შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 2)


6-07-2016, 19:52
ავტორი Kristy
ნანახია 2 673

მეორე დღეს ლიზი უნივერსიტეტში იმ იმედით გაეშურა, რომ ლუკას ისევ ნახავდა და მართალიც იყო, აუდიტორიაში შესულს ბიჭი უკვე იქ დახვდა, როგორც ყოველთვის, ჩუმად იჯდა თავის ადგილას ოთახის ბოლოში. ლიზის უნდოდა მისულიყო და მისალებოდა ან თუნდაც უბრალოდ მის გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ ვერ გაბედა, არ იცოდა, მოეწონებოდა თუ არა ბიჭს მისი ეს საქციელი ან უნდოდა თუ არა საერთოდ. მთავარი მიზეზი კი მაინც ის იყო, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ დაეწყო მასთან საუბარი ან რა ეთქვა. გუშინ ხომ მხოლოდ რამდენიმე წინადადება გაცვალეს, ეს არ ნიშნავდა, რომ უკვე მეგობრები იყვნენ ან ამ საუბარმა რამე შეცვალა. ლექტორი დღეს დროულად მოვიდა და ლექციაც დაიწყო.
- როგორც იცით, - დაიწყო მან - დღეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა ფინალურ გამოცდამდე, რომელიც იმ კვირაში ჩატარდება. დღეს განვლილ კურსს შევაჯამებთ და აქტიურობის 10 ქულის გამომუშავების საშუალება გექნებათ. აბა, ვინ ცდის ბედს?
აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე იდგა.
- დავიჯერო, ეს ქულა არავის გჭირდებათ? - გაიკვირვა ლექტორმა.
- სანიკიძე, დაიწყე! - იყვირა ნიკამ
- ლიზის ისედაც ვუწერ მაგ ქულას. რადგან მსურველი არავინაა, მოდი, ბატონი ოქრიაშვილით დავიწყოთ. - ყველამ ლუკას შეხედა. - იმის გათვალისწინებით, რომ ლექციებზე იშვიათად გხედავდით, თქვენმა შუალედურის ტესტმა გამაკვირვა.
- რამდენი აიღო მაგ უიღბლომ? - იკითხა დაბოღმილმა ნიკამ
- ოციდან ოცი ნიკა, - უპასუხა ლექტორმა, როცა მიხვდა, რომ ლუკა პასუხის გაცემას არ აპირებდა. - კარგი იქნებოდა მაგ უიღბლოსთვის მიგებაძა. ახლა კი მინდა თქვენი ხმაც მოვისმინო, მზად ხართ 10 ქულის გამოსამუშავებლად?
- დიახ, რა თქმა უნდა. - დინჯად გასცა პასუხი ლუკამ.
- მშვენიერია, დავიწყოთ.
შუახნის სანდომიანი მამაკაცი, რომელიც ფსიქოლოგიის დოქტორი იყო, დიდი დაკვირვებით უსმენდა ლუკას პასუხებს მის მიერ დასმულ, საკმაოდ ეშმაკურ კითხვებზე და დაღარულ სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. ლიზი დაძაბული უსმენდა მათ კითხვა-პასუხს, თითქოს ეშინოდა ლუკას რამე არ შეშლოდა ან კითხვა არ ჩაეგდო და ყოველი სწორად პასუხგაცემული კითხვა, მასში უდიდეს სიხარულს იწვევდა. რამდენიმე რთული საკითხის განხილვის შემდეგ, ბატონი შალვა დარწმუნდა, რომ ლუკას ეს საგანი ნამდვილად ესმოდა და დაჰპირდა, რომ 10 ქულა მისი იყო. ლიზიმ ამოისუნთქა და აუდიტორიას გადახედა: ბავშვები გაოცებას ვერ მალავდნენ, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ლუკას თვალს არ აცილებდნენ, ის კი ჩვეული სიმშვიდით გასცქეროდა მის წინ არსებულ სივრცეს და ისე იქცეოდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო.
ლექციისთვის განკუთვნილი საათი დასრულდა, ბავშვებმა დაშლა დაიწყეს, ლექტორი სტუდენტებს დაემშვიდობა და გამოცდაზე წარმატებები უსურვა. ლიზიმ უკან მიიხედა და ძალიან დასწყდა გული, როცა შენიშნა, რომ ლუკა უკვე წასულიყო. რა გაეწყობოდა, თავისი ნივთები შეაგროვა და სახლისკენ გაეშურა. ფეხით უყვარდა სეირნობა ლიზის, უნივერსიტეტიდან ოცი წუთის სავალზე ცხოვრობდა და ავტობუსით არასდროს უსარგებლია. თვლიდა, რომ ფეხით სიარულზე დროის დახარჯვა გამართლებული იყო, რადგან უფრო მეტი სარგებელი მოჰქონდა, ვიდრე ცხოვრების რამდენიმე ზედმეტი წუთის დაკარგვა იყო. ჩანთაში ყურსასმენები მოძებნა, სიმღერები ჩართო და მუსიკის რიტმს აყოლილი, ლაღი ნაბიჯით გაუყვა გზას.
ლიზი ორსართულიან თეთრ სახლში ცხოვრობდა, რომელიც იმდენად პომპეზური იყო, რომ მეზობლად მდგარ მოკრძალებულ სახლებს მედიდურად გადმოჰყურებდა. იდეალურად სწორ, მწვანებალახოვან ეზოს თეთრი ბეტონის ღობე ჰქონდა შემოვლებული, ეზოში იდეალური სიზუსტით იყო განლაგებული ორი დიდი ხე და რამოდენიმე ულამაზესი დეკორატიული მცენარე, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს ყვაოდნენ. თეთრი ქვისგან ნაგები მდიდრული სახლი სახელდახელო დახვეწილობით გამოირჩეოდა: უზარმაზარი ფანჯრებით გაწყობილი ფასადი და დიდ ბოძებზე შემდგარი, ულამაზესი შუშაბანდით დამშვენებული აივანი სახლის პირველ სართულს ქმნიდა; მეორე სართული უზარმაზარ შენობაზე დაშენებულ ორ პატარა, მაგრამ საოცრად დახვეწილ სახლს წააგავდა საერთო კედლითა და საკუთარი აივან-საკვამურებით. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ფართო აივანი და ამ აივანხე გამსვლელი, უზარმაზარი მინის კარები ამშვენებდა, ლიზის სამფლობელო იყო, მეორე კი - წვრილი აივნითა და გვერდზე პატარა კოშკის მსგავსი მიშენებით, რომელიც საოცრად ამშვენებდა სახლის სრულ ხედს, მისი პატარა დის საკუთრება გახლდათ, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ალბათ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ სახლის ამ ნაწილში მას შემდეგ აღარაფერი შეცვლილა, თითქოს აქ კედლებიც კი მის ხსოვნას ინახავენო.
უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ლიზი, უკვე სახლში შესვლას აპირებდა, როცა ქუჩაში ლუკა დალანდა:
- შენ რა, გამომყევი?
- წარმომიდგენია, რამდენად საინტერესო იქნებოდა დადებითი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ მომიწევს ვაღიარო, რომ ასე არ არის. - გაეცინა ლუკას.
- მაშინ აქ რას აკეთებ?
- მე აქ ვცხოვრობ.
- მოიცა, სად?
- იმ პატარა, ყვავილებიან სახლში, რომელსაც თვალს არ აცილებ ხოლმე. - თვალი ჩაუკრა ლუკამ და უცებ შექმნილი უხერხულობის გასაფანტად დაამატა: - ალბათ, ძალიან გიყვარს ყვავილები.
- კი, მე მართლა მიყვარს ყვავილები, მაგრამ შენი სახლის ეზოში ისინი განსაკუთრებულად მომხიბვლელები ჩანან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სახლი ყოველთვის მხობლავდა.
- სასიამოვნოა ამის მოსმენა.
- მარტო ცხოვრობ? არ მეგონა სახლს პატრონი თუ ჰყავდა.
- მარტო ვარ. ბებიაჩემის სახლი იყო, დიდი ხნის წინ დაივიწყეს.
- რატომ?
- გრძელი ისტორიაა.
- და ახლა რატომ დაბრუნდი?
- არც კი ვიცი, უბრალოდ მჭირდებოდა.
- ეს კი ჩემი სახლია. თუმცა, ალბათ, ეს უკვე იცი. - გაეღიმა ლიზის.
- ნამდვილად.
ლიზის ძალიან უნდოდა კიდევ ეპოვნა თემა საუბრის გასაგრძელებლად, მაგრამ არ გამოუვიდა. ცხოვრებაში პირველად, საშინლად დაიბნა და თავი პატარა, სულელ გოგონად იგრძნო, რომელმაც არ იცის როგორ მოიქცეს მამაკაცების გარემოცვაში.
- თუ ეგ ბაღი ასე ძალიან მოგწონს, შემიძლია ერთხელაც დაგათვალიერებინო. - კიდევ ერთხელ განმუხტა მდგომარეობა ლუკამ. ამ ბიჭმა ნამდვილად იცოდა, როდის უნდა ელაპარაკა და როდის გაჩუმებულიყო.
- ცდილობ სახლში შემიტყუო?! - გადაიკისკისა ლიზიმ.
- არ არის გამორიცხული.
- ვინ იცის, ერთ დღეს, იქნებ შემოგყვე კიდეც.
- როგორც იტყვი. ყვავილების მე მაინც არაფერი მესმის, შემიძლია გაჩუქო მთელი ბაღი.
- მოიცა, მაშინ ვინ უვლის ყვავილებს?
- არავინ. თვითონ იზრდებიან.
- საოცარია.
ლიზი მიპატიჟებამ ძალიან გაახარა. უკვე იმაზე ფიქრობდა, როდის უნდა ენახა ბაღი, რას ჩაიცვამდა იქ წასასვლელად, რაზე ისაუბრებდნენ და როგორ დასრულდებოდა მათი პირველი შეხვედრა უნივერსიტეტს გარეთ. თან უხაროდა, რომ მისი პროგნოზი გამართლდა და ლუკა კარგი ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა მაინც თავისებური. წარმოსახვაში ლუკას ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას ცდილობდა, სურდა დაედგინა, რა იმალებოდა ამ დინჯი და მუდამ გაწონასწორებული ქცევის მიღმა, თუმცა არც კი უშვებდა იმ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, მასში რამე ცუდი აღმოეჩინა. იმ მცირე დროში, რაც მას იცნობდა, ლუკა ბიჭის იდეალად ექცა და არ შეეძლო დაეშვა, რომ ეს გრძნობა ყალბი იყო. უცებ საკუთარ აზრებს დაუგდო ყური და მიხვდა, რომ ცხოვრებაში პირველად, ის შეყვარებული იყო. გრძნობდა, რომ სუნთქვა ეკვროდა, რომ ირგვლივ ვერაფერს აქცევდა სათანადო ყურადღებას. მალევე გააცნობიერა, რომ ლუკას უნივერსიტეტში გამოჩენის დღიდან შეიპყრო გაუცნობიერებელმა ინტერესმა ამ ბიჭის მიმართ, რომელიც თანდათან იზრდებოდა და საბოლოოდ მიაღწია იმ ეტაპს, როცა უნდა ეღიარებინა, რომ უყვარდა (თუნდაც, მხოლოდ საკუთარ თავთან). ლიზისთვის ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენა იყო, რომლის შესახებაც ალბათ ოდესმე უამბობს კიდეც სამყაროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ ეს განძი ნამდვილად მას ეკუთვნის.
მოსაღამოვდა. ხეების ჩრდილები ზარმაცი გოლიათებივით გადაწვნენ ქუჩებზე, ჩამავალი მზის სხივები შენობებს ზურგს უკან დამალულიყვნენ და ამაოდ ცდილობდნენ ბურუსმოფენილი ქუჩის განათებას. ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანებს უცნაური აჩრდილები დაყვებოდნენ და თითქოს მათი სულის ანარეკლიაო, ყველა მათგანას საკუთარი, განსაკუთრებული ფორმა გააჩნდა. ლიზი ფანქრიდან ადევნებდა თვალს ზაფხულის კიდევ ერთი ამაყი დღის აღსასრულს: ხედავდა, ნელ-ნელა როგორ ჩნდებოდნენ პატარა, ყვითელი წერტილები მეზობელ სახლებში, როგორ ერწყმოდა მათი ფერები ღამის მწირ პალიტრას. მალე ქუჩის განათებაც ჩაირთო და უკვე მიძინებული მზის ნათება ჩაანაცვლა.
უცებ ზარის ხმა გაისმა და გოგონა ქალაქური დაისით ტკბობას მოსწყვიტა:
- გამარჯობა მერიკო, შემოდი.
- როგორ ხარ, გოგონი? - ქალი ყოველთვის ასე მიმართავდა თავის პატარა მეგობარს. - მთელი დღე ჩუმად ხარ, არც კი გამიხსენე. ხო მშვიდობა გაქვს?
- ამაზე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ, ჩემო მერიკო. - გაიბადრა ლიზი.
- ვითომ რატომ?
- სიმართლე გითხრა, უნდა მეთქვა, ასეთი დაბნეული, მაგრამ ამავდროულად, ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ მეთქი.
- ეს ნამდვილად ბიჭის ბრალი იქნება! ახლავე მოყევი!
- მართალია, დამნაშავე ნამდვილად მამრია, ჩემო მერიკო!
- შენ ეგ მითხარი, როგორი მამრია, თორე განა ყველა მამრი ღირს შენნაირი გოგოს დანბევად?!
- ღირს, მერიკო, ის ნამდვილად ღირს!
ცნობისმოყვარე მეზობელი მთელი ძალისხმევით ცდილობდა მეტი გაეგო ამ იდუმალი მამრის შესახებ, რომელმაც ყინულის დედოფალი გამოაფხიზლა, მაგრამ იმ საღამოს გოგონას სხვა ვერაფერი ათქმევინა. ბოლოს ხელიც ჩაიქნია, ‘სად წამივა, ხვალ-ზეგ მაინც მეტყვის’ო, გაიფიქრა და თითქოს აქ არაფერიო, მაშინვე სხვა თემაზე გადაერთო. ლიზისაც ეს უნდოდა, ვახშამი მოამზადეს, დასხდნენ და ჭორიკანა მეზობელმაც მთელი დღის ამბები გადმოულაგა. გოგონას სიამოვნებდა მისი მოსმენა - ამბები, რასაც ქალი ყვებოდა, უინტერესო იყო, თუმცა მოსწონდა მისი გაუთავებელი ტიტინის მოსმენა, თავს მარტო არ გრძნობდა და რაღაცნაირი, განსაკუთრებული სითბოთი ევსებოდა გული. მერი მიხვდა, რომ საუბარში ძალიან დიდი დრო გავიდა, ‘სახლში ალბათ ქმარი უკვე მელოდებაო’, აღმოხდა შეშინებულს და სულ რამდენიმე წამში გაქრა ოთახიდან.
ლიზი აივანზე გავიდა, თვალებით თავისი საყვარელი სახლი მოძებნა ქუჩის ბოლოში, სახლში შუქი არ ენთო.
- იქნებ ამაღამ დამესიზმროს. - უჩურჩულა ღამეს და თითქოს თავისივე სურვილის შერცხვაო, ჩქარი ნაბიჯით შებრუნდა ოთახში.



№1 სტუმარი Black

Magaria sagol dzalian kargi da gansxvavebuli istoriaa 2ive tavi dges wavikitxe da kidev kargi rom,wavikitxe.
Veli shemdeg tavs da warmatebebi... wink

 


№2 სტუმარი Firestorm

პირველი ნაწილის შემდეგ, არ მეგონა თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა... ბრავო!

 


№3 სტუმარი Magda

ძალიან ლამაზად აღწერ ნებისმიერ რამეს. ნიჭიერი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent