შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდისფერი ცისარტყელა თავი 7


21-08-2016, 16:12
ავტორი tatia27
ნანახია 2 173

საღამომ ისე ჩაიარა, მეტჯერ აღარ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ამასობაში ქეიფი დამთავრდა. სტუმრები თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ. დიდი ოთახი დაცარიელდა. არ მეძინებოდა, ამიტომ დროის გასაყვანად ბაღში ჩავედი. ზედმეტად ვიყავი აფორიაქებული. კაკლის ხის ქვეშ ჩამოვჯექი, თვალები მივლულე და მათრობელა ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
_ დათოს ელოდები? _ მოულოდნელმა შეკითხვამ დამაფრთხო. მივიხედე. როცა თვალები სიბნელეს შევაჩვიე, ირაკლი დავინახე.
_ დათოს? დათოს რატომ უნდა ველოდებოდე?
_ აქ ხომ მოწმეების გარეშე შეგიძლია მასთან ფლირტაობა.
სიბრაზისგან წამოვჭარხლდი, გაცეცხლებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე. ფლირტაობაო… როგორ გამიბედა? ნუთუ ეჭვიანობს? თუ ასეა, იქნებ გამერისკა?
შევეცადე, მშვიდად მეპასუხა:
_ ასეც რომ იყოს, მერე შენ რა?
ერთხანს მიყურა, მერე მომიახლოვდა და კბილებში გამოცრა:
_ მერე ის, რომ შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ. ამ ერთხელ შეგახსენებ ამას და მეტჯერ აღარ, იცოდე!
შევკრთი. გული სიხარულით ამევსო. გამოდის, არ შევმცდარვარ. ეჭვიანობს, რა მაგარია! ის მე არასდროს დამთმობს, არავის მისცემს უფლებას, ჩემი თავი წაართვას. ესე იგი, ვუყვარვარ. ახლა სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტი არ უნდა მომივიდეს. თვითონ ალბათ ვერც მიხვდა, რაც წამოსცდა.
_ ჯერ კიდევ მახსოვს, რომ შენი ცოლი ვარ, არ მჭირდება შეხსენება.
_ ვითომ? _ დაცინვით მკითხა, _ იქნებ ფლირტაობა შენთვის ჩვეულებრივი გართობაა?
_ ჩვენ არ გვიფლირტავია, მხოლოდ ვცეკვავდით, _ უაზროდ ვიცავდი თავს მისი აბსურდული ბრალდებისგან.
მაღიზიანებდა მისი ამაზრზენი საქციელი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ეჭვიანობდა თუ არა, უსაფუძვლო დადანაშაულების უფლება მაინც არ ჰქონდა.
_ გაფრთხილებ, ნიცა, არც იფიქრო ჩემი გასულელება! _ სახელით მომმართა.
მისი სიტყვები მუქარას ჰგავდა, რამაც საბოლოოდ დამაკარგვინა წონასწორობა:
_ როგორ არ გრცხვენია? დათო შენი ნათესავი გახდება დღე-დღეზე! ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო და მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელო. სხვა რამე მაინც მოიფიქრე ჩემი გულის მოსაკლავად. სასაცილოა! ძალიან კარგად იცი, როგორც მიყვარხარ.
_ გიყვარვარ? ჰმ… შენ საკუთარ სიყვარულს ფარად იყენებ, ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. ორივემ კარგად ვიცით, რა ოსტატურად «აცეკვებ» სიტყვებს საწადელის მისაღწევად. შენს მოკლეფეხება ტყუილებს მოხერხებულობა აკლია, ისე…
_ მე შენ არ მომიტყუებიხარ. არ არის სიცრუე ჩემი სიყვარული. ყველაფერი, რაც ჩავიდინე, შენდამი ჩემმა გრძნობამ ჩამადენინა, შენი დაკარგვის მეშინოდა.
_ შეყვარებული ქალი შენსავით არასდროს მოიქცეოდა და არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, _ მკვახედ მომიგო.

გამეცინა:
_ ფეხებზე , როგორ მოიქცევა სხვა შეყვარებული ქალი. სხვათა შორის, უარეს რამეზე წამსვლელი შეყვარებული ქალებიც მინახავს! _ მივახალე და მივხვდი, რომ ჩემი სიტყვები მის გულამდე არ აღწევდა. მისთვის სულერთი ვიყავი.
თბილმა სიომ წამოუბერა და თმა შუბლზე ჩამოეშალა. უნებურად ავწიე ხელი, რომ მისთვის თმა გადამეწია, ლოყაზე შევეხე და ისე დავიმუხტე, რომ ხელი ამეწვა. მანაც ასწია ხელი თმის შესასწორებლად და სწორედ ამ დროს შეეხო ჩემი თითები მისას. თითქოს წამით ორივენი გავქვავდით. ჟრჟოლამ ამიტანა. ირაკლის ტუჩები მოეკუმა და დაჟინებით შემომცქეროდა. სუნთქვა გამიჩერდა. თვალებში ჩავხედე.
_ რა უგულო ხარ, _ სიოსავით გაიშრიალა ჩემმა ჩურჩულმა. ვე
_ ვახ, ამისი! _ წამოიძახა მოულოდნელად და თვალებზე ხელი აიფარა. შემდეგ კვლავ ჩამოუშვა და თვალი თვალში გამიყარა.
ჩემი სიბრაზე სადღაც გაქრა. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა _ დამეჯერებინა, რომ ვუყვარდი, დავრწმუნებულიყავი ამაში.
_ იცი, როგორ მიყვარხარ? _ ჩემს ბაგეებს უნელიეთ წამოსცდა ეს სიტყვები და იგი ჩემს ქმარს სიომ მიაწოდა, _ უშენოდ ჩემს სიცოცხლეს აზრი არა აქვს. _ გავბედე და ალერსით ავუჩეჩე თმა, მისკენ გავიწიე და ხელის მოხვევა დავუპირე.
_ გადი! მომშორდი! _ იყვირა და ისე მკრა ხელი, რომ წავბორძიკდი. კიდევ კარგი, დროზე დამიჭირა, თორემ მიწაზე მოვადენდი ზღართანს.
მის მკერდს მივეკარი აცახცახებული. ვიგრძენი, როგორ უცემდა გული, როგორ ძალუმად მიხუტებდა მკერდში. თავი ავწიე, შევხედე და სწორედ ის ამოვიკითხე მის მზერაში, რის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა.
_ ნიცა…
ძლივს გაისმა ჩემი სახელი, მაგრამ სხეულის ყველა ნაკვთი ამოძრავდა, ვნებით გაივსო, თავბრუ დამესხა და მუხლები მომეკვეთა, რადგან ირაკლი დაიხარა და ჩემს ტუჩებს დააკვდა.
ბედნიერებისგან გონზე არ ვიყავი. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით ამ უკიდეგანო სამყაროში და ერთმანეთს სიამტკბილობის წამებს ვჩუქნიდით.
მოულოდნელად ისევ ხელი მკრა და მკერდიდან უხეშად მომიშორა. ისევ ზიზღით შემავლო თვალი, შემდეგ შებრუნდა, ხელები თავზე წაივლო და შეიგინა.
_ მე შენ გიყვარვარ, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი.
_ სიყვარულს ამასთან საერთო არაფერი აქვს, _ ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი, მე კი არა, თავის თავს უბრაზდებოდა სისუსტის გამოჩენისთვის. ბოღმა ახრჩობდა, რომ ემოციები ვერ მოთოკა და თავი გასცა.
_ რაც გინდა, ის თქვი, მაგრამ მაინც გიყვარვარ, _ ჯიუტად გავიმეორე.
_ ჰო, ალბათ, _ წამოსცდა ან, სულაც, შეგნებულად თქვა.
_ მეც მიყვარხარ, გონის დაკარგვამდე მიყვარხარ, _ ისევ გაბევრდა ჩემი იმედი.
ჩემმა ნათქვამმა ეფექტი ვერ მოახდინა. მან ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, მხრეში გასწორდა და მომიგო:
_ და გგონია, რომ ამ მიზეზის გამო თავს ნაკლებად იგრძნობ ნაძირალად? _ პირდაპირ თვალებში მესროლა ეს მწარე სიტყვები.
სისხლი საფეთქებს შხუილით მიაწყდა, ქმრის სიტყვებმა საბოლოოდ მომიკლა გული, გამანადგურა.
_ აუტანელი ვინმე ხარ, საზიზღარი არსება! _ მთელი ხმით ვიყვირე და ხელები მოვმუშტე, _ როგორ მინდა, მძულდე და მძულხარ კიდევაც! _ ამ სიტყვებით ზურგი შევაქციე.
არა, ხვალ დილითვე უნდა წავიდე აქედან. არაფრის დიდებით არ მივცემ ჩემი შეურაცხყოფის უფლებას. საკმარისია ჩემი აბუჩად აგდება! _ თითქოს უროს მირტყამდნენ თავში, ისე მიფეთქავდა საფეთქლები. ბარბაცით წავედი სახლისკენ.
მას შეუძლია ტკივილი მომაყენოს, მე კი, ჩემი სიყვარულის გამო, მის წინაშე უსუსური ვარ. ნეტავ არ მიყვარდეს, ნეტავ მართლა გაქრეს ჩემი გულიდან და გონებიდან, ნეტავ ხვალ დილით გამეღვიძოს და გამეცინოს ამ ყველაფერზე მსუბუქად, უდარდელად…
თვალი რომ გავახილე, ოთახში მზის სხივები ატანდა. ლოგინში ავწრიალდი, მძიმედ ამოვიოხრე და ირგვლივ მიმოვიხედე. ჩემ გვერდით საწოლის მეორე ნახევარი ცარიელი დამხვდა.. ცარიელი კი არა, ხელუხლებელი, ჩემს მეუღლეს ღამე ჩემ გვერდით არ უძინია. ფიქრებმა წამიღო. გამახსენდა ღამის მოვლენები. არა, ფაქტია, რომ ვუყვარვარ, თუმცა გამწარებული ებრძვის ამ გრძნობას. ვიცი, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვი, ვნანობ კიდევაც, ასე რომ მოვიქეცი და დროზე არ ვაღიარე ჩემი სიცრუე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთმანეთი მაინც გვიყვარს? რა გავაკეთო, რომ გული მოვულბო?
საწოლზე წამოვჯექი. ცოტა ხანს დავრჩი ასე გარინდებული, შემდეგ ავდექი, შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე, თეთრი ჯინსი და ზღვისფერი მაისური ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
იქ სამარისებური სიჩუმე დამხვდა. ნუთუ ასე ადრეა? ნუთუ ჯერ არავინ ამდგარა ჩემ გარდა? გაოცებულმა მოვავლე მზერა იქაურობას. სიჩუმემ შემძრა. სამზარეულოსკენ გავემართე, რომ ყავა მომედუღებინა. ახლა რაღაც უნდა ამეხმაურებინა, თორემ ეს სიჩუმე ბოლოს მომიღებდა. ჩაიდანი გაზურაზე იდგა. ხელი მივადე მის ვერცხლისფერ მუცელს. ცხელი იყო. იქვე, მაგიდაზე, ლამბაქზე დადებული ფინჯანიც შევნიშნე. ეტყობოდა, ვიღაცამ ადგომა დამასწრო და უკვე ისაუზმა კიდეც. უეცრად მზერა ვიგრძენი. გუმანით მივხვდი, ირაკლი იქნებოდა. მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სხეულის ასე ათრთოლება. მოვიხედე. გამოღებულ კართან დამდგარიყო და მომჩერებოდა.
_ ჩაი დაგისხა თუ ყავა გირჩევნია? ჩაი ჯობია, ყავა გავნებს, _ თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას და ჩემკენ დაიძრა.
გავშეშდი, კრინტი ვერ დავძარი. მომიახლოვდა და ხელი მომკიდა. საშინლად ავღელდი. ხელი გამოვტაცე, ჩაიდანი ავიღე გაზქურიდან და ფინჯანში წყლის ჩასხმა დავიწყე, მაგრამ ისე ვკანკალებდი, მდუღარე წყალი ძირს დამექცა.
_ ფრთხილად, არ დაიწვა! _ შესძახა შეშინებულმა.
თავბრუ დამესხა. მისი სიახლოვე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. ღმერთო, რა იქნება, ახლა ხელი მომხვიოს, ჩამიხუტოს და მომიალერსოს?
გარედან ნაბიჯების ხმა მოისმა. გიგა შემოვიდა სამზარეულოში.
ნიშნობის მერე ის და მისი მშობლები დარჩნენ, რადგან გოგიმ გაიგიჟა თავი, ერთი-ორი დღე არ გაგიშვებთო. დათო წავიდა მხოლოდ, სამსახურს ვერ გავაცდენ და ხვალ საღამოს შემოგიერთდებითო.
_ მეც დამალევინეთ ჩაი, რა? პირი მიშრება, _ ნახევრად სიძე მაგიდას მიუჯდა და რიგრიგობით შემოგვხედა ორივეს, _ დილა მშვიდობისა, მეგობრებო! რა დღლილი სახეები გაქვთ? თქვენც «პახმელია» გაწუხებთ ჩემსავით, თუ? ასე ადრე რამ აგაყენათ? _ მრავალმნიშვნელოვნად დააყოლა.
გამეღიმა.
_ ირაკლის რა მოგახსენო, მაგრამ მე მშვენივრად ვგრძნობ თავს, წვეთიც არ დამილევია.
ირაკლის ხმა არ ამოუღია. მაგიდასთან მიმაცილა, მერე ჩაიდანი მოიტანა და ჩაი ორივეს დაგვისხა.
_ შენ არ გინდა? _ ვკითხე.
_ არა, მე უკვე დავლიე და ვისაუზმე კიდეც. _ დახშული ხმით მომიგო, ტოსტერიდან პური გამოიღო და საპურეზე დაალაგა. მერე ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და სახე მზის სხივებს მიუშვირა.
_ ძალიან გიხდება ორსულობა, ნიცა, მშვიდი და ბედნიერი სახე გაქვს, _ ღიმილად დაიღვარა გიგა, _ ხომ მართალი ვარ, ირა?

_ რა? რა თქვი? _ თავი მოაბრუნა ირაკლიმ.
_ ვთქვი, ნიცას ორსულობა ძალიან მოუხდა-მეთქი.
_ ჰო, ზედმეტად გალამაზდა, _ არც ამჯერად დაიშურა სარკაზმი ჩემმა ქმარმა.
_ შენს ირონიას საზღვარი არა აქვს, _ თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე.
_ ტყუილის თქმა ჩვევად არ გამიხდია, _ მშვიდად მომიგო და კიდევ ერთხელ დამისერა გული.
გავფითრდი, წამოვხტი, გიგას ბოდიში მოვუხადე და სამზარეულოდან ტყვიასავით გავვარდი.
_ რა გჭირთ, ხალხო? _ დერეფანში ჯერ გიგას ხმა დამეწია, მერე ირაკლი, რომელმაც ხელი მტაცა მაჯაში და მომქაჩა:
_ მოიცა! გაჩერდი, ნუ გარბიხარ. მაპატიე, ცუდის თქმა არ მინდოდა, ეს არ მქონია მხედველობაში.
ტკივილით სავსე მზერით შევხედე:
_ რა ეს _ ხმა ამიკანკალდა, _ რა ეს, რა! _ ხმა ჩამეხლიჩა.
მან ამოიხვნეშა და ხელი შემიშვა:
_ უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ სიმართლე ვთქვი, სხვა რამე არ მიგულისხმია. რა დაგემართა, ყველა სიტყვაზე უნდა გამომეკიდო? ბოდიში ხომ მოგიხადე?
_ შენი ბოდიში შემამსუბუქებს გგონია?
_ არ მინდოდა შენი წყენინება, მეტი რა გავაკეთო? თუ არ გჯერა, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი. არც მე მჯერა შენი! _ იმანაც იყვირა, ერთხანს შუბლეკრულმა მიყურა, მერე გატრიალდა და წავიდა.
ტირილი არ მინდოდა, ამიტომ თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს, მაგრამ მაინც ვიკავებდი. ვცდილობდი, თვალი არ დამეხამხამებინა.
ეზოში გავედი. ცოტა გავისეირნე, რათა დავწყნარებულიყავი და როცა დავიღალე, ვერანდაზე ავედი. იქვე, რბილ სავარძელში ჩავეშვი და თვალები დავხუჭე.
თითქოს ჯადოსნური სუფრა გაიშალაო, უეცრად ჩემ წინ, მაგიდაზე, ხაჭაპურით სავსე თეფში და ფინჯანი ჩაი გაჩნდა.
ირაკლი…
_ დაამთავრე საუზმე, _ მიბრძანა და რეალობაში დამაბრუნა.
_ არ მინდა, _ მკვახედ მივუგე.
ბრაზი დაეტყო ნაკვთებზე, ყბები მოკუმა.
_ ჭამე! შენ არ გინდა, ბავშვს უნდა, ნერვებს ნუ მიშლი.
ის მართალი იყო და მე ეს ვიცოდი. უგულოდ ავიღე ერთი ნაჭერი ხაჭაპური და მოვკბიჩე.
ირაკლი ზურგით მოაჯირს მიეყრდნო და თვალი თვალში გამიყარა.
_ რატომ არის სახლში ასეთი სიჩუმე? სად არიან დანარჩენები? _ შევეკითხე.
_ სათბურის დასათვალიერებლად წაიყვანეს ჩემებმა სტუმრები. მალე დაბრუნებიან ალბათ…. ეგრე ძალით ნუ ილუკმები. შენი უჭმელობა და ავად გახდომა არ შეიძლება, _ დამმოძღვრა.
_ კარგი, ექიმო, დაგიჯერებთ, _ გახუმრება ვცადე.
_ ნუ ხუმრობ, მართალს გეუბნები!
წამით გამიელვა, რომ აღარაფერში აღარ მენდობოდა.
_ ნუ ღელავ, ბავშვს არაფერს ვავნებ, ეს, პირველ რიგში, ჩემი შვილია, _ ცივად, მაგრამ ნიშნის მოგებით მივუგე.
გაოცებით შემომხედა:
_ მაგით რისი თქმა გინდა?
_ კარგად იცი, რისიც. მართალია, აღარ მენდობი, მაგრამ ბავშვს არაფერი დაემართება. მე დედა ვარ მისი და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ეს ერთგვარი გაფრთხილებაც იყო, ორაზროვნად ნათქვამი _ თუ წესიერად არ მოიქცევი, შემიძლია ბავშვი გავაქრო-მეთქი, ვიგულისხმე.
ბრაზიანი ნაპერწკლებით აენთო თვალები, პირი მოკუმა და თავი გააქნია. მივხვდი, თავის შეკავებას ცდილობდა.
_ იცოდე, რამე ისე რომ ვერ იყოს, ცხოვრებაში ვერასდროს ეღირსები დედობას, ჯოჯოხეთს მოგანატრებ, გპირდები! _ ძალიან მშვიდად მითხრა და კიბეზე ჩაირბინა.
ლუკმა კინაღამ ყელში გამეჩხირა. ხაჭაპური თეფშზე დავდე და უხმოდ ავტირდი…
ცოტა ხნის შემდეგ ხმაური მომესმა. ირაკლი და გიგა ეზოდან გადიოდნენ. არ ვიცოდი, სად მიდიოდნენ, არც დამიბარეს. ამაზე უარესად დამწყდა გული. არაფრად მაგდებდა, სულ არაფრად, თითქოს სახლის მოდარაჯე ძაღლი ვყოფილიყავი. დავრჩი მარტო. ჯერ წამოვწექი, მერე ბაღში ჩავედი, გავისეირნე, მერე ჰამაკში ჩავწექი, სუფთა ჰაერი ჩავყლაპე და ნელ-ნელა გული დავიწყნარე.
ცოტა ხანში ყველანი დაბრუნდნენ და სადილის თადარიგი დაიჭირეს.
მოსაღამოვდა. საძინებელში ვიყავი, ფანჯარასთან ვიდექი და ნაღვლიანად გავყურებდი ცას. მთელი დღე გავურბოდი ყველას, ვცდილობდი, თვალებში არ შევჩხეროდი ვინმეს, განსაკუთრებით დედამთილ-მამამთილს, რათა არ ეკითხათ, მოწყენილი რატომ ხარო. თამუნას ჩემთვის არ ეცალა, გიგათი იყო გართული.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ირაკლი შემოვიდა. ჩემს დანახვაზე შეკრთასავით.
_ მეგონა, გეძინა, _ დაძაბული ხმით თქვა და საწოლზე ჩამოჯდა.
გამიკვირდა, საძინებელში რომ შემოვიდა. ნუთუ აქ აპირებს დარჩენას? გული ამიჩქროლდა.
_ იმედი გქონდა, რომ მეძინა? _ გავეპაექრე.
_ რატომ არ წევხარ? _ ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
_ ვერ ვიძინებ. აღარ მომწონს მარტოს ძილი, _ გულღიად ვუპასუხე და მივხვდი, რომ მიზანში მოვარტყი.
_ რატომ იქცევი ასე, ნიცა? _ ხმას აუმაღლა, _ მოგწონს, როცა გირტყამენ და გტკენენ?
_ ამაზე მეტი ტკივილი ვერც წარმომიდგენია. ის მკლავს, რომ ჩემკენ არ იხედები, _ არ დავმალე.
მოიღუშა.
_ ჩემგან რას ითხოვ?
_ შერიგებას, სიყვარულს…
_ შენ რა, სულ დაკარგე სიამაყე?
_ რა თავში ვიხლი სიამაყეს? რაში გამომადგება? გამათბობს თუ მომეფერება?
_ მე არ შემიძლია შენი სიყვარულის გაზიარება, კარგად იცი.
_ არ შეგიძლია თუ არ გინდა?
_ გეყოს ახლა! _ შეფარული მუქარით გამაფრთხილა.

_ არა, არ ვაპირებ დანებებას!
_ სულელი ყოფილხარ.
_ შეიძლება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შენც გინდა ჩემთან.
ჩემმა სიტყვებმა გულიანად გააცინა.
_ მერედა, რატომ გიკვირს? მე ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ და რაღაცები მინდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ ჩვენ კარგი სექსი გვქონდა!
_ მხოლოდ სექსი? ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ სექსი იყო და არა სიყვარული?
_ სიყვარული სხვადასხვაგვარია.
მივაჩერდი. ორი მეტოქე ერთმანეთს შევებრძოლეთ.
_ უკან დახევა არ შეგიძლია, არა? ეს რაღაც სიგიჟეა, _ ვთქვი და ამოვიოხრე.
_ შენი საქციელის დავიწყება არ გამომდის და არც არასდროს გამომივა, ამას ვერ გაპატიებ. _ მოკლედ მომიჭრა.
_ თუკი არ მაპატიებ, სანამდე მივალთ? რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე?
_ სანამ არ დავრწმუნდები…
_ რაში უნდა დარწმუნდე? მითხარი, რა ვქნა და გავაკეთებ. გინდა, ბიბლიაზე დავიფიცო? გინდა, ტელევიზორში გამოვაცხადებ საქვეყნოდ, რომ მიყვარხარ! ნუთუ არ გესმის, რომ შენი გულისთვის ყველაფერზე თანახმა ვარ?
ერთხანს მიყურა, მერე წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე ოდნავ შემეხო:
_ მე… მე არაფერი მინდა… _ ამ სიტყვებით თვალები დახუჭა და გაირინდა.
მისი სუნთქვა სახეში მცემდა. ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ. ვიფიქრე, ჩავეხუტები-მეთქი, მაგრამ სწორედ ამ დროს მკრა ხელი და უკან დაიხია.
_ შენ რა, ფარ-ხმალს არასდროს ყრი? _ გამომწვევი გაუხდა მზერა.
_ შენზე უარს ვერ ვიტყვი, ირაკლი, ჯობია, მომკლა და დაამთავრო ყველაფერი!
_ არაფერი გამოგივა, ნიცა, ამაოა შენი ყველა მცდელობა! ლამაზი სხეულით ვერ დამაბამ, არ მოქმედებს ეგ ტრიუკი ჩემზე!
გავწითლდი. მან ზუსტად გამოიცნო, რისი იმედიც მქონდა…
დავიბენი… დავაპირე, თავი მემართლებინა, მაგრამ სიტყვები ვეღარ ვიპოვე და ავლუღლუღდი:
_ მე… მე… სულაც არ… _ მაგრამ ირაკლის ცივმა მზერამ ადგილზე გამაქვავა.
_ ვითომ?
ხმას არ ვიღებდი. ის მიმიხვდა. ჩემი სხეული ჩემი ერთადერთი იარაღი იყო მის დასაბრუნებლად.
_ იმაზე ბრაზობ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი? _ კვლავ მოვუსინჯე ნიადაგი.
მან თავი გადააქნია და მშვიდად მომიგო:
_ არა. მეც ასე მოვიქცეოდი.
თვალები ცრემლით ამევსო.
_ შერიგების იმედი არ უნდა მქონდეს? _ თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ქმარს სამუდამოდ ვკარგავდი.
_ ნუ განიცდი ასე, რას იზამ, უკან ყველაფერს ვერ დავაბრუნებთ. ხანდახან სამუდამოდ ვკარგავთ რაღაცას ან ვიღაცას.
_ თუ მოინდომებ, შენ შეგიძლია უბედნიერეს ქალად მაქციო, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით იამაყო. _ ცრემლები ღვარად წამომივიდა.
_ შენ, მგონი, მთლად გასულელდი. ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენთან ურთიერთობა აღარ მინდა? ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან _ ბავშვი _ და სხვა არაფერი. ტყუილად ტირი, შენი ცრემლებით ვერაფერს მიაღწევ.
_ მაგრამ მე ხომ მიყვარხარ!
_ კარგი, რა, აღარ გვინდა ეს თამაში, უკვე ყელამდე ვარ შენი არტისტობით. შენ რა იცი, რა არის სიყვარული… უკვე გვიანია, ძილის დრო მოვიდა, წადი, დაწექი! _ მითხრა და უკანმოუხედავად გავიდა საძინებლიდან.
დიდხანს გავცქეროდი დაკეტილ კარს. რატომ ვწელავ დროს? მე ხომ ყველაფერი დავკარგე. მას არასდროს მოუბრუნდება ჩემკენ გული, არასდროს მაპატიებს ამ შეცდომას… ისე ამოვიოხრე, გულიც თან ამოვაყოლე, ცრემლები შევიმშრალე და გულგანგმირულმა ლოგინს მივაშურე…
ვუყურებდი, როგორ გულიანად იცინოდა ირაკლი გიგას მონაყოლზე. გულზე ლოდივით მაწვა სიმძიმე. მთელი ღამე არ მიძინია, ის კი მშვენიერ ხასიათზე იყო და ხაკისფერ პერანგში მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
ყურადღება ნიჟარაში ჩაყრილ ჭუჭყიან ჭურჭელზე გადავიტანე. გადავწყვიტე, დამერეცხა, რადგან ჩემი დედამთილი ახლომახლო არ ჩანდა. სახელოები ავიკაპიწე და წყალი მოვუშვი. სწორედ ამ დროს თამუნა გაჩნდა ჩემ გვერდით.
_ არ გინდა, რამე მითხრა? _ მკითხა, როცა გარეცხილი თეფში გამომართვა და გამშრალებას შეუდგა.
მზერა ავარიდე და სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, ჩავახველე.
_ რა უნდა გითხრა? _ თავი მოვიკატუნე.
თამუნა ხელზე რბილად შემეხო.
_ ვგრძნობ, რომ შენსა და ირაკლის შორის რაღაც ხდება და ეს რაღაც სულაც არ არის კარგი.
სახეზე შეშფოთება გამომეხატა, რაც არ გამოჰპარვია ჩემს მულს, ამიტომ დამშვიდება დამიწყო:
_ არა, მე არაფერი ვიცი, უბრალოდ, შეყვარებული ქალის ინტუიცია მკარნახობს, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის. გატყობ, რომ ეს ორი დღე ძალიან ნაღვლიანი ხარ, უბედური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ, ამიტომ მინდა რაიმეთი დაგეხმარო. მითხარი, რა მოხდა, გამენდე, გულზე მოგეშვება.
ხმას არ ვიღებდი და ნიჟარაში ვიყურებოდი, თან გამალებით ვრეცხავდი თეფშებს. უეცრად ხმაური შემომესმა, თავი ავწიე და გავიხედე _ გაღებულ ფანჯარაში თვალი მოვკარი ირაკლის, რომელიც გიგას ფეხბურთს ეთამაშებოდა. მათი სიცილის ხმა ეზოს ავსებდა.
_ მადლობა, თამო, მაგრამ ვერაფრით დამეხმარები.
_ დარწმუნებული ხარ?
_ როგორც არასდროს, _ ცალყბად გავუღიმე, _ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი დალაგდება ალბათ. ოღონდ გთხოვ, ამაზე სხვებთან არაფერი წამოგცდეს, კარგი?
_ ნუ ღელავ, სამარე ვარ. თუ რამეა, მე აქ ვარ, შეძლებისდაგვარად გვერდში დაგიდგები, _ შემპირდა მული.
_ გმადლობ. ახლა ვერა, მაგრამ მოგვიანებით გეტყვი, რაც ხდება, იქნებ შენ მაინც მირჩიო რამე, _ ხმა ამიკანკალდა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. თამუნამ ჭურჭლის გამშრალებას თავი მიანება, ახლავე დავბრუნდებიო, მითხრა, ტილო მხარზე გადაიგდო და ტელეფონისკენ გაეშურა. ყურმილი აიღო, უპასუხა და მერე ირაკლის გასძახა ფანჯარაში:
_ ირაკლი, დათა გეძახის!
დათა მათი მეგობარი იყო და მეზობლად ცხოვრობდა. რატომღაც, ნიშნობაზე არ შემიმჩნევია არც ის და არც მისი ოჯახის წევრები, რაც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ახლაღა გავაცნობიერე ეს.

ირაკლი გაოფლილი შემოვიდა, ყურმილს დასწვდა, მეზობელს დაელაპარაკა და ორიოდე წამის შემდეგ სახე მოეღუშა. როცა საუბარი დაამთავრა, თამუნას და იმწუთას შემოსულ გიგას მიუბრუნდა:
_ დათას შაბათ-კვირას ნათესავები ჩამოუვიდნენ სტუმრად უკრაინიდან და მათი ექვსი წლის ბიჭი დაიკარგა თურმე. ეზოში თამაშობდა და უცებ გაქრაო. დახმარება მთხოვა, უნდა გავიდე.
_ მეც გამოგყვები, _ წამოიძახა გიგამ.
_ მეც მოვდივარ! _ თამუნამ ჩაის ტილო იქვე მიაგდო, წინსაფარი მოიხსნა და გაემზადა _ რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო მალე ვიპოვით დაკარგულსო.
_ მე თამუნასთან ერთად წამოვალ, _ გამოვაცხადე მტკიცე ხმით.
ირაკლიმ თავი გადააქნია.
_ არა, შენ აქ დარჩი. _ ცივად მომახალა.
ვერაფრით მივეჩვიე მის ცივ ტონს, ამიტომ თავადაც ცივად ვუპასუხე:
_ მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო! მინდა წამოსვლა და წამოვალ კიდევაც!
როგორ წამოჭარხლდა სახეზე, ძარღვები დაებერა ყელთან. ასე იცოდა, როცა ბრაზდებოდა.
_ შენ გგონია, გასართობად მივდივართ? ბავშვი უნდა მოვძებნოთ. იქ შენი მოვლის თავი არავის ექნება. დარჩი, რომ გეუბნებიან!
ჩემდა უნებურად ავუწიე ხმას:
_ მე ორსული ვარ და არა დამბლადაცემული! თქვენი დახმარება არ მჭირდება და არც ხელს შევუშლი არავის!
_ გეყოფა! _ იფეთქა ჩემმა ქმარმა, _ არ ვაპირებ შენთან კამათს! გითხარი, დარჩები-მეთქი და მორჩა! _ მოკლედ მოჭრა და გაცეცხლებულმა ტუჩები მოკუმა, რომ ზედმეტი არ წამოსცდენოდა.
შეურაცხყოფისგან კრიჭა შემეკრა. ასე, ხომ? გამოდის, ზედმეტი ტვირთი ვარ? არასოდეს! ამის ფუფუნებას არავის მივცემ. არ სიამოვნებს ჩემ გვერდით ყოფნა? კარგად ბრძანდებოდეს!
თვალცრემლიანი ჩემს ოთახში ავედი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გადამეხადა ირაკლისთვის სამაგიერო. გადავწყვიტე, მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ფეხსაცმელი გამოვიცვალე, ბოტასი და ჯინსი ჩავიცვი და დაველოდე, როდის წავიდოდნენ, რომ მერე მეც უკან მივყოლოდი.
მართლაც ასე მოვიქეცი და მალევე დავეწიე მიმავალთ.
როცა ირაკლიმ შემამჩნია, უკვე გვიან იყო. სახლიდან კარგა მოშორებით ვიმყოფებოდით. სიბრაზისგან სახე აეწვა და უხეშად მომმართა:
_ საინტერესოა, ამჯერად რა ფოკუსი გაქვს ჩაფიქრებული. რატომ წამოხვედი? შენ მოგხედო, თუ იმ ხალხს დავეხმარო ბიჭის მოძებნაში?
_ არ მჭირდება შენი მოხედვა, დავრდომილი არ ვარ. მინდა და მოვდივარ!
_ კარგი, ირაკლი, რა მოგივიდა? _ გაუნაწყენდა ძმას თამუნა, _ წამოვიდეს, ვის შეუშლის ხელს? ნუ იცი ხოლმე უაზრო გამოსვლები!
ირაკლიმ თავი ჩაღუნა, შემდეგ ამოიხვნეშა, ყველას თვალი მოგვავლო და დამშვიდებულმა თქვა:
_ კარგი, დამანებეთ თავი, მაინც თქვენი გაიტანეთ. მაშინ თქვენ ეკლესიისკენ წადით, მე და ნიცა კი აქეთ დავადგებით გზას, გორებისკენ. თუ სადმე გადააწყდებით ბავშვს, დაგვირეკეთ. _ როგორც იქნა, დაყარა ფარ-ხმალი ჩემმა ქმარმა.
გორაკისკენ ამავალ ბილიკს დავადექით. მშვენიერი დარი იდგა, ქროდა საამო სიო და მინდვრის ყვავილების სურნელი მოჰქონდა.
_ ძალიან ჭკვიანურად მოიქეცი, არა, შენი რომ გაიტანე? _ უკმაყოფილოდ მკითხა.
_ არა. უბრალოდ, დახმარება მინდოდა. არ მესმის, რატომ არ გინდოდა ჩემი წამოსვლა.
_ არ გესმის, არა?
_ ჰო, არ მესმის. ჩემდამი შენი ზიზღი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რამეები ამიკრძალო. ამის უფლება არ გაქვს.
ირაკლი წამიერად შეცბა, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელში და აუღელვებლად მომიგო:
_ ზიზღი რა შუაშია, მე სხვა მიზეზის გამო მინდოდა შინ დარჩენილიყავი.
_ იქნებ მეც ამიხსნა, რა იყო ამისთანა მიზეზი?
_ აგიხსნი, რა პრობლემაა. შენ დილაობით თავს სუსტად გრძნობ, გულისრევები გაწუხებს, ცუდად გძინავს. არ მინდა გადაიღალო. შენი დატვირთვა არ შეიძლება, თავს უნდა მოუფრთხილდე.
_ კარგი, რახან ასე ზრუნავ ჩემზე, დავბრუნდები, _ ირონიულად მივუგე.
_ ახლა უკვე გვიანაა, შორს ვართ სახლიდან. აზრი არა აქვს დაბრუნებას. მერე იმაზე უნდა ვინერვიულო, სახლამდე უვნებლად მიხვალ თუ არა.
_ მართლა? იმაზე რატომ არ ინერვიულე, თბილისიდან მარტო რომ გამომიშვი? _ გავწიწმატდი.
_ მერე რა? ფეხით ხომ არ მოდიოდი, მანქანით იყავი, _ აიჩეჩა მხრები.
_ მანქანით, ჰმ, _ გამოვაჯავრე, _ მანქანით უფრო საშიში არ არის ორსული ქალი მარტო ამხელა გზაზე? ფეხით სიარული უფრო სასარგებლოა, რომ იცოდე, ვიდრე…
_ გეყოფა, მაღიზიანებს შენი დემაგოგია! _ უხეშად გამაწყვეტინა, ნაბიჯს აუჩქარა და გამისწრო.
სიტუაციის განმუხტვა ვცადე.
_ არ მგონია, ბავშვი ასე შორს წამოსულიყო, _ ხმადაბლა ჩავილაპარაკე,
_ დაიღალე? _ ირაკლი შედგა და დამელოდა, სანამ გავუსწორდებოდი.
_ არც ისე.
_ მაშინ ნაკლები ილაპარაკე და ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავ.
ამ საუბარში ვიყავით, რომ ირაკლის მობილურზე დაურეკეს. გიგა იყო. ირაკლი თან ელაპარაკებოდა სიძეს, თან მარცხენა ხელს იქნევდა, ბოლოს გაიღიმა და ტელეფონი გათიშა.
_ უპოვიათ. თამაშით დაღლილა და ეკლესიის წინ, პარკში, ხის ქვეშ ჩასძინებია. იცი რა, მიდი, ჩამოჯექი, ცოტა დავისვენოთ და გავბრუნდეთ, რაღაც უნდა გიჩვენო.

_ რა?

_ ნახავ, წინასწარ არ გეტყვი.
_ ეგ ნამიანი ცისარტყელას მორიგი ვარიანტია? _ გამეღიმა.
_ არა. _ თავი გადააქნია და სახეზე რაღაც საიდუმლო აღებეჭდა.
ათი წუთის შემდეგ უკან დავბრუნდით და გზაზე რომ გავედით, ირაკლიმ მარჯვნივ, ძლივს შესამჩნევ ბილიკზე გადაუხვია. ცოტა ხანში მზიან მდელოზე გავედით. იქვე ჩაღრმავებული ხევივით გამოჩნდა. ქვები კიბესავით იყო ჩალაგებული. ფრთხილად ჩავუყევი ქვემოთ, ირაკლის გამოწვდილ ხელს დაყრდნობილი. ძალიან ახლოს წყლის ხმაური მომესმა. წამიც და, პატარა ნაკადული დავინახე, ჩანჩქერივით რომ გადმოდიოდა ქვებზე და მერე ერთ მრგვალ წრედ იკვრებოდა. ნამდვილი ლაგუნა იყო, ცისფერი ლაგუნა. რობინზონ კრუზოს ხელნაკეთი ჩალის ქოხი აკლდა აქაურობას სრულყოფილი სიამოვნების მისაღებად. სუნთქვა შემეკრა, ისეთი ლამაზი იყო, უდაბნოს ოაზისს ჰგავდა იქაურობა. ცისარტყელაღა აკლდა სრულ ჰარმონიას, ნამიანი ცისარტყელა.
_ ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.
გული მომეწურა. მივხვდი, რომ ეს ადგილიც ძვირფასი იყო მისთვის, ალბათ ბავშვობას თუ აგონებდა და გული იმედით ამევსო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის სულერთი არ ვარ? უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მის საყვარელ ადგილას მომიყვანა. მგონი, კარგის ნიშანია!
სითბოთი სავსე მზერით ავხედე.
_ მადლობა, რომ ასეთი ზღაპრული ადგილი მაჩვენე.
_ არ ღირს მადლობად. _ ყრუდა მიპასუხა და, როგორც იქნა, თვალებში შემომხედა.
მზერა ვერ გავუსწორე. ამის გაძლება ორივესთვის რთული აღმოჩნდა და ერთდროულად შევბრუნდით სხვადასხვა მხარეს. შორიდან რომ შეეხედა ვინმეს ჩვენთვის, გაეცინებოდა, პატარა ბავშვებივით გაბუტულებს ვგავდით.
არადა, როგორ ვოცნებობდი, რომ ახლოს მოსულიყო ჩემთან, მკლავები მოეხვია და გულში ჩავეკარი. როგორ მინდოდა, ამ ბოლო დღეების კოშმარი დასრულებულიყო. სისუსტე მომეძალა და ბალახზე ჩავიმუხლე. ირაკლი კი ხეს მიეყრდნო და ნაკადულის ხმაურით ტკბებოდა.
ფიქრებმა გამიტაცა. მოულოდნელად მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თითქოს მხრები ამეწვა.
_ დროა, წავიდეთ, ადე! _ მითხრა, მომიახლოვდა, ფრთხილად წამომაყენა და… ამ დროს რაღაც მოხდა. ორივენი გავშეშდით, გავიტრუნეთ, განძრევის გვეშინოდა. ეს იყო უხმო ძახილი, უჩინარი მიზიდულობა ორი სხეულის, ერთმანეთი რომ მონატრებიათ… თუმცა ფარულ ვნებათა ჩუმი ჭიდილი აქვე დამთავრდა. მივხვდი, ამ სიტუაციას გაგრძელება არ ეწერა, ამიტომ დავიძარი და ქვის კიბეს ნელა ავუყევი. უეცრად ვიგრძენი, რომ ირაკლი წამომეწია. თავი მოვაბრუნე სწორედ იმ დროს, როცა იდაყვში ხელი ჩამჭიდა, თავისკენ შემომაბრუნა, მკერდზე მაგრად მიმიკრა და ისე მომიჭირა მკლავები, რომ ლამის ძვლები დამამტვრია.
მესმოდა მისი გულისცემა, მისი სხეულის სურნელით ვიბანგებოდი და მისი ხელების შეხება მდაგავდა. ვიცოდი, რომ უნდა მოვშორებოდი, გავქცეულიყავი, მისგან შორს დამეჭირა თავი, მაგრამ თითქოს მუხლები მომწყვეტოდა…
ახლა რომ მაკოცოს, მოვკვდები-მეთქი, გავიფიქრე…
არ მოვკვდი!.. პირიქით, სიხარულმა ამიტაცა, გული საგულეში ვეღარ დაეტია და სადღაც, ცაში აიჭრა მგონი. მივხვდი, რომ ვნებამ ისე დარია ხელი, თავის მოთოკვა ვეღარ შეძლო. თვალები მივლულე და მივენდე მის მკლავებს. მკოცნიდა… ნაზად, ნელა, თითქოს დროს წელავდა, თითქოს ჩემი ტუჩების გემოს სინჯავდა, როგორც სომელიე აგემოვნებს სადეგუსტაციოდ ღვინოს. ამ დროს… ამ დროს არ ვიცი, კიდევ რა ჯადოქრობა მოხდა, უცებ ფრთხილად მომიცილა მკერდიდან, სიყვარულით სავსე მზერა მომაპყრო, ერთხანს დაჟინებით მიყურა და ბოლოს ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა:
_ რომ იცოდე, როგორ მომენატრე, ნიცა… არც კი იცი, როგორ მინდიხარ…
ამ სიტყვების მოსმენა და… გასაფრენად მზად ვიყავი. როგორც იქნა, ასრულდა ჩემი ოცნება! როგორც იქნა, გაიაზრა, რომ ჩვენი დაშორება უდიდესი ცოდვა იქნება, რომ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ეს სიყვარული არასდროს დამთავრდება.
უსურვაზივით შემოვაჭდე მკლავები კისერზე, ლამის ჩავუძვერი ყელში და ხანგრძლივად, ხმამაღალი შესუნთქვით შევისრუტე მისი სხეულის სურნელი…
სწორედ ამ დროს თითქოს რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს მხრებში. მექანიკურად უკან გადავვარდი და მიწაზე დავეცი. გაოცებულმა ავხედე თავზე წამომდგარს. ირაკლის მზერა გაყინვოდა. ნუთუ დამარტყა? ვეღარ გავიაზრე, რა მოხდა.
_ მაპატიე, ასე უხეშად არ მინდოდა. _ მობოდიშება დამიწყო, _ მეგონა, ოდნავ გკარი ხელი. რამე ხომ არ იტკინე? _ მან ჩემ გვერდით ჩაიმუხლა და ზურგზე ხელი სათუთად მომისვა.
_ არ გაბედო, გადი აქედან! _ ვიყვირე.
_ კარგი, რა მოგივიდა… ვერ მოვზომე უბრალოდ. არ მინდოდა ასე…
_ ვეღარ ვიტან შენს შეხებას! ნაძირალა ხარ და მეტი არაფერი! _ შევუღრინე გამწარებულმა და ძლივძლივობით წამოვდექი, მის დაუხმარებლად.
სახე გაუქვავდა, თვალებში თითქოს ყინულის ნატეხები ჩაუსხდა.
_ შენ რა, გაგიჟდი? _ აქეთ მომდო შარი.
უარესად განმარისხა მისმა შეკითხვამ.
_ შეიძლება გავგიჟდი კიდევაც, ამიტომაც არ მომეკარო! რას მეთამაშები, რომ მეთამაშები? ჯერ მომეფერები, მერე უცებ გაგახსენდება, რომ მატყუარა ვარ და ხელს მკრავ… ეს რა, შენებური კატათაგვონაბანაა? _ ისე ზიზღიანად აღმომხდა, რომ წამიერად ლაპარაკის უნარი წაერთვა. მერე გონს მოვიდა, თმაზე ხელი გადაისვა და ნაძალადევი ღიმილით მომიგო:
_ შენ როგორ ფიქრობ?
_ მე როგორ ვფიქრობ? გეტყვი, როგორც ვფიქრობ. შენი გადმოსახედიდან, კაცი ხარ და რაღაც მომენტებში თავს ვერ იკავებ, როცა გვერდით სასურველი ქალი მოგყვება, მაგრამ საკუთარ ამპარტავნებას ვერა და ვერ გადააბიჯე! აი, ასე ვფიქრობ! _ მკვახედ ვუპასუხე და თვალებში ჯიქურ შევაცქერდი.
მეგონა, ის ამ ყველაფერს უარყოფდა და მეტყოდა, რომ წამიერმა სისუსტემ სძლია, რომ ვუყვარვარ და ჩემს უნებლიე საქციელს საბოლოოდ დაივიწყებდა, მაგრამ…
_ ჰო, მართალი ხარ, თავი ვერ შევიკავე და ვერც ვერასდროს ვიკავებ, როცა ლამაზ ქალთან მარტო ვრჩები.
გვერდზე გავიხედე, მისი დანახვაც არ მინდოდა. წუთი არ გავიდოდა, ჩემთვის არ დაეცინა და გული არ მოეკლა. როგორ მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ შემჯავრებოდა, აღარ მეფიქრა მასზე, არარაობა გამხდარიყო ჩემს თვალში.
_ ესე იგი, ნანობ, არა, რაც ჩვენ შორის მოხდა? _ ეს შეკითხვა კი არა, დასტური უფრო იყო.
_ მე იმდენ რამეს ვნანობ, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ნიცა.
კინაღამ გული წამივიდა. თვალები კვლავ ამიცრემლიანდა. ვეღარაფერს ვამჩნევდი ირგვლივ, თითქოს სადღაც გაქრა გარემოს წეღანდელი სილამაზე. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და, როგორც იქნა, პასუხი გავეცი:
_ ამაზე ნუღარ იდარდებ, აღარაფერი გაგრძელდება, შენ მართალი ხარ! _ ვუთხარი, მკვეთრად შევტრიალდი და სწრაფად ავუყევი ქვებს, ლამის სირბილით.
_ ნიცა! მოიცა!
როგორც იქნა, ამოვედი, გავივაკე და გავიქეცი.
_ ნუ გარბიხარ! _ მომაძახა, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი სახლში, ოთახში ჩავკეტილიყავი და მომეფიქრებინა, რა მექნა.
სწრაფად გავრბოდი დაკლაკნილ ბილიკზე. ვიცოდი, რომ ირაკლი ფეხდაფეხ მომდევდა. ალბათ ცრემლებმა თუ შემიშალა ხელი, მოულოდნელად რაღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი. ხელი ვიტკინე. ტკივილისგან დავიჭყანე, მაგრამ ნაბიჯების ხმა მოახლოვდა თუ არა, ეგრევე წამოვხტი და ახლა მარჯვნივ გავიქეცი, ბილიკს აღარ გავყევი.
_ ნიცა, გაჩერდი! იქით არ წახვიდე! _ სულ ახლოდან მომესმა მისი ხმა, იმდენად ახლოს, რომ შეშინებული ადგილზე შევდექი და სწრაფი მოძრაობით შემოვტრიალდი. იმისთვის, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, ნაბიჯი უკან გადავდგი. ნაბიჯს სიცარიელე შეეგება, ვიგრძენი, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და ხელები ჰაერში გავასავსავე. წამით ირაკლის შეშინებული თვალები დავინახე, ჩემკენ გამოწვდენილი ხელებით რომ გამორბოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო…
გავიგონე მისი განწირული ღრიალი, როცა მიწას დავენარცხე და გორაკის კალთაზე დავგორდი. დარტყმებს თითქმის ვეღარ ვგრძნობდი. შიშმა გონება დამიბინდა, ენა ჩამივარდა, მაგრამ ბოლოს, როცა რაღაც წვეტიანს დავარტყი თავი და აუტანელი ტკივილი მომაყენა, მწარედ დავიკვნესე.
თვალებზე წითელი ბურუსი გადამეფარა, სადღაც შორიდან რაღაც ხმები ჩამესმოდა. ალბათ ირაკლი დაეშვა ფერდობზე ჩემს საშველად. სახე და ხელები ერთიანად მქონდა დაკაწრული. ირაკლი ქოშინით მომვარდა, მუხლებზე დაემხო ჩემ წინ და გაირინდა. ვხედავდი, როგორ უცხაცახებდა ხელები და ჩემს შეხებას ვერ ბედავდა _ ვაითუ, რამე დავუშავოო.
_ ეს რა ქენი, ნიცა, ეს რა ქენი? რა გტკივა? ძალიან დაშავდი?
ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ მიხაროდა, რომ მტკიოდა. მიხაროდა, რომ ირაკლი ასეთ დღეში ჩავაგდე. რადგან ის ასე ძალიან განიცდიდა ჩემს ამბავს, ესე იგი, ვერ მელეოდა, ვუყვარდი და საბოლოოდ აუცილებლად შემირიგდებოდა.
_ თავი მტკივა, _ გულგრილად ვუპასუხე. ძლივს გავიხსენე, რომ თავი რაღაცას ძლიერად დავარტყი და გამიკვირდა, გონება რომ არ დავკარგე.
რა დეგენერატი ვარ! სად გავრბოდი ასე გამწარებული ეს ორსული ქალი? ჩემს თავზე თუ არა, ბავშვზე მაინც არ უნდა მეფიქრა? მთლად გამაგიჟა ამ ბიჭის სიყვარულმა, სულ დამიბნელა გონება.
ირაკლიმ ისეთი სიბრაზით შეიგინა, რომ გავოცდი. მსგავსი რამ ადრე არ მსმენია.
_ აბა, ნახე, რა გააკეთე. რამხელა კოპი გაზის შუბლზე. სად გარბოდი? რა გჭირს? მაჩვენე, აბა, სად გტკივა!
ჯერ თავი შემიმოწმა, მერე ხელ-ფეხი…. ისეთი არაფერი, მთავარია, მოტეხილობა არ მქონდა.
ჩემს ქმარს შევხედე. მიწისფერი დასდებოდა სახეზე.
_ მაინც მოგიწევს საავადმყოფოში წამოსვლა. არ გაინძრე, ახლავე დავრეკავ!
_ კარგად ვარ, არ მინდა საავადმყოფო.
ირაკლიმ არ დამიჯერა, გვერდზე გავიდა და ტელეფონი მოიმარჯვა.
უეცრად მუცელში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. კიდევ… კიდევ… ვეღარ მოვითმინე და ვიკივლე. ირაკლიმ მობილური იქვე დააგდო და კვლავ ჩემკენ გამოიქცა. წამოწევა ვცადე, წელი ძლივძლივობით ავითრიე, მაგრამ არ დამცალდა _ კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა და გონდაკარგული საბოლოოდ გავითიშე…



№1  offline წევრი bethelimit

Auuu rakaiaaaaaa <3 rogorc vatkob bavshvs dakargavs)))

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან მაგარია

 


№3 სტუმარი hipo

magari tavi iyoo

 


№4  offline წევრი pitito

მალეე დადე რააა შემდეგი

 


№5  offline წევრი difference

რატომ აღარ აგრძელებ...არ შეწყვიტო გთხოოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent