შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი დასაწყისი (სრულად)


5-08-2016, 22:27
ავტორი tatia27
ნანახია 12 263

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი. გააჩნია, ვისთვის როგორ. კეთილ ადამიანებს მზეთუნახავად მივაჩნივარ, შურიანებს _ უშნოდ, ნაკლებად შურიანებისთვის კი «ისე რა» ვარ. რამდენიმე საათში თვრამეტი წლის ვხდები, მაქვს ჩალისფერი თმა და ჩემდა სამწუხაროდ, თაფლისფერი თვალები. არადა, როგორ მინდოდა, ცისფერი ან მწვანე თვალები მქონოდა. აი, ისეთი, რომანებში რომ აღწერენ მთავარ მოქმედ გმირ ქალებს. ჩემი დაქალები მეუბნებიან, მაგარი აღნაგობა გაქვსო, გრძელი ფეხები და ვიწრო წელიო. არ ვიცი, დიდად არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება. თუმცა, მკერდი ისე გამეზარდა ბოლო წელიწადს და ისე მომიმრგვალდა, მეც კი მომწონს. მკერდი, ჩემი აზრით, ქალის სავიზიტო ბარათია. სულ რომ არაფერი უვარგოდეს სხვა, მკერდით მაინც მიიპყრობს მამაკაცის ყურადღებას.

თბილისის ძველ უბანში დავიბადე და გავიზარდე, ლამაზ იტალიურ ეზოში. პატარა ეზოა, სულ სამი ოჯახი ცხოვრობდა ადრე, მაგრამ მერე მათ გაყიდეს თავიანთი სახლ-კარი და მამაჩემმა იმდენი მოახერხა, რომ თვითონ იყიდა და ახლა მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ. მერე მამამ ორსართულიანი სახლი წამოჭიმა, თეთრი, ლამაზი, ხეხილიც გააშენა. მე და დედამ კი ისეთი ბაღი მოვაწყვეთ, ყველას შურს ჩვენი. აქაურობა სულ ყვავილებშია ჩაფლული ზაფხულობით. სახელიც ლამაზი ჰქვია ჩვენს უბანს, თქვენც გაგიგიათ ალბათ _ ოქროს უბანი. მეორე სართულიდან რომ გადავიხედავ, მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. განსაკუთრებით ღამითაა ლამაზი, გაჩახჩახებულია ყველაფერი და ლურჯად ელვარებს არემარე, ოქროსფერი ციმციმა ნათურების თანხლებით.

მყავს უმცროსი ძმა, სანდრიკა. მე ნეკა მქვია. როცა დავიბადე, თურმე ისეთი ციცქნა ვიყავი, რომ ეგრევე ნეკა შემარქვეს, ეს მაღალი მაინც არ გაიზრდებაო, დედას უთქვამს. მაგრამ შეცდა ჩემი დედიკო. მაღალიც ვარ და… შხვართიც. აი, ასე! :)))

ოთახი ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ცალკე საძინებელი მაქვს, ჩემთვის ვარ, არავინ მაწუხებს. მეორე სართულზე, ერთმანეთის გვერდით ვბინადრობთ მე და სანდრიკა. ჩვენი ოთახები გვერდი-გვერდითაა. მამა და დედა, დერეფნის ბოლოში რომ ყველაზე დიდი საძინებელია, იქ არიან «შეყუჟულები».
კიდევ ერთი წევრი გვყავს ოჯახში _ ნაზი. ის ჩვენი ნათესავია, ოღონდ შორეული. მამა ადრე დაეღუპა, მერე დედაც გარდაეცვალა და მარტო რომ დარჩა, დედამ წამოიყვანა, შეიფარა, ასე ვთქვათ. საოჯახო საქმეებში გვეხმარება. ის პირველ სართულზე ცხოვრობს, ყველაზე ნათელ ოთახში, რომელიც ბაღს გადაჰყურებს. კარგი ქალია. ჩემი საუკეთესოა მეგობარია, ჩემი გულის მესადუმლე. მას არაფერს ვუმალავ. ხშირად მმოძღვრავს ხოლმე, რაც მისგან არ მწყინს, ყოველთვის ყურადღებით ვისმენ მის რჩევებს და ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ კიდეც. დამჯერი ვარ, მაინცდამაინც სიჯიუტისკენ არ მაქვს მიდრეკილება.

ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ორი წლის წინ მოხდა, ანუ მაშინ, როცა «მყარი» თინეიჯერული ასაკის ვიყავი. ახლა ჩემს ოთახში, საწოლზე ვარ წამოკოტრიალებული და მოგონებებში ვიძირები. უნდა გავააანალიზო, როგორ წარვმართე ჩემი ცხოვრება სწორედ იმ დროს, დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი…

სულ რამდენიმე თვის ამბავია, მაგრამ იმ პერიოდმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ, თუმცა არაფერს ვნანობ. გაუაზრებლად ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, თუმცა ნაჩქარევად ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება. ალბათ მკითხავთ, რომ შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება, რას გააკეთებდიო? მე კი გიპასუხებთ _ მგონი, ისევ ისე მოვიქცეოდი. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ არაფერს ვნანობ.

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნებოდი ორი წლის წინ _ ახალწამოჩიტული 16 წლის გოგონა. მართალია, კიკინებიანი არ ვიყავი, არც მკერდი მქონდა ამხელა და არც მთლად შხვართივით გამოვიყურებოდი, მაგრამ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში იმდენი რამ მასწავლა ცხოვრებამ და იმდენი ტკივილი მომაყენა, რომ პატარა გოგოდან ზრდასრულ ქალად გარდავიქმენი. ახლა კი, მგონი, კვლავ ბავშვობაში დავბრუნდი. ნუ გეცინებათ! არ მითხრათ ახლა, ეს შეუძლებელიაო! შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ძალიან მოინდომო ადამიანმა. ჰოდა, მეც მოვინდომე!

გაინტერესებთ, ჩემს გარეგნობაში, მკერდის გარდა, რა არის კიდევ მთავარი სიმდიდრე? რა და, ამაყად მოღერებული ყელი. მე მგონი, ამაყი სულაც არ ვარ, მაგრამ ყელი ნამდვილად მაქვს მოღერებული და გარეგნობაც, შესაბამისად, ასეთი მაქვს.

მართლა მზეთუნახავი არ გეგონოთ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჯერ კიდევ ზრდის ასაკში, ჩამოუყალიბებელი _ ნაკვთებითაც და აზრებითაც ალბათ. ჩემი გადასახედიდან, ისეთი შეცდომა ჯერ არ მომსვლია, რომ მის «ნიადაგზე» რაღაც მაინც ვისწავლო, თუმცა შეცდომის გარეშეც მშვენივრად შევიძინე გამოცდილება. ვიღაცამ შეიძლება ჩემს ისტორიაში შეცდომების მთელი კონა აღმოაჩინოს, მაგრამ მე არ მიმაჩნია ასე, რადგან ყველა ნაბიჯი, როგორც უკვე გითხარით, სრულიად გააზრებულად გადავდგი. არ ვიცი, ამით დროს გავუსწარი წინ თუ მხოლოდ ფეხი ავუწყვე, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშნველობა აღარ აქვს.

ძირითადად, სულ შარვლით და «ჭიპსაჩენი» მაისურებით დავდივარ, ანუ ტოპებით. მინდა, გამართული ქართულით ვწერო, რომ თქვენზე ამით მაინც მოვახდინო დადებითი შთაბეჭდილება, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა. სლენგები ისეა მომრავლებული დღეს ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებში, რომ ალბათ მაინც ვერ გავექცევი. მიყვარს ასევე, მოკლე ქვედაბოლოები… კიდევ რა გაინტერესებთ ჩემზე? სიმართლე და მხოლოდ სიმართლე? არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, არაფერს დაგიმალავთ. ჩემი აღსარების დრო მოვიდა, რადგან დღეს 18 წლის ვხდები.

ბავშვობაზე მეკითხებით? ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ბავშვობა დიდი ხანია, დავკარგე და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის, ალბათ, არც არასდროს მქონია.

თვალებს ვხუჭავ და მოგონებებში ვიძირები… ამას ჰქვია ფართოდ დახუჭული თვალები… ვიხსენებ დაწვრილებით ყველა ეპიზოდს და ამწუთას მარტოდმარტო ვრჩები საკუთარ სინდისთან… :(((

8 8 8

იმ წლებში არაფერი მადარდებდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში, ისევე, როგორც სხვა ბევრ ჩემს თანატოლს, რაღაც სულ მაფორიაქებდა, აღმაგზნებდა და კალაპოტიდან მაგდებდა, მაგრამ რა იყო ეს, მაინცდამაინც ვერ ვხვდებოდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს რაღაც ძალიან საშიში და ჩემთვის გაუგებარი გახლდათ. მინდოდა, ყველაფერს ჩავწვდომოდი, იდუმალება შემეგრძნო და განმეცადა რაღაც ძალიან სასიამოვნო, რასაც ვერ ვხედავდი, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, მაფორიაქებდა. ისე, მაშინ აღვიქვამდი თუ არა ასე, დიდად არ მახსოვს, იქნებ მოგვიანებით გავაცნობიერე ეს ყველაფერი? არ ვიცი, არც ამაზე მაქვს ზუსტი პასუხი.

ზაფხული, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, არასდროს დამავიწყდება. არა იმიტომ, რომ საუკეთესო ზაფხული იყო ჩემს ცხოვრებაში, არამედ იმიტომ, რომ მართლაც დაუვიწყარი შეგრძნებები მომიტანა, იქამდე შეუცნობელი და იდუმალი. ყოველი დღე ახალი თავგადასავლებით იწყებოდა და მთავრდებოდა.

როგორც კი სკოლიდან დაგვითხოვეს ზაფხულის არდადეგებზე, მამამ აიტეხა, აგარაკზე გადავიდეთო. მისთვის სულერთი იყო, ჩვენ სად ვიქნებოდით, რადგან თვითონ სულ მივლინებებში დადიოდა და სულ საზღვარგარეთ, დედა კი შინ იყო გამოკეტილი.

დედას არ უყვარს სოფელი. ის აგარაკიც სოფელს აგონებს და ამიტომ თბილისში დარჩენას ამჯობინებს ყოველთვის. ამბობს, თბილისური გაუსაძლისი სიცხე მირჩევნია იმ უკაცრიელ სოფლის აგარაკსო. არადა, ლამაზი სახლი გვაქვს იქაც, ლისის ტბის მაღლა, ცხრაწყაროსკენ. აუზიც არის და სიგრილეც. გარდა ამისა, თბილისიდან იმდენი ჩემი ტოლი დამსვენებელი ჩამოდის, პირადად მე არასდროს მომიწყენია. იმ წელს მით უმეტეს, თავი უკვე დიდ გოგოდ მიმაჩნდა და ძალაუნებურად ვიპრანჭებოდი. ეს სწორედ ის ასაკია, როცა გოგონები ჭეშმარიტ სიყვარულზე ოცნებობენ ან იწყებენ ოცნებას.

მე კი ვიცი, დედას რატომაც არ უნდა ხოლმე აგარაკზე გადაბარგება, მაგრამ… მამამ თუ იცის, ნეტავ? დედას საყვარელი ჰყავს, დიდი ხანია, უკვე, მასაც ჩემს ძმასავით სანდრო ჰქვია. მახსოვს, ერთხელ მამაჩემს დაუძახა სანდროო და ისე გაწითლდა, მწიფე პომიდორივით გაუხდა ლოყები. მე შევამჩნიე ეს, მან კი მამასთან თავი იმართლა, ვითომ სანდრიკოს სახელი წამოსცდა. აი, თურმე რა კარგია, როცა ქმარს და საყვარელს ერთი და იგივე სახელი ჰქვია. ბატონი სანდრო არ არის ცუდი კაცი, ისეთი ნაზი თითები აქვს, პიანისტი გეგონება. არადა, ექიმია, კერძო კლინიკა აქვს და მთელი თბილისი იცნობს. მე თუ მკითხავთ, ექიმსაც აუცილებლად ლამაზი თითები უნდა ჰქონდეს. :))) იგი ხშირად მოდის ჩვენთან, მაშინაც კი, როცა მამაც შინაა და დიდხანს რჩება. რამდენჯერ შუაღამეს წასულა ჩვენი სახლიდან. მამა მშვენივრად უგებს სანდროს, ამიტომაც მგონია, რომ ის ვერაფერს ხვდება.

მე არ მაღიზიანებს დედაჩემის მდგომარეობა. რა ჩემი საქმეა, როგორ იცხოვრებს? ყველა ადამიანმა თავისი სურვილით უნდა იცხოვროს. თუკი საკუთარი საქციელით არავის უშლის ხელს, რატომ უნდა გავღიზიანდე? მამაზე ახიცაა, დედას საერთოდ ვერ აქცევს ყურადღებას. თვითონ დღეს რომ ნიუ იორკშია, ხვალ პარიზში ამოჰყოფს თავს, ზეგ ტოკიოში და დაგრიალებს აღმა-დაღმა. დიპლომატიურ სამსახურშია და ხშირად უწევს გამგზავრება. დედამ რა ქნას? ერთხელ არ წაუყვანია თან. ცოდო არ არის? შინაა მთელი დღეები გამოკეტილი. მაგრამ მგონი, მას სიამოვნებს კიდეც, რომ ასე აეწყო მისი ცხოვრება. ჩემი აზრით, სახლიდან იმიტომ არ გადის, რომ სანდრო ძიას მოლოდინში უთენდება და უღამდება ან ტელეფონზეა ჩამოკიდებული და საათობით ელაპარაკება. საინტერესოა, სანდროს რომ ცოლ-შვილი არ ჰყავდეს, გააშორებდა დედას და მამას ერთმანეთს? შეირთავდა ლიას ცოლად? ეგ არ ვიცი… ის კი ვიცი, რა ბედნიერია დედა, როცა მას ტელეფონზე ელაპარაკება, როგორ უცინის სახე და სხეულიც კი. მეც სწორედ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრიდან შევიტყვე მათი საიდუმლო.

აივანზე ვიყავი შეზლონგზე გაწოლილი და მზეზე ვირუჯებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა. დედას მე არ დავუნახივარ, თავის ოთახში იყო და ღია ფანჯრიდან მესმოდა მათი ლაპარაკი. რაც იმ დღეს მოვისმინე, ჩემთვის ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო, რადგან 15 წლის ვიყავი და ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი რჩებოდა, თუმცა დედასთვის არაფერი მიგრძნობინებია, გულში ჩავიხვიე ის თავზარდამცემი ამბავი და მარტოკამ გადავლახე ის მძიმე დარტყმა. სამაგიეროდ, დღეს უკვე აღარ ვამტყუნებ დედას და არ ვღიზიანდები, მამას რომ ატყუებს და ამდენი წელია, საყვარელი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ბედნიერი მაინც არ არის. სულ გულჩათხრობილია, სულ დარდიანი. ალბათ გულის სიღრმეში მაინც განიცდის სინდისის ქენჯნას ან იქნებ, სანდროს ცოლი რომ არ ჰქვია, ესაა მისი ტკივილის მიზეზი? არ ვიცი, ამას მე დედა ალბათ არასდროს მეტყვის.

მგონი, ცოტა გადავუხვიე, დროა, ჩემი ამბის მოყოლა დავიწყო…:)



8 8 8

კიბეზე სწრაფი ნაბიჯების ხმა მოისმა. მივხვდი, კესო იქნებოდა, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. ძალიან განვსხვავდებით ხასიათებით, რის გამოც ყველა გაკვირვებეულია, მასთან როგორ მეგობრობო, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით გამომდის. ხშირად აუტანელია, თუმცა ისე არ მაღიზიანებს, რომ დავიფრინო. :)))))) ყველაზე დიდი ნაკლი ის აქვს, რომ თავის თავზეა უზომოდ შეყვარებული. მასზე უკეთესი თუ ვინმე დადის ქვეყანაზე, არ ჰგონია.

ახლაც შემოდგომის სუსხიანი ქარივით შემოიჭრა ოთახში და ჩემ თვალწინ რამდენჯერმე ბალერინასავით დატრიალდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომ. მას ახალი სარაფანი ეცვა.

ლამაზი გოგოა კესო. ქერა, ცისფერთვალება, მაღალი. ის არასდროს არაფერს მიმალავს. შეიძლება იმიტომაც ვმეგობრობ მასთან, რომ მენდობა. ჩვენ რამდენიმე საერთო მეგობარი გვყავს. რამდენიმეს კი ვამბობ, მაგრამ ეს რამდენიმე კარგა ბლომად ადამიანისგან შედგება. აი, მათი კი ნამდვილად არ მესმის. თითქოს ეშინიათ კესოსი, თითქოს არ უყვართ, მაგრამ მაინც ცდილობენ, მასთან ახლოს იყვნენ. მარტივი მიზეზის გამო _ კესო ჩვენ შორის ყველაზე თანამედროვე გოგოა, ყველაზე კარგად იცვამს და კომპლექსები არ აწუხებს. იგი ჩემზე ცოტათი უფროსია და სექსის გემოც დიდი ხანია, იცის. მე იგი უკვე დავპატიჟე ჩვენთან აგარაკზე. ერთად უკეთესად გავერთობით. უნდა ნახოთ, როგორ ცურავს. ცოტა არ იყოს, ხანდახან მშურს მისი. ბიჭები ხომ ბუზებივით ეხვევიან. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა გარუჯულია და ზანგის ქალს ჰგავს. ამის გამო მეტსახელად «მულატკა» შეარქვეს. კესო იმდენად თანამედროვეა, რომ გამუდმებით სლენგებით ლაპარაკობს.

_ წელს ვეღარ გავეტიე თბილისიდან. ანტალიაში მინდოდა და დედამ ვერ მოიცალა, ბათუმში დავაპირე და… მოკლედ, აღარ გამომივიდა. კარგია, შენთან მაინც რომ მოვდივარ. მერე რა, რომ იქ ზღვა არაა, სამაგიეროდ, ტბაა და გარუჯვას მაინც მოვახერხებ. ხომ ვივლით ტბაზე?

_ აბა რისთვის მივდივართ, შინაბერებივით შინ ხომ არ ვისხდებით? _ დავამშვიდე.

_ რატომ არ ხარ მზად? არ აპირებ ჩაცმას? _ მკითხა, ვაზიდან ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა.

_ ჩაცმული არ ვარ? _ ხელები გავშალე.

_ ასე მოდიხარ?

_ ჰო, აბა?

_ გაგიჟდი? ჩემთან ერთად ასეთ ფორმაში უნდა წამოხვიდე?

_ რატომაც არა? რა არ მოგწონს? ვერ ხედავ, როგორ ცხელა, მე კი ძალიან თხელი, მსუბუქი და ჰაეროვანი კაბა მაცვია.

_ და შენ გგონია, რომ ეს საკაიფო კაბაა?

_ საკაიფო კაბა შენია, ჩემი არა. მე რაც მაცვია, ის მომწონს და სულაც არ მაღელვებს შენსავით ჩაცმის პრობლემა. ამაზე ფიქრით თავს არასდროს ვიღლი.

_ ოხ, ოხ! ისე მელაპარაკები, თითქოს პიკებს ხსნიდე «ნარიადების» გამოცვლაში.

_ სულაც არა, _ ცოტა არ იყოს, მეწყინა მისი ირონიული ტონი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ მართალი იყო.

ყველა გოგოს მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა. მე კი… შეიძლება იმიტომაც არ ვიცვამდი გამომწვევად, რომ ვიცოდი, კესოს მაინც ვერ ვაჯობებდი. სადაც უნდა წავიდეთ ერთად, ის მაშინვე ყველას თვალში ხვდება, მე კი ან საერთოდ ვერ მამჩნევენ, ან ძალიან გვიან.

_ იცი, ვინ დავინახე? _ გაიცინა და ნახევრად შეჭმული ვაშლი ფანჯარაში მოისროლა.

_ ვინ?

_ სერგო.

_ სად ნახე?

_ აგერ, შემოსახვევში. ოღონდ არ ანერვიულდე ახლა, შინ მიდიოდა მგონი. აუ, რა სექსუალური იყო, არ იცი!

_ რატომ არ დაპატიჟე?

_ მოიცა რა! ბებრუხანებს რა უნდათ ჩემს ფართიზე, ჩვენ ჩვენს გემოზე უნდა გავიჯეჯილოთ.

კესოს ასე ჩვევია. სხვებზე ყოველთვის ისე გულგრილად ლაპარაკობს, თითქოს ისინი ადამიანები კი არა, უსულო საგნები იყვნენ. პატივცემული სერგო ჩვენი მასწავლებელია. გოგოები ხშირად ვჭორაობდით მასზე, მოგვწონდა კიდეც შეფარვით, მაგრამ მაინც ბებრუხანად მოვიხსენიებდით. ამ დროს, იცით, რამდენი წლის იყო? ოცდაათზე ცოტა მეტის. ჩვენ კი ბებერი გვეგონა. მე განსაკუთრებით მომწონდა. ამას ყველა ამჩნევდა და კესომაც იმიტომ მითხრა, არ ანერვიულდე ახლაო.

სერგოზე მოგვიანებით კიდევ მოგიყვებით, უფრო დაწვრილებით.

_ ვინ და ვინ ვიქნებით? _ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.

_ რა ვიცი, ყველანი. ერთი ოცი მაინც შევიკრიბებით. მაგარი მუსიკები დავითრიე. ბევრი უნდა ვიცეკვოთ. ჰო ,მართლა, შენს ფეხსაცმელს თუ არ იცვამ, იქნებ მე მათხოვო?

_ რომელ ფეხსაცმელს?

_ ლურჯს, «შპილკებზე».

_ ჩაიცვი, რა… _ გულგრილად ავიჩეჩე მხრები, თუმცა დიდად არ მესიამოვნა, ჩემს საუკეთესო ფეხსაცმელს რომ ითხოვდა.

ზოგადად, არ მიყვარს, როცა ვინმე ტანსაცმელს მთხოვს. რა წესია? მე არასდროს არავისთვის მითხოვია არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ თავზე საყრელი სამოსი არ მაქვს.

_ შენი მაკიაჟი არ მომწონს, _ კესო აგრძელებდა ჩემს გაკრიტიკებას, _ საღამოს მაკიაჟი უფრო მუქ ტონებში უნდა გადაწყვიტო. თანაც, «დაზაგრული» ხარ, ეგ ფერი არ გიხდება.

_ დედაჩემის ტონალური მისვია, ჩემი გამითავდა. საერთოდ არ მინდოდა არაფრის წასმა ამ სიცხეში, მაგრამ რა ვიცი, ბოლოს მაინც გადავწყვიტე.

_ ერთი რჩევა უნდა მოგცე. ხნიერი ქალების კოსმეტიკური საშუალებები არასდროს იხმარო, თორემ შენც მალე დაბერდები.

_ დედაჩემი სულაც არ არის ბებერი! _ ვიწყინე.

_ დედაშენზე არ ვიძახი, ისე ვამბობ, ზოგადად, _ მიხვდა, რომ გადააჭარბა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა. _ მე პირადად, ძალიან მაშინებს სიბერე.

_ კარგი, წავედით. აღარ მინდა შენი შეგონებების მოსმენა. როგორც მინდა, ისე მაცვია და რაც მინდა, ის მისვია. წამო!

კესომ წინ გამისწრო და სირბილით დაეშვა კიბეზე.

8 8 8

მასთან უკვე მოეყარათ ბავშვებს თავი, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩაერთოთ და ერთობოდნენ. ჟურნალების მაგიდაზე ორი სხვადასხვა სასმელი იდგა, მგონი, კონიაკი და არაყი. სუფრა მწირი იყო, კიტრისა და პომიდვრის სალათა, პური, ყველი და შემწვარი კარტოფილი.

სასმელი არ მიყვარს. ვერიდები ხოლმე დალევას. კესო კი პირიქით, მომენტს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ კი დასალევი ნახოს. ახლაც, შემოვიდა თუ არა, კონიაკი ჩამოისხა და კარგი სტაჟიანი ლოთივით გადაკრა. მე ატმის წვენი ვარჩიე. ამ სიცხეში ალკოჰოლი რომ მივიღო, ალბათ სიცხე ამიწევს. სასმელი არ მიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ, ცეკვა მიყვარს. ცეკვა და გემოვნებიანი მუსიკა. როცა ჩემს საყვარელ მელოდიებს ვუსმენ, ასე მგონია, სხვა სამყაროში გადავდივარ. დავხუჭავ თვალებს და სადღაც, ცისფერ ორბიტაზე დავფრინავ.

კესო დედასთან და შინაბერა დეიდასთან ერთად ცხოვრობს. მამამ ცოლ-შვილი კარგა ხანია მიატოვა და სხვა ქალთან გაიქცა. დედამისი უცხოელებთან მუშაობს, ტურისტული ფირმა აქვს და შინ იშვიათად თუ ნახავთ. აი, დეიდამისი კი სულ სახლშია. კესოს აღიზიანებს ხოლმე დეიდას თვალთვალი. მას ეშინია, ბავშვებმა ცუდი რამე არ ჩაიდინონ ამ ასაკშიო და მალიმალ დაგვხედავს ხოლმე. კესო კი ისე დაუცაცხანებს, საწყალი ქალი ეგრევე გარბის ოთახიდან.

ნათელა დეიდა ახლაც არ დაგვხვდა სახლში, ძალით გავაგდე თავის მეგობრებთანო, ატკარცალდა კესო. დედამისი კი ორდღიან ექსკურსიაზეა, უცხოელები ჰყავს წაყვანილი.

კესოს უზარმაზარი სახლი აქვს, 4 საძინებლით და ორი აბაზანით.

მშვენივრად გავერთე. იმდენი ვიცეკვე, რომ თავბრუ დამეხვა. რა თქმა უნდა, ყველა ამ სიმღერის ტექსტი ზეპირად ვიცოდი და მეც ვყვებოდი მელოდიას, ჩემთვის ვღიღინებდი ნეტარებით.

ამასობაში შემოგვაღამდა. დავიქსაქსეთ ყველანი. ზოგი დაბლა ჩავიდა, ბაღში, რამდენიმე წყვილი კი საძინებელში განმარტოვდა. კესო აივანზე დარჩა, იგი ბესოსთან ერთად ცეკვავდა. წეღან სადღაც გაქრნენ ორივენი და კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ. არ ვიცი და არც მაინტერესებს, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. ეს მათი საქმეა და არა ჩემი. ისე, ბესო ყველაზე მაგარი ბიჭია. გოგოები მასზე ჭკუას კარგავენ. მამამისის მანქანით ჩამოუქროლებს ხოლმე თავის ძმაკაცებს, ჩაისვამენ გოგოებსაც და დადიან აღმა-დაღმა.

_ ხომ არ მოიწყინე? _ გადმომძახა კესომ.

_ არა, კარგად ვარ, _ გავუღიმე და ჩემს მეწყვილეს შევხედე.

იმ ბიჭს, ვისთანაც მე ვცეკვავდი, დიტო ერქვა. იგი ჩემზე სამი წლითაა უფროსი. რომ იცოდეთ, რა კარგად ცეკვავს. ისე მატრიალებდა ჰაერში, მიწაზე ფეხის დადგმას ვერ ვახერხებდი. რა მოქნილი ვინმეა. როგორ მსიამოვნებდა მასთან ცეკვა! აი, კიდევ ერთხელ დამატრიალა. ასე მეგონა, ფრთები გამომესხა და ჰაერში ავფრინდი. ნეტარების მეცხრე ცაზე ავიჭერი. თვალები დავხუჭე და ჩემს პარტნიორს ბრმად მივენდე, მაგრამ…

როცა თვალები გავახილე, აღმოვაჩინე, რომ მე და დიტო ცალკე ოთახში ვიყავით, თანაც სრულიად მარტო. ის სავარძელში იჯდა, მე კი მის მუხლებზე გახლდით მოკალათებული. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ დიტომ ხელები მომხვია და კოცნა დამიწყო.

გავუძალიანდი. ასეთი რამეები არ მხიბლავს. კესოსთან ბევრჯერ მიჩხუბია იმის გამო, რისი უფლება შეიძლება ჩვენხელა გოგომ ბიჭს მისცეს და რისი არა. მას არაფრად მიაჩნდა, ბიჭი თუ ხელს მოგიფათურებდა, მე კი პირიქით, ვერ ვიტანდი.

_ აიღე ხელი ჩემი მუხლიდან! _ მკაცრად ვუთხარი და მაჯაზე ვტაცე ხელი.

_ რატომ? გეშინია ჩემი? რა მოგივიდა, კი არ ვიკბინები, _ შეცვლილი ხმით მითხრა და მიბნედილი მზერით ამომხედა.

_ შენი არ მეშინია, ჩემი თავის კი, _ ცივად მივუგე და მისი მუხლებიდან წამოხტომა დავაპირე, მაგრამ დიტომ ძლიერად დამქაჩა და სავარძელზე უხეშად მიმაგდო, თვითონ კი ზემოდან მომექცა.

ძალადობა მეზიზღება. იმდენად ამაზრზენად მეჩვენა მისი საქციელი, რომ გამწარებულმა თუ გაბრაზებულმა ძლიერად გავარტყი სახეში და გვერდით მივაგდე.

მოულოდნელად კარი გაიღო და კესო შემოვიდა.

_ რა დებილი გოგო ხარ, ნეტავ იცოდე! _ დამცინავად შემომხედა, _ და აგრესიულიც. რას ურტყამ ჩემს ძმაკაცს? ვერა ხარ, ხო? _ ამ სიტყვებით დიტოს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა.

გამოღებული კარიდან დავინახე, როგორ მოხვია კესომ დიტოს ხელი და შუა აივანზე ცეკვა დაიწყეს. მე კი მარტო დავრჩი, ვიყავი გაწბილებული და თავს საშინლად მიტოვებულად ვგრძნობდი…



8 8 8

რამდენიმე დღის შემდეგ მამა მივლინებიდან დაბრუნდა. ყოველთვის ვამაყობდი მისით. ქვეშეცნეულად, მისნაირი მამაკაცი იყო ჩემი ოცნების გმირი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე გამორჩეული მეგონა. მომწონდა ის სურნელი, რაც მას ასდიოდა _ ოდეკოლონის ნაზი და სიგარეტის მძაფრი _ ერთმანეთში არეული. მამის გამოჩენა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, ყვირილით გამოვვარდებოდი ეზოში და კისერზე ჩამოვეკონწიალებოდი.

_ აბა, მომიყევი, სანამ მე არ ვიყავი, თუ იქცეოდი ჭკვიანად? _ დამიწყებდა იგი გამოკითხვას.

როგორ მინდოდა, ყველა წვრილმანი მომეყოლა ხოლმე, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. ეგრევე შემიშვებდა ხელს და მტოვებდა. მას არასდროს ჰქონდა საიმისო დრო, გამომლაპარაკებოდა. ვინ იცის, მასთან ურთიერთობის დეფიციტს რომ განვიცდიდი, იქნებ იმიტომაც იყო იგი ჩემთვის გამორჩეული.

დედა მის დანახვაზე ადგილიდანაც არ დაძრულა. იჯდა თავის სარწეველა სავარძელში და ღიმილით შეჰყურებდა დაბრუნებულ ქმარს. იყო ძალიან მშვიდი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერიც კი ჩანდა. თუმცა, ეს ბედნიერება მამის დაბრუნებით სულაც არ იყო გამოწვეული. დილით თავის გულთამპყრობელს ელაპარაკა მთელი საათი და სწორედ ეს სასიამოვნო შეგრძნება უქმნიდა ბედნიერების «იმიტაციას».

_ კარგად იმგზავრე, შალვა? _ მოვალეობის მოხდის მიზნით შეეკითხა დედა და ჰაერში მოქანავე სიგარეტის ბოლს გააყოლა მზერა. ბოლო დროს ბევრს ეწევა.

_ კარგად, _ მხიარულად მიუგო მამამ, _ დაღლა არ მიგრძნია, ისეთი კარგი «პაეზდკა» იყო. იშვიათად მაქვს ეგეთი გამონათებები მივლინების დროს. რომშიც ვიყავით. საოცრება ქალაქია.

_ რა საინტერესოა, _ ირონიულად გასცა პასუხი დედამ. მას გული წყდება, რომ მამას თან არ დაჰყავს და მასავით არ უწევს მოგზაურობა.

_ აბა, რა მოიფიქრეთ, მიდიხართ ბოლოს და ბოლოს აგარაკზე? _ მამა დივანზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო, _ საჩუქრები ჩამოგიტანეთ. აგერაა ჩანთაში, მერე ნახეთ, _ თვალებით ანიშნა.

_ რადგან შენ ასე გინდა, წავალთ, _ მხრები აიჩეჩა დედამ და გულგრილი მზერით შეხედა ჯერ მამას, მერე ჩანთას.

_ მე კი არა, ბავშვებს უნდათ, აქ ხომ არ გამოხარშავ ამ სიცხეში! _ უკმაყოფილოდ გაისმა მამაჩემის ხმა, _ დღესვე მოემზადეთ და ხვალ აგიყვანთ, მერე არ მცალია თქვენთვის!

_ ყველაფერი მზად მაქვს, სხვათა შორის, შენი შეხსენება არ მჭირდება! _ გაღიზიანდა დედა, _ შეიძლება სანდროც ამოვიდეს მოგვიანებით და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩეს. შენც ხომ მოიცლი?

_ სანდრო? ამოვიდეს მერე, უფრო კარგი იქნება, მეც მეყოლება თანამეინახე, თორემ ქალებს რა გაგიძლებთ იქ! ერთი გემრიელად უნდა დავისვენო.

დავისვენოო! როცა მამა დასვენებაზე იწყებს ლაპარაკს, სულ მეღიმება. აგარაკზე ყოფნისას იგი გამთენიისას დგება, მუშურად ჩაიცვამს, ბაღში ჩადის და ხან ბარვას იწყებს, ხან ვენახის გასხვლას, ხან ხეების გადაჭრას ან დამყნობას.

მერე კი, მთელი დღის მუშაობით დაღლილი, ღიღინით ამოვა ხოლმე მეორე სართულზე და ხელებს იფშვნეტს, კარგ ხასიათზეა, ეზო რომ მოაწესრიგა. ბოლოს წამოწვება, ლუდს დააგემოვნებს და მიიძინებს მოთენთილი. აი, ასე «ისვენებს» მამა ჩვენთან ერთად, თანაც მხოლოდ ორი-სამი დღე რჩება ხოლმე, შემდეგ კვლავ თბილისში გამორბის. ძალიან საყვარელი კაცია მამაჩემი.

8 8 8

აქაურობა ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით. აივანზე რომ გავალ, ისეთი ხედი მოჩანს, გასეირნება მოგინდება ადამიანს. ლისის ტბა საოცრად ბრწყინავს მთვარის შუქზე. ისეთი ლურჯი და ლივლივაა, დროებით დაგავიწყდება, რომ საშინლად ჭუჭყიანი ტბაა და მასში ბანაობა თითქმის შეუძლებელია.

აგარაკზე, რა თქმა უნდა, ნაზიც წამოვიყვანეთ. მართალია, დღისით აქაც ცხელა, მაგრამ სამაგიეროდ ღამითაა სიგრილე. ის კი არა, გრძელმკლავიანიც კი მაცვია, ისე აცივდება ხანდახან.

სამი დღის ასულები ვიყავით აგარაკზე, სანდრო ძია რომ შემოგვიერთდა. მამას გაუხარდა მისი სტუმრობა. აი, ახლა საღამოა, ბაღში ვსხედვართ ყველანი და ნაზის დაკრეფილ ხილს მივირთმევთ.

_ ნაზი, ყავა მალე იქნება? _ გასძახა მამამ.

_ ორ წუთში, _ გამოსძახა იმანაც.

_ ჰოდა, ჩემო კარგებო, იდეა მაქვს. ყავა დავლიოთ და მერე გავისეირნოთ. არ გინდათ ლისის ტბაზე რონინი? _ სათითაოდ შემოგვხედა მამამ ყველას.

სანდრიკამ ტაში შემოჰკრა.

_ ნავით გამასეირნებ, მა?
_ აბა რას ვიზამ, შვილო, აუცილებლად, _ ქოჩორი მოუჩეჩა მამამ და დედას თვალი ჩაუკრა.

_ იქნებ ამ ადამიანს სულაც არ უნდა გასეირნება, შეეკითხე მაინც! _ თქვა დედამ სანდროს მისამართით.

_ არა, რას ამბობთ, გავისეირნოთ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, _ სანდრო ძიამ ხელები გაშალა დედას დაშოშმინების ნიშნად.

_ აი, კაცი! მთლად ჩემი ჭკუისაა! გენაცვალოს ჩემი თავი! ვისაც ჩვენთან ერთად არ უნდა, დაჯდეს სახლში! ლუდი წავიღოთ და დავაჭაშნიკოთ!

გაბრაზებულმა დედამ ყავით სავსე ფინჯანი ისე გამწარებით დაახეთქა მაგიდაზე, რომ ლამბაქი გატყდა და ყავაც დაიღვარა.

_ რა გჭირს, გოგო, ფრთხილად ვერ მოკიდებ ხელს? _ უსაყვედურა მამამ.

თავი უხერხულად ვიგრძენი. მე კი ვიცოდი, რაც ჭირდა, მაგრამ ის მაოცებდა, მამა რომ ვერ ხვდებოდა ამას. აშკარა იყო, დედას თავის საყვარელთან შინ უნდოდა დარჩენა, განმარტოებით.

_ მე არ წამოვალ, _ პროტესტის ნიშნად წამოვდექი და წასვლა დავაპირე.

_ რატომ ვითომ? _ წარბები შეჭმუხნა მამამ.

_ ვერ ვიბანავებ და ისე რა მინდა ლისის ტბაზე, კესოსთან ერთად სოფელში გავისეირნებ, უფრო გავერთობით.

დარჩენა არავის დაუძალებია ჩვენთვის. როგორც ჩანს, მამას კესოსი მოერიდა. ჩვენც ავდექით და დაღმართს დავუყევით.

გზის გასაყართან, უზარმაზარი მუხის ჩრდილში, ბიჭებს მოეყარათ თავი, ჩემთვის ყველა უცნობი აღმოჩნდა.

_ გაგა, გამარჯობა, როგორ ხარ? _ კესო ერთ ბიჭს მიეჭრა, რომელიც ასაკით აშკარად უფროსი იყო ჩვენზე და სპორტსმენივით დაკუნთული სხეული ჰქონდა.

_ ვა! კესარია! შენ აქ საიდან? _ ბიჭმა გადაკოცნა კესო და თვალი ჩემკენ გამოაპარა.

_ მეგობართან ვარ სტუმრად. ჰო, მართლა, გაიცანით ერთმანეთი. ეს ნეკაა, ეს გაგა.

_ ძალიან კარგი, _ ხელი ჩამომართვა გაგამ და ოდნავ მომიჭირა თითები, ოღონდ ვერ მივხვდი, ეს მისთვის ჩვეული ჟესტი იყო, თუ ამით რამე მიმანიშნა.

_ საით გაგიწევიათ? _ კვლავ კესოს მიუბრუნდა უცნობი ნაცნობი.

_ არსად, ისე გამოვისეირნეთ, მოგვწყინდა სახლში.

_ მაშინ ჩვენთან წამოდით, გოგისთან ვიკრიბებით.

_ რა ვიცი, წავიდეთ, რა, ჩვენი რა მიდის, _ ისე სწრაფად დათანხმდა კესო, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი.

სხვა რა გზა მქონდა, მეც გავყევი. არადა, სულ არ მინდოდა ახლა უცხო ადამიანების თავყრილობაზე მოხვედრა.

რა უცნაური გოგოა. ჩემს სოფელში კესოს გამოუჩნდა ნაცნობები, მე კი კანტი-კუნტად თუ ვიცნობ აქ ვინმეს. თუმცა, უფრო ჩამოსული გოგო-ბიჭებითაა აქაურობა ზაფხულში სავსე, ადგილობრივები ცოტანი არიან.

ეზოში პატარა სახლი იდგა. მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ჩემდა სამწუხაროდ, იქ მყოფთაგან არავის ვიცნობდი. დავჯექი ჩემთვის მარტო და სხვებს დავუწყე თვალიერება. ცოტანი არ იყვნენ, რომ დავთვალე, თერთმეტი გამოვდექით, მათ შორის სამი გოგოც იყო. ახლა მამამ რომ დამინახოს, რას მეტყვის? არ ვიცი. მამას ჩემთვის შენიშვნა არასდროს მოუცია, ბიჭებთან ერთად რატომ დადიხარო, თუმცა როდის დავუნახივარ მსგავს სიტუაციაში? იგი იშვიათად იცლის ჩემთვის, ან საერთოდ ვერ იცლის.

უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ვიღაც იდგა. მოვიხედე და უზარმაზარ ლურჯ თვალებს წავაწყდი. ისეთი ლამაზი ბიჭი იდგა ოდნავ მოშორებით, თვალი ზედ დამრჩა. ვარსკვლავებივით ციმციმა მზერა ჰქონდა. რატომღაც, მამას მივამსგავსე, თუმცა საერთოდ არ ჰგავდა მას.

_ შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი? მე თორნიკე მქვია, შენ? აქ ცხოვრობ?

_ არა, აქ აგარაკი გვაქვს. ნეკა მქვია.

_ ლამაზი სახელია, თანაც იშვიათი. არ გინდა ცოტა გავიაროთ? ვერ ვიტან ხმაურიან მუსიკას. ისეთი მშვიდი საღამოა, რომ სულ არ უხდება ასეთი ხმაური.

_ მეც ეგრე ვფიქრობ, _ ძალაუნებურად დავეთანხმე ახალგაცნობილს და გავუღიმე.

თორნიკე დაახლოებით 18 წლის იქნებოდა. მაღალი, გრძელფეხება ბიჭი იყო. მუქი ფერის თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა შეკრეჭილი და თვალები ამიტომ უფრო დიდრონი მოუჩანდა. განსაკუთრებით მისმა თითებმა მომხიბლა, პიანისტივით თლილი და გრძელი ჰქონდა.

მან მაჯაში ჩამავლო ხელი და ეზოდან გამიყვანა. იქვე პატარა ფერდობი იყო, ხეებით შემოჯარული. ერთი ხის ძირში დავსხედით და უხმოდ მივაჩერდით ერთმანეთს. თორნიკემ ხელზე ხელი მომიჭირა. ჟრუანტელმა დამიარა. მესიამოვნა. ჩემი ახალი ნაცნობი ძალიან ნაღვლიანი ჩანდა. როგორც ჩანს, ჩემსავით მარტოსულად გრძნობს თავს _ გავიფიქრე. თითქოს ნაჩხუბრები ვყოფილიყავით, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მხოლოდ თითებით ვეხებოდით. უცნაური შეგრძნება იყო. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა თითებით მესაუბრებოდა ვიღაც. არც მეგონა, თითებს ამდენის თქმა თუ შეეძლოთ.

კარგა ხანს ვისხედით ასე. მერე მე დავარღვიე სიჩუმე და წავიდეთ-მეთქი, ვთქვი. თორნიკემ თავი დამიქნია. ახლა უკვე აღარ ეჭირა ჩემი ხელი ხელში.

უკან გამოვბრუნდით. ეზოში შევედით თუ არა, კესო დამეტაკა.

_ სად იყავი ამდენ ხანს? წამო, წავიდეთ აქედან! _ გაბრაზებულმა მომახალა.

როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მისთვის მოსაწონი კომპანია. საინტერესოა, რატომ ვერ მოახდინა ეფექტი?

მხრები ავიჩეჩე, წავიდეთ-მეთქი. თორნიკე მომიახლოვდა, გაგაცილებთო. უარი არ მითქვამს. მან კვლავ ჩამკიდა ხელი და ასე ხელიხელჩაკიდებულები გავუდექით გზას. კესოს ჩვენი «ალიანსი» არ გამოპარვია, მაგრამ არაფერი უთქვამს, პირმოკუმული წინ მიდიოდა და ხმას არ იღებდა.

თორნიკემ სახლამდე მიგვაცილა. დამშვიდობების წინ შემპირდა, ხვალ გამოგივლი და გავისეირნოთო. მერე გამიღიმა და ორივეს თბილად დაგვემშვიდობა.

კესოს არც ახლა უთქვამს არაფერი. დაბოღმილი ჩანდა. მე კი ისე ვიყავი გახარებული, გული საგულეში არ მიჩერდებოდა.

თითებზე თორნიკეს თითების სითბოს ჯერ კიდევ ვგრძნობდი…:)



8 8 8

საუცხოო დღე გამოვიდა. მზე დილიდან აცხუნებდა, მაგრამ სასიამოვნოდ. შინ ჯდომა სულაც არ მინდოდა. კესო დავითანხმე, ლისის ტბაზე ავიდეთ და ბადმინტონი ვითამაშოთ-მეთქი. იმედი მქონდა, რომ თორნიკესაც ვნახავდი იქ.

ფეხით დავუყევით გზას. მეორადებში ნაყიდი ფართოფარფლებიანი ჩალის შლაპა ძალიან მიხდებოდა. კესოს ყვითელი შორტი ეცვა და თეთრი მაისური. მას კეპი ეხურა, ოღონდ შებრუნებულად. გულის სიღრმეში მშურდა მისი, ისე მოიხდენდა ხოლმე ყველაფერს, ტანსაცმელს თუ აქსესუარს, მის ყურებას არაფერი ჯობდა.

ტბაზე უამრავი ხალხი ირეოდა. ბევრი ბანაობდა კიდეც, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ამ წყალში შეცურვა უზომო რაოდენობის ბაქტერიის აკიდებას ნიშნავდა, ამიტომ არც მიფიქრია, გამეცურა, თუმცა კი დიდი სურვილი მქონდა.

შორს, ტბის სიღრმეში, ლელიანში ნავით გასული რამდენიმე მეთევზე შევნიშნე. ნეტავ აქ დაჭერილი თევზი თუ იჭმება? _ გამიელვა გუნებაში.

კესო მისვლისთანავე დაფაცურდა. ტანთ გაიხადა და საბანაო კოსტიუმის ამარა მაშინვე იქითკენ გაიქცა, სადაც გოგოები და ბიჭები ბადმინტონს თამაშობდნენ. რა უკომპლექსოა! ისე უცებ გაუშინაურდება სრულიად უცხოებს, გეგონება, მთელი ცხოვრება მათ გვერდით გაუტარებიაო. მე როდის გავხდები ასეთი?

ნაპირზე ვიჯექი და მოთამაშეებს გავყურებდი. იქვე მაგიდის ჩოგბურთიც გაეჩაღებინათ ვიღაც ბიჭებს. გამიტაცა მოთამაშეთა ყურებამ. თორნიკე კი არ ჩანდა…

ჩემდა გასაკვირად, იგი არც მეორე და არც მესამე დღეს გამოჩენილა. უკვე აღარ მინდოდა ტბაზე გასვლა. მოვიწყინე. კესო ისე ერთობოდა ახალგაცნობილებთან ურთიერთობით და თამაშით, დილაუთენია მაღვიძებდა, წავიდეთო. მე კი უკვე აღარ მიზიდავდა ლისის ტბა, შინ დარჩენა და სევდიანად ფიქრი მერჩივნა.

მეხუთე დღეს გამოჩნდა. მე კვლავ ნაპირზე ვიჯექი მოწყენილი, ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და კესოს გავცქეროდი. თორნიკე თითქოს ტბიდან ამოვიდა. იგი ნავით მოუახლოვდა ნაპირს. ღიმილმა სახე გამინათა. ვიგრძენი, როგორ გამიბრწყინდა თვალები. რა სიამოვნებით გავისეირნებდი ახლა მასთან ერთად ნავით იმ ლელიანში. მერე მაკოცებდა კიდეც. ამის წარმოდგენამ სასიამოვნოდ შემაგრილა.

თორნიკე ნავიდან გადმოხტა, ჩემკენ ნელა გამოემართა და შორიახლოს შედგა. კარგა ხანს მიყურებდა დაჟინებით. შემდეგ გვერდით მომიჯდა, მხრით ოდნავ შემეხო, შლაპა მომხადა და ხმადაბლა მკითხა.

_ მოგენატრე? ალბათ მოიწყინე უჩემოდ, არა?

_ სულაც არა! _ კოპები შევკარი.

_ ეს დღეები არ ვიყავი აქეთ. თბილისში მომიწია ჩასვლამ. სხვა ბინაში გადავედით და ავეჯი გადამქონდა. დედა მარტო ვერ იზამდა.

_ დედასთან ცხოვრობ?

_ ჰო. მამა დიდი ხანია, გარდაიცვალა, თითქმის არ მახსოვს, _ მან მაისური გაიხადა და გულაღმა გაწვა, _ სადაა შენი დაქალოჩკა?

_ თამაშობს… ეგერ, ე! ბადმინტონს! _ ხელი გავიშვირე მოთამაშეებისკენ, თან მის რეაქციას დავაკვირდი, რადგან გულზე მომხვდა, კესო რომ იკითხა.

როგორც ჩანს, მასაც კესო მოსწონს, როგორც სხვებს. თორნიკემ თავიც კი არ ასწია, რომ მიეხედა. ცოტა ხნის შემდეგ წამოჯდა, უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ და კვლავ მხრით შემეხო. ისევ ისეთი სიამოვნება ვიგრძენი, როგორც იმ ღამეს, ხელზე ხელი რომ მომკიდა.

_ გინდა, რაღაც გითხრა? _ თვალებმოჭუტულმა შემომხედა.

_ მინდა, _ შეცვლილი ხმით ვუთხარი და ნერწყვი გადავყლაპე აღელვებულმა.

_ იმ ღამის შემდეგ სულ ვფიქრობდი შენზე… თან ძალიან ბევრს ვფიქრობდი.

_ მართლა? ნეტავ, რატომ?

_ არ ვიცი… შეიძლება იმიტომ, რომ სულ მარტო ხარ.

_ შენ რა, დამცინი? მარტო როდის ვარ? _ ხელებით მინდორს დავეყრდენი და უკან გადავიხარე.

_ ეჰ, ნეკა, ნეკა… რა კომპლექსიანი გოგო ხარ. რატომ უნდა დაგცინოდე? მთელი სერიოზულობით გეუბნები.

დაკვირვებით შევხედე. მის ლამაზ ლურჯ თვალებშიც ჩაბუდებულიყო სევდა, რის გამოც თვალები უფრო წყლიანი მოუჩანდა, თითქოს გუგებში ცრემლი უბრწყინავსო.

რა უბედურებაა! რატომ მოქმედებს ჩემზე ყოველთვის ასეთი ნაღვლიანი ტიპები? ნუთუ მეც ეგეთი ვარ და საერთოს ბევრს ვნახულობ მათთან?

_ გინდა, ნავით გავისეირნოთ? _ მოულოდნელად შემომთავაზა.

_ მინდა! _ მაშინვე დავეთანხმე და წამოვხტი.

კარგა ხანს უხმოდ მივცურავდით. თორნიკე ღონივრად უსვამდა ნიჩბებს. პირქუში გაუხდა გამოხედვა. თვალები დაუწვრილდა. ალბათ მზემ იმოქმედა.

_ ჩემგან კარგი ექიმი დადგება, _ თქვა მან მოულოდნელად.

გაოცებით შევხედე.

_ ალბათ, მაგრამ ჯერ მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარო, _ ღიმილით ვუთხარი.

_ უკვე ჩავაბარე, სტუდენტი ვარ.

_ მართლა? _ გულწრფელად გამიხარდა. მეგონა, უსაქმური და უდარდელი ვინმე იყო.

_ თავიდან იურიდიული მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. დღეს ყველას იურისტობა უნდა. არ მინდა, სხვებს ვგავდე. როცა დავამთავრებ, მუშაობას დავიწყებ და კვლევებში ჩავებმები. სიმსივნის წამალი უნდა გამოვიგონო, დაგინებული მაქვს.

ისე მტკიცედ ამბობდა ამ სიტყვებს, ღიმილი ვერ შევიკავე.

უეცრად საუბრის თემა შეცვალა.

_ ლამაზი ცხვირი გაქვს, ძალიან მომწონს.

_ ჩემი ცხვირი? _ ჩემდა უნებურად, ცხვირზე მოვისვი ხელი.

რა სასწაული ბიჭია. რამ მოაწონა ეს ცხვირი? ჩვეულებრივი ცხვირი მაქვს, არაფრით გამორჩეული.

_ შენ რას მეტყვი?

_ მე-ე? რა უნდა გითხრა?

_ შენ არაფერი მოგწონს ჩემი?

_ ააა! კი, როგორ არა! აი, კუნთები მომწონს. გეტყობა, რომ ნავარჯიშები ხარ.

_ გინდა, ხელით მოსინჯო? ნახე, როგორი მაგარია! _ მან ნიჩბები დააწყო, ხელები იდაყვში მოხარა და დაჭიმა.

მისკენ მივიჩოჩე და კუნთებზე შევეხე. დენივით დამიარა ჟრუანტელმა. სიტყვას ვერ ვძრავდი. ალმური წამეკიდა სახეზე. ის მიმიხვდა. ჯერ შემომხედა, მერე ხელი მომხვია, მიმიზიდა და ტუჩებში მაკოცა. თვალები დავხუჭე და სიამოვნებას მივეცი. მან ნავში ჩამაწვინა, თვითონ კი ზემოდან დამაწვა. გახელებული მკოცნიდა. მეც მსიამოვნებდა მისი კოცნა, მაგრამ ნავის შიში მქონდა. ასე მეგონა, ამდენ ძიძგილაობაში ამოტრიალდებოდა.

როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. გული საგულიდან ამოვარდნას ლამობდა, ისე გამალებით მიცემდა. არ მეგონა, კაცის მოფერება ასეთი ნეტარება თუ იქნებოდა. ამაზე მეტი სიამოვნება სხვა დროს არ განმიცდია.

არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა მისი ხელები, რომელიც სრულიად უადგილო ადგილას ვიგრძენი. ახლა კი გამოვფხიზლდი და ერთიანად დავიძაბე. მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას ლამის ჭიდაობით შევეცადე.

_ ნეკა… _ დაიჩურჩულა ვნებისაგან გათანგულმა.

_ წავიდეთ, უკვე დროა, ნაპირზე დავბრუნდეთ! _ ათრთოლებული ხმით წარმოვთქვი და წამოვჯექი.

უცნაურია… არ ვიცი, რისი მეშინოდა. მართლა ნავის ამოყირავების, თუ ქალწულობის დაკარგვის? მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას. იმ წუთას მთავარი იყო, დავმშვიდებულიყავი, ფიქრებისთვის თავი მომეყარა და მოგვიანებით გამეანალიზებინა მომხდარი.

ნაპირამდე ისე მოვაღწიეთ, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ.

იგი ნავიდან ჩამოსვლაში დამეხმარა, თვითონ კვლავ ზედ შეხტა, ხვალაც ამ დროს გნახავო, მომაძახა და ისევ ტბაში შეცურა.

დიდხანს გავყურებდი მიმავალს…

8 8 8

მთელი ღამე არ მიძინია. სასიამოვნო მოთენთილობას ვგრძნობდი. ვატრიალებდი და ვატრიალებდი გონებაში ნავში მომხდარს, თავიდან შევიგრძნობდი თორნიკეს კოცნით გამოწვეულ სიამოვნებას და სიბნელეს უაზროდ ვუღიმოდი. ამასთან, ყველაფერს ვაანალიზებდი. მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი. რომ ასეც უნდა მომხდარიყო. რომ ჩემს ასაკში ყველა მოზარდი განიცდის მსგავსს. მართალია, არიან გოგოები, რომელთაც წარამარა სხვა უყვარდებათ, მაგრამ ჩემი თავი ასეთი არ მეგონა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თორნიკე იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მეგონა, რომ ჩვენ შორის დაწყებული ურთიერთობა ყველაზე სუფთა და წმინდა გრძნობა იქნებოდა ამქვეყნად. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი თორნიკეზე, მით უფრო მომწონდა იგი _ მისი თვალები, ტუჩები, კანის ფერი, ღიმილი, თმა… თითები? მართლაც საექიმო თითები აქვს. ტყუილად არ აურჩევია ეს პროფესია!

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარი გაიღო და ოთახში ნაზი შემოვიდა.

_ სადაა შენი «კუპალნიკები»? _ მკითხა, როცა შუქი აანთო.

_ აგერ დევს, სკამზე.

_ მერედა, გარეცხვა არ უნდოდა? _ ირიბად გამომხედა.

_ არ მიბანავია და…

_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ასეთი რამეები აწი უნდა იცოდე, პატარა აღარ ხარ, _ დამანამუსა, ჩემს ბიკინებს ხელი დაავლო და კარისკენ გაემართა.

_ ნაზი! _ გაუბედავად დავუძახე.

_ რა იყო?

_ იცი? შეყვარებული ვარ.

მე მას ყოველთვის ვუყვებოდი ჩემს ამბებს და არც ახლა მომითმინა გულმა. კესოს არ ვენდობოდი, ნაზის კი _ ყოველთვის.

_ რას მელაპარაკები! _ ჩაიფხუკუნა.

_ შენ რა, ვერ გაიგე? შეყვარებული ვარ.

_ მშვენივრად გავიგე, ჩემო კარგო, ყრუ კი არ ვარ!

_ მერე?

_ რა მერე? მე რა უნდა გითხრა. შენ მითხარი. როგორი ბიჭია?

_ ძალიან სიმპათიური. ჰოლივუდის მსახიობს ჰგავს.

_ რა ჰქვია?

_ თორნიკე.

_ რა გვარია?

_ მაგდენი არ ვიცი.

_ მართლა? ახლა რას მოელი? რა გინდა, გითხრა?

_ რა ვიცი… რამე…

_ იქნებ არ გეჩქარა? იქნებ უკეთ გაგეცნო? გვარი მაინც გაიგე, სხვა თუ არაფერი.

_ ხვალ მოვა… მითხრა, ყოველდღე გნახავო.

_ ჰო, აბა რა! თავიდან ყოველდღე მოდიან, მერე _ ხანდახან, ბოლოს _ საერთოდ აღარ მოდიან.

_ რა ცუდი ვინმე ხარ, რომ იცოდე! _ გაბრაზებულმა ბალიში ვესროლე.

ნაზიმ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, ბალიში უკან გადმომიგდო, შუქი ჩააქრო და კარი გაიხურა…

8 8 8

მეორე დილით კესომ ლამის ტირილით გაიღვიძა. ზურგი ისე ჰქონდა დამწვარი, ძლივს ინძრეოდა. ნაზის მაწონი მოვატანინე და ფრთხილად წავუსვი. თან მეცოდებოდა, თან მიხაროდა, რადგან დღეს იგი ტბაზე წამოსვლას ვერ შეძლებდა. რატომღაც, არ მინდოდა, მას ჩემი და თორნიკეს ურთიერთობის ამბავი გაეგო. მამა კვლავ თბილისში დაბრუნდა, სანდრო ბიძიაც თან გაჰყვა. დედამ მოიწყინა და თავის ოთახში ჩაიკეტა. სანდრიკა კი მეზობლის ბავშვებში გაერია. ახლა ბურთიც ჩემი იყო და მოედანიც. გამოვიპრანჭე და აჩქარებული გულით და ნაბიჯებით გავემართე ტბისკენ.

კარგი ამინდი იყო, მაგრამ ქარმა დაქროლა. დამდგარი წყალი ისე ლივლივებდა, თითქოს ვინმე საგანგებოდ არხევსო. იქვე, ნაპირთან მოვკალათდი და თორნიკეს გამოჩენას მოუთმენლად დაველოდე.

დიდხანს კი მომიწია ლოდინმა. როგორც ჩანს, აღარ მოვა, გულდაწყვეტილმა გავიფიქრე და ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ შორიდან ნაცნობი ნავი დავლანდე. ის იყო! არის! მოვიდა! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ მინდოდა, მას ეს შეემჩნია, მაგრამ ჩემს ღიმილისგან მორღვეულ პირს ვერაფერი მოვუხერხე, ვერც თვალებს, ამწუთას ამ ტბის წყალს რომ ჰგავდა, მზის სხივისგან აელვარებულს.

თვითონ თორნიკე? ჰმ… უნდა გენახათ! ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი სამყაროს მბრძანებელი ყოფილიყო, თითქოს ეს ტბაც, ცაც და ხმელეთიც მას ეკუთვნოდა თავის ნავიანად. ნეტავ რამდენს იხდის ამ ნავის დაქირავებაში? _ სრულიად სულელური შეკითხვა დამებადა, რა დროს ეგ იყო!

_ დიდი ხანია, მელოდები? _ მსუბუქად გადმოხტა ნავიდან.

_ ჰო, _ მოკლედ მივუგე, ცალთვალმოჭუტულმა ავხედე და ხელში მოხვედრილი პირველივე კენჭი ცერად მოვისროლე წყალში.

_ საქმე მქონდა, ამიტომ დამაგვიანდა. თან ქარი რომ იყო, ვიფიქრე, იქნებ არც მოვიდეს-მეთქი. კარგი გოგო ხარ, რომ არ დამაღალატე, _ თბილად მითხრა და თვალები სწრაფად დახუჭა და გაახილა, თითქოს ჩემს შექებას ამ ჟესტით ადასტურებდა.

_ მე ხომ შეგპირდი, _ დავიმორცხვე.

_ ჰო… იცი რა მოვიფიქრე? აგერ, იქითა ნაპირზე გავიდეთ. იქ ხალხი არ არის, სიწყნარეა, სიმშვიდე და ყველა ხის ძირი ცარიელია, შეგვიძლია გარუჯვის შემდეგ თავი ნებისმიერს შევაფაროთ.

_ კარგი, _ კვლავ მოკლედ ვუპასუხე და ნავში ჩავჯექი.

მალევე გავედით მარჯვენა ნაპირზე. ნაძვის ხეები აქაც იყო, ოღონდ შედარებით მეჩხერად, მაგრამ რას დავეძებდი. თუ თორნიკე მომეფერებოდა, იქითა ნაპირიდან მაინც ვერავინ დაგვინახავდა.

შლოპანცები გავიხადე და ბალახზე ფეხშიშველმა გავიარე. მესიამოვნა. ერთი, ყველაზე გაფარჩხული ნაძვის ძირში ჩამოვჯექი. თორნიკე მაშინვე გვერდით მომიჯდა და მკლავი გადამხვია.

_ მიხარია შენთან ყოფნა, ამ დროს ყველაფერი მავიწყდება. რა უცნაურია. ამისთანა გოგო მარტო როგორ დადიხარ? შენ ახლა ბიჭების მთელი არმია უნდა დაგდევდეს უკან.

_ მიყვარს მარტოობა, _ მისმა კომპლიმენტმა გამაწითლა, თავი ჩავღუნე.

_ პატარაობისას დედას ჩამოვყავდი აქ. მეც შენსავით მარტო ვსეირნობდი აქეთ-იქით. ერთხელ ისე შორს წავედი, სადღაც ტყეში ამოვყავი თავი და სოკო დავკრიფე. მეგონა, შხამიანი გამოდგებოდა, მაგრამ მაინც მივიტანე სახლში. შენ წარმოიდგინე, ყველა კარგი აღმოჩნდა. ახლაც მახსოვს იმ სოკოს სახელი _ შავჩოხა. იმიტომ დავიმახსოვრე, რომ ჩოხასთან ასოცირდებოდა და კიდევ იმიტომ, რომ შხამიანი არ აღმოჩნდა. დედამ შამფურზე ააცვა, შეწვა და გემრიელადაც მივირთვით, _ სიცილი აუტყდა. მისი მხიარულება მეც გადმომედო, მაგრამ დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა. თითქოს ერთიანად ვიყავი შეკუმშული, ყველა კუნთი რაღაცნაირად მზადყოფნას გამოხატავდა… გასაქცევად მზადყოფნას.

_ მსიამოვნებს, ერთმანეთს რომ შევხვდით… ასე კარგად არასდროს მიგრძნია თავი.

_ მართლა? _ კვლავ დავიმორცხვე.

_ მართლა. იმ საღამოს გოგისთან რომ არ შევკრებილიყავით, ხომ ვერ გაგიცნობდი? ეს ალბათ ბედისწერა იყო.

_ სხვას გაიცნობდი, _ გავიცინე.

_ მაგრამ მე რომ შენ გარდა არავინ მინდა? _ ჩურჩულით წარმოთქვა და მკერდზე ძლიერად მიმიხუტა, შემდეგ თავი დახარა და მაკოცა.

თავიდან ნაზად მკოცნიდა, თითქოს ფრთხილობსო, შემდეგ უფრო მძლავრად მომხვია მკლავები და უფრო ძლიერად მაკოცა, თან ხელი მკერდში ჩამიცურა. სიამოვნებისაგან დავდნი. თითქოს მიწა ატრიალდა და თავდაყირა დავდექი… რამდენიმე წუთის წინ გასაქცევად ვიყავი მზად, მაგრამ ახლა სხეული აღარ მემორჩილებოდა. არც მინდოდა ამის გაკეთება. ასე კარგად მეც არასდროს მიგრძნია თავი.

წამში გამაშიშვლა. მაშინ კი დამცხა და შევეცადე, ჩემი სამოსი ჩემსავე სხეულზე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ დამანება. იგი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. ალმური წამეკიდა სახეზე, ერთიანად ვხურდი, თითქოს ცეცხლში ვიწვოდი.

_ არ გინდა, თორნი, გთხოვ, _ მუდარით ვეჩურჩულებოდი, _ ვინმე დაგვინახავს…

_ ნუ გეშინია, აქ არავინ მოვა. ეს კუნძული მხოლოდ ჩვენია, _ ჩურჩულითვე, სუნთქვაგახშირებული ბუტბუტებდა და თავის საქმეს განაგრძობდა.

ცოტა არ იყოს, შევშინდი. ჩემი აზრით, ეს ძალმომრეობის გამოვლინება იყო. როგორი დაუნდობელი გამოდგა. ვერც ჩემმა ტირილნარევმა ხმამ შეაჩერა. როცა გულაღმა გადამაწვინა და შევხედე, ელდა მეცა. იმწუთას ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა, თვალები დაეხუჭა და უსიამოვნოდ ქშინავდა, სწორედ ისე, როგორც დასაკლავად გამზადებული ხარი.

ერთხელ შევესწარი, როგორ დაკლეს ჩემებმა სოფელში ხარი და დღემდე ვერ დავივიწყე, ისე შემეცოდა საწყალი პირუტყვი… მაგრამ მას კლავდნენ და იმიტომ შემეცოდა, თორნიკე კი… იგი კი ჩემზე ძალადობდა.

მორჩა, რამდენიმე წუთიც და ყველაფერი დამთავრდა, მე კი მეგონა, მთელი საათი გავიდა იმ რაღაცის დაწყებიდან დამთავრებამდე. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე! გამოდის, თორნიკე ჩემი პირველი მამაკაცია და იმას, რაც ახლა ჩვენ შორის მოხდა, სექსს ეძახიან! მერედა, ეს არის, სასიამოვნო პროცესიაო? რა არის ამაში სასიამოვნო? ლამისაა, ტკივილისა და წვისაგან სული განვუტევო…

რა დამემართა? უხეშად შეხების უფლება არასდროს მიმიცია ბიჭისთვის, ამას კი შიშველი დავუწექი. რატომ უფრო ძლიერად არ შევეწინააღმდეგე? რატომ არ ვიყვირე?..

უხმოდ ვიწექით. მალულად გავხედე თორნიკეს. შუბლი ოფლით დაცვაროდა და წყვეტილად, ხმამაღლა სუნთქავდა. ალბათ ამას ჰქვია მძიმედ სუნთქვა, როგორც რომანებში წერენ ხოლმე.

მისკენ გადავბრუნდი, ცალი ხელით იდაყვს დავეყრდენი, მეორე ხელით კი ოფლი მოვწმინდე და ოდნავ შევეხე ტუჩებით. მარილის გემო ვიგრძენი… ის არ შერხეულა, არც თვალები გაუხელია.

_ რაღაც მინდა გკითხო, _ ხმადაბლა წარმოთქვა უცებ, მაგრამ არც ახლა განძრეულა.

_ მკითხე.

_ მე შენთვის პირველი ვარ?

რა დებილია! ნუთუ ვერ მიხვდა? მეგონა, ამას მაშინვე ხვდებოდნენ მამაკაცები. იქნებ მეც პირველი ვარ მისთვის და ამიტომაც?

წარბების აწევით დავუდასტურე და ორაზროვნად გავუღიმე. რატომღაც, კარგად ვიგრძენი თავი. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე იგი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ვუყვარდი. სხვა რა მინდოდა?

ცოტა ხანში მოიქუფრა და საავდრო ღრუბლებმა დაფარა ცა.

_ დროა, წავიდეთ, _ რაღაცნაირი ცივი ხმით მითხრა, _ ახლა რომ დასველდე, გაცივდები და საკვერცხეების ანთებას აიკიდებ.

_ შენ რა იცი? _ ცნობისმოყვარედ შევეკითხე და ჩაცმას შევუდექი.

_ ვიცი. ერთი ჩემი ახლობელი გაცივდა ასე, _ გამოცდილი კაცივით მიპასუხა და თავის მაისურს გადაწვდა.

ნავი გაქირავების პუნქტს ჩავაბარეთ და სახლისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გავეშურეთ. შუკაში რომ შევუხვიეთ, წვიმის პირველი წვეთებიც დაგვეცა.

_ წადი, აღარ მინდა მეტი გაცილება, გავიქცევი, _ სიყვარულით სავსე მზერით შევხედე.

_ ხვალ არა და, ზეგ მოდი, კარგი? _ იდუმალი ხმით მითხრა.

_ ხვალ რატომ არა? _ გული შემეკუმშა.

_ რატომ და… ეგეც ჭრილობაა, რომ იცოდე, ამიტომ ცოტა მოგიშუშდეს, _ მუცელზე დამადო ხელი და მოწყვეტით მაკოცა.

_ გასაგებია, მაშინ ზეგ მოვალ, _ სახეგაბადრული დავეთანხმე და უკანმოუხედავად გავიქეცი.

ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მოულოდნელი და უჩვეულო იყო ჩემთვის. ნეტავ, რამე ხომ არ მეტყობა? ნეტავ ჩვეულებრივად დავდივარ? ასე მეგონა, ყველა მიხვდებოდა, რაც მჭირდა. ჭიშკარი რომ შევაღე, ნაბიჯი შევანელე და თვითონვე დავაკვირდი ჩემი სიარულის მანერას. თითქოს არაფერი შეცვლილა… მაგრამ ეს გარეგნულად, შინაგანად კი შევიცვალე. ახლა მე ქალი ვარ, რომელმაც მამაკაცს გემო გაუგო, დღეიდან ყველაფერს სხვანაირად უნდა შევხედო. ამის გაფიქრებაზე დამსუსხა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შეცვლა სახეზეც მეწერა.

მე კი შევიცვალე, მაგრამ ჩემ გარშემო არაფერი შეცვლილა. ყველაფერი თავის ადგილზე იდგა, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, როგორც დილით. ერთადერთი ის იყო, რომ ამინდი შეიცვალა… იქნებ მზემაც დღეს დაკარგა ქალწულობა და იმიტომ ტირის? იქნებ მეც უნდა ვტიროდე?..

ფეხაკრეფით შევიძურწე სახლში. ამწუთას არავის ნახვა არ მინდოდა, არც დედასი, არც კესოსი და, მით უმეტეს, არც სანდრიკასი. მხოლოდ ნაზის დანახვის არ მეშინოდა, თუ შემთხვევით შევეჩეხებოდი სადმე.

არა, გადავრჩი. ფრთხილად შევაღე საძინებლის კარი. კესო გულდაღმა გაწოლილიყო საწოლზე და ეძინა, ამას მისი თანაბარი სუნთქვით მივხვდი. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი და ლოგინზე გადავესვენე, თან თხელი პლედი გადავიფარე.

რამდენიმე წუთის შემდეგ ნაზიმ შემოაღო კარი.

_ ნეკა, გღვიძავს? _ ხმადაბლა დამიძახა.

ხმა არ გავეცი, თავი მოვიმძინარე. იგი არ შემოსულა, ზღურბლიდანვე გატრიალდა და კარიც გაიხურა.

შვებით ამოვისუნთქე…

8 8 8

მზიანი დილა გათენდა. ქარიც ჩადგა. გაღვიძებისთანავე სარკეს მივვარდი და ჩემი თავის დათვალიერებას შევუდექი. იქნებ რამე მეტყობა? დავიჯერო, ვერავინ ვერაფერს შემამჩნევს? სწორედ ამ დროს თავზე კესო წამომადგა.

_ რა გჭირს? შეშინებული გამოიყურები.

_ არაფერი, უბრალოდ, თავი მტკივა, _ მზერა ავარიდე და თავი ჩავღუნე, რომ ჩემი გაწითლება არ შეემჩნია.

_ ნახე ის ბიჭი? თორნიკე, შენ რომ მოგეწონა.

_ ვინ გითხრა, რომ მომეწონა? საიდან დაასკვენი? ვნახე.

_ თუ არ მოგეწონა, რისთვის ნახე? _ არ მომეშვა კესო.

_ სულ რამდენიმე წუთით, შემთხვევით შემხვდა და არ მივსალმებოდი? რას ჩამაცივდი?

_ იცი რას ამბობენ? ეგ შენი თორნიკე მაგარი «ბაბნიკიაო».

_ მერე მე რა ვქნა? იყოს რა… _ ამის გაგონებაზე გული ამიჩქარდა.

_ არც არაფერი, _ უდარდელად მომიგო ჩემმა მეგობარმა და თვითონაც ჩაიხედა სარკეში.

_ ვინ გითხრა ეგ? _ ვერ მოვითმინე.

_ თორნიკეს ამბავი?

_ ჰო.

_ ვინ და გოგოებმა. სხვათა შორის, ბიჭებიც ლაპარაკობენ და მაგრა შაყირობენ ამაზე სულ.

_ საერთოდ არ მაინტერესებს, _ შევეცადე, გულგრილად მეპასუხა.

_ წამოხვალ ბადმინტონის სათამაშოდ?

_ არა. არ მიყვარს ბადმინტონი, ხომ იცი…

_ კარგი, მაშინ მარტო წავალ.

კესომ ხტუნვა-ხტუნვით დატოვა ოთახი. მარტო რომ დავრჩი, გულზე საშინელი ნაღველი შემომაწვა, მაგრამ მალევე გადამიარა. შეიძლება მართალიცაა, რასაც თორნიკეზე ამბობენ, მაგრამ ჩემთან სულ სხვა ურთიერთობა აქვს. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და სხვას როგორ ექცევა, რაში მაინტერესებს? აი, წავალ ხვალ, შევხვდები და კესოს ნათქვამი სრულიად გადამავიწყდება.

მეორე დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენა. თორნიკე უფრო თბილი იყო, უფრო მოსიყვარულე და სექსიც უფრო ვნებიანი მეჩვენა. დაძაბულიც არ ვიყავი, არც არაფერზე ვფიქრობდი, მის ალერსს ალერსით ვპასუხობდი. ამჯერად გავუგე სექსს გემო და როცა ყველაფერი დამთავრდა, სასიამოვნო მოთენთილობა ვიგრძენი. ტკივილი კი საერთოდ არ მიგრძნია.

საოცრად ვეწყობოდით ერთმანეთს ამ მხრივ. მე მომწონდა მისი კოცნა და მასაც მოსწონდა ჩემი მოფერება. გარდა ამისა, მეც ვსწავლობდი ნელ-ნელა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თორნიკეს ეტყობოდა, კარგი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში მიღებული. იმ დღეს თითქმის არ გვილაპარაკია, მხოლოდ ვნებათაღელვით ვიყავით დაკავებული.

8 8 8

ისეთი კარგი დღე მქონდა და საღამო ჩამიშხამდა. მამა ჩამოვიდა თბილისიდან და დედასთან ჩხუბი მოუვიდა. ყველაფერი კი ჩემ თვალწინ მოხდა. სანდრიკაც იქვე იყო, მხოლოდ კესო გვაკლდა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. სულაც არ მინდოდა, კესოს ჩვენი ოჯახის უსიამოვნებები გაეგო.

_ მოვალეობის მოხდის გამო შეგიძლია საერთოდ არ მოხვიდე, შალვა, იჯექი იმ შენს სამსახურში და რაც გინდა, ის აკეთე! _ ყვიროდა დედა.

_ კარგი ახლა, დაიოკე ნერვები, მარტონი არ ვართ, ბავშვების მაინც მოგერიდოს! _ მკაცრად შენიშნა მამამ, შემდეგ კი ჩვენ გამოგვხედა, _ წადით თქვენს ოთახებში!

_ არა, მათაც იცოდნენ, როგორი მამა ჰყავთ! ფეხი არ გაადგათ არც ერთმა აქედან! _ დაგვიტატანა დედამ.

_ გეყოფა, გოგო! _ უღრიალა მამამ.

_ რა მეყოფა, რა? გგონია, მადლობელი დაგრჩები, თუკი ამოხვალ და დაგვხედავ? სულ ესაა შენი მოვალეობა ოჯახის მიმართ, არა? დამღალე, იცი? არ შემიძლია ასე ცხოვრება! ამდენი ტყუილის ატანა უკვე დამამცირებელია! ჩაიხედე ერთი სარკეში, რას დაემსგავსე!

მამას საშინელი ფერი დაედო, ტუჩები აუკანკალდა. მოულოდნელად სამარილეს სტაცა ხელი და დედას მარილი თვალებში შეაყარა.

_ ვაიმეეეეეეე! _ განწირული ხმით იყვირა დედამ და თვალებზე ხელი აიფარა, _ როგორ მეეეწვიიიის!

მამა დინჯად წამოდგა, უხეშად წაავლო დედას ხელი და ონკანთან მიიყვანა. ამ ინციდენტის შემდეგ არც ერთს ხმა არ ამოუღია, ორივე ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

_ ხომ არ დაბრმავდება დედა? _ ჩურჩულით იკითხა სანდრომ. ის ძალიან იყო შეშინებული.

_ არა, მამიკო, არ დაბრმავდება, _ მშვიდად მიუგო მამამ, ჯიბიდან ორი ათლარიანი ამოიღო და სანდრიკას გაუწოდა, _ ხვალ წადი და იყიდეს ის ბურთი, შენ რომ გინდოდა. აჰა, გამომართვი.

ჩემს ძმას თვალები გაუბრწყინდა. მამას ფული გამოართვა და ოთახიდან გავარდა.

_ ნეკა, წამო, ბაღში ჩავიდეთ, თან ყავა დავლიოთ, _ აკანკალებული ხმით მომმართა დედამ.

ჩავედით და სელის სავარძლებში მოვკალათდით. უხმოდ ვსვამდით ყავას. ვერაფერს ვეკითხებოდი, მისგან ველოდი, რას მეტყოდა. ვხვდებოდი, რომ დედა უბედურად მიიჩნევდა თავს და მართლაც ასე იყო. გაუხარელი ცხოვრება ჰქონდა. ერთადერთი, სანდრო ძია უხალისებდა ყოველდღიურობას და ამის დამალვაც უწევდა. თვალწინ წარმომიდგა, როგორი ზიზღით და სიძულვილით შესცქეროდა მამას, როცა ეჩხუბებოდა. აქამდე ეს არასდროს შემიმჩნევია. ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა. მივხვდი, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.

ცოტა ხნის შემდეგ მამამ გამოგვიცხადა, ყველანი წავიდეთ და ლისის ტბაზე გასეირნება მოვაწყოთო. კესოც ჩვენთან იყო. არ მინდოდა, დედა და მამა მარტონი დარჩენილიყვნენ, მეშინოდა, ისევ არ ეჩხუბათ, ამიტომ გვერდიდან არ ვშორდებოდი.

ტბაზე ავედით. სწორედ იმ ადგილს ჩავუარეთ, სადაც მე და თორნიკე ერთმანეთს ვკოცნიდით. ფეხი ამერია და პომიდორივით გავწითლდი. კესომ გამომცდელად შემომხედა.

_ აი, თურმე, სად დადიხარ ხოლმე, _ ნიშნის მოგებით მითხრა.

_ სად დავდივარ? _ ავიმრიზე.

_ ყველაფერს მივხვდი, რომ იცოდე, _ თითქოს დამექადნა მეგობარი.

_ რატომ ჩხუბობთ? _ საუბარში დედა ჩაერია, _ ნეკა დიდი გოგოა და სადაც უნდა, იქ წავა. სხვათა შორის, მას უყვარს განმარტოება და სულაც არ მიკვირს, აქ თუ მოდის ხოლმე. ალბათ აქ კარგად გრძნობს თავს.

უარესად გავწითლდი. ისე ავფორიაქდი, სუნთქვა შემეკრა. კესომ ვერ გაბედა, დედას შეპასუხებოდა, მე კი მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.

ცუდ ხასიათზე დავდექი. ასე მეგონა, ჩემი საიდუმლო ყველამ იცოდა და ამიერიდან სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ თორნიკე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო.

მიუხედავად ამისა, მისთვის არაფერი მითქვამს. მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი და კესოს გამო არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება.

ერთხელ, დილით, როცა მე და თორნიკე კვლავ ერთმანეთს შევხვდით და სანაპიროზე გაწოლილები ერთმანეთს ქვიშას ვაყრიდით, თავზე კესო წამოგვადგა. კიდევ კარგი, სხვა რამით არ ვიყავით დაკავებული. კესოს საბანაო კოსტიუმი ეცვა.

_ ერთობით? შეიძლება, მეც შემოგიერთდეთ? ხელს ხომ არ შეგიშლით? _ ირონიულად შემოგვხედა.

_ მობრძანდი, _ თორნიკემ მუცლიდან ქვიშა გადაიფერთხა და წამოჯდა.

გული დამიმძიმდა. სულაც არ მსიამოვნებდა, კესო რომ დაგვადგა, თუმცა გული იმით დავიმშვიდე, რომ იგი ამას ხშირ ხასიათს არ მისცემდა. ან კი რა უნდა ეკეთებინა ჩვენთან ერთად? იმედია, ამდენს მიხვდებოდა.

მოულოდნელად კესო წინ აესვეტა წამომჯდარ თორნიკეს და უტიფრად დაუწყო თვალიერება.

_ სპორტზე დადიხარ? _ ჰკითხა.

_ დავდივარ. მერე რა? _ თვალმოჭუტულმა ახედა ჩემმა შეყვარებულმა.

_ არაფერი, ისე გკითხე, _ კესო მის გვერდით გაგორდა ქვიშაში.

რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. კესო გვერდიდან არ გვშორდებოდა. იძულებული ვიყავით, მისი ჩვენ გვერდით ყოფნა მოთმინებით აგვეტანა. არადა, როგორ გვწყუროდა ერთმანეთის ალერსი, ამას კი ვერ ვახერხებდით. ისიც შევამჩნიე, რომ კესო აშკარად და თავხედურად ეპრანჭებოდა ჩემს შეყვარებულს და ამას არც მალავდა. თორნიკე არ იმჩნევდა მის გამოწვევას და მეც ისე მექცეოდა, თითქოს ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა.

თუმცა, სამი-ოთხი დღის შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა. კესო კვლავ ბადმინტონის თამაშს დაუბრუნდა. როგორც ჩანს, მობეზრდა ჩვენთან. თანაც, იქ, სპორტულ მოედანზე, ისეთი ბიჭები დადიოდნენ სათამაშოდ, რომ კესო ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა!

8 8 8

ერთხელაც სანდრიკა გახდა ცუდად. გაცივდა და მაღალი სიცხე მისცა. სამი დღე ვერ დავუგდეთ ტემპერატურა, ძმრიანი წინდებიდან დაწყებული, რა არ გაუკეთა ხან დედამ, ხან ნაზიმ, მაგრამ დაუწევდა სიცხე და მერე კვლავ აუწევდა. მე, დედა და ნაზი მორიგეობით ვათევდით ღამეს მის საწოლთან და დღისითაც არ ვშორდებოდით გვერდიდან. ამის გამო შინიდან ვერ გავდიოდი და თორნიკეს ვერ ვნახულობდი.

როგორც იქნა, ჩემი ძმა მეოთხე დღეს გამოკეთდა. ჭამაც დაიწყო და წვენებიც დალია. მეც მომეშვა, აღარ ვიყავი მის გვერდით საჭირო. ამით ვისარგებლე და დაახლოებით თორმეტი საათისთვის ტბაზე გავვარდი, იქნებ თორნიკე დამხვედროდა იქ.

არა, არ დამხვდა… გულში რაღაც ჩამწყდა. ნეტავ რას ფიქრობდა ეს დღეები? არ მელოდებოდა? იქნებ უკვე იყო და რომ არ გამოვჩნდი, წავიდა? გადავწყვიტე, ნაპირს დავყოლოდი და იმ მხარეს გავსულიყავი, სადაც პირველად გვქონდა სექსი. რატომღაც, სწორედ იქ მომინდა განმარტოება.

როცა იმ ნაძვებს მივუახლოვდი, რომლის ძირშიც ვიწექი, გულმა რეჩხი მიყო. წინათგრძნობა რაღაც ცუდს მკარნახობდა. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ხის ძირში მოძრავი ლანდები შევამჩნიე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ჩემს საყვარელ ადგილს, მით უფრო მიპყრობდა შიში და მღელვარება.

ნეტავ არ მივსულიყავი… გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ნიკაპი ამიკანკალდა და ძლივს შევიკავე თავი, არ მეყვირა.

თორნიკე და კესო შიშვლები იწვნენ ჩვენი ხის ქვეშ და… ერთმანეთით იყვნენ გართულნი. მე არც კი შევუმჩნევივართ.

ყოველგვარი ისტერიკის გარეშე დავტოვე იქაურობა… :(((

8 8 8

აღარ მახსოვს, სახლამდე როგორ მოვაღწიე. მხოლოდ ის მახსოვს, ნანახისგან აკანკალებული როგორ შევვარდი ჩემს ოთახში, ლოგინზე დავემხე, თავი ბალიშში ღრმად ჩავრგე და უხმოდ ავტირდი…

მთელი დღე არ გამოვსულვარ ოთახიდან. სახლში ალბათ იფიქრეს, რომ შინ არ ვიყავი, რადგან საძინებელში არავინ შემოსულა და არც არავის მოვუკითხივარ.

აღარაფერზე ვფიქრობდი. როცა ტირილით გული ვიჯერე, გულაღმა დავწექი და უაზროდ ჭერს მივაშტერდი. თითქოს გულზე მომეშვა. არ ვნერვიულობდი, არც სასოწარკვეთა დამუფლებია. მიკვირდა, რატომ ვიყავი ასე მშვიდად, რატომ არ მტკიოდა გული, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნამსხვრევებად მექცა. შეიძლება სწორედ ამიტომ. მას შეგრძნების და რამის აღქმის უნარი დაკარგული ჰქონდა. ის მკვდარი იყო უკვე. ასეთი გულგრილი არასდროს ვყოფილვარ. ახლა ერთადერთი რამ მინდოდა, მხოლოდ ერთ რამეს ველოდი. კესო რაც შეიძლება, მალე გამოჩენილიყო. მისთვის სამაგიერო უნდა გადამეხადა…

გვიან საღამოს მამა ჩამოვიდა. შევატყვე, ნასვამი იყო. კესო ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ამდენ ხანს რას აკეთებენ? ნუთუ მთელი დღე ერთად გაატარეს? ამის გაფიქრება ლურსმანივით მესობოდა გულზე. როგორც ჩანს, ნელ-ნელა გამოვდიოდი შოკიდან, იმიტომ, რომ მგრძნობელობა თანდათან აღმიდგა. სიბრაზე ხან წამომივლიდა, ხან დამიცხრებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, წონასწორობიდან არ გამოვსულიყავი და წეღან მოფიქრებული სცენარი არ გამეფუჭებინა.

დედას უკვე ეძინა. ეძინა ნაზისაც. ისინი სანდრიკას ოთახში ათევდნენ ღამეს. მე აივანზე სარწეველაში ვიჯექი, ჟაკეტი მჭიდროდ მქონდა შემოხვეული ტანზე და კესოს ველოდებოდი. მამა ბარბაცით მომიახლოვდა და ჩემ წინ დაჯდა. შევხედე. ისეთი ნაღვლიანი მზერა ჰქონდა… ასეთი სევდიანი პირველად ვნახე.

_ მთვრალი ხარ? _ ვკითხე.

_ არა, ნასვამი.

_ ეს ერთი და იგივეა.

_ არ არის ერთი და იგივე.

_ სულერთია. არც ნასვამმა უნდა ატარო მანქანა. თბილისიდან ამ მდგომარეობაში როგორ წამოხვედი?

_ ეგ არაფერია, შვილო.

_ დაიღალე?

_ რატომ, მეტყობა რამე? _ მწარედ ჩაიცინა, მერე უეცრად შემომიბრუნა კითხვა, _ იცი, როგორ გამოიყურება დაღლილი ადამიანი?

_ ვიცი, _ მშრალად მივუგე და მივხვდი, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ღირდა, არ მინდოდა ახლა ფილოსოფიური მონოლოგების მოსმენა, _ ჩაის დალევ?

_ ღვინოს დავლევ, ჩაის არააა, _ ჩაიღიღინა და თვალი ჩამიკრა.

_ ღვინო არ გვაქვს! სამაგიეროდ, გვაქვს ჩაი ან ყავა.

_ არ მინდა. შენ როგორ ხარ, მამიკო? როგორ გაერთე დღეს?

_ ისე, როგორც არასდროს, დაუვიწყარი დღე მქონდა, _ ახლა მე ჩავიცინე ისე, როგორც წეღან მამაჩემმა.

_ ძალიან კარგი. შენს ასაკში მეც კარგად ვერთობოდი. ცუდი იცი, რა არის? ახლოს რომ არ ვარ შენთან. არადა, ამის სურვილი ყოველთვის მქონდა.

_ მერედა, რამ შეგიშალა ხელი? _ დაკვირვებით შევხედე.

_ რა ვიცი, ალბათ ვიზარმაცე ან ველოდებოდი, უფრო დიდი როდის გაიზრდებოდი. ახლა გიყურებ და ვხვდები, რომ საგრძნობლად გაზრდილხარ. აბა, რას იტყვი, ვილაპარაკოთ?

_ რაზე? _ გაოცებული მზერა მივაპყარი, ასეთ მამას პირველად ვხედავდი, მსგავსი გულახდილი საუბარი ჯერ არ გვქონია… თუმცა ეს საუბარი არც იყო, ეს იყო მხოლოდ მცდელობა გულახდილი საუბრისა.

_ რა ვიცი, შენზე, _ თითები ერთმანეთში ჩახლართა და თავჩაქინდრულმა ქვემოდან ამომხედა.

_ რა გაინტერესებს? _ ისე ჯიქურ მივაშტერდი, ამწუთას რომ ეკითხა, წოლილხარ თუ არა ვინმესთანო, ალბათ სიმართლეს ვეტყოდი.

_ რა და… რა და ყველაფერი. როგორ ცხოვრობ, ვისთან მეგობრობ, პრობლემები ხომ არ გაქვს, ვინმე ხომ გჩაგრავს და ასე შემდეგ, _ მთლად მთავარ საკითხამდე ვეღარ მივიდა.

_ არა, მამა, ყველაფერი რიგზეა, არაფერი მაწუხებს, _ ჟაკეტი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოვიტმასნე, რადგან შემაკანკალა.

_ მერედა, მაგას რა ჯობია! თუ რამეა, აქ ვარ, შენ ოღონდ მითხარი და… იცოდე, ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი.

_ ვიცი, მამა.

_ რაც შეეხება დედაშენს და მე, ამაზე არ იდარდო. ყველა ოჯახში ხდება ჩხუბი და კამათი. დედაშენი მაგარი ქალია, გჯეროდეს მისი. ჩვენ უკვე შევრიგდით. ხომ გაგიგონია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო. ასეა. ჯერ ვიჩხუბეთ, მერე შევრიგდით. არ მიაქციო ამას ყურადღება.

_ ვიცი, მამა, _ თუთიყუშივით ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.

_ შენი დაქალი სადაა?

_ მოვა მალე, მაგრამ ხვალ თბილისში უნდა წავიდეს, _ ცივად წარმოვთქვი.

_ რატომ, მობეზრდა ჩვენთან?

_ არა, დაურეკეს, აუცილებლად ჩამოდიო, საქმე აქვს.

_ დამაწყნარებელი გვაქვს რამე? დედაშენი ხომ სვამს რაღაცებს ხოლმე.

_ ნასვამი ხარ, არ შეიძლება შენთვის.

_ შეიძლება. დავლევ და გავითიშები. უფრო მშვიდად დამეძინება. აბა, წავედი, თორემ ხვალ ადგომა გამიჭირდება. ღამე მშვიდობისა, ჩემო პატარა დიდო გოგო!

_ ძილი ნებისა, მამა.

კესოს გამოჩენას არა და არ დაადგა საშველი. ძალიან შემცივდა. უფრო ალბათ, ნერვიულობისგან. ჩემს ოთახში შევედი და ჩაცმული წამოვწექი. რაც უფრო ახლოვდებოდა კესოს გამოჩენის დრო, მით უფრო მემატებოდა მღელვარება. აფორიაქებული უნებლიე მოძრაობებს ვაკეთებდი. ხან ხელის თითებს გავატკაცუნებდი, ხანაც ფეხის თითებს ავამოძრავებდი.

როგორც იქნა, კარი გაიღო და შემოვიდა. გაუკვირდა, როცა ნახა, რომ ლოგინში არ ვიყავი შეწოლილი.

_ არ გძინავს?

_ სად იყავი? _ მშვიდად შევუბრუნე კითხვა.

_ ვსეირნობდი.

_ ვისთან ერთად?

_ მარტო.

_ და გგონია, დაგიჯერებ? შენ და მარტო სეირნობა, თანაც ღამე, თანაც ამდენი ხნით.

_ რა გინდა, ნეკა? რაღაც აღრენილი ჩანხარ. მოხდა რამე?

_ შენი აზრით, არ მოხდა?

ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას შეეცადა და ისეთი მიამიტი სახე მიიღო, თითქოს არაფერში ყოფილიყო დამნაშავე.

_ მე არ ვიცი, რას გულისხმობ. თუ მეტყვი, მეცოდინება.

_ გეტყვი, რატომაც არა, _ საწოლზე ფეხმორთხმით წამოვჯექი, ხელები მუხლებზე დავიწყვე და ღიმილით გავაგრძელე, _ ზღაპარს მოგიყვები. შენ სეირნობდი დილიდან. სეირნობდი ტბის სანაპიროზე. მერე შეხვედი ნაძვებით დაბურულ ტყეში. არა, დაბურულში არა, მეჩხერ ტყეში, როგორც წითელქუდა. მოულოდნელად გამოხტა მგელი. შენდა გასაოცრად, ამ მგელს თორნიკეს სახე ჰქონდა.

კესო გველნაკბენივით შეხტა. თვალებგაფართოებული შეშინებული მომაჩერდა.

_ არ გამაწყვეტინო! _ ხელისგული წინ გავიშვირე და ასე შევაჩერე, როცა რაღაცის თქმა დააპირა, _ მერე იმ თორნიკესსახიანმა მგელმა ნაძვის ძირში წამოგაქცია და გემრიელად შეუდგა შენს შეხრამუნებას. ასე იყო?

ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ტუჩებს ისველებდა წარამარა და თვალებს ახამხამებდა.

_ გეკითხები, ასე იყო-მეთქი?

მოულოდნელად ჩემკენ დაიძრა, საწოლთან ჩაიმუხლა და მუდარანარევი ხმით დაიწყო.

_ ასე იყო, მაგრამ მერე რა? ჩვენ ხომ სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს. მიბრაზდები? მართალი ხარ, შენს ადგილას მეც გავბრაზდებოდი, მაგრამ შენ ამის მიზეზი არ გაქვს, დამიჯერე! ჩვენ მხოლოდ გავერთეთ, მეტი არაფერი. არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ.

_ არა, არ გიბრაზდები, _ შესაშურად მშვიდი ტონით ვლაპარაკობდი, _ თქვენი ცხოვრების გაკონტროლების უფლება ჩემთვის არავის მოუცია, რა უფლება მაქვს, რამეზე პასუხი მოგთხოვო.

_ რა საოცარი გოგო ხარ, ნეკა. არ მეგონა, ასე მარტივად თუ შეხედავდი ამ ამბავს. ალბათ არ მოვიქეცი კარგად, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ საშინელება ჩავიდინე. ხომ მართალია? ხომ მაპატიებ?

_ გაპატიებ? ვერა! შენ ვერ გაპატიებ, სხვას კი. და იცი, რატომაც.

_ გთხოვ, ნეკა…

_ ხვალ, როგორც კი გათენდება, აქედან აიბარგები და თვალით აღარ დამენახვები. გასაგებია?

_ რა-ა! არა გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები? ვიღაც ბიჭის გამო სახლიდან მაგდებ? მაგნაირს მილიონს გაიცნობ! მე კი შენი საუკეთესო მეგობარი ვარ! _ ხმას აუწია.

_ აღარ ხარ… უბრალოდ, იყავი და მორჩა.

_ განა რა მოხდა ასეთი? შენი რა მიდის, მე თუ მასთან სექსი მქონდა? შენ რა გაგიფუჭდა ამით?

_ სწორედ ის, ამას რომ ვერ ხვდები. მეტი არაფერი მითხრა, იცოდე! ამაღამ სხვა ოთახში დავიძინებ, ხვალ კი ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს აქ! _ კბილებში გამოვცერი, დემონსტრაციულად გადმოვედი საწოლიდან და გარეთ გავედი.

_ რატომ, ასე, რატომ? _ ტირილნარევი ხმით მომაძახა.

_ იმიტომ, რომ ჩემი გადასახედიდან შენს საქციელს ღალატი ჰქვია. მე კი მძულს მოღალატეები!

კვლავ დავმშვიდდი. თითქოს შევმსუბუქდი კიდეც. დაბლა ჩავედი, ნაზის ოთახში შევედი და მის საწოლზე წამოვწექი.

თორნიკეს გაცნობიდან მხოლოდ ათიოდე დღე იყო გასული. ასე როგორ გავსულელდი? რატომ დავაჩქარე ჩვენი დაახლოება? რა ბზიკმა მიკბინა? ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი. თითქოს სისხლი აღარ მოძრაობდა ძარღვებში. ერთიანად მქონდა სხეული გაყინული. ტირილი მინდოდა და ცრემლი არ მეკარებოდა. ყვირილი მინდოდა და ხმას ვერ ვიღებდი. მოულოდნელად თითქოს ვიღაცამ ასანთს ღერი გაჰკრაო, რაღაც გაკრთა გულში და… ცრემლები ღაპაღუპით წამსკდა. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. თუმცა, რატომღაც, მსიამოვნებდა ეს შეგრძნება. თავი რომანის მთავარ მოქმედ გმირად წარმომედგინა, რომელსაც უღალატეს, გული ატკინეს და რომელიც გაწირეს. მეცოდებოდა ჩემი თავი და სწორედ ეს მსიამოვნებდა.

როდის-როდის ჩავწყნარდი, გავყუჩდი და გვიან, ალბათ პირველი მამლის ყივილისას, ჩამეძინა…



8 8 8

დილით ისე ვისაუზმეთ, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ. უცხოებივით ვისხედით. არც კი შემიხედავს მისთვის. დედა წუხდა, რა ცუდია, კესო რომ გვტოვებს, იქნებ კიდევ დარჩენილიყო რამდენიმე დღეო, მაგრამ უკან არ დავიხიე. კიდევ ერთხელ კატეგორიულად განვაცხადე, რომ მას აუცილებელი საქმე ჰქონდა თბილისში და დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო. კესო მოკუნტული იჯდა და კრინტს ვერ ძრავდა. მგონი, ლუკმის გადაყლაპვაც კი უჭირდა. გულში ვზეიმობდი. ეს გამარჯვებას ნიშნავდა, მე გავიმარჯვე მასზე. გაჭრა ჩემმა პატარა შურისძიებამ და ცოტა შვებაც ვიგრძენი. ახლა ჯერი თორნიკეზე მიდგა. მისთვისაც მინდოდა სამაგიერო გადამეხადა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით ის, რომ თურმე სწორედ შეცდომებს მოსდევს გამოცდილება, არ მასვენებდა შინაგანი ხმა, რომ მისთვისაც გამეწნა ისეთივე «სილა», როგორიც კესოს მოხვდა… ან ცოტა უფრო მტკივნეული… ან, პირიქით, ნაკლებად მტკივნეული. ყველაზე დიდი დამნაშავე მაინც თორნიკე იყო ამ ამბავში. მისმა საქციელმა ჩემში თითქოს მიძინებული გარეული მხეცი გააღვიძა, რომელიც დაჭრეს და ტკივილისგან გამწარებული გალიას აქეთ-იქით აწყდება. ახლა ზუსტად ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი ხვალ, ზეგ ან სულაც, ერთი წლის შემდეგ. თორნიკეს დაუდევრობით გადადგმულ ნაბიჯზე მომავალში სხვა აგებდა პასუხს. სულ სხვა, მაგრამ მისნაირი ბევრი ბიჭი დაიტანჯებოდა. ჰო, მტკიცედ გადავწყვიტე, ჭკუა მესწავლებინა კაცებისთვის და მე კი დავტანჯულიყავი მათთან ურთიერთობისას, არამედ ისინი დამეტანჯა. თითქოს გამომაფხიზლა ამ შემთხვევამ, გამომაფხიზლა ჩემმა ხუხულასავით ერთ წამში დანგრეულმა სიყვარულმა, რომელიც ოცნების კოშკის იდეით ავაგე… მორჩა! დღეიდან იოლად ვერავინ შემაბამს, ვერ მომატყუებს და ვერ დამარწმუნებს თავის სიყვარულში. მე ახლა სხვა ადამიანი ვარ, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში!

ახლა კი ჯავრი მახრჩობდა. მინდოდა, როგორღაც დამეცალა ბოღმა, რომელიც სულს მიღრღნიდა, მინდოდა, მიმეხრჩო ვინმე, ან მეცემა, ან, სულაც, მომეკლა, ამწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

მთელი დღე ვიწრიალე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერანაირი საბაბი ვერავის ვერ გამოვუნახე. ამასობაში დაღამდა. ვიცოდი, ვერაფრით დავიძინებდი, ვიდრე ბოლს არ გამოვუშვებდი, ამიტომაც პირდაპირ ნაზის ოთახში შევაჭერი. ის ჟურნალს კითხულობდა.

_ ნაზი, რატომ არ გარეცხე ჩემი სარაფანი? _ ლამის ვუყვირე და აგრესიის უფრო გამოსახატავად თითები მოვმუჭე.

_ როგორ არ გავრეცხე, გაშრა კიდეც და დასაუთოებლად გავამზადე. დაკეცილი დევს.

_ ეგ რა გარეცხილია, საპნის ლაქები ეტყობა! წესიერად ვერ შეხედე? თუ რამით უკმაყოფილო ხარ? იქნებ ხელფასი არ გყოფნის? ის არ არის საკმარისი, სამადლოდ რომ გარჩენს დედაჩემი?

ნაზიმ გაოცებული მზერა მომაპყრო, მაგრამ ნაკვთი არ ატოკებია სახეზე. მშვიდად შემომხედა, მერე ჟურნალი დაკეცა, გვერდზე გადადო, დინჯად წამოდგა, ნელა მომიახლოვდა და ისეთი მტკიცა ლოყაზე, სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა. ენა ჩამივარდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ვერაფერი მოვიფიქრე. ნაზი მშვიდად გაემართა სავარძლისკენ, დაჯდა, ჟურნალი გადაფურცლა და კითხვა განაგრძო.

_ რატომ გამარტყი, შე დეგენერატო! _ ესღა მომაფიქრდა პასუხად, რადგან მისმა რეაქციამ უარესად გამაწბილა.

_ იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექეცი. მე შენი ბავშვი არ ვარ. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, შენს სახლში ვცხოვრობ და ცოტა მეტ პატივისცემას ვიმსახურებ, _ აუღელვებლად მომიგო.

_ ან იმსახურებ და ან არა! ღირსი ხარ! ეგრე გინდა! _ გამწარებული ვყვიროდი.

_ მორჩი ღრიალს. თუ რამე გაქვს სათქმელი, აგერ დამიჯექი და მომიყევი. ვხედავ, რომ რაღაც შეგემთხვა, მითხარი და იქნებ შევძლო დახმარება.

_ არაფერიც არ შემემთხვა და ასეც რომ იყოს, მაინც არ მოგიყვები.

_ აი, დარდი. მაშინ მე თავი დამანებე, გასაგებია? _ ოდნავ აუწია ქალმა ხმას.

_ მეზიზღებით ყველანი! _ კბილებში გამოვცერი და აცრემლებული კარს მივადექი.

_ ნეკა, მოდი აქ, დაწყნარდი და ვილაპარაკოთ, კარგი? არ გვინდა ეს ძალად მტრობა, არ გამოგდის, ხომ ამჩნევ? _ ნაზის მშვიდმა კილომ ადგილზე გამაქვავა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მის მკლავებში მოქცეული მთელი ხმით ვზლუქუნებდი და უდანაშაულო ადამიანს პატიებას ვთხოვდი.

_ რაში მჭირდება შენი ბოდიშები, რას სულელობ! ხომ ვიცი, რომ ვიღაცამ ძალიან მწარედ გაგაბრაზა. იმასაც ვხვდები, ვინც. ამიტომ შეწყვიტე ტირილი და აქეთ გამოიხედე. მე უკვე დამავიწყდა, რაც მითხარი. ვითომ სიზმარი იყო და მორჩა. გაიგე? _ ნაზიმ თავი ამიწია და ლოყაზე მაკოცა.

გვიანობამდე დავყავით ერთად. ორივენი მის საწოლზე ვიყავით წამოწოლილი და ვსაუბრობდით. ჩემი და თორნიკეს ამბავი მოვუყევი, მაგრამ ის, რაც ლისის ტბაზე, ნაძვის ძირში ვნახე, დავუმალე. ვერ გავბედე მისთვის ეს მეთქვა. ისედაც ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. თანაც, მისი პატარა ოთახი ვერ დაიტევდა იმ ცოდვას, რომელიც კესომ და თორნიკემ ჩაიდინეს. ნელი ჭკუას მარიგებდა. მეუბნებოდა, ქალი გრძნობებს უცებ არ უნდა აჰყვეს, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, თორემ ინანებსო. მისი რჩევები ჩემთვის გაკვეთილი იყო, გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეზეპირებინა, რათა არასდროს დამვიწყებოდა…

ეს ის ღამე იყო, როცა ჩემთვის ზაფხული დამთავრდა…
8 8 8
მე თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი. კლასში სულ 18 მოსწავლე ვიყავით, ამათგან მხოლოდ 9 გოგონა, დანარჩენი _ ბიჭები. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რომელიმეს შეყვარებაზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც, ვერც ერთს მამაკაცად ვერ აღვიქვამდი.

სწავლა რომ დაიწყო, ცოტათი დაბნეული აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უკარებას როლი მეთამაშა, თუ პირიქით, გავლაღებულიყავი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არც არაფერი მომხდარა. განსაკუთრებით კესოსთან ურთიერთობა მაღელვებდა. უკვე აღარ მინდოდა მის გვერდით ერთ მერხზე ჯდომა. ამას თავადაც მიხვდა და უკან გადაჯდა. ჩემ გვერდით კი პუტკუნა მერიკომ მოიკალათა. ის მხიარული გოგონა იყო, ძალიან საყვარელი და თბილი. კარგად სწავლობდა, ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი იყო, გონება უჭრიდა და ცოტა არ იყოს, სხვებივით მეც მშურდა მისი. კესოს ზედაც არ ვუყურებდი, მის გვერდით ერთხელაც არ გამივლია. მერიკოს დავუახლოვდი და ახლა მხოლოდ მასთან ერთად დავდიოდი ყველგან. კესოს კი თითქოს ვერც ვამჩნევდი. კლასელებს არ გამოპარვიათ, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ზედმეტი შეკითხვები არავის დაუსვამს. კესო ისედაც არც ერთს თვალში არ მოსდიოდა თავისი ამპარტავნების გამო.

მეგობრული კლასი იყო ჩვენი კლასი. ამაში მასწავლებლებიც გვიწყობდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ. ზოგი ახალგაზრდა, ზოგიც ხანში შესული, მაგრამ თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა თავისი საქმე.

განსაკუთრებით სერგო მასწავლებელი გვიყვარდა. ის ქართულ ლიტერატურას გვასწავლიდა. დაახლოებით 30 წლის იქნებოდა, ცოლშვილიანი. ყოველთვის პეწიანად იცვამდა. ზამთარში შავი ჯემპრი, ჯინსის შარვალი და პიჯაკი ეცვა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი აუცილებლად _ შავი მაისური. სულ მიკვირდა, რამ შეაყვარა ახალგაზრდა კაცს ასე შავი ფერი-მეთქი. თან ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. მზის სათვალეს არასდროს იხსნიდა. ზამთარშიც კი ეკეთა გაკვეთილზე. ინტერესი მკლავდა, ერთხელ მაინც ჩამეხედა მის თვალებში, მენახა, როგორი ფერის თვალები ჰქონდა, მაგრამ ეს «ბედნიერება» არა და არ მეღირსა. რას არ ამბობდნენ მასზე, ალბათ ელამიაო, ან ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვსო, მაგრამ მე არც ერთი მჯეროდა და არც მეორე. ვგრძნობდი, რომ მისთვის ეს მხოლოდ ჩვევა იყო და სხვა არაფერი.

სერგო მასწავლებელი შეყვარებული იყო ლიტერატურაზე, მსოფლიო მწერლები მგონი, ყველა წაკითხული ჰქონდა. გარდა ამისა, უყვარდა თეატრი და მხატვრობა. ძალიან ბევრს გვესაუბრებოდა ამ თემებზე და საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. ხშირად სახლშიც მივდიოდით მასთან და იქ ვაგრძელებდით დისკუსიებს. მისი ცოლი ალადებით და ჩაით გვიმასპინძლდებოდა ხოლმე.

მისი დამსახურება იყო, რომ კლასში ქართული ლიტერატურა ყველას გვიყვარდა. ცოტა გრამატიკა «გვიჩმახებდა», არ მოგვწონდა ეს საგანი სირთულის გამო, მაგრამ სერგოს ხათრით მაინც ვსწავლობდით. ბევრი რამ შეგვძინა სერგო მასწავლებელმა.

ერთი სული მქონდა, როდის ჩამთავრდებოდა სკოლის პერიოდი, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი გავმხდარიყავი. ჩემს წარსულზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ როგორც კი თორნიკე გამახსენდებოდა, გული საშინლად მიფორიაქდებოდა. მაინც ვერ შევძელი მისი დავიწყება. ალბათ სადღაც, ბნელ კუნჭულში, მაინც მიყვარდა.

ერთ დღესაც, ისე მოხდა, რომ შინ მიმავალი პირდაპირ შევეფეთე, ვიღაც ბიჭებთან ერთად სიცილით მოუყვებოდა ქუჩას. მის დანახვაზე მუხლები მომეკეცა, ფეხი ამერია და სახეზეც ისე გავწითლდი, ადუღებულ წყალში ჩაგდებულ გოჭს დავემსგავსე. მინდოდა, თავი ამერიდებინა მისთვის, მეორე მხარეს გადავწყვიტე გადასვლა, მაგრამ დამაგვიანდა. მან შემამჩნია და დამიძახა.

_ ნეკა!

შევჩერდი. შევეცადე, რაც შეიძლებოდა, მშვიდი გამომეტყველება მიმეღო.

_ როგორ ხარ? სად დამეკარგე? რამდენს გეძებდი იმ დღეებში და არ გამოჩნდი, ვერ დაგელაპარაკე.

_ რაზე უნდა დამლაპარაკებოდი? _ თვალი თვალში ჯიქურ გავუყარე.

_ იმაზე, რაც მოხდა. არ მესმის, რატომ მიიღე ის ამბავი სერიოზულად. შენც ხომ იცი, რომ კესოზე არასდროს მიფიქრია? მასთან, უბრალოდ, გავერთე და ეგ იყო, მეტი არაფერი.

_ არ მაინტერესებს, _ გულგრილად წარმოვთქვი და გვერდის ავლა დავუპირე, მაგრამ მაჯაში მტაცა ხელი.

_ მოიცა, სად გარბიხარ! შემომხედე! აი, ასე… ახლა კი მითხარი, არ მოგენატრე? ჩემზე არ ფიქრობდი? ის დღეები არ გახსენდება, ერთად რომ ვატარებდით? მე სულ მახსენდები და გეძებდი კიდეც.

_ არა, არ მომნატრებიხარ და არც არაფერს ვიხსენებ, ყველაფერი იმ დღესვე დამთავრდა! _ ვცდილობდი, გულგრილი ვყოფილიყავი.
_ იტყუები. ვიცი, რომ გენატრებოდი. ახლაც გენატრები. შენს თვალებში ვკითხულობ ამას. არ გინდა, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ? _ უეცრად საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო, თვალებში ჩამხედა და ჩურჩულით დაამატა, _ ძალიან მინდა შენთან.
ცახცახმა ამიტანა. რა უცებ გამიხსნა ნახევრადმოშუშებული იარა. ყველაზე მტკივან ადგილზე დამაჭირა ფეხი.
_ ხვალ, ამ დროს, ზუსტად ამ ადგილზე დაგელოდები, კარგი? და მოდი… აუცილებლად. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, _ ყურთან მომიტანა ტუჩები და როცა სათქმელს მორჩა, ისეთი გზნებით მაკოცა, ლამის ჩავიკეცე…

8 8 8

იმ ღამეს ძილი არ გამეკარა. მხოლოდ თორნიკეზე ვფიქრობდი. კვლავ განმიახლდა ძველი ჭრილობა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი მის გამართლებას. რა მოხდა მერე, კაცია, ქალი ეძლეოდა და უარი რატომ უნდა ეთქვა? მაგრამ… და აი, ეს «მაგრამ» მჭედავდა სწორედ. კესო ხომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. სხვა ვინმე ვერ ნახა ჟინის დასაკმაყოფილებლად? მიუხედავად ამისა, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა და შევხვდებოდი…
ცოტათი დავაგვიანე შეხვედრაზე. რა მაგარ ფორმაში იყო, თვალი ზედ დამრჩა. გულიც კი დამწყდა, თავის დროზე რომ არ გავარკვიე მასთან ყველაფერი და უსიტყვოდ რომ დავკარგე. იქნებ ჯერაც არ არის გვიან? სადღაც მაინც ბჟუტავდა იმედის ნაპერწკალი.
_ ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, _ ვნებიანად მიჩურჩულა და ისეთი გზნებით მაკოცა, კინაღამ იქვე გავიშოტე, _ წავედით.

_ სად მივდივართ? _ აკანკალებული ხმით ვიკითხე.

_ მენდე, ცუდ ადგილას ნამდვილად არ წაგიყვან.

თორნიკემ ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უკარნახა. უხმოდ მივედით «დანიშნულების» ადგილამდე. ტაქსი რვასართულიან კორპუსთან გაჩერდა, ვაჟა-ფშაველაზე. მუხლები მიცახცახებდა, მანქანიდან გადმოსულს წონასწორობა რომ არ დამეკარგა, თორნიკეს დავეყრდენი.
_ რა გემართება? ისე გეშინია, თითქოს ქალიშვილობას კარგავდე, _ ჩაიცინა.
როგორ არ მომეწონა ეს ჩაცინება. წამიერად ვინანე კიდეც, შეხვედრაზე რომ დავთანხმდი, მაგრამ შევედით თუ არა ბინაში, ყველაფერი დამავიწყდა. მან სიტყვის თქმაც არ მაცალა, მკლავები მომხვია და მოფერება დამიწყო. თავბრუ დამეხვა. ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა. თვალთ დამიბნელდა, მისი ტუჩების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი და მინდოდა, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს პროცესი…
დაახლოებით ორი საათი დავყავით ერთად. არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, არადა, თითქოს რაღაც-რაღაცები უნდა გაგვერკვია. მხოლოდ მაშინ შემაწუხა თავმოყვარეობამ, როცა თორნიკემ ადგომა დააპირა.
_ მოიცა ცოტა ხანს, სალაპარაკო მაქვს, _ მაჯაზე ვტაცე ხელი და შევაჩერე.
_ რაზე? რამე არ მოგეწონა? _ არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამმის ტონში ზიზღი ვიგრძენი.
_ არ იცი, რაზე? _ სიბრაზისგან სახე ამიჭარხლდა.
_ ნეკა, არ გვინდა ეს ქალური ისტერიკები, კარგი? მე შენთან არაფერში ვარ ვალდებული. ხომ მართალია? დაგაძალე რამე? გაგაუპატიურე? ის, რაც ჩვენ შორის მოხდა და ხდება, ჩვენი, ორივეს კეთილი ნება იყო. ასე გვინდოდა და ასე გავაკეთეთ. გასარკვევი რა გვაქვს? მე შენს პირად ცხოვრებაში არ ვერევი. გეკითხები, ჩემ გარდა სხვა ბიჭთან იწექი თუ არა? არ გეკითხები. შენც ნუ შემეკითხები, ოკეი?
_ იქნებ ვიწექი კიდეც, _ გამომწვევად მივახალე.
_ რაღაც ეჭვი მეპარება მაგაში, მაგრამ თუ ასეა, შეგერგოს, სხვა რა გითხრა.
_ საქმე იმაში კი არ არის, რომ…
_ ვიცი, რასაც გულისხმობ. მადანაშაულებ, რომ კესო გავჟიმე, არა? შენი აზრით, არ უნდა მოვქცეულიყავი ასე? რადგან შენი დაქალოჩკაა, იმიტომ? იცი, რას გეტყვი? ის მომენტი უკან რომ დაბრუნდეს, ისევ იმას გავაკეთებდი, რაც გავაკეთე. ეგ შენი დაქალი ა, დავიდა შენამდე? მეტი საქმე არ მქონდა, უარი მეთქვა და მერე ჩემზე ელაპარაკა, მამაკაცობა არა აქვსო. არ იცი, როგორი ახვარია! ერთი გემრიელად ვხეხე და მივაგდე. იმ დღის მერე არ გავკარებივარ, ვითომ არც ვიცნობ, ისე ვექცევი.
დაზაფრული ვუსმენდი. მინდოდა, მეკითხა, მე რას მიპირებ-მეთქი, მაგრამ იმდენად მეშინოდა პასუხის მოსმენის, კრინტი ვერ დავძარი.
_ ნუ ხარ «იზმენებში». მე შენ არ მიგატოვებ, შენთან ყველაზე მაგრად ვგრძნობ თავს. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. გაიგე? ახლა ჩაიცვი და წავიდეთ, საქმეზე მაგვიანდება. ამ დღეებში დაგირეკავ და კიდევ შევხვდეთ.
ცრემლები ყელთან მქონდა მობჯენილი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა, ატირებული ვენახე.
_ ეს ჩემი ძმაკაცის ბაითია, კიდევ დამითმობს, პრობლემა არ არის. ჩვენი ბუდე გვექნება და როგორც მოვახერხებთ, ისე მოვყუჩდებით ხოლმე აქ, _ შერბილებული ტონით მითხრა, მოწყურებულად მაკოცა და ჩაცმას შეუდგა…
8 8 8

ორი კვირა ისე გავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს. ღამეებს ვათენებდი კომპიუტერთან, ფეისბუკში ვიყავი შემძვრალი, მაგრამ ის წერილსაც კი არ მწერდა. მეც ვაჯობე ჩემს თავს და არ შევეხმიანე. არ ჩავთვალე ღირსად, გამოვლაპარაკებოდი. მისი შესახვეწი არაფერი მჭირდა. მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ დავუშვი შეცდომა და ახლა მთელი ძალისხმევით ვცდილობდი მის გამოსწორებას.
ერთხელაც სტატუსი დავდე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო და ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი. ერთხანს ითმინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და მომწერა, რა იყო, ახალი საყვარელი გაიჩინეო? აბა შენს ლოდინში ხომ არ დავბერდებოდი-მეთქი. სიცილი დამაყარა. შენ მე გიყვარვარ და ჩემს მოტყუებას ნუ ცდილობო. მის ამ სიტყვებს მხოლოდ ერთი ობოლი ღიმილის სიცილაკით ვუპასუხე. ამან, ცოტა არ იყოს, დაძაბა და ისევ შეხვედრა მთხოვა. ახლა კი სადავეები ჩემს ხელში აღმოჩნდა. იმდენი ვახვეწნინე, იმდენი, იმდენიიიი… მაინც უარი ვუთხარი. ვერ დამითანხმა და გაბრაზებულმა მეგობრების სიიდან ამომშალა.
საერთოდ არ მწყენია. გასაოცარი იყო. ადამიანი, რომელზეც მაბოდებდა, ტკივილსაც ვეღარ მაყენებდა უკვე…
8 8 8
ეს ერთი წელიც და დამთავრდებოდა ჩემი მოსწავლეობის ხანა. 1 ნოემბერს დაბადების დღე მქონდა. დედამ მითხრა, რადგან სკოლას ამთავრებ, კარგ დაბადების დღეს გადაგიხდით მე და მამაშენიო. დიდად არ გამხარებია. ისედაც არასდროს ვიგიჟებ ხოლმე თავს დაბადების დღეებზე თუ სხვა სახის წვეულებებზე. მაინც მარტოსულად ვგრძნობდი ყოველთვის თავს.
_ დაპატიჟე შენი კლასელები, ჩვენ წავალთ სახლიდან, მარტო იქნებით და თქვენთვის გაერთობით. ხომ გირჩევნია? ნაზი დარჩება მხოლოდ, რათა სუფრას მიხედოს. შენ ხომ არ იტრიალებ, იუბილარი! ჩვენ გენდობით, შვილო, დანარჩენი შენ იცი, მთლად თავზე ნუ დაიმხობთ სახლს და მეზობლების სალაპარაკოდ ნუ გაგვიხდი საქმეს.
პასუხად მხოლოდ ცალყბად გავუღიმე.
დილით რიგრიგობით შემოვიდნენ ჩემს საძინებელში ჯერ დედა, მერე სანდრიკა და ბოლოს მამა. დედამ ოქროს ჯაჭვი მაჩუქა, სანდრიკამ _ მობილურის ჩასადები ბუდე, მაგრამ მამაჩემის საჩუქარმა ძველაზე მეტად გამახარა _ პლანშეტი, მინიკომპიუტერი. როგორ ვოცნებობდი ამაზე! რა კარგი მამიკო მყავს!
გამოვცოცხლდი. ასეთი საჩუქრები არასდროს მიმიღია. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. ერთი მხრივ, რა კარგი ყოფილა, როცა სკოლას ამთავრებ. 17 წლის გავხდი. კიდევ ერთი წელიც და სრულწლოვანი დამერქმეოდა.

_ თქვენ სად მიდიხართ? _ გადავხედე ორივეს.
_ ჩვენ წავალთ სადმე, არ დავიკარგებით. ორისთვის მოვალთ, მგონი, ეს დრო გეყოფათ, არა?
_ ჰო, რა თქმა უნდა. სანდრიკო?
_ სანდრიკოს ბიძამისი წაიყვანს ხვალამდე, _ დედამ გულში ჩაიხუტა მოწყენილი და გაბუტული სანდრო და ნაღვლიანად გამიღიმა.
სწორედ ამ ღიმილით მივხვდი, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე აპირებდნენ საღამოს გატარებას. დედა ალბათ, სანდრო ბიძიას ეწვეოდა სახლში, მამა კი თავის «მარადიულ» საყვარელს ესტუმრებოდა. მასაც დიდი ხანია, სხვა ქალი ჰყავს. სწორედ ამიტომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ, მაგრამ დანამდვილებით დღესაც არ ვიცი, პირველად რომელმა რომელს უღალატა…

8 8 8

გოგო-ბიჭები ნელ-ნელა მოგროვდნენ. ყველაზე მეტს მერიკო მხიარულობდა. ძალიან მომწონდა ეს გოგო თავისი ხალასი ხასიათის გამო. კესო შეგნებულად არ დავპატიჟე. კიდევ ერთხელ ვიძიე შური მასზე. იჯდეს ახლა სახლში და შურით გასკდეს, მის გარდა, მთელი კლასი ჩემთანაა.
ნაზიმ კარგა ხანია, სუფრა გაშალა. ღვინო გვქონდა, მაგრამ მე ბუფეტიდან ორი ბოთლი კონიაკიც გამოვიღე და ბიჭებმა ჩამოასხეს. ცოტა რომ დავლიეთ, შევხურდით და თანდათან გავმხიარულდით. ბოლო ხმაზე ჩავრთეთ მუსიკა და ყველანი ავცეკვდით. ცოტა ხანში ბიჭები ისე დათვრნენ, ცეკვის თავიც არ ჰქონდათ. მეც ძალიან შემამსუბუქა ალკოჰოლმა, მაგრამ ჩემს სევდას ვერაფერი მოვუხერხე. არა, თორნიკეზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი დედასა და მამაზე. დედა ვიცოდი, სანდრო ბიძიასთან იქნებოდა, მამა ალბათ, თავის საყვარელთან, რომელსაც ვერ ვიტანდი. იგი არასდროს მყავდა ნანახი, მაგრამ რატომღაც, ძალიან მახინჯი და დაბარჯული წარმომედგინა. არ ვიცი, რატომ. ასე მეგონა, თავის დღეში თვალწასული წინდებით დადიოდა და ქუსლები ჰქონდა გაუხეშებული. ალბათ, მინდოდა, ასეთი ყოფილიყო, რათა დედას გული არ ტკენოდა, მამა ჩემზე უკეთეს ქალს ხვდებაო.
უცებ ვიღაცის მზერა ვიგრძენი. მოვიხედე და გუგა შემრჩა ხელში, ჩვენი სკოლელი, მასზე ერთი წლით ვიყავი უფროსი. იგი არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბიჭებისგან, დაჭორფლილი სახ ჰქონდა, მაგრამ ამწუთას მესიამოვნა მისი ყურადღება.
ამასობაში კარგა გვარიანად შეღამდა და ბავშვები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ზოგი ეზოში ჩავიდა, ზოგმა სმა გააგრძელა, ზოგიც აივანზე განმარტოვდა. გუგა მომიახლოვდა და მთხოვა, მამაშენის ნაჩუქარი კომპიუტერი მანახეო. სიხარულით დავთანხმდი და ჩემს ოთახში გავედით. ჩემი პლანშეტი წითელი ფერის იყო. ამაყად გავხსენი და ჩავრთე. გუგა ჩემ უკან იდგა. მოულოდნელად ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელი მხარზე და კისერზე მაკოცა. გაოცებულმა მოვხედე.
_ აქ ამისთვის შემოგიყვანე? _ შუბლი შევკარი და ცივად მოვიშორე მისი ხელი.
_ არ ვიცი, რა მემართება. შენ რომ გიყურებ, ყველაფერი მავიწყდება, _ უცნაური ხმით მიპასუხა.
მსგავსი სიტყვები ერთხელ უკვე მოვისმინე ლისის ტბის მიდამოებში. რა საოცარია ცხოვრება! ნუთუ მართლა ყველა კაცი ერთნაირია? ნუთუ ყველა ერთი და იგივე ლექსიკონით სარგებლობს? ამ სიტყვების იქით ვერ მიდის ამათი გონება!
გუგა არ მომეშვა. ძლიერად მომხვია ხელები და გამალებით დამიწყო კოცნა. სულაც არ მსიამოვნებდა მისი ალერსი, უფრო სწორად, ვერაფერს ვგრძნობდი, თუმცა, წამით შევყოყმანდი. რატომაც არა? ზუსტად ვიცი, ახლა რაც მოხდება. გუგა სიმპათიური ბიჭია, ეს ჭორფლებიც კი უხდება მის ცისფერ თვალებს. რა უჭირს, ერთხელ მასთანაც თუ დავწვები? ხომ უნდა გავიგო, სექსიც ერთნაირად გამოსდით მამაკაცებს, თუ ამაში მაინც განსხვავდებიან? არ ვიცი, რა ჟინმა წამომიარა. რატომღაც, მინდოდა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ რასაც თორნიკესთან ვაკეთებდი, იმის გამეორება სხვასთანაც შეიძლებოდა და ამისთვის სიყვარული სულაც არ იყო საჭირო.
გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მივიღე. კარი გასაღებით ჩავკეტე და გუგას მრავლისმეტყველი მზერით შევხედე…
8 8 8
ორივენი ვჩქარობდით, მეც და გუგაც. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, ვინმე კარს მოდგომოდა. ამიტომაც ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, საერთოდ არაფერი მიგრძნია. რა სიამოვნება, რის სიამოვნება… მხოლოდ მოვალეობა მოვიხადე, მაგრამ ვის ან რის წინაშე, წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ, გავაკეთე ეს და მორჩა! ალბათ საბოლოოდ ვიძიე შური თორნიკეზე და ეგ იყო. განა შეიძლება, სხვა ახსნა მოეძებნოს ჩემს უგვანო საქციელს? რა თქმა უნდა, არა!
როცა ყველაფერი დამთავრდა და აქოშინებული გუგა შარვლის სწრაფად ამოცმას შეუდგა, მივხვდი, რომ მამაკაცები ყოველთვის ადვილად აღწევენ საწადელს, მერე კი, ვნებას რომ დაიცხრობენ, სრულიად გულგრილები ხდებიან. სექსის შემდეგ ალბათ ერთი სული აქვთ, გადაბრუნდნენ და ღრმა ძილს მისცენ თავი. დიდებისგან ხშირად გამიგია მსგავსი, მაგრამ ჩემს «პრაქტიკაში» ჯერ არ მქონია ასეთი შემთხვევა. ალბათ გუგაც სიამოვნებით გამოაცხობდა ამწუთას ძილს, მარტონი რომ ვყოფილიყავით სადმე. აქ კი, ჩემს სახლში, ეს ნამდვილად არ გამოდიოდა.
ამის გაფიქრებამ საშინელ ხასიათზე დამაყენა. რა სურთ საერთოდ მამაკაცებს? ნუთუ ინტიმი მათთვის მხოლოდ პირუტყვული ინსტინქტია, მხეცური ჟინი და სხვა არაფერი?
_ მაგარი იყო, _ დაიჩურჩულა გუგამ, _ აუ, რა მაგარი იყო! მადლობა, ნეკა, ძალიან მაგრად ვარ, _ ცერა თითები მაღლა შემართა გუგამ და ჩაბუქნა, მერე კი ლოყაზე მაკოცა.
ცივად გავუღიმე. ბიჭი ბედნიერებისგან გონზე არ იყო, მე კი… ჩემთვის სრულიად არაფერს ნიშნავდა ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თურმე რა ცოტაა საჭირო, ადამიანს სიხარული მიანიჭო… თუმცა, იქნებ ეს სულაც არ არის ცოტა?

_ გავიდეთ, თორემ რამეს იეჭვებენ, _ კაბა ჩამოვიწიე და თმაზე ხელი გადავისვი.

_ ნეკა, იმედია, ამას ვერავინ გაიგებს.
გაოცებულმა შევხედე.
_ ვინ უნდა გაიგოს? ჩემი თავის მტერი კი არ ვარ, რამ გაფიქრებინა ეგ? _ ვიწყინე, თუმცა მისგან არ უნდა გამკვირვებოდა, ის ხომ ჩემზე უმცროსი იყო და ბევრი რამ ჯერაც არ ჰქონდა გაცნობიერებული. ვინ იცის, იქნებ პირველიც ვიყავი მისთვის… საუკეთესო შემთხვევაში, ჰა-ჰა, მეორე.
აივანზე დავბრუნდით. არავის შეუმჩნევია ჩვენი გამოჩენა, აქედან გამომდინარე, არც გაუჩინარება. ყველა თავისი საქმით იყო გართული, ყველა ცდილობდა, საღამოსგან განსაკუთრებული სიამოვნება მიეღო.
_ ნეკა, ხომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს? _ გუგა გვერდიდან არ მცილდებოდა.
_ კი, როგორ არა, _ თავი დავუქნიე.

_ და კიდევ გავაკეთებთ ამას? _ სექსს გულისხმობდა.
_ ვნახოთ. ხვალინდელი დღე გვაჩვენებს. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, _ უკვე მაღიზიანებდა მისი ბავშვური შეკითხვები.
_ მე სერიოზულად გეკითხები.
_ მეც სერიოზულად გპასუხობ, _ იმავე ტონით გავუმეორე, გვერდი ავუარე და დაბლა ჩავედი, ეზოში განვმარტოვდი.
გვიან ღამით დაიშალნენ ყველანი. ნაზი მაგიდის ალაგებას უსიტყვოდ შეუდგა. ნეტავ რატომ აქვს ასეთი უკმაყოფილო სახე? ხომ არ დაინახა, მე და გუგა რომ ჩავიკეტეთ ოთახში? ოჰ, რა ვქნა, დაინახა და დაინახა, ნაკლებად მაინტერესებს, რას ფიქრობს ნაზი!
მოგვიანებით დედა მოვიდა. ის მარტო იყო.
_ აბა, როგორი დრო ატარეთ?
_ მშვენიერი, _ მოკლედ მოვუჭერი.
_ რამე ექსცესებს ხომ არ ჰქონია ადგილი?
_ არა, რა ექსცესებს, _ თავი გავაქნიე. ისე მშვიდად ვიყავი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, _ მამა სადაა? ერთად არ იყავით? _ განგებ ვკითხე.
_ მალე მოვა. წადი, დაიძინე! _ თავიდან მომიშორა დედამ და სააბაზანოს მიაშურა.
ჩემს საძინებელში განვმარტოვდი. ღამის სიჩუმეში ახლა მხოლოდ სააბაზანოში მოშვებული წყლის ჩხრიალი ისმოდა, ცოტა გვიან კი კიბეზე მამაჩემის ნაბიჯების ხმაც გაისმა…
8 8 8
მეორე დღიდან ჩემი წამება დაიწყო. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა გუგამ ან რა სიამოვნება განიცადა ჩემთან ასეთი, მაგრამ ფაქტია, გვერდიან არ მშორდებოდა. გაკვეთილების შემდეგ ყოველდღე შინ მაცილებდა, შესვენებებზე კი საკლასო ოთახის კართან აიტუზებოდა და მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი დერეფანში. საღამოობით მირეკავდა ან მესიჯებს მიგზავნიდა. უკვე მღლიდა მისი ყურადღება. ვაგრძნობინე კიდეც. ერთ საღამოს მერიკოსთან შევიკრიბეთ. აქ ხომ საერთოდ არ მომეშვა. უხეშად მოვიშორე თავიდან. მიხვდა, რომ ჩემს ყურადღებას ვერ მიიქცევდა და მერიკოს დაუწყო ფლირტაობა. ალბათ ეგონა, რომ ვიეჭვიანებდი. ნერვიც არ ამტოკებია. მასზე არ ვფიქრობდი, ის ჩემთვის არც ადრე და არც ახლა საინტერესო მამაკაცს არ წარმოადგენდა. რაც შეეხება შეხვედრას, ზედმეტი იყო ამაზე ლაპარაკი. არანაირი სურვილი არ მქონდა, შევხვედროდი. რაც მოხდა, მოხდა. ეს ერთი პატარა თავგადასავალი იყო, რომელმაც მცირე კვალიც კი არ დატოვა ჩემს ცხოვრებაში.
როგორც ჩანს, ცინიკოსობა მომეძალა. ნუთუ ეს კარგია? ვფიქრობ, ცუდიც არ არის. თუ ბიჭებს შეუძლიათ, მე მატკინონ გული, მე რატომ არ უნდა მოვიქცე პირიქით? დაე, მათაც ეტკინოთ ჩემგან. ისინი ხომ ყველანი ერთნაირები არიან, ამიტომაც ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს!
8 8 8
სამი დღე გავიდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნიდან და მეოთხე საღამოს ნამდვილი კატასტროფა მოხდა. კომპიუტერთან ვიჯექი, მუსიკებს ვუსმენდი, რომ დედაჩემის ხმა შემომესმა, მეძახდა.
დინამიკს ხმას დავუწიე და სასტუმრო ოთახში გავედი. მამა და დედა დივანზე ჩამომსხდარიყვნენ. ორივეს შუბლი ჰქონდა შეკრული.
_ რა იყო? _ უდარდელად ვიკითხე.
_ მოდი აქ! _ დედას მკაცრი ტონი არ მესიამოვნა.
_ რა გინდა? _ ადგილიდან არ დავძრულვარ.
_ ეს რა არის, იქნებ ამიხსნა? _ დედამ დივანსა და სავარძელს შუა ჩაიხედა.
აქედან ვერაფერს ვხედავდი, ამიტომ წინ წავიწიე, რომ იმ ადგილისთვის დამეხედა.
_ ვისია ეს! _ დედა გადაიხარა და ორი თითით რაღაც წითელი ასწია. აშკარად ბიკინი იყო…
_ რა არის ეს? _ მაინც ვიკითხე, ვითომ ვერ მივხვდი, რა ეჭირა ხელში.
_ ეს ტრუსი შენია? _ გამეხებული მომაჩერდა.
_ არა, ჩემი არ არის, _ აუღელვებლად მივუგე, მაგრამ გავწითლდი. არადა, მართლა არ იყო ჩემი.
_ აბა ვისია?
_ მე რა ვიცი, დედა, საიდან უნდა ვიცოდე? _ ვგრძნობდი, რომ მეხი მალე გავარდებოდა, ამიტომ ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა, უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

შეუმჩნევლად გაძვრა ვითომ ვინმეს? _ ირონია გაურია დედამ ხმაში.
_ არც ეგ ვიცი, დედა და ნუ მელაპარაკები ეგეთი ტონით, რა! _ იქით გადავედი შეტევაზე.
_ რაო? აბა როგორი ტონით გელაპარაკო, გოგო! დაბადების დღე გადაგიხადეთ, ამხელა ხარჯი ვნახეთ, მარტო დაგტოვებთ, ვიფიქრეთ, გაერთობიან, თავიანთ გემოზე იქნებიან-მეთქი და თქვენ აქ ორგიები გამიმართეთ? ახლავე მითხარი, ვინ ჩაიდინა ეს, თორემ მოგკლავ, იცოდე!

დედა პირველად ვნახე ასეთი აგრესიული. ჩემთვის ცხოვრებაში ასე არ უყვირია. ამან მთლად გამაგიჟა. პატარა აღარ ვიყავი, მეც მქონდა ჩემი თავმოყვარეობა, დამოუკიდებელ ადამიანად მივიჩნევდი თავს და მისგან ასეთ შეურაცხყოფას არ მივიღებდი.
_ ალბათ რომელიმე ჩემი კლასელისაა, _ ნიშნის მოგებით მივუგე და თვალი თამამად გავუსწორე.
_ მაგით რა გინდა თქვა, რომ შენი კლასელი გოგონები უკვე…
_ უკვე რა? _ ამრეზით ვკითხე.
მოულოდნელად მამა წამოდგა, ხელები უკან დაიწყო და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. წინ და უკან, წინ და უკან…
_ უკვე წვანან ბიჭებთან? _ ფრთხილად შემეკითხა და გამომცდელი მზერა მესროლა.
_ თანაც აქ, ამ სახლში! _ გაისმა მამას ხმა. ვიგრძენი, საბედისწერო ღრუბლები როგორ გროვდებოდა ჩემს თავზე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, უფრო და უფრო მშვიდი ვხდებოდი.
_ ველოდები შენს პასუხს, _ გააგრძელა დედამ, _ რა ხდებოდა აქ? რას აკეთებდით?
_ ვქეიფობდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით, _ ჩამოვთვალე.
_ კიდევ? ტრუსის გახდა რატომ გახდა საჭირო?
_ ვიღაცას ალბათ მოუნდა ამის გაკეთება და რა ჩემი ბრალია? მე ხომ მათ არ ვაკონტროლებდი? ვისაც რა სურდა, იმას აკეთებდა. ზოგი წვება ბიჭთან, რა მერე? _ სასტიკად მეშინოდა ამ სიტყვების წარმოთქმის, მაგრამ როგორც იქნა, გავბედე და ამოვთქვი, _ ეს ბუნებრივი მოვლენაა.
დედა გახევდა. მამამ ბოლთის ცემა შეწყვიტა და მკვეთრად შემობრუნდა. ჩემმა ბოლო სიტყვებმა ორივეს თავზარი დასცა.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. შემდეგ მამა დაიძრა, ახლოს მოვიდა ჩემთან და წინ დამიდგა. ახლაღა შევნიშნე, როგორი მაღალი ყოფილა, სხვა დროს ეს არ დამიფიქსირებია.
_ შენ? შენ როგორ გაქვს საქმე? _ რაც შეიძლებოდა, თავშეკავებულად მკითხა, _ შენთვისაც ბუნებრივი მოვლენაა ეს?
ვფიქრობდი, თავი ამეწია თუ არა, შემეხედა მისთვის, თუ მზერა არ მომეცილებინა მისი პერანგის ღილისთვის, რომელიც თითქმის აწყვეტოდა და საცოდავად იყო ჩამოკონწიალებული თეთრ ძაფზე.
დიდხანს არ მიყოყმანია. თავი ავწიე, ჯიქურ შევხედე და თვალის დაუხამხამებლად მივუგე.
_ ჩემთვისაც.
მერე რა მოხდა, ვეღარ ვიხსენებ. ჯერ ოთახი აყირავდა და მასთან ერთად მთელი ავეჯი, მერე კი თითქოს საერთოდ სამყარო ატრიალდა, ჰაერი გაქრა ატმოსფეროდან, სული შემეხუთა, სუნთქვა გამიძნელდა. მესმოდა მამის ყვირილი, დედის კივილი, მე კი სადღაც მივფრინავდი…
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. თვალი რომ გავახილე, დივანზე ვიწექი და ნაზი თავს დამდგომოდა. ნუთუ გული წამივიდა? იქნებ მამამ ისე დამარტყა, რომ გამთიშა?
ნაზიმ დაინახა თუ არა, რომ გონს მოვედი, იქვე მდგარი წყლიანი ჭიქა მომიტანა ტუჩებთან. ოდნავ მოვსვი. ის ხმას არ იღებდა. არც მე მიკითხავს არაფერი. ვიგრძენი, რომ განკითხვის დღე დადგა…
კარგა ხანს ვიწექი გაუნძრევლად და ჭერს მივჩერებოდი. სამზარეულოდან ჩემი მშობლების ხმა მესმოდა, რაღაცაზე კამათობდნენ. წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდნენ. ახია მათზე. ისინი ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას მაქცევდნენ, არასდროს ინტერესებოდნენ ჩემი პრობლემებით. ერთხელაც არ უცდიათ, ჩემს გრძნობებს ჩაწვდომოდნენ და გაეგოთ, რა მიხაროდა, რა მწყინდა. ორივე თავისი ცხოვრებით იყო დაკავებული, თავიანთი პირადულის მოწესრიგებით გართულნი. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მათთვის ბევრი რამ გახდა ნათელი და, რა თქმა უნდა, ჩემი განსჯის საბაბიც მიეცათ. ამწუთას ალბათ იმაზე მსჯელობენ, როგორ დამსაჯონ ან, საერთოდ, რა მომიხერხონ.
კარი გაიღო და დედა შემოვიდა. უკვე დამშვიდებულიყო. როგორ ჩანს, მშობლებმა სტრატეგია შეიმუშავეს, რომელსაც ახლა დედაჩემი გამაცნობდა.
_ როგორ ხარ? _ რბილად მკითხა.
_ ბრწყინვალედ, _ ცივად მივუგე.
_ ნამდვილად? _ დედა ცდილობდა, კვლავ არ აღელვებულიყო.
_ ნამდვილად.
_ დარწმუნებული ხარ? _ აჭიანურებდა მთავარ სათქმელს და უაზროდ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა.
_ რაში? იმაში, რომ არაფერი მჭირს? რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებული ვარ, _ «გავუადვილე» საქმე და კითხვაც მე დავსვი და პასუხის თავად გავეცი.
_ ძალიანაც კარგი. მაშინ ახლა კეთილი უნდა ინებო და ყველაფერი მომიყვე. ვისთან ყოფილხარ, რამდენთან… რამდენჯერ…

სული შემეხუთა, ძალიან გავბრაზდი.

_ რატომ უნდა მოგიყვე?
_ საჭიროა და იმიტომ. ნუთუ არ გესმის, რომ მე და მამაშენს ორივეს ყელი გამოგვჭერი? ფაქტობრივად, მკვდრები ვართ. მინდა, ყველაფერი ვიცოდე, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ.
_ თუ გართულებებში დაორსულებას გულისხმობ, ორსულად არ ვარ, დედა! _ დამცინავად ვუპასუხე და ნიშნის მოგებით გავუღიმე…
_ მარტო ეს არ არის მნიშვნელოვანი, სხვათა შორის! _ გაბრაზებულმა კბილებში გამოცრა, _ მითხარი, რამდენჯერ მოხდა ეს ამბავი და რამდენ ბიჭთან?
_ ეგ არავის საქმე არ არის! ეს ჩემი პირადი საიდუმლოა! _ იმავე ტონით მივუგე.
_ ნეკა, სრულ ჭკუაზე ხარ? _ აყვირდა ლია, _ რას ჰქვია არავის საქმე არ არის? მე დედაშენი ვარ თუ ვიღაც გამვლელი? ყველაფერი უნდა ვიცოდე, კატეგორიულად მოვითხოვ ამას, გასაგებია? ღმერთო, რა გადაიტანს ამ სირცხვილს, თავი აღარ გამომეყოფა! _ ცრემლები მოეძალა.

მისი წუწუნი უარესად მაღიზიანებდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. მინდოდა, კიდევ უფრო ტკენოდა გული, რადგან ამით მაინც მეძია შური მასზე. რას ვერჩოდი? იმას, რომ, რაც საყვარელი გაიჩინა, შვილები აღარ ახსოვდა, ნაკლებად გვაქცევდა ყურადღებას, არ ინტერესდებოდა ჩვენით. მხოლოდ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა ხომ არ იყო მთავარი?

_ ნეტავ რა გატირებს, ერთი ვიცოდე, _ ზიზღით შევეკითხე, _ რა გიკვირს? ის, რომ ქალიშვილი აღარ ვარ? და რა არის აქ გასაკვირი? მე-20 საუკუნე დამთავრდა, დედა, 21-ე დაიწყო. ახლა ის უნდა გიკვირდეს, პირიქით რომ იყოს.
_ ის მაინც მითხარი, როდის მოხდა ეს ამბავი პირველად?
_ ხომ გითხარი, არაფერს გეტყვი-მეთქი, რატომ არ დამანებებ თავს? დამტოვე მარტო, თუ შეიძლება, მეძინება! _ ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.

_ შვილო, ასეთ რამეებს არასრულწლოვანი გოგოები დამოუკიდებლად არ უნდა წყვეტდნენ. უნდა მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა, რასაც აპირებდი. ასე შეიძლება? _ სხვა მხრიდან სცადა დედა მოდგომას.
_ არაფერსაც არ ვაპირებდი, სრულიად შემთხვევით მოხდა და სრულიად მოულოდნელად.
_ ეს ის ბიჭი ხომ არ არის, იქ რომ იყო… ტბაზე რომ ხვდებოდი?
თორნიკეს გახსენებაზე ჭარხალივით გავწითლდი, მაგრამ მაინც არ გავტყდი.
_ არა-მეთქი და შემეშვი ახლა! ხომ იცი, რომ ვერ მათქმევინებ და რატომ იღლი თავს ზედმეტი შეკითხვებით? _ ავბუზღუნდი და დედას ზურგი შევაქციე.
_ ღმერთო, ეს ვინ გამიზრდია! _ შესძახა აღშფოთებული ხმით.
ახლა კი ვეღარ მოვითმინე. წამოვხტი და მთელი ხმით ვუყვირე.
_ ჩემზე ამბობ მაგას? ჩემზე, არა? შენ გამზარდე, ხომ? რას ეძახი შენ გაზრდას? ოდესმე დაინტერესებულხარ ჩემი პრობლემებით? ერთხელ მაინც გიკითხავს, შეყვარებული მყავს თუ არა? ხომ ძალიან იყავი თავდაჯერებული, რომ ჭკვიანი გოგო გეზრდებოდა? კიდევ კარგი ვარ შენს ხელში გაზრდილი. სიმართლე აი, ეს არის, თუ გინდა! _ მივახალე აცახცახებულმა და ისე ამოვისუნთქე, თითქოს მძიმე ტვირთი მომეხსნას მხრებიდან.
დედა გაშრა. ერთიანად გაუთეთრდა ტუჩები.
_ რა გინდა მაგით მითხრა… _ აჩურჩულდა.
_ყველაფერი, _ მეც დავუწიე ხმას, _ გგონია, არაფერი ვიცი? ყველაფერი ვიცი. რატომ ვერ ეწყობით შენ და მამა ერთმანეთს, მშვენივრად ვხვდები. ისიც ვიცი, მამა სად გადაიკარგება ხოლმე ღამღამობით და პატივცემული სანდრო რატომაც დაიარება ჩვენთან, მაგრამ ოდესმე რამე მითქვამს? ან მიგრძნობინებია? ეს შენი ცხოვრებაა და მე არ მეხება, ისევე, როგორც შენ არ გეხება ჩემი პირადი ცხოვრება. ბავშვი აღარ ვარ უკვე. მე არ გამტყუნებ და ნურც შენ გამამტყუნებ. ვიცი, რომ არც თუ ბედნიერი ხარ, არც არასდროს ყოფილხარ, მაგრამ მგონი, ეს ჩემი ბრალი არ არის.
დედას მიწისფერი დაედო. ისეთი შეხტა, თითქოს მუშტი დაარტყესო სახეში. უნებურად ლოყაზე მოისვა ხელი. ყბები აუკანკალდა. ასეთ მდგომარეობაში იგი არასდროს მინახავს. ცოტა კი ვინანე, რაც ვუთხარი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ მაიძულა. ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წამს დაჟინებით მიყურა, მერე ადგა და უხმოდ გავიდა ოთახიდან. კი არ გავიდა, გალასლასდა, ძლივს მიათრევდა სხეულს, ფეხები ებორკებოდა.
თან შემეცოდა, თან კმაყოფილი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, ვუთხარი ის, რასაც წლების განმავლობაში ვმალავდი და რაც ასე მტანჯავდა. თუ ასეა, თვითონაც ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის თავის დროზე, სხვა მიყვარს და მამაშენს ვღალატობო? ახია მასზე!
არა, არ ვარ მართალი. მაგარი საზიზღარი გოგო ვარ, როგორ ვატკინე გული. ასე არ უნდა მოვქცეოდი. ნამდვილი ნაგავი ვარ, ეს რა ჩავიდინე! _ მეორე წამს ვინანე ჩემი საქციელი, _ რითი ვჯობივარ ახლა მე კესოს? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოუკლავ ადამიანს გულს, სიტყვებით თუ საქციელით?
საკუთარი თავი შემზიზღდა.
ის იყო, კვლავ ჩავწექი და კედლისკენ გადავბრუნდი, რომ კარი ისევ გაიღო. თავი მოვატრიალე და მამა დავინახე. ახლა ის შემოვიდა და სავარძელში ხვნეშით ჩაჯდა. გულში გამეღიმა. მთელი საღამო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, მხოლოდ უაზრო მონოლოგებით რომ არის სავსე.
საწოლზე წამოვჯექი და ჯიქურ შევხედე.
_ რატომ აწყენინე დედას? რა უთხარი ამისთანა! _ შემომიტია მამამ.
შეეძლო ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ეს არა. მათი არეული ცხოვრება ამწუთას მე მბრალდებოდა.
_ თორემ შენ არასდროს გიწყენინებია მისთვის, _ ირონიულად ჩავიცინე.
_ დედაშენის და ჩემი ურთიერთობა შენი განსასჯელი არ არის და ეს უნდა გესმოდეს, პატარა აღარ ხარ! _ აგრძელებდა მამა ჩემს დატუქსვას.
«პატარა აღარ ხარ!» _ ჰო, როცა უნდათ, აღარ ვარ პატარა, როცა უნდათ _ ჯერ ბავშვი ხარო. რა კარგია! მშვენიერი მეთოდი აქვთ შვილების «დასამუშავებლად».
_ ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ მაიძულა, _ თავის მართლება დავიწყე, _ და საერთოდ, სულაც არ მინდოდა თქვენი წყენინება. რა ვქნა, რადგან ასე მოხდა, თავი მოვიკლა? არაფერი მინდა თქვენგან, ოღონდ თავი დამანებეთ, ოღონდ მომეცით უფლება, არ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში! _ ისე ვლაპარაკობდი, თითქოს 25 წლის ვყოფილიყავი, თითქოს წლებია, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, დედ-მამის ჩარევის გარეშე.
_ გგონია, ეს ადვილია? ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენ ჩვენი შვილი ხარ? ყველა მშობელი ზრუნავს თავის შვილზე და აწუხებს მისი აწმყოც და მომავალიც. ეს ბუნების კანონია. ამიტომაც ვწუხვართ ასე შენი მცდარი ნაბიჯების გამო, ამიტომაც უნდა იცოდე, რას ფიქრობენ შენი მშობლები შენს უგვანო საქციელზე.

_ არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ვერავინ მაიძულებს, ისე ვიცხოვრო, როგორც სხვას უნდა.
_ და ეს სხვა ვინ არის? ჩვენ ვართ? მე და დედაშენს გულისხმობ? რა კარგი გოგო ყოფილხარ. ნუთუ ასე გძულს დედა და მამა?
_ არავინაც არ მძულს! ნუ გამოგაქვს საშენო დასკვნები. მე ეს არ მითქვამს. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ შემეშვათ და ნუ მაკონტროლებთ წარამარა.
_ გაკონტროლებთ? როდის ერთხელ გაგვიკონტროლებიხარ? სწორედ ეს არის ჩვენი დანაშაული, რომ შენს ნებაზე იყავი მიშვებული. აი, სად დავუშვით შეცდომა! _ იფეთქა მამამ.
_ მორალს მიკითხავ? _ დამცინავად ჩავიღიმე და გამომწვევად მივაჩერდი.
_ არ ვაპირებ შენთვის მორალის წაკითხვას. ამორალური საქციელის ჩამდენთან მორალის კითხვა იგივეა, კედელს ცერცვი შეაყარო!
_ მაშინ რა გინდა, რისთვის მოხვედი?
_ იმისთვის, რომ ერთი რამ გითხრა. შენს საქციელს ზნედაცემულობა ჰქვია და ძალიან ადრე წაბორძიკდი ცხოვრების გზაზე, თანაც ისე წაბორძიკდი, რომ მთელი ძალით დაენარცხე ძირს. შეიძლება მაშინ ვერ იგრძენი ტკივილი, მაგრამ ახლა ხომ გრძნობ? ჰოდა, არ დაგავიწყდეს. როცა «საკუთარი ცხოვრებით» აპირებ ცხოვრებას, ცოტა სხვებზეც იფიქრე. ამქვეყნად მხოლოდ შენ არ ხარ, შენ გარშემო სხვებიც არსებობენ და არა მარტო შენი მშობლები!
_ არავის საქმე არ არის, მე რას გავაკეთებ.
_ არის! ეს საქართველოა და იმიტომ! არის, იყო და იქნება მუდამ! ეს არ დაივიწყო არასდროს, სადაც უნდა იყო, როგორც უნდა იყო და რასაც უნდა აკეთებდე! დღეიდან კი, იქნებ უფრო ღრმად დაფიქრდე და მოთოკო შენი ადრე მოზღვავებული ვნებები! _ მამა ფეხზე წამოდგა, _ და კიდევ ერთი, იქნებ ისინდისო და ორგიები მეტად აღარ გამიმართო სახლში!
თვალები ცრემლებით ამევსო. საშინლად შეურაცხმყოფელი იყო მამის სიტყვები.
_ გეყოფა! გაჩუმდი! _ მთელი ხმით ვიყვირე.
_ მე შენ დედაშენი ხომ არ გგონივარ, ამდენს რომ მიბედავ! _ მამამ ხელები მომუშტა და თავზე წამომადგა, _ ერთი სიტყვაც და თავ-პირს დაგილეწავ, შე ლაწირაკო! კიდევ აქეთ მეჭიმები? დიდ გულზე ხარ, არა? ნეტავ რატომ, რა საინტერესოა! _ დამცინა ბოლოს.
_ რა გინდა, მამა, ჩემგან? _ ვეღარ მოვითმინე და ავღრიალდი.
_ ის მინდა, რომ ცოტა დაფიქრდე. ქალი ხარ და მეტი თავშეკავება გმართებს. ვერ ხვდები, რომ ძალიან ადრე დაიწყე ბიჭებთან ურთიერთობა? ის მაინც თუ იცი, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ სიყვარული გაკავშირებს ადამიანთან. ეს მაინც თუ იცი?
მოულოდნელად გავჩუმდი, თავი ავწიე და ძალიან მშვიდად მივუგე.
_ შენ რა იცი, რა არის სიყვარული…
_ ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ქვედა საცვლის გახდა და ფეხების აწევა არ არის, ნეკა… დაუფიქრდი ჩემს სიტყვებს, _ თვითონაც მშვიდად მიპასუხა და ოთახიდან გავიდა.
იმ ღამეს არ მიძინია. დილამდე ვტიროდი. ვერაფრით დავიწყნარე თავი. განადგურებული ვიყავი. მაწუხებდა, რომ მათ ყველაფერი გაიგეს. მინდოდა, ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო ყოფილიყო. ასე მეგონა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა ინტიმურ თავგადასავლებს მეტი ინტერესი. თან მრცხვენოდა, რომ ყველაფრის აღიარებამ მომიწია, მაგრამ წამითაც არ დავფიქრებულვარ იმაზე, ვნანობდი ჩემს საქციელს, თუ არა. მომწონდა კი ის, რასაც ვაკეთებდი? იქნებ მართლები იყვნენ ჩემი მშობლები? იქნებ ჯერ ადრე იყო ჩემთვის ამ აკრძალული ხილის გასინჯვა?
მეორე დღეს ოთახიდან არ გამოვსულვარ. რამდენჯერმე შემოვიდა დედა, ადექი და საჭმელი ჭამეო, მაგრამ უარი ვუთხარი. მთელი დღე საწოლში გავატარე. უკვე აღარ ვტიროდი, ცრემლი გამიშრა. უბრალოდ, რაღაც მძიმე ლოდივით მაწვა გულზე და მის გადაგორებას ვერა და ვერ ვახერხებდი. ნაშუადღევს ნაზი შემოვიდა და თეფშით კატლეტები შემომიტანა, სკამი მომიწია საწოლთან და დამიდგა. პირი არ დამიკარებია. ახლა მხოლოდ იმის დარდი მკლავდა, რომ დღეიდან დედა და მამა არ მომასვენებდნენ, რომ სახლიდან გასვლას ამიკრძალავდნენ, ყოველ ნაბიჯზე გამაკონტროლბედნენ და წარამარა წამომაძახებდნენ ჩემი «უგვანო საქციელის» ამბავს.
ჩემდა გასაკვირად, შევცდი. იმ დღის შემდეგ არც დედას და არც მამას მსგავსი რამ არ უხსენებიათ. თითქოს არც არაფერი მომხდარა. არც გარეთ გასვლა აუკრძალავთ და არც გაკონტროლება დაუწყიათ.
მეც თითქოს შევიცვალე. სკოლიდან ეგრევე შინ ვბრუნდებოდი, არც ერთ კლასელს არ ვიკარებდი ახლოს, მერიკოს გარდა. მხოლოდ მას თუ დაველაპარაკებოდი.
მერიკო ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ისეთი ლაღი იყო, ისეთი გულწრფელი, რომ მასთან ურთიერთობა შვებას მგვრიდა. სულ მხიარულობდა, სასაცილო ამბებს ყვებოდა, თვითონაც იცინოდა და მეც მაცინებდა. ერთი-ორჯერ კინოშიც წავედით, მაგრამ მარტო დავრჩებოდი თუ არა, ისევ ძველებურად ვიკეტებოდი ჩემს თავში. არაფერი მშველოდა. სწავლასაც მოვუკელი, რის გამოც მასწავლებლების საყვედურები დავიმსახურე. თუმცა, სრულიადაც არ განვიცდიდი ამას, ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა…
8 8 8
მე და მერიკომ ბოლო დროს ჩვენს სკოლასთან ახლოს გახსნილი კაფე ამოვიჩემეთ. გაკვეთილების შემდეგ გავვარდებოდით იქ, ორ ფინჯან ყავას, ოთხ ნაჭერ ეკლერს შევუკვეთავდით და საათობით ვმასლაათობდით. სასაცილო გოგო იყო მერიკო. ასეთი მხიარული ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. დაჯდებოდა და იწყებდა ისტორიების გამოგონებას. რამდენჯერმე მარტოხელა გოგონა განასახიერა, რომელიც ჩემ მაგივრად იჯდა ვითომ სწორედ ჩვენს მაგიდასთან და ჩვენსავით ფინჯან ყავას შეექცეოდა. მოულოდნელად თავზე წამოადგებოდა მასზე უიღბლოდ შეყვარებული ბიჭი, მის თვალწინ უხმოდ მიიბჯენდა პისტოლეტს საფეთქელთან და ბუხ! უსულოდ დაეცემოდა მის ფეხებთან. გოგონა გულგრილად დახედავდა მისთვის თავგანწირულ თაყვანისმცემელს, მერე სიგარეტს მოუკიდებდა და უდარდელად გააბოლებდა. ბოლოს ამაყად წამოიმართებოდა, ირონიული იერით გადააბიჯებდა ცხედარს და გასასვლელისკენ განარნარდებოდა. რამდენჯერ ვცადე, მერიკოსთვის მიმებაძა. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როგორც კი დავაპირებდი იმავეს გამეორებას, სიცილით ვიჭაჭებოდი. მერიკო კი ბრაზდებოდა, რას ხედავ აქ სასაცილოს, შენ თვალწინ კაცმა თავი მოიკლა და რა გიხარიაო. ამაზე ცალკე გვეცინებოდა.
მომწონდა ასეთი მონოსპექტაკლები. ეს ერთადერთი იყო, რაც მახალისებდა.
8 88
ოქტომბრის თვე იდგა. ისეთი მზიანი ამინდები დაიჭირა, გაზაფხული გეგონებოდათ. გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა, სერგო მასწავლებელმა დამიძახა, საღამოს ჩემთან გამოიარე, კარგი წიგნი მაქვს და გაგატანო. სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სერგო მასწავლებელი. გულახდილად ვიტყვი, რომ ზედმეტადაც მომწონდა, ანუ არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მამაკაცი, თუმცა ამას ჩემს თავსაც კი არ ვუტყდებოდი. შინაგანად ამის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ ვმალავდი, მაინც მატყობდნენ სხვები და მეუბნებოდნენ კიდეც.
ახლაც, მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, როგორ ამიხსნიდა სიყვარულს, როგორ მომეფერებოდა… რა დებილი ვარ, რაც დრო გადის, უარესად საშიში და აკრძალული აზრები მომდის თავში.
კარი მისმა მეუღლემ, თამრიკომ გამიღო. ლამაზი ცოლი ჰყავდა სერგო მასწავლებელს და ამაზე უფრო ვიბოღმებოდი. სწორედ ამის გამო ვერ ვიტანდი ამ ქალს, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. სერგომ ხელი დამიქნია და თავის კაბინეტში შევიდა. მეც უკან მივყევი. ცოტა ხანში თამრიკომ ხილი შემოგვიტანა და ვაზით მაგიადზე შემოდგა, თან დანა და ორი თეფში მოაყოლა.
მე და ჩემი სანუკვარი მასწავლებელი კარგა ხანს ვისხედით მის მრგვალ მაგიდასთან და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. განვიხილეთ ძველი დროის ქართველი მწერლები, შემდეგ პოეზიაზე გადავერთეთ. პირადად მე პოეზია უფრო მხიბლავდა ბოლო დროს, ვიდრე პროზა, განსაკუთრებით სატრფიალო ლექსების კითხვამ გამიტაცა. სერგო მასწავლებელმა ამის პასუხად მოულოდნელად მურმან ლებანიძის «ციცო» წამოიწყო. ისე გატაცებით კითხულობდა, ისეთი გრძნობით, ჟრუანტელმა დამიარა. თან თვალს არ მაცილებდა. ნუთუ ჩემთვის კითხულობს? ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნუთუ ციცოში ამწუთას მე მგულისხმობს? არ ვიცოდი, ასე იყო თუ არა, მაგრამ სიგიჟემდე მინდოდა, ასე ყოფილიყო. მინდოდა, ერთი მამაკაცი მაინც ყოფილიყო ამქვეყნად, რომლისთვისაც მარად მიუწვდომელი ვიქნებოდი და მხოლოდ ოცნების ქალად დავრჩებოდი. და ეს მამაკაცი თუ სერგო მასწავლებელი იქნებოდა, რა აჯობებდა?
_ მოგეწონა? _ ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია.
ხმა ვერ ამოვიღე. აღელვებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
_ გყვარებია ოდესმე ვინმე? _ თვალი თვალში გამიყარა მასწავლებელმა.
გავწითლდი. კვლავ უხმოდ დავუქნიე თავი.
_ მერე? რას ფიქრობ? როგორი გრძნობაა სიყვარული?
_ არ ვიცი, _ უაზროდ ავიჩეჩე მხრები, _ ყოველ შემთხვევაში, სანამ მიყვარდა, მრგვალი მეგონა, მერე კი რატომღაც, სამკუთხედის ფორმა მიიღო ამ გრძნობამ და ძალიან წვეტიანი გახდა.
სერგო მასწავლებელს სიცილი აუტყდა.
_ როგორც ჩანს, შენ სიყვარული თამაში გგონია. ეს კი სულაც არ არის ასე. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. გესმის?
_ არ ვიცი, მასწავლებელო, ამაზე არასდროს მიფიქრია, _ თავი ჩავღუნე.
_ მეჩვენება, რომ რაღაცას ძალიან დარდობ, იმაზე მეტად განიცდი, ვიდრე საჭიროა. ბოლო დროს სხივი ჩაგიქრა თვალებში. ხომ იცი, მე ამას ვერ გამომაპარებ. კაცის თვალები, მით უმეტეს, მასწალებლის, ყველაფერს გაშიშვლებულად ხედავს.

პასუხი არ გავეცი. მის გამომცდელ მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.

_ სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ ცხოვრობთ დღევანდელი გოგო-ბიჭები, მსგავს ურთიერთობაში რამდენად ღრმად გაქვთ შეტოპილი, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა გითხრა. შენ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ და მინდა, წარმატებებს მიაღწიო. შეიძლება იფიქრო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა მე არ მეჩვენება ასე. დიახაც, არის ჩემი საქმე, თუნდაც იმიტომ, რომ შენი მასწავლებელი ვარ და გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრება. დაიმახსოვრე ერთი რამ და ყოველთვის გაიხსენე ჩემი სიტყვები _ სიყვარულთან ძალადობა სიყვარულის სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს. ახლა კარგად ჩაუკვირდი ჩემს ნათქვამს, გააანალიზე და დასკვნები თავად გამოიტანე.
გამიკვირდა, ასეთ რამეებს რომ მეუბნებოდა. რატომ? ნუთუ რამე გაიგო? ნუთუ იცის, რომ ქალიშვილი აღარ ვარ და სისულელეებს ჩავდივარ? როგორ მომინდა, მისთვის ამწუთას ყველაფერი მეთქვა და გულზე მოწოლილი დარდისგან დავცლილიყავი. ზუსტად ვიცოდი, ის გამიგებდა, დამარიგებდა, თავისებურად ლამაზად მეტყოდა სათქმელს, მაგრამ ვერ გავბედე… რაღაცამ გამაჩერა, რაღაცამ არ მომცა უფლება, სათაყვანებელი მასწავლებლისთვის გული გადამეშალა.
სამაგიეროდ, ისეთი კმაყოფილი წამოვედი მისი სახლიდან, ის საღამო დღემდე არ დამვიწყებია. მისი მოცემული წიგნი, პაულო კოელიოს «თერთმეტი წუთი» ჩახუტებული მომქონდა. წაიკითხე და ბევრ რამეს ისწავლიო, მითხრა, როცა წიგნს მაწვდიდა… იმ საღამომ მიმახვედრა, რომ სერგო მასწავლებელი ჩემ მიმართ გულგრილი სულაც არ იყო, თუმცა ამის გამომჟღავნების უფლებას წამითაც არ აძლევდა თავის თავს. სწორედ ეს დავაფასე მასში.
იმ დღიდან სერგო მასწავლებელზე, როგორც მამაკაცზე, ფიქრი დამთავრდა. ის ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლად დარჩა, ყველაზე სამაგალითო მასწავლებლად…

8 8 8

საღამოს შინ მარტო დავრჩი. ყველანი გაიკრიფნენ სახლიდან. ნაზიც კი სადღაც გაქრა. წამოვწექი და წიგნის კითხვას შევუდექი, მაგრამ ისეთი სიჩუმე იდგა სახლში, ვერ ავიტანე. ბუფეტიდან მამაჩემის გადანახული წითელი ღვინო გამოვიტანე, ჩამოვასხი და წრუპვა დავიწყე, თან მერიკოს მეთოდი გამოვიყენე და ფანტაზიაში გადავვვარდი. წარმოვიდგინე, რომ ჩემ წინ სავარძელში სერგო მასწავლებელი იჯდა და როგორც ტოლი ტოლს, ისე მელაპარაკებოდა. ავდექი და მეორე ჭიქაც მოვიტანე. ისიც შევავსე და მივუჭახუნე.
_ თქვენ გაგიმარჯოთ, სერგო მასწავლებელო! _ ხმამაღლა ვესაუბრებოდი არარსებულ პერსონაჟს, თითქოს მონოსპექტაკლში ვმონაწილეობდი, _ იქნებ მომიყვეთ თქვენი გულისნადები? რა პრობლემები გაქვთ, რა გაწუხებთ. სულ რომ ჩვენი ცხოვრებით ინტერესდებით, თქვენც მოიოხეთ გული ჩვენთან, განა რამე დაშავდება ამით? რა? ცოლი არ გიყვართ? მოგბეზრდათ? რას ამბობთ! მერედა, რატომ არ ეტყვით მას ამას? ადექით და პირდაპირ მიახალეთ. მერწმუნეთ, შვებას იგრძნობთ. შემდეგ კი სხვა ქალი ეძებეთ, რომელიც გრძნობას გაგიახლებთ და თავს შეგაყვარებთ. რას იზამთ, ხდება ასე. აი, ჩემს ოჯახშიც იგივე პრობლემა დგას და იცით, როგორ უშველეს თავს ჩემმა მშობლებმა? ორივემ საყვარელი გაიჩინა და არიან ახლა ასე _ ცალ-ცალკე ბედნიერები. როგორ? მე მოგწონვართ? ჩემთან სექსი გინდათ? ეს რამ გაფიქრებინათ, პატივცემულო მასწავლებელო! რატომ მოგივიდათ თავში ასეთი აზრი? რამე გაგრძნობინეთ? აბა რა არის შუაში? გიყვარვართ? რატომ უნდა დაგიჯეროთ? ან რა საჭიროა? ჩემი სიყვარული თქვენ აკრძალული გაქვთ, ცოლიანი ხართ, თანაც _ ჩემი მასწავლებელი. ამოიგდეთ ჩემზე ფიქრი თავიდან და სხვაზე გადაერთეთ. ან კი რაში გჭირდებათ სიყვარული? ხომ იცით, რომ მას ყოველთვის ტანჯვა და ტკივილი მოაქვს? ასე არ ჯობია? მოდით, ახლა თქვენ გაგიმარჯოთ! მე ყოველთვის მეყვარებით და მემახსოვრებით, როგორც ჩემი საუკეთესო მასწავლებელი.
მონოლოგი დავამთავრე და ჭიქა ბოლომდე დავცალე. მერე მეორე ჭიქაც მივაყოლე და ამასობაში კარგა გვარიანად შევთვერი. წამოვდექი. ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ. სასიამოვნო მოთენთილობა ვიგრძენი. საერთოდ გადამავიწყდა, რომ ორიოდე წამის წინ სავარძელში ჩემი მასწავლებელი იჯდა, რადგან მისი ადგილი ახლა თორნიკემ დაიკავა. შემდეგ მასთანაც გავაბი საუბარი, რომელიც უფრო ინტიმური გამოდგა. ის კი არა, თითქოს მის სიახლოვესაც ვგრძნობდი, ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა, როგორ მეფერებოდა. ისევ ისეთი ცხელი ტუჩები ჰქონდა, როგორც ადრე…
კიდევ მომინდა დალევა. დავისხი და დავლიე, დავისხი და დავლიე. უფრო და უფრო გამომიკეთდა ხასიათი. რა კარგია, როცა მარტო ხარ, როცა საკუთარ სახლში სტუმარიც შენ ხარ და მასპინძელიც. მუსიკა ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. მანამ ვიტრიალე, სანამ თავბრუ არ დამეხვა და საწოლზე არ გავიშხლართე. უკანასკნელი, რასაც თვალი მოვკარი, ჭერი იყო, რომელიც თანდათან ყირავდებოდა. მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. კიდევ კარგი, ტუალეტში შევასწარი. რა საშინელება იყო! თურმე რამდენი დამილევია. მამამ რომ გაიგოს, ალბათ ვერ გადავურჩები!
პირზე ცივი წყალი შევისხი და ბარბაცით დავბრუნდი საწოლ ოთახში. სასწრაფოდ მივალაგე იქაურობა, ბოთლი ავიღე, ჭიქა გავრეცხე და კვლავ დავწექი. საწოლიც კი ქანაობდა ჩემი, ზუსტად ისე, როგორც ნავი ზღვის ტალღებზე. ერთხანს მურმან ლებანიძის «ციცოზე» ვფიქრობდი. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიმეორებდი ლექსის სტროფებს გულში. მერე ჩამეძინა…
8 8 8
ორი დღე სკოლაში არ წავსულვარ. ძალიან ცუდად ვიყავი. დედას ეგონა, მოვიწამლე, რადგან დილიდან გული მერეოდა და ვერაფერმა დამაწყნარა. საშინლად ვგრძნობდი თავს ნაბახუსევზე, მაგრამ აბა როგორ ვიტყოდი მიზეზს! დედამ ბისეპტოლიც კი შემომიტანა, ჩაყლაპე, ეს მოგარჩენსო. ორი აბი ენის ქვეშ ამოვიდე და დედა რომ გავიდა, გადმოვაფურთხე. ვიცოდი, თუ გადავყლაპავდი, უარესად ამერეოდა გული.
ამასობაში შაბათ-კვირაც დადგა. უკვე გამოვკეთდი. საღამოს მერიკო მესტუმრა. რაღაცით აფორიაქებული ჩანდა. ჯერ მომიკითხა, როგორ ხარ, ძალიან მომენატრეო, მერე კი ჩქარ-ჩქარა მომაყარა.
_ ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე, ვერ გადარჩები! გუშინ სერგო მასწავლებელთან ვიყავით მე და ირმა. ბევრი ვიცინეთ. ჩემი ამბავი ხომ იცი, ენა არ გამიჩერებია. მერე სერგო გავიდა და კარგა ხანს არ გამოჩნდა. თურმე ტუალეტში ყოფილა, _ მერიკოს ხარხარი აუტყდა, _ და რომ შემოვიდა, როგორი სანახავი იყო, იცი? შარვლის უბე შეხსნილი ჰქონდა და იქიდან თავისი ცისფერი პერანგის ბოლო ჰქონდა გამოჩრილი! ფუჰ! როგორ შემეცვალა მასზე წარმოდგენა, იცი? არადა, მაგრად მომწონდა!
მისმა მონაყოლმა ვერც ცუდი ეფექტი მოახდინა ჩემზე და ვერც კარგი. ერთის მხრივ, გამიხარდა კიდეც, რომ სერგო მასწავლებელზე, როგორც მამაკაცზე, აღარ ვფიქრობდი. კიდევ კარგი, თორემ ალბათ მეც შემზიზღდებოდა და მერიკოსავით დამეკარგებოდა მასზე წარმოდგენა. არადა, ყველაზე დიდ პატივს ცხოვრებაში მას ვცემდი… მასთან გატარებულმა ბოლო საღამომ მაჩუქა ის, რაზედაც ფიქრი ღირდა. მან სხვა თვალით დამანახვა ქალისა და კაცის ურთიერთობა, სხვა კუთხით შემახედა სიყვარულს… მე ყველაფერი უკეთ გავიგე, ვიდრე მას ეგონა…
88 8
საღამო ხანი იყო. ისე წვიმდა, ფანჯრებს ზრიალი გაუდიოდა. ჰოდა, ამ თავსხმა წვიმას არ შევუშინდი და მერიკოსთან გავქანდი. ის ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ ვიფიქრე, ორ წუთში გადავირბენ-მეთქი. ნელა მივაბიჯებდი ქუჩაში, ხელები მკერდზე მქონდა გადაჯვარედინებული და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერდი. მსიამოვნებდა, «არაჟუჟუნა» წვიმა თმას და სახეს ულმობლად რომ მისველებდა. ამწუთას ეს წვეთები მიწის ცრემლებს მაგონებდა, რომელიც ზაფხულის სიყვარულს ემშვიდობება.
მერიკოსთან სხვებიც დამხვდნენ. ჩემი კლასელი თეო, მისი შეყვარებული გურამი და კიდევ ვიღაც უცხო ბიჭი.
_ აუ, რა მაგარი გოგო ხარ, ამ ამინდში მოსვლა რომ გაბედე, _ გამეხუმრა მერიკო და მაკოცა.
ყველას მივესალმე.
_ ამას არ იცნობ, ხომ? ეს ლუკაა, ჩვენი მეგობარი, _ ხელი გაიშვირა მერიკომ უცნობისკენ და გაუღიმა.

ლუკამ მარჯვენა ღონივრად ჩამომართვა. ისეთი გამხდარი იყო, რას ვიფიქრებდი, ასეთი ღონიერი თუ აღმოჩნდებოდა.
_ იცი, რა ნიჭიერია? _ გააგრძელა ჩემმა დაქალმა, _ გიტარაზე ისე უკრავს, ყვითელაშვილს შეშურდებოდა, _ თვითნოვე გაეცინა თავის შედარებაზე.
_ მუსიკოსი ხართ, თუ უბრალოდ, მოყვარული? _ დავინტერესდი.
_ არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა ლუკამ, _ ვუკრავ, რა… მომწონს დაკვრა და იმიტომ.
ლუკას ახლაც მუხლებზე ედო გიტარა და ცალი იდაყვით ზედ ეყრდნობოდა, თან თითებით სიმებს ეფერებოდა, თითქოს ჩვილი ბავშვის სალუქი კანი ყოფილიყო. ალბათ უნდოდა, გიტარის სიმებს სითბო და ელატისკურობა არ დაეკარგათ. მისი მოძრაობა უცნაურად მეჩვენა _ რატომღაც, ნერვიული და გაუცნობიერებელი. სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რასაც აკეთებდა, უნებლიეთ ხდებოდა ეს, სრულიად გაუაზრებლად, მაგრამ იმხელა სინაზე იგრძნობოდა მისი თითების მოძრაობაში, სიამოვნება ვიგრძენი. წარმოვიდგინე, თითქოს საყვარელ გოგოს ეფერებოდა.
ლუკას ხორბლისფერი კანი ჰქონდა, თავთუხისფერი თმა და თაფლისფერი, ღრმად ჩამჯდარი თვალები. გრძელი, თლილი თითები ალბათ ზრდადასრულებულ მამაკაცს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე მისი ასაკის ბიჭს. ასეთი ლამაზი თითები თორნიკესაც კი არ ჰქონია.

როგორც კი ლუკა დავინახე, რაღაც ვიგრძენი, თითქოს დაჭიმული სიმი მოეშვა და შეირხა გულში და არა ერთი, არამედ რამდენიმე ერთად. ეს ალბათ წინათგრძნობა იყო. ან შეიძლება, უბრალოდ, მოლოდინი… როცა არავინ გყავს და არავინ გიყვარს, ყოველთვის მოლოდინი გაქვს და ყველა ახალ ნაცნობს პოტენციურ პარტნიორად აღიქვამ. ასე არ არის?
_ კარგ დროს მოხვედი, ნეკა. იცი, რა საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით? აკრძალვებზე და ძალის დატანებაზე. აი, მშობლები რომ ყველაფერს გვიკრძალავენ და თავისუფლებას გვიზღუდავენ. ასე რომ არ იქცეოდნენ, ნაკლებ პრობლემას შევუქმნიდით მათ.
_ მაგრამ ახლა სხვა მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს? _ შეეკამათა გურამი, _ აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე შენი თავი მათ ადგილას. რას იზამდი, შენ რომ 17 წლის შვილი გყავდეს? არ ეტყოდი, ასე ნუ იქცევი, იქ არ წახვიდე, ეს არ ქნა, ის არ ქნა…

_ რა თქმა უნდა, ვეტყოდი. შენიშვნას აუცილებლად მივცემდი, მაგრამ აკრძალვით არაფერს ავუკრძალავდი. უბრალოდ, ვურჩევდი, რა უკეთესი იქნებოდა მისთვის და როგორი საქციელი უფრო მისაღები.

_ შენ კი მოგწონს თავად, როცა მშობლები რჩევებს გაძლევენ? მე, მაგალითად, მაღიზიანებს. მირჩევნია, საერთოდ არ გამცენ ხმა, ვიდრე ჭკუის სწავლება დამიწყონ! _ ახმიანდა თეო.
_ და რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ თემაზე კამათი? _ არ მესიამოვნა საუბრის მიმართულება, მეგონა, ჩემს მოსვლამდე სწორედ ჩემზე ჭორაობდნენ.
_ რატომ და ამას წინათ კესო ფშავში წავიდა თავის დაქალთან ერთად ორი დღით, სახლში კი დაიბარა, ვითომ ჩემთან გაათევდა ღამეს, _ მიპასუხა თეომ, _ მეც ტყუილის თქმამ მომიწია და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა თავისი იდიოტური საქციელის გამო. ის კი სამი დღე ვერ ჩამოვიდა იქიდან. ატყდა ერთი ამბავი. ამის გამო მთელი კვირა გამოკეტილი ჰყავდა დედამისს ოთახში, გარეთ არ უშვებდა. დასაჯა.

_ ეგ გოგო ისედაც სულ უბერავს, _ დააყოლა მერიკომ, _ ვერ ხედავ, შორტებით რომ დადის სკოლაში? ფეხებზე ჰკიდია, მასწავლებელი რომ შენიშვნას მისცემს. ისედაც, ხანდახან მთელი კვირა იკარგება სადღაც, ღმერთმა იცის, სად დაწანწალებს, ნახევარჯერ არ ესწრება გაკვეთილებს.

_ მისი ცხოვრება ჩვენი საქმე არ არის, _ შეეშვა თეო კესოს გაჭორვას, _ მაგრამ საერთოდ, პრინციპის ამბავია. რატომ არ შეიძლება, ისე მოვიქცე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. რატომ უნდა ვიარო მშობლების სურვილებზე? რა მოხდა მერე, ღამით გვიან თუ მივალ? ქვეყანა დაიქცევა ამით? ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ?
_ იცი რა? თუ შეჰპირდები დედას ან მამას, რომ ადრე მიხვალ და მერე მთელი სამი საათით დააგვიანებ, გაბრაზდებიან, აბა რა იქნება! პირობა არ უნდა დაარღვიო. ერთხელ თუ დაკარგავ მათ ნდობას, მეორედ აღარ გენდობიან! _ ყველა მშობელი, თავისიც და სხვისიც, ერთად დაიცვა გურამმა.
_ ოოფ! კარგი ერთი! შენ რა, არასდროს დაგგვიანებია სახლში მისვლა? _ შეეკამათა მერიკო.
_ როგორ არ დამგვიანებია, მაგრამ მე რას მედრებით? მე ბიჭი ვარ და უფრო მეტი მეპატიება, ვიდრე თქვენ. გოგოები სხვანაირად უნდა მოიქცნენ.

_ ვითომ რატომ? _ აღშფოთდა მერიკო, _ თქვენ რა, წითელი კვერცხები ხართ?

_ არა, უბრალოდ, ჩვენ ბიჭები ვართ და მკაცრი კონტროლი არ გვჭირდება. სულ ეს არის, _ მხრები აიჩეჩა გურამმა.

_ მაგრამ აბა, როგორია, ერთი წუთით წარმოიდგინე! შენ და თეო რომ ერთად ხართ, გიხარიათ, დასეირნობთ და კიდევ, რა ვიცი, იმას აკეთებთ, რაც გსიამოვნებთ. ამის გამო შინ მისვლა გიგვიანდებათ. შედეგი კი ისაა, რომ მშობლები გსჯიან დაგვიანების გულისთვის. ხომ უნდა ჩაგშხამდეთ ყველაფერი? კარგია ეს? ამაზეა საუბარი!
ლუკას მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. არც მე.
_ ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული, _ თქვა თეომ, _ ადამიანებს შორის ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით ჩვენსა და ჩვენი მშობლების თაობას შორის. დედაჩემს ვერასდროს ვერ მოვუყვები გურამის ამბებს. რა ვქნა, ვიცი, რომ მაინც ვერ გამიგებს.
_ თაობებს შორის ყოველთვის იყო პრობლემები, _ ბრძნულად დაასკვნა გურამმა, _ ერთ დროს ჩვენც გავხდებით მშობლები და საკუთარ თავზე ვიწვნევთ შვილებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ჩვენი გადასახედიდან ჩანს ყველაფერი ასე იოლი, თორემ ერთი მაგათ გულებშიც ჩაიხედეთ!

_ ოოჰ! გეყოფათ, რა, სხვა რამეზე ვისაუბროთ! არ მოგბეზრდათ? _ წამოიყვირა მეკომ.

ამ დროს ლუკა წამოდგა.

«ვაიმე, რა გალეულია!» _ გამიელვა გონებაში.

_ ჩვენ ყველანი ახლა იმ ასაკში ვართ, როცა გვგონია, რომ ძალიან ჭკვიანები ვართ და ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, _ წამოიწყო მან, _ გვგონია, რომ ჩვენი ასაკი ყველაფერს გვაპატიებს, მაგრამ სულაც არ არის ასე. არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ტვირთად აწევს ადამიანებს. ეს ყველაფერი თვითონ გამოვცადე ჩემს თავზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ატომურ ეპოქაში დავიბადეთ. შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ წლების შემდეგ ვიღაცამ ჩვენზე თქვას, იმ თაობამ საშინელი შეცდომები დაუშვა და ახლა ჩვენი გამოსასწორებელია ყველაფერიო, ან პირიქით _ მათ უზრუნველი ცხოვრება მოგვიწყვესო. აი, რა არის მთავარი. თქვენ კი დამდგარხართ აქ და სისულეებზე მსჯელობთ. ვინ რამდენ ხანს დაიგვიანა სახლში, რატომ დაიგვიანა და ვინ როგორ დაისაჯა ამის გამო. სხვაგვარად შეხედეთ მოვლენებს! ბავშვები ხომ არ ხართ! მომავალი ცხოვრება ჩვენს ხელთაა, ჩვენზე კი ჩვენი ბავშვების და იმათი შვილების მომავალია დამოკიდებული. ყოფნა-არყოფნა _ საკითხავი, აი, ეს არის! ძალიან ადრე თქვა ეს შექსპირმა, მაგრამ დღესაც აქტუალური ფრაზაა. თუ ატომურ ბომბს გავაკონტროლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ვერ გავაკონტროლებთ და ავორთქლდებით დედაბუდიანად! პირადად მე ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო. მიყვარდეს ვიღაც, წრფელი სიყვარულით, ვენდობოდე მას, მყავდეს მისგან შვილები და ცხოვრებას კმაყოფილმა გავუღიმო. დავამღერო გიტარაზე და ყველა ჩემიანს ვასიამოვნო. აი, რისთვის ვიბრძოლებ ყოველდღე. ამის მისაღწევად კი ყოველთვის აღვუდგები წინ ჩემთვის და ჩემისთანებისთვის მიუღებელ საქციელს.
ლუკამ საუბარი დაამთავრა და ისეთი შვებით ამოისუნთქა, თითქოს დიდი ხნის შენახული საიდუმლო გათქვაო. მერე დაჯდა და კვლავ დამუნჯდა.
მისმა მონოლოგმა ლამის სუნთქვა გამიჩერა. შეიძლება ზედმეტად პათეტიკური იყო მისი აღსარება, ან პირიქით, ზედმეტად მკვახე, მაგრამ ისეთი გზნება და ცეცხლი იგრძნობოდა მის ნათქვამში, გული ამიჩქროლდა. აბრიალებული ბუხრის ასოციაცია გამოიწვია ჩემში.

ხმა არავის ამოუღია. ერთხანს მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი ერთმანეთს შევცქეროდით.

_ აი, საღოოოლ! რა «რეჩი» დაარტყა ბიჭმა?! _ შესძახა გურამმა და ტაში დაუკრა.

_ კარგი, გვეყოფა, _ წამოხტა მერიკო, _ ახლა ყველაფერს ჯობია, ცოტა გავერთოთ. ვერ ხედავთ, რა უჟმური ამინდია? ლუკა, გვიმღერე რამე, რა? მიდი, დაუკარი, მოგვასმენინე შენი ოსტატობა ყველას. აი, ნეკამ არ იცის, შენ რაები შეგიძლია!

_ არა, მაპატიეთ, არ ვარ ხასიათზე, _ იუარა დაბღვერილმა ლუკამ.

მერიკომ უკმაყოფილოდ გაიქნია ხელი და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად. თეოც თან მიჰყვა. ოთახში მე, გურამი და ლუკა დავრჩით. თითქოს უბრად ვიყავით, ერთხელაც არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.

შემდეგ ყავა დავლიეთ. საუბარი არა და არ აეწყო. საღამომდე მაინც მერიკოსთან დავრჩით, შემდეგ კი ნელ-ნელა დავიშალეთ.

გურამი და თეო ერთად წავიდნენ. მე კი ლუკამ გამაცილა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმას უკვე გადაეღო, მაინც საშინლად ციოდა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, რადგან ქარი ამოვარდნილიყო, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა გაზაფხულის მარტისეულ სუსხს.

ქარის ყოველ დაბერვაზე ხეებს ყვითელი ფოთლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. ლუკას თავისი გიტარა მხარზე გადაეკიდა და ისე მოჩანდა, თითქოს იგი მის სხეულს იყო შეზრდილი.

ჩემი ქუჩის შესახვევში ბიჭი უეცრად შედგა.

_ მოიცა, მგონი, მუზა დავიჭირე! _ თქვა მოულოდნელად, გიტარა ხელში მოიმარჯვა, იქვე მდგარ განათების ბოძს მიეყრდნო, ცალი ფეხი მუხლში ოდნავ მოხარა გიტარის შესამაგრებლად და დაკვრა დაიწყო.

ვიდექი და განცვიფრებული ვუსმენდი ლუკას, თან შოკირებული ვუყურებდი მისი გრძელი თითების ვირტუოზულ თამაშს. თითქოს შეთანხმებულები არიანო, ისე ენაცვლებოდნენ თითები სიმებზე ერთმანეთს. ხან აღმა აუყვებოდნენ ინსტრუმენტზე გაკრულ ლარებს, ხანაც დაღმა. ის არაჩვეულებრივად უკრავდა. უცნობი მელოდიის სულის შემძვრები ხმები თითქოს სადღაც მიწიდან ამოდიოდა და ხის ფოთლებში ინთქებოდა.
გული ამოუცნობი გრძნობით ამევსო, აღტყინებული ვიყავი. ასე მეგონა, ახლა ყველა სახლის ფანჯარა გაიღებოდა, ადამიანები მოაჯირებსა და აივნებზე გადმოდგებოდნენ და ტაშს დაუკრავდნენ. თუმცა, სულაც არ მომხდარა ასე. ამ სიცივეში მუსიკა არავის ანტერესებდა. ამწუთას ქუჩაში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით _ მე, ლუკა და გიტარა.
_ ეს ამერიკული ქანთრია… ჩათვალე, რომ ეს მელოდია შენ მოგიძღვენი, _ მითხრა მან და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.

_ რა საოცრად უკრავ, რომ იცოდე, _ აღელვებულმა წარმოვთქვი, _ მეგონა, გიტარა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი იყო და თურმე რამდენი რამ შეძლებია. რაღაცნაირად, პოეტურობა იგრძნობა მასში.
_ გეთანხმები. გიტარა თითქოს ყველასთვის ნაცნობი და მშობლიურია, თითქოს სახალხოა, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებულია, იდუმალი და მიუწვდომელი. თუ კარგად ჩაუკვირდები ხოლმე მის ჟღერადობას, უამრავ უცნობ ბგერას აღმოაჩენ, ისეთს, რომელსაც ჩაღრმავების გარეშე ვერ მოისმენ.
შემდეგ მან კვლავ მხარზე გადაიკიდა გიტარა, სახლამდე მიმაცილა და არც დამშვიდობებია, ისე უთქმელად გატრიალდა.

გავოგნდი. საშინლად მეწყინა მისი საქციელი. ერთი «ნახვამდის» რომ ეთქვა, დაიჭერდნენ? უფრო და უფრო ვბრაზდებოდი. ლუკა კი, თითქოს ჩემს ჯინაზე, წვიმით გაბერილ პატარ-პატარა გუბეებს ასკინკილით ახტებოდა და ნელ-ნელა პატარავდებოდა…
როცა თვალს მიეფარა, მხოლოდ მაშინ შევედი სადარბაზოში, გაწბილებული და განაწყენებული.
8 8 8
ლუკას გაცნობიდან ორი დღე გავიდა. მასზე ძველებურად ვბრაზობდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სიბრაზემ მალევე გადამიარა.
ერთი გაკვეთილი გაგვიცდა და ადრე გავთავისუფლდი. შენობიდან რომ გამოვედი, მოშორებით, ქუჩის კუთხეში, ვიღაც გიტარიანი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ლუკას მივამსგავსე. იგი ზურგით და ცალი ფეხით სკოლის ეზოს ბეტონის კედელს მიყრდნობოდა და თავჩაღუნული რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. იმის გასარკვევად, ნამდვილად ლუკა იყო თუ სხვა, მისკენ გავემართე, მიუხედავად იმისა, რომ გზა სრულიად საპირისპირო მხარეს მქონდა.
ნაბიჯების ხმაზე უცნობმა ნაცნობმა თავი ასწია, ფეხიც ჩამოსწია და კედელს მოშორდა. როგორც კი მივუახლოვდი, უხერხულად გამიღიმა. ის იყო, არ შევმცდარვარ.
_ გამარჯობა! _ მედიდურად მივესალმე, ბოღმა ჯერ კიდევ არ გამნელებოდა.
_ როგორ ხარ? _ თბილად მომიკითხა.
_ გადასარევად. ვინმეს ელოდები? _ დაჟინებით ჩავაშტერდი სევდიან თვალებში. ჩემი უბედურება ის იყო, რომ უფრო და უფრო მომწონდა ეს ბიჭი.
_ ველოდებოდი… _ წარბების აწევით განმიმარტა.
_ და რა, არ მოვიდა?
_ პირიქით, მოვიდა, _ მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მომიგო.
გაკვირვებულმა მივიხედ-მოვიხედე.
_ შენ გელოდებოდი, _ თქვა უეცრად.
იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი ჩემთვის, გაოცებულს თვალები გამიფართოვდა.
_ მე მელოდებოდი? _ საჩვენებელი თითი გულზე ვიტაკე.
_ ჰო… რა იყო, არ შეიძლება? აკრძალული ხომ არ არის? _ ლუკამ გიტარას მხარი მოუნაცვლა.

_ არა, მაგრამ… არ ველოდი.
_ რას არ ელოდი? შენ რომ გელოდი? _ ლექსივით გამოუვიდა.
ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
_ მინდა ერთ ადგილას დაგპატიჟო, _ დარცხვენილი ხმით მაუწყა, როცა სიცილს მოვრჩით.
_ მე-ე? _ მთლად დავიბენი.
_ სულ ასე გიკვირს ხოლმე ყველაფერი? _ ისევ გაეცინა.
_ შენგან კი. _ მეც უბოდიშოდ მივახალე, _ შენი ყოველი ქმედება მორიგი სიურპრიზია ჩემთვის.
_ მართლა? და აქამდე კიდევ რა «დავაშავე»?
რა და, არც ნახვამდის იცი და არც გაგიმარჯოს. ასე ურთიერთობ სხვა გოგოებთანაც?
_ არა, მხოლოდ შენთან ვიწყებ ხოლმე ურთიერთობას პროლოგისა და ეპილოგის გარეშე, _ გაიხუმრა.
მომეწონა მისი ხუმრობა. ჩემი ნაცნობი ბიჭები ვერ ხუმრობდნენ ასე ნიჭიერად. როგორც ჩანს, ბევრს კითხულობს. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობს ხოლმე სერგო მასწავლებელი, ნაკითხობა ეტყობაო.

_ სად მეპატიჟები? _ ცნობისმოყვარეობამ მძლია.

_ ღამის კლუბში.

_ ღამის კლუბში? _ თვალები დავაჭყიტე, მაგრამ მის პასუხს არ დაველოდე, ისე გავაგრძელე, _ და რატომ მაინცდამაინც მე? შენი აზრით, ადვილი «მოსაჩანგლი» ვარ? ასეთ შთაბეჭდილება დავტოვე შენზე? _ ჩემმა სიბრაზემ კულმინაციას მიაღწია, ცოტაც და იმ თავის გიტარას თავზე გადავამსხვრევდი.
ის კი იდგა და აუღელვებლად მომჩერებოდა, თან ძალიან თბილი, მოწონების გამომხატველი ღიმილი უთამაშებდა ტუჩებზე.
_ მართლა ადვილი «მოსაჩანგლი» ხარ? _ კითხვა შემომიბრუნა, მერე კი სერიოზული სახე მიიღო და გააგრძელა, _ მე ეგ არ ვიცოდი, ღამის კლუბში კი იმიტომ დაგპატიჟე, რომ იქ ვმუშაობ…
_ იქ… იქ რას აკეთებ, ბარმენი ხარ? _ უხერხულობა ვიგრძენი, თავს უმიზეზოდ რომ დავესხი.
_ არა, გიტარაზე ვუკრავ.
ტუჩი ლამის მოვიკვნიტე. რა საშინელი ადამიანი ვარ! ბიჭმა პატივისცემის გამოსახატავად დამპატიჟა, მე კი რაები დავაბრალე.
_ მაპატიე, კარგი? _ დასჯილი ბავშვივით საწყალი მზერით შევხედე.
_ არა უშავს, ხდება, _ მხრები ღიმილით აიჩეჩა, _ უბრალოდ, ძალიან მომინდა შენი იქ წაყვანა. მინდა მომისმინო.
_ რატომ მე? _ მაინც არ მოვეშვი და ირიბად გავხედე.
_ იმიტომ, რომ შენ შენ ხარ. მე კი სწორედ შენ მინდა მომისმინო.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა, სიამოვნებით დავთანხმდი და შევპირდი, რომ საღამოს, 8 საათზე ფილარმონიასთან დაველოდებოდი, რადგან ის კლუბი, სადაც მეპატიჟებოდა, იქვე მდებარეობდა.
_ შევთანხმდით, _ თავი დამიქნია ლუკამ და თითებზე მორიდებით შემეხო, მერე კი უეცრად ეშმაკუნები აუცეკვდა თვალებში და დაბოხებული ხმით დააყოლა, _ ოღონ ჩანგალს მაინც წამოვიღებ. იქნებ «მოჩანგვლის» ხასიათზეც დავდგე, რომ დავუკრავ მერე. რა იცი, რა ხდება.
ამწუთას ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სასურველი და სიმპათიური, თავი ვერ შევიკავე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
როგორც ჩანს, ჩემმა კოცნამ ჩვეულებრივზე მეტად დააბნია. ღიმილი უეცრად მოესხიპა, თვალები კვლავ დაუსევდიანდა და ისეთმა იდუმალებამ ჩაიბუდა მათში, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერაფერს წაიკითხავდი.
დავიმორცხვე. ასეთი რამ სხვა დროს არასდროს მიგრძნია ბიჭებთან. რისი ბრალი იყო ნეტავ? ნუთუ ისევ რაღაც იდუმალი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში? რაღაც ნაცნობი, მაგრამ ჯერაც შეუცნობელი?
ლუკას მზერა ავარიდე და ქუჩას გავხედე. გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოვარდა. საუბრის გაგრძელებას ვერც ერთი ვერ ვახერხებდით.
_ კარგი, წავალ მე და საღამოს, როგორც დავთქვით… _ ვთქვი და ალმაცერად ავხედე.
მან მხოლოდ თავი დამიქნია, პასუხი არ გაუცია.
შემოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს. მას არ გავუცილებივარ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკას მაგივრად მისი სევდით სავსე მზერა მიმაცილებდა.
8 8 8
კლუბში ხმაურიანი გარემო დამხვდა. ასეთი საღამოების მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად მომიწევდა შეგუება, სხვანაირად ლუკას ვერ მოვუსმენდი. მან ზუსტად ცენტრში, სცენასთან ყველაზე ახლოს მდგარ მაგიდასთან მიმიყვანა და დამსვა.
_ რა მოვატანინო? _ კვლავ შემეხო თითებზე მისი თლილი და განსაკუთრებული თითები. ამ შეხებამ უცნაურად იმოქმედა ჩემზე. სწორედ ასე სათუთად ეხებოდა იგი გაცნობის საღამოს გიტარის სიმებს…
_ წვენს დავლევ, სხვ არაფერი მინდა.
_ ახლავე! _ ლუკა წამოდგა და ბართან გადაინაცვლა. რაღაც გადაულაპარაკა ბარმენს, მერე ორივემ ჩემკენ მოიხედა, შემდეგ ბარმენმა თავი დაუქნია და სასმელებით სავსე თაროებისკენ შებრუნდა.
მზერა სცენისკენ გადავიტანე. ვიღაცები აპარატურას და მიკროფონებს ამოწმებდნენ.
ლუკა მალევე მობრუნდა. ორი წვენი და ორი ბოკალი სასმელი მოიტანა.
_ ეს «ცისფერი ლაგუნაა». ჩემი საყვარელი საწრუპავი. გასინჯე, შენც მოგეწონება, _ მითხრა და ერთი ბოკალი ჩემკენ მოსწია.
_ წვენი ფორთოხლისაა, პომიდვრისაც იყო, მაგრამ ეს ვამჯობინე, _ თავის მართლება დაიწყო.
_ სულერთია, წვენზე გართულება არ მაქვს, _ დავამშვიდე და «ცისფერი ლაგუნა» მოვწრუპე.
მართლაც კარგი დასალევი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს, შემრცხვა კიდეც, რომ ასეთი დასახელების სასმელს პირველად ვსინჯავდი. წესით, ჩემი ასაკის გოგოსთვის იგი უცხო არ უნდა ყოფილიყო.
_ ახლა მე დაგტოვებ, ჩემი გამოსვლის დრო დადგა, შენ კი არ მოიწყინო, ხო? _ სევდიანი თვალები დაუწვრილდა.
_ არ მოვიწყენ, რადგან უნდა მოგისმინო. შენი მუსიკა, იმედია, სევდიანობის სურვილს არ გამიჩენს, _ შევღიმე.
_ არ გაგიჩენს, _ მტკიცე ხმით დამიდასტურა და დამტოვა.
ცოტა ხანში დარბაზი ჩააბნელეს და სცენა წითლად გაანათეს. სკამი შევიცვალე და ისე დავჯექი, რომ პირდაპირ მეყურებინა სცენისთვის, რომელზეც გიტარამომარჯვებული ლუკა გამოჩნდა.
მისი გამოჩენა და ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ, თითქოს სიცოცხლე ჩაკვდაო. გავოგნდი. რამდენიმე წამის წინ გამაყრუებელი გნიასი ისმოდა, ახლა კი ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდა ადამიანი. ნუთუ ასე კარგად უკრავს? დავიჯერო, ეს ახალგაზრდები აქ მხოლოდ მის მოსასმენად არიან მოსულნი?
ფიქრი დამთავრებული არ მქონდა, გიტარის სიმები რომ შეირხა… ფლამენკოს ჰანგებმა ჰაერი გაავსო, გააბევრა და ისე გაჟღინთა, სხეულზე სისველეც კი ვიგრძენი _ მელოდია თითქოს ნამად დაიღვარა სივრცეში. შემაჟრჟოლა. ინსტრუმენტის ერთხანს გიჟურ რიტმს მოულოდნელად ნელი, ნაღვლიანი ჰანგები ცვლიდა, შემდეგ კვლავ აბობოქრდებოდა და ტალღასავით მოვარდებოდა საიდანღაც… უნებლიეთ თვალები დავხუჭე. ჩემი თავი ხან ფრინველი მეგონა, რომელიც ირაოს აკეთებს ცაში, ხანაც დელფინი, ზღვის ზვირთებს რომ ეთამაშება ლამაზი ახტომებით…
ლუკას სახეც მელოდიის მიხედვით ეცვლებოდა. ის ისე განიცდიდა თითოეულ ბგერას, აშკარა იყო, ამწუთას სწორედ იმ კონკრეტული მელოდიის სამყაროში იყო გადასახლებული.
გულაჩუყებულს ტირილი მომინდა. თვალები ცრემლით დამენამა. არასდროს ვყოფილვარ გიტარისტის კონცერტზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სცენაზე ვიღაც ვირტუოზულად უკრავდა გიტარაზე და მე მის გამოსვლას ვესწრებოდი.
უდიდესი სიამოვნება განვიცადე. მონუსხული მივჩერებოდი ამ კატასტროფულად გამხდარ ბიჭს და უფრო და უფრო მიპყრობდა გაოცება. თურმე რამდენი რამ შეძლებია ამ თითებს…
სწორედ იმ ღამეს შემიყვარდა ლუკა. ოღონდ იმ მომენტში არ ვიცოდი ეს. იმ წუთებში მხოლოდ მისი შესრულებით ვტკბებოდი…
8 8 8
კარგა მანძილი ისე გავიარეთ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მე ჯერ კიდევ ემოციების ტყვეობაში ვიყავი, ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. ის კი «განაჩენს» ელოდა. აინტერესებდა, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
_ შოკში ვარ, _ ხმადაბლა ვთქვი და ბევრის მთქმელი მზერით გავხედე.
_ რატომ?
_ საოცრება მოვისმინე და იმიტომ. მომაჯადოვა შენმა მუსიკამ.
_ მუსიკა არ იყო ჩემი, _ თითქოს საყვედური მითხრა.
_ მაგრამ შესრულება ხომ იყო? მუსიკა კიდევ შესრულების გარეშე აღარ არის მუსიკა, _ წავიბრძენე.
_ მართლა მოგეწონა?
_ ძმას გეფიცები! ასე მეგონა, იმ მომენტში სადღაც ზღაპარში მოვხვდი.
_ პრინციც ხომ არ გაგეჩითა სადმე? _ იხუმრა.
_ კი, როგორ არა, გიტარიანი პრინცი, _ ავყევი მეც და მხარზე შევეხე. მესიამოვნა მისი სხეულიდან წამოსული სითბო. ლუკამაც შეამჩნია, შეგნეულად რომ შევეხე.
_ ხომ არ შეგცივდა?
_ არა, უბრალოდ, მომინდა, უფრო მეტად შემეგრძნო შენი სიახლოვე, _ არ დავმალე ჩემი განზრახვა.

პასუხი არ გაუცია. თავი ჩაღუნა და ტაატით გააგრძელა სიარული.

_ იცი ახლა რა მინდა? _ გავჩერდი და მის შემობრუნებას დაველოდე.

_ რა? _ ლუკამ გიტარა მხრიდან ჩამოიხსნა და იღლიაში ამოიჩარა.

_ რა და… _ უეცრად პატარა გოგოსავით გავიღიმე, თვალები დავიწვრილე და შემპარავი ხმით ვკითხე, _ ჩანგალი ხომ რ დაგავიწყდა?
მიხვდა… ფართოდ გაეღიმა. მერე მომიახლოვდა, გიტარა მიწას დააბჯინა, ხელები ზურგზე მომხვია და ძალიან ჩუმი ხმით მითხრა.
დღეს მე მხოლოდ შენთვის ვუკრავდი. ოღონდ არ მკითხო, რატომ… იმიტომ, რომ პასუხი არ ვიცი. ეს ერთადერთი კითხვაა, რომელზედაც ამწუთას პასუხი არ მაქვს, _ ჩაამთავრა ფრაზა და ტუჩებში ნაზად მაკოცა…
8 8 8
მე და ლუკა ძალიან დავახლოვდით. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ისე მომწონდა მის გვერდით ყოფნა… საოცრად მამშვიდებდა მისი წყნარი ბუნება, ცოტას ლაპარაკობდა, უფრო მე მისმენდა ან უკრავდა ჩემთვის. გიტარის გარეშე არასდროს გამოდიოდა სახლიდან. ურთიერთობაც სხვანაირი გვქონდა. მას ერთხელაც არ უცდია ჩემთან დაწოლა. არც საუბარი ჩამოუგდია ამ თემაზე. არ დაინტერესებულა, ადრე ვიყავი თუ არა ვინმე ბიჭთან სექსით დაკავებული. თან მიხაროდა ეს ამბავი, თან გულს მიღრღნიდა. ვგრძნობდი, შინაგანად რაღაც მაწუხებდა. ალბათ ის, რომ მან ჩემ შესახებ არაფერი იცოდა. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რამდენად სწორად მოვიქცეოდი, თუკი მოვუყვებოდი ყველაფერს. მეშინოდა, არ შევზიზღებოდი. ხომ შეიძლებოდა, ჩემი ადრინდელი ცხოვრების წესი მიუღებელი ყოფილიყო მისთვის. არადა, ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდებოდა. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.
ერთხელაც, საღამოს, კლუბში მისი გამოსვლა რომ დამთავრდა, ვთხოვე, გავისეირნოთ-მეთქი. უსიტყვოდ დამიქნია თავი, გიტარა მხარზე გადაიკიდა, ხელი ჩამავლო და ტაატით გავუყევით ჩაბნელებულ ქუჩას. დროდადრო შეჩერდებოდა, მოწყურებულად მაკოცებდა ტუჩებში და მერე კმაყოფილი ღიმილით კვლავ აგრძელებდა გზას.

დამტანჯა დუმილმა. ჩავახველე. ეს იმას ნიშნავდა, რომ სალაპარაკოდ მოვემზადე.
_ რაღაც არ გასვენებს, არა? _ გაეცინა.
_ ჰო, _ თავდახრილმა მივუგე.
_ მერე? _ შეჩერდა და გიტარას მხარი მოუნაცვლა.
_ მერედა, მინდა, მომისმინო.
_ გისმენ, _ უგიტარო მხარი აიჩეჩა.
თითქოს ხმა გაუცივდა. ნეტავ, რას ფიქრობს ამწუთას? იქნებ ჰგონია, რომ მასთან განშორება მინდა და იმიტომაც «გაგრილდა» ასე უცებ?
_ იცი? მე შენთან ძალიან კარგად ვარ. ასე არასდროს არავისთან ვყოფილვარ, _ შორიდან დავიწყე.
_ პრელუდია გამოტოვე, პირდაპირ უვერტიურაზე გადადი, _ ირონიულად ჩამერთო.
_ კარგი, _ კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი და კიდევ ერთხელ ჩავახველე.
_ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრა, მაგრამ მეშინია, ამან ჩვენი ურთიერთობა არ გააფუჭოს, _ მაინც გავწელე სათქმელი.
_ სხვა მოგწონს? _ სხვისი ხმით დამეკითხა.
_ არა, არავინ მომწონს, შენ გარდა. შენ კი არა მხოლოდ მომწონხარ, მიყვარხარ კიდეც… თანაც ძალიან, _ ვთქვი და შვების სუნთქვის პირველი ნაკადი ამოვუშვი, თუმცა ამან ვერ შემამსუბუქა, მეტი იყო საჭირო.
_ მაშინ რა ხდება? _ კვლავ შეჩერდა, გიტარა მიწაზე დააყრდნო და ზედ ხელებით დაებჯინა.
რა საძაგელია! მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი და თითქოს არაფერი! მე ხომ ჯერ მისთვის ასეთი რამ არ მითქვამს! თვითონ რატომ არ მითხრა, მეც მიყვარხარო? თუ ეშინია, რომ საშინელებას ვეტყვი და არ იჩქარა?
_ რა ხდება და… მე შენამდე ერთ ბიჭთან სექსი მქონდა, _ «მეორე ბიჭის» ამბავი საგულდაგულოდ «გადავმალე», რადგან, ჩემი აზრით, ის არ «ითვლებოდა».
ვერ მივხვდი, იმოქმედა თუ არა ჩემმა სიტყვებმა მასზე, თუმცა გამომცდელი მზერა კი მესროლა.
_ და მე რა უნდა გავაკეთო? _ თითქოს უდარდელად აიჩეჩა მხრები, მაგრამ მივხვდი, ცოტათი დაიძაბა.
_ არაფერი… _ ალმურმა გადამიარა, _ უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა.
_ არ უნდა მცოდნოდა! _ ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა, _ ეს ჩემი საქმე არ არის! ჩემი საქმე მხოლოდ ისაა, ახლა რა ხდება.
დავიბენი. ასეთ სიცივეს არ ველოდი, არც ასეთ მბრძანებლურ ტონს. იე მელაპარაკებოდა, როგორც ქმარი ცოლს.

_ ახლა რა ხდება? ახლა მხოლოდ შენ ხდები, სხვა არავინ! _ ქარაგმულად მივუგე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.

_ მორჩა! თემა დახურულია. სხვა დროს ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ!
გავქვავდი. ნუთუ არ უნდა მეთქვა? მგონი, რაღაც ეწყინა… მაგრამ რა? ის, რომ სხვასთან სექსი მქონდა, თუ ის, რომ ეს გაიგო? იქნებ გაბრაზდა, ამდენ ხანს «ჩალაგამოვლებული» რას დავყიალობდი ამასთანო?
ცივმა ოფლმა დამასხა. რღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ვიჩქარე, როცა სიყვარული ავუხსენი. მეგონა, რომ აღარ მიყვარდა. იმ წუთას მართლა არ მიყვარდა და ერთი სული მქონდა, დავმშვიდობებოდი და შინ გავქცეულიყავი. ახლა რომ მითხრას, მეც მინდა შენთან სექსიო, რა ვქნა? უარი რომ ვუთხრა, ერთ ამბავს ამიტეხავს. არადა, რომ არ მინდა? საშინლად განვიხიბლე. ვიცოდი, რომ ეს განხიბლვა დროებითი იყო, მაგრამ მაინც ავნერვიულდი.
_ ლუკა, სიმართლე მითხარი, შენთვის ამის გაგება რამეს ნიშნავდა? _ მაინც მოვუსინჯე ნიადაგი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
_ ეგრე რომ ყოფილიყო, აქამდე გკითხავდი. არ უნდა გეთქვა! მეც მქონია სექსი გოგოსთან, მაგრამ შენთან ამაზე ლაპარაკი არც მიცდია, _ ოდნავ შერბილებული ხმით განმიმარტა, გიტარა ხელში დაიჭირა და გზა გააგრძელა.

მოულოდნელად გული შემიტოკდა… მწვავედ, ძალიან მწვავედ… ეს ეჭვიანობას უფრო ჰგავდა. ვერა, შვება ვერა და ვერ ვიგრძენი. უფრო და უფრო მეჭიმებოდა სხეული. თუ ჩემზე ასე იმოქმედა მისმა ნათქვამმა, მეც მქონია სხვასთან სექსიო, რა გარანტია მაქვს, რომ მასაც არ ეწყინა? ალბათ არ შეიმჩნია და ამიტომაც მითხრა, არ უნდა გეთქვაო.
_ სახლში წავალ, _ ყრუდ ამოვთქვი და შევტრიალდი.
_ როგორც გინდა, _ თვითონაც შემობრუნდა და ნაბიჯები ამიწყო.
_ აი, ამ ნაბიჯების რიტმზე ამაღამ სიმღერას დავწერ, _ ღიმილით თქვა, _ და შენს აღსარებას მივუძღვნი.
შევხედე. ცუდი ვერაფერი შევამჩნიე. ძველებური ლუკა მიღიმოდა, მშვიდი და გაწონასწორებული. ვერაფრით ვერ მივხვდი, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ჩემმა ეგრეთ წოდებულმა აღსარებამ.
სახლამდე გზა, როგორც სხვა დროს, უხმოდ გავიარეთ. მე დავემშვიდობე, მან მხოლოდ თავი დამიქნია. არ გამკვირვებია. მას ხომ არ უყვარდა დაშვიდობება… არც მოსალმება…
შინ შესულს კი კიბის თავზე შუბლშეკრული მამა დამხვდა.
_ სად იყავი აქამდე! _ ხმა საშიშად გამკაცრებოდა.
მეგობართან, _ აუღელვებლად მივუგე.
_ შენსას არ იშლი, არა?
_ რომელ «ჩემსას», მამა? რას გულისხმობ? იქნებ დამიკონკრეტო. შენ ხომ ასე გიყვარს დაკონკრეტება!
_ იცი შენ, რასაც ვგულისხმობ! _ უფრო აუწია ხმას.
_ ვერ გავიგე, მაკონტროლებ? რა უცებ გახდი მკაცრი და მომთხოვნი? ადრე ასეთი რამ არ გჩვეოდა? _ ვიგრძენი, რომ ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე და ახლა ძალიან ცუდ რამეებს ვეტყოდი მშობელს, _ რამ შეგაფხიზლა? ჩემს ოთახში ნანახმა ნიფხავმა? თუ მე რომ სექსი ვიცი, რა ხილია, იმან?
მოულოდნელად ხელი აიქნია და სილა გამაწნა. როგორ ამეწვა ლოყა! და როგორ შემძულდა სულ რამდენიმე წამში. ხელები მოვმუშტე, თვალები დავაკვესე და მთელი ხმით ვიყვირე.
_ რა ძალიან მაგარი ხარ, აუ! ყოჩაღ, მამი! ჩაგეთვალა! ჩემს გაკონტროლებას, გერჩივნა, თავის დროზე შენი ცოლი გაგეკონტროლებინა და იქიდან დაგეწყო ეჭვიანობის თამაში! _ მივახალე აკანკალებულმა და საფეხურები კისრისტეხით ჩავირბინე.
გავრბოდი, მაგრამ არ ვიცი, საით. ვის უნდა მივდგომოდი ასეთ დროს. მერიკოს, სხვას ვის. ვისთან მიმესვლებოდა? ან ვინ მყავდა ისეთი, ვინც გამიგებდა? არავინ…
მერიკოს არც გაკვირვებია ჩემი უდროო დროს გამოჩენა. არც არაფერი უკითხავს. ალბათ ძალიან ვგავდი სახლიდან გამოქცეულს.
როცა ვახშამზე უარი ვუთხარი, ლოგინი გამიშალა და დამაწვინა. მერე თავთან დამიჯდა და დიდხანს რაღაცას თბილად მეჩურჩულებოდა… სიყვარულით, მეგობრულად… თან თმაზე ხელს მისვამდა…
მალევე ჩამეძინა.
8 8 8
რას ვიფიქრებდი, მამასთან მომხდარი ეს ინციდენტი თუ თავზარდამცემად დამთარვდებოდა! ეს რომ მცოდნოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი. წამითაც არ მიფიქრია, რომ მამას რაუნდი მოვუგე. სხვათა შორის, არც თვითონ მოუგია. ჩვენ ორივემ წავაგეთ, ორივენი დამარცხებული დავრჩით.
მე მეორე დღესვე დავბრუნდი შინ. არავინ დაინტერესებულა იმით, რატომ გავათიე ერთ ღამე კლასელთან. მომდევნო რამდენიმე დღე აუტანელი გახდა. დედაც და მამაც ზედმეტად ჩუმად იყვნენ. ერთმანეთთან კამათი და ჩხუბი არ მოსვლიათ, მაგრამ ვხედავდი, როგორი ნამტირალევი დადიოდა დედაჩემი. მიზეზს, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი. ალბათ მამას ერთობ უსიამოვნო საუბარი ჰქონდა დედასთან იმის გამო, მე რომ ჩავუშვი. მაგრამ მერე რა? განა მამამ არ იცოდა, დედა რომ ღალატობდა? შეუძლებელია! იცოდა, ძალიან კარგადაც იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მე ვერ ვხვდებოდი ამას. ალბათ ამან გააღიზიანა.
სახლში უფრო და უფრო მატულობდა დაძაბულობა. სანდრიკაც კი ფეხის წვერებზე დადიოდა და ყველას თვალებში მისჩერებოდა კითხვით სავსე მზერით, იქნებ რომელიმესგან მაინც გაეგო, რა ხდებოდა ასეთი გაუსაძლისი.

ამასობაში კესო შემირიგდა. ბოლო გაკვეთილი რომ დაგვიმთავრდა, უბოდიშოდ მომეჭრა და გამომელაპარაკა.
_ წუხელ კლუბში დაგინახე.
_ იქ იყავი? _ გავიოცე, არ შემინიშნავს კლუბში, სადაც ლუკას ხშირად დავყავდი.
_ ჰო და ძალიან მომეწონა იმ ბიჭის შესრულება. მაგრად უკრავს. შენი შეყვარებულია?
_ ჰო. რა იყო? _ ამრეზით გავხედე.
_ არაფერი, _ მზერა ამარიდა, ალბათ თორნიკე თუ გაახსენდა, _ მეც მინდა ერთ ადგილზე დაგპატიჟო. თუ წამოხვალ, არ წააგებ. იქ ჩვენი კლასელები არ იქნებიან, შენ მათ არ იცნობ, მაგრამ კარგები არიან. არაჩვეულებრივ დროს გავატარებთ. არასდროს დაგავიწყდება.
_ მადლობა, კესო, მაგრამ ამის სურვილი არ მაქვს. დამღალა ხმაურიანმა საღამოებმა. თან ვიცი, შენი სამეგობრო წრე როგორი ხალხისგანაც შედგება. ასეთები უკვე ამომივიდა ყელში.
_ უარს რატომ მეუბნები, არ გინდა, შევრიგდეთ?
_ შევრიგდეთ? განა როდის გავიბუტეთ? მე შენთან არ მიჩხუბია. ძალიან მარტივად ჩატარდა ეგ «ოპერაცია» _ შენ შენი გზით წახვედი, მე ჩემსას დავადექი. სულ ეს იყო.
_ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, _ დანანებით მომიგო და ზურგი შემაქცია.
_ მიხარია, თუ ასეა, _ ნიშნის მოგებით გავიცინე და ჩანთას წამოვავლე ხელი.
8 8 8
სახლში მისულს უცნაური სურათი დამხვდა. დედა და მამა გაშლილ სუფრას უსხდნენ, მაგრამ არ სადილობდნენ. მხოლოდ ვანიკო აქნევდა ყბებს, გემრიელად იღმურძლებოდა. ნაზი არსად ჩანდა. ამან, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა. ის ყოველთვის ჩვენთან ერთად სადილობდა. მივხვდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა, პირი ვერაფერს დავაკარე. ხან დედას მივაპყრობდი ცნობისმოყვარე მზერას, ხან მამას.
ცოტა ხნის შემდეგ მამამ ნაზის გასძახა, მაგიდა აალაგეო. ნაზი აცრემლებული შემოვიდა ოთახში და პირმოკუმულმა დაიწყო კერძების და თეფშების გატანა…
ასეთი ჩუმი სადილი პირველად იყო ჩემს სახლში. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ძალიან არასასიამოვნო ხდებოდა და ველოდებოდი, როდის გავიგებდი ამას. როდესაც ნაზიმ მაგიდა აალაგა და კარი საბოლოოდ გაიხურა, მამამ სერიოზული სახით გამოგვიცხადა.
_ ბავშვებო, სასტუმრო ოთახში გადით, სალაპარაკო გვაქვს თქვენთან!
გაოგნებული სანდრიკა მე მომაჩერდა, მე _ მამას.
_ რა სალაპარაკო? _ ცოტა არ იყოს, დამფრთხალმა ვიკითხე. შემეშინდა, მეგონა, ისევ ჩემზე უნდა დაწყებულიყო იერიში.

_ გადით, ჩვენც გამოვალთ და იქ გაიგებთ! _ მოკლედ მომიჭრა მამამ და თითები ცარიელ მაგიდაზე აათამაშა.
მე და სანდრიკა უხმოდ გავედით. ჩემმა ძმამ წელზე ხელი მომხვია, თითქოს ამწუთას მხოლოდ მე ვიყავი მისი საიმედო დასაყრდენი.
_ რ უნდა გვითხრან, არ იცი? _ ჩურჩულით მკითხა და შიშნარევი მზერით შემომხედა.
_ მე რა ვიცი. მოვლენ და გვეტყვიან. შენ რა, გეშინია? _ შეგნებულად უდარდელად მივუგე, რომ მისი შიში გამექარწ....ბინა.
_ მე-ე? ა-რააა! _ აკანკალებული ხმით მიპასუხა, მაგრამ აშკარად ჩანდა, კიდევ რამე რომ მეთქვა, აღრიალდებოდა.
პირველი დედა შემოვიდა. სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ტუჩები ჩათეთქვოდა, სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. თან ეს სიგარეტი… იგი არასდროს ეწეოდა ჩვენი თანდასწრებით, განსაკუთრებით სანდრიკას ერიდებოდა. ახლა კი… თვალში მომხვდა ისიც, რომ თითები უცახცახებდა.
დედას მამა შემოჰყვა. მან ხმამაღლა ჩაახველა, ხელები ზურგზე შემოიწყო და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ერთხანს აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა. გული გამიწვრილდა. ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებდა მამა ლაპარაკს.
მოულოდნელად იგი შუა ოთახში შეჩერდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შემოგვხედა.
_ ნეკა, შენ პატარა გოგო აღარ ხარ… _ ჩუმი ხმით მომმართა, _ არც შენი ძმაა იმ ასაკში, ასეთი რამეები ვერ გაიგოს… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და… მე და დედათქვენი ერთმანეთს ვშორდებით. ჩვენ საბოლოოდ დავასკვენით, რომ ერთად ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ვიცი, ძალიან ცუდია, როცა ორ ადამიანს ერთ ჭერქვეშ ერთად ცხოვრება უჭირს, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებამ მოიტანა ასე. თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც მთავრდება, რაღაც მთავარი და ხვდები, რომ წლების განმაავლობაში აშენებული და სიმწრით მონაპოვარი თავზე გენგრევა. ვერაფერს ვიზამთ, ასეთ დროს თვითგვემა და თავში ხელების ცემა გამოსავალი არ არის. ამ დროს აჯობებს, ყველამ თავისი გზა ნახოს და ისე გააგრძელოს ცხოვრება, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა მტრობაში გადაიზრდება. არა, ასე არ იქნება. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით და ხშირად ვინახულებთ ერთმანეთს. აი, ეს მინდოდა მეთქვა, _ დაამთავრა მამამ და მხრები რაღაცნაირად შეათამაშა.
კვლავ ვიგრძენი ის სიჩუმე, რომელმაც წეღან ასე შემაწუხა.
_ ეგ როგორ? _ სანდრიკას ნიკაპი უკანკალებდა, _ და მერე როგორ იქნება?
_ ყველაფერი კარგად იქნება, შვილო, _ დედას მშვიდი ხმა ჰქონდა, _ ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით. ნუ გეშინია.

_ აქამდე რატომ არ თქვით, თუ ამას აპირებდით? _ ასლუკუნდა ჩემი ძმა, _ იქნებ მე და ნეკას რამე მოგვეფიქრებინა?
_ სანდრო, ბიჭო! რა გჭირს! _ შეუძახა მამამ, _ რა ქალივით ტირი, არ გრცხვენია? ქვეყანა კი არ იქცევა, მოვაგვარებთ ყველაფერს.
_ და მე… მე ვისთან უნდა ვიცხოვრო?
ეს ისეთი შეწუხებული ხმით იკითხა, თითქოს მისი თავიდან მოშორება ჰქონდათ მშობლებს გადაწყვეტილი.
_ შენ მე წაგიყვან, მამიკო, ნეკა კი დედამისთან დარჩება, _ «ანუგეშა» მამამ.
_ სად წამიყვან?
_ ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ გაყრას დრო სჭირდება, სანამ ეს საქმე მოგვარდება, რამეს მოვიფიქრებ. ბოლოს და ბოლოს, ვიქირავებ დროებით ან ვიგირავებ ბინას და… ნუ შიშობ, კარგად მოვეწყობით.
_ მე რომ დედასთან მინდა? _ ტუჩები მოებრიცა სანდრიკას.
_ მერე რა? როცა მოგინდება, ნახავ, ცხრა მთას იქით კი არ მივდივართ. რა გჭირს, ბიჭო? _ გაღიმება სცადა გაფითრებულმა მამამ, _ კაცი არ ხარ?
_ არ მინდა ასე… _ ჩაიბურდღუნა სანდრომ და გაბუტული ტახტის კუთხეში მიიკუნტა.
_ ნეკა, შენ რას იტყვი? რაღაც არაფერს ამბობ… _ მამამ ჩემკენ გამოიხედა.
_ მე რა უნდა ვთქვა? _ ამრეზით გავხედე, _ თქვენ უკვე გადაგიწყვეტიათ ყველაფერი და ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს?
_ მე შენ არაფერს დაგაკლებ, დედიკო! _ ეს ხმა არა დედაჩემს, არამედ სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. ჩანდა, რომ ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას.
_ უღრმესი მადლობა, _ არ დავინდე მშობლები და დამცინავად ჩავიღიმე.
_ ისე, შენთვის შეიძლება ასე უკეთესიც იყოს, ნეკა, _ ირონიული გაუხდა მამას ტონი, _ კარგა ხანია, დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევი და დედ-მამა დიდად არაფერში გჭირდება, ასე არ არის?
ამ სიტყვებმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. დავიბოღმე, მაგრამ პასუხი არ გამიცია.
_ ხომ გახსოვს, ამას წინათ რომ ვილაპარაკეთ? _ გააგრძელა მამამ, _ მაშინ ბევრ რამეს მივხვდი. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. შენ ჩვენი არ გესმის, ჩვენ კი შენი. ასე რომ, შენთვის ალბათ ყველაზე ადვილი გადასატანი იქნება ეს სიტუაცია.
_ მართლა? _ გამგმირავი მზერა ვესროლე მამას, _ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახის დანგრევა ჩემი ბრალია? მე მადანაშაულებ ამაში?
_ მე ეგ არ მითქვამს.
_ კი, თქვი! _ ხმას ავუწიე, _ მაგრამ არ გირჩევთ, ასე იფიქროთ. პრობლემა ორივემ საკუთარ თავში ეძებეთ. ოდესმე აზრად გაგივლიათ ან ერთს, ან მეორეს, რომ თქვენი ოჯახი ოჯახს არასდროს ჰგავდა? გიფიქრიათ ამაზე? იქნებ რომელიმეს გგონიათ, რომ ამ წლების განმავლობაში ბრმა და ყრუ ვიყავი და ვერაფერს ვხედავდი ან არაფერი მესმოდა? თუ, რადგან არაფერს ვამბობდი, ჩემს სიშტერეს მიაწერეთ? თქვენზე უკეთ ვიცი, რომ არც მე ვარ ღვთის საჩუქარი, მაგრამ თქვენი შვილი როგორ შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო! რაც დათესეთ, ის მოიმკეთ. ეს არის და ეს! _ განრისხებული ვაბრიალებდი თვალებს და ხან დედას შევხედავდი, ხან მამას.
_ ნუ ლაპარაკობ ასე, დაფიქრდი ცოტა! _ შენიშვნა მომცა დედამ.
_ დაფიქრების საშუალება თქვენ ჩემთვის არ მოგიციათ. დაუფიქრებლად მომახალეთ ახალი ამბავი პირში. ჰოდა, როგორც დაიმსახურეთ, ისე გიპასუხეთ!
_ ნუ ყვირი, თუ ქალი ხარ! _ ხმას აუმაღლა მამამ, _ შენთან ჩხუბი სულაც არ მინდა.
_ ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მამა, _ ზიზღით გავხედე მამაჩემს, _ ჩხუბით თუ ჩხუბის გარეშე, დიდი განსხვავება არ არის. არც ერთი მდგომარეობა შეინარჩუნებს ამით თქვენს ოჯახს და არც მეორე. და, საერთოდ! _ მთელი ხმით ვიყვირე, _ მეზიზღებით ორივე! _ წარმოვთქვი ეს სიტყვები და ვიგრძენი, რომ საშინლად დავიღალე, თითქოს ყველა ჩვენგანის ცოდვების სიმძიმე ერთბაშად მხოლოდ მე დამაწვა მხრებზე.
მეტის ატანა აღარ შემეძლო. ავდექი და კარისკენ გავემართე აცახცახებული.
_ იქნებ თავიდან დაქორწინდეთ? _ კართან მისულს სანდრიკას გულუბრყვილო შეკითხვა დამეწია, რასაც ჩემი მშობლების დუმილი მოჰყვა პასუხად.
8 8 8
დასაძინებლად რომ დავწექი, კარი გაიღო და ფეხშიშველი სანდრიკა შემოტანტალდა.
_ სან, რატომ არ გძინავს?
_ ვერ ვიძინებ. მინდა, მეც შენსავით ვეჩხუბო ორივეს, _ ნაღვლიანი ხმით თქვა და ლოგინში შემომიძვრა.
_ ჩხუბი არ არის აუცილებელი. გგონია, კარგი ვქენი, რომ ვიჩხუბე?
_ აბა რა ვქნათ? შენ მოგწონს, რაც ხდება?
_ არ მომწონს, მაგრამ მე და შენ ვერაფერს შევცვლით.
_ ვერ შევცვლით და მაგათი დედაც… _ ისეთი უშვერი სიტყვებით შეიგინა ჩემმა ძმამ, პირი ღია დამრჩა.
_ სანდრიკ! რას აკეთებ? სად ისწავლე ეს გინება?
_ რა ვიცი მე… ალბათ ვიცოდი… _ ჩაიბურტყუნა შეცბუნებულმა, _ ნეკა, რაღაც მინდა გკითხო, კარგი?
_ მკითხე.
_ შენ ხომ არ დამივიწყებ? ჩემს სანახავად ხომ ხშირად მოხვალ? რამე რომ გამიჭირდეს, დამეხმარები?
_ რა სისულელეებს მეკითხები, სან, აბა რას ვიზამ! _ გული ამიჩუყა მისმა სიტყვებმა, მოვეხვიე და გულზე მივიხუტე.

_ როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ? დედა ძალიან მიყვარს… შენც. ამ სახლში რომ არ ვიქნები, ძალიან ცუდია. სხვაგან როგორ უნდა გავძლო?

_ არა უშავს, მიეჩვევი და ნუ ტირი პატარა ბავშვივით, დიდი ბიჭი ხარ უკვე! _ ვუსაყვედურე ძმას, მაგრამ თვითონაც ყელში მქონდა ცრემლი მობჯენილი.

მას ჩემთვის პასუხი არ გაუცია. ერთხანს თავშეკავებულად სლუკუნებდა, მერე ჩაეძინა. მე კი დიდხანს არ გამეკარა რული.

რა საშინელი შეგრძნება ყოფილა, როცა მშობლები იყრებიან. და, საერთოდ, რას ჰგავს ჩემი ცხოვრება? ვინ ვარ და რა გამიკეთებია ამ წლების განმავლობაში? ნუთუ მეც დედაჩემის ბედი მომელის ოდესმე? ნუთუ ასეთი ხანმოკლეა სიყვარული? ან კი, რა არის სიყვარული? როდის უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ სიყვარული ეწვია? რატომ ინგრევა ოჯახები? მით უმეტეს, ამდენი წლის თანაცხოვრების შემდეგ? რომელი უშვებს საბედისწერო შეცდომას დროთა განმავლობაში _ ცოლი თუ ქმარი? როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ შეცდომები არ დაუშვას ან ნაკლებად დაუშვას? სად არის გამოსავალი?
არ ვიცი, რამდენ ხანს ვფიქრობდი. არც ის ვიცი, როდის წამართვა ძილმა თავი. როცა გამეღვიძა, კარგა ხნის გათენებული იყო. სანდრიკა ჩემზე ადრე ამდგარიყო, აღარ იწვა ჩემ გვერდით. მოულოდნელად სასოწარკვეთილი ხმა შემომესმა. თითქოს ტიროდა ვიღაც, თუ მოთქვამდა.

შეშფოთებული საწოლიდან წამოვხტი და პიჟამას ამარა გავვარდი დერეფანში. ნაზი ჩანთებს ეზიდებოდა.
_ რა ხდება? _ გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მეგონა, რაღაც საზარლობა ხდებოდა.
_ მივდივარ ამ სახლიდან, _ ტირილით «მომახარა» მან.
_ სად მიდიხარ?
_ ჯანდაბაში!
_და რატომ? ნაზი, შენ მაინც რატომ? _ წინ გადავუდექი, თითქოს შევძლებდი მის შეჩერებას.
_ იმიტომ, რომ ასეთ ოჯახში ცხოვრება არ შემიძლია, საყვარელო. ამდენი წელია, თქვენ გვერდით ვარ და გული სიამოვნებით მევსებოდა, ერთად რომ გხედავდით. შენი მშობლების დაშორებას ჩემი გული ვერ გადაიტანს. წავალ, დავბრუნდები სოფელში, სახლ-კარს მივხედავ. ჩემს ძმასაც გაუხარდება, ბავშვების გაზრდაში მივეხმარები.
ნაზიმ გადამკოცნა, თავის ორ ჩანთას დაავლო ხელი და გავიდა. ცოტა ხანში ხელცარიელი შემობრუნდა. ხელში მარჯნისთვლებიანი მძივი ეჭირა.
_ ვიცი, ეს შენ ძალიან მოგწონდა. ამიტომ გჩუქნი. თუ მოგბეზრდეს, ვინმეს აჩუქე, არ დამენანება! _ ჩუმი ხმით მითხრა და კიდევ ერთხელ გადამეხვია, _ გამაგრდი, საყვარელო, ამით ყველაფერი არ მთავრდება. თუ დაგჭირდე, დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები…
8 8 8
იმ დღიდან ყველაფერი აირია ჩემს ცხოვრებაში. თითქოს ცუდი ამბები ერთმანეთს წაეწყო. ჩემი მშობლების გაყრის ამბავი მონელებული არ მქონდა, რომ ახალი, კიდევ ერთი გაუსაძლისი ტკივილი დამემატა.
ერთ დღეს ლუკასგან მესიჯი მივიღე. ის მწერდა, რომ საქართველოდან მიდიოდა და დიდხანს ვერ მნახავდა, თუმცა მპირდებოდა, რომ არ დამივიწყებდა და აუცილებლად ბევრ წერილს მომწერდა.
როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, მასთან გავქანდი. სირბილით გავიარე გზა მის კორპუსამდე. კარი შეღებული დამხვდა. რომ შევედი, ლუკა თავის ტანსაცმელს ჩანთაში ალაგებდა.
_ ეს რას ნიშნავს? _ აქოშინებულმა ვკითხე.
_ მივდივარ… თურქეთში.
_ თურქეთში? რატომ?
_ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. კლუბში ვიმღერებ, თან ვისწავლი. ახლობელმა გამიკეთა.
_ და აქ რატომ არ გინდა დარჩენა?
_ აქ იმდენ ფულს ვერ გამოვიმუშავებ, რომ თავიც ვირჩინო და ჩემებსაც მივეხმარო. ამიტომაც მივდივარ.
_ არა, მაგიტომ არ მიდიხარ. ზუსტად ვიცი, რატომაც გადაწყვიტე წასვლა.
ლუკამ საქმიანობა შეწყვიტა, დოინჯი შემოიყარა და მომაჩერდა.
_ და რატომ, როგორ გგონია?
_ იმიტომ, რომ არ მაპატიე, იმ დღეს რაც გითხარი.
_ რა სისულელეა, _ ჩაიცინა.
_ ჰო, ეგრეა. იმ საღამოს შემდეგ სულ სამჯერ შემხვდი, ერთი-ორჯერ დამირეკე და ეგ იყო. ასეთი რა გითხარი? ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს წარსულს შენთვის?
_ ეგ რამ გაფიქრებინა? შენ არაფერ შუაში ხარ, ნეკა. მე ჩემი პრობლემების მოგვარება მინდა, ამიტომაც მივდივარ. შენ კი… აბა, რა გიყო, გინდა დაიჯერე, გინდ არა.
_ მაშინ მეც გამოგყვები! _ წამოვიძახე უცებ.
_ გაგიჟდი? სად გამომყვები, ხომ არ გააფრინე! შენ ჯერ სკოლა უნდა დაამთავრო!
_ არ მინდა სკოლის დამთავრება! შენთან მინდა! მეც ვიმუშავებ. ერთად ვიცხოვროთ. არ მინდა აქ უშენოდ, არა! _ ცრემლები ყელში მომებჯინა.
_ ნეკა, რა გემართება? _ მხრებში ხელი ჩამავლო ლუკამ და შემაჯანჯღარა, _ სამუდამოდ კი არ ვაპირებ თურქეთში დასახლებას, ერთი-ორი წელი და ჩამოვალ. მერე სულ ერთად ვიქნებით.
_ არა, მერე ერთად ვერ ვიქნებით, _ დანანებით გადავაქნიე თავი.
_ და რატომ?
_ იმიტომ, რომ ძალიან მალე დამივიწყებ. ვიცი.
ამაზე ლუკა ძალიან გაბრაზდა. უპასუხისმგებლო და არასერიოზული კაცი გგონივარო. შემპირდა, რომ ხშირად მომწერდა და დამირეკავდა…
ისე დავშორდით ერთმანეთს, სიყვარული არ აუხსნია. თუმცა, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. რატომღაც, ვენდე მის სიტყვას. გულდამძიმებული მივუყვებოდი ქუჩას და მჯეროდა, რომ არ დამივიწყებდა. მჯეროდა, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ ჩამოვიდოდა და ჩვენ კვლავ გავაგრძელებდით შეხვედრებს. ეს რამდენიმეწლიანი განშორება კი უფრო გაამყარებდა ჩვენს ურთიერთობას…
8 8 8
ლუკამ სულ ექვსი წერილი მომწერა და რამდენჯერმე დამიმესიჯა. დარეკვა ერთხელაც არ უცდია. მე კი როგორ მენატრებოდა მისი ხმის გაგონება. მაგრამ პირველმა არ გადავდგი ნაბიჯი. განვლილმა ცხოვრებამ ერთი რამ ჯიუტად მასწავლა _ შენს თავმოყვარეობას უნდა გაუფრთხილდე! რაც მეტად გატკენენ გულს, მით უფრო უნდა გაიმძაფრო თავმოყვარეობა!

ლუკას წერილებიდან მისი ახალი ამპლუის ამბებს ვიგებდი. ის მშვენივრად მოეწყო თურქეთში. არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს. სწავლის პარალელურად, სამსახურიც იშოვა და თავის რჩენა არ უჭირდა. თავდაპირველად წერილები მალ-მალე მოდიოდა, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ _ თვეში ერთხელ, ბოლოს საერთოდ შეწყდა. თუ პირველ ხანებში გრძელ წერილებს მწერდა, მერე თანდათან შეამოკლა. ბოლოს მიღებულ ბარათში კი მხოლოდ სამი წინადადება ეწერა. მის ყველა ბარათს ვპასუხობდი, თუმცა ბოლო წერილი, რომელიც გავუგზავნე, უკან დამიბრუნდა. როგორც ჩანს, ლუკა უკვე აღარ ცხოვრობდა ძველ მისამართზე.
ცოტა არ იყოს, პირველ ხანებში გამიჭირდა, ყოველდღე ველოდებოდი, როდის დამიმესიჯებდა, ან მომწერდა, მაგრამ ამაოდ. მისგან აღარაფერი ისმოდა. თანდათან ვეგუებოდი მდგომარეობას და ვხვდებოდი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ლუკას ვახსოვდი თუ არა. მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი მის სიჩუმეს. ასე მეგონა, ერთ ადგილს ვიყავი მიყინული და ადგილიდან დაძვრის სურვილი არ გამაჩნდა. ბევრი რამ დამიშავებია ჩემი თავისთვის, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არასდროს მინანია, დანაშაულის გრძნობას არ შევუწუხებივარ. ახლა კი… ახლა კი სწორედ ეს შეგრძნება მაწუხებდა, მხრავდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გავიზარდე, დავქალდი და სხვა თვალით დავუწყე ცხოვრებას ყურება. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. გამუდმებით იმაზე ვეკამათებოდი ჩემს ორეულს, როგორი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი ან განსხვავებული ხასიათი მქონოდა, ან ჩემი მშობლები არ დაშორებოდნენ ერთმანეთს… თითქოს ვაანალიზებდი ჩემს ცხოვრებას, ვიჩხრიკებოდი ჩემს არცთუ იღბლიან წარსულში და ვერც ერთ ჩემს საქციელს გამართლებას ვერ ვუძებნიდი. ვხვდებოდი, რომ მე თვითონ შევქმენი ჩემი ჯოჯოხეთი და სხვას არავის ამაში ბრალი არ მიუძღოდა. უფრო მეტიც _ ცოტათი ალბათ მართლაც იყო ჩემი ბრალი, დედა და მამა რომ გაიყარნენ.
ერთ საღამოს დედა სწორედ ამ თემაზე დამელაპარაკა. თავისი სურვილით, სრულიად მოულოდნელად გამიბა საუბარი.
_ შეცდომა ყველას მოსვლია ცხოვრებაში. მთავარი ეს არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთი და იმავე სახის შეცდომა მეორედ არ დაუშვას ადამიანმა. არ ვიცი, გასაგებად გიხსნი თუ არა, მაგრამ მინდა, ისე იცხოვრო, რომ ჩემსავით ტკივილიანი გზის გავლამ არ მოგიწიოს.
ვუსმენდი დედას და გული ცრემლით მევსებოდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ აცრემლება გულსაც შეძლებია. ამ ცრემლს ჩემ გარდა ვერავინ გრძნობდა, ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა, მე კი უფრო და უფრო მისველდებოდა გულის კედლები მარილიანი ცრემლებით.
გულამომჯდარმა თავი ავწიე და დედას თვალებში შევხედე.
_ დე, მე რომ შევიცვალო… აი, სულ, სულ რომ შევიცვალო, აბსოლუტურად სხვანაირი რომ გავხდე, შენ და მამას რომ გაგიხარდებათ, ისეთი, ყველაფერი რომ მოგიყვეთ ყოველთვის, შერიგდებით? იქნებ გადაიფიქროთ განქორწინება?
დედას თვალები გაუფართოვდა. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი ხმაშეცვლილმა მომიგო:
_ ნეკა, იცი, შენ ახლა რა თქვი? ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც ოდესმე გითქვამს. ძალიან მახარებს შენი ასეთი შემობრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და წინ დიდი მომავალი გელის. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, შვილო, მეც, მამაშენსაც, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამით არ შეიცვლება. რაც მამასა და ჩემს შორის იყო, უკვე წარსულის კუთვნილებაა. მისი დაბრუნება არ მოხდება. მაპატიე…
_ რატომ, დედა, რატომ?
_ იმიტომ, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია.
_ კი მაგრამ, განა რა მოხდა ასეთი? ამდენი წელია, ერთად ხართ, ერთად მოდიხართ. გასაგებია, რომ ორივეს თქვენ-თქვენი ცხოვრება გქონდათ, მაგრამ ამას ხომ თქვენთვის ხელი არ შეუშლია, ერთ ჭერქვეშ გეცხოვრათ?
_ სწორედ ამიტომაა წარსულის უკან დაბრუნება შეუძლებელი, შვილო.
მისთვის პასუხი არ გამიცია. არც არაფერი მქონდა სათქმელი. მათ ჩემი არ ესმოდათ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ოჯახისადმი ასეთი მიდგომით მათ ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრება დაანგრიეს.
8 8
საღამო ხანი იყო. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რაღაცნაირად აღრენილი. რატომღაც, კესოსთან მომინდა დალაპარაკება. მობილურზე დავურეკე.

_ კესო, როგორ ხარ?
_ ნეკა, შე-ენ? _ გაკვირვებული ტონით მკითხა კესომ, თითქოს არ სჯეროდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი.
_ ჰო, მე ვარ. რაღაც მინდოდა მეთქვა…
_ გისმენ, კესო.
_ ა, ამ დღეებში თუ შეკრებას აპირებთ, მეც წამოვალ, კარგი?
_ მართლა? რა მაგარია! მაშინ ახლავე გამოდი, კარგ ადგილას მივდივარ.
კესოს ისე გაუხარდა ჩემი ზარი, ჭკუაზე არ იყო.
დედას დავუბარე, კლასელთან მივდივარ-მეთქი და კესოს მივადექი. ის მარტო იყო სახლში, სარკის წინ იდგა და იპრანჭებოდა.

_ სად მივდივართ? _ ვკითხე ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
კესომ ორჭოფულად ამათვალიერა.
_ შეუფერებლად გაცვია. დაბადების დღეზე მივდივართ. ერთი «ძაან ტაკოი» ბიჭი გვყავს მეგობრებში, იმან დაგვპატიჟა. გაგაცნობ. ვინ იცის, იქნებ მოეწონო კიდეც. ფულიანი მამიკოს შვილია. მოიცა, ჩემსას გათხოვებ რამეს, ეგენი კი გაიხადე და აქ დატოვე, მერე წაიღებ, _ საქმიანად წარმოთქვა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგებას შეუდგა.
დიდხანს ვარჩიეთ. ბოლოს არჩევანი ლურჯ კაბაზე შევაჩერეთ, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.
უცნაური იყო… სარკეში ვათვალიერებდი ჩემს თავს და უკვე ვფიქრობდი იმ უცნობ ბიჭზე, რომელსაც ფულიანი მამიკო ჰყავდა. რაცაა, ესაა. თუ ეშმაკს მივყიდე სული, ბარემ ბოლომდე მივყვები ამ გზას. მოსახდენი, ჯობია, მოხდეს!
როცა კესო გაპრანჭვას მორჩა, ჩემი მორთვის სურვილმა მოუარა. ახლა მე დამსვა სარკის წინ და ჩემი მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა.
_ როგორ მიხარია, ისევ ერთად რომ ვართ, _ ტაში შემოჰკრა ბოლოს და პატარა გოგოსავით ადგილზე ხტუნაობას მოჰყვა.
შემდეგ მის ახალ მეგობართან წავედით. ის ბიჭი, რომელსაც ვაჟა ერქვა, მართლაც მდიდარი ოჯახის შვილი აღმოჩნდა. სახლი ისეთი ავეჯით იყო გაწყობილი, აქამდე რომ არასდროს მენახა. სუფრასაც ეტყობოდა ოჯახის უფროსის სქელჯიბიანობა. შავი ხიზილალა, მწყერი და შემწვარი გოჭი ეგრევე მომხვდა თვალში.
დამხვდურთაგან ორიოდე ადამიანს თუ ვიცნობდი, დანარჩენებს პირველად ვხედავდი. ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩვენი მისვლიდან, რომ ერთი ბიჭი მომიახლოვდა, თავხედურად ჩამაშტერდა თვალებში და მედიდური ტონით მითხრა:
_ რაღაც ძალიან კარგი «ტიპშა» ხარ… სიამოვნებით შეგჭამდი. აქამდე რატომ არ გიცნობდი?
ირონიულად ავხედე, მაგრამ პასუხი არ გამიცია. არც სხვას დავკონტაქტებივარ არავის. ახლა მხოლოდ დალევა მინდოდა. ჩემთვის მივჯექი მაგიდის ერთ კუთხეში და არაყი დავისხი. რამდენიმე ჭიქა მარტომ დავლიე, ჩემთვის, ჩუმად. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა. სამყაროც ატრიალდა ჩემ ირგვლივ. მერე ბუნდოვნად, აქა-იქ მახსოვს რაღაცები. ერთხანს ვცეკვავდი კიდეც. ბოლოს, როგორც ჩანს, გავითიშე…
8 8 8
როცა გამომეღვიძა, ოთახში მარტო ვიყავი. გარეთ ყაყანის ხმები ისმოდა. ისინი დროსტარებას აგრძელებდნენ. ავდექი და შეუმჩნევლად გამოვედი გარეთ.
შინ მისულს ცრემლები წამსკდა. სანამ მაღლა ავიდოდი, ბაღში შევედი, მერხზე ჩამოვჯექი და გულიანად ვიტირე… დიდხანს… დიდხანს…. სამაგიეროდ, მომეშვა. ისეთი შვება ვიგრძენი, რომ შევმსუბუქდი. გულზე ლოდად აღარ მაწვებოდა დარდი.
სწორედ ამ დროს ნაბიჯების ხმა შემოესმა. მოვიხედე. დედა იყო. მას თავშალი მოეხურა და ჩემკენ მოაბიჯებდა. ალბათ ჩემი ტირილის ხმა თუ გაიგონა.
_ აქ რას უზიხარ? _ დედა გვერდით დამიჯდა და თმაზე მაკოაცა.
_ ისე, უბრალოდ. არ მეძინება ჯერ.
_ ტიროდი, არა?
_ ჰო, ცოტა წავიტირე.
_ ხანდახან კარგია ტირილი, _ ამოიოხრა, _ სულს წმენდს.
_ და გულს ამშვიდებს, _ დავამატე.
_ მართალი ხარ, გულსაც ამშვიდებს. გაწყენინა ვინმემ?
_ აა, არავინ.
_ მაშინ…
_ რა მატირებდა? რატომ ტირიან ადამიანები? შენ რატომ ტირი ხოლმე? ამეტირა და… უცებ მოვიხედე უკან, გადავხედე ჩემს წარსულს და იმდენი რამე არ მომეწონა იქ, რომ თავი ვერ შევიკავე.
_ წარსული წარსულს უნდა გაატანო, ნეკა, განსაკუთრებით ცუდი მოგონებები. გასაგებია?
_ სათქმელად ადვილია, _ მხრები ავიჩეჩე, _ აი, შენ და მამა ერთმანეთს შორდებით. როგორ გგონია, შეძლებ, მამა წარსულს გაატანო? ვფიქრობ, არ გაგიადვილდება.
_ ეგ სხვა ამბავია. ჩვენს ამბავს შენსას ნუ ადარებ. შენ ჯერ ბავშვი ხარ, ბევრი არაფერი გინახავს, ჩვენი კი ლამის მთელი ცხოვრება ერთად გავლიეთ.
_ და მაშინ რაღატომ ანგრევთ ოჯახს? ან ჩვენზე რატომ არ ფიქრობთ?
_ თქვენზე რომ ვფიქრობთ, იმიტომაც. ხომ არ შეიძლება გამუდმებით მშობლების ჩხუბს და აყალმაყალს უყუროთ? ხომ მოქმედებს ეს თქვენს ფსიქიკაზე?
_ და რომ შორდებით, ეს არ იმოქმედებს? ამაზე გიფიქრიათ?
დედამ ამოიოხრა და თავშალის ბოლოთი ცრემლი მოიწმინდა. ახლა ის ტიროდა.
_ მამაშენს სხვა უყვარს. მას არ უნდა ჩემთან ცხოვრების გაგრძელება.
_ სხვა შენც გიყვარს. თანაც, დიდი ხანია, ასე ცალ-ცალკე სხვა გიყვართ, მაგრამ მაინც იყავით ერთად. ეგ არ არის საბაბი.
_ მოდი, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, გთხოვ. გაივლის დრო, გაიზრდები და მიხვდები, რომ ამ ეტაპზე ასე ჯობდა, _ ცივად წარმოთქვა დედამ, ადგა და დამტოვა.
კიდევ დიდხანს ვიჯექი ბაღში.
კიდევ დიდხანს ვფიქრობდი დედაზე, მამაზე, სანდრიკაზე, ჩემს თავზე…
კიდევ დიდხანს ვტიროდი…

მერე ავედი ჩემს ოთახში და საწოლზე მივეგდე… მალე მკვდარივით დამეძინა…
8 8 8
ერთ თვეში გადავიდნენ მამა და სანდრიკა. მამამ ბინა იქირავა. ის დღეები რომ მახსენდება, ახლაც ცუდად ვხდები. ჩემი ძმის სახე არ დამავიწყდება, მისი თვალები. სავსე ცრემლით, ტკივილით, შიშით, დაბნეულობით. როგორ ჩაეხუტა, როცა მემშვიდობებოდა. ისე ჩამეკრა, თითქოს სამუდამოდ მიდიოდა ჩვენგან. მერე აღრიალდა. მთელი ხმით გაჰყვიროდა.

_ ნეკააა! შენთან მინდაააა! მარტო არ მინდაააა!

ძლივს დავაწყნარეთ. დედას ახლოსაც არ გაეკარა, არც დაემშვიდობა. ვერ აპატია. მისი აზრით, დედამ თავიდან მოიშორა იგი, მიატოვა. მისთვის ძნელი გასაგები იყო, რატომ მოხდა ასე. ამას ხანდახან მეც ვერ ვხვდები. რა მოხდებოდა, ორივე დედასთან დავრჩენილიყავით? რატომ გადაწყვიტეს ასე? რა აუცილებელი იყო, სანდრო მამაჩემს წაეყვანა? ეს შეკითხვა არასდროს დამისვამს ჩემი მშობლებისთვის. უფრო მეტიც, რაც მამა სახლიდან წავიდა, რაღაცნაირად გავუცხოვდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ სამყაროში მარტო დავრჩი.
თუმცა, მალევე გამიარა ამ ყველაფერმა. შევეჩვიე შეცვლილ ცხოვრებას. დედამ ყველაფერი იღონა, რომ მას კვლავ დავახლოვებოდი. უფრო გულახდილი გახდა. ყველაფერს მიყვებოდა თავის თავზე. ისეთ პირად რაღაცებს, არავისთვის რომ არასდროს მოუყოლია.

დედასთან საუბრის შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ზოგადად ქალზე. ყველა ქალის თავგადასავალი მცირე ნიუანსებით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ალბათ ასე ინება განგებამ. ნუთუ მეც ასეთი მომავალი მელის? ნეტავ რამდენი დამარცხენა ან გამარჯვება მელის? რამდენი ტკივილი და სიხარული?
კითხვა ბევრი მქონდა, პასუხი _ არც ერთი.
8 8
ამას წინათ ლუკა შემხვდა ქუჩაში. ჩამოსულა. საოცრად მეჩვენა შეცვლილი. გასუქებულა, აღარ იყო ძველებურად აწოწილი და ძველებამოჩრილი. ძლივს ვიცანი. ჩემს დანახვაზე აილეწა. მე კი რეაქცია არ მქონია. უცნაური იყო. ადამიანი, რომელიც ერთ დროს მიყვარდა, დადებით ემოციას აღარ იწვევდა ჩემში.
_ ვერ გიცანი, _ გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
_ მაგრად შევიცვალე, არა?
_ ჰო. მოსუქებულხარ.
_ აბა რა იქნება. იქ ისეთი კვება იყო, ისეთი მსუყე საჭმლები, ძალაუნებურად უნდა გეჭამა.
_ სულ ჩამოხვედი?
_ არა, ორ კვირაში უნდა გავბრუნდე. მომენატრა აქაურობა და ცოტა ხნით ჩამოვედი.
_ დიდი ხანია?
_ მეექვსე დღეა.
შევხედე. არაფერი მითქვამს, მაგრამ ერთი მზერით ვაგრძნობინე საყვედური. თითქმის კვირაა, ჩამოსულია და ერთხელაც არ გავახსენდი. ხომ შეეძლო, მოვეკითხე მაინც? მე ასე არ მოვიქცეოდი.
_ ვაპირებდი შენს ნახვას, _ მიხვდა, რაც გავიფიქრე.
_ არ გინდა. თავს ნუ იმართლებ. ძველი სიმღერების გახსენება არაა საჭირო, _ უკმეხად გავაწყვეტინე. სულაც არ მსიამოვნებდა, თავს რომ იმართლებდა. მაღიზიანებდა უკვე.
_ იქ ძალიან დატვირთული ვარ, ვერაფრისთვის ვერ ვიცლი, ამიტომ არ გწერდი.
_ თორემ ისე სულ ჩემზე ფიქრობდი, არა? _ დამცინავად გავხედე.
_ ჰო, _ დაბნეულმა მიპასუხა.
_ ისე შეგრცხვა შენ ცხვირი! _ ნაზის უყვარდა ეს ფრაზა და მეც ზუსტად იმ ინტონაციით წარმოვთქვი, როგორც მან იცოდა და ხუთი თითით ქოქოლაც ზედ მივაყოლე,
_ რა, არ გჯერა? _ დაფრთხა ლუკა.
_ იქ ახალი შეყვარებული არ გაგიჩენია? _ ირონიას არ ვეშვებოდი, _ ჩემზე ლამაზი, ჩემზე მხიარული და ჩემზე ბევრად მუსიკალური?

_ დამცინი? _ სხეული დაეჭიმა ლუკას.

_ რა სისულელეა, ჩემი დასაცინი რა გჭირს. გეკითხები, რა არ შეიძლება, შეგეკითხო?
_ არა, არავინ შემყვარებია. იქ სულ რუსები არიან და თურქები. ქართველებიც არიან, მაგრამ ისინი…
_ ისინი საშენოები არ არიან. წესიერ გოგოს რა უნდა თურქეთში, არა? _ უშნოდ გადავიხარხარე.
_ მე შენზე ვფიქრობდი. მერე რა, რომ არ გწერდი? მართლა ვფიქრობდი. თან სულ, უბრალოდ, ასე მოხდა, ვერ მოვახერხე.
წარბები ავზიდე და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ვესროლე. მცირე პაუზის შემდეგ კი ვუთხარი:

_ მშვიდობით, ლუკა. სულაც არ ხარ ვალდებული, ჩემზე იფიქრო, იმიტომ, რომ არც მე ვფიქრობ შენზე. რომ დაგინახე, მხოლოდ მაშინ გამახსენდი, თორემ აქამდე შენი არსებობაც არ მახსოვდა, _ სარკასტული ღიმილი შევაფრქვიე ყოფილ შეყვარებულს, ხელი დავუქნიე და გავშორდი.

ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ასე თუ ისე, უწყინარი სამაგიერო გადავუხადე ჩემი მიტოვებისთვის. ღირსი იყო. ვიცი, აუცილებლად ატკენდა გულს ჩემი სიტყვები და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად ინანებდა, ასე რომ მომექცა. ეს კარგია. ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იქნება მისთვის. იმედია, სხვას ჩემსავით აღარ მოექცევა. ის ჭკვიანი ბიჭია და შეცდომებზე ისწავლის. ყველას როდი შეუძლია ეს. მას კი შეუძლია.
მორჩა! ის, რაც იყო, წარსულს ჩაჰბარდა. მართალი ყოფილა დედა. ჯობია, ყველაფერი წარსულს გაატანო, რაც შინაგან დისკომფორტს გიქმნის. ასეც მოვიქცევი. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი რამის გამოსწორება. ახლა პირობას მივცემ ჩემს თავს, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯს არასდროს გადავდგამ, ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ნორმალურად ვიცხოვრებ და ფსკერისკენ არ დავეშვები. აუცილებლად ვიპოვი ჩემს თავს, ჩემს ადგილს ამ ცოდვილ დედამიწაზე და ვიქნები ბედნიერი…
8 8
აი, სულ ეს იყო, რისი მოყოლაც თქვენთვის მინდოდა. ახლა უკვე სრულწლოვანი ვარ და ჩემს წარსულს, თავისი შეცდომებით, ღიმილიანად ვიხსენებ. შეყვარებული არ მყავს. უკვე დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ გრძნობას. ფრთხილად ვარჩევ ბიჭებსაც. ვისაც ვიცნობ, მათ შორის არც ერთი არ არის ის, ვისაც ჩემს მეორე ნახევარს ვუწოდებდი. რატომღაც, მგონია, ის სულ სხვანაირი უნდა იყოს, ოღონდ არ ვიცი, როგორი. ამას ალბათ, მოვა დრო და გული მიკარნახებს, გონება დამანახვებს. ერთ მშვენიერ დღესაც, მიმახედებს ერთი კარგი ბიჭისკენ და მეტყვის: «ნეკა, შეხედე! აი, ეს ის არის!» და მეც შემიყვარდება «ის» და მასაც შევუყვარდები…

სხვა დანარჩენს რაც შეეხება, მე და დედა კვლავ ერთად ვცხოვრობთ. არცთუ ურიგოდ ვგრძნობთ თავს. მე უკვე სტუდენტი ვარ, პირველკურსელი. სანდრიკაც გაიზარდა, წვერიც კი წამოუვიდა. ცოტა მოენგრა სახე, გარდატეხის ასაკი დაეწყო და ხმაც დაუბოხდა, მაგრამ მაინც სიმპათიური ბიჭია. ის და მამა ხშირად მოდიან ჩვენთან. მამამ ბინა იყიდა, ახლა აღარ ცხოვრობენ ნაქირავებში. მეორე ცოლი არ შეურთავს, ჰყავს ისევ ძველი საყვარელი.

სტუდენტი რომ გავხდი, მამამ პატარა ვახშამი მომიწყო თავის ახალ სახლში. კვლავ ყველანი ერთად ვიყავით _ მე, დედა, სანდრიკა, მამა და ეს დიდი ბედნიერება იყო. სანდრო ძიაც მოვიდა, მამაჩემის საყვარელიც. კარგად ვიმხიარულეთ…
ერთ საღამოს ჩემს უჯრას ვალაგებდი და პატარა ყუთს ავხადე თავი, შიგ თორნიკეს ნაჩუქარი კენჭები და ლუკას წერილები იდო… რა დრო გასულა!
ზოგჯერ ლუკას გიტარის ხმა ჩამესმის და ის მელოდია, მე რომ მომიძღვნა…
ეს ერთადერთია, რისი დავიწყებაც არ შემიძლია…
დღეს თვრამეტი წლის ვხდები!:)
დასასრული



№1 სტუმარი ani

იქნებ რუსუდან ბერიძის,, ქალური ინტუიცია ანუ ჭიამაიას ფრთები"დადოთ. გზაში იბეჭდებოდა ისიც 2003-2004წლებში.

 


№2  offline წევრი Peoplefallformysmile

მგონი ძალიან სულელურ კითხვას ვსვამ . არ არის ხო ნამდივლი ისტორია :დ ?

 


№3  offline წევრი tatia27

იქნებ არის კიდეც ნამდვილი
Peoplefallformysmile
მგონი ძალიან სულელურ კითხვას ვსვამ . არ არის ხო ნამდივლი ისტორია :დ ?

:-) იქნებ არის კიდეც ნამდვილი....

 


№4 სტუმარი mtvaro svani

ici sheizleba ar var martali magram orive bichze zalian davibogme.sazizgrebi iyvnen orive ar imsaxurebdnen nekas siyvaruls.tornikem agiara mainc misi arakacoba lukas imis kacobac ar eyo simartle etqva mitovebis merec ityueboda .dampali gamodga arada megona kargi adamiani iyo.ise ilaparaka mashin urtiertobebze titqos qveynis bedi masze iyo damokidebuli.albat arc fiqrobda ase.misi arakacoba ufro metkina vidre tornikesi.ase utqmelad ro miagdo da kide tavs rom imartlebda is metkina.bolos velodi vinme isetis gamochenas vinc martla sheiyvatebda da bednieri iqnebodnen.aseti dasasruli mindoda.

 


№5 სტუმარი Guest მარი

მეცოდება ნეკა,სიყვარულში არც ერთხელ არ გაუმართლა:(.რაღაცნაირად ჩემს ცხოვრება ჰგავს მისი ცხოვრება,მართალია მასსავით არ დავწოლილვარ ბიჭებთან არც ჩემს მშობლებს ჰყოლიათ საყვარლები მაგრამ ნეკასავით უიღბლო ვარ ვისაც არასდროს უმართლებს,ერთი სიტყვით ვგავართ და გვაქვს საერთო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent