შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივნებიანი ამბავი (სრულად)


3-09-2016, 14:02
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 12 479

პროლოგის მაგიერ
- მეზობელი, გააჩნია, რამდენად შორს იქნება შენი კარიდან, იმის მიხედვით უნდა იფლირტაო მასთან.
- პირდაპირპროპორციულად თუ უკუ?
- ჰორიზონტალურად.
- ანუ, რაც უფრო შორს იქნება, უფრო უნდა იფლირტაო თუ პირიქით?
- *ლეზე უნდა დაიკიდო, მთავარია დაგევასოს.

/დიალოგი უცნობთან/

***

ყველა ამბავი თავისთავად ბანალურია. გამორიცხულია, რაღაც ისეთი მოხდეს, აქამდე რომ არ მომხდარა და არ არსებობს, რამე ისეთზე წერო, აქამდე ვინმეს რომ არ დაუწერია. ყველაფერი აღქმის საქმეა. ამბის სუბიექტური ნაგვით შეფუთვაა ის, რაც მას შენს საკუთრებად აქცევს. მერე რა, რომ შეგიძლია, ღამის სამ საათზე სახლიდან გახვიდე და არარსებული მიმართულებით იქამდე იარო, სანამ ფეხები არ მოგეკვეთება. მერე რა, რომ შეგიძლია, იმ ტიპთან ერთად უგონოდ დათვრე, სახელიც რომ არ იცი. მერე რა, რომ უცნობებთან ლაპარაკი გიყვარს. მერე რა. ეს ყველას შეუძლია. ესეიგი, ყველანი ერთ ყალიბში ვართ ჩამოსხმული? ჰო, ეს ზედმეტად ფილოსოფიური კითხვაა ქალაქის 38 გრადუსიანი სიცხისთვის. აქ ახლა სუნთქვა არ შეიძლება დღეღამის არც ერთ მონაკვეთში. ოფიციალურად სიცოცხლისთვის საშიშია ეს ჰაერი და მაინც არსად მივდივარ.
ჰო, მე არანორმალურად მიყვარს ჩემი აივნიდან მეზობელი კორპუსის ფანჯრების თვალიერება. ყველა სახლი ტელევიზორს ჰგავს რაღაცით. ფანჯრები მისი ეკრანებია. ჰოდა, მეც ვზივარ ხოლმე ყოველ საღამოს და მეცხრე სართულის აივნიდან ვიყურები ჩემი კორპუსის წინ აღმართულ ზუსტად ანალოგიურ კორპუსში. რაღაცით "ტყუპებს" ჰგავს ეს კორპუსები. ტრაგედიის სუნი აქ უკვე დიდი ხანია ტრიალებს ან მე მეჩვენება ასე. მე ხომ ტრაგედია ისედაც სულ ჯიბეებით დამაქვს.

მე არ ვიცნობ ჩემი კორპუსის არც ერთ მაცხოვრებელს. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი მეზობელი კორპუსის ყველა იმ ბინის ამბავი, რომელსაც ფანჯრები აქვს. მეექვსე სართულის ერთ ბინაში მარტოხელა დედა ცხოვრობს. ორი გოგონა ჰყავს. თითქმის ერთი ასაკის, ექვსი-შვიდი წლისანი იქნებიან. ეს ოჯახი ჩემს თვალწინ არ შექმნილა, მაგრამ ჩემს თვალწინ დაინგრა ნელ-ნელა. მე ვხედავდი მათ თითქმის ყველა კამათს. მამაკაცის უაზრო ამბიციებით სავსე თვალებს და ქალის საშინელი დაღლილობით ადრეულად დაბერებულ სახეს. ასეთი მძაფრი ემოციები შორ მანძილზეც საკმაოდ ადვილად გაირჩევა. მე ღვინით სავსე ჭიქით ხელში აივნიდან შევყურებდი მათ ფანჯრებს, როდესაც ქალი მამაკაცის ნივთებს ბრაზით, მაგრამ მაინც ქალური წესრიგით ალაგებდა ჩემოდნებში და ვიყავი ბედნიერი. ბედნიერი ვიყავი იმ ქალის ნაცვლად იმიტომ, რომ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რას აკეთებდა. მოქმედებდა ინსტინქტებით, ენდობოდა ბედს და მაინც ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. ახლა ის მარტოხელა დედაა და ზრდის ორ პატარა ძალიან ლამაზ გოგონას.

ჩემი ეს ახირება სავარაუდოდ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის რაღაც ნაირსახეობას წარმოადგენს, მაგრამ მაინც ვერაფრით გადავეჩვიე. აი ასე, ვზივარ ყოველ საღამოს და ვუყურებ აქვე, მერვე სართულზე მამა-შვილი როგორ საქმიანობს სამზარეულოში. იმდენად ხშირად ვხედავ ამ ადამიანებს, მგონია, ჩემი ცხოვრების ნაწილებად არიან ქცეული.

ჩემი აივნის პირდაპირ აივნიანი სახლია. ჩემი სახლი მაინც განსაკუთრებით ჰგავს იმ სახლს ალბათ სწორედ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური აივანი აქვს და ზუსტად მეცხრე სართულზეა. ამ სახლში ვერასდროს ვერაფერს ვხედავდი, მძიმე ყავისფერი ფარდების გარდა იქამდე, სანამ ერთ დღეს აივანზე ტრადიციულად ყავის ჭიქით გამოსულს მოპირდაპირე აივნზე გამომავალი კარი ღია არ დამხვდა, ფარდები კი გადაწეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა, სუნთქვა რამდენიმე წამით მაინც შემეკვრა. მერე, რაღაცნაირად რომ გამახსენდა, რომ აუცილებლად უნდა მესუნთქა, მივხვდი, რომ გავბრაზდი. ვიღაცამ ჩემი, პირადად ჩემი კომფორტი დაარღვია. ფანჯრები ფართოდ გაეღოთ, მაგრამ არ მინდოდა შეხედვა. ეს ფანჯრები დაკეტილი უნდა ყოფილიყო. ყოველთვის ასე იყო ჰოდა ახლაც დაკეტილი უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა სხვანაირად. ხელებზე დავიხედე და დავინახე, ფრჩხილებთან კანი როგორ გამთეთრებოდა. ამოვისუნთქე და მოვეშვი. მოვეშვი, მაგრამ ვერც ერთ ფანჯარაზე კონცენტრაცია ვერ მოვახდინე. ძალაუნებურად მოპირდაპირე აივნისკენ გამირბოდა მზერა და უფრო მეტად ვბრაზდებოდი.ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ ბინის პატრონი ახლა. მთავარი ის იყო, რომ ფანჯრები გაიღო. ტრაგედიის სუნი იმ დილით უფრო მძაფრი იყო და მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ სრულ ჭკუაზე არ ვიყავი.

***
დეტალებშია ყველა ამბის მთავარი მუღამი. რას ნიშნავს კონკრეტული დეტალი შენთვის, როდესაც მოპირდაპირე აივანზე იყურები და სუნთქვაშეკრული ელოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლესაც კი გამოასალმებდი ცივი ღიმილით სახეზე. რას ნიშნავს უნაკლო სისუფთავე აივანზე. არანაირი დამატებითი აღჭურვილობა. შენგან განსხვავებით, მას აივანზე კომფორტული სავარძელი და პატარა რკინისფეხებიანი მგრვალი მაგიდა არ უდგას. კედლები თეთრია. ისეთივე, როგორიც შენი აივნის, მაგრამ გაქვს რამე საერთო ამ აივნის პატრონთან? იქნებ ლოთია? ან პარლამენტარი? ქურდი? მანიაკი? შინაბერა ქალი კატებით? იქნებ მრავალშვილიანი ოჯახი?

ჯანდაბა!

ესეც შენი ტრაგედია. მაგრამ ასე ზედმეტად მარტივი გამოდის ყველფერი. და მაინც, ფაქტი ფაქტია: თავზე დამექცა ყველა ეკრანი ერთად. ეს ყველაფერი ჩემი საკუთრება იყო. ახლა მოვიდა ვიღაც და ყველაფერი ნაკუწ-ნაკუწ დახეული შემომაყარა სახეში. ყველა ეკრანი ერთდროულად ჩაქრა. აბსოლუტურად ყველა შუქი გაფერმკრთალდა. მამაშვილმა მერვე სართულიდან უჩემოდ მოამზადა ვახშამი. ისიც არ ვიცი, იმ ქალმა დღეს რა ჩააცვა ბავშვებს. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი აივნის პირდაპირ ბინაში სინათლე მთელი საღამოა ანთია, მაგრამ სულიერი არავინ ჩანს. ჩრდილსაც კი არ გაუვლია ახლა უკვე თხელი თეთრი ფარდის მიღმა.

ღამის სამ საათამდე დაჰიპნოზებულივით გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს სავარძელში აივანხე და თვალმოუშორებლად ვუყურებდი იმ სახლს. სახლს, რომელსაც ყავისფერი ფარდები უნდა ჰქონოდა. კარიდან გამომავალი სინათლე სილუეტმა დაფარა. გული ამიჩქარდა. ისევ ზიზღის აუტანელი გრძნობა მომაწვა ყელში და თვალები მაგრად დავხუჭე. შუქი ზურგიდან ურტყამდა და ფორმების გარდა ვერაფერს ვხედავდი. ერთადერთი, რისი თქმაც შემეძლო მაშინ დაზუსტებით, სქესი იყო: მამრობითი. პატარა ცეცხლისფერი ნათურა აინთო სილუეტის სიშავის წინ. ეწეოდა. აშკარად დავინახე, როგორ დაეყრდნო მოაჯირს და მაშინ ლამპიონის შუქმა გაუნათა ნაწილობრივ ხელები, მაგრამ ბევრი მაინც ვერაფერი დავინახე. ან არ მინდოდა დანახვა, რომ სასწაულად ლამაზი ხელები ჰქონდა. მერე თავით დაეყრდნო იდაყვში მოკეცილ ხელებს. ესეც მისი წილი ტრაგედია ჩვენს "ტყუპებში." მაგრამ ტერაქტამდე ჯერ კიდევ რჩებოდა დრო.

სიგარეტს ეწეოდა ხელებს დაყრნობილი და ეზოს ათვალიერებდა. არ ვიცი, რას ხედავდა ღამის სამ საათზე სიბნელეში, მაგრამ მის მოძრაობებს დაუდევრობა ნამდვილად არ ეტყობოდა. არ ვიცი, რატომ არ შევდიოდი სახლში და არ ვიძინებდი. ვიჯექი და ვუყურებდი.... ვუყურებდი... ვუყურებდი უზომოდ და თანდათან უფროდაუფრო მსიამოვნებდა ეს პროცესი. მე მას ვერ ვიტანდი და ეს მაზოხიზმი იყო. სიგარეტი რომ ჩააქრო, მერე ჩემი აივნისკენ გამოიხედა. გამოიხედა, მაგრამ არ შემოუხედავს, ზუსტად ვიცი. მერე რა, რომ ბნელოდა. დიდხანს იდგა აივანზე, საკმაოდ დიდხანს და მეც ზუსტად ამდენი ხანი არ ვიძვროდი ადგილიდან. ვსუნთქავდი უკვე თანაბრად და ყოველ ამოსუნთქვაზე ვგრძნობდი, როგორ ვიჟღინთებოდი ამ არანორმალური სიტუაციით. ცა ოდნავ როგორც კი გაბაცდა, მაშინვე სახლში შევიდა. მეც ავტომატურად ავდექი და ოთახში შესული პირდაპირ საწოლზე დავეხეთქე.

მეორე დილით აივანზე გასვლა ვერ გავბედე. ჩემი საძინებლის დიდი ფანჯრებიდან ისედაც ჩანდა ყველაფერი და ვხედავდი, რომ იქ არ იყო, მაგრამ ვერ გავედი. იმ დილით პირველად დავლიე ყავა სამზარეულოში. აი, საღამოს ყველაფერი დალაგდა. ზედმეტადაც კი. ყავისფერი ფარდები ისევ არსად ჩანდა, მაგრამ კარიც და ფანჯრებიც დაკეტილი იყო. სახლში არ გახლდათ. მე კი ვიჯექი და ტრადიციული რეისით დავდიოდი ფანჯრებს შორის. გვიანობამდე. ძალიან გვიანობამდე. მინდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ჩემი მშვიდი საღამო იმ არსების გარეშე. სისულელე იყო ყველაფერი, რასაც მაშინ ვგრძნობდი, მაგრამ საშინლად არ მინდოდა, კიდევ გამოჩენილიყო. იქნებ დამეჯერებინდა კიდეც, რომ წინა დღე თავიდან ბოლომდე სიზმარი იყო და მეტი არაფერი. უაზროდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი თითქმის არაფრის მთქმელ ფაქტებს. კი, ეს ჩემი ერთ-ერთი მინუსი იყო, საშინელი მინუსი.

ჩემს საყვარელ სავარძელში ჩამძინებია. დილის სუსხმა გამაღვიძა უსიამოვნო შეგრძნებით. ტელეფონის ეკრანს დავხედე ექვსი საათი იყო. მერე გარშემო მიმოვიხედე და კინაღამ გული გამისკდა, რომ დავინახე, როგორ დაჟინებით მიყურებდა ჩემი ძვირფასი მეზობელი მოპირდაპირე აივნიდან. არც ყავის ჭიქა ეჭირა, არც სიგარეტი. იდგა და მიყურებდა. თეთრი, უბრალო, მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა. თმა ძალიან მოკლე და მუქი ჩალისფერი ჰქონდა. მისი კანის ფერი დილის შუქზე ზედმეტად რძისფერი, თითქმის გამჭვირვალე იყო. შემეშინდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა გიყურებენ რომელიღაც ფანჯრიდან და სასტიკად შემეშინდა. ყველა ნერვი დამაწყდა და ერთად მომაწვა ყელში. ვერ ვახერხებდი სხვაგან გახედვას. უბრალო მოძრაობის შესრულებასაც ვერ ვახერხებდი. ვიდექი, ვუყურებდი, როგორ მიყურებდა და ვიშლებოდი.

მზერა ცივი ჰქონდა, მაგრამ ინტერესიანი. ხელებით მოაჯირს ჩაეჭიდა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია. პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ვერ ვიტყვი, მოღეღილ მკერდს ან შიშველ ფეხებს მითვალიერებდა-მეთქი. მხოლოდ თვალებში მიყურებდა და იქ ატევდა მთელ თავის ინტერესს. თვალის ფერს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვხედავდი, როგორ მშვიდად უმოძრავებდა მკერდი. თანაბრად სუნთქავდა.

შემცივდა. ძალიან შემცივდა, მაგრამ ვცდილობდი, მოწოლილი კანკალი მაქსიმალურად ჩამეხშო. ქვედა სართულის აივნიდან ბეღურა აფრინდა ზევით და უნებურად მას გავაყოლე თვალი. გამეღიმა. ის უკვე აღარ მიყურებდა.

ოთახში შემოსულმა თვალები დავხუჭე და რომ მივხვდი, ტირილი მინდოდა, უკვე მახრჩობდა ყელში გაჩხერილი ბურთი.

ყოველდღე ასე ვუყურებდით და გვეზიზღებოდა ერთმანეთი. მან იცოდა, რომ მე ვიყურებოდი მისი კორპუსის ყველა ფანჯარაში, როგორც გიჟი, შეშლილი, საკუთარი ცხოვრების არმქონე გოგო მასზე ბევრად მუქი ფერის კანით და არანაკლებ მტრული მზერით. რა იყო ეს ამბავი? რას ნიშნავდა ორჯერ, სულ ორჯერ ნანახი მეზობელი, რომელიც საშინელი ბრაზის მეტს ვერაფერს იწვევდა და მაინც რაღაც სიცარიელისმაგვარს ვგრძნობდი მაშინვე, როცა ვიყავი ჩემს ოთახში და არა აივანზე. მიყურებდა და ვაინტერესებდი. ყოველ საღამოს იდგა აივანზე და იყურებოდა ჩემს ტელევიზორში. რატომღაც ფიქრობდა, რომ ჩემში ჩემს თვალებზე საინტერესო არაფერი იყო და ამის გაფიქრებაზე ძალიან ფართოდ მეღიმებოდა.

მარტო ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო ფაქტს მისი აივანი და ფანჯრები ვერ ამტკიცებდა.

***
შუა გზაში მიტოვებულ ჩანახატს ვგავარ. აი, წინადადებას რომ გაწყვეტ და ადგები კარის გასაღებად, მობრუნებული კი იმასაც ვერ იხსენებ, რისი თქმა გინდოდა ამ წინადადებით. და მერე ხვდები, რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი. სულ ყველაფერმა, საკუთარი თავის ჩათვლით.

წითელი ღვინო რომ მესხა ჭიქაში და აივნიდან ვიყურებოდი, ვფიქრობდი, ნეტავ ხმა როგორი აქვს-მეთქი. უცნაური ის იყო, რომ სხვაგან არსად შემხვედრია. არც ეზოში, არც ქუჩაში, არც მაღაზიაში... არსად. არადა, სახლიდან გადიოდა ხოლმე, მაგრამ არსად შემხვედრია. იმაზე ახლოს არასდროს მივსულვარ, ვიდრე ჩვენი აივნები იყო.

ეს შეპყრობილობა იყო. მთელი სხეული მიკანკალებდა, მის მზერას რომ ვგრძნობდი. მთლიანად ბოლო მეღებოდა და ამას ფიზიკურად ვგრძნობდი. შიგნიდან მეფრცქვნებოდა საღებავი, ინგრეოდა კედლები. გარდაუვალი უბედურება იყო და მაინც არ ვაშორებდი თვალს. არ ვაშორებდი იმიტომ, რომ მინდოდა, ხსნაც მასში დამენახა. ვიცოდი, რომ ერთხელ დავინახავდი. ერთხელ აუცილებლად დავინახავდი...

იმ საღამოს, როცა ჭიქაში წითელი ღვინო მესხა და მის ხმაზე ვფიქრობდი, ადრევე გამოჩნდა აივანზე, თანაც ვისკის ჭიქით ხელში. რომ დამინახა, მსუბუქად გაეღიმა. ამას ხშირად აკეთებდა ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე მივლიდა საშინელი ჟრუანტელი. იდაყვებს დაეყრდნო და სახიდან ღიმილი არ მოუშორებია. მიყურებდა. მიყურებდა თვალებში და მეძებდა. მეძებდა მე და მაშინ ვიგრძენი, რომ დაკარგული ვიყავი. ვცადე, ვეძებე, ამოვთხარე საიდანღაც საკუთრი თავი და თვალებში ჩავტენე. მივეტმასნე თვალების კედლებს და გავნათდი. სევდა ჩამოიწურა თვალის ფოსოებში ჩატენილი ჩემი არსებიდან. მეტკინა.

ის კი მიყურებდა და ჰქონდა იმედი, რომ მივიდოდი ბოლომდე. სიცარიელეს ბოლომდე ამოვავსებდი სინამდვილით და მივიტანდი მის თვალებამდე, მისი ავინის გავლით. კანკალი ვეღარ შევიკავე. მთელი არსებით მომიცვა სისუსტის შეგრძნებამ. ერთ წამს ისიც ვიფიქრე, რომ გონებას დავკარგავდი, მაგრამ ის იყო იქ და არ მიშვებდა. მერე, მერე რომ მივხვდი, მეტს ვეღარ გავძლებდი, რომ მივხვდი, მოსაძიებელიც არაფერი იყო და სიმჭიდროვეც თვალებში უკიდურეს ნიშნულს აღწევდა, ღრმად ჩაისუნთქა, მერე ასევე ამოისუნთქა და გადავრჩი.

ახლა მე ვუყურებდი საკუთარ თავს მისი აივნიდან. საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვიყავი სინამდვილეში და ისეთს, როგორსაც ვმალავდი ამდენ ხანს. მშიშარას, შიშველს, წამებულს, მძიმეს, საძაგელს, გულისამერვს, მაგრამ ნამდვილს. თვალები დავხუჭე და ცრემლები წამომივიდა. მან კი ჭიქა ზემოთ აწია და უფრო ფართოდ გაიღიმა.

***

ერთმანეთს ამბებს ვუყვებოდით ხოლმე საღამოობით. ახლა ის ძვრებოდა ჩემი კორპუსის ყველა ფანჯარაში და არ ვიცი, რას ხედავდა ხოლმე, მაგრამ იყო სულ სხვანაირი. ისეთი ღია, როგორიც იქამდე არასდროს მინახავს. დრო გადიოდა. ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დრო გადიოდა.
ერთ საღამოს როცა ჩვეულებრივ ერთმანეთს თვალებით ვსწავლობდით, ვიგრძენი, რომ ძალიან, ძალიან მომინდა. მისი ხელები მომინდა, ტუჩები, თითები, მისი ყელი მომინდა, მისი არსება მთლიანად... გაუცნობიერებლად ავდექი და მოაჯირს მივუახლოვდი. ალბათ ქვეცნობიერად იმ მანძილის შემცირებას ვცდილობდი, მასთან რომ მაშორებდა. ღამდებოდა.

მიყურებდა და ვგრძნობდი, რომ თვალების გავლით უნდოდა ჩემში შემოძვრომა. არ ვუშვებდი, მეშინოდა. მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. არ ვიცი, რის. საშიში იყო. მაშინ უბრალოდ ვგრძნობდი, რომ საშიში იყო ჩემი მეზობელი მოპირადაპირე აივნიდან. მაინც ძვრებოდა. ჯიუტად ძვრებოდა თვალებიდან შიგნით, ღრმად და სახლდებოდა ნერვებზე, დადიოდა, დაცურავდა ჩემში... ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი. მერე გაშლილი ხელი აწია და ნელა აამოძრავა. თავიდან ვერ გავიაზრე, რას აკეთებდა. მერე მეც ვიგრძენი, რომ მეხებოდა. მისი თითები ვიგრძენი სახეზე და გამაჟრჟოლა. თვალები დავხუჭე და მივენდე. მაშინ... მაშინ არ ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს. ვხედავდი, ნელ-ნელა ყელზე რომ ინაცვლებდა და ახლა იქ ვგრძნობდი მის ცივ ხელებს. ისევ მინდოდა, ძალიან, ძალიან მინდოდა. ლავიწს გრძელი საჩვენებელი თითი გადაატარა და გამეღიმა. მერე ხელი ისევ ჩამოუშვა. თვალები დახუჭა. ცოტა ხანში სახლში შევიდა.

არ ვიცი, რა ვიგრძენი მაშინ. სიტყვებით გადმოცემა რეალურად ყველაფერის შეიძლება თუ ზუსტად იცი, რომელ რეცეპტორებზე გირტყამს ის, რისი გადმოცემაც გინდა, მაგრამ მაშინ ის ამბავი მთლიანად იყო ჩემში ან კიდევ უარესი - მე ვიყავი მასში. ასეთ დროს უბრალოდ არ იცი, საიდან დაიწყო ფიქრი, რომ რამის გააზრება მოახერხო. მისი მზერა ჟრუანტელად მეღვრებოდა მთელ სხეულში და მაბრუებდა, მთლიანად მაბრუებდა. ხელების მოძრაობა რა იყო, ნამდვილად არ ვიცი. არც ის ვიცი, ნამდვილად მოხდა თუ არა ის ყველაფერი. ერთადერთი, რაც ზუსტად მახსოვს, შეგრძნებებია, ძალიან, ძალიან მძაფრი შეგრძნებები: ამოუცნობი სიამოვნების სახიფათოდ დიდი დოზა და ცოტა შიში, რომელიც ასეთ შეგრძნებებს ყოველთვის ახლავს თან.

***

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანმა ხმის ამოუღებლად შემოაღწიოს შენში?
- მაკოცე, რა.
ჩვენ ერთად ვიყავით. ჰო, ასე ერქვა, ალბათ, იმ ურთიერთობას, რაც ჩვენ გვქონდა იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ჩემი შეკითხვისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია, ისე გამხადა პერანგი და მხრები დამიკოცნა. მაშინ პირველად არ ვიყავი მასთან. მაშინ ვიყავი მარტო, სრულიად მარტო. ვუყურებდი შორიდან საკუთარ თავს და საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი.

ის... ის იდგა და მიყურებდა მეზობელი აივნიდან. მიყურებდა, როგორ ვიყავი სხვისი და არ იცოდა, რომ სინამდვილეში არ ვიყავი იქ, მე არ ვიყავი. მე არ ვიყავი, მაგრამ არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა. ის ხედავდა. ყველაფერს ხედავდა.

სიგარეტს რომ ვეწეოდით მე იატაკზე, ის კი საწოლზე წამოგორებული, მაშინ მივხვდი, რამდენად ცარიელი იყო ყველაფერი. ჩვენ ერთად ვიყავით. ჰო, ასე ერქვა, ალბათ, იმ ურთიერთობას, რაც ჩვენ გვქონდა იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.

რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, საერთოდ არაფერი. მერე შუბლზე მაკოცა და წავიდა.

***

ამის მერე აივანზე რომ ვიდექი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ არაფერი, არაფერი იყო ის, რაც იქ ხდებოდა, ჩვენს აივნებს შორის.

