკაცი პირველმა, - მე მივაცილებ. - და ისევ ანას მიუბრუნდა: - ბევრი ბარგი გაქვთ?
- 4 დიდი ჩანთა.
- შინ რით მიბრძანდებით?
- ტაქსით, რა თქმა უნდა.
- კარგი, წავედით, - რაღაცნაირი, უკმაყოფილო სახით თქვა მამაკაცმა, ერთი ხელი ანას წელზე მოხვია, მეორეში მისი ყვითელი ჩანთა დაიკავა და გასასვლელისკენ წაიყვანა.

ქალს ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა და მამაკაცის ძლიერ მკლავს მინდობილი, კოჭლობით მიჰყვებოდა. თან დროდადრო სახე ტკივილისგან ემანჭებოდა.
...როგორც იქნა, ბარგი აიღეს და გარეთ გამოვიდნენ. მამაკაცმა ანა კართან დატოვა და იქვე მომლოდინე ახლობლებს შეეგება. ანა კი ვეებერთელა ჩანთაზე იყო ჩამომჯდარი და მათ ხორხოცს ადევნებდა თვალყურს. ყველა იქ მყოფს გადაავლო თვალი, ცდილობდა, გამოეცნო, რომელი იყო მისი მშველელის ცოლი, მაგრამ ეჭვი ვერც ერთზე ვერ მიიტანა. თითქოს გაუხარდა კიდეც...
ანას აეროპორტში და უნდა დახვედროდა, მაგრამ ნინომ ბოლო წუთს დაურეკა და უთხრა, რომ რაიონში მიდიოდა აუცილებელ საქმეზე... გული ახლა უფრო დასწყდა და დანაღვლიანდა...

- წამობრძანდით, წაგიყვანთ, - ფიქრებში გართულ ქალს უცნაური კავალერი თავზე წამოადგა.
- არა, არ გინდა, ფეხი იმდენად აღარ მაწუხებს, ტაქსით წავალ.
- მოდი, მომეხმარე, - გასძახა მამაკაცმა ვიღაცას და 2 ჩანთას თვითონ წამოავლო ხელი...
როგორც იქნა, ანას ბარგი ერთ-ერთ ჯიპში მოათავსეს, თავადაც ჩასვეს მანქანაში და დაიძრნენ.
ანამ მისამართი უკარნახა და ამის შემდეგ მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
მამაკაცმა სახლამდე მიაცილა, ბარგი აატანინა და წამოსვლისას ლოყაზე აკოცა.
- მე ირაკლი მქვია, - უთხრა, თავისი სუნამოს არომატი დაუტოვა და კიბეზე დაეშვა.
ანა კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად. შემდეგ, მეზობელთან დააკაკუნა და გასაღები გამოართვა...
იმ ღამით ანა მარტო იყო. ცოტა რომ დაისვენა, სურვილი გაუჩნდა, თბილისის ქუჩები მოევლო და მონატრებული ადგილები ენახა, მაგრამ მერე გადაიფიქრა... გადაწყვიტა, გათენებას დალოდებოდა.
დილით ქალაქის ხმაურმა გამოაღვიძა. თავი ისევ ნიუ-იორკში ეგონა, მაგრამ თვალები რომ გაახილა და ჭერს ახედა, გაახსენდა, რომ თბილისში იმყოფებოდა.
ფანჯარასთან ფეხშიშველი მივიდა და გარეთ გაიხედა.
ცენტრალურ ქუჩაზე მანქანები მიმოდიოდნენ... რაც ქალის მზერის არეალში ხვდებოდა, თითქმის ვერაფერს ცნობდა. ქუჩა შეცვლილიყო... თბილისი ევროპის რომელიღაც ქალაქს დამსგავსებოდა.
შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო და ნინო შემოვიდა. დები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
გულაჩუყებულ ნინოს თვალზე ცრემლი მოადგა და ხელის ზურგით მოიწმინდა. თან, სასაცილოდ სრუტუნებდა...
ცოტა ხნის შემდეგ გოგონები, დივანზე მოკალათებულები, ყავას წრუპავდნენ და ერთმანეთის ამბებს კითხულობდნენ.
- სვანეთში წასვლას როდის აპირებ? - ნინო თვალებით ეფერებოდა 8 წლის უნახავ დას.
- ხვალ მანქანას ვიყიდი და ზეგ წავიდეთ, მომენატრა იქაურობა... ღამღამობით მთები მესიზმრებოდა ხოლმე...
- დედასთვის არ მითქვამს, რომ ჩამოსვლას აპირებდი. ხომ იცი, მოლოდინი ძნელია. უცებ რომ მიადგები კარზე, უფრო უკეთესი იქნება.
- კარგი გოგო ხარ, ასე სჯობია... ახლა ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ, შინ ჯდომა არ მინდა.
...ლამის მთელი თბილისი ფეხით მოიარეს... ის იყო, შინ დაბრუნებას აპირებდნენ, რომ ანამ ტაქსის ხელი აუწია.
- რად გვინდა ტაქსი? ჩვენი სახლი აქვეა, - შეახსენა ნინომ.
- საბურთალოს სასაფლაოზე გაგვიყვანე, - დას პასუხი არ გასცა და უკან ჩაჯდა.
ნინომ ტუჩები მოკუმა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. უკვე იცოდა, სადაც აპირებდა მისი და წასვლას. ის კი არა და, უკვირდა კიდეც, მთელი დღე ხმას რომ არ იღებდა იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა...
ანამ გზაში მინდვრის ყვავილები იყიდა. ტაქსიდან გადმოსულებმა კარგა მანძილი გაიარეს ფეხით. საფლავებს შორის მიდიოდნენ... ანა ზოგიერთთან შეჩერდებოდა და სურათს აკვირდებოდა... მერე დანანებით თავს გააქნევდა და გზას აგრძელებდა...
თვალით შორიდანვე მოძებნა გოჩას საფლავი და გეზი იქით აიღო. ნინო უხმოდ მიჰყვებოდა.
ქვაზე გამოსახული მამაკაცი თითქოს თავისკენ უხმობდა... ანამ ფეხს აუჩქარა.
ყვავილები დას მიაწოდა, თვითონ კი ქვას მოეხვია და აქვითინდა...
კარგა ხანს ტიროდა... მხრები უმწეოდ უცახცახებდა...
ნინო მდუმარედ ადევნებდა თვალს... ხელს არ უშლიდა...
ანამ ტირილით გული რომ იჯერა, იქვე ჩამოჯდა.
თვალწინ ის დღე წარმოუდგა, როცა გოჩა სამუდამოდ დაკარგა.
თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველას თვალს სჭრიდა. ანას სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამთილს რძალი თვალში არ მოსდიოდა, ამას ყურადღებას არ აქცევდა და ყველაზე ბედნიერი დღის ჩამწარებას არ აპირებდა.
გოჩას გადახედავდა ხოლმე... ისიც ბედნიერი იყო... გვერდით საყვარელი ქალი ჰყავდა და ამ დღიდან ვეღარაფერი დააშორებდა, სიკვდილის გარდა...
არადა, თურმე რა ახლოს იყო სიკვდილი!..
ანას წინა საღამოს საუბარი გამუდმებით ჩაესმოდა ყურში და დროდადრო სახე მოექუფრებოდა.
ქორწილისთვის მზადებას გვიან მორჩნენ... ანა და გოჩა ოთახში მარტონი დარჩნენ. გოგონა გრძნობდა, რომ მამაკაცს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა...

- გოჩა, ვხედავ, რაღაც გაწუხებს. სჯობია, თქვა და გული გაითავისუფლო... ხვალ ჩვენი ქორწილია და რაც საჭიროა, ერთმანეთისთვის უთქმელი არ უნდა დაგვრჩეს, - ანა ფიქრობდა, რომ შესაძლოა, სხვა ქალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობდა და ცდილობდა, მამაკაცისთვის ბიძგი მიეცა, რომ მისთვის გული გადაეშალა.
- ანა, მე შეიძლება, სულ მალე მომკლან... - მისთვის სრულიად მოულოდნელი რამ თქვა მამაკაცმა.
- რას ამბობ, ხომ არ ბოდავ?!
- არა, არ ვბოდავ, - თავი გააქნია გოჩამ. - ხომ იცი, 2 წლის წინ სისხლი ავიღე, ჩემი ძმის მკვლელობის გამო... მოკლულის ძმა ციხიდან გამოვიდა... ციხიდანაც მითვლიდა და ახლაც შემომითვალა, - ჩემი ძმის სისხლს არ შეგარჩენო!.. ყოველ წუთსა და წამს შეიძლება, გამოჩნდეს...
- ვინაა? რა გვარია?
- საბლიანი...
- ხვალ ქორწილი ჩაივლის... მერე მახვშს შევხვდეთ და გვარების შერიგებას შევეცადოთ.
- ჩემგან ეგ არ გამოვა... ლაჩრად მომნათლავენ... ახლა შერიგებაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, ხმას გაავრცელებენ, შეეშინდაო... ვაჟკაცის სახელს შევირცხვენ...
- კარგი, რააა... რომელი საუკუნეა?!. რაღა დროს სისხლის აღებაა?!
- ვაჟკაცობამ საუკუნე არ იცის... სვან ქალს ეს არ უნდა გიკვირდეს...
- არ მიკვირს, მაგრამ ვგმობ მაგ წესს.
- ყველა გმობს, მაგრამ ყველა ემორჩილება...
- ყველა არ ემორჩილება... შენი ძმის მკვლელობისთვის შენ აიღე სისხლი... შენ გარდა კიდევ 2 ვაჟი ჰყავს შენს ოჯახს... იმათ რატომ არ შეიწუხეს თავი? შენ უმცროსი ხარ... შენ რატომ მოგანდეს ეგ საქმე?
- მე ვითავე თვითონ, არავის დაუძალებია... როცა ჩემი ძმა მოკლეს, მაშინ მის საფლავზე დავიფიცე, რომ არ შევარჩენდი მის სისხლს. ჩემმა ძმებმა მაშინვე შერიგებაზე დაიწყეს ლაპარაკი... თქვეს, ნუღარ გავაღვივებთ შუღლს, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ეს ამბავიო!..
- მერე, შენ რატომ არ მიჰბაძე მათ?
- არ შეიძლება. ჩვენს გვარს ისედაც შერცხვენილი აქვს სახელი, ბევრი იაღლიში აქვს, ბევრი სირცხვილი გადაყლაპა... მე ვერ შევირცხვენდი ვაჟკაცის სახელს. არ მინდოდა, ვიღაცას ეთქვა, მტერს ძმის სისხლი შეარჩინაო...
- როგორ გაიმეტე ადამიანი მოსაკლავად?! როცა შემოგაკვდება, ეგ სხვაა...
- ვისაც ოდესმე სისხლი აუღია, რომ ჰკითხო, როგორ მოკლა ადამიანი, გეტყვის, რომ ამ დროს იმის წარმოდგენა ახელებს, თუ როგორ მოკლა ამ ადამიანმა მისი ახლობელი... თუ ამას ნათლად წარმოიდგენ, ხელი არ აგიკანკალდება...
- ეგ ტყუილია.
- არ არის ტყუილი! ასეა! ჩემს შემთხვევაში ასე იყო.
- ახლა რა გვეშველება? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე?
- ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - მწარედ ჩაეცინა გოჩას, - უნდა დავასწრო...
- ნუ მაშინებ, გოჩა!..
- ნუ შეშინდები, პატარავ!.. - გოჩამ ანას ხელი მოხვია და მიიხუტა.
ეს საუბარი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ახსოვდა ანას. მერე, საქორწილო სამზადისით გაბრუებულს, გადაავიწყდა და მხოლოდ მაშინღა გაახსენდა, როცა შენიშნა, ჯვრისწერის დროს, ეკლესიაში შესვლამდე როგორ მიაწოდა პისტოლეტი გოჩამ თავის ძმაკაცს...
ქორწილი დასრულდა, სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ, მხოლოდ შინაურები დარჩნენ და ქეიფი გააგრძელეს.
სიძე-პატარძალმაც შინ წასვლა დააპირა. ის იყო, რესტორნის ეზოდან გამოვიდნენ და მანქანაში სხდებოდნენ, რომ სროლის ხმა გაისმა...მაშინ ანა 22 წლის იყო... იმ წელს დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ქმრის სიკვდილის გამო დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ ერთი, საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან და ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა გაეძლო მისი მონატრებისთვის. მეორეც, ცხოვრების დარჩენილი წლები გოჩასთან ერთად ჰქონდა დაგემილი და ახლა უეცრად, ყველაფერი შეიცვალა...
გოჩა დაკრძალეს. გასვენების მეორე დღეს ანა სვანეთში წავიდა და იქ დარჩა, თბილისში აღარ დაბრუნებულა.
გოჩას ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობდა და სვანეთში სახლი დიდი ხნის გამოკეტილი ჰქონდა, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ ხოლმე. ანამ ოჯახის წევრებისგან ნებართვა ითხოვა და ქმრის სახლში დარჩა. ძაძები ჩაიცვა...
შავმა ქსოვილმა მისი სილამაზე შთანთქა... მხოლოდ მწვანე თვალები ანათებდა შავი ჩადრიდან... შურისძიების სურვილით აღვსილი და ცრემლისგან დაწითლებული თვალები.
მისი ოჯახი იქვე, გვერდით სოფელში ცხოვრობდა. დედა ეხვეწებოდა, მარტო ნუ დარჩები მაგ დაწყევლილ სახლში, წამოდი, აქ იყავიო, მაგრამ გოგონა ქმრის სახლს არ ტოვებდა. მთელი წელი გაუძლო ასეთ ყოფას. შეშაც მოიმარაგა ზამთრისთვის, წყალზეც ფეხით დადიოდა და შორი გზიდან, მხარზე დოქით შემოდგმული მოჰქონდა.
იმ ზაფხულს სტუმრადაც კი არ ჩამოსულა გოჩას ოჯახი. დედამთილმა ვერა და ვერ მოიბრუნა გული. დაწუნებული რძალი ბოლომდე შეიძულა შვილის სიკვდილის შემდეგ.
წლისთავი როდის ჰქონდათ, ისიც არ შეატყობინეს.
მათი ქორწილისა და გოჩას წლისთავის წინა დღეს თბილისში გამგზავრება გადაწყვიტა. დილით სახლს მიხედა, მერე გარდერობიდან მოზრდილი ჩანთა გადმოიღო, ელვაშესაკრავი გახსნა და ჩანთის შიგთავსი საწოლზე გადმოყარა. რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჰქონდა თბილისიდან წამოღებული. ყველაფერი დაჭმუჭნილი იყო. მთელი წელი საგარეო ტანისამოსი არ სცმია. კარგა ხანს დაჰყურებდა ტანსაცმლის გროვას. მერე შავი, ტილოს
შარვალი და შავი მაისური ამოარჩია და გააუთოვა. სარკის წინ დადგა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. კოჭებამდე დაშვებული, წელამდე ჩაღილული, შავი კაბა, რომელსაც არც ძირი ჰქონდა შემოტეხილი, არც საყელო და სახელო, ასაკს ჰმატებდა; 80 წლის დედაბერივით გამოიყურებოდა. თავზე შავი თავსაფარი ჰქონდა წაკრული, თმა - ცხენის კუდივით გამონასკვული.
მორჩა! დღეს მთავრდებოდა მის მიერ დადებული ფიცის ვადა: გასვენების დღეს გოჩას საფლავთან დაიფიცა, რომ 1 წლის განმავლობაში ასე იცხოვრებდა... შემდეგ კი... შემდეგ ახალი ფიცის დადებას აპირებდა და მას ხვალ, საყვარელი ქმრის საფლავზე იტყოდა, რასაც უეჭველად შეასრულებდა...
კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში. თითქოს ცდილობდა, დაემახსოვრებინა, როგორ გამოიყურებოდა... შემდეგ კაბის გახდა დაიწყო...
სათითაოდ, ნელ-ნელა ხსნიდა ღილებს, თითქოს იცილებდა ძაძის სიმძიმეს და შავი მარწუხებისგან თავისუფლდებოდა. როცა ბოლო ღილიც გახსნა, კაბა მხრებზე გადაიწია. შავი ქსოვილიდან თეთრმა მხრებმა და სავსე მკერდმა გამოანათა. ანა ინტერესით დააკვირდა საკუთარ მკერდს, მხრებს, მკლავებს... თითქოს პირველად ხედავდა მარმარილოსავით გამოქანდაკებულ სხეულს. მერე
მკლავები გაითავისუფლა, კაბა თეძოზე ჩამოაცურა, იატაკზე დაუშვა და ფეხით შედგა. სარკის წინ შავი, ბამბის ტრუსის ამარა დარჩა... ისიც გაიხადა... ხელი ასწია და ჯერ თავსაფარი მოიძრო, ისიც ძირს დააგდო... მერე თმიდან სამაგრი მოიხსნა. შავი, სქელი, ტალღოვანი თმა წელს ქვემოთ სწვდებოდა... თმა მხრებზე დაეფინა და სხეული დაუფარა. წყლის ნიმფას ჰგავდა... თითქოს ხელახლა შეიმოსა ძაძით. მწვანე თვალები უელავდა, გული გამალებით უცემდა... დღეიდან ის ახალ ცხოვრებას იწყებდა - ძაძების გარეშე!..
უეცრად აჩქარდა, საწოლზე დაყრილი ტანისამოსიდან შავი, აჟურული ტრუსი ამოარჩია და ამოიცვა... შარვალი... მაისური... წელში მოიხარა და თმა წინ გადმოუშვა, მერე თავი აიქნია და უკან გადაიყარა... სარკესთან მივიდა... არ მოეწონა. მთელი წელი თმისთვის არ მიუხედავს, ფორმაში არ ჰქონდა. "თბილისში ჩავალ და მივხედავ", - გაიფიქრა და ისევ კუდივით გამოინასკვა...
შავი კაბა და თავსაფარი მინავლულ ბუხარში შეაგდო და დაელოდა, როდის დაიწვებოდა ბოლომდე. მერე ჩანთა აიღო, იქაურობას უკანასკნელად მოავლო თვალი და ეზოდან გავიდა.
...თბილისში წასასვლელიც არსად ჰქონდა, გარდა ბიძისა. მას მიადგა კარზე. უცოლო ბიძა ჰყავდა და სტუდენტობისას, მთელი 5 წელი მასთან ცხოვრობდა. გოჩაც მასთან გაიცნო... ის იყო ერთადერთი, ვინც ბოლო 1 წლის განმავლობაში სვანეთში აკითხავდა და ყურადღებას აქცევდა...
- ანა, წავიდეთ, - ფიქრებიდან ნინოს ხმამ გამოარკვია. უკვე კარგად მოსაღამოებულიყო და ბინდდებოდა.
ანა წამოდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საფლავის ქვას და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა.

ი საღამოს გუნება უკვე გაფუჭებული ჰქონდა. ნინომაც არ გაუწყალა გული შეკითხვებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აინტერესებდა. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გაცვალეს დებმა. ანა ადრიანად დაწვა დასაძინებლად. ცოტა ხანში რაღაცამ გამოაღვიძა... შეიშმუშნა... მიხვდა, ნინო შეუწვა ლოგინში. ნინო ფრთხილობდა, არ უნდოდა, დას გაღვიძებოდა. ხელი ფრთხილად მოხვია, ზურგზე მიეხუტა, სახე მის თმაში ჩარგო და გაიტრუნა. ანას ესიამოვნა დის სითბო... იგრძნო, რომ ვიღაცას ასე მონატრებია. არ აგრძნობინა, რომ გაეღვიძა. ცოტა ხანში თვითონაც ტკბილად ჩაეძინა და დილით ზუსტად ასევე გამოეღვიძა - არც თვითონ უცვლია გვერდი და არც ნინოს.
დისკენ გადმობრუნდა, მძინარეს სახეზე ხელი ჩამოუსვა და ცხვირზე აკოცა.
გოგონა შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ერთმანეთს გაუღიმეს.
- ადექი, დღეს ბევრი საქმე გვაქვს, - ხელი მსუბუქად წაჰკრა.
- ჯერ შენ ადექი და ყავა მოადუღე, - ნინომაც წაჰკრა ხელი.
- ოოჰ, აქ დიასახლისი შენ ხარ და ადექი ახლა და მომემსახურე, - ისევ წაჰკრა ხელი, ამჯერად უფრო მაგრად.
ნინო წამოხტა, ბალიშს ხელი წამოავლო და თავში დაუშვა.
ცოტა ხანში დებს შორის ნამდვილი "ბალიშების ომი" გაიმართა. ბავშვობა გაიხსენეს. როცა პატარები იყვნენ, სწორედ ასე "ომობდნენ" ხოლმე, რის გამოც დედა სულ უწყრებოდა და ხშირად ისჯებოდნენ კიდეც.
როგორც იქნა, დაიღალნენ და ღონემიხდილები საწოლზე დაეყარნენ. მერე ორივეს სიცილი აუტყდა.
ყავ მაინც ნინომ მოადუღა.
- დღეს რა გეგმები გვაქვს? - ჰკითხა დას.
- შენ სამსახურში არ მიდიხარ?
- დღეს შაბათია, არ ვმუშაობ.
- ახლა წავალთ და მანქანას ვიყიდით, ფეხით როდემდე უნდა ვიაროთ?!
- მაგარია! მერე სვანეთშიც წავალთ, არა? - აღფრთოვანდა ნინო.
- ჰო, მაგრამ შენი მანქანით - არა, ჩემი მანქანით წავალთ.
- დაგავიწყდა, რომ მანქანა 2 წლის წინ დავამტვრიე?
- არა, ეგ მახსოვს. მაგრამ დღეს შენც გეყოლება მანქანა.
- რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე?! - ნინოს სიხარულით თვალები აუციმციმდა.
ანამ ჯინსის შარვალი ჩაიცვა, ფეხზე ბოტასები მოირგო და სპორტულ "ვიდზე" დადგა.
- ვა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ იცვამ? - გაუკვირდა ნინოს.
- ახლა ასე სჯობია. წავედით, - ნინომ ჩანთა მხარზე მოიგდო და და წინ გაატარა.
მანქანების ბაზრობამდე ტაქსით მივიდნენ. აქ ძირითადად, მამაკაცები ირეოდნენ. გოგონები მათი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ერთი ქერა იყო, მეორე - შავგვრემანი და ორივე ქალღმერთივით გამოიყურებოდა. მამაკაცები ხარბი მზერით აცილებდნენ, კომპლიმენტს მიაძახებდნენ ხოლმე, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ.
მთელი ბაზრობა მოიარეს. ნინომ ვერცხლიფერი "აუდი" იყიდა... დღის ბოლოს ანამ დიდ, წითელ, კვასკვასა ჯიპს დაადგა თვალი. პატრონი არ ჩანდა. ანა მანქანას გარშემო უვლიდა და აღფრთოვანებული შეჰყურებდა... მათ ირგვლივ მამაკაცებმა მოიყარეს თავი.
- სადაა ამის პატრონი? - იკითხა ანამ, რადგან არავინ გამოელაპარაკა.
- აქვე იქნება სადმე, ტელეფონის ნომერი აწერია აგერ, - მამაკაცმა მინის მწმენდავში გარჭობილი ფურცელი ამოაძვრინა და გაუწოდა.
ანამ ნომერი აკრიბა. 5 წუთში მანდ გავჩნდებიო, - უპასუხა კაცმა. ცოტა ხანში მანქანის პატრონიც გამოჩნდა.
- რა ღირს? - მოსვლისთანავე ფასი ჰკითხა გოგომ.
- ძვირია, - ამრეზით უპასუხა მამაკაცმა და ანა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
ქალი მოეწონა, მაგრამ მასში მყიდველი ვერ ამოიცნო და ტუჩი აიბზუა.
- რა ღირს-მეთქი? - გაუმეორა ანამ. - მე არ მიკითხავს, ძვირია თუ არა, ფასი ვიკითხე. შეიძლება, შენთვის ძვირი იყოს, მაგრამ ჩემთვის - იაფი.
- ეს წლევანდელი "რეინჯ როვერ-სპორტია", გენაცვალე! 4,2 ძრავა აქვს, 12 აირბეგი... საწვავსაც ბევრს წვავს, - თითქოს გაყიდვა არ უნდაო, ისე ლაპარაკობდა გამყიდველი.
- რა ღირს?! - ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა. ყველას აინტერესებდა, რა მოხდებოდა და ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს.
- 85 ათასი, - როგორც იქნა, ამოღერღა.
- რამდენს დააკლებ? - შეევაჭრა ანა.
- ვერ დავაკლებ, ხომ გითხარი, ძვირია-მეთქი! არ ხარ შენ ამის მყიდველი და დამანებე თავი, ლაყბობისთვის არა მცალია, - ხელი ჩაიქნია მამაკაცმა.
- რა გქვია? - მოულოდნელი კითხვა დასვა ქალმა.
- ჯონი.
- ჰოდა, ჩემო ჯონი, 80 ათასს მოგცემ და წავიდეთ, გავაფორმოთ.
- ვა! - დაიძახა ერთმა; მეორემ დაუსტვინა. - აი ქალიიი! - აღფრთოვანება ვერ დაფარა მესამემ.
ჯონი დაფიქრდა, მერე ხელი ჩაიქნია და შეთავაზებულ ფასს დათანხმდა.
- ჯერ გავივლი, - ანამ მანქანის კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს ხელი გადაუსვა, თითქოს მოეფერაო, გასაღები გადაატრიალა... ძრავამ თითქოს შეუღრინაო, ისეთი ხმა გამოსცა და მანქანა ადგილიდან რბილად დაიძრა.
- მაგარია, - მოეწონა ანას, - დღეს გვიანი არაა? მოვასწრებთ გადაფორმებას?
- დღეს გვიანია, ხვალ კვირაა, ზეგ გადავაფორმებთ, - კაცმა ხელი გაუწოდა გასაღების გამოსართმევად.
- ფულს დღეს მოგცემ, ხვალ მანქანა მჭირდება - რაიონში მივდივარ; ჩამოვალ და გადავაფორმებთ. ნინო, იმ "აუდის" პატრონის ნომერი მითხარი, წამოვიდეს ბარემ, მაგასაც მივცემ "ბეს" და დავამთავროთ დღევანდელი შოპინგი.
- მეორე მანქანაც იყიდეთ? - გაუკვირდა ჯიპის მფლობელს.
- ჰო, ჩემი დისთვის, - სასხვათაშორისოდ უპასუხა ანამ, რადგან იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ დანარჩენებს და ცოტა წაიმეტიჩრა კიდეც.

მÄორე დღეს, დილით სვანეთის გზას დაადგნენ. დასავლეთში რომ გადავიდნენ, ანა აღფრთოვანებული უყურებდა გზას, მთებს... ხარბად აკვირდებოდა გარემოს და დიდ სიამოვნებას იღებდა. გზაში ბევრგან გაჩერდნენ, რომ ანა ბუნების მშვენიერებით დამტკბარიყო. საღამო ხანს, როგორც იქნა, ჩააღწიეს.
ჭიშკართან გაჩერებული ჯიპი რომ შენიშნა, დედამ ეზო გადმოჭრა, რომ სტუმარს შეჰგებებოდა. როცა თავისი შვილები შერჩა ხელში, ცოტა დაიბნა. ანას დანახვას ხომ საერთოდ არ ელოდა!.. მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა და ატირდა. კარგა ხანს ეფერებოდნენ ერთმანეთს დედა-შვილი.
-მე ვის ვახსოვვარ, არა?.. - ნინომ თავისი არსებობა შეახსენა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
ახლა დედა მას ჩაეხუტა.
- შენ არ გეწყინოს, შვილო, 1 თვის წინ გნახე, ეს კი 8 წელია, არ მინახავს! რატომ არ მითხარი, რომ ჩამოდიოდი? ასე შეიძლება?! - მიუბრუნდა ანას.
- წამო, დედა, შინ შევიდეთ, - ანამ ჭიშკარი შეაღო და ეზოს თვალი მოავლო. გული შეეკუმშა - თავისი ბავშვობა გაახსენდა. სახლისა და ეზოს ყოველი კუნჭული მოიარა, მერე დედას მიუჯდა საჭორაოდ...
იმ საღამოს მათ ოჯახში მეზობლებმა მოიყარეს თავი. ანას ნახვით ყველამ გაიხარა. დედამ კუბდარი გამოაცხო და ანამ იმდენი ჭამა, მერე კვნესოდა, ვეღარ ვისვენებ, მუცელი მტკივაო...
ტახტზე მიწოლილი ანა დედას ადევნებდა თვალს. ქალი მოტეხილიყო... ჯერ 50 წლის იყო, მაგრამ გაცილებით ასაკოვნად გამოიყურებოდა.
- დედა, მამა დავითი ისევ აქაა, ჩვენს ეკლესიაში მსახურობს?
- ჰო, შვილო, აქაა, - თავი დაუქნია დედამ.
- ხვალ ვნახავ.
- ხვალ ვეზდენთან იქნება: ვეზდენი დაიღუპა, ხვალ მისი სულის მობრძანება აქვთ დაგეგმილი. ჩვენც უნდა წავიდეთ.
სულის მობრძანება სვანური რიტუალია. როდესაც ადამიანი სახლიდან შორს გარდაიცვლება, მისი გადმოსვენების შემდეგ, დაკრძალვამდე მისი სულის მობრძანებას ახდენენ. გარდაცვალების ადგილზე მამალი მიჰყავთ; იქ ძაფის ბოლოს რაიმე საგანზე მიამაგრებენ და სახლისკენ აიღებენ გეზს. ძაფს მთელ გზაზე გააბამენ და მეორე ბოლოს მიცვალებულის ჩასასვენებელთან დაამაგრებენ. ამ დროს სასწაული ხდება: ოთახში გაშვებული მამალი თავისი ფეხით მივა მიცვალებულის თავთან, კუბოზე შემოჯდება, ფრთას ფრთას შემოჰკრავს და დაიყივლებს. ეს იმის ნიშანია, რომ სული მობრძანდა...
მეორე დღეს ანა, ნინო და დედა ვეზდენის სახლისკენ გაეშურნენ. ჭირისუფალმა მიატირა, ქალმაც თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა.
ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. მამა დავითი იყო. ანა მოძღვარს გადაეხვია და ქვითინს უმატა.
- გარეთ გავიდეთ, დამშვიდდები, - მამაომ მხარზე ხელი მოხვია და კარისკენ წაიყვანა. ანა დაჰყვა მის ნებას. ეზოში, მერხზე ჩამოსხდნენ.
- როგორ ხარ? - მოძღვარმა თვალი თვალში გაუყარა.
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ანამ.
- როდის დაბრუნდი?
- გუშინწინ, მამაო.
- იმედია, შენს განზრახვაზე ხელი აიღე.
- არა, მამაო. ჩემი ქმრის სისხლს საბლიანებს არ შევარჩენ.
- შურისძიებას და სისხლის აღებას ქრისტიანული რელიგია გმობს.
- ვიცი, მაგრამ მე ისედაც ცოდვილი ვარ. კიდევ ერთი ცოდვით დავიმძიმებ ისედაც დამძიმებულ სულს, - ანას ცრემლი ღაპაღუპით სცვიოდა და მიწაზე ერთმანეთის მიყოლებით ეწვეთებოდა.
- სისხლის აღება ქალის საქმე არაა, შვილო, - მოხუცი მოძღვარი ანას "მობრუნებას" მაინც ცდილობდა.
- როცა არ არსებობს მამაკაცი, რომელიც შურს იძიებს, მაშინ ეს საქმე ქალმა უნდა მოაგვაროს. ტყუილად ნუ გაირჯები, მამაო, - ანამ ცრემლი მოიწმინდა, თავი ასწია და მოძღვარს თვალებში შეხედა, - ეს ამბავი გადაწყვეტილია და ფიცს არ გავტეხ: ხომ იცით, მამაო, რომ გოჩას დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ მის საფლავზე დავიფიცე, მკვლელს პასუხს ვაგებინებ-მეთქი და ამას აუცილებლად შევასრულებ.
- ქალმა სისხლში ხელი არ უნდა გაისვაროს, ქალმა შვილები უნდა აღზარდოს. შენ კი ქალი ხარ, თანაც - მშვენიერი ქალი და შენს ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღო.
ანა მხოლოდ თავს აქნევდა უარის ნიშნად.
- ხვალ ტაძარში მოდი, - მოკლედ მოჭრა მოძღვარმა და წამოდგა.
ანას მთელი ღამე არ უძინია, მოძღვართან საუბარი არ სურდა, მაგრამ ვერც მის სიტყვას გადავიდოდა.
ეკლესიის კარი მოწიწებით შეაღო და პირჯვარი გადაიწერა. კუთხეში მამა დავითი შენიშნა და მისკენ გაეშურა.
- გამარჯობა! - მიესალმა მოხუცს.
მოძღვარი წელში გასწორდა, ქალს შეხედა, უსიტყვოდ შებრუნდა და ოთახში გაუჩინარდა. ცოტა ხანში გამოვიდა და ანასკენ გამოემართა. ხელში წმინდა გიორგის მოოქრული ხატი ეჭირა. ანას წინ გაჩერდა და ხატი გაუწოდა.
- ემთხვიე! - უბრძანა.
ქალი ხატის კუთხეს ბაგით შეეხო.
- ეს ხატი წელიწადში რამდენჯერმე გამობრძანდება - მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისა და დღესასწაულის დროს. ახლა დადგა ეს განსაკუთრებული დრო: დაიფიცე ამ წმინდა ხატზე, რომ შურისძიებაზე ხელს აიღებ და საბლიანების ოჯახს არაფერს დაუშავებ.
- არა. საფლავზე დადებულ ფიცს არ გავტეხ! - შეუვალი იყო ქალი.
- დაიფიცე, ანა!
- არა, მამაო... მე წავალ... სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს... მერე მოვალ, როცა პირნათელი ვიქნები ჩემი ქმრის სულის წინაშე და პატიებას ვთხოვ ღმერთს. მაშინ გეტყვით აღსარებას...
ანამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მერე მოძღვარს ზურგი აქცია და კარისკენ წავიდა. ზღურბლზე ფეხი გადადგა თუ არა, დავითის ხმა მოესმა, მოძღვარი ეძახდა.
ქალი შეჩერდა... თავი არ მიუბრუნებია. ელოდა, როდის დაუძახებდა კიდევ, მაგრამ ძახილი აღარ განმეორდა. ქალმა პირჯვარი გადაიწერა:

- ღმერთო, მიშველე და მაპატიე! - ხმამაღლა წარმოთქვა და ეკლესიის ეზო დატოვა.
მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. კიდევ ერთხელ რომ დაეძახა დავითს, შესაძლოა, მიბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მოძღვარმა მხოლოდ პირჯვარი გადასახა და ასე დალოცა ცოდვილი.
"ამ საღამოს უხუცესთან მივალ, მას ვთხოვ რჩევას; გავარკვევ, რა ხდება გვარებს შორის", - გაიფიქრა და წელში გაიმართა.
თანამედროვე მახვში სულაც არ გახლავთ ისეთი, როგორიც წიგნებშია აღწერილი ან როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ - თეთრწვერა, მახვშის სკამზე ამაყად მსხდომი, ჯოხზე დაყრდნობილი. დღესდღეობით სულაც არაა აუცილებელი, რომ ის გვარში ყველაზე მხცოვანი იყოს. მის მოვალეობას ჭკვიანი, ავტორიტეტული, სამართლიანი და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მამაკაცი ასრულებს და მას მახვშსაც აღარ ეძახიან. უბრალოდ, ყველამ იცის, რჩევისთვის ვის უნდა მიმართოს. წინათ, სვანური ადათ-წესის მიხედვით, როდესაც გვარს რაიმე პრობლემა ჰქონდა, მამაკაცები მახვშის სახლში იკრიბებოდნენ. ოჯახში სუფრა იშლებოდა, სვანური კუბდარი, ჭვიშტარი, ფეტვნაარი (ფეტვიანი ხაჭაპურია, ყველში დაფქულ ფეტვს ურევენ) ცხვებოდა და აუცილებელი იყო, რომ ამ კერძებში დაფქული კანაფი (ე.წ. "პლანი") ყოფილიყო შერეული. კანაფი სვანეთში ყველა ოჯახს მოჰყავდა წინათ და საკაზმად გამოიყენებოდა. ახლა ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ ბედავს, მაგრამ თუ კანაფით შეკაზმული კუბდარი არ გაგისინჯავთ, ნუ იტყვით, რომ ნამდვილი კუბდარი გიჭამიათ. ძველი ადათ-წესებიდან თითქმის აღარაფერია სვანეთში შემორჩენილი, სისხლის აღების წესის გარდა. ეს ყველაზე "ველური" და "პირველყოფილი" ტრადიციაა...
ანა მურთაზის სახლის კარს მიადგა და დაიძახა. ცოლმა გამოხედა, ანას მიეგება, მოიკითხა და შინ შეიპატიჟა. მურთაზი სახლის უკან, სახელოსნოში იყო და ფიცარს რანდავდა. ანას დანახვა თითქოს არ გაუხარდაო, წარბები შეჰკრა და სახე კუშტი გაუხდა.
მურთაზი 50-ოდე წლის, სიმპათიური მამაკაცი გახლდათ, სახეზე, ტანსა და ხელებზე მზემოკიდებული... წელს ზემოთ შიშველმა, ქალის დანახვაზე, იქვე, კუთხეში დაკიდული პერანგი ჩამოხსნა და ოფლიან ტანზე გადაიცვა. სახელოთი შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა, წელში მოიხარა და ფიცარს გახედა.
- გამარჯობა! - ანამ ხელი გაუწოდა.
მამაკაცმა არც შეხედა, თითქოს არც არავინ მოსულაო, საქმე ისე განაგრძო. რანდიდან ამოსული ბურბუშელა ლამაზად იხვეოდა და ძირს ცვიოდა. სახელოსნოში ახალმოჭრილი ნაძვის სასიამოვნო სუნი იდგა. ანა დაიხარა და ერთი ბურბუშელა აიღო.
- მზეთუნახავის თმის კულულს ჰგავს, - თქვა ხმამაღლა და ბურბუშელა ცხვირთან მიიტანა. სურნელი ღრმად შეისუნთქა და იქვე, ერთმანეთზე დალაგებულ, გაურანდავ ფიცრებზე ჩამოჯდა.
- მზეთუნახავები სვანებს არ გვაკლია, ჩვენს გვარს - მით უმეტეს... - ხმა ამოიღო მურთაზმა.
- მართალია, არ გვაკლია, - ჩაილაპარაკა ქალმა.
- მაგრამ რა?.. გვარის შერცხვენის მეტს არაფერს აკეთებენ, - კაცმა ისე გაუსვა რანდი ფიცარს, თითქოს ჯავრის ამოყრას ლამობდა.
- მურთაზ, მე საყვედურების მოსასმენად არ მოვსულვარ, საქმეზე მოვედი, რაღაც მინდა გკითხო.
- მე უფლება მაქვს, გისაყვედურო, პასუხი მოგთხოვო და დაგსაჯო კიდეც, ისეთი საქციელის გამო, რომელიც არ მომწონს და ჩემს ბიძაშვილს არ შეეფერება, - გაცხარდა კაცი, - მამაჩემი და მამაშენი ძმები იყვნენ, მე და შენ ბიძაშვილები ვართ, შენ ჩემი და ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, არ შემიძლია იმის პატიება... წარსულის... ხვდები, რასაც გეუბნები?
ანამ თვალი თვალში გაუყარა და მზერა არ აარიდა.
- ხვდები? - ჩაეკითხა მამაკაცი და რანდს ხელი უშვა. ანასთან მივიდა და თავზე დაადგა: - აქ არ უნდა მოსულიყავი...
- ის ყველაფერი წარსულში დარჩა, მურთაზ, - ქალმა ბიძაშვილის გულის მობრუნება სცადა.
- არა! ლაქა, რომელიც შენს სახელს თან სდევს, არასოდეს ირეცხება... ცუდი არავის ავიწყდება, კარგს ივიწყებენ უცებ, თორემ ცუდი, წლები ახსოვს ხალხს... შენ სვანეთში ჩამოსვლის უფლებაც არ გქონდა. გუშინ ვეზდენის გასვენებში ხალხი შენზე ჭორაობით დაიღალა... ახლა წადი, სათქმელი აღარაფერი მაქვს, - მურთაზი საქმეს მიუბრუნდა.
- ისეთიც არაფერი გამიკეთებია, ასეთი შეუვალი და მკაცრი განაჩენი რომ გამომიტანო, - აპილპილდა ანა, - და ვინ ხარ შენ, რა უფლება გაქვს, მე სვანეთში ჩამოსვლა ამიკრძალო?! ჩემს სახლში, ჩემს კუთხეში!.. დედასთან და ნათესავებთან! ამის უფლება არ გაქვს! მეტისმეტს იღებ საკუთარ თავზე და მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ ბიძაშვილი ხარ! - ქალი აქეთ-იქით მიმოდიოდა და ხელების ქნევით ლაპარაკობდა. - შენგან განსხვავებით, მე მიტევების უნარი მაქვს. შუბლს გაგიხვრეტდი და ამას არ გაპატიებდი, ეგ იცოდე... ცოცხალი იმიტომ ხარ ახლა და იმიტომ სუნთქავ, რომ სისხლი და ხორცი ხარ ჩემი... და იცოდეს ყველამ, გადაეცი იმათ, ვინც, როგორც შენ ამბობ, ჩემზე ჭორაობით დაიღალა, რომ ყველას მოვთხოვ პასუხს და ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, საბლიანების თამადობით!..
- საბლიანებს შეეშვი! - უცებ თქვა მურთაზმა.
- რატომ? რატომ შევეშვა? იმიტომ, რომ შენი გოგო მათ ჰყავთ რძლად? იმიტომ, რომ გოჩას ნათესავებმა აპატიეს? იმიტომ, რომ როგორც წიწილა, ისე ჩაფლეს მიწაში ძმებმა - ძმა, მშობლებმა - შვილი, ბიძაშვილებმა - ბიძაშვილი?! მიწა მიაყარეს, ორმოცი და წლისთავი გადაუხადეს, შავი ჩაიცვეს, წვერი მოუშვეს და ამით დამთავრდა ყველაფერი? ამით?!
- საბლიანებს შეეშვი! - ხმა უფრო გაუცივდა მურთაზს.
- არა! - თავი გააქნია ანამ. - ჩემი "დალაქული" ცხოვრება, როგორც შენ უწოდებ, გოჩამ ჩააყენა კალაპოტში, შემიყვარა ისეთი, როგორიც ვიყავი, ორივე ხელისგულში მოიქცია ჩემი გულიც და ჩემი ცხოვრებაც, ყოველგვარი უწმინდურობისა და აგრესიისგან მიცავდა... ის იყო ის ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად და უშიშრად ვგრძნობდი, უგონოდ მიყვარდა და ის საბლიანებმა წამართვეს!.. მათ პასუხი უნდა აგონ!
ანა სახელოსნოდან გავიდა, ეზო გადაჭრა და ჭიშკარში გასულს, მურთაზის ცოლის ხმა დაეწია:
- ანა, რატომ მიდიხარ? შემოდი, ყავა დავლიოთ.
ანამ უკანმოუხედავად აუქნია, ხელი, - თავი დამანებეო! - და სახლისკენ აიღო გეზი...

