მამა.
გონებას ვძაბავ და ვერაფრით ვიხსენებ, როდის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ძალიან მინდოდა მქონოდა გასახსენებელი მოგონებები, მაგრამ არა არც მქონდა და მეთვითონაც ვერაფერი მოვიგონე...ახლაც, როცა გადავწყვიტე, რომ უნდა დამეწერა ვერ ვხვდები საიდან დავიწყო, როცა გონებაში კადრები არეული მაქვს...ქრონოლოგიას ვერ ვალაგებ. ალბათ თურქეთიდან მახსოვს, როცა მეგობრებთან ერთად იქეიფა მერე 3 წლის ბავშვს უაზროდ გამიბრაზდა და აბაზანაში ჩამკეტა. დედაჩემმა ვერ გაუძლო და გაგიჟდა სახლიდან ყველა გაყარა მე გამომიყვანა და ჩამეხუტა...ალბათ ისიც მახსოვს ისევ თურქეთში, როგორ წამიყვანა ლუდის ბარში, შემდეგ გადავავიწყდი მე კი სახლში დავბრუნდი სახლი კი ძალიან შორს იყო...მითუმეტეს სამი წლის ბავშვმა თურქეთის ქუჩები საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ დავბრუნდი. მახსოვს კერძო სახლი იყო. წინ ქვის კიბე უნდა ჰქონოდა, ზუსტად მაგ კიბეზე ჩამოვჯექი და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდნენ. მაშინაც პირველი დედაჩემი მოვარდა ატირებული და გულში ჩამიკრა... ისევ თურქეთი სადაც მახსოვს ქალი...უბრალოდ ქალი და მისი 17-18 წლის შვილი. სახეზე არცერთი მახსოვს, რათქმაუნდა მაგრამ ერთი დღე არასდროს დამავიწყდება. ეს ქალი და მისი შვილი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან. უკვე სხვა სახლში. კარის სახელურს ვეჭიდებოდი მის შვილს კი ჩემი მეორე ხელი ეჭირა და მექაჩებოდა. მაჯა ამომვარდა. არ მიტირია...უბრალოდ სანამ საავადმყოფომდე მივიდოდით ვიღაცას ვთხოვე იქნებ თვალის ბრჭყვიალები ეყიდათ ჩემთვის... მერე საქართველოში დავბრუნდით. სად წავიდა არ ვიცი. სკოლაში სიარული დავიწყე...დედაჩემი ან თურქეთში დარჩა ან მერე წავიდა თუმცა მისი ტყუილების გამო მალევე დაბრუნდა. უთხრა, რომ ცუდად ვიყავი და მჩაგრავდნენ. თუ ფიქრებით უკან წარსულში დავბრუნდები ვერაფერს ვიგრძნობ...მაშინ ჩემს მიმართ ალბათ არანარი გრძნობა არ ჰქონდა. არ ვიცი. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არასდროს მოსულა და არ მომფერებია. არ უთქვამს, რომ ვუყვარდი...ან შეიძლება მე არ მახსოვს. მეორე კლასში,როცა გადავედი გლდანში ვცხოვრობდით...ძაღლი მოიყვანა და როგორც ყველა დანარჩენს ამ ძაღლსაც ჯეკა დაარქვა. პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ზაფხული იყო. მაშინ ჩემი დაც ჩემთან ერთად იყო...არც ის მახსოვს, როდის გავიგე, რომ ნახევარ და მყავდა. და იცით რატომ? დედაჩემმა ამაზე ჩემი დაბადებისთანავე იზრუნა. რაჭაშიც ორივე ერთად მივყავდით. ყველას ეგონა, რომ სალომე დედას შვილი იყო მე არაფერი მახსოვს თვეების ვიყავი. გლდანში როცა მეორე კლასში ვიყავი მაშინ გავიგე, რომ ბაბუა გარდაიცვალა რაჭაში. მახსოვს მე დედა და ჩემი და მარტო ვიყავით სახლში. დარეკა და გვითხრა, რომ შემდეგ დღეს ჩავსულიყავით. მთელი გზა ვიცინოდით მე და ჩემი და...ჯერ ვერ გაგვეაზრებინა რა მოხდა. მე კარგად არ ვიცნობდი ბაბუას თუმცა მახსოვს ფრაგმენტები...როგორც კი სახლს მივუახლოვდით მაშინვე ორივეს შეგვეცვალა ხასიათი...მახსოვს მეგრელი ბებიის განწირული ყვირილი. მახსოვს ბევრი ხალხი. ყველას დაბლიდან ვუყურებდი იმდენად პატარა ვიყავი. დავჯექით მე და ჩემი და რაჭული სახლის აივანზე. უფრო სწორად ის იჯდა მე მის კალთაში მოვკალათდი...ყველას ტირილზე ვტიროდით ჩვენც...მახსოვს მოვიდა მამიდაჩემი და სახეზე მომეფერა, მაშინვე ოთახში შევიდა და მამა დაიტირა. ცოტა ხანში ჩვენც ოთახში აღმოვჩნდით...ვუყურებდი კუბოში მწოლიარე ბაბუას, რომელსაც სახეზე თეთრი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული გულის სიღრმეში მინდოდა ნაჭერი მოეხსნათ და მენახა რას გვიმალავდნენ მე და სალომეს. ბოლოს როცა სახლიდან უნდა გაესვენებინათ ბებიამ მოხადა ნაჭერი და მეუღლეს გამოემშვიდობა. როცა შევხედე სახეზე მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ფერი ჰქონდა ...თუმცა მაშინვე აღვიდგინე, რამოდენიმე მოგონება. კართან ის იდგა არ ვიცი, რატომ მაგრამ მისკენ გადავიტანე ყურადღება. კარის გვერდით პატარა ფანჯარა იყო მასთან ახლოს იდგა...ხელები ზურგს უკან დაემალა და გამართული თუმცა ოდნავ მხრებში მოხრილიყო. თითქოს ერთიანად ამაყი და განადგურებული იყო...დაბალი პატარა სკამიდან ის უფრო მაღალი მეჩვენებოდა, მანაც შემომხედა...პირდაპირ მე შემომხედა. ამდენ ხალხში მე მიპოვა თვალებით. მე ყველაზე პატარა ვიყავი მაგრამ მაინც მიპოვნა. თვალებში ვუყურებდი და ვერაფრით ამეხსნა რა ხდებოდა მის თავს. გამიღიმა. აშკარად გამიღიმა, მაგრამ რა აღიმებდა? იქნებ ჩემი გამომეტყველება? იქნებ დამცინოდა? მერე მარჯვენა ლოყა დაუსველდა. მის თვალებს შევხედე. თურმე ტიროდა... ის არა მისი თვალები ტიროდნენ მას გაყინული სახე ჰქონდა მაგრამ თუ თვალებში შეხედავდით იმდენ სევდას ამოიკითხავდით...მე მაშინ ვნახე მისი ცრემლები. მაშინ, როცა მეორე კლასში ვიყავი და მამა მიწას მიაბარა. ვინ იცის იქნებ, როგორ უყვარდა მშობელი? ჩემთვის არავის უთქვამს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ. იქნებ არც ბაბუა იყო ღირსეული მამა? ან პირიქით იქნებ ისეთი იყო მეორე, რომ ვერ მოვძებნოთ? მთავარია, რომ ტიროდა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის მისი მამა იყო და უყვარდა. შემდეგ ისევ აირია მოგონებები...უკვე რამოდენიმე თვის შემდეგ მახსოვს სხვა სახლში გადავედით. დივნის ქვეშ დარჩენილი რამოდენიმე ათასი დოლარი იყო დამალული. მისაღებში იდგა დივანი მის პირდაპირ დიდი ფანჯრები იყო შუშიანი, საიდანაც სამზარეულო ჩანდა. დედა რაღაცას ამზადებდა. ის კი ვიღაც კაცთან ერთად მოსულიყო. დივანი ააყირავა და ფულს ითვლიდა. მე დიდი შუშებიდან ვუყურებდი. არ ვმოძრაობდი უბრალოდ ვაკვირდებოდი რას აკეთებდა. საერთოდ ვერ გამერკვია, რატომ იყო დივანი აყირავებული. მერე ისევ შემომხედა. თითი ტუჩებთან მიიტანა და გამიღიმა. მანიშნა, რომ ხმა არ უნდა ამომეღო. მერე გადამავიწყდა...დედამ თვითონ მიაგნო. მესამე კლასში ვიყავი. გაკვეთილზე. კარზე დააკაკუნეს და დამრიგებელი გავიდა.თითქოს ვიგრძენი, როგორ დამიძახებდა და... -ავალიანი ჩაალაგე ჩანთა დედა გელოდება. დედას მანქანით დაბლა ის და ვიღაც კაცი ელოდებოდნენ. თეთრი მანქანა იყო უკან ჩავჯექით. დედა ტიროდა. სახლთან მიგვიყვანა და უკან მომიტრიალდა. მეც ვტიროდი. მითხრა,რომ სხვასთან მიდიოდა საცხოვრებლად. გამიცინა. -დამშვიდობებისას არ მაკოცებ? დედას ვუთხარი,რომ მანქანიდან გადასულიყო. სახლში ავედით. ჩემთვის ის საშინელი პერიოდი იყო. დედა რესტორანში დილიდან საღამომდე შვიდ ლარად მუშაობდა. მე სკოლაში დავდიოდი...სახლში მარტო ყოფნის სულ მეშინოდა. სულ მეგონა, რომ მარტო არ ვიყავი. ვიცოდი, რომ იქ ვიღაც გარდაცვლილიყო ადრე...უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა გარდაცვალება. ხშირად არ გვქონდა საჭმელი. მშიერს მარილიც კი მიჭამია. რთული პერიოდი იყო ახალი გადასულები ვიყავით უბანში და მაღაზიაშიც არავინ ენდობოდა დედას, რომ რამე ამოეტანა ჩემთვის. მარტო მე და დედამ გადავიტანეთ შიმშილის სიცივის და მარტოობის 1 წელი. როცა მას ჩვენი სახლის ფული ჩვიდმეტი ათასი დოლარი ჰქონდა წაღებული და სხვა ქალს სახლს ურემონტებდა. მოვიდა... დაბრუნდა... ერთი ჩემოდნით, მხოლოდ ტანსაცმელით. შერიგება ითხოვა და დედამაც აპატია. შეიძლება იმიტომ, რომ აღარ ვყოფილიყავი მშიერი და საჭმელი მაინც მქონოდა. ბინის გადასახადი ფული ბოლომდე ვეღარ გადავიხადეთ, იმიტომ რომ სწორედ ამ ფულით ქალბატონმა ქეთინომ სახლი გაირემონტა. იძულებული გახდა დედა, რომ სახლი გაეყიდა და იქიდან გაესტუმრებინა ვალი. ჩვენ კი იმდენი აღარ დაგვრჩებოდა,რომ ბინა გვეყიდა. ასე აღმოვჩნდით ქირით... ისე ამ ბოლო პერიოდში მიფიქრია, ნეტავ მეც ბენჟამინ ბატონი ვყოფილიყავი. მაშინ,რომ დიდი ვყოფილიყავი ამდენის უფლებას არ მივცემდი. თუმცა ვინ იცის რას გავაკეთებდი ან რას შევცვლიდი. ზოგჯერ ბრაზი მახრჩობდა, მინდოდა გამქრალიყო სადმე და აღარ გამოჩენილიყო. ზოგჯერ კი ტირილისგან სპაზმებით ვფიქრობდი, რატომ არასდროს მოდიოდა ჩემთან და არ მელაპარაკებოდა ისე, როგორც ხდება ხოლმე სხვებთან. რატომ ვიყავით ასე უცხოები ერთმანეთისთვის დღემდე ვერ გამირკვევია თუმცა ფიქრსაც არ აქვს აზრი. ის ასეთი ადამიანია...ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა ყოველთვის. თორმეტი წლის ასაკში მომნათლეს...მაშინ ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მახსოვს ოდესმე დაბადების დღე თუ გადაეხადათ ჩემთვის...მაშინ კი ჩემი ნათლობა დაბადების დღე და ვალენტინობა იყო. ჯერ ისევ იდო გარეთ თოვლი...მახსოვს ნაცრისფერ ქუჩაში, როგორ მივდიოდი, რომ ცხელი შოთები მეყიდა. ჩვენს სახლში სტუმრები უნდა მოსულიყვნენ. ნაცნობებიც და უცნობებიც. ჩემი და სალომე უკვე გაზრდილი იყო. თმა ბიჭურად ჰქონდა შეჭრილი. მას ეხმარებოდა საჭმელების მომზადებაში. მე ბედნიერებისგან ბევრი რაღაც აღარ მახსოვს. დიდი სუფრა მზადდებოდა. წინასწარ მიხაროდა ყველაფერი. უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჩემი ბიძაშვილები მისი მეგობრები დედას ნაცნობები, ჩემი ნათლიები. მერე მახსოვს ეკლესია სადაც წავედით, სადაც გავქრისტიანდი. მეორე დღეს უფლება მომცეს ჩემი კლასელები და მეგობრები დამეპატიჟებინა. ბევრი ფოტო გადავიღეთ. მერე ის შემოვიდა და დამლოცა. თავი მაღლა ავწიე ვამაყობდი ორ დღეში დაგროვებული ბედნიერებით. ვამაყობდი, რომ ის ჩემი ოჯახის წევრი იყო. მერე ყველას გადავხედე ვეცადე ჩემი მეგობრების სახეები დამეფიქსირებინა. მინდოდა ენახათ, რომ ჩვენ ერთი მთლიანი ოჯახი ვიყავით და დიახ აი ასე გვიყვარს ერთმანეთი!!! კარგად დააკვირდით, როგორ ამბობს ჩემს სადღეგრძელოს და როგორ იცინის. თქვენებიც ასე აკეთებენ? თურმე მეც არაფრით განსხვავებული არ ვარ მათგან. არ ვაპატიებდი დედის ცრემლებს და დედის შრამებს სხეულზე. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მე მაშინ პატარა ვიყავი. მერე ისევ სხვაგან გადავედით...იქვე მოპირდაპირე კორპუსში. ავეჯი ხელით გადაიტანეს და მთელი გზა იგინებოდა. თითქოს ვინმე რამეს აძალებდა. საწყალი ბიჭები ჩუმად იყვნენ და სხვის მძიმე ნივთებს მიათრევდნენ ის კი იგინებოდა. მე უკვე დიდი ვიყავი აღარ ვაქცევდი ყურდღებას. გარდატეხის ასაკი მქონდა და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაცეები იყო. ხშირად არ იყო სახლში ამიტომ მეც და დედაც მშვიდად ჩვენი ცხოვრებით ვტკბებოდით. ერთხელ კომპიუტერი გაფუჭდა. შემდეგ მოიყვანა "აიტიშნიკი" და გააკეთებინა. მე მაშინ კომპიუტერს არ ვიყენებდი ჩემი პლანშეტით ვერთობოდი, რომელიც უფრო მაინტერესებდა. კომპიუტერი ჩართული დატოვა და ნახევარი საათით სადღაც გავიდა. მე ჩემს ოთახში ვიყავი. დედა ალაგებდა. გავიგე კარის ხმა,როგორ დაბრუნდა სახლში. მესმის ყვირილი...მესმის, როგორ მლანძღავს და მაბრალებს კომპიუტერის გაფუჭებას, რომელიც ნახევარი საათის წინ გააკეთებინა. ავუხსენი, რომ მე არ მივკარებივარ, საერთოდ არ გავსულვარ და დედაც დამემოწმა. ყვირილი არ შეწყვიტა გადამეკიდა,თავი მომაბეზრა. მიმტკიცებდა ტყულს არ ესმოდა ჩემი სიმართლე...ისევ ვიგრძენი სპაზმები, ვიგრძენი, რომ მალე ავფეთქდებოდი...მეტს ვეღარ მოვითმენდი და დავინახე, რომ ჩემი ოთახის კართან იდგა. მზესუმზირით სავსე თეფში ავიღე და ვესროლე. ისეთი ხმა ამოვუშვი საკუთარი თავის შემეშინდა. ვუთხარი, რომ წასულიყო, რომ დამთავრებულიყო ყველაფერი ვუთხარი, რომ თუ ჩემი არ სჯეროდა მე საერთოდ არ მაინტერესებდა მისი არცერთი სიტყვა. გაჩუმდა... შეტრიალდა და გავიდა. ვერ მივხვდი რა დაემართა. იქნებ ეწყინა? ან გაუკვირდა? აქამდე ხომ არასდროს გამიბედავს ასეთი რამ? იქნებ უბრალოდ დაიჯერა ჩემი სიმართლე? რაც არ უნდა ყოფილიყო მივხვდი იმდენად დიდი ვიყავი, რომ შემეძლო ხმამაღლა დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. არც ყვირილით არც თეფშების სროლით, მაგრამ შემეძლოს მეყვირა, როცა სპაზმს ვიგრძნობდი... მაშინ გამიჩნდა ნერვოზი. არც ჩემი ასაკი გაითვალისწინა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი და ყველა სიტყვას ჩემთვის დიდი ფასი ჰქონდა. მან ალბათ ამის შესახებ არ იცოდა და არ ითვალისწინებდა. ამიტომ მე აღმოვჩნდი ნერვოზიანი თინეიჯერი. -------- გავაგრძელო ჩემი უბედური ისტორიის მოყოლა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.