შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლინდა


9-08-2016, 16:19
ავტორი მონაცისფრო
ნანახია 1 582

- რაზე ფიქრობ?
- აზრი რომ ქონდეს გეტყოდი მაგრამ... - ლინდამ ფეხი სავარძლიდან ქვევით ჩამოაცურა, ფანჯარას ოდნავ ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა.
- აზრი ყველაფერს აქვს. მხოლოდ შედეგი შეიძლება არ მოყვეს ზოგიერთ რამეს.
- როგორ ფიქრობ, კარგად მიცნობ? - ღიმილით შემომხედა.
- კი. პირველივე დღეს, როდესაც ხელი ჩამოგართვი და თვალებში ჩაგხედე უკვე საკმარისად გიცნობდი.
- შეიძლება როდესმე შეგიყვარდე?
- უკვე რახანია მიყვარხარ.
- როგორც ქალი?
- ძნელი სათქმელია, რაც უფრო მეტი დრო გადის ვრწმუნდები, რომ ალბათ აღარავინ შემიყვარდება ისე, როგორც შენ მკითხე.
- როდესმე დაწერ ჩემზე?
- წინასწარ არასოდეს ვიცი რაზე, ან ვისზე დავწერ... რაღაც გამახსენდა წერაზე, გინდა მოგიყვე?
- საინტერესოა? - სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, ფეხები მოკეცა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ერთი გოგო ცხოვრობდა ჩემს მეზობლად, ძალიან ლამაზი იყო, უბანში, ყველა ბიჭს მოსწონდა, მათ შორის მეც. ყურადღებას არ მაქცევდა, მგონი ვეზიზღებოდი კიდეც. ცოტა ხნის წინ შემთხვევით ვნახე ბარში, ისე გადამეხვია გავოცდი, წასვლის წინ ტელეფონის ნომერიც გამომართვა.
- რა ერქვა?
- ნატა.
- არ არის საინტერესო, პირდაპირ ფინალზე გადადი.
- კარგი, იმ საღამოს, წასვლის წინ, თვალები დახუჭა, მაკოცა, ჯერ ფრთხილად, მერე ვნებიანად, შემდეგ კიდევ უფრო.. ბოლოს ერთბაშად უკან გაიწია, ტუჩებზე ხელისგული ძლიერად მოისვა, თან ცდილობდა ზიზღის გამომეტყველება დაეფარა და ბოლოს მითხრა - ამ კოცნას ადრეც იმსახურებდი. - და კიდევ უფრო ბოლოს, წასვლის წინ. - თუ როდესმე დაწერ ჩემზე, აუცილებლად წამაკითხე...
- მერე დაწერე რამე?
- მეგონა გაგეცინებოდა. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არავინ მექცევა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და მეც ამიტომ არ შემიძლია ვიყო ჩვეულებრივი.

- გუშინ ვფიქრობდი. იცი? მგონი არ მიყვარხარ, მეც შენსავით ვარ.
- სასიამოვნოა. ასე გაცილებით ადვილია ყველაფერი. - საზურგე გადავწიე.
- ალბათ იმიტომ, რომ შენ არასდროს შეგიყვარდები.
- ნამდვილი გრძნობის დროს არ მოქმედებს უკუპრინციპი, თუ გეყვარებოდი არაფერს ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენ თანაბარი მხარეები ვართ ამ კუთხით და ეს უკვე ძალიან კარგია.
- კიდევ იცი რა?! თუ არ გიყვარვარ. რატომ? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დამირეკავს, ვის შევხვდები, ან..
- მამაკაცებში, განსაკუთრებით ქართველებში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსების ხელშეუხლებობაა. ამ შემთხვევაში შენ ჩემი ღირსება ხარ იქამდე, სანამ ერთმანეთს ვხვდებით და როდესაც გაკონტროლებ, ქვეცნობიერში არსებული პრინციპები უნებლიეთ მოქმედებენ.
- არ მომწონს რომ მაკონტროლებ შენი საცოლე ხომ არ ვარ.

- მომენატრე. - ლინდა ორივე ხელით, მთელი ძალით მომეხვია. - კიდევ რაღაც უნდა გითხრა.
- მითხარი.
- მიყვარხარ.
- ...
- არა, მე ეს უბრალოდ გითხარი, ვიცი რომ სერიოზული ურთიერთობა არასოდეს გვექნება, ნუ დარდობ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ ასეა და გუშინ ვიცრუე. შენ არ მოგენატრე?
- არ დავფიქრებულვარ ამაზე.
- შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ყველაფერი სულერთია შენთვის და ამასთან ერთად ყველაფერი ათასჯერ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის.
- ვერაფერი გავიგე, მაგრამ გმადლობ იმისთვის, რომ ფიქრობ კარგი ადამიანი ვარ. შენ ჩემზე გაცილებით უკეთესი ხარ.
- რით?
- სხვა დროს ვისაუბროთ.

- სამი კვირით, მივლინებაში მგზავნიან ფინეთში. - ლინდას ხმის ტემბრი არ იყო ისეთი მყარი როგორც ადრე.
- მართლა?! სად მუშაობ?
- სადაზღვევო...
- ა, ჰო, გამახსენდა, ადრეც ხომ მითხარი. ( რა სულელია, ვერასდროს ახერხებს ტყუილს).
- არ შეიძლება, რომ უარი თქვა?
- არა, გადაწყვეტილია.
- ანუ ყველაფერი დავამთავროთ?
- არა.
- ?
- მაგრამ უნდა წავიდე.
- თუ გინდა, გამოსამშვიდობებელ ზღაპარს მოგიყვები.
- საინტერესოა?
- არ ვიცი.
- მაშინ მომიყევი - ლინდამ ფეხები მოკეცა და სიგარეტს მოუკიდა.
- არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ პატარა ქვეყანაში ულამაზესი გოგო ცხოვრობდა..
- რა ერქვა?
- ლინდა.
- არაა საინტერესო, პირდაპირ ფინალზე გადადი.
- ლინდას, აღარასდროს უნახავს ბიჭი, რომელიც ეგონა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული იყო. წაბლისფერი კულულები შეიჭრა და ქერადშეღებილი, მოკლე თმით ხშირად შეამჩნევთ ევროპის ერთ-ერთ უფერულ ქალაქში მოხუცი საქმოსანის გვერდით მოწყენილს...

ავტორი: ტატო გოგოლაძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent