უპირობოდ
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ყველაფერი იცვლება. როცა რაღაც მოვლენა, ან ვიღაც ადამიანი თითქოს მთელ შენს სამყაროს ეჯახება და გაუცნობიერებლად მიმართულებას უცვლის. როცა ამაზე ვფიქრობ, რამდენიმე მომენტი მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან, მომენტები რომლებმაც ისე ნელა და საფუძვლიანად გამომძერწეს იმად, რაც ვარ, რომ აღარც მახსოვს როგორ ვარსებობდი ადრე, სანამ ყველაფერი მოხდებოდა. ალბათ ქვეცნობიერად მაინც ხვდები, როცა ცვლილებებს უყურებ თვალებში, რადგან ეს მომენტი იმდენად იდეალურადაა ჩაბეჭდილი ჩემს ტვინში თითქოს ამ წამს განვიცდიდე და არა რვა წლის წინ. ნათელ საკლასო ოთახში ვარ, მოსაწყენი გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება, ვხედავ როგორ ქაოსურად ბრუნავენ წრეზე მტვრის ნაწილაკები სხივის ქვეშ. უცებ ჟრუანტელმა ტალღასავით დამიარა - გაზაფხულის სუნია, სიცოცხლის. კარი იღება და დაბალი ქალი შემოდის საქმიანი სახით - დირექტორის მოადგილე. -ბავშვებო, დღეიდან ახალი მოსწავლე გვეყოლება, ნიკა -სათვალეს ისწორებს და გვერდით მდგარ ბიჭზე მიგვითითებს, ნიკას ოდნავ მოზრდილი, მუქი ყავისფერი თმა აქვს, ლურჯი თვალები. დახეული ჯინსები და ფართო მაისური აცვია. მოურიდებლად იხედება აქეთ იქით და თავისუფალ მერხზე ჯდება, ჩემს უკან. ამ დროს ზარი რეკავს და ნელ-ნელა ყველა მიდის. _მაგარია, კიდევ ერთი სკოლა. - ამბობს ბიჭი უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემს გასაგონად. მისკენ ნახევრად ვტრიალდები. _ხო მაგრამ, ეს სკოლა სხვანაირია. _ნუთუ _აქ მე ვსწავლობ. -ბიჭი მიღიმის და მეც კლასს ვტოვებ. იმ დღის მერე დავმეგობრდით მე და ნიკა. ერთად დიდი დროის გატარება გვიწევდა, სკოლის გარდა, ჩემს კალათბურთის გუნდშიც აიყვანეს. ზოგჯერ ვმეცადინეობდით, უფრო ხშირად ლუდს ვსვამდით ან უბრალოდ სადმე მივდიოდით. ვსაუბრობდით ყველაფერზე და არაფერზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ფილმებზე, წიგნებზე. მასთან ყოფნა არასდროს მბეზრდებოდა. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგებდით ერთმანეთზე და მიუხედავად იმაზე რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდი, გრძნობა მქონდა თითქოს წარმოდგენა არ მქონდა მთლიანობაში როგორი იყო. კლასში ჩემთვის ამოუცნობი მიზეზის გამო საკმაოდ პოპულარული ვიყავი,ალბათ გარეგნობის, ან სპორტის გამო. ერთადერთი ვინც მუდმივად მიბღვერდა ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, ანანო. ბევრთან ვმეგობრობდი, თუმცა ნიკას გარდა ერთი ახლო მეგობარი მყავდა, ბავშვობიდან, ანდრეა, სწორედ მის დაბადების დღეზე მოხდა ის, რამაც საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა, ნიკას გაცნობიდან 2 წლის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე თვე იყო რაც ვხვდებოდი, რომ ნიკა ჩემთვის მეგობარზე მეტია, მეგობრებზე ასე ხშირად არ ფიქრობენ, მეგობრის გახსენებაზე უცნაური გრძნობა არ უვლით მუცელში. მეგობრებს ასე ხშირად არ ხატავენ. ჩემთვის ცოტა ძნელი იყო საკუთარ თავთან ამის აღიარება, იმ გარემოში, რომელშიც ვიზრდებოდი მიუღებელია რომ ბიჭს შეიძლება ბიჭი მოწონდეს, ამიტომაც ამას უარვყოფდი, სანამ შემეძლო. ვცდილობდი ცხოვრება არ გამერთულებინა. ყოველთვის გოგოები მომწონდა, ან მეგონა, რომ მარტო გოგოები მომწონდა რადგან ჩემი ტვინი საფრთხის შემცველ ინფორმაციას მარხავდა. ანდრეას დაბადების დღე, როგორც ყოველთვის, მოვლენა იყო. მის დაჩაზე დიდი წვეულება ყოველ წელს იმართებოდა, უამრავი ხალხი, სასმელი, და ხმამაღალი მუსიკა. სახლში შესვლისთანავე საიდანღაც ანდრეა გამოიქცა და ზედ შემახტა. -სანდრო მოვიდაააა - იყვირა, თუმცა მუსიკის ფონზე ჩურჩულივით გაისმა, რამდენიმე მთვრალი ადამიანი მის ყვირილს გამოეხმიანა, უბრალოდ იმიტომ, რომ შეეძლოთ. -ჰეეი ენდს, რამდენი დალიე - გავუცინე და საჩუქარი გავუწოდე. -არა საკმარისი, წამო დავლიოთ. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და შემდეგ ანდრეა ჩემთვის უცნობი ადამიანების ჯგუფისკენ წავიდა. -მოვაალ -მომაძახა -რა თქმა უნდა -ჩავილაპარაკე ცინიკურად, დარწმუნებულმა, რომ იმ დღეს ვეღარ შევხვდებოდი. რამდენიმე მეგობრის ნახვის შემდეგ ნიკა დავინახე. -ბიჭო- დამიძახა-წამო გარეთ. გავედით და უკანა ეზოში სკამზე დავსხედით. გარშემო არავინ არ იყო. -რამდენი ხალხია. -თქვა და ლუდი მოიყუდა. -ბევრი.- ვუთხარი, ლუდი ავაცალე და დავლიე. შემდეგ კი უბრალოდ ვსაუბრობდით როგორც ყოველთვის. არ ვიცი რამ მაფიქრებინა, რომ კარგი იდეა იყო ამ მომენტში გულის გადაშლა, არ ვიცი ამის მიზეზი ივლისის ცხელი დღის შემდეგ გრილი საღამო იყო, ალკოჰოლის რაოდენობა ჩემს ორგანიზმში თუ ღრმა თემებზე საუბარი. ალბათ ყველაფერი ეს და ის მზერა რომლითაც ნიკა მიყურებდა, ან მეგონა რომ მიყურებდა. -რაღაც უნდა გითხრა. -რა მოხდა? -არაფერი უბრალოდ... არ ვიცი.... დაიკიდე. -ეეეე, ბიჭო თუ დაიწყე თქვი ბოლომდე. -შემპირდები რომ რაც არ უნდა გითხრა ახლა, მაინც მეგობრები ვიქნებით? -კი. რა ქენი? - უკვე სერიოზულად მიყურებდა. ავნერვიულდი. რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი. -მომწონხარ - ვთქვი საბოლოოდ და მიუხედავად იმისა რომ მიწას ვუყურებდი, სახეზე მის ერთდროულად დაბნეულ და შეშინებულ მზერას ვგრძნობდი. -ჰა? -თქვა ბოლოს. -მომწონხარ - უკვე თვალებში ვუყურებდი.- არა მხოლოდ როგორც.... მეგობარი. უცებ მზერა შეეცვალა, მის სახეზე უამრავი ემოცია ირეოდა რამდენიმე წამის მანძილზე, რაც თითქოს საუკუნე გრძელდებოდა. სიბრაზე, ტკივილი, იმედგაცრუება, შიში, ზიზღი... შემდეგ ადგა. პირი გააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ ისევ დახურა და უბრალოდ წავიდა. -ნიკა- დავუძახე მაგრამ არც შემოუხედავს. უბრალოდ წავიდა. გაშეშებული ვიჯექი სახლიდან მომავალი ხმამაღალი მუსიკის ფონზე, თავში უამრავი რამ მიტრიალებდა და აზრად მაინც ვერ იკვრებოდა, ერთადერთი რაც მკაფიოდ მესმოდა ჩემი თავიდან მომავალი "იდიოტი ვარ" იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ვდგები და სახლში შევდივარ. ანდრეას ვპოულობ. -ჰეი, ანდრე, უნდა წავიდე. -რა ხდება-შემომიბღვირა. -არაფერი, დავიღალე პროსტა მეძინება, გათენდება მალე, ტაქსი უკვე გამოვიძახე. გნახავ რა ამ დღეებში. -კაააი, ვერ გიტან. -ჩამეხუტა დაღვრემილი. -მეც მიყვარხარ, გაერთე. - გავუღიმე და გავედი. თხუთმეტი დღე. თხუთმეტი დღე გავიდა და არც კი დამინახავს. ეს ბოლო ორი წლის მანძილზე არც ისე ხშირად, თუ საერთოდ, მომხდარა. არ მეკონტაქტებოდა და მეც ვიფიქრე რომ სივრცის მიცემა და გააზრების დაცდა კარგი იქნებოდა. ყველამ შეამჩნია უკვე, რომ დაღვრემილი და გაღიზიანებული დავდივარ. მეორე დღეს ჩემს თავზე გაბრაზებულმა მთვრალ ტიპთან ვიჩხუბე, ჩემი დალურჯებული ხელების და სახის მიხედვით ოჯახში დაასკვნეს რომ ამის ბრალი იყო ჩემი ხასიათის ცვლილება. ჩემმა დამაც კი დამირეკა ამერიკიდან, რა ხდებაო. მთელი დღეები ვხატავდი და მუსიკას ვუსმენდი ერთადერთი ეს მეხმარებოდა ყურადღების გადატანასა და გაურკვევლობის მღრღნელი გრძნობის მოშორებაში. არ მინდოდა მეფოქრა იმაზე, თუ როგორ მენატრებოდა ნიკა, უბრალოდ ერთად ყოფნა, თუნდაც სისულელეებზე საუბარი. მეთხუთმეტე დღის ბოლოს მეგობრებთან ერთად ბარში ვიყავი, მოსაწევად ბარის უკან პატარა ეზოში გავედი და ნიკა დავინახე, უფროს წორად ნიკას დავეჯახე, გასვლას აპირებდა. მივხვდი რომ ყველაზე მეტად მასთან მეგობრობა მომენატრა. -ნიკა- ამჯერად გაჩერდა თუმცა არ შემობრუნებულა. არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. -ანდრეას დაბადების დღეზე... შეცდომა დავუშვი, უბრალოდ არ მინდა შენი დაკარგვა, შენ ხომ შემპირდი...- დასრულებული არ მქონდა სიტყვა რომ უცებ ჩემსკენ წამოვიდა, რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ დამარტყამდა უკან წავედი სანამ ზურგით ცივ კედელს არ შევეხე და შევემზადე დარტყმისთვის, თუმცა არაფრით ველოდი იმას, რაც გააკეთა. სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი მაკოცა, შემდეგ გაიწია და თვალებში შემომხედა. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა გავიაზრე რა მოხდა, მეც ვაკოცე, თავიდან ნელა, თუმცა კოცნა მალე უფრო ჩქარი და ინტენსიური გახდა, სახეზე მის აჩქარებულ სუნთქვას ვგრძნობდი, ჩემი გახშირებული გულისცემის ფონზე, ხელები მის წელზე მქონდა შემოხვეული და გაშეშებული, მომხდარით ჯერ კიდევ შოკირებულს. რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ყველაფერი ტელეფონის ზარმა შეწყვიტა. ნიკამ ტელეფონს დახედა. -უნდა წავიდე- მითხრა და გავიდა. ამ მომენტში ისეთი დაბნეული ვიყავი რომ არ ვიცოდი რა მეფიქრა. სახლში მისვლისთანავე მივწერე. "ნიკა" "არაფერი არ თქვა" მომწერა "ხვალ ჩემთან ამოდი. მარტო ვიქნები, ასე სამისკენ, გცალია? სალაპარაკო გვაქვს..." "კაი" მივწერე და ლეპტოპი დავხურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.