დრო (თავი V)
თავი V მეგობრებო, ამ თავში ცოტა გადავუხვევ მთავარ ამბავს და არ მიწყინოთ, მინდოდა გამემხიარულებინეთ, ისედაც არაა მარტივი ის, რაზეც ვწერ... იმედია, ისევ მოგწონთ ისტორია :))) 2016 წლის აპრილი. კიდევ ერთი უძილო ღამის შემდეგ დილით ისევ ჩამეძინა. ნაჩქარევად მოვემზადე და გიჟივით გავვარდი სახლიდან... ჩემი სახლიდან მეტრომდე დაახლოებით 6–7 მარშუტკა მაინც მიდის, შვიდივემ დააგვიანა! გაცოფებული ჩამოვხტი მარშუტკიდან და მეტროსკენ ავიღე გეზი, არც ხალხისთვის მიმიქცევია დიდად ყურადღება გზადაგზა რომ ვეჯახებოდი და აბუზღუნებულები მაყოლებდნენ გამგმირავ მზერას.... არასდროს მესმოდა ისეთი ხალხის ესკალატორზე აწყვეტილები რომ ჩარბოდნენ და მერე ჩემთან ერთად ელოდებოდნენ ვაგონს, მას შემდეგ, რაც მე მშვიდად ჩავუყვებოდი ხოლმე მას. არც ამჯერად ჩამირბენია, მაგრამ პირველად ცხოვრებაში გავიქეცი გაჩერებული მატარებლისკენ და ერთ–ერთ ვაგონში შევასწარი კიდეც, ცხვირწინ რომ მომეკეტა კარი. ფეხზე დასადგომი ადგილი ძლივს იყო, ნუ ცალ ფეხზე მაინც... კიდევ ერთხელ ვაგინე თავს დილით 15 წუთით გადაწეული მაღვიძარის გამო, ზუსტად ის 15 წუთი იყო მიზეზი ახლა რომ ცალ ფეხზე დგომა მიწევდა და კონვერსის რეკლამაში მეგონა თავი. ყურსასმენები მოვირგე ყურებში, სინათლის წელიწადის ჰანგები სასიამოვნოდ ჩამეღვარა და ხასიათი შედარებით გამომიკეთა. დიდუბეში გავჩერდით ტელეფონმა რომ დაიჭირა და ლიკას სმს მოვიდა, ის იყო პასუხის გაცემა დავიწყე, რომ ამდენ ხალხში ნაცნობმა სახემ მიიქცია ჩემი ყურადღება... ყელი გამიშრა, ხელები გამიოფლიანდა და იდიოტური ღიმილი გამომესახა სახეზე, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემ ვაგონში ნამდვილად ის შემოვიდა! რამდენიმე წამიანი დილემის შემდეგ გადავწყვიტე მიმეწერა და რაღაცით მიმენიშნებინა, რომ მეც იქვე ვიყავი (უამრავი ხალხი იყო ჩვენ შორის და ვერ მხედავდა)... რაღა თქმა უნდა ნორმალურს არაფერს მივწერდი, მაგრამ იმ დღეს ნამდვილად ჩემ თავსაც ვაჯობე! –როგორ გასუქებულხარ– მხოლოდ ეს მივწერე.... ახლაც არ ვიცი გახსნა თუ არა სმს, ერთი რამ ფაქტია, შემოსვლისას ბიძაშვილთან ერთად მხიარულად იცინოდა, ჩემი მიწერის მერე კი დასერიოზულდა, მხარზე ხელი ჩამოადო და თავით დაეყრდნო .... მაშინვე მივიღე კიდევ ერთი არანორმალური გადაწყვეტილება, ფეხებზე დავიკიდე სამსახურიც, დაგვიანებაც, შენიშვნაც... იმ მომენტში მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი, ამდენი თვის შემდეგ ძლივს მისი ნახვის შანსი მომეცა და არაფრის გამო გავუშვებდი ხელიდან... სადგურის მოედანზე (სადაც მეც უნდა ჩავსულიყავი) სხვებთან ერთად მისი ბიძაშვილიც ჩავიდა, უკვე შედარებით თავისუფალ ვაგონში ფეხების კანკალით დავიძარი მისკენ და გვერდით მივუდექი. თვალები ჭყიტა (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით) ჩემ დანახვაზე, გადამკოცნა, ერთმანეთი მოვიკითხეთ... სად მიდიხარო, აი სად დაგერხა ეკუშ, გავიფიქრე, მაგრამ რა დამაბნევდა ამხელა იურისტ ქალს, მაშინვე გამოვიგონე საკმაოდ დამაჯერებელი ტყუილი, –თემის ხელმძღვანელს ვხვდები უნივერსიტეტში–ვუთხარი და თან ყურებამდე გამეღიმა, გამოსავალი რომ ვიპოვე... დამავიწყდა, რომ იურისტის ყოფილ შეყვარებულთან მქონდა საქმე, დეტალურად გამომკითხა, რატომ არ მივყვებოდი მარშუტკას, რომელიც 10 წუთით ადრე მიმიყვანდა დანიშნულების ადგილამდე, რა მინდოდა ასე ადრე იქ და ა.შ თავის დაძვრენა მოვახერხე მაინც და მოხერხებულად შევუცვალე სასაუბრო თემა. რომ გითხრათ ბევრ რამეზე ვისაუბრეთთქო ნამდვილად მოგატყუებთ, არც დრო იყო მაგდენი და თან საიდანღაც მოსულ უხერხულობასაც ვერაფერს ვუხერხებდით. გიტარის და keybord–ის ყიდვა მაქვს გადაწყვეტილი და უკვე ვიცი ვისგანაცო რომ მითხრა, აი მანდ კი ვეღარც ეტიკეტზე ვიფიქრე, ვეღარც იმაზე, რომ იმ ადამიანს ველაპარაკებოდი, ვინც ცხოვრების ერთადერთ სიყვარულად მიმაჩნია და მის გამო ვარ ასე ცუდად და ხმამაღლა გადავიხარხარე. –დაკვრა მაინც იცოდე–ამით შევეცადე სიტუაციის განმუხტვას. –იცინე შენ და ნახავ როგორ ვისწავლი–გაჯგიმულმა მიპასუხა. –ხოო იმედია ავტოგრაფს მაინც მომცემ მერე–ტუჩზე ვიკბინე, რომ კიდე არ ავჭიხვინებულიყავი... დამშვიდობების წინ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩემი მარშრუტი და უფრო თავისთვის ჩაილაპარა, –ე.ი შენ ამიტომ იყავი აქ მაშინ.. –რა თქვი?–ჩავეძიე, მაგრამ რას ვათქმევინებდი... გამახსენდა, როგორ დამინახა ერთხელ მეგობართან (ბიჭთან) ერთად მეტროსკენ მიმავალი ამ გზაზე და ჩამეცინა, ეს აინტერესებდა ალბათ და უხაროდა, რომ პასუხი მიიღო... „მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა“.... რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი! გამეხარდა, რომ გნახეო ... რა ეტყობა ერთი.... საღამოს, როცა გვანცასთან ერთად განვიხილავდი მომხდარს, უცებ ამომიტივტივდა კიდევ ერთი რამ. –გოგო, შენც მოგიკითხა. რას შვრება, როგორააო? –მართლა? – შევატყვე, ესიამოვნა. –ჰოო, ე.ი ახსოვს რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის– ვუთხარი და მაგრად, მაგრად ჩავეხუტე. ახლა მხოლოდ ის თუ მიშველიდა... არ შემიძლია ცოტა გვანცაზე და ჩემზე არ მოგიყვეთ, ჩვენს სიგიჟეებზე.. ყველაფერი დაიწყო დიდი ხნის წინ ... 6 – 7 წლის ვიქნებოდი ალბათ, როცა მშობლებს გამოვუცხადე ვიოლინოზე დაკვრა მინდა-მეთქი, არც მეტი, არც ნაკლები! შიშნარევი მზერით გადმომხედეს ჯერ მე და მერე ერთმანეთს, თუმცა ყოველგვარი ფუჭი მცდელობების შემდეგ (გადავერწმუნებინე და პიანინოს დაკვრაზე დავეთანხმებინე), მაინც მიმიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, შემდეგ კი რამდენიმე წლის განმავლობაში გლდანიდან ვაკეში, კვირაში 2-ჯერ საოცარი მონდომებით, სხვადასხვა ტრანსპორტით და შესაშური მოთმინებით დავყავდი ორივეს რიგრიგობით. საბედნიეროდ, ისინი იმ მშობლების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც შვილს ყოველ სურვილს შეუსრულებენ, რაც კი სწავლა-განათლების მიღებას და უნარების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ახლა, ამდენი წლის შემდეგ ვხვდები, ვხვდები, რატომ ავიჩემე ეს ვიოლინო. როგორც მაშინ ვამბობდი, ორკესტრის მოსმენის დროს მხოლოდ ვიოლინოს ხმა მესმოდა. ჩემგან რომ მევიოლინე არ დადგებოდა კი, ამაში ყველა მაშინ დავრწმუნდით, როცა სტრასბურგიდან ჩამოშვანშვალებულ (მართალია დაზიანებულ, მაგრამ მაინც!) ვიოლინოს გარდერობის თავზე მივუჩინე ადგილი, მას მერე მტვერიც არ გადამიწმენდია და მთელი მონდომებით ჩავეფალი კოდექსში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. მთელი 9 თუ 10 წელი დავდიოდი ამ ვიოლინოზე, თუმცა არც ერთ წამს არ ვნანობ, რადგან სწორედ მისი დახმარებით შევიძინე საუკეთესო მეგობარი, ჩემი მეორე მე, ის ვისთანაც მე მე ვარ, ვის გარეშეც არ ვიცი რა მეშველებოდა - ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი - გვანცა. ამხელა მსხვერპლიც ალბათ ამიტომ გავიღე, მას უნდა შევხვედროდი იქ! უკვე 10 წელი იქნება, რაც ჩვენი სიამტკბილობა გრძელდება, უბრალოდ მეგობრობას ვერ დავარქმევ, დღეს უკვე ბევრმა მიაყენა შეურაცხყოფა ამ მშვენიერ სიტყვას და არ მინდა ეს ჩვენზეც ვრცელდებოდეს. თავიდან ნელთბილი ურთიერთობა გქვონდა, პატარები ვიყავით, თან სხვადასხვა კლასში ვსწავლობდით, fake მეგობრებიც ბევრი გვეხვია თავს, თუმცა დიდი ხანია რაც მივხვდით ამ ყველაფერს, საბედნიეროდ. გავიდა წლები და ახლა მართლა ვხვდები, რატომ მინდოდა ასე ძალიან ვიოლინოზე სიარული მაშინ. ათასობით ისტორია გადაგვხდენია თავს, ერთად თუ ცალ-ცალკე. ყველა რომ მოვყვეთ ალბათ ფილმი კი არა სერიალი არ გვეყოფა. (ბევრჯერ გვითქვამს, რომ კარგი კომედიის გადაღება შეიძლებოდა ჩვენზე) მხოლოდ ჩვენ ორს შეგვეძლო, ოღონდ ერთად წავსულიყავით მუსიკის მეცადინეობაზე და საათობით დავლოდებოდით ერთმანეთს, ორივეს დაგვეგვიანა და მაგრადაც მოგვხვედროდა, მაგრამ მთავარი მაინც ერთად წასვლა იყო! სულ 5 წუთის სავალი უნდა გაგვევლო, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი იყო ჩვენთვის. მართლა ტკბილად მახსენდება, როგორ ვიდექი მარშუტკის გაჩერებაზე და მეათედ ვკითხულობდი გვანცას მოწერილს : „მოვვარ კუე.“ (მოვდივარ უკვე) ან : „დამეკოდე“ (დამელოდე) რა ექნა, თუ ჯაყჯაყა გზაზე მოდიოდა და ანტიკვარული ტელეფონი ჰქონდა! 2016 წლის მაისი. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, ჩემი დაბადების დღე რომ მოახლოვდა. ძაღლის კი არა მაჩვზღარბას ბედიც არ მაქვს, ახალი წელი თუ საწოლში გავატარე, დაბადების დღე რითი იყო ნაკლები...ისე მწარედ მოვიწამლე, ერთი კვირის განმავლობაში სუხარზე და ჩაიზე ვიყავი, ტომი–ჯერივით ღრუბლებში მელანდებოდა უზარმაზარი ძეხვის ნაჭრები და სხვა საჭმელი, ტორტზე და დალევაზე ვიღა ჩიოდა, მშიოდაა!!! მთელი დღე ველოდი, რომ მომილოცავდა. უღიმღამოდ მომწერა, მაგრამ მაინც გამეხარდა. ვერ გავაჩერე გრძელი ენა.. –გახსოვდა თუ facebook–მა გაგახსენა?–ვკითხე. –ორივე–მომიჭრა მოკლედ. აი ღირსი ხარ, ვლანძღავდი საკუთარ თავს გონებაში, რა გინდოდა, ინტერესი გამოავლინე და პასუხი მაინც ვერ მიიღე, არ იცნობდე მაინც როგორია! ამასობაში მიილია მაგისტრატურის მეორე წელი და ნაშრომის დაწერის დროც მოახლოვდა. საშინელებაა 24 საათი წელში გამართული ჯდომა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე წერა, თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ 5 წუთში ერთხელ იღება ჩემი „სარკოფაგის“ კარი და ინდიელებისთვის დამახასიათებელი ყიჟინით შემორბის გადარეული ლუკა, უნებართვოდ ამოღოღდება ჩემ მუხლებზე და მეუბნება: –მე და შენ მუთიმები ჩავთოოოთ. ამ დროს ზუსტად ისეთ სახეს ვიღებ „ჰერკულესში“ ჰადესს რომ აქვს, როცა ამბობს: „Uh guys, Olympus would be that way“ და დედაჩემს ვაწვდი აბღავლებულ ბავშვს. გაფანტული აზრების დალაგებას ძლივს ვიწყებ, რომ ისევ მესმის ტყაპატყუპის ხმა და მორიგი იერიშის მოსაგერიებლად ვემზადები. ამის შემდეგ, ბიცოლაჩემის ნაჩუქარი ლეპტოპი უდაბნოში ოაზისად მომეჩვენა, ბოლობოლო ღამით, საწოლში ავკრეფდი ნაშრომს და მინიმუმ რადიკულიტს გადავრჩებოდი მეგონა, მაგრამ...რაო რას ვამბობდი, მაჩვზღარბაო??!! გაურკვეველი წარწერები გამოისახა დესკტოპზე, რამდენჯერმე ვაწვალე და საბოლოოდ, welcome-ს ნაცვლად იდი კჩორტუ დამიწერა და საერთოდ უარი განაცხადა ჩართვაზე... ბევრი ვიფიქრე მიმეწერა თუ არა, ბოლოს მაინც გავრისკე. სოციალური ქსელების მიმართ მისი მწყრალი დამოკიდებულება რომ მახსოვდა, გვერდი ავუარე ყველანაირ ბანალურ „რას შვრები, რა არის შენკენ ახალი?“ და მსგავს ტექსტებს, პირდაპირ ჩავუგდე ლეპტოპის დესკტოპისთვის გადაღებული ფოტო და მივწერე: – რა უნდა ამას ჩემგან? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.