მარი ჯაფარიძე



№1 სტუმარი natiiiko

dzalian magaria ... met verapers vambob... crlebi wamomivida

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

სვანი არა და მე როცა ეს თავის დროზე პირველი წყაროსგან წავიკითხე ULTRIX ერქვა:)). გულისფანცქალით ველოდი ხოლმე ყოველ ხუთშაბათს, რომ "გზა"-ში წამეკითხა.

 


№3  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა
გრამატიკულად გაუმართავი
დასაწყისი იყო
--------------------
მარიამი

 


№4 სტუმარი Nia

Es sxvisi romanis gadmocera axali modaa? Plagiato ... Tan svani. Svani kiara utrix qvia da jurnali gzis saitze dgemde devs. Ra simdablea

 


№5  offline წევრი tatia27

Moda araaa, ubralod am saitzec ideba :-) ra mnishvneloba aq visia, visac moscons caikitxavs...

 


№6 სტუმარი manana

Me momewna gzashi ar wamikitxavs .aq gelodebi male dade axali tavi.

 


№7 სტუმარი nia

მოდი რა კიარა მიუთითე ვისი დაწერილიცაა და ნუ უცვლი სახელს ამ რომანს, ტუ აკოპირებ ავტორიც დააკოპირე და წყარო, თუარ გყოფნის ფანტაზია წერის და არ გაქ ნიჭი სირცხვილი კიარაა შვილო, ვისაც აქ შეარგე იმათ და ნუ პარავ...

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ისე ელემენტარული ეთიკის ამბავია რომ ავტორი ან წყარო მიუთითო რომანს. არამგონია, ეს საქმე შეუძლებლად რთული იყოს.

 


№9  offline წევრი tatia27

Arc maq pretenzia ro mcerali var, rac momwons im romanebs vdeb :-) da kidev mcerali vinaa mec ar vici ase ro tu pretenzia gaqvt saertod nu caikitxavt

 


№10  offline წევრი isterichka123

კარგია გაგრძელე

 


№11 სტუმარი nia

ხოდა რომ დებ მიუთითე მერე ვისია ეგ რომანი და ნუ უცვლი სახელს,ამ საიტზე ყველა იმიტომ შემოდის რომ წაიკითხოს... შენს დადებულებს რომ გადავხედე ყველგან წერია რომ მოპარული გაქ... სირცხვილ ნამუსი გეტყობა არ იცი რა ხილია... საიდანაც დააკოპირე იქაა მითითებული შედი ჟურნალი გზის საიტზე (ვითომ არ იცის მაგრამ მაინც ) და ნახავ ...

ყველა შენს მიერ დადეულ ისტორიებზე კომენტარები წერია რომ ის სინამდვილეში სხვისია და სახელებს უცვლი ისტორიებს ... სიმართლე გითხრა ეხლა გულით შემეცოდე... ამ საიტს პატრონი არ ყავს? ესეთ პლაგიატობას რომ აქვს ადგილი ...სავტორო უფლებები დაცული უნდა იყოს... იპარავ იპარავ სახელს რატომ უცვლიი

 


№12  offline წევრი remarki

სანამ კომენტარებს წავიკითხავდი მეგონა შენი დაწერილი იყო,, კომენტარები როცა წავიკითხე მივხვდი რო მიისაკუთრეე... და არტქვა ეხლა არ მიმისაკუთრებიაოო. მაშინ აღწერაში ან სადმე უნდა დაგეწერა ავტორიი..

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

შემ ეტყობა ვერ გებულობ რას "გედავებით":))). ავტორი არც მე ვიცი ვინაა ამ რომანის, არც წინა რომანის არ ვიცოდი ვინ იყო. უბრალოდ, შეგიძლია როცა ახალ ისტორიის გადმოკოპირებას იწყებ პირველი თავის ბოლოს მიუთითო, რომ ეს შენი დაწერილი არ არის. სულ ესაა. უმარტივესი რამეა ძალიან! ნამდვილად სიამოვნებით წავიკითხავ ისევ. თან, შენ არავინ გედავება იმაზე არიქა როგორ დებ ამ ისტორიას ამ საიტზეო. უბრალოდ, წყაროს მითითებას გთხოვენ. კომენტარებში ცინიზმ ნარევ პასუხს, სჯობია და უფრო მარტივიცაა თუ ისტორიას მიუწერ რომ შენი არაა. შენც მშვიდად იქნები და მკითხველიც.

 


№14 სტუმარი stumari77

როდესაც ეს რომანი წავიკითხე ჟურნალ ,,გზა,,- ში, ძალიან მომეწონა.
ამ საიტზეც წავიკითხავ და კიდევ ერთხელ ვისიამოვნებ. ოღონდ მიუთითე ავტორი და ნუ მიისაკუთრებ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

grafo
სვანი არა და მე როცა ეს თავის დროზე პირველი წყაროსგან წავიკითხე ULTRIX ერქვა:)). გულისფანცქალით ველოდი ხოლმე ყოველ ხუთშაბათს, რომ "გზა"-ში წამეკითხა.

visia es istoria an sad devs? shegidzlia damilinko?

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

uchveulo
grafo
სვანი არა და მე როცა ეს თავის დროზე პირველი წყაროსგან წავიკითხე ULTRIX ერქვა:)). გულისფანცქალით ველოდი ხოლმე ყოველ ხუთშაბათს, რომ "გზა"-ში წამეკითხა.

visia es istoria an sad devs? shegidzlia damilinko?


მე ძალიან ადრე ჟურნალ "გზა"-ში წავიკითხე. თუ სწორად მახსოვს მარი ჯაფარიძე წერდა. Ultrix ჰქვია. როგორც კომენტარებიდან სჩანს ჟურნალის ვებ-გვერდზე დევს და მოიძიე იქ. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ჟურნალის ნომრები მაქვს გადანახული და ისიც საქართველოში:).

 


№17  offline წევრი aNuGi

საოცარი ისტორიაა love

უბრალოდ წარმოიდგინე რომ შენს ისტორიას ასე იპარავს ვიღაცა, თავის გვერდზე დებს და შენს სახელ და გვარს არ აწერს, მემგონი შენც არ გესიამოვნება, ისტორიის დადებას არავინ გიშლის, უბრალოდ ავტორი უნდა მიუთითო აუცილებლად.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18 სტუმარი სტუმარი ანნა

ძალიან მაგარი ისტორიაა, ვურჩევ ყველას წაიკითხოს ????

[quote=სტუმარი ანნა]ძალიან მაგარი ისტორიაა, ვურჩევ ყველას წაიკითხოს.. მეც ჟურნალ გზაში ვკითხულიბდი მარი ჯაფარიძე წერდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent