შენს მეზობლად (ნაწილი 6)
სახლში დაბრუნებულ ლიზის მეზობელი ისევ იქ დახვდა, ბავშვებიც მოეყვანა და აქ ელოდა. გოგონას ბავშვების დანახვა ძალიან გაუხარდა, ყველა სათითაოდ დაკოცნა და გაეთამაშა, მერე მეგობარს გადაეხვია. - იმ ბიჭთან იყავი, არა? - ვიყავი. - კმაყოფილი ღიმილით დაუდასტურა ლიზიმ. - მე კი მთელი ოთხი საათია აქ ვზივარ და გელოდები. - მერედა, რატომ მელოდები? - ვინერვიულე. ისე გიჟივით გავარდი. - შენი ბრალი იყო. - რა იყო ჩემი ბრალი? - ლუკას მივუვარდი და მოვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა თავის თავზე. - რა ქენი? - გაოცებას ვერ მალავდა მეზობელი. - ჰო. ისეთი რაღაცეები მითხარი… უბრალოდ თავში პირველი ეს მომივიდა. - აი, რატომ არ უნდა აკეთო ის, რაც თავში პირველი მოგივა. - ამას ვინ ამბობს. - ჰოდა, გამოცდილებით გეუბნები! კარგი, მოყევი, რა რეაქცია ჰქონდა ასე რომ მიადექი და რაღაც მოსთხოვე? - ძალიან უბრალოდ მიიღო, საიდან დავიწყოო მკითხა. - მოიცა, მართლა? - ჰო, მართლა. პროტესტი არ ჰქონია. ადრეც მითხრა, მკითხე რაც გაინტერესებსო. არაფრის დამალვას აპირებს და მართლა ვუყვარვარ. - არ ვიცი, არ ვიცი. რა მოგიყვა თავის თავზე? - გოგონამ ყველაფერი დეტალურად უამბო, რაც დღეს მასზე გაიგო, არც ის გამორჩენია, რომ ავადმყოფ ბებიას უვლის და ისიც დაამატა, რომ მასაც ძალიან უყვარს. - როგორ ცხოვრობს? კარგი სახლი აქვთ? - უი, ეგ არ იცი, ხო? - გაეცინა გოგონას. - ის იმ პატარა სახლში ცხოვრობს ქუჩის გადაღმა, ყვავილებიან სახლს რომ ეძახიან. - ლიზიკო, გამაგიჟებ მე შენ! - რატომ? - გოგო, რაღა ეგ, სხვა ვერავინ ნახე? სულ გადაირიე? - რას ერჩი რო? - მე ვერჩი თუ შენ ერჩი საკუთარ თავს? ის ქალი მთელი ცხოვრებაა მარტო ცხოვრობს, არასდროს არავინ აკითხავდა. ახლა ამბობენ, კვდება და სახლის გამო უვლიანო. ეგ სახლი მაინ იყოს რამე, რომ ღირდეს. - შეწყვიტე მერიკო, წარმოდგენა არ გაქვს რას ამბობ. - აბა შენ გაქვს? ასეც რომ არ იყოს, ხედავ სახლი რას გავს? ნამდვილი სოროა. - ასე არ არის. გარედან ძველ სახლს გავს და მეც ასე მეგონა, მაგრამ შიგნით ძალიან კოხტა და ლამაზია. - კარგი და რამდენი ოთახი აქვს, ჰა? - საერთოდ რა შუაშია სახლი და მისი ოთახები? - თვალები გაახილე ლიზი, ფულიანი მამის შვილი ხარ, თვითონაც ძალიან ლამაზი, ასეთი ბიჭებისთვის ნამდვილი განძი ხარ. - როგორი ბიჭებისთვის, მერიკო? - იცი, რასაც ვგულისხმობ. - ჰო, მე ვიცი, მაგრამ მინდა ხმამაღლა თქვა. მინდა მოვისმოინო როგორ გალანძღავ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობ, ისე რომ სინდისიც არ შეგაწუხებს. მიდი, თქვი როგორი ბიჭია. - მე შენი დაცვა მინდა ლიზი. - დაცვა არ მჭირდება. - ეს არ იცი. - ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებ, ისაა, რომ მთელ დღეს მიფუჭებ. - მე მხოლოდ დახმარებას ვცდილობ. - მაშინ საერთოდ არ გამოგდის. - ეს რომ მამაშენმა გაიგოს... - რომ გაიგოს, რა? - ქალი გაჩუმდა. - არა, მითხარი, რა იქნება, რომ გაიგოს? სახლში გამომკეტავს თუ ლუკას კოჭებს დაუხვრეტს. ვერაფერსაც ვერ იზამს! ლუკას ვუყვარვარ და მეც მიყვარს ის. ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს! გოგონამ დაინახა, როგორ შემოცვივდნენ ოთახში შეშინებული ბავშვები და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ყვიროდა. ბავშვების შერცხვა, მეგობრისაც, მაგრამ ზედმეტად გაბრაზებული იყო იმისთვის, რომ ეს ეღიარებინა. ხედავდა, როგორ მოაგროვა ქალმა ბავშვების ნივთები, როგორ გაიყოლა წინ სამივე და კარისკენ წავიდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაუშვა. ძალიან იყო გაბრაზებული, სახლში მარტო დარჩენა არ სურდა და გადაწყვიტა ჯგუფელებს შეხმიანებოდა. ანა და მარი ის ორი გოგო იყო, რომლებთანაც თავს კარგად გრძნობდა, ამიტომ პირველ რიგში ისინი მოიკითხა: - მარი, როგორ ხარ, ლამაზო? - ეს ვინ მკითხულობს და ცუდად როგორ ვიქნები. რას შვები? - გოგო, სახლში ჯდომა არ მინდა ახლა და ვიფიქრე, სადმე წავალთ-თქო, თუ გცალია. - ერთ საათში ანასთან ავდივართ მე და გიო, საბას დაბადების დღეა. თუ გინდა შენც ამოდი. სახლში მარტონი ვიქნებით. - თქვენ ხო შეყვარებულების გარეშე ვერსად წახვალთ. - პირველი, გიო არ არის ჩემი შეყვარებული, უბრალოდ მეგობარი ბიჭია და მეორე, ანას იდეა იყო, საბა ამოდის და მარტო არ მინდა, მეზობლები ილაპარაკებენო. - ნამდვილი სასწაული ხარ, მარიამ. - ვიცი. აბა, ამოხვალ? შენთვისაც ვიშოვით ვინმეს. - კარგი, ანასთან გნახავ. - ლიზიმ ტელეფონი დადო, შორტები და მაისური ჩაიცვა, მამისთვის წერილი დატოვა და ისევ ლუკას კარებს მიადგა. - ლიზი?! - გაუკვირდა ბიჭს. - მეგობართან მივდივარ, ორნი იქნებიან ბიჭებთან ერთად და ვიფიქრე... საერთოდ, გცალია? - თუ გინდა წამოვალ. - მართლა? - ჰო, ოღონდ ჯერ მომვლელს უნდა დავურეკო, რომ ბებოს მიხედოს, მერე გამოვიცვლი და შენს განკარგულებაში ვიქნები. - მშვენიერია. მომვლელი ოც წუთში მოვიდა. შუახნის სასიამოვნო გარეგნობის ქალი ტკბილად ქოთქოდებდა მოხუცთან. ლუკამ გააფრთხილა, რომ არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა და დაჰპირდა, რომ დაურეკავდა, მერე ბებიას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდნენ. - კარგი, რით ვაპირებთ წასვლას და სად მივდივართ? - საბურთალოზე უნდა გავიდეთ, ტაქსს გამოვიძახებ. - მისმინე, მოტოციკლებთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ? - არაა, არ თქვა, რომ მოტოციკლი გყავს. ვგიჟდები მოტოციკლებზე! - მშვენიერია, მაშინ წავედით. ლუკას ულამაზესი შავ-მწვანე მოტოციკლი ჰყავდა. გოგონა ამ მანქანების ხარისხსა და ავ-კარგიანობაში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ დიზაინი ძალიან მოეწონა და სიხარულით დასთანხმდა ამ გასეირნებას. - დღეს ეს შენია. - თქვა ლუკამ და ჩაფხუტი მიაწოდა. - შენ არ გჭირდება? - მეორე არ მაქვს. დღეიდან გავითვალისწინებ. - ტარებას მასწავლი? - როგორც ინებებთ, ჩემო ქალბატონო. მოდი, დაჯექი. - ლუკამ გოგონა მოტოციკლზე დასვა, მერე თვითონაც მოკალათდა და იკითხა: - რამდენად ჩქარა ვიარო? - ჩქარა! ძალიან ჩქარა! - იყვირა ლიზიმ და სულ რამდენიმე წუთში, მოტოციკლი ქუჩებში მიქროდა. მთელი გზა ორივენი ჩუმად იყვნენ. ლიზი ბიჭის მხრებს იყო აკრული და სიჩქარისგან მინიჭებული სიამოვნებით ტკბებოდა, სრულ თავისუფლებას გრძნობდა და ძალიან უხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მან მოტოციკლით იმგზავრა (მერე რა, რომ უკან იჯდა?!). დროდადრო ჩაფხუტის მინას ასწევდა, სიამოვნებდა, როცა ქარი სახეზე ეხეთქებოდა, მერე ვეღარ მოითმენდა და ისევ ჩამოსწევდა მინას. - შეანელე, მოვედით, აქ ზემოთ უნდა ავიდეთ და იქვეა. - გამოერკვა ლიზი, როცა მეგობრის სახლს მიადგნენ. - ეს სახლია. მეშვიდეზე ცხოვრობს. - თქვენს შემდეგ. - თქვა ლუკამ და კარისკენ მიუთითა. კარი ბიჭმა გააღო. - გიო, უკვე აქ ხართ? გამარჯობა! - გაგიმარჯოს ლიზი, შემოდით. - ჰო, მართლა, ეს ლუკაა. ლუკა ეს გიორგია, მარის ბიჭი. - ამ დროს გოგონამ გამოიხედა. - აი, ეს კი მარია. - სასიამოვნოა. - თქვა ლუკამ. - შემოდით, შემოდით. - ანა სადღაა? - იკითხა ლიზიმ. - სამზარეულოში, აქაოდა მასპინძელი ვარ უნდა გიმასპინძლოთო. ოღონდ ნუ დაგვწამლავს, რა ვიცი. - გადაიკისკისა მარიმ. - წამოდი, მასპინძელს გაგაცნობ. - ლიზიმ ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოში გაიყვანა. - ანა, ჩვენც მოვედით. გაიცანი, ეს ლუკაა. - შენ რო ვინმესთან გნახე, უკვე მშვიდად შეიძლება სიკვდილი. - თვალი ჩაუკრა მეგობარს ანამ. - თავი ისე იგრძენი, როგორც სახლში ლუკა. - მადლობა, ანა. - უჰუ, რა ზრდილობიანი ბიჭია. - უჩურჩულა ანამ ლიზის. - კარგი, წადით, გაერთეთ. მეც მალე მოვალ. - საბა სად გყავს? - ჯერ არ მოსულა, ხომ იცნობ არა?! სუფრა გაშალეს და საჭმელად დასხდნენ, როცა კარი გაიღო და საბა შემოვიდა უზარმაზარი თაიგულით ხელში. - დღეს ჩემი დაბადების დღეა - განაცხადა მან. - ყვავილები კი შენ მოგიტანე, ჩემო გოგო. ხედავ რა კეთილი გყავარ? - მაგიტომაც ხარ ჩემი ბიჭი. - ჩაკოცნა ანამ. - საბა გილოცავთ. - ერთხმად იყვირეს გოგოებმა. - გაიხარეთ ბავშვებო. - იუბილარმა ყველა გადაკოცნა და ლუკას მიუბრუნდა. - შენ ლიზისთან ხარ, ხო? - ასეა. ლუკა. - საბა. თუმცა უკვე იცი. - გაიცინა მან. - სასიამოვნოა. - კარგი, ვჭამოთ. შიმშილით ვკვდები. - თქვა ანამ და პირველმა აიღო კერძი. - ნუ გაქვთ თეფშები ცარიელი. - ახლავე დავერევით, დაიკო. - თქვა გიორგიმ. ისადილეს. ყველაფერი გემრიელი იყო და ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ანას სადილი ნამდვილად ღირს გასინჯვად. - კარგით, დატოვეთ ყველაფერი გარდა სასუსნავისა და გავედით მისაღებში. - გასცა განკარგულება ანამ, როცა სადილობას მორჩნენ. - ბიჭო, ქვემოთ რა მოტოციკლი დგას ნახეთ? - იკითხა საბამ. - არა, მე და მარი რომ მოვედით, არაფერი იდგა. - ჰო, იმიტომ რომ მისია. - ჩაერია საუბარში ლიზი. - რა? მართლა? - გაოცება ვერ დამალა სამაბ. - კავასაკი ZX... - კი, ჩემია. - კავასაკი, სერიოზულად? - იკითხა გიორგიმ. - როგორ მინდა ეგ მოდელი. ჩემი ოცნებაა. - გამოდის, სილამაზის გარდა, სხვა ღირსებებიც ჰქონია. - გაიცინა ლიზიმ. - მე დიზაინი მომეწონა, სხვა მაინც არაფერი მესმის. - გეყოთ რა, ოღონდ ახლა ნუ დაიწყებთ მოტოციკლებზე საუბარს. - დაიწუწუნა მარიმ. - მერე ამათ რა გააჩუმებთ. - აუ, ძმურად რა, ხო მათხოვებ ცოტა ხნით, ცოტა რო გავიარო? - ითხოვა საბამ. - რა თქმა უნდა. როცა გინდა. - ეს ხომ არაფერს დაგაცდის რა, იქნებდა მე მინდოდა. - შეუბღვირა გიორგიმ საბას. - ორივეს გეყოფათ, ბიჭებო. - დაამშვიდა ლუკამ. - იდეა მაქვს, „სიმართლე თუ მოქმედება“ ვითამაშოთ. - თემა შეცვალა ანამ. - ვის გინდათ? - მაგარია, მე მინდა. - აჰყვა მარი მეგობარს. - ვითამაშოთ. - თქვა ლიზიმ. - მორჩა ქალებისგან სამი კი გვაქვს, ჩვენ აღარაფერს გვკითხავენ. ჯობია, შევეგუოთ. - თქვა გიორგიმ და მარის გადაეხვია. გოგონამ ცხვირზე უკბინა და რაღაც უჩურჩულა. - საბა, სიმართლე თუ მოქმედება? - სიმართლე. - მშიშარა! კარგი, მოიცა მოვიფიქრებ რამეს. რომ შეგეძლოს, მოპარავდი იმ მოტოციკლს ლუკას? - როგორი ორიგინალური ხარ, ჩემო მშვენიერო დაიკო. არა. - მოიცა, ჩავდგე ფორმაში. ლუკა, შენი ჯერია, სიმართლე თუ მოქმედება? - მოდი, მოქმედებას ავირჩევ, რომ მეც მშიშარა არ დამიძახონ. - გაიცინა ლუკამ. - და მაინც, მოქმედებაზე რთული სიმართლის თქმაა გოგონებო. - დაამატა საბამ. - განსაკუთრებით მამრისთვის. - ეგეც მართალია. ლუკა მოქმედებას ირჩევს ანუ მე მინდა, რომ შენ... - ანა ერთი წამით ჩაფიქრდა და უცებ წამოიძახა. - ლიზის აკოცო. - დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ეს უნდა. - თქვა ლუკამ და ლიზის გახედა. - აშკარად დავჯარიმდი. - მშვენიერია, სამი კითხვა სამი გოგოსგან. მე ვიწყებ. ლიზი გიყვარს? - ჯერ კიდევ ვთამაშობთ თუ გამოძიებას ატარებ? - გაბრაზდა ლიზი. - შენ გაჩუმდი. სამ კითხვაზე უნდა გვიპასუხოს, ასეთია წესი. - კი. - თქვა ლუკამ. - რამე საიდუმლო გაქვს? - იკითხა მარიმ. - კი. - საიდუმლო ყველას აქვს, ამაში ახალი არაფერია. - ჩაერია საუბარში გიორგი. - დღეს ვერ ხართ ფორმაში გოგონებო. - ლიზის ჯერია. - თქვა საბამ. - რისი გაგება გინდა შენს პრინცზე? - ამ თამაშის გარეშეც არაფერს მიმალავს. - ნახეთ, როგორი თავდაჯერებულია. მაშინ მე მაქვს მესამე კითხვა. მას შემდეგ, რაც ლიზისთან ხარ, გქონდა თუ არა ქალთან ახლო ინტიმური კავშირი? - საბამ ბოლო სიტყები განსაკუთრებულად დამარცვლა. - არა. - აუღელვებლად გასცა პასუხი ლუკამ. - სიმართლეს ამბობ? - ეს რა, მეოთხე კითხვაა? - აი, მესმის პასუხი... არა, უბრალოდ დავაზუსტე. - გაიცინა საბამ. - შეწყვიტეთ! - გაბრაზდა ლიზი და სამზარეულოში გავიდა, თუმცა გულის სიღრმეში ლუკას უარმა ძალიან გაახარა. საღამო მხიარულად გაატარეს. ლუკა საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, საერთო ენა ყველასთან ადვილად იპოვნა და ისე გაშინაურდა, ამ სამეგობროს ნაწილი გეგონებოდათ. ბიჭებს ლუკა ძალიან მოეწონათ, გოგონები კი ლიზის მის შესახებ უამრავ კითხვას უსვამდნენ და არჩევანს უწონებდნენ. მარიმ ისიც კი უთხრა, შენი რომ არ იყოს, დავფიქრდებოდიო. ლიზი გახარებული იყო იმით, რომ ადამიანებმა, რომლებთან ყოფნა ძალიან მოსწონდა, არჩევანი მოუწონეს და ყოველ ჯერზე, როცა ლუკა რაღაც გონებამახვილურს ან სასაცილოს იტყოდა, გული სიამაყით ევსებოდა. - კარგი, ბავშვებო, მე და გიო წავალთ. - თქვა უცებ მარიმ. - უკვე გვიანია, თან სადღაც უნდა გავიაროთ. - ხუმრობ? დარჩით. - ეწყინა ანას. - მარტო არ დამტოვოთ ამაღამ. - არა, არ არსებობს. მართლა უნდა წავიდეთ. აი, ლიზი და ლუკა დარჩებიან. - ამას უყურეთ! ჩვენ ნუ გადმოგვაბარებ. - უპასუხა ლიზიმ. - კარგი რა ლიზი, დარჩით დღეს აქ. მამაშენს ანა დაურეკავს, დაითანხმებთ. ოღონდ, ერთი პატარა რჩევა, ლუკა არ ახსენო. - ხუმრობ? ლუკაზე ჯერ არაფერი იცის. - გმალავენ ძმა? - მხარზე ხელი დაჰკრა საბამ. ლუკას გაეცინა. - კარგი, წავედით გიო. - თქვა მარიმ, მერე ბიჭს მხრებზე ხელი მოჰკიდა და კარისკენ მიაბრუნა. - ქალის ძალაუფლება. - დაიკვნესა გიორგიმ. - შეხვედრამდე მეგობრებო. - ლიზი, ლუკა, ხომ დარჩებით? - საცოდავი სახით იკითხა ანამ. - კარგი დავრჩებით, ოღონდ მოიშორე ეგ ლეკვის თვალები. - რატომ, ხედავ რა კარგად მუშაობს?! - დაეჭყანა ანა. - ლუკა, იმედია გცალია. - რატომაც არა, უბრალოდ სახლში დავრეკავ. - თქვა ლუკამ და აივანზე გავიდა. - სახლშიო? ვის აბარებს ანგარიშს? - იკითხა ანამ. - არავის, მარტო ის და ბებო ცხოვრობენ. ბებია ბრმაა და მომვლელი დატოვა სახლში, როცა წამოვედით. ეტყვის, რომ დღეს არ მივა. - მშობლები არ ჰყავს? - დედა ბავშვობაში გარდაეცვალა, მამასთან კი ცუდი ურთიერთობა აქვს. მერე მოგიყვები ყველაფერს. - მორჩით ჭორიკნობას და შემოდით ოთახში. - დაიძახა საბამ მისაღები ოთახიდან. - აბა, ახლა რას ვაკეთებთ? - ცოტა ხნით მშვიდად იჯექი რა. - წამოარტყა ანამ. - ლუკას დაველოდოთ და ერთად გადავწყვეტთ. - ძაღლი ახსენეო. თქვენ გელიან, დიდო ლუკას. - ხელები გაშალა საბამ. - მორჩი ლაზღანდარობას. - ჩამოაწევინა ხელები ანამ და თავი მხარზე დაადო. - იცის როგორ გამაჩუმოს. - აბა, რისთვის მელოდით? - იკითხა ლუკამ. - უნდა მოვიფიქროთ ახლა რას გავაკეთებთ. - რამე ფილმი ვნახოთ ერთად. - თქვა ლიზიმ. - თუ ფილმია, მე 3D მინდა. - წამოიძახა საბამ. - თან დიდ ეკრანზე. - არა რა, ახლა კინოში ნამდვილად არ მინდა. - დაიწუწუნა ანამ. - კარგი აქ ვუყუროთ რამეს. - დანებდა საბა, მერე ლუკას მიუბრუნდა. - ნახე, ახლა რამე რომანტიულ კომედიას აირჩევენ, სადაც არც სროლები იქნება, არც სიჩქარე, არც კარგი ჩხუბი, დიდი-დიდი ვიღაცამ ერთხელ გაარტყას თავის კონკურენტს და ტუჩი გაუხეთქოს. ეგეც თუ გაგვიმართლა. - ლუკა, შენ როგორი ფილმები მოგწონს? - ჰკითხა ანამ. - არ გაბედო კომედიის დასახელება. - თითი დაუქნია საბამ. - სინამდვილეში ფილმების მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ მიწევს ექშენს ავირჩევდი. - თქვა ლუკამ და ლიზის სახე რომ დაინახა, დაამატა. - ჰო, ბიჭი ვარ. - არ მესმის, რატომ მოგწონთ ბიჭებს იმის ყურება, როგორ ასისხლიანებს ორი მხეცი ერთმანეთს? - ცხვირი აიბზუა ლიზიმ. - ზუსტად იმიტომ, რატომაც თქვენ ტირით რომანტიული ფილმის ბოლოში ხელის თხოვნის სცენაზე. - დაეჭყანა საბა. - ესეც ჩვენი ფილმი. - თქვა ანამ და საბას გვერდით მოკალათდა. - როგორც ვთქვი, რომანტიული კომედია. - გაიცინა საბამ. - მოემზადე, ახლა სიცილით უნდა დავიხოცოთ და ბოლოს ერთი-ორი კურცხალიც გადმოვაგდოთ. - მოკეტე საბა. - პირზე ხელი ააფარა ანამ, ლიზიმ კი ბალიში ესროლა. - დააკავე შენი ქალი ლუკა, ჩემიც მეყოფა. ფილმი გრძელი და უინტერესო აღმოჩნდა. საბას ჩაეძინა, გოგონები იმედგაცრუებულები გასცქეროდნენ ეკრანს და იმ იმედით, სადღაც რაღაც კარგი მოხდებოდა, არ ნებდებოდნენ, ლუკა კი მოთმინებით ელოდა ფილმის დასასრულს. - მოგწყინდათ, არა? - ჩურჩულით თქვა ანამ, საბა რომ არ გაეღვიძებინა. - აშკარად საშინელი რამეა. - დაეთანხმა ლიზი. - გავთიშავ. - მერე კი ისევ იკითხა. - ხომ არ გეძინებათ? - არა, არ მინდა დაძინება. მე და ლუკა აივანზე გავალთ ცოტა ხნით. - პლედები წაიღეთ, ცივა გარეთ. აივანი საკმაოდ დიდი იყო, მაგიდა და ოთხი სკამი თავისუფლად ეტეოდა. ლიზი მოაჯირზე გადაწვა და ქალაქს გახედა. ქუჩა მკრთალად იყო განათებული და იშვიათ გამვლელებს სევდიანად ესალმებოდა, სახლებიდან აქა-იქ ჩანდა ყვითელი შუქები. - მოდი, დაჯექი. - ზურგს უკან მზრუნველი ხმა მოესმა. ლუკას სკამები მოაჯირთან მოეჩოჩებინა და პლედით ხელში ელოდა. - როგორი მზრუნველი ხარ. - ჰო, ეს კარგად გამომდის. - გაიცინა ბიჭმა, გოგონას პლედი მოახურა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. მყუდრო ღამე იყო. გრილი სიო სასიამოვნოდ ეხებოდა სახეზე თბილ პლედებში გახვეულ ახალგაზრდებს, ქალაქის ყრუ გუგუნი ლამაზ მუსიკად ჩაესმოდათ, რიტმულად სუნთქავდნენ, თითქოს ერთი სისრულის ორი პატარა ნაწილი იყვნენ. ლიზიმ ბიჭს თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა. სიამოვნებდა მისი სითბოს შეგრძნება, მოსწონდა გახშირებული სუნთქვის მოსმენა, რომელიც პულსს აჩქარებდა. ლუკამ თითები თმებში შეუცურა და ფერება დაუწყო. - ლუკა. - გაისმა გოგონას ჩუმი ხმა. - ჰო, ლიზი. - რაღაც მინდა გკითხო. ოღონდ დამპირდი, რომ არ დამცინებ. - გპირდები. - რისი გეშინია ცხოვრებაში? - მიუხედავად ასაკისა, უკვე ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. ასე რომ, ადვილად აღარაფერი მაშინებს, მაგრამ არის რაღაც, რაზეც გამუდმებით ვფიქრობ. - მითხარი. - მეშინია, რომ ერთ დღესაც თვალს გავახელ, გავხედავ ცარიელ კედელზე გაკრულ სარკეს, შევისწორებ თმაში გაჩენილ ჭაღარას და უცებ მივხვდები, რომ მარტო ვარ, რომ მთელმა ცხოვრებამ განვლო და ვერ ვიპოვნე ის, ვისაც წესით ჩემი ქვია. - წესით შენი ქვია? - ჰო, მე მჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის იბადებიან და წარუმატებელი ოჯახების მიზეზი სწორედ ისაა, რომ მათ არასწორ ადამიანებზე იქორწინეს. - და შენ ამის დღემდე გეშინია? - ახლა დაკარგვის მეშინია, რადგან პოვნით მგონი უკვე ვიპოვნე. თუმცა, ეს მოცემულობას არ ცვლის. - რა მოცემულობას? - ჭაღარა მე ცარიელ ოთახში. - გპირდები, მეც იქ ვიქნები... შენი სარკის წინ! - ჩემზე ჯერ კიდევ არაფერი იცი ლიზი. ამაზე უნდა ვისაუბროთ, თან მალე. - ოღონდ ახლა არა რა. - თავი გააქნია ლიზიმ. - და მაინც, რაც არ უნდა გქონდეს სათქმელი, ვერაფერი შეცვლის იმას, რომ ყველაზე კეთილი და თბილი ხარ. - ახლა კი ნამდვილად აჭარბებ. - არაფერიც! - მტკიცედ თქვა ლიზიმ და ბიჭს უფრო ძლიერად მიეკრა. -მიხარია, რომ გიპოვნე! - შემოსვლას არ აპირებთ? - გამოსძახა წყვილს ანამ, როცა თორმეტს გადასცდა. ლუკამ უკვე ჩაძინებულ გოგონას დახედა და ანას ანიშნა, სძინავსო. - კარგი, შემოდით, როცა გაიღვიძებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.