ნიქ ქეივი ავსებდა ოთახს და მაშინ ვფიქრობდი, რომ მე და ნიქ ქეივი იმდენად ვყოფნიდით ერთმანეთს, არც აივანი გვჭირდებოდა, არც სიგარეტი. ვბოდავდი. ვბოდავდი.
მიყურებდა და თვალებში იმედგაცრუება უკრთოდა. მაგრამ არა საკუთარი, არამედ ჩემი იმედგაცრუება. იმედი, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გავუცრუე და ყველაზე საშიში სწორედ ამის შეგრძნება იყო: მას ჩემი იმედების არეკვლა შეეძლო.

როდემდე შეიძლებოდა ასე გაგრძელება? არადა, უზომოდ ლამაზი იყო. სასწაულად ლამაზი და მე მისი მიტოვება არ შემეძლო. ჩემი ყველაზე დიდი პროექტი იყო მეზობელი მოპირდაპირე აივნიდან და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. ვერ დავტოვებდი ასე. ვერ დავტოვებდი.
მაგრამ მე ისევ მქონდა სექსი სხვასთან, თანაც მისი თანდასწრებით. მაშინაც კი, როცა ფანჯრებს სქელი ფარდები ფარავდა, ვიცოდი, რომ სადღაც ახლოს იდგა და მიყურებდა. მიყურებდა და მწოვდა იმედს, საკუთარი თავის იმედს, რომელსაც მე ყოველ ღამე ვაცრუებდი. იწოვდა ჩემს გაცრუებულ იმედებს. ის ჩემი განსაწმენდელი იყო.

***

მუსიკას ავუწიე. ჯერ არ მოსაღამოვებულიყო, თუმცა ისე აღარ ცხელოდა. აივანზე ვიდექი და მუსიკის რიტმი პირდაპირ გულში მირტყამდა. თავიდან ნელ-ნელა ავაყოლე ტანი. ხელებს ოდნავშესამჩნევად ვაქანავებდი. მერე მოძრაობები უფრო მკვეთრი გახდა. უკვე ვეღარც ვგრძნობდი, ისე ვმოძრაობდი მუსიკასთან ერთად. თავისთავად, თავისით მიდიოდა ყველაფერი. ჰო, "ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა." ალბათ ასეა. ალბათ ასეა, რადგან იმ მოძრაობებს ცეკვას ვარქმევდი და არ მაინტერესებდა ირგვლივ არავინ. არც ის მაინტერესებდა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, იდგა და მიყურებდა. აბსოლუტური შეშლილივით ვიქნევდი კიდურებს ყველა მიმართულებით. ერთ მელოდიას მეორე ცვლიდა. იცვლებოდა ჩემი მოძრაობის ხასიათიც, მაგრამ არ ვჩერდებოდი.

მერე თვალი მოვკარი. იცინოდა. იცით, როგორ იცინოდა? ამოსუნთქვის გარეშე, სიგიჟემდე იცინოდა. ხელს მუცელზე იჭედა და ორად იკეცებოდა. სახეზე სულ აწითლებულიყო. იცინოდა, არანორმალურად იცინოდა, თავისუფლად, ლაღად და ეს სიცილი ვიყავი მე. მე ვიყავი მასში. მაშინ პირველად ვიგრძენი, როგორ შევაღწიე. ბოლომდე მივედი. მივედი მის ტალღამდე. ავეწყვე, ავაწყვე, შევძარი...

როდესღაც გავჩერდი. ხელებით მოაჯირს ჩავეჭიდე და მაშინ მივხვდი, რომ სუნთქვის დარეგულირება მჭირდებოდა. ვსუნთქავდი ღრმად და თვალებს არ ვახელდი. არ მინდოდა, იქით გამეხედა და დამენახა, რომ ყველაფერი მომეჩვენა, რომ სულაც არ უცინია, რომ ისევ ისეთი ინდიფერენტული იყო, როგორც ყოველთვის. არ მინდოდა გახედვა, მაგრამ ძალიან მკვეთრი მოძრაობით ავწიე თავი. იდგა და იღიმოდა. მელოდებოდა და იღიმოდა ისე, როგორც არასდროს აქამდე. ხელები სახეზე ჩამოვისვი და ტირილი მომინდა.

მაშინ გავიაზრე, რომ ბოლო პერიოდში ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჩემში რაღაც მძაფრს იწვევდა. ისეთ მძაფრს, ტირილს რომ მოგანდომებს. გავიაზრე და შემეშინდა. შემეშინდა, როგორც ყოველთვის, როცა რაღაც ამდენად სერიოზულს აღმოაჩენ. გიხარია, მაგრამ შიშიც თან ახლავს. ყოველთვის.

მაშინებდა. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე მაშინებდა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და მისი არსებობის ჭეშმარიტებაშიც შეიტანდა კაცი ეჭვს, მაინც მეშინოდა იმდენად, რამდენადაც მას ჩემი დანახვა შეეძლო. ის კი მხედავდა იქ, სადაც ზოგჯერ მე თვითონაც ვერ ვხედავდი თავს. იქ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვიყავი. იქამდე ვიყავი გაშლილი, სადამდეც არ შეიძლებოდა გაშლა და მან ეს იცოდა. მასაც ეშინოდა. მასაც ეშინოდა იმიტომ, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვინც უყურებდა მოპირდაპირე აივნიდან პირდაპირ თვალებში. იმ თვალებში, სიცარიელეს ძლივს რომ იკავებს. ჰოდა, მაშინ იმ სიცილით მე ერთი ნახვრეტი გავაჩინე. ერთი პატარა ხვრელი საიდანაც შეიძლებოდა, სიცარიელე ამღვრეულიყო. მერე ვუყურებდი თვალებში და ვცდილობდი არ დამეკარგა ის ხვრელი. არ უნდა დამეკარგა. მერე მან თვალები დახუჭა. პირველად დახუჭა თვალები. იქვე ჩამოვჯექი ჩემს რბილ სავარძელზე და სიგარეტს მოვუკიდე.
სადღაც ყველა ადამიანი მთავრდება მეორე ადამიანში. დასაწყისს ვერასდროს ისე ზუსტად ვერ აღვიქვამთ, როგორც დასასრულს, მაგრამ ყოველთვის მთავრდება. ის, რომ ნებისმიერი ადამიანი სამუდამოდ რჩება შენში რაღაც ნაკვალევის სახით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ მთავრდება. შენს ჟანგბადით მომარაგებას კონკრეტული ადამიანი ყოველთვის წყვეტს ერთ დღეს.

აივნებით ჰაერში გამოკიდებულები ჩვენ ერთმანეთისთვის ვნიშნავდით სრულ სიცარიელეს, დასაყრდენის გარეშე და ასე ყველაზე ადვილი იყო, გვქონოდა დასასრული. ვსვამდით მრავალწერტილებს, რომ რამენაირად თვალი აგვერიდებინა დასასრულისთვის. არადა, მრავალწერტილიც წერტილის ნამსხვრევებია და არაფერი მეტი.

***
მაშინ მე ჯერ კიდევ ვიყავი იმასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც უნდა ვყოფილიყავით იმ დროს, იმ ადგილას. ჩვენ ჯერ კიდევ ვიყავით ერთად. მკოცნიდა ხელებზე, მხრებზე, ყელზე, მუცელზე, მკოცნიდა და მეძებდა. ეძებდა ჩემში იმას, რაც აღარ არსებობდა. მაშინ უკვე აღარ არსებობდა.
სახით ფანჯრისკენ ვიჯექი და ვხედავდი, როგორ ხდიდა ტანსაცმელს ვიღაცას, როგორ ეხებოდა მხრებზე ტუჩებით. დამინახა. დამინახა და იმის მერე თვალი არც მოუშორებია და მაშინ მივხვდი, რომ ამიერიდან ვერაფერი, ვეღაფერი იარსებებდა ჩემთვის, გარდა მისი თვალებისა. ჩვენ გქვონდა სექსი სხვადასხვა ადამიანებთან, ცალ-ცალკე და ვათავებდით ერთმანეთისთვის, ერთმანეთში.

- საერთოდ არ მისმენ, ხო?
თმაზე მეფერებოდა. ვგიჟდებოდი, თმაზე როცა მეფერებოდა ხოლმე, მაგრამ მაშინ ყველაფერი გახუნებული იყო. თითქოს არც კი მეხებოდა თმის ძირებზე, თითქოს არც არსებობდა. მისი სახით იქ სიმძიმე ტირალებდა ხოლმე მაშინ ჩემს ოთახში, მეტი არაფერი.

სილამაზეს თავისთავადი მიდრეკილება აქვს მსხვრევისკენ. უწვრილეს ნაწილებად იშლება მაშინვე, როგორც კი რამე შეეხება. მე მაშინ სილამაზეს ვანადგურებდი. საკუთარი, შიშველი ხელებით ბოლოს ვუღებდი ამავე ხელებით აშენებულ უზომოდ ლამაზ ამბავს. ის მიყურებდა, როგორ ვაკეთებდი ამას და ცდილობდა, რაღაც მაინც გადაერჩინა, მაგრამ ზედმეტად მყიფეა სილამაზე. ძალიან, ძალიან მყიფე. მით უმეტეს, ისეთი ადამიანის ხელში, როგორიც მე ვარ. თვითდესტრუქციის საზღვრებს გაცდენილი უახლოეს და უძვირფასეს შეგრძნებებზე მიმქონდა იერიში ყოველთვის. ახლაც ასე იყო.

მეუბნებოდა, რომ სიმარტოვისთვის ვიყავი გაჩენილი. მართალიც იყო. სიმარტოვე იდეალურად ავსებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ჩემთვის ნებისმიერ ურთიერთობას უნდა დაეკმაყოფილებინა. ყველა გრაფაში ათიდან ათი ეწერა სიმარტოვეს. სიმარტოვეს, რომელიც მაიძულებდა, საკუთარი თავისთვის თვალებში მეყურებინა. ამას სიმარტოვის გარდა ვერავინ ახერხებდა... ჰო, იმ მეზობელს თუ არ ჩავთვლით.

****

არ ვიცი, რა დრო გავიდა ამასობაში. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი ის იყო, რომ იმდენად აღარ ცხელოდა, მაგრამ ვერაფრით გეტყოდით ზუსტ თარიღს, სეზონსაც კი ვერ დავასახელებდი ზუსტად.

გვიანი ღამე იყო. აივანზე ვიჯექი, მაგრამ არ ველოდებოდი. უბრალოდ ვერ ვიძინებდი. სულ ეს იყო. გარეთ რომ გამოვიდა, შევამჩნიე, რომ უცნაური მოძრაობით მოვიდა მოაჯირამდე. ნასვამი იყო. არ გამოუხედავს ჩემკენ. შუბლით ეყრდნობოდა მოაჯირს და ხელები ჩამოყრილი ჰქონდა. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა. ხელებს შეშლილივით ამოძრავებდა. საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, რაღაცას გაგიჟებით უხსნიდა. ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა.

ის გიჟდებოდა. მე ვკვდებოდი. ერთმანეთის პარალელურად მიდიოდა ორი პროცესი ორ აივანზე აბსოლუტურად პირდაპირპროპორციულად. რამდენადაც იშლებოდა ის, იმდენად ვკვდებოდი მე, მაგრამ არ ვიძვროდი ადგილიდან. მეშინოდა შეხების. ზუსტად ისე, როგორც არ უნდა შეეხო მთვარეულს, არ უნდა გააღვიძო. მას თავისი წილი სიგიჟე უნდა გამოეშვა მაშინ გარეთ და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ისე არ მდომებია მასთან ახლოს ყოფნა, როგორც მაშინ, ადგილიდან არ ვიძვროდი. შემეშინდა. ზღვარს როცა გაცდა, როცა მისი სიგიჟე მივიდა სიკვდილამდე, ჩემი სიკვდილი კი ვერ იქცა დაბადებად, მაშინ შემეშინდა. მაშინ უკვე არ ვიცი, რამ გამაჩერა. რამ გამაჩერა და არ ჩავირბინე გიჟივით ჩემი კორპუსის ცხრა სართული და მისი კორპუსის ცხრა სართულის გავლით მის აივანზე არ აღმოვჩნდი და რაღაც ნაწილი მაინც არ შევიწოვე მისი. არ ვიცი, რამ გამაჩერა. ალბათ, ამ ყველაფრის დასრულების შემეშინდა. უსასრულობის დასრულების შემეშინდა. ჩემი ხელით ვერ დავსვამდი წერტილს. ეს არასდროს გამომდიოდა. მთავარი კი ის იყო, რომ სადღაც მჯეროდა, გაუმკლავდებოდა საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც დავუნახივარ, მეგონა, რომ იცოდა, იქ ვიყავი. რახან აივანზე გამოვიდა, ესეიგი, ჩემთან მოვიდა. მისი აივანი სავსე იყო ჩემი არსებით ისევე, როგორც ჩემი აივანი იყო სავსე მისით. საგიჟეთი იყო, მაგრამ იმდენად რეალურად ვგრძნობდი ყველაფერს, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.

მთელი სხეული მიცახცახებდა. მთელი ჩემი არსება დაჟინებით მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ გამეკეთებინა რაღაც, მაგრამ მე ისევ უძრავად ვიდექი და ვუყურებდი მის ჯოჯოხეთს. მის ჯოჯოხეთს, რომელიც ნელ-ნელა ხდებოდა ჩემიც. მინდოდა, იმდენი მიმეღო, რამდენსაც დავიტევდი. მინდოდა, არაფერი გამპარვოდა და არ ვაცილებდი თვალს მის არც ერთ ტკივილს და მტკიოდა მეც. ყველაფერი, ანალოგიურად.

მერე დამინახა. დამინახა და რომ მიხვდა, მისი წილი სიკვდილით უკვე მკვდარი ვიყავი, მოეშვა. აღარ დასჭირდა მის სიგიჟეს ბოლომდე სიკვდილად ქცევა. კიდურები ნელ-ნელა მოუდუნდა. პირველად ხელები ჩამოუშვა, მერე ფეხები მოეკვეთა, იქვე, აივანზე დაჯდა და კედელს მიეყრდნო ზურგით. შენელებული კადრივით მოძრაობდა და მის თითოეულს მოძრაობას მეც შენელებულ მზერას ვაყოლებდი.

მის თვალებს ვერ ვხედავდი და ეს მაგიჟებდა. არანორმალურად მჭირდებოდა მაშინ მისი თვალების დანახვა, რომ დავრწმუნებულიყავი, აღარცერთი გრამი ჯოჯოხეთი არ დარჩენილა მასში. სანამ არ გათენდა, ვერაფრით დავინახე მისი გამომეტყველება. დაღლილი იყო. არანორმალურად დაღლილი, დანებებული და უემოციო, უფიქრო, უგრძნობი, მაგრამ ეტყობოდა, რომ რაღაცისგან გათავისუფლდა. თვალებში რომ შემომხედა, მთელი ღამის დაგროვილი ემოცია ერთ უმძაფრეს ჟრუანტელად გაიშალა ისე, რომ დავბრუ დამეხვა. მერე მეც ერთიანად მოვეშვი.
გავიმარჯვეთ.

***

სიცარიელე იდგა მასში ამ დღის მერე. ვერ გაივსო.

ისევ ისე იდგა აივანზე და ეძებდა ჩემში დასაყრდენს. მე კი ჩემს საძინებელში ვიყავი და დიდი ფანჯრიდან ვუყურებდი მის მოლოდინს. ხალათი მეცვა. მარჯვენა ხელი ჯერ ყელზე ჩამოვისვი, მერე ნელა, ძალიან ნელა შევაცურე ხალათის ქვეშ. თვალს არ მაშორებდა. ხვდებოდა, რის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ შიში უკრთოდა თვალებში. ნელა ვეხებოდი ლავიწს, მერე მხრებს და ხალათი სანახევროდ ჩამოცურდა მარცხენა მხრიდან. ტუჩები მაგრად მოეკუმა და ისე მიყურებდა. მგონი, არც სუნთქავდა. თვალები დავხუჭე და თავი ოდნავ უკან გადავწიე. მალე ხალათი მეორე მხრიდანაც ჩამოვარდა და თხელი ატლასის ქამრის იმედად შერჩა სხეულს. ნელ-ნელა შევეხე მკერდს. წრეებს ვხაზავდი კერტების გარშემო და მაშინ შევამჩნიე, წამით როგორ დახუჭა თვალები. გამკვრივებულ კერტს რომ შევეხე, თითქოს დენმა დამარტყა, ისე დამიარა ჟრუანტელმა ტანში. მერე მოვსრისე, ძალიან, ძალიან, ძალიან სანამ აუტანლად არ მეტკინა. ცოტა ხანში სითბო ქვევითაც ვიგრძენი. ვიგრძენი, მაგრამ არ ჩავსულვარ იქამდე. კიდევ დიდხანს დავატარებდი თითებს სხეულზე და ვუყურებდი, როგორ ივსებოდა რაღაცით.

მსუბუქად შეკრული ხალათის ქამარი ხელის ერთი მოძრაობით გაიხსნა და მე უკვე სრულიად შიშველი ვიდექი მის წინ. მხედავდნენ ალბათ სხვებიც. ჩემს ტელევიზორში ახლა ყველაზე საინტერესო სანახაობას აჩვენებდნენ, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ჩემთვის ყველაზე მთავარი მის თვალებამდე მანძილი იყო.

ნელ-ნელა ვაცურებდი ხელებს მუცელზე და ვუახლოვდებოდი. ვუახლოვდებოდი ადგილს, სადაც ყველაფერი დასრულდებოდა. საკუთარ არსებაში რომ ჩავიძირე ორი თითით, თვალები თავისთავად დამეხუჭა. ვიცოდი, რომ მიყურებდა და განვაგრძნობდი მის ნაცვლად თვითონ ჩემს თავში მოგზაურობას. ყველაფერს, ყველაფერს ვატევდი თვალებში და ვაგზავნიდი მასთან საფოსტო მტრედივით. მაშინ მე ის მძულდა. იმ წუთას, როცა ცდილობდა ყველაფერი, რასაც ვაძლევდი, უკლებლივ მიეღო, ვგრძნობდი, რომ მძულდა. თვალები რომ გავახილე, დავინახე, ხელები უკანკალებდა. გრძნობდა ყველაფერს. თავიდან ბოლომდე გრძნობდა, რომ მასში ვაღწევდი თითოეულ ჩასუნთქვაზე, თვალის თითოეულ დახამხამებაზე უფრო ღრმად შევდიოდი მასში და ცდილობდა, ბოლომდე გახსნილიყო.

სამყაროს ბოლო აკორდი უკვე მის ზურგს გავატანე ერთ ღრმა ამოსუნთქვად და მორჩა. მთავრდებოდა. და სანამ მე ჩემს წილ დიდ აფეთქებას ვაწყობდი, ის გმანავდა კარს, ფანჯრებს, დარაბებს, ყველაფერს, რომ არ გამოეშვა გარეთ ის, რაც მაშინ დაიტია.

მოვრჩით. დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო. ის იყო ადამი და მე ვიყავი ევა, მაგრამ ჩვენით არაფერი დაწყებულა. ჩვენით ყველაფერი დამთავრდა. სამყაროს არსებობას წერტილი დავუსვით ჩემი ზუსტად ისევე იმიტირებული ორგაზმით, როგორი იმიტირებულიც მთელი ეს სამყარო იყო. ჩვენით არ დაწყებულა არაფერი იმიტომ, რომ ჩვენი კარები ზედმეტად შორს იყო ერთმანეთისგან და მიუხედავად იმისა, რომ აივნები იყო ძალიან ახლოს, ჩვენ მაინც იქამდე გადავიყვარეთ ერთმანეთი, სანამ შეყვარებას მოვასწრებდით.
ჩვენ არ გვეწერა სამუდამო სიცოცხლე. ჩვენ არ გვქონდა ბევრი დრო და რაც მოვასწარით, ეს იყო მხოლოდ: ტერაქტი, ყველაზე შესამჩნევი, ხელშესახები, სადომაზოხიზმამდე სასიამოვნო დასასრული.

***
სქელმა ყავისფერმა ფარდებმა აღადგინა სტატუს-კვო, მაგრამ ვერ მოიტანა წესრიგი.



№1  offline მოდერი Amalthea

თითქოს რაღაც ჩამწყდა.
წამით მეგონა, რომ რომელიმე მაინც გარისკავდა და მეზობელი კორპუსის მეცხრე სართულზე ავიდოდა.
მაგრამ შევცდი.
არდაწყებული ისე დაასრულეს, რომ ამ თითოეულ მოქმედებაში იყო მაინც რაღაც იმ სრულყოფილი ურთიერთობიდან, რომელიც უნდა ჰქონოდათ.
ან იქნებ ჰქონოდათ.
ჰო.
არასრულყოფილი, გამაგიჟებელი ისტორია, რომელმაც კიდევ ერთხელ მომკლა.

მთელ ისტორიას შენი სურნელი ჰქონდა, ფორთოხალო.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი მარიამი ))

ოუუუუმ როგორ მომეწონააა! relaxed heart_eyes

 


№3 სტუმარი hipo

არმინდოდაა დასასრული რაღაც ჩამწყდა ! საოცრებააა და რაღათქმაუნდა ავტორი ხო არის და არის

 


№4  offline მოდერი nicol

ოუჰ... რა უნდა ვთქვა?
ისევ დამამუნჯე...

ბრავო
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი lankobalero

Memgoni romelimes, rom gaeriska da ertmanettan misuliko, istoria dakargavda im intimurobas rac avtors hqonda chafiqrebuli. Ubralod agar mindoda dasrulebuliko (^^)

 


№6  offline მოდერი Eleniko13

სიგიჟე იყო,
კატასტროფა იყო,
დიდი აფეთქება იყო,
ტერაქტი იყო,
პირველი მენსტრუაციის დროს განცდილი უბედურება იყო,
ბომბი იყო,
ნაღმი იყო,
ორგაზმი და სიბნელე იყო...

აი'ვნებიანი ამბავი.

ფორთოხალო, შენ შეშლილი ხარ
და შენი სიგიჟე წყვეტს ყველა მავთულხლართს, ყველა სიგიჟის საძღვარს ცდება და ვგრძნობ, რომ ჰაერში ვფარფატებ და მეშინია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7 სტუმარი Guest სხვა

აი ის მომენტი სათაურითვე რომ ვიცოდი შენი იყო

 


პირველი იყო წამოკივლება 'ფორთოხლის' დანახვისას, მერე ღიმილი და სწრაფად გახსნილი 'აივნებიანი ამბავი'. მიჭირს ხოლმე საუბარი შენზე და შენს განსაკუთრებულ ისტორიებზე. არვიცი, როგორ უნდა დავიწყო და დავამთავრო შენი ქება. ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ შენ ყველაზე ფორთოხლისებრი ფორთოხალი ხარ და დაზუსტებით ვიცი, რომ ამ ყველაფერთან ერთად ფორთოხლისფერი სრულყოფილება ხარ! ვიგრძენი,თითოეული სიტყვა ვიგრძენი იმდენად, რომ ტანში 'გაატარა' და გული დამიხორკლა!
მამუნჯებ ყოველი ისტორიის შემდეგ.

 


№9  offline წევრი 5th Angel

საო-ცრე-ბა!

თვალებში რომ შემომხედა, მთელი ღამის დაგროვილი ემოცია ერთ უმძაფრეს ჟრუანტელად გაიშალა ისე, რომ დავბრუ დამეხვა. მერე მეც ერთიანად მოვეშვი.
გავიმარჯვეთ.

ეს იყო სასწაული. ვგრძნობდი ყველა სიტყვას და მოქმედებას.
ძალიან მომწონს

 


№10  offline წევრი Smiling girl

საუკეთესოა! საოცრება!

 


№11  offline წევრი Kusaaa

ახლა იცი როგორ ვარ? -პასუხი მარტივია, სრულიად დამუნჯებული !(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)მეტყველების წამართვა მე ამ "სასწაულმა" , ეს იყო რაღაც საოცრება აიი ვერ ავღწერ , ამდენი ემოცია....ღმერთო როგორ მოახერხე და ამდენი ემოცია ჩაატიე ამ ისტორიაში ? სასწაული ხარ ! და მე მართლა შემშურდა შენი , თან ძალიან ! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის !

 


№12  offline წევრი მაია120

საინტერესო ადამიანი ხართ... უცნაური გემოვნებითა და ხედვით... ორიგინალური ხელწერით...
--------------------
წერწერა

 


№13  offline წევრი ელენე (ნენე)

ამოუცნობი სურნელი ისტორიისა მაძლევს შანსს კლავ წავიკითხო...
ისე ახლოს იყო, ისე ახლოს, რომ მეგონა ხელს თუ რამდენიმე მილიმეტრით წინ გავწევდი, შევეხებოდი...
ვერ გავრისკე, დღეს ზედმეტად უსუსური ვიყავი ამისთვის.
ვიბოდიალე ყველაფრისგან დაღლილმა, ზღვარზე მყოფმა.
ან გადავხტები, ან დავრჩები, ან გავცურავ, ან ჩავიძირები, ჩავიკარგები უსასრულო ჭუჭყში...
შენ წარმატებები ნიჭიერო ფორთოხალო, ბევრი, ბევრი წარმატება!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent