შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი როლი


20-08-2016, 14:26
ავტორი zepo
ნანახია 7 090

ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს მარტო. არავის ნახვა არ მინდოდა, არსად წასვლა და არავისთან მხიარულება. ისეთი ბათქაბუთქი ატყდა ოცდათერთმეტში, ყურებზე ავიფარე ხელი, გულს მირევდა ეს საშინელი ხმაური და პეტარდებით განათებული ცაც, ხელისგულივით რომ მოჩანდა ჩემი ბინის ფანჯრებიდან. ადრე მიხაროდა ახალი წლის დადგომა, ორი-სამი კვირით ადრე ვემზადებოდი, ახლა კი… როგორც ჩანს, კიდევ ერთი ეტაპი გავიარე ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში და სხვა ხანაში გადავედი _ დადინჯების და სერიოზული ჩაფიქრების ხანაში. როგორც ჩანს, მომიწევს ღირებულებების გადაფასება, სხვა თვალით უნდა შევხედო მოვლენებს და საგნებს, გეგმა უნდა შევადგინო და მთელი ძალისხმევით მივხედო ჩემს პირად ცხოვრებას. გული გამიწყალეს _ რატომ არ თხოვდები, რატომ არავინ გყავს, პატარა ხომ არა ხარ, დროა, ოჯახის შექმნაზე იფიქრო და ასე შემდეგ. სადღაც მართლებიც არიან ალბათ ჩემი მეგობრები. დრო ხომ გადის. არა, დრო კი არ გადის, ჩვენი ცხოვრება გადის, გადის და ამოკლებს ჩვენს სიცოცხლეს.

ისე, დრო სიზმარში უფრო მარდია, ვიდრე ცხადში. ფიქრებშიც ბევრად სწრაფია. ფიქრისას დრო შეგიძლია მართო კიდევაც, ხან წარსულში გადაისროლო, ხან მომავალში. კარგი მხედარი თუ ხარ, შეგიძლია მერანივით გააქროლო წინ და უკან, ან ადგილზე აცეკვო. აი, რეალურ ცხოვრებაში კი დრო არავის ემორჩილება. ის ყველას ერევა, უმართავია და ისე მიდი-მოდის, არავის გვეკითხება, გვაწყობს თუ არა მისი უთავბოლო გარბენ-გამორბენა.

აი, გუშინ კიდევ ერთხელ გადაიწია სამყაროს პატარა ისარმა ციფერბლატზე და ახალი წელი დადგა. ჩემს დროს უზარმაზარი ისარი ზომავს, თითქოს წამების დათვლას საერთოდ არ კადრულობს და პირდაპირ საათიდან საათს ახტება წვეტიანი ისარი. ამასობაში ასაკმა ისე მომიკაკუნა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. არ გეგონოთ, მთლად ბებერი ვარ. არა, ჯერ სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ვარ, თუმცა ვიღაცისთვის ეს ასაკი საგანგაშოა, კრიტიკული. თურმე ახლა თუ არ გავთხოვდი, მერე ძალიან გამიჭირდება. თურმე ვიღას ენდომება ოცდაშვიდი და მეტი წლის გოგოსთან უღელში შებმა. მეცინება. ორმოცდაშვიდი წლის ქალებიც მინახავს, რომ გათხოვილან და ორმოცდაჩვიდმეტისაც. გააჩნია, როდის ჩამოიქროლებს ისარმომართული ამური თუ ეროსი შენს ფანჯრებთან და ზუსტი გასროლით შეგაქანებს _ დროა, ქალბატონო, შენი გათხოვების დროა, ბედი კარს მოგადგაო. არადა, როგორც მეგი ამბობს (ჩემი სამიდან ერთ-ერთი დაქალი), ისე გაღარიბდა სიყვარული, კარდაკარ დადის და მოწყალებას ითხოვსო.

ჰოდა, აი, აღარ ვფიქრობ დროზე. მე მას გამოვეცალე და… ვიწყებ თავიდან!

მონიტორს თვალი მოვაცილე და მოსაწვევ ბარათს, რომელიც გვერდით მედო, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. მეგი თხოვდება და ქორწილში მეპატიჟება. ძალიან გავევროპულდით ეს ქართველები. ჩვენი საქორწილო ტრადიციები ნელ-ნელა ევროპულ რელსებზე გადადის. ისე, არ დავმალავ და, ბევრი რამ მეც მომწონს კათოლიკური ქორწინების წესებში, მაგრამ არა ყველაფერი. ძალიან ლამაზი ცერემონიალია ჩვენებური ჯვრისწერა. თავზე დაგადგამენ გვირგვინს, დადიხარ წრეზე ხელში ანთებული სანთლით და თვალები გიბრწყინავს… სამაგიეროდ, მოდიდან ყველაზე ლამაზი სცენა გადავიდა _ გახსოვთ ალბათ, სიძე-პატარძალი გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ რომ გაივლიდა. ხომ გახსოვთ? მეც მახსოვს, თუმცა ახლა ასე აღარ ხდება. ახლა კათოლიკეებს ვბაძავთ. აქაც მოდური გახდა ქორწილამდე ქალების ცალკე და კაცების ცალკე ქორწილისწინა ღამის გატარება. მეცინება. მაგარი ხამები ვართ ქართველები, მოგვინდა ევროპელებივით ცხოვრება. ისე, ცხოვრება ყველგან ერთნაირია, უბრალოდ, მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ფუთავენ.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მეგი თხოვდება. იგი ერთადერთი გაუთხოვარი დაქალია ჩემს სამ მეგობარს შორის. ლილი და კატო უკვე გათხოვილები არიან. ჩემზე აღარაფერს ვამბობ, უკვე იცით, რომ ჯერ კიდევ ბედის მაძიებელი ვარ.

კიდევ ერთხელ გადავიკითხე მოსაწვევი ბარათის ტექსტი. ოქროსფერი საღებავით გამოყვანილი ასოებით შედგენილი წინადადება განაჩენს ჰგავდა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჯვრისწერაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად ვარ მიპატიჟებული. ჰო, ჰო, ნუ გეღიმებათ. ზუსტად ასე წერია _ «გეპატიჟებით მეგობარ მამაკაცთან ერთად». და ასე რომ არ მოვიქცე, წასულია ჩემი საქმე, სამივე დაქალს ერთ დღეს დავკარგავ. წარმომიდგენია, როგორ მჭორავენ ახლა სამივენი და დამცინიან. რა «შტუკა» მოვუწყვეთ ელენეს, ზის ახლა ალბათ სასოწარკვეთილი და თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, ასე უცებ სად იპოვოს პოტენციური საქმროო. ვერ მოგართვით, გოგოებო! ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე და ისეთ «შტუკას» გაგიკეთებთ, ღრმა სიბერემდე რომ არ დაგავიწყდეთ!

უკვე მოვიფიქრე, როგორ უნდა მემოქმედა, მაგრამ მაინც ვწელავდი ამ უსიამოვნო მომენტს. არა, არ ავალაპარაკებ ამ საყვარელ მაიმუნებს, ჩემს საუკეთესო დაქალებს და ისე მოვაწყობ, რომ ჩემს გამოჩენაზე, უფრო სწორად, ჩვენს გამოჩენაზე პირი დააღონ.

როგორც იქნა, თავს ძალა დავატანე და ლეპტოპი ახლოს მოვიწიე. ეს მხოლოდ გართობაა, სხვა არაფერი, ვამშვიდებდი ჩემს თავს, სანამ ჩემი თითები კლავიატურაზე დარბოდა და მამაკაცებს ათვალიერებდა. დალოცოს ღმერთმა ეს ფეისბუკი. რომ არა სოციალური ქსელები, განცხადების გამოქვეყნება მომიწევდა გაზეთში, დაახლოებით ასეთი ტიპის _ «ვარ ლამაზი, კეთილი, პატიოსანი ქართველი ქალი. ოშმ-ით (ოჯახის შექმნის მიზნით) ვეძებ ასეთ და ასეთ მამაკაცს და ასე შემდეგ». რა საზიზღრობაა. მოდი და სიმწრით ნუ გაგეცინება.

აქ კი, ფეისბუკში, სულაც არ გჭირდება მსგავსი განცხადების გამოქვეყნება. მთავარია, ლამაზი იყო, კარგი ფოტოები გედოს და დამაინტრიგებელი სტატუსები გამოამზეურო. მერე რა, თუ ფილოსოფოსებს მოჰპარავ ფრაზებს და შენად გაასაღებ. მაგას ვინ უყურებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძლიერი სქესის ყურადღება მიიპყრო, თორმე ძალიან არ მიხვდნენ, ვისი გამონათქვამები მიითვისე. ჭირივით მეზარება ახლა კაცის ძებნა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს ამ მატრაკვეცებმა.

წერილებს გადავხედე. ცამეტი კაცი მწერს, თანაც ცამეტივე სისულელეს. როგორ გინდა, ამდენ უაზრო თაყვანისმცემელში ღირსეული კანდიდატურა შეარჩიო? არადა, ხვალ სამსახურში უნდა გამოვცხადდე. მერე რა, რომ ბედობაა და წესით, უნდა ვისვენებდე. ჩემს უფროსობას სულაც არ აინტერესებს, რის დაბედებას ნატრობენ თანამშრომლები. ისე, კარგი სამსახური მაქვს. მომწონს. კულტურული პროგრამების კოორდინატორი ვარ. ყოველი ახალი ღონისძიების დაგეგმვისას იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო საინტერესო, რომ მოწვეული სტუმრები აღვაფრთოვანო. ახლაც ამაზე უნდა ვფიქრობდე, სასიძოებს კი არ უნდა დავეძებდე სოციალურ ქსელში.

პირველივე წერილის ავტორის გვერდზე გადავედი, რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვას მწერდა _ «გამარჯობა». მამაკაცმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება _ სასიამოვნო სახე, მომხიბვლელი ღიმილი… და მეტი არაფერი. სამწუხაროა, მაგრამ ეს საყვარელი ბიჭი არ გამომადგება. მე სუპერმენს ვეძებ. ტყუილად გეცინებათ. მინდა, ისეთ მამაკაცთან ერთად გამოვცხადდე ჩემს დაქალებთან, რომ შურით გასკდნენ. ეს ხომ მხოლოდ თამაშია, მე ხომ რეალურად არ ვეძებ საქმროს? ჰოდა, რადგან ასეა, კარგი მაინც ვიპოვო ვინმე, ზედმეტად კარგი.

ცამეტივე წერილი გადავიკითხე, ფოტოები შევათვალიერე და შევღონდი. მათგან არც ერთი არ გამომადგებოდა იმ როლისთვის, რომელიც «ჩემს კაცს» უნდა ეთამაშა. იგი თავდაუზოგავად უნდა შეჯიბრებოდა «ქორწინების ფანატებს» _ ლილის, კატოს და მეგის. ჩემთან ერთად უნდა ევლო ქორწილამდე გამართულ ყველა საღამოსა თუ პიკნიკზე. რა დამამცირებელი ტრადიციაა, შეურცხვათ ცხვირი ამ ევროპელებს! თავი ჩავკიდე და ხელები კეფაზე შემოვიჭირე. მერე თვალდახუჭული გადავწვდი სიგარეტის კოლოფს და ბოლო ღერი ამოვიღე. მორჩა, დღეის მერე აღარ ვეწევი. ამ მავნე ჩვევას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო. რაღა სიგარეტს მოვაკვლევინო თავი. ის არ მეყოფა, უკაცობა რომ მკლავს? სულაც არ გამიჭირდება მოწევაზე უარის თქმა. მთავარია, ერთხელ ვთქვა რამეზე, არა-მეთქი და მორჩა, ვერავინ გადამათქმევინებს. ძალიან პრინციპული ვარ. ამასობაში სიგარეტის ბოლი ტალღასავით იშლებოდა ჰაერში და მაღლა მიიწევდა.

თვალწინ დამიდგა ჩემი დაქალები. ბოლო დროს ისინი აღარ მახსენებენ, რომ მამაკაცი მჭირდება, რომ გაუთხოვარი არ უნდა დავრჩე, მაგრამ ეს რა შეღავათია ჩემთვის? განა ვერ ვხედავ მათ თანაგრძნობით სავსე მზერას, შემცოდებლური თვალებით რომ მიყურებენ, რაც უარესია, ვიდრე წარამარა შეჩიჩინება. ის კი არა, როცა რომელიმესთან სტუმრად მივდივარ, აუცილებლად დამახვედრებენ ხოლმე ვინმეს, თავიანთი ქმრის რომელიღაც ძმაკაცს და მიმიზნებენ, ნახე, რა კარგი ბიჭია, შენთვისაა ზედგამოჭრილი, ძალიან მოუხდებით ერთმანეთსო. ხანდახან მეჩვენება, რომ შუბლზე ტაბლოსავით მაწერია ორი გამანადგურებელი სიტყვა _ «უიმედო მარტოხელა».

ნამდვილად სტრესში ვარ, შეიძლება გავგიჟდე ამათი გადამკიდე. სულ მაინტერესებდა, როდის უფრო იყვნენ ადამიანები სტრესში, უქმე თუ სამუშაო დღეებში და ახლა აღმოვაჩინე, რომ უქმე დღეები პირდაპირ მისწრება ყოფილა სტრესისთვის. როცა მარტო ხარ და სერიოზული საფიქრალი გაქვს, თან გამოსავალს ვერ პოულობ, ეგრევე სტრესში ვარდები. სამსახურში კი რამეზე მაინც გადაერთვები, ვიღაცას დაელაპარაკები და გულს გადააყოლებ. თუმცა, ვისთვის როგორ. ზოგს ისეთი დაძაბული სამუშაო აქვს, სახლში უფრო პოვებს შვებას, სიმარტოვესა და სიჩუმეში.

ისე, მართალი არიან ჩემი გოგოები. ასე გაგრძელება ნამდვილად სიგიჟის ტოლფასია. აუცილებლად უნდა შევიცვალო ცხოვრების წესი. აწი ძველებურად აღარ გაგრძელდება. აი, მეგის ქორწილში თვალისმომჭრელ მამაკაცთან ერთად გამოვცხადდები და ყველას თვალს დავუყენებ. მეგი ყველაზე მეტად განიცდის ჩემს სიმარტოვეს, ამიტომაც შევპირდი, საზეიმო განწყობილებას არ ჩაგიშხამებ და კაცთან ერთად გესტუმრები-მეთქი. კიდევ კარგი, ეს იქნება ბოლო ქორწილი, სადაც მეჯვარის როლს შევასრულებ, ამიტომ მცდელობად ღირს. მერე იქნებ მართლა შევუდგე ცხოვრების თანამგზავრის ძებნას. ვაღიარებ, პატარა აღარ ვარ, დროა, მეც მოვეკიდო ოჯახს.

იმდენად დამღალა ძებნის პროცესმა, თვალები მეტკინა. ავდექი, გავიზმორე, სხეული დავჭიმე და ფანჯარა გამოვაღე. მეორე დღეა, ბარდნის და ბარდნის. ფანტელები შემაშფოთებლად უხვად ცვივა მიწაზე. ცა თოვლით ისე დამძიმებულა, გეგონება, საცაა, თავზე ჩამოგემხობაო. დღისით მიყვარს ასეთი ცის ყურება. აიხედავ მაღლა და უყურებ, როგორი ჭუჭყისფერია ცის თაღი. უხვი ფანტელები სახეზე გეცემა და რაც უფრო დიდხანს უყურებ, მით უფრო გეჩვენება, რომ ჰაერში იწევი და მაღლა და მაღლა ადიხარ, ჭუჭყისფერი ცისკენ. ეს ერთადერთი სასიამოვნო პროცესია ჩემთვის ზამთარში, რომელსაც ვერ ვიტან თავისი სიცივით, ყინვით, თოვლით, თეთრ მთვარით და ვერგამთბობი მზით.

ფანჯარა დავხურე და ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი. ყველა პრეტენდენტი, თითქოს პირი შეკრესო, ერთსა და იმავეს მიმეორებდა _ გავიცნოთ ერთმანეთი, შენი მობილურის ნომერი მომეცი, რა ლამაზი ხარ, არ გინდა შევხვდეთ… მე კი არც ტელეფონის ნომრის მიცემა მინდა, არც შეხვედრა, არც მათთან გასეირნება და საერთოდ… არ მინდა ის, რაც მათ შეფარვით უნდათ _ ჩემთან სექსი. დიდი მადლობა! საშინელი სამყაროა ეს ვირტუალური. აქ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც უნდათ, იმას მოგწერენ, წარბს არ შეარხევენ ისე. თავხედურად მიგითითებენ ლოგინისკენ და არც შეგეკითხებიან, ისე ურცხვად მოინდომებენ შენს საწოლში ჩაგორებას. ჩემი სოცქსელური კონტაქტი ბოლო დროს სპორტის სახეობას დაემსგავსა. მამაკაცები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, პირველი რომელი «მომჩანგლავდა». მე კი ვეძებ მამაკაცს, რომელიც დამთანხმდება, მოკლე დროით ჩემი კავალერი გახდეს, არც მეტი, არც ნაკლები.

ჩემი სამსახურის გადამკიდე, ისედაც ხშირად მიწევს ინტერნეტთან ურთიერთობა. ახლა კი სპეციალურად ჩავუჯექი სასურველი კანდიდატურის ძებნის მიზნით. ამ საყოველთაო ობობას ქსელში დავიჯერო, ერთი კაცი არ გამოჩნდება, რომელიც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს?

ბოლო ხანებში ექვსჯერ მაინც ვიყავი პაემანზე. აქ გაცნობილ კაცებს შევხვდი. რა მექნა, პოტენციურ საქმროს ვეძებდი. ამაოდ. მოლაპარაკებულებივით ყველას ერთი მიზანი ჰქონდა _ სექსი, სექსი და სექსი. ჩემი ამოცანა, თავბრუდამხვევად სიმპათიური მამაკაცი მეპოვა, უფრო და უფრო შეუსრულებელ მისიად მეჩვენებოდა. ყველა შანსი უკვე ნულს გაუტოლდა. ჩემს სარწეველა სავარძელში გადავქანდი და ნესტოებთან გამოჟონილი ოფლი მოვიწმინდე. სწორედ ამ დროს ჩემი მზერა საკუთარი ფეისბუკის გვერდის მარჯვენა მხარეს მისწვდა, სადაც რამდენიმე ფოტოა ხოლმე გამოტანილი და წერია: «თქვენ შეიძლება მათ იცნობდეთ». ავატარზე დავაწკაპუნე და ერთი საინტერესო უცნობის გვერდზე გადავედი. რაღა უცნობი… იმდენად ნაცნობი და ახლობელი სახე გამომიტანა მონიტორმა, ოხვრა აღმომხდა. მოცინარი ცისფერი თვალები, ქარიზმატული ღიმილი, ლოყებზე ფოსოები, რაც პატარა, ემშაკუნა ბიჭს ამსგავსებს. მინდოდა მომნუსხველი მამაკაცი? _ ვიპოვე კიდევაც. პრობლემა ის იყო, რომ ბიბი კოკაიას ეჭვი არ ეპარებოდა თავის მომნუსხველობაში. ამაზე უარესი კი ის იყო, რომ მან იცოდა, როგორ მოქმედებდა პირადად ჩემზე მისი მომნუსხველობა. შეგნებულად არ მივაშტერდი მის ჟრუანტელის მომგვრელ ღიმილს და თვალი მხოლოდ მის სტატუსზე შევაჩერე: «სარეკლამო სფეროს გამოცდილი ტოპმენეჯერი ამერიკიდან დაბრუნდა! დაგიმტკიცებთ, რომ არ შემცდარხართ, წარმატება გარანტირებული გექნებათ!» აი, განცხადება! აი, თავის შეთავაზება! ვიცოდი, ნიუ-იორკში რომ ცხოვრობდა წლების განმავლობაში. მგონი, სწავლობდა კიდევაც იქ. მიიღებდა გამოცდილებას, აბა რა. თან ასეთი გარეგნობის კაცი არსად დაიკარგება, მით უფრო, ჭკვიანიც თუ არის. კიდევ ერთხელ შევხედე ფოტოსურათს. საერთოდ არ მეჩვენა შეცვლილი _ ისევ ისეთივე თავდაჯერებული, ამბიციური, ქარიზმატული ჩანდა.

ერთხანს მეგონა, რომ გამოვიმუშავე მისი მომხიბვლელობის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, მაგრამ აი, დადგა მომენტი და მივხვდი, როგორ ვცდებოდი. გამახსენდა ერთი საღამო. ჩემს ძმას, ტეტეს, ცხრამეტი წელი შეუსრულდა და დაბადების დღე დიდი ამბით აღნიშნა. სწორედ იმ საღამოს მივიღე გადაწყვეტილება, ახალი ცხოვრება დამეწყო. იმ დღიდან მოყოლებულმა მართლაც ბევრი რამ «გადავიკეთე» _ შევიცვალე გარეგნობა, ხასიათი, გავხდი უფრო თავდაჯერებული, მოწესრიგებული და, საერთოდ, სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი. ბიბის მადლიერიც კი უნდა ვიყო ერთი მხრივ. იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად სწორედ მასთან ვიგრძენი თავი მიმზიდველ ქალად. იმ დასამახსოვრებელ საღამოს, ტკბილ მოგონებად რომ იქცა, ბიბი მეფლირტავებოდა, მზრუნველად მევლებოდა თავზე და ყურადღებას არ მაკლებდა. მაგრამ როგორ უნდა მეპატიებინა მისთვის ის, რაც შემდეგ მოხდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა, როგორც არასდროს, ძალიან მინდოდა, «მისტერ ამბიციურობას» ვენახე. ამის გაფიქრებაზე ისე შევკრთი, მხრებში გავიშალე და «მაუსი» ხელიდან გავაგდე, თითქოს ცეცხლი წამეკიდაო. ცუდი, ძალიან ცუდი იდეაა ეს.

მეორე მხრივ, მე მჭირდება კავალერი, ყველაზე მომნუსხველი და სექსუალური კავალერი მთელ პლანეტაზე. ისეთი, რომლის დანახვაზე ჩემი დაქალები დარწმუნდებიან, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. განა რა, განა არ შემიძლია, ამისთანა «ცხელ» ბიჭებთან რომანი გავაბა, ამისთვის ყველანაირი მონაცემი მაქვს, მაგრამ, უბრალოდ, არ მინდა.

ელენე, _ შევუძახე ჩემს თავს, _ არ დაგავიწყდეს, ვისზეა ლაპარაკი. ეს ხომ მოუხელთებელი მისტერ ბიბია! ის არ იყო, თავს რომ გაწონებდა? მან არ გამოიყენა მოხიბვლის ყველა ხერხი, არსებული თუ არარსებული, რომ ეჭვი არ შეგპარვოდა მის გულწრფელობაში? და როცა მისი მომხიბვლელობის ტყვე გახდი, სწორედ მაშინ არ გატრიალდა და წავიდა? ეს ის არ იყო, რომელმაც შუა გზაზე მიგატოვა ისე, რომ უკან არ მოუხედავს?

მაგრამ ეს ყველაფერი იყო იქ და მაშინ. ახლა სხვა საქმეა. ახლა აქ ვარ და სხვა დროა. დაე, ნახოს და დარწმუნდეს, როგორ შევიცვალე.

შენ რა, სიამაყე საერთოდ აღარ შეგრჩა? _ ჩამძახოდა ჩემი მეორე მე, _ არ იფიქრებს ბიბი, რომ ისევ ისეთივე უიმედო მარტოხელა ხარ და დროებით კავალერს ეძებ? იტყვის, შემომიჩნდა ეს გოგო, რაღაც უნდა, რომ გაიჩალიჩოსო. ან უარესი _ იფიქრებს, რომ ისევ ხარ მასზე შეყვარებული.

არა, სულაც არ ვფიქრობ ასე. ეს იქნება ნამდვილი საქმიანი გარიგება და სხვა არაფერი. რა, არ შეიძლება, გარიგება დადო ადამიანთან? წამითაც არ დავუჯერე ჩემს ცნობიერებას, სადაც მეორე ელენე იყო ჩასახლებული და ჯიუტად ჩემსაზე დავდექი. ბიბი ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა ჩემს კრიტერიუმებს _ სიმპათიური, ლამაზი, წარმატებული, მომხიბვლელი, სწორედ ერთი იმათგანი, რომელსაც ქალები ყოველთვის ხარბი მზერით აცილებენ. მასთან ერთად თუ გამოვჩნდები, ერთხელ და სამუდამოდ დავარწმუნებ ჩემს მეგობრებს იმაში, რომ მეც შემიძლია ყველაზე სასურველი მამაკაცის გულის მონადირება და თუ აქამდე არ ვაკეთებდი ამას, მხოლოდ კარიერის გამო.

თითებს ვაკაკუნებდი მაგიდაზე და ვაანალიზებდი სიტუაციას. ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არც მქონდა. სოციალურმა ქსელმა ვერ შეძლო ჩემთვის მისაღები კანდიდატურის შემოთავაზება, ამავდროულად, მონიტორიდან იდეალური მამაკაცი ქარიზმატული ღიმილით მომჩერებოდა.

მობილური მოვიმარჯვე. ერთმა უბრალო მოძრაობამ, რასაც ტელეფონის ხელში აღება ჰქვია, ჟრუანტელი მომგვარა, მთელი სხეული ამიკანკალა. მობილური ცივად დავაბრუნე თავის ადგილზე.

დაუჯერებელია. რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი ბიბის ცისფერ თვალებს, მისი მგრძნობიარე ტუჩების მოყვანილობას, ოდესღაც კინაღამ რომ შეეხო ჩემს ტუჩებს, მით უფრო უიმედო მეჩვენებოდა სიტუაცია. იმ დაუვიწყარ ღამეს ჩვენ შორის ნაპერწკალი გაკრთა, და თუმცა ყველაფერი ცუდად დამთავრდა, ვერ დავივიწყე. არაფერი ისე არ უბრუნებს თურმე ადამიანს თავდაჯერებულობას, როგორც ახალგაზრდობის გახსენება. მე შევძელი, როგორღაც გადამეხარშა ის განხიბვლა, რომელიც მაშინ დამეუფლა და ჩემდა სასარგებლოდ, სრულიად სხვა ადამიანი გავხდი. კარგი იქნება, ჩემი ახალი იმიჯის დემონსტრირებას მის თვალწინ თუ მოვახდენ, რათა ბიბი მიხვდეს, რამდენი რამ დაკარგა… მაგრამ სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელი. ვხვდებოდი, რომ რისკზე მივდიოდი. რვა წლის გასვლის შემდეგ სულაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოზარდობის გატაცება გადალახული მქონდა. თითქოს ყველაფერი მქონდა, ამბიციური რომ გამოვჩენილიყავი _ ჩემი გარდერობი სავსე იყო სახელობითი ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით, წარამარა ვიცვლიდი ვარცხნილობებს და მუდამ სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი, ვმართავდი ბრწყინვალე პრეზენტაციებს და ყოველთვის ქებას და მოწიწებას ვიმსახურებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულის სიღრმეში დაურწმუნებლობის მცირე ნაწილაკი მაინც მრჩებოდა _ ვაითუ შემომხედოს და ეგრევე გატრიალდეს, ვერც კი შემამჩნიოს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა, მერე რა ვქნა? სად წავიდე მერე?

გეგმა, მთავარი გეგმაა, კარგად გაწერილი, გონივრულად მოფიქრებული მოქმედების გეგმა, რომელიც ყველა წვრილმანს გაითვალისწინებს და მხოლოდ ემოციებზე არ იქნება აგებული. ახლავე დავჯდები და მოვიფიქრებ, რა სახის სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს ჩვენ შორის. ამჯერად ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.



კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ წამემართა ჩემი და ბიბის საქმიანი სატელეფონო საუბარი ისე, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. ისე უნდა მოვაწყო საქმე, რომ დავაჯერო _ ეს ხანმოკლე ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი გარიგება იქნება და სხვა არაფერი. შევძლებ კი? ცოტა სიგიჟედ მეჩვენება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავრისკო. ჯერ ერთი, კარგი ისაა, რომ ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ და ჩემს დაქალებსაც ადვილად დავაჯერებ, რომ მართლა მომწონს და არ ვიტყუები. მეორეც _ მასთან უფრო გამიადვილდება ყველაფრის ახსნა. უცხო როგორ მიიღებს ჩემს წინადადებას, ღმერთმა უწყის.

ისე ავნერვიულდი, მთელი შიგნეულობა ამიწრიალდა. კვლავ დავწვდი ტელეფონს და აცახცახებული თითებით ავკრიფე ბიბის სახლის ნომერი, რადგან მისი მობილური არ ვიცოდი.

_ გისმენთ, _ ქალის ხმამ მიპასუხა.

«ალბათ დედამისია», _ გამიელვა გონებაში და ხმაწართმეულმა ბიბის სთხოვეთ-მეთქი, ამოვთქვი.

_ მოითმინეთ, ახლავე დავუძახებ, _ გავიგონე, როგორ დადო ქალმა ყურმილი და გასძახა.

სანამ ბიბი მიპასუხებდა, ჩემი დამემართა, ერთიანად გამეყინა ხელ-ფეხი.

_ გისმენ, რომელი ხარ? _ მომესმა ამ დროს ნაცნობი ხმა და ჟრუანტელმა დამიარა.

_ გამარჯობა, ბიბი. ელენე ვარ, სვანიძე, ტეტეს და, თუ გახსოვვარ.

დაზუსტება სრულიად ზედმეტი იყო. მან ტეტეს ხსენების გარეშეც კარგად იცოდა, ვინ იყო ელენე სვანიძე. უბრალოდ, ასე უფრო ოფიციალური სახე მივეცი ჩვენს საუბარს. არა მგონია, მას ჩემი ხმა აქამდე დავიწყებოდა, თუმცა ადრე ასე მელოდიურად როდი ჟღერდა იგი. ახლა მე სხვა ქალი ვიყავი, სრულიად სხვა. მართალია, ჩვენ ხანგრძლივად არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან იმ ბოლო საღამოს გარდა, მაგრამ სწორედ ის ბოლო საღამო იყო იმდენად დასამახსოვრებელი, რომ წესით, არასდროს უნდა დავიწყებოდა იგი.

_ ვა, ელო? გაგიმარჯოს. როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ.

_ გმადლობ, კარგად ვარ, არაჩვეულებრივად. შენ?

_ მეც არა მიშავს. აი, ჩამოვედი და ნელ-ნელა ვეგუები აქაურობას, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მთლად მოხიბლული არ ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ღირდა-მეთქი საერთოდ ჩამოსვლა?

პაუზა ჩამოვარდა.

არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ბიბი ალბათ ფიქრობდა, რა უნდა ნეტავ ამ გოგოს ჩემგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ჩვენ შორის ყველაფერი ასე ცუდად დასრულდაო?

მე, რა თქმა უნდა, წავიკითხე მისი ფარული ფიქრები და აჩქარებული ტემპით ავლაპარაკდი:

_ შენთან საქმიანი წინადადება მაქვს. შეგიძლია შემხვდე? დავსხდეთ, ყავა დავლიოთ სადმე და დავილაპარაკოთ, თუ გაქვს თავისუფალი დრო.

კვლავ პაუზა, ოღონდ უფრო ხანმოკლე.

_ სიმართლე გითხრა, ძალიან ვარ დაკავებული…

გაოცებისგან ჩუმი ოხვრა აღმომხდა. ამას არ ველოდი. რას ნიშნავდა მისი უარი? მერე რა, რომ ჩემთან აღარაფერი აკავშირებს, ერთი შეხვედრა რას გაუფუჭებს? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ჩემი ძმის განუყრელი მეგობარი იყო, სანამ ამერიკაში წავიდოდა. რვა წელია, არ მინახავს და უკვე თავს იფასებს თუ როგორაა მისი საქმე?

_ ისე, ხვალისთვის შემიძლია, თუ საჩქარო არ არის, _ თქვა მოულოდნელად ისეთი ტონით, თითქოს ბოდიშს იხდის წეღანდელი უარისთვისო.

_ იყოს ხვალ, ასე ძალიანაც არ მეჩქარება, _ მივუგე და ჩემი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ელენე ამჯერად სასოწარკვეთილებამ მოიცვა. აშკარად ვნანობდი, რომ დავურეკე. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, რა ჯანდაბამ გადამაწყვეტინა მასთან დარეკვა?

_ საქმიანი წინადადებაო, მითხარი, არა? ხომ არ ვცდები? _ შეგნებულად დაუწია ბიბიმ ხმას და ბოლო ფრაზა აშკარად ორაზროვნად წარმოთქვა. მომეჩვენა, რომ ცოტაც და, გულიანად გადაიხარხარებდა.

ჰმ… როგორ ეტყობა, რომ არ მიცნობს. მე არ ვეკუთვნი ქალების იმ კატეგორიას, რომლებთანაც ფლირტის გაბმა ადვილია. ერთხელ სცადა მან ეს და რა მიიღო შედეგად?

_ შენ ახლა ახალი კაცი ხარ თბილისში და დამიჯერე, შენსავე ინტერესებში შედის, რომ შემხვდე და დამელაპარაკო, _ რაც შეიძლებოდა, საქმიანი ტონი დავიჭირე და ბოლოს იდუმალი ხმით დავამატე, _ იმედი არ გაგიცრუვდება.

მოულოდნელად ტელეფონში რაღაც ხმაური გაისმა, რასაც ბიბის შეგინების ჩუმი ხმა მოჰყვა. როგორც ჩანს, ისე ეუცხოვა ჩემი დამაინტრიგებლად ნათქვამი «იმედი არ გაგიცრუვდება», რომ სახტად დარჩენილი წამოხტა და რაღაცას მიეჯახა. შეიძლება თავიც მიარტყა რამეს, რადგან შეიგინა. გამეღიმა. ის მე ასეთს არ მიცნობდა. მის თვალში ყოველთვის მორცხვი, მორიდებული გოგონა ვიყავი, ახლა კი უეცრად სხვა სინამდვილეს შეეჯახა.

_ ბიბი, კარგად ხარ? _ შევეკითხე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი.

_ ხვალ საღამოს, ექვს საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით… იქნებ შვიდისთვის შევხვედროდით?

_ მშვენიერია, მაწყობს, _ თვითკმაყოფილი ტონით მივუგე, _ სად გაწყობს შეხვედრა?

მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ შარდენზე, ერთ მყუდრო ბარში დამინიშნა შეხვედრა.

_ კარგი, მაშინ შეხვედრამდე, _ ხავერდოვანი ხმით დავემშვიდობე.

_ მოიცა, როგორ გიცნო? _ შეშფოთება შეეტყო ხმაში.

_ მგონი, ადვილად გამიხსენებ, არც ისე ძალიან ვარ შეცვლილი, _ ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამართო მასთან საუბარმა. გიჟივით ხარხარი ამიტყდა, როგორც კი საუბარი დავამთავრე. წარმოვიდგინე, რა ყოფაში იქნებოდა ახლა. ზის ალბათ და თავს იმტვრევს, ამდენი წლის უნახავს რა საქმიანი წინადადება შეიძლება ჰქონდეს ჩემთანო. არა უშავს, იმტვრიოს თავი. ხვალ, შვიდ საათზე ყველაფერს გაიგებს.



ბიბის აშკარად შეეტყო, რომ მოვატყუე. ეგონა, მართლა არ ვიქნებოდი შეცვლილი. არადა, იმ ელენესგან, წარსულში რომ იცნობდა, ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მაღალი, გრძელფეხება, ყელმოღერებული მივაბიჯებდი დარბაზში განლაგებულ მაგიდებს შორის. ელეგანტური მოძრაობით უკან გადავიყარე წინ ჩამოშლილი თმა და მომხიბვლელი ღიმილი მიმოვაფრქვიე ირგვლივ. ბიბი პირდაღებული მომჩერებოდა. ის ალბათ ისეთივეს მელოდა, როგორიც ვახსოვდი _ დახეული ჯინსის შარვლითა და ფართხუნა მაისურით, ნაწნავითა და ცხვირზე დაკოსებული სათვალით. ძველი ელენეს კვალი მთლიანად წაშლილიყო. მის წინაშე ახლა სულ სხვა, თვალისმომჭრელად ლამაზი და ელეგანტური ქალი ვიდექი.

ბიბის ფრთხილად გადაჰქონდა მზერა ჩემი ტანსაცმლიდან ფეხსაცმელზე. ალბათ უკვირდა, ასე გემოვნებით როდის ვისწავლე ჩაცმა და ფერების შეხამება. კაბაში ერთხელ ვყავდი ნანახი, ტეტეს დაბადებსი დღეზე. იქნებ იმასაც ხვდება, რომ უბრალო, ბაზრობაზე შეძენილი იაფფასიანი ტანსაცმელი არ მაცვია? ამერიკაში დაკაცებულს, იმედია, ასეთი რამეები არ გამოეპარება. ბარში მყოფ მამაკაცთა უმრავლესობა ცნობისმოყვარე მზერით მაცილებდა, სანამ ბიბის მაგიდას მივუახლოვდებოდი.

_ გამარჯობა, როგორ მიხარია შენი ნახვა, _ გაღიმებულმა ხელი გავუწოდე.

ბიბი ძალიან დააბნია ჩემმა იმიჯმა. გაოგნებული ხმას ვერ იღებდა. ჩემს გამოწვდილ ხელს თავისი კი შეაგება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, მერე რა უნდა მოემოქმედა. ფრთხილი მოძრაობით გავაშვებინე ხელი და დავჯექი. ბოლოს და ბოლოს, არც ისე უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის იმ ღამის გულწრფელი საუბრის შემდეგ, როცა კინაღამ მაკოცა. სწორედ მისმა გულწრფელობამ მოახდინა მისი სიმხდალის პროვოცირება მაშინ. როცა მისმა ძმაკაცებმა დაინახეს, რომ ბიბი კოცნას მიპირებდა, ხითხითი დაიწყეს, დასცინეს მეგობარს. იმანაც ხელი შემიშვა, გატრიალდა, ძმაკაცების გვერდით დადგა და თავადაც ახითხითდა.

მოგონებებმა მივიწყებული ტკივილი გამიღვიძა. საერთოდ, ტკივილის დავიწყებაში არაფერი მშველის _ არც ცეკვა, არც სიმღერა, არც არანაირი გართობა და მხიარულება. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ამ ქმედებას ფიქრი ჯაბნის. ფიქრი მოჭარბებულად დიდი დროს იკავებს ჩემს გონებაში. ხანდახან მგონია, რომ მთელი ჩემი არსება მხოლოდ ფიქრია და სხვა არაფერი. ეს ოხერი ფიქრი კი, დაწყებისთანავე ტკივილს გადასწვდება ხოლმე და მერე ვეღარ ეშვება. არადა, ფიქრი მაშინაა სასიამოვნო, როცა ოცნებებით მომავალს იშენებ.

_ მეც მიხარია, _ ბიბის ხმამ გამომაფხიზლა, _ არაჩვეულებრივად გამოიყურები.

_ უცნაურია, ლინზებსა და ახალ ტანსაცმელს როგორ შეუძლია ქალის შეცვლა, არა? _ შევნიშნე, რათა როგორმე გამემხნევებინა ჩემი თავი, რადგან მის დანახვაზე ჩემი თავდაჯერება მოულოდნელად სადღაც გაქრა.

მხოლოდ სამოსი როდი იყო მთავარი. წლების განმავლობაში ჩემი თავის რწმენა გამოვიმუშავე და საკუთარი ღირსების ამაღლებაზეც ვიმუშავე. ეს ის თვისებები იყო, რომლის იმიტირებაც ძნელია. თუ შინაგანად არ გაქვს, ვერ ითამაშებ.

ბიბი ენაჩავარდნილი მომჩერებოდა. აშკარად დაინტრიგებული ჩანდა.

_ სადაც უნდა შემხვედროდი, გიცნობდი, _ თავისი საფირმო ღიმილი მომაგება და მზერა ამარიდა, _ რვა წელი არც ისე დიდი დროა. _ თქვა, მაგრამ მის სიტყვებს მიღმა აშკარად იგულისხმებოდა, რომ გაოცებული იყო, განა რა უნდა მომხდარიყო რვა წლის განმავლობაში ისეთი, რომ ასე შევცვლილიყავი?

წარბები ავზიდე და ამრეზით გავხედე:

_ ისევ ისეთი ლოველასი ხარ, როგორიც იყავი. აი, შენ კი სრულებით არ შეცვლილვარ.

ბიბი ჩემკენ გადმოიხარა და ღრმად ჩამხედა თვალებში:

_ მოქმედებს?

პასუხად ხმადაბლა, მელოდიურად ჩავიცინე და თავხედური მზერა ვესროლე.

_ მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენით მოვინუსხო. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს მართლა დამეხმარება იმ დავალების შესრულებაში, რომლის გადაწყვეტაც ერთად მოგვიწევს. გთავაზობ, განვიხილოთ ჩემი საქმიანი წინადადება.

_ საქმიანი წინადადება?

გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოვხიბლე და თავგზა ავუბნიე, საქმიანი წინადადების ხსენებამაც დააინტერესა. ყოველთვის ასე იყო. არაფერი ისე არ აღაგზნებდა ხოლმე, ვიდრე ვინმესთან მომგებიანი გარიგების დადება.

ამ დროს ჩვენს მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა, ამიტომ საუბარი შევწყვიტეთ. ახალგაზრდა მამაკაცი გაწითლდა და შეიშმუშნა, როცა მაცდურად გავუღიმე. მხოლოდ მინერალური წყალი შევუკვეთე, ბიბისთან ერთად სმა-ჭამას და დროს ტარებას არ ვაპირებდი.

_ რაზე შევჩერდით? _ შევეკითხე, როგორც კი ოფიციანტი წავიდა და თვალებში ჩავხედე. ჩავხედე და წამით გადამავიწყდა ჩვენი სატელეფონო საუბარი, იდუმალი საქმიანი გარიგება. მზერა ბუნდოვანი გამიხდა, ყველაფერი გაორდა ირგვლივ. ბიბისაც იგივე დაემართა, თვალები აემღვრა და ისეთი მეოცნებე მზერა მესროლა, თითქოს ესაა და, სიყვარულის ახსნას მოჰყვებაო.

_ მაგარი შეცვლილი ხარ, ელო, _ თავი გააქნია და ჩაიცინა, _ არ ველოდი, ასე თუ გარდაიქმნებოდი ამ წლების მანძილზე, _ ვეღარ შეიკავა ბოლოს თავი და აღიარა.

პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილით მივჩერებოდი, თითქოს ვეუბნებოდი, აბა, რა გეგონა, ახლა მაინც თუ ხვდები, მაშინ როგორ ქალზე თქვი უარი-მეთქი.

_ ჰო, მართლა… იმაზე შევჩერდით, რომ… რაღაც საქმიან გარიგებაზე იყო საუბარი მგონი, ხომ არ ვცდები? _ დაბნეულმა გამომხედა.

_ მართალია. საქმე ორმხრივ სარგებელს ეხება, ანუ ამ გარიგებით, თუ იგი შედგება, ორივე ვიხეირებთ.

აშკარად მომარიდა თვალი, როგორც კი ყავა მოსვა. მივხვდი, აბნევდა ჩემი გამოუცნობი ღიმილი და ცდილობდა, ანკესს არ წამოგებოდა.

დიდი ხანია, მოძრაობებისა და ჟესტების ენა შევისწავლე, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაიძულა, ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო, მის ფიქრებს ადვილად ჩავწვდომოდი და მხიბლავდა, ასე რომ დავაბნიე.

_ როგორც ვხვდები, გარიგება მთლად ბიზნესს არ უნდა ეხებოდეს, გამოვიცანი?

_ ყველაფერი ძალიან მარტივია, _ მისკენ გადავიხარე, აღარ ვიღიმოდი, გამოხედვაც მკაცრი და სერიოზული გამიხდა, _ ჩემი წინადადება წმინდა საქმიან ხასიათს ატარებს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ სიტუაციას, ვფიქრობ, შენთვის მისაღები უნდა იყოს ეს გარიგება.

_ გისმენ, _ ბიბი სკამის საზურგეზე გადაწვა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.

ხელსაწმენდს ხელი დავავლე და თითებში მოვჭმუჭნე, მაგრამ მივხვდი, ასეთი ქმედებით ჩემს აღელვებას გავცემდი, ამიტომ ხელსაწმენდი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე, სკამი ოდნავ უკან გავწიე და ხელები მუხლებზე დავიწყვე.

_ გავიგე, რომ ამერიკიდან ახლახან დაბრუნდი და სამსახურს ეძებ…

_ მართალია, მაგრამ ძებნის რა მოგახსენო. უკვე შემომთავაზა ერთმა სააგენტომ თანამშრომლობა. სწორედ ამ შეხვედრაზე ვიყავი წეღან.

_ გილოცავ. სხვათა შორის, შენს ფეისბუკის სტატუსზე წავიკითხე, რომ მზად ხარ მსხვილი კონტრაქტის დასადებად. ასეა?

_ სწორედ ასეა, არ შემცდარხარ.

_ ძალიანაც კარგი. რას იტყვი იმაზე, რომ თავად წარგადგინო თბილისის ყველა ცნობილ სააგენტოში და გაგაცნო ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები?

_ მშვენიერია, _ თითქოს მშვიდად თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო აღელვება, სახეზე წამოწითლდა და სკამზე აწრიალდა.

_ ვიცი, რომ მშვენიერია, _ ისე გავიცინე, მიხვდა, რომ დავცინოდი.

_ მაგრამ შენ რომ ასეთი სამსახური გამიწიო, რაღაც მეც უნდა გავაკეთო შენთვის, არა? სწორად მიგიხვდი?

_ ეგრეა. ამისთვის მოგიწევს ჩემთვის რაღაცის გაკეთება.

_ დამიკონკრეტე, რისი. იქნებ არ მიღირს?

პაუზა გავწელე, თან ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი. ის თვალს არ აშორებდა ჩემს ტუჩებს. იქნებ ფიქრობდა, რა ახლოს იყო ერთ დროს მათ საკოცნელად და როგორ არ გამოიყენა შანსი.

_ მინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩემი თანმხლები იყო, სადაც მომესურვება, ყველგან.

გაოცება აღებეჭდა სახეზე, თვალები გაუფართოვდა, ქვედა ყბა თითქოს ჩამოუვარდა. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თანმხლებში რა ვიგულისხმე.

იდაყვებს დაეყრდნო და წინ გადმოიწია.

_ ვერ გავიგე? თანმხლები რას ნიშნავს?

_ მინდა, ჩემი კავალერი გახდე, ოღონდ მხოლოდ ერთი თვით. ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო.

გაოცება ახლა უნდა გენახათ. ლამის მოეღრიცა სახე. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თვითონაც შეიცვალა. ადრე ასეთი რამეები მასზე არ მოქმედებდა. მას არასდროს არაფერი აკვირვებდა. ისე იყო თავის თავში დარწმუნებული, ისეთ მძლავრ იარაღად იყენებდა თავის მომნუსხველობას, ყოველთვის თვითონ აკვირვებდა სხვებს. ახლა კი იმდენად გააოცა ჩემმა შეთავაზებამ, რომ ამის დამალვა ვერ შეძლო. ასეთი დაბნეული პირველად ვიხილე. არადა, ადრე თვითონ მაბნევდა ხოლმე ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ტეტეს სანახავად ჩვენთან მოდიოდა, სახლში. ის ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და ისე მექცეოდა, როგორც პატარა გოგოს, რომელიც მისი ძმაკაცის დაა და ყურადღება სჭირდება. გაკვრით გამომელაპარაკებოდა, ნაწნავზე მომქაჩავდა და ამით მთავრდებოდა ჩვენი ერთიერთობა. არათუ მე, სხვა გოგოებსაც არ მიიჩნევდა ყურადღების ღირსად, ვინც დაბალ კლასებში სწავლობდა. რატომღაც, თავისზე უფროსი ასაკის გოგოები უფრო საინტერესო იყო მისთვის.

ვერ ვიხსენებ, პირველად როდის ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. შეიძლება მეშვიდე ან მერვე კლასში. მახსოვს, როგორ დავუდარაჯდებოდი ხოლმე, როცა დერეფანში გამოჩნდებოდა, რომ შევემჩნიე და დამლაპარაკებოდა. ამასთან, თუ დამელაპარაკებოდა, ეგრევე გავურბოდი, ჩემს გრძნობებს არ ჩაწვდეს-მეთქი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მითმობდა, მით უფრო გავურბოდი, არ მინდოდა გაეგო, ყურებამდე რომ ვიყავი მასზე შეყვარებული. გარდა ამისა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ისეთი ბიჭისთვის, როგორიც ის იყო, ჩემნაირი სათვალიანი და დამთხვეული გოგონა სულაც არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს, ამიტომ ასიდან ერთი შანსიც არ მქონდა, მოვწონებოდი.

ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა ტეტემ დაბადების დღე გადაიხადა. აი, მაშინ ვცადე პირველად, მთელი გულით მომენდომებინა და გამომეცადა, შემეძლო თუ არა ჩემი ქალური ხიბლით მისი გულის მონადირება. ჩემდა გასაკვირად, მან გამოწვევა მიიღო. შამპანურის ბოკალი ხელიდან გამომართვა, იქვე მაგიდაზე დადგა და საცეკვაოდ გამიწვია. წარმოგიდგენიათ? მე გამიწვია საცეკვაოდ და არა სხვა, რომელიმე ჩემზე უფროსი ლამაზმანი, რომელიც არც ისე ცოტა ჰყავდა ტეტეს დაბადების დღეზე დაპატიჟებული. მერე ისე მოხდა, რომ მთელი საღამო თან მახლდა, თავს მევლებოდა, მეფლირტავებოდა. მეც ჭკუაზე არ ვიყავი. ყოველივე ამას აუცილებლად კოცნა უნდა მოჰყოლოდა, იქამდე მივიდა საქმე. თითქმის მაკოცა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც არ მაკოცა. და ეს დღესაც მახსოვს, თანაც ძალიან მწარედ მახსოვს. ისიც მახსოვს, როცა ამ ამბავმა ტეტეს ყურამდე მიაღწია, როგორ იჩხუბეს ძმაკაცებმა და ლამის ერთმანეთი დაკარგეს.

_ ანუ, შენ გინდა, ჩემი შეყვარებული გახდე? _ შემეკითხა ბიბი.

_ არა, სულაც არ მინდა შენი შეყვარებული გავხდე. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა… ამერიკაში ცხოვრობდი და შენთვის უცხო არ იქნება იმის ახსნა, გათხოვებამდე როგორ ერთობიან იქ პატარძლები. ჩემი დაქალი თხოვდება და იძულებული ვარ, ქორწილამდე, როგორც მეჯვარემ, მის გვერდით ვიტრიალო. ამასთან, თან მეგობარი მამაკაცი უნდა მახლდეს, სხვანაირად, ტვინს გამიბურღავენ და ახლოს არ გამიკარებენ. მხოლოდ ერთი თვით მჭირდება კავალერი, მხოლოდ ერთი თვით და მორჩა. ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა, მეტი არაფერი.

ბიბის ტუჩებზე გამოსახული ღიმილი უფრო და უფრო უფართოვდებოდა.

_ მაცდუნებლად ჟღერს, ვერაფერს იტყვი, _ ჩაიცინა, _ მადლობა, რომ ამ როლისთვის მე ამირჩიე.

_ ოღონდ რამე ისეთი არ იფიქრო, ძალიან გთხოვ. ეს სუფთა საქმიანი გარიგებაა. შენ ერთი თვე ჩემ გვერდით იქნები ყველა სადღესასწაულო საღამოზე, მე კი თბილისში ყველა გავლენიან ბიზნესმენს გაგაცნობ. მათთან დაახლოება შენთვის ათმაგად მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი თვის ჩემ გვერდით გატარება.

მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შემატებოდა ჩემს სიტყვებს, რადგან ვგრძნობდი, როგორი სექსუალური ღიმილით მომჩერებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ღიმილი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი. ის ისეთივე მოუხელთებელი იყო, როგორც ყოველთვის. გოგონები ყელზე ეკიდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ მისი ყურადღების ღირსი გამხდარიყვნენ და ახლა ხომ საერთოდ… ახლა ის გახლდათ მამაკაცი გაფურჩქვნის ასაკში. წარმომედგინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ ქალები, რომლებთანაც მას ურთიერთობა მოუწევდა. სწორედ ასეთად შეიძლება წარმოიდგინო ოცნების მამაკაცი. ბიბი თავისი მომაჯადოებელი გამოხედვით, თვალების ფერით, გამოუცნობი ღიმილით ზუსტად მიესადაგებოდა იმ მომაკვდინებელი გარეგნობის მამაკაცის როლს, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი.

შევცქეროდი ბიბის და თვალს ვერ ვაშორებდი. მის სახეს ეგრევე ფანტაზიების სამყაროში გადავყავდი. ლამაზი მირაჟების შექმნა ყოველთვის მეხერხებოდა, რაც მერე და მერე ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში, ამიტომაც მიმიჩნევენ ღონისძიებების საუკეთესო სპეციალისტად. მაგრამ ახლა ჩემი ფანტაზიები აშკარად ეროტიკული ხასიათის იყო, რაც სინდისის ქენჯნასაც კი მგვრიდა, რადგან ბიბისთან საქმის გამო ვიყავი მოსული და არა გასართობად. არადა, ეს კაცი ნებისმიერი ქალის ოცნებას ასახიერებდა თავისი გარეგნობით. საკმარისი იყო, შეგეხედებათ მისი მოღიმარი თვალებისა და საკოცნელად შექმნილი ტუჩებისთვის, რომ გული შეგიტოკდებოდათ. პერანგის მიღმა დამალული ფართო მხრები და სანთელივით ჩამოქნილი წვრილი, გრძელი თითები აუცილებლად აღუძრავდა ნებისმიერ ქალს სექსუალურ ფანტაზიებს. წამით მეც კი წარმოვიდგინე მისი თლილი თითები ჩემს შიშველ ზურგზე და იმხელა ნერწყვი გადავაგორე, ხელისგული მივიფარე ხორხზე, ბიბი არ მიმიხვდეს-მეთქი.

დიახ, ასეთი «დაცემა» მამაკაცი მჭირდებოდა ჩემი დაქალების გულის მოსაგებად. ბიბი, როგორც არავინ, საუკეთესოდ ერგებოდა ამ როლს, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებდი, უკუმეგდო ის სულელური ოცნებები, ხანდახან უსირცხვილოდ რომ გამკრავდა გულში _ რეალურადაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას და სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ვეტყოდი უარს.

პაემანზე იშვიათად დავდიოდი, თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო ექვს შეხვედრას, მთავარი როლისთვის რომ ვეძებდი საუკეთესო მამაკაცს. მიმაჩნდა, რომ პაემანი, საუკეთესო შემთხვევაში, ძალზე დამღლელი საქმეა, უარეს შემთხვევაში კი მომაკვდინებლად მოსაწყენი. კაცებს ნერწყვი მოსდიოდათ ჩემს დანახვაზე და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამიცნობდნენ, მერე კი ყირაზე დგებოდნენ, ოღონდ კი თავი მოეწონებინათ. ზოგიერთები კი აშკარად ჩემს გამოყენებას ცდილობდნენ. იცოდნენ, რომ წარმატებული ბიზნესლედი ვიყავი და სერიოზული კავშირები მქონდა.

ცხოვრებაში სამი ხანმოკლე რომანი გამოვიარე, თითოეული ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. როცა ვხედავდი, რომ ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე უნდა გადასულიყო, ეგრევე უკან ვიხევდი. იმიტომ არა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ჯერ არ შევხვედროდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს. ამიტომაც გაპრანჭულ საღამოებს, სადაც თვალებით ფლირტაობა და შებმა-დაკერვის პროცესი ყველასთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, შინ მყუდროდ ჯდომა და მარტოობა მერჩივნა. მაგრამ ახლა, როცა უკვე მეგის გათხოვების დრო მოვიდა და ერთადერთი გაუთხოვარი თუ გასათხოვარი დაქალი ვრჩებოდი, სერიოზულად დავფიქრდი ერთ საჭირბოროტო საკითხზე _ ნუთუ იმხელა ბედნიერებაა წარმატებული ბიზნესლედობა, რომ მარტოხელობას ვამჯობინებ?

ბიბი აუჩქარებლად სვამდა თავის ყავას, თითქოს დროის მოგებას ცდილობსო. ალბათ უნდა, რომ ვინერვიულო. წამით იმანაც კი გამიელვა გონებაში, ნეტავ საერთოდ არ დამერეკა და ძებნა ისევ ინტერნეტში გამეგრძელებინა-მეთქი. უფრო ადვილია ფოტოების თვალიერება, ვიდრე ასე პირდაპირ უყურო ამ სასწაული ცისფერი თვალების დაჟინებულ გამოხედვას.

როგორც იქნა, ბიბი მორჩა ყავის სმას და საზურგეზე გადაწვა ფეხებგაჩაჩხული. ასე კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა. ჩემდა უნებურად, ირგვლივ მიმოვიხედე, სხვა ქალების რეაქცია მაინტერესებდა. რამდენიმე წყვილი თვალი მართლა ჩვენ მოგვჩერებოდა, თანაც მართლა ქალების, ოღონდ არა ჩვენ, არამედ ბიბის და ისე ხარბად ავლებდნენ მზერას, რაღაც მომენტში დავიბოღმე კიდევაც.

_ იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბო, რას საქმიანობ და, საერთოდ, რაში გამოიხატება შენი საქმიანი კონტაქტები?

ღიმილი ვერ შევიკავე. ის ჩემში სარგებელს ეძებდა, ეს აშკარა იყო.

_ კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი ვარ, _ მოკლედ მოვუჭერი.

ამწუთას თამაშმა ჩემს მინდორზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ცივი ობიექტური ფაქტები უნდა გადმომელაგებინა, რომ მისი ინტერესი ამით უფრო გამეღვივებინა და მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა. რაც უფრო იდუმალი რჩება ქალი, მით უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მამაკაცები მის მიმართ. ეს კარგად მქონდა ათვისებული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი საქმიანი ალღოს თავის სასარგებლოდ გამოყენების შანსს ბიბი ხელიდან არ გაუშვებდა. ჩემთან ურთიერთობით მას მართლა ეძლეოდა შესაძლებლობა, ცნობილ ბიზნესმენებთან დაემყარებინა კონტაქტი. ეს ნამდვილად შემეძლო, არ ვიტყუებოდი.

_ გსმენია «ტენგოლკომპანიის» შესახებ რამე? _ შევეკითხე.

_ სპორტული საქონლის კომპანია?

_ სწორედ ის.

იმისთვის, რომ დრამატული ეფექტი გამეძლიერებინა, პაუზა გავაკეთე. ამის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა თენგო კირვალიძის გაცნობაზე, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ.

_ თენგოს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ახლობელია. ანუ, სწორედ იმ დაქალის საქმროა, რომელიც თხოვდება. სწორედ მის ქორწილამდე პერიოდში მჭირდება შენი დახმარება. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ერთმანეთს გაგაცნობთ და დაგაკავშირებთ. ერთად წავალთ პიკნიკზე, შეგიძლია ლუდი დალიო მასთან, პოკერი ან ჯოკერი ითამაშოთ ერთად და რა ვიცი… უამრავი შესაძლებლობა არსებობს მასთან დასაახლოებლად.

შუა და საჩვენებელი თითი მაცდურად გავატკაცუნე, აქაოდა, ხომ ხედავ, რა მაგარ რამეს გთავაზობ-მეთქი. ამასთან, მოვემზადე, მორიგი სატყუარა გადამეგდო მისთვის და ღიმილით გავაგრძელე:

_ რაც შეეხება ჩემს მეორე დაქალს, ლილის, მისი ქმარი ოქროულობის მაღაზიების მფლობელია თბილისში, «ცისფერი დიამონდის» ყველა მაღაზია და ფილიალი მისია.

_ და რა გვარია ეს კაცი?

_ ანტონ შუბლაძე. დავიჯერო, არ გაგიგია?

_ კი, როგორ არა, მაგას, თუ არ ვცდები, რუსეთშიც უნდა ჰქონდეს ბიზნესწილები.

_ იტალიაშიც, სხვათა შორის, _ ნიშნის მოგებით დავამატე.

_ აჰა…

_ აი, მესამე დაქალის მეუღლე კი, ანუ კატოსი, დუდუ ბოლქვაძეა, კომპიუტერული ტექნიკის უზარმაზარ ფირმას ფლობს, «დუმაუსია» მისი სახელწოდება.

მინდოდა, ველური ცეცხლი დამენახა ბიბის თვალებში, სიხარბით ანთებული მზერა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, საკმაოდ კერკეტი კაკალი გამოდგა. ყურადღებით გაჯერებულ მზერას არ მაშორებდა, თითქოს სურდა გამოეცნო, სინამდვილეში რა მოტივი მამოძრავებდა მისი მისამართით. არც მე დამიხამხამებია თვალი, ჯიქურ გავუსწორე მზერა.

_ მდაა… შთამბეჭდავი სიაა, _ დამნებდა ბოლოს და, როგორც იქნა, აღიარა. _ არ მოგატყუებ და, მხიბლავს იდეა, ასეთი კალიბრის ბიზნესმენები გავიცნო. _ თითქოს ყოყმანი გაერია ხმაში.

_ მაგრამ? _ შევეშველე.

_ მაგრამ მინდა გავიგო, მე რატომ მომმართე. ისეთი ლამაზი გოგო, როგორიც შენ ხარ, არ უნდა განიცდიდეს თაყვანისმცემლების ნაკლებობას. გაფიცებ ყველაფერს, მე რატომ ამირჩიე? _ გამომცდელად შემომღიმა.

«განსაკუთრებით იმ საბედისწერო საღამოს მერე, არა»? _ გულში დავაბოლოვე მისი აზრი. გამოუთქმელი ფრაზა ჰაერში გამოეკიდა, მაგრამ ამწუთას ორივენი სწორედ ამაზე ვფიქრობდით, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რა გაეწყობა, მზად ვარ, ამაზეც ვილაპარაკო, თუკი თვითონ მოისურვებს. თუ არ მოისურვებს, მოგონებები ფსკერისკენ დაეშვება და ძველებურად ყველაზე დიდ და ძლიერ სტიმულად დარჩება ჩემს ახალ ცხოვრებაში.

გულის სიღრმეში ერთმა რამემ მაინც ძალიან გამახარა. ბიბი დარწმუნებული იყო, რომ მე კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ.

_ დამიჯერებ, რომ გითხრა, ეს ბედისწერაა-მეთქი?

_ არ დაგიჯერებ, _ მშვიდად მომიგო.

_ არ ვხუმრობ. ფეისბუკზე «დავსეირნობდი», უცებ შემთხვევით შენს სტატუსს გადავაწყდი და…

შეგნებულად არ დავამთავრე ფრაზა, ვიფიქრე, ამ ანკესზე წამოეგება-მეთქი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ შევცდი, მან ჩემი ტყუილი არ ჭამა.

_ და შენ მე მისურვე, არა?

მის ხმაში გამკრთალმა სევდამ, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მაგრამ სანამ მის განწყობილებას გამოვიცნობდი, თვითონვე გააგრძელა:

_ იფიქრე, ამას კონტაქტები სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობისთვის მიზეზი მაქვსო?

_ ასპროცენტიანი ხარ! _ წამოვიყვირე და დაბნეული ადგილზე გავქვავდი.

ალბათ რა საწყალი შესახედავი ვიყავი ახლა. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, რომ შეიძლებოდა დათანხმებოდა ჩემს წინადადებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობა რომ მიწევდა, ეს თითქოს მე უფრო მამცირებდა, ვიდრე მას. ხელები მოვმუშტე და მაგიდის ქვეშ, მუხლებში შევმალე, რომ არ დაენახა.

_ და მაინც, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, მაინცდამაინც მე რატომ მთხოვე დახმარება.

არ მეგონა, ასეთი დაჟინებით თუ მოითხოვდა ჩემგან პასუხს. მივხვდი, მომიწევდა, სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც გამენდო მისთვის.

_ საქმე ისაა, რომ მე ძალიან ვარ დაკავებული, საკუთარი ბიზნესი მაქვს _ კორპორაციულ საღამოებს ვაწყობ კერძო შეკვეთების მიხედვით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დღე და ღამე ხალხში მიწევს ტრიალი, _ მინერალური წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ოდნავ მოვსვი, _ იშვიათად თუ გამომიჩნდება თავისუფალი დრო და იმასაც შინ ვატარებ, ჩემთვის. პაემანზე სასიარულოდ არ მცალია. _ და გულახდილად ავუხსენი, რომ ფუჭი საუბრებისთვის დროის დაკარგვა არ მიყვარს, არ შემიძლია ყალბად გამოვხატო ინტერესი თვითკმაყოფილ რეგვენებთან დიალოგის დროს და ატანა არა მაქვს, როცა პირველივე ჭიქის მერე ჩემს შებმაზე გადადიან; რომ ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, რამე სასუსნავი ვიყიდო, სამზარეულოში გამოვჯდე და რამე გემრიელი კერძი მოვამზადო. _ სამწუხაროდ, ჩემს ფანატ დაქალებს სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი სიყვარული სამზარეულოსადმი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ჩემი უიმედო მარტოობისა.

ამ ლაპარაკში მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა თავში და სრულიად სხვა თემაზე გადავრთე ჩვენი საუბარი.

_ მაპატიე, ბიბი, არც კი მიკითხავს, გყავს ვინმე? შეყვარებული ხომ არ ხარ?

რა სულელი ვარ. თითქოს ჭკვიანი მგონია ჩემი თავი და ამ ხნის განმავლობაში თავში ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა ბიბის მეგობარი ქალი ან თუნდაც ცოლი ჰყოლოდა.

_ არანაირი ვალდებულება, _ გაშალა ხელები, _ არც ცოლი, არც მეგობარი ქალი. _ ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა და საჩვენებელი თითი დამიქნია.

მეც გადავიხარე მისკენ. როგორც კი სიახლოვის საშიშ დისტანციას მივუახლოვდი, უკეთესად შევძელი მის ცისფერ თვალებში გაფანტული მწვანე წერტილების და ცალ ლოყაზე გაჩენილი პატარა ორმოს შეთვალიერება. ყოველთვის მომწონდა მამაკაცის ლოყებზე მსგავსი პატარა ორმოები, ამიტომაც ძლივს შევიკავე თავი, ხელი არ გამეშვირა და თითით არ შევხებოდი ამ საყვარელ ფოსოს.

_ ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ, _ უეცრად ჩურჩულზე გადავიდა, _ არაფრით არ დავთანხმდებოდი შენთან შეხვედრაზე, ვინმე რომ მყოლოდა. მე შენ ვინ გგონივარ? _ ხუმრობით დაამატა და შეთქმულივით გამიღიმა. ამ ღიმილმა მისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ყავის და მისი ოდეკოლონის შერეული სურნელი ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე. მისკენ რომ გადავიხარე, უფრო მძაფრად შევიგრძენი ეს სურნელი. როგორ მომინდა, ხელი გამეწვდინა მისკენ, ჩავხუტებოდი და მის ძლიერ მკერდზე მიმედო თავი.

_ გეხუმრე, რატომ შეგეცვალა სახე? _ გულიანად გაიცინა და კვლავ სკამის საზურგეზე გადაწვა, რითაც ინტიმური სიახლოვის საშიში დისტანცია წამში გაანადგურა.

ქვედა ტუჩი ლამის მოვიჭამე, რადგან საერთოდ დამავიწყდა, ამწუთას რაზე ვსაუბრობდით.

_ ტეტე როგორ არის? საუკუნეა, არ მინახავს. ისევ ხომ არ ბრაზობს ჩემზე?

_ კარგადაა, უოლ-სტრიტის მგელზე ნაკლებად როდი შრომობს, _ მეც გავიცინე.

_ ისევ საბანკო საქმეებშია ჩართული?

_ აბა რა, გრძელვადიანი კრედიტების მთავარი ინსპექტორია.

_ მე არ მახსენებს?

_ სიმართლე გითხრა, არასდროს უხსენებიხარ. არ გვქონია შენზე საუბარი, რა ვიცი, _ უხერხულად ავიჩეჩე მხრები. მართლა ასე იყო და ხომ არ მოვატყუებდი?

_ უნდა დავურეკო ერთი, _ გაიღიმა ბიბიმ.

_ დაურეკე, ბათუმშია. ორი წელი იქნება, თბილისში არ ჩამოსულა. მგონი, ღამეებსაც კი ბანკში ათენებს.

_ მართლა ასე უყვარს თავისი საქმე?

_ კარიერამ ასე იცის, ძალიან ჩამთრევი რამეა, _ თავი დავუქნიე.

_ გეთანხმები. ისედაც, კაცები სულ სხვა გზით ცდილობენ ცხოვრებაში გზის გაკაფვას. მიკვირს, საზღვარგარეთ რომ არ წავიდა.

_ მუშაობა რომ დაიწყო, ვეღარ წავიდა, თორემ აპირებდა.

ამ ლაპარაკში ისევ გამახსენდა ის საღამო, ტეტეს დაბადების დღე. პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯინსის შარვალი კაბით შევცვალე. მინდოდა თავი ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო. ტაფტის ფართხუნა ქვედაბოლო მეცვა, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უცნაურად შრიალებდა. ბიბი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოს თავის სტიქიაში იყო. გეგონებოდათ, ტეტე კი არა, თვიონ არის წვეულების მთავარი გმირიო. გამუდმებით ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. მე კი, პირიქით, ვცდილობდი, ჩრდილში დავრჩენილიყავი. მხოლოდ ოცნებაში თუ შემეძლო დამეშვა, რომ მისნაირ ბიჭს ჩემნაირი გოგოსთვის ყურადღება მიექცია.

მაგრამ მოხდა სასწაული და რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, _ მან მე შემამჩნია. რესტორნის აივანზე გავედი და ისიც უკან გამომყვა. მთელი საათი ვლაპარაკობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ვიცინობდით, ვხუმრობდით. მისი ინტერესი და ყურადღება საკმარისი იყო, რომ გავფურჩქნულიყავი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თითქოს ეგზოტიკური ვარდივით გავიშალე. ასეთი ძლიერი ემოციები აქამდე არ გამომეცადა და აჟიტირებული ვიყავი. ახლა უკვე აღარ მიქმნიდა უხერხულობას კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად იმ საღამოსთვის ვიყიდე. არც სათვალე მიქმნიდა დისკომფორტს, რომლის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე ვერაფერს დავინახავდი. იმწუთას ყველაფერი მიყვარდა და მიხაროდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით ბიბი კოკაია მეფლირტავებოდა.

კი, ცუდად დამთავრდა ის საღამო და ყველაფერი ჩამშხამდა, მაგრამ ისეთი მძაფრი შეგრძნებები განვიცადე, რომ მიზნად დავისახე, კვლავ გამომეცადა. ჩემს თავს ავუკრძალე უკან, წარსულისკენ მიხედვა. ახლა უსიმპათიურეს ბიბისაც კი არ შეუძლია ეს აზრი შემაცვლევინოს.

_ ბოლო დროს სწორედ მის დაბადების დღეზე შევხვდით მე და შენ ერთმანეთს, გახსოვს? _ თქვა ბიბიმ და ჩემი მოდური ჩაცმულობა დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს შიშველ კანზე. ასე მეგონა, მამაკაცი თითებით შემეხო.

ყოველი დეტალი მახსოვდა იმ საღამოდან, ისიც კი, რა ეცვა და როგორ ფერებში. განსაკუთრებით ყავისფერი ტყავის ქურთუკი დამამახსოვრდა, რადგან გარეთ გასულს უეცრად შემაჟრჟოლა, ოღონდ არა სიცივისგან, არამედ მისი სიახლოვისგან და ბიბიმ თავისი ქურთუკი მომახურა მხრებზე. მომახურა და ხელები არც აუღია ჩემი მხრებიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, როგორ გამიხურდა ორივე მხრისთავი, სადაც ბიბის ხელები ესვენა. მერე შამპანურით სავსე ბოკალი მომაწოდა. მეც ავდექი და ცხოვრებაში პირველად, ბოლომდე დავცალე. ეგრევე მომეკიდა და ღაწვები ამიფორაჯდა. მერე ბიბიმ თავისკენ შემომატრიალა, მე თავი დავხარე, რადგან მზერას ვერ ვუსწორებდი. მან კი ნიკაპქვეშ ამომდო ხელი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ჩამხედა და… არასდროს დამავიწყდება მისი მაშინდელი სექსუალური ღიმილი.

_ მოგვიწევს იმაზე ლაპარაკი, რაც იმ საღამოს მოხდა.

ძალა იმდენად წამერთვა ამის გაგონებაზე, რომ გარხევა ვერ შევძელი, თითქოს პარალიზებული გავხდი. მოულოდნელად ხელის ზურგზე მისი თითების გასრიალება ვიგრძენი. სიტუაციას კონტროლიდან გამოსვლა ემუქრებოდა, თანდათან ვიძაბებოდი. ყველაზე უკეთ ვიცოდი, რომ მისი განუმეორებელი მომხიბვლელობა ერთგვარი იარაღი იყო ქალის გულის მოსანადირებლად. ეს სკოლის პერიოდიდან დამამახსოვრდა. რამდენი გოგო მინახავს მის გამო ატირებული. ამიტომ დღემდე ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მისი მომნუსხველობა მე ვერაფერს დამაკლებდა, ჩემთან მიმართებაში მისი ჯადოსნური მაგია აშკარად უძლური იყო. ყველანაირად ვცდილობდი, გულგრილობა გამომეხატა, მაგრამ ბიბიზე ამას არ უმოქმედია. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ არის ისეთი რამეებიც, რაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ბიბის შემთხვევაში ჩემი რეაქცია მხოლოდ ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, სექსუალურ გატაცებად, ჰორმონები იყო ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ამჯერად როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში.

ნაძალადევად გავიცინე, მაჯის საათს დავხედე და თავდახრილმა ვთქვი:

_ სასიამოვნოა შენთან ჯდომა და წარსულის მოგონებების ამოქექვა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, საქმეები მელოდება.

_ რა თქმა უნდა, _ დამეთანხმა ბიბი, არც კი უგრძნობინებია, რომ ჩემი გაქცევის მიზეზი არ დაიჯერა, _ ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა, რომ ყველაფერი გავიაროთ.

_ გავიაროთ?

ისე გაიღიმა, თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი შეცბუნება.

_ თუ გინდა, რომ შენმა დაქალებმა დაიჯერონ ჩვენი სიყვარული, ღირსეული ლეგენდა უნდა მოვიფიქროთ და ცოტა პრაქტიკაც გავიაროთ ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხში.

«ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხშიო? _ რაზე ლაპარაკობს?» _ კოპები შევიკარი.

როცა დაბნეულობა შემატყო, გულიანად ახარხარდა და ხელზე ხელი მომიჭირა.

_ ნუ ნერვიულობ, _ დამშვიდება დამიწყო, _ ვიხუმრე. თუმცა, მზად უნდა ვიყოთ პასუხის გასაცემად ისეთ კითხვებზე, რომელსაც უეჭველია, ვერ გავექცევით. შენი დაქალები რომ ცნობისმოყვარეები იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება, ამიტომ შეკითხვებსაც ძალიან ყოფითს და ინტიმურს შეარჩევენ. ასე არ არის?

_ მაგალითად? _ გუნება წამიხდა.

_ მაგალითად, სად გავიცანით ერთმანეთი, როგორ შემიყვარდი ან შეგიყვარდი, აქამდე სად ვიმალებოდი და ასე…

_ მართალი ხარ, _ როგორც იქნა, შუბლი გავხსენი, _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ დაგირეკო, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება?

_ რა პრობლემაა, _ მხიარულად წამოიძახა ბიბიმ, ხელი შემიშვა და წამოდგა.

როცა დანახარჯი გადაიხადა, გვერდით ამომიდგა და კიდევ ერთხელ შემეხო ხელზე, ვითომ შემთხვევით. მე კი ჩემი დამემართა. მისმა შეხებამ მსუბუქი თრთოლა მომგვარა. რა ადვილია მისთვის, ასე მხიარულად თქვას, არ არის პრობლემაო…



სამზარეულოს ხელთათმანი მოვირგე და ქვაბს სახურავი ავხადე. სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შემიღიტინა. საქონლის ხორცის კონსერვი ვიყიდე და მაკარონში ჩავშუშე. გემრიელი გამოსულა. ბოლოს შავი პილპილი მოვაყარე და მარილიც დავამატე გემოვნებით. ნელ ცეცხლზე გავაგრძელე შუშვა, რომ არ მიმწვარიყო. ალბათ არ ღირდა, ამდენი ძალისხმევა გამომეჩინა ვახშმის მოსამზადებლად, მაგრამ ვნერვიულობდი. და როცა ვნერვიულობ, ყოველთვის რაიმე კერძის მომზადებას ვიწყებ ხოლმე. უამრავი საშუალება არსებობს სტრესის მოსახსნელად: ხანგრძლივი გასეირნება, სატრენაჟორო დარბაზი, მედიტაცია, მაგრამ მე ერთადერთი «რეცეპტი» მამშვიდებს _ კულინარია.

ჯერ კიდევ სკოლიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. მხოლოდ აქ შემეძლო თავი დამეღწია ჩემი საცოდავი მარტოობისთვის, მერე კი, თვრამეტი წლის ასაკში, როცა მამა გარდამეცვალა, მთლიანად მივეჯაჭვე სამზარეულოს.

შუადღეს ბიბიმ დამირეკა, თუ შეიძლება, საღამოს შემოგივლი, რათა ჩემი ახალი როლის დეტალები განვიხილოთო. «ახალი კი არა, მთავარი როლის, გამოშტერებულო», _ გავიფიქრე ღიმილით და ხელის კანკალით შევუდექი კერძების მომზადებას.

უკვე ყველაფერი მზად მქონდა, სუფრაც გავშალე. როცა გაშლილ მაგიდას გადავხედე, უღრმესი კმაყოფილება დამეუფლა. რომ იტყვიან, თავი მოვიკალი. შემწვარი თევზი ლიმონით, ტკბილი ფლავი ფორთოხლით, ქიშმიშით და ვაშლით, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, სტაფილო პომიდორში, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაკონსერვე, დაბოლოს, ხორციანი მაკარონი. უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად ძალ-ღონე არ დავიშურე, სტრესი ბოლომდე მომეხსნა. აბა, ამდენი კერძის ნახევარ დღეში მომზადებას ეხუმრებით? ბოკალი მოვიმარჯვე და «ოჯალეშის» კარგა დიდი ყლუპი მოვსვი, თუმცა ამ დიდებული ღვინის გემო ვერ ვიგრძენი. ორი ბოთლი შემოვდგი მაგიდაზე. კარგა ხანია, ეს ღვინო შენახული მქონდა. ერთმა კლიენტმა მომართვა საახალწლოდ ხუთი ლიტრი და ჯერ ხელიც არ მიხლია. ან კი როდის ვახლებდი, ახალ წელს თხუნელასავით შევძვერი ლოგინში და დავიძინე. არც შემდეგ დღეებში მყოლია სტუმრები. ასე რომ, ახლა ნამდვილად გამომადგა.

ბიბი წუთი-წუთზე მოვიდოდა, მამაკაცი, რომელთანაც ვითომ რომანი მქონდა და რომელსაც უნდა დაერწმუნებინა ჩემი დაქალები, რომ სულაც არ ვიყავი «უიმედო მარტოხელა». ახლა სასიყვარულო რომანს რომ ვწერდე, სწორედ ასე დავარქმევდი ჩემს «ნამოღვაწარს». ხომ კარგი სათაური გამოვიდოდა? მაგარი!

ეჰ, როგორმე უნდა გადავაგორო ეს ერთი ქორწილიც. მეგი უნდა გავათხოვო, «ქორწინების ფანატების» ბოლო წარმომადგენელი, და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ. მერე აღარ მომიწევს თავის მოჩვენება, რომ წარმატებული და მდიდარი საქმიანი ქალი ვარ, რომელიც სრულიად ბედნიერია მამაკაცის გარეშეც.

არადა, მართლა არ განვიცდიდი ჩემს მარტოობას. პირიქით, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ნერვებს არავინ მიშლიდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ მქონდა დაკისრებული და საღამოს კისრისტეხით არ მოვრბოდი სახლში, ემანდ ქმარი არ გამიჯავრდეს-მეთქი. ახლა კი, როცა ჩემი უახლოესი მეგობრებიდან კიდევ ერთი და, ამჯერად, უკანასკნელი თხოვდებოდა, დაუკმაყოფილებლობის მსუბუქი შეგრძნება დამეუფლა. როცა ჩემი გათხოვილი დაქალების კომპანიაში მოვხვდებოდი ხოლმე და ქმრებთან მათ დამოკიდებულებას ვუყურებდი, აშკარად ვხედავდი სასიყვარულო ურთიერთობის ნიშნებს: ხელების მსუბუქი შეხება, თვალებით მიალერსება, ხუმრობების გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მხოლოდ ორს ესმის… მიყვარდა მათთან დროს ტარება, ამასთან, გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ მათ გვერდით სრულიად ზედმეტი ვიყავი. აი, ისე, გამოთქმა რომაა: «მესამე ზედმეტია». ეს აზრი მოსვენებას მიკარგავდა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ცოტათი მაინც ამოვისუნთქავ და შესაძლებლობა მომეცემა, რამდენიმე ხანი მაინც არ ვიგრძნო თავი ზედმეტად მათ გვერდით. მთავარია, ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ საღამოები მოეწყობა და აქეთ-იქით ერთად მოგვიწევს სიარული, არაფერში ჩავიჭრა, მერე კი ჩვეულებრივ რუტინას, სამსახურს დავუბრუნდები, რაც ყველაზე კარგად გამომდის.



მკვეთრმა კაკუნმა შემაკრთო და ჩემდა უნებურად შევხტი, მიუხედავად იმისა, რომ ბიბის ველოდი. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, თვალი წამით შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში, ღრმად ამოვიოხრე და კარის გასაღებად გავეშურე.

მის დანახვაზე დამაჯერებელი ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ათვისებული, ჩემი სამუშაოს გადამკიდეს. როცა მისი აღტაცებული მზერა დავიჭირე, გავიფიქრე, ტყუილად არ მიწვალია, თავის ასე დაჭერა რომ ვისწავლე-მეთქი. თავმომწონე ქალის იმიტირება მშვენივრად გამომდიოდა.

_ ეს შენ, _ ბიბიმ ჰერბერების საუცხოო თაიგული გამომიწოდა _ წითელი ყვითელი და აგურისფერი ჰოლანდიური გვირილების.

ნეტავ, ბანალური წითელი ვარდები რატომ არ მომიტანა? არ აწყობდა? ისე, ვარდების თემა ბოლო წლებში ძალიან გაცვდა საქართველოში. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ თითქოს მოდიდან გადავიდა ეს მეფური ყვავილი. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ პირველ ხანებში, მგონი, ყველა ერიდებოდა საჩუქრად ახლობელთან ვარდების მიტანას. როგორც ჩანს, «მისტერ მომაჯადოებლობას» შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და, უნდა ვაღიარო, რომ გამოუვიდა კიდევაც. მართალია, არც ჰერბერები მხიბლავდა დიდად, მაგრამ ამ გაგანია ზამთარში უკეთესი რა უნდა ეშოვა კაცს? მართლა და მართლა, სპეციალურად ხომ არ გამოიწერდა ჩემი გულისთვის ჰოლანდიიდან ქრიზანთემებს ან ჰორტენზიებს?

_ დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი? _ თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მაგრამ სურნელი ვერ შევიგრძენი. ყვავილის ეს სახეობაც მე მგავს ალბათ, გარეგნულად ლამაზია, სურნელი კი არა აქვს, ანუ, გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი მოყვარეს.

_ რა შეწუხებაა, _ შეთქმულივით გამიღიმა ბიბიმ და ზღურბლზე გადმოაბიჯა. _ ხომ უნდა მოვირგო შენი შეყვარებულის როლი?

იმედგაცრუების ჩხვლეტა ვიგრძენი. სწორედ ამისთვის მოვიდა _ განვიხილოთ მისი მომავალი როლის დეტალები. არადა, თურმე მინდოდა ისე, უბრალოდ ეჩუქებინა ჩემთვის ყვავილები, ყოველგვარი როლის და პირობების გარეშე.

_ კარგი აზრია… შემოდი.

_ ოოო, როგორი მადის აღმძვრელი სურნელია.

_ იმედია, ნაჭამი არ ხარ, თორემ გავგიჟდები, იცოდე. _ გავუღიმე.

_ ვაუ, ეს რა ამბავია! _ წამოიძახა, მაგიდას რომ მიუახლოვდა.

სახეზე გაკვირვება გამოესახა. სიცილი ამიტყდა და ხელით ვანიშნე, დაჯექი-მეთქი.

_ სტუმრებს ელოდები?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ უბრალოდ, კერძების მომზადება მიყვარს. ჩემთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

_ კერძები გურმანებისთვის, არა? სუფრას რომ გადახედავ, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ადამიანს. _ შენიშნა ბიბიმ.

ხელები დავაბანინე და სუფრას მივუსხედით. პირველ რიგში, თევზი გადაიღო და ერთი ლუკმა გასინჯა თუ არა, ისეთი სიამოვნება დაეტყო სახეზე, თითქოს შეუდარებელ კომპლიმენტებს მეუბნებოდა. საჭმლის მომზადება ხომ მიყვარდა და მიყვარდა, მაგრამ როცა ჩემს კულინარიულ შედევრებს დადებითად აფასებდნენ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბიბი კმაყოფილებას ვერ მალავდა. წამით წარმოვიდგინე, როგორ გამომეტყველება ექნებოდა, როცა სხვა, უფრო დიდ სიამოვნებას დაიკმაყოფილებდა და ამის გაფიქრებაზე ხელი ამიკანკალდა. ღვინით სავსე ბოკალი სასწრაფოდ დავდგი მაგიდაზე, რომ ჩემი ხელის კანკალი არ შეემჩნია.

_ დიდებულია.

_ ესეც გასინჯე, _ ვუთხარი და ფლავით სავსე თეფში მისკენ მივწიე. ერთმანეთის მიყოლებით სამი ცალი გააქანა პირისკენ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. მიხაროდა, ასე რომ მოსწონდა ჩემი ნამოღვაწარი. მზად ვიყავი, ყველაფერი მეჭმია, რაც სუფრაზე იდო, ოღონდ კი გამეწელა მოსალოდნელი საუბრის დაწყება, რის გამოც დღეს მესტუმრა.

მიუხედავად ბიბის ვიზიტის მიზნისა, განგვეხილა დეტალები, როგორ გაეკვირვებინა ჩემი დაქალები თავისი როლით, უცნაური ის იყო, რომ მისი ჩემს ბინაში ყოფნის ფაქტი იმაზე მეტად აღმაგზნებდა, ვიდრე მოველოდი.

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე იყო _ ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შემეძლო დავმალვოდი გარე სამყაროს და ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში გახლდით. აქ არ მიწევდა თავის საქმიან ქალად წარმოჩენა, სიამაყის გამოჩენა და დახვეწილი მანერების ხელოვნურად გამოყენება. როგორც კი ზღურბლს გადმოვაბიჯებდი, ყველაფრისგან ვითავისუფლებდი თავს _ კონტაქტური ლინზებისგან, მაკიაჟისგან, ტანსაცმლისგან… ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის ნიღაბს ვიხსნიდი. ტანთ რომ გავიხდიდი, სიამოვნებით გადავიცვამდი ჩემს საშინაო ხალათს ან ჯინსის შარვალსა და ფართხუნა მაისურს და ნეტარებას ვეძლეოდი.

წლები დავკარგე იმისთვის, რომ წარმატებული პიროვნების იმიჯის უკან მდგარი დაბნეული, თავის თავში დაურწმუნებელი გოგონა დამემალა, როგორიც ერთ დროს ვიყავი. მაგრამ შინ დავბრუნდებოდი თუ არა, ისევ ძველი ელენე ვხდებოდი და ეს მიხაროდა.

ღვინის ბოკალს ხელი დავავლე და თავი ბაღისკენ გავიქნიე:

_ თუ დანაყრდი, არ გინდა, ჰაერზე გავიდეთ?

_ ამდენი დელიკატესის მირთმევის შემდეგ არა მგონია, ადგილიდან დაძვრა შევძლო, _ ხელი მუცელზე დაიტყაპუნა, _ მოდი, უბრალოდ, ვისხდეთ.

ვიცოდი, რომ საკუთარი სიმშვიდისთვის ჩემთვის უკეთესი იყო, ავმდგარიყავი და ბაღში გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ბიბის ჟესტმა მაიძულა, შემეხედა მისი მუცლისთვის, ფართო მკერდისა და ძლიერი მკლავებისთვის, რომელზეც რელიეფურად ამობურცვოდა კუნთები. შავი პერანგი ეცვა და საოცრად უხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ შავი ფერი არ მიყვარს, მას ძალიან უხდებოდა და ვერც წარმომედგინა, სხვა ფერი უფრო როგორ უნდა მოეხდინა. მის ცისფერ თვალებს ძალზე მკვეთრ ელფერს სძენდა შავი.

მოულოდნელად შიმშილის გრძნობამ ამიტაცა, რომელიც კერძებით სულაც არ იყო გამოწვეული. მისი პროვოცირება შეუდარებელი მამაკაცური სხეულის სიახლოვემ მოახდინა.

_ ძალიან შეიცვალე, იცი? _ თქვა მოულოდნელად.

მისი ხმის მსუბუქმა ინტონაციამ მაიძულა, თვალებში შემეხედა. მის მზერაში წამით გაელვებული ნდომის ნაპერწკალი შევნიშნე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემს წეღანდელ «შიმშილის» შეგრძნებას.

_ ახლა ალბათ აღარ ვგავარ იმ დარტყმულ გოგოს, არა?

შევნიშნე, რომ ამის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა. ვეღარ მოასწრო ამ შეკრთომის თავის მომაჯადოებელ ღიმილში მიმალვა.

_ ბავშვობაში სასტიკები ვართ ხოლმე. _ იმართლა თავი.

სკოლის დროინდელი მოგონებები კვლავ ამომიტივტივდა. მახსოვს, ჩემი დაუდევარი ჩაცმულობა, მსხვილმინიანი სათვალე და ინტელექტის მაღალი დონე თანაკლასელებში ირონიას რომ იწვევდა. ზურგს უკან ხშირად დამცინოდნენ ხოლმე ყოველივე ამის გამო. ბუნებრივი სიმორცხვე არ მაძლევდა უფლებას, მეტოქეობა გამეწია ამბიციური, თავხედი თანატოლებისთვის, ამიტომ თითქმის მივეჩვიე მოსაწყენი დამზეპირებლის რეპუტაციას. არადა, სულაც არ ვიზეპირებდი არაფერს. უბრალოდ, ნათელი გონების გოგო ვიყავი და რასაც ვკითხულობდი, ეგრევე ვითვისებდი. მიუხედავად ამისა, ყველას ეგონა, რომ დღე და ღამე ტექსტების დაზეპირებაში ვიყავი, რომ თავი განათლებულად წარმომეჩინა. თავის გამოჩენა კი ძალზე იშვიათად მსურდა, მხოლოდ მაშინ, როცა ტეტე ბიბის მოიყვანდა ჩვენთან, სახლში. აი, მაშინ კი საკუთარი ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მას მომხიბვლელი ვჩვენებოდი. ის მეხუმრებოდა, ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ეს იყო მიზეზი, რომ ეტაპობრივად, ჩემდა უნებურად, შემიყვარდა კიდევაც.

დავავლე ხელი ჩემს ბოკალს და კარისკენ გავემართე.

_ მე დარტყმული გოგო ვიყავი. _ ჯიუტად გავიმეორე.

ბიბიც ადგა და უკან გამომყვა. ზურგი მეწვოდა, რადგან მის მზერას ვგრძნობდი, ერთიანად გამიხურდა სხეული.

_ მე შენ ასე არასდროს გეძახდი.

_ ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ.

კარი, რომელიც ბაღში გადიოდა, ხელის კვრით შევაღე და დაველოდე, რათა ბიბი წინ გამეტარებინა, მაგრამ იგი პირდაპირ ზღურბლთან შეჩერდა და იდაყვზე წამავლო ხელი.

_ ვიცი, შენ არ გინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ის ამბავი, _ ხმადაბლა და მომთხოვნი ტონით მითხრა.

მისი თითების შეხებამ ხელი გამითბო. თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაკრთა ჩვენ შორის.

_ ახლა არანაირი მნიშვენლობა არა აქვს იმას, რაც იმ ღამეს მოხდა.

_ ცდები, _ თქვა და ოდნავ მომიჭირა თითები, მერე კი ხელი შემიშვა, _ მაშინ მე უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.

გავჩერდი და შევხედე. თვალებში წამით უცნაური გამომეტყველება გაუკრთა _ მტკივნეულად დაუცველი ადამიანის გამომეტყველება, რაც არაფრით ესადაგებოდა წარსულში თავხედი ბიჭუნას ბუნებრივად გამომუშავებულ თამამ თვისებებს.

_ მაგრამ არა თავიდანვე, ცოტა მოგვიანებით.

_ სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. _ დაიჟინა მან, თან თვალს არ მაშორებდა, თითქოს მაიძულებდა, ყველაფერი დაწვრილებით გამეხსენებინა.

მის ტუჩებს შევხედე და გამახსენდა, როგორი იმედით შევყურებდი, როდის მაკოცებდა მაგ ტუჩებით, და როგორ ერთბაშად, წამში დაიმსხვრა ჩემი იმედები, როცა ძმაკაცებს აჰყვა და სიცილით გამეცალა.

_ თავს ნუ იდანაშულებ. ისე, რომ ვთქვათ, განა რა მოხდა? თითქმის ვაკოცეთ ერთმანეთს. შენმა მეგობრებმა შეგვამჩნიეს და გაგვაშაყირეს. შენც ადექი და თქვი, რომ ეს ხუმრობა იყო. _ ამ სიტყვებით ხელი ვუბიძგე პატარა მაგიდისკენ, რომელიც ვერანდაზე იდგა, _ და შენ მართალი იყავი.

ბიბის ჯიუტმა მზერამ მიკარნახა, რომ მზად იყო, ყველაფერი ბოლომდე აეხსნა, მაგრამ ეს სულაც არ შედიოდა ჩემს განზრახვაში. დიდი ხანია, მივიღე გადაწყვეტილება, წარსულისკენ არ გავიხედო და თავიდან არ განვიცადო შერცხვენის ის სცენა. თუკი მსურს, მთელი თვე შეყვარებული ქალის როლი ვითამაშო, აჯობებს, არ გავიხსენო ბავშვობის უიმედო გატაცება.

_ ელე, სულაც არ იყო ისე, როგორც შენ გგონია.

_ მაპატიე, ახლავე დავბრუნდები. _ ამ სიტყვებით სამზარეულოში გავვარდი. დრო მჭირდებოდა, რომ შოკის მერე გონს მოვსულიყავი, რაც მისი თითების შეხებამ გამოიწვია.

ბიბის არ უცდია ჩემი შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ შევატყვე, ამის დიდი სურვილი ჰქონდა. რა უნდა ეთქვა? რით უნდა ემართლებინა თავი? _ რომ უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო მაშინ თავი, რომ ის საღამო ჯადოსნური იყო იქამდე, სანამ ყველაფერს გააფუჭებდა?

მალევე დავბრუნდი. იდაყვით გამოვაღე კარი, რომელიც აჭრიალდა და ბიბიმ გამოიხედა. სინი მომქონდა, რომელზეც ხილითა და ნამცხვრით სავსე ორი თეფში ელაგა. ბიბი დასახმარებლად წამოხტა და მოულოდნელად შევამჩნიე, როგორი ხარბი მზერა მოავლო ჩემს თეძოებს, მკერდს და ოდნავ მოშიშვლებულ მუცელს, ხელების აწევის დროს რომ გამომიჩნდა მაისურის ქვეშ. მართალია, ბავშვობიდანვე სპორტული ფიგურა მქონდა, მაგრამ მომწიფების ასაკიდან საჭირო ადგილებში მსუქუბი სიმრგვალეები გამიჩნდა, რაც მომაჯადოებელ ქალურობას მძენდა, იმდენად მაცდუნებელს, რომ ვატყობდი მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ კი ჩამხუტებოდნენ. სწორედ ეს სურვილი გამოეხატა ბიბის სახეზე.

_ ნება მომეცი, დაგეხმარო.

_ მადლობა, _ ვუპასუხე საყვარელი, მორცხვი ღიმილით, რაც სულაც არ ესადაგებოდა ჩემი იმიჯის ქალს. არადა, სწორედ ასეთი წარვუდექი პირველ შეხვედრაზე, იქ, ბარში.

მან სინი ჩამომართვა და მაგიდაზე შემოდგა.

_ შენი კულინარიული შესაძლებლობები და ეს ლამაზი ბაღი თავისი ყვავილებით მაფიქრებინებს, რომ საშინაო საქმეებისთვის დრო არ გენანება. მახსოვს, ტეტეს და მამაშენსაც თვითონ უმზადებდი სადილებს და ოთახებშიც ყველგან ყვავილებით სავსე ლარნაკები გედგა. გგონია, არ მახსოვს? ყველაფერი აქ არის, თავში, _ და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.

_ დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან პატარები ვიყავით, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობდი, მამაჩემისა და ტეტესთვის მყუდრო ოჯახური ატმოსფერო შემექმნა.

_ მესმის, როგორ გაგიძნელდებოდა დედის გარეშე, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა შენს კლასელებთან ურთიერთობა არ გამოგდიოდა. წეღან შენს თავზე რომ თქვი, დარტყმული ვიყავიო, თვალებში წყენა ჩაგიდგა. მართალია, ხმამაღლა არასდროს მიხსენებია შენი თანდასწრებით ეს სიტყვა, მაგრამ ვაღიარებ, რომ გულში მეც ასე ვფიქრობდი. იმედია, ამდენი წლის შემდეგ ჩემს აღსარებას წყენით არ მიიღებ…

_ არა, რას ამბობ. შეგეძლო, არც გეთქვა, ისედაც ვიცოდი.

მერე დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ. ახლა უკვე დაწვრილებით მოვუყევი ჩემზე, რას ვსაქმიანობდი, რა ადგილი მეჭირა საზოგადოებაში…

_ შთამბეჭდავია შენი წინსვლა ბიზნესში, მაგრამ დიასახლისის ამპლუაში უფრო მომწონხარ. უამრავი გოგო მინახავს, საქმეში ძალიან წარმატებული მოდელიც, მსახიობიც და ბიზნესვუმენიც, რომლებიც გაზქურასთან არასდროს მდგარან, რომლებიც გაურბიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს და მიჭირს შენი მათთან შედარება. მათგან განსხვავებით, შენში ვხედავ ქალს, რომელიც თავის სახლზეა მიჯაჭვული. როგორ გახდი ასეთი კეთილშობილი, ან როგორ უთავსებ სამსახურს და სამზარულოს ასე ჰარმონიულად ერთმანეთს?

_ რა ვიცი… დროთა განმავლობაში გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, _ მაცდუნებლად გავუღიმე.

ბიბიმ სკამი გამომიწია. გაოცებულმა შევხედე _ არ ვიყავი მიჩვეული გალანტურ კავალრებს _ და დავჯექი.

_ როგორც მივხვდი, წარსული არ უნდა გავიხსენოთ. ეს თემა განსჯას არ ექვემდებარება. მაშინ ხომ არ აჯობებს, ჩვენს გარიგებაზე ვისაუბროთ? გინდა, რომ დავაჯეროთ შენი დაქალები, თითქოს ოდესღაც რომანი გვქონდა, თუ ვითომ ეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაა შენს ცხოვრებაში?

_ უნდა ვთქვათ, რომ ადრე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.

_ ანუ მე ახალი მამაკაცი ვარ შენთვის და შენ ამით ტკბები, არა? _ ამ სიტყვებით გახუხული ორცხობილას რამდენიმე პატარა ნაჭერი აიღო და პირისკენ გააქანა, თითქოს მზესუმზირას აკნატუნებსო.

შეცბუნებულს ღაწვები შემეფაკლა. მას კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე, აშკარად სიამოვნებდა, დაბნეულს რომ მხედავდა.

_ ერთი სიტყვით, _ ვთქვი და პაუზა გავაკეთე, თან აჭარხლებული შევუდექი ფორთოხლის გაფცქვნას, _ იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდეს, მოგვიწევს ხშირად ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა, ხანდახან წელზეც უნდა მომხვიო ხელი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

_ შენ რა, დამცინი? რას მიქვია, წინააღმდეგი ვიქნები? პირველსავე შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან, ოღონდ კი ჩაგიხუტო. მაგრამ იმის მეშინია, როცა რეალურ ქმედებამდე მივა საქმე, გაბრაზებული არ გამექცე. ისე, კოცნაზე რას იტყვი?

_ არავითარი კოცნა! _ ლამის ვიყვირე და უხერხულობის დასაფარავად ნახევარი ფორთოხალი გავიქანე პირისკენ, თან ლამის დაუღეჭავად გადავყლაპე.

_ მაგრამ წყვილები ხანდახან კოცნიან ერთმანეთს. ბუნებრიობისთვის ეს აუცილებელიც კია. ხომ გინდა, რომ დაგვიჯერონ?

პასუხად რაღაც ჩავიბურტყუნე, ძალიან დავიბენი. ასე მეგონა, სახე კი არა, მთელი სხეული გამიწითლდა სირცხვილისგან.

_ ვატყობ, ეს შეშლილი პროექტი უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. _ გულიანად გაიცინა, _ მოდი, ნუღარ შევუდგებით მარჩიელობას, რა როგორ იქნება, ახლავე ვიმოქმედოთ, კარგი? _ ამ სიტყვებით მაგიდიდან გადმოიხარა, მხრებში ჩამაფრინდა და მიმიზიდა. გული ამიჩქარდა, ქვედა ტუჩი უცერემონიოდ გავილოკე და გამჭოლი მზერით მივაჩერდი.

_ ნუ გეშინია, მე სამაგალითო კავალერი ვიქნები.

სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად…



ვიცოდი, რომ ბიბის ჩემს სახლში დაპატიჟება უდიდესი შეცდომა იყო, მაგრამ მაინც გავაკეთე ეს. ჩემი მხრიდან აუხსნელი ნაბიჯი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს საქმიან სამყაროში ყველა ნაბიჯი ოქრომჭედელივით ფაქიზად და ზედმიწევნითი სიზუსტით მქონდა გათვლილი. ჩემი სააგენტო, რომელიც კულტურული ღონისძიებების მოწყობას ემსახურებოდა, ვერასდროს იქნებოდა წარმატებული, კარგი ხელმძღვანელი რომ არ ვყოფილიყავი. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, სერიოზულად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, იდეალური ქალი არ არსებობს, მაგრამ ვცდილობდი, 69 პროცენტით მაინც დავმსგავსებოდი ჩემს იდეალს, თუ მეტს ვეღარ მოვახერხებდი. და არ გაინტერესებთ, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემთვის იდეალური ქალი? პირველ რიგში, ჭკვიანი, რბილი და, ამავდროულად, მტკიცე ხასიათის; თბილი, მოსიყვარულე, საქმიანი; უნდა შესძლებოდა ადამიანების დაჯერება, საუბარი დინჯად, საინტერესოდ და თანმიმდვრულად წაეყვანა; კაცებს ჭკუა ეკეტებათ საინტერესო ქალებზე; თუ პირობას დადებდა, აუცილებლად უნდა შეესრულებინა და არ გაეწბილებინა ისინი, ვინც ენდობოდნენ; ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო, დამთმობი, მოთმინება ადვილად არ უნდა დაეკარგა, ლოდინის ნიჭიც ჰქონოდა და მიტევებისაც; თუ შეცდომა მოუვიდოდა, არ უნდა შერცხვენოდა აღიარების და ბოდიშის მოხდის; ჩემი იდეალური ქალი სული და გული უნდა ყოფილიყო საქმიან წრეებში, მეგობრებში, მეზობლებში, ახლობლებთან, ნაცნობებში… ერთი სიტყვით, მთავარი ღერძის როლი უნდა შეესრულებინა, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი; ასევე, კარგი დიასახლისობა უნდა სცოდნოდა, გემრიელი კერძების მომზადება. მთავარი იყო კარგი ხასიათიც. ქალს მხიარულება უხდება, ლამაზი სიცილი, დაჯილდოებული უნდა იყოს იუმორის გრძნობით და ცეკვა-სიმღერაც ეხერხებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია მოსმენის კულტურა, თანაგრძნობის გამოხატვა და… ერთგულება. ალბათ ამით უნდა დამეწყო, მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ერთგულება ის თვისებაა, რომლის გარეშეც ადგილს ვერ დაიმკვიდრებ საზოგადოებაში. რა ვქნა, ასე მიმაჩნია. ის ყველგან და ყველაფერშია საჭირო, ელემენტარულად, ყვავილების მოვლაშიც კი.

ჰოდა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში დასანერგად, რომ იტყვიან, კანიდან ვძვრებოდი. ვითვისებდი კარგ მანერებს, ვსწავლობდი, როდის როგორ გამეღიმა, როგორ მემოძრავა, ხელები როგორ დამეჭირა შესაფერის მომენტებში. გგონიათ, მასწავლებელი დავიქირავე? სულაც არა. იუთუბიზე შევდიოდი და ვიდეოებიდან ვსწავლობდი. გარდა ამისა, ლამის ყოველდღიურად ვეცნობოდი ინტერნეტში მოდის სიახლეებს, ვაკვირდებოდი, როგორი ლუქი უნდა შემერჩია საქმიანი შეხვედრების დროს, წვეულებებზე, კლუბებში, რესტორნებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის მიხედვით ვარჩევდი და ვანახლებდი ჩემს გარდერობს. ფულის პრობლემას არ განვიცდიდი, ნამდვილად არ ვუჩიოდი ხელმოკლეობას, პირიქით, ჩემი საქმიანობის კვალობაზე, სოლიდური შემოსავალი მქონდა. ამიტომ არ მიჭირდა, სამ დღეში ერთხელ მევლო სილამაზის პრესტიჟულ სალონებში. სეზონის მიხედვით ვიცვლიდი ვარცხნილობას, მაკიაჟს, ვსტუმრობდი სატრენაჟორო დარბაზებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებსაც კი, თუ რამე არ მომეწონებოდა ჩემს გარეგნობაში. ერთი სიტყვით, მთელი მონდომებით ვიქმნიდი იმიჯს, რომლისკენაც ასე თავგამოდებით მივისწრაფოდი წლების განმავლობაში. ასე რომ, ჩემს ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლა ვარ წარმატებული, თავდაჯერებული და საზოგადოებაში მიღებული ბიზნესლედი, რომელიც დიდების მწვერვალზე იმყოფება.

ყველას ვიცნობდი, წვრილი მოხელეებიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის «ჩინოვნიკებით» დამთავრებული. ვმეგობრობდი მინისტრებთან, მათ ცოლებთან, განსაკუთრებით ბიზნესმენებთან _ ყველასთან, ვისაც რაიმე ღონისძიების გამართვა სურდა და ამაში დახმარება, მით უფრო, თუ თავიანთი პროდუქციისთვის სჭირდებოდათ რეკლამა. ასე რომ, თბილისის ელიტაში ვტრიალებდი და ვამაყობდი იმით, რომ შემეძლო გონივრული, აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიმეღო.



ახლა კი, ვგრძნობდი, რომ ყველაზე სულელური ნაბიჯი გადავდგი, სულწასულობამ მძლია და ისეთი მამაკაცი შევარჩიე ჩემი გეგმის განსახორციელებლად, რომელზეც ერთ დროს მზე და მთვარე ამომდიოდა, მან კი დამამცირა. რატომ მიღალატა ამჯერად საღმა აზრმა? რატომ არ დამემორჩილა გონება, როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივედი? ის ხომ, ფაქტობრივად, საბედისწერო მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში? ჯერჯერობით ვერ ვხვდებოდი ამას.

როცა შევხედე, როგორი სიამოვნებით გააქანა ბიბიმ პირისკენ თაფლში ამოვლებული მოხალული მიწის თხილი, რომლითაც ვითომ გოზინაყის იმიტაცია შევქმენი, ჩემს მთავარ კითხვაზე პასუხიც მზად იყო _ აბა, რომელი ნორმალური ქალი აუვლიდა გვერდს გულგრილად მის ჯინსისფერ თვალებს, მკვეთრად შემოხაზულ ზედმეტად მამაკაცურ ტუჩებს და გონის წასვლამდე მაცდუნებელ ღიმილს, განსაკუთრებით იმ ფოსოებს, ასე რომ მაგიჟებდა ყოველთვის?

აი, სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი მასზე და არა იმიტომ, რომ ოდესღაც ბრმად მიყვარდა.

მგონი, თავს ვიმართლებ, მაგრამ სხვა რა დამრჩენია?

ჩუმი, ეროტიკული ოხვრა აღმოხდა ბიბის და სკამი ოდნავ უკან გასწია.

_ თამამად შემიძლია ვთქვა და დავამტკიცო კიდეც, რომ ამაზე გემრიელი არასდროს არაფერი მიჭამია.

მისი ნათქვამით ნასიამოვნებმა ჩემი თეფში გვერდზე გავწიე. რატომღაც, უეცრად სრულიად თავისუფლად ვიგრძენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმის დეტალების განხილვა ჯერაც არ დაგვეწყო.

_ არ მჯერა, ასეთი დიასახლისი რომ ხარ. შენი მდგომარეობის გოგო, ასეთი ყოჩაღი სარეკლამო ტოპმენეჯერი, წესით ყოველდღე საუკეთესო რესტორნებში უნდა სადილობდეს კლიენტებთან საქმიან შეხვედრებზე.

_ ასეც ხდება საჭიროების დროს, _ მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.

_ და კერძების მომზადებაც მაგ რესტორნების მენიუს მიხედვით ისწავლე?

_ სწავლის სხვა, უფრო მოსახერხებელი საუშალებებიც არსებობს, ბიბი. _ სიცილი ვერ შევიკავე მის მიამიტურ დასკვნაზე.

თვითონაც გაეცინა, რის გამოც თვალის კუთხეებში საყვარელი მიმიკური ნაოჭები დააჩნდა.

_ არ ვიცი, რა ხდება თბილისის რესტორნებში, მაგრამ ამერიკაში ბევრი კარგი და უცხო რამ გამისინჯავს, თან საუკეთესო. მიუხედავადა ამისა, მზად ვარ, ხმამაღლა გავიმეორო, რომ ეს ყველაზე გემრიელი ვახშამი იყო ჩემს სიცოცხლეში.

_ ასე ადვილია შენი გაოცება? თაფლში ამოვლებული მოხალული თხილი, მოშუშული ხორცი, სალათები და დესერტი, დავიჯერო, შენზე ასეთ ეფექტს ახდენს? _ მსუბუქი ნიშნის მოგებით ვუთხარი, მაგრამ იმწამსვე ვინანე ჩემი სიტყვები, რადგა უეცრად ჩაუქრა თვალებში სხივი და ღიმილიც გაუქრა სახიდან.

_ შენ წარმოიდგინე, კი, თუმცა, ვატყობ, შენთვის ძნელია ამის გაგება, _ ჩუმი ხმით მომიგო, თან თვალი თვალში გამიყარა, თითქოს უფრო მოსწრებულ პასუხს ეძებდა ჩემს ირონიულ კითხვაზე, _ მაგრამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, რომელსაც მე და შენ ერთად გავატარებთ, შესაძლოა, მიხვდე ამას.

ო, ღმერთო! ეს რა მივქარე!

ეგრევე ავდექი და ხურვებაშეყრილივით შევუდექი სუფრის ალაგებას. ამ დროს ბიბიმ წამოიწია, მაჯა დამიჭირა და შემაწყვეტინა აფორიაქების გამო დაწყებული საქმიანობა.

_ შეეშვი. ყველაზე ცოტა, რითიც შემიძლია ვახშმისთვის მადლობა გადაგიხადო, თეფშების ალაგება და მათი დარეცხვაა, _ ისე მითხრა, თითქოს მამშვიდებსო.

მისი ხელისგული მაჯას მიწვავდა, ცხელი ტალღა ხელიდან უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა, თითქოს მემუქრებოდა, რომ მთელ სხეულს მოედებოდა. მივხვდი, რომ დრო დადგა, ურთიერთობის საზღვრები მკვეთრად გამემიჯნა, სანამ ჩემი გაცოფებული ჰორმონები თამაშის სულ სხვა წესებით კარნახს შეუდგებოდა.

_ წინააღმდეგი არ ვიქნები, ოღონდ დიდად ნუ მოიკლავ თავს. უბრალოდ, გადაავლე წყალი და შედე ჭურჭელი სარეცხ მანქანაში. მთავარია, ერთნაირები ერთად შეალაგო, სხვა შემთხვევაში ვერ გარეცხავს კარგად.

_ ცუდი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გქონია. _ გამეხუმრა.

_ უკაცრავად! _ გავაპროტესტე, _ ერთ-ერთი ძვირად ღირებული ტექნიკაა, გერმანიიდან გამოვიწერე.

_ ნუთუ? _ აშკარად დამცინა და გულიანად გაიცინა.

_ კარგი, გეყოფა. მერე გავრეცხოთ, მოგვიანებით, თან გასწავლი.

ჩემი სიტყვები კვლავ ორაზროვნად გაისმა და ისე შევცბი, რომ სასწრაფოდ გამოვაცალე ხელი მის ხელისგულს, ვცდილობდი, მასთან ფიზიკურ კონტაქტს მოვრიდებოდი. თუმცა გონება უკვე ვეღარ აკონტროლებდა ჩემი გაგიჟებული სხეულის რეაქციას, რომელმაც მის შეხებას აღგზნებული ჟრჟოლით უპასუხა, თითქოს ეუბნებოდა: «სიურპრიიიზ! ელენე სვანიძე ისევ ყურებამდეა ბიბი კოკაიაზე შეყვარებული!»

_ შენ დაისვენე, მე ახლავე დავბრუნდები, _ მითხრა და საქმეს შეუდგა.

ვუყურებდი, როგორ აკურატულად ალაგებდა თეფშებს ერთმანეთზე, მიყოლებით, ფაქიზად. როგრ შემეძლო, არ შემემჩნია მისი ძლიერი ხელები, ელეგანტური თითები, ცვილისგან ჩამოქნილს რომ ჰგავდა. თან ისე დამაჯერებლად საქმიანობდა, თითქოს ბავშვობიდან იცოდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ძვირფას ჭურჭელს. მართლაც, საუკეთესო თეფშებით გავაწყვე სუფრა, ყველაზე ძვირად ღირებული და ლამაზი რაც მქონდა _ ძველებური ჩინური ფაიფურის სერვიზით, რომელიც ანტიკვარიულ მაღაზიაში ვიყიდე, თუმცა დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინანდელი თუ იქნებოდა. მაგრამ იქნებ ორმოცდაათი წლის წინანდელიც ანტიკვარიატად ითვლება? ამდენი არ ვიცი. ეგ კი მახსოვს, ბავშვობაში ბებიაჩემი როგორ არჩევდა ხოლმე სერვიზებს, სანამ იყიდდა. მეორე მხარეს ემბლემასავით წარწერა ჰქონდა ყველას, თან ერთნაირი, რომლებიც მხოლოდ ფერით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. იყო მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი წარწერა და ოქროსფერი უმაღლეს ხარისხად მიიჩნეოდა. ეტყობოდა კიდევაც ხარისხს _ რაც უფრო მსუბუქი და თხელი იყო თეფში, მით უფრო ძვირად ფასობდა. ბებიას უფრო ჩეხური ჭურჭელი მოსწონდა, ამიტომ ჩეხური ფაიფურითა და ბროლით გამოტენილი გვქონდა სახლი. მე კი, რაც წამოვიზარდე, გერმანული მაისანის ფაიფური და ჩინური უფრო მომწონდა, ბევრად ლამაზი დიზაინი ჰქონდა და არც ხარისხით ჩამოუვარდებოდა ჩეხურს. თუმცა, ესეც გემოვნების საკითხია.

მალულად შევავლე მზერა მის დაკუნთულ მკლავებს, მერე ვეღარ მოვითმინე და, როგორც კი თეფშებით ხელში სამზარეულოსკენ გაემართა, თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე მისი გაკაჟებული ტანადი სხეული. შურიანი ოხვრა აღმომხდა _ ბიბი კოკაია დიდებული მამაკაცი იყო და არა მხოლოდ ფიზიკურად.

სუფრასთან ჩვენი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მთელი ეს წლები ზედაპირული შეხედულება მქონდა მასზე. ტეტეს დაბადების დღის მერე მას ყველაზე თავქარიან ლოველასად ვთვლიდი. შეიძლება იმ პერიოდში ძიების პროცესში იყო, თავისი სტილისა და გემოვნების გოგოს ელოდებოდა, ან იქნებ სულ სხვა, ჩემთვის გაუგებარი და მისთვის გასაგები მიზეზები ჰქონდა, ყველა გოგოს კუდში რომ დასდევდა, ან დრო სჭირდებოდა, რომ გაზრდილიყო და ჭკუა მომატებოდა, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, მამაკაცი, რომელიც ახლა ჩემთან იმყოფებოდა, საინტერესო, მომნუსხველი და განუმეორებელი აღმოჩნდა.

_ შენი ღიმილის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ერთობ სასიამოვნო რამეზე უნდა ფიქრობდე, მაგრამ არ გკითხავ, რაზე.

ისე ვიყავი ჩემს აზრებში გაბლანდული, ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამომიჯდა ცხვირწინ. გასაკვირია, მაგრამ კვლავ შეძლო ჩემი საგონებელში ჩაგდება. ბევრ მამაკაცს უცდია ჩემთან ფლირტის გაბმა, განსაკუთრებით ფულიანებს, მსხვილ ბიზნესმენებს და მათ მენეჯერებს, ესეც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვა ამა თუ იმ ოფისის ჩვეულებრივ, უბრალო თანამშრომლებზე ან სულაც, უმუშევარ მამაკაცებზე. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ბიბიმ შეძლო ჩემი ლამაზი ტუჩების მომაჯადოებელი ღიმილის მოსყიდვა.

მან თავს ზემოთ ერთმანეთს გადააჭდო თითები და გაიჭიმა.

_ მივხვდი! შენ ფიქრობ იმაზე, რომ მე შესანიშნავი პარტნიორი ვიქნები.

სიცილი ვერ შევიკავე მის ტრაბახა ტონით წარმოთქმულ ხუმრობაზე.

_ ამაში არაფერია გასაკვირი, მე ხომ მართლაც «დაცემა» ბიჭი ვარ, პრაქტიკულად, განუმეორებელი.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი საკუთარი აზრები ასე ზედმიწევნით და თან ხმამაღლა გაახმოვანა, ვერაფერი ვუპასუხე. მაგრამ არაფრით მივცემდი იმის უფლებას, ჩემს გრძნობებს ჩასწვდომოდა, რათა გაეგო, როგორ მინდოდა, მასთან ურთიერთობა არა მხოლოდ სხვის საჩვენებლად, არამედ რეალურადაც გამეგრძელებინა. ამიტომ რაც მალე განვიხილავდით ჩვენი მომავალი თამაშის დეტალებს, მით მალე დავემშვიდობებოდი და გავისტუმრებდი სახლიდან. ამის შემდეგ კი შევეცდებოდი, გონებიდან ამომეგდო მისი ცისფერი თუ ლურჯი თვალების დაბინდული მზერა და ლოყებზე შემომსხდარი საყვარელი ფოსოები, რომლებიც მხოლოდ გაღიმების დროს ჩნდებოდა.

_ ტრაბახს კაცი არ მოუკლავს, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი.

_ ეგ ოცნებაზეა ნათქვამი და არა ტრაბახზე.

_ ვიცი, მაგრამ ტრაბახსაც მშვენივრად მოუხდა, _ ისევ გამეცინა, _ მოდი, აჯობებს, ქორწილის გეგმები განვიხილოთ, სანამ შენი მამაკაცური მომნუსხველობისგან საბოლოოდ დამიკარგავს თავი, _ ვითომ გავეხუმრე, სინამდვილეში კი სიმართლე ვუთხარი.

_ დამცინი?

_ სულ ცოტა-ცოტას, _ მივუგე და «სულ ცოტა-ცოტა» ცერა და საჩვენებელი თითით გამოვსახე.

მან თვალები მილულა, არც უცდია კმაყოფილების დამალვა, მერე უეცრად გადმოიხარა ჩემკენ და ისე დამიჭირა ის ორი თითი, გული ლამის ამომიხტა ბუდიდან, რადგან ცხელი ტალღა ერთბაშად მოასკდა ჩემს სხეულს. ვიგრძენი, რომ კონტროლს ვკარგავდი, კიდევ ცოტა და სიტუაცია უმართავი გახდებოდა.

_ შეყვარებულები ხშირად აშაყირებენ ერთმანეთს, _ თქვა მან დაბალი, ჩახრინწული ხმით, რამაც უფრო ძლიერად იმოქმედა ჩემზე, ვიდრე მისმა სექსუალურმა ღიმილმა, _ კარგია, რომ ცოტა პრაქტიკის გავლა შეგვიძლია.

მხოლოდ ეს «ცოტა პრაქტიკა» აკლდა ჩემს აფორიაქებულ გულს! როგორ დამერხა!

_ რა თქმა უნდა, _ ჩავილუღლუღე და თითები გამოვტაცე იმ მიზეზით, ვითომ წყლიანი ჭიქის აღება მინდოდა. რამდენიმე ხარბი ყლუპი მოვსვი, იქნებ ამ დროში ოდნავ მაინც დავმშვიდდე და სურვილის აალებული ნაპერწკალი ჩავაქრო-მეთქი.

სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი გეგმა _ ერთი თვის განმავლობაში პლატონურად გვყვარებოდა ერთმანეთი, სხვების თვალში კი უგონოდ შეყვარებული წყვილის როლი გვეთამაშა _ ხუხულასავით ინგრეოდა. მაგრამ უკან დახევაც გვიან იყო. დილით მეგიმ დამირეკა და შეპარვით მითხრა, ჩემი გარე ბიძაშვილი ჩამოდის და უნდა გაგაცნო, იმასაც არ ჰყავს შეყვარებული და იქნებ ერთმანეთი მოგეწონოთო… მე კიდევ არც ვაციე, არც ვაცხელე და ვახარე, თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, ერთი კვირაა, ვხვდები და შენს წინასაქორწილო შეხვედრებზეც მასთან ერთად ვივლი-მეთქი.

ისე გაუხარდა, სულ «ვაიმე» და «რა მაგარია»-ს გაიძახოდა. ვიცოდი, როგორც კი ტელეფონს გავუთიშავდი, ეგრევე დარეკავდა გოგოებთან და ლილის და კატოსაც ჩააყენებდა საქმის კურსში. აბა, ასეთი სენსაციური ამბავი საიდუმლოდ როგორ დარჩებოდა! მართლაც ასე მოხდა, ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჯერ კატომ დამირეკა, მერე ლილიმ, რათა დაწვრილებით გამოეკითხათ ჩემთვის, ასე უცებ ვინ გავიცანი და ვინ იყო ის ლეგენდარული მამაკაცი, ვინც ჩემი მოხიბვლა მოახერხა. წესიერად არც დავლაპარაკებივარ, რადგან უამრავი კერძი მქონდა მოსამზადებელი და სალაქლაქოდ არ მეცალა, თან ჯერ არც მქონდა ტყუილები მოფიქრებული, რომ დაქალები «დამებოლებინა». არადა, სერიოზულად უნდა შევმზადებულიყავი ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: «დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი ოცნების კაცია? ლამაზია? მდიდარია? როდის უნდა გაჰყვე ცოლად?» და ასე შემდეგ.

მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა ჩემი გოგოები, მაგრამ როცა საუბარი ჩემს გათხოვებაზე ჩამოვარდებოდა, მათი დანახვაც აღარ მინდოდა, რადგან იმ წუთებში თითქოს თვალებში უბნელდებოდათ, იმდენს მეჩიჩინებოდნენ. ამიტომაც შევარქვი «ქორწინების ფანატები». არადა, მათ ქმრებს ისეთი ძმაკაცები ჰყავთ, შეიძლება ნერწყვი გადაგცდეთ სასულეში და ერთს არ იფიქრებენ, საუკეთესოები გამაცნონ, იქნებ მართლა გამიღიმოს ბედმა. მხოლოდ «წყალწაღებულები» ემეტებათ ჩემთვის. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. არ მინდა ვიფიქრო, რომ შურია ამაში გარეული, ღმერთმა დამიფაროს! ორივეს ისეთი ქმარი ჰყავს და მესამეც ისეთ კაცზე თხოვდება, ალბათ მარკ ცუკერბერგს, კემერონ ჯონსონს ან ალექს ტიუს უნდა მივთხოვდე, რომ ჩემი შეშურდეთ და დაიბოღმონ. როგორ მეცინება, ამას რომ ვწერ. თვითონაც რამდენჯერ უნატრიათ ამ ახალგაზრდა მილიონერებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ქმრები ჰყავთ.

_ კიდევ ხომ არ გინდა წყალი? _ ბიბიმ წყლით სავსე გრაფინი მოიმარჯვა.

_ არა, მადლობა, _ ვჩქარობდი, რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა ეს შეხვედრა, _ აჯობებს, საქმეს მივუბრუნდეთ.

_ კი ბატონო, მე მზად ვარ.

უეცრად გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. მან ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი დააძრო ზედ მიმაგრებული კალმით, გადაშალა, თავში რამდენიმე სიტყვა დაწერა და მერე სვეტები ჩამოხაზა.

_ რას აკეთებ? _ წარბები ავზიდე.

_ უნდა ჩამოვწერო, რა გავაკეთო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი სწორად გავიგე, რომ მერე პრეტენზიები არ გქონდეს. _ სერიოზული სახე მიიღო და ჩასაწერად მოემზადა.

თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მაინც შემაწუხა ეჭვებმა.

_ შენ მითხარი, რამდენჯერმე ერთად მოგვიწევს საღამოებსა და პიკნიკებზე ყოფნაო. დაწვრილებით მომიყევი შენი მეგობრების შესახებ.

_ საპატარძლოს მეგი ჰქვია. ადრე სტიუარდესა იყო, სწორედ მაშინ გაიცნო თენგო.

_ ეგ ის კირვალიძეა, არა? შენ რომ მეუბნებოდი.

_ ჰო, ისაა.

_ მაგარია. იმედია, დავმეგობრდებით.

ახლა კი ვერ დავმალე გაოცება. თვალებგაფართოებული მივაშტერდი. აი, თურმე რა გამორჩენას ელოდა ჩემთან სიახლოვით. თუმცა, რა გასაკვირი იყო, თვითონ არ შევთავაზე დახმარება? დახმარება კი არა, ჩვენს გარიგებას ბარტერი უფრო ერქვა.

_ კარგი, ეს გავიარეთ. _ ბიბიმ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში, _ შემდეგი?

_ შემდეგი კატოა, რომლის ქმარია დუდუ ბოლქვაძე, მასზეც გელაპარაკე, თუ გახსოვს.

_ როგორ არ მახსოვს, სკლეროზი კი არ მჭირს. _ თავმომწონედ მომიგო, _ ასეთი მნიშვნელოვანი რამეები არ მავიწყდება. კომპიუტერებით რომ ვაჭრობს, არა?

_ არა მხოლოდ. საერთოდ, ციფრული ტექნიკა შემოაქვს, ტელევიზორები, ტელეფონები და რა ვიცი, ნაწილებიც…

_ გასაგებია… წავიწიოთ წინ.

_ მესამე დაქალს ლილი ჰქვია, ანტონ შუბლაძის ცოლია.

_ ოქროულობის «ოქროკაცი», არა?

_ მშვენივრად დაგიმახსოვრებია, ყოჩაღ!

_ როცა კარიერის აწყობას აპირებ, ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო, ყველაფერი, ნებისმიერი წვრილმანიც კი, ლოკატორებივით უნდა გქონდეს ყურები. _ მთელი სერიოზულობით გამომიცხადა.

_ მაგაში გეთანხმები. რაც შეეხება ჩემს დაქალებს, სამივე საყვარელია, ლამაზი და მხიარული. «ქორწინების ფანატებს» ვეძახი, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.

_ «ქორწინების ფანატებს»? _ ბიბის ცალი წარბი მაღლა აიჭრა, რამაც სასაცილო შესახედავი გახადა. ამწუთას პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელსაც ტყუილებით აკვირვებენ.

_ პირველად ლილი გათხოვდა და ამის შემდეგ აიწყვიტეს სხვებმაც. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მდიდარ და სიმპათიურ საქმროს დაითრევდა. ყველას მეჯვარე მე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მეგი ბოლოა და დავისვენებ.

უეცრად ჩაფიქრებული გაუხდა გამოხედვა, თითქოს რაღაცას საზრობსო. ვერ მივხვდი, რამ შეაწუხა, მაგრამ იმწუთშივე თავად ამიხსნა ყველაფერი.

_ ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ანდაზასავითაა… მაგრამ არ ვიცი, გითხრა თუ არა, მეშინია, არ გეწყინოს.

_ თქვი, არ მეწყინება. _ გავუღიმე, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა.

_ სამჯერ მეჯვარე _ არც ერთხელ პატარძალიო, ასე იციან თქმა. _ მითხრა და მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი, იფიქრა, არ ეწყინოსო, _ არ ვიცოდი, ასე თუ გეზარებოდა მეჯვარეობა.

_ მეჯვარეობა კი არა, მათი ჩიჩინი მეზარება. აი, ჩვენ ყველანი დავთხოვდით, შენ კი ისევ მარტო ხარო.

_ მერე რა არის ამაში ცუდი? რახან თავისი თავისთვის ამდენი სცადეს, შენთვისაც გაირჯებიან.

დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლაც გამახსენდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ლილიმ ვითომ შემთხვევით მომიწყო. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთ სადილზე შეგნებულად მოაწვევინა თავის საქმროს «შესაფერისი კანდიდატები», ოღონდ არა საკუთარი ძმაკაცები, არამედ მისი შორეული ნათესავები, თვითონაც რომ არ იცოდნენ წესიერად, რას წარმოადგენდნენ. კინაღამ ვიჩხუბეთ ამის გამო. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და ლამის წამომცდა, ჩემი სიკეთე თუ გინდა, რატომ ანტონის ფულიან მეგობრებს არ გამაცნობ-მეთქი. ჩხუბი იმიტომ მოგვივიდა, რომ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც თავისი ჭკუით მირიგებდა, ლოთი აღმოჩნდა. ისე გამოტყვრა, რომ შუა ქეიფში პერანგის გახდა დაიწყო და ლამის მაისურისამარა დარჩა მაგიდასთან. მეორემ ზედ მაგიდაზე მოინდომა ცეკვა, რათა ჩემთვის თავი მოეწონებინა. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მეგი ვიღაც მფრინავს რომ მაცნობდა, რომელსაც მისი დაჟინებული თხოვნით შევხვდი და კინაღამ გამარეკინა _ მთელი საღამოს განმავლობაში პირი არ დაუხურავს, სულ ამთქნარებდა.

_ ჩემს გოგოებს არ სურთ იმის გაგება, რომ უკაცოდაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და სრული ბედნიერებისთვის სამსახურიც მყოფნის, _ შევჩივლე ბიბის.

_ აი, თურმე სხვა რატომ არ აირჩიე ამ როლისთვის, _ ღიმილით ჩამიკრა თვალი, _ მე იმიტომ გამირიგდი, რომ დაქალები გააგიჟო, რა კაცი ჩაგიგდია ხელშიო, არა?

_ თავში ნუ აგივარდა, _ სიცილი ამიტყდა და მუქარის ნიშნად თითი დავუქნიე, _ უბრალოდ, საჭირო მომენტში სწორედ შენ გამოჩნდი ჩემი კომპიუტერის მონიტორზე, ეგ იყო და ეგ.

_ შენ რა, კანდიდატებს ინტერნეტში ეძებდი?

შევეცადე შეცბუნება დამეფარა, ღაწვები ისე ამეწვა, მეგონა, ცეცხლი წამეკიდა, და თავი დავუქნიე.

_ ვიფიქრე, ასე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვაგვარებ საქმეს-მეთქი. შედიხარ ფეისბუკზე, ეძებ საჭირო კანდიდატურას, დაუთქვამ შეხვედრას და მორჩა, საქმე გაჩარხულია.

_ და მერე? შედეგმა რა მოგცა?

«შენი თავი მომცა» _ გავიფიქრე და კინაღამ ხმამაღლა წამომცდა ნაფიქრი.

შენ _ გასაგიჟებელი ცისფერი თვალებით, საყვარელი ფოსოებით და დამმდუღვრელი ღიმილით, რომლითაც მონაზონის შეცდენასაც კი შეძლებ;

შენ _ ფართომხარბეჭიანი, სპორტული ფიგურით, რელიეფური კუნთებით და ქარიზმით, რომელიც ფოტოზეც კი ადვილი შესამჩნევია და რეალურ ცხოვრებაში ხომ საერთოდ, თავბრუდამხვევი. _ გავაგრძელე ფიქრი, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს აღმომხდა:

_ სიმართლე თუ გინდა, რამდენჯერმე პაემანზეც კი ვიყავი. ისე გამოვიდა, თითქოს ყველა, ვისაც შევხვდი, დაპროგრამებულები იყვნენ _ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, სიტყვასიტყვით, გეგონებოდა, დაზეპირებული აქვთო.

_ ალბათ ერთი სკოლა თუ გამოიარეს, _ ახარხარდა ბიბი, _ გინდა, გამოვიცნო, რას გეუბნებოდნენ? რომანტიკული გასეირნება წვიმაში, ვახშამი სანთლის შუქზე, ზღვის სანაპიროზე გასეირნება…

_ შენ საიდან….

_ ამერიკაში ყოფნის დროს სამსახურში გამოკითხვას ვაწარმოებდით. შევდიოდით გასაცნობ საიტებზე და მცირე ცდებს ვატარებდით, მერე კი ვაჯამებდით და მცირე კვლევას ვიღებდით.

სიცილი ვერ შევიკავე. მასთან საუბარმა ურთიერთობა გამიადვილა. გამახსენდა ის ერთადერთი და უკანასკნელი საღამოც, რომელიც წლების წინ ერთად გავატარეთ. რვა წელი ცოტა დრო არ არის. არ ველოდი, ისევ ისეთი მოხიბლული თუ დავრჩებოდი. გარდა იმისა, რომ მოქმედების კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, სხვა ბევრ რამეზეც ვისაუბრეთ და დრო ჭკვიანი და სასიამოვნო თანამოსაუბრის კომპანიაში გავატარე, რომელმაც სითბოთი გამავსო.

ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ბიბი თავის მისიას ისე შეასრულებდა, როგორც მე მსურდა _ ჩემს დაქალებს გააოგნებდა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, მე თვითონ თუ ვერ გავუძელი მის მაგნიტიზმს? ასეთი ძლიერი მიზიდულობის ძალის მქონე მამაკაცი არსად არასდროს შემხვედრა.



იმიჯი, გეგმა, ზუსტი გათვლა…

ჩემი უზარმაზარი კარადის წინ ვიდექი, სარკეში ვიხედებოდი და ვიმეორებდი ერთ დროს სადღაც ამოკითხულ სიტყვებს, მგონი, რომელიღაც ამერიკელი ავტორის წიგნში, «სრულყოფილების გაკვეთილები» თუ რაღაც რომ ერქვა. ვინ იცის, მერამდენეჯერ გადავქექე ჩემი გარდერობი, რომ შესაფერისი კოსტიუმი ამერჩია დღეს ჩასაცმელად.

იმისთვის, რომ წინასაქორწილო სადილზე, სადაც ბიბისთან ერთად გამოვცხადდები, სენსაცია მოვახდინო, მჭირდება გეგმა და ზუსტი გათვლა. თუმცა, ამის გარეშეც წავაწყდი წინააღმდეგობას _ ჩემს გარდერობში არ აღმოჩნდა ისეთი კაბა, რომლითაც ბიბის მოვხიბლავდი, მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოვახდენდი და თან მეც უფრო თავდაჯერებულს გამომაჩენდა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ჩემი შესაშური დიზაინერული კოლექცია: ძვირად ღირებულები, ელეგანტურები, მოდურები, მაგრამ ისეთი, რომ ბიბის ჩემთვის თვალი ვერ მოეშორებინა, მათ შორის არ იყო. ვცადე, შანელისეული ვარიანტი მეცადა _ საკიდიდან ჩამოვხსენი პატარა შავი კაბა, გვერდზე ოდნავ ჩახსნილი, რომელიც არაჩვეულებრვად მადგა ტანზე, ისედაც ჩამოსხმულ სხეულს უფრო გამოკვეთდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა «გასაგიჟებლამდე». თავის ადგილას დავაბრუნე და უკმაოფილების ოხვრა აღმომხდა.

საათს რომ დავხედე, მივხვდი, ბუტიკებში სირბილის დრო არ მრჩებოდა. აი, სად მაკლდა ახლა მეგი, რომელიც წამში შემირჩევდა ტანსაცმელს და თან ისეთი გემოვნებით, წამითაც არ შეგეპარებოდა ადამიანს ეჭვი. ეს ის იყო, რომელიც ყოველთვის მაკლად ცხოვრების განმავლობაში _ მე ხომ უდედოდ გავიზარდე და მრჩეველი, ისიც ქალის სახით, არასდროს მყოლია, ამიტომ ყოველთვის მშურდა ჩემი თანაკლასელი გოგონების, დედები რომ მოაცილებდნენ ხოლმე დაბადების დღეებზე ან საღამოებზე კოხტად გამოპრანჭულებს, თმადავარცხნილებს და სუნამოდაპკურებულებს… მაშინ მზად ვიყავი, ასეთი ურთიერთობისთვის ყველაფერი გამეღო…

თითქმის არ მახსოვს დედაჩემი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. საწყალი მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მე და ტეტეს უდედობა არ დაგვტყობოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ დედის გვერდით ბევრად თავდაჯერებული და გულღია გავიზრდებოდი.

გაღიზიანებულმა ვაქციე ზურგი ჩემს არაფრის მომცემ გარდერობს და სწორედ იმწუთას თავში გენიალური აზრი მომივიდა. ფეისბუკზე ხშირად წავწყდომივარ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნიმუშებს, რომელსაც თბილისში კერძოდ ყიდდნენ. ეგრევე ვეცი ლეპტოპს და ძებნა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, სულ რამდენიმე წუთში გადავაწყდი იმას, რასაც ასე გამწარებული დავეძებდი. ის კი არა, თვალებზე ხელები ავიფარე, ხომ არ მელანდება-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავშალე თითები და ფრთხილად გავხედე ეკრანზე მაცდურად გამოფენილ კაბას. დიახაც, ეს ჩემი ოცნების სამოსი იყო. მონიტორზეც კი ისე ბრწყინავდა, თითქოს მიხმობდა, ხელი გამოიწვდინე და ჩამომხსენი, რაღას უცდიო. ერთი შევკივლე, წამოვხტი და რამდენჯერმე დავტრიალდი ოთახში. ამწუთას მისი ფასი არ მაინტერესებდა, რადგან ფულის პრობლემა არ მქონდა. ჩემი მუშაობით დამსახურებული მქონდა, თუნდაც ძალიან ძვირად ღირებული სამოსი შემეძინა. ამიტომ წამითაც არ მიყოყმანია. ეგრევე მივწერე კაბის პატრონს, რომელმაც, თითქოს მე მელოდაო, მაშინვე მიპასუხა. მოკლედ, ყველაფერი გავარკვიე, ფასზეც მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში კაბას შინ მომიტანდნენ, მე კი ფულს ადგილზე გადავუხდიდი.

ესეც ასე. ნახევარ საათში მაგარი კაბა მექნება, ორ საათში კი განუმეორებელი კავალერი მომაკითხავს. იქამდე სალონს ვესტუმრები თმის დასავარცხნად, ჩაწერილი ვარ. ნეტავ მალე გავიდეს ორი საათი!..



_ კიდევ ხომ არ გინდა რამის დამატება, სანამ შენს დაქალებს მეტყველების უნარს წავართმევ?

გაღიმებისას ტუჩები ამითრთოლდა, რადგან ჩემმა ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია:

_ მიხარია, რომ ასე ხარ შენს თავში დარწმუნებული, _ მივუგე.

_ როცა გვერდით ასეთი თვალისმომჭრელი ქალი გყავს, ადვილია, შენს თავში დარწმუნებული იყო, _ იდუმალი ხმით მიჩურჩულა და იდაყვზე ხელი მომიჭირა.

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის როლში შედიოდა და იმიტომაც იქცეოდა ასე, მაგრამ მის შეხებაზე მაინც ჩემი დამემართა.

_ ყველაფერი გახსოვს? როგორ შევხვდით ერთმანეთს, როგორ გავიცანით… და ასე შემდეგ…

_ დამშვიდდი, მახსოვს. _ ისევ იმავე ხმით მომიგო და თითის წვერები ჩემს ლოყას ჩამოაყოლა.

ათრთოლებულს გული ლამის მუცელში ჩამივარდა, ისე დავიშალე ნაწილებად.

დამშვიდდიო? დამცინის? როგორ უნდა დავმშვიდდე და მოვეშვა ასეთი მამაკაცის გვერდით, მით უფრო, როცა ისე მიყურებს, თითქოს მართლა ჩემზე იყოს შეყვარებული?

_ რაც უფრო მალე ვნახავთ შენს დაქალებს, მით უფრო მალე დაწყნარდები. მთავარია, თავი შეიკავო, ცოტა ხნით მაინც, რომ სიყალბე არ შეგატყონ. _ სკოლის მასწავლებელივით მარიგებდა ჭკუას.

«არა მგონია, ამან მიშველოს,» _ გავიფიქრე, როცა ჩემი ხელი ხელში აიღო და ჩვენი თითები ერთმანეთში გადახლართა. ყველაფერი რეალურს ჰგავდა და რა მანერვიულებდა? ალბათ სწორედ ის, რომ ყველაფერი ასე რეალურს ჰგავდა.

ეს შეგრძნება მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი. ბიბიმ რომ დამინახა, ადგილზე გახევდა, თითქოს იატაკს მიალურსმნესო და მივხვდი, რომ ამხელა ფული ტყუილად არ გადამიყრია და ეს სიამოვნება ღირდა იმად, რამდენიც კაბაში გადავიხადე. ბიბი მალევე მოეგო გონს და განცვიფრებული გამომეტყველება სხვა, უფრო საშიშ გამომეტყველებად შეეცვალა. აუჩქარებლად ამათვალიერა ფეხებიდან თმის ძირამდე და მის მზერაში უშეცდომოდ წავიკითხე, რაც გაიფიქრა.

ამის გახსენებაზე ისე შევკრთი, რომ თითები ჩემდა უნებურად გავარხიე მის თითებში. უკვე ვნანობდი, ეს საბედისწერო თამაში რომ წამოვიწყე, მაგრამ გვიან იყო.

_ გინდა, გაგიშვა ხელი? _ ჩამესმა მოულოდნელად მისი ხმა.

მაგრამ მის მიერ წარმოთქმული ფრაზა შეკითხვას იმდენად არ შეიცავდა, რამდენადაც დასტურს. უარესად მაცოფებდა მისი მიხვედრილობის ნიჭი, ასე ადვილად რომ კითხულობდა ჩემს აზრებს.

_ გგონია, გავგიჟდი, ასეთი საშინელი თამაში რომ წამოვიწყე? _ გაფითრებულმა ვუჩურჩულე.

ბიბიმ გაიღიმა, რამაც კიდევ უფრო შეარყია ჩემი თავდაჯერებულობა.

_ სრულიად ნათელია, რომ საქმიან ქალს არ სცალია პაემანზე სასიარულოდ. სიმარტოვეში გულის შემაწუხებელი არაფერია, მაგრამ შენ ალბათ ამას ვერასდროს გაიგებ.

ბიბი უცებ შეჩერდა, ხელი შემიშვა, წინ დამიდგა, ნიკაპი ამიწია და ცერი ქვედა ტუჩზე ვნებიანად მომისვა.

სუნთქვა შემეკრა. ვიმედოვნებდი, რომ ის ვერ შეამჩნევდა ჩემს შეცბუნებას, რომელიც მისმა თითის შეხებამ გამოიწვია. ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან. ოდნავ რომ დაეხარა თავი, არაფერი დაუშლიდა, რომ…

_ თუ შენ მაინც გინდა ეს საქორწინო გამოცდა ჩააბარო, იცოდე, რომ ბოლომდე შენს განკარგულებაში ვარ. გადაწყვიტე.

მართლაცდა, რას ვყოყმანობ? ან რა ეჭვები შემიჩნდა? რა დიდი ამბავია ერთი თვე. ამ ერთი თვის განმავლობაში მაინც ხომ იქნება ეს კაცი ჩემი? რაც მოხდება, მოხდება. თუ ჩემი ბედისწერის რომელიღაც გვერდზე ეს უკვე დიდი ხანია, ჩაწერილია, ისედაც ვერ ავიცილებ თავიდან, ამიტომ მოეშვი, ელენე და მიჰყევი დინებას.

თავი გადავაქნიე, ჩამოშლილი თმა მხრებს უკან გადავიყარე, ამაყად მოვიღერე ყელი, მიუხედავად იმისა, რომ მუხლები მიკანკალებდა და ნაბიჯი წინ გადავდგი:

_ წავედით.

_ ჩემი ჭკვიანი, _ შემაქო ბიბიმ, კვლავ ჩახლართა თავისი თითები ჩემსაში და რესტორნის კარი ამერიკელ ჟიგოლოსავით შეაღო.

დარბაზში შევედით თუ არა, რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე. კიდევ მქონდა რამდენიმე წუთი, სანამ ჩემი გოგოები შემამჩნევდნენ. და უეცრად სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა _ ამხელად დარბაზში წამიერად სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა სტუმარმა, მოლაპარაკებულივით, ჩვენკენ შემოაბრუნა თავი. დავიფიცებ, რომ ყველას ერთხმად და ერთდროულად აღმოხდა «კოლექტიური ოხვრა». არა, ვერ დავიფიცებ, მაგრამ ასეთი შეგრძნება ნამდვილად დამეუფლა. პირველმა მეგიმ მოიხედა და და ეგრევე გაჰკრა იდაყვი ლილის და კატოს.

_ შეგვამჩნიეს, _ ბიბის მთელი დარბაზისთვის სამყოფი ღიმილი იმაზე მეტყველებდა, რომ გათამაშებული სპექტაკლის ყოველი წამით ტკბებოდა, _ გინდა, ახლავე გაკოცო? _ დაიხარა და ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა, _ მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს.

_ გაგიჟდი? _ შორს დავიჭირე და თვალები დავაფახულე.

ბიბიმ მოკუმული ბაგეებით ჩაიხითხითა.

ჩემი დაქალები უკვე მოიწევდნენ ჩვენკენ, სწრაფად უქცევდნენ გვერდს ყოველ შემხვედრ მაგიდას.

_ წარმოდგენა დაიწყო! _ ისევ მიჩურჩულა ბიბიმ, მაგრამ ამჯერად ჩემკენ არ გადმოხრილა.

_ საყვარელო, რა ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები! _ ხელებგაშლილი მომიახლოვდა მეგი, მაგრამ სანამ ამ ფრაზას წარმოთქვამდა, წამის მეასედში მოასწრო, შეეფასებინა ჩემი ოქროსფერი კაბა და როგორც კი ჩამეხუტა, ეგრევე ჩამჩურჩულა: «ვაუ!» მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა მზერა ბიბიზე, _ ელოს ახალი მეგობარი ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

მეგის მერე ლილიმ და კატომ გადამკოცნეს. ბიბის წამითაც არ უგრძნია უხერხულობა. მან სამივეს თამამად ჩამოართვა ხელი და განზე გადგა, რომ ჩემთან სიახლოვეში მათთვის ხელი არ შეეშალა.

_ თავს მოვალედ ვცნობ, წარმოგიდგეთ _ ბიბი კოკაია, _ წარმოთქვა ჩვენი შეხვედრის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ, _ მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის. _ და მომაჯადოებელი ღიმილი შეაფრქვია სამივეს, _ რომელია ამ სამ ულამაზესთაგან საპატარძლო?

ჩემი გოგოები ეგრევე ახმაურდნენ. თვალს აღარ აშორებდნენ მის «დაცემა» ღიმილს, რომელსაც ბიბი უანგაროდ აპნევდა ირგვლივ, მოურიდებლად ათვალიერებდნენ თავით ფეხამდე და მის კომპლიმენტებზე პატარა ბავშვებივით აცეტებულები ტკარცალებდნენ.

_ ბიბი, გაიცანი ჩემი მეგობრები _ კატო, მეგი და ლილი. _ მერე კი თეატრალურად გავიქნიე ხელი ბიბისკენ და ხმამაღლა დავამატე, _ გოგოებო, ეს კი ბიბია, ჩემი კაცი.

_ ძალიან სასიამოვნოა, გვიხარია თქვენი გაცნობა, ბიბი, _ ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემი დაქალები, თან დაუფარავად კეკლუცობდნენ.

ლამის გაოცების შეძახილი აღმომხდა და არც ვიცი, როგორ მოვახერხე თავის შეკავება, როცა მეგიმ დიასახლისივით ჩასჭიდა ბიბის ხელი და შინაურულად მიმართა:

_ წამო, ჩვენს ქმრებს გაგაცნობ. სანამ ჩვენ ელოს რაღაც-რაღაცებს გამოვკითხავთ, შენ მათი გაცნობის დრო გექნება.

სანამ ბიბი მეგის გაჰყვებოდა, მოასწრო ჩემთვის ხელზე ხელი მოეჭირა და ისეთი ვნებით სავსე მზერა მესროლა, რომ გულმა ბაგაბუგი ატეხა.

_ იმედია, არაფერი მემუქრება, _ გაიხუმრა მან, სანამ გაგვეცლებოდა.

_ ვნახოთ, ვნახოთ, _ ეშმაკურად გაუცინა მეგიმ.

ლილი და კატო ეგრევე შემომიბრუნდნენ.

_ ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს შენთან, _ გოგონები აშკარად აღელვებული ჩანდნენ, _ რაღაც-რაღაცების ახსნა მოგიწევს, ელენე!

კინაღამ გული გამისკდა. ალბათ შეგვატყვეს, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და ეს ყველაფერი თამაშია. სიმხურვალემ სახეში ამასხა, მაგრამ ისეთი უმწიკვლო გამომეტყველება მივიღე, თითქოს ვერ მივხვდი, რას მერჩოდნენ. გონება მექანიკურად ამუშავდა, რომ თავდაცვისთვის მომზადებული ვყოფილიყავი. არაფრით არ უნდა გავმტყდარიყავი, თუ ბრალს სიყალბეში დამდებდნენ. შევძლებდი კი? ისინი ხომ აქამდე არასდროს მომიტყუებია?

წინ მწამებლური სამსჯავრო მელოდა…

ჩემმა ხელოვნურმა უდანაშაულო მზერამ მეგიზე არ იმოქმედა. მან მაჯაში ჩამავლო თითები და ლამის ძალით წამათრია ქალების ტუალეტში, სუნამოს სურნელით რომ იყო გაჟღენთილი. ასე მეგონა, მთელი რესტორანი ჩვენ მოგვჩერებოდა, სირცხვილისგან ალმური წამეკიდა. კატო და ლილი უკვე იქ გველოდნენ. ან როდის მოასწრეს ჩვენზე ადრე შემოსვლა? გაოცებული დავრჩი. გოგონებს მოუთმენლობისგან სული ელეოდათ, მაშინვე გარს შემომეხვივნენ და შეკითხვები დამაყარეს.

_ ელო, ღმერთო ჩემო, სად იპოვე ასეთი დაცემა კაცი? მაგარი ვიღაცაა!

_ მაგარი კი არა, სიტყვები არ მყოფნის! თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი ლამაზია!

_ გავგიჟდი, ისე მომეწონა! ჰე, მიდი ახლა, მოგვიყევი დროზე!

შვებით ამოვისუნთქე, ახლა უკვე მომეცა ძალა. სიხარულისგან სიცილი წამსკდა, ორივე ხელი მაღლა ავწიე და თავდაჯერებულმა მივმართე სამივეს:

_ მაცალეთ ცოტა, სული მოვითქვა!

_ ელენე სვანიძე! თუ ახლავე არ იტყვი, რა ხდება, უკიდურეს ზომებს მივმართავ, იცოდე! _ ჩურჩულნარევი ხმით დაისისინა მეგიმ, წინ გადამიდგა და დოინჯი შემოიყარა.

ვიცოდი, როგორ საფრთხილო მდგომარეობაშიც ვიყავი. ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა, არც ისე ადვილი იყო მათი გაცურება, ამიტომ ისევ ავწიე ხელები და სამივეს სათითაოდ გადავხედე, ვითომ გნებდებით-მეთქი.

_ კარგი, კარგი, ახლავე გეტყვით, ოღონდ ცოტა ამომასუნთქეთ, რამ გაგაგიჟათ? ისედაც გამაცალა სიქა ბიბიმ, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს.

_ შენ გინდა თქვა, რომ…

_ როგორ, უკვე?

_ ერთი ამას უყურეთ, რა ეშმაკი ყოფილა!

_ დაგუბებულ წყალში მეტი ბაქტერიებიაო…

ერთმანეთს არ აცლიდნენ წამოძახილებს.

გავიცინე და ფოიეში გამოვედი, თან უკან ვიხედებოდი, ვითომ ერთი სული მქონდა, ფეხდაფეხ გამომყოლოდნენ. მერე იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ჩემი ახალი ფეხსაცმელი «გავამარიაჟე». თვითონაც ვტკბებოდი მისი ცქერით. 9-სანტიმეტრიანი ქუსლი ყოველთვის თვალში საცემია, მით უფრო, თუ თავისუფლად დადიხარ ასეთ ქუსლებზე შემხტარი.

რამდენიმე საათის წინ, როცა ბიბის კარი გავუღე, მამაკაცი ადგილზე გაშეშდა, არ მოელოდა, ასეთ ფორმაში თუ მიხილავდა, მერე ხელი გამომიწოდა და მაიძულა, დავტრიალებულიყავი. მეც არ დავზარდი და ერთი პირუეტი გავაკეთე.

_ უბადლოდ გამოიყურები! _ დაიჩურჩულა მან დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით.

და იმ მომენტიდან ზუსტად ასეთი შეგრძნებით ვიყავი აღვსილი. ვინც კი შემომხედავდა, თითქოს ამ ფრაზას მიმეორებდა, რომელიც მხოლოდ ბიბის ხმით ჩამესმოდა ყურში «უბადლოდ გამოიყურები». რაღაცნაირი ჯადოს მოქმედებით გაქრა ჩემი მეხსიერებიდან იმ საღამოს საშინელი მოგონებები, როცა მან მიმაგდო, სიცივისა და დამცირებისგან აკანკალებული მარტო დამტოვა აივანზე და თავის ძმაკაცებს შეუერთდა, რომლებიც აშკარად დამცინოდნენ. ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი ასეთ თამამად, თუმცა კი რესტორნის ეტიკეტი ამას ისედაც მოითხოვდა. ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა თითქოს მაშიშვლებდა, ისე აშკარად გამოკვეთდა ჩემი სხეულის ყველა ნაწილს. გარდა ამისა, ღრმა დეკოლტე და გამომწვევი ჭრილი, რომელიც მარჯვენა ფეხს მთელ სიგრძეზე აჩენდა, კაცს კი არა, ქალს გააყრევინებდა თვალებიდან ნაპერწკლებს. ბიბის სახეზე აღბეჭდილი შეცბუნება და ჟინი ცოტა ყალბი რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ის ბატი გოგო, რომელსაც ბიბი წლების წინ იცნობდა, ყელმოღერებულ გედად გადაიქცა.

ჯერ კიდევ პირველად რომ შევხვდი მოსალაპარაკებლად, მაშინ შევნიშნე მის თვალებში აღფრთოვანება. მას კი არა, ჩემს თავსაც კი დავუმტკიცე, რომ შემეძლო სხვა ადამიანად გარდაქმნა, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა. ახალი იმიჯის შექმნას წლები მოვანდომე, და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გარდასახვა, შინაგანი ბუნებაც უნდა «გამესხლა», ახალი თვისებები უნდა დამემყნო ზედ და ჩემი პირვანდელი მეს-გან სრულიად ახალი, ჯიშიანი ქალი დამეყენებინა. ეს ყველაფერი მოვახერხე, თუმცა კი დიდი ძალისხმევის შედეგად. ერთი კია, თუ გარშემო მყოფებს შეეძლოთ ჩემი სილამაზით დამტკბარიყვნენ და ხარბი მზერა მიმოეტარებინათ ჩემს სხეულზე, შინაგან სამყაროში შეღწევა სასტიკად ეკრძალებოდათ, განსაკუთრებით უცხო პირებს. ამ გზას ვერა სულიერი ვერ გაივლიდა, მით უფრო _ მამაკაცები.

პუბლიკის წინაშე კონტაქტური ლინზებით ვჩნდებოდი, შეუდარებელი მაკიაჟით და ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი. ჩემი სამი საუკეთესო დაქალი ხშირად ხუმრობდა ამ საკითხზე, თუმცა, სამივე მათგანი ზრუნავდა თავის გარეგნობაზე და ჩემზე არანაკლებ გამოპრანჭული დადიოდა.

ხშირად მიფიქრია, რას იტყოდნენ ჩემი მეგობრები, «ახალი» ელენეს მიღმა ნამდვილი რომ დაენახათ, სწორედ ისეთი, როგორიც ბიბის ვახსოვდი. ის ერთადერთი იყო ჩემს ნაცნობებს შორის, თუ ტეტეს არ ჩავთვლი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. ტეტე რას ფიქრობდა იმ წლებში ჩემზე, სულერთი იყო, ის ჩემი ძმა გახლდათ და მიყვარდა, ბიბი კი… ბიბი გატრიალდა და წავიდა. მაშინ იმდენად იმოქმედა ჩემზე მისმა საქციელმა, რომ სკოლა დავამთავრე თუ არა, ყველა კლასელთან გავწყვიტე კონტაქტი, ახლოს არ გავკარებივარ არც ერთს, რომ როგორმე წარსული დამევიწყებინა.

ისეთი აღტყინებული ვიყავი, გადავწყვიტე, ჩემი გოგოები გამეღიზიანებინა. ახლა უკვე თავი ქუდში მქონდა, ისინი ვერაფერს მიხვდნენ, ამიტომ სავარძლიდან წამოვხტი და სარკეს მივაშურე, რათა ტუჩებზე პომადა გადამესვა.

_ დამშვიდდით, გოგოებო. ჩვენ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა და ჯერ მხოლოდ ვეჩვევით ერთმანეთს.

_ ო-ო-ხხხ! _ თითქმის ერთდროულად ამოიოხრა სამივემ.

სიცილი ვერ შევიკავე, მათ იმედგაცრუებულ სახეებს რომ შევხედე.

_ არ გეწყინოთ, კარგი? როგორც კი ჩვენ შორის რამე მოხდება, აი, ისეთი, პიკანტური, გპირდებით, რომ მაშინვე მოგიყვებით.

ამწუთას სულაც არ ვეშმაკობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა… ან იქნებ მომხდარიყო კიდევაც? კონტრარგუმენტმა ჟრჟოლა მომგვარა.

_ ისეთ ბიჭს, როგორიც ბიბია, დიდხანს ლოდინი არ მოუწევს! _ შენიშნა მეგიმ, რომელიც ჩემს მიტოვებულ სავარძელში ჩაეშვა, _ საშინლად მაგარი ვიღაცაა.

მომეჩვენა, რომ ჩემი დაქალის ხმის ნოტებში შური გაკრთა, ამიტომ ეკლიანი ფრაზისგან თავი ვერ შევიკავე:

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ის დაუვიწყარ ეფექტს მოახდენს თქვენზე, გოგოებო!

_ კივილამდე მიიყვანს ადამიანს! _ ემოცია ვერ მოთოკა კატომ.

_ თუ მამაკაცურ სექსუალურობას შოკოლადის მიმზიდველობას შევადარებთ, როგორც ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, _ ლილიმ საინტერესო თემას გვერდი ვერ აუარა, _ მე პირადად ბიბის შვეიცარიული შოკოლადის უმაღლეს ხარისხს გავუტოლებდი.

«ბიბი შოკოლადი… მ-მ-მ…» _ წამით მეც კი წარმოვიდგინე.

მოულოდნელად სამი წყვილი თვალი გაოცებული მომაჩერდა. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ უეცრად გავიაზრე _ თურმე ხმამაღლა წარმომითქვამს ჩემი ნაფიქრი. მეგი ატკარცალდა.

_ შენმა სახემ ყველაფერი შენ მაგივრად თქვა.

არა, ასე არ უნდა მოხდეს! მოლაპარაკების თანახმად, ჩვენი ურთიერთობა პლატონურს არ უნდა გასცდენოდა. მე ხომ არ ვარ ისეთი სულელი, რომ სერიოზულად აღვიქვა ბიბის მოხიბვლის ხელოვნების ჩვეულებრივი არსენალი და დავდნე, როცა ის ხელს მკიდებს, თითებზე მეფერება და ყოველი შესაძლებლობისთანავე მიხუტებს მკერდზე? ჩვენ ხომ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ასე არ არის?

ლილიმ და კატომ ჩაიხითხითეს და სარკესთან გადაინაცვლეს მაკიაჟის შესასწორებლად.

_ თავი დაანებე. ვერ ხედავ, უკვე ყურებამდეა შეყვარებული და ერთი სული აქვს, მასთან მივიდეს? _ თქვა ლილიმ.

_ სულაც არ ვარ შეყვარებული, _ ნირწამხდარმა წამოვიყვირე, თან ვცდილობდი, როგორმე დამეფარა გრძნობა, რომელიც აშკარად სიყვარულს გამოხატავდა.



ბიბი თავის სტიქიაში იყო. დიდებული მიღება, უგემრიელესი კერძები, საინტერესო ადამიანები, ჭკვიანური საუბრები და ულამაზესი ქალი გვერდით. მეტი რაღა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის?

დარბაზში მივბრუნდი. ბიბიმ თვალი მომკრა თუ არა, მზერა აღარ მოუშორებია ჩემთვის. მეც ამაყად თავაწეული, ბალერინას ნაბიჯებით მივიწევდი მისკენ. მის მზერაში აშკარად იკითხებოდა, რომ ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. თითქოს მეუბნებოდა, შენამდე ბევრი გოგო შემხვედრია, ბევრიც «გამისინჯავს», მაგრამ ასე ერთმანეთში შერწყმული შინაგანი ხიბლი, ბრწყინვალე გონება და თავბრუდამხვევი გარეგნობა არავის ჰქონია, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, უფრო ახლოს გაგიცნოო.

მივუახლოვდი თუ არა, მორცხვი ღიმილი შევაფრქვიე, რამაც გამაოგნებლად იმოქმედა მასზე. დავინახე, როგორ შეცბა, თითქოს თავბრუ დაეხვაო და იქვე მდგარი სკამის ზურგს ჩაეჭიდა. მისი თვალები დაჟინებით მიშტერებოდა ჩემს ტუჩებს. ადვილი მისახვედრი იყო, ამწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა _ მაგრად მივეკარი მკერდზე და კოცნით დაელბო ჩემი პომადიანი ბაგეები.

უკაცრავად, ბიბი… სხვა რომ არაფერი, ახლა არც დროა ამისი და არც ადგილი… თუმცა…

მე ხომ უნდა დავარწმუნო ყველა, რომ მიყვარს იგი და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ხომ შეყვარებული წყვილი ვართ. იმაზე უფრო დამაჯერებელი რა იქნება, ახლა რომ ვაკოცნინო?

_ არც გაიფიქრო! ახლავე ამოიგდე თავიდან ეგ სულელური აზრი! _ მკაცრად შევუძახე ჩემს თავს, თუმცა ჩემი თვალები სულ სხვა სურვილს ამჟღავნებდა და ამ რეალობას ვერსად გავექცეოდი.

_ იქნებ ღირს კიდევაც, რომ ვცადო? _ ვებრძოდი ჩემს გრძნობებს.

ბიბიმ სკამი გამოსწია და სანამ დავჯდებოდი, ოდნავ შემეხო მხარზე. ისე ამიტანა თროთოლამ, რომ მასაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი. ავხედე. გაკვირვება არ ეხატა სახეზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ამას ელოდა. როგორი თავდაჯერებულია! მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიხედვით, წმინდა საქმიანი ურთიერთობა უნდა შეგვერნარჩუნებინა, საკუთარ სხეულს ვერაფერს ვუხერხებდი, რომელსაც არ შეეძლო არავის მოტყუება და ალერსს მოითხოვდა.

_ გოგოები დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან, _ ხმადაბლა ვთქვი.

_ ჩემგან?

_ არა, ჩემი ახალი აიფონისგან, _ გავიცინე, _ რა შეკითხვაა?

_ დიდი კმაყოფილებით გავაკეთებდი დღეს იმის დემონსტრირებას, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. მთავარია, შენ მიბრძანო და თითები გაატკაცუნო.

_ ისედაც არ გამოგდის ცუდად, ნუ ცელქობ.

_ უკეთესადაც შემიძლია, _ მრავალმნიშვნელოვნად მიჩურჩულა და თითის წვერები ნაზად გადაატარა ჩემს შიშველ მკლავზე.

«ჯილდოდ» ჩემგან მსუბუქი ამოოხვრა მიიღო, თავი ვერ შევიკავე. დაზაფრულს სუნთქვა შემეკრა. უეცრად ხელი მაჯაზე მტაცა და ცერი შიდა მხარეზე დამადო, სადაც გულის ფეთქვა ისინჯება. ყურებამდე გავწითლდი, რადგან ვგრძნობდი, როგორი ბაგაბუგი გაჰქონდა ჩემს გულს, ეს კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ის ისევე მაღელვებდა, როგორც მე მას.

_ მადლობა. უკვე საკმარისია.

ჩემმა ხმამ გამყიდა, მაგრამ განზე გაწევა მაინც არ მიფიქრია. სიახლოვისგან გათამამებულმა ბიბიმ, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი სუნამოს სურნელითაც გაბრუვდა, მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და მჭიდროდ მიმიკრა. ისარგებლა ჩემი სისუსტით.

_ სულაც არ არის საკმარისი, _ მიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა, თითქოს ელოდა, როდის შევეცდებოდი მის შეჩერებას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მაინც არ შევაჩერებდი.

_ ჩვენ ასეთი მოლაპარაკება არ გვქონია…

აღარ მისმენდა. თავი კიდევ უფრო დახარა და ტუჩებზე შემეხო… არა, კი არ შემეხო, მაკოცა… მაკოცა იმ მიზნით, რომ გაეგო, რა რეაქცია ექნებოდა მის სხეულს ჩემი ტუჩების დაგემოვნებისას. ჰო, ზუსტად ასე მკოცნიდა _ თითქოს აგემოვნებდა ჩემს ტუჩებს… როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ კოცნაზე კოცნით ვუპასუხებდი, ნაზად დავუბრუნებდი პასუხს ისე, როგორც ნამდვილ შეყვარებულებს შორის ხდება, როცა ისინი ეს-ესაა, ეცნობიან ერთმანეთს. ვერც ახლა შევიკავე თავი და ისევ მსუბუქი ოხვრა აღმომხდა, კმაყოფილების ოხვრა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ ბიბის საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგა.

ჩემ ირგვლივ სამყარო მზის გულზე დადებული ნაყინივით დადნა და გაქრა… როცა ოდნავ გამოვფხიზლდი, მე თვითონ გამიკვირდა ჩემი თავის, ისეთი მოულოდნელი მგზნებარებით ვპასუხობდი მის კოცნას, რომელიც მდაგავდა, ვნების ბურანში მახვევდა და მისადმი ლტოლვას მიორმაგებდა… მიექვსმაგებდა… მიცხრამაგებდა… მიათმაგებდა… თითქოს მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამერწმუნებინა იმაში, თუ რა დაკარგა ჩემი მიტოვებით.

_ ამ საღამოდან, როგორც კი შენი კარის ზღურბლთან დაგინახე, ოცნებად მექცა, შენთვის მეკოცნა, _ ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა გაცხელებული ბაგეებით და გამერიდა…

მე კი მინდოდა, ეს წუთი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მენანებოდა ამ წამების გაწყვეტა, ამ ტუჩებთან განშორება, იმ სითბოს დათმობა, რომელსაც ისინი მანიჭებდნენ… საშინელი მოთენთილობა ვიგრძენი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ავდექი და ფოიეში გავედი.

თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნათხოვარი სხეულით ვმოძრაობდი. ვერაფრით ვახერხებდი ხელების, ფეხების, თეძოების დამორჩილებას, არც ტუჩები მომყვებოდა, ასე მეგონა, დამებრიცა-მეთქი, თვალები დამებინდა და საღად აზროვნების უნარი წამერთვა.

ბიბი უკან გამომყვა. ფოიეში არავინ იყო. არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული თვალები, როცა კვლავ მივუშვირე ვნებით აალებული ტუჩები და ვაკოცე, ჯერ მოკრძალებულად, მერე უფრო თამამად, ბოლოს კი მომთხოვნად. საოცარი მხურვალებით უპასუხა ჩემს კოცნას. თითები თმაში შემიცურა, ჩემი თავი ხელისგულებში მოიქცია და გონდაკარგულივით დამიწყო მოფერება. იმწუთას ორივეს ყველა და ყველაფერი დაგვავიწყდა, მათ შორის ჩვენი გარიგებაც, რომლის თანახმადაც სრულიად სხვა როლი უნდა შეგვესრულებინა ამ სახიფათო თამაშში. რაღა დროს პლატონური სიყვარული იყო, როცა ცეცხლი მოგვდებოდა ორივეს…

უეცრად ბიბიმ ოდნავ უკან დამწია და მაიძულა, გავჩერებულიყავი. თვალებში ჩამხედა, რათა წაეკითხა, რას განვიცდიდი იმწუთას. არ ვიცი, რას ელოდა… შეცბუნებას? დამორცხვებას? შეშფოთებას, რომ ურთიერთობა დადგენილ საზღვრებს გასცდა? არა, ასეთი რამ არც ჩემს თვალებში იკითხებოდა და არც ჩემს გულში. ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან მთელი სხეული მასთან სიახლოვის სურვილით მქონდა აალებული. მან ეს დაინახა. დაინახა თავისი უტყუარი, მამაკაცური ალღოთი და მიხვდა, თუკი მე ასეთი რამეების წინააღმდეგი არ ვიყავი, მას წინ არაჩვეულებრივი, ბევრად უფრო სასიამოვნო დღეები ელოდა, ვიდრე წარმოიდგენდა. აშკარა იყო, სიტუაცია შეიცვალა.

_ მგონი, დაიჯერეს, _ ამის თქმაღა მოვახერხე.

_ არ ვიცი, მათ რა იფიქრეს, მაგრამ მე ნამდვილად დამაჯერე, _ ხმადაბლა მითხრა და თითები ნაზად მიმოატარა ჩემს ტუჩებზე, რომელზეც სულ ახალახან ნახევრად მორცხვი ღიმილი გამომესახა.

_ შენ არაჩვეულებრივად თამაშობ შენს როლს, _ მივუგე აფორიაქებულმა.

_ იცი რა აზრი მომივიდა? მშვენიერი იქნებოდა, მართლა რომ გაგვება რომანი. მე და შენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვხვდებით, რაზეც მივდივართ. თუკი ასე გვსიამოვნებს ერთმანეთის შეხება, რატომაც არა? ყოველგვარი ვალდებულების გარეშე თითოეული მივიღებთ იმას, რაც გვინდა. _ არც ისე ფრთხილად შემომაპარა.

მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს ღვინით სავსე ჭიქა შემოესხას ვინმეს სახეში.

_ მაგრამ შენი კოცნა არ იყო მთლად დამაჯერებელი! _ აპილპილებულმა მივახალე. ამჯერად უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი მის სიყალბეში.

ჩემდა გასაოცრად, უეცრად სახე გაუფითრდა და ნიკაპი აუკანკალდა.

_ გგონია, რომ ჩემი კოცნა მხოლოდ სცენარის ნაწილი იყო და გავითამაშე? გეთანხმები, რომ თავიდან ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ეს ადრე იყო, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მსურს. უბრალოდ, ვეღარ გავუძელი ცდუნებას, არ მოვფერებოდი შენნაირ ქალს, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გაგიჟება შეუძლია. თუმცა, ვხედავ, არ გჯერა ჩემი… და თუკი არ ვთამაშობდი, მაშინ?

გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, წარბებს ქვემოდან გავხედე.

_ როგორ? და ჩვენი გეგმა?

_ გეგმები იცვლება ხოლმე. _ მითხრა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა.

თავი ხელში ავიყვანე და ცივად გავიცინე, მაინც არ დავუჯერე. ამასობაში ხელიც გავაშვებინე.

_ ნუ იცინი. გგონია, ამ სიცილით გამაგრილებ? რომ იცოდე, ამან უფრო გამითბო გული, ვიდრე ჩემმა დღევანდელმა წარმატებულმა პრეზენტაციამ.

_ შენთან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ბატონო ბიბი. დიდად არ მჯერა შენი მოტივაციის, მაგრამ ამჯერად გაპატიებ და მეორედ არ გაივლო გულში, რომ ჩემთან რომანის გაჩაღებას შეძლებ! _ ერთობ მკაცრად გამომივიდა.

_ ესეც პირველი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით. _ მან გაიღიმა, იმ იმედით, რომ ხუმრობაში ავყვებოდი, _ მიდი, აღიარე.

_ რა ვაღიარო? _ ვერ მივუხვდი.

_ რომ შენც ძალიან მოგეწონა.

_ ვერ ეღირსები! _ მივუგე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, რამაც კიდევ უფრო ამომიბურცა მკერდი ღრმად ამოღებულ გულისპირში.

_ მაშინ გავაგრძელებ მანამ, სანამ არ აღიარებ! _ მითხრა და თითები ჩემს შიშველ ზურგზე ჩაასრიალა, _ დამიჯერე, მთელი ღამე შემიძლია ასე გავაგრძელო და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩები.

შეშფოთებულმა ავხედე და სწრაფად ამოვთქვი:

_ კარგი, კარგი. მეც მომეწონა. კმაყოფილი ხარ?

_ შენი დაჭიმული ზურგი და შეუპოვარი გამოხედვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელი შეგიშვა, _ ამ სიტყვებით ხელებაწეულმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, _ მაგრამ მაგ თვალებში უეცრად გაელვებულმა შიშმა მიმახვედრა, რომ ჩემმა კოცნამ ისევე ძლიერად იმოქმედა შენზე, როგორც ჩემზე შენმა, _ ამ სიტყვებით ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.

_ შენ ისევე გინდოდა ეს, როგორც მე, _ მიჩურჩულა.

ყასიდად გავიცინე, ხელი ვკარი და ნიღბად აფარებული დაუდევრობით მივუგე:

_ იშვიათად თავდაჯერებული ბიჭი ხარ.

_ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის თავდაჯერებულობა აუცილებელი თვისებაა. ვფიქრობ, ეს უკვე გამიჯდა ხასიათში…

მისი ტრაბახი სწორედ რომ დროული აღმოჩნდა. ამით ვისარგებლე და ვკითხე:

_ ჰო, მართლა. რა ქენი, მოასწარი თენგოს გაცნობა? გამონახეთ საერთო ენა?

ამის გაგონებაზე ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, აშკარად განიხიბლა ჩემი გარდაქმნით. ნიკაპზე ხელი მოისვა, გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში და დახშული ხმით მომიგო:

_ კარგი კაცია… დანარჩენი ორიც კარგი ტიპია, ვერაფერს ვიტყვი…

გულში ჩავიცინე, რომ მისი განიარაღება ამგვარად შევძელი…

გამიხარდა, ბიბის ჩემი მეგობრები და მათი ქმრები რომ მოეწონა და მეც თავი გამოვიდე.

_ ყველანი არაჩვეულებრივები არიან. არ იცი, როგორ მიყვარს ჩემი გოგოები, თუმცა დღეს საკმაოდ მკაცრი დაკითხვა მომიწყვეს. ყველაფრის გაგება უნდოდათ.

_ ჩემზე? _ ბიბიმ წარბები აზიდა.

_ ჰო, _ მსუბუქი ღიმილი გადავიფინე ტუჩებზე, _ ყველაფრის, ბოლო წვრილმანამდეც კი.

_ რატომ ხართ ქალები ასეთი ცნობისმოყვარეები? ისიც ხომ არ გკითხეს, სექსში როგორიაო?

მის შეკითხვაზე ფხუკუნი ამიტყდა.

_ ნუ, დაახლოებით, _ კეკლუცად გავხედე, მაგრამ მაინცდამაინც არ მესიამოვნა, ქალები რომ გაგვკილა. როგორც ჩანს, ეს შემეტყო სახეზე, რადგან მაშინვე შეშფოთდა.

_ ცუდად ხომ არ გამომივიდა?

_ თითქმის. _ მშრალად მივუგე, _ ისინი ჩემი მეგობრები არიან. და ჩვენ ვენდობით ერთმანეთს.

_ მესმის, განა არ მესმის, ამიტომაც არ ვიზოგავ თავს, რომ დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინო თითოეულზე. საერთოდ დამავიწდა ჩვენი მოლაპარაკება სამსახურის თაობაზე, ისე გამიტაცა მათთან ურთიერთობამ: ვხუმრობ, ლამის ვფლირტაობ სამივესთან, ბიჭებთან საქმიანად ვსაუბრობ, თან თვალს არ გაშორებ, ისეთი ლამაზი ხარ. ვერასადროს წარმოვიდგენდი, ასეთი იდეალური სხეული თუ გექნებოდა, თავბრუს მახვევ… მეტი რა გავაკეთო? _ ბოლოს ხუმრობით დაამთავრა.

_ არც არაფერი. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. ცოტა არ იყოს, ვნანობ, ეს თამაში რომ წამოვიწყე, სინდისი მქენჯნის, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანების მოტყუება რომ მიწევს.

თანაგრძნობით შემომხედა და ხელზე ხელი მომიჭირა.

_ ნუ განიცდი, არ ღირს. შენ ისეთს არაფერს აკეთებ, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს. აქ ერთად იმიტომ აღმოვჩნდით, რომ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ასე არ არის? დავანებოთ სხვა ყველაფერს თავი. სრულიად ბუნებრივია, რომ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და დროს ტარება ჩვეულებრივი ამბავია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. შენი არ ვიცი, და მე ამ ყველაფრისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩვენი ურთიერთობა ერთი თვის შემდეგაც გაგრძელდება, გუშინ ხომ არ გაგვიცნია ერთმანეთი, ამიტომ არ ღირს, ამის გამო სინანული განიცადო.

უნდოდ შევხედე. მიხვდა, რამაც გამიელვა და სასწრაფოდ დაამატა:

_ ვიცი, ვიცი, რომ ცოტას ვაჭარბებ. მე და შენ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ და რაც იყო ჩვენ შორის, ისიც მე გავაფუჭე, მაგრამ რა ვქნა, ვცდილობ, ხალისი დაგიბრუნო და რაღაცებს მივედებ-მოვედები.

გამეღიმა. მისმა სიტყვებმა დამამშვიდა. მხარზე ოდნავ მივეყრდენი და ვუჩურჩულე:

_ მადლობა, ბიბი, შენ კარგი ადამიანი ხარ.

_ უბრალოდ კარგი? _ თეატრალური ჟესტით ჩამიკრა თვალი და ღვინით სავსე ბოკალი, რომელიც სამი თითით ეჭირა, მაღლა ასწია. _ მეგობრული პაემანის სადღეგრძელო იყოს!

ეჰ, ნეტავ შემეძლოს, მხოლოდ მეგობარი მერქვას… მაგრამ, რატომღაც, უფრო მეტი მინდა მისთვის ვიყო, ვიდრე მეგობარი…



ჩემი დაქალები ზრუნავდნენ ჩემზე, უნდოდათ, ბედნიერი ვყოფილიყავი. მართლა ძალიან განვიცდიდი, რომ მათი მოტყუება მიხდებოდა, რადგან ისე გულწრფელად უხაროდათ ბიბის გამოჩენა, რომ თავს ევლებოდნენ. მათი წარმოდგენით, ჩემს ბედნიერებას მხოლოდ მამაკაცი აკლდა. ბოლო მომენტამდე არ ვიზიარებდი მათ «თეორიას», უფრო მეტიც, სასაცილოდაც არ მყოფნიდა, მაგრამ ბიბის გამოჩენამ და მის მიმართ ხელახლა გაჩენილმა გრძნობამ მეც ჩამაფიქრა. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა ქალი ვარ და სიყვარული მჭირდება. ახლა უკვე აღარ მეცინებოდა ბანალურ ფრაზაზე: «ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ». თუმცა, მაინც არ მსურდა ბოლომდე დამეთმო ჩემი პოზიციები, თან ასე ადვილად. ჩემი გეგმა ერთობ სარისკო იყო, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, თამაში ბოლომდე მიმეყვანა, მერე კი, როცა ქორწილი ჩამთავრდებოდა, სიმართლე მომეყოლა ჩემი გოგოებისთვის.

მაგრამ სიმართლე რის შესახებ?

მართალია, ბიბი სულ სხვა კუთხით გავიცანი იმ დღეს, როცა ჩემთან დავპატიჟე და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული მასთან ურთიერთობა ტანჯვად მექცა. თითქოს გამოცდას მიწყობდა ცხოვრება და ჩემზე იყო დამოკიდებული, გავუძლებდი თუ არა ამ გამოცდას. მთელი საღამოს განმავლობაში გაფაციცებული ვადევნებდი თვალს ბიბის ქცევას, მის ჟესტებს, საუბრის მანერას და ნაკლს ვერ ვპოულობდი. ის საოცრად მომხიბვლელი იყო, ქალებთან _ ნაზი, კაცებთან _ ძლიერი, ჩემთან _ მზრუნველი. ვიჯექი სუფრასთან, ვსინჯავდი კერძებს და გემოს ვერ ვატანდი. მთელი გულისყური ბიბისკენ მქონდა. იმ წუთებში მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სხვა არაფერზე. ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ საკუთარ დაქალებსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას, გამუდმებით თავზე რომ დაგვფოფინებდნენ მე და ბიბის, თითქოს ეს სუფრა საგანგებოდ ჩვენთვის ყოფილიყო გაშლილი და არა მეგისა და მისი მომავალი მეუღლის პატივსაცემად. მას მერე, რაც დაკითხვა მომიწყვეს, ფაქტობრივად, აღარ მაწუხებდნენ. ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო. ვხვდებოდი, რომ შესაძლებლობას მაძლევდნენ, დავრჩენილიყავი ბიბის გვერდით, მეყურებინა მისი ლამაზი თვალებისთვის, მესაუბრა მასთან, მეფლირტავა ისე, როგორც არასდროს. ალბათ სურდათ, ეს დღე ჩემთვისაც განასაკუთრებულად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

განა ამას არ ამტკიცებდა ბიბის კოცნაც? თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, მაგრამ ვერაფრით შევძელი კოცნის სცენის გონებიდან ამოგდება. როგორც სასურველ ქალს, ისე მკოცნიდა. განა არ ვიყავი ასეთი? ჩემი აზრით, ვიმსახურებდი ისეთ მამაკაცს, როგორიც ბიბი იყო.

მთავარი ის იყო, რამ უფრო მოხიბლა ჩემში. იქნებ მხოლოდ კაბამ? რა თქმა უნდა, კაბამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას ხომ არასდროს ვუნახავვარ ასეთ ფორმაში, ამიტომაც უფრო ადვილად მოირგო ქალის გულთამპყრობელის როლი და ჩემთან ფლირტაობაც გაუადვილდა. მას ხომ ნებისმიერი ქალის მოხიბვლა შეუძლია, თუ მოინდომა. მე კი… რა ვიცი, ხანდახან უიმედობა მიპყრობს, როცა მას გვერდით წარმოვიდგენ თავს. განსაკუთრებით იმ ფორმაში, სახლში რომ ვარ ხოლმე _ ლინზების გარეშე, უმაკიაჟოდ და პიჟამაში. ასე რომ დამინახოს, დარწმუნებული ვარ, უკანმოუხედავად გაიქცევა, როგორც წლების წინ…

ჰო, ეს შეიძლება კიდევ ერთხელ განმეორდეს. როგორც კი ჩვენი შეთანხმების ვადა ამოიწურება, ის ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს არ ვიცნობთ ერთმანეთს და გაქრება. ამისთვის აქედანვე უნდა ვიყო მზად, რომ გული არ მეტკინოს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ იქნება?

არ ვიცი, როგორა გავუძლებ ამ ერთ თვეს. მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს და ყველაფერი უცებ გართულდა. ასე თუ გაგრძელდა, რა იქნება შემდეგ? შევძლებ კი თავის შეკავებას? წინ მთელი თვეა… კარგი, დავუშვათ, იგი მხოლოდ თავის როლს ასრულებდა და არავითარი ქვენა გრძნობა არ ჩაუქსოვია ამ კოცნაში, მაგრამ როგორ გავიგოთ მისი უცნაური ინტონაციით და სულის შემძვრელი მზერით წარმოთქმული სიტყვები: «და თუკი არ ვთამაშობდი, მაშინ?»

რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავებულიყო და სიყვარულში გადაზრდილიყო, მაგრამ ასე გარისკვა არ შემეძლო. წლების განმავლობაში კარგად დავამუღამე, რომ შეჩვევა მწარე იმედგაცრუებით შეიძლება შემოგიბრუნდეს. მე ხომ, უბრალოდ, არ ვარ გაჩენილი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, მით უფრო _ ოჯახის შესაქმელად.

ფიქრი ზარის ხმამ შემაწყვეტინა. ჩემი შეშინებული და დამფრთხალი ფიქრები ჰაიჰარად შევრეკე გონების რომელიღაც კუნჭულში და კარის გასაღებად გავემართე.

სპორტული ღონისძიებების მარკეტინგის უფროსი მეახლა, რომლის სახელი აღარ მახსოვდა, თემური თუ თამაზი ერქვა. სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ შეცდომით სხვა სახელით არ მიმემართა.

_ მობრძანდით, _ მოკლე შემოპატიჟებით შემოვიფარგლე.

ახალგაზრდა კაცი საქმიანი სახით შემოვიდა ოთახში და ტახტზე მოკალათდა.

მე წინ დავუჯექი და მოსასმენად მოვემზადე, თუმცა იქამდე ყავა შევთავაზე.

_ არა, გმადლობთ, ქალბატონო ელენე, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, თქვენი ნებართვით. ბრაზილიიდან დელეგაციას ველოდებით ტურნირის მოსაწყობად, შეიძლება უმაღლესი ლიგის რომელიმე ფეხბურთელიც გვეწვიოს, ცნობილი, რა თქმა უნდა, ამიტომ შთამბეჭდავი დახვედრაა საჭირო. როგორც ყოველთვის, თქვენ მოგმართეთ. მახსოვს თქვენი გამართული საღამოები, ვიმედოვნებთ, არც ახლა გაგვიცრუებთ იმედებს.

საუბრის განმავლობაში თავს ვუქნევდი ჩემს კლიენტს, ვიღიმოდი, საჭირო სიტყვებსაც ჩავურთავდი, მაგრამ გონებით მაინც ბიბისთან ვიყავი. ერთმანეთის პარალელურად ორ რამეზე ვფიქრობდი, რაც კონცენტრაციაში ხელს მიშლიდა.

მოველაპარაკე თემურს თუ თამაზს, მაინც ვერ გავიხსენე, რა ერქვა, რა სახის ფურშეტი თუ სადილი სურდა, რამდენ პერსონაზე და რამდენად გრანდიოზული. ამავდროულად, წამითაც არ მავიწყდებოდა ბიბის ტუჩების გემო _ ერთდროულად ვნებიანი, ნაზი და მთრთოლარე, თითქოს ყოველ წამს ელოდა, როდის ვკრავდი ხელს და მოვიშორებდი თავიდან. არადა, იმ წუთებში ყველაფერი გადამავიწყდა _ მიხაროდა, რომ მოურჯულებელმა ჭირვეულმა შევძელი ზღაპრული პრინცის მოჯადოება. ამ უცნაურმა მეტაფორებმა ღიმილი მომგვარა.

_ გაქვთ იდეა, სად აჯობებს ფურშეტის გამართვა? _ მკითხა სტუმარმა.

მისმა შეკითხვამ მაიძულა, რეალობას დავბრუნებოდი. ადრე არასდროს გადავრთულვარ ფიქრებით სხვა რამეზე, ყოველთვის მთლიანად ვეფლობოდი ჩემს სამუშაოში, ახლა კი…

_ არასტანდარტული გარემო აჯობებს, ჩემი აზრით. _ ვუთხარი და საჟურნალე მაგიდაზე შემოდებული ალბომი გავუწოდე, _ დაათვალიერეთ ეს ფოტოები. იქნებ თქვენთვის მისაღები შეარჩიოთ. როგორ გითხრათ, ისეთ ადგილებში გამიმართავს საღამოები, რომ… საგამოფენო პავილიონებში, მატარებლის ვაგონებში, სასტუმროს ფოიეებში, აუზებზე, სახლის სახურავებზე… უბრალოდ, ახლა ზამთარია და დიდი შესაძლებლობა არ გვეძლევა. მინდა გითხრათ, რომ ბანალური და ტრადიციური გადაწყვეტილებები არ მხიბლავს. ჩემი მიზანია, არაორდინარული, ინოვაციური პროექტები განვახორციელო, თანაც სრულად მისადაგებული კლიენტის სურვილებთან. ვიტრაბახებ და გეტყვით, რომ ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც ვერც ერთი სხვა კომპანია ვერ შემოგთავაზებთ.

მამაკაცი წამოდგა, ხელი ჩამომართვა და კარგა ხანს მიყურა გამომცდელი მზერით, მერე კი თქვა:

_ ჩვენი მარკეტინგის სამსახურს გადავცემ თქვენს წინადადებებს, თუმცა, ვფიქრობ, წინააღმდეგობა არ შეგვხვდება. ჩათვალეთ, რომ დაკვეთა უკვე მიიღეთ, ამაზე მე ვიზრუნებ, ქალბატონო ელენე. ვიცი, რა და როგორ შეგიძლიათ.

_ გმადლობთ. გარწმუნებთ, განხიბლული არ დარჩებით.

სტუმარი კარამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

ესეც ასე! საკმაოდ მსხვილი დაკვეთა მივიღე. მთავარია, კარგად განვახორციელო და ყველა კმაყოფილი დარჩეს. თუ ყველაფერი მეგადონეზე გამომივიდა, ჩემი პორტფოლიო კიდევ ერთი ულამაზესი პროექტით შეივსება. ეს კიდევ ახალი შეკვეთის პერსპექტივას შემიქნის. მაგარია!

სხვა დროს ასეთ სიტუაციაში გახარებული გავვარდებოდი სამზარეულოში და შოკოლადის კექსის მომზადებას შევუდგებოდი, მერე მოვკალათდებოდი ჩემს სავარძელში, ჩავრთავდი წყნარ მუსიკას და კექსით ჩავიტკბარუნებდი პირს, რომ ახალი პროექტის დაკვეთა ასე აღმენიშნა, ახლა კი სულ სხვა გიჟურმა სურვილმა წამომიარა: რა მოხდება, ბიბის რომ დავურეკო და გავუზიარო ჩემი სიხარული? ან უარესი _ სადმე ბარში დავპატიჟო, რათა ჩემი ახალი შეკვეთა «დავასველოთ»?

ღმერთო ჩემო, რა მემართება? სად წავიდა ის ელენე, განმარტოებას რომ ეძებდა გამუდმებით? რატომ მომინდა მაინცდამაინც ახლა და მაინცდამაინც ბიბისთან გულის გადაშლა?

არა, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. ბიბისთან წამოწყებული მთელი ისტორია მხოლოდ ჩემი დაქალების «დასაბოლებლად» არის გამოგონილი და მორჩა. სხვა რამეში მე ბიბი არ მჭირდება! მკაცრად შევუძახე ჩემს თავს, მაგრამ ხელი მაინც ტელეფონისკენ გამირბოდა, იქვე რომ ეგდო, საჟურნალე მაგიდაზე. ერთი მცირე მოძრაობა და…

თითქოს ამას ელოდებოდაო, მოულოდნელად აწკრიალდა ჩემი მობილური. ისე დავიბენი, ეგრევე ვეცი, არც დამიხედავს, ვინ მირეკავდა, ყურთან მივიდე ტელეფონი და ვუპასუხე.

_ როგორ არის ჩემი პრინცესა?

თითები ძლიერად მოვუჭირე მობილურს, ძლივს შევძელი მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე მოგვრილი სიხარულის დაფარვა.

_ არა მიშავს რა. ამწუთას სწორედ შენზე ვფიქრობდი, _ ჩემდა უნებურად წამომცდა და ხელისგული შუბლზე მივირტყი, რას ვფიქრობ, ბიბის ამას რომ ვეუბნები-მეთქი, _ როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში ჩვენი საერთო გეგმა, _ სასწრაფოდ დავამატე.

_ ასეც ვფიქრობდი, _ მისმა დამცინავმა ინტონაციამ გამაწითლა. დავიჯერო, მართლა ასე ზუსტად ხვდება ჩემს აზრებს, თუ უბრალოდ, მე მაფიქრებინებს, რომ ხვდება?

_ რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, _ სხაპასხუპით მომაყარა, _ ჩემი კომპანიის ხელმძღვანელს ხომ იცნობ? ელგუჯას. ჰოდა, საქმიან სადილს მართავს, სადაც ახალი სტრატეგიები უნდა განიხილოს ბიზნესმენებისთვის. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამერიკაში სტაჟირებაგავლილი სპეციალისტი, მიწვეული ვარ.

_ მშვენიერია. _ მის მაგივრად გამიხარდა. იქნებ ნელ-ნელა წაიწიოს წინ, სანამ მე დავეხმარები.

_ მაგრამ მას სურს, რომ მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდე სადილზე. მოწვეული ჰყავს აგრეთვე პარტნიორები და პროდუქციის პოტენციური შემსყიდველები. ასე რომ, «ჩარლის გოგონები» თავიანთი ქმრებით იქ იქნებიან.

_ «ჩარლის გოგონები»?

_ მგონი, კარგი მეტსახელი მოვუძებნე შენს დაქალებს. აბა, დააკვირდი, თუ ასე არ არის: ლილი ქერაა, კატო _ შავგვრემანი, მეგი კიდევ რიჟა… თუ ჟღალთმიანი, როგორც არის, რა.

ორივეს გაგვეცინა.

_ იცი რა, ბიბი? თუ გცალია, საღამოს შევხვდეთ სადმე ბარში და ჩვენი წარმატების სადღეგრძელო დავლიოთ. მეც მივიღე დღეს ერთი გრანდიოზული შეკვეთა.

_ გილოცავ! შენი წინადადება კი ერთობ მაცდურად ჟღერს. სად და როდის?

_ სადაც პირველად შევხვდით. რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი, ვფიქრობ, ერთ საათში მოვრჩები. მერე კი სმს-ს გადმოგიგზავნი.

_ შევთანხმდით. დაველოდები შენს მესიჯს… და რაც შეეხება სადილზე მიპატიჟებას? წამოხვალ ჩემთან ერთად?

_ რა თქმა უნდა, _ ყოყმანის გარეშე ვუპასუხე, _ სხვა რა გზა მაქვს? გოგოებმა იქ მარტო რომ გნახონ, იფიქრებენ, რომ ნაჩხუბრები ვართ.

_ და მართალიც იქნებიან, _ გაიცინა ბიბიმ, _ კარგი, მოვილაპარაკეთ. იმედია, ბარში მალე შევხვდებით. იცოდე, მოუთმენლად ველი შენს სმს-ს.

ტელეფონი გავთიშე და ჩემი საქმეების საქაღალდეს ნაღვლიანად დავხედე. ეჰ, აჯობებს, რაც შეიძლება სწრაფად დავამთავრო ამათი შევსება, თორემ დამერხევა. რაც მალე დავამთავრებ, მით უფრო მალე ვნახავ ბიბისაც. ოღონდ თავი ხელში უნდა ავიყვანო, რომ საბოლოოდ არ დავკარგო კონტროლი სიტუაციაზე, თორემ დავიღუპები.



მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა. მასთან შესახვედრად გავედი თუ არა, დამირეკა და მითხრა, სამსახურიდან ჯერ ვერ გამოვდივარ, ელგუჯა არ მიშვებს და ერთი საათი მაინც მოგიწევს ლოდინიო. დავღონდი, მოვლენების ასეთ შეტრიალებას არ მოველოდი. მან კი უცებ იპოვა გამოსავალი: ჩემს ბინაში ადი და იქ დამელოდე, რაღა ბარში უნდა იყურყუტო, სანამ მოვალო. ცოტა არ იყოს, მეუხერხულა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. გასაღები დაბლა, დაცვასთან მაქვს დატოვებულიო. გამიკვირდა, კორპუსს რა დაცვა სჭირდება-მეთქი, მაგრამ თურმე ასეთი კორპუსებიც ყოფილა თბილისში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ კორპუსში რომელიმე მინისტრი ან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურა ცხოვრობს.

ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცის ცარიელ ბინაში შევდიოდი, პატრონის გარეშე. მაგრამ ეს ბიბის გადაყვეტილება იყო და არა ჩემი, ამიტომ სანერვიულოც არაფერი მქონდა.

ბინაში შესულს გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. უზარმაზარი «აპარტამენტი» ჰქონია, ჩემსავით სორო კი არა. თან ისეთი გემოვნებით იყო მოწყობილი, ქალსაც კი შეშურდებოდა. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ჭერიდან დაშვებული ფარდები იყო, ადრე რომ იცოდნენ თბილისში, ლამის იატაკს რომ ეხებოდა. ჭერში შიდა განათებები იყო ჩამონტაჟებული, კედლებზე კიდევ ლამაზი ბრები. განსაკუთრებით შანდლები მომეწონა, ცხოველებისთავიანი განშტოებებით. კამოდზე ფერადი მინისგან ჩამოსხმული მინიატიურული ბოთლები ელაგა, ოღონდ ცარიელი. ასეთები ადრე არავისთან მინახავს. მისაღების გარდა ბინაში კიდევ რამდენიმე ოთახი იყო, მაგრამ მათში შეხედვა ბიბის გარეშე ვერ გავბედე.

სასტუმრო ოთახი ავეჯით არ იყო გადატენილი. მოდერნისტულ სტილში ჰქონდა მოწყობილი. მხოლოდ რბილი სამეული, ჭურჭლის მინებიანი თანამედროვე კარადა, შუშის მაგიდა და, რაც მთავარია, ბუხარი. თუმცა, ბუხარი უფრო დეკორაცია იყო ალბათ, ვიდრე მოქმედი. აბა, სად გინახავთ, მაღალსართულიან კორპუსში ვინმეს ბუხარი ჰქონოდეს გაკეთებული? მაგრამ ლამაზი იყო და ოთახს მდიდრულ ელფერს სძენდა.

არა, არა, მე და ბიბი სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ადრევე ვიცოდი, რომ მდიდარი მშობლების შვილი იყო, მაგრამ მთლად ცალკე თუ ცხოვრობდა და თანაც ასეთ ბრწყინვალე ბინაში, ვერც წარმომედგინა.

თურმე ტყუილად ვატყუებდი ჩემს თავს. მისთვის დამახასიათებელმა ნაზმა მზერამ და ინტიმურმა ღიმილმა შეცდომაში შემიყვანა. ფაქტია, ბიბი მომნუსხველი, მხიარული ექსტრავერტია, რომელიც ადვილად ახერხებს ქალების გულის მონადირებას. მე კი ინტროვერტი ვარ, რომელიც ყოველდღიურად ახდენს თავდაჯერებული, საქმიანი ქალის იმიტირებას, ასე რომ სჭირდება სამსახურში.

ფაქტია, ბიბი სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელსაც ურთიერთობები ხიბლავს. მე კი ნიღბით დავდივარ, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვიხსნი, როცა შინ ვბრუნდები.

ფაქტია, ბიბი და მე სრულიად სხვადასხვა სამყაროს განვეკუთვნებით. ის მხოლოდ იმიტომ მეფლირტავება, რომ საკუთარი მიზნებისთვის მსხვერპლი გაიღოს და არა იმიტომ, რომ გრძნობები გაუჩნდა ჩემდამი, მე კი მასზე უგონოდ ვარ შეყვარებული.

ნუთუ ისეთი სულელი ვარ, რომ ბავშვობის შეცდომას კიდევ გავიმეორებ? მე ხომ მხოლოდ პლატონურ სიყვარულისმაგვარს მოვითხოვდი მისგან? როგორც ჩანს, მე თვითონ წამოვეგე სხვისთვის დაგებულ ანკესზე.

და აი, ახლა ვდგავარ იმ ადამიანის სახლში, ვინც ჩემი გული ხელმეორედ ააფორიაქა. რაღა მაქვს დასამალი? ხომ ვოცნებობდი, ბიბის მართლა შევყვარებოდი და მასთან რეალურადაც გამება რომანი? მისმა კოცნამ ყველაფერი შეცვალა. მან თამამად გადალახა ის კედელი-ზღვარი, რომლის აღმართვასაც ასე საგულდაგულოდ ვცდილობდი. არადა, ჩემს ფანტაზიებში სწორედ ასეთი გიჟური ვნებებით სავსე წარმომედგინა ჩვენი პირველი კოცნა…

კიდევ ერთხელ მიმოვიხედე ირგვლივ და თავი სინანულით გადავაქნიე. აჯობებს, დროზე წავიდე აქედან, სანამ ბიბი დაბრუნებულა და ისევ არ გადავქცეულვარ მისი მომხიბვლელობის ტყვედ. იმდენ ხალხში არ მოერიდა ჩემთვის ეკოცნა და, ცარიელ ბინაში, მარტო რომ დამიგულებს, რა შეაჩერებს? სასწრაფოდ ამოვხიე ბლოკნოტიდან ფურცელი, ორიოდე სიტყვა წავაწერე და შუშის მაგიდაზე დავდე, გამოსაჩენ ადგილას.



ერთი საათიც არ გასულა, შინ რომ მოვედი და ტელეფონმა დარეკა. მივხვდი, ბიბი იქნებოდა. ვიცოდი, საყვედურებით ამავსებდა, მაგრამ ამისთვის წინასწარ მოვემზადე. გზად შინისკენ მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ალბათ ისიც მიხვდა, რომ შემეშინდა. ძნელი იყო, ცდუნებისთვის გამეძლო, მით უფრო, მასთან სახლში, მყუდრო, ლამაზ ბინაში.

_ გისმენ, ბიბი, _ უდარდელი ხმით ვუპასუხე მის ზარს, თითქოს საერთოდ არ მაღელვებდა, რაც გავაკეთე.

_ «ბიბი, მაპატიე, რომ ვერ დაგელოდე. სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში. ვფიქრობ, გამიგებ, ასეთი სიტუაცია შენი პროფესიის ადამიანისთვის უცხო არ უნდა იყოს». _ ის ჩემი წერილის ტექსტს კითხულობდა.

კინაღამ სიცილი ამიტყდა, ისეთი გაგულისება იგრძნობოდა მის ხმაში.

_ ელენ, რას ნიშნავს შენი ბარათი?

_ ჩვეულებრივი წერილია, გაუგებარი რა არის? _ მშვიდად მივუგე, _ იმიტომ კითხულობ ასე გამწარებული, რომ რამე გაუგებარი იყო? _ თავს ვიკავებდი, რომ არ ავხარხარებულიყავი. მომწონდა, რომ ბრაზდებოდა.

_ ვერ დამირეკე, თუ წასვლას აპირებდი? გიჟივით გამოვვარდი სამსახურიდან, დიდხანს არ ვალოდინო-მეთქი.

_ მართლა? ეგ არ მიფიქრია, მაპატიე. უბრალოდ, დაცდა არ შემეძლო.

_ ერთი სული მქონდა, ბინის კარს როდის შემოვაღებდი. მეგონა, ყველაზე დამაინტრიგებელი ქალი ოთახში დამხვდებოდა, ფანჯარაში მომზირალი, შენ კი მთელი იდილია წყალში ჩამიყარე.

_ ნუ მსაყვედურობ, რაც იყო, იყო. ვეცდები, გამოვასწორო ჩემი შეცდომა, ოკეი?

_ თანაც ახლავე. მიდი, ლამაზად ჩაიცვი და წამოდი.

_ სად, შენთან? _ ლამის მუხლები მომეკვეთა.

_ არა, ჩემთან არა. ვიცი, რომ აქ მოსვლის და ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია, გგონია, ვერ ვხვდები?

_ საიდან მოიტანე? _ მართალს ამბობდა, მაგრამ მაინც არ გავტყდი.

_ გგონია, დავიჯერე, რომ სამსახურში გამოგიძახეს? მაშინ სახლში რატომ ხარ? შენ მხოლოდ საბაბი გინდოდა, რომ არ შემხვედროდი სწორედ აქ, განმარტოებულად, ჩემს ბინაში. არადა, როცა მითხარი, შევხვდეთ და ჩვენი წარმატებები ერთად აღვნიშნოთო, იცი, რამდენი სიხარული იგრძნობოდა შენს ხმაში? ჩემს თავზე გამომიცდია: როცა რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მინდა მთელი სამყაროს გასაგონად ვიყვირო. გულახდილად რომ გითხრა, გამაკვირვე. გამოტყდი, რომ შეგეშინდა.

_ ნუ სულელობ, სულაც არ შემშინებია, უბრალოდ, მარტო ყოფნა მომბეზრდა და წამოვედი. ლოდინი არ მიყვარს და რა ვქნა?

_ კარგი, ეგრე იყოს. ახლა კი ჩაიცვი და დამელოდე. ნახევარ საათში გამოგივლი.

_ სად მივდივართ?

_ ჩემს საყვარელ რესტორანში. ისეთი კაბა ჩაიცვი, რომ თვალი ყველას შენზე დარჩეს, გასაგებია? გამომწვევი.

ახლა კი გულიანად გავიცინე.

_ კარგი, დაგიჯერებ.

_ ჰოდა, მოვდივარ. დამელოდე.

ამ სიტყვებით ტელეფონი გათიშა. რაღა უნდა მექნა? უარს ვეღარ ვეტყოდი. მისი გაბრაზება არ მაწყობდა, შეიძლებოდა მთელი გეგმები ჩამშლოდა. გარდერობი გამოვაღე და კაბის შერჩევას შევუდექი.



_ კმაყოფილი ხარ? _ ბიბის ტუჩები ჩემს ყურთან მოეტანა და მეჩურჩულებოდა.

წამით გავქვავდი, გამიჭირდა მისკენ შებრუნება, რადგან ვიგრძენი, მისი სიახლოვით მუხლები მეკვეთებოდა.

როგორც იქნა, მოვტრიალდი.

_ რა თქმა უნდა, შესანიშნავი საღამოა. აქ არ მიწევს თამაში, არავინ გვიცნობს და ბუნებრივად ვიქცევით.

_ არადა, თამაშიც კარგად გეხერხება, _ ირონიულად ჩაიცინა, _ ისე კარგად გამოგდის შეყვარებული ქალის როლის შესრულება, ჰოლივუდის მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ.

_ რა სისულელეა, ეგ როლი ჯერ არ გამითავისებია, _ გავწითლდი, _ ასეთ რამეებში ძალიან უნიჭო ვარ.

_ რას მელაპარაკები! პატარა მატყუარა! ხომ ხედავ, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება. ჩემთან უფრო ლაღად რომ არ გრძნობდე თავს, მე არ ამირჩევდი დღევანდელი საღამოსთვის თანამგზავრად. წარმატებებს ძალიან ახლო მეგობრები აღნიშნავენ ხოლმე ერთად. შენ კი მე დამირეკე. თუ ამას დავამატებთ შენს უცნაურ ფარულ მზერებსაც, რომელსაც გამოაპარებ ხოლმე ჩემკენ, და რომელსაც ყოველთვის ვამჩნევ, კიდევ _ შენს რეაქციას ჩემს კოცნაზე, მაშინ უნდა ჩავთვალო, რომ სიხარულის მიზეზი მაქვს.

_ საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? _ გველნაკბენივით გავერიდე, მივხვდი, რომ ჩემს ყველა ფიქრს კითხულობდა.

_ თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ და ახლავე მოვიწყენ. ძალიან გინდა, მოწყენილი მამაკაცის გვერდით გაატარო საღამო? ვიცი, რომ შენთან რომანტიკული ურთიერთობის უფლება არ მაქვს, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რაღაც სხვა რომ ხდება ჩვენ შორის. ისეთი რამ, რასაც თავიდან არც ერთი არ ვგეგმავდით.

ვერაფერი ვუპასუხე. თვალები დავხარე და იატაკს ჩავაჩერდი.

_ რატომ მოიღუშე? არ მოგწონს აქ ყოფნა?

თავი ავწიე და შევხედე.

_ როგორ არა, მომწონს. კარგია აქ, კმაყოფილი ვარ.

_ მაშინ რა გჭირს? ჩემმა ნათქვამმა შეგიცვალა ხასიათი?

მან ხელი გამოიწოდა და შუბლზე შემახო. ისე ნაზად მისვამდა თითებს, თითქოს ნაოჭებს ასწორებსო. მე კი მის შეხებაზე ჩემი მემართებოდა. ერთიანად დამსუსხა, სიამოვნებისგან მკლავებზე კანი ამეხორკლა. ნუთუ არ შემიძლია გულგრილობის ნიღაბი ავიფარო? აბა, რას ვაკეთებდი მთელი ეს წლები, რას ვასწავლიდი ჩემს თავს?

როცა ბიბიმ ხელი ჩამოიღო, შვებით ამოვისუნთქე და მტკიცედ გადავწყვიტე, დაძაბულობისგან გავთავისუფლებულიყავი.

_ ხომ არ გავიწყდება ჩემი პროფესია? მინდა თუ არ მინდა, ყველაფერს ვაკვირდები, რა როგორ არის მოწყობილი, ინტერიერი რამდენად სასიამოვნოა, მიმტანები როგორ ემსახურებიან კლიენტებს, როგორ ართმევენ თავს რთულ დავალებებს. ჰოდა, როცა ამ კუთხით გადავერთვები, მავიწყდება, ვისთან ვარ და რატომ.

_ და ისიც გავიწყდება, რომ მოილხინო?

_ ნუ, მთლად ასე არ არის, მაგრამ გარკვეულწილად, ალბათ ჰო.

მისმა ურწმუნო გამოხედვამ მიკარნახა, რომ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა, მაგრამ აღარ ჩამძიებია.

_ ამ რესტორანში იცი, რა ქორწილები იმართება? მე შენს დაქალს ვურჩევდი, აქ გადაეხადა საქორწინო სუფრა.

_ ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მართლა კარგი ადგილია. საკონცერტო პროგრამაც გემოვნებითაა შერჩეული. ორი წლის წინ მეც მოვაწყვე აქ კოქტეილის საღამო ჩემი ერთი კლიენტის დაკვეთით.

_ შენ როგორ ქორწილზე ოცნებობ?

_ მე? _ დავიბენი, _ მე გათხოვებას არ ვაპირებ.

_ მოიცა რა. გათხოვებას ყველა ქალი აპირებს, ორჯერ და სამჯერაც კი.

ისევ გავწითლდი.

_ მე არ ვაპირებ-მეთქი, გასაგებად ვთქვი, _ ცივად გავუმეორე.

_ მაინც, მაინც? ისე, იდეაში როგორ წარმოგიდგენია შენი ქორწილი?

უცებ გიჟურმა აზრმა გამიელვა და არც ვიცი, რატომ, მეოცნებესავით ამოვთქვი:

_ მე მინდა ისეთი გარემო, სადაც კედლების მაგივრობას აკვარიუმი გასწევს. აბა, წარმოიდგინე, იჯდე სუფრასთან, ირგვლივ კი, ოთხივე კედელი დიდი აკვარიუმი იყოს, შიგ კი ზვიგენები და ფერად-ფერადი თევზები დაცურავდნენ. არ არის რომანტიკული?

გაოცებულმა გამომხედა და მხოლოდ ეს მითხრა:

_ «დაცენტრილი» ხარ.

_ კარგი, კარგი, სულ დამავიწყდა, შენ რომ ზღვა არ გიყვარს.

კიდევ უფრო გაკვირვებული სახე მიიღო და ყრუდ მკითხა:

_ ვინ გითხრა ეს?

_ მგონი, ტეტემ. მახსოვს, ზღვაზე რომ მიდიოდა ბიჭებთან ერთად, სულ გაბრაზებული იყო, ბიბი არ მოდისო. ცურვა არ იცის და წყლის ეშინიაო.

მეგონა, გაიცინებდა ჩემს ნათქვამზე, მას კი, პირიქით, სახე მოექუფრა.

_ გამოიცანი. _ საკმაოდ ცივად მომიგო.

არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. ვერ მივხვდი, რა ეწყინა. ჩემდა საბედნიეროდ, ამ დროს მელოდია აჟღერდა და ვალსის საცეკვაო ჰანგები დაიღვარა დარბაზში.

_ წამო, ჯობია, ვიცეკვოთ. _ იმავე ტონით მითხრა.

როგორ შემეძლო, უარი მეთქვა, როცა მაჯაზე მექაჩებოდა და საცეკვაო მოედნისკენ მივყავდი. თავბრუ მეხვეოდა, აზრები ამერია, გონებაში ერთი ჭკვიანური მიზეზიც კი ვერ მოვიფიქრე, მასთან ცეკვაზე უარი მეთქვა. ერთი წუთიც და უკვე გვიან იყო _ ფეხები თავისთავად აჰყვა მუსიკის ტაქტს. ბიბიმ ხელები წელზე შემომაჭდო, მე კი მხრებზე დავულაგე ჩემი მკლავები და დავტრიალდით. ნელა ვმოძრაობდით, ძალიან ნელა. ბიბი თანდათან უფრო მიზიდავდა თავისკენ, უფრო და უფრო ძლიერად მხვევდა წელზე ხელს, სანამ ჩვენი სხეულები ერთმანეთს მჭიდროდ არ მიეკრა _ ჩემი მკერდი მისას ეხებოდა, მისი თეძოები _ ჩემსას.

_ ასე უკეთესია, _ ჩამჩურჩულა და მსუბუქად დამატრიალა.

ჩემი სამივე დაქალის ქმრები შორს იდგნენ ცეკვისგან. არც ერთ მათგანს ამის ნიჭი არ გააჩნდა. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს ოდესმე ეცეკვა. მეცხრე სართულიდან გადახტომას უფრო სიამოვნებით დათანხმდებოდნენ ალბათ, ვიდრე ქალთან ცეკვას. ლილის და კატოს ქორწილშიც კი არ უცეკვიათ სიძეებს და თავს იმით იმართლებდნენ, დიდი გოიმობაა სიძე-პატარძლის ტრადიციული ცეკვაო. მე ასე არ ვფიქრობდი და ამიტომ მაღიზიანებდა მათი შეხედულება. აი, ბიბისთან სულ სხვაგვარად იყო საქმე. ის არაჩვეულებრივად ცეკვავდა და წარმოვიდგინე, რას იზამდა თავის ქორწილში. ნამდვილად არ გამოიდებდა თავპატიჟს, მოჰკიდებდა ხელს თავის პატარძალს და დაუვლიდა. ამ სცენის წარმოდგენამ ოცნებებში გადამისროლა. თავი პატარძლის ადგილას წარმოვიდგინე და… მესიამოვნა.

კიდევ კარგი, მივხვდი, რომ წარსულის გახსენება სიმშვიდეს უკარგავს. ნეტავ რატომ? არც მე ვიხსენებ სიხარულით განვლილ წლებს, მარამ მისი რეაქცია რატომღაც, ცოტათი უჩვეულოდ მომეჩვენა. არა მხოლოდ უჩვეულოდ, უცნაურადაც კი. იქნებ სწორედ წარსულში იმალება მისი გამაოგნებელი საქციელის ახსნა? ტეტეს დაბადების დღეზე მკვეთრად გამოჩენილი ყურადღება ჩემ მიმართ, მერე სრული გარდაქმნა და ხელის კვრა, ამას დამატებული დაცინვა და შეურაცხყოფა ნაცნობებ-მეგობრების თვალწინ, და აი, კვლავ ღიად გამოხატული მოწონება. არა მგონია, თამაშობდეს. ერთხელ მაინც მივხვდებოდი სიყალბეს. მისი ჩემდამი სიმპათია მართლა გულწრფელი ჩანს, ამაში აქამდეც არ შემპარვია ეჭვი.

_ მოდუნდი, ნუ ხარ ასე დაძაბული, _ მითხრა და წელზე მოხვეული მარჯვენა ზემოთ, მხრებისკენ დაძრა. მუსიკის ტაქტს აყოლებული მისი თითები თითქოს ვალსის სვლებით მიმოდიოდნენ ჩემს ზურგზე. ამ შეხებისგან განა შემეძლო მშვიდად ყოფნა? დაძაბული ხარო! ვიქნები, აბა რა! ქვედა ტუჩი ლამის მოვიკვნიტე, როცა ბიბის სუნთქვა ყელთან მომელამუნა. სუნთქვა შევიკარი. გამაბრუებელი მამაკაცური სურნელი, ნუშის არომატთან შეზავებული, თავისუფლებას მიზღუდავდა, მძაბავდა და მაბნევდა. მეგონა, დავღოღიალებდი პარკეტზე, კი არ ვცეკვავდი.

_ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს შენ გვერდით ყოფნა, _ მითხრა მან, როცა დამატრიალა და კვლავ მკერდზე მიმიკრა. ისე ჩამბჯუღა, კინაღამ გული გამიჩერდა. მინდოდა, ცეკვა არასდროს დამთავრებულიყო.

_ რა ჰაეროვანი პირუეტები გამოგდის, _ ღიმილით შემაქო.

_ ჩემთან ცეკვა განიჭებს სიამოვნებას? _ კეკლუცად ავხედე.

_ შენთან ჩახუტება. _ დააზუსტა მან და მოშიშვლებულ მხარზე ოდნავ შემახო ტუჩები.

ენით აუწერელ ნეტარებას განვიცდიდი მის მკლავებში მოქცეული. თვალები დავხუჭე, თავი მკერდზე მივადე და მასთან ერთად რიტმულად დავტრიალდი. ამქვეყნად ყველა და ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ ამ საოცარი წუთებით ვტკბებოდი. რა უნდა იყოს ასეთ წამებზე უკეთესი? ნამდვილად არაფერი. ოჰ, ბიბი, ბიბი… ნამდვილი სრულყოფილება ხარ!

ღმერთო, რაზე ვფიქრობ? ნუთუ დამავიწყდა, რომ ამქვეყნად სრულყოფილი არავინაა? თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე, რომ ნეტარების ეს წუთები სამუდამოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში. ამ ძვირფას საღამოს ბევრჯერ დავატრიალებ ჩემს გონებაში, განსაკუთრებით ზამთრის საღამოებში, როცა მარტო ვიქნები ჩემს პატარა ბუნაგში და მასზე ვიფიქრებ უმაკიაჟოდ, ხალათში ჩაფუთნილი და ცხვირზე სათვალედაკოსებული.

_ რა კარგი იქნებოდა, მელოდია რომ არასდროს მთავრდებოდეს, _ თქვა ბიბიმ და შუბლიდან თმა სათუთად გადამიწია.

მის სახეს შევხედე. სურვილით ანთებოდა ცისფერი, მაგრამ ახლა, ღამის სინათლეზე, გალურჯებული თვალები, მკვეთრად მოხაზული ლამაზი ტუჩები და ფიქრებში ჩემს თავს შევუძახე: «ნუ ოცნებობ მასზე».

_ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, _ ნაღვლიანად შევნიშნე და მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.

მსუბუქად შეიჭმუბხნა შუბლი და ყურადღებით დამაცქერდა.

_ წამოდი, რამე ტკბილი შევჭამოთ.

შევეცადე, ღიმილი გამომეხატა და ქუსლების პაკაკუპით ჩვენი მაგიდისკენ გავემართე. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, რომ ბავშვობის გატაცებას წლების განმავლობაში სერიოზულად არ შევებრძოლე _ ჩემი ბიბისადმი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდებოდა…



ბიბიმ მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა და ძრავა გამორთო. ვიცოდი, ელოდებოდა, როდის შემოვიპატიჟებდი შინ, ფინჯანი ყავის დალევის საბაბით. არც იყო გასაკვირი. ორივე ვგრძნობდით, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა, მაგრამ მე ამის აღიარებას გავურბოდი. ამიტომ გადავწყვიტე, დავმშვიდობებოდი და კიდევ ერთი სარისკო ნაბიჯი არ გადამედგა. დამფრთხალი თვალები მივაპყარი და ხმადაბლა ამოვთქვი:

_ დიდი მადლობა, მშვენიერი დრო გავატარე. _ თავაზიანი, არაფრის მთქმელი ფრაზა იყო, რომელიც მილიონჯერ მითქვამს სხვა ადამიანებისთვის.

_ მე კი ველოდი, რომ სხვა რამეს მოვისმენდი.

_ სხვა რამეს? რას გულისხმობ? _ ჩემს ხელოვნურ მიამიტობას საზღვარი არ ჰქონდა.

_ სხვა სიტყვებს _ გულწრფელს, თბილს… იმის აღიარებას, რომ ერთმანეთისკენ ძალაუნებურად მივიწევთ, რომ პლატონური არ გამოგვდის და ერთი მაგის დედაც… როცა ასეთ რამეებს მოვისმენდი, გიპასუხებდი, მეც ასევე-მეთქი და კიდევ ერთხელ რამე კარგი მოხდებოდა. მაგრამ მე უკან დახევა არ მჩვევია, ამიტომ ამ თამაშს არ ვითამაშებ, ელი.

იგი გამუდმებით სხვადასხვა ვარიაციას უძებნიდა ჩემს სახელს და ხან ელის მეძახდა, ხან ელენს, ხანაც ელს ან ელენიკოს. მე კი მსიამოვნებდა, რადგან ერთადერთი მამაკაცი იყო ამქვეყნად, ვისაც ამის უფლება ჰქონდა.

მისმა ნათქვამმა ისე შემაშინა, რომ ეგრევე შემეტყო, მზერა დამიფრთხა და ტუჩები ამითრთოლდა.

_ რომელ თამაშს? _ ძლივს გასაგონად შევეკითხე.

_ რომლის გარშემოც მე და შენ ვტრიალებთ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს არ არის კოცონზე გადახტომა, ელ, რომელი უფრო მაღლა ახტება, რომ არ დაიწვას. აქ გრძნობებით გვიწევს მოქმედება და არა სპორტული ხერხების გამოყენებით. ორივენი ამოფარებული ვართ ჩვენს შეთანხმებას და არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ორივეს უფრო მეტი გვსურს ერთმანეთისგან.

იმწამსვე მოვარიდე მზერა და ცარიელ ქუჩას გავხედე. თითებით ნერვიულად ვჭმუჭნიდი ჩემი პალტოს კალთას და არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

_ შენ ცდები, ბიბი, _ როგორც იქნა, ამოვღერღე ყველაზე დიდი სიცრუე.

_ პატარა მატყურა, _ დაიჩურჩულა, ჩემკენ გადმოიხარა და შეეცადა, თვალებში შემოეხედა.

შემეძლო, რაც მომესურვებოდა, ის მეთქვა, მაგრამ თვალები? თვალებისთვის რა მომეხერხებინა? სწორედ მათ არ შეეძლოთ ტყუილის თქმა. იყო დრო, როცა ჩემს თვალებს სათვალის მინებში ვმალავდი, მაგრამ ახლა «ჯავშნის» გარეშე და გულახდილად შეხედავდნენ ბიბის _ ჩემი შავი, ბრიალა თვალები, გულწრფელობის უსაზღვრო ტბა, როგორც მეგის უყვარს თქმა. ჩამაცქერდებოდა ბიბი ახლა ამ თვალებში და ვიცოდი, რასაც დაინახავდა მასში _ რომ პირველი შეხვედრისთანავე მსურდა მის გვერდით ყოფნა, პირველი კოცნისთანავე და ახლაც, პირველი ვნებიანი ცეკვის მერეც.

ის ელოდებოდა, როდის შევხედავდი. გაქვავებულივით იჯდა, ოდნავადაც არ გარხეულა. ნელა ავწიე თავი, თითქოს არ მსურდა ამის გაკეთება და შევხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა: მისი _ მტკიცე და შემფასებლური, ჩემი _ შეცბუნებული და უხერხული. წამიც და ჩემს თვალებშიც აბრიალდა სურვილის ცეცხლი.

ბიბის მეტიც არ უნდოდა! ეგრევე თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაკვდა…

თუკი ჩვენი პირველი კოცნა დაზვერვით ხასიათს ატარებდა, სანამ ორივემ არ დავკარგეთ კონტროლი ჩვენს თავზე, ეს კოცნა სრულიად განსხვავდებოდა წინასგან. იგი მომთხოვნი იყო და მგრძნობიარე, ყველა ბარიერის გადამლახავი, ვნებით გაჯერებული და სურვილით გადავსებული. ჩუმი კვნესა აღმომხდა, როცა ბიბის ტუჩები შემეხო. თითებით მისი პიჯაკის კიდეებს ჩავეჭიდე და მამაკაცი ჩემკენ დავქაჩე, თითქოს მის სხეულთან შერწყმა მწადდა. არ მაკმაყოფილებდა ეს სიახლოვე, უფრო ახლოს მსურდა მასთან ყოფნა, მასში მინდოდა ვყოფილიყავი, ერთ სხეულად გარდავქმნილიყავით, ერთ დიდ ვნებად…

ბიბის გულწრფელი პასუხი უნდოდა ჩემგან _ მან ის მიიღო. კოცნას თავდავიწყებული კოცნითვე ვპასუხობდი, აღგზნებული, ათრთოლებული, ტოლს არ ვუდებდი ალერსში, სრულიად დავკარგე სირცხვილის შეგრძნება, სისხლი უფრო და უფრო დუღდებოდა ჩემს სხეულში, ტკივილამდე ცხელდებოდა და ფეთქავდა არტერიებში, გაჩერება არ მინდოდა. არც მას სურდა გაჩერება. არც შეეძლო. ყველაზე თამამმა ფანტაზიებმაც კი შეისხა ფრთები. ხელებსაც არ ვაჩერებდი, ვეფერებოდი მის მკერდს, ყელს, კისერს, თმას…

_ ელე… _ მომესმა ჩურჩული.

_ მმმ… _ პასუხის გაცემის თავი არ მქონდა.

მოულოდნელად კოცნა შეწყვიტა, საზურგეზე მისავათებული გადაწვა და მკითხა:

_ ახლა მაინც დარწმუნდი, რომ არ ვთამაშობ?

იმდენად უადგილო იყო მისი შეკითხვა, რომ გამოფხიზლება ვერ მოვასწარი და უაზროდ დავეკითხე:

_ რაზე მელაპარაკები? _ ამის თქმა და ეგრევე გონს მოვეგე. გაკვირვება კი გამოვიხატე სახეზე, მაგრამ როგორც ჩანს, უნიჭო იმიტაცია გამომივიდა, რადგან ბიბის ეშმაკურად გაეღიმა. მან ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.

_ არ ვიცი, დამეთანხმები თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში შენი გეგმა, გამოგონილ სასიყვარულო ურთიერთობაზე, კონტროლიდან გამოვიდა. რა უნდა ახლა მოვუხერხოთ ამას?

გამომცდელი მზერა მივაპყარი, თითქოს იმის გაგება მინდოდა, შეიძლებოდა თუ არა მისი გულწრფელობის დაჯერება.

არადა, თავიდან ბიბი სულაც არ აპირებდა ურთიერთობის გართულებას. იგი ყოველთვის გაურბოდა გოგოებთან ღრმად დაახლოებას, რათა არ მიჩვეოდა მათ და სიყვარულზე დამოკიდებული არ გამხდარიყო. ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებდა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით მეც მივხვდი, რომ სიყვარული უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უფრო მეტიც, გულწრფელობას. ის კი არასდროს დაუშვებდა, რომ ქალი მის საიდუმლოს ჩასწვდომოდა. იმ ღამეს, ტეტეს დაბადების დღეზე, მიხვდა, რომ ძალიან ახლოს მივედი მასთან, მის სულს ჩავწვდი და ამიტომაც გახდა იძულებული, სამარცხვინოდ გაქცეულიყო. ახლა რას აკეთებს? რას აღწევს იმის აღიარებით, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება თამაში არ არის? ამდენი წლის შემდეგ კარგად ვხვდები, რატომაც მაქცია მაშინ ზურგი, რადგან ამ ხნის განმავლობაში დავჭკვიანდი და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მე ხომ ბევრი რამ ვისწავლე და თან ვიმუშავე ჩემს თავზე? ამიტომ ადვილი მისახვედრია, ახლა რაც ემართება. მას უკვე აღარ ძალუძს აკონტროლოს თავისი გრძნობები. რადგან ამ გზას დაადგა, მზად არის, ბოლომდე მიჰყვეს მას. გაჩერება დამარცხების აღიარებას ნიშნავს. ალბათ ამჩნევს, ჩემს თვალებში როგორ მომრავლდა ვნების ნაპერწკლები, მაგრამ ღირს კი ამის აღიარება? ისევ რომ ზურგი მაქციოს, მერე რა ვქნა?

_ არ მინდა ასე ღრმად შევტოპო, _ ხმადაბლა ვთქვი, მაგრამ აკანკალებული ხმით და მივახვედრე, რომ ჩემს აღიარებას ვერ ეღირსებოდა.

_ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, _ ბიბიმ ხელები ჩამოუშვა, რადგან მიხვდა, რომ შანსს ხელიდან უშვებდა. _ მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ ვთამაშობ, არ ვცდილობ, ხელსაყრელი შემთხვევით ვისარგებლო. მართლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ შენთან თავს.

_ მადლობა გულახდილობისთვის, _ ხელზე ხელი მოვუჭირე, მაგრამ გული საგულეში აღარ მეტეოდა, _ მეც კარგად ვგრძნობ შენთან თავს, მაგრამ არ მინდა გართულებები.

_ რომელ გართულებებზე ლაპარაკობ? _ შუბლი შეიჭმუხნა.

_ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს, ბიბი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ვაღიარებ, რომ ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაკრთა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავჩერდეთ.

_ ნაპერწკალი? შენ ამას ნაპერწკალს ეძახი? წეღან ლამის ტანსაცმელი შემოვახიეთ ერთმანეთს.

_ სისუსტის მომენტი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთზე ყურებამდე ვართ შეყვარებული. ასე არ არის?

თითქოს შენელებული კადრებით გადაულაგეს სახის ნაკვთები. დაძაბული, იდუმალი მოლოდინით სავსე გამომეტყველება სადღაც გაქრა და მისი ადგილი შეურაცხყოფილმა იმედგაცრუებამ დაიკავა.

_ ესე იგი, ძველი გეგმით გავაგრძელოთ? თვის ბოლომდე შევხვდეთ ერთმანეთს და ამით დავამთავროთ? _ დახშული ხმით მკითხა.

ამის გაგონებაზე ისეთი შიში დამეუფლა, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს ვკარგავდი. მან ეს შეამჩნია, თვალებმა გამცა.

_ რამ შეგაშინა?

_ შემაშინა? არაფერმა, _ მხრები ავიჩეჩე და უაზროდ გავიღიმე.

_ თვალებში შეგატყვე, რაღაცას მიმალავ. ეს რა, კომპლექსია? გეშინია, შუა გზაზე არ მიგატოვო?

_ ცდები, არაფრის არ მეშინია. უბრალოდ, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო.

_ მაშასადამე, ისევ ძველებურად, არა? _ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და თავი ჩაკიდა, არც კი შემომხედა.

_ შევთანხმდით.

ბიბიმ ჩაიღიმა.

_ ახლა იცი, რა მინდა? მოგეხვიო, მკერდზე მიგიკრა და დაგამშვიდო, მაგრამ ვერ ვბედავ, ვაითუ, სხვანაირად გამიგო. ამის მაგივრად, როგორც ყოველთვის, პატარას წავიხუმრებ, რათა ჩემი გულწრფელი გრძნობები დავმალო: ნება მიბოძეთ, ჩემი შეყვარებული კარამდე მივაცილო, სანამ ეს მანქანა გოგრად გადაქცეულა, მე კი ბაყაყად.

შვებით ამოვისუნთქე და გავუღიმე, რომ ვნებათაღელვის საგანგაშო შემოტევას სასწაულით ამარიდა.

_ შენ მართალი ხარ, ელ, აჯობებს, ძველი ვარიანტით ვიმოქმედოთ. სხვა ვარიანტების განხილვა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, _ თითქოს თავისი თავი დაამშვიდა ამ სიტყვებით და არა მე.



ჩემი დაქალები რომ დავინახე, მტკიცე გადაწყვეტილებით გავემართე მათკენ, თან ფრთხილად ვუვლიდი გვერდს პიკნიკისთვის გაშლილ პატარა მაგიდებს. «შეტევის» მოსაგერიებლად მზად ვიყავი. მესმოდა, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსო, რადგან ბოლო დროს სულ ბიბის გვერდით ვტრიალებდი და გავურბოდი მათთან გულახდილ საუბარს.

ჩემი გადაწყვეტილება დროულიც იყო და ირონიით გაჯერებულიც. წუხანდელი ღამის შემდეგ აუცილებელი გახდა, მოვრიდებოდი ბიბის გვერდით ყოფნას. მანქანაში კოცნამ საბოლოოდ გამომაცალა ფეხქვეშ ნიადაგი. რა თქმა უნდა, თავად კოცნა ჯადოსნური და დაუვიწყარი იყო, მაგრამ რაც მას მოჰყვა, ან კიდევ უარესი _ რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ახლაც კი ჟრუანტელს მგვრიდა. არ ვიცი, რომელი გზა იქნებოდა უკეთესი _ ავყოლოდი ცდუნებას და დავნებებოდი, თუ ყველაფერი ისე დამემთავრებინა, როგორც დამთავრდა? ერთადერთი, რასაც მწარედ ვნანობდი, ზოგადად ამ ინტრიგის წამოწყება იყო. რაში მჭირდებოდა საკუთარ მეგობრებთან მარკის აწევა? ერთი-ორჯერ მისაყვედურებდნენ და ამით დამთავრდებოდა მათი შემოტევა, მე კი ყველაფერი ავბურდე და გავართულე.

პირველმა კოცნამ მხოლოდ შოკში ჩამაგდო, წუხანდელმა კი თავდაცვის კედლები გაანგრია, ის კედლები, რომელიც უდიდესი სიფრთხილით შემოვიშენე. ერთ წუთში დამოუკიდებელი და წარმატებული საქმიანი ქალიდან რომანტიკულ მეოცნებედ ვიქეცი, რომელიც ყურებამდეა შეყვარებული მისთვის სრულიად შეუფერებელ მამაკაცზე.

მინდოდა, ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ პირველი კოცნა მხოლოდ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ «საქორწინო ფანატები» თუ «ჩარლის გოგონები» დამებნია, მაგრამ მეორე კოცნას, რომელიც პუბლიკის დაუსწრებლად მოხდა, მსგავს ახსნას ვერ მოვუძებნიდი _ მაშინ ხომ სრულიად მარტონი ვიყავით. ამ კოცნის გახსენებაზე ისევ და ისევ სიამოვნების ჟრუანტელმა დამირბინა სხეულში და როცა გოგონებს მივუახლოვდი, შევეცადე, ტუჩებზე მოთამაშე კმაყოფილების ღიმილი გამექრო.

_ ერთი ამას შეხედეთ! _ მეგიმ შამპანურით სავსე ბოკალი ხელაწეულმა ჩემკენ გამოიშვირა, _ როგორც ჩანს, ზომაზე მეტადაა კმაყოფილი. რაც უფრო მეტხანს ვაკვირდები შენს კაცს, მით უფრო მესმის, რატომ არ დადიოდი აქამდე პაემნებზე.

_ პრინცს ელოდებოდა, _ თავი დაუქნია კატომ და ზეთისხილი პირისკენ გააქანა. _ ერთუჯრედიანებზე დრო არ დაკარგა.

_ არც თქვენ გაგიშვიათ ხელიდან თქვენი შანსი, გოგოებო, _ გავიცინე და ხელი კაცებისკენ გავიშვირე, რომლებიც ლუდის სმით იყვნენ გართულნი.

_ როგორც ჩანს, ყველამ ჯეკპოტი მოვხსენით, _ მეოცნებე სახით დასვა დიაგნოზი ლილიმ.

სინდისის ქენჯნამ შემიპყრო, მათი მოტყუება რომ მიხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ახლა სინანულის დრო არ იყო. მეგი ეიფორიაში იმყოფებოდა, ხოლო თენგომ, ანტონმა და დუდუმ, როგორც ჩანდა, ბიბი თავიანთ კომპანიაში უკვე მიიღეს. არ უნდა დავუშვა, რომ ბიჭებმა მას ზურგი აქციონ. ბოლოს და ბოლოს, მე ვუბიძგე მას ამ ნაბიჯისკენ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად.

რას იფიქრებენ ჩემი დაქალები, სიმართლე რომ შეიტყონ? ან უარესი: მათი ქმრები რას იტყვიან, როცა გაიგებენ, რომ ისინი სატყუარად გამოვიყენე? ბიბის ხომ სერიოზული კონტაქტები სჭირდება მათი სახით. პირველად გამიელვა თავში ამ საშინელი გარიგების შესაძლო ფინალმა და გული შემეკუმშა. ჩემი მეგობრების ქმრებიდან თითოეულს შეეძლო ბიბისთვის ისე გაეფუჭებინა რეპუტაცია, რომ თავი ვეღარ გამოეყო საზოგადოებაში და ვერასდროს სამსახური ვერ ეშოვა. არა, ამაზე არასდროს კრინტს არ დავძრავ, მიუხედავად იმისა, მომინდება თუ არა ოდესმე სიმართლის თქმა. რა მოხდა, წყვილები ერთმანეთს არ დაშორებიან თუ რა? მაინცდამაინც ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისები? ვითომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მორჩა, მარტივი გამოსავალია.

მაგრამ რომელ სიმართლეზე ვლაპარაკობ? აი, ვუყურებ, როგორ იცინის ბიბი და ვხვდები, რომ სიგიჟემდე მიყვარს. სიმართლე მხოლოდ ეს არის.

_ ეი, რა მოხდა? _ მეგიმ იდაყვზე წამავლო ხელი და თავისკენ შემომაბრუნა.

_ შეიძლება რაღაც გკითხოთ? _ შეფიქრიანებულად შევხედე მათ.

_ რაც გინდა, გვკითხე, ჩვენ მზად ვაააართ! _ თითქმის ერთდროულად შესძახა სამივემ.

შეგნებულად მივდიოდი რისკზე. მე ხომ ისეთი რამ უნდა მეკითხა, რაც ჩემს ქვეცნობიერ შიშს ნათელს მოჰფენდა და საკუთარ სისუსტეს გამოააშკარავებდა? ეს სიგიჟე იყო. არადა, რამდენი წელია, მიცნობენ და ჰგონიათ, რომ ჩემნაირი ძლიერი და თავდაჯერებელი ქალი მეორე არ დადის თბილისში. ჰგონიათ, სწორედ ამით მივაღწიე წარმატების მწვერვალს. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით ერთად, ხან ყავას ვსვამდით, ხან კაფეში მივდიოდით აჭარული ან მეგრული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად და თან ვჭორაობდით, გარდა ამისა, დავდიოდით სპექტაკლებზე და ლათინურ ცეკვებსაც ერთად ვსწავლობდით. ყველაზე ხშირად მაინც ჩემთან ვიკრიბებოდით, რათა ჩემი მომზადებული ახალი კერძი დაგვეგემოვნებინა. მათ შორის ყველაზე «გემრიელხელება» დიასახლისი მე ვიყავი. მიუხედავად ამისა, მათთან არასდროს მიხსენებია ის მორცხვი და უგერგილო გოგონა ჩემი წარსულიდან, რომელმაც კარიერა არჩია ოჯახურ სიმყუდროვეს და მამაკაცები გარიყა. მათ არ იცოდნენ, რომ ზუსტად რვა წლის წინ, საყვარელ ადამიანთან ერთმა რამდენიმესაათიანმა შეხვედრამ როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მაიძულა, ახალი იმიჯი შემექმნა, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობდი. თუმცა, ამის მიუხედავად, სულის სიღრმეში ისევ ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი.

_ როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, _ ლილიმ მხარზე ხელი გადამხვია, _ გაინტერესებს, საიდან ჩნდებიან ბავშვები?

ყველამ გაიცინა, მე კი მადლიერი მზერით გადავხედე დაქალს, რომელმაც თავისი ხუმრობით დაძაბულობა მომიხსნა.

_ შეკითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინტერესებს, როდის დაენახვეთ თქვენს შეყვარებულებს ნამდვილი სახით?

_ ნამდვილი სახით? _ სამივემ გაიკვირვა, ვერ ჩაწვდნენ ჩემი შეკითხვის არსს.

_ ანუ, როდის გნახეს პირველად უმაკიაჟოდ, ოჯახურ ატმოსფეროში, ხალათით, გაწეწილი თმით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არა ქალღმერთებივით, როგორც ჩვეულებრივ გამოიყურებით ხოლმე, არამედ უბრალოდ, ბუნებრივად, როგორც ახალგაღვიძებული ქალები.

_ აი, თურმე რას გულისხმობ, _ შუბლი შეკრა კატომ და ხელი თავის მოკლე, მაგრამ საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე გადაისვა. ალბათ ამ ვარცხნილობის გაკეთებას სალონში მინიმუმ, ერთი საათი მაინც მოანდომა.

მოულოდნელად სიჩუმემ დაისადგურა. გოგონები ჩემს შეკითხვას ჩაუფიქრდნენ, მე კი გულში მეცინებოდა, ნუთუ ასე ძნელია ამაზე პასუხის გაცემა?

_ აბა? რას მეტყვით? _ ნიშნის მოგებით ჩავეძიე.

_ მოიცა, გავიხსენო… _ ლილიმ ვარდისფერი პომადით შეღებილ ტუჩზე ამავე ფერის ლაქიანი საჩვენებელი თითის გრძელი ფრჩხილი მიიდო, _ მე მგონი, გაცნობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მნახა ასეთ ფორმაში, ჩემთან, სახლში. მოულოდნელად დამადგა თავს და ვერც ვიფიქრე, ის თუ იქნებოდა, ისე გავუღე კარი.

შემეშინდა. ასეთ მოკლე ხანში ვერაფრით გავბედავდი არათუ ბიბის, ნებისმიერ თაყვანისმცემელს ვჩვენებოდი საშინაო ფორმაში. ბედის ირონიით სწორედ ამდენი დრო გვქონდა, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით.

_ ასე მალე? _ მეგიმ იდეალურად აქნილი წარბები აზიდა, _ მე კიდევ ნიშნობამდე არ ვუნახავვარ ჩემს ბიჭს უმაკიაჟოდ.

_ მართლა? _ გამოცოცხლდა კატო, _ მგონი, ყველას გაჯობეთ! დუდუს ჯერაც არ მოუკრავს თვალი ნატურალური კატოსთვის.

_ ხუმრობ! _ უნისონში გაისმა ჩემი დაქალების შეყვირება, თან ზედმიწევნით შეათვალიერეს იდეალურად «დამაკიაჟებული» მზეთუნახავი, თითქოს პირველად ხედავდნენ ასეთს.

კატომ მხრები აიჩეჩა.

_ ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ქმარიც არასდროს დაკარგავს ინტერესს მის მიმართ. ყოველ დილით მასზე ადრე ვდგები და სანამ გაიღვიძებს, უკვე ფორმაში ვარ. ასე რომ, ეგ პრობლემა მოხსნილი მაქვს დღის წესრიგიდან.

მეგიმ თავი გადააქნია.

_ დუდუ გაღმერთებს. ყველანაირ ფორმაში ეყვარები, ასეთი სიფრთხილე რა საჭიროა, არ მესმის.

_ თუმცა ეს სულაც არ უშლის ქალს ხელს, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს. იდეალურ მდგომარეობაში უნდა მიართვა შენი თავი ქმარს, აბა რა გგონიათ?

_ მაგრამ ღამით? მაკიაჟს არ იშორებ დაწოლის წინ? _ ვერ მოვითმინე.

_ როგორ არა, მაგრამ ოთახში შესვლისას შუქს ვაქრობ, რომ არ დამინახოს.

_ გადამრევს ეს გოგო! _ გაღიზიანდა ლილი, _ დავიჯერო, სინათლის შუქზე სექსი არასდროს გქონიათ?

_ რატომ უნდა გვქონოდა? _ უდარდელად მიუგო კატომ, _ სექსი ინტიმური აქტია და სიბნელე უხდება.

ყველას სიცილი წაგვსკდა.

_ ელენე, შენ ნუ გეშინია, აშკარად ეტყობა, რომ ამ ბიჭს უყვარხარ, ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს.

სულში იმედის თბილი ნაპერწკალი გაკრთა. იქნებ მართლა აქვს გრძნობა ჩემ მიმართ და ტყუილად მღრღნის ეჭვები? წუხელ სრულიად დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები, თანაც მოწმეების გარეშე ვიყავით.

_ როცა შენ გვერდითაა, სახეზე განსაკუთრებული გამომეტყველება უჩნდება, _ შენიშნა მეგიმ და გაიცინა, _ მისი სახე ამბობს: «მე დაჭრილი ვარ და ამას არაფერი ეშველება».

ბიბის სხენებაზე მისკენ მივიხედე. ბიბიმ თვალი შემასწრო და ღიმილით დამიქნია ხელი.

_ დარწმუნდი? ის დაჭრილია, _ დაასკვნა მეგიმ, _ ახლა დამშვიდდი და დამიჯერე, ის შენია და თვალსაც არ დაახამხამებს, სულ რომ ძონძებში ჩაცმული დაგინახოს.

კვლავ დამიბრუნდა თავდაჯერებულობა. შეიძლება წარსულის გახსენება მიშლის ხელს, გავითავისო სინამდვილე? იქნებ უღრუბლო ბედნიერება მელის წინ, თუკი ამ ეჭვებისა და კომპლექსებისგან გავთავისუფლდები?

_ მადლობა, გოგოებო, _ მორცხვად ვთქვი და სამივეს სათითაოდ გადავეხვიე.

მორჩა, გადაწყვეტილება მიღებულია. ვეტყვი ბიბის, რომ თანახმა ვარ მასთან რეალურ ურთიერთობაზე. რაც იქნება, იქნება. ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს.

დაე, ასე იყოს… დაე, იყოს ასე!

ამასობაში მამაკაცებს მივუახლოვდი და ბიბის მხარზე ჩამოვდე ხელი.

_ გავიგე, თავართქილაძესთან მუშაობ სარეკლამო სააგენტოში. ეს მართალია? _ შეეკითხა ამ დროს თენგო ბიბის.

_ ჰო, და ვფიქრობ, კარგი პერსპექტივები მეჩითება სამომავლოდ, _ თავი დაუქნია ბიბიმ და ხელზე ხელი თბილად დამადო.

_ წინადადება მაქვს შენთან. ჩემი ფირმა ჯგუფს ეძებს ახალი სარეკლამო კომპანიისთვის. ადრე არასდროს გვითანამშრომლია მე და შენსს ბოსს, მაგრამ ვიცი, რომ საქმის კაცია. არ გინდა, მოსინჯო შენი შესაძლებლობები? მასთანაც ქულებს დაიწერ.

ბიბი ისე შეიშმუშნა, მივხვდი, სიხარულით აღარ იყო.

_ კარგი იქნებოდა. მადლობა, ძმაო. _ თავშეკავებულად გაისმა მისი პასუხი.

თითქოს პროფესიონალური ღირსებით უპასუხა, მაგრამ თენგომ კი არა, მეც შევნიშნე მის ხმაში მღელვარება, რაც თენგოს სიტყვებმაც დაადასტურა.

_ ყველაფერი რიგზეა, ნუ გეშინია. დაურეკე ხვალ ჩემს მოადგილეს და შეხვედრაზე შეთანხმდით. მე გავაფრთხილებ. მინდა წინასწარ გაითვალისწინო, რომ ახლა ტენდერს ვატარებთ სამი კომპანიისთვის. პასუხს იმ თვეში ველოდებით. ძალიან ცოტა დრო ხომ არ იქნება შენთვის?

_ არ არის პრობლემა, მომწონს კიდევაც მიწურულ ვადებში მუშაობა, _ ნაჩქარევად მიუგო.

_ ძალიანაც კარგი. მოუთმენლად დაველოდები, რას შემომთავაზებ. _ მიუგო თენგომ და ლუდი მოსვა, მერე კი ჩემკენ გამოიხედა, _ ოღონდ არ გეგონოს, რომ ეს შემოთავაზება ელენესთანაა კავშირში. მას ჩემთვის არასდროს არაფერი უთხოვია. მე ერთმანეთში არასდროს ვურევ პირად ცხოვრებასა და ბიზნესს. უბრალოდ, რაღაც ცნობები შევკრიბე… ჩვენ ხომ პირველად არ ვხვდებით ერთმანეთს. პირველ რიგში ის მომწონს, რომ ამერიკაში გაქვს პრაქტიკა გავლილი. _ მან მხრები აიჩეჩა, _ საინტერესოა, როგორ მუშაობ. სულ ეს არის.

ამ დროს თენგოს მეგიმ დაუძახა. მან ბოდიში მოგვიხადა და გაგვეცალა.

ბიბიმ თვალებით გააცილა მიმავალი და შემომხედა. გამიღიმა. მისი ღიმილი რაღაცნაირად ორაზროვანი მეჩვენა.

_ რა იყო? _ შევეკითხე.

_ იცი რა? წეღან თვალს გადევნებდით შენ და «ჩარლის ანგელოზებს». პეპლებივით ირეოდით ოთხივენი, თითოეული თავისებურად ლამაზი ხართ, მაგრამ მაგრამ შენ ვერც ერთი ვერ შეგედრება _ ყველაზე თავშეკავებული, ელეგანტური და მომხიბვლელი ხარ. თან ჩემი ქალი გქვია. ჩემი სურვილი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ პლატონურ ურთიერთობას მაიძულებ, ვერ გამაჩერებ. მე სულ სხვა გეგმები მაქვს. სიმართლე გითხრა, ის ერთი თვე, რომელიც ჩვენ დავთქვით, ჩემთვის ძალიან ნაცნობი ვადაა. ამაზე მეტხანს არც ერთ ქალთან არ გამიგრძელებია რომანი. არც შენ იქნები გამონაკლისი, გულის ხმას თუ არ ავყვები. ერთი თვის შემდეგ, როცა ეს მასკარადი დამთავრდება, შენ ალბათ მოგებული დარჩები, მე კი… მე არ ვიცი. რატომღაც, დამარცხებულის როლში აქედანვე მოვიაზრებ ჩემს თავს. ხომ გაიგონე, რა შემომთავაზა შენი დაქალის საქმრომ? თუ ამოცანას თავი წარმატებით გავართვი და მიზანს მივაღწიე, ვერავინ დამიშლის, შენთან ბუნებრივად გავაგრძელო ურთიერთობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე. ერთი საქმეა, შენთან თვის ბოლომდე თამაშ-თამაშით დავრჩე და ჩემს მიზანს მაინც მივაღწიო, ანუ დროებით ჩემი გაგხადო და მერე ისევ გავიქცე. მეორე _ ვიპოვო ქალი, ვისთან ურთიერთობითაც ჩემი ცხოვრების ერთ ოცნებას მაინც შევასხამ ფრთებს. გულის ჩუმი ხმა მეუბნება, რომ არაფერი გამომივა, მაგრამ საკუთარი ამბიციები მიბიძგებს და ბოლო ხმაზე ჩამყვირის _ ვალდებული ხარ, შენი შანსი გამოიყენოო. _ იგი გაჩუმდა, ღრმად ამოიხვნეშა და სევდაჩამდგარი თვალებით დაამთავრა მონოლოგი, _ ჰოდა, ვეცდები, გამოვიყენო.



ერთი სული მქონდა, როდის მიმიყვანდა სახლამდე. არა და არ დამთავრდა გზა პიკნიკის ადგილიდან ჩემს ბინამდე. იდეა მქონდა. შემოვიპატიჟებდი ბიბის, უცებ გემრიელ ვახშამს მოვამზადებდი, მერე კი… მერე ვაგრძნობინებდი, რომ აზრი შევიცვალე.

გონებაში უკვე დავხატე სურათი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სუნთქვა შემეკრა, როცა კვლავ მომაგონდა მისი კოცნა და ნეტარმა მოგონებებმა ერთიანად გამთანგა. არა, გადადება აღარ შემიძლია. მოხდეს, რაც მოსახდენია, ასე გაგრძელება ჩემს ძალებს აღემატება, მასთან მინდა და ეს ამ საღამოს უნდა მოხდეს…

_ დღეს რაღაც ძალიან ჩუმად ხარ, _ თქვა ბიბიმ, როცა კორპუსისკენ შეუხვია, _ მთელი გზა ხმა არ ამოგიღია.

_ ვფიქრობ, _ მივუგე და გულში გამეცინა, ნეტავ იცოდეს, რაზეც ვფიქრობ. _ იგივე შემიძლია შენზე ვთქვა.

_ ბიზნესის საქმეები თავიდან არ ამომდის. შენთვის ეს უცხო არ უნდა იყოს.

_ ჰო, ნაცნობია. _ ვუპასუხე, არადა, ბოლო დროს ისე ხშირად არ ვფიქრობდი სამსახურზე, როგორც ადრე.

_ არ გინდა, რომ…

_ მე უნდა…

ორივემ ერთდროულად ვთქვით, ამიტომ გაგვეცინა. ბიბიმ ხელი ამიქნია.

_ კარგი, ჯერ შენ დაამთავრე სათქმელი.

_ მინდოდა მეკითხა, ხომ არ შემოხვიდოდი. სადილი მზად მაქვს, ერთი ბოთლი ღვინოც მომეძევება, ცოტათი განვიტვირთოთ.

ღიმილი უცებ ჩაუქრა. პირველად შემომხედა დადარაჯებული მზერით.

_ მადლობა, მაგრამ არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს.

_ გასაგებია. _ ნაძალადევად გავუღიმე, თან ვკიცხავდი ჩემს თავს, ასე რომ ვიჩქარე. რადგან უარი ვუთხარი სერიოზულ ურთიერთობაზე, შედეგმაც არ დააყოვნა _ მან ზედმეტი სერიოზულობით მიიღო ჩემი უარი.

_ იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? _ ჩამქრალი ხმით ვიკითხე.

თითქოს არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, სათქმელი გაწელა.

_ თენგომ დავალება მომცა. მისი კომპანიის რეკლამაზე უნდა ვიმუშაო.

_ ვიცი, იქ არ ვიყავი? კიდევ ერთხელ გილოცავ. მიხარია.

_ რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო ეს საქმე. მომგებიანი სვლა უნდა გავაკეთო, ეს კი დროს მოითხოვს. არადა, სულ ერთი თვე მაქვს.

_ ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგივა. _ გავამხნევე. მისი დოსიე შესწავლილი მქონდა. ბრწყინვალე კარიერა გაუკეთებია ამერიკაში. არსაიდან მოსულმა მთელი ქალაქი, რომ იტყვიან, შტურმით აიღო. საინტერესოა, საქართველოში რისთვის დაბრუნდა? ვერ დარჩა იქ? აქ რა კარიერა უნდა გაიკეთოს? ყველაფერი ჩამყაყებულია. თუმცა, რატომაც არა? მე თუ შევძელი სრულიად მარტოს ამეწყო ჩემი ცხოვრება, ის რატომ ვერ მოახერხებს? ჩემზე მეტი პერსპექტივა აქვს. საკმარისია, ვინმემ მისი სივი წაიკითხოს და მორჩა, წარმატება გარანტირებული აქვს. აი, თუნდაც თენგოს წინადადება. დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალედ გაართმევს თავს და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერს თავის პროფესიულ ანკეტაში, თანაც მსუყე ქულას. საინტერესოა, რადგან თავისას მიაღწია და თენგოს დაუახლოვდა, მოისურვებს ჩემთან თამაშის გაგრძელებას?

არადა, მომწონს მისი სპონტანური ხასიათი. დამაინტრიგებელია. მას შეუძლია ერთ მომენტში მკაცრი და სერიოზული იყოს, მეორე წუთს კი მხიარული და თავბრუდამხვევი. სწორედ ამით მოინადირა ჩემი მეგობრების გული, თან უადვილესად, თითქოს საუკუნეა, მათ იცნობს. ასეთ შედეგს არ ველოდი, ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

_ იმ კვირაში კოქტეილის საღამოს აწყობენ. წამომყვები? _ სევდა გამერია ხმაში.

ყოყმანით დამიქნია თავი, რამაც უფრო გაამყარა ჩემი შიში.

_ იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავიმუშავებ. თუ მოვახერხე პრეზენტაციისთვის კონცეფციის დროზე შემუშავება, წამოვალ. თუ არადა, მომიწევს გამოტოვება. _ ამ სიტყვებით მაჯის საათზე დაიხედა, თითქოს შემახსენა, ძვირფას დროს მართმევო.

ჩანთა იღლიაში ამოვიჩარე და მანქანის კარი გავაღე.

_ გმადლობ, რომ დღეს ჩემ გვერდით იყავი.

_ ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო, _ გამიღიმა.

_ დაგირეკავ მაინც… იქნებ მოიცალო, _ ხვეწნასავით გამომივიდა, რის გამოც საკუთარი თავი შემეზიზღა.

_ ჰო, აბა რა. ქორწილის თარიღი როდის უნდა დანიშნონ?

_ ჯერ არ ვიცი. თენგოს ბაბუა ჩავარდნილა ლოგინად. ამბობენ, დიდხანს ვერ გაატანსო, ამიტომ ალბათ გადადებენ ქორწილს. შენ ხელი ხომ არ შეგეშლება, ეს დრო თუ გაიწელა?

_ არა, რა თქმა უნდა. არ იქნება პრობლემა.

ნაღველი შემომაწვა. სწორედ ასეთ ხასიათზე დავდექი იმ საღამოს, ურთიერთობაზე უარი რომ ვუთხარი. არა, ეს გაცილებით ძლიერი უხასიათობა იყო. მთელი გეგმა ჩამეშალა. თვითონაც როგორ მექცევა? ფაქტია, აღარ ვაინტერესებ. მისი საუბრის ტონიდან გამომდინარე, ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. ამჯერად ჩვენ შორის «სახუმარო დუელი» აღარ გაიმართა, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.

_ აბა, კარგად. _ ისე ვჩქარობდი მანქანიდან გადმოსვლას, კინაღამ გადმოვვარდი.

_ ელ! _ დამიძახა.

მისკენ შევბრუნდი, თან გამწარებული ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი.

_ დიდი მადლობა.

_ რისთვის?

შეღამებული იყო და მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვითონაც მოიწყინა, თუმცა მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი.

_ იმისთვის, რომ გაგებით მოეკიდე ჩემს სიტუაციას.

ოფიციალურად გავიღიმე, ქუსლებზე შევტრიალდი და აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე სადარბაზოსკენ.



ხუთი დღე მოშხამული დავდიოდი. არ ვიცი, საქმეს როგორ ვაკეთებდი, წარამარა ბიბიზე ვფიქრობდი. რატომღაც, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამომიყენეს და მიმატოვეს. იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს, არ შემხმიანებია.

პარასკევს გოგოები ჩემთან გამოვიდნენ. ამან ცოტა გამამხიარულა. მაშინვე დავტრიალდი და სამზარეულო ნაირ-ნაირი სურნელით გავავსე.

_ შენთან ყოფნა ერთი სიამოვნებაა, _ თქვა მეგიმ, _ მიყვარს, რომ ტრიალებ და არ გეზარება.

_ თქვენ გამო უფრო დიდ მსხვერპლსაც გავიღებ, _ გავეხუმრე.

_ მოგიხდა სიყვარული, ძალიან ენაწყლიანი გახდი, გამოცოცხლდი.

_ რატომ არ გამოცოცხლდებოდა, გენაცვალე, ისეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში, _ აჰყვა მეგის კატო და ვაშლი ჩაკბიჩა.

_ შეგშურდეთ ახლა, ხო! _ სიცილი ამიტყდა.

_ არაჩვეულებრივი ბიჭია, რომ მოდის, თვალს ვერ ვაშორებ. თან ლამაზია, თან ძალიან მამაკაცური, _ გააგრძელა ბიბის ქება ლილიმ.

_ რა გჭირთ? _ დანიანი ხელი ჰაერში გავიქნიე, _ გულზე სკდებით, რომ ჩემი კაცი თქვენსას ჯობია თუ რა?

_ ოხ, მთლად მასეც არაა საქმე, _ იწყინა ლილიმ, _ შენმა კაცმა ჯერ მიაღწიოს იმდენს, რამდენსაც ჩვენებმა მიაღწიეს და მერე შეგვეჯიბრე, თუ მაგარი ხარ.

_ მიაღწევს, თან უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე თქვენებმა.

_ ვითომ რატომ? რა უპირატესობა აქვს შენს ბიბის ასეთი? _ მოკბეჩილი ვაშლი ვაზაში ჩადო კატომ.

_ ამერიკაში აქვს პრაქტიკა გავლილი. იცი, როგორი მოთხოვნა იყო ნიუ-იორკში მასზე? გაგიჟდები, მისი დოსიე რომ ნახო.

_ თუ ასეთი მაგარი ბრძანდებოდა, აქ რისთვის ჩამოვიდა? _ არ დაიჯერა მეგიმ.

_ ჩემ გამო. _ ისე სხარტად ვიცრუე, რომ ლამის მეც დავიჯერე.

_ შენ გამო? _ მეგი წინ გადმოიხარა, _ მოიცა, მოიცა… თქვენ რა, იცნობდით ერთმანეთს?

მისმა შეკითხვამ დაბრაწული გოჭივით გამაწითლა. გოგოებს თვალი ავარიდე და ჩავიდუდღუნე:

_ ფეისბუკით ვიცნობდი, მერე სკაიპით გავაგრძელეთ კონტაქტი. მთლად უცნობებიც არ ვიყავით. _ ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი.

_ როგორ არ მწამს ვირტუალურ სივრცეში დაწყებული ურთიერთობის, _ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კატომ, _ ასე ხომ ვერასდროს გაიგებ ადამიანის ნაკლსა და უარყოფით მხარეებს. ყველას შეუძლია, ანგელოზად მოგაჩვენოს თავი.

_ ყველა ვერ მოგაჩვენებს. უნდა იცოდე, ვის როგორ მიუდგე.

_ ოხ! გამომიჩნდა ბრძენთაბრძენი! _ აკისკისდა ლილი, _ თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გაგიმართლა.

_ მე თუ იმას?

_ შენ, შენ. ის კაცია და ნებისმიერს მოჩანგლავს. შენ კიდევ ამდენი წელია, ერთი ვერ დაითრიე.

_ გეყოფათ ახლა. მთლად სასოწარკვეთილ დიასახლისებს ნუ დაემსგავსებით, _ მათი შეჩერება ვცადე. არ მსიამოვნებდა, წარამარა ბიბის რომ მიხსენებდნენ, ისედაც გახეთქვაზე მქონდა გული.

სამივეს გაეცინა. სწორედ ამ დროს მობილურზე ნანატრი ზარი გაისმა. ის იყო. დანა მაგიდაზე მივაგდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და საძინებელში გავვარდი. დაქალების სიცილმა და შეძახილებმა გამომაცილა სამზარეულოდან.

_ ნახე, რა მელოდია დაუყენებია თავისი კაცისთვის, _ კისკისებდა მეგი.

_ მიდი, მიდი, უპასუხე, არ გაგითიშოს! _ მომძახოდა ლილი.

მათი თავი არ მქონდა. კამოდზე დადებულ ტელეფონს ვეცი და მწვანე ღილაკს აცახცახებული თითი დავაჭირე.

_ ხომ არ მოიწყინა ჩემმა პარტნიორმა? _ დაღლილი მომეჩვენა მისი ხმა.

_ როგორ ხარ? _ სულმოუთქმელად ვკითხე.

_ არა მიშავს. ვმუშაობ და ვარ, დღე და ღამეს ვასწორებ მუშაობაში.

_ და როგორ მიდის საქმე?

_ გცალია, ცოტა ხანს რომ გელაპარაკო?

_ რა თქმა უნდა.

_ ჩემს უფროსს ვუთხარი თენგოს კომპანიის შესახებ და გაგიჟდა, ისე გაუხარდა. მათთან კონტრაქტი თუ გამოგვივიდა, სახელს უფრო გავითქვამთო. ახლა ერთი სული აქვს, საბოლოო ვარიანტს როდის შევუტან. არავინ ელოდა, ამდენი თუ შემეძლო. არადა, ფუტკარივით მუშა ვარ, მაგის დედა ვატირე. ამათ რა იციან, მე რა შემიძლია. ეკონომისტის დიპლომი ისე კი არ მიმიღია, ჰაერში. შემაქო დირექტორმა, მაგარი საქმეაო. თუ ეს კონტრაქტი გამოგივა, ფასდაუდებელი თანამშრომელი გახდებიო. მერე ყველა გააფრთხილა, ბიბის უნდა დაეხმაროთო. არ იცი, როგორ გაუტყდათ. ერთი გადამეკიდა, როგორ დაითანხმე «ტენგოლკომპანია» თანამშრომლობაზეო. ერთი წელია, დავდევ და არაფერი გამომივიდაო. მე ვუთხარი, ჩვეულებრივად, შევხვდი და ველაპარაკე-მეთქი. არადა, ყველაფერი შენი დამსახურებაა, ელი. შენ რომ არა, რა გამომივიდოდა? მე კი რითი გადაგიხადე? სულ დაგივიწყე. მთელი ძალით ამ პროექტში გადავეშვი. რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. მინდა, კარგი გამომივიდეს. უნდა გავიმარჯვო. არადა, მენატრები, ოღონდ მართლა. როდისაა კოქტეილის საღამო?

_ ზეგ.

_ ჰოდა, მოვდივარ, მთლად ეგეთი უსინდისოც კი არ ვარ. გასაგებია?

გული შემიფრთხიალდა ამის გაგონებაზე. სიხარულით ფეხზე ძლივს ვიდექი.

_ კარგია, თუ გცალია. მაშინ დაგირეკავ ზეგ დილით და შევთანხმდეთ, სად და რომელ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.

_ შენს ზარს მოუთმენლად დაველოდები.

ტელეფონი გავთიშე და მუხლმოკვეთილი საწოლზე ჩამოვჯექი. როგორც ჩანს, არ დავვიწყებივარ. ესე იგი, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, გოგოებს მივაშურე…



_ მეგონა, ძალიან დაკავებული იყავი და ჩემთვის ვეღარ მოიცლიდი, _ ვუთხარი ბიბის, როცა ლანჩმა ჩაიარა და დერეფანში გავედით.

ბიბიმ კოქტეილის ჭიქა მომაწოდა.

_ ერკვევი კოქტეილებში?

_ ისე რა, _ დარცხვენილმა გავუღიმე.

_ მე კიდევ ყველანაირი მაქვს გასინჯული. ამერიკა მაინც ამერიკაა.

დიდი ყლუპი მოვსვი და ყურადღებით შევათვალიერე «ჩემი კაცი». საოცარი თვალები ჰქონდა, სწორედ ისეთი ფერის, როგორიც მე მიყვარდა. ჩემსას კი არ ჰგავს, ყველაზე გავრცელებული, თაფლისფერი თვალები რომ მაქვს.

_ ხშირად გეცვლება თვალის ფერი? _ მკითხა სრულიად მოულოდნელად.

გაკვირვებულმა ავხედე.

_ მეცვლება?

_ ჰო, ახლა ყავისფერი გაგიხდა, არადა, მგონი, ჩალისფერი უნდა გქონდეს.

სიცილი წამსკდა.

_ თვალებზე ჩალისფერს არ იტყვიან. ეგ თმაზე ითქმის.

_ კარგი, ჰო, მაშინ თაფლისფერი იყოს. ქართველებს ასე უფრო მოგწონთ. აი, ამერიკაში კი…

_ ეს ამერიკა არაა.

_ ვიცი, ვიცი, _ განაწყენებული ტონით შემაწყვეტინა, თითქოს გაუტყდა, შენიშვნა რომ მივეცი.

_ ესე იგი, დღეს იმიტომ გამომყევი, რომ სამუშაოს დროებით მოწყვეტოდი? _ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა ნაწყენი არ დამრჩენოდა.

_ ჰო, ასეა.

გამეღიმა. როგორი ტყუილიც უნდა ეთქვა, ზუსტად ვხვდებოდი, რომ ჩემ გამო მოვიდა და სამუშაო არაფერ შუაში იყო. იმიტომ, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ჩემ გვერდით ყოფნა, ჩემთან საუბარი.

_ აი, მაგალითად, ამ პლაკატს რა სათაურს მოუძებნიდი? _ მან მობილურის ეკრანი მომიშვირა, რომელზეც წყვილი ბოტასი მოჩანდა.

_ რა ვიცი, აბა? მაგალითად, «სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა».

გულიანად გაეცინა.

_ ეგ წარწერა ბოშების ბაზრობას უფრო მოუხდებოდა. მე კიდევ ასეთი რამ მოვიფიქრე: «ბოტასები კუნთების გასავარჯიშებლად _ დამითმეთ გზა!»

_ მაგარია! სუფთა ამერიკული ვარიანტია! _ აღტაცება ვერ დავმალე, მისკენ გადავიწიე და მხრით შევეხე.

ჟრუანტელმა დამიარა. როგორი სასიამოვნო იყო ეს შეხება.

მოულოდნელად იდაყვში მტაცა ხელი, მჭიდროდ მიმიკრა და მკითხა:

_ რა გემართება დღეს?

გავწითლდი და თვალი ავარიდე.

_ არ ვიცი, რაზე მელაპარაკები.

ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და თავი ამიწია, რომ ჩემი თვალები დაენახა, თან ხმადაბლა წარმოთქვა.

_ მე მგონი, იცი.

თვალები დავახამხამე, რომ შეცბუნება დამემალა.

_ დღეს სხვა ელენე ხარ: უფრო ცოცხალი, უფრო მხიარული, მოტიტინე, უფრო გულღია… _ ჩემი ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე მაკოცა, _ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შენ შემეხე და არა მე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირებას არასდროს ცდილობ. კითხვას გაგიმეორებ: დღეს რა გემართება? არ გეგონოს, წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან საინტერესოა. ნუთუ მართალია, როცა ამბობენ, განშორება გრძნობებს ამძაფრებსო?

_ დამცინი, არა? _ წავიჩურჩულე, _ თუ ამის გაგება გინდა, აი, პასუხიც: ჩვენი განშორება ზუსტად შვიდი დღე, ხუთი საათი და ჩვიდმეტი წუთი გაგრძელდა. მგონი, საკმარისი დროა, რომ მოიწყინო.

გაბრწყინებული თვალებით შევცქეროდი, ის კი გაოგნებული მომჩერებოდა, არ ელოდა ჩემგან ასეთ გულახდილობას.

_ ვერ ვიჯერებ… მეღადავები?

წამწამები დავახამხამე და სათნო ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, თითქოს ჩემზე უბიწო მეორე არ დადიოდა ამქვეყნად.

_ ნუთუ მოქმედებს? _ კეკლუცად გადავხარე თავი მარჯვნივ.

_ მერედა, როგორ!

და სანამ იმაზე დავფიქრდებოდი, რამდენად სწორად მოვიქეცი, უეცრად მომეჭრა, კედელს ამაკრა და ტუჩებზე დამაკვდა. შემაკანკალა. თურმე როგორ მომნატრებია. როგორი მოწყენილი ვყოფილვარ მისი სიცილის, სითბოს, ხიბლის გარეშე… კვნესა აღმომხდა. მხრებში ძლიერად წამავლო ხელი და უფრო ბნელ ადგილას გადამიყვანა. თავი ვეღარ შევიკავე და მეც მოვხვიე ხელები. ამ სიგიჟის შეჩერება ჩემს ძალებს აღემატებოდა. დაუფიქრებლად გადავეშვი თავდავიწყებაში. არ მაინტერესებდა, დაგვინახავდა თუ არა ვინმე სტუმართაგანი, გაიცინებდნენ თუ გაიკვირვებდნენ. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა ჩვენ გარდა. ისე ვკოცნიდით ერთმანეთს, თითქოს გვეშინოდა, რომ ხვალინდელი დღე აღარ გათენდებოდა და მეტად ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთს…

არადა, ხვალინდელი დღე გარდაუვალია, შემდეგ დადგება ზეგინდელი, შემდეგ კიდევ ერთი… და ყველა ეს დღე მან სამუშაოს უნდა დაუთმოს, უჩემოდ, მარტო.

არა, უნდა შევჩერდე, თორემ ბიბის მალე ცივი შხაპიც ვერ უშველის.

_ აშკარაა, კოცნაობა ჩვევად გვექცა, როგორც დილაობით ყავის დალევა ან სიგარეტის მოწევა. _ ვთქვი და დარცხვენილმა ჩავახველე.

_ ვიღაც-ვიღაცებს ამაზე უარს ვერ ეტყვი, გვარს არ დავასახელებ და… _ გაიხუმრა ბიბიმ და აცახცახებული ხელი თმაზე გადამისვა, _ შენ ჩემთვის სწორედ ასეთ ჩვევად იქეცი.

სიამოვნების ღიმილმა გამინათა სახე.

_ მაგრამ, _ გააგრძელა და სახე მოეღუშა, _ დიდი ხანია, საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება ვისწავლე. კარგ და ცუდ ჩვევებს ადვილად ვიშორებ თავიდან.

გული შემეკუმშა.

_ გინდა მითხრა, რომ შენზე ცუდ ზეგავლენას ვახდენ?

_ უბრალოდ, საშუალებას არ მაძლევ, სამუშაოზე კონცენტრაცია მოვახდინო. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემთვის ახლა მთავარი სამუშაოა?

_ ეს არის ერთადერთი მიზეზი? _ მინდოდა, ზედმიწევნით ზუსტად გამომეცნო, მართლა ასე ფიქრობდა თუ არა, _ როცა თავი ლოგიკურად აზროვნებს, ეს, _ თითი ტუჩებზე გადავუსვი, _ მორჩილების სურვილს კარგავს.

ჩემი თითის შეხებაზე თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა.

_ ასეთი გარდაქმნა ჯერ არ მინახავს, _ ხმადაბლა მითხრა, _ როგორი მაცდური გახდი უცებ? იცი რა? მე ახლა ძველი ელე მჭირდება, მშვიდი და მორიდებული. ამიტომ შემპირდი, რომ კოცნა მეტჯერ აღარ იქნება.

_ ინანებ, იცოდე! _ უკანასკნელად ვესროლე მზერა მის ტუჩებს, გავტრიალდი და წავედი, ის კი თავის თავთან მარტო დავტოვე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაეწყევლა ის დღე, როცა იგი ამ სულელურ სასიყვარულო თამაშში ჩავაბი…



ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უკან გამომყვებოდა. ასეთი იყო ამ ადამიანის ხასიათი _ ის ყოველთვის იღებდა გამოწვევებს. როგორ დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ვერავინ განსაზღვრავდა. ფინალი ამოუცნობი ჩანდა. ყველაფერი კარგად იყო, როცა მის მკლავებში მოვექცეოდი, რადგან განსჯის უნარს ვკარგავდი, მაგრამ სხვა საქმეა ინტრიგების ხლართვა, რომლის ნიჭიც მე არ გამაჩნია. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფლირტაობის იმიტაცია და გამომწვევი მზერების სროლა. ამ მხრივ მამაცი სულაც არ ვიყავი.

არა, დღევანდელი საღამო გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს. მინდოდა იმის დემონსტრირება მომეხდინა, რომ ჩემი გადაწყვეტილება შევცვალე და მზად ვიყავი, მთავარი პირობა _ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა _ დამერღვია.

რა მითხრა წინა კვირას მანქანაში? რაღაც ამდაგვარი: «პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება, ახლა ამის უფლებას თავს ვერ მივცემ». სისულელეა! მე არათუ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება, არამედ საბოლოოდ დავკარგე თავი. ტყუილად კი არ ჩავიცვი დღეს ასე გამომწვევად. ცხოვრებაში არ მცმია ასეთი ღრმა დეკოლტე და ალბათ არც მომავალში ჩავიცვამ. ეს მხოლოდ დღევანდელი საღამოსთვის იყო განკუთვნილი, მხოლოდ იმისთვის, რომ მინდოდა, ჩემში სხვა ქალი დაენახა…

უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა… რადგან აქამდე ვერაფერს მიხვდა, ვერც მერე მიხვდება. აი, როგორც კი მომიახლოვდება, მაშინვე ვეტყვი.

_ ელ, მოიცა! _ იდაყვში ხელი მტაცა და ისე გამაჟრჟოლა, თითქოს შიშველ ელექტროდენზე მომიხვდა ხელი. _ იცი, რა? შენ ძლიერი ხარ, მაგრამ არაფერი არ გამოვა…

როგორც კი მითხრა, არაფერი გამოვაო, იმწამსვე გაქვავებულივით შევჩერდი და ვიგრძენი, როგორ საპნის ბუშტებივით სკდებოდა ჰაერში ჩემი გადაწყვეტილება, ჩუმად, უხმაუროდ.

ახლა რაღაც უნდა მეთქვა:

_ კიდევ ერთ ჭიქას დავლევდი…

_ შენ ბრწყინვალე ხარ. _ მითხრა და აღტაცებული მზერა მიმოატარა ჩემს ნახევრად შიშველ მკერდზე.

ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელი არ ამეფარებინა მიუჩვევლად ღრმა დეკოლტეზე.

_ განუმეორებლად ლამაზი ხარ, მაგრამ მე ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია.

შემეძლო ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ან ხუმრობაში გამეტარებინა მისი ნათქვამი, მაგრამ ხუმრობის დრო არ იყო. ყველაფერმა ზედმეტად სერიოზული სახე მიიღო. ბიბი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

_ რატომ?

ტუჩები მოკუმა და გამომცდელად შემომაჩერდა, თითქოს ითხოვდა, რომ მივმხვდარიყავი.

_ იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი უნდა მივიღო. ყველა შემთხვევაში უნდა დავითრიო, სხვანაირად არაფერს აზრი არ ექნება.

განახიბლულმა ბოროტად ჩავიცინე.

_ ადამიანთა უმრავლესობა უთავსებს ერთმანეთს პირად ცხოვრებასა და სამსახურს, პლანეტის მცხოვრებთა უმრავლესობაც კი, თუ გინდა.

_ მაპატიე, მაგრამ მე დაჟინებით მივიწევ ჩემი მიზნისკენ და არ მინდა, სხვა რამეზე გადავერთო. _ ბიბიმ თავი გადააქნია და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

_ ალბათ ნერვიულობით უნდა ავთრთოლდე, რომ შენს შეცდენას ვცდილობ, არა? _ ჩემმა დაუფარავმა სარკაზმმა სწრაფი რეაქცია გამოიწვია.

_ შენ მთელი ბუდისტური მონასტრის შეცდენა შეგიძლია, რომელიც მედიტაციის პროცესში მყოფი ბერებითაა სავსე. _ შემპარავი ირონიით მომიგო.

ჩვენმა ფარულმა «შეჯიბრმა» სასაცილო ხასიათი მიიღო, მაგრამ არ გამცინებია. უკვე ძალიან შორს მქონდა შეტოპილი და მანამ უნდა გამომეყენებინა ჩემი შანსი, სანამ ამ ვულგარულ წითელ კაბას კვლავ გარდერობში შევკიდებდი და ისევ ძველ, მოკრძალებულ ელენედ გადავიქცეოდი. არ ვიცი, რამ წამომიარა, სიგიჟის წამებმა თუ ჩემში მიმალულმა ავხორცულმა სურვილებმა, მისი თითები ჩავბღუჯე და სასოწარკვეთილი ხმით ამოვთქვი:

_ შენ მე მკოცნიდი და ამბობდი, რომ გსიამოვნებდა. ახლა კი გინდა, უკან დაიხიო? რატომ?

_ არ უნდა მეკოცნა შენთვის, ეს შეცდომა იყო, ვაღიარებ.

_ დიდი მადლობა აღიარებისთვის. _ განაწყენებულს ღაწვები შემიხურდა.

_ მე სხვა რამ ვიგულისხმე. შენ ვერ გამიგე. _ ხელისგული ლოყაზე ჩამომისვა.

გული ლამის გამიჩერდა და დანებების ნიშნად თვალები დავხუჭე.

_ ჩემი შეცდომა ისაა, რომ მინდა სულ გკოცნო და გკოცნო და არასდროს გავჩერდე. _ ხელისგული მომაშორა და თვალებში ჩამხედა. _ მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა გკოცნი, ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება _ ეს კი ჩემთვის ახლა აკრძალული სიამოვნებაა, ფუფუნება, რომელიც ამწუთას არ მჭირდება.

სწორედ ამ მომენტში თენგო კირვალიძე ავიდა სცენისმაგვარ შემაღლებულ ადგილზე და გვერდით თავისი სპორტული მაღაზიის მაისურებითა და ბოტასებით შემოსილი ოთხი გოგო დაიყენა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მეგის საქმროს გათვლამ _ კოქტეილის საღამოზე თავისი საქონლის რეკლამა გაეკეთებინა, მაგრამ ბიბის მაშინვე გაექცა თვალი იქითკენ, ცოცხლად ადევნებდა თვალს მომავალი პარტნიორის სარეკლამო ტრიუკს.

ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა.

_ შენთვის უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ამ სარეკლამო კამპანიის გარდა, არა?

ბიბიმ უხასიათოდ მოაცილა მზერა სცენას და შემომხედა. სანამ რამეს მეტყოდა, უკვე ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა.

_ მე ეს უნდა გავაკეთო, ელო.

_ და ჩვენი ურთიერთობა?

_ გაგრძელდება ისე, როგორც თავიდან მოვილაპარაკეთ. _ თქვა და სინანულით სავსე ხვნეშა ამოაყოლა სიტყვებს.

იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მზად ვიყავი, მეტირა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ვერავის დავადანაშულებდი ამაში _ მე თვითონ წამოვაყენე სულელური პირობები და დაჟინებით მოვითხოვდი მის მკაცრად შესრულებას.

_ ბიზნესი უპირველეს ყოვლისა. _ ჩავასარკაზმე და გავტრიალდი.

ვიცოდი, რომ ამჯერად ბიბი უკან არ გამომყვებოდა…



მომდევნო დღეები გამალებულმა ვიმუშავე. ვიღლებოდი, მაგრამ თავს არ ვიზოგავდი. მინდოდა, ბოლომდე დავხარჯულიყავი, რომ მომხდარზე არ მეფიქრა. ოღონდ კი ბიბი გონებიდან ამომეგდო და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სულის ამოხდამდე შემეძლო მემუშავა. არც გოგოებს ვეკონტაქტებოდი. ვიცოდი, შეკითხვებით თავს მომაბეზრებდნენ. იმ საღამოსვე, რომ დავემშვიდობე, სამივე გავაფრთხილე, ერთი კვირა არც დამირეკოთ და არც გამოჩნდეთ ჩემს სიახლოვეს, პროექტი მაქვს მოსამზადებელი და თქვენთვის არ მეცლება-მეთქი. მათ იცოდნენ ჩემი შრომისმოყვარეობის ამბავი და მართლაც არც ერთს არ შევუწუხებივარ.

საღამო ხანი იყო. როგორც კი ოფისიდან დავბრუნდი, ეგრევე სამზარეულოს მივაშურე. უკვე მეოთხე დღე იყო, შინ დაბრუნებული გაუჩერებლად ვტრიალებდი სამზარეულოში და ნაირ-ნაირებს ვაცხობდი და ვამზადებდი, რომ არც სახლში მქონოდა ფიქრის საშუალება. ვცდილობდი, გამენელებინა სულის ტკივილი და იმედგაცრუება. საუკეთესო საშუალება იყო «ბოლის გამოსაშვებად»: ბიბის ნაცვლად ცომს ვურტყამდი მუშტებს, ვაგუნდავებდი და ამაში ვპოვებდი შვებას. ვჭრიდი ხორცს, ბოსტნეულს და ქვეცნობიერად ერთადერთ ადამიანს ვსერავდი ამ დანით. სამზარეულო მშვენიერი მაპროვოცირებელი საშუალება გამოდგა ჩემი სასოწარკვეთის დასაცხრომად. მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, არაფერი გამომდიოდა. ჩემს გაცოფებას ამჯერად კულინარიამაც ვერ უშველა. საკმარისია. მეყო ამდენი დამცირება! ბოლოს და ბოლოს, მის გარეშეც ვცხოვრობდი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. თუმცა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე ადვილად ვერ გავთავისუფლდებოდი იმ «ნარკოდამოკიდებულებისგან», რომელსაც ბიბის სახელი ერქვა. მართალია, შანსი ნაკლები მქონდა, მაგრამ უნდა მეცადა.

ბიბი, ჩემდა გასაოცრად, ცვალებადი ხასიათის გამოდგა. რაღაც პერიოდში ვნებაალებული უცებ ცივი და გულგრილი ხდებოდა. მარტივით ეცვლებოდა განწყობა: ჯერ გახელებული მკოცნიდა, მერე კი გრილდებოდა. შემდეგ კვლავ წამოუვლიდა ვნების აზვირთებული ტალღა და მოასკდებოდა თუ არა ჩემს სხეულს, კვლავ უკან იხევდა დაშოშმინებული და ჩაწყნარებული. ეს რომ ერთჯერადად მომხდარიყო, გავიგებდი, რომ მისთვის სამსახურზე უმთავრესი არაფერი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ ასე მეორდებოდა, ეს მაგიჟებდა. რამდენჯერმე აღნიშნა, შენთან სხვა ურთიერთობა მინდაო, მაგრამ შემდეგ მიზანმიმართულად იხევდა უკან. რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

ამასობაში თენგოს ბაბუა გარდაიცვალა და ქორწილი კარგა ხნით გადაიდო. სანამ ორმოცი არ ჩამთავრდებოდა, გრანდიოზულ სუფრას ვერ გაშლიდნენ, როგორც ეს თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს კი ნიშნავდა, რომ აპრილის ბოლომდე მომიწევდა ბიბისთან ერთად დაქალებში გამოჩენა, რაც ნერვებს მიწეწავდა. აშკარად შეინიშებოდა, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა. ცოტა არ იყოს, მიკვირდა მისი ასეთი უეცარი ცვლილება. ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ახალი პროექტი არაფერ შუაში იყო, აქ სულ სხვა რამ იმალებოდა. ამას ქალური ალღო მკარნახობდა. ქალაქში ჩემი პროფესიის საუკეთესო კონსულტანტად ვითვლებოდი, ხშირი შეხება მქონდა სხვადასხვა წრის ადამიანთან და მათი ადვილად «წაკითხვა» შემეძლო. აშკარა იყო, ბიბი რაღაცას მიმალავდა. ტეტეს დაბადების დღიდან მოყოლებული თავქარიან ბიჭად მივიჩნევდი. თურმე ასეთადვე დარჩენილა, ამიტომაც ჩაიქნია ჩემზე ხელი, როგორც კი თენგოსგან სარფიანი წინადადება მიიღო. არადა, ვერ გამეგო, ასე ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობები საიდან აღმოცენდებოდა. თან უნდოდა ჩემ გვერდით ყოფნა, მომფერებოდა, ჩამხუტებოდა, ეკოცნა, მაგრამ მეორე წუთს ისე გაგრილდებოდა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი მის ცხოვრებაში. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა შუაზე ხლეჩდა.

რატომ? ეს არ ვიცოდი და აუცილებლად უნდა მეკითხა მისთვის. საბაბი მქონდა, რომ დამერეკა: მაგიდაზე მედო ქაღალდები, რომელიც მეგიმ გადმომცა. ის თენგოს გამოეგზავნა ბიბისთვის გადასაცემად, რადგან მისი ფირმის სარეკლამო კამპანიას ეხებოდა. მინდოდა, მეგისთვის არ გამომერთმია, მაგრამ მიზეზი ვერ მოვიფიქრე _ მათთვის ხომ ჩვენ შეყვარებული წყვილი ვიყავით და უარი რომ მეთქვა, სათანადო ახსნა-განმარტებაც უნდა მომეყოლებინა. რამდენჯერაც მოვიმარჯვე მობილური, რომ დამერეკა, იმდენჯერ გადავიფიქრე. დარეკვა ვერ გადამეწყვიტა. რაც უფრო ვწელავდი დოკუმენტების გადაცემის დროს, მით უფრო რთულდებოდა ჩემი ამოცანა.

როგორც იქნა, დავატანე თავს ძალა, სოუსით სავსე ქვაბი დავდგი და ტელეფონი ავიღე. ავკრიბე ნომერი. გავიდა ერთი ზარი, მეორე, მესამე…

_ ალო?

_ ბიბი, მე ვარ.

_ გამარჯობა, ელ. როგორ ხარ?

მომეჩვენა, თითქოს გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. ეს კარგის ნიშანი იყო. სანამ ნებისყოფა მიღალატებდა, სწრაფად წარმოვთქვი:

_ გადასარევად, დიდი მადლობა. მხოლოდ იმისთვის დაგირეკე, რომ რაღაც საბუთები გადმომეცა შენთვის. თენგომ გამოგიგზავნა მეგის ხელით.

ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ლამის ამომივარდა გული საგულიდან, სანამ პასუხს გავიგონებდი.

_ გაიხარე. ცოტა მოგვიანებით წავიღებ, კარგი? ახლა იმდენი საქმე მაქვს, გამოსასვლელად არ მცალია.

_ მეც ძალიან დაკავებული ვარ, თორემ გამოგიტანდი.

_ ერთი გამოსვლა მაინც მომიწევს, როცა მომშივდება. თუ შინ იქნები, შემოგივლი. პირობას გაძლევ, არ გაგაცდენ. საბუთებს ავიღებ და წამოვალ.

სამზარეულოსკენ გავაპარე თვალი. ჩემი არომატული სოუსი გამზადებული იყო. იმდენი გამომივიდა, მთელ პოლკს დაანაყრებდა. ხომ არ მეთქვა, ქვეყნის საჭმელი მაქვს და ერთად ვივახშმოთ-მეთქი? არ ეწყინება, ამდენ რამეს რომ დაინახავს და არ დავპატიჟებ? მაგრამ ვაითუ, ზედმეტად ინტიმური ეჩვენოს ვახშამი ორისთვის. ხომ გამაფრთხილა, დისტანცია შევინარჩუნოთო.

_ თუ შენთვის არ არის მოსახერხებელი, მაშინ…

_ არა, რას ამბობ, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, კარგი სადილი მაქვს მომზადებული. თუ დროის დაკარგვა არ გინდა სადმე სავახშმოდ, ბარემ ჩემთან გვევახშმა. _ პასუხის მოლოდინში ლამის ტუჩები მოვიკვნიტე.

_ მართლა? _ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მიპასუხა. _ შიმშილით სული მძვრება. დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია, ვერ მოვახერხე. მაცდური წინადადებაა, უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, თან შენი გემრიელობების ამბავი რომ ვიცი… კარგი, მაშინ ერთ საათში გამოვალ. რამე წამოვიღო?

«მხოლოდ შენი თავი», _ გავიფიქრე.

_ კარგი მადა გამოიყოლე, სხვა არაფერი, _ გავეხუმრე, _ საჭმელი იმდენი მაქვს, მთელ არმიას ეყოფა.

_ თუ ასეა, კარგ მადას გპირდები.

კიდევ კარგი, ჩემი კულინარიული ნიჭი მაინც იზიდავს, რადგან ჩემი სხეულით ვერაფრით შევძელი მისი შეცდენა. როცა ტელეფონი გავთიშე, ვიგრძენი, როგორ მიხურდა ლოყები. მომეჩვენა, რომ ბიბის ხმაში მგრძნობიარე ნოტები გაისმა.



_ მობრძანდი. _ კარი პირთამდე გამოვაღე და განზე გავდექი.

წამით ზღურბლზევე გახევდა, თითქოს პირველად მხედავდა. კარგა ხანს მათვალიერებედა, წამით არ მოუშორებია მზერა.

_ რა იყო, სახე ხომ არ მაქვს მოსვრილი სოუსით? _ შეცბუნებულმა ხელი ჩამოვისვი ლოყასა და ცხვირზე.

_ არა, რა მოსვრილი… გასაგიჟებლად გამოიყურები. ისე ვარ ჩაფლული სამუშაოში, რომ თავის ასაწევად არ მცალია. ტელეფონმა რომ დარეკა, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, ნეტავ ვის გავახსენდი-მეთქი, მაგრამ შენი ხმა რომ გავიგონე, მზად ვიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა და გამოვქცეულიყავი. სულ ვარწმუნებ ჩემს თავს, რომ რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია, მეგობრებად მაინც დავრჩეთ. არადა, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიგზნები შენს დანახვაზე, შენს ხმაზე. ყველაფერი აღმაგზნებს შენი _ გარეგნობა, ინტელექტი… ცხოვრებაში პირველად _ შენი ემოციებიც. საშიშროებაც მოდის შენგან და ამავდროულად, გამოწვევაც. ასე მგონია, ირაციონალური შიშით ხარ შეპყრობილი და ხელს გიშლის, შემიყვარო. სიმართლე გითხრა, უკან დახევა არ მჩვევია, ყოველთვის წინ მივიწევ და ბოლოს აუცილებლად გამარჯვებული გამოვდივარ. შენ შემთხვევაში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ასე მგონია, შენს მოთხოვნებს ბრმად უნდა დავმორჩილდე, სხვანაირად თენგოსთან საქმეს გამიფუჭებ. არ ვიცი, რას ვლაპარაკობ, მივედებ-მოვედები რაღაცას, მაგრამ შენი შემხედვარე როგორ შეიძლება კაცი სრულ ჭკუაზე დადგეს? მაპატიე, მეტს აღარაფერს ვიტყვი. _ თვალი ამარიდა ენად გაკრეფილმა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა მონოლოგისთვის.

_ მეჩვენება, თუ თვალები აგიცრემლდა? _ გაოგნებული დავაკვირდი.

_ არა, უბრალოდ, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის ბრალია. ასე მემართება.

_ არა უშავს, მეც მემართება ეგრე ხანდახან.

_ აუ, რა სურნელი ტრიალეეებს. ფეხზე ძლივს ვდგავარ, ისე მშია.

მე კი იმდენად აფორიაქებული ვიყავი მისი «აღიარებითი ჩვენებით», საით წავსულიყავი და რა გამეკეთებინა, ვერ მოვისაზრე.

_ ახლავე გავშლი სუფრას, შენ დაჯექი და დამელოდე, _ ალერსიანად ვუთხარი და სამზარეულოში შევიკეტე, რომ ცოტა სული მომეთქვა.

რამდენჯერაც სამზარეულოდან ოთახში გამოვედი თეფშებით ხელში, იმდენჯერ გამომცდელი თუ კმაყოფილი მზერა გამომაყოლა, თან ღიმილი არ შორდებოდა.

_ რატომ მიყურებ ასე? _ ვეღრ მოვითმინე ბოლოს.

_ მომწონს ეს ოჯახური ატმოსფერო. ჩემს სახლში ყველაფერი სხვანაირად იყო. დედას და მამას შინ ხომ ვერასდროს ნახავდი, სულ დაკავებულები იყვნენ, სულ მუშაობდნენ. იშვიათად თუ მოამზადებდა სახლში დედაჩემი სადილს. საღამოობით ისე იყვნენ დაღლილები, არც კი დაელაპარაკებოდნენ ზოგჯერ ერთმანეთს. გეგონებოდა, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ იტანსო. მე კი სულ ვფიქრობდი, რომ მათ შემხედვარეს სხვანაირად მომეწყო ჩემი ცხოვრება. მეშოვა იმდენი ფული, რომ ცოლი ძალიან არ დამეტვირთა და თბილი, მოსიყვარულე ოჯახი შემენარჩუნებინა. შინ დაბრუნებულს სუფრა ნაირ-ნაირი კერძით ავსებული დამხვედროდა.

მივხვდი, რომ ბიბის მოსიყვარულე ოჯახი არასდროს ჰყოლია და თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი. ჰოდა, თუ უნდა, რომ ასეთი ცოლი ჰყავდეს, აგერ არ ვარ? დამაფასოს, ბატონო!

_ ხომ არ დაგეხმარო? _ ეგრევე შეცვალა საუბრის თემა, როგორც კი ჩემს თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი შენიშნა.

_ არა, ყველაფერი მზად მაქვს. ღვინო გინდა?

ამ კითხვაზე ისეთი თვალებით შემომხედა, მაშინვე მივხვდი, რაც გაიფიქრა _ ღვინო კი არა, შენ მინდიხარო.

_ არა, დალევით ვრ დავლევ, ფხიზელი გონებით უნდა ვიმუშაო. სულ ცოტა დამრჩა და პრეზენტაციას დავამთავრებ.

გაოცებულმა შევხედე, სანამ შემწვარი ხორცით სავსე სინს სუფრაზე შემოვდგამდი.

_ შენ რა, დღე და ღამეს ასწორებდი? ასე უცებ როგორ გახვედი ფინიშამდე?

ბიბიმ თეფშები მისწი-მოსწია, რომ სინი თავისუფლად ჩამედგა შუაში.

_ მანიაკივით შეუპოვრად ვმუშაობ. რა ვქნა, დროში უნდა ჩავეტიო. ვადები ძალიან მჭიდროა.

ვახშამი კი არა, სადილი გამოგვივიდა. ლაპარაკით დიდად არ შეგვიწუხებია თავი. ამას ბიბის დაღლილობას ვაბრალებდი, არაფრის თავი არ ჰქონდა.

_ ყველაფერი უგმრიელესი იყო, მაგრამ შენთან საუბარი არ მეყო, არც შენი ხუმრობები, არც თბილი ღიმილი, აი, პირველი ჩვენი ერთობლივი სადილის დროს რომ თავზე საყრელად გვქონდა. გახსოვს ის საღამო, აქ რომ პირველად მოვედი?

_ როგორ არ მახსოვს. _ კინაღამ ვთქვი, მაგას რა დამავიწყებს-მეთქი.

_ თუმცა, ასეც უნდა იყოს წესით, არა? ჩვენ ხომ მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ. _ ხაზგასმით მიმანიშნა, თითქოს მისი ცდუნება მქონდა ჩაფიქრებული.

_ რა თქმა უნდა, _ ნაძალადევად გავუღიმე.

_ იცი, რა ვიფიქრე? ბარემ აქვე გადავხედავ იმ საბუთებს, თან ყავაც დავლიოთ. ხომ არ გაგაცდენ?

_ არა, რას ამბობ, რა უნდა ვაკეთო, რო? _ ლამის ვიყვირე, ისე გამიხარდა.

როცა ყველაფერი ავალაგე და მხოლოდ ყავა შემოვდგი მაგიდაზე, ბიბი გვერდით მომიჯდა და თენგოს გამოგზავნილი ქაღალდები გაშალა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მათზე მოეხდინა კონცენტრაცია, დაიბნა. მივხვდი, რომ ჩემი სიახლოვე თავბრუს ახვევდა. ახლა მაინც არ ვაცდენდი. ერთი სიტყვაც არ მითქვამს, ჩემი ლეპტოპი დავიდე წინ და მეც საქმეს ჩავუჯექი, მხოლოდ მკლავით ოდნავ ვეხებოდი მის მკლავს.

უეცრად თავი მოაბრუნა და შემომხედა.

_ რა იყო?

_ ახლა დავუკვირდი, რომ ირგვლივ წითელი ფერი ჭარბობს. აი, ეს სტეპლერიც კი წითელია, _ მან სტეპლერი ხელში აიღო, _ მაგიდის გადასაფარებელიც, ეს ლარნაკიც და ყვავილებიც. მართლა და, საიდან მოიტანე ამ შუა ზამთარში ცოცხალი ყვავილები?

_ ერთმა დამკვეთმა მომართვა, _ მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე, _ მადლიერების ნიშნად. ჰოლანდიურებია.

_ ვხედავ. _ მხრები აიჩეჩა, _ იმდენად უცხოა ასეთი ატმოსფერო ჩემთვის, რომ უხერხულობას ვგრძნობ.

_ რომელი ატმოსფერო?

_ აი, ასეთი _ ყვავილებით და რამე.

_ კარგი რა, ეგ ყველა სახლშია, რა გაგიკვირდა?

_ სამაგიეროდ, ჩემთან არაა. თანაც, კომპი რომ არ მაქვს, ცოტა მიჭირს კონცენტრაცია, ბლოკნოტებში ჩანიშვნას ამერიკაში გადამაჩვიეს.

_ გინდა ჩემი ლეპტოპი გათხოვო?

_ არა, არ გამომადგება. მე ისეთ პროგრამაში ვმუშაობ, თბილისში მგონი, არავის ექნება. წამებში ვაკეთებ ყველაფერს. არა უშავს, ჯერ გავეცნობი, მერე შინ გავაგრძელებ. ისე, დიდი ხანია, სათვალეს არ ხმარობ?

_ კონტაქტური ლინზებით შევცვალე, _ სიფრთხილით სავსე მზერა მივაპყარი, რამეს ხომ არ ეჭვობს-მეთქი.

_ ააა. არადა, მახსოვს, წარამარა იტაკებდი ხოლმე საჩვენებელ თითს და ისწორებდი ცხვირზე ჩამოცურებულს. კიდევ იცი, რა მახსოვს? შოკოლადის «პეჩენიებს» რომ აცხობდი ტეტესთვის. _ გამიღიმა, _ როგორ უვლიდი ასეთი პატარა გოგო ორ კაცს, ა? ისე, ყოველთვის ყოჩაღი იყავი და ამიტომაც მომწონდი.

_ მაგრამ სათვალის გამო გულში შენც ოთხთვალას მეძახდი, ხომ ასეა?

_ ნუუუ, გულში კი, მაგრამ ხმამაღლა არასდროს წამომცდენია.

_ შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო?

_ შემიძლია, შენ ოღონდ მკითხე.

_ ჩვენთან რომ მოდიოდი, სულ მელაპარაკებოდი, სკოლაში კი ხმას არ მცემდი, რატომ?

სახეზე სიწითლემ გადაკრა.

დასმულმა შეკითხვამ აშკარად შეაცბუნა. ალბათ გაიფიქრა, რა დროს ამის კითხვა იყო, რაღა ახლა გადავარდა წარსულის მოგონებებშიო. პაუზა იმდენ ხანს გაიწელა, როგორც ჩანს, მოუწია მისაღები პასუხის უცებ «გამოცხობამ».

_ იმიტომ, რომ მე ერთი სულელი, საზიზღარი ბიჭი ვიყავი.

_ სიმართლე მითხარი. გგონია, ამ ზღაპრების მჯერა? _ მის ანკესზე არ წამოვეგე და ღიმილითაც ვაგრძნობინე.

მიხვდა, რომ უკან დახევას არ ვაპირებდი. ლეპტოპი დახურა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

_ სიმართლე გითხრა? კარგი, ასე იყოს… მე შენი მეშინოდა.

_ რა-ა? _ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.

_ არ გჯერა? სახლში ისეთი იყავი… რაღაცნაირად საყვარელი, რბილი, თბილი. სკოლაში კიდევ სუპერჭკვიანის გამოხედვით დადიოდი, ცხვირი სულ წიგნში გქონდა ჩარგული, მე კი, გიჟსა და გადარეულს, სულაც არ მინდოდა, რომ გამოგლაპარაკებოდი და შენ მწარე-მწარე რაღაცები გეპასუხა. მახსოვს, რამდენი გაგიწბილებია ეგრე.

გამეცინა. მართალს ამბობდა, სწორედ ასე ვიქცეოდი. ყველას ვამწარებდი ჩემი მათრახივით მოქნეული ენით და თავიდან ვიშორებდი აბეზრებს.

_ შენთან ამას არასდროს გავაკეთებდი, _ ხმადაბლა ვთქვი და სითბოს გამოსახატავად ხელზე ხელი დავადე, ამ ჟესტით თან დავამშვიდე, ასე არ მოგექცეოდი-მეთქი

ვიგრძენი, როგორ დაიძაბა, მგონი, გაუტყდა, რომ მისი დამშვიდება ვცადე. თითები შეარხია. მომეჩვენა, თითქოს თავი შეიკავა, თითებზე არ მომფერებოდა.

_ მე თავის თავზე შეყვარებული ეგოისტი ვიყავი, ამას შენთან კავშირი არ ჰქონდა. შენ მკითხე, მე გიპასუხე. თუ ჩემი პასუხი მისაღებია, აჯობებს, სამუშაოს მივუბრუნდეთ.

მივხვდი, ზედმეტად თბილ ატმოსფეროში სიტუაციიდან ამოვარდნილად გრძნობდა თავს. აშკარად მიუჩვეველი იყო ოჯახურ სიმყუდროვეს.

სწრაფად გამოვწიე ხელი და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი:

_ კარგი.

მაწყენინა. მე თანაგრძნობა გამოვხატე, მან კი თავიდან მომიშორა იმის შიშით, რომ კვლავ არ ჩამეხედა მის სულში, უფრო ახლოს არ მივსულიყავი მასთან. არადა, სხვა დროს ალბათ კმაყოფილიც კი დარჩებოდა ჩემი ქცევით. ვახშმობისას ისეთ მზერებს ვესროდი, სინაზით სავსეს, უკანასკნელი რეგვენიც კი მიხვდებოდა, რა მინდოდა. მან კი ვაჟკაცურად ბოლომდე გაუძლო ცდუნებას. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მისთვის კარიერისტული მიზანი ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩემთან სიახლოვე.

ყბები მოკუმა და რამდენჯერმე გააღო პირი რაღაცის სათქმელად. რას გამომაპარებდა! უნდოდა, როგორმე რბილად აეხსნა თავისი რეაქცია.

_ ელენე, მაპატიე… _ პირველად მომმართა სრული სახელით.

_ შენ არაფერ შუაში ხარ, ბიბი, ყველაფერი ჩემი ბრალია. რამ მომაფიქრა ეს დებილობა! ისე განვითარდა მოვლენები, ვიფიქრე, ჩვენ შორის რაღაც ღრმა ურთიერთობის წინაპირობა გაჩნდა-მეთქი. მეგონა, ეს მეტი იყო, ვიდრე საქმიანი გარიგება. როგორც ჩანს, შევცდი.

_ არა, ეს არაფერ შუაშია.

მკაცრად და მომთხოვნი მზერით გავხედე. ვერ მივხვდი, რატომ მეთამაშებოდა კატათაგვობანას.

დამნაშავის მზერით შემომხედა, თნ საჭირო სიტყვებს ეძებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

_ არ არის საჭირო, ტყუილად ნუ წვალობ პასუხის გაცემას, _ «წავეხმარე», _ ყველაფერი ისედაც გასაგებია. შენთვის ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორივესთვის სარგებლიანი გარიგებაა, ხოლო სხვა დანარჩენი _ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. ნუ ნერვიულობ, მეტად აღარ გავიმეორებ ასეთ შეცდომას.

მან მოულოდნელად მოხვეტა თავისი საბუთები, ლეპტოპი გამორთო, იღლიაში ამოიჩარა და წამოდგა.

_ ჩემი წასვლის დროა, დიდი მადლობა ვახშმისთვის, _ ნაჩქარევად წარმოთქვა და მხარზე ხელი დამადო, _ მინდოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ…

კარამდე მივაცილე და როცა დამემშვიდობა, ჩურჩულით დავადევნე:

_ მეც მინდოდა.

თუმცა მას არაფერი გაუგონია…



ისე, რამდენს ნიშნავს ბევრი ფული. მით უფრო, როცა ქორწილი გაქვს გადასახდელი, თუმცა ქართველებისთვის ფულიანობის შემთხვევაშიც დიდი თავსატეხია ქორწინება. იმდენ რამეს მიედებ-მოდებიან, თავსა და ბოლოს ვეღარ არჩევენ. და მაინც, საბოლოოდ მთელი კონცენტრაცია საქორწინო სუფრისკენაა მიპყრობილი. მთავარია, ნაირ-ნაირი და ეგზოტიკური კერძებით იყოს მაგიდები სავსე, რომ სტუმრებმა მუცლები ამოიყორონ, მერე კი ნაცნობ-მეგობრებთან სიამოვნებით მოიგონონ, როგორ მდიდრულ სუფრას უსხდნენ. აი, სულ ესაა ქართული ქორწილი. ევროპული კი სულ სხვაა. ჩვენთან თუ მხოლოდ ქორწილის დღეს ერთობი და მხოლოდ მაშინ ხვდები სიძე-პატარძალს, თუნდაც ახლო მეგობარი იყოს შენი, იქ კვირა არ გავა, წვეულება არ გაიმართოს და დრო არ გაატარო. ხან კოქტეილის საღამოო, ხან პიკნიკიო, ხან ჩაის დღეო… სანადიროდაც კი დადიან მგონი, არა?

სწორედ ასეთი იყო მეგის წინასაქორწილო ცერემონია. ასეთ სიტუაციაში ადრე არასდროს აღმოვჩენილვარ. თითქმის ორი თვე, სანამ ჯვრისწერის დღე დადგებოდა, სულ ვერთობოდით და, რაც მთავარია, სულ ერთად ვიყავით. ამ მხრივ ნამდვილად გვჯობია ევროპაც და ამერიკაც.

ასე მეგონა, კიდევ ერთხელ თუ გავიღიმებდი ნაძალადევად, სახე მომეღრიცებოდა. ვერ ვიტან თვალთმაქცობას, მოჩვენებითი არაფერი არ მიყვარს, მაგრამ ცხოვრებამ ჩემგან კარგი მსახიობი ჩამოაყალიბა. ძლივს ვახერხებდი დამეფარა შინაგანი შიში და სისუსტე, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ლანდივით თან დამყვებოდა, ალბათ ამის ბრალი იყო, რატომაც ვცდილობდი ჩემი კლიენტებისთვის მეჩვენებინა, რომ ძლიერი და წარმატებული ბიზნესლედი გახლდით.

ახლაც ასე უნდა მოვქცეულიყავი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა დამეჯერებინა, როგორ გვიყვარდა მე და ბიბის ერთმანეთი. მან ძველებური შარმი დაიბრუნა _ ჩემს დაქალებს ისევ ისე აბრუებდა თავისი მომხიბვლელობით და ამასთან, არაჩვეულებრივად თამაშობდა შეყვარებული მამაკაცის როლს. მე კი ზღვრამდე ვიყავი მისული. მეშინოდა, რომ სისულეს ჩავიდენდი, თუ ბიბი სახლამდე მიმაცილებდა: ან ცუდად გავხდებოდი, ან ტირილით ჩამოვეკიდებოდი ყელზე.

_ კიდევ ვის უნდა კოქტეილი? _ მეგი გრაფინით ხელში დადიოდა სუფრის გარშემო და სტუმრებს წვენს უსხამდა.

ჩემს ჭიქას ხელისგული დავაფარე უარის ნიშნად. აღარ მინდოდა კიდევ ალკოჰოლის მიღება, ეს უარესად იმოქმედებდა ჩემს უიმედო განწყობაზე. არადა, ნუშის კოქტეილი მომწონდა, მისი საოცარი არომატი ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებდა.

_ კარგად ხარ? _ დაეჭვდა მეგი, როცა შემომხედა.

ჯანდაბას! არა, არა ვარ კარგად! იმ წუთიდან არა ვარ კარგად, სასტუმრო ოთახის ვეებერთელა მონიტორზე ბიბი რომ დავინახე. მისი გაბრწყინებული და ბედნიერებისგან აღტყინებული სახე ნერვებს მიშლიდა. ერთმა სარფიანმა პროექტმა ჩემი თავი გადაავიწყა. როგორ ვიქნებოდი კარგად? და ყოველივე ამის შემდეგ ძალიან მხიარული უნდა ვყოფილიყავი, რომ დაქალებს არაფერი შეემჩნიათ.

_ კი, კარგად ვარ, უბრალოდ, დავლიე და ცოტა თავი ამტკივდა. _ ისევ ვცადე გაღიმება, მაგრამ, მგონი, დავიჯღანე.

_ შენც აღარ დალიო მეტი. დღეს განსაკუთრებული მხიარულება გმართებს. ვერ ხედავ, ბიბიმ როგორ აჯობა ყველას? გაიმარჯვა, კონტრაქტი მოიგო და თენგოს სარეკლამო კამპანია გადაიბარა.

ისევ მონიტორს გავხედე. ბიბი სახეგაბადრული შესცქეროდა მეგის საქმროს. მისი პროექტი საუკეთესო გამოდგა და პრეზენტაციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ესეც ასე, მისი მძიმე შრომა დაფასდა. ტყუილად არ ჩაუვლია მსხვერპლს _ უძილოდ გათენებულ ღამეებსა და ჩემთან განშორებას. ნეტავ, თუ არის ბედნიერი? რატომ არ იქნება? თავის მიზანს მიაღწია. აი, ბიბიმ მომუშტული მარჯვენა მაღლა ასწია და დაიყვირა: _ გამარჯვება! თითქოს ოსკარი აეღოს! მისალოცი ამბავია, აბა რა. ახლა სამუშაო გარანტირებული აქვს და კარგ ფულსაც მოხვეტს.

სულაც არ მიკვირდა მისი საქციელი. მას ყოველთვის იზიდავდა რისკი და პირველობა. ყველაზე მეტი გოგო სწორედ მას ესეოდა სკოლის პერიოდში. ბიჭები კი ვეღარ უწევდნენ კონკურენციას და ყველა განზე დგებოდა, რომ ლიდერობის გზა მისთვის დაეთმოთ.

იმ საღამოს შემდეგ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ერთხელაც არ დამირეკავს და არც დამიპირებია. დღეს პირველი საღამო იყო, რაც მას მერე შევხვდით. ბოლო კოქტეილი-ფართი მოაწყვეს მეგიმ და თენგომ. ხვალ კიდევ ერთი საღამო და მორჩა, მერე უკვე ქორწილის თადარიგი დაიწყებოდა. ბიბის წარმატებით ჩემ მაგივრად თენგო იწონებდა თავს, მე კი გული მიკვდებოდა.

ბიბიმ შეამჩნია ჩემი მოწყენა და წელზე ხელი მომხვია. ოდნავ გვერდზე გავიწიე, თან ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არ ავტირებულიყავი.

_ ვხედავ, რომ ცუდად ხარ. რაღაც ვერ ხარ შენებურ ხასიათზე. იქნებ იმის ბრალია, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო საღამოა? გპირდები, რომ მოგვიანებით დავილაპარაკებთ.

მასთან საუბარი არ მინდოდა. ხომ ვცადე, რამე გამომსვლოდა და რა გამოვიდა აქედან? მან აღიარა, რომ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. მეც ხელიდან გავუშვი ჩემი პოტენციური ბედნიერება.

_ მაპატიე, _ ცივად გადავუგდე და ავდექი. პირდაპირ ტუალეტისკენ ავიღე გეზი, ერთი სული მქონდა, სარკეში ჩამეხედა. ვიცოდი, საშინლად გამოვიყურებოდი, ამიტომ ცოტა უნდა მომეწესრიგებინა თავი. ახლა ჩემთვის ყველაზე კარგი ცოტა ხნით მარტო დარჩენა იქნებოდა.

ტუალეტში შესულმა კარი ჩავკეტე და რამდენჯერმე ღრმად ამოვიოხრე. ალბათ მთელი ცხოვრება დამჭირდება, ეს ტკივილი და იმედგაცრუება გადავხარშო. უნდა ვაღიარო, რომ სისულელე ჩავიდინე. ტყუილად მქონდა იმედი, რომ ბიბის თავს შევაყვარებდი.

ხუთი წუთის შემდეგ გამოვედი საპირფარეშოდან და გაოცებულმა პირი დავაღე. კაბინის კართან ჩემი სამივე დაქალი ხელებდაკაპიწებული დამხვდა.

_ ყველაფერი რიგზეა? კარგად ხარ? _ მომაყარა სამივემ.

პირველი მეგი მომმვარდა და ჩამეხუტა. მერე ლილი და კატო გადამეხვივნენ.

_ მთლად კარგად ვერ გამოიყურები, რამე პრობლემა გაქვს? სამსახურის ამბავია? არ დაგვიმალო.

_ შემთხვევით, ხომ არ… _ აღარ დაამთავრა კატომ და ხელი მუცელზე დაიდო.

_ რა თქმა უნდა, არა, ეგ რამ გაფიქრებინათ ჩემნაირი მონაზვნისგან? _ გავწითლდი.

_ რაღა მონაზონი, ისეთი ბიჭი დაგყვება გვერდით, შენი ჭირიმე, ვის არ შეაცდენს! _ თქვა ლილიმ და გოგოებს გადახედა.

_ თუ ორსულად არ ხარ, მაშინ დანარჩენი ჩათვალე, რომ წვრილმანია. _ დამამშვიდა პრაგმატულმა ლილიმ და ბაღისკენ აიღო გეზი, _ წამოდით, სალაპარაკო გვაქვს.

ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობრები, მაგრამ ახლა მათთან საუბრის სურვილი ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ყველაზე მეტად მინდოდა, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო საღამო და ბიბი ერთხელ და სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. მეორე მხრივ, იმის შიში, რომ მას საბოლოოდ დავკარგავდი, სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.

_ შენს თავს რაღაც ამბავია და არ გინდა, გვითხრა. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გათქმევინებთ, საყვარელო, _ კაი დედამთილივით დამადგა თავზე მეგი.

ისეთი მტკიცე ტონით მითხრა ეს სიტყვები, მივხვდი, უკან დამხევი არ იყო. ლილიმ და კატომაც შეთანხმებულებივით დააქნიეს თავი. საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი მათი სიჯიუტის ამბავი და გადავწყვიტე, სიმართლის თუნდაც ნაწილი მაინც გამეზიარებია მათთვის.

_ ბიბი მიყვარს, _ ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც გულში ბოლო დროს ხშირად ვიმეორებდი.

_ მშვენიერია, მერე რა? გგონია, რამე ახალი გვითხარი? შემდეგ? _ სულაც არ გაიკვირვეს ჩემი ნათქვამი.

_ მე ისე მიხარია შენი სიყვარულის ამბავი, რომ წამი არ გავა, არ გამახსენდე. ძლივს ვიღაც გახადე შენი ყურადღების ღირსი. მთელი ცხოვრება ყურებამდე სამუშაოში იყავი ჩაფლული და ირგვლივ ვერავის ამჩნევდი, _ თმა ამიჩეჩა ლილიმ და ასე მომეფერა.

თავი გავაქნიე. მე სულელმა, ლამის დავადანაშაულე მეგი, რომ ყველაფერი მისი ქორწილის ბრალი იყო. გათხოვება რომ არ გადაეწყვიტა, ამ ტკივილს ხომ ავიცილებდი თავიდან! არადა, ბოლო დროს ხშირად ვფიქრობდი ამაზე.

ბაღში გასული ძალაგამოცლილი დავეხეთქე ხის მერხზე და ამოვიკვნესე:

_ ეს საშინელებაა.

_ რატომ?

დაველოდე, სანამ გოგონები ირგვლივ შემომისხდებოდნენ და «აღსარების» თქმას შევუდექი:

_ იცით, რომ მოგატყუეთ? სინამდვილეში მე და ბიბი არასდროს ვხვდებოდით ერთმანეთს.

სამივე პირდაღებული მომაჩერდა.

_ თქვენ ყოველთვის წუხდით ჩემ გამო, ცდილობდით, გაგემხიარულებინეთ, ვინმე მოგეძებნათ, ვინც ცხოვრებას გამიხალისებდა, რადგან ყოველთვის მარტო ვიყავი. როგორც ხედავთ, მეც მომბეზრდა მარტოობა და გადავწყვიტე, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ დამერღვია ჩემი ცხოვრების სტილი და ეს მეგის წინასაქორწილო დღეებში გამეკეთებინა. ჰოდა, გავაკეთე. ბიბის ვთხოვე, ჩემი შეყვარებულის როლი ეთამაშა.

მათი გაოცებული სახეები არ შეცვლილა, თითქოს შემზარავი ამბავი გაიგესო. პირველი მეგი მოეგო გონს.

_ რაღაც ვერ ჯდება ერთმანეთში. თქვენ ისე ჰგავხართ შეყვარებულ წყვილს, ცოტა გამიჭირდება დაჯერება, რომ ეს ურთიერთობა ბლეფია. კაცი შემოგხედავთ თუ არა, ეგრევე ამჩნევს, რომ ერთმანეთზე გიჟდებით.

_ შენ ეგა თქვი! მერედა, როგორ უყურებ ხოლმე ან ის როგორ მოგაჩერდება ხანდახან! ასეთი რამეების იმიტაცია წარმოუდგენელია!

_ მოიცა, რა, _ კატომ მეგის თითები ჩაბღუჯა, _ აცალე, დაამთავროს. მგონი, ჯერ ყველაფერი არ გითქვამს, არა?

თავი დავუქნიე და მოყოლა გავაგრძელე:

_ ბიბი ჩემი ტეტეს მეგობარია. ძალიან ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ისე, ხანდახან თუ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს. ტეტემ რომ სკოლა დაამთავრა, დაბადების დღე გადაიხადა და მაშინ… _ წამით შევყოყმანდი, მიჭირდა იმ საზიზღარი საღამოს გახსენება, მერე კი მოვხსენი გუდას თავი და გოგოებს ყველაფერი ვუამბე. _ აი, ასე, დამცინა და გატრიალდა. სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ჩემი იდეა იყო, მე შევთავაზე ეს გარიგება. თან დაჟინებით მოვთხოვე, რომ ურთიერთობა პლატონური სიყვარულის ფარგლებს არ გასცდენოდა, მაგრამ… _ ფრაზა ვერ დავამთავრე.

_ მაგრამ შენ ყურებამდე შეგიყვარდა, _ ჩემ მაგივრად მეგიმ გააგრძელა, თან ზურგზე თანაგრძნობის ნიშნად ხელი დამისვა, _ მერე რა, ძალიანაც კარგი. რატომ არ გინდა, უთხრა, რასაც გრძნობ? დარწმუნებული ვარ, ისიც იმავეს განიცდის. თავს მოვიჭრი, თუ არ უყვარდე.

როგორც კი წარმოვიდგინე, როგორ მკრა ბიბიმ უკვე მეორედ ხელი, შემაკანკალა.

_ გოგოებო, საერთოდ არ გეწყინათ, რომ მოგატყუეთ? _ ჩემდა გასაკვირად, სამივემ მხიარულად გაიცინა.

მეგიმ საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა.

_ ჩემო საყვარელო, ჩვენ ყველაფერი გვესმის. ძნელია მარტო ყოფნა, მაგრამ უფრო ძნელია, როცა დაქალები შენს პირად ცხოვრებაში ერევიან, მით უფრო, თუ შეყვარებას გაიძულებენ. დაგვიჯერე, ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ბედნიერი იყო, როგორც ახლა.

_ ახლა? ჰმ… მე ახლა ბედნიერი არ ვარ.

_ აი, ნახავ! თუ დაელაპარაკები ბიბის, მიხვდები, რომ ბედნიერი ხარ.

_ ის არ იზიარებს ჩემს გრძნობებს. თქვენ არ გესმით.

_ კარგი ერთი! ჩვენ გვესმის, თუ გვესმის! _ ლილიმ თვალები დამიქაჩა, _ მე კაცის მზერა ვერ მომატყუებს. უკვე გვინახავს ასეთი მზერა თენგოსგანაც, ანტონისგანაც და დუდუსგანაც. ბიბი გონებას კარგავს შენ გამო.

ისინი მამხნევებდნენ, მე კი შიში მტანჯავდა. მე ხომ უკვე ველაპარაკე ბიბის, თანაც არაერთხელ და პასუხად ყოველთვის ერთი და იგივე მესმოდა: გმადლობ, არა. მას, როგორც ქალი, არ ვაინტერესებდი, მისი ალერსიანი მზერა კი იმიტომ იყო ყოველთვის მზადყოფნაში, რომ ჩემი მეგობრები გაეცურებინა. თუმცა, შეიძლება დასაწყისში მართლაც გაიტაცა მცირე გრძნობამ. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყვის უარს ქალზე, რომელიც ლამისაა, კისერზე ჩამოგეკიდოს, განსაკუთრებით თუ ის მარტოხელა და სიყვარულში გამოუცდელია.

_ პირობა მოგვეცი, რომ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებ, თორემ იცოდე, ყველაზე მაგარ შანსს გაუშვებ ხელიდან.

_ მე ვიტყოდი _ ყველაზე ბედნიერ შანსს, _ დაამატა ლილიმ.

დავიღალე მათი შეგონებებით. ამწუთას მზად ვიყავი, ყველაფერზე დავთანხმებულიყავი, ოღონდ კი თავი დაენებებინათ. ერთადერთი, რაც მინდოდა, შინ დროზე დაბრუნება და საკუთარ დარდთან მარტო დარჩენა.

_ მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თანადგომისთვის, რჩევისთვის, ზრუნვისთვის. იმისთვისაც, რომ გამიგეთ და არ დამტუქსეთ. ახლა ყველაფერს აჯობებს, შინისკენ გავუდგე გზას და იმაზე ვიფიქრო, როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯი. _ გულში კი გავიფიქრე: «პირველი ნაბიჯი მისი ტელეფონის ნომრის წაშლა იქნება».

_ ძალიანაც კარგი, ჩემი ჭკვიანი გოგო! _ წამოხტა მეგი, _ კაცი შტურმით უნდა აიღო, სანამ გონს მოსვლას მოასწრებს.

ყველამ გაიცინა, ჩემ გარდა, რადგან ვიცოდი, რომ შტურმზე წამსვლელი არ ვიყავი.



ბიბი ბიჭების შუაში ჩამდგარიყო და დუდუს კოქტეილს უჭახუნებდა. შეუმჩნევლად მივუახლოვდი ოთხივეს და ჩემდა უნებურად, ყური მივუგდე, რაზე საუბრობდნენ.

_ ჰოდა, მთლად კარგი კი ვერ არის, სიყვარულისგან რომ გააფრენ, მეგობარო, _ ამბობდა თენგო, _ მე სერიოზულად შემტკივა გული ელენეზე. ძალიან უყვარხარ. დღეს რაღაც განერვიულებული მეჩვენა. არ ვიცი, შეიძლება იჩხუბეთ, მაგრამ შეეცადე, სიტუაცია განმუხტო. ხომ იცი, როგორც ხდება. როცა შეყვარებული ხარ, ირგვლივ ყველაფერი რთულდება. მისი განაწყენება არ გაბედო, ამას ძმურად გთხოვ. ისედაც მძიმე ცხოვრება გამოიარა. მარტოხელაა. შენამდე, მგონი, არც არავისთან ჰქონია ურთიერთობა. მთელ ენერგიას სამსახურში ხარჯავს.

_ თქვენ არ ინერვიულოთ, ძმებო. ელენე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მე სერიოზული კაცი ვარ, ქალის წყენინება ჩემი სტილი არ არის.

ყურები ვცქვიტე, მაგრამ სწორედ ამ საინტერესო მომენტში დარეკა ბიბის მობილურმა.

როგორც მივხვდი, თავისი უფროსი ურეკავდა და სთხოვდა, სასწრაფოდ გამოცხადებულიყო სამსახურში.

მან უკმაყოფილო სახე მიიღო და ადგილზე დატრიალდა. ამ დროს სრულიად შემთხვევით ჩემკენ გამოიხედა და დამინახა. ხელი გაშალა, რითაც მიმახვედრა, საქმე გამიხურაო.

_ ხვალისთვის რომ გადავდოთ, არ შეიძლება? _ შეეკითხა ბიბი მოსაუბრეს და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა, _ თუ ასეა, ახლავე წამოვალ… რა ვიზამ, რაცაა, ესაა. ნახევარ საათში მანდ ვარ.

მივხვდი, წასვლას აპირებდა. დამასწრო. მინდოდა, პირველს მე მეთქვა, შინ მივდივარ და გაცილება არ მინდა-მეთქი… აქაც არ გამიმართლა.



ბოლო დროს გამოსასვლელი დღეები მაცოფებს. გულს ვერაფერს ვერ ვუდებ. ადრე მიხაროდა შაბათ-კვირა, ხან სამზარეულოში ვტრიალებდი, ხან წიგნს ვკითხულობდი ან ფილმს ვუყურებდი ინტერნეტში. ახლა კი ყველაფრის ხალისი წამერთვა. ისე მოვდუნდი, აღარაფერი მაინტერესებდა. თვალწინ მხოლოდ ბიბი მედგა და გამუდმებით მასზე ვფიქრობდი.

დღესაც, ერთ ჩვეულებრივ შაბათს, ავიღე წიგნი და ვერანდაზე გავედი, ჩემს ყვავილებთან, სავარძელში მოვიკალათე და გადავწყვიტე, კითხვით გამერთო თავი, რათა ბიბი დროებით მაინც დამევიწყებინა. სპეციალურად შევარჩიე დეტექტივი, ჩამითრევს-მეთქი. ბოლო დროის მოვლენების გახსენება აღარ მინდოდა, განსაკუთრებით ჩემი დროებითი შეყვარებულის, რომელმაც გუშინ დამირეკა და მითხრა, საღამოს სამსახურის შემდეგ შემოგივლი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. მეც დებილივით ვიჯექი და ველოდი.

დაახლოებით შუაღამე იყო, როცა დამირეკა იმის სათქმელად, რომ თავი ვერ გაითავისუფლა და აღარ დავლოდებოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, წყენის ნაცვლად შვება ვიგრძენი. ამ ეტაპზე არ მინდოდა მისი ნახვა, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში. ჩვენი გარიგების ვადა ამოიწურა. მან პატიოსნად შეასრულა თავისი როლი, მე კი შტერულად მოვიქეცი და იმის მაგივრად, რომ თვითონაც მეთამაშა, მართლა შემიყვარდა.

გოგოებმა მირჩიეს, დაელაპარაკეო, მე კი პირიქით ვაპირებ _ უნდა შევეცადო, რაც შეიძლება მალე დავივიწყო ის საშინელი ორი თვე.

ალბათ ჭკუაზე არ ვიყავი, როცა ეს სიყალბე წამოვიწყე, მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. მეორე მხრივ, პირველი შემთხვევა იყო, როცა წინასაქორწინო ქეიფებზე მარტო არ ვიყავი, ამასთან, მსიამოვნებდა ბიბის ყურადღება, რაღაც-რაღაცების უფლებას ვაძლევდი და… შემიყვარდა კიდეც.

უსიამოვნო ფიქრებისგან გული შემეკუმშა. თავი გავაქნიე და შევეცადე, მთელი ყურადღება წიგნზე გადამეტანა. კარგს არაფერს მომიტანს, თუ თავს დავიტანჯავ. ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია პოზიტიური განწყობა და სასიამოვნო რამეებზე ფიქრი. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ამიტომ «გრძელვადიანი» წუხილი არ მჩვევია, ჩემი სტილი არ არის. ნამდვილად ვიცი, რომ რადგან ჩემთან ლაპარაკი გადაწყვიტა, დღეს იქნება თუ ხვალ, მოვა და ჩვენს ურთიერთობაზე «ლექციას ჩამიტარებს».

«დაივიწყე! ნუ ფიქრობ მასზე!» _ ჩამძახოდა გონების ხმა, მაგრამ ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი. არ ვიცი, რისი იმედი მქონდა… ალბათ სასწაულის…

წიგნი თვალებთან ახლოს მივიტანე და სავარძლის რბილ ზურგს მოხერხებულად მივეყრდენი. მიყვარდა თბილ დღეებში აქ ჯდომა. მართალია, ჯერ ისე არ ცხელოდა, როგორც ზაფხულში იცის, მაგრამ ისეთი მზიანი დღე იყო, აპრილს რომ არ ახასიათებს. დიახ, აპრილი დაიწყო. აი, ასე სწრაფად გარბის დრო, როგორც კი გაზაფხული დადგება. ზამთარი იწელება ხოლმე ძალიან, თორემ გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვალის დახამხამებაში ილევა დღეები და კვირები. მიყვარს აპრილი, არც ძალიან ცივა და არც ძალიან ცხელა. არც მარტივით არეული ამინდი ახასიათებს მაინცდამაინც. ასე თუ ისე, «მოწესრიგებული» თვეა, ნამდვილი გაზაფხულის თვე. აპრილის მზე მათბობს _ თბილი ნიავი, ისედაც აბურდულ თმას უფრო რომ მიწეწავს. მე თუ მკითხავთ, ეს უფრო საიმედოა, ვიდრე «მკვირცხლი კარიერისტის» ყურადღების ძებნა, რომელიც მზადაა, გამოიყენოს ჩემნაირი ქალი, რათა სასურველ კონტრაქტს გამოჰკრას ხელი.

წყენამ ისევ წამომიარა და შევეცადე, კითხვა გამეგრძელებინა. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე აბზაცს უკვე მესამეჯერ ვკითხულობდი.

ტელეფონი მაინც გამომეტანა, იქნებ მირეკავს და ვერ მაგონებს? _ მაინც მას გადასწვდა ჩემი ფიქრები. საძინებელში დავტოვე, თანაც ჩანთაში და მგონი, შეგნებულად მოვიქეცი ასე, რომ ზარის ხმა არ მომწვდენოდა. ახლა ნამდვილად არ მინდა მასთან საუბარი და მით უფრო, შეხვედრა. თან რა საშინელ ფორმაში ვარ _ აბურდული თმით, ცხვირზე დაკოსებული სათვალით და ბიუსტჰალტერის გარეშე. არადა, ეს აწეწილი თმა, მე მგონი, განსაკუთრებულ სექსუალურ იერს მაძლევს. რას ვიცინებ, უცებ თავზე რომ წამომადგეს.

ამ ფიქრებში გართულს უეცრად ჩახველების ხმა შემომესმა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წიგნი ჩამოვწიე და ჩემ წინ უხერხულად მოღიმარი ბიბი დავინახე. გიჟივით წამოვხტი.

_ აქ რას აკეთებ? _ ისეთი განწირული ხმით ვიყვირე, თითქოს საშინელება დამენახოს. _ როგორ შემოხვედი?

_ კარი ღია იყო. გირეკავდი და არ მიპასუხე. მერე მესიჯი გამოგიგზავნე… არ გინახავს?

_ რომ მენახა, როგორ გგონია, ასეთ ფორმაში დაგხვდებოდი? _ ცალი ხელით გაფუებულ თმას ვისწორებდი, მეორით კი პლედს ვიფარებდი შიშველ ფეხებზე. რაღა დღეს მომინდა ამ მოკლე შორტის ჩაცმა!

_ ძალიან ლამაზი ხარ. _ დაბნეულმა მითხრა.

_ არა, შენ ასეთი არ უნდა გენახე! _ კვლავ ვაგრძელებდი ყვირილს. _ კარი რატომ იყო ღია? რაღაცას მატყუებ!

_ მე რა ვიცი, რატომ იყო? აბა, საიდან შემოვიდოდი? მეორე გასაღები არ მაქვს… ზარიც კი არ დამირეკავს, კარი შეღებული დამხვდა და მეც ეგრევე შემოვედი. რამე დავაშავე?

_ შენ გაუფრთხილებლად მოხვედი.

_ მერე რა მოხდა? ამას რამე მნიშვნელობა აქვს? უცხოები ხომ არ ვართ?

წყენა ვერ დავმალე.

_ მე არ შემიძლია ახლა შენი მიღება.

_ რა კლიენტივით მელაპარაკები, ელ? რას ნიშნავს ჩემი მიღება არ შეგიძლია? მოეშვი ამ სისულელეებს. უბრალოდ, იმიტომ მოვედი, რომ ბოდიში მომეხადა, წუხელ რომ დაგაღალატე.

_ მხოლოდ ამიტომ? _ ჩემდა უნებურად წამომცდა.

_ არა, მხოლოდ ამიტომ არა. კიდევ იმიტომ მოვედი, რომ შენთან სალაპარაკო მაქვს.

მის უკან ისე გავიხედე, თითქოს გასაქცევ გზას ვეძებდი.

_ იცოდე, არ წავალ, სანამ არ ვილაპარაკებთ.

ფრთხილი მზერით დავზვერე, სათვალე თითით მაღლა ავწიე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.

_ მგონი, განსაკუთრებული სალაპარაკო არაფერი გვაქვს. შენი მისია დამთავრებულია, შეგიძლია, მთელი დრო შენს ახალ პროექტს მიუძღვნა, ამიტომ…

_ ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი და ჩემმა ბოლოდროინდელმა საქციელმა დაგაბნია. ამიტომ რაღაცები უნდა აგიხსნა. რატომ არ გინდა, მომისმინო? _ მუდარით სავსე ტონით მითხრა, ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და იდაყვში წამავლო ხელი.

დავიძაბე, რაც მას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

_ ჩვენ ერთად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე… მითხარი რამე, ნუ ხარ ჩუმად, გთხოვ!

წამით მოვლბი, სული გამითბო მისმა მუდარით სავსე სიტყვებმა, მისმა უსუსურმა გამოხედვამ, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში. თმა უკან ისეთი ამაყი ჟესტით გადავიყარე, თითქოს საგულდაგულოდ მქონოდეს დავარცხნილი და არა ჩიტის ბუდესავით აბურდული.

_ მეტად აღარ შეეცადო ჩემს მოხიბვლას. _ რაც შემეძლო, მოვკუმე ტუჩები, რომ არ ამკანკალებოდა და ხელი გამოვითავისუფლე მისი თითებისგან, _ ვერ ხედავ, რას ვგავარ? უმაკიაჟოდ, თმაგაწეწილი, სათვალით, ძველი ტანსაცმლით… აი, ასეთი ვარ სინამდვილეში, _ სასოწარკვეთილმა მხრები ავიწურე, _ ყურადღებით დამაკვირდი! ხედავ? არც ძვირფასად მაცვია, არც თმა მაქვს დავარცხნილი, კონტაქტური ლინზებიც არ მიკეთია. ისევ ის უბრალო ელენე ვარ, ერთ დროს რომ იცნობდი. შთაბეჭდილებას არ ახდენს, ხომ მართალია?

_ ელ, შენ მომაჯადოებლად ლამაზი ხარ.

ღმერთო, ვერც მიხვდა, რამხელა შეცდომა დაუშვა ამ სიტყვების თქმით. მგონი, დამცინის. რა ნახა ჩემში მომაჯადოებელი, როცა გულის ამრევად გამოვიყურები?

_ ბიბი, შენ მიიღე, რაც გინდოდა. ასე არ არის? გზა გაკვალულია, ამიტომ აწი აღარ არის საჭირო, უაზრო კომპლიმენტები მაფრქვიო. ნუ მაჩვენებ თავს, თითქოს აღფრთოვანებული ხარ ჩემი სილამაზით.

_ თავს სულაც არ გაჩვენებ… ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. აქ იმიტომ ვარ, რომ მომწონხარ. მომწონხარ შენ, და არა შენი ტანსაცმელი ან ვარცხნილობა. მგონი, უნდა იცოდე ეს!

ცივი მზერით გავხედე.

_ საიდან უნდა ვიცოდე?

რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელის აწევით შევაჩერე და გავაგრძელე:

_ იყო დრო, როცა ასეთი სიტყვების მოსმენისთვის ყველაფერს გავიღებდი, მაგრამ ახლა აღარ.

_ რატომ?

_ შენს უპირველეს სიყვარულთან კონკურენციის გაწევა არ შემიძლია.

ისეთი შეცბუნება დაეტყო სახეზე, რომ მსწრაფლ დავაყოლე განმარტება:

_ შენს სამსახურს ვგულისხმობ. ის ყოველთვის მთავარი იქნება შენთვის. _ კიდევ დააღო პირი შესაპასუხებლად, მაგრამ არ მივეცი თავის მართლების საშუალება, _ მაცალე, დამამთავრებინე!.. აჯობებს, არ შემეკამათო. ბოლო თვეში ყოველ ჯერზე, როცა რაღაც მომენტში ძალიან ახლოს მოვდიოდით ერთმანეთთთან, შენ შენს ძვირფას კარიერას აყენებდი ყველაფერზე წინ, კედელივით აღმართავდი ჩვენ შორის. არ გაინტერესებდა, როგორმე გაღრმავებულიყო ჩვენი სიახლოვე. ვერ ხვდები, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ? შენთვის უპირველესი სამსახურია, ჩემთვის _ ეს ადგილი, ეს სახლი, სადაც ვისვენებ მუშაობის შემდეგ, ვტრიალებ სამზარეულოში და სადილებს ვამზადებ. შენთვის ეს ყოველივე მუდამ ცოტა იქნება, არასდროს დაგაკმაყოფილებს. _ თავი ამაყად ავწიე და ჯიქურ გავუსწორე თვალი. _ მითხარი, რომ არ ვარ მართალი.

_ არ ვიცი, რა გიპასუხო… _ მხრები აიჩეჩა ბიბიმ, _ მე მომწონს ბიზნესი, მისი ატმოსფერო, თანამშრომლობა და საქმიან წრეში ტრიალი, მიღებები და კოქტეილის საღამოები, საინტერესო შეხვედრები. თუნდაც განსხვავებულები ვიყოთ, მერე რა? მეგონა, ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ შეუშლიდა და ყველაფერი გამოგვივიდოდა.

_ გამოგვივიდოდა? როდის? როცა უკვე ყველაფერი დამთავრდა? რაც თენგოს პროექტზე დაიწყე მუშაობა, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოგიდგამს ჩემკენ? _ წონასწორობა დავკარგე.

_ ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ და მთლიანად საქმეზე გადავერთე, იმასაც ვაღიარებ, რომ სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ამით არაფერი შავდება. განა არ იცი, რომ პლუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავს?

გაწიწმატებულმა თავი გადავაქნიე.

_ მითხარი, თავისუფალ დროს რითი ერთობი?

დაიბნა. ერთხანს გამომცდელად მომაშტერა თვალები, მერე კი წყნარი ხმით მომიგო:

_ რა ვიცი… რაც საქართველში ჩამოვედი, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ამერიკაში კი გოლფს ვთამაშობდი, ჩოგბურთზე დავდიოდი, ვციგურაობდი…

_ ისევ ეს შენი ამერიკა! ნუ, კარგი, გასაგებია. და ამ ყველაფერს მარტო აკეთებდი?

_ რატომ მარტო? მეგობრებთან ერთად.

_ ჰოდა, არ გაინტერესებს, მე რას ვაკეთებ, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება? შინ ვზივარ და ნამცხვრებს ვაცხობ. ცხვირს არ ვყოფ გარეთ, არსად გასართობად არ დავდივარ. მგონი, საკმარისია შენთვის, რომ გეზიზღებოდე. ხომ ასეა?

ბიბიმ ხელი ასწია, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.

_ ამას არა აქვს მნიშვნელობა, ელ! როგორებიც ვართ, ისეთები ვართ და სულაც არ არის აუცილებელი, შევიცვალოთ. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ისე მაინც შევხვდეთ ერთმანეთს.

როგორი იმედგაცრუება გამომეხატა სახეზე. მან ისევ ისეთი რაღაც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.

_ ელი, საყვარელო! _ ძალიან თბილად მითხრა, _ ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, კარგი?

ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა. ბიბიმ გემრიელად შეიგინა, ალბათ იმით გაგულისებულმა, რომ აპარატი გამორთული არ ჰქონდა. მეტიც არ მინდოდა _ საჩვენებელი თითი მის ჯიბეს მივუშვირე, საიდანაც ზარის ხმა მოისმოდა.

_ იქნებ უპასუხო? _ ნიშნის მოგებით გავხედე, _ ალბათ მნიშვნელოვანი კლიენტი გირეკავს. კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გელოდება!

ბიბი იდგა და ვერ გადაეწყვიტა, ეპასუხა ზარისთვის თუ ჩემთან კამათი გაეგრძელებინა. ყოყმანი რამდენიმე წამს გაგრძელდა, რამაც საბოლოოდ გამომიყვანა წონასწორობიდან.

_ იცი რა? მეცოდები! აი, ახლაც კი, ამწუთას, როცა ვსაუბრობთ, შენ მხოლოდ სამსახურზე ფიქრობ.

მოულოდნელად გაფითრდა. ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს დედა მეგინებინოს, ბოლოს დახშული ხმით ამოთქვა:

_ შენი ნათქვამიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გავიგე: მეცოდები. აქამდე არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის მსგავსი რამ. ბავშვობაშიც კი არ მახსენდება ამდაგვარი არაფერი. შეიძლება ვინმეს მართლა ვეცოდებოდე, მაგრამ შეცოდებას ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც…. _ მან სათქმელი არ დაამთავრა და ამიტომ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.

_ რომელიც რა? _ დაკონკრეტება მოვთხოვე.

დანისლული თვალები შემომხედა და ძალიან ხმადაბლა, გაბზარული ხმით მითხრა:

_ მაინცდამაინც იმ მომენტში მივხვდი რაღაცას, როცა წასვლის გარდა აღარაფერი დამრჩენია. _ მან ხელი ჯიბეში ჩაიყო და ტელეფონი იმავე წამს დადუმდა. _ შენ მართალი ხარ, ელ. ნახვამდის. _ თქვა და გატრიალდა.

არასდროს დამავიწყდება მისი ტკივილი სავსე თვალები, სანამ ზურგს შემაქცევდა…

რას მიხვდა? რატომ არ მითხრა, რა იყო ის «რაღაც»? ან რა იგულისხმა, როცა თქვა, ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც… რა უნდა ეთქვა? რომელიც მძულსო? რომელიც ძვირფასია ჩემთვისო? იქნებ უნდა ეთქვა, რომელიც მიყვარსო?..

ყველაფერი ამერია თავში.

ბიბი წავიდა და კვლავ მარტო დავრჩი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი გული დავდე ფსონად ბანქოს თამაშისას და წავაგე…

როგორც კი გავიდა, ფანჯარას მივვარდი და ეზოში გადავიხედე. ვხედავდი, როგორ გადიოდა ქუჩაში. თითქოს გული გასკდა და ათას წვრილ ნამსხვრევად მიმოიფანტა ჩემს სხეულში. გავაკეთე ის, რაც მინდოდა _ სათადარიგო სკამზე გადავსვი ჩემთვის ყველაზე სასურველი ადამიანი. წესით, კმაყოფილი უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ ვივიწყებდი მისი ტკივილით სავსე თვალებს. მკვდარივით გამოიყურებოდა, თითქოს საბოლოოდ გაანადგურა ჩემმა ერთმა სიტყვამ. ნუთუ ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ჩემს ნათქვამს? ძლივს შევიკავე თავი, ბოდიშის მოსახდელად არ გავკიდებოდი.

მუხლებზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. ასეთ ფორმაში ჯერ ჩემს დაქალებსაც არ ვუნახავვარ. ბიბის ხომ მით უფრო, ცოცხალი თავით არ დავენახვებოდი ასე. არადა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და გაოცება ვერ შევატყვე, თუმცა, ვერც იმას დავიჯერებ, რომ საშინაო ტანსაცმელსა და სათვალის მიღმა მიმზიდველი ქალი დაინახა.

მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. თვალები მაგრად დავხუჭე, რათა მეხსიერებიდან გამექრო ის ნაზი გამოხედვა, ამ სიტყვების წარმოთქმისას რომ ჰქონდა. რა დაემართა, დაბრმავდა? ეშმაკმა უწყის, რას ვგავარ, ის კი კომპლიმენტებით მავსებს. ეს დაცინვა არ არის? მაგრამ თუკი სიმართლეს ამბობდა? ნუთუ წარსულის შიში ისე მაქვს გამჯდარი სულში, რომ დღემდე მომდევს? იქნებ ამ შიშის გამო სამუდამოდ დავკარგე ბედნიერების შანსი? ნუთუ ხელიდან გავუშვი ჩემი ცხოვრების სიყვარული?

ჩემი ცხოვრების სიყვარული! თითქოს აღმოჩენა გავაკეთე! მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ბიბი ჩემი ცხოვრების სიყვარული ყოფილა!

ფეხზე წამოვხტი და კვლავ ფანჯარას ვეცი. სწორედ ამ დროს ბიბის მანქანა მოსახვევში მიიმალა. რა ვქნა, ხომ არ დავურეკო და მოვაბრუნო? ავწრიალდი. კარგა ხანს ვებრძოდი ჩემს თავს, არ მინდოდა ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა… ბოლოს გადავიფიქრე დარეკვა, აჯობებს, ორივენი დავმშვიდდეთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ყველაფერი და ცივი გონებით გადავწყვიტოთ, როგორ ჯობია.

ერთ რამეში ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული _ რომ ჩვენი მომავალი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში…



სამი დღის შემდეგ ისეთი ამბავი გავიგე, თავზარი დამეცა. მეგიმ დამირეკა და მოკითხვის შემდეგ თავზარდამცემი ინფორმაცია «მახარა».

_ იცი, ბიბი კიევში რომ გაემგზავრა?

ცხელი ტაფა, რომელიც ხელში მეჭირა, ლამის გამივარდა. ტაფა კი დავიჭირე, მაგრამ ხაჭაპური უშნოდ დაეპერტყა მაგიდაზე და შუაზე გადასკდა.

_ როდის წავიდა? _ სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვთქვი.

_ წუხელ. თენგოს კომპანიის სარეკლამო რგოლები იქ უნდა დაამზადონ.

_ და რამდენი ხნით?

_ თვის ბოლოს ჩამოვა. არ გილაპარაკია მასთან, ხომ?

_ არა. _ ყრუდ მივუგე და მუხლებმოკვეთილი სკამზე ჩამოვჯექი.

_ დებილი ხარ. ტყუილად გეჩიჩინეთ მაგდენი? როგორი გაუგონარი ხარ ხანდახან, რა. ფუჰ… არავის არ უსმენ. ასეთი კაცის ხელიდან გაშვება იქნება, გოგო? ძალიან გამაბრაზე, შენთან ლაპარაკიც არ მინდა! _ გამთათხა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.

გონს ვერ მოვდიოდი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც მოვისმინე. ეს როგორ გააკეთა? ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა. არც კი გავახსენდი _ დამტოვა დამსხვრეული გულით და სრულ სიმარტოვეში!

დეპრესია დამეწყო. არავის ნახვა არ მინდოდა, ვერც მუშაობას ვუდებდი გულს. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სამზარეულოში ტრიალიც არ მსიამოვნებდა. ადრე სტრესს სწორედ ეს მიხსნიდა, ახლა კი პირიქით, იქით გახედვაც არ მინდოდა.



ასე გავიდა ორი კვირა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბიბის სამსახურს მივადექი. იქ ვიღაც დათო გავიცანი, მისი თანამშრომელი, რომელმაც, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გულღიად მიმიღო და ბიბის სამუშაო კაბინეტში შემაცილა. ვიფიქრე, წერილს დავუტოვებ მაგიდაზე და რომ ჩამოვა, ნახავს-მეთქი. მინდოდა, ისეთი რამე დამეწერა, რაც აიძულებდა, ჩამოსვლისთანავე დაერეკა ჩემთვის. მაგიდა აკურატულად იყო მილაგებული. იქვე რამდენიმე ბლოკნოტი იდო. ორი მათგანი რაღაც შენიშვნებით აღმოჩნდა გაძეძგილი, მესამე _ ცარიელი. სწორედ ეს ბლოკნოტი დავიდე წინ და კალამი მოვიმარჯვე. ჩემდა გასაოცრად, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო წერილის წერა და, საერთოდ, რა დამეწერა. რამდენიმე ფურცელი გავაფუჭე, ამოვხიე, დავკუჭე და ჩანთაში ჩავიდე, რომ იქ არ დამეტოვებინა.

ბოლოს, როგორც იქნა, მოვაბი თავი და დავიწყე: «ბიბი, გამარჯობა!» მართლა არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისთავად დალაგდა ფურცელზე. წერილის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვინანიებდი მასთან უხეშად საუბარს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ბოდიშს ვუხდიდი და მისგან ახსნა-განმარტებას მოვითხოვდი, რატომ მომექცა ასე. თუ სათანადოდ არ დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნას, «ვემუქრებოდი», რომ კარავს დავცემდი მისი ოფისის წინ და შიმშილობას გამოვაცხადებდი, სანამ პასუხს არ გამცემდა. მე კი მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, რასაც მასზე ვფიქრობდი. «ბოლოს ისე წამოხვედი ჩემგან, რომ არაფერი არ ამიხსენი. ამჯერად არ მოგცემ უფლებას, იგივე გაიმეორო. გელოდები».

წერილი ასე მთავრდებოდა.



ის იყო, ღუმელი გამოვაღე და შოკოლადის ნამცხვარი უნდა გამომეღო, რომ ტელეფონმა დარეკა. მეგონა, ჩემი გოგოები მირეკავდნენ, ამიტომ არ ვიჩქარე. ნამცხვარი ლანგარზე გადავიღე და მხოლოდ ამის შემდეგ ავიღე ყურმილი.

_ ელ, გამარჯობა!

გული ისე შემიფრთხიალდა, თითქოს საგულიდან ამოფრინდაო. იმდენად იმოქმედა მისმა ზარმა, რომ მაგიდის კიდეს ჩავებღაუჭე, არ წავიქცე-მეთქი, სიხარულისგან მუხლები ამიკანკალდა.

_ გაგიმარჯოს. როგორ ხარ?

_ ამწუთას ჩამოვფრინდი, კიევში ვიყავი.

_ ვიცი.

_ შენი წერილი ვნახე და დაგირეკე.

_ აკი ამწუთას ჩამოვფრინდიო?

_ მინდოდა მეთქვა, ამწუთას შემოვედი კაბინეტში-მეთქი.

_ გასაგებია.

_ შენი ნახვა მინდა… _ ყოყმანის მსგავსი პაუზა გააკეთა, სანამ გააგრძელებდა, _ იმიტომ გირეკავ, რომ წინასწარ გაგაფრთხილო.

ხმაში აშკარად დაეტყო შეფარული ირონია, რამაც გამაცინა.

_ ვხედავ, შეცდომებზე სწავლობ. მეც მინდა შენი ნახვა. თუ ძალიან არ ხარ დაღლილი, იქნებ შემომიარო? შოკოლადის «ტორწიკი» გამოვაცხვე. _ «ტორწიკი» ხაზგასმით წარმოვთქვი.

_ მაცდუნებელია.

_ კიდევ ვაშლის «პეროგი» მაქვს, ქადები, კრუასანები და ათასი «წვრილეული». _ გავიხუმრე.

_ მაგარია! სიმართლე გითხრა, თვითმფრინავში არ მიჭამია, ამიტომ სიამოვნებით დაგეწვევი. თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.

ბევრი რამ მინდოდა მეთქვა. უნდა დამეწყო პატიების თხოვნით და «მე შენ მიყვარხარ»-ით დამემთავრებინა, მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ ეს ვუთხარი:

_ მოუთმენლად გელი.

_ უკვე მოვრბივარ! _ სიხარულით სავსე ხმით შესძახა და გამითიშა.

ყურმილი მკერდზე მივიდე და ისე ჩავიხუტე, თითქოს მინდოდა, მისი სიტყვები პირდაპირ გულში ჩასულიყო და გავეთბე.

თხუთმეტი წუთი…

უამრავი დრო მქონდა, თავი მომეწესრიგებინა. საძინებელში შევვარდი და სარკის წინ დავჯექი. ჯერ თმა ჩამოვიშალე, რომ ფენით დამევარცხნა, მერე კი მაკიაჟისთვის მიმეხედა, მაგრამ უეცრად შევჩერდი. მე ხომ გადავწყვიტე, ბოლომდე მართალი ვყოფილიყავი და ბიბი არ მომეტყუებინა? განა დატონიკებული სახე, ფენით გასწორებული თმა და საგანგებოდ ჩაცმულ-დახურული ბუნებრივი ელენე ვიქნებოდი? მან ისეთი უნდა მიხილოს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩემი აღიარება ამჯერად ბევრად გულწრფელი იქნება, დადგა დრო, გამოვემშვიდობო ძველ შიშებს და სისუსტეებს.

ამას წინათ, როცა უდროო დროს წამომადგა თავზე და ფორმაში არ ვიყავი, ისე ავნერვიულდი, თავი ხელში ვერ ავიყვანე, რადგან მეგონა, ჩემს დანახვაზე მაშინვე გატრიალდებოდა და უკანმოუხედავად გაიქცეოდა, როგორც წლების წინ. მაგრამ ახლა ასე არ მოიქცა. ის მოდის, ესე იგი, ბრუნდება. შესაძლოა, იმიტომ მოდის, რომ მითხრას, გიჟი ხარო. მერე რა? მითხრას, მშვიდად მოვუსმენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის შანსი ჩემთვის და იგი ხელიდან არ უნდა გავუშვა.

უკანასკნელად გავხედე ჩემი კოსმეტიკის «ყულაბას», მოდური ტანსაცმლით სავსე კარადას და დემონსტრაციულად გამოვედი ოთახიდან. კვლავ სამზარეულოს მივაშურე და სუფრის გაშლას შევუდექი. ისე ვღელავდი, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. მეშინოდა, ჩემს დანახვაზე სახე არ შეცვლოდა და უკან გაბრუნება არ მოესურვებინა.



თითქოს გულმა მიგრძნო, რომ მოვიდა. კარი გამოვაღე და ადგილზე გავშეშდი. ბიბისაც ჰაერში დარჩა აწეული ხელი, ზარის დასარეკად რომ შეემართა. გაოცებული მომჩერებოდა.

_ ვიფიქრე, კარს ღიას დავტოვებ-მეთქი, _ გავწითლდი და შემრცხვა, ტყუილი რომ ვთქვი.

ბიბი ხმას არ იღებდა. ცალი ხელი კვლავ აწეული ეჭირა, მეორეს კი ზურგს უკან მალავდა.

_ რამე მოხდა? _ მეც გაოცებული მივაჩერდი.

_ მოხდა.

_ რა? _ სუნთქვა შემეკრა, ვიფიქრე, საშინლად არ მოვეწონე და მიზეზს ეძებს უკან გასაბრუნებლად-მეთქი.

_ რა და… მინდოდა, ზარი დამერეკა, ამ დროს კარი თავისით გაიღო და ზღურბლზე ულამაზესი ქალი გამოჩნდა, რომელსაც ცხვირზე ფქვილის კვალი დარჩენია, ლოყაზე კი შოკოლადის.

მაშინალურად მოვისვი ხელი ჯერ ცხვირზე, მერე ლოყაზე.

_ ეს შენ, _ საზეიმო ხმით წამორთქვა და ზურგს უკან დამალული ჭრელი იების კონა გამომიწოდა. _ მართალია, ამას ანიუტას თვალებს ეძახიან, მაგრამ მე ელის თვალები შევარქვი.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ ეგ როდის მოხდა?

_ წეღან, გზაში, _ თვითონაც გაეცინა.

_ მადლობა, ბიბი, ძალიან ლამაზია, _ თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამ იებს სურნელი არ ჰქონდა.

_ იცი, როგორ გიხდება თმა ასე? _ შემომღიმა.

_ როგორ ასე?

_ გაფუმფულებული. გასწორებული როცა გაქვს, პარიკივით ჩანს, ახლა კი იმდენად ბუნებრივია, მინდა, შევეხო.

მისმა სიტყვებმა გული გამითბო. აჭარხლებული განზე გავდექი და შემოვიპატიჟე:

_ შემო. იმდენი ნამცხვარი გამოვაცხვე, ერთ საკონდიტროს ეყოფა.

_ გინდა, გამასუქო? ისედაც მოვიმატე წონაში ამ დღეებში. კიევში სულ ჭამას მაძალებდნენ. ეგონათ, რადგან სტუმრად ვიყავი, მერიდებოდა და მშიერი ვკვდებოდი… აუჰ, როგორი სურნელი ტრიალებს ჰაერში! ვაშლის, ვანილის და კაკაოსი.

_ მგონი, გეგმას გადავაჭარბე, _ წამოვიძახე სამზარეულოში შესულმა და ხელი მაგიდისკენ გავიქნიე, რომელიც ისე იყო გადავსებული, ნემსი არ ჩავარდებოდა.

_ მაგას რა ჯობია? რა არის ცუდი იმაში, რომ ცხობა გიყვარს?

_ მაშინ ვაცხობ, როცა ვნერვიულობ. _ ვაღიარე და შევხედე.

გაოცებამ გადაურბინა სახეზე, როგორც ჩანს, ჩემს თვალებში შიში გაკრთა და შეამჩნია. თუმცა, არც თვითონ იყო ჩემზე ნაკლებად შეშინებული. დაბნულობა რომ განემუხტა, ლოყაზე თითი ჩამომისვა და შოკოლადის ლაქა მომაცილა.

_ ფქვილიც დაგრჩენია ცხვირზე, წეღან ხელი კი მოისვი, მაგრამ სხვა ადგილას, _ გულიანად გაიცინა.

მეც გამეცინა.

_ მითხარი, ორივე რატომ ვნერვიულობთ? _ ვეღარ მოითმინა და მკითხა.

_ ორმილიონიანი შეკითხვაა, _ მივუგე პასუხად და შევბრუნდი, რათა კარადის თავზე შემოდებული ლარნაკებიდან იებისთვის სათანადო ზომის შემერჩია. თან საშუალება მივეცი ბიბის, კარგად შევეთვალიერებინე დაუხატავი, უმაკიაჟო და საშინაო ტანსაცმელში.

იმ დრამატული დღის გარდა, თავზე გაუფრთხილებლად რომ წამომადგა და შოკში ჩამაგდო, არასდროს ვუნახავვარ საშინაო ფორმაში. დახეული ჯინსის შარვალი მეცვა, მოკლე, დათბილული მაისური და ბეწვის ჩუსტები.

_ შენ ჩემს კითხვას არ უპასუხე. _ შეცვლილი ხმით მითხრა.

ღიმილით შემოვბრუნდი მისკენ.

_ რამდენი გაქვს დრო? ცოტა ხანს მაინც დარჩები? _ სიტყვა ბანზე ავუგდე.

_ არსად არ მეჩქარება. _ ამ სიტყვებით სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა, _ რაც უფრო მალე გავარკვევთ ყველაფერს, მით უფრო გემრიელად მივირთმევ შენს კულინარიულ შედევრებს. დღეს უნდა გითხრა, რატომ გაქციე ზურგი რვა წლის წინ და რისი კომპლექსიც მაწუხებდა.

ჩემი ნერვიული ჩაცინება, იებით ხელში აქეთ-იქით ბორიალი და აშკარა დაბნეულობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ვფორიაქობდი. მას ჩემი აღელვება არ გამოჰპარვია.

_ მართალი ხარ, _ ვთქვი ამოოხვრით, ლარნაკი წყლით გავავსე და იები ჩავდე, _ არ ვიცი, საიდან დავიწყო.

_ ოღონდ არ მითხრა, რომ შენც საშინელი საიდუმლოს გამხელას აპირებ. _ ვითომ გაიხუმრა, მაგრამ ისე დავიძაბე, შევკრთი. ისე ავკანკალდი, ლამის მოვიკვნიტე ქვედა ტუჩი და რადგან იები ფანჯრის რაფაზე შემოვდგი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. საკუთარ თმას წავეტანე და თითზე დავიხვიე.

_ შენ ხომ აპირებ საიდუმლოს გამხელას? _ დავაზუსტე, _ ჰოდა, შენვე დაიწყე. _ ძლივს ამოვღერღე სათქმელი.

_ კარგი, დავიწყებ, ოღონდ დაჯექი.

_ ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე? _ შუბლი შევიჭმუხნე და ცხვირზე წამოკოსებული სათვალე თითით ავიწიე. მან თვალი გააყოლა ჩემს თითს და ისე შემომხედა, მივხვდი, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ სათვალე მეკეთა.

_ ძალიან მოდური სათვალეა, მაგრამ მაინც სკოლის დროინდელ ელენეს მაგონებ.

_ წამო, სასტუმრო ოთახში გადავიდეთ, უფრო მყუდროდ ვიქნებით. დალევ რამეს? _ დროს ვწელავდი, რომ დავმშვიდებულიყავი.

_ სიამოვნებით, მაგრამ ახლა არა. მირჩევნია, ჯერ ჩემი სათქმელი მოვამთავრო.

_ არც ნამცხვრები წამოვიღოთ?

_ არა. მერე ისევ დავბრუნდეთ… თუ ამის ხასიათზე ვიქნებით.

კანი ამეხორკლა მის სიტყვებზე. განა რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მისი საიდუმლოს გაგების შემდეგ მასთან ვახშმობის სურვილი გამნელებოდა? უსიამოვნო წინათგრძნობამ დამრია ხელი.

სასტუმრო ოთახში გავედი და დივანზე დავჯექი. ბიბი გვერდით მომიჯდა. მხრით ვეხებოდით ერთმანეთს. ამჯერად აღარ გავიწიე, თუმცა დამფრთხალი მზერით ვიყურებოდი. ბიბი რაღაცნაირად შეირხა, მერე ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი ამოიღო. მერე მომუჭული ხელი პირთან მიიტანა და ჩაახველა. მივხვდი, საჭირო სიტყვებს ეძებდა «აღსარების» დასაწყებად.

_ შენთვის იმ საღამოს მინდოდა სიმართლის თქმა, სამსახურიდან რომ დაგირეკე და მოსვლას შეგპირდი, მაგრამ პრობლემების გამო ვეღარ შევძელი თავის გათავისუფლება და ვერ მოვაღწიე აქამდე. შემდეგ უდროო დროს მოვედი, გაუფრთხილებლად და ისეთ ფორმაში გნახე, შენ რომ არ ისურვებდი. დღეს შენ ყველაფერს გაიგებ, მაგრამ იმისთვის, რომ მიხვედრა გაგიადვილდეს, ჯერ ეს ნახე, _ მან თითებში შეათამაშა ფურცელი და გამომიწოდა.

ფურცელი გამოვართვი, გავშალე და დავხედე… რაღაც ნაწერი იყო, მაგრამ ისეთი აბდაუბდა, თავი და ბოლო ვერ გავუგე. უშინაარსობას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ჩაყლაპული ასოები სრულიად უაზროს ხდიდა თითოეულ წინადადებას. გარდა ამისა, ერთ სწორ სტრიქონზე კი არ იყო სიტყვები განლაგებული, არამედ ზიგზაგებად.

_ ეს რა არის? ვისი ნაწერია? მეორეკლასელი ბავშვის? _ გაოცება ვერ დავმალე.

_ არა, ეს მეათეკლასელი ბიჭის ნაწერია. წესით, თავისუფალი თემაა, სათაურით: «ვინ უნდა გამოვიდე».

_ მაგრამ… _ საშინლად დავიბენი, _ მაგრამ ეს მეათეკლასელის ნაწერს არ ჰგავს… დამცინი?

_ არ დაგცინი.

_ აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ სწორედ ამის ახსნა მინდოდა შენთვის… მე სკოლის პერიოდში დიდი დეფექტი მქონდა… ცოტა ახლაც მაქვს, ბოლომდე ვერ განვიკურნე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სწორედ ამიტომ წავედი.

_ რა დეფექტი? _ გაოცებული მივშტერებოდი. _ ვერაფერი გავიგე.

_ მე დისლექსიით ვიყავი დაავადებული. ამის ნათელი დადასტურებაა ეს ნაწერი, რომელსაც წლებია, ვინახავ.

_ დისლექსია? მატყუებ? ტეტეს არასდროს უთქვამს, რომ დისლექსია გჭირდა.

_ ტეტემ არ იცოდა. არავინ არ იცოდა, არც ერთმა ჩემმა კლასელმა. მასწავლებლებმაც კი არ იცოდნენ. ეგონათ, გონებაჩლუნგი ვიყავი და შეთვისების უნარი არ მქონდა. ჩემმა მშობლებმაც გვიან გაიგეს, როცა დედაჩემს თავისმა თანამშრომელმა უთხრა, რომლის შვილიც ზუსტად ჩემსავით იყო ავად.

_ დისლექსია ავადმყოფობა არ არის. აინშტაინსაც სჭირდა იგი, ლეონარდო და ვინჩისაც…

_ ვიცი, ვიცი. ამბობენ, ჯორჯ ბუშიც იტანჯებოდა დისლექსიით და ტომ კრუზიც ასეთივე დღეშიაო, მაგრამ ეს ჩემთვის შვება ნამდვილად არ არის.

_ მაპატიე, მაგრამ მე ვერაფერს გატყობ… არც სკოლის პერიოდში შემიმჩნევია.

_ იმიტომ, რომ მაშინ ისე ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან. ახლა კი ისე აღარ მაწუხებს, ვიმკურნალე და დღემდე ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.

_ და რაში გამოიხატებოდა შენი დეფექტი?

_ იმაში, რომ წესიერად კითხვაც კი არ შემეძლო. დამარცვლით ვკითხულობდი, წერით კი საერთოდ ვერ ვწერდი. ასოებს ვყლაპავდი, წინადადებებს ვერ ვაყალიბებდი წერილობით, გაკვეთილს ვერ ვყვებოდი, დამახსოვრების უნარი საერთოდ არ მქონდა.

_ ნიუ-იორკში იმკურნალე?

_ რა თქმა უნდა, საუკეთესო სპეციალისტებთან, ლოგოპედებთან… ბიძაჩემი თან გადამყვა. შენ არც იცი, რომ სკოლა სამი წლით გვიან დავამთავრე. უფრო სწორად, ატესტატი მომცეს სამი წლის შემდეგ, რადგან გამოცდები ვერ ჩავაბარე. არც ეს იციან ჩემმა მეგობრებმა. მერე დროებით ჩამოვედი ამერიკიდან, გასაუბრება გავიარე ყველა საგანში და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს დიპლომი. მერე ისევ გავემგზავრე და სწავლა იქ გავაგრძელე… აბა, როგორ მოგწონს?

უკვე აღარ ვიღუშებოდი, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

_ დიაგნოზი როგორ დაგიდგინეს?

_ ამ ნაწერის მიხედვით. იმიტომაც ვინახავ.

ისე შემეცოდა, უფრო ახლოს მივიწიე მისკენ და მხარზე მივეკარი.

_ წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეებს გამოივლიდი სკოლის პერიოდში. მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი უკან მოიტოვე. შეხედე, როგორი წარმატებული ხარ, ერთ-ერთი საუკეთესო შენს პროფესიაში.

_ ჰოდა, ამიტომაც ვათენებდი ღამეებს, სანამ რეკლამის პროექტს გავაკეთებდი და პრეზენტაციისთვის მოვემზადებოდი. ქართულად ჯერ კიდევ მიჭირს ტექსტების წერა, ნაწერის წაკითხვა და აღქმა. სამაგიეროდ, ინტუიცია მაქვს კარგად განვითარებული და შინაგანი ალღო ბევრ რამეს მკარნახობს. წარმოიდგინე, ტექსტებს ლამის სამ განზომილებაში ვხედავ, რაც მეხმარება კიდევაც, არაორდინარული იდეები მომივიდეს თავში და მომგებიანი პროექტები განვახორციელო. შენ კი გეგონა, რომ ჩემთვის კარიერა იყო მთავარი. რა თქმა უნდა, კარიერაც მთავარია, მაგრამ არა უმთავრესი. კიევში რომ ვიყავი, ისე მოვეწონე იქ მსხვილი ფირმების წარმომადგენლებს, დარჩენა შემომთავაზეს, კარგ სამსახურს და მაღალ ანაზღაურებას შემპირდნენ. პრინციპში, ჩემთვის მომგებიანი ნამდვილად არის, საქართველოში დიდი გასაქანი ჩემისთანა ადამიანს არა აქვს. მით უფრო, რომ ქვეყანაზე არავის იმედი არა მაქვს. ჩემს მშობლებსაც კი ჩაქნეული ჰქონდათ ჩემზე ხელი, ეგონათ, განუვითარებელი ვიყავი და რომ არა ასაკი, ალბათ გონებაშეზღუდულთა სკოლაში მიკრავდნენ თავს.

_ დედაშენის თანამშრომელი მოგევლინა მხსნელად, არა?

_ და ბიძაჩემი. მან დაიჟინა, მე წავიყვან და ნიუ-იორკში ვუმკურნალებო.

_ კარგი ბიძა გყოლია.

_ მაგარი! ვიმკურნალე, ვისწავლე, როგორ უნდა მებრძოლა ამ დეფექტის წინააღმდეგ და გამომივიდა. მას შემდეგ უკან აღარ გამიხედავს.

_ მიხარია. შენ უნდა იამაყო შენით.

გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. სათქმელს თავს ძლივს ვუყრიდი.

_ ვამაყობ, მაგრამ ერთ რამეს ვნანობ: იდიოტივით მოვიქეცი იმ საღამოს, ტეტეს დაბადების დღეზე და აქამდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. მაგრამ შემეშინდა. მეგონა, შენ ყველაფერს ხვდებოდი.

_ იმის გამო გაიქეცი, რომ დისლექსია გჭირდა? _ თვალი თვალში გავუყარე.

_ მე შენ ყოველთვის მომწონდი, მაგრამ მერიდებოდა ამის გამოხატვა. ჯერ ერთი, ჩემი მეგობრის და იყავი, მეორეც _ ჩემი გაჭირვება მქონდა, ამიტომ სიახლოვეს არა მარტო შენთან, ყველასთან გავურბოდი. მეგონა, მართლა უნიჭო ვიყავი და განათლებას ვერასდროს მივიღებდი ჩემი ჩამორჩენილი გონების გამო. ვიცოდი, შენ რომ განსხვავვებული იყავი და სხვებს არ ჰგავდი, მაგრამ მაინც გერიდებოდი. მეგონა, შენს ყურადღებას ვერასდროს მივიქცევდი, მაგრამ იმ საღამოს ვიგრძენი, რომ ძალიან ახლოს მოხვედი ჩემთან. თვალებში ცეცხლი გენთო, როცა მელაპარაკებოდი.

_ ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ჩემმა გარეგნობამ კი არა, შენმა დეფექტმა შეგაშინა და იმიტომ მაქციე ზურგი?

ბიბი მთელი ტანით ჩემკენ შემოტრიალდა და გაოცებულმა შემომხედა.

_ საიდან მოიტანე, რომ შენმა გარეგნობამ შემაშინა? რა შუაშია ეგ?

შემცბარმა თითი სათვალისკენ გავიშვირე:

_ ამის გამო… კიდევ კიკინებით რომ დავდიოდი, უცნაურად ვიცვამდი, თმას ბიჭივით ვიკრეჭდი… რა ვიცი, გოგოს არ ვგავდი და…

_ მე ვერ ვამჩნევდი ამეებს, რა სისულელეა.

სიხარულისგან ავმჩატდი, მაგრამ მაინც ფრთხილად გავხედე, რათა დავრწმუნებულიყავი, სანდო იყო თუ არა მისი სიტყვები. მისი ცისფერი თვალები, ახლა ლურჯი რომ გახდომოდა, გულწრფელობისგან ბრწყინავდა.

_ აბა რას ამჩნევდი? _ შევეკითხე და სუნთქვა შევიკარი.

იგი ჩემკენ გადმოიხარა და თითის წვერები მიმოატარა ჩემს სახეზე. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა.

_ მე ვამჩნევდი საოცარ გოგონას, რომელიც ძმას და მამას უვლიდა, რომელიც თავს არ იზოგავდა, რომ კლასში პირველი ყოფილიყო. და ეს ჭკვიანი, სიმპათიური გოგონა იმ საღამოს ისე მიყურებდა, თითქოს ძალიან ვაინტერესებდი. მისი მახვილგონიერი რეპლიკები გულიანად მაცინებდა და მივხვდი, რომ შენში უკვე იკვეთებოდა იდუმალი ქალის ნიშნები.

_ მაგრამ შენ მაინც წახვედი ჩემგან. _ თვალს არ ვაშორებდი, თითქოს მზერით ვიჭერდი, რომ არ გამქცეოდა.

_ გახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, სანამ კოცნას დაგიპირებდი?

მაგას რა დამავიწყებდა, იმ საღამოს ყველა წვრილმანი დღემდე ზეპირად მახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, დავიწყებას ვცდილობდი. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ ერთმანეთს მომავლის ოცნებებს ვუზიარებდით.

_ მართალია. ისე შემიყოლია შენთან საუბარმა, კინაღამ წამომცდა ჩემი საიდუმლო. სწორედ იმ დღეებში გავიგეთ, რა მჭირდა და ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. შენ, შენი ჭკუით, მივხვდი, რომ შორს წახვიდოდი, მე კი ჩემი თავი არაფრის მაქნისად მიმაჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი.

გული მომეწურა, როცა ეს მითხრა. ხელები დავუჭირე და შევეხვეწე:

_ ძალიან გთხოვ, მეტი არაფერი თქვა…

_ ნება მომეცი, დავამთავრო! _ ახლა თვითონ დამიჭირა ხელები, _ შენ იმ საღამოს ისეთი ლამაზი იყავი… ბრწყინავდი ბედნიერებისგან. მეც შენთან ერთად ვოცნებობდი, მაგრამ მერე ბიჭები გამოჩნდნენ და მათმა სიცილმა რეალობაში დამაბრუნა… და შემეშინდა, ასე ახლოს რომ მოგიშვი… შენ მეოცნებე იყავი, მე კი ვერაფერს გავაკეთებდი შენთვის. მივხვდი, რომ უნდა მიმეტოვებინე… ამიტომ ავყევი ბიჭებს და მიგატოვე…





ისე ვიყავი დაბნეული, ხმას ვერ ვიღებდი, არადა, მეც მინდოდა, სიტყვა ჩამეგდო. მთელი ეს წლები სრულიად სხვანაირად ვხსნიდი იმ საღამოს მოვლენებს. ბიბის სიტყვებმა კი თავზარი დამცა, სრულ შოკში ვიყავი.

_ შენ მართლა ლამაზად გეჩვენებოდი? არ მატყუებ? არადა, ყველა «დარტყმულს» მეძახდა, დაგავიწყდა? _ როგორც იქნა, ენა ამოვიდგი.

_ სამაგიეროდ, ყველაზე მომხიბვლელი «დარტყმული» იყავი, _ გამიღიმა.

ლამის სუნთქვა გამიჩერდა, როცა მისი ტუჩების ოდნავი, პეპელას ფრთასავით შეხება ვიგრძენი ლოყაზე. სულ ოდნავ მოვაბრუნე თავი და… ჯილდოც მივიღე _ ისე მეძგერა ტუჩებში, ყველაფერი დამავიწყა ამქვეყნად.

როცა ბიბი ასე მკოცნიდა, თავი ყველაზე ლამაზად მიმაჩნდა, ყველაზე სასურველად, ყველასგან გამორჩეულად. წამით ისიც კი დავიჯერე, რომ ერთად ყოფნის დიდი შანსი გვქონდა… მაგრამ შანსი აღარ იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ამბობდა იგი, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მის სიყვარულს ვნატრობდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს კაცი ჩემთვის არ იყო შექმნილი. ვერასდროს შევურიგდებოდი იმას, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეეძლო ჩემთვის ზურგი ექცია და კარიერის გამო ქვეყნის დასალიერამდე ჩაერბინა.

თითქოს გულმა უგრძნო, რასაც ვფიქრობდი, წამით გაირინდა, მერე თავი უკან გადასწია და ხელისგულები სახეზე შემომაჭდო. მის თვალებში ბუნდოვანი შიში იკითხებოდა.

_ რამე ისე ვერ არის?

როგორ ვერ ვიტანდი ამ შეკითხვას. თითქოს ფილმებიდან ყოფილიყოს გადმოფრენილი, ყველაზე ბანალური სასიყვარულო ფილმებიდან… ჰოდა, ახლა სიმართლეს ვეტყვი. დღეს ერთმანეთისთვის საიდუმლო არ უნდა დაგვრჩეს. თეორიულად ყველაფერი მარტივი ჩანდა, მაგრამ პრაქტიკულად გამიჭირდა, რადგან ნამდვილი ტანჯვაა, გული ატკინო საყვარელ ადამიანს, რომელიც უდიდესი სიყვარულით შემოგცქერის. გამიჭირდა სიტყვების თავმოყრა, არ ვიცოდი, სათქმელი როგორ დამეწყო. ნერვული სტრესისგან ხელისგულები გამიოფლიანდა.

_ განა შენ არ გაინტერესებს, რატომ გავგიჟდი იმ დღეს, მოულოდნელად რომ დამადექი თავს?

_ ამას მნიშვნელობა აქვს? _ შემცბარი ღიმილით მკითხა.

_ რა თქმა უნდა. _ დაე, გაიგოს სიმართლე, ვფიქრობდი აღელვებული.

_ ელ, რა გემართება?

უხალისოდ ჩამოვაღებინე ხელისგულები ჩემი სახიდან. ამწუთას გააზრება და ლაპარაკი არ შემეძლო, საღი განსჯნის უნარი მქონდა დაკარგული. ჩემი აღიარების მევე მეშინოდა. ვიცოდი, სასწორზე ვდებდი ჩემს ბედნიერებას, მაგრამ სრულიად გააზრებულად _ წინ, მომავლისკენ ვიხედებოდი და თავს ვიზღვევდი… უფრო სწორად, ჩემს ბედნიერებას ვაზღვევდი.

როგორც იქნა, ავლაპარაკდი. ხელი ავწიე და ზემოდან ქვემოთ ჩემს სხეულს ჩავაყოლე.

_ აი, ასეთი ვარ სინამდვილეში: არაგლამურული, არაელეგანტური, არასუპერმაგარი.

_ შემიძლია შეგეკამათო! არაერთხელ მინახავს შენი მოდური ჩასაცმელები და «მაგრობა» კაბები.

სევდიანად გავაქნიე თავი.

_ ეს ჩასაცმელები, კოსმეტიკა, ვარცხნილობები ილუზიაა, ნიღაბი, რომელსაც საკუთარი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად ვატარებ, თან მხოლოდ მაშინ, როცა შინიდან გავდივარ.

ბიბი უკვე აღარ იღიმოდა, ცდილობდა, ჩაწვდომოდა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას.

_ შენ ხომ ჭკვიანი და ძალიან ლამაზი ხარ. რაში გჭირდება ასეთი ნიღაბი?

სახე ხელებით დავიფარე, არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის ყველაფერი ისე, რომ შტერი გოგოს შათაბეჭდილება არ დამეტოვებინა.

_ ელ, მენდე, გთხოვ!

მან ხელები ჩამომაღებინა და შებლი შეიჭმუხნა.

_ შენთვის ეს ძნელი გასაგები იქნება, ბიბი!

_ შევეცდები.

იგი ხელს არ მიშვებდა, მე კი მადლიერი ვიყავი _ მისი ხელისგულების სითბო დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე.

ღრმად ამოვიოხრე, საბოლოოდ გადავწყვიტე, სათქმელი ბოლომდე მეთქვა და გავაგრძელე:

_ ახალი იმიჯი რომ შევიქმენი, შენი დამსახურებაა. აი, მაშინ, ტეტეს დაბადების დღეზე, პირველი შემთხვევა იყო, როცა კაბა ჩავიცვი, ტუჩები შევიღებე და კონტაქტური ლინზები ჩავისვი. სწორედ მაშინ შემამჩნიე შენ. გარდა ამისა, პირველად დაინახე ჩემში ქალი. და ეს მშვენიერი იყო.

_ მაგრამ მე შენ ხელი გკარი.

_ მერე რა… _ შევეცადე, ღიმილით შემემსუბუქებინა ტკივილი, რომელიც ჩემს «მერე რა»-ში გაისმა, _ შენ მე ფასდაუდებელი სამსახური გამიწიე. ერთად გატარებული დრო, სიცილი, საუბარი, ფლირტი… ადრე მსგავსი არაფერი გამომეცადა. მინდოდა, იმ საღამოს მერე სულ ასე გაგრძელებულიყო. თუკი ამისთვის საჭირო იქნებოდა სხვანაირი გავმხდარიყავი, მზად ვიყავი გამერისკა. _ დარცხვენით გავიღიმე, _ მომიწია, კარდინალურად შემეცვალა ჩემი იმიჯი. თავდაპირველად პროფესია შევარჩიე ისეთი, სადაც წარმატებას გარეგნობა და თავდაჯერებულობა განსაზღვრავდა და იძულებულს გამხდიდა, ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავი.

_ და რა?

_ გარეგნობის შეცვლა ადვილად შევძელი, მაგრამ შიგნით, სულის სიღრმეში, ვერაფერი მოვუხერხე ჩემს თავს. ისევ ისეთი მშიშარა და კომპლექსიანი დავრჩი, როგორიც ვიყავი _ საკუთარ თავში დაურწმუნებელი სუსტი გოგონა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ჩემი საიდუმლო ვინმეს არ გაეგო. ასე რომ, მე ვიმალები ჩემი ბიზნესის, მოდური სამოსის, იმიჯის უკან და ახლოს არასდროს არავის ვუშვებ.

_ რატომ, ელ?

_ იმიტომ, რომ ყოველთვის ვკარგავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. _ ამოვიჩურჩულე. _ ამის აღიარება ადვილი არ იყო და ბიბი ამას მიხვდა.

_ მამაშენს გულისხმობ?

_ დედას, მამას, ძმას… ყველამ მიმატოვა.

_ მე არ გიხსენებივარ. მეც ხომ მიგატოვე.

_ შენც, მაგრამ ეს სხვა ტკივილი იყო. დედა ძალიან ადრე გარდამეცვალა, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მამის გარდაცვალება კიდევ უფრო განვიცადე, რადგან უკვე დიდი ვიყავი და უკეთ მესმოდა, რას ნიშნავდა დაობლება. ამასთან, მას ვალები დარჩა, რის გამოც მე და ტეტეს ბინის გაყიდვა მოგვიხდა. ცარიელ-ტარიელი დავრჩით. ბოლოს ტეტეც წავიდა ბათუმში და სრულ სიმარტოვეში ამოვყავი თავი. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და იმდენს მივაღწიე, რომ ბინაც ვიყიდე და კარიერაც ავიწყვე. სრულიად მარტომ, სხვების დახმარების გარეშე.

_ რა საშინელი მოსასმენია, რომ იცოდე… ალბათ არასდროს მაპატიებ…

უსიამოვნო მოგონებებმა გული დამიმძიმა. მარტოობა, სიცარიელე, შიში და სასოწარკვეთა წლების განმავლობაში საკუთარი ლანდივით დამდევდა თან.

_ ამის მერე ჩავიკეტე ჩემს თავში და პირობა დავდე, რომ ემოციური სიახლოვე არასდროს არავისთან მქონოდა. გარისკვა არ მიღირდა იმ ტკივილად, რასაც მათი დაკარგვით განვიცდიდი.

_ ემოციური სიახლოვე… რა ლამაზი ნათქვამია, ელენე.

თავი ავწიე და ირიბად გავხედე. უცნაური გახდომოდა მზერა, ამწუთას თვითონ ჰგავდა მარტოხელას და მიტოვებულს.

_ და მე? _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ მკითხა.

_ შენ? რა შენ? _ შეკითხვამ დამაბნია და იატაკს ჩავაჩერდი.

ნიკაპქვეშ ამომდო თითი და ჯიქურ ჩამხედა თვალებში.

_ მე არ გიღირვარ რისკად?

მზერა ავარიდე და ჯინსის ჩამოშლილ ძაფებს თითზე დავუწყე დახვევა.

_ შენ ერთადერთი არა ხარ, ვინც მიუტოვებიათ. იცი, მეც რამდენი წელი ვიტანჯებოდი ამის გამო?

_ დისლექსიის გამო?_ გაოცებულმა ავხედე.

თავი დამიქნია.

_ ყოველთვის გავურბოდი ახლო ურთიერთობებს. მხოლოდ ხანმოკლე რომანებით შემოვიფარგლებოდი. არასდროს არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, ყოველთვის მეგონა, რომ ახლო ურთიერთობის უფლება არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ ფინანსური წარმატებისთვის მიმეღწია. ეს სენი ზღუდესავით იყო ჩემ წინ აღმართული. მართალია, თითქმის განვიკურნე, მაგრამ სულ თან მდევდა აზრი, რომ სხვებზე უნიჭო ვიყავი. ახლაც კი დეფექტად მივიჩნევ ამას, ამიტომ ამ დეფექტის კომპენსირება ფულით უნდა მომეხდინა.

_ სრულყოფილი არავინაა.

_ ვიცი, მაგრამ ჩემი მშობლების ქორწინება რომ მახსენდებოდა, ძალიან ვიძაბებოდი. ისინი წესიერად არასდროს მომფერებიან, არც ვიცი, რატომ უნდა შეუღლებულიყვნენ, როცა ერთმანეთი არ ჰყვარებიათ. ჩემთან დამოკიდებულებაშიც კი ცივები იყვნენ, თითქოს დაქირავებული აღმზრდელები ყოფილიყვნენ.

_ რა საშინელებაა!

_ ამიტომ მეც გავურბოდი თბილ ურთიერთობებს, მეც მშიშარა ვიყავი და არავინ მყავდა გვერდით ისეთი, ვისაც ჩემი გამხნევება შეეძლო, ვინც წამახალისებდა და გულს გამიკეთებდა… დღევანდელ დღემდე. წეღან გკითხე, გიღირვარ თუ არა რისკად-მეთქი. იქნებ ჩემი აღიარების შემდეგ მაინც გაგიადვილდეს პასუხის გაცემა. არასდროს ვყოფილვარ ასეთი გულწრფელი. მე შენ მიყვარხარ და სწორედ შენთან მინდა მქონდეს ნამდვილი ემოციური სიახლოვე. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილნი.

ვგრძნობდი, მის ყოველ სიტყვაზე როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიხარულით. მივხვდი, რომ მზად ვიყავი, დამეჯერებინა მისთვის და გამერისკა, მაგრამ რაღაც მეწეოდა უკან. მან ერთხელ უკვე მიმატოვა. რა გარანტია მქონდა, რომ მეორეჯერაც არ მოიქცეოდა ასე? მით უმეტეს, მისთვის ყველაზე ძვირფასი კარიერა იყო, ჩემზე ძვირფასიც.

კვნესით ამოვიოხრე. ამწუთას მძულდა ჩემი თავი იმის გამო, რაც უნდა გამეკეთებინა. ზლაზვნით წამოვიმართე.

_ არა, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. _ ამ სიტყვებით გავტრიალდი და სამზარეულოში გავედი, თან ცრემლებს ვყლაპავდი, რომ არ ავღრიალებულიყავი.

_ მე არ წავალ აქედან.

_ წახვალ!

_ არასდროს არ წავალ არც აქედან და არც შენგან.

მოულოდნელობისგან შევხტი, რადგან მისი ხელი ვიგრძენი ზურგზე. არ ვიცი, როდის მომიახლოვდა, თავგზა მქონდა დაკარგული, მაგრამ როგორც კი შემეხო, ჩემი დამემართა. ცივად შემოვბრუნდი. დროზე უნდა მომეღო ბოლო ამ ტანჯვისთვის.

_ წახვალ! როგორც კი მორიგ მაცდუნებელ წინადადებას მიიღებ, მაშინვე გაიქცევი. სამსახური შენთვის მთელი ცხოვრებაა. მის გარეშე არ შეგიძლია.

რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელით შევაჩერე და გავაგრძელე:

_ თავად აღიარე წეღან. როცა დისლექსიაზე მიყვებოდი, ყველაფერი ნათელი გახდა. კარიერულ კიბეზე ყოველი ახალი საფეხური სისუსტეზე გამარჯვებას ნიშნავს, თავდაჯერებულობას, იმის მტკიცებულებას, ვისაც შენი არ სჯეროდა. მე ეს მესმის, ამიტომაც პატივს გცემ. მაგრამ არ ვარ მზად, ჩემი გული ჩაგაბარო, რათა მერე კიდევ ერთხელ მომაყენო ტკივილი, როცა შენი კარიერული მწვერვალის დასაპყრობად გაიქცევი.

ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მშვიდად მოისმინა ჩემი ტირადა.

_ როგორ ფიქრობ, ჩემი ნაკლის შესახებ რატომ მოგიყევი?

ფრთხილი მზერა ვესროლე. თუ დავუფიქრდებოდი, მას შეეძლო არაფერი ეთქვა თავის წარსულზე, მით უფრო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც ჩვენ შორის ბოლო ხანს ხდებოდა.

_ არ ვიცი.

მან ხელები ჯიბიდან ამოიღო და ჰაერში ასწია. ეს იყო ჟესტი, არაფერს ვმალავო.

_ იმიტომ, რომ გენდობი. ბოლო დროს მეც ბევრს ვფიქრობდი ჩემს სამუშაოსადმი ფანატიკურ დამოკიდებულებაზე და მივხვდი, რაც უფრო მეტად ვეფლობი მუშაობაში, მით უფრო მიმსუბუქდება ფიქრი პრობლემაზე, იმის ნაცვლად, რომ მის გადაჭრაზე ვიფიქრო. მე ყველაფერი მოგიყევი და შენ გამიგე, მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ. მეგონა, სულიერი მეგობარი ვიპოვე. თუკი შენი გრძნობა ჩემი გრძნობის ნახევარს მაინც უდრის, ვფიქრობ, ბრძოლის გაგრძელება ღირს.

მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი. ცრემლები ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე. თვალები ისე დამებინდა, იძულებული გავხდი, სათვალე მომეხსნა.

_ ელ, საყვარელო…

სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი მომხვია, მკერდზე მიმიკრა და ჩამიხუტა. თავი მის მკერდში ჩავმალე და ცრემლებს გზა მივეცი. ასე თავისუფლად არასდროს მიტირია. ასეთი თავისუფლება ჩემს ცრემლებს აქამდე არ უგრძნიათ. ბიბი თმაზე ხელს მისვამდა, მეფერებოდა და ჩურჩულით მაწყნარებდა.

როცა, ბოლოს და ბოლოს, თავი ავწიე, გაოცება გამოეხატა თვალებზე. ალბათ ნამტირალევს სახე მქონდა დასივებული.

_ ნუ მიყურებ, ალბათ შემაშინებლად გამოვიყურები.

_ შენ გამოიყურები, როგორც ქალი, რომელიც მიყვარს.

თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან და განზე გავდექი.

_ მე არ ვარ ის ქალი და ამას ახლა ორივენი ვხვდებით. შენ მხიარული ხარ, ენერგიული, ურთიერთობის მოყვარული, მე კი მორცხვი, ჩაკეტილი. შენ სულ მოძრაობაში ხარ, მე კი სახლიდან გასვლა მეზარება. შენთვის პირველ ადგილზე სამსახურია, ჩემთვის…

_ დამშვიდდი… _ თითი ტუჩზე მომადო, _ სწორედ ამაზე მინდოდა შენთან მესაუბრა. კიევში მართლა კარგი სამსახური შემომთავაზეს, ბინასაც შემპირდნენ და კომფორტსაც, მაგრამ არ დავრჩი, იმიტომ, რომ შენთან მინდა ყოფნა. ჯანდაბამდის გზა ჰქონია კარიერას, შენს სიახლოვეს თუ არ ვიქნები. არსებობს ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც და ეს «რამე» შენ ხარ.

შევყოყმანდი. ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ასე ვუყვარვარ? დავიჯერო, რომ ჩემ გამო უარი თქვა ბრწყინვალე მომავალზე?

_ მე მიყვარს შენი მგრძნობიარობა და სითბო, შენი ჩაცმულობა, ეს სათვალეც, ეს დახეული ჯინსიც, აფუებული და გაპუწული თმაც, უფორმო მაისურიც და ცრემლებიც. მე შენ მიყვარხარ ახლა და მეყვარები ყოველთვის, ღრმა სიბერემდე, როცა ჭაღარა, კუზიანი, უკბილო და ნაოჭებით დახუნძლული იქნები. როგორ მოგწონს ჩემი აღიარება? მადლობა, რომ მომისმინე. _ სხაპასხუპით მომაყარა.

მეგონა, გული შუაზე გასკდებოდა ბედნიერებისა და ამ გიჟი, გადარეული მამაკაცის სიყვარულისგან, მამაკაცისა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ნაზი გრძნობები გამიღვიძა.

ნეტავ რას ვუცდი? რატომ ახლავე არ ჩამოვეკიდები ყელზე?

_ დარწმუნებული ხარ, რომ ამდენ წელს გამიძლებ? _ ეშმაკურად შევხედე.

_ ასი პროცენტით. _ მიპასუხა და ჩემი ირიბი თანხმობით გახარებულმა მთელი სახე დამიკოცნა. სულშეგუბული მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი _ ეს კოცნა არასდროს დამთავრებულიყო.

_ ესე იგი, კუზიანიც გეყვარები?

_ ჩემგან თავს მაშინაც ვერ დააღწევ, როცა ჩვენი კბილების პროთეზები საწოლის თავთან, ჭიქაში იდება.

_ რა რომანტიკულია!

ორივეს გაგვეცინა.

_ მე მგონი, ელენე კოკაია ცუდად არ ჟღერს, რას იტყვი?

_ ეს ოფიციალური წინადადებაა? _ ისევ ეშმაკურად შევხედე.

_ პირველი ოფიციალური წინადადება ჩემს ცხოვრებაში.

ღმერთო, როგორ მიხურდა სხეული. მე უნდა გავთხოვილიყავი. ეს იმდენად დაუჯერებლი იყო, თავი სიზმარში მეგონა.

_ იცი რა? ისე მომშივდა, ახლა პასუხის გაცემას გემრიელად ვახშმობა მირჩევნია. ხომ არ მივუსხდეთ სუფრას? დიდი ხანია, გაშლილია და გველოდება. ვიცი, რომ შენ ჩემზე მეტად გშია, მამაკაცის გულის გზა ხომ კუჭზე გადის.

_ ჩემი გულის გზა შენზე გადის, თუმცა არც ჭამაზე ვიტყოდი ამწუთას უარს!

ვუყურებდი ბიბის და ვგრძნობდი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი დაცული, სასურველი, ვიღაცისთვის ასე საჭირო და საყვარელი. ის მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი მომავალი, ჩემი ოცნება…



ეპილოგისმაგვარი



_ ელ, დესერტი შემოვიტანოთო? ოფიციანტები მეკითხებიან.

გაბრწყინებული თვალებით შევაქცერდი ჩემს ქმარს, თავზე რომ წამომდგომოდა და ღიმილით დავუქნიე თავი, შემოიტანონ-მეთქი.

_ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი შენ მოაწყვე. საკუთარ ქორწილში იდიზაინერო, ალბათ ადვილი საქმე არ არის, არა? _ მეგიმ ხელი გადამხვია და დარბაზს გადახედა.

_ ეს ჩემი პროფესიაა.

_ სამსახური სამსახურია, მაგრამ შეგეძლო, სხვისთვის დაგევალებინა.

_ მე და ბიბიმ ასე გადავწყვიტეთ.

_ სენტიმენტალური წყვილი ხართ, _ ჩაერთო საუბარში კატო, როგორც კი ბიბი დაბრუნდა, _ მაინტერესებს, რას მოიფიქრებთ ქორწინების მეათე წლისთავზე. დღეს შენ საოცრება მოახდინე.

_ ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული აღმოჩნდა. _ გადავიკისკისე.

_ შეიძლება ცოტა ხნით მოგტაცოთ ჩემი მეუღლე? _ ბიბი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.

_ მაგას ვინ დაგიშლის, ჩემო ბიბი! _ გაშალა ხელები ლილიმ, თითქოს ნებას რთავსო, _ წაიყვანე, სადაც გინდა.

აივანზე გავედით. ეს ის კაფე იყო, სადაც პირველად ვივახშმეთ ერთად. გადავწყვიტეთ, სწორედ აქ გაგვემართა ჩვენი ქორწილი, მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი.

_ ამ კაბაში შეუდარებელი ხარ, თუმცა მე ყველანაირ ფორმაში მომწონხარ.

_ ძველმანებშიც კი?

_ ძველმანებშიც კი.

_ სათვალითაც?

_ სათვალითაც.

_ შიშველიც?

_ აი, ეგ კი ყველაზე მეტად მომწონს. _ წამოიძახა და ხელები წელზე მომხვია.

_ შენ არაჩვეულებრივად შეასრულე შენი როლი ჩემს პიესაში.

_ რომელში? ძველში თუ ახალში?

_ ჯერ ძველში, ახლა კი ახალში. შესაშური სიძე ხარ და არაჩვეულებრივად გამოგდის ეს როლი. _ სიცილი ვერ შევიკავე.

_ მთავარი როლი, ამის თქმა არ დაგავიწყდეს ხოლმე და იცოდე, რომ ამ როლიდან ვერასდროს ვერავინ მომხსნის.

თვალებით მივეფერე. ჩემზე ბედნიერი ამწუთას ქალი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.

_ გახსოვს, აქ გეგმებს რომ ვაწყობდით და ჩვენს ოცნებებზე ვსაუბრობდით? _ ბიბიმ დარბაზისკენ გაიხედა, იმ მაგიდისკენ, სადაც წლების შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა.

_ მაგის დავიწყება როგორ შემეძლო?

_ ჰოდა, მინდა იცოდე, რომ ახლა, როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ოცნებებმა რეალურად შეისხა ფრთები. _ ბიბი დაიხარა და ტუჩებში მაკოცა.

ისე შევერიე მისი კოცნის სინაზეს, როგორც ზღვაში ჩავარდნილი წვიმის წვეთი, წამიერ შადრევანს რომ ქმნის ტალღაზე დაცემისას…



№1 სტუმარი Guest Alex

საოცრებაა!!!

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

გასაოცარია

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია.ველი ახალს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent