შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა თავი 6


20-08-2016, 17:49
ავტორი tatia27
ნანახია 2 188

მომდევნო დღეები სიყვარულით იყო სავსე, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ვიცინოდით, ვმხიარულობდით და ვგეგმავდით, როგორ გავზრდიდით პატარას. ირაკლი ისე შეიცვალა, გაოცებას ვერ ვმალავდი, ფაიფურის თოჯინასავით მივლიდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა. ჩემს ბედნიერებას ცისარტყელას ფერები დაედო, ყოველ წუთს სხვა ელფერს იძენდა, ლამაზს და მბზინავს…
გავიდა რამდენიმე კვირა და, როგორც იქნა, დავწყნარდით, გადავხარშეთ ეს სასიხარულო ამბავი და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა.
როგორც იქნა, მოვაბი ერთ გამოფენას თავი, მთელი კვირა დილიდან საღამომდე გალერეაში მიწევდა ყოფნა და შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, არაფრის თავი არ მქონდა. თან ორიოდე კვირაში გერმანიაში გვიწევდა გამგზავრება და საბუთები გვქონდა მოსაწესრიგებელი. ერთი სიტყვით, საზრუნავი დამიგროვდა.
ერთ საღამოს, ჩვეულებისამებრ, დაღლილი დავბრუნდი შინ, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ირაკლის დასახვედრად მოვემზადე, რათა ერთად გვევახშმა. ისიც დროზე მოვიდა, როგორც ყოველთვის. ჰოლში მივეგებე, მოვეხვიე, ვაკოცე, მაგრამ შევამჩნიე, რომ უგუნებოდ იყო.
_ რამე მოხდა? რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, _ წარბები შევყარე.
თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. იქნებ მომეჩვენა?
_ რა უნდა მომხდარიყო? არაფერი, _ მშვიდად მომიგო და ისე ცივად მაკოცა, ღიმილი პირზე შემაშრა. გავქვავდი, ასე არასდროს მოქცეულა. უსიამოვნო წინათგრძნობისგან გული შემეკუმშა.
რამდენიმე ნაბიჯით მოვცილდი, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და შორიდან დავზვერე ჩემი მეორე ნახევარი. ვერაფრით მივმხვდარიყავი, რატომ შემხვდა ასე ცივად.
_ თუ არ მითხარი, როგორ გავიგო, რა მოხდა? _ შიშნარევი ხმით შევეკითხე.
_ სხვები როგორ იგებენ? _ უხეშად დამიბრუნა პასუხი, _ მეგობრები მეუბნებიან, რომ უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ყველაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს _ კარგი სამსახური, მდიდრული სახლი და ლამაზი, მოსიყვარულე ცოლი. _ ირაკლი გაჩუმდა, უცნაურად შემათვალიერა და მკითხა:
_ მართლა გიყვარვარ?
ვერ ვხვდებოდი, რა დაემართა, რატომ მიწყობდა ამ დაკითხვას, გულში რა ედო. ვგრძნობდი, რომ შავი ღრუბლები გროვდებოდა ჩემს თავზე, ღრუბლები, რომლებიც წალეკვას მიქადდა. წინათგრძნობამ მიკარნახა, რომ რაღაც საშინელება მოხდა და ქმარს ჩემთვის ამის გამხელა არ სურდა.
_ ეგ რა შეკითხვაა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ, _ მხრები ავიჩეჩე ნირწამხდარმა, _ თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი, რა ხდება?
_ რა ხდება? არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, ერთი საინტერესო კაცი გამაცნეს, ესაა და ეს, _ მწარედ გაიღიმა, შემდეგ ბართან მივიდა, გამოაღო, დიდ ჭიქაში კონიაკი დაისხა და სულმოუთქმელად გადაკრა.
_ ვინ კაცია ამისთანა, ასე რომ აგაფორიაქა? _ გონებაში ყველა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი «გადავათვალიერე», მაგრამ ისეთი ვერავინ აღმოვაჩინე, ვინც ჩემთვის ჩირქის მოცხებას შეეცდებოდა. შავი ლაქა ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში.
_ უცხოელია, რიკო რაელი, კინოპროდიუსერი. ცნობილი პიროვნებაა. გიგამ გამაცნო. ახლახან ჩამოვიდა თბილისში იტალიელ ცოლთან ერთად. თურქეთში ყოფილა გადაღებებზე და ახლა აქაა, ლოკაციებისთვის ადგილებს ეძებს.
_ და მერე რა? ამაში ცუდი რა არის? შენთან რა შეხება აქვს? ფულის ჩადებას გაიძულებს ვინმე, თუ… _ ვერაფერი გავიგე.
ჩემმა რეაქციამ გააცინა.
_ ვითომ ცუდი არაფერია? _ დამცინავად მკითხა და სანამ რამეს ვეტყოდი, გააგრძელა, _ იცი რა? სუფრა ოთხ კაცზე გაშალე, მე სტუმრებს ველოდები.
გაოცებულმა ავხედე.
_ სტუმრებს? ვინ სტუმრებს? რატომ არ გამაფრთხილე? მოვემზადებოდი.
_ რიკო რაელს და მის მეუღლეს. ვფიქრობ, შენთვის საინტერესო ადამიანები იქნებიან, ამიტომ დავპატიჟე. ჩემგან არაფერს ითხოვენ, ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო.
ის იყო, პასუხის გასაცემად პირი გავაღე, რომ კარზე ზარი დაირეკა.

_ აი, ისინიც მოვიდნენ, _ შეფიქრიანებული ხმით ჩაილაპარაკა და ჰოლში გავიდა.
მართალია, ვერაფერს მივხვდი, მაგრამ მაინც სამზარეულოს მივაშურე, რათა სუფრის გაშლას შევდგომოდი.
_ ნიცა, ერთი წუთით გამოიხედე, _ ცოტა ხანში ირაკლიმ სამზარეულოს კარი შემოაღო და ვიღაც დაბალ, მსუქან მამაკაცს შემოუძღვა, რომელსაც აშკარად იტალიური იერი ჰქონდა, _ რიკო, გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა.
მამაკაცი გაოცებული, პირდაღებული მომჩერებოდა.
_ ეს შეუძლებელია! _ წამოიძახა მან ინგლისურად.
დაბნეული მივაჩერდი ჯერ სტუმარს, მერე ირაკლის, რომელსაც სახე გაჰფითრებოდა. მოულოდნელად კარი კვლავ გაიღო და ზღურბლზე წითელკაბიანი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა, ქალი, რომელთან შეხვედრაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მინდოდა…
გავფითრდი. ჩემი მშვიდი, ლამაზი სამყარო წამში დაინგრა. მხოლოდ იმან დამამშვიდა, რომ რიკოს მეუღლე გაოგნებული შემომცქეროდა.
_ ნიცა? _ წამოიძახა და ირაკლის საყვედურით გახედა, _ შენ არ გითქვამს, რომ ჩემს დაზე დაქორწინდი.
ამ დროს რაელის ხმაც გაისმა:
_ ტყუპისცალები, ო, ღმერთო! რას ვიფიქრებდი… როგორ გავხართ ერთმანეთს.
_ სხვათა შორის, ორივეს ნიცა ჰქვია, _ ირონიით და თითქოს ნიშნის მოგებით წარმოთქვა ირაკლიმ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს მხოლოდ თამაში იყო. როცა მას შევხედე, შევძრწუნდი, ისეთი გაცეცხლებული მზერით მომჩერებოდა. ერთბაშად მოვეშვი, მუხლებში ძალა წამერთვა და დავბარბაცდი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, ნინას მივუახლოვდი და ვაკოცე, თავს მეც მივიჩნევდი ამ სპექტაკლის მონაწილედ.
_ ნიცა მე ვარ, ეს კი ნინაა, თუმცა, მოსწონს, როცა ნიცას ეძახიან, _ ვთქვი და რის ვაივაგლახით გავიღიმე.
_ ნუთუ შესაძლებელია მათი განსხვავება? _ რიკო გონს ვერ მოსულიყო.
ირაკლის არ გამოჰპარვია ჩემი შეშინებული გამოხედვა და უცხოელს გალანტურად აუხსნა:
_ ვარცხნილობით, რიკო. არა, ნიცა? _ მას ჩემი დასტური არაფერში სჭირდებოდა, მისი თვალები იმაზე მეტყველებდნენ, რომ ყველაფერს მიხვდა.
ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე რიკომ დაარღვია:
_ მართალი ბრძანდებით, ირაკლი. მხოლოდ ვარცხნილობით განსხვავდებიან. რა საინტერესო შემთხვევაა. ერთმანეთი რომ შეცვალონ, ვერავინ ვერაფერს მიხვდება! _ გაიცინა. ჩემს სიძეს ვერც წარმოედგინა, როგორ ტყვიასავით მომხვდა მისი სიტყვები გულზე.
_ სწორედ რომ ასეა, _ კვერი დაუკრა ირაკლიმ და განმგმირავი მზერა მესროლა. კვლავ შიშმა ამიტანა.
_ თქვენ… თქვენ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეთ, მე კი ვახშამს მივხედავ, _ ჩავილუღლუღე და სახეალეწილი შევბრუნდი, რათა დაბნეულობა და შიში დამემალა.

მან გაიგო! _ განგაშის სიგნალი ჩაირთო გონებაში და ძლიერმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა. მივუხვდი ჩემს ქმარს განზრახვას _ სპეციალურად მოიწვია სტუმრად ნინა და მისი მეუღლე, რათა სანაქებოდ დავესაჯე.
_ ნიცა, რა ხდება? _ ნინა უკან შემობრუნდა და კარის ძგიდეს მიეყრდნო.
მისი ხმის გაგონებამ შემაკრთო.
_ ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, ნინა, _ ვუპასუხე, _ რა აზრი ჰქონდა ამ სპექტაკლს? ასე რატომ მომექეცი?
_ მე მოგექეცი? _ თვალები დააკვესა ნინამ, _ მე რა ვიცოდი, თუ გათხოვდი? რა, დამირეკე და მითხარი, მომწერე თუ ქორწილში დამპატიჟე? გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, შენზეა ნათქვამი.
_ როდის ჩამოხვედი?
_ ამ დილით და სასტუმროში გავჩერდით. სიმართლე გითხრა, არ მინდოდა, რიკო ჩვენს ბინაში მიმეყვანა. მას ჰგონია, რომ შეძლებული ოჯახის შვილი ვარ, რომ ჰოლანდიაში მაქვს სახლ-კარი.
_ და არ აპირებდი იმის თქმას, რომ და გყავს? თანაც ტყუპისცალი?

_ ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, სიურპრიზად დავტოვებ-მეთქი. ბევრს ვიცინებდი, როცა ერთად დაგვინახავდა, ამიტომ არ ვუთხარი წინასწარ. მერე ირაკლი შეგვხვდა და… რა სჭირს? რაღაც გაღიზიანებული მეჩვენება შენი მეუღლე, _ ნინამ ცერა თითი ზურს უკნა გაიშვირა, სასტუმრო ოთახში მყოფი ირაკლისკენ მიმანიშნა.
_ მან გადაწყვიტა, ჩემთვის ეჩვენებინა, რომ იცის, მე შენ არ ვარ, _ ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი.
_ და მერე რა? რა ძნელი მისახვედრია, რომ შენ მე არ ხარ? _ მითხრა და წამით შეჩერდა, მერე კი გაოცებული ხმით აჩურჩულდა, _ ღმერთო ჩემო, მივხვდი, ნიცა! შენ ის მოატყუე! მოატყუე, ხომ? არაფერი უთხარი და თავი ჩემად გაასაღე? _ პირზე აიფარა ხელისგული, _ ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია ჩემს დანახვაზე. ჯერ ვიფიქრე, ალბათ გაბრაზებულია, რომ მივატოვე და არ მოვიკითხე-მეთქი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შოკში იყო. ვერ მიხვდა, შენი ტყუპისცალი რომ ვიყავი. იფიქრა, რომ მე შენ ხარ, _ ნინას სიცილი აუტყდა, _ აი, თურმე რატომ დაგვპატიჟა. მე კიდევ მეგონა, ყველაფერი მაპატია, რადგან ცოლი ითხოვა, ძველ წყენას აღარ გაიხსენებს-მეთქი.
მისი ყოველი სიტყვა ეკალივით მესობოდა გულში. სახემოღრეცილი მოვცილდი მაგიდას. არაფრის ახსნის თავი არ მქონდა, ანგარიშმიუცემლად ვაწყობდი კერძებს თეფშებზე.
_ ნიცა, ეს რამ მოგაფიქრა? როგორი მორალისტი მყავდი და ეგ რა ჩაგიდენია? _ თითქოს ნიშნს მიგებდა. _ ახლა იმას უნდა ეცადო, როგორმე უდანაკარგოდ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან.
თავი ავწიე და სისასტიკით სავსე მზერა შევავლე:
_ შენ გგონია, ირაკლის ფულის გამო გავყევი? არც გაიფიქრო!
_ არა, არა, ეგ არ მიფიქრია. ვიცი, რომ გიყვარს, ანგარებით რომ არ გათხოვდებოდი, ამაში ეჭვი არ მეპარება, _ თანაგრძნობა გაისმა მის ხმაში, _ მაგრამ არ უნდა მოგეტყუებინა. რა საჭირო იყო? გეთქვა სიმართლე. გგონია, ამით რამე შეიცვლებოდა? მგონი, ბევრი არაფერი. ახლა კი ის ამას არასდროს გაპატიებს.
სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. ყურებზე ხელი ავიფარე და დავიწივლე:
_ გაჩუმდი, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, გაჩუმდი!
_ რატომ ყვირი? რა მოხდა? _ კართან ირაკლის მშვიდი ხმა გაისმა და ორივენი მისკენ შევტრიალდით.
_ არაფერი, ყველაფერი რიგზეა, _ ვიცრუე და ნინას შევხედე. იმედი მქონდა, რომ ახლა სამივე ერთად ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ შევცდი. ჩემმა ქმარმა არ მოისურვა სიტუაციის შემსუბუქება. ჯერ უნდა გაგრძელებულიყო მისი დადგმული სპექტაკლი და მე მასში მთავარი როლი უნდა მეთამაშა.
თავი ხელში ავიყვანე და კერძებით სავსე თეფშებს ხელი დავტაცე, რათა სასტუმრო ოთახში სუფრა გამეშალა. როცა გატანა-დალაგებას მოვრჩი, საოცრად მშვიდი ხმით გამოვაცხადე:

_ ვახშამი მზადაა, დროა, დავსხდეთ, თორემ ყველაფერი გაცივდება.
ის საღამო ჩემთვის უმძიმესი გამოდგა. ირაკლი მშვენიერ ხასიათზე ჩანდა, ართობდა სტუმრებს და იცინოდა. ჩემ გარდა ყველას ბუნებრივად ეჩვენებოდა მისი საქციელი, მხოლოდ მე ვიცოდი, რომ სტუმრების წასვლის შემდეგ მისი რისხვა არ ამცდებოდა. კრიჭაშეკრული ვიჯექი და ლუკმა ყელში არ გადამდიოდა, სიცილსა და მხიარულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

ნინა მშვენივრად გრძნობდა თავს, ხიბლში იყო ჩავარდნილი და ვერც ამჩნევდა, ზოგჯერ როგორი ზიზღით შეავლებდა ხოლმე ირაკლი თვალს. მან, როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, თვალნათლივ დაინახა ჩემი დის ნამდვილი სახე. აქედან გამომდინარე, ალბათ გულში ფიქრობდა, რომ მეც მისნაირი ანგარებიანი ვიყავი. აშკარა იყო, რომ ნინა რაელს მხოლოდ სიმდიდრის გამო გაჰყვა ცოლად, რადგან არც გარეგნობით შეეფერებოდა ჩემს დას და არც ასაკით. ის ჩვენზე ბევრად უფროსი ჩანდა.
_ ახლა მარტონი ვართ. მგონი, გაქვს სათქმელი, არა? _ მკითხა ირაკლიმ, როცა სტუმრები გააცილა და უკან შემობრუნდა.
ძალ-ღონე მოვიკრიბე და ქმარს თვალებში პირდაპირ შევხედე.
_ სასტიკად მომექეცი, _ ვთქვი, მაგრამ მისმა დამცინავმა ღიმილმა სიტყვა გამაწყვეტინა.

იგი მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა, როგორც მოფერების დროს იცოდა ხოლმე და ბრაზიანად წაისისინა:
_ ჩემო ერთგულო და ძვირფასო მეუღლევ, ნუთუ მართლა იფიქრე, რომ სიმართლეს ვერასდროს გავიგებდი?
ხმას ვერ ვიღებდი.
_ შენ გეკითხები, ნიცა! _ ხმას აუწია, _ რა იფიქრე, მითხარი, სანამ უნდა დაგემალა ეს ამბავი ჩემთვის? მართლა გეგონა, რომ ვერაფერს გავიგებდი? _ გამიმეორა.
მინდოდა, მომეტყუებინა და ვერ მოვახერხე.
_ ჰო.
_ ოოოოხხხხ! _ გრძლად ამოიხვნეშა, გვერდი ამიარა, ბართან მივიდა, დიდ ჭიქაში კვლავ დაასხა კონიაკი და დალია. მერე ისევ მე მომიბრუნდა:
_ როგორ ვიყავი დარწმუნებული, რომ კარგად გიცნობდი და თურმე როგორ ვცდებოდი.
_ არა ხარ მართალი, _ ამოვღერღე, _ შენ ჩემ შესახებ ყველაფერი იცი.
ცივად გაიცინა, თან თვალს არ მაშორებდა ნირწამხდარს.
_ ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი სანუკვარი მეუღლე მატყუარაა.
ამის გაგონებაზე ელდა მეცა, სუნთქვა შემეკრა და ცახცახმა ამიტანა, რომლის შეკავებას ფუჭად ვცდილობდი.
_ მე მხოლოდ ერთხელ ვიცრუე და ისიც იმიტომ, რომ შენს ასეთ მზერას ვერ გადავიტანდი! _ წამოვიყვირე და მწარედ ავქვითინდი.
ის მაინც გულგრილად მიყურებდა.
_ ამიხსენი, როგორი მზერა მაქვს? _ დამცინა.
ძლივს გავბედე შეხედვა და ჩუმად ამოვთქვი:
_ თითქოს გეზიზღები.
_ ოჰოოო, საკმაოდ გამჭრიახი ყოფილხარ, ოღონდ ერთი განსხვავებით _ თითქოს კი არა, მეზიზღები!

მისმა ნათქვამმა თავზარი დამცა, ვიგრძენი, როგორ გავფითრდი და ცივმა ოფლმა დამასხა.

_ მომეცი ნება, ყველაფერი აგიხსნა, _ მუდარად დავიღვარე. ვხედავდი, რომ საყვარელ ადამიანს ვკარგავდი და ვიცოდი, ამას ვერ გადავიტანდი.
_ რა უნდა ამიხსნა, გოგო, რა? ის, რომ შენ და შენი მშვენიერი და ავანტიურისტები ხართ? არ ვიცი, თქვენ შორის სიძულვილს ვინ უფრო იმსახურებს _ შენი და, რომელმაც ლოგინში ჩავარდნილი მიმატოვა, თუ შენ, რომელმაც გარისკვა გადაწყვიტე!
_ ტყუილია, ასე არ ყოფილა! _ თავდაცვის ინსტინქტი ჩამერთო.
_ აბა როგორ იყო, ნიცაცო? მომიყევი, ერთი სული მაქვს, მოვისმინო, რას მოიგონებ.
_ მე ნინასნაირი არ ვარ, _ უსუსურობამ შემიპყრო, თავსაც ვერ ვიმართლებდი.
_ ვითომ? ოღონდ არ მითხრა, რომ დანახვისთანავე შეგიყვარდი და თავი დაკარგე.
_ მართლა ასე იყო, _ თავი დავუქნიე, თითქოს გულზე მომეშვა.
_ ნუთუ სერიოზულად ფიქრობ, რომ ამ ბოდვას დაგიჯერებ? შენ სიმართლე დამიმალე, შენ მომატყუე! კიდევ რა დამიმალე ამის გარდა?
_ მე… მე არასდროს მომიტყუებიხარ, მართლა მიყვარხარ, ირაკლი.
_ არ მოგიტყუებივარ? _ მთელი ხმით აყვირდა, ცოფებს ყრიდა განრისხებული, _ გახსოვს, შენს დაზე რა მითხარი? არც ისე ახლოს ვართ ერთმანეთთანო, მისამართიც არ ვიცი მისიო, ქორწილში ვერ ჩამოვაო… _ მომაყარა და მომაყარა სამხილები.
_ ჩვენ მართლა არა ვართ ახლოს. ნინამ იცის, რომ მისი ქცევა არ მომწონს.
_ შენი აზრით, სხვად თავის გასაღება და მოტყუებით გათხოვება მოსაწონი და მისაბაძი საქციელია?
_ ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენი დაკარგვის მეშინოდა.
_ ჩემი თუ ჩემი ქონების?
ხელები უღონოდ გავასავსავე:
_ რა თავში ვიხლი შენს ქონებას, როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები! მე შენ შემიყვარდი და ამიტომ ვერ გითხარი სიმართლე. შემეშინდა, ორივე არ შევძულდეთ-მეთქი.
_ არა, ასე არ იყო. შენ ჩემი ხელში ჩაგდება გინდოდა, _ ცივად გამომიტანა საბრალდებო დასკვნა და მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, უკვე ვეღარაფერს გავაწყობდი. მაინც გავიბრძოლე:
_ ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო. თავიდან მეშინოდა, რომ სიმართლის თქმით ტრავმას მოგაყენებდი, ამიტომ შენს გამოჯანმრთელებას ველოდი. შემდეგ მივხვდი, რომ შემიყვარდი და ვიფიქრე, როცა უკეთ გამიცნობს, მერე მოვუყვები-მეთქი, _ ვედრებით შევხედე, _ და შენ გამიცანი… შეამჩნიე სხვაობა. მიხვდი, რომ ქალი, რომელსაც ავარიის შემდეგ შეხვდი, სულ სხვა იყო. გახსოვს, რომ მეუბნებოდი, შეიცვალეო… შენ სწორედ მე შეგიყვარდი და არა ნინა.
_ მერედა, მაშინ რატომ არ მითხარი?
ვიფიქრე, რომ ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. უბრალოდ, გულს გატკენდი, რეალურად კი არაფერი შეიცვლებოდა ჩვენს ურთიერთობაში. ჩვენ ხომ გვიყვარდა ერთმანეთი… _ ჩურჩულით დავამთავრე სათქმელი.
_ თავის დასაცავი სიცრუე… _ ისე ცივად თქვა, რომ საბოლოოდ მივხვდი, ამას არასდროს მაპატიებდა.
_ არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. მხოლოდ იმით შემიძლია თავი ვიმართლო, რომ ძალიან მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად, _ ძლივს ვლაპარაკობდი, ცრემლები მახრჩობდა.
ირაკლი მომიახლოვდა, თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა.
_ შენ არ გიყვარვარ და არც იცი, რა არის სიყვარული…
_ ვიცი! მე შენ მიყვარხარ! _ გავჯიუტდი.
თავი გადააქნია.
_ შენ მე გინდივარ. ეს ვნებაა, ვნება კი სიყვარულს არ ნიშნავს. შეყვარებული ქალი შენნაირად არ მოიქცეოდა, არჩევანის უფლებას არ წამართმევდა.
მისი სიტყვები ბომბის აფეთქებას ჰგავდა. გავშრი, როცა მომხდარს ირაკლის თვალით შევხედე. მივხვდი, რომ საშინელი შეცდომა დავუშვი და გამოსავალი არსაიდან ჩანდა. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
_ არც გიყვარვარ და არც არასდროს გყვარებივარ. როგორ შეიძლება სიყვარული ნდობის გარეშე? არ მჯერა შენი, ნიცა, და ალბათ ვერც ვერასდროს დაგიჯერებ.
მუხლები მომეკვეთა და უნებურად ხელები მუცელზე ავიფარე.
_ უნდა გამეყარო? _ ძლივს ამოვღერღე.
შემომხედა და მისმა გაყინულმა სახემ ყველაფერი თქვა.
_ შენგან რაც შეიძლება შორს მინდა ყოფნა, მაგრამ ბავშვი მაყოვნებს.
შეშინებული მივაჩერდი. ცრემლები ჯერ კიდევ ღაპაღუპით მცვიოდა თვალებიდან.
_ ბავშვი უნდა წამართვა? _ ამის დაჯერება არ მინდოდა.
ისეთი ზიზღით შემომხედა, რომ მივხვდი, ამჯერადაც შევცდი.
_ ნუთუ სულ არ მიცნობ? _ კბილებში გამოცრა.
_ მაპატიე, მე…
_ ბავშვს დედაც სჭირდება და მამაც, _ ყინულივით ცივი ხმით გამაწყვეტინა.
იმედი მომეცა.
_ საკუთარ შვილზე უარის თქმას არ ვაპირებ და თუკი საჭირო გახდება, ამისთვის ვიბრძოლებ კიდევაც.
_ და მე? მე რას მიპირებ? _ უკანასკნელად გავიბრძოლე, მის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
_ შენ? ამაზე ვიფიქრებ. ამწუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ თუკი შვილი მინდა, მაშინ შენც მასთან უნდა იყო. ამისთვის მზად ვარ, მაგრამ ჩვენი ქორწინება მხოლოდ ფორმალურ სახეს მიიღებს. შენ მთლიანად იქნები უზრუნველყოფილი. არ იღელვო, ფულს მიიღებ. დამისახელე თანხა, რის გამოც ბავშვთან ერთად აქ დარჩები. ვფიქრობ, ბარიბარში ვართ. ბავშვის სანაცვლოდ _ ღია ანგარიში.
სხვა დროს ასეთ შეურაცხყოფას არაფრის დიდებით არ ჩავყლაპავდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავდი. აქედან რომ წავსულიყავი, სამუდამოდ დავკარგავდი მას. არადა, დილემის წინაშე ვიდექი. თუ დავრჩებოდი, ყოველდღიური ტანჯვა მელოდა.
_ შეგიძლია ახლავე არ მიპასუხო, იფიქრე ხვალამდე. _ მითხრა ისე, რომ არც კი შემომხედა.
_ რატომ? ახლავე გიპასუხებ, _ უცებ მივიღე გადაწყვეტილება, _ მე ვრჩები.
ნელა მოაბრუნა თავი, ცივად შემომხედა და ასევე ცივად მიპასუხა:
_ ასეც ვფიქრობდი. ძალიან კარგი, მე სხვა ოთახში გადავალ, შენ დარჩი, სადაც წევხარ, იქ, _ ამ სიტყვებით კარისკენ წავიდა.
მარტო დავრჩი. სავარძელში ჩავემხე და ისევ ავქვითინდი. თითქოს სისხლი მდიოდა გულიდან, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობდა, ნაპერწკალი იმისა, რომ დროთა განმავლობაში წყენა გადაუვლიდა და შევრიგდებოდით. ამის იმედს მხოლოდ ერთი რამ მაძლევდა _ ირაკლის არ უთქვამს, რომ არ ვუყვარდი…
ვხვდებოდი, რომ ქმარს საშინელი დარტყმა მივაყენე და მისი ნდობა დავკარგე, მაგრამ ყველაფერს ვიღონებდი, რომ მისი გული მომელბო და ჩვენი სიყვარული დამებრუნებინა.
მიუხედავად ჩემი დიდი იმედისა, ირაკლის თითქმის ვერ ვხედავდი. ის სხვა ოთახში გადაბარგდა და სახლიდანაც დილაუთენია გადიოდა. მთელ დღეს სამსახურში ატარებდა ისე, რომ ერთხელ არ დამირეკავდა, არ მომიკითხავდა. ეს აუტანელი იყო. ისე მივეჩვიე მისი სხეულის სითბოს, რომ ძილი სრულიად დავკარგე. უძილობისგან თვალები ჩამიშავდა, თანდათან გავხდი და ჩამოვხმი. აღარც მადა მქონდა, მაგრამ ბავშვის გამო იძულებული ვიყავი, ძალით მეჭამა. გარდა ამისა, ტოქსიკური ორსულობა მქონდა და რასაც ვჭამდი, არაფერი მერგებოდა. პირღებინებამ უარესად დამასუსტა.
არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რას ნიშნავს სიმარტოვე. ეს მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როცა ჩემმა სათაყვანებელმა ადამიანმა თავისი ცხოვრებიდან წამშალა. ძალიან გვიან ბრუნდებოდა სამსახურიდან. არც ვახშმობა უნდოდა და არც ჩემთან ურთიერთობა. თავის ოთახში შეიკეტებოდა და გვიანობამდე მუშაობდა. ალბათ მუშაობდა, რადგან შუქს შუაღამემდე არ აქრობდა. მასთან შესვლას ვერ ვბედავდი მას შემდეგ, როცა ერთხელ უხეშად დამითხოვა. სხვა დროს, თუკი შემთხვევით შევეფეთებოდით ერთმანეთს, ზრდილობიანად, მაგრამ ცივად მექცეოდა. ვითმენდი, თავს დამნაშავედ მივიჩნევდი და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ვკარგავდი იმედს, რომ ერთხელაც გული მოუბრუნდებოდა და შევირიგებდი.
კარგა ხანს ვითმინე, ჩვენს ურთიერთობაში კი არაფერი იცვლებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდით ერთმანეთს. ერთხელ გავრისკე და შევეცადე, ჩვენ შორის აღმართული კედელი დამენგრია. კვირა დღე იყო, ირაკლი ისვენებდა. სხვა დროს კვირა დღესასწაული იყო ჩემთვისაც და მისთვისაც. მთელ დღეს ერთად ვატარებდით და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა.
წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ამ კვირა დღესაც ძველებურად გავატარებდით, პირიქით, მეგონა, რომ შინ არ დარჩებოდა და სადმე სხვაგან წავიდოდა დაღამებამდე. როცა შუადღემ მოატანა და სახლიდან არ გავიდა, გავბედე და მის კაბინეტს მივაშურე. გულგრილად შემომხედა. შევამჩნიე, რომ დაღლილობისგან თვალები ამოღამებოდა.
_ ბევრს მუშაობ, _ ხმადაბლა დავიწყე საუბარი, _ იქნებ დაისვენო ცოტა. აივანზე გავიდეთ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ…
_ დაკავებული ვარ, _ მკვახედ მიპასუხა და თავი ქაღალდებში ჩარგო.
თვალები ცრემლმა დამიბინდა.
_ ასე გიჭირს ჩემ გვერდით ყოფნა? ძალიან მენატრები. _ ხმა ამიკანკალდა.
_ არ მახსოვს, რომ შენი გართობა მეკისროს, _ ისე მიპასუხა, თავიც არ აუწევია.
_ შენზე ფიქრსა და ზრუნვას ხომ ვერ ამიკრძალავ.
_ რატომ? მე ზრუნვისგან კარგა ხანია, გაგათავისუფლე და ნურც ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრით შეიწუხებ თავს.
თავი ვერ შევიკავე და ვიფეთქე:
_ იქნებ შენზე ნერვიულობაც ამიკრძალო!
თავი ასწია და ირონიული მზერა მესროლა:
_ არ მეგონა, ჩემზე თუ ნერვიულობდი.
_ დიდხანს აპირებ ასე გაგრძელებას? _ თავს ძლივს ვიკავებდი, კივილი არ დამეწყო.

ნერვიც არ ატოკებია სახეზე.
_ მე გაგაფრთხილე, რომ ასე იქნებოდა და შენ დამთანხმდი. თუ ფული არ გყოფნის, შენი პრობლემაა. ახლა კი, კარგი იქნება, თუ დამტოვებ, ბევრი საქმე მაქვს, _ მშვიდად დაამთავრა.
მეტი რაღა დამრჩენოდა, გაცეცხლებულმა გამოვიჯახუნე კარი და გამოვედი.
მორჩა, საკმარისია! თავს აღარ დავიმცირებ. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ვიღონე და სამაგიეროდ ვერაფერი მივიღე დამცირებისა და შეურაცხყოფის გარდა.
სწორედ ამ დროს თალიკო გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან. ის კვირაობით მოდიოდა ხოლმე სახლის დასალაგებლად და სადილის მოსამზადებლად. შუახნის ქალი ხვდებოდა, რომ ჩვენ შორის რაღაც მოხდა. ხედავდა, რომ ცალ-ცალკე ვჭამდით და სხვადასხვა ოთახში გვეძინა.
_ თალიკო, თუ არ შეწუხდები, ყავა მომიდუღე, _ ვთხოვე მოსამსახურეს, რადგან ამის თავი აღარ მქონდა, საშინლად მიკანკალებდა ხელები.
_ ცუდად გამოიყურები, შვილო, _ მითხრა ქალმა, როცა წინ ფინჯანი ყავა და ნამცხვრის ნაჭერი დამიდო. _ რა დროს გაბუტვაა, პატარა ბავშვები ხომ არ ხართ?
_ შეეცადე, ეს ირაკლის უთხრა. არ მელაპარაკება, _ გული გადავუშალე.
_ გგონია, არ ვცადე? მაგრამ საუბარიც კი ამიკრძალა ამაზე. არა უშავს, გენაცვალე. ყველაფერი მოგვარდება. ყვლა ოჯახში ხდება უსიამოვნება. მთავარია, რომ ერთმანეთი გიყვართ, ამას ყველა ამჩნევს. უბრალო მიზეზის გამო ოჯახს ნუ დაინგრევთ.
ცრემლები წამსკდა. ჩუმად ვსვამდი ყავას. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა. ჰოლში გავედი და ყურმილი ავიღე.
_ ნიცა, როგორ ხარ, საყვარელო? _ ირაკლის დედის მხიარული ხმა მომესმა. _ ჩემი შვილი და შვილიშვილი ხომ კარგად იქცევიან? _ მისმა თბილმა ტონმა გამამხნევა. პირველად გავიღიმე ბოლო დღეების განმავლობაში.
_ კარგად არიან, _ ყოჩაღად ვუპასუხე.
თამარი ხშირად რეკავდა. მან არაფერი იცოდა, ამიტომ ჩემს სადარდებელს ვერ ხვდებოდა. რაც ჩემი ორსულობის ამბავი გაიგო, დარეკვას და მოკითხვას მოუხშირა.
_ ირაკლი წუხს, გულისრევა და თავის ტკივილები აწუხებსო.
მისმა ნათქვამმა გამაკვირვა, თან გამახარა.
_ მართლა? _ უაზროდ წამოვიძახე.
_ ჰო, გენაცვალე. გუშინწინ ველაპარაკე და ძალიან იყო შეწუხებული.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჩემი ქმარი ისე ცივად მეპყრობოდა, ძნელი დასაჯერებელი იყო, ჩემი ცუდად ყოფნა გულთან ახლოს მიეტანა.
_ ჩემთვის არ უთქვამს, რომ გესაუბრათ.
_ კაცების ამბავი არ იცი? უჭირთ გრძნობების გამომჟღავნება. თანაც, ბევრს მუშაობს ამ ბოლო დროს, რამდენჯერ ვცადე დალაპარაკება და სულ დაკავებულია.
_ ვიცი, ქალბატონო თამარ, ამ საკითხში მან რეკორდი დაამყარა, _ მწარედ გავიღიმე.
_ იქნებ მივსულიყავით გინეკოლოგთან? ტოქსიკოზის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, გამოგიწერდა რამეს. ეს ბიჭიც ნერვიულობს და…
ამ წუთამდე მეგონა, რომ ირაკლისთვის სულერთი ვიყავი, ახლა კი დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი და გულში იმედი ჩამესახა.
_ ვიყავი ექიმთან, დამინიშნა წამლები, მაგრამ დიდად არ მშველის. როგორმე უნდა მოვითმინო სამ თვემდე, მერე გაგივლისო, ექიმმა.
კარგა ხანს ვიბაასეთ რძალ-დედამთილმა. ბოლოს თამარმა დარეკვის მიზეზი მითხრა:
_ მინდოდა თქვენთვის შაბათის ამბავი შემეხსენებინა. ხომ იცით, თამუნასა და გიგას ნიშნობის დღეა და ყველანი მცხეთაში ვიკრიბებით. ჩამოდით და ცოტა ხნით დარჩით აქ.
თამუნას ნიშნობაო… პირველად მესმოდა. მისი ღვიძლი და თხოვდება თურმე და არც კი მითხრა. გავბრაზდი. როგორც ჩანს, არაფრად მაგდებს. იმის ღირსიც არ გამხადა, საქმის კურსში ჩავეყენებინე. არ ვიცოდი, დედამისისთვის რა მეპასუხა. სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ვერც წასვლას ავიცდენდი და იძულებული გავხდი, მეთქვა:
_ რა თქმა უნდა, მახსოვს. შევეცდები, პარასკევს ჩამოვიდე, მოგეხმარებით.
_ ძალიან კარგი, შემოგევლე. გელოდები. მაგას კიდევ უთხარი, ცოტა დაისვენე-თქო, მთლად ნუ გადაყვება იმ თავის ბიზნესს.
ყურმილი დავკიდე. კიდევ კარგი, გერმანიაში აღარ მომიწია გამგზავრებამ. ვიღას ახსოვდა გერმანია და გამოფენები, როცა ოჯახი თავზე მენგრეოდა. არადა, ახლა უკვე იქ უნდა ვყოფილიყავით და თამუნას ნიშნობის გაცდენაც მოგვიწევდა. იქნებ შაბათს მოხდეს სასწაული და შეიცვალოს ჩემ მიმართ? რაც ვიჩხუბეთ, მას მერე ერთხელაც არ დაულევია. შემთვრალი ისეთი თბილი და მოსიყვარულე ხდება ხოლმე, რომ მიხაროდა, როცა ნასვამი მოვიდოდა შინ. იქნებ დალიოს და ამან ჩემს სასიკეთოდ იმოქმედოს? _ წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდებოდი.



შემდეგ დღეებშიც არაფერი შეცვლილა. ხუთშაბათს, შუაღამე გადასული იყო, როცა მისი მანქანის ხმა გავიგონე. ხალათი მოვიხურე, ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე, როგორ შემოვიდა სახლში.
ჰოლში დავხვდი. შევამჩნიე, რომ ძველებურად დაღლილი სახე ჰქონდა და განადგურებულად გამოიყურებოდა. გულს მიკლავდა, რომ ბოლო დროს სახელებითაც კი აღარ მივმართავდით ერთმანეთს.
_ რა იყო, ცუდად ხარ? _ ხმაში შეშფოთება გამოეხატა ჩემს დანახვაზე.
_ არა, კარგად ვარ, _ თავი გავაქნიე.
_ აბა აქ რას აკეთებ? _ მისი უნებლიე შეშფოთება ცინიკურმა ტონმა შეცვალა.
სიბრაზისგან სახე წამომენთო, მაგრამ თავი შევიკავე და მშვიდად მივუგე:
_ შენ წინაშე თავის დამცირებას არ ვაპირებ. აქ იმიტომ დაგხვდი, რომ საქმე მქონდა. სამსახურში დაგირეკე დღეს და დავიბარე, რომ შემომხმიანებოდი, შენ კი არაფრად ჩამაგდე, ერთი ზარის ღირსიც არ გამხადე.
_ ოფისში არ მივბრუნებულვარ, ამიტომ არავის არაფერი გადმოუცია. ეს ერთი და მეორეც, შენთან საუბრის სურვილი დიდი ხანია, აღარ მაქვს, _ ცივად მითხრა და წასვლა დააპირა.
_ იცი, რას გეტყვი? მხოლოდ იმიტომ გელოდებოდი, რომ დედაშენის დანაბარები გადმომეცა. გეტყვი და მეტად აღარ შეგაწუხებ. ზეგ შენი დის ნიშნობაა, იმედია, არ დაგავიწყდა. ხვალ გველოდებიან მცხეთაში, მოხმარება სჭირდებათ.
_ მე ვერ წამოვალ, შეხვედრები მაქვს. დაურეკე თამარას და მოუბოდიშე, _ მოკლედ მომიჭრა.
_ გამორიცხულია. წაუსვლელობა არ გამოვა. ეს შენი ოჯახის წვეულებაა, შენი დის ნიშნობაა, ჩემი დის კი არა.
გულზე მოხვდა ჩემი ირონია. წარბები აზიდა და თქვა:
_ კარგი, ხვალ ბიჭებს ვეტყვი და რომელიმეს გამოგიგზავნი მანქანით, მე კი ზეგ ჩამოვალ.
ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა.
_ ნუ შეწუხდები. ჩემი მანქანით წავალ, _ მკვახედ მივუგე, _ რა დრო დადგა, არა? ჩემ გვერდით მანქანაშიც არ გინდა ყოფნა.
ვიგრძენი, რომ ცრემლები მომაწვა. არ მინდოდა, ჩემი ასეთი მდგომარეობა შეემჩნია, ამიტომ ოთახში შესვლა დავაპირე, მაგრამ უეცრად ფეხი ხალიჩის კიდეს გამოვდე და წავიფორხილე. ვერ მოვახერხე წონასწორობის შენარჩუნება და დავეცი.

მაშინვე მომვარდა, ხელში ამიყვანა, სავარძელში ჩამსვა და გაფაციცებით მომაჩერდა.
_ ხომ არაფერი იტკინე? კარგად ხარ? _ მზრუნველობით მკითხა.

ამოვიოხრე.
_ უკეთესადაც ვყოფილვარ, _ ცივად მივუგე.
ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და სუნთქვა შემეკრა. არა, არ შევმცდარვარ, როცა ვფიქრობდი, რომ ქმარს ვუყვარდი. სხვა რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო მისი შიშით სავსე თვალები? რას ნიშნავდა ეს გამოხედვა, თუ არა სიყვარულს? უბრალოდ, მას არ უნდოდა ამის აღიარება.
თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. მაშინვე მომცილდა და მოგუდული ხმით გამომიცხადა:
_ სანამ ფეხი არ მოგიტეხავს, მინდა გაცნობო, რომ შაბათს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მაქვს, ხვალ კი ორი შეხვედრაა დანიშნული და ვერ გადავდებ. უცხოელი პარტნიორები არიან ჩამოსულები. ამიტომ გითხარი, შაბათს ჩამოვალ-მეთქი. ისიც, შეიძლება ღამით, გვიან, დღის განმავლობაში ვერ შევძლებ. ან სულაც კვირას. რა ვქნა, ეს ჩემი სამუშაოა. ნიშნობა უჩემოდაც კარგად ჩაივლის, ჩემი იქ არყოფნით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩემი და გამიგებს.
გულზე ცოტათი მომეშვა. აშკარა იყო, სიმართლეს ამბობდა და ცალკე მგზავრობა ჩემ გამო არ უფიქრია.

_ ანუ ტანსაცმელი გაგიმზადო? _ ყურები ვცქვიტე პასუხის მოლოდინში.
_ მადლობელი დაგრჩები, _ საქმიანად მიპასუხა.
_ რა შუაშია მადლობა? ეს ხომ ცოლის მოვალეობაა.
კვლავ აზიდა წარბები.
_ ჩვენ არ ვგავართ ტრადიციულ წყვილს, _ ცივად მესროლა, _ და იმედი მაქვს, ჩემებს არაფერს მოუყვები.
_ ჰო, რა თქმა უნდა, ბედნიერი წყვილის როლები უნდა ვითამაშოთ, არა? მერედა, მენდობი? გგონია, კარგად გამომივა? _ გავკენწლე.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ არაჩვეულებრივად გაართმევ თავს. სწორედ მაგ როლისთვის გიხდი ფულს.
_ რა უგულო ხარ! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ შენი ფული არ მაინტერესებს, მე მხოლოდ შენ მჭირდები, ადამიანო, შენ! _ გამწარებით ვიყვირე და როცა შევხედე, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მის გულს ვერაფრით მოვიგებდი.
ავდექი და ჩემს ოთახში გავედი, კარი მივიკეტე, ლოგინზე დავემხე და ჭერს მივაშტერდი.
ტირილი მინდოდა, მაგრამ ტკივილი ისე ღრმა იყო, რომ ცრემლიც კი გამიშრა. მომავალი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. ვხვდებოდი, ირაკლი არასდროს გამომიტყდებოდა იმაში, რომ ჯერ კიდევ ვუყვარდი. არადა, ამას ვგრძნობდი. მაინც ვიმედოვნებდი, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდებოდა და დამიბრუნდებოდა, მაგრამ ვაითუ ასე არ მოხდეს? მერე რაღა ვქნა? რომელ წყალს მივცე თავი?
ამაზე ვფიქრობდი მეორე დღესაც, როცა თამუნასთვის საჩუქარს ვყიდულობდი და შემდეგაც, როცა მანქანით მცხეთაში მივდიოდი.
თამარი და გოგი ორი წელია, მცხეთაში გადასახლდნენ. გოგი პენსიაში გავიდა და თბილისში დარჩენა აღარ მოისურვა. შვილები ყველანი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ირაკლის გარდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ისიც მარტო დაეტოვებინათ და თვითონ მიეხედათ ერთმანეთისთვის და მცხეთის სახლისთვისაც, სადაც ოჯახი ადრე მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდა.
დედამთილ-მამამთილი დიდი სიყვარულით შემხვდნენ და გაუკვირდათ, ირაკლიმ მარტო რომ გამომიშვა.
_ როგორ გაბედა ორსული ქალის მარტო გამოშვება? თანაც მარტო საჭესთან. არ ვიცი, რას ფიქრობს ეს ბიჭი! _ შეიცხადა თამარმა.
_ ვერ შეძლო ჩემთან ერთად წამოსვლა, უცხოელები ჰყავს სტუმრად, _ დავიცავი ქმარი, _ ხვალ ეცდება, ჩამოვიდეს, თუ მოიცალა, თუ არადა, ზეგ დილით უეჭველი მოვა. მე კიდევ ვეღარ გავჩერდი. ვიფიქრე, საჭირო ვიქნები, რაღაცაში მივეხმარები-მეთქი.
ქალი ჩამეხუტა, მერე მხარზე ხელი გადამხვია და სახლში შემიყვანა. დივანზე ჩამოვჯექი, ის კი დაფაცურდა და ჩაი და ნამცხვარი მომიტანა. მისგან ისეთ სიმშვიდეს და სიყვარულს ვგრძნობდი, მომინდა, გული გადამეშალა, ჩემი გასაჭირი მეამბნა, მაგრამ ვიცოდი, ირაკლის ეს არ ესიამოვნებოდა და თავი შევიკავე.
როცა იმ ოთახში ავედი, სადაც ჩვეულებრივ, მე და ირაკლი ვრჩებოდით ხოლმე, მივხვდი, რომ ჩემს ქმარს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოეპარა _ საწოლი. ნინას ვიზიტის შემდეგ ჩვენ ერთად არ ვწოლილვართ, ცალ-ცალკე საძინებლებში გვეძინა. აქ კი ეს გამორიცხული იყო. ამ აზრმა ძალა შემმატა. ლოგინში ირაკლი ვერასდროს მალავდა თავის გრძნობებს. სწორედ ამიტომ გადაბარგდა სხვა ოთახში. ეშინოდა, თავი არ გაეცა. ამაზე ადრეც მიფიქრია. იქნებ აქ დაინგრეს ჩვენ შორის აღმართული კედელი? სულაც არ მინდოდა საწოლის გამოყენება მის დასაბრუნებლად, მაგრამ, როგორც ჩანდა, ეს ერთადერთი გზა იყო და ამით აუცილებლად უნდა მესარგებლა.
იმ ღამეს მშვიდად მეძინა. კი დავიღალე, რადგან მთელი დღე ვეხმარებოდი დედამთილს კერძების მომზადებაში, მაგრამ იმდენად კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, მხოლოდ დაწოლისას ვიგრძენი დაღლა. ამიტომ თავი მივდე თუ არა ბალიშზე, მკვდარივით ჩამეძინა.
დილით კარგ გუნებაზე გამეღვიძა, მაგრამ ადგომისთანავე გულისრევამ შემაწუხა და საპირფარეშოში შევვარდი. ძლივს მოვითქვი სული. თუმცა, მერე მთელი დღე არ შევუწუხებივარ ტოქსიკოზს, რამაც ძალიან გამაკვირვა. ნუთუ აქაური ჰაერი მომიხდა? გამორიცხული არ იყო.
მთელი დღე ფეხზე ვიდექი. წელი მეტკინა. ვეხმარებოდი თამარს, სულ რაღაცას ვაკეთებდი, თან მალიმალ საათზე ვიხედებოდი, იქნებ ირაკლი ჩამოვიდეს-მეთქი, მაგრამ იგი არ ჩანდა. ან იგვიანებდა, ან დღეს ვეღარ ახერხებდა მოსვლას.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მოსამსახურემ დამიძახა, ტელეფონთან გთხოვენო. ირაკლი იყო.
_ გვიან მომიწევს ალბათ ჩამოსვლა, არ დამელოდოთ. ჩემებს გადაეცი, საყვედურებით ნუ ამიკლებენ და არ ინერვიულონ. _ არც მომიკითხა, პირდაპირ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი.
_ ანუ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩამოხვიდე? _ ხმა ჩამიწყდა და მოახლოებულ თამარს ჟესტით ვანიშნე გაურკვეველი სიტუაციის შესახებ.
_ რა იყო, არ მითხრა, რომ გული დაგწყდა. _ მისი ხმა შორიდანაც კი ირონიული იყო.
ნაღვლიანად ამოვიოხრე.
_ უშენოდ მართლა მოწყენილი ვარ, _ წავიჩურჩულე და იმწუთასვე გავიფიქრე, რომ ამაზე პასუხს არ გამცემდა.
_ დედაჩემი შენ გვერდითაა? _ სიტყვა ბანზე ამიგდო.
წარბები შევიჭმუხნე.
_ ჰო. დაელაპარაკები?
_ არა, უბრალოდ, მივხვდი შენი მონატრების მიზეზს. როლი მშვენივრად გამოგდის, _ მწარედ მიკბინა და მაშინვე დაამატა, _ აუცილებლად ჩამოვალ, მაგრამ გვიან.
აღშფოთებისგან გავლურჯდი, მაგრამ თამარის თანდასწრებით არ მინდოდა მისთვის უხეშად მეპასუხა.
_ მოკლედ, წავედი, _ თქვა ბოლოს და გამითიშა
_ ნიცა, რა მოხდა? _ გამომცდელად შემომხედა დედამთილმა.
ნაძალადევად გავიღიმე.
_ ისეთი არაფერი, ირაკლის შეაგვიანდება და არ დამელოდოთო.
_ რაღა დღეს დაამთხვია მაგანაც ეს უცხოელები. საკუთარი დის ნიშნობას უნდა გამოაკლდეს? წამო, შვილო, წამო, მაგას თუ უყურე, თვალები ამოგიღამდება ლოდინში, _ უკმაყოფილოდ წაიდუდღუნა ქალმა და ხელკავი გამომდო.
ქმრის სიტყვებმა ისე გამიფუჭა გუნება, რომ დანა პირს არ მიხსნიდა, მაგრამ ვცდილობდი, ჩემი მდგომარეობა არავის შეემჩნია.
ფართო ტერასაზე თამუნას და გიგას ახლობლებს მოეყარათ თავი. ყველა მხიარულობდა. ჰაერში სასიამოვნო მელოდიის ჰანგები იღვრებოდა. მშვენიერი საღამო იყო. აივნის კუთხეში მდგარ სავარძელში ჩავჯექი, რათა ფეხები დამესვენებინა. ფეხზე დგომის თავი აღარ მქონდა. ფიქრებმა წამიღო, ვერავის ვამჩნევდი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა სასიძოს ძმამ, დათომ, ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიყვანა. უარი ვერ ვუთხარი და მუსიკასა და დათოს ძლიერ მკლავებს დავნებდი. თანდათან მოვედი ხასიათზე. დათო მსუბუქად ცეკვავდა და ასეთივე მსუბუქი იუმორიც ჰქონდა. ბევრი მაცინა. ვერც ვიგრძენი, დრო ისე გაფრინდა. უცებ გული რაღაცნაირად მომეწურა. ვიგრძენი, რომ სადღაც ახლოს ირაკლის მზერა ჩამისაფრდა. მის სიახლოვეს ყოველთვის იმპულსებით ვგრძნობდი, თითქოს უხლავი ანტენა ტალღებს იჭერდა.
თავი კარისკენ მივაბრუნე და შემცბარი შევდექი. ის მართლაც კართან იდგა და ჩვენს წყვილს თვალს არ აშორებდა. მის მზერას შევეფეთე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ ერთნი ვიყავით, რომ უერთმანეთოდ ვერ გავძლებდით. იგი არასდროს შემომხედავდა ასე, რომ არ ვყვარებოდი. სიტყვებით ამ მზერის გადმოცემა შეუძლებელია.
მოულოდნელად შეტრიალდა და გავიდა. ამასობაში მელოდიაც ჩამთავრდა. დათომ სავარძლამდე მიმაცილა, ხელზე მეამბორა და გიგასთან გადაინაცვლა. დაძაბული ვიჯექი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ჩემი ქმრის მოლოდინში. კარგა ხანს შეაგვიანდა. ბოლოს გამოჩნდა. ტანსაცმელი გამოეცვალა და მოწესრიგებულიყო. იგი თავის დას და სასიძოს მიუახლოვდა, ორივე გადაკოცნა და ლაპარაკი გაუბა.

ამ მდგომარეობით ვისარგებლე. ტერასა გადავჭერი, მასთან მივირბინე, დავუძახე და ძველი ჩვეულებისამებრ, საკოცნელად მივეტანე. იმავე წამს შევამჩნიე, როგორ შეებრძოლა საკუთარ თავს. ისე გაიქვავა გული, თითქოს ეს გული საერთოდ აღარც ჰქონდა.
მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მის თვალებში ამოვიკითხე და ყალბად გამიღიმა:
_ ნიცა.
ჩემი სახელი ნიავივით გაშრიალდა, მაგრამ სიცარიელეში ექოსავით გაისმა. გავფითრდი, როცა იგი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. ეს წამიერი შეხება იყო, კოცნას ვერც დავარქმევდი, რამაც გაუსაძლისი ტკივილი მომაყენა. თვალები დავხარე, მუხლები ამიკანკალდა, იმან კი ხელი შემიშვა და თამუნასკენ შებრუნდა.
_ მაინცდამაინც დღეს მოგინდა პარტნიორებთან შეხვედრა? _ საყვედურობდა და, _ ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს?
_ მაგრამ ხომ ჩამოვედი? დაგვიანებისთვის კი უკვე ათასჯერ მოგიხადე ბოდიში.
თამუნამ ძმას ნაზად აკოცა და გიგას ჩაეხუტა.
გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია. ძალ-ღონე მოვიკრიბე და კვლავ მივუახლოვდი ჩემს ქმარს. არა, ამ სიყვარულის დათმობას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ და იძულებულს გავხდი, დამმორჩილდეს _ ამ ფიქრებით ღიმილით გავუყარე ხელი მკლავში და აივნისკენ წავიყვანე.
_ მეგონა, მე გამირბოდი და ამიტომ დაიგვიანე, _ ვთქვი და თავი იმ მასხარად ვიგრძენი, რომელიც იცინის, მაგრამ გული ცრემლით აქვს სავსე.
_ აბა, რას ამბობ, პატარავ, _ ისიც ამყვა თამაშში, _ ხომ იცი, ჩემთვის როგორი ძვირფასიც ხარ?
ვიცოდი, რომ სიტყვაში ვერ მოვუგებდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა თავი დამარცხებულად მეგრძნო. მინდოდა, ამ თამაშში მაინც გამოვსულიყავი გამარჯვებულად.
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ ისევ ისე გიყვარვარ? _ არ ვისვენებდი, თუმცა მშვენივრად ვამჩნევდი სიბრაზის ნაპერწკლებს მის თვალებში.
_ მოდი, ამ თემაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა მარტონი ვიქნებით. _ ღიმილით მომიგო და ლოყაზე ხელი მომითათუნა…
მაინც არ მოვეშვი, თითქოს ეშმაკი შემიჩნდა, რომელიც არ მასვენებდა, ამიტომ გავაგრძელე:
_ რატომ არ გინდა ამ თემაზე ვისაუბროთ? რატომ მარიდებ თავს?
_ სულაც არ გარიდებ. კარგად იცი, რომ ისევე სიგიჟემდე მიყვარხარ, როგორც შენ, _ სარკასტული ტონი გაურია პასუხში.
თავაწეულმა მივიღე ეს ძლიერი დარტყმა. ესე იგი, არ სჯერა ჩემი სიყვარულის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისი სიყვარულიც ამ «არ მჯერას» გაუთანაბრა. საშინლად გავმწარდი, თვალები ზიზღით ამევსო და გამომწვევად მივუგე:
_ სასიამოვნოა იმის გაგება, რომ გიყვარვარ და ალბათ სიცოცხლესაც მანაცვალებ, მაგრამ ამას ახლავე არ მოგთხოვ!
სანამ რამეს მეტყოდა, მამამისი მოგვიახლოვდა და შვილს მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი:
_ მგონი, ჩვენ აქ ზედმეტნი ვართ. წავიდეთ, გავისეირნოთ, თქვენ კი გაერთეთ, ბავშვებო!
მისი მშობლები გაგვერიდნენ და თამუნა და გიგაც თან გაიყოლეს.
მარტონი დავრჩით. ირაკლიმ მკლავი გაითავისუფლა, მოიშორა ჩემი ხელი, შემდეგ კონიკით სავსე სირჩას დასწვდა და სულმოთუქმელად გადაკრა.
_ ყოჩაღ, მაგარი ბიჭი ხარ! ოღონდ არ დამელაპარაკო და მზად ხარ, მთელი ბოთლი გამოცალო!
_ დიახაც. და, რომ იცოდე, ეს სულაც არ მათრობს. ჯერჯერობით ვახერხებ თავის შეკავებას.
_ რისგან? _ გული ამითრთოლდა, მეგონა, მეტყოდა, რომ არ მოგეფეროო, მან კი ისეთი რამ მითხრა, ადგილზე მომიღო ბოლო:
_ რომ არ მოგკლა! მაპატიე, უნდა დაგტოვო! _ მითხრა და უკანმოუხედავად გამეცალა.
ვიდექი მარტო და ცრემლები და სიბრაზე მახრჩობდა. არ ვიცი, იმ მომენტში მიყვარდა თუ მძულდა. ორივე გრძნობა ისე იყო ერთმანეთში გადახლართული, რაღაც საშიში ნაზავი გამოდიოდა. იმწუთას შემეძლო, დავტაკებოდი, კოცნით ამევსო, მერე კი ყელი გამომეჭრა. და ზუსტად ვიცი, ნამდვილად ვიყავი ამის გამკეთებელი.
სიმარტოვე აუტანელი ხდებოდა. თუ ასე გაგრძელდებოდა, ვეღარ გავუძლებდი და ყველაფერი დასრულდებოდა… მაგრამ როგორ დასრულდებოდა, ეგ არ ვიცოდი.
დამთრგუნველი ფიქრებისგან დათოს თბილმა ხმამ გამომაფხიზლა. ხელი მომკიდა და კვლავ საცეკვაოდ გამიყვანა.
_ იმედი მაქვს, ირაკლი მაპატიებს, დროებით ცოლი რომ მოვტაცე, _ გაიხუმრა მან, როცა მუსიკის რიტმს ავყევით.
მექანიკურად ვადგამდი ნაბიჯებს, სადღაც შორიდან ჩამესმოდა მისი ხმაც, იმდენად ვიყავი დაძაბული, მაგრამ ნაძალადევად მაინც გავუღიმე:
_ რა თქმა უნდა, ის შენ გენდობა, _ ვთქვი და გავიფიქრე, რომ ირაკლი ყველას ენდობოდა, ერთი ადამიანის გარდა _ და ის ერთი ადამიანი მე ვიყავი.



№1  offline წევრი bethelimit

Au dzaaaaan kargia , rasac kvia visiamovne am tavit))) velodebi shemdeg tavs sulmoutkmelad!!!!

 


№2 სტუმარი hipo

aau imedia ar daagvianeeb :(

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

აუ ძაან Kარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent