ცნობისმოყვარე (სრულად)
ცნობისმოყვარეობამ არაერთი ადამიანი დაღუპა და არაერთს მოუტანა წარმატება. დაღუპა ის, ვინც ვერ გამოიყენა მიღებული ცნობა, ხოლო ვინც გამოიყენა, დღეს წარმატებული და ბედნიერი ადამიანია. მე... მე პირადად ყოველთვის ვიყავი ზედმეტად ცნობისმოყვარე და ყოველთვის ვიგებდი იმას, რაც მაინტერესებდა. და ამ ცნობისმოყვატეობამ ბოროტი ხუმრობა "გამიჩალიჩა". ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა და არც არასოდეს ვიძახდი უარს თამაშზე. 7 ივლისს, როდესაც მეგობარმა ბიჭებმა თამაში შემომთავაზეს, დილა იმდენად ცუდად დაიწყო, რომ სჯობდა უარი მეთქვა... მაგრამ არ მიყვარს უარის თქმა, ჩემდა სამწუხაროდ. დილას 7 საათზე ჩვენმა ჰასკიმ გამაღვიძა ყეფით (ჩემი უტვინო ძმის გარდა არავინ იყიდდა ძაღლს ბინაში, თანაც მე-8 სართულზე და ისიც ციმბირულ ჯიშს, რომელსაც სიცივე უყვარს და სჭირდება). მომიწია მასთან ერთად გასეირნება. უკანა გზაზე ჩემმა კრეტინმა მეზობელმა რატომღაც აივნიდან გადმოასხა ბინძური წყალი, რომლითაც იატაკები მოწმინდა და მე და ჯეიჯეი (ჩვენი ჰასკი) ერთიანად გაგვწუწა. სახლში ასულს კი მითხრეს, რომ ძაღლი ცოდვა იყო და აბაზანაში ის შეიყვანეს პირველი. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ჩემი საყვარელი ფუნთუშებიც გათავდა და დილას ნორმალური საუზმის გარეშე დავრჩი. და ასეთ "ბედნიერ" დღეს დავთანხმდი ფეხბურთის თამაშს. ღირს იმის დაზუსტება, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდა? მეორე ტაიმის ბოლოს მოწინააღმდეგე გუნდის დაცვამ ხელი მკრა, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და კარის ბოძს შევასკდი. როდესაც წამოდგომა ვცადე საშინელმა ტკივილმა გონება დამაკარგინა, საავადმყოფოში გონს მოსულს კი მაცნობეს, რომ კოჭი მქონდა ჩამსხვრეული, არამცთუ მოტეხილი. ყველაზე ცუდი იცით რა იყო? 10 ივლისს ჩემები ნათესავის ქორწილში წავიდნენ ბათუმში, მე კი მტვრიან და ბუღიან თბილისში დამტოვეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დედიკოს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მე გავაგდე ძალით. დიდი ხანია საკუთარი თავისთვის დასვენების უფლება არ მიუცია, ახლა კი 1 კვირა შეეძლო დაესვენა. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი ეს ნანატრი დასვენება რომ ჩამეშხამებინა მშობლებისთვის. კიდევ კარგი ჯეიჯეი ჩემი ძმის ძმაკაცმა დაიტოვა. დამიტოვეს საჭმელები, ფული და ჩემი თავი ჩააბარეს მეზობელს, რომელიც დილას და საღამოს თავს მაბეზრებდა მოკითხვებით. დედაჩემი კი მაგიჟებდა ზარებით. 2 დღეში მომბეზრდა კითხვა და ტელევიზორის ყურება, ამიტომაც გამოვიტანე ჩემი ძმის ბინოკლი და მოპირდაპირე სადარბაზოში მეზობლების თვალიერება დავიწყე. არაკანონიერია? უზრდელობაა? სამაგიეროდ მოწყენილობა სულ გადამავიწყდა. მე-5 სართულზე დედა პატარა ტყუპებს აჭმევდა საჭმელს და ეს იყო ყველაზე საყვარელი სანახაობა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. დედა თან ცეკვავდა, პატარები კი თავიანთი პაწია და ბუთქუნა ხელებით ტაშს უკრავდნენ. თან ერთმანეთს ართმევდნენ საჭმელს და სამივენი გულიანად იცინოდნენ. მე-6 სართულზე აჩი ცხოვრობს. ის ჩემი პარალელური კლასელი იყო. უბანში ყოველი მეორე გოგო მასზეა შეყვარებული, აჩი კი ამით სარგებლობს და უკვე არაერთ გოგოს დაუნგრია ბედი. ხოლო როდესაც გოგოსიანები საქმის გასარჩევად მიდიოდნენ, მშვიდად უხსნიდა გაბრაზებულ მამებს/ძმებს/ბიძებს და ა.შ., რომ მათი გოგო თავისი ნებით ჩაუგორდა საწოლში, თავად არც დაუძალებია და არც არაფერს დაჰპირებია. გოგოებს სხვა გზა არ რჩებოდათ და მის სიტყვებს ადასტურებდნენ. ამის შემდეგ "სტუმრები" მიდიოდნენ, გოგოს კი სახელი უფუჭდებოდა. რამდენიმე ოჯახი გადავიდა კიდეც, ერთმა გოგომ თავიც კი მოიკლა. სულელი ბავშვი... მაგრამ უცნაური ის არის, რომ ეს არავისთვის მაგალითი არ არის, გოგოებს მაინც აქვთ იმედი, რომ ისინი გახდებიან აჩისთვის ერთადერთი და განუმეორებელი, ამიტომ თავიანთი წინამორბედების შეცდომებს იმეორებენ, მერე კი რჩებიან შერცხვენილები და მიტოვებულები, აჩი კი უკვე მეორე დღეს ახალ გოგოსთან ერთად სეირნობს მშობლების ნაჩუქარი კაბრიოლეტით. მე კარგ დროს შევიხედე მის ბინაში. აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და ტანის ქვედა ნაწილს მხოლოდ შემოხვეული პირსახოცი უფარავდა. თმებს იშრობდა მეორე პირსახოცით და ეს ჰოლივუდის თინეიჯერული ფილმის სცენას უფრო ჰგავდა, ვიდრე ყოველდღიურ მოქმედებას. მმმ... რა ტანი ჰქონია ჩვენს ლოველასს. ოთხი კუბიკი, ნავარჯიშები მკლავები და მკერდი... და საჯდომიც. მადლობა პირასახოცს, რომ ჩამოვარდა. მაშინ მივხვდი თუ რატომ დასდევენ ეს სულელი გოგოები აჩის და მით უმეტეს, რატომ უხტებიან საწოლში. ჩემი ამერიკული სერიალებით გარყვნილი ტვინი უკვე მიხატავდა სცენებს +18 რეიტინგით და ამიტომაც სასწრაფოდ გადავიტანე მზერა მე-7 სართულზე. ნამდვილად არ ვაპირებდი აჩის სიაში +1 ვყოფილიყავი, რაც არ უნდა სექსუალური ყოფილიყო ჩემი მეზობელი. მე-7 სართულზე მოხუცი ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა. პატარა შვილიშვილს სადილს უმზადებდა. მე-8 სართულზე სიბნელე იყო, აი მე-9-ზე კი... მდამ, იქ ახლად დაქორწინებული წყვილი ცხოვრობს, რომელთაც საერთოდ ფარდის არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ. ახლაც უსირცხვილოდ ეალერსებოდნენ ერთმანეთს ფანჯრის რაფაზე და საერთოდ არ აწუხებდათ ის, რომ მეზობლები ბინოკლის გარეშეც მშვენივრად დაინახავდნენ მათ თამაშებს. უეცრად ჩემი მზერა მე-8 სართულზე საეჭვო მოძრაობამ მიიქცია. ზალაში, რომელსაც მე ვხედავდი, უცნობი მამაკაცი შევიდა. უცნობი საკმაოდ მაღალი იყო, ერთიანად შავებში ჩაცმული და რატომღაც დაიმალა კარადის უკან. სახლის მეპატრონეს ვიცნობ, მამაჩემის კარგი მეგობარია, რამდენჯერმე არის კიდეც ჩვენთან სახლში ნამყოფი. ის იყო მობილური მოვიმარჯვე, რათა მამიკოსთვის დამერეკა და კახა ბიძიას ნომერი მეთხოვა, რომ შევამჩნიე თუ როგორ გაიღო კიდევ ერთხელ ზალის კარი. ამჯერად ოთახში კახა ბიძია შევიდა, პიჯაკი ჟურნალის მაგიდაზე დააგდო, ვერცხლისფერი კეისი გვერდით მიაგდო, თავად კი სავარძელში ჩაჯდა. დაღლილმა თვალები მიხუჭა. -არა, კახა ბიძია,- ვთქვი ჩახლეჩილი ხმით,- თქვენს წინ... თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე გამოვიდა უცნობი თავისი სამალავიდან. კახა ბიძია წამოდგა, უცნობმა კი იარაღი დაუმიზნა, შემდეგ წუთს კი კახა ბიძია სავარძელზე გადაესვენა, მე კი ხმამაღლა შევკივლე. ვხვდები, რომ ჩემს კივილს ის ვერ გაიგებდა, მაგრამ იმავე წამს ჩემსკენ მოაბრუნა თავი და ბინოკლში კარგად დავინახე მისი ცივი მზერა. როგორც კი მივხვდი, რომ დამინახა, ხელები ამიკანკალდა და მობილური დამივარდა. მომიწია სავარძლიდან ჩავმძვრალიყავი და ხელის ფათურით მომეძებნა დაკარგული გაჯეტი. უცნაურია, მაგრამ სახლის ტელეფონის არსებობა არც კი გამხსენებია. მობილურის ძებნაში რამდენიმე ძვირფასი წუთი დავკარგე, ხოლო როდესაც მივაგენი და 112 ავკრიფე სახლის კარი გაიღო... ჩემი სახლის კარი, რომლის გასაღებიც მხოლოდ მე მაქვს. შემდეგ წუთს კი იარაღის ლულა დავინახე სახესთან ზედმეტად ახლოს. -ტელეფონი გადადევი გვერდით,- გავიგე ცივი ხმა. -არ მომკლათ, მე თქვენი სახე არ მინახავს,- ვუთხარი ხმის კანკალით. -ნუ მატყუებ, მშვენივრად დავინახე, რომ თვალყურს მადევნებდი. -თქვენ არ გადევნებდით თვალყურს, უბრალოდ ბინოკლში ვიყურებოდი. -ვინ დაგავალა?- ისევ ის ცივი ხმა. თუ არ დამიჯერებს, ჩემი საქმე წასულია. წყეულიმც იყოს ჩემი ცნობისმოყვარეობა. -არავის არ დაუვალებია, უბრალოდ მოვიწყინე და... -ხვდები რა სულელურად ჟღერს ეს ყველაფერი?- მკითხა სიცილით. ამას ეცინება და აბა მე მკითხოს. -სულაც არა,- გავბრაზდი და ამან დამავიწყა სიფრთხილეც, ამიტომ ავხედე ჩემს მომავალ ჯალათს და შევეჩეხე მის დამცინავ მზერას. ხოლო როდესაც მისი თვალები დავინახე, სიცილი ამიტყდა. ამან უცნობი აშკარად დააბნია. -რას ხედავ სასაცილოს?- მკითხა გაბრაზებულმა. -თქვენი თვალები... ჯეიჯეი... -რა?- მკითხა გაოგნებულმა. -ჩემს ძმას ჰასკი ჰყავს, ჯეიჯეი. ალბათ ადამიანად რომ გადაქცეულიყო, თქვენი კოპიო იქნებოდა,- ვერ შევიკავე სიცილი. უცნობს ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონდა, თავად შავგრემანი იყო და მოკლედ შეჭრილ თმებში ერთი კულული აბსოლუტურად თეთრი ჰქონდა. -მოკეტე,- მისმა ხმამ მაიძულა სინამდვილეში დაბრუნება. მაშინვე გავჩუმდი და თვალები ცრემლებით ამევსო. ოღონდ არა შიშისგან, არამედ მისი უხეში ტონის გამო. -ოღონდაც ცრემლების ღვარღვარი არ დაიწყო,- თქვა ზიზღით, მე კი ავტირდი. რა ჩემი ბრალია, რომ არ ვარ შეჩვეული ასეთ მოპყრობას? -ადექი,- მითხრა ბრძანების ტონით, მე კი გიფსიან ფეხზე ვანიშნე ხელით. უცნობმა ამოიოხრა, დაიხარა, მსუბუქად ამიტატა ხელში და სავარძელში ჩამსვა. იმ წუთს საერთოდ არ ჰგავდა ბოროტმოქმედს. -რატომ მოკალი კახა ბიძია?- ვკითხე გათამამებულმა და ხელით მოვიწმინდე ცრემლი. ამაზე ჩაეცინა და მაგიდიდან ხელსაწმენდი მომაწოდა. -ჩემი კონკურენტი იყო,- თქვა და სწორედ მაშინ შევამჩნიე ვერცხლისფერი კეისი. -ის კარგი ადამიანი იყო,- ვუთხარი რატომღაც ჩურჩულით,- შენ კი ცუდი ხარ,- ვთქვი პატარა ბავშვივით გაბუტულმა. -იქნებ მე ვარ კარგი ადამიანი და ის იყო ცუდი? ამაზე არ გიფიქრია?- მკითხა დამცინავად. -მაინც ვინ ხარ? აგენტი 007?- დავუბრუნე დამცინავი კილო. -შეგიძლია უბრალოდ ჯეიმსი დამიძახო,- მითხრა და გადაიხარხარა. სიცილი პატარა ბავშვივით ჰქონდა, გულიანი და გადამდები. მეც გამეცინა. და იაფფასიანი დრამის სცენარის მიხედვით, სწორედ მაშინ დარეკა ტელეფონმა. -არც კი გაიფიქრო,- მითხრა მუქარით აღსავსე ხმით. -დედიკოა,- ვუთხარი ნაწყენი ხმით,- რომ არ ვუპასუხო, ინერვიულებს. და სანამ რაიმეს მეტყოდა, ვუპასუხე და ხმამაღალზე ჩავრთე: -როგორ ხარ, ნინი?- მკითხა ალერსიანი ხმით დედამ. -კარგად დე,- ვუპასუხე რაც შემეძლო ბუნებრივად, თან თვალს არ ვაშორებდი ქართული ჩამოსხმის ჯეიმს ბონდს,- არ ამოგივიდათ ზღვა ყელში?- ვკითხე სიცილით. -მე კი, აი მამაშენს და შენს ძმას, ჯერ არა. -კაცები ხომ დიდი ბავშვები არიან,- ვუთხარი სერიოზული ხმით. დედიკოს და უცნობს ერთდროულად გაეცინათ, უბრალოდ დედას ხმამაღლა, ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა კი უბრალოდ ჩაიხითხითა. -ჩემი ბრძენი გოგო,- სიცილს ვერ იკავებდა დედა. -თქვენთან მინდა,- ვუთხარი და ლამის ავტირდი. როგორც არასოდეს, ისე მინდოდა მათ გვერდით ყოფნა. -მოგიკვდეს დედა,- შეიცხადა დედაჩემმა,- მე აქ უნდა ვიყო ახლა? დავტოვებ დე ამათ აქ და ჩამოვალ მე შენთან,- შემომთავაზა უცებ. -არა დე,- გავჯიუტდი მე,- არ გაბედო ფეხის ჩამოდგმა ამ გადახრუკულ თბილისში. ჩემს მაგივრადაც დაისვენე. -კარგი დე,- მოიწყინა დედიკომ. ვიცი გული აქეთ მოუწევს, მაგრამ სჯობს იქ იყოს, საფრთხისგან შორს,- წავედი მე, სერიალს უნდა ვუყურო. -გაგაგიჟებენ ეგ სერიალები შენ,- ამოიოხრა დედამ. -ხო, თან მხედველობასაც გამიფუჭებენ, ადამიანურ ენას დამავიწყებენ და... რა იყო კიდევ?- ვკითხე სიცილით. -მასხარა,- გაეცინა დედიკოს,- ჭკვიანად იყავი. -მე სულ ჭკვიანად ვარ,- ვუპასუხე სიცილით,- თქვენ იყავით ჭკვიანად რაც მთავარია. ბიჭებს უთხარი ზღვაში შორს არ გაცურონ. მიყვარხართ,- ვუთხარი და სანამ რაიმეს მეტყოდა და მე ავტირდებოდი, გავთიშე. -კარგი გოგო ხარ,- მითხრა უცნობმა და თმები ამიჩეჩა პატარა ბავშვივით. -ახლა რა იქნება?- ვკითხე დაძაბულმა. -ახლა მე და შენ ამ კეისს მის პატრონს დავუბრუნებთ, მერე კი... -მომკლავ?- ვკითხე ხმის კანკალით, როდესაც ფრაზა არ დაასრულა. -შეიძლება,- აიჩეჩა მხრები,- გააჩნია როგორ მოიქცევი. -ასეც ვიცოდი... შენ ცუდი ხარ,- ვუთხარი და გაბრაზებული მზერა შევანათე. უცნობს ჩაეცინა. -წავედით,- მანიშნა კარზე. -თუ ვერ შეამჩნიე, ვერ დავდივარ,- ვუთხარი გაღიზიანებულმა. უცნობმა ამოიოხრა, ჩემთან მოვიდა, სავარძელს ხელი მოჰკიდა და კარისკენ გამაგორა. მე მაგიდას მოვეჭიდე: -ვერ ხედავ, ალქაჯს ვგავარ, 3 დღეა თავი არ დამიბანია,- შევუბღვირე ჩემს მწვალებელს,- იმის ნება მაინც მომეცი, ნორმალური ტანსაცმელი ჩავიცვა. ბიჭს გაეცინა და კარისკენ მიბრუნდა: -5 წუთი გაქვს,- მითხრა სიცილით. კარადასთან მივგორდი, გამოვიტანე კაბა და კარადის კარს ამოვეფარე. -არ გამოიხედო,- გავაფრთხილე ბიჭი. ამაზე კიდევ ერთხელ გაეცინა. -არ ინერვიულო, არ შემოგხედავ. ძველისძველი, უკვე კარგად გაწელილი მაისური მარტივად გავიხადე, აი შარვალმა ცოტა მაწვალა. კაბა გადავიცვი და თმებიც გადავივარცხნე, ბოლოს კი კეპი მოვირგე, რათა ჩემი დაუბანელი თმა დიდად არ გამოჩენილიყო. -გაფრთხილებ, თუ არ გინდა ვინმე დაშავდეს, განსაკუთრებით შენი ოჯახის წევრები, გარეთ ჭკვიანად მოიქეცი,- "ვიცი, ვიცი. არ მჭირდება შენი გაფრთხილება", ჩემს გულში ემოციები ბობოქრობდნენ, სახეზე კი არაფერი შევიმჩნიე. თავი დავუქნიე და კეპი თვალებზე ჩამოვიფხატე. -ეს ვინ არის?- იკითხა ჩემმა მეზობელმა, ვისაც ჩემი თავი ჩააბარეს, როგორც კი სადარბაზოდან გავედით. "ოღონდ ეს არა", ამოვიკვნესე გულში. ვიგრძენი როგორ დაეძაბა ხელი უცნობს. -ეს... ეს ჩემი თაყვანისმცემელია,- ვუთხარი და ერთიანად გავწითლდი. ქალმა ჩემი სიწითლე სხვანაირად მიიღო. -ოჰ, რა კარგია. მშვენიერი ახალგაზრდაა. გაუფრთხილდით ჩვენს ნინის, ის ძალიან კარგი და პატიოსანი გოგოა,- შემაქო ქალმა. ჰაჰ... -აუცილებლად,- გავიგე მხოლოდ ბიჭის პასუხი, მაგრამ აშკარად ისმოდა ღიმილის ნოტები მის ხმაში. იდიოტი, ეცინება კიდეც ჩემზე. -საით გაგიწევიათ, ახალგაზრდებო?- არ მოგვეშვა მეზობელი. -პარკში გავისეირნებთ, ნინის სუფთა ჰაერზე გასეირნება არ აწყენს, მერე ფილმს ვუყურებთ და ვივახშმებთ. მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ, სახლამდე მშვიდად მოვიყვან. რა თქმა უნდა, მომიყვანს ეს... სიამოვნებით ვიყვირებდი ან დახმარებას ვთხოვდი ჩემს მეზობელს, მაგრამ მეშინოდა, რომ ჰასკი რაიმეს უზამდა ჩემი ოჯახის წევრებს. თუ კახა ბიძია ასე მარტივად გაიმეტა, ჩემებს რატომ დაინდობდა? -ოჰ, ახალგაზრდობა,- თქვა მეოცნებე ხმით ქალმა,- აღარ დაგაყოვნებთ, მაგრამ ძალიან არ დაიგვიანოთ...- დაგვიქნია თითი. -რა თქმა უნდა,- უპასუხა ბიჭმა და სწრაფად წავიდა წინ. -თაყვანისმცემელი? მართლა?- მკითხა სიცილით, როგორც კი ხმაურიან ცენტრალურ გამზირზე გავედით. -აბა რა მეთქვა? რომ მკვლელი ხარ და მეც მოკვლას მიპირებ?- ვკითხე ირონიულად. -რა თქმა უნდა,- ისე ნატურალურად გაუკვირდა ბიჭს, რომ ინსტინქტურად ავხედე. -დავბრუნდეთ და ვეტყვი,- ვუთხარი იმედით აღსავსე ხმით. -უკვე გვიანია,- გამომიყო ენა პატარა ბავშვივით. ასეთ დროს საერთოდ არ ჰგავდა ცივსისხლიან მკვლელს. რამდენიმე გაჩერება ფეხით ვიარეთ და საცხოვრებელ სახლს მივადექით. ქალაქის ჩვეულებრივი მაღალსართულიანი შენობა, არაფერი განსაკუთრებული. ასეთი შენობა დედაქალაქში არაერთია. და რაც მთავარია, ამ შენობებში ლიფტები არაა. -იმედია ხვდები, რომ პირველი სართულის ზემოთ ვერ ამოვალ ამ ფეხით,- ვუთხარი სადარბაზოს კართან გაჩერებულს. -ზემოთ არ ავდივართ,- აიჩეჩა მხრები უცნობმა. -აბა?- დავიბენი მე. -სარდაფში,- მაჩვენა ხელით ჩვეულებრივი ხის კარი, რომელიც დიდი ურდულით იყო გადაკეტილი. -გაგიჟდი?- ხმაში პანიკა ვერ დავფარე. იქნებ მკვლელთან ერთად სადისტიცაა, რომელიც სარდაფში ამწყვდევს თავის მსხვერპლს და აწამებს? არა, ნინი, ნაკლებად უნდა უყურო ამერიკულ სერიალებს. მაგრამ რადგან ვუყურებდი, თან აქტიურად და პლიუს ამას არც ფანტაზიის ნაკლებობას ვუჩიოდი, თავში ისეთი სურათები დამეხატა, რომ ვინანე ადგილზევე რატომ არ მოვაკვლევინე თავი ამ ვაი ჯეიმს ბონდს. სხვა თუ არაფერი საკუთარ სახლში მაინც მოვკვდებოდი და მშობლებს ჩემი საფლავი ექნებოდათ, ახლა კი... ახლა... -რაზე ფიქრობ?- მკითხა სიცილით. ალბათ სახეზე მეწერა ყველაფერი. -სერიული მკვლელი ხარ?- ვკითხე ხმის კანკალით. ჰასკის კიდევ ერთხელ გაეცინა. -ჩერჩეტი ბავშვი,- თქვა და კეპზე ჩამომკრა ხელი. -ხელი...- შევუბღვირე უცნობს. მისი მხიარული ხასიათი მაღიზიანებდა. -საშინლად უხასიათო ხარ, იცი?- მკითხა ღიმილით. -ჩემში სისხლიც კი უარყოფითი ჩქეფს, შენ კი ხასიათი გაგიკვირდა,- ვუთხარი გაბრაზებულმა. უცნობს ხმამაღლა გაეცინა. -სასაცილო ხარ,- მითხრა თითქმის ალერსიანი ხმით. -მაშინ არ მომკლა და გაგამხიარულებ ხოლმე,- შევთავაზე მე. ბიჭს ჩაეცინა და კარზე დააკაკუნა,- ჭკუის კოლოფო, ურდული ადევს, გარედან უნდა გააღო. -ეს ბუტაფორიაა,- ჩამიკრა თვალი და მაშინვე გავიგე ბოხი ხმა: -პაროლი. -ზვიგენის კბილი. კარი მაშინვე გაიღო, მე კი ჩემს გამტაცებელს შევხედე და დამცინავად ვკითხე: -ზვიგენის კბილი? სერიოზულად? -რა არ მოგწონს?- გაუკვირდა ბიჭს. -შენ არ მომწონხარ და ეს ადგილიც,- გამოვუყავი ენა და ისევ ზურგი ვაქციე. კორიდორი საბედნიეროდ კიბეების გარეშე, პირდაპირ გაგრძელდა, მაგრამ საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა და უკვე დაღლაც მოვასწარი, როდესაც გავჩერდით ერთ-ერთ კართან. უცნობმა დააკაკუნა. -მობრძანდით,- გავიგე სასიამოვნო ხმა კარს მიღმა. უცნობმა კარი გააღო და ჩემი სავარძელი ოთახში შეაგორა. მკრთალად განათებულ ოთახში ოვალური ფორმის მაგიდა იდგა. მაგიდასთან კი 4 ადამიანი იჯდა. 2 სკამი თავისუფალი იყო. -მოვიტანე,- თქვა უცნობმა და კეისი მაგიდაზე დადო. ჩემი სავარძელი ერთ-ერთი თავისუფალი სკამის გვერდით გააჩერა, თავად კი სკამზე დაჯდა. -გილოცავ,- უთხრა სასიამოვნო ხმით ასაკოვანმა მამაკაცმა,- შენში არ შევმცდარვარ, ანრი. ანრი... აი თურმე რა ჰქვია ჩემს ჯეიმს ბონდს. და როდის გახდა ჩემი? მდამ... -ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის,- გავიგე ნაცნობი ხმა და ფერი დამეკარგა. ჩემს გვერდით, ცარიელ სკამზე კახა ბიძია დაჯდა, გვრდით კი უზარმაზარი ყუთი დაიდო. -თქვენ... თქვენ.. ცოცხალი ხართ?- ხმა მიკანკალებდა. თითქოს გამაყუჩებლები არ დამილევია, ჰალუცინაციები არ უნდა მქონდეს. არც სახეები მერევა ერთმანეთში. მაშინ როგორ მოხდა ეს? -ნინი,- კახა ბიძიას გაეცინა,- მგონი დროა აგიხსნათ აქ რა ხდება. -დროა,- დავეთანხმე მე. -ახალგაზრდა ქალბატონო, ეს "შერლოკის კლუბი" გახლავთ,- მითხრა მამაკაცმა სასიამოვნო ხმით. -რა კლუბი?- არ დავუჯერე საკუთარ ყურებს. -ეს კლუბი არის ქალაქის იმ მცხოვრებთათვის, ვინც დაღალა ყოველდღიურობამ. თვეში ერთხელ ჩვენს თითოეულ წევრს მისდის მესიჯი დავალებით და რამდენ დღეში უნდა შესრულდეს დავალება. რა თქმა უნდა, ყველა ვისაც ეხება ეს დავალება, საქმის კურსშია. იარაღი ბუტაფორიაა, აი დანარჩენი გაჯეტები, არა. -და რატომ არასოდეს არ მსმენია ამ კლუბის შესახებ?- არ ვუჯერებდი საკუთარ ყურებს. -წევრების გარდა არც არავის სმენია,- აიჩეჩა მხრები მამაკაცმა. -მაშინ ახალ წევრებს როგორ იღებთ?- არ მოვეშვი მე. -პროკურორობას ხომ არ აპირებ?- გაეცინა მას, მაგრამ ჩემს კითხვას მაინც უპასუხა,- მხოლოდ რეკომენდაციებით. -და ყოფილა შემთხვევა, რომ უარი უთქვამს "კლუბის",- დამცინავად გამოვყავი სიტყვა,- წევრს? -არა,- გაეცინა მამაკაცს,- ეს არის გასართობი და ყოველდღიური რუტინისაგან თავდაღწევის კარგი საშუალება. ამიტომ უარს არავინ იძახის. -მეც მინდა,- გამოვაცხადე უაპელაციოდ. ანრის, კახა ბიძიას და დანარჩენ სტუმრებს გაეცინათ. -მაშინ, კეთილი იყოს შენი მობრძანება,- გამიღიმა მამაკაცმა,- ანრი მიგიყვანს ჩვენს იურისტთან, ხელშეკრულებას გააფორმებთ, რომ შენ არ გაგვცემ, ჩვენ კი თვეში ერთხელ დავალებას მოგცემთ. -და... თუკი ვერ შევასრულე?- ვკითხე ის, რაც მაწუხებდა. კახა ბიძიამ მაგიდაზე ის ყუთი დადო, რომელიც შემოიტანა. -აი ფასი,- თქვა და ყუთი გახსნა. შიგნით დიდი, ლამაზად მორთული ხილის ტორტი იდო. მე გამეცინა და მამაკაცს თვალი ჩავუკარი. ... "მისამართი: ××××××××× მისია: დააბრუნოთ მის მიერ მოპარული ვერცხლის კულონი. მიმაგრებულ ფაილში იხილეთ კულონის და დამნაშავის ფოტოები. ვადა - 5 დღე. შეხვედრის ადგილი უცვლელია. პაროლი - ალადინის ლამპარი" როგორც იქნა, ჩემი პირველი დავალება. მაგრამ პაროლი... ვიღაცას დიდი ფანტაზია აქვს. ფოტოები გავხსენი და ღრმად ჩავისუნთქე. ფოტოდან ჩემი პირადი ჯეიმს ბონდი მიღიმოდა. რაც დავშორდით, მას მერე აღარ მინახავს და ძალიან მენატრებოდა. სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობდი მასზე. 3 დღე ვუთვალთვალე ანრის. მადლობა ზაფხულს და არდადეგების. 8:30 სამსახური 13:00 სადილი თანამშრომლებთან ერთად 19:00 დაბრუნება სახლში ნუთუ ამდენად უინტერესო ცხოვრება აქვს ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სექტორში მუშაობს? რა თქმა უნდა, კულონი არ მინახავს, პერანგი, მიუხედავად აუტანელი სიცხისა, ყველა ღილზე ჰქონდა შეკრული. მესამე დღის ბოლოს ყელში ამომივიდა ასე თვალთვალი, ამიტომაც დაველოდე სახლში მისულს ნახევარი საათი და კარზე დავაკაკუნე. კარი რამდენიმე წუთში გაიღო. ჰასკი გაოგნებული მიყურებდა, მე კი ვტკბებოდი მისი დაბნეული სახით, გაბურძგნული თმით, შორტებით და ამოღებული მაისურით. ასეთი მაისურები მისნაირებისათვის აკრძალული უნდა იყოს, მეტისმეტად სექსუალურად სჩანდა V ტიპის მაისურში მისი ნავარჯიშები მკერდი... და ჩემთვის საინტერესო მედალიონი. -აქ როგორ აღმოჩნდი?- მკითხა დაბნეულმა. -ეზოში დაგინახე და ჩუმად გამოგყევი. -რატომ?- გაუკვირდა კიდევ უფრო. -აი ამიტომ,- ვუთხარი, ავიწიე თითის ცერებზე და მოუხერხებლად მივეწებე მის ტუჩებს. -რას აკეთებ?- მომშორდა მომენტალურად. -შენი აზრით?- გავბრაზდი მე და ისევ ვცადე მეკოცნა მისთვის. -არ ვიცი,- მითხრა ცოტა დამცინავად. იდიოტი! მშვენივრად მიხვდა, რომ ჩემთვის ეს პირველი იყო, შეეძლო უფრო დელიკატურად ეთქვა. -მაშინ კიდევ ერთხელ განახებ,- ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე. ვაკოცე რა, შევეხე მის ბაგეებს და გავშეშდი. ვიგრძენი როგორ გაეღიმა ანრის და სანამ მოვშორდებოდი, თავად გახსნა ბაგეები და მაკოცა ისე, როგორც უნდა მეკოცნა თურმე მე. როდესაც ვიგრძენი, რომ ცოტა ხანში საკუთარ თავზე კონტროლს დავკარგავდი, ხელი დავადევი მკერდზე, ფრთხილად მოვეჭიდე ყელსაბამს და მოვქაჩე. საბედნიეროდ ძეწკვი ადვილად დამყვა და მოსძვრა, მე კი მოვშორდი და გაქცევა ვცადე, მაგრამ დამიჭირეს და კედელზე მიმაკრეს საკუთარი ხელებით თავს ზემოთ. -გამიშვი,- ვთხოვე მე. -არა,- მითხრა და კიდევ ერთხელ მაკოცა. ამჯერად მისი ბაგეები უფრო მომთხოვნი იყვნენ. -ეს მისია იყო,- ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით. -და ნებისმიერს ასე "გამოსძალავდი" ნივთს?- მკითხა მკაცრად. -არა, რა თქმა უნდა!- გავბრაზდი მე. -მაშინ რატომ მე?- მკითხა უკვე ღიმილით. -შენ... შენ... შენ სხვებს არ ჰგავხარ. -ვიცი,- დამეთანხმა მომენტალურად,- არც შენ. ამიტომაც აღარსად გაგიშვებ ამ წუთიდან. -მანიაკი,- ვუთხარი სიცილით. -შენი პირადი,- მითხრა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს, მაგრამ ამჯერად ნაზად, ალერსიანად,- ამის გაკეთება მინდოდა მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე. ისეთი უმწეო და სათუთი იყავი, თან ცდილობდი მკაცრი გამოჩენილიყავი და არ გეჩვენებინა თუ როგორ გეშინოდა. -მართლა მეშინოდა,- ვაღიარე მე. -ვიცი. ბოდიში ამისთვის პატარა, მაგრამ ჩემით რომ დამეწყო ახსნა, არ მომისმენდი... ამიტომ წაგიყვანე იქ. -მადლობა, ანრი,- ვუთხარი და ცხვირზე ვაკოცე. ბიჭს ჩაეცინა,- მაგრამ ეს მისია ჩემია,- გამახსენდა კულონი. -იყოს, მე მაინც უფრო მეტი მოვიგე,- მითხრა და ისევ დაეპატრონა ჩემს ბაგეებს. არავინ არ თქვას, რომ ცნობისმოყვარეობა ცოდვაა... თურმე ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ცხოვრების მეგზური გაპოვნინოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველას არ უმართლებს და ასევე არ დაივიწყოთ, რომ სხვაზე თვალთვალი კანონით ისჯება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.