შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი!!!! (ultrix ნაწილი 6)


11-06-2016, 20:49
ავტორი tatia27
ნანახია 3 547

რამაზს გოგონაც წამოეყვანა. მყუდრო კაფეში დასხდნენ. ანა ისე უყურებდა ბავშვს, ლამის თვალებით ჭამდა.
- რას შეჭამ, პატარავ? - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
- ნაყინს.
- მოდი, გამოვიცნობ, მგონია, რომ შოკოლადის ნაყინი უნდა გიყვარდეს.
- კი, - გაუღიმა ანამ.
- ჰოდა, მაშინ შევუკვეთოთ.
- ანა, - რამაზმა რაღაცნაირი ხმით დაიძახა. ორივემ შეხედა, - ქალბატონო, ანა, ახლა თქვენ მოგმართავთ. არ მიყვარს, როცა სადმე ვარ და დანახარჯს სხვა იხდის. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზე მეტი ფული გქონდეთ, მაგრამ იმედია, თავს უფლებას არ მისცემთ, რომ ჩემს წინ წახვიდეთ.
- არა, რას ბრძანებთ, - ანა უცებ მოლბა, - ჩვენს წინადადებაზე რა გადაწყვიტეთ? - უცებ შეცვალა საუბრის თემა.
- მივიღებ თქვენს წინადადებას, მაგრამ ერთი პირობით.
- გისმენთ.

- მე ძველი სამსახურიდან არ წამოვალ. იქ უკვე შევათანხმე ეგ საკითხი და თუ თქვენც არ იქნებით წინააღმდეგი, მაშინ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. თუ თქვენთან სიტუაცია მომეწონება, მაშინ მთლიანად გადმოვალ. გამოსაცდელი ვადა 6 თვე მინდა.
- კარგი, შევთანხმდით.
- ასე უცებ რატომ მთანხმდებით ყველაფერზე? - ეჭვები აწუხებდა რამაზს.
- მისაღებია ჩემთვის თქვენი წინადადება და რატომ არ უნდა დაგეთანხმოთ?
- გამარჯობა, - უცხო ქალი იდგა მათ მაგიდასთან და რამაზს უღიმოდა.
- აა, მოხვედი? გაიცანი, ეს ანაა, ჩემი მომავალი შეფი, ეს კი პატარა ანას ძიძაა, ქალბატონი მადონა.
ანამ ქალს გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
- შეჭამე მამა ნაყინი? - დიდი სიყვარული ჩააქსოვა ამ ნათქვამში. ანას შეშურდა, რომ მას არ შეეძლო თავისი გოგონას მიმართ ასეთი სითბო გამოეხატა.
- კი.

- მაშინ მადონას გაჰყევი, ხომ? მე და ანა დეიდამ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ.
ანა და მადონა წავიდნენ. კართან მისული გოგონა უკან გამოიქცა, ჯერ მამას აკოცა, მერე ანას და ისევ ძიძას გაეკიდა.
- ძალიან კარგი ბვშვია, - ანამ თვალი დანანებით გააყოლა.
- ანა, ჩვენც გავიდეთ, მინდა, სადმე რესტორანში დაგპატიჟოთ და ჩვენი გაცნობა, შეხვედრა და საქმიანი ურთიერთობის დაწყება აღვნიშნოთ.
- კარგი, - ხალისით დათანხმდა ანა.
კარგა ხანს გასტანა მათმა ერთად ყოფნამ. დაღამდა კიდეც. აბეზარ ადამიანებს ხელი რომ არ შეეშალათ, ანას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. წმოსვლის წინ ჩართო.
რამაზი უკვე ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა. ანას ადღეგრძელებდა. ბოლოს, ხელი ხელზე დაადო და თვალებში ჩახედა. ანამ ხელი გამოჰგლიჯა და ბავშვივით, ზურგს უკან დამალა.
- ანა, მე მაინც მგონია, რომ თქვენი ჩემდამი ინტერესი ისეთია, როგორც ქალისა, მამაკაცის მიმართ და ამიტომაა, ასე დაჟინებით რომ ცდილობდით ჩემს გადმობირებას. მომწონხართ. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ თქვენ გვერდით, მით უფრო მიჭირს წასვლა... თუ ასეა და მე სწორად ვხვდები რაღაცებს, მაშინ მინდა, აღიაროთ, რომ მართალი ვარ და ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენისთანა ლამაზი ქალის სიმპათია და ყურადღება დავიმსახურე.
მამაკაცს სასმელი მოჰკიდებოიდა და თამამად ლაპარაკობდა. ანას თვალებით ბურღავდა. ქალი ამის გამო თავს უხერხულად
გრძნობდა. აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო. ამ დროს უხერხულობისგან ტელეფონის ზარმა იხსნა. ირაკლი იყო...
- ანა, ტელეფონი დიდი ხანი გქონდა გამორთული, ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებული ჩანდა.
- კი, მშვიდობაა.
- სად ხარ?

- ახლობელთან ერთად ვარ.
- მითხარი, სად ხარ! - ეჭვი გაჩნდა მამაკაცის ხმაში.
ირაკლი არ მოეშვა, სანამ ანამ რესტორნის სახელი არ უთხრა. 10 წუთში კი თავზე დაადგა და როდესაც ახლოს მისულმა ანას თანმხლებ მამაკაცში რამაზი ამოიცნო, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.
- გაიცანი, ეს რამაზია, - ანამ თვალებით გაბურღა ირაკლი, - ეს კი ირაკლია.
რამაზს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. აშკარა იყო, რომ ირაკლი ახლობელი, მეგობარი ან მეზობელი კი არა, უფრო სერიოზული "სტატუსის" მატარებელი იყო და გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანას ცხოვრებაში.
მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თვალით აზომეს.
- წავიდეთ, კარგა ხანია, აქ ვართ, - ანა დაფაცურდა და წამოდგა.
რამაზი შეეწინააღმდეგა, კაცი ახლა მოვიდა და მაგიდასთან არ დავსვათო? მაგრამ ანა გაჯიუტდა, ამას არ შია და წავიდეთ, მაგვიანდებაო.
რამაზს თბილად დაემშვიდობა და ირაკლის მანქანში ჩაჯდა, ვინაიდან აქამდე რამაზის მანქანით მოვიდა, თვისი კი სადგომზე გაჩერებული ჰყავდა.
- ანა, რას ნიშნავს ეს ყოველივე? გეფიცები, გაოცებისგან ლამის დავეცი, - ირაკლიმ მაშინვე წამოიწყო ლაპარაკი, როგორც მანქანა დაძრა.
- იცანი? - კითხვა შეუბრუნა ანამ.
- რომ ვიცანი, იმიტომ გამიკვირდა. ეგ ის კაცი არაა, შენი გოგონას მამა?
- ჰო.
- მერე, რას ჩალიჩობ, ანა? როგორ მოხვდი მასთან ერთად რესტორანში? როდის მოასწარი მისი ახლოს გაცნობა? გამაოცე, მოკლედ, ნამდვილი მაფიოზა ხარ. არა, მაფიოზა კი არა, ალქაჯი ხარ.
- მერე ეს ალქაჯი რომ გიყვარს, არ გეშინია, რომ მოგაჯადოვოს? - გაიცინა ანამ და თავი მხარზე დაადო.
- მეტი რაღა უნდა მომაჯადოვო, დღისით შენს კვალს დავდევ, ღამე შენზე ვფიქრობ და ახლოს ვერ გეკარები. კიდევ მოჯადოვება მინდა?
- გაივლის, გაივლის ყველაფერი და საუცხოოდ აეწყობა საქმე, - დააიმედა ანამ.
მერე მოუყვა, როგორ აღმოჩნდა რამაზთან ერთად რესტორანში და ირაკლის გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა.
ანამ რატომღაც მოიწყინა და ყურები ჩამოყარა. თვითონაც არ იცოდა მიზეზი... მარტო ის იცოდა, რომ ახლა მარტო ყოფნა უნდოდა... იკამ სახლამდე მიიყვანა და დაემშვიდობა...

ხმა არვისთვის გაუცია, ერთი თქვა, დავიღალეო და თავის ოთახში გავიდა. არავის შეუღია მისი ოთახის კარი, მხოლოდ ნინო შეეხმიანა გარედან, ხომ არ გშიაო. ყველამ იცოდა, რომ როცა ანა ასეთ გუნებაზე იყო, ხმა არ უნდა გაეცათ.
ანამ კარგა ხანს იკოტრიალა საწოლზე, მერე ტელევიზორს უყურა, მაგრამ გუნება არ გამოუკეთდა, ცდილობდა, არანაირ პრობლემაზე არ ეფიქრა. გადაწყვიტა, ოჯახის წევრებთან გასულიყო, მაგრამ მერე ესეც გადაიფიქრა... სახლში სიჩუმე ჩამოვარდა... "ალბათ ყველამ დაიძინა", - გაიფიქრა ანამ და მობილურზე საათს დახედა. არ უყვარდა კედელზე ჩამოკიდებული სასთის წიკწიკი... ამიტომ არასოდეს ჰქონდა ოთახში. ღამის პირველი საათი იყო...
"რა დრო გასულა! ემოციებმა ბოლო მომიღო... როგორ დავიღალე... დასვენება მჭირდება" - გაიფიქრა ბალშზე ზურგით მიყრდნობილმა და ტელევიზორში არხებს კიდევ ერთხელ ჩამოუარა. მერე დასვენებაზე ბათუმი გაახსენდა...
"ისე, ზღვაზე კი დავისვენებდი რამდენიმე დღე... ხვალ წავალ... არა, ხვალ რატომ? ახლავე წავალ", - გადაწყვეტილება უეცრად მიიღო, გუნებაც უცებ გამოუკეთდა. რამოდენიმე ხელი ტანისამოსი ჩანთაში ჩაყარა, საცურაო კოსტიუმებიც მიაყოლა, მანქანის გასღებს ხელი დაავლო და შინიდან ქურდივით, უხმაურიდ გაიპარა.

"გული მიგრძნობს, ახალი თავგადასავალი მელოდება, ამ რამდენიმე დღეში!" - ჩაილაპარაკა და ადგილიდან დაიძრა.
ანამ მთელი ღამე იარა და გამთენიისას, როგორც იქნა, ბათუმში ჩააღწია. ქალაქი მოიარა და იმ სასტუმროსთან გაჩერდა, რომელიც გარედან მოეწონა. ნომერი აიღო, ბარგი დააბინავა და ცოტა ხნით მიწვა. დაღლილს მაშინვე ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა, ძლივს გაიხსენა, სად იმყოფებოდა. "რა ჯანდაბამ წამომიყვანა წუხელ?! - გაიფიქრა და მობილურს დახედა. არც ერთი ზარი არ იყო შემოსული. - ჯერ სძინავთ. მთელი დღე რომ არ გამოვჩნდები, მერე ატყდება განგაში. თუმცა არც არავის გაუკვირდება... არა, ირაკლი გაგიჟდება. ის არ არის მიჩვეული ჩემს ასეთ გამოხდომებს". სასწრაფოდ წამოდგა, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ზემოდან თხელი სარაფანი, სასტუმროს რესტორანში ყავა დალია და პლაჟზე გავიდა.
სასტუმრო ისეთ ადგილას იყო აშენებული, რომ მისი უკანა მხარე პირდაპირ პლაჟზე გადიოდა და ზღვას პატარა ხიდით უერთდებოდა... ხიდზე ცოტა ხანს გაჩერდა და ზღვას გახედა. დამსვენებლები ახლა იწყებდნენ გარეთ გამოსვლას. თუმცა პლაჟი ხალხით სავსე იყო მაინც. თავისუფალი ადგილი მოძებნა და თავისი ნივთები დააწყო. შემდეგ შეზლონგი მოათრია და წყალში შევიდა.
ანა კარგი მოცურავე იყო. ცოტა შესცივდა, სანამ ცივ წყალს შეეგუა, შემდეგ კი ლაღად გაცურა. კარგა შორს გავიდა. ნაპირს რომ გამოხედა, შეშინდა კიდეც და სასწრაფოდ უკან გამოცურა. შეზლონგზე მოთავსდა, ხელები ძირს ჩამოყარა და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში იგრძნო, რომ ვიღაცის ჩრდილი წამოადგა თავს. ახედა. მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. ანამ ლამის ხმამაღლა გადაიხარხარა: კაცს ვარდისფერი ტრუსი ეცვა და ისე "კეკლუცად" გამოიყურებოდა, კომპლიმენტის თქმაც კი მოგინდებოდა.
- გაგიმარჯოს, - მის სალამს უპასუხა.
- ამ სასტუმროში გაჩერდით, ხომ? - მამაკაცმა ხელი გაიშვირა და მის წინ ჩაცუცქდა.
- დიახ.
- მეც.
ანამ თავი შეაბრუნა, რომ აბეზარი თავიდან მოეშორებინა და ეგრძნობინებინა, რომ ლაპარაკი დასრულდა.
იმან მეორე მხრიდან მოუარა.
- საღამოს რესტორანში ვიქნები და იმედია, შევხვდებით, - რაღაცნაირად, ირონიულად გაიცინა მამაკაცმა და წავიდა.
ანას მოსწყინდა მარტო ყოფნა და გადაწყვიტა, ქალაქის დასათვალიერებლად წასულიყო. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბათუმში ნამყოფი არ იყო. თავიდანვე შენიშნა, რომ ქალაქი შეცვლილიყო და უამრავი კარგი რამ გაეკეთებინათ... ჰოდა, რადგან გარუჯვაც მაინცდამაინც არ უყვარდა, ტანისამოსი გამოიცვალა და გადაწყვიტა, იქაური ნაცნობები მოენახულებინა.

გეზი ნატოს სახლისკენ აიღო. მარტო სიარულს, მასთან ერთად სერინობა ერჩივნა.
"გაგიჟდება, რომ დამინახავს. რამდენი წელია, არ მინახავს", - ფიქრობდა და მომავალი შეხვედრის სცენით წინასწარ ტკბებოდა. კარი შუა ხნის ქალმა გაუღო. როდესაც ნატო იკითხა, ქალს ყბა და ხელები აუკანკალდა, კედელს მიეყრდნო და ცრემლები თავისით ჩამოუგორდა.
- რა ხდება? ცუდი ამბავია? - ანა დერეფანში შევიდა და ქალს ხელი შეაშველა.
ლასლასით მიმავალ ქალს უკან გაჰყვა. ის სამზარეულოში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა. ანას ხელით ანიშნა, მის პირდაპირ დამჯდარიყო.
- თქვენ ნატოს დედა ხართ, ხომ? - ძლივს იცნო ნაადრევად დაბერებული და გაჭაღარავებული ქალი. - როგორ შეცვლილხართ! ნატო სადაა?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- როგორ თუ არ იცით?
- 3 წელია, არ გამოჩენილა. გავიდა, დაიბარა, 1 საათში მოვალო და დღემდე არ ჩანს.
- მერე პოლიციაში არ განაცხადეთ?
- ეჰ, განცხადება რას უშველის?! - ქალი ლოყაზე ჩამოდენილ ცრემლს ხელისგულებით იწმენდდა. - ცოტა ხანს ეძებეს, მერე კი ხელი ჩაიქნიეს. არადა, ვიცი, რომ ცოცხალია, ნამდვილად ვიცი. სიზმარში ვხედავ ხშირად და დანამდვილებით ვიცი... ამ ცოტა ხნის წინ ვიღაც ქალის გვამი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მასში ნატო ვერ ამოვიცანი, დამარწმუნეს, რომ ნამდვილად მისი გვამი იყო. საქმე აღძრეს მკვლელობის მუხლით და გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს გვამი არ იყო. გვამი კი არა, ჩონჩხი უფრო ითქმის, რადგან მხოლოდ ძვლები იპოვეს. არც ტანისამოსის ნაგლეჯი იყო სადმე და არც სამკაული, რომ ამით მაინც შემძლებოდა ამოცნობა.
- თქვენ რას ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს, თუ, როგორც ამბობთ, ცოცხალია? - ანა გაოგნებული იყო მოსმენილისგან და უკვე გეგმაც კი ჰქონდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.
- არ ვიცი, შვილო, - ქალმა ანა ვერც კი იცნო, მაგრამ გული მაინც გადაუშალა. თითქოს მისთვის სულ ერთ იყო, ვის ელაპარაკებოდა. მისი მიზანი გულის მოოხება და საწუხარის ბოლომდე თქმა იყო...
ანა დიდხანს აღარ გაჩერებულა. იქიდან გამოსული პირდაპირ პოლიციის განყოფილებას მიადგა. იქ როცა შეიტყვეს, თუ რა აინტერესებდა, მკვლელობების განყოფილბაზე მიუთითეს.
ახალგაზრდა მამაკაცმა თავაზიანად მიიღო და მისვლის მიზეზიც ჰკითხა. თუმცა ვერანაირი ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, გარდა იმისა, რაც ნატოს დედამ უთხრა.
- კერძო დეტექტივს ავიყვან და იმედია, თუ დახმარება დასჭირდება, უარს არ ეტყვით, - უთხრა ანამ დამშვიდობებისას.
- სიამოვნებით, - უპასუხა პოლიციელმა, მაგრამ სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ქალი მიხვდა - ეს მხოლოდ ზრდილობის გულისთვის თქვა.
- გპირდებით, თუ საქმეს გახსნის, თქვენ "დაგაბრალებთ": მე უბრალოდ, სიმართლის დადგენა მსურს, "დაფნის გვირგვინი" ვის შეხვდება, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
- კარგი, - მამაკაცი გამოცოცხლდა.
ანამ მისი გამოწვდილი მარჯვენა არაფრად ჩააგდო და კარი გამოიხურა.
ცოტა ხანს ბულვარში ისეირნა, მერე სასტუმროში დაბრუნდა.
"სადაც წავედი, ყველგან ცუდი ამბავი მხვდება. უკვე მეშინია კიდეც, ძველი ახლობლები მოვიკითხო".
ნატო გაახსენდა. ისინი ერთად სწავლობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში. მეგობრობდნენ კიდეც. ერთ დღეს კი ხმა დაირხა, ნატო გააუპატიურეს და სასწავლებლად აღარ დაბრუნდება, საბუთები გაიტანა და ბათუმში დაბრუნდაო. მაშინ ანა შინიდან დავითს გაეპარა და ნატოს ჩააკითხა. მაგრამ გოგონას ვერაფერი ათქმევინა. დედა მყავს ავად და მას უნდა მივხედოო, - ასე ხსნიდა უნივერსიტეტიდან წამოსვლის მიზეზს...
"ნეტავ ამ ამბის გაგრძელება ხომ არაა ის, რაც მერე მოხდა?" - გაიფიქრა და გადაწყვიტა, მეორე დღესვე მოეძებნა კერძო გამომძიებელი და, თუ როგორც დედამისი ამბობდა, ნატო ცოცხალი იყო, მის მოძებნაში დახმარებოდა.
გაახსენდა, რომ მთელი დღე მშიერი იყო და რესტორანში ჩავიდა. ცოტა ხანში, ჭამაში გართულ ანას ის მამაკაცი წამოადგა თავზე, რომელიც პლაჟზე გამოელაპარაკა. თუმცა მაშინვე ვერც კი იცნო.
- აა, მობრძანდით? - ისევ ისეთი ირონიული ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
- თქვენ ვინ ხართ? - ანამ განგებ გაითამაშა - ვითომ ვერ იცნო.
- დილით პლაჟზე რომ შევხვდით, - მამაკაცი ჩაცმული უფრო დიდი ჩანდა, უფრო ძლიერი და დაკუნთულიც; შიშველს ასეთი ეფექტი არ მოუხდენია.
- აა, ჩაცმული ვეღარ გიცანით, უკაცრავად, - სახეზე სინანული გამოეხატა, - იმ ვარდისფერი ტრუსით რომ მოსულიყავით, აუცილებლად, დანახვისთანავე გიცნობდით, რადგან არა მგონია, კიდევ ვინმეს ეცვას ვარდისფერი ტრუსი, თქვენ გარდა, - დამცინავი იყო, რადგან მისი ღიმილი აღიზიანებდა და ახლა მამაკაცის დამცირებას ცდილობდა, რომ ეგრძნობინებინა, მასთან საერთო არაფერი ექნებოდა.
- თქვენ ანა ხართ, ხომ? უცნაური გვარი კი გაქვთ - კალდერონი. სადაური გვარია, თუ საიდუმლო არ არის?
- ესპანური. კეთილშობილი გვარია, - ანამ გაოცების დამალვა მოახერხა.
- ჰოო... ეს გვარი როგორ მიითვისეთ?
- ნუთუ ამის დადგენა გაგიჭირდათ?! მანქანის ნომრით ვინაობის დადგენა რთული არაა. სამაგიეროდ, გვარი ვისგან მივითვისე, ეგ მართლა ძნელია, გაიგოთ.
- სამაგიეროდ, ის ზუსტად ვიცი, რომ თქვენი მანქანის უცნაური ნომერი შურის მაძიებელ ქალს ნიშნავს, ლათინურიდან თუ ვთარგმნით, - მამაკაცმა თვალები მოჭუტა. თითქოს ანას გაოცება ჰქონდა მიზნად დასახული და თავისი ნათქვამი თითოეული წინადადების შემდეგ ისეთ ხანგრძლივ პაუზას აკეთებდა, ნამდვილად, აპლოდისმენტებს ელოდა.
- ეს კი უკვე ინტერნეტის "დამსახურებაა" და იმ ლეპტოპის, რომელიც ნომერში დატოვეთ, - ანა უფრო ახერხებდა მის გაოცებას.
- საიდან იცით?
- "ფლეშკა" "გიჩანთ", - ანამ ხმამაღლა გადაიხარხარა და მამაკაცს მაგიდაზე დადებულ, მანქანის გასაღებზე მიუთითა, რომელზეც "ფლეშკა" იყო მიბმული.
- ანა, თუ საიდუმლო არ არის, ვისზე აპირებთ შურისძიებას?
- ზედმეტად ცნობისმოყვარე ხართ.
- ჩემი მოვალეობაა, ცნობისმოყვარე ვიყო.
- აგენტი 007 ხართ? - ანა თან გემრიელად ილუკმებოდა. მამაკაცის დაპატიჟება კი აზრადაც არ მოსვლია, ვიდრე მიმტანმა არ შეახსენა, მეორე თეფში ხომ არ მოვიტანოო?
- დამეწვევით, ახალგაზრდავ? - ყასიდად შესთავაზა ქალმა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცი უარს ეტყოდა.
- დიახ, სიამოვნებით, - მიწვევა მიიღო, - 007 არა, ვინაიდან აგენტის ნომერში ორი ნული იმას ნიშნავს, რომ მას მოკვლის უფლება აქვს, მე კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ შემიძლია.
- მოკლედ, ასე... აგენტი ხართ, მაგრამ მოკვლის უფლება არ გაქვთ. სწორად გავიგე?
- მთლად სწორად - არა, მაგრამ არა უშავს, მაგაზე დროს ნუ დავხარჯავთ.
- "დროის დახარჯვა" ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უადგილო ტერმინია. დროს მაშინ ხარჯავ, როცა მას იყენებ და რაიმე სასარგებლო საქმეს აკეთებ. ახლა მეც და თქვენც დროს ვკარგავთ. ეს სხვადასხვა რამ გახლავთ.
- ფილოსოფოსობაც გყვარებიათ...
- შეიძლება, რაღაც გკითხოთ? - ანას თვალებში ისეთი ეშმაკუნები ჩაუსახლდნენ, აშკარა იყო, რაღაც ჩაიფიქრა.
- გისმენთ.
- მაინტერესებს, ვარდისფერ ტრუსს რატომ ანიჭებთ უპირატესობას?
- ანა, მე ის უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუ რისთვის ხართ აქ ჩამოსული.
- ღმერთო ჩემო, რა უაზრო კითხვაა! რისთვის შეიძლება ადამიანი ბათუმში ჩამოვიდეს? დასასვენებლად, რა თქმა უნდა.
- პასუხი არც ისე დამაჯერებელია, - ანას ამ მამაკაცის საქციელი უკვე ნერვებს უშლიდა, - მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი, ძვირად ღირებული მანქანით და მასზე მიმაგრებული უცნაური ნომრით, სრულიად მარტო ჩამოდის "სიყვარულის ქალაქში" და ამაში საეჭვო არაფერია?
- კი, როგორ არა. მე უცხოეთის აგენტი ვარ და ახლად გაკეთებული ბულვარის აზომვა მაქვს დავალებული, - ჩურჩულზე გადავიდა ანა, - იცი, რა? ეეჭვებათ, რომ ბულვარის სიგრძე მთელი 20 სანტიმეტრით მოკლეა, ვიდრე სტანდარტითაა გათვალისწინებული.
- ხუმრობის გუნებაზე ხართ? - მოიღუშა მამაკაცი.
- აბა, როგორ გუნებაზე შეიძლება ვიყო?.. თქვენნაირი ხუმარას გვერდით ადამიანი არ მოიწყენს, - ანა უცებ დასერიოზულდა, - და დიდხანს აპირებთ ოხუნჯობას? თუ გამეცლებით და მშვიდად ვახშმობის საშუალებას მომცემთ?
მამაკაცი წამოდგა და დაუმშვიდობებლად გაეცალა.ანას მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა მობილური, რომელიც დილის აქეთ ნომერში ჰქონდა დატოვებული და ვინ იცის, იმდენი ზარი იყო შემოსული, რომ გადახურდებოდა კიდეც...
მართლაც, მისთვის ყველას დაურეკავს - მობილურზე 114 უპასუხო ზარი იყო შემოსული.
ჯერ შინ დარეკა და ნინო და ციცო დაამშვიდა, საქმეზე ვარ ქალაქიდან გასული და რამდენიმე დღეში დავბრუნდებიო.
შემდეგ, ის იყო, ირაკლის ნომერი აკრიბა, რომ იმან თავად დარეკა.
- სად ხარ, ადამიანო, სად? სულ შენს ძებნაში უნდა ვიყო?! პატარა ბავშვივით ხარ, ანა, ჯიუტი და თავნება. რა საქმე გქონდა ისეთი, რომ ტელეფონს არ იღებდი და დღის განმავლობაში 2 წუთი ვერ გამოძებნე, რომ თავად დაგერეკა?! უზომოდ გაბრაზებული ვარ და არ ვიცი, ამას როგორ გამოისყიდი. ახლა სად ხარ?
- დაასრულე ლანძღვა? - სიცილით უპასუხა ანამ.
- ჰო, - "გაბუტული" ხმა ჰქონდა ირაკლის.
- ტელეფონი დილით სასტუმროში დამრჩა და ახლაღა შემოვედი, მთელი დღე გასული ვიყავი, - თან, გაბრაზება ახლა ნახეო, გაიფიქრა.
- რომელ სასტუმროში?! ეს რა, სიურპრიზია?! სად ხარ, ადამიანო, სასტუმროში რა გინდა?! სახლი არ გაქვს?
- ისე, კარგი იდეაა, აუცილებლად ვიყიდი ბათუმში სახლს და სასტუმროში ღამის გათენება აღარ დამჭირდება. დღესვე მოვაგვარებ მაგ საქმეს.
- ბათუმში რა გინდა?! გუშინ საღამოს მე მიგაცილე სახლში... საღამოს კი არა, შუაღამე იყო ლამის და ასე უცებ მანდ როგორ გაჩნდი?!
- საქმე მქონდა.
- ანა! - სასოწარკვეთილმა ჩასძახა ტელეფონს ირაკლიმ.
- ირაკლი, მართლა საქმე მაქვს. წუხელ წამოვედი. დილით აქ ვიყავი უკვე.
- გუშინ არ იცოდი, საქმე რომ გქონდა?
- არა.
- რა საქმე გაქვს?
- უნდა დავისვენო რამდენიმე დღე.
- ჰო, გადაუდებელი საქმე გქონია მართლაც... გადამრევს ეს გოგო!.. - ჩაილაპარაკა. - კარგი, დროებით. ტელეფონი არ გამორთო, კიდევ დაგირეკავ.
ანას სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა. თავისი ასეთი უცნაური ქცევებით ხალხს შოკში აგდებდა. ეს იცოდა, მაგრამ განგებ როდი იქცეოდა ასე. დაგეგმილი ცხოვრება არ მოსწონდა და ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც იმ წუთში სურდა. ზოგს ეს თავნებობად მიაჩნდა, ზოგს სიჯიუტედ, ზოგი ამას სვანურ ხასიათს აბრალებდა, მაგრამ ანასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა...
მოგვიანებით ისევ სასეირნოდ გავიდა. სასტუმროს ჰოლიდან თვალი ჰკიდა კარიდან გასულ, "ვარდისფერტრუსიან მამაკაცს". მართალია, ამჯერად ტრუსით არ იყო, მაგრამ ვინაიდან მისი სახელი არ იცოდა, სწორედ ასე შეარქვა. შეიცადა, რომ იმას არ დაენახა...
მამაკაცმა სადგომიდან ვერცხლისფერი "აუდი" გამოიყვანა და გზას გაუყვა.
ანამ მანქანის ნომერი დაიმახსოვრა და ზვიადთან დარეკა.
- ანა, მთელი დღეა, გირეკავ, გეძებ, სად ხარ? - შეშფოთებული ხმით იკითხა გამომძიებელმა.
- ბათუმში ვარ, ზვიად, და მჭირდები. თუ ფირმაში გადაუდებელი საქმე არ გაქვს, იქნებ ჩამოხვიდე?
- როდის?
- ხვალ დილით ადრე რომ წამოხვიდე, შუადღისას აქ იქნები. ახლა მითხარი, შენ რატომ მეძებდი?
- ჰო, ანა. ბელას ბებია ცუდადაა. ექიმმა თქვა, 2 კვირაზე მეტხანს ვერ
გაატანსო და მინდოდა, ეს მეთქვა.
- მისგან შვილად აყვანის ნებართვა გვაქვს?
- კი, ეგ დაწერა და ნოტარიულადაც გავაფორმეთ. 2 მოწმეც გვყავს, ყოველი შემთხვევისთვის, - პალატის ექიმი და განყოფილების გამგე დავასწარით.
- კარგი. მითხარი, რას იზამ?
- ხვალ დილით წამოვალ. დაგირეკავ გამოსვლისას, ვიცი, მაინც ადრე იღვიძებ.
- გელოდები, ზვიად, მაგრამ ვიდრე წამოხვალ, ერთი რამ უნდა გამირკვიო, - ანამ "ვარდისფერტრუსიანის" მანქანის ნომერი ჩააწერინა და სთხოვა, გაეგო, ვინ იყო ეს კაცი, და რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მოეგროვებინა მასზე...
კარზე კაკუნმა გამოაღვიძა. მზე კარგად ამოწვერილიყო უკვე. საათს დახედა - დილის 7 იყო. გაუკვირდა: ვინ უნდა ყოფილიყო ასე ადრე?.. მერე იფიქრა, ზვიადი იქნებაო, მაგრამ ისიც გაახსენდა, რომ მისთვის არ უთქვამს, სად გაჩერდა. ისიც კი გაიფიქრა, მომესმაო, მაგრამ კაკუნი გამეორდა.
ხალათი შემოიცვა და კარი გააღო. ზღურბლზე, ყურებამდე გაღიმებული ირაკლი იდგა.
- გეგონა, ვერ მოგაგნებდი?! - მიპატიჟებას არც კი დალოდებია, ისე შეაბიჯა ოთახში.
- როგორ გაიგე, სად ვიყავი?
- ეს იოლია... - მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია ანას, მიიხუტა და მის სურნელოვან თმაში ჩამალა ცხვირი. - ვიცოდი, კარგ სასტუმროს აირჩევდი. ასეთი კი ბათუმში რამდენიმეა... ეზოში შენი მანქანის ცნობას რაღა უნდა?! ჰოდა, მოგაგენი, - ჩურჩულზე გადავიდა.
- არ გელოდი, - ჩახლეჩილი ხმით უთხრა ანამ.
- არ გაგიხარდა? - ისევ ჩასჩურჩულა მამაკაცმა და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე. მერე მისი ტუჩები მოძებნა...
ანა მამაკაცის ნებას დაჰყვა. გაირინდა და მოწყურებულივით დაეწაფა საყვარელი კაცის ბაგეს.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ირაკლი ქალს ხელს არ უშვებდა. საშუალებას არ აძლევდა, ტელეფონისთვის ეპასუხა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ანა მობილურს დასწვდა
- სად მოვიდე? - ზვიადი იყო.
- უკვე ბათუმში ხარ? - ანა ცდილობდა, მოეშორებინა ზურგზე აკრული ირაკლი, რომელიც იხუტებდა და ხარბად უკოცნიდა კისერსა და მხრებს.
- ჰო, ბათუმში ვარ.
- გავიგებ, ჩემს სასტუმროში თუა თავისუფალი ნომერი, აგიღებ და აქ მოდი, - ქალმა სასტუმროს მისამართი უკარნახა.
ირაკლიმ უეცრად შეუშვა ხელი და უკმაყოფილო სახე მიიღო.
ფანჯარასთან მივიდა, ჯერ გარეთ გაიხედა, მერე რაფას ზურგით მიეყრდნო და ანას გახედა.
- ეგ ვინღაა?
- ზვიადია, გამომძიებელი.
- უმაგისოდ არსად დადიხარ?
- რატომ მიბრაზდები? იმედია, მასზე არ ეჭვიანობ.
- არა, მაგრამ მეგონა, ახლა მაინც არავინ შემიშლიდა ხელს... მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, ოთახში შემოვიდოდი თუ არა, მაშინვე კარს გადავკეტავდი და ალერსით დაგახრჩობდი... აღმოჩნდა - სულ ტყუილად. ეს ზვიადი ფეხდაფეხ მომყვა და ახლა 10 წუთში აქ იქნება. გაგონილა?! - ირაკლიმ ისე საყვარლად გაშალა ხელები, რომ ანამ თავი ვერ შეიკავა და ჩაკოცნა.
- ნუ ბუზღუნებ, სად გაგექცევი?! - ქოჩორი მოუჩეჩა.
ტანისამოსი გამოიცვალა და ქვევით ჩავიდა. ზვიადი სწორედ ისეთ დროს შევიდა ფოიეში, როცა ანა პორტიეს გასაღებს ართმევდა.
ერთად აუყვნენ კიბეს. ანამ ნომრამდე მიაცილა და შეჰყვა კიდეც.
- რა ქენი? გამიგე, რაც გთხოვე? - ვერ მოითმინა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- კი. ეგ მანქანა ჟურნალისტს, ვანიკო თუთბერიძეს ეკუთვნის. აი, მისი პასპორტის ასლიც.
ანას მისი ფოტოსურათის ქსეროასლი უჩვენა.
- ისაა, - ჩაილაპარაკა ანამ.
- სხვათა შორის, კოლეგები საკმაოდ ხისტ პიროვნებად ახასიათებენ. ცნობილია სკანდალური სტატიებით. ახლა ტელევიზიისა და პრესის შეთავსებას ახერხებს და ორივეგან თავს ისე გრძნობს, როგორ თევზი - წყალში. შენთან რა შეხება აქვს?
- ამ სასტუმროში ცხოვრობს და გუშინ მოსვენება არ მომცა. თან ჩემზე ინფორმაცია მოუგროვებია. ეს ამბავი არ მომწონს.
- რა უნდა დაგიშავოს?
- არაფერი, მაგრამ შესაძლოა, ხელი შემიშალოს... კარგი, ახლა დაგტოვებ და ნახევარ საათში რესტორანში შევხვდეთ.
ირაკლი ოთახში აღარ დახვდა. ტელეფონზე მესიჯი დაეტოვებინა, ყავის დასალევად ჩავდივარ და ზვიადთან ჭუკჭუკს რომ მორჩები, რესტორანში ჩამოდიო. ანა რამდენიმე წუთში ქვევით იყო. ადგილზე გაშეშდა: ირაკლის მაგიდასთან "ვარდისფერტრუსიანი მამაკაცი" იდგა და რაღაცას ელაპარაკებოდა.
ანამ ცოტა ხანს შეიცადა და შორიდან დააკვირდა ირაკლისა და "ვარდისფერტრუსიანი" მამაკაცის ლაპარაკს. ისინი ერთმანეთს თბილად უღიმოდნენ და მეგობრულად საუბრობდნენ. ქალს მოსწყინდა სამალავში დგომა და ირაკლისკენ მტკიცე ნაბიჯით გაემართა. მამაკაცი წამოდგა და შეეგება.
ვანიკომ ანას დანახვაზე გაიღიმა და გვერდზე გადგა. ანამ მას ხელი ჩამოართვა და სკამზე მოკალათდა.
- თქვენ ერთად ხართ? - ჟურნალისტმა ირონიულად ჩაიცინა.
- დიახ, შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ სასტუმროში, ისე კი ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ.
- კარგი, აღარ მოგაცდენთ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ, - ვანიკო წყვილს გაეცალა.
- იცნობ ამას? - ანამ თავი იქით გააქნია, საითაც მამაკაცი წავიდა.
- დიდი ხანია.
- მერე?
- მერე არაფერი. ადრე ჩემთან ინტერვიუ გააკეთა. მაშინ "დავმეგობრდითსავით".
- ენდობი?
- ჟურნალისტები სანდო ხალხი არაა, მაგრამ არა მგონია, რამე დაგვიშავოს. რატომ შეშფოთდი ასე?
- გუშინ მთელი დღე ვერ მოვიცილე. უამრავ კითხვას მისვამდა და მომეჩვენა, რომ ძალიან მიკირკიტებდა.
- ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ: შენ ხომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, ის კი ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელიც შენთან დაახლოებას ცდილობდა.
- არა მგონია, ასე იყოს საქმე, - ანამ თავი გადააქნია.
- მოვედი! ირაკლი, გამარჯობა, - ზვიადმა ხელი გაუწოდა.
მამაკაცები ერთმანეთს მიესალმნენ. საუზმის განმავლობაში ანას ენა არ გაუჩერებია. ზვიადს ნატოს შესახებ უამბო და სთხოვა, ამ საქმისთვის ხელი მოეკიდა.
ანამ თავისი წინა დღის ჩანაფიქრის განხორციელებაზე ზრუნვას მიჰყო ხელი და საუზმის შემდეგ ირაკლისთან ერთად, მთელი დღე გასაყიდი სახლების დასათვალიერებლად დადიოდა. დღის ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერა არჩევანი. ბათუმის გარეუბანში, უზარმაზარი კერძო სახლი მოეწონა, ძალიან ლამაზი ეზოთი და აუზით. სახლი ავეჯითაც გაწყობილი იყო.
- ამას ვყიდულობ! - გამოუცხადა უძრავი ქონების ფირმის თანამშრომელს, რომელიც მთელი დღე მის დევნაში დაღლილიყო და ახლა მოწყენილი სახით იდგა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ანა ამ სახლსაც დაიწუნებდა ან ფასს ვერ შესწვდებოდა და ტყუილად ათვალიერებდა ყველაფერს ასე გულდასმით.
- გილოცავთ, ქალბატონო! - უცებ გამოცოცხლდა კაცი და გახარებულმა, მაშინვე ხელშეკრულების გაფორმება მოინდომა, მაგრამ ანამ დაღლილობა მოიმიზეზა და ეს საქმე მეორე დღისთვის გადადო.
საღამოს, ვახშამზე ზვიადის ანგარიში მოისმინა, თუმცა ახალი ვერაფერი გაიგო.
- ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა, - დამნაშავესავით იმართლა თავი ზვიადმა და უხერხულად ჩაახველა, როცა ანას უკმაყოფილო მზერა შენიშნა.
- კარგი, თავს ნუ იმართლებ, მე ხომ არ გსაყვედურობ, - ანამ ხელზე ხელი დაადო, - გვიანია უკვე, მგონი დროა, დავიშალოთ, - ანა წამოდგა. მამაკაცები უკან მიჰყვნენ.
"მეგონა, რომ პირველივე დღე შედეგს მოგვცემდა და ნატოს შესახებ რამეს მაინც გავიგებდი. რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს გოგო ასე უკვალოდ გამქრალიყო? ნეტავ, მართლა ცოცხალი იყოს და ზვიადი მიწიდან ამოთხრის. მთავარია, რაიმე ძაფს ჩაეჭიდოს, რომ ხელმოსაჭიდი ჰქონდეს", - ფიქრობდა ანა.
ის ზღვის ნაპირზე იჯდა და კენჭებს წყალში ისროდა. მთვარე არემარეს ანათებდა და ზღვაზე გრძელ, ნათელ ბილიკს ტოვებდა. ანა სასტუმროდან გამოპარული იყო და ზღვასთან განმარტოვდა. ფიქრით წარსულში მოგზაურობდა და სტუდენტობის წლებს იხსენებდა... სტუდენტობამ ლევანი გაახსენა, ლევანმა - ანა... გული სასიამოვნოდ მოეწურა...
- ანა, აქ რას აკეთებ? მთელი საათია, დაგეძებ, ბოლოს ვიფიქრე, რომ აქ იქნებოდი და მოგაგენი კიდეც, - ქალს ირაკლი წამოდგომოდა თავს.
- ვფიქრობ.
- რაზე, თუ საიდუმლო არ არის?
- ანაზე.
- რა გადაწყვიტე - როდის უნდა გაეცნო საკუთარ შვილს, როგორც დედა? - ირაკლი უკან მიუჯდა, ფეხები გაშალა, ანა ფეხებს შორის მოიქცია და ხელები მოხვია.
ანამ თავი მკერდზე მიაყრდნო და გაირინდა. კარგა ხანს ისხდნენ ასე. ირაკლი მის შიშველ მკლავს ხელს აყოლებდა, თავზე კოცნიდა და ისე ექცეოდა, თითქოს ანა სატირლად მომზადებული პატარა ბავშვი იყო და ნუგეში სჭირდებოდა. მამაკაცმა ხელები მკლავების ქვეშ გაუტარა და წელზე მოხვია. თითქოს მარწუხებში მოიქცია. შემდეგ ხელი მკერდზე ააცოცა და ქალი მკლავზე გადაიწვინა...
კარგა ხანს გაგრძელდა მათი ალერსი. ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი ანას თმას უწეწავდა და ქალის ბაგეთაგან აღმომხდარი კვნესის ხმა შორს მიჰქონდა...
- წავიდეთ, ანა, ნომერში ავიდეთ, - მამაკაცი ძლივს მოწყდა საყვარელი ქალის ბაგეს, რომ ეს რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩურჩულით...
დილით ანამ გვერდი იცვალა და შეეცადა, თავისი საყვარელი პოზა მიეღო - მას პირქვე ძილი უყვარდა. ერთ ფეხს გაშლიდა, მეორეს კი ბალერინასავით მოხრიდა და მთელ საწოლს იკავებდა. ახლა კი რაღაცამ ხელი შეუშალა. გაახსენდა, რომ ირაკლის გვერდით იწვა და თვალები უცებ გაახილა. მამაკაცს მშვიდად ეძინა, სახეზე მზის სხივი მისდგომოდა. ანამ საწოლში ხელი მოაფათურა და პულტი მოძებნა. ფარდები ბოლომდე დახურა, რომ მზეს არ შეეწუხებინა. შემდეგ მამაკაცს ჩაეკრო და სცადა, ძილი შეებრუნებინა. კარგა ხანს იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და გადაწყვიტა, ამდგარიყო. როგორც კი საწოლზე წამოჯდა და ფეხები ძირს ჩამოუშვა, ირაკლიმ მკლავზე ხელი სტაცა და უკან შეითრია...
თითქმის მთელი დღე ნომერში გაატარეს. გარეთ არც გაუხედავთ, საუზმეც და სადილიც იქვე შეუკვეთეს და საწოლში მიირთვეს. არც არავის შეუწუხებია, ზვიადი მხოლოდ საღამოს გამოჩნდა და ანას შეხვედრა სთხოვა.
არის რამე ახალი? - ზვიადის ოთახში ქარიშხალივით შეიჭრა ანა.
- ჰო, რაღაც სიახლე გვაქვს: ნატოს კვალს თურქეთში მივყავართ. დავადგინე ერთი ადამიანის კოორდინატები, რომელთანაც გოგონა კონტაქტობდა. ის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც თურქეთთან მჭიდრო კავშირი აქვს და ინფორმატორი ვარაუდობს, რომ სწორედ მან გადაიყვანა თურქეთში და გაყიდა. თავიდან თურმე ის გოგონას აშანტაჟებდა... არ ვიცი, რა ჰქონდა ხელჩასაჭიდი, მაგრამ რაღაც იცოდა ისეთი, რისი გამჟღავნებაც ნატოს არ სურდა და ინფორმაციის დაფარვაში ფულს სთხოვდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში თვეში 500 დოლარი მიჰქონდა თურმე მასთან.
- ეს კაცი ვინაა? სახელი და გვარი გაიგე? - ანა მონაყოლმა აღაშფოთა.
- კი, გოდერძი ქათამაძეა.
- გოდერძი ქათამაძე? - თავისთვის ჩაილაპარაკა ანამ. - რა ნაცნობი სახელი და გვარია...
- მეც მეცნო, მაგრამ საიდან - ვერ გავიხსენე.
- ზვიად, ეს ბელას დედას "სუტენიორი" ხომ არ არის? აბა, გაიხსენე, მე მგონი, ბელას ბებიამ სწორედ ეს სახელი და გვარი ახსენა. წესით, მეხსიერება არ უნდა მღალატობდეს.
- სწორია, ანა! - წამოიძახა გახარებულმა ზვიადმა. - მთელი დღე ვფიქრობ და ვერაფრით გავიხსენე, სად მქონდა გაგონილი. ახლა კი ეჭვი არ მეპარება, რომ ის არის.
- რა უნდა ვქნათ?
- ამ კაცის მისამართის გაგება საჭირო ხალხს დავავალე და იმედია, ხვალამდე ყველაფერს დავადგენთ. როგორც ვიცი, ბათუმელია. აქ უნდა ცხოვრობდეს.
- ჰოდა, ძალიან კარგი. მაშინ ხვალინდელი დღე ალბათ ბევრ რამეს მოფენს ნათელს. აქაური პოლიცია დაგეხმარა რამეში?
- კი, როგორ არა?! მისამართსაც ეგენი დამიდგენენ. თან მითხრეს, რომ შენ შეპირებიხარ, თუ საქმეს გავხსნი, მაგათ ჩაეთვლებათ.
- ჰო, მაგას უშენოდ შევპირდი, მაგრამ იმედია, ამის წინააღმდეგი არ იქნები.
- რა თქმა უნდა, არა, - გაიცინა გამომძიებელმა.
- ჰოდა, მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა.
ანა გავიდა. მთელი ღამე ზვიადის ნაამბობზე ფიქრობდა და ცდილობდა, წინასწარ გამოეცნო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ნატოს ცხოვრებაში და რა გადახდა თავს. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. შუადღეს ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
- ანა, ნომერში ხარ? - ზვიადი აღელვებული ჩანდა.
- ჰო, რა იყო? ხომ მშვიდობაა? - ანამ სახეზე ჩამოშლილი თმა ყურებზე გადაიწია და ირაკლის შეხედა. მას მშვიდად ეძინა.

ორიოდე წუთის შემდეგ, ზვიადი ოთახში ბოლთას სცემდა, ანა კი გაოცებული სახით დაჰყურებდა მის მიერ მოტანილ გაზეთს, სადაც პირველ გვერდზე მისი და ირაკლის სურათი იყო დაბეჭდილი: ვიღაცას იმ ღამეს გადაეღო, როდესაც ისინი მთვარის შუქზე ერთმანეთის ალერსში იყვნენ გართულები. სურათს უზარმაზარი სათაური ამშვენებდა - "Uლტრიხ! ვინაა ანა კალდერონი და რა აკავშირებს მას ირაკლი ნუცუბიძესთან".
მასალას ვანიკო თუთბერიძე აწერდა ხელს. მას ახლო ხედით გადაღებული, ანასა და მისი მანქანის ფოტოები ახლდა.
ქალი ცდილობდა, კითხვისას სიმშვიდე შეენარჩუნებინა; თავის შეკავებას ძლივს ახერხებდა. სტატიის ავტორს მის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოეპოვებინა... რაც მეტს კითხულობდა, მეტად ღიზიანდებოდა. შემდეგ, გაზეთი
ნერვულად მოჭმუჭნა, გამწარებულმა ნაკუწ-ნაკუწ აქცია და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ზვიადი ხმას არ იღებდა, ანას მოქმედებას თვალს ადევნებდა და ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რადგან გაბრაზებულ ანას პირველად ხედავდა და არ იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა მის ამა თუ იმ ქმედებაზე.

- კარგი, ზვიად, გმადლობთ, რომ დილაუთენია ასე გამახარე ამ პუბლიკაციით. ამ ნაბიჭვარს თავბედს ვაწყევლინებ, - ჟურნალისტს დაემუქრა ანა და მამაკაცს აგრძნობინა, რომ უნდა მარტო დაეტოვებინა.
ზვიადის წასვლისთანავე საძინებელში შევარდა, ტანისამოსი გამოიცვალა, თმა კუდივით გამოინასკვა და ვანიკოს ნომრისკენ მტკიცე ნაბიჯით გაემართა.
სახელური ისეთი ძალით დაქაჩა, ლამის ხელში შერჩა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. უკან გაბრუნდა და პორტიესთან იკითხა მისი ადგილსამყოფელი. აღმოჩნდა, რომ იმ დილით სასტუმროსთან ანგარიში გაესწორებინა და წასულიყო.
ანა თავის ნომერში დაბრუნდა და დივანზე გაგულისებული დაეხეთქა.
- რა ხდება? რატომ ხარ გაბრაზებული? - საძინებლიდან გამოსულმა ირაკლიმ გაზეთის ნახევებს დაასო თვალი, წამოკრიფა და მათი შეერთება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - აღარ იტყვი, რა მოხდა?
ანა დუმდა.

- კარგი, რადგან ხმას არ მცემ, მე თვითონ დავადგენ, - ირაკლი ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში უკან მობრუნდა. ხელში გაზეთი ეჭირა და პირველ გვერდს ინტერესით აკვირდებოდა.
- დატკბი? - ჰკითხა ანამ.
- ! - კბილებში გამოცრა მამაკაცმა.
- შენ კიდევ ამბობდი, არაფერს დაგვიშავებსო. თან, წასულა კიდეც. მაგრამ სად წავა?! საქართველოს ხომ ვერ გაცდება! - ანა სიბრაზისგან კბილებს აკრაჭუნებდა. - მე დღესვე მივდივარ თბილისში, - თქვა ბოლოს.
- მეც მოვდივარ. აქ უშენოდ ხომ არ დავრჩები. მაგრამ იქნებ, არ ღირს აჩქარება? 1-2 დღე გავჩერდეთ და მერე ჩავაკითხოთ. სად გაიქცევა?! თანაც, ეგ შენი საქმე არაა, მე დაველაპარაკები.
- არა, მე უნდა ვნახო! - გადაჭრით თქვა ქალმა.
- ანა, მომისმინე, საყვარელო. დაივიწყე, რომ მარტო იყავი და ყველაფერს თავად წყვეტდი და აკეთებდი. აქამდე თუ ქალიც იყავი და მამაკაციც, ახლა მხოლოდ ქალი იქნები. მამაკაცის საქმეს მე გავაკეთებ. ყველაფერს შენს თავზე ნუ იღებ, მეც დამაცადე.
- არ შემიძლია, ირაკლი. მე ჩემი ანგარიში მაქვს ცხოვრებასთან და იმ ადამიანებთანაც, ვინც რამეს დამიშავებს.
- ხანდახან მართლა მგონია, რომ კაცი ხარ, - თავი გააქნია ირაკლიმ.
- ხანდახან მეც ასე მგონია.
- მაშ, გამოდის, ხანდახან გეი ვყოფილვარ, - გადაიხარხარა მამაკაცმა.
- ხუმრობის გუნებაზე არა ვარ, - წარბი არ გაუხსნია ანას.
თუმცა ირაკლის დარიგება ყურად იღო და გადაწყვიტა, რამდენიმე დღე დარჩენილიყო. მანამდე ნატოს ამბავზეც რაიმე გაირკვეოდა.

ანა მთელი დღე ვერ იყო გუნებაზე. საღამოს კი ცოტა გამოუკეთდა ხასიათი და გადაწყვიტა, ირაკლისთან ერთად გაესეირნა. მაგრამ ზვიადის ზარმა ყველაფერი შეცვალა. ის შეხვედრას სთხოვდა.
- ანა, მისამართი გავიგე. ტელეფონის ნომერიც. ახლა ალბათ მასთან უნდა მივიდეთ. შესაძლოა, შენი დახმარება დამჭირდეს.
- კარგი, ერთად წავიდეთ. ოღონდ ირაკლის "მოვტეხავ", რომ არ აგვეკიდოს, - ანამ თვალი ჩაუკრა გამომძიებელს.
ცოტა ხნის შემდეგ საჭირო მისამართზე იყვნენ და კარზე აკაკუნებდნენ. შინ არავინ დახვდათ.
- ვის ეძებთ? - კარის მეზობელმა ქალბატონმა გამოხედა სტუმრებს.
- გოდერძის.
- თქვენი შვილი ან ნათესავიც ხომ არ წაუყვანია თურქეთში?.. ეგ მთელი დღე სახლში არაა, სულ გასულია და გვიან ბრუნდება, ისიც - ხანდახან.
- ბოლოს როდის ნახეთ? - ზვიადმა დრო იხელთა და ქალის გამოკითხვა გადაწყვიტა.
- ალბათ 1 კვირის წინ. სულ თურქეთშია: აქედან ახალგაზრდა გოგონები მიჰყავს და იქ ყიდის, მაგრამ ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ დანაშაულსაც ვერ უმტკიცებენ. იცის, ვინ უნდა წაიყვანოს...
- მაგას როგორ ახერხებს? - გაოცდა ანა.

- არ ვიცი, გენაცვალე. ყველამ იცის, ეს კაცი რითაა დაკავებული, მაგრამ ჯერ პასუხი ვერავინ აგებინა. თვითონ ის გოგონები არიან უარზე და არ უჩივიან. რას უკეთებს ასეთს, არ ვიცი.
- გმადლობთ, ქალბატონო.
- თქვენ პოლიციიდან ხომ არ ხართ? - დაინტერესდა ენაჭარტალა მეზობელი.
მისი კითხვა უპასუხოდ დატოვეს. გადაწყვიტეს, გოდერძის ტელეფონით დაჰკავშირებოდნენ და თუ მოახერხებდნენ, შეხვედრაზე დაეთანხმებინათ.
- უკაცრავად, გოდერძი ბრძანდებით? - ანამ ხმა შეიცვალა, თითქოს თავისი ხმით რომ დალაპარაკებოდა, გოდერძი იცნობდა.
- დიახ.
- მითხრეს, რომ შეგიძლიათ, თურქეთში სამსახური მიშოვოთ. თქვენი ნახვა მინდოდა.
გოდერძი ცოტა ხანს შეყოვნდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც გადაწყვიტა, შეხვედრაზე დათანხმებოდა.
ერთ საათში "ინტურისტის" შესასვლელთან ანა გოდერძის შეხვდა. ზვიადი კი იქვე იყო ჩამომჯდარი, თითქოს ქალს არც იცნობდა.
- ლამაზი ხარ. შენ სამსახურს იოლად იშოვი, - მუშტრის თვალით ახედ-დახედა მამაკაცმა, - მაგრამ რა გაგიჭირდა ისეთი, რომ თურქეთში წასვლა გინდა? - "შენობით" ფორმაზე გადავიდა გოდერძი.
- საქართველოდან უნდა წავიდე, - ანამ მიიხედ-მოიხედა და იდუმალი გამომეტყველება მიიღო, - ძებნილი ვარ, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე აქედან.
- ოო, ეს ლამაზი ქალი კრიმინალია?!. მკვლელი ხარ? - გოდერძიმ კბილები გამოაჩინა. - საღამოს აი, ამ მისამართზე მოდი და ყველაფერზე შევთანხმდებით. - მამაკაცმა ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ჩაუდო, რომელზეც ანასთვის კარგად ნაცნობი მისამართი ეწერა. თან თითებზე მოუჭირა და აგრძნობინა, რომ საღამოს უფრო "შინაურულად" დაელაპარაკებოდა.
გოდერძი პირველ სართულზე ცხოვრობდა. გადაწყდა, რომ ანა მასთან შევიდოდა, ზვიადი კი გარეთ დაელოდებოდა და ფანჯრიდან მიადევნებდა თვალყურს ოთახში განვითარებულ მოვლენებს, საჭირო დროს კი ანას მიეშველებოდა. მათ კაცის კუთხეში მომწყვდევა და ამ გზით, ნატოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება სურდათ.

გოდერძის სახლის კართან ანას ცოტა შიშმა დარია ხელი, მაგრამ არ შეიმჩნია. ჩანთაში ჩადებულ პისტოლეტს ხელი შეავლო, გარეთ მყოფ ზვიადს გახედა და ცოტა გული მოეცა. რამდენჯერმე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა.
მამაკაცი სიხარულით შეხვდა მის გამოჩენას და შინ შეიპატიჟა.
ოთახში კიდევ ერთი მამაკაცი დახვდა.
- დაჯექი, - დივანზე მიუთითა მასპინძელმა.
ანა ფრთხილად ჩამოჯდა, თითქოს ტანისამოსის დასვრის ეშინიაო.
- აბა, გვითხარი, ვისგან გარბიხარ, გენაცვალე, - გოდერძიმ სამზარეულოდან კონიაკის ბოთლი, ჭიქები და ხილი გამოიტანა.
- მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მე მინდა, რომ თურქეთში გადამიყვანოთ და სამსახურიც მიშოვოთ. დანარჩენი თქვენი საქმე არაა.
- კარგი, მაგრამ რადგან შენი საქმე ცოტა რთულადაა და შესაძლოა, საზღვარზე გაგაჩერონ კიდეც, სხვა გზით გადაყვანაა საჭირო. ამიტომ ეს ცოტა ძვირი დაგიჯდება, - მამაკაცმა ჭიქები შეავსო და ერთი ანას მიუჩოჩა.
- მაინც რამდენი? - ქალმა ჭიქა შორს გასწია: - არ ვსვამ, - დააყოლა ბოლოს.
- რამდენი და - 500 დოლარი.
- გასაგებია. ვიშოვი როგორმე.
- 500 დოლარი თითოს გვინდა, - ხმა ამოიღო მეორე მამაკაცმა და ანას მუხლზე ხელი დაადო.
ქალი დაიძაბა, ფეხი მოაშორა და ცოტა მოშორებით გადაჯდა.

- მაგრამ შეიძლება, სულაც უფასოდ გაგიკეთოთ... - კაცმა ნდომისგან ნერწყი გადაყლაპა და ქალს მოჭუტული თვალებით შეხედა.
- რას გულისხმობთ? - ანამ ჩანთა მოხერხებულად დაიდო მუხლებზე და ყოველი შემთხვევისთვის, ელვაშესაკრავი გახსნა.
- რას და, რასაც მამაკაცი ასეთი ლამაზი ქალისგან შეიძლება მოელოდეს, იმას თუ გაიმეტებ, მაშინ შენი "კაპიკიც" არ გვინდა, გაიგე, გოგონა?
კარზე დააკაკუნეს.
- გოგა იქნება, - თქვა გოდერძიმ და კარისკენ წავიდა.
ანას არ ესიამოვნა, ამდენ უცხო მამაკაცში მარტო რომ აღმოჩნდა.
უკან დაბრუნებულ მასპინძელს ახალგაზრდა მამაკაცი მოჰყვებოდა, რომელმაც ანას დანახვაზე ფართოდ გაიღიმა და ხელი ჩამოართვა.
"ამას აქ რა უნდა? ყველაფერი ჩაიშალა!" - გაიფიქრა ანამ და მიხვდა, რომ ახლა ცუდი ამბავი დატრიალდებოდა: გოგა მაკლერი იყო, რომლის დახმარებითაც ანამ ბათუმში სახლი იყიდა. ალბათ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა.
- აქ რა გინდათ, ანა? აქ როგორ მოხვდით? - მამაკაცმა კიდევ ერთხელ გულიანად გაუღიმა.
- თურქეთში უნდა გადასვლა, დასახმარებლად მოგვმართა, - ანას ნაცვლად, გოდერძიმ უპასუხა.
- კი, მაგრამ გოდერძის დახმარების გარეშე ვერ გადადიხართ თურქეთში?
- ვერა. ანამ საბაჟოებისა და მესაზღვრეების გვერდის ავლით უნდა დატოვოს საქართველო და სამსახურსაც ვერ იშოვის იქ უჩვენოდ, - გოდერძი გოგას ისე ელაპარაკებოდა, ახვედრებდა, ისეთი არაფერი წამოგცდეს, რომ გალიაში მომწყვდეული ჩიტი გაგვიფრინდესო.
- უკაცრავად, მე წავალ და ხვალ შევხვდეთ, - ანა ღიმილით წამოდგა და კარისკენ გაემართა.
- მოიცა, - კარში გოგა ჩადგა, - მე თუ მიცანით? - როგორც ჩანს, ანას ქმედება უადგილოდ ეჩვენა და მიხვდა, რომ სხვა მიზანი ჰქონდა და არა - თურქეთში სამუშაოდ წასვლა.
- კი, - ჩუმად თქვა ქალმა. გული კი გამალებით უცემდა.
- მერე?.. გუშინ დილით 300 ათასად შეფასებული სახლი იყიდეთ და ახლა თურქეთში სამუშაოდ მიდიხართ?!. თანაც, გოდერძის დახმარებით?.. აქ რაღაც ცუდი ამბავი ტრიალებს, - გოგამ კბილები გააკრაჭუნა.
- რაო?! - გოდერძი ანასკენ დაიძრა.
- მანქანა ჰყავს ისეთი, რომ გაყიდოს, 10 წელი უზრუნველად იცხოვრებს, - რომელ თურქეთზეა ლაპარაკი?! - გოგა ცდილობდა, გოდერძი საქმის კურსში ჩაეყენებინა.
- ვინ მოგაგზავნა? - მასპინძელმა მაჯაში სტაცა ხელი, მაგრამ ანამ საშუალება არ მისცა, ხელი გამოჰგლიჯა და ჩანთიდან იარაღი ამოიღო.
- პოლიციელია, ამის დედაც! - უწმაწურად შეიგინა გოგამ.
ანა კარში ჩადგა და იარაღი მათკენ მიმართა:
- ვინც პირველი გაინძრევა, მოვკლავ! - რომელიღაც ფილმში გაგონილი ფრაზა გაახსენდა.
მამაკაცები შედგნენ. ამ დროს კარზე ბრახუნი გაისმა.
- ანა, მე ვარ! ანა, გააღე კარი! - ზვიადი სახელურს ეჭიდებოდა.
ანა უკან-უკან იხევდა ისე, რომ იარაღი ისევ მათკენ ჰქონდა დამიზმნებული, მერე საკეტი გადაატრიალა. ზვიადი გიჟივით შემოვარდა. მაშინვე გოდერძის ეცა, ხელები გადაუგრიხა და ხელბორკილი დაადო.
- თქვენ თავისუფალი ხართ, ჯერჯერობით, - გამოუცხადა დანარჩენებს და გოდერძი პირქვე იატაკზე დააგდო.
მისი მეგობრები ფეხაკრებით გაიძურწნენ ოთახიდან.
გოდერძი ბედს შეეგუა და წინააღმდეგობის გაწევაც კი აღარ უცდია. როგორც კი მისმა მეგობრებმა კარი გაიხურეს, ზვიადმა იატაკზე დაგდებული ფეხზე წამოაყენა და დივანზე დასვა. კი არ დასვა, დააგდო და თავზე დაადგა.
- ახლა მე კითხვებს დაგისვამ, შენ კი მიპასუხებ. თუ ჭკვიანად მოიქცევი, გაგიშვებ, თუ არა და განზრახ მკვლელობისთვის ციხეში ჩაგსვამ.
- რა მკვლელობა, გაგიჟდით? არავინ მომიკლავს...
- მაშინ მე გაგახსენებ ერთ გოგონას.
ნატოს სახელისა და გვარის ხსენებაზე გოდერძის სახე "წაეშალა".
- ვიცნობდი ნატოს, მაგრამ დიდი ხანია, არ მინახავს...
- მისი გაუჩინარება შენთანაა კავშირში, ეს ზუსტად ვიცი.
- არა, - თავი გააქნია ზვიადმა.
- მაშინ ის თქვი, ფულს რატომ სძალავდი, რა იცოდი მის შესახებ ისეთი, რასაც შანტაჟისთვის იყენებდი?
- ტყუილია, ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ, - მაინც არ ტყდებოდა გოდერძი.
- ანა, პოლიციაში დარეკე და უთხარი, რომ ნატოს მკვლელი დავაკავეთ, - ზვიადმა თვალი თვალში გაუყარა გოდერძის.
- არ გინდათ პოლიცია, თქვენთვისვე აჯობებს: თუ პოლიციას დაურეკავთ, ვიტყვი, რომ ამ გოგოს იარაღი აქვს... არა მგონია, ეს გაწყობდეთ.
- მე იარაღის ტარების უფლებაც მაქვს, შენ გგონია, ისე ვატარებ?! - ანამ ჩაიცინა და ისეთი სახე ჰქონდა, ეჭვი არ შეგეპარებოდა, რომ სიმართლეს ამბობდა.
- მართლა არ მომიკლავს არავინ, ნატო ისე გაუჩინარდა, მეც ვერ მივაგენი. კარგა ხანი ვეძებდი, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერ გავიგე, - გოდერძი მოტყდა.
- უნდა თქვა, ფულს რატომ სძალავდი.
- მაგ გოგოს საქმრო ჰყავდა, რომელმაც არ იცოდა, რომ ნატო ჩემთან იწვა. რამდენჯერმე საქმეც გავაკეთეთ ერთად, კარგა ხანს საყვარლებიც ვიყავით. მერე ის კაცი გაიცნო და ჩემი მიტოვება რომ გადაწყვიტა, ამან გამაცოფა. არ მინდოდა, სხვისთვის დამეთმო. დავემუქრე, თუ მიმატოვებდა, მის საქმროს ყველაფერს მოვუყვებოდი, ვეტყოდი, რომ 1 წელი თურქეთში ბარში მეძავად მუშაობდა, საიდანაც მე წამოვიყვანე, იმასაც ვეტყოდი, რომ აქედან გოგონები ჩაჰყავდა და მეძავებად ამუშავებდა...

- ტრეფიკინგს ხომ ერთად ეწეოდით! არ გეშინოდა, რომ შენც მასთან ერთად აღმოჩნდებოდი გისოსებს მიღმა?
- ეს ტრეფიკინგი არ იყო - ვინც აქედან მიგვყავდა, ყველამ იცოდა, სად მიდიოდა. თავისი ნებით თანხმდებოდნენ იმ სამსახურს, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. ყველას ხელწერილს ვაწერინებდით, რომ შემდეგ პრეტენზია არ ჰქონოდათ და იქაც უფასოდ არ მუშაობდნენ. ჩვენ "კადრებით" ვამარაგებდით საჭირო ხალხს და ამაში ვიღებდით ფულს. კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებდით.
- აჰა, გამოდის, კანონში წერია, თუ თურქეთში მეძავად მუშაობას დააწყებინებ ქართველს, ეს დაშვებულია?.. - ანა თავზე წამოადგა "ტუსაღს".
- არა, კანონში ასეთი რამ არ წერია, მაგრამ არც ის წერია, რომ ეს აკრძალულია და ისჯება.
- აი, თურმე რატომ ვერ გაკავებს პოლიცია!.. ბოლოს როდის ნახე ნატო?
- 3 წლის წინ, როცა ფული მომიტანა. მაშინ მითხრა, რომ ეს ბოლო თანხა იყო და აწი აღარაფერს მომცემდა.
- კამათი მოგივიდათ და ამ კამათის დროს შემოგაკვდა?
- არა, არ გვიკამათია. მაშინ არაფერი მითქვამს, რადგან გაღიზიანებული იყო. გადავწყვიტე, მერე დაველაპარაკები-მეთქი. იმის შემდეგ ტელეფონზე აღარ მპასუხობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მერე კი საერთოდ გამორთო.
- დამაჯერებლად კი ლაპარაკობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შენ მოკალი. ასე უკვალოდ როგორ გაქრებოდა?!
- მე არ მომიკლავს, მაგრამ არსებობდა ისეთი ხალხი, ვინც ემუქრებოდა.
- ვინ?
- ეგ არ ვიცი.
- მისი საქმრო ვინ იყო?
- მაშინ ის კაცი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
- ის არ ეძებდა გაუჩინარებულ საცოლეს?
- არ ვიცი, მე მასთან კონტაქტი არ მაქვს და ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
- ე.ი. ნატოს გაუჩინარებასთან კავშირი არ გაქვს...
- არა.
- მაშინ დაგვეხმარე, რომ მოვძებნოთ. თუ ცოცხალს ვიპოვით, ხომ სიმართლეს გავიგებთ და თუ მკვდარს მივაგენით, მაშინ თავის მართლება და უდანაშაულობის მტკიცება მოგიწევს. ასე რომ, ილოცე, ცოცხალი იყოს.
- მე როგორ დაგეხმარებით? - თვალები გაუფართოვდა გოდერძის და იმედიც მიეცა, რადგან ზვიადს შემრიგებლური ტონი ჰქონდა.
- შესაძლოა, ნატო თურქეთში წავიდა, რომ შენგან თავი დაეღწია. კავშირები გაქვს და უნდა დაადგინო, იქაა თუ არა.
- ხელები გამიხსენით, - სახე დაეღრიჯა გოდერძის.
ზვიადმა ბორკილები მოხსნა.

- გაქცევა და დამალვა არ გაბედო, იცოდე, თორემ მიწიდან ამოგიღებთ. თუ თანხა დაგჭირდება, გვეტყვი, რამდენი გინდა და მაგ ხარჯს ჩვენ გავიღებთ. ცოლ-შვილი რომ გყავს, ვიცით, სად გყავს - ისიც. ნუ აგვაწიოკებინებ ოჯახს. ერთი კაცი მუდმივად მათ სიახლოვეს იტრიალებს, რომ არსად გადამალო, - ზვიადმა ჯიბიდან ფურცლები ამოიღო და გოდერძის წინ დაუდო.
ეს მისი ცოლის პირადობის მოწმობის ასლი იყო და ბავშვების სურათების ქსეროასლები.
- მისამართიც გითხრა?
- არა, საჭირო არაა... - მამაკაცმა თავი ჩაქინდრა. მიხვდა, რომ ხაფანგში იყო გაბმული.
ანა აღფრთოვანებული დარჩა ზვიადის მოხერხებულობითა და გამჭრიახობით. ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მათ საუბარს და არ ერეოდა. ეშინოდა, რამე არ გაეფუჭებინა...
"დაკითხვამ" გვიანობამდე გასტანა.
კიდევ კარგი, ბელას დედა არ ახსენე, სულ მეშინოდა, რომ რამეს ჰკითხავდი. დამავიწყდა, წინასწარ გამეფრთხილებინე, რომ სიტყვა არ დაგცდენოდა, - სასტუმროში შესულმა ანამ დამშვიდობებისას ზვიადს აკოცა.
- მე პირიქით, ვნერვიულობდი, რომ შენ არ გეკითხა რამე.
- ზედმეტი "თავის ტკივილი" აღარ გვინდა. ჯობია, ნელის ამბავი აღარ ამოვქექოთ.
- გეთანხმები.
ანა 2 დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, ზვიადი კი დარჩა და საქმის გამოძიება განაგრძო.
დავითმა არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი დაახვედრა: მათ ბიზნესპარტნიორებს გადაბირებას უპირებდნენ.
- ვინ გითხრა ეს ამბავი? - შუბლი შეიკრა ანამ.
- რამაზმა თქვა. მას დაჰკავშირებია ნაცნობი და უთხოვია, ჩვენი ფირმის ფინანსური დოკუმენტების ასლები გადაეღო და მისთვის მიეტანა. ჩვენს ინგლისელ პარტნიორებთან კავშირი უკვე დაუმყარებია და ახლა აპირებს, უკეთესი პირობები შესთავაზოს.
- დავით, ხომ არ ფიქრობ, რამაზმა ეს იმისთვის გამოიგონა, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვოს და დაგვიმტკიცოს, რომ ერთგულია?
- არა მგონია, - დაფიქრებით თქვა დავითმა, - ეს აზრად არ მომსვლია. როდესაც მითხრა, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვისო, ეჭვიც არ შემპარვია, რომ გულწრფელი იყო. ან რაში უნდა სჭირდებოდეს ამის გაკეთება?

- იმისათვის, რომ თუ ახლა თავის ერთგულებაში დაგვარწმუნებს, მომავალში თვალდახუჭული ვენდობით და ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
- ანა, შესაძლოა, მართალი ხარ, მაგრამ არა მგონია, რამაზი ასეთი ფლიდი და გაიძვერა იყოს.
- არ ვცდილობ, დაგარწმუნო. უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვი. იქნებ, მართლაც ასეა, როგორც ის ამბობს და დროა, განგაშის ზარი შემოვკრათ. გადავამოწმებ, თუ ასეა, წინასწარ მივიღებ ზომებს და იმ ჩვენს "მტერს" კუდით ქვას ვასროლინებ.
- მე უშენოდ არ მივიღე გადაწყვეტილება. ახლა აქ ხარ და ერთად გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.
- ძალიან კარგი... ახლა კიდევ ერთი საბაბი მაქვს საიმისოდ, რომ რამაზთან შინ მივიდე და ანა ვნახო, - ქალს კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა სახეზე და თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა.
საღამოს რამაზის სახლს უზარმაზარი, ადამიანის სიმაღლის თოჯინით ხელდამშვენებული მიადგა. პატარა ანა სიხარულის ყიჟინით შეხვდა თოჯინას, რომელიც მასზე გაცილებით მაღალი იყო.
ცოტა ხანში ანა აივანზე იჯდა, გვერდით პატარა ანა ეჯდა, ყავას წრუპავდა და რამაზს საქმეზე ელაპარაკებოდა...
გოგონა გვერდიდან არ სცილდებოდა და ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო მასთან. ანა გრძნობდა, რომ ბავშვს ის მოსწონდა...
რამაზისგან წამოსული ანა ფიქრობდა, რომ მამაკაცი გულწრფელი იყო... იმაზეც კი შეთანხმდნენ, რომ იმ ადამიანს შეახვედრებდა, რომელიც მისი ბიზნესის ჩაძირვით იყო დაინტერესებული.


შინ გვიან ღამით დაბრუნებული ანა ისეთი დაღლილი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
- შენ დასასვენებლად იყავი თუ დასაღლელად? - დედამ გაოცება ვერ დამალა.
- დავიღალე, - თქვა ანამ და დივანზე დაეშვა, - რაც ამერიკიდან ჩამოვედი, სულ საქმე მაქვს, სულ რაღაც პრობლემაა გადასაჭრელი. ასე მგონია, იქ გაცილებით უკეთ ვცხოვრობდი და ხანდახან უკან გაქცევა მინდა.
დედამ თავზე ხელი გადაუსვა, გულში ჩაიხუტა და დაამშვიდა.
ასე, დედის მკერდზე მიყრდნობილს ჩაეძინა დაღლილს. როდის-როდის გაეღვიძა. ციცო გაუნძრევლად იჯდა და თმაზე ეფერებოდა შვილს. ანამ უხერხულობა იგრძნო იმის გამო, რომ დედა ღამის 3 საათამდე არ დააძინა და აიძულა, ასე დამჯდარს მისთვის ედარაჯა... ლოყაზე აკოცა, ბოდიში ბურტყუნით მოუხადა და საძინებელში გავიდა... ციცო კარგა ხანს დარჩა ადგილზე, გაუნძრევლად და თვალმოუშორებლივ უყურებდა იმ კარს, რომლის მიღმაც ანა გაუჩინარდა. შემდეგ თავი სინანულით გადააქნია და თავის ოთახში გავიდა.
როგორც ყოველთვის, ანამ მხნედ გაიღვიძა. მისთვის რამდენიმე საათის ძილი საკმარისი იყო, რომ ძალები აღედგინა და დილით კვლავ ენერგიულად დაეწყო ახალი დღე. საუზმისას დედამ მისი თანაგრძნობა სცადა, მაგრამ ანამ შეაჩერა.
- დედა, მე უკვე "დიდი გოგო" ვარ და ვიცი, რომ ცხოვრება რთულია და ია-ვარდით მოფენილი არაა. უბრალოდ, როცა დავიღლები, პესიმიზმი მიპყრობს, მაგრამ სულ რამდენიმე საათით. არ ღირს ჩემ გამო ნერვიულობა. ხომ ხედავ, უკვე კარგად ვარ, მადაზეც მოვედი და ისე მშია, ლამის ყველაფერი შევჭამო, რაც გვაქვს, - ანა მადიანად ილუკმებოდა და მართლაც, რამდენიმე დღის მოშიებულს ჰგავდა.
- ანააა, ჩამოხვედი? - ბელამ ხელები მოჰხვია და ისე ჩაეხუტა, რომ ანამ იგრძნო, როგორ მონატრებოდა გოგონას. თვითონაც ჩაეხუტა და ჩაკოცნა ბავშვი.
- როგორ ხარ, ბელა? ხომ არ აბრაზებდი ოჯახის წევრებს?
- არა, კარგად ვიქცეოდი, - თავი გააქნია ბელამ, კარადიდან თეფში გადმოიღო, კვერცხი შეიწვა და ანას გვერდით მიუჯდა.
ამ რამდენიმე დღეში გოგონა გაშინაურებულიყო და თავს ისე გრძნობდა, თითქოს აქ გაიზარდა.
- ბებიასთან როდის იყავი ბოლოს?
- გუშინ, - ბელას თვალები აუწყლიანდა.
- რა იყო, ხომ კარგადაა? - ყასიდად ჰკითხა ანამ და უკვე საჭირო სიტყვებს ეძებდა გონებაში, რომ გოგონა ენუგეშებინა.
- არა, ძალიან ცუდადაა, თვითონ მითხრა, რომ მალე მოკვდება, - ბელამ ჩანგალი დადო, ჭამას თავი მიანება და ცრემლი მოიწმინდა, - მე არ დავუჯერე და მერე ექიმმაც იგივე მითხრა. ისეთი დაავადება აქვს, ვერაფერს ვუშველითო.
- ბელა, მოდი ჩემთან, - ანამ ხელი გაუწოდა. გოგონა კალთაში ჩაისვა და ჩაიხუტა, - ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ჩვენს სურვილებს არ ემორჩილება. ყველას გვიყვარს ახლობელი ადამიანები და გვინდა, რომ სულ ჩვენ გვერდით იყვნენ, მაგრამ ისინი ასაკში შედიან, ბერდებიან და კვდებიან. ჩვენ კი იმისთვის ვრჩებით ამქვეყნად, რომ მათი ხსოვნა შევინახოთ. ყველა ადამიანს თავისი იღბალი და ბედისწერა აქვს და როცა სიკვდილი მიუკაკუნებს კარზე, მაშინ წავა ღმერთთან. ბებიაც ღმერთთან წავა და იქიდან გადევნებს თვალყურს. გაუხარდება, თუ მისი საყვარელი შვილიშვილი კარგი გოგო იქნება, კარგად ისწავლის და კარგად მოიქცევა. ამის პირობას ხომ აძლევ?
- კი, - თავი დაუკრა ბავშვმა.
- ჰოდა, მაშინ ნუღარ ტირი. დაჯექი ახლა და სანამ კვერცხი გაგიცივდება, ჭამე. მერე ერთად წავიდეთ ბებიას სანახავად.

საავადმყოფოში მისულებს ცუდი ამბავი დახვდათ. ბებია უგონოდ იყო და სიკვდილს ებრძოდა. ანა და ბელა პალატაში აღარ გააჩერეს. სულ ცოტა ხნით შეუშვეს, რომ გოგონა გამზრდელ ბებიას გამოთხოვებოდა და ანამ მაშინ იხილა სასწაული: როდესაც ბელა ბებიას საწოლს მიუახლოვდა, მომაკვდავ, აგონიაში მყოფ ქალს სუნთქვა დაუმშვიდდა. ბელამ ხელზე ხელი მოჰკიდა თუ არა, მაშინვე თვალების გახელა სცადა, სახეზე ღიმილი გამოესახა, ნაკვთები დაულაგდა და შვილიშვილის გამხდარ თითებს ხელი მოუჭირა.
ექიმმა ცოტა ადროვა და ანას სთხოვა, ბავშვი პალატიდან გაეყვანა. ბელა უსიტყვოდ დაემორჩილა და ხელჩაკიდებული გაჰყვა.
ექიმი ავადმყოფს არ მოშორებია, ვიდრე ქალმა სული არ დალია...
ბელას მხრები უცახცახებდა ტირილისგან და ანას ეკვროდა. იცოდა ბავშვმა, რომ ამიერიდან ის იყო მისი პატრონიც, დედაც, ბებიაც და იმედიც... მიცვალებულის საბუთებთან ერთად ექიმმა ანას წერილი გადასცა, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ექთანს პაციენტის კარნახით დაუწერია. ეს ერთგვარი ანდერძი იყო, ბელასთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ის, რაც იქ ეწერა, ისეთი მძიმე წასაკითხი იყო, რომ ანამ გადაწყვიტა, წერილი მანამ შეენახა, სანამ ბელა სრულწლოვნი გახდებოდა ან თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, რომ დრო იყო, ბებიას წერილი წაეკითხებინა.
გასვენებამ უხმაუროდ ჩაიარა. სულ რამდენიმე ადამიანი მოვიდა დაკრძალვაზე - იმ სასაფლაოს თანამშრომლები, სადაც ბელა და ბებიამისი ცხოვრობდნენ, ბელას რამდენიმე მეგობარი, მაწანწალა, თმაგაბურძგნილი ბავშვები და რამდენიმე ნათესავი. კოხტად გამოწყობილი ბელა სამგლოვიარო პროცესიას მიჰყვებოდა და გულამოსკვნილი ტიროდა. სასაფლაოდან ყველა სახლებში წავიდა. ანა ბელას მანქანაში ელოდა, ის კი მეგობრებს ელაპარაკებოდა.
- ბელა, დაპატიჟე შენი მეგობრები ჩვენთან, - გასძახა ანამ.
მისი მანქანა ბავშვების ჟივილ-ხივილით აივსო.
ციცო ბავშვებს გაუმასპინძლდა.
ბელა კი ანასთან მორიდებით მივიდა.
- ანა, შეიძლება, ის კაბები, რომლებიც შენ მაჩუქე, მეგობრებს მივცე?
- შეიძლება, ჩემო კეთილო და ტკბილო გოგონავ, - ანამ ბავშვს აკოცა. ესიამოვნა, რომ ის ასეთი კეთილი იყო.
ბავშვებმა სიხარულით გაინაწილეს ბელას ტანისამოსი, იქვე მოიზომეს კიდეც...
როგორც კი სტუმრები წავიდნენ, ანა ტელეფონს დასწვდა.
- გიორგი, სასწრაფოდ მიწა უნდა ვიყიდოთ სახლის ასაშენებლად.
- რამ მოგიარა ასე უცებ? - მიჩვეული იყო გიორგი ანას უცნაურ, უეცარ გადაწყვეტილებებს და არ გაჰკვირვებია, როცა ქალმა ასეთი მოთხოვნით მიმართა.
- ქალაქის გარეუბანში ან მიმდებარე სოფელში, სადმე, დიდი ნაკვეთი ვიყიდოთ.
- სახლის აშენება გინდა?

- სამსართულიანი კორპუსის, სადაც მაწანწალა ბავშვები იცხოვრებენ. დიდი ეზო კი იმისთვის მინდა, რომ თავიანთი მეურნეობაც ჰქონდეთ, შრომას მიეჩვივნენ, - ანას უკვე დალაგებული ჰქონდა გეგმა. უცებ ჩამოყალიბდა, რა უნდოდა.
- კარგი, ანა, რამეს მოვიფიქრებთ.
- ხვალვე მივხედოთ მაგ საქმეს. ზვიადი აქ არაა, თორემ იმას ვთხოვდი.
- იმ კაცს რამდენი რამე უნდა დაავალო, ხომ გაუხურე ცხოვრება, - გაიცინა მამაკაცმა.
- ამიტომ, მისნაირი თანამშრომლები უნდა გვყვადეს ყველა და მერე ერთ ადამიანს არ მოუწევს "პახაობა".
- ჰოდა, შორიდან კი ნუ იძლევი განკარგულებებს, ვიცე-პრეზიდენტი ხარ და მოდი სამსახურში, კადრების შერჩევაც შედის შენს მოვალეობებში, ახალი მთვარესავით რომ გამოჩნდები ხოლმე, ასე უნდა? - ცოტა უსაყვედურა კიდეც გიორგიმ.
- ხვალიდანვე მოვალ, კარგი რამე გამახსენე, ხომ იცი, - ანამ ტელეფონი გათიშა.
- ახალი საქმე გაიჩინე, არა? - ციცო ღიმილით შეჰყურებდა შვილს.
ანა ბელას მადლიერებით სავსე თვალებს გადააწყდა.
- შენს მეგობრებს მალე სახლიც ექნებათ, საჭმელ-სასმელიც და ტანისამოსიც, ცოტა მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება, - თვალი ჩაუკრა გოგონას.
ანა პოლიციის განყოფილების გვერდით, შორიახლოს იდგა და მოთმინებით აკვირდებოდა იქაურობას. კარგა ხანს მოუწია ლოდინი, ვიდრე შენობიდან მაღალი, ჩასკვნილი მამაკაცი გამოვიდა და იმ ვერცხლისფერ ჯიპში ჩაჯდა, რომელსაც ანა უთვალთვალებდა.
ახოვანი მამაკაცი იყო. თითქმის 2 მეტრი სიმაღლის. სქელ კისერზე "დადგმული" თავი გადაპარსული ჰქონდა, შავი სათვალე ეკეთა. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ შიშს მოგგვრიდა. ჰოლივუდურ ფილმებში კუნთმაგარი და გრძელლაბადიანი "მონსტრები" რომ თამაშობენ, იმათ ჰგავდა. ანამ ცოტა შეიცადა და ჯიპს უკან მიჰყვა.
"ვახო საბლიანო, კაცს მაინც ჰგავდე, ნამდვილი ცხოველი ხარ. შესაძლოა, მუშტის ერთი მოქნევით სული გამაფრთხობინო, მაგრამ შენი დღეები დათვლილია", - ფიქრობდა ანა და ცდილობდა, მანქანა მხედველობის არედან არ დაეკარგა. გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორმე ვახოს გაცნობა მოეხერხებინა და მისთვის თავი მოეწონებინა. მერე უკვე ზუსტად იცოდა, როგორ მოიქცეოდა.
საბლიანი არსად გაჩერებულა. ერთ-ერთი სახლის ეზოში შევიდა, მანქანა გარაჟში შეიყვანა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
ანა მიხვდა, რომ იმ დღეს ვახო არსად წასვლას აღარ აპირებდა და უკან გამობრუნდა.
ეზოდან გამოსულს სუნთქვა შეეკრა. გზასთან ირაკლის მანქანა ისე იდგა, რომ ანას პირდაპირ უყურებდა. ქალმა მაშინვე მასთან დარეკა.
- აქ რას აკეთებ, ირაკლი? - მხიარული ხმით ჰკითხა.
- მე? მე რას ვაკეთებ? შენ რას აკეთებ, ის მითხარი. გოგონი, ვის მიჰყვებოდი უკან? ვინაა ეგ "ვერზილა"?
- უკან არავის მოვყვებოდი. აქ ახლობელი ცხოვრობს, სტუმრად მივდიოდი და გამახსენდა, რომ ხელცარიელი ასვლა არ ივარგებდა და მოვბუნდი, რომ მაღაზიაში ტკბილეული ვიყიდო.
- ეგ შენი ახლობელი, პოლიციის შენობიდან რომ დაიძარი, მაშინ გაგახსენდა თუ დილიდან გქონდა გადაწყვეტილი მასთან სტუმრობა? - როგორც ჩანს, ანა ვახოს უთვალთვალებდა, ირაკლი - ანას.
ახლა რა უნდა მოეგონებინა? არადა, ამ საქმეში ირაკლის გარევა არ ღირდა. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგო, რა საქმე ჰქონდა ანას ვახოსთან.
- მმმ... ეეე... ისა... - დაიბნა ანა.
- თუ არ ვცდები, ეგ კაცი ვახო საბლიანი უნდა იყოს... ნამდვილად არ ვცდები, რადგან მისი სამსახური და ადგილსამყოფელი მე დაგიდგინე. ასე არაა, პატარავ? - ირაკლი გაბრაზებული ჩანდა - ასე სწორედ მაშინ მიმართავდა.
ანა დუმდა.
- ახლა საქმეზე მივდივარ, როცა მოვრჩები, დაგირეკავ და გნახავ. როგორ უნდა კაცების კუდში დევნა, მაგას გავიგებ.
ანამ ცოტა შვებით ამოისუნთქა, რადგან მიხვდა, რომ ირაკლის ეჭვი ახრჩობდა და სხვა რამეზე არც ფიქრობდა. მას ნამდვილად ასე ერჩივნა. ეჭვს გაუქარწ....ბდა და შერიგდებოდნენ. თუმცა ახლა რაიმე "ლეგენდა" უნდა მოეგონებინა, რომ ვახოს დევნა გაემართლებინა. წინასწარ იცოდა, რომ ეს არც ისე იოლი იქნებოდა.
ანას ეგონა, იმ საღამოს ირაკლისთან შეხვედრასაც მოახერხებდა და მისი ეჭვების გაფანტვასაც, მაგრამ პირიქით მოხდა - უფრო გააბრაზა.
რამაზის თხოვნით, მასთან სტუმრად მისვლამ მოუწია, ვინაიდან საქმე ასე მოითხოვდა. ირაკლიმ რომ დარეკა, ანამ შეხვედრაზე უარი უთხრა, ვინაიდან იმ დროს რამაზთან ერთად იმ ადამიანისკენ მიიჩქაროდა, რომელიც მისი ბიზნესის ჩაძირვას ცდილობდა...
გაცოფებულმა ირაკლიმ ტელეფონი ლამის მანქანის ფანჯრიდან მოისროლა, რადგან ქალმა ისიც კი არ აუხსნა, რატომ ვერ ახერხებდა მასთან შეხვედრას. უბრალოდ ნათქვამი - "ახლა ვერ შეგხვდები, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს", მამაკაცს არ აკმაყოფილებდა. ეჭვის ჭია ღრღნიდა და იმის გამო ბრაზობდა, რომ ეს გოგო ვერა და ვერ მოათვინიერა, ვერ მოთოკა, ვერ შეაგნებინა ის, რომ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ და ვალდებულიც კი იყო, რომ ირაკლი ყველაფრის საქმის კურსში ჩაეყენებინა. ისე იეჭვიანა, ვახო საბლიანის სახლთანაც კი მივიდა და ეზო მოათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო, ანა იქ არ იყო.
"ეს კაცი სვანია, შესაძლოა, ადრე ერთმანეთი უყვარდათ კიდეც და ახლა მისი მოძებნა აქვს გადაწყვეტილი.
არა, ანა უნამუსო არ არის, რომ თუ მართლაც ყველაფერი ისეა, როგორც მე ვფიქრობ, ამ საქმეში ჩემთვის დახმარება ეთხოვა. ზვიადს სთხოვდა, ბოლოს და ბოლოს და ჩემს ყურამდე სულ არ მოიტანდა; არც მოღალატეა, რომ სხვა მამაკაცთან დაამყაროს ურთიერთობა. მაშ, რა საქმე აქვს? რატომ არ ამბობს ჩემთან? ნუთუ მისი ნდობა ვერ მოვიპოვე? მარტოხელა მგელივითაა ეს გოგო. სულ რაღაც საიდუმლო საქმეებშია გაბმული, სულ რაღაცას არკვევს, სულ ვიღაცას ეხმარება... ამიტომაც, სულ შარშია გაბმული. არა, აუცილებლად უნდა მოვიყვანო გონს! შეიგნოს ბოლოს და ბოლოს, რომ ქალია და არა - აბჯარასხმული მეომარი ან ვარდისფერკაბიანი ფერია, რომელსაც ჯადოსნური ჯოხი აქვს და ყველას ეხმარება", - ფიქრობდა ირაკლი და სახეზე ხან ღიმილი გადაეფინებოდა, ხან შუბლს შეიკრავდა, ხანაც ჩაიცინებდა... "ჩემი არანორმალური გოგო, ჩემი მოუსვენარი, საქმიანი და "ნამდვილი სვანი", - გაიფიქრა ბოლოს და თვალებში სითბო და სიყვარული ჩაუდგა.
ასე მას არასოდეს ჰყვარებია და არც ასე ბედნიერად უგრძნია ოდესმე თავი. ანასთან ურთიერთობის დროს არასოდეს იცოდა, რას მოიფიქრებდა ახალს ეს კაფანდარა გოგო, წინასწარ ვერ გათვლიდა, რა ელოდა 2 წუთის შემდეგ - რა თავსატეხს გაუჩენდა... სწორედ ამის გამო მოსწონდა მასთან. მათი ურთიერთობა მდორედ არ მიედინებოდა. გრძნობაც ისეთივე ბობოქარი იყო, როგორიც მათი ცხოვრება...

"ხვალ დავსვამ და სერიოზულად დაველაპარაკები", - გაიფიქრა მამაკაცმა და თვითონვე მიხვდა, რომ ანაზე აღარ ბრაზობდა. უკვე ყველაფერი აპატია. უბრალოდ, ინტერესი კლავდა, ამჯერად რა საქმე ჰქონდა ისეთი, რომ ირაკლისთან შეხვედრას ვერ ახერხებდა.
ამასობაში ანა და რამაზი ეკონომიკის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ მოზრდილ, კარგად მოწყობილ კაბინეტში ისხდნენ და მასპინძლის შემოსვლას ელოდნენ. გეგმა წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული.
ახალგაზრდა, მელოტი მამაკაცი ხმაურით შემოიჭრა კაბინეტში და იქ მყოფებს ბოდიში მოუხადა. გაცნობისას ანას ხელი ხელში ცოტა ხნით შეაყოვნა და თვალებში ჩახედა. ქალმა თვალი გაუსწორა.
"იმედია, მოგეწონე", - გაიფიქრა და მამაკაცის ხელს თითები ოდნავ მოუჭირა. ელიზბარს სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა.
- დაბრძანდით, - მიუთითა დივანზე, - რამაზ, დაჯექი, - შინაურულად მიმართა მამაკაცს, თვითონ კი ანას მიუჯდა გვერდით, - ახლა გვიანია, მდივანი უკვე წასულია და სამწუხაროდ, ყავას ვერ მოგიდუღებთ, მაგრამ შემიძლია, სასმელი შემოგთავაზოთ, კონიაკს ხომ არ მიირთმევთ?
- არა, გმადლობ, საჭესთან არ ვსვამ, - უარი თქვა რამაზმა.
- მე არა ვარ საჭესთან და სიამოვნებით დავლევ, - ანამ ისე შეხედა მასპინძელს, რომ ელიზბარს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
მან კედელში ჩაშენებულ კარადას პულტი დაუმიზნა. ბარის კარი ნელა გაიღო. წამოდგა, 2 მოზრდილი ბოკალი კონიაკით ნახევრად გაავსო და ერთი ჭიქა ანას გაუწოდა.

- ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! - მიუჭახუნა ქალს.
- გაგიმარჯოთ, - ხმადაბლა თქვა ანამ და სასმელი მოწრუპა.
- როგორც რამაზისგან ვიცი, თქვენ "გლობალტექსის" მთავარი ბუღალტერი ხართ.
- არა, ჯერჯერობით მხოლოდ რიგითი ბუღალტერი, - ანამ რამაზს გახედა, - მაგრამ როგორც რამაზმა მითხრა, თუ იმ საქმეში დაგეხმარებით, რაც თქვენ გაინტერესებთ, მაშინ შესაძლოა, მთავარ ბუღალტრად დამნიშნოთ.
- რა თქმა უნდა, - მამაკაცს სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა, - თქვენ ლამაზი ხართ და ჭკვიანიც ყოფილხართ, - შეაქო ქალი, - მე გეტყვით ზუსტად, რა საბუთები მჭირდება და თქვენ ყველასგან მალულად უნდა გადაიღოთ ამ საბუთების ასლები, რომლებსაც შემდეგ მე გადმომცემთ. იმედია, თქვენი ნდობა შეიძლება? - დაამატა ბოლოს.
- რა თქმა უნდა, შეიძლება. იმ "სტერვა" ქალს დიდი ხანია, ვთხოვ, დამაწინაუროს ან ხელფასი მომიმატოს, მაგრამ ყურსაც არ იბერტყავს, თავში აქვდს ავარდნილი და თავზეც ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. სიამოვნებით დაგეხმარებით მის გაცამტვერებაში. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესების გათვალისწინებით, - ანამ მამაკაცის ხელს ხელი დაადო.
- რამაზ, ასეთი ჭკვიანი გოგო რიგით ბუღალტრად რატომ გყავს? შენ ხომ მანდ ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელი ხარ! რატომ არ გადაგყავს მთავარ ბუღალტრად?
- ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, თორემ დღესვე გადავიყვანდი. მანდ სიტუაციას ის ქალბატონი აკონტროლებს და უბრალო მუშასაც კი მისი ნებართვის გარეშე ვერ ავიყვან.

- გასაგებია. ჭკვიანი ქალი ჩანს თქვენი შეფი, რადგან ამხელა ბიზნესი ააწყო და თან ისე, რომ ვერც
საფინანსომ და ვერც საგადასახადომ ვერაფერი უპოვა. მე ჯერ ამ კუთხით ვაპირებდი მისთვის შეტევას, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- ყველაფერი "გაპრავებული" აქვს, შავი ბუღალტერია არ არსებობს, - თქვა ანამ.
- ვიცი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სხვა ხერხისთვის მიმემართა.
- თქვენი ინტერესი რაში მდგომარეობს?
- ეს კარგი ბიზნესია, საკმაოდ შემოსავლიანი. დღემდე ვერ გავიგე, ვინ ჰყავს "კრიშა". საქმის ხელში ჩაგდება მინდა. ეგ ქალი არაფერს წარმოადგენს, თანაც, ისედაც ბლომად ჰქონია ფული და ჯობია, თავის "ამერიკულ ბიზნესს" მიხედოს.
- არც მთალად ასეა საქმე, - პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ანას, - არაფერს წარმოადგენსო, ვერ იტყვი, რადგან ჭკვიანია, ფულიც აქვს და გავლენაც, შესაბამისად. მე როგორც ვიცი, მაგან ამერიკაში ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს მოუგრიხა კისერი და ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, ბატონო ელიზბარ.
- ჰა-ჰა-ჰა, - ხმამაღლა გადაიხარხარა მამაკაცმა, - როგორ შემეშინდააა?! - გულზე ხელი მიიდო, თითქოს შეშინებული იყო.
ანამ რამაზს გადახედა. მამაკაცმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
- გასაგებია, მხოლოდ თქვენნაირი უშიშარი და ყოვლისშემძლე ადამიანი თუ მოახერხებს მის "დამხობას", - შეაქო ანამ.
- მე რომ მჭირდება, იმ საბუთებზე ხელი მიგიწვდებათ? - საქმიანი სახე მიიღო ელიზბარმა.
- რა თქმა უნდა, მიმიწვდება. ყველაფერს მე ვაკეთებ, მთავარი ბუღალტერი არაფრის მაქნისია, მხოლოდ ხელს აწერს გამზადებულ საბუთებზე, თვალდახუჭული მენდობიან, - ანამ თავი ისე მოისაწყლა, თითქოს ყველაზე დაჩაგრულად გრძნობდა თავს.
- ძალიან კარგი. აი, ჩამონათვალი, - ელიზბარმა მაგიდიდან წინასწარ გამზადებული, დაბეჭდილი სია აიღო.
ანამ სიას ჩახედა.
- რამდენ ხანში შეძლებთ ამის გაკეთებას?
- რამდენიმე დღეში.
- მაშინ ეს "ვიზიტკა" გამომართვით და როგორც კი ყველა საბუთი მზად გექნებათ, დამირეკთ და შეხვედრაზე შევთანხმდებით. ამაგს არ დაგიკარგავთ, ამის გამო არ ინერვიულოთ, - ხელხე ხელი კიდევ ერთხელ მოუჭირა მამაკაცმა, რითაც აგრძნობინა, რომ მომავალში უფრო გაუშინაურდებოდნენ ერთმანეთს. - ჩემნაირი მამაკაცის გვერდით არ დაიკარგებით, ბევრი რამე შემიძლია, - ამ სიტყვების შემდეგ წამოდგა და მიანიშნა, რომ ვიზიტი დასრულებული იყო.
- ანა, მშვენივრად შეასრულე დაჩაგრული, რიგითი ბუღალტრის როლი, - იცინოდა რამაზი, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ.
- ახლა საბუთებს ისე გავაკეთებთ, რომ ბატონი ელიზბარი როდესაც ნახავს და მთელი ყურადღებით გაეცნობა, ისეთ პირობებს შესთავაზებს ჩვენს პარტნიორებს, რომ თავქუდმოგლეჯილები გაიქცევიან. ხომ შეძლებ ამას? - ანამ რამაზის რეპლიკა-კომპლიმენტი უყურადღებოდ დატოვა და საქმეზე ლაპარაკი წამოიწყო.
- კი, როგორ არა, არანაირი პრობლემა არაა.
- ჰოდა, მაშინ წავიდეთ ჩემთან და აღვნიშნოთ ჩვენი პირველი "დაზვერვა".
- ახლა ძიძა წავა, ანას მარტო ვერ დავტოვებ, - საათზე დაიხედა რამაზმა.
- მაშინ წავიდეთ, ანაც წამოვიყვანოთ, თან ჩემს გოგონას გავაცნობ, - ანას სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში.
- შეიძლება. რა ჯობია თქვენს საზოგადოებაში ყოფნას?! - რამაზმა ისე ჩაიცინა, როგორც ჩანს, ისევ იმ აზრზე იდგა, რომ ანას მისი შებმა ჰქონდა გადაწყვეტილი.
პატარა ანა სიხარულით დათანხმდა მამის წინადადებას, ანასთან სტუმრობის თაობაზე. მაშინვე გამოიცვალა საშინაო ტანისამოსი და მანქანაში პირველი ჩახტა.

ბელამ და ანამ თვალით აზომეს ერთმანეთი. ანამ ისინი ერთმანეთს გააცნო. ბავშვები ბელას ოთახში შევიდნენ, ანამ რამაზი ოჯახის წევრებს წარუდგინა. ნინომ მამაკაცის სახელი გაიგონა თუ არა, მაშინვე მიხვდა, თუ ვინ იყო და სწრაფი ნაბიჯით ბელას ოთახისკენ წავიდა. როგორც ჩანს, ანას ხელახლა ნახვა უნდოდა.

რამაზი და გოგონა გვიანობამდე დარჩნენ. ციცომ შვილებს ხელიც არ გაანძრევინა, სტუმრებს თავად მოემსახურა. როდესაც სუფრასთან ბავშვებიც დასხდნენ, ციცომ კარგა ხანს უყურა ანას.
- ასეთი იყავი ბავშვობაში, რომ ვუყურებ, შენი პატარაობა მახსენდება, - ხმამაღლა უთხრა ანას, - ასეთი მოწითალო ფერის თმა გქონდა, ასეთივე პაჭუა ცხვირი და გრძელი წამწამები.
- ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს, დედა, - ანამ სასწრაფოდ სხვა საკითხზე გადაიტანა ლაპარაკი, რომ ციცოს ეს თემა აღარ განევრცო.
სუფრასთან რამდენჯერმე შენიშნა, როგორ უჭვრეტდა რამაზი ნინოს. ნინოც ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს მისკენ. თითქოს მათ შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა.
- კარგი და გყავს, ანა, - უთხრა რამაზმა, როდესაც მამა-შვილი შინ მიჰყავდა.
- მართლაც კარგი და მყავს, გასათხოვარია. ცოტა წუნიაა და დარჩა ასე. მეც და დედაც ვეუბნებით, რომ ერთი კარგი "ბიჭი" მოძებნოს და ოჯახს მოეკიდოს, მაგრამ ის გაიძახის, სანამ სიყვარული არ მეწვევა, მანამდე არ გავთხოვდებიო.
- სიყვარული როდის ეწვევა, არავინ იცის. შესაძლოა, ისე მოულოდნელად "დაატყდეს" თავს, როცა არ ელის და ისეთი ადამიანი შეუყვარდეს, როგორზეც არასოდეს უოცნებია. შვილიან კაცს თუ გაჰყვება ცოლად? - რამაზმა ვითომ სასხვათაშორისოდ იკითხა.
- არა მგონია, ნინოსთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, შვილიანია კაცი თუ არა, მაგრამ რატომ მეკითხები, გულში ხომ არ ჩაგივარდა? - ანა არ მოერიდა პირდაპირ შეკითხვას.
- გამორიცხული არაფერია, - თავისთვის ჩაილაპარაკა რამაზმა და ანაც აღარ ჩასცივებია
რამდენიმე დღის შემდეგ რამაზის მიერ საგანგებოდ გამზადებული საბუთები ელიზბარის მაგიდაზე იდო და მამაკაცი ყურადღებით ათვალიერებდა მათ. ანა კი იქვე, მის მოპირდაპირე მხარეს იდგა და მის გამომეტყველებას აკვირდებოდა, რომელიც ხშირად ეცვლებოდა. ძირითადად კმაყოფილება ეხატა სახეზე.
- მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ამას არ დაგივიწყებ, აუცილებლად დაგიფასდება, - ანას მიუახლოვდა და ხელი წელზე მოხვია.
ანა ხელიდან გაუსხლტა და რაღაც გაუგებრად ჩაილუღლუღა.
მამაკაცმა გასაქანი არ მისცა, კუთხეში მიიმწყვდია.
- მას მერე ვერ დაგივიწყე, რაც პირველად გადმოაბიჯე ამ კარის ზღურბლს. დაგინახე თუ არა, ვიფიქრე, რომ ჩემი გახდებოდი. მე შენ დედოფლად გაქცევ, "გლობალტექსის" დედოფალი იქნები. შენ იქნები იქ ყველაფრის განმკარგავი, დირექტორად დაგნიშნავ, - ეჩურჩულებოდა მამაკაცი, - მე მაგ საქმის არაფერი გამეგება, მე მფლობელი ვიქნები, შენ კი - დირექტორი.
- ხელი გამიშვით, - ქალმა გაიბრძოლა და მამაკაცის მკლავებს თავი დააღწია, - იოლი არ იქნება ჩემს უფროსთან ბრძოლა, უცებ ფარ-ხმალს არ დაყრის, - გააფრთხილა ანამ.
- მაგ მათხოვარს სულ კუდით ქვას ვასროლინებ. ამას ჩემს ხალხს ვუჩვენებ, - ელიზბარმა მაგიდაზე დაყრილი ქაღალდების მოგროვება დაიწყო, - და ამ 2-3 დღეში მაგ საქმეს ბოლმდე მივიყვან. დაგიკავშირდები აუცილებლად, ბევრი სალაპარაკო გვექნება.
- წავალ, - მორიდებით თქვა ანამ და ოთახიდან დაუმშვიდობებლად გავიდა.
როგორც კი კარი მიხურა და კიბემდე მივიდა, სიცილი ვერ შეიკავა. კედელს მიყრდნობილი ხმამაღლა ხარხარებდა. ეგონა, რადგან გვიანი საღამო იყო, შენობაში თანამშრომლები აღარ იქნებოდნენ, მაგრამ კარის ჭრიალის ხმა გაიგონა, ცოტა ხანში კი კიბის თავში შუა ხნის მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ანას სათვალის ზემოდან უყურებდა. ქალმა სიცილი შეწყვიტა და კიბეზე ჩაირბინა.
სახლში ზვიადი ელოდა. სულ გადაავიწყდა, რომ როდესაც ელიზბარს ელაპარაკებოდა, ზვიადის ზარს არ პასუხობდა და იქიდან რომ წამოვიდა, გამომძიებლისთის დაერეკა.
- ვა, ზვიად, შენ ახალი ამბის გარეშე აქ არ მოხვიდოდი, არა? გუშინ მითხარი, ჯერ არ ვაპირებ ბათუმიდან წამოსვლასო და დღეს თავზე დამადექი... ხომ კარგი ამბავია? - შინ შესული ანა ერთი ფეხის წვერით მეორე ფეხის ქუსლს აწვებოდა და ფეხსაცმელს ისე იხდიდა. ერთად არც დაუწყვია, როგორც სჩვეოდა, დერეფანში დაყარა და მისაღებში ფეხშიშველი შევიდა. თან ენას არ აჩერებდა და ზვიადს კითხვებს აყრიდა.
- მამაკაცს არასოდეს ენახა ანა ასეთ არაოფიციალურ ვითარებაში და სიცილს ძლივს იკავებდა.
- ნინოოო, მეც მომიტანე ყავა, რაა, - დივანზე დაეხეთქა, - საშინლად დავიღალე, შენ ჯერ კიდევ არ იცი, აქ რა ამბები ტრიალებს...
და ზვიადს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა... იურისტის გაწაფული გონება ყველაფერს უცებ ჩასწვდა. თავს აქნევდა და ეღიმებოდა ანას მონაყოლზე.
ბოლოს, როგორც იქნა, მისი ჯერიც დადგა.
- აბა, ახლა შენ მითხარი, რა ხდება ნატოს საქმესთან დაკავშირებით, - როგორც იქნა, დაინტერესდა.
- ნატო ცოცხალია, - საზეიმო ხმით გამოაცხადა ზვიადმა.
- რას ამბობ? სადაა მერე? თურქეთში?
- კი, ნამდვილად ასეა. შენი მეგობარი ცოცხალია, მაგრამ თურქეთში კი არა, კახეთშია გათხოვილი.
- ხომ არ გეშლება რამე?
- არა მგონია. თუმცა, გადამოწმება და საკუთარი თვალით ნახვაც არ გვაწყენდა.
- კი, მაგრამ ეს როგორ?
- როგორ და აი, ასე... თურმე ბათუმში კახელი ბიჭი გაუცნია, იმას ცოლობა უთხოვია და ამასაც გადაუწყვეტავს, რომ გაჰყოლოდა. თანაც ისე, რომ არავის სცოდნოდა. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ დედამისმა იცის და არ ამხელს.
- გენიოსი ხარ, ზვიად! მისამართი თუ იცი?
- აბა რა... - რაღაცნაირად მოუქცია ზვიადმა.
- ჰოდა, მაშინ ხვალ დილით კახეთში "მივფრინავთ".
დილის 6 საათი იყო, როდესაც ზვიადს დაურეკა.
- ანა, კარგი, რა, ნეტავ ერთი დღე გათენდებოდეს ისე, რომ შენმა ზარმა არ გამაღვიძოს. ცოტა დავიძინოთ და მოგვიანებით წავიდეთ. მაგალითად, 10 საათზე რომ გავიდეთ თბილისიდან, რა დაშავდება? ნატო მაინც აღარ გაიქცევა სხვაგან.
- რას ამბობ, რა მომათმენინებს 10 საათამდე?! ღამე ძლივს გავათენე, ისე ვინანე, რომ გაგიშვი... ლამის შუაღამისას წავედი. თანაც, საქმეები მაქვს აქ, უკან დაბრუნებაც ხომ უნდა მოვასწროთ? ადე, ადე, ნუ ხარ ზარმაცი, - შეუძახა გამომძიებელს, - რა ვქნა, რომ ასეთი საჭირო კაცი ხარ?
- ანა, - ხვეწნა გაურია ხმაში მამაკაცმა.
- ადეეე! ნუღარ მახვეწნინებ, ნახევარ საათში შენთან ვიქნები და თუ მზად დამხვდები, ხელფასს მოგიმატებ, - სტიმული მისცა.
- ხელფასით უკმაყოფილო ისედაც არ ვარ, არ მინდა მომატება. უმაგისოდაც მზად დაგხვდები, - ჩაიცინა ზვიადმა და ტელეფონი გათიშა.
რამდენიმე საათის შემდეგ ანა და ზვიადი სოფლის ორღობეში, მწვანედ შეღებილი ჭიშკრის წინ იდგნენ და მასპინძელს უხმობდნენ. ჭაღარა, ასაკოვანი ქალი გამოეგებათ.
- რამ შეგაწუხათ, შვილო, გზა ხომ არ აგებნათ? - სახე ხელით მოიჩრდილა ქალმა.
- არა, დეიდა, ნატოს ვეძებთ, ჩემი ბავშვობის მეგობარს და როგორც მითხრეს, თქვენი რძალი უნდა იყოს.
- არა, დედა, ჩემს რძალს ნატო არ ჰქვია, მარიამი ჰქვია.
- ბათუმელი არ არის თქვენი რძალი?
- არა, - მტკიცედ გააქნია თავი ქალმა, - თბილისელია, მაგრამ უპატრონო ბავშვთა სახლშია გაზრდილი.
- შეიძლება, რომ შემოვიდეთ, ქალბატონო?
- ჩემი რძალი არაა ის, ვისაც ეძებთ, - ქალი ჭიშკრის გაღებას არ აპირებდა.
- მივხვდით, ნამდვილად არაა ის, ვისაც ვეძებთ, მაგრამ წყალი დაგვალევინეთ, თანაც, მანქანას რაღაც გაუფუჭდა... მივხედავთ და წავალთ. 15 წუთზე მეტი არ გავჩერდებით.
ქალმა ბუზღუნით შეუშვა დაუპატიჟებელი სტუმრები.
ანა ეზოში, ხის ქვეშ დადგმულ მერხზე ჩამოჯდა, ზვიადმა კი ონკანი მოუშვა და თან გარემოს ზვერავდა.
- ქალბატონო, დაბრძანდით, - ანამ თავის გვერდით მიიხმო ქალი და შეეცადა, ლაპარაკით გაერთო, რომ ზვიადს თავისუფლად მოქმედება შეძლებოდა.
- დეიდა, ტუალეტი სადაა? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- კიბეზე ჩადი და იქვე, ხელმარცხნივ დაინახავ, - ქალმა ეზოს სიღრმისკენ გაიშვირა ხელი.
- ეს შენი ქმარია, შვილო? - ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა მასპინძელს.
- არა, ქმარი არაა.
- აჰა, გასაგებია, - ისე ჩაიცინა ქალმა, რომ აშკარად აგრძნობინა, მივხვდი, საყვარელი რომააო.
- ანა, - მოესმა ამ დროს ქალს და იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა.
სახლის პირველი სართულის ფანჯრიდან გაოცებული ნატო იყურებოდა და თვალებს არ უჯერებდა, რომ მის წინ სტუდენტობის მეგობარი იყო.
ნატო სირბილით გამოიჭრა სახლიდან და ანას გადაეხვია. მეგობრებმა კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღეს, ერთმანეთს ეხვეოდნენ და ტიროდნენ.
- ღმერთო ჩემო, საიდან - სად? ესეც ბედისწერაა, რომ მაინცდამაინც ჩემს ეზოში შემოხვედი, - ცრემლს იწმენდდა ნატო.
- შემთხვევით არ მოვსულვარ, გეძებდი და მოგაგენი, - გამოუტყდა ანა.
ნატო მოიღუშა. მიხვდა - რაკი ანა ეძებდა, მას ალბათ ყველაფერი ეცოდინებოდა მის შესახებ.
- დედაშენთან ვიყავი, იმან მითხრა, რომ დიდი ხნის წინ გაუჩინარდი, შენი მოძებნა გადავწყვიტე და აი, მოგაგენი კიდეც.
- წლებია, პოლიცია მეძებს და ვერ მიპოვა, შენ როგორ მოახერხე?
- ნატო, დედას რატომ ანერვიულებ? მას მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ცოცხალი ხარ...
- მან იცის... დედამ იცის, სად ვარ და ისიც იცის, რომ კარგად ვარ, - თავი დახარა ნატომ, - მხოლოდ მან და ჩემმა ქმარმა იციან სიმართლე. დედამთილმა ჩემი ნამდვილი სახელიც კი არ იცის... ვერავის ვეტყოდი, რადგან...
- მე ყველაფერი ვიცი, გოდერძი ვეღარაფერს დაგიშავებს. თუ მაინც გაბედავს შენს დაშანტაჟებას, ვანანებ, - ანამ ლაპარაკი შეაწყვეტინა.
- გოდერძის შესახებაც იცი? - ნატოს ცრემლი წასკდა.
- ნუ ტირი, ახლა თავისუფლად შეგიძლია გაამჟღავნო შენი ვინაობა და მშობლიურ ბათუმსაც ეწვიო.
ნატო როგორც იქნა, დაწყნარდა. ანას ბევრი ისეთი რამ უამბო თავისი ცხოვრებიდან, რასაც ალბათ მხოლოდ საკუთარ თავს ანდობდა. მისი დედამთილი სტუმრებს გაუმასპინძლდა და თან ბოდიშს უხდიდა, საკადრისი პატივი ვერ გეცითო. ზვიადი და ანა გვიან წამოვიდნენ კახეთიდან. ქალი ბედნიერი იყო იმით, რომ ძველი მეგობარი უვნებელი იყო და თავს კარგად გრძნობდა.
- ჩვენი მისია შევასრულეთ, - კმაყოფილი სახით უთხრა ნუზარს, - მაგრამ დედამისს რომ თავიდანვე ეთქვა სიმართლე, არც შენ დაგჭირდებოდა ამდენი წვალება და არც მე ვინერვიულებდი. მაგრამ არა უშავს, რაც იყო - იყო.
- ანა, ხვალ სასამართლოა, ხომ არ დაგავიწყდა? - შეახსენა ზვიადმა, როდესაც ქალმა ის შინ მიიყვანა.
- მახსოვს, არ დამვიწყნია. ბელას დასწრება სავალდებულოა, ხომ?
- რა თქმა უნდა. სასამართლო მას აუცილებლად ჰკითხავს აზრს, უნდა თუ არა, რომ შენი შვილი გახდეს.
- კარგი, მაშასადამე, მე და ბელა 12 საათისთვის სასამართლოსთან დაგელოდებით.
ვინაიდან არც მომჩივანი და არც ბელას გაშვილების წინააღმდეგი არავინ იყო, პროცესი მალე დამთავრდა.
- დღეიდან უკვე მართლა ჩემი შვილი ხარ, - ანა გოგონას მოეხვია.
- ახლა ვერავინ წამიყვანს? - გოგონამ ნაღვლიანი თვალები შეანათა.
- აბა, რა სისულელეს ამბობ? აქამდეც ვერავინ წაგიყვანდა, არ გავატანდი შენს თავს.
- ახლა ციცოს ბებია რომ დავუძახო, შეიძლება?
- რა თქმა უნდა, შეიძლება.
გოგონას კმაყოფილი სახე ჰქონდა. თვალებში თითქოს სხივი ჩაუდგა. სახლთან რომ მივიდნენ, მანქანიდან გადასვლისას ანას მოეხვია და მადლიერების ნიშნად აკოცა. ქალს გული შეეკუმშა. გოგონას ასეთმა საქციელმა თითქოს ტკივილი მიაყენა, რატომ - თვითონაც ვერ მიხვდა.
- დავით, მომილოცე, დღეს დედა გავხდი, - გაღიმებული შევიდა კაბინეტში.
- გილოცავ, ეგ ერთი და სხვა მრავალი.
- ისე, მართლა არ იქნებოდა ურიგო, რომ კიდევ მყოლოდა რამდენიმე შვილი.
- ანა, მე მგონი სჯობია, რომ შენ გააჩინო ბავშვები და მათი დედა იყო. ბელას საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა არაფერი მაქვს, ძალიან კარგი ბავშვია და მიხარია, რომ მასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ დროა, შენს ცხოვრებას მიხედო.
- დავით, მიკვირს, ამას რომ მეუბნები.
- უბრალოდ, ის მინდა, რომ საკუთარი შვილები გააჩინო და ოჯახი შექმნა. შენი და ირაკლის ურთიერთობა როგორც უნდა დამალო, მე ვერაფერს გამომაპარებ, ხომ იცი. ჰოდა, ჯობია, დაქორწინდეთ, - უჩვეულოდ მკაცრი ხმა ჰქონდა დავითს.
ანამ გაოცებით შეხედა. ბიძამისისგან ასეთ ტონს არ იყო მიჩვეული. თუმცა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და არაფერი უთქვამს. სხვა რომ ყოფილიყო, მაშინვე თავის ადგილს მიუჩენდა. დავითს კი ვერ გაუბედა.
- ნუ გაიბუსხე, შენთვის გეუბნები, - შემრიგებლური ტონი გაუხდა მამაკაცს.
ანას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვიდრე საჭირო სიტყვებს თავს მოუყრიდა, ოთახში რამაზი შევიდა.
- მოდი, რამაზ, გელოდი, - დავითმა რამდენიმე საბუთის მომზადება სთხოვა.
- რამაზ, რა ხდება, ელიზბარს აღარ დაურეკავს? - ანას თვალებში ეშმაკუნები აცეკვდნენ.
- არა, ჩვენ შევთანხმდით, რომ შენთან ექნება კავშირი. რა თქმა უნდა, ჩემთან ურთიერთობას შენთან კონტაქტი ურჩევნია, - ჩაიცინა მამაკაცმა.
- ჰოდა, ურჩევნია და იკონტაქტოს. რა მოხდა ნეტავ? გააცნო თავისი ახალი წინადადება ინგლისელ პარტნიორებს?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა რამაზმა.
- ჯერ მაგ ელიზბარს მივხედავ, მერე კი იმ ინგლისელებსაც დავუცაცხანებ. მოსარიდებელი არაფერი მაქვს. მაგათ საქციელს ღალატი ჰქვია. თუ პარტნიორები არიან და სხვამ უფრო სარფიანი წინადადება შესთავაზა, უნდა მოვიდნენ, საქმის კურსში ჩამაყენონ და შემომთავაზონ, რომ ძველი კონტრაქტის პირობები შევცვალოთ და მათ მიერ მოწონებულ, სხვის შეთავაზებულ პირობებს მივუახლოვოთ. ასე არაა? თუ შევთანხმდებით, გავაგრძელებთ ურთიერთობას, თუ არა და, ადგება და იმასთან ითანამშრომლებს. ახლა რა გამოდის? ჩემს ზურგს უკან საქმეებს აწყობენ და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, მითხრან, რომ ჩვენთან ურთერთობას წყვეტენ. ელიზბარი საგადასახადო შეღავათებით დააინტერესებს. მის ხელში არაა? შეუძლია, საკმაოდ დიდი თანხა დააზოგვინოს, გადასახადებზე თავის არიდების გზით. ეს ამათაც აძლევთ ხელს, რა თქმა უნდა... როცა კომპანია მსხვილგადამხდელების სიაშია და წელიწადში თანხის ბრუნვა 80 მილიონზე მეტი აქვს, ამ დროს მცირე შეღავათიც კი რამდენიმე მილიონის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
- სწორია, ელიზბარმა შესაძლოა, მაგით გვაჯობოს, - კვერი დაუკრა რამაზმა.
- ჰოდა, ელიზბარი თუ ცოტა ჭკუას არ მოიხმობს, ცუდ დღეში აღმოჩნდება, - დაემუქრა ანა. - რამაზ, საღამოს ჩვენთან შემოიარე, ტორტზე დაგპატიჟებ, თან იქნებ რამე გაირკვეს მანამდე და თუ არა - მაინც გვაქვს საქმეზე სალაპარაკო.
- მე მგონი, ვერ მოვახერხებ.
- რატომ?
- ანას ძიძას დედა გარდაეცვალა და რაიონში წავიდა მთელი კვირით. შესაძლოა, მეორე კვირაც მიამატოს. ამიტომ, ამ დროის განმავლობაში ყოველდღეEადრე მომიწევს შინ დაბრუნება.
- კარგი, მაშინ მე შემოგივლით, - დაჰპირდა ანა.
- ნინოც წამოიყვანეთ, საღამოს ჩემთან გელით.
- დავით, დამსვი კომპიუტერთან, - რამაზი გავიდა თუ არა, ანა ბიძას თავზე დაადგა.
- რა იყო, რა ბზიკმა გიკბინა? - მამაკაცმა ადგილი დაუთმო.
- ახლა თუ გამიმართლებს, ძალიან მაგარი იქნება, - ანა გაფაციცებით უყურებდა კომპიუტერის ეკრანს.
- ახალი რაღაც მოიგონე, ეტყობა, - ცნობისმოყვარაობა არ ასვენებდა დავითს.
- ამას წინათ ჩვენს ფოსტაზე შეტყობინება მოვიდა, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მსუბუქი მრეწველობით არიან დაინტერესებული, ფორუმი ტარდება და გამოფენაც, სადაც ახალი ტექნოლოგიები იქნება წარმოდგენილი. ჰოდა, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, როდის ტარდება. მაშინ ყურადღება არ მივაქციე.
- რად გინდა, წასვლა გადაწყვიტე?
- არა, ახლა კარგი მომენტია. თუ დაგვიანებული არაა, რამაზს გავუშვებ. ანას ძიძაც არაა აქ. რამაზი წასვლაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ ბავშვს ვერსად დატოვებს, მე კი შევთავაზებ, რომ ჩემთან დატოვოს. აი, ვიპოვე! - წამოიძახა გახარებულმა, - ხვალაა განაცხადის შესატანად ბოლო დღე. ძალიანაც კარგი, ახლავე შევავსებ, - ანა ტელეფონს დასწვდა, - რამაზ, დავითთან შემოდი და პასპორტი წამოიღე, - ჩასძახა ყურმილში.
რამდენიმე წუთში რამაზი გაოცებული სახით შევიდა.
- რა ხდება, ანა, ხომ მშვიდობაა?
- მივლინებაში უნდა წახვიდე, ისრაელში, - ქალმა თვალი თვალში გაუყარა.
- როდის?
- კვირას გაფრინდები. ერთკვირიანი ფორუმი ტარდება მსუბუქი მრეწველებისთვის.
- ვერ წავალ, ანა, თანაც, მე მგონი ჯობია, რომ მთავარი ტექნოლოგი გავუშვათ.
- არა, მირჩევნია, შენ წახვიდე, - ეს უფრო ბრძანებას ჰგავდა.
- ბავშვს ვერსად დავტოვებ, ძიძაც არაა აქ, ხომ გითხარი წეღან.
- მარტო ეგ თუ გიშლის ხელს, რამეს მოვიფიქრებთ. მაგალითად, შემიძლია, მე დავიტოვო. არა მგონია, ანამ უარი თქვას.
- ანა, მსგავსი ფორუმი სხვა დროსაც ჩატარდება და მაშინ წავალ.
- რამაზ, ნუ ჯიუტობ, პასპორტი მომეცი, განაცხადი უნდა შევავსო და მივლინება გავაფორმოთ, - ხელი გაუწოდა.
- ჯერ ანას ვკითხავ, დარჩება თუ არა თქვენთან, - არ ნებდებოდა მამაკაცი.
- კარგი, ჰკითხე. განაცხადი კი მაინც გავაკეთოთ, თუ არ წახვალ, ამის გამო არავინ დაგვსჯის და ანა თუ დაგვთანხმდა, შესაძლოა, მერე ვეღარ მოვასწროთ.
რამაზი რომ გავიდა, ანამ შვებით ამოისუნთქა და სავარძლის საზურგეს მიაწვა.
- წერილის გაგზავნა, - თქვა ხმამაღლა და "ენთერის" კლავიშს თითი დაარტყა, - ესეც ასე...
დავითმა თავი გადააქნია.
- წავედი, მანქანა გასარეცხად მყავს დატოვებული, უკვე მზად იქნება, უამრავი საქმე მაქვს კიდევ, - დავითს გამოემშვიდობა და გავიდა.
მრეცხავი ბიჭი მის დანახვაზე რაღაცნაირად აირია. ჯერ გასაღები ეძება კარგა ხანს... ანა ხვდებოდა, რომ ტყუილად აფათურებდა ხელს ყუთებში, მერე მოსასვენებელ ოთახში შევიდა, იქიდან გამოსულმა ისევ ყუთებში ქექვა დაიწყო. როგორც იქნა, გასაღები იპოვა. ამ ხნის განმავლობაში ქალი მოთმინებით ელოდა და მის უცნაურ ქცევას აკვირდებოდა.
ამ სამრეცხაოს მუდმივი კლიენტი იყო, სხვაგან მაქანას არ ტოვებდა. ყოველთვის ზედმეტ თანხას იხდიდა და ბიჭებს ლუდითაც ხშირად უმასპინძლდებოდა. ამის გამო მის გამოჩენას სიხარულით ხვდებოდნენ ხოლმე. ახლა კი მრეცხავი უცნაურად იქცეოდა.
- რამე მოხდა? - ჰკითხა ანამ.
ბიჭი დაიბნა, თვალი აარიდა, არც ჰო უთხრა, არც - არა.
- შემთხვევით რამე ხომ არ გაუფუჭდა მანქანას? - ჩაეკითხა ანა და გასაღების გამოსართმევად ხელი გაუწოდა.
- ქალბატონო ანა, მანქანა გარეცხილი დაგახვედრეთ, - ბიჭმა ეს სიტყვები ხმამაღლა თქვა, თითქოს სხვის გასაგონად და თან მიდამო დაზვერა. ანას გასაღებთან ერთად ხელში დაკეცილი ქაღალდი ჩაუდო.
ანამ ქაღალდი მუჭში მოიქცია, მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა.
ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა, რა ეწერა ფურცელზე. კარგა მანძილი რომ გაიარა, მანქანა გზისპირზე გააჩერა და ფურცელი გაშალა. იქ მხოლოდ ტელეფონის ნომერი ეწერა და დრო, როცა ამ ნომერზე უნდა დაერეკა.
"რა მოითმენს საღამოს 10 საათამდე?" - გაიფიქრა და ირაკლის ტელეფონის ნომერი აკრიბა.
- გაგახსენდი, როგორც იქნა? - მამაკაცს ხმაზე წყენა ეტყობოდა. - განგებ არ დაგირეკე, მაინტერესებდა, როდის მოიცლიდი, ჩემთვის რომ დაგერეკა.
- კარგი, რა, ირაკლი, საყვედურების მოსასმენად არ დამირეკავს.
- საქმიანი ქალი ხარ, სად გცალია ჩემთან დასარეკად ან საყვედურების მოსასმენად?!
ანამ ტელეფონი უბოდიშოდ გათიშა.
"არ ვაპირებ საყვედურების მოსმენას", - გაიფიქრა და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მიაგდო.
სახლის კარი შეაღო თუ არა, რამაზმა დაურეკა და აუწყა, რომ ანა თანახმა იყო, მამა მივლინებაში გაეშვა, თვითონ კი ანასთან დარჩენილიყო.
- ის კი არა და, მგონი, სიხარულითაც შეხვდა ამ ამბავს, - დაასრულა საუბარი რამაზმა.
ამ ამბავმა ქალი გაახარა, მაგრამ გულს უღრღნიდა ახალი, იდუმალებით მოცული ამბავი, რომლის კვანძის გახსნაც სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მოხდებოდა. საათს შეხედა. ჯერ 8 იყო.
ციცომ უგუნებობა შენიშნა შვილს და დოინჯი შემოირტყა.
- ახლა რაღა მოხდა? - ჰკითხა და სამზარეულოში შეუძღვა.
- დედა, ლაპარაკის გუნებაზე არ ვარ, მშია და დასვენება მჭირდება, - მაცივარი გამოაღო და რამდენიმე პომიდორი გამოიღო, თეფშზე დადო, ყველი, პური, მარილი და წყალი ლანგარზე დაალაგა და თავის ოთახში გავიდა. საწოლზე მოეწყო და პულტი მოიმარჯვა. აჰყვა და ჩამოჰყვა ტელეარხებს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი მოძებნა. რომელიღაც არხზე შეჩერდა. ცოტა ხნით ფილმმა ჩაითრია, შემდეგ ისევ თავის საფიქრალს დაუბრუნდა და ძილიც მოერია.
თვალები გაახილა თუ არა, დაფეთებული წამოხტა და ტელეფონზე საათს დახედა. "10 წუთში დავრეკავ", გაიფიქრა და დამშვიდებული ისევ მიწვა.
როგორც იქნა, გავიდა ის 10 წუთიც და ანამ საჭირო ნომერი აკრიბა. პირველივე ზარზე უპასუხეს.- დავით, ახლა ჩვენთან ბატონი ელიზბარი მოვა და ღირსეულად უნდა დავხვდეთ, - ანა ქარივით შეიჭრა დავითის ოთახში.
- ეგ როგორ? "ქართვლის დედასავით"? - გაეცინა.
- "ქართვლის დედასავით"?!
- ჰო, თუ მტერია, ხანჯლით დავხდეთ და თუ მოყვარე - ღვინით სავსე ფიალით.
- ხანჯლით უნდა დავხვდეთ, - ამოიოხრა ანამ და დავითის სავარძელი დაიკავა, ყელი მოიღერა და ბიძას გახედა.
- აბა, მიხდება უფროსის სავარძელში ჯდომა? წუთიწუთზე მოვა, წესით უკვე აქ უნდა იყოს. მდივანი გააფრთხილე, რომ ცოტა ხანს არ შემოუშვას. ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო და მე მგონი, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა.
ანამ ელიზბარი ცოტა ხანს მისაღებში აყურყუტა და როგორც იქნა, შესვლის ნება დართო. მამაკაცი წარბშეკრული შევიდა კაბინეტში. როგორც ჩანს, გაბრაზებული იყო, რომ შესაფერისი პატივით არ მიიღეს. უფროსის სავარძელში მჯდარი ანა რომ დაინახა, სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, შემდეგ ტუჩები მოებრიცა. ანა წამოდგა, ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა. მამაკაცმა ავტომატურად გაუწოდა მარჯვენა.
- ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ, ბატონო ელიზბარ? - ისე უღიმოდა ქალი, ვითომც აქ არაფერი. თუმცა, მისი ნათქვამი უფრო დაცინვას ჰგავდა.
- ანა, თქვენ?! - როგორც იქნა, ხმა ამოიღო მამაკაცმა.
- დიახ, მე ვარ. არ ელოდით?

- კარგი სპექტაკლი დადგით, როგორც ვატყობ...
- თქვენც კარგი "რეჟისორი" ხართ, ეგაა, რომ "როლებს" ვერ ანაწილებთ გონივრულად, - გაიღიმა ანამ, - ბატონო ელიზბარ, მე მგონი ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გაქვს, რადგან უკვე მიხვდით, რომ თქვენს ყველა ნაბიჯზე თავად მომაწოდეთ ინფორმაცია და ვიცი, რის "გაჩალიჩებას" მიპირებდით. შესაბამისი ზომებიც მივიღე, თქვენთვის ხელი რომ შემეშალა. ამ ამბავს გულში არ ჩავიდებ. ნურც თქვენ დაიბოღმებით. სჯობია, მეგობრებად დავრჩეთ.
- ვაღიარებ, რომ გამაცურეთ, და ეს საკმაოდ მოხერხებულად გააკეთეთ. დავმარცხდი... და ამის გამო თქვენ მიერ გამოწვდილ მეგობრობის ხელს მარჯვენას ვერ შევაგებებ, - მამაკაცმა თავი გადააქნია, - ის დოკუმენტები, რომელიც გამომიგზავნეთ, ყალბი იყო და შესაბამისად, ინგლისელ პარტნიორებთან მოლაპარაკებაც ჩაიშალა, - ხმადაბლა თქვა და იქაურობა უხმოდ დატოვა.
- სიმართლე რომ გითხრა, ვერ მივხვდი, რა მოხდა, - ჰკითხა გაოცებულმა დავითმა ანას.
- "სამართლმა პური ჭამა"! დაწვრილებით სხვა დროს მოგიყვები, ახლა არ მცალია, - გაიღიმა ანამ და დავითს დაემშვიდობა.
გიორგის უნდა შეხვედროდა და იმ ტერიტორიის სანახავად წასულიყო, სადაც ბავშვთა სახლის აშენებას აპირებდა.
კმაყოფილი დაბრუნდა. ზვიადს საბუთების მომზადება სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთი რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინა და მშენებლობა დაეწყო. გიორგიც მთელი გულით ჩაერთო წამოწყებულ საქმეში და განკარგულებებს იძლეოდა. ანასთან სალაპარაკოც ჰქონდა, სთხოვა, ცოტა ხანს ოფისში დარჩენილიყო, მაგრამ ქალს შინ მიეჩქარებოდა, რადგან იმ საღამოს რამაზი მიემგზავრებოდა და პატარა ანა უნდა მიეყვანა და მასთან დაეტოვებინა. ჰოდა, ახლა ვარანაირი საქმე ვერ შეაჩერებდა. შინ მიიჩქაროდა.

როგორც იქნა, მოსაღამოვდა. ანა ისე ემზადებოდა გოგონას დასახვედრად, თითქოს პირველად უნდა ენახა. ტანისამოსი რამდენჯერმე გამოიცვალა. ძლივს შეარჩია ისეთი, რომელიც მისი აზრით, ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებდა.
როგორც იქნა, დაადგა საშველი. რამაზმა ოთახში ჯერ ანა შეუშვა, შემდეგ კი მოზრდილი ჩანთა შეათრია.
- აქ ანას ტანისამოსია, - თითქოს ბოდიშს იხდისო, ისე თქვა, - რად უნდოდა ამდენი, მაგრამ არ დაიშალა და ლამის ყველაფერი წამოიღო, რაც აქვს. მთელი გარდერობი დააცარიელა.
ქალს გაეცინა და მამა-შვილს მისაღებში შეუძღვა.
ივახშმეს, ყავა დალიეს და რამაზის წასვლის დროც მოვიდა.
კაცს სურდა, ნინოც წასულიყო მის გასაცილებლად, მაგრამ ანამ დას თვალით ანიშნა, დარჩენილიყო და იმანაც უარი თქვა.
რამაზმა რეგისტრაცია გაიარა და ვიდრე გასასვლელს მიაშურებდა, შვილს ჩაეხუტა.
- არასოდეს დამიტოვებია მარტო და ახლა ვღელავ, - თქვა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
- არ ინერვიულო, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები, - შეჰპირდა ანა.

GzaPress

როგორც იქნა, ანა და მისი გოგონა მარტო დარჩნენ. ბავშვს ხელი მოჰხვია და გასასვლელისკენ წაიყვანა.
გზად ხშირად გადახედავდა გვერდით სავარძელში მჯდარ გოგონას და გული სითბოთი და სიამაყით ევსებოდა.
- გინდა, ლევანთან წავიდეთ? - ჰკითხა, როდესაც ქალაქში შემოვიდნენ.
რატომღაც მოუნდა, ისიც მათთან ერთად ყოფილიყო. დარწმუნებული იყო, რომ ლევანს გაახარებდა.
- წავიდეთ, - თავი დაუქნია ბავშვმა.
ანამ გეზი ლევანის სახლისკენ აიღო და გაუფრთხილებლად დაადგა თავზე.
მასპინძელი გაოცებული იფშვნეტდა თვალებს. ვერ იჯერებდა, რომ ანა და მისი შვილი მასთან იყვნენ. ორივეს აკოცა და შინ შეიპატიჟა.
ანა მთელი საათი ტიკტიკებდა, ენა არ გაუჩერებია. ხან ლევანს ეხუტებოდა, ხან - ანას. თავის ამბებს უყვებოდა და ორივეს ამხიარულებდა. ისინი სიყვარულით შესცქეროდნენ თავიანთ პირმშოს, რომელზეც მართალია, ამაგი არ ჰქონდათ გაწეული, მაგრამ უზომოდ უყვარდათ.
უკვე გვიანი იყო. პატარა ანა დაიღალა და დივანზე წამოწოლილს ჩაეძინა. ლევანმა პლედი დაახურა და თავქვეშ ბალიში ამოუდო.
- ანა, როგორ მოახერხე, რომ ასე დაუახლოვდი გოგონას? - ჰკითხა მას შემდეგ, როცა უკვე ლაპარაკის საშუალება მიეცა.
- მონდომებაა ყველაფერი. თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ სასურველს.
- მე კი ვსტუმრობდი ხშირად რამაზს, ძველი მეგობრობის წყლობით ანასთან ურთიერთობა გავაღრმავე, მაგრამ შენ მართლა ყოჩაღად მოქცეულხარ. ისიც გავიგე, რომ რამაზი შენთან გადაგიყვანია სამუშაოდ.

- ჰო, ასეა და ყველა ღონე ვიხმარე, რომ ბავშვთან ახლოს ვყოფილიყავი. ახლა კი მთელი 10 დღე ჩემთან იქნება, რამაზის დაბრუნებამდე.
- დიდი "ოხერი" ვინმე ხარ, - გაიცინა ლევანმა და გოგონას სიყვარულით დახედა, - წარმოიდგინე, ანა, რომ მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ, ჩვენი გოგონა ახლა ლამაზ სიზმრებს ხედავს, ჩვენ კი გვერდიგვერდ ვსხედვართ და ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ, თან გიხუტებ და გეფერები.
- ჰო, წარმოვიდგინე, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი უკვე დავამთავრეთ, ხომ შევთანხმდით?
- იქნებ დაფიქრდე, რად გინდა ის "კრასავჩიკი" ირაკლი? საერთო შვილი გვყავს, ცოლად გამომყევი და ბედნიერ ოჯახად "გადავიქცევით".
- ასე იოლი არაა ამის გაკეთება და შენ ეს მშვენივრად იცი, - თავი გააქნია ქალმა.
- შენ ხომ თქვი, მთავარი მოწადინებააო? ჰოდა, მოიწადინე და ყველაფერი კარგად იქნება. ისე, როგორც მე და შენ გვინდა.
- მასე შენ გინდა...
- შენ - არა?
- გახსოვს, როგორ მიყვარდი, ლევან?
- კი, მახსოვს. ასე ალბათ არავის ვყვარებივარ.
- შეგიძლია, წარმოიდგინო, მაგაზე ათჯერ მეტი სიყვარული როგორია?
- ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ვცდი...
- აი, ასე მიყვარს ირაკლი... ძალიან, ძალიან... უზომოდ... ტკივილამდე...
- გასაგებია. ალბათ ღირსეული ადამიანია, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, - თუმცა, არც მე მოვქცეულვარ უღირსად. მე შენთან დამნაშავე არ ვარ, ანა.
- მართალია. დამნაშავე მხოლოდ იმაში ხარ, რომ თავიდანვე არ გამიმხილე, ცოლი რომ გყავდა.
- მე ცოლთან გაშორებას ვაპირებდი და შენზე ჯვრის დაწერას.
- "აპირებდი" არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გააკეთებდი. მე შენ ტყუილი ვერ გაპატიე, ოჯახის ყოლა კი არა.
- კარგი, ანა, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. რაც არ გამოვა, იმაზე ტვინის ჭ....ტა აღარ ღირს. ახლა მთავარია, როგორმე ჩვენს შვილზე ვიზრუნოთ და იმასაც დრო გვიჩვენებს, როდის შევძლებთ სიმართლის გამხელას.

ანამ უხმოდ დაუქნია თავი და წამოდგა. პატარას ერთი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, მკერდზე მიიხუტა და ლევანს თავით ანიშნა, შემოსასვლელი კარი გაეღო. გოგონა ძილში მოეხვია და ცხვირი მის კისერში ჩარგო. ქალი ძალზე ფრთხილობდა, რომ გოგონა არ გაეღვიძებინა. ბავშვი საკმაოდ მძიმე იყო და ანა კიბეზე ძლივს ჩადიოდა, მაგრამ თავს მაინც მსუბუქად გრძნობდა... ასეთი ბედნიერი კარგა ხანია, არ ყოფილა.
ანა უკანა სავარძელზე დააწვინა და საჭეს მიუჯდა. სახლშიც ისეთივე სიფრთხილით აიყვანა და ბელას გვერდით, საწოლზე დააწვინა. ტანისამოსი გახადა, მის ჩანთაში პიჟამა მოძებნა, ფრთხილად ჩააცვა და თხელი საბანი დაახურა. გოგონები გვერდიგვერდ იწვნენ და მშვიდად ეძინათ. ანა კი აფორიაქებული იყო და ოთახიდან გასვლა აღარ უნდოდა. შემდეგ, გადაწყვეტილება უეცრად მიიღო და ტანისამოსიანად გოგონებს შუა მოთავსდა. გულაღმა იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ვერ იჯერებდა, რომ ანა გვერდით ჰყავდა. როდის ჩაეძინა, არ ახსოვს...
კოცნამ გამოაღვიძა. ბელას გაღვიძებოდა და დედობილს ფრთხილად ჰკოცნიდა. ქალმა გოგონა ჩაიხუტა. ამასობაში ანასაც გაეღვიძა და ორივეს გაუღიმა.

- არ მაკოცებ? - ჰკითხა ბავშვს.
გოგონა წამოჯდა და მისკენ დაიხარა. შემდეგ მკერდზე მიეკრო. "ალბათ დედა მოენატრა", - გაიფიქრა ანამ და თვალზე ცრემლი მოადგა. გოგონებს მისი გულის აჩუყება რომ არ შეემჩნიათ, სასწრაფოდ წამოდგა.
- აბა, ხელპირი დაიბანეთ და საუზმეზე გამოცხადდით, - ხმამაღლა თქვა და ოთახიდან პირველი გავიდა.
ბავშვებთან ერთად ისაუზმა. შემდეგ ანა შინ დატოვა, ბელა კი მათემატიკის მასწავლებელთან გაიყოლა და წავიდა. გოგონას სკოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააწყებინა მომზადება, რომ სკოლაში მისული, თანატოლებს წამოსწეოდა.
ბელა მასწავლებლის სახლთან ჩამოსვა და თვითონ საბლიანისკენ გაემართა. ისეთი დრო იყო, წესით, ვახო სამსახურში უნდა ყოფილიყო.
უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც ვახოს კვალში მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერა და ვერ მოახერხა. ახლაც, პოლიციის შენობასთან გაჩერდა და კარგა ხანს მოუხდა ლოდინი, ვიდრე მამაკაცი გამოჩნდებოდა. სამსახურიდან გამოსულ ვახოს კვალში ჩაუდგა. კარგა ხანს სდია. ცდილობდა, უკან მიჰყოლოდა და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე წინასწარ ჩაფიქრებული გეგმა სისრულეში მოეყვანა. ჰოდა, აგერ, ვახოს მანქანა შუქნიშანთან თითქოს გაჩერებას არ აპირებდა, დიდი სისწრაფით მიქროდა და ბოლო მომენტში დაამუხრუჭა, რომ წინ მდგარ მანქანას არ დასჯახებოდა. ანამ ამით ისარგებლა, თავისი მანქანა მიუშვა და მუხრუჭს ისეთ დროს მიადგა ფეხი, როცა უკვე გვიან იყო.

შეჯახების ხმა გაისმა. ქალს ცოტა გული დასწყდა, რომ თავისი მანქანაც მიჭეჭყა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ვახოს ჯიპს საბარგული კარგა გვარიანად დაუზიანდა. მამაკაცი გინებით გადმოვიდა მანქანიდან და შეღუნულ ადგილს დააკვირდა. ანაც გადავიდა და გვერდით დაუდგა. მამაკაცს შეკრული წარბები უეცრად გაეხსნა, როცა მშვენიერ ქალს მოჰკრა თვალი.
- მუხრუჭი არა აქვს შენს მანქანას? - პირდაპირ "შენობით" დაიწყო ლაპრაკი.
- კი, აქვს, როგორ არა, მაგრამ მეგონა, არც თქვენ აპირებდით დამუხრუჭებას. ბოლო მომენტში კი ვეღარ მოვასწარი, - დამნაშავედ ჩაიბურტყუნა ქალმა, - პრობლემა არ იქნება, ზარალს აგინაზღაურებთ.
- როგორ გეკარდება, გენაცვალე, - ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა, - ამას მე მივხედავ, შენი მანქანაც დაზიანებულია და შენ მაგას მიხედე, ჯობია. აქ ცუდად გავჩერდით, გადავაყენოთ გვერდზე მანქანები და დავილაპარაკოთ, - ანას თავით ანიშნა, მომყევიო და საჭეს მიუჯდა.
ქალსაც სწორედ ეს უნდოდა. როგორც იქნა, მიზანს მიაღწია. უკან მიჰყვა და ჩრდილში გაჩერებულ ჯიპს გვერდით ამოუდგა.
- ქალაქში არასოდეს შემიმჩნევიხართ, აქაური არ ხართ?

- ქართველი ვარ, მაგრამ ამერიკაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. ახალი ჩამოსული ვარ, - ანა ცდილობდა, ტყუილი არ ეთქვა, რადგან ვახო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და ინფორმაციის გადამოწმება არ გაუჭირდებოდა. მთავარი იყო, ტყუილში არ გამოეჭირა, რომ მისი ნდობა არ დაეკარგა, - თქვენი ტელეფონის ნომერი დამიტოვეთ, ამ დღეებში დაგირეკავთ და ხელოსანთან მივიყვანთ თქვენს ავტომობილს.
- არა, მაგაზე არ შეგაწუხებთ, არც ჩვენ ვართ დაკარგული ხალხი, - გაიბღინძა ვახო, - ტელეფონის ნომერს კი აუცილებლად მოგცემთ და თქვენსასაც ჩავიწერ, რომ ჩვენი გადარჩენა აღვნიშნოთ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით.
- ვნახოთ, - მაშინვე დათანხმება არ ივარგებდა.
- თუ გნებავთ, მეუღლესთან ერთად წამობრძანდით, გავიცნობთ ერთმანეთს, ასეთ კარგ გოგოს ვაჟკაცი მეუღლე გეყოლებათ.
- სამწუხაროდ, მეუღლე არ მყავს, ქვრივი ვარ, - მორიგი ინფორმაცია მიაწოდა ქალმა, რადგან მიხვდა, რომ ეს წინადადება ვახომ იმის გამო წამოაყენა, გაერკვია, ქალი გათხოვილი იყო თუ არა.
ანას პასუხმა თვალები აუციმციმა კაცს.
- ვწუხვარ, ქალბატონო, - სიტყვით ეს თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო, რომ ძალზე გახარებული დარჩა. ქალს ხელზე აკოცა, შემდეგ მანქანის კარი გაუღო და დაემშვიდობა.
ანას სახიდან თავაზიანი ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა, როგორც კი მანქანის კარი მიხურა და ადგილიდან დაიძრა. ღიმილი ზიზღმა შეცვალა.
მანქანაში დატოვებული ტელეფონი კარგა ხანს რეკავდა, მაგრამ ანა ზარს არ პასუხობდა. აპარატი ისევ აწკრიალდა. ირაკლი იყო.

- ანა, სად ხარ, შემაშინე!
- აქ ვარ, მანქანიდან გადასული ვიყავი, - უხალისოდ უპასუხა.
- რა გჭირს, მოხდა რამე?
- ავარია მომივიდა, მანქანა დავამტვრიე, - ანა გულწრფელი იყო და ძალიან წუხდა, რომ მანქანა დააზიანა.
- სად ხარ? შენ როგორ ხარ, ხომ არაფერი დაგიშავდა? - მიაყარა კითხვები მამაკაცმა.
- მე კარგად ვარ, მანქანას ცოტა "ცხვირი" შეეჭეჭყა, ხელოსანთან მივდივარ და იქ მოდი, უთხრა და გეზი იმ სახელოსნოსკენ აიღო, რომელიც "მისი" სამრეცხაოს გვერდით იყო.
ვანომ შეთქმულვით გაუღიმა და ხელის აწევით მიესალმა. ხელოსანმა საქმე მოიმიზეზა და 3 დღის შემდეგ დაიბარა, მაგრამ ქალი არ მოეშვა, ახლავე უნდა გააკეთოო, გადაეკიდა და დაითანხმა კიდეც. ცოტა ხანში ირაკლიმ მოაკითხა. მანქანას ახედ-დახედა.
- სულ იმას გეუბნები, შუქნისანთან გვიან ამუხრუჭებ და ერთხელაც იქნება, დაეჯახები ვინმეს-მეთქი, - უსაყვედურა მამაკაცმა, - რა მანქანას დაეჯახე?
- "ტოიოტას" ჯიპს, მაგრამ პატრონი შეგნებული ადამიანი აღმოჩნდა და არ მაკეთებინებს, - ღიმილით უთხრა ქალმა.
- კიდევ კარგი, თორემ გაგაკოტრებდა და მერე რა უნდა გექნა?
- იკა, მოდი, დაელაპარაკე ამ სამრეცხაოს მეპატრონეს, იქნებ ფირი გვაჩვენოს და გავიგოთ, რა უნდოდათ უცხო მამაკაცებს ჩემს მანქანასთან?
ირაკლი კარგა ხანს დაყოვნდა კაბინეტში. შემდეგ ანასაც უხმო.
- ანა, აბა ნახე, გეცნობა რომელმე? - ჰკითხა და ხელი ეკრანისკენ გაიშვირა.
მისი მანქანის უკანა კართან შუა ხნის მამაკაცი იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა. დაიხარა და შიგნით გადაწვა. კარგა ხანს აფათურა ხელები, სწრაფად გასწორდა, მობრუნდა და გზა გადაჭრა.

- არა, არ მეცნობა, მაგრამ...
- დიდი მადლობა, - იკამ სიტყვა გააწყვეტინა და მასპინძელს ხელი ჩამოართვა.
ანას ხელკავი გაუკეთა და გარეთ გამოიყვანა.
- ახლა ის მაინც ვიცით, სად შეიძლება ვეძებოთ არასასურველი, "უცხო სხეული", ოღონდ ამას მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა შენს მანქანას ახალს დაამსგავსებენ და აქედან წავიყვანთ. იკამ თავისი მანქანის კარი გაუღო და დაჯდომისას ხელი შეაშველა.
- სად მიდიხარ? - ჰკითხა, როდესაც ადგილიდან დაიძრა.
- სად მივდივარ და ვანიკო თუთბერიძესთან შეხვედრა მაქვს დანიშნული, - ძლივს ამოღერღა ქალმა.
- რა ნაცნობი სახელი და გვარია, სად გამიგონია? - დაფიქრდა მამაკაცი. - აა, ეს ის არაა, ჩვენი ნაცნობი ჟურნალისტი? - გაახსენდა უცებ.
- ჰო, ისაა, - უხალისოდ დაუდასტურა.
- კი, მაგრამ ხომ გითხარი, რომ უჩემოდ არ უნდა შეხვედროდი მაგას?
- მე შეგპირდი, რომ მის მოსაკლავად არ წავიდოდი უშენოდ. ახლა მოსაკლავად კი არა, ინტერვიუზე მივდივარ, - გაიღიმა ქალმა.
- ინტერვიუზე?! როგორ შეგაბა?
- მე შევაბი, მჭირდება და იმიტომ.
- მასასადამე, ვანიკოსთან მივდივრთ! სადაა შეხვედრა დანიშნული?
- სად და ჩემთან, სამსახურში, გიორგის ფირმაში.
ვანიკო გიორგის კაბინეტში დახვდა. ცოტა ადრე მისულიყო და ახლა გიორგის "აწამებდა" - ცდილობდა, ანას შესახებ რაიმე ისეთი ინფორმაცია დაეცინცლა, რასაც რესპონდენტი თვითონ არ იტყოდა, მაგრამ გიორგი მაგის ჩიტი იყო?! იჯდა და იმ დამნაშავესავით დუმდა, რომელსაც აღიარებითი ჩვენების მიცემა არაფრის დიდებით არ სურს.
ანამ მამაკაცებს მოუბოდიშა და ჟურნალისტი თავის კაბინეტში გაიყვანა.
მარი ჯაფარიